Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24

Total number of words is 3752
Total number of unique words is 2058
31.6 of words are in the 2000 most common words
45.2 of words are in the 5000 most common words
53.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
და, ერთხელ და სამუდამოდ ბედს შეგუებული კაცივით, მასაც ამოხვნეშით ეთქვა: მე თუ არა,
ჩემი შვილიშვილი ხომ შეჭამს პაპამისის დარგულ ქლიავსო. მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით
უფრო აუტანელი ხდებოდა სამშობლოზე ფიქრი, ისეთ რამეს ამოუტივტივებდა ხოლმე
დაუნდობელი მახსოვრობა, აღარ იცოდა, როგორ ჩაეყლაპა, როგორ მოენელებინა ყელში
მობჯენილი ცრემლი. მახსოვრობას, კარგი დიასახლისივით, ყველაფერი გადაენახა, უბრალო,
თითქმის უმნიშვნელო წვრილმანიც კი, მაგრამ ყოველ წვრილმანს იმქვეყნიური სურნელება
ასდიოდა და, ჩვილის ხელივით, სევდისა და სიბრალულის აღმძვრელი იყო. ფარნაოზმა აღარ

იცოდა, რომელს მისიყვარულებოდა, რომელი ჩაეკრა გულში, სამფეხა ჯორკო, თუ კედელზე
ნემსით მიმაგრებული პეპელა; თეთრი, ხორკლიანი ნიჟარა, პოპინას ოთახში რომ იდო და
რაღაცას უსასრულოდ ჩურჩულებდა, როგორც კი ყურზე მიიდებდი, თუ წითელხალება ჯამი,
ოდნავ კიდეჩამომტვრეული, თითქოს სიმაგრისა თუ გემოს გასასინჯად ვიღაცას წინა კბილებით
მოუციცქნიაო. ფარნაოზი ამ საგნებზეც ისე ფიქრობდა, როგორც ინოსა და ცუგაზე, თითქოს
ისინიც მხოლოდ მის გონებაში არსებობდნენ და სხვაგან არსად ჰქონდათ ადგილი. მაგრამ ერთ
დღეს მოხდა ის, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა ბედისწერის გარდუვალობაში. ბედისწერას არა
მარტო ფარნაოზის ყელზე შებმული თოკის მეორე ბოლო ეჭირა ხელში, არამედ ჯორკოც,
პეპელაც, ნიჟარაც და ჯამიც. ბედისწერის თოკი ამ ხნის განმავლობაში კი არ დაგრძელებულიყო,
უბრალოდ დაჭიმულიყო და ახლა უფრო მძლავრად ექაჩებოდა უკან, წმინდა ქვებისკენ,
კვარცხლბეკისკენ, რათა მის ძირში გამოება ისიც, სამსხვერპლო ბატკანივით.
მინოსის ახალ სასახლეს უკვე ხარაჩოებს ხსნიდნენ და მისი მაღალი, სისხლისფერი სვეტები
შემზარავად ლამაზი და დამთრგუნველი ჩანდა ათასნაირი ხუხულისა და ქოხმახის გვერდით.
მუშებს სადილად ეძახდნენ. მარმარილოს მტვერში დაყრილი ხელსაწყო თვალისმომჭრელად
ბრჭყვიალებდა შუადღის მზეზე. უცებ ერთი მუშა ხარაჩოს მოწყდა და ისეთი ხმით დაენარცხა
მიწაზე, ისინიც კი წამოცვივდნენ, ვისაც ნელთბილი შეჭამანდით სავსე ჯამი უკვე მუხლებში
ჩაედგა. სხვებთან ერთად ფარნაოზმაც მოირბინა. მომაკვდავი შიშისაგან გადათეთრებულ
თვალებს საცოდავად აცეცებდა, თითქოს ხალხში ვიღაცას დაეძებდა, ვისი აქ ყოფნაც ყველაზე
უფრო სჭირდებოდა ახლა და ეიმედებოდა კიდეც. თვითონაც ვერ გაიგო ფარნაოზმა, რამ
მიიყვანა მომაკვდავთან, რატომ აუწია თავი და რატომ მიუტანა ყური პირთან. მომაკვდავი
ძლივსძლივსღა ჩიფჩიფებდა, სისხლში ამოთხვროდა ხმა, მაგრამ ფარნაოზმა მაინც გაარჩია,
მაინც გაიგო მისი უკანასკნელი სიტყვები. "ამაზე მეტს რას მიზამდა მამაშენიო", - ჩიფჩიფებდა
იგი და მხოლოდ მაშინ იცნო ფარნაოზმა ფილამონე, კუსას მამა, მისი ძალად სიძე, საკუთარი
ვნების სიფიცხითა და სითამამით სამუდამოდ დამფრთხალი და სამუდამოდ გადახვეწილი კაცი.
"ფილამონე, ფილამონეო" - ჩასძახა ფარნაოზმა არარაობას, რადგან ფილამონე უკვე მკვდარი იყო.
ფარნაოზს კიდევ დიდხანს ედო მკვდარი კაცის თავი კალთაში და ცრემლები ღაპაღუპით
ჩამოსდიოდა, სანამ გაკვირვებულმა მუშებმა ძალით არ მოაშორეს იქაურობას. ფარნაოზი
ფილამონესაც სტიროდა და საკუთარ თავსაც, ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს უკანასკნელი
თანამემამულე მოჰკვდომოდა და პირველად ახლა მიმხვდარიყო, რა ძნელი ასატანი იქნებოდა
დაკარგული სამშობლოს მონატრება, თვითონაც ასე ამოხდებოდა სული, ერთ დღესაც ვეღარ
გაძლებდა და მოკვდებოდა, როგორც ჩიტი კვდება ხოლმე ჰაერში, ფრენით დაღლილი და
გამოფიტული, სანამ ტოტამდე, ანდა სახურავამდე მიაღწევდეს. ფარნაოზმა ისიც იგრძნო, რომ
მის მახსოვრობაში დაგროვილი საგნები და სახეები ათი წლით დაძველდნენ, ათი წლით
დაბერდნენ და უხმოდ, უსიტყვო საყვედურით გამოხედეს. ღამით კი მამა დაესიზმრა. თავის
სიცოცხლეში პირველად ნახა ფეხზე მდგარი მამა. ვითომ უხეირო მასთან შემოვიდა, ხელში
ფერადი ძაფი ეჭირა და ეუბნებოდა, ძაფი მიწყდება და ვერაფრით ვეღარ გადამიბიაო. "აღარ არის
მამაჩემიო" - ამ ფიქრით გაიღვიძა ფარნაოზმა. ეს სიზმარიც ბედისწერის მოგზავნილს ჰგავდა. თუ
უხეირო მართლა წაეყვანა სიკვდილს, მაშინ ფარნაოზს ევალებოდა კიდეც, სამშობლოში
დაბრუნებულიყო და უკაცო ოჯახისთვის მიეხედა. იმის შეგრძნებამ, რომ ვიღაცას სჭირდებოდა,

ხალისი შემატა, თავისიანებზეც სხვანაირად ფიქრობდა: ვინ იცის, იქნებ ჭერი ჩამოენგრათო,
ქალუკა დაბერდებოდა და მთელი საქმე პოპინას დააწვებოდა კისერზეო. კუსაზე კი, არ იცოდა რა
ეფიქრა და ამიტომაც ცდილობდა საერთოდ არ ეფიქრა მასზე. ან კუსა რა შუაში იყო, კუსას
იმედით რატომ უნდა მიეგდო მამისეული სახლი? კეთილი უნდა ენება და ისე ეცხოვრა, როგორც
მოეთხოვებოდა, როგორც შეეფერებოდა და როგორც სხვები ცხოვრობდნენ: დღევანდელის
მორჩილებითა და ხვალის იმედით. ახლობელს მხარში ამოსდგომოდა, ავადმყოფისთვის
ეზრუნა, სახურავზე კრამიტი გაესწორებინა, წყალი მოეზიდა, შეშა დაეჩეხა და პატიოსნად
დაელია სული, როცა ამის დროც დადგებოდა. ის კი არა, ჩასვლისთანავე ცოლსაც შეირთავდა,
თუნდაც იმიტომ, პოპინას მომხმარე რომ ჰყოლოდა. შვილებსაც გააჩენდა, რათა მათთვის
გაეკეთებინა ის, რაც ინოსა და ცუგას ვერ გაუკეთა ბავშვობისა და გამოუცდელობის წყალობით.
ეს იყო ცხოვრება, ამას ერქვა, მან კი იქამდე ვერ გაიგო, იქამდე ვერ შეამჩნია, სანამ მის მკლავებში
ფილამონემ უკანასკნელი სული სისხლს არ ამოაყოლა.
ამის მერე დიდი დრო არ გასულა და მისი მუყაითობით გაბოროტებული ქვისმთლელები
სამუშაოდან მობრუნებულს სადგომში დახვდნენ, კარი მიუკეტეს, იატაკზე წამოაქციეს და
ფეხებით შესდგნენ ზედ. ორი კვირა უგონოდ ეგდო ფარნაოზი, ორი კვირა სიკვდილი
დაბზუოდა თავზე, მაგრამ, ეტყობა, არ ეწერა ასე სიკვდილი. თვალი რომ გაახილა,
სახელგანთქმული ათენელი მხატვრის, დედალუსის სახლში იწვა, მაგრამ ესეც მერე გაიგო, როცა
ლოგინში წამოჯდომა და ხელში კოვზის დაჭერა შეძლო.
- განა ადამიანს სამშობლო აქვსო? - ეკითხებოდა ხოლმე მის ფეხებთან ჩამომჯდარი დედალუსი,
ვითომ ერთი წუთით რომ შემოდიოდა ავადმყოფის დასახედად, მაგრამ მერე ისე ერთობოდა
ლაპარაკით, წასვლა ავიწყდებოდა. ცოლი კარში იდგა და ეძახდა, გეყოფა, ნუ დატანჯე
ავადმყოფიო. შვილი იატაკზე იჯდა, ხელისგულზე ბუმბული ედო და დიდი, გაბრწყინებული
თვალებით შესცქეროდა მამას. ფარნაოზი კი ღიმილით ებოდიშებოდა სამივეს, რადგან სამივენი
ეცოდებოდა, თუმცა ვერ გაეგო, ვერ მიმხვდარიყო, რა სჭირდათ მისი შესაცოდი. დედალუსს
თმაში ჭაღარა გარეოდა უკვე, სახე ერთიანად დანაოჭებოდა, თუმცა არც იმდენი ხნისა იყო, ეს
ნაოჭები სიბერის ბრალი ყოფილიყო. სამაგიეროდ, ისეთი ცოცხალი და მოუსვენარი თვალები
ჰქონდა, თითქოს ეს წუთია გაახილა და ყველაფერი პირველად დაინახაო. ყმაწვილივით
მოუსვენარი, თუ იჯდა, განუწყვეტლივ ცქმუტავდა, სიარულისას კი, იდაყვებში ოდნავ მოხრილი
მკლავები განზე ეწეოდა, როგორც მიწაზე გარბენილ ფრინველს - ფრთები. ლაპარაკი რომ არ
ყვარებოდა, ალბათ, ერთი წუთითაც არ გაჩერდებოდა, სულ ივლიდა, მაგრამ იმდენი რამე
იცოდა, იმდენი რამე აწუხებდა, ყველანი გაებეზრებინა ლაპარაკით, ყველანი ერიდებოდნენ, მას
კი მსმენელი ისევე სჭირდებოდა, როგორც ნაყოფით დახუნძლულ ხეხილს - ბიჯგი. არც ღამით
ჰქონდა მოსვენება, რადგან ძილშიც ეკამათებოდა, ძილშიც ებრძოდა და უყვიროდა ვიღაცას.
ფარნაოზიც სწორედ მისმა ყვირილმა გამოაფხიზლა და ორკვირიანი სიკვდილიდან ისევ ამ
ქვეყანაზე გამოათრია. ფარნაოზს ბევრი არაფერი გაეგებოდა დედალუსის ნალაპარაკევიდან.
ბევრს საერთოდ მის უცნაურობას აწერდა, მაგრამ ყოველთვის გულისყურით უსმენდა, მასაც
გადაედებოდა ხოლმე მოსაუბრის მღელვარება და, რაღაც იდუმალის, შეუღწეველისა და დიადის
კარიბჭესთან მისულს, დღემდე განუცდელი ნეტარება ეუფლებოდა. ნეტარების ბურანში მყოფს,

მართლა სჯეროდა, ქანდაკება როდისმე რომ გაივლიდა, ანდა ერთ მშვენიერ დღეს, პირს
გააღებდა და იტყოდა: გამარჯობათ, როგორ ბრძანდებითო.
- სამშობლო, სამშობლო, - ამბობდა დედალუსი, - ყველა სამშობლოს ეძებს. ჩვენ ხომ ბრმად და
გულუბრყვილოდ ვიწყებთ ცხოვრებას და მერე, როცა გონებაში ვვარდებით, როცა საბოლოოდ
გვეხილება თვალი, აღარ მოგვწონს იგი, გვეშინია მისი და მხოლოდ მაშინ გვახსენდება
სამშობლო, მაგრამ უკან დაბრუნება შეუძლებელია, რადგან აღარ გვახსოვს, სად დაიწყო ჩვენი
ცხოვრება, რომელიც საერთო ცხოვრებაში ათქვეფილა და აღარც დასაწყისი აქვს და აღარც
დასასრული. ჩვენც თავგზა აგვბნევია უსასრულო ტალანებში ხეტიალით და ჩვენი
სურვილისამებრ კი არ ვმოძრაობთ, არამედ მოძრაობის აუცილებლობა გვერეკება თავის ნებაზე.
ხოლო მოძრაობის აუცილებლობას შიშისა და უმწეობის ნათესლარი იწვევს, რომელსაც იმედი
ჰქვია. იმედი თავის მართლებაცაა და მოტყუებაც, ერთიცა და მეორეც დიდი ვერაფერი შვილია
და ვერც ვერაფერში გვეხმარება, უბრალოდ ახანგრძლივებს, ჩვენთვისაც მეტ-ნაკლებად ასატანს
ხდის თავის მშობლებს: შიშსა და უმწეობას. თუმცა არა, იმედი დაულეველი საბადოცაა იმ
ჯანისა, რომელსაც ტალანებში უთავბოლო ხეტიალისას ვხარჯავთ. რითი მთავრდება ჩვენი
ხეტიალი? არაფრითაც არ მთავრდება, არც თავი აქვს და არც ბოლო, მისი თავი იგივე ბოლოა,
ხოლო ბოლო - იგივე თავი.
ფარნაოზმა ფეხზე წამოდგომა რომ შეძლო, მათმა საუბრებმა ეზოში გადაინაცვლეს. ეზო
ქანდაკებებით იყო სავსე, ლეღვისა და ბროწეულის ხეებში ჩადგმული ქანდაკებები მართლა
ცოცხლებს ჰგავდნენ. ფარნაოზს უყვარდა მათი ყურება, საათობით იჯდა სისუსტისგან
თავბრუდახვეული და ხედავდა, ესმოდა, გრძნობდა, როგორ ფეთქავდა და ფაჩუნობდა მზეზე
გამთბარი მარმარილო.
- ჩემი შვილისა არ იყოს, ეგენიც კუტები არიანო - ისეთი ხმით იტყოდა ხოლმე დედალუსი,
ფარნაოზს ენა მუცელში უვარდებოდა. ან რა უნდა ეთქვა, რითი ენუგეშებინა ეს უბადლო
მოქანდაკე და უბედური მამა, შურიანსა და დამცინავ ღმერთებს კუტი შვილით რომ
დაეჯილდოებინათ, ტყუილად გვეჯიბრები, ტყუილად მისდევ ჩვენს ხელობას, რადგან როგორც
არ უნდა მოინდომო, შენი ნაშიერი მაინც მიწის მატლია და მაინც მიწაზე უნდა იღოღიალოსო.
ამას დედალუსიც ხვდებოდა, გაქვავებული თესლი აწუხებდა, ასევდიანებდა და აბობოქრებდა
კიდეც. ერთ წუთას რომ სინანულით იტყოდა, ჩემი ქანდაკებები ლამაზები არიან, მაგრამ წყლის
მოწოდებაც არ შეუძლიათო, უცებ ისე განრისხდებოდა, მზად იყო ჩაქუჩით დაემსხვრია, მტვრად
ექცია ყველაფერი, თუკი ფეხს არ აიდგამდნენ, თუკი უარესად განუმტკიცებდნენ რწმენას, რომ
მისი შვილიც, მისი დიდთვალება იკაროსიც, სამუდამოდ ასე უნდა ყოფილიყო იატაკზე
მიჯაჭვული, წვიმისათვის შედგმული ჯამივით, და ასე წვეთწვეთობით უნდა ავსებულიყო
წვიმით, წვიმით კი არა, ცით, ლუკმა-ლუკმა დაქუცმაცებული რომ ჩამოჰქონდა წვიმას
გაბზარული ჭერიდან. "არა, მაინც არ მოვისვენებ, მაინც არ გავჩერდები, ფრთებს გამოვიბამ და
შვილიანად გავფრინდებიო", - ყვიროდა ხოლმე დედალუსი და ისე დაწრიალებდა ეზოში,
თითქოს მართლა უნდა აფრენილიყო, თითქოს მართლა გამობმოდა ფრთები. ფარნაოზს
ეცოდებოდა მეგობარი, რომელსაც ყველაფერი ეცადა ამ ქვეყნად და ახლა ცაღა დარჩენოდა
იმედად. ამ იმედით ცხოვრობდა, ამ იმედს აღვივებდა და ამტკიცებდა თავისი გაუთავებელი
საუბრებით. მაგრამ ფარნაოზს ხანდახან ეჭვიც გაჰკრავდა ხოლმე, შემაწუხებელი ეჭვი, ცოტას

ხომ არ ურევსო, ისე უჭირდა მოსიარულე ქანდაკებისა და მფრინავი კაცის წარმოდგენა.
დედალუსი კი თავისას იმეორებდა: უნდა გავფრინდე, უნდა გავფრინდე, უნდა გავფრინდეო, და
ხეებს შორის გამოჭყეტილ ქანდაკებებს ისე აუქნევდა ხოლმე ხელს, თითქოს ისინი სიტყვას
შეაწყვეტინებდნენ, ანდა ფეხებში ჩააფრინდებოდნენ და არ დაანებებდნენ გაფრენას. ფარნაოზს
იკაროსი ედგა თვალწინ, ხელისგულზე დადებულ ბუმბულს სულს რომ უბერავდა და მერე
აღტაცებული აჰყურებდა, როგორ დასრიალებდა იგი ჰაერში. უნებურად თვითონაც მაღლა
იხედებოდა, ცისკენ, მაგრამ ცა აღარ ჩანდა. მწუხრის დაძენძილ ღრუბლებს ერთიანად
დაეფარათ. მერე კარგა ხანს დუმდნენ ორივენი, თითქოს, რადგან ცა აღარ ჩანდა, არც ფრენაზე
ლაპარაკს ჰქონდა აზრი. მიწაზეც ბნელოდა, ქანდაკებების ნაცვლად, აქა-იქ მონაცრისფრო
ლაქებიღა ჩანდა.
- ეხ, ფარნაოზ, ფარნაოზ, როგორ გიშველო, მეგობარო - ბოლოს ისევ დედალუსი დაარღვევდა
დუმილს და ეს მათი იმდღევანდელი საუბრის დამთავრებას ნიშნავდა.
ფარნაოზს უსიამოდ გააჟრჟოლებდა ხოლმე ტანში და ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს
მისანს თავისებურად, მიკიბულ-მოკიბულად მიენიშნებინა იმ დიდ განსაცდელზე, რომელიც
ადრე თუ გვიან თავზე უნდა დასტყდომოდა.
სახლში გამეფებული სიმყუდროვე დედალუსსაც მაშინვე ამშვიდებდა. ჩვეულებრივი მეოჯახე
კაცივით ასწორებდა ამოვარდნილ ფილაქანს, ჭრაქში იხედებოდა, ზეთი ხომ არ გამოლეულაო და
თვალდახუჭული ყნოსავდა ჰაერს, აბა, თუ გამოვიცნობ, დღეს ვახშმად რა მოგვიმზადა ჩემმა
ცოლმაო. მისი ცოლი ფანჯარასთან იჯდა და ქსოვდა. კაცებს რომ დაინახავდა, საქსოვს მაშინვე
გვერდზე გადადებდა და ღიმილით წამოუდგებოდა, თითქოს აქ, ჩემს სამფლობელოში
ნურაფრის დარდი ნუ გექნებათო. მერე ბავშვს გასძახებდა, მამა მოვიდაო, თუმცა იკაროსს უკვე
თავადაც დაენახა მამამისი და გაჩქარებული მოჩოჩავდა მისკენ, რათა ფეხებზე შემოხვეოდა და
შავი, ალაპლაპებული თვალებით აეხედა, თითქოს მამამისი ნატვრის ხე იყო და კენწეროზე მისი
საოცნებო ნაყოფი ეკიდა. "ჩემი შვილი კუტია, კარებს უკან კუნტიაო" - ამბობდა დედალუსი და
ბედნიერებისგან ათრთოლებულ ბავშვს ქეჩოს ფხანდა, როგორც პატრონი შემოგებებულ ძაღლს.
ფარნაოზს ცრემლი ყელში ებჯინებოდა და გუნებაში ერთხელ კიდევ დებდა პირობას, სულ
ხელით უნდა ვატარო, ყველაფერი უნდა ვაჩვენო, არაფერზე არ უნდა დავწყვიტო გულიო, თუმცა
ისიც ვერ გაებედა, მისულიყო და მასაც გადაესვა თავზე ხელი. არც უფლება ჰქონდა ჩარეულიყო
მამა-შვილის ამ უცნაურ გასაუბრებაში. მამა-შვილს სიტყვის უთქმელად ესმოდათ ერთმანეთის
და ალალბედზე, დაუფიქრებლად, გუმანის კარნახით ზუსტად იმ მოძრაობებს აკეთებდნენ, რაც
იმ კვერცხის გამოსატეხად იყო საჭირო, საიდანაც მათი წილი, მხოლოდ მათი სამყოფი
სიხარული უნდა გამოჩეკილიყო, როგორც ოქროსფერი წიწილა.
"შენამც ქცეულხარ მწყერადაო, ქორ-მიმინოს შესაჭმელადაო" - როდის-როდის ჩაესმებოდა
ხოლმე ფარნაოზს დედალუსის ხმა. შვილის გვერდით მოკალათებულიყო იატაკზე და ზღაპარს
უყვებოდა. ცოლი კი ისევ ფანჯარასთან იჯდა, გაღიმებული ქსოვდა, ქმარ-შვილისკენ არ
იყურებოდა და ამბობდა, ჯერ გეჭამათ რამეო.

ასე ცხოვრობდა ფარნაოზი, სანამ სამშობლოში დაბრუნების ნებართვას მიიღებდა. სადგომში
აღარ მიბრუნებულა, ერიდებოდა ორმოცი ათასი ძმისა, ქვის ხარხარით დაყრუებული და ქვის
მტვრით დაბრმავებული მრისხანებისა, რომელსაც თავისი მსგავსი სასიკვდილოდ გაემეტებინა,
თავისი მეორმოცეათასედი ნაწილი. დაჩეჩქვილი სხეული ჯერ კიდევ აწუხებდა, მაგრამ იმდენი
მაინც შეეძლო, დედალუსს მიხმარებოდა რამეში, ფუნჯები გაერეცხა, საღებავი გაეხსნა, ან კიბე
მაინც დაეჭირა მისთვის. დედალუსი ახალ სასახლეში მინოსის ქალიშვილის, არიადნეს საცეკვაო
დარბაზს ხატავდა.
- როცა ამ ოთახში შემოვდივარ - ეუბნებოდა დედალუსი - პატარა გოგოს მეტს ვერაფერს ვხედავ.
შუა ოთახში დგას, თავსზევით ბროწეულის ტოტი უჭირავს და ცეკვავს, ბზრიალებს, ბზრიალებს,
სანამ აფრინდებაო.
მართლაც, ყველაფერი ბზრიალებდა, ყველაფერი დაფრინავდა, რაც კი მხატვრის ფუნჯს
კედლებზე მიეხატა. ერთ დღეს კი, ის პატარა გოგოც შემოიყვანეს ძიძა-გადიებმა ამ ოთახში.
გოგოს სალოკი თითი პირში ჩაედო და გაოცებული, ოდნავ დამფრთხალი ათვალიერებდა
კედელზე მიხატულ ათასნაირ თევზსა თუ ვარსკვლავს, აყვავებული ბროწეულის ჭალასა თუ
გოგონების ფერხულს, ჩიტებზე მონადირე კატასა თუ მინდვრის ყვავილებს. პატარა გოგოს
ისეთი სახე ედო, თითქოს გული წყდებოდა, თვითონაც რომ არ იყო მიხატული კედელზე. ის
ყველაზე დიდი მეფის ქალიშვილი გახლდათ, მაგრამ მაინც ეშინოდა ბავშვობიდან გამოსვლა,
ძიძა-გადიების თავგამოდებული მეცადინეობის მიუხედავად, მაინც ეწინააღმდეგებოდა მისი
არსება ბუნებას და ცამეტი წლის გოგო ექვსი წლისას ჰგავდა, თითქოს გული უგრძნობდა, რა
უცნაური, რა შემზარავი თავგადასავალი ელოდებოდა ბავშვობის იქით. მაგრამ ორ წელიწადში
ერთბაშად უნდა აღედგინა დანაკარგი და დაუფიქრებლად შეეცურა დამღუპველი ვნებისა და
ცოდვის ზღვაში. ორი წლის მერე ის უკვე მოტყუებული, მიტოვებული და გაწბილებული ქალი
იქნებოდა, რადგან მამასა და უცხო ყმაწვილს შორის ისიც ისეთ არჩევანს გააკეთებდა, როგორი
არჩევანიც მისმა სულიერმა დამ, მედეამ გააკეთა ერთხელ. ისიც დიდი სიყვარულისთვის იყო
გაჩენილი და ამიტომაც უნდა დაღუპულიყო, ლეგენდად ქცეულიყო, გამონაკლისად,
იშვიათობად, თავისი ვნების სითამამითა და თავგანწირვის ბუნებრიობით. ორი წლის მერე ამ
დარბაზში შემოვარდებოდა და ასევე გაოცებული, დამფრთხალი, დარცხვენილი
მიაშტერდებოდა მოხატულ კედლებს, რადგან ამ კედლებიდან მაცქერალმა ქვეყანამ გააბრიყვა
იგი, დაარწმუნა, მასაც რომ შეეძლო გაფრენა. მაინც გაუჭირდებოდა საწინააღმდეგოს დაჯერება
და ფეხშიშველი, სისხლიანი პერანგის ამარა, შუა ოთახში დაიწყებდა ტრიალს და იქამდე
იტრიალებდა, სანამ გონწასული ფილაქანზე არ დაენარცხებოდა. მასთან ერთად
დაბზრიალებული კედლებიც თანდათან დამშვიდდებოდნენ და ისევ ჩადგებოდნენ მარადიული
უძრაობის ტყვეობაში.
ბოლოს და ბოლოს, ნანატრი დღეც დადგა და დედალუსმა საკუთარი ხელით გადასცა ფარნაოზს
თიხის თხელი ფირფიტა, რომელზედაც გარკვევით ეწერა, რომ ის, ვანელი ხელოსანი, ფარნაოზი,
უხეიროს ძე, თავისუფალი იყო და შეეძლო დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში. "ვუტირეთ
თუ არა დედაო", - წარამარა გაიძახოდა დედალუსი, მაგრამ ფარნაოზს რომ შეხედა, თვითონაც
ფრთები ჩამოყარა, მოიწყინა და კარგა ხნის დუმილის შემდეგ, სამძიმარზე მოსული კაცივით,
ჩაიბურდღუნა: ასეა, ძმაო, ყველას თავისი გზა ელოდება და ყველამ მარტომ უნდა გაიაროს იგიო.

ფარნაოზი მოუთმენლად ელოდებოდა ამ დღეს, მაგრამ ახლა გაწბილების მაგვარი გრძნობა
დაუფლებოდა. კი ეუბნებოდნენ, საითაც გინდა იქით წაბრძანდი, თავისუფალი ხარო, მაგრამ
როგორც არ უნდა ცდილიყო, ვერც თავისუფლების შეგრძნებას ახერხებდა და ვერც
წარმოდგენას. ყოველ განვლილ დღეს სამუდამოდ წაეღო რაღაც ნაწილი მისი არსებისა და ისე
გაეღარიბებინა, გახრიოკებული გზის მეტი მართლაც აღარაფერი შერჩენოდა. ამ გზაზე კი
ფარნაოზს უკვე იმდენჯერ გაევლო, ვეღარც გრძნობდა მის არსებობას. განა ვანში დაბრუნებით
რამე შეიცვლებოდა, განა ეს გზაც თან არ უნდა წაეღო, პატარა, ნაცრისფერი, მოუკირწყლავი და
ერთი და იგივე გზა, რომელზედაც ყოველთვის ერთი და იგივე კაცი მიდიოდა. რა მნიშვნელობა
ჰქონდა, ბოლოს და ბოლოს, ამ გზის გადაადგილებას, თუკი თვითონ ვერ შეიცვლებოდა, ვერ
შეძლებდა სხვანაირად ცხოვრებას. ფარნაოზს რომ "სხვანაირად ცხოვრება" შეძლებოდა, მაშინ
საერთოდ თავიდან უნდა გაჩენილიყო, სხვა ქალს უნდა ეშობა, სხვა მიწაზე, სულ სხვა
ვარსკვლავების ქვეშ და სხვანაირი მამა უნდა დახვედროდა იმ ძნელად შესაღებ კარს იქით,
რომელიც არა მარტო მისი ჩასახვის, არამედ მისი მომავალი ცხოვრების საიდუმლოსაც მალავდა.
ეს პატარა ფირფიტა, რომელზედაც გარკვევით დაეწერათ, ვანელი ხელოსანი, ფარნაოზი,
უხეიროს ძე, დღეიდან თავისუფალიაო, ვერაფერს შეცვლიდა. ეს ფირფიტა კისერზე უნდა
ჩამოეკიდა, გამოეკრა ბოხჩაში შინაურებისთვის ნაყიდი საჩუქრები, ის ორიოდე გროშიც, რისი
გადანახვაც მოეხერხებინა და ერთხელ კიდევ დასდგომოდა გზას. მაგრამ ეს არც ისე იოლი
აღმოჩნდა. კნოსის ნავსადგური ჩვეულებისამებრ გაძეძგილი იყო ხომალდებით, მაგრამ, თითქოს
პირი შეუკრავთო, არც ერთი არ მიდიოდა კოლხეთისკენ. მთელი დღე წელში გაწყდნენ ისა და
დედალუსი, რომელ ხომალდს არ ასძახეს, საით მიდიხართ, ერთ კაცს ხომ არ წაიყვანთო, მაგრამ
ამაოდ. ხომალდის მოაჯირებზე გადმომდგარი მეზღვაურები რატომღაც, ყველანი ერთნაირად
ლაზღანდარობის გუნებაზე იყვნენ და უარესად უბნევდნენ გზა-კვალს ისედაც გამწარებულსა და
არაქათგამოცლილ მეგობრებს. ხან საით აგზავნიდნენ და ხან საით, ერთმა ისიც უთხრათ, ვანში
რა გინდათ, ბაყაყები ხომ არა ხართო.
ფარნაოზს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, უკან არ დაბრუნებულიყო, ფეხი არ მოეცვალა
ნავსადგურიდან. რა მნიშვნელობა ჰქონდა, დღეს აიყვანდნენ ხომალდზე თუ ხვალ, ის უკვე
მგზავრი იყო, უსახლკარო, და ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ეფიქრა, როგორ გაეღწია აქედან.
დედალუსს უჭირდა მეგობრის მიტოვება, მაგრამ აღარც აქ მოცდას ჰქონდა აზრი. ისინი ხელს
უფრო უშლიდნენ ერთმანეთს, ვიდრე ეხმარებოდნენ, რადგან უკვე გათიშულიყვნენ, უკვე
სხვადასხვა ქვეყნის ბინადრები იყვნენ და უკვე შეჩვეოდნენ კიდეც უერთმანეთობას. ახლა
იძულებით იყვნენ ერთად, რადგან ერთს წასასვლელი ჰქონდა, მეორეს კი არა. ამას თვითონაც
გრძნობდნენ და უარესად ღიზიანდებოდნენ, ბრაზობდნენ და ოფლი წურწურით ჩამოსდიოდათ
სახეზე. "ასე როგორ შეიძლება, ჯერ უნდა გაგვეგო და მერე გამოვსულიყავით ნავსადგურშიო", ბუზღუნებდა დედალუსი. ფარნაოზი კი, დარწმუნებული იყო, მეგობარი უშლიდა ხელს,
მეზღვაურებს მისი დაბნეული ლაპარაკი აყენებდა ლაზღანდარობის გუნებაზე და იმიტომ
დაატარებდნენ აქეთ-იქით. "თუ ასეა, სულ წავალო", - გაბრაზდა დედალუსი, მაგრამ წასვლამდე
მაინც გაუღიმა, მაინც ჩამოადო მხარზე ხელი და ყალბი, არაბუნებრივი ხმით უთხრა: არ
გემშვიდობები, რადგან დარწმუნებული ვარ, დღეს საღამოს კიდევ შევხვდებით ერთმანეთსო.
მერე გაიცინა და დაამატა: ბოლოს და ბოლოს, გაგიკეთებ ფრთებს და თვალის დახამხამებაში
გადაგაფრენ შენს კოლხეთშიო. ფარნაოზსაც უნდოდა რამე ეთქვა გამომშვიდობებისას, მადლობა

მაინც გადაეხადა, მაგრამ კრიჭაშეკრული იდგა და უყურებდა, იდაყვებით როგორ მიიკვლევდა
ხალხში გზას სახელგანთქმული ათენელი მხატვარი, კუტი შვილის მამა და გამოუსწორებელი
მეოცნებე. იმ დღეს ბევრი ხომალდი გავიდა ნავსადგურიდან, მაგრამ ფარნაოზისთვის არც
ერთზე არ აღმოჩნდა ადგილი. თანდათან ხალხიც გაიკრიფა, ნავსადგური ჩაწყნარდა და ბინდში
ჩაიკარგა. ატორტმანებული ხომალდებიც უზარმაზარ ჩრდილებად იქცნენ და ერთმანეთს
გადაებნენ. ზღვა გაუბედავად მოეტყლაშუნა ნაპირს. ცარიელ ბაქანზე ძაღლმა გაირბინა,
გაჭყლეტილი მსხალი დაყნოსა და გზა გააგრძელა. მერე შორიდან მთვრალების სიმღერა მოისმა
და ფარნაოზი მიხვდა, უკვე შუაღამეც გადასულიყო. ზღვიდან ცივმა ქარმა დაუბერა და ბოლის
სუნი მოიყოლა, რომელიღაც ხომალდზე მეზღვაურებს ცეცხლი დაენთოთ. ფარნაოზს
დაღლილობისაგან თავბრუ ესხმოდა, შიმშილისაგან გულმუცელი უყმუოდა და სიცივისგან
კბილს კბილზე აცემინებდა, მაგრამ მაინც ვერ გაებედა ნავსადგურიდან გამოსვლა, ხალხის
ეშინოდა, რადგან აქაურობისთვის უკვე ძალიან უცხო იყო, იმდენად უცხო, ეგონა, ყველა
შეამჩნევდა და ერთ ამბავს ატეხდა, ამას აქ რა უნდაო. ფარნაოზმა ისევ დაინახა ძაღლი, უკანვე
მოძუნძულებდა და ისევ გულმოდგინედ ყნოსავდა ფილაქანს, ჩამოვლისას რამე ხომ არ
გამომრჩენიაო. ისევ შეჩერდა გაჭყლეტილ მსხალთანაც. მაგრამ არც ამჯერად დაუკარებია პირი.
ფარნაოზი მსხალს ვეღარ ხედავდა, მაგრამ ახსოვდა სადაც ეგდო. "ცუგა, ცუგაო", - დაუძახა
ფარნაოზმა ძაღლს. ძაღლმა გამოხედა და ასე, კისერმოქცეული, გვერდულად გაიქცა. გათენების
მოლოდინში ფარნაოზმა კიდევ დიდხანს იწრიალა, მაგრამ ცას ისე მაგრად მოეკუმა პირი, ციაგს
არ ატარებდა. ფარნაოზი კასრებს უკან გადაძვრა, ბოხჩა გულში ჩაიხუტა და მაშინვე მკვდარივით
ჩაეძინა. პირველად მთვრალებმა გააღვიძეს. მთვრალები ნავსადგურში მოდიოდნენ. ხელში
კეტები ეჭირათ და რაც კი რამე შეხვდებოდათ გზაზე, გამეტებით უბრახუნებდნენ. ნავსადგურის
ყველა კუთხე-კუნჭული ათასნაირად გლეჯდა და იმეორებდა ამ საზარელ ხმას. ფარნაოზი უცებ
ვერ გამოერკვა ძილიდან, ეჭვიც არ შეჰპარვია, მთვრალები მის საძებნელად გამოსულიყვნენ
ნავსადგურში და თუ მიაგნებდნენ, კეტებით გაჩეჩქვავდნენ, მსხალივით. გაუნძრევლად იწვა და
ისიც ვერ გაებედა, კასრებს შორის გამოეჭყიტა. მთვრალებმა რომ ჩაიარეს, ფარნაოზს ისევ
ჩაეძინა, ხოლო როცა მეორედ გამოეღვიძა, უკვე კარგად გათენებულიყო და ნავსადგურში
ჩვეულებრივი ბზუილი იდგა. ახლა ამან დააფრთხო, შეუმჩნევლად როგორ გამოვძვრე
კასრებიდანო, არადა, მთელი დღე აქ ხომ არ დარჩებოდა?! ფეხზე რომ წამოდგა, მთელი თავით
ასცდა კასრებს, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია, მან კი მაშინვე დედალუსი დაინახა.
დედალუსი წუხანდელი ძაღლივით წინ და უკან დარბოდა და გაფაციცებული ათვალიერებდა
ხალხს. ფარნაოზს დაეძებდა, ფარნაოზის გულისთვის გამოსულიყო შინიდან, მისი ავანჩავანის
გასაგებად. ეს კი ბევრს ნიშნავდა გზაზე დამდგარი კაცისთვის, ძალიან ბევრს, ყველაფერს რომ
თავი გავანებოთ, მარტო აღარ იყო და აღარც ნავსადგური ჩანდა უცხო და საშიში. ფარნაოზს
უნდოდა, მიეყარ-მოეყარა მის გარშემო დახვავებული კასრები, გაერღვია, გაეპო აფუსფუსებული
ხალხი და გულში ჩაეხუტებინა, არა, ფეხებში ჩავარდნოდა მეგობარს, რომელიც ხელებით
ხატავდა ჰაერში, ასეთი და ასეთი კაცი ხომ არ გინახავთო, მაგრამ არავის არ ესმოდა მისი, ყველა
მხრებს იჩეჩავდა და თავის საქმეზე გარბოდა. მარტო ფარნაოზი ცნობდა მისი მოუსვენარი
ხელებით ჰაერში გამოსახულ კაცს და აფორიაქებული გული გაურკვეველი, თითქმის ბავშვური
სევდითა და სიამაყით ევსებოდა. ფარნაოზმა მაინც თავი შეიკავა და როცა დედალუსმა
შემთხვევით მისკენ გამოიხედა, ისევ კასრებში ჩაჯდა. სანამ დედალუსმა ნავსადგური არ

მიატოვა, თავი აღარ ამოუყვია. დედალუსმა კიდევ დიდხანს იტრიალა აჟრიამულებულ
ნავსადგურში, ეტყობა, სარწმუნო ვერაფერი გაიგო, მაგრამ არც ფარნაოზი დახვედრია აქ. რას
იფიქრებდა, მისი ყურადღებითა და ერთგულებით გულაჩუყებული ფარნაოზი კასრებს უკან თუ
იჯდა და ბოხჩას კბენდა ტირილის შესაკავებლად.
ის დღეც უშედეგოდ დამთავრდა. ერთადერთი, რისი გაგებაც ფარნაოზმა შეძლო, ის იყო, რომ
ვანის ხომალდები ჯერ კიდევ გზაში იყვნენ და ღმერთმა იცოდა, როდის მოვიდოდნენ, ან
მოვიდოდნენ თუ არა საერთოდ, რადგან მეზღვაურებს წინასწარ არაფრის თქმა არ უყვარდათ.
"როგორც პოსეიდონს მოეპრიანება, ისე იქნებაო", - უთხრეს ფარნაოზს.
ისევ ჩაკვდა ჟრიამული ნავსადგურში, ისევ გაუკაცრიელდა იქაურობა და ფარნაოზმა ისევ
დაინახა გაჩეჩქვილი მსხალი. მსხალს ჭიანჭველები დასეოდნენ. ახლა ძაღლსაც უნდა ჩამოევლო
და ფარნაოზი მოლოდინად იქცა, მაგრამ იმ დღეს ძაღლი აღარ გამოჩენილა. "მე შევაშინეო" ფიქრობდა ფარნაოზი. მზე უკვე ჩასულიყო და ალისფერი, მიწისფერი, ბოლისფერი და შავი
ღრუბლები ერთმანეთისკენ მიისწრაფოდნენ, თითქოს უმზეო ცაზე მარტო დარჩენისა
ეშინოდათ.
ფარნაოზს ხემსი არ ჩაუდია, თუმცა შიმშილს აღარ გრძნობდა. წყალი კი რამდენჯერმე დალია და
პირიც რამდენჯერმე დაიბანა, რადგან მთელი დღე აუტანლად ცხელოდა. ეს იყო და ეს, რაც იმ
დღიდან დაამახსოვრდა ფარნაოზს. ნავსადგურიდან გამოსვლა ვერც იმ ღამეს გაბედა, თუმცა
შეეძლო, ასე თუ ისე, ადამიანურად მოესვენა რომელიმე იაფფასიან სასტუმროში, ნავსადგურის
გარშემო სოკოებივით რომ გამრავლებულიყვნენ და სოკოებივით ნესტისა და ობის სუნით
ყარდნენ. ფარნაოზს ფული ჰქონდა, კასრებს უკან ფილაქანზე გდებას ისევ ბინძურ სასტუმროში
ყოფნა ერჩია, თავის მისადები მაინც ექნებოდა და არც ასე გაითოშებოდა, მაგრამ გაუცხოების
გრძნობა აკავებდა, ეს გრძნობა ნავსადგურში გამოსვლისთანავე უარესად გამძაფრდებოდა და,
მისი აზრით, სადაც არ უნდა შესულიყო, ყველგან ზედმეტი იქნებოდა, რაიმე გაუგებრობის
მიზეზი გახდებოდა, მის ფულს ზედაც არ დახედავდნენ და ეტყოდნენ, შენთვის არც ადგილი
გვაქვს და არც საჭმელიო, ანდა, თუ არაფერს ეტყოდნენ, აგრძნობინებდნენ მაინც.
მესამე დღეს შიმშილმა და დაღლილობამ თავისი გაიტანა და ისიც იძულებული გახდა,
პირველსავე სასტუმროში შესულიყო. სასტუმროს პატრონმა, ჩია, მელოტმა და ცალ თვალზე
ლიბრგადაკრულმა კაცმა, ხელში ფული რომ დაუნახა სტუმარს, ძველი ნაცნობივით შეჰღიმილა
და გრძელი, დალაქავებული მაგიდის ბოლოში დასვა. მაგიდა მართლაც გრძელი იყო, ცხენი
გაჭენდებოდა ზედ. მაგიდის თავში სამნი ისხდნენ, ხელადით ღვინო ედგათ და კამათელს
თამაშობდნენ. ფარნაოზის შემოსვლა არც გაუგიათ და ფარნაოზმა შვებით ამოისუნთქა,
პირველმა მღელვარებამ და დაძაბულობამ გაუარა, მაგრამ ახლა იმან შეაწუხა, ყველას დასანახად
რომ წამოჭიმულიყო თითქმის ცარიელი მაგიდის ბოლოში. სანამ მაგიდასთან იჯდა, ვერ
მოიშორა ეს უსიამოვნო შეგრძნება, ავს რომ პირდებოდა, მაგრამ არ აყენებდა საშველს
დანაპირების შესრულებას. ამოდენა ოთახში მხოლოდ კამათლების ჩხრიალი ისმოდა. ფარნაოზი
ცდილობდა, არ გაეხედა მოთამაშეებისკენ, მაგრამ სიცარიელით დამფრთხალი თვალი
უნებურად მაინც იქითკენ გაურბოდა. მერე კრაზანა დაინახა. კრაზანა ოთახიდან გასასვლელს
დაეძებდა და ისეთი გამეტებით ენარცხებოდა კედლებს, საკვირველი იყო, სული როგორღა ედგა.

სასტუმროს პატრონმა შემწვარი ხორცი, მოხარშული წაბლი და ღვინო მოუტანა, მაგიდა ხელის
ერთ დადებაზე მოასუფთავა და ჰკითხა: სადაური ხართო. "კოლხი ვარ, ვანელიო", - განგებ
ხმამაღლა უპასუხა ფარნაოზმა და თამამად, თამამად კი არა, უტიფრად გამოხედა მოთამაშეებს,
თითქოს სასტუმროს პატრონი იმათ გამოეგზავნათ, ერთი გაგვიგე, სადაურია ეგ კაციო. სამი
დღის ნაშიმშილებს, კრიჭა ისე შეჰკვროდა, ხორცის ჩაყლაპვა გაუჭირდა. დიდხანს ღეჭა და
აცოდვილა ლუკმა და როგორც იქნა ჩაყლაპა, უფრო სწორედ, ღვინოს ჩაატანინა. წაბლი კი
ესიამოვნა, ჯერ კიდევ თბილი იყო და პირში თავისით იფშვნებოდა. მოხარშულ წაბლს ღვინოს
აყოლებდა და ფიქრობდა: ახლა ის უპატრონო ძაღლი გაჩეჩქვილ მსხალს ყნოსავსო. მისი
გამოუძინარი სხეული ადვილად ნებდებოდა ღვინის მათრობელა ძალას და სასიამოვნო
მოთენთილობითა და მოახლოებული ძილის ბურანით ივსებოდა, როგორც ცხელი აბაზანის
შემდეგ. ვერც კი გაიგო, როდის გაივსო და ახმაურდა ოთახი ასე. ცოტა რომ გამოერკვა, მაგიდის
გარშემო ახორხოცებული ხალხი მოგროვილიყო, უბრალო განძრევაც კი ჭირდა, თითქოს
ამოდენა ხალხი ცხელი და ოფლიანი მხრებით ერთმანეთს მისწებებიაო. ოთახში ბუღი იდგა.
ფარნაოზმა მაგიდის თავს გახედა, მაგრამ ვერ გაარჩია, ისევ მოთამაშეები ისხდნენ იქ თუ სხვები.
ჭამდნენ, სვამდნენ და ხორხოცობდნენ, ფარნაოზს ვერც კი ამჩნევდნენ, მაგრამ ფარნაოზი მაინც
ზედმეტი იყო, მაინც სხვის ადგილს იკავებდა და, ის რომ არ ყოფილიყო, ალბათ, უფრო
ხალვათადაც ისხდებოდნენ. ფარნაოზმა ძლივს მოიწვდინა ბოხჩა, ვიღაცის ფეხს მაგიდის ქვეშ
რომ შეეჩოჩებინა, ძლივს ააწყვიტა მხრები თანამეინახეებს, ძლივს მონახა სასტუმროს პატრონი
და უკვე მძინარემ ძლივს გააგებინა, მომასვენე სადმეო. სასტუმროს პატრონმა კიბეზე აიყვანა,
ბნელი, მტვრისა და ნესტის სუნით დავიწროებული დერეფანი გაატარა და პირველივე კარი
მუხლით შეაღო. "დაწექი, სადაც გინდაო" - დაუბარა სასტუმროს პატრონმა და კარი გამოუხურა.
ოთახში ერთი საწოლი იდგა, მაგრამ ათი კაცი თავისუფლად დაეტეოდა ზედ. პატარა, თითქმის
ჭერთან გაჭრილი სარკმლიდან ჯერ კიდევ შემოდიოდა მკრთალი სინათლე და ამ სინათლეში
გაურანდავი ფიცრის საწოლი ნეტარების კუნძულივით ლიცლიცებდა. ფარნაოზმა ბოხჩა
საწოლზე ისროლა და თვითონაც უკან მიჰყვა. ბოხჩაზე თავმიდებულს, ცოტა ხანს კიდევ ესმოდა
ქვედა სართულიდან ამომავალი ყაყანი.
ფარნაოზი სიჩუმემ გამოაღვიძა, სიჩუმემ და უსიამო შეგრძნებამ, თითქოს სახეზე ვირთხა
გადააცოცდაო, პატარა, ხავერდოვანი ფეხებით. მის გვერდით ვიღაც იწვა. "მკვდარიაო" რატომღაც გაიფიქრა ფარნაოზმა და თავზარდაცემული წამოჯდა. გული ხმამაღლა უცემდა,
გამალებით. საწოლზე ქალი იწვა, კი არ იწვა, მართლა მკვდარივით ეგდო, ეგ იყო, რომ
ქსუტუნებდა, კბილები დაეკრიჭა და ნახევრად ღია ქუთუთოებიდან თეთრი გუგები მოუჩანდა.
ფარნაოზს კარგად ახსოვდა, ცარიელი რომ იყო საწოლი, მარტო რომ იყო ოთახში, სანამ
ჩაეძინებოდა. ეს ქალი მერე შემოსულიყო და მშვიდად, უდრტვინველად მოკალათებულიყო
უცხო მამაკაცის გვერდით, რადგან ეს სხვანაირი საწოლი იყო, უსახლკარო მაწანწალებისთვის
განკუთვნილი და ამ საწოლზე ქალიცა და კაციც ერთნაირები იყვნენ, ერთი და იგივენი, არა
მარტო უპოვარნი, არამედ უსქესონიც.
რიჟრაჟის სუსხმა და უკაცურმა ქუჩებმა ცოტა დაამშვიდა ფარნაოზი. ბოხჩა რომ სასტუმროში
დარჩენოდა, ისიც მერე გაახსენდა, მაგრამ იქ ამსვლელი აღარ იყო, გინდაც ის ბოხჩა ოქროდ
ქცეულიყო. "თუ დაანებეს, მადლია იმ უბედურისთვისო" - ფიქრობდა ფარნაოზი, მაგრამ არც

თვითონ ჰქონდა უკეთესად საქმე. ახლა ყველა ხომალდს ვანისკენ რომ ექნა პირი, უფულოდ ვიღა
წაიყვანდა, ან ასე უცებ სად უნდა ეშოვნა ფული? მაგრამ ახლა ფულზე მეტად სხვა რამე
აწუხებდა. ტანი რომ არ დაებანა, გაგიჟდებოდა, ეგონა, ისეთი ბინძური იყო, მის სუნზე ხალხი
გამოიხედავდა სახლებიდან.
ფარნაოზმა მალე მონახა ნავსადგურის ახლოს მოფარებული ადგილი. ჯერ მხოლოდ თენდებოდა
და კაციშვილი არ ჭაჭანებდა ირგვლივ. ცა ოდნავ აწრიატებულიყო. გრძელი, გაწეწილი
ღრუბლები ერთმანეთს ეთიშებოდნენ, იხეოდნენ, დამბალი ქაღალდივით უხმოდ და
უთანასწოროდ. სველი, ცუდად დაფქვილი ფქვილივით ხერხეშა სილა ფეხებზე ეწებებოდა. სანამ
გაიხდიდა, ერთი-ორჯერ მაინც მოიხედა უკან, თითქოს ვინმე უთვალთვალებდა. წყალში
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.