Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05

Total number of words is 3729
Total number of unique words is 2068
29.8 of words are in the 2000 most common words
43.6 of words are in the 5000 most common words
52.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ამ საერთო დაბნეულობით ზღვამაც ისარგებლა და კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან, ისე
მოხერხებულად, რომ მისი ფხიზელი და ჯიუტი მეთვალყურე, კისერზე თოკის
გორგალგადაცმული ბედიაც კი გააცურა. თუმცა არც ბედიას გაემტყუნებოდა, ჯერ ფრიქსეს
სიკვდილმა და მერე სიზმარმა ცოტა ხნით ისიც ამოაგდო კალაპოტიდან, ხოლო როცა ზღვის
ვერაგობა შეამჩნია, ისევ დაგვიანდა, ისევ არ ღირდა განგაშის ატეხა და ბედიაც იძულებული
გახდა, თოკი გაეგრძელებინა.
ყველაფერი კი ვერძის დაკვლით დაიწყო. ფეხით დაკიდულ ვერძს ყასაბმა ტყავი რომ გააძრო,
მკლავები მოსწყდა, მუხლიც შეაშველა, მაგრამ მაინც ვერ დაიმაგრა და თვითონაც ქვეშ მოჰყვა
ჩამოშვავებულ ტყავს. "მიშველეთ, გავიჭყლიტეო", - აყვირდა ბოლოკივით გაწითლებული
ყასაბი. ვერძის ტყავი მართლაც ოქროს ზოდივით დამძიმებულიყო. ოცმა კაცმა ძლივს აუწია
პირი, ყასაბს ჩაჩეჩქვილი ფეხები რომ გამოეთრია. "იქნებ არ უნდა დამეკვლევინებინაო", პირველად მაშინ გაიფიქრა აიეტმა. უნებურად ყველამ უკან დაიხია, თითქოს მიწაზე დაფენილ
ტყავს თილისმა ჰქონდა. დაბნეულნი მეფეს მიაჩერდნენ. აიეტმა გაიცინა, უფრო ხალხის
დასამშვიდებლად, და თქვა: ახლა ხომ მაინც დარწმუნდით, ჩვეულებრივი ცხვარი რომ არ იყოო.
მერე ჩაფიქრდა, შუბლშეჭმუხნული იდგა და ცას უყურებდა, თითქოს ფრიქსეს აჩრდილს
უთვალთვალებსო. ცოტა ხნის მერე ისევ გაუბადრა სახე ნაძალადევმა ღიმილმა და გააგრძელა: ეს
ფრიქსეს საჩუქარია, ჩვენც უნდა მივიღოთ და მოვუაროთ, მკვდრის გაწბილება არ შეიძლებაო.
ტყავი ციმციმ შეიტანეს სასახლეში. აიეტის დარბაზი უარესად გაჩახჩახდა. აიეტმა ტახტის უკან
კედელში განჯინა გამოაჭრევინა და ტყავი შიგ დაჰკიდა. განჯინას კარი შეაბეს, კარს ფარდაგი
ჩამოაფარეს და ისევ მიადგეს ტახტი. "დამშვიდებული ბრძანდებოდე, სიძევ ბატონო, შენს
საჩუქარს ბეწვიც არ ჩამოვარდებაო", - თქვა აიეტმა და ტახტზე დაბრძანდა.
ვანმა ძველებური იერი დაიბრუნა, საქმემ და ჩვეულებამ ყველას გაახსენა თავი. ისევ
ძველებურად ახმიანდნენ სახელოსნოები; ნავსადგურიც ძველებურად ფუსფუსებდა,
მოდიოდნენ და მიდიოდნენ, იცლებოდნენ და იტვირთებოდნენ ხომალდები; ქუჩები და
მოედნები უზრუნველად მოსეირნე გოგო-ბიჭებს აევსო; "რა ნახეთ, რა გაიგეთო", - ეკითხებოდნენ
შინ მობრუნებულებს უფროსები, ისინი კი მხრებს იჩეჩავდნენ და პასუხობდნენ, არც არაფერი

გვინახავს, არც არაფერი გაგვიგია, ჯერ ავიარეთ, მერე ჩამოვიარეთო. და მართლაც, როცა
უფიქრდებოდნენ, თვითონაც უკვირდათ, ყველაფერი უკვე ათასჯერ ჰქონდათ ნანახიც,
ნათქვამიცა და მოსმენილიც.
მაგრამ მთლად ისე არ იყო, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. მართალია, ნელა, შეუმჩნევლად,
მაგრამ მაინც იცვლებოდა ყველაფერი: ადამიანიცა და ქალაქიც, თავისთვის რომ აეშენებია
ადამიანს, გარე სამყაროსგან თავის დასაცავად, ნადირის შიში რომ აღარ ჰქონოდა, აღარ ეძიგძიგა
შიშისა და სიცივისაგან გამოქვაბულის ნესტსა და წყვდიადში და მშვიდად ეცხოვრა,
გამრავლებულიყო და ასევე მშვიდად დაეთმო ადგილი ნაშიერისათვის. ქალაქის კედლებში
გავლილი დრო კვალს მაინც ტოვებდა. ბათქაში იტკიცებოდა, იბზარებოდა და ცვიოდა; ეტლის
ბორბლებს ქვაფენილი დაეღარა; მზესა და წვიმებს კრამიტი გადაეხუნებინა; ხეები
მაღლდებოდნენ, მსხვილდებოდნენ და გამომშრალი, გამოფიტული კანი ტანზე ასკდებოდათ;
ხმარებისგან ცვდებოდა, ილეოდა, ფერს იცვლიდა ავეჯიცა და ჭურჭელიც, მაგრამ ადამიანი ვერ
ამჩნევდა, რადგან ყველაფერი მის თვალწინ ხდებოდა, თვითონ იყო ამ გარდაქმნების მონაწილე.
ვერც საკუთარ არსებაში მომხდარ ცვლილებებს ამჩნევდა, რადგან დღეს უფრო მეტი იცოდა
ვიდრე გუშინ, წინაპრის ცოდნისთვის თავისიც მიემატებინა, ცოდნას კი სიფხიზლე წაერთმია,
რაც ასე სჭირდებოდა მის წინაპარს, გამოქვაბულში დაყურსული, გულის ფანცქალით რომ
ითვისებდა გარე სამყაროს იდუმალ ხმებს. ადამიანს ახლა შიშის გრძნობაც დაჰკარგვოდა, უფრო
სწორედ, შიშის მიჩქმალვის უნარი გასჩენოდა, რადგან უკვე დარწმუნებულიყო სიკვდილის
გარდუვალობაში; დარწმუნებულიყო, ეს ქვეყანა სიკვდილ-სიცოცხლის მკაცრად დაცული
მონაცვლეობა იყო და მეტი არაფერი: ერთი მეორეს აჩენდა, ერთს მეორე ამოჰყავდა დედაბუნების
დაუშრეტელ წიაღიდან. თვითონაც სიკვდილ-სიცოცხლის მონაცვლეობის ამ მარადიულ წრეში
მოხვედრილიყო და ერთი საზრუნავიღა ჰქონდა: არ ამოვარდნილიყო იქიდან. დროისა და
ბუნების მარადიულ, განუწყვეტელ ცვალებადობას ერთფეროვნების ნიღაბი აეფარებინა პირზე,
რათა ბოლომდე შეუმჩნევლად და მშვიდად ეკეთებინა თავისი საქმე. ცხოვრება გამოცანა იყო და
გამოცანად დარჩებოდა, რადგან ამ გამოცანის მთელი სირთულეცა და სიმარტივეც იმაში
მდგომარეობდა, რომ რაც ქვეყანაზე ხდებოდა, თითქოს ადამიანის გამო, ადამიანის მეშვეობით,
ადამიანის გულისთვის, მაგრამ მაინც უიმისოდ ხდებოდა... სამაგიეროდ, საითაც არ უნდა
გაეხედა, ღმერთი შემოხედავდა. იმდენი და იმდენნაირი ღვთაება დაეხვავებინა გარშემო, ხისგან
გამოჩორკნილი, თიხისაგან გამოძერწილი, სპილენძისა თუ ოქროსაგან ჩამოსხმული, მართლა
შეეძლო აღარ ემტვრია თავი მარადიული გამოცანის ამოსახსნელად. ღვთაებები მშობლიურად
მკაცრნი და ლმობიერნი იყვნენ და უკეთ იცოდნენ, რისთვის დაესაჯათ, ანდა რისგან დაეცვათ
იგი. ისიც იმ მოყვარულ შვილს ჰგავდა, მშობლები უფრო ადრე რომ დახოცვოდა, ვიდრე მათი
ამაგის გადახდას მოასწრებდა და ახლა მთელი მისი ფიქრი და საზრუნავი მათი სამუდამო
განსასვენებლის მოვლა-პატრონობით ამოიწურებოდა. თავზე ევლებოდა მარადიული
დუმილითა და სიბრძნით დაძაბულ სახეებს, მარადიული დედობით გათქვირულ ძუძუებსა და
მარადიული მამაკაცობის, სტიქიათა დამთრგუნავი ძალით დაკუნთულ მკლავებსა და ბარძაყებს.
ადამიანი მათთვის ცალკე ასუქებდა ფრინველსა და საქონელს, მზითა და შრომით გახვითქული,
პურის მშრალი ხიწვით კანდაშაშრული, პირველ ძნას მათ სახელზე დგამდა და პირველი ჩხაც
მათთვის გამოჰქონდა ვენახიდან. ის ყველა ღვთაებას ერთნაირად სცემდა პატივს და განზე
გადგებოდა ხოლმე, როცა ისევ მისი გულისთვის, მაგრამ ისევ უიმისოდ ღვთაებები ერთმანეთს

სპობდნენ ან ამრავლებდნენ, აღარიბებდნენ ან ამდიდრებდნენ, ასუსტებდნენ ან აძლიერებდნენ;
მისი თაყვანისცემა, მორჩილება და სამსახურიც მარადიული იყო, შეურყეველი, გაუნელებელი,
განურჩეველი, რადგან სინამდვილეში ძველსაც და ახალსაც, დამარცხებულსაც და
გამარჯვებულსაც, ერთი და იგივე ღვთაება განასახიერებდა, ოღონდ ოდნავ ფერშეცვლილი,
გაძლიერებული, გაზრდილი, გალამაზებული და დაბრძენებული.
იმ დღეებში კიდევ ერთი უჩვეულო სიზმარი დაიბადა ვანში და თუ ბედიას სიზმარივით ისიც
ყველას საკუთრება არ გამხდარა, მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა პატრონმა ვერ გაბედა ამ სიზმრის
მოყოლა. სიზმრის პატრონი კი აიეტის უმცროსი ქალიშვილი გახლდათ. სასახლეში და საერთოდ
ვანში მომხდარმა ამბებმა მედეაც შეაკრთო და დააფიქრა. მართალია, მედეას თავისი
განსაკუთრებული ქვეყანა ჰქონდა და იმ ქვეყნისა, სადაც ეს ამბები ხდებოდა, ბევრი არაფერი
გაეგებოდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო შესამჩნევი, მით უფრო ხმაურიანი და
საინტერესო ხდებოდა იგი. როგორც მოზეიმე სახლის უცებ გამოღებული კარიდან,
გამოიჭრებოდა ხოლმე იქიდან ქარისას უდარდელი კისკისი და ერთი წამით ააფორიაქებდა
ყველაფერს, რაც კარს აქეთ დარჩენილიყო. მედეაც კარს აქეთ იდგა, მასაც უცნაურად
შეაკრთობდა ხოლმე დის კისკისი, სისხლის გემოს უჩენდა პირში და მისთვის უცხო, თითქოს
არარსებული ყვავილების სურნელი ასდიოდა. არასოდეს არ დაბადებია მედეას იმ კარში
შესვლისა თუ შეხედვის სურვილი; რცხვენოდა და იმიტომ, ეგონა ყველანი სიცილს დააყრიდნენ,
ამას აქ რა უნდაო. მედეას იმისაც რცხვენოდა, საკუთარ დის ნალაპარაკევს რომ ვერ ხვდებოდა.
და გულს უხსნიდა, მას კი შიგ ჩახედვა არ შეეძლო. სამაგიეროდ, ქარისამ საკუთარი გული
აპოვნინა მედეას. მას მერე მედეას მოსვენება დაეკარგა, გულის უნებართვოდ ნაბიჯს ვეღარ
გადადგამდა, სიტყვას ვეღარ იტყოდა; თუ რამეს არ მოუწონებდა, ისეთ დღეს დააყრიდა, მამიდა
ყამარი მოგონილი იყო, ბალიშში თავჩარგულს დილამდე მწარედ აქვითინებდა ხოლმე. "აბა,
ერთი შენს დაიკოსაც ჰკითხე, ეტირება თუ არაო", - არ ასვენებდა გული და მედეამაც აღარ
იცოდა, რა ეღონა, სად დამალვოდა ამ მართლაც დაუნდობელ არსებას. "რატომ არ უნდა
ეტირებოდეს, ქმარი მოუკვდაო", - ჩასძახოდა ბალიშს მედეა, მაგრამ გული სხვანაირად
ფიქრობდა, სხვანაირად ირჯებოდა; რადგან დამალული იყო, ყველაფრის უფლებას აძლევდა
თავს.
მედეას რწმენით ფრიქსე ქარისას ღვთაება იყო, ქარისას კერპი, რომელიც ერთმანეთზე უკეთესი
ვაჟებით ასაჩუქრებდა თავის ერთგულსა და მშვენიერ მხევალს. მაგრამ მედეა იმასაც გრძნობდა,
განსაკუთრებით ბოლო დროს, განსაკუთრებით ქარისასთან უკანასკნელი საუბრის შემდეგ, რომ
რაღაც მომხდარიყო, რაღაცას დაერღვია ის სავალდებულო თანხმობა, რაც ღვთაებასა და მხევალს
შორის უნდა არსებულიყო. ღვთაებები რომ მიზეზიანები იყვნენ, ესეც კარგად იცოდა მედეამ,
მაგრამ მხევალი რის მხევალი იქნებოდა, თუ ღვთაების მიზეზიანობა მოთმინებიდან
გამოიყვანდა, მოვალეობას დაავიწყებდა. რამდენჯერ შეჭმუხნია შუბლი მედეას ღვთაებას,
რამდენჯერ დამალვია ღრუბლებში, მაგრამ მას არც ლოცვა შეუწყვეტია და არც სამსახური.
მართალია, ქარისას ღვთაება სხვა იყო და მედეასი სხვა, მაგრამ მაინც ჰგავდნენ ერთმანეთს,
თუნდაც იმით, რომ ორივეს მხევალი სჭირდებოდა. მართალია, ფრიქსე მოკვდა, მისმა
მოულოდნელმა სიკვდილმა სხვებზე ნაკლებად როდი დაამწუხრა მედეა, მაგრამ მედეასთვის ეს

მაინც ღვთაების სიკვდილი იყო, იმედის მომცემი. განა ღვთაებები არ კვდებოდნენ? მაგრამ
ღვთაებები იმიტომ იყვნენ, მკვდრეთით აღდგომაც შეეძლოთ, ხელმეორედ დაბადება, რათა
უფრო ძლიერნი და მშვენიერნი დაბრუნებოდნენ ქვეყანას. გული კი ცქმუტავდა, ფრთხიალებდა,
როგორც ნაყოფი დედის მუცელში, ყრუ და მთრთოლვარე ბიძგებით თავს რომ ახსენებს ქვეყანას:
იქნებ მეყოფა, იქნება დროა ჩემი გამოჩენისაო. მედეასაც ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს გული
უჩანდა, თითქოს ხელებს თუ მოიშორებდა მკერდიდან, ყველანი დაუნახავდნენ, ქარისას თმებში
ჩაწნული ყვავილივით დიდსა და ალისფერ გულს. გული კი მართლა ისე იქცეოდა, თითქოს
ეპატარავებოდა, ეჩოთირებოდა ქალწულის სუსტი და სიფრიფანა სხეული; ან მართლა
დააღწევდა თავს მისი ტყვეობიდან და ნაპირზე ამოგდებული თევზივით სასაცილო ხტუნვახტუნვით დალევდა სულს, ან მასაც აიყოლიებდა და გაიტაცებდა ნამდვილი ცხოვრების
ღრიანცელში, მტვერსა და ტალახში, ქარის საწინააღმდეგოდ, როგორც ბირკააკრული,
მკერდგაქაფული სადოღე ცხენი ზედდამკვდარ მხედარს.
რას არ იგონებდა გული, მედეა რომ უარესად დაეფრთხო და დაებნია, ეგრძნობინებინა,
რამდენად ძლიერი, შორსმჭვრეტელი და ყველაფრის მცოდნე იყო თვითონ, ვიდრე მისი
მტვირთველი. "იცოდე, ძაღლებს შევაჭმევინებ შენს თავსო", - ემუქრებოდა გამწარებული მედეა,
ის კი, სიბნელეში საიმედოდ შეყუჟული, ერთსა და იმავეს იმეორებდა და უარესად ამწარებდა
მტკივნეული, ძირფესვიანად შემარყეველი გარდაქმნებით ისედაც აფორიაქებულ გოგოს. "ერთი
ჰკითხე მაინც შენს დაიკოს, ქმარი მოუკვდა თუ მოკლა, მოუკვდა თუ მოკლა, მოუკვდა თუ
მოკლაო". - ცეცხლზე გამთბარი დოლივით გუგუნებდა გული.
რა თქმა უნდა, გული აჭარბებდა, ფრიქსე არც შხამით იყო მკვდარი და არც ხანჯლით, უბრალოდ,
სიკვდილს მოეკლა, თავისთვის გამოერჩია, მაგრამ მედეა მაინც შეიპარა იმ დარბაზში, სადაც
ფრიქსეს ცხედარს ღამღამობით ასვენებდნენ ხოლმე. "დარწმუნდი? მოისვენე?" ჩასძახოდა მედეა
გულს, მაგრამ გული მაინც არ იშლიდა თავისას, მაინც ირწმუნებოდა, რომ კაცის მოსაკლავად
აუცილებელი არ არის შხამი და ხანჯალი. მედეა კი მხოლოდ იმაში რწმუნდებოდა, თუ რა
სახიფათო, დაუნდობელი და ძნელად შესაჩვევი იყო ქვეყანა, მისი უფროსი დის ქვეყანა, საითაც
დღითი დღე მეტი მონდომებითა და სიჯიუტით ექაჩებოდა გული. ქარისას ქვეყანა უფრო
სახიფათოც იყო და უფრო საინტერესოც. ყოველ წუთას რაღაცა ხდებოდა იქ, ყოველ წუთას რაღაც
შენდებოდა, ანდა ინგრეოდა, გრუხუნით ენარცხებოდა მიწაზე, გამომწვევად გაამაყებული
გარდუვალი დაღუპვის შეგრძნებით და იმითაც, რომ ერთი წუთით მაინც შეეძლო გაეხვია
ყველაფერი საკუთარ მტვერში.
მედეა ჯერ ისევ ძველებურად ცხოვრობდა. ყოველ დილით შედგებოდა ხოლმე ჯორებშებმულ
ეტლზე, მარჯვენაში სადავეს დაიჭერდა, მარცხენაში მათრახს და თორმეტი მხევლის
თანხლებით დარიაჩანგის ბაღისკენ გასწევდა, მაგრამ იქაც, თავისი დიდებული ღვთაების
ტაძარშიც, ვეღარ ივიწყებდა იმ ვნებიან, აღგზნებულსა და მოურიდებელ ხმელს, ახლა უფრო
თავისუფლად რომ წვდებოდნენ, ტლანქად აჯანჯღარებდნენ, თითქოს გამოღვიძებას
უპირებდნენ, რათა თავიანთ ბუნაგში შეეთრიათ და კიდევ უფრო გაძლიერებულიყვნენ,
გამრავლებულიყვნენ. გული იყო ყველაფერში დამნაშავე, გული აღარ ასვენებდა და ხან
მუდარით, ხან კი ცრემლითა და ბუზღუნით ეწეოდა იქითკენ, როგორც კალთაზე ჩაბღაუჭებული
ბავშვი ექაჩება შინისკენ დედას, მეზობელს რომ გასჩერებია სალაპარაკოდ. "შენ თამაშობ, ისინი

კი ცხოვრობენო", - ოხრავდა გული და, რაც არ უნდა მოეყრუებინა, რაც არ უნდა დაეხუჭა თვალი
მედეას, მაინც ყველაფერი შეცვლილი ეჩვენებოდა ირგვლივ, თითქოს მის არსებაში
ჩასახლებული მეორე უჩინარი არსების განუწყვეტელ ბაგაბუგზე ქვეყანას თანდათან
ებზარებოდა ნამდვილი სახის დასამალავად აფარებული თიხის ნიღაბი. მედეას ისეთი გრძნობა
ჰქონდა, თითქოს ადრე უფრო დიდი იყო ეს ბაღიცა და ტაძარიც. ან ისინი დაპატარავებულიყვნენ
თვალსა და ხელს შუა, ან თვითონ გაზრდილიყო, იმდენად გაზრდილიყო, ეჩოთირებოდა კიდეც
სივრცე, სადაც აქამდე შეუმჩნევლად იკარგებოდა, როგორც მისი მხევლების სიმღერიდან
გადმოპარული ყვითელი და გაფუყული წიწილა. "დაბნეულ ფეტვის მარცვალსააა ვინ მოჰკრეფს
წიწიიილის მეტი", - უნებურად წაიღიღინა მედეამ და სევდიანად გაეღიმა, წიწილისა არ იყოს,
მასაც ძნელი საქმე გასჩენოდა: თავიდან უნდა შეჰგუებოდა აქაურობას, სანამ ის ქვეყანა, ამჯერად
ფრიქსეს სიკვდილით აფორიაქებული, თანდათან ჩაწყნარდებოდა, დამშვიდდებოდა და
მედეასაც გაანებებდა თავს. მედეას თავისი ქვეყანა ჰქონდა, მამიდა ყამარის დანატოვარი, მამიდა
ყამარის ცოდნის აგურით ნაშენი და მამიდა ყამარის მოთმინების კირით შელესილი. მაგრამ
მამიდა ყამარს ცოდნაცა და მოთმინებაც, ეტყობა, სამი კედლის ამოსაშენებლად ეყო მხოლოდ,
რადგან აქაც, დარიაჩანგის ბაღშიც, უკვე თავისუფლად დანავარდობდნენ ქარისას ქვეყნიდან
მოფრენილი ქარები. არა, ისინი უფრო ადრე შემოფრენილიყვნენ აქ, ვიდრე მედეა შეამჩნევდა,
ვიდრე ყურადღებას მიაქცევდა. დიდი ხნის წინათ მათ მიერ მობნეული თესლი უკვე
გაფუებულიყო და, მზის ქვეშ ვერაგულად გატრუნული, უხვად აფრქვევდა მათრობელა მტვერსა
და ბუსუსებს, და თორმეტ ტიტლიკანა გოგოს კვიცებივით დააჯირითებდა, უმიზეზოდ
ასევდიანებდა, ასევე უმიზეზოდ ახარებდა და მათ საქციელს, საუბარსა თუ სიმღერას თამაშის
ელფერში ხვევდა, როგორც ყოველგვარ ბავშვურ საიდუმლოს. ასე გაგრძელდებოდა მანამდე,
სანამ დრო ამ გოგოებს თავლაში არ შელალავდა, იმ ქვეყანაში, სადაც თამაშობას ცხოვრება ერქვა,
ოცნებას კი სინამდვილე. ეს სურნელოვანი ბაღიცა და მზით გადათეთრებული ნაპირიც თავლაში
სანატრელი გაუხდებოდათ, მაგრამ ასეთები ვეღარასოდეს დაბრუნდებოდნენ უკან, არც ბაღი და
ნაპირი დახვდებოდათ ასეთი, თანდათან გაუფერულდებოდა, უარესად დაპატარავდებოდა და
დაშორდებოდა კიდეც, რადგან დღითი დღე დაუმოკლებდათ აღვირს ქმრის ბუზღუნი და
შვილების ღნავილი.
ამ პატარა, ვაშლის ფოთლებით დაჩრდილულ ქვეყნიდან გამოსვლა შეიძლებოდა მხოლოდ, იმ
დიდ ქვეყანაში კი - შესვლა. ისინიც აუცილებლად გამოვიდოდნენ ერთიდან, რათა მეორეში
შესულიყვნენ. გული მართალი იყო, მაგრამ ეს სიმართლე ჯერ კიდევ აფრთხობდა და
აღიზიანებდა მედეას, თუმცა უკვე თვითონაც გრძნობდა, არც მას ეყოფოდა ცოდნა და მოთმინება
იმ მეოთხე კედლის ამოსაშენებლად, მამიდა ყამარს რომ დარჩენოდა თუ დაეტოვებინა
ამოუშენებელი. უმალ დანარჩენებსაც მოანგრევდა, დაუფიქრებლად, დაუნანებლად, როგორც
ჩხირების ხუხულას ბავშვი, რომელსაც გადია სადილად ეძახის.
დაბნეულ ფეტვის მარცვალსააა
რა მოჰკრეფს წიწილიიის მეტი...

უხმოდ მღეროდა მედეა და ვერ გაეგო, რა ხდებოდა მის თავს, გაურკვეველი, სულის
გამაწვრილებელი მოლოდინი გასჩენოდა და უარესად იტანჯებოდა, ვერაფრით რომ ვერ
გაერკვია, რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა. სიზმარი რომ ნახა, ცოტა გულზე მოეშვა, ეტყობა,
ამის მოლოდინში ვიყავიო, მაგრამ ახლა სიზმრის სითამამემ და შიშის მომგვრელმა ნეტარებამ
აურია გზაკვალი. თუმცა გზაკვალი სიზმარსაც არეოდა თითქოს: დები შეშლოდა და ქარისას
ნაცვლად მედეას მოსდგომოდა, რადგან მედეას აზრით ქარისას უფრო ეკუთვნოდა იგი. ამ
სიზმრის გმირი მკვდრეთით აღმდგარ ღვთაებას ჰგავდა, ქვესკნელიდან დაბრუნებული,
ღვთაებრივი სიმშვიდითა და სიმტკიცით რომ მოაბიჯებს ქვეყანაზე, დროებით დაკარგულის
დასაბრუნებლად.
სიზმრის ხილვის შემდეგ მედეა მთელი ღამე ფრიქსეზე ფიქრობდა. მისი სიზმრის გმირი
რაღაცით მართლა ჰგავდა ფრიქსეს, მაგრამ უფრო ლამაზი, უფრო თამამი და უფრო ღონიერიც
ჩანდა. თუმცა, არც ეს იყო საკვირველი, სიკვდილი ხომ ღვთაებაში უარესად აღვივებს
სიცოცხლეს, როგორც ქარი ცეცხლს. მაგრამ თუ ის მართლა ფრიქსე იყო, სიკვდილით
გარდაქმნილი და გამშვენიერებული, რატომ გამოეცხადა მედეას და არა ქარისას, რაც უფრო
ბუნებრივი იქნებოდა?! ან იქნებ მედეაც გარდაიქმნა და ქარისას სახე მიიღო?! რამდენჯერ
უნატრია, რამდენჯერ წარმოუდგენია თავი ქარისასავით ლამაზი და რამდენჯერ
გადასტრიალებია გული, როცა ქარისას მტვრის ნამცეცი ანდა ნავლი ჩავარდნია თვალში და
ერთი ამბავი აუტეხია, ვაიმე დავბრმავდი, ვერაფერს ვეღარ ვხედავო. მედეას ცივი ოფლი
დაასხამდა ხოლმე თვალდათხრილი ქარისას წარმოდგენაზე და მართლა დამბლადაცემულივით
ელოდებოდა, როდის მოიშორებდა ქარისა თვალიდან ხელს. მერე კი ბედნიერებისგან
იბადრებოდა და აღტაცებული შესცქეროდა დას, რომელსაც ნატკენი თვალი ოდნავ
დასწითლებოდა და გრძელსა და სველ წამწამებს ისე სწრაფად ახამხამებდა, თითქოს შავი პეპელა
ყვავილზე თავს იმაგრებსო.
ან იქნებ ქარისამ მიითვისა უმცროსი დის სინორჩე და სიქალწულე, რათა მკვდრეთით
აღმდგარსა და გაჭაბუკებულ ქმარს თვითონაც უმანკო და ხელუხლებელი დახვედროდა?!
ამგვარი ფიქრებით თავატკივებულს, დაბნეულსა და დარცხვენილ მედეას შინიდან გამოსვლა
ესიკვდილებოდა, შინ მობრუნებულს კი ფეხები უკან რჩებოდა, თითქოს ვინმე დატუქსავდა ანდა
დასცინებდა. კაბა ისე აწუხებდა, თითქოს კაბიანად ებანავა და ტანზევე შეშრობოდა.
თავისუფლად მხოლოდ დისშვილებთან გრძნობდა თავს და ერთი სული ჰქონდა, როდის
ნახავდა, როდის ჩაუჯდებოდა შუაში ამ ოთხ თამამსა და ღონიერ ბიჭს. მათი უხეში მოძრაობები
და ხმამაღალი, მოურიდებელი ლაპარაკი მალამოსავით ეცხებოდა მედეას აფორიაქებულ
ბუნებას. ამ ბიჭებში იყო ის ძალა, რომელიც თვითონ არ ჰქონდა, მაგრამ მოაჯირივით
სჭირდებოდა, ბავშვობის უკანასკნელ საფეხურზე შემდგარსა და სიმაღლისა და სიახლის
შეგრძნებით თავბრუდახვეულს. ფრიქსეს სიკვდილის შემდეგ ბიჭებმაც მოუხშირეს დეიდასთან
სიარულს. "დეიდას" ხუმრობით ეძახდნენ და მედეასაც გულიანად ეცინებოდა, იმდენად
უცნაურად მიაჩნდა თავის ტოლა ბიჭების დეიდობა. უაზრო და გაუთავებელ საუბრებში ისე
დაათენდებოდათ ხოლმე, თვითონვე უკვირდათ და უხაროდათ კიდეც, ძალით რომ აღარ
მიათრევდნენ საწოლებში ძიძა-გადიები. გრძნობდნენ, გაზრდილიყვნენ, ხოლო ამის შეგრძნება

ათამამებდათ და უფრო მეტის უფლებას აძლევდნენ თავს, ვიდრე უნდოდათ, ანდა
სჭირდებოდათ, რადგან ყველაფერი მეტი უნდოდათ, თანაც ერთბაშად.
ხანდახან ქარისა მოუკაკუნებდათ ხოლმე, რა გაქვთ ამდენი სალაპარაკოო. შემოსვლით კი არ
შემოვიდოდა, თითქოს ისიც გრძნობდა, შვილები რომ გაზრდილიყვნენ და ადგილიც აღარ
დარჩენილიყო მისთვის. ამასვე ადასტურებდა მისი დაღლილი და მავედრებელი ხმაც. ქარისა
ადრე ერთს დასჭექავდა, ოთხივეს კინწისკვრით გაირეკავდა წინ და ვერც ერთი ვერ გაუბედავდა
სიტყვის შებრუნებას. ახლა კი გაიცინებდნენ ხოლმე დედის ხმის გაგონებაზე და გასძახებდნენ,
გვაცალე, დედილო, რა დროს ძილია, ბავშვები ხომ არა ვართო. ბავშვობა აღარ უნდოდათ,
რადგან ჯერ ისევ ბავშვები იყვნენ.
"იმ გოგრის თესლი თუ არ ვჭამე, ისე ცხოვრებას რა ფასი აქვსო", - იტყოდა არგუსი და ოთხივენი
ისე მადიანად აწკლაპუნებდნენ პირებს, თითქოს მოხალული და მარილმოყრილი გოგრის
თესლი კალთაში ეყარათ. "ჩვენი გოგრა უთესლოა?" - უკვირდა მედეას და აღფრთოვანებული
შესცქეროდა ძმების აქოჩრილ თავებს, სადაც მისთვის გაუგებარი ფიქრები ბუდობდნენ. ძმებიც
გრძნობდნენ მედეას აღფრთოვანებულ მზერას და ოთხივეს უარესად ეუფლებოდა თავის
გამოჩენისა და ბაქიბუქობის ჟინი ამ ერთადერთი ქალის წინაშე, რომელიც დადაც ეკუთვნოდათ
და დეიდადაც. "ვინ იცის, მამაჩვენის ქონებას ვინ ოხერი ანიავებს. ჯერ ჩავიდეთ..." იმუქრებოდნენ ფრიქსეს ვაჟები და თან პაპის ჯიბრზედაც ლაპარაკობდნენ ასე, რადგან გულის
სიღრმეში ოთხივენი ნაწყენები იყვნენ აიეტზე, მიცვალებულთა ჭალაში ყველას გასაგონად რომ
განაცხადა: მორჩა და გათავდა, ყველა თავის ადგილას დაეტიოსო. ფრიქსეს გვამი უკვე ხეზე
ქანაობდა, მისი ვაჟები კი მჯიღით იწმენდნენ მდუღარე ცრემლს და უკვე გაქცევაზე
ფიქრობდნენ. არა, გაქცევაზე მერე დაიწყეს ფიქრი, როცა აიეტმა თქვა: მორჩა და გათავდა, ყველა
თავის ადგილზე დაეტიოსო. "მაინც წავლენო", - გაიფიქრა აფრასიონმა და თვითონვე შეეშინდა,
ხმამაღლა არ წამოსცდენოდა ის, რაც მხოლოდ მან იცოდა. მართალია, ფრიქსეს ვაჟებიც იმ წუთას
გაქცევაზე ფიქრობდნენ, მაგრამ ეს უფრო დამუქრება იყო, ვიდრე გადაწყვეტილება. რაც ფრიქსე
მოკვდა, აფრასიონს თავი არ აუწევია მაღლა, თითქოს თვითონ იყო დამნაშავე ფრიქსეს
სიკვდილში, თითქოს ის იყო დის დაქვრივებისა და დისშვილების დაობლების მიზეზი. არც
მთლად უსაფუძვლოდ გასჩენოდა აფრასიონს ამგვარი გრძნობა, ყველაზე ადრე ხომ მან იგრძნო
ფრიქსეს სიკვდილი და მისთვის მაშინაც მკვდარი იყო ფრიქსე, როცა თვალში გამოიხედა და
საწოლიდან წამოდგა. მაშინაც, როცა წელამდე შიშველი, მიწას თხრიდა. სიკვდილი ჯერ
აფრასიონის გონებაში ჩასახლდა და იქედან სტაცა ხელი ფრიქსეს. მართალია, აფრასიონი
ვერაფერს გახდებოდა, ვერაფრით გადაუკეტავდა გზას, მაგრამ წინასწარ რომ იცოდა მისი
არსებობის შესახებ, ესეც დანაშაულად მიაჩნდა, სიკვდილმა ის თანამზრახველად გაიხადა,
მესაიდუმლედ, თუმცა აფრასიონმა საიდუმლო არ შეუნახა, მაგრამ ამითაც დააშავა, დისშვილებს
შეაჯავრა თავი. "გინდოდა და იმიტომ ფიქრობდი მამაჩვენის სიკვდილზეო", - უთხრეს
დისშვილებმა.
აფრასიონი კი ტყეში გაიპარებოდა ხოლმე და ბალახში პირჩამხობილი ტიროდა სევდიანად
მოღიმარ ფრიქსესაც, უდარდელად მოკისკისე ქარისასაც და მუხლებგადატყაულ, ოფლისაგან
ქოჩორგადაგლესილ დისშვილებსაც, ერთმანეთის მიყოლებით რომ ხტებოდნენ ციხის
კედლიდან. მერე კი თავჩაღუნული დადიოდა და ყველას არიდებდა ცრემლნარევი მიწით

მოთხუპნულ სახეს. ფრიქსე მიდიოდა, მიიპარებოდა, როგორც გაბზარული ჭურჭლიდან წყალი.
აფრასიონი ისე შეზარა მისი შვილების უდარდელობამ, ვეღარ მოითმინა და უთხრა - მამათქვენი
მოკვდებაო. ოთხივეს მიწის ფერი დაედო სახეზე, სიძულვილისაგან აწრიალებული თვალები
ძლივს ააწყვიტეს მართლაც ბავშვივით ასლუკუნებულ ბიძას, უხერხულად რომ იხოცავდა
ცრემლს; შეტრიალდნენ და წავიდნენ; აფრასიონს ცრემლი ღაპაღუპით ჩამოსდიოდა
აკანკალებულ სახეზე, რადგან ფრიქსეც უყვარდა და მისი ვაჟებიც.
როცა აფრასიონმა მიცვალებულთა ჭალაში გაიფიქრა "მაინც წავლენო", არგუსმა დაბღვერილმა
გამოხედა, თითქოს მიხვდა, რას ფიქრობდა ბიძამისი და გააფრთხილა, ენას კბილი დააჭირეო.
მაგრამ აფრასიონი ისედაც არავის გაუმხელდა, რადგან უკვე ბევრჯერ გამოეცადა, რომ წინასწარ
თქმას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაინც ისე მოხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო,
როგორც უკვე გადაეწყვიტათ ბედისწერის ქალღმერთებს. ამიტომაც ჰგავდა აფრასიონის
ცხოვრება სიზმარს, ყველაფერი იცოდა, გაკეთებით კი ვერაფერს აკეთებდა ისე, როგორც თვითონ
უნდოდა. ცოდნა თრგუნავდა, თითქოს თავს ამადლიდა. არც სხვებს სიამოვნებდა წინასწარ
შეტყობა იმისა, რაც მომავალში ელოდებოდათ, სასიხარულო იყო თუ სამწუხარო. აფრასიონს
ერთადერთი რამე ანუგეშებდა მხოლოდ: დიდი ხნის სიცოცხლე არც მას ეწერა.
სწორედ იმ დღეს, როცა მედეამ სიზმარი ნახა, აფრასიონმა, დაგვილსა და წყალმოპკურებულ
ეზოში მარტო რომ დასეირნობდა, ისე უცნაურად გაუღიმა ჯორებშებმულ ეტლზე შემდგარ დას,
მედეა უნებურად შეკრთა, იმდენი სითბო, სიყვარული და სინანული გამოსჭვიოდა აფრასიონის
ღიმილიდან. მედეამაც დაბნეულად გაუღიმა ძმას და რატომღაც ჯორებს მათრახი გადაუჭირა.
განაწყენებული ჯორები თავების კანტურით გავიდნენ ალაყაფში. მედეა უკვე მზად იყო
სიზმრისათვის, რომელიც ლამაზ, მაგრამ მძიმე გვირგვინად უნდა დაედგა მის შინაგან
მღელვარებას, დაბნეულობასა და შეუცნობლისაკენ უნებლიე ლტოლვას.
იმ დღესაც დიდხანს იჭყუმპალავეს ზღვაში გოგოებმა. მერე მედეა ცხელ სილაზე განმარტოებით
მიწვა და ჩამავალ მზეს მიაჩერდა. შავ-წითელი ღრუბლები ბოლქვა-ბოლქვა გროვდებოდნენ
დასალიერზე. მედეა ისე მოეთენთა წყალსა და მზეს, განძრევაც ეზარებოდა, თუმცა იცოდა,
წასვლის დრო იყო. საღამოს ნიავი ზღვის ზედაპირს ათრთოლებდა და წეწავდა. თეთრი პატარა
ტალღები ფარეხიდან გამოდენილ ბატკნებივით უთავბოლოდ აწყდებოდნენ ერთმანეთს, სილა
ნელა ცივდებოდა და მედეას ტანზე ეკალს აყრიდა, მაგრამ მაინც არ დგებოდა, თითქოს
ნაბრძანები ჰქონდა, ასე წოლილიყო და დაეცადა. რისთვის უნდა დაეცადა, არ იცოდა, მაგრამ
გრძნობდა, რაღაც უნდა მომხდარიყო, რაღაც, რაც მის ბუნებას კიდეც აკრთობდა და კიდეც
აინტერესებდა.
და აი, მართლაც გამართლდა მედეას მოლოდინი: ზღვიდან კაცი ამოვიდა. დობილების ხმა
შორიდან ძლივსღა ისმოდა. მედეამ ჯერ მხოლოდ შავი ლანდი გაარჩია, რადგან ზღვიდან
ამოსული კაცი ჩამავალ მზეს ზურგით აეფარა. ერთბაშად ჩამობნელდა. მედეას უარესად
შესცივდა და გაკვირვებული მიაჩერდა მისკენ მომავალ მამაკაცს. არც წამოდგომა უცდია, არც
კაბისკენ წაუღია ხელი, თითქოს ასე უნდა წოლილიყო და ასე ჩვენებოდა უცნობს, თამამად რომ
მოაბიჯებდა მისკენ. მედეა გულაღმა იწვა და ხელები გაეშალა. კაცი კი მოდიოდა. ფეხქვეშ ქვიშა
ჩხრიალებდა, ბრინჯაოსფერი სხეული ქონწასმულივით უბზინავდა, ზვირთივით მოძრავ თმას

ოქროს თასმა აკავებდა. უცნობს ხელში სამკბილა ფიწალი ეჭირა, ისე მოდიოდა, თითქოს იცოდა,
რომ უცდიდნენ და ისიც იცოდა, ვინ ელოდებოდა. პირდაპირ მედეასკენ მოდიოდა. მედეამ
თვალები დახუჭა და ისე გააჟრჟოლა, თითქოს უცებ შიშველ ტანზე ლეღვის ხაოიანი ფოთოლი
ჩამოუსვესო. ხოლო, როცა თვალი ისევ გაახილა, კაცი მის ფეხთით ჩაჩოქილიყო, ფიწალი კი
ტარით სილაში ჩაესო. ფიწლის სამი გამახული კბილი თანავარსკვლავედივით ბრწყინავდა. კაცმა
ორივე ხელით მედეას ფეხი ფრთხილად ასწია, თითქოს წიწილა აიყვანა, და ვარდისფერ ტერფზე
აკოცა. მედეას მთელ სხეულზე თბილმა ტალღამ გადაუარა, თითქოს უეცრად ზღვა ამოვარდა
ნაპირზე. ამ ტალღამ იგი ერთიანად დაიმორჩილა, დაასუსტა და ნეტარების ღიმილით ბაგე
გაუპო. კაცმა ახლა ცერა თითზე უკბინა, გახურებული ხელისგული მედეას ფეხს ბოლომდე ნელა
ჩააყოლა, და ბატკანივით ხუჭუჭა ბორცვზე დაადო. მედეას ეგონა, არასოდეს არ გათავდებოდა ეს
უცნაური ნეტარება, თავისკენ რომ ეწეოდა, ისრუტავდა, ალბობდა და გადაყლაპვას უპირებდა.
მედეაც, მხოლოდ და მხოლოდ უნებურად, ალალბედზე ეჭიდებოდა ქვებს, რათა ამ მძლავრი
მიზიდულობისგან თავი შეეკავებინა. მაგრამ ქვები ფესვებიანად ამოდიოდნენ ფოსოებიდან და
მასთან ერთად მიფრინავდნენ. მედეამ ოდნავ გაღებული ქუთუთოებიდან სამი დიდი
ვარსკვლავი დაინახა: წითელი, მწვანე და ლურჯი. ვარსკვლავებიც თავბრუდამხვევად
ტრიალებდნენ მედეას ზემოთ და ფერად წრეებს აჩენდნენ სივრცეში. ზღვაც უცნაურად ქშინავდა
და მოიწევდა, თითქოს ყველაფერი, მთელი სამყარო, მედეას არსებაში შეღწევას ცდილობდა. და
მედეამ იგრძნო, როგორ გაიხსნა, როგორ შეიჭრა მის გატრუნულ ბუნებაში გამდნარი
ვარსკვლავების ნაკადი, ცხელი და უსასრულო, შლეგი და თამამი.
მედეას გაეღვიძა. თორმეტივე გოგო თავზე დასდგომოდა და ისეთი სახეები ჰქონდათ, თითქოს
მათთვის უცნობ და ნაპირზე შემთხვევით გამორიყულ ცხოველს ათვალიერებდნენ. მედეამ რომ
თვალი გაახილა, "გეძინაო" - შესძახეს ერთხმად და ისე გადაიკისკისეს, თითქოს უცებ ჩიტების
გუნდი წამოიშალაო.
მზე უკვე სანახევროდ ჩასულიყო ზღვაში, ველური თაფლივით ძარღვიანი და ალისფერი;
ასეთივე ფერის ფართო ზოლს შუაზე გაეჭრა ზღვა, მზიდან ნაპირამდე. მზე გოგოების შიშველ
მხრებზეც ბრწყინავდა. მედეა ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო სიზმრიდან და ვერ გაეგო, რატომ
დასცქეროდნენ გოგოები ასე. მერე ყველაფერი გაახსენდა და მაშინვე წამოდგა. დობილებს
ზურგი შეაქცია და კაბა სწრაფად გადაიცვა, რადგან მთელ სხეულზე ისევ ცხადად იგრძნო
მხურვალე ნაკოცნები. სამი ნაკოცნი, სამი ვარსკვლავივით დამჩნეოდა მკერდზე: წითელი, მწვანე
და ლურჯი.
მედეამ თმა დაიწნა, ნაწნავი ბაგირივით დაიხვია თავზე და ძვლის ჩხირით დაიმაგრა. გოგოებიც
მაშინვე კაბებს მისცვივდნენ, სველი, დამძიმებული თმა მათაც ნაუცბათევად დაიგრაგნეს
თავებზე და ერთი წუთის მერე ყველანი მზად იყვნენ წასასვლელად. მალე, ბატებივით
დამწკრივებულნი, ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს მიუყვებოდნენ. მათ ზურგს უკან ზღვა ოხრავდა.
წინ მედეა მიუძღოდათ: დაქალებული, დამფრთხალი და ბედნიერი. სიგრილისაგან გაცრეცილ
სახეზე ღიმილი გადაჰფენოდა, როგორც მოსაწვევი ბარათი იმ უცხო ქვეყნიდან, რომელსაც
აქამდე ქარისას ნალაპარაკევით იცნობდა მხოლოდ და რომელიც ყოველთვის აშინებდა და
აღიზიანებდა, როგორც მსახიობს სცენა, სანამ ზედ დაადგამდა მღელვარებისგან აძიგძიგებულ
ფეხს. მაგრამ მსახიობმა ისიც იცოდა, შიშიცა და მღელვარებაც მოგონილი იყო იმ ჯადოქრულ

ძალასთან, რომელიც სცენაზე დაეუფლებოდა და უნარს მისცემდა, გაეკეთებინა ის, რასაც
უიმისოდ ვერასოდეს ვერ გაბედავდა.
ახლა მედეაც ამგვარ ძალას გრძნობდა სწორედ და, როგორც მსახიობი სცენისაკენ, აკანკალებულ
მუხლებითა და მომღიმარი სახით მიდიოდა ცხოვრებისკენ, სადაც უკვე ელოდებოდნენ და
ადგილიც მოეცალათ მისთვის. მედეა დარწმუნებული იყო, ქარისას უნდოდა ასე, ქარისა
ცდილობდა მის გადაბირებას, თავის ქვეყანაში შეტყუებას, რათა მედეასაც ეწვნია, რაც თვითონ
უკვე განეცადა და გადაეტანა. მედეამ ისიც იცოდა, უბედური რომ იყო მისი უფროსი და, მაგრამ
ეს უბედურებაც მაცდური და მიმზიდველი ჩანდა, როგორც სხვა ყველაფერი, რაც ქარისასთან
იყო დაკავშირებული. "იყოს როგორც შენ გინდა, - ფიქრობდა მედეა, - შენი გულისთვის ესეც
შემიძლიაო". მედეა იმ ბავშვივით დამთმობი და გულუხვი გამხდარიყო უცებ, ყველაზე კარგი
სათამაშო თვითონ რომ ჩაუხუტებია გულში. ეს "ყველაზე კარგი სათამაშო" კი სიზმარი იყო. ამ
სიზმარს თავცოცხალი არავის აჩვენებდა და არც დაუთმობდა, ის მისი იყო, მხოლოდ მისი და
თავს ბედნიერად გრძნობდა, ასეთი სიზმარი რომ ჰქონდა. ახლა, როგორმე, ცდუნება უნდა
დაეძლია, თავი შეეკავებინა და არ მოეყოლა, თორემ მასაც ის დღე დაადგებოდა, ერთ საწყალ
ბიჭს რომ დაადგა, დაადგა და ახიც იყო, რადგან ვეღარ მოითმინა და დედინაცვალს უამბო
თავისი სიზმარი. "დედი, დედი, - გამოაჯავრა მედეამ გუნებაში იმ საწყალ ბიჭს, - აქეთ მზე
მეჯდა, იქით მთვარე, შუქურ-ვარსკვლავი ხელ-პირს მაბანინებდაო". შეშურდებოდა
დედინაცვალს, აბა რა იქნებოდა, განა შეიძლება ასეთი სიზმრის მოყოლა? მართალია, ბიჭმა არც
დედინაცვალს დაუთმო თავისი სიზმარი და არც ხელმწიფეს, მაგრამ საბოლოოდ, თავის
სიზმრიანად, ხაროში ამოყო თავი.
***
მარილის ჭამის შემდეგ აიეტს გუნება დაუმძიმდა. ასი კოკა წყალი დალია, ასი კოკა ღვინო
დააყოლა, მაგრამ არ იქნა და არ გადნა მარილის ხორკლიანი ლოდი. დანაღვლიანებული აიეტი
ფიქრებს მიეცა. ისევ ჩაეშვა უძირო ჭაში. ჭამ ყიჟინა დასცა. "რა გიხარიათო", - გაუკვირდა აიეტს,
"რაც შენ გადარდებსო", - ამოსძახა ჭამ.
- ამოდით, თუ ბიჭები ხართ! - იყვირა სიბრაზისაგან გადაფითრებულმა აიეტმა.
აიეტი ისე გაბრაზდა, ლამის ორივე ხელი გაუშვა ბაწარს და თითონაც ჭაში მოადინა ზღართანი.
ჭის ფსკერი კი ზეიმობდა. ჰქონდა კიდეც საზეიმო. აიეტი რადგან ბრაზობდა, ეტყობა,
მაინცდამაინც ვერ იყო გულდამშვიდებული. ეს კი პირველი და უტყუარი ნიშანი იყო იმისა, რომ
მის სიმტკიცესა და სიკერპესაც გასჩენოდა ბზარი, წყალი შესდგომოდა, მის სატახტო ქალაქში
ბერძნის ხელით შემოყვანილი წყალი, მკლავის სისხო ღარში ურჩხულივით რომ დგაფუნობდა
და მთელ ქალაქს ბრჭყვიალა ბურუსში ხვევდა.
აიეტი ჭიდან ამოცოცდა, ბრძანება გასცა, მისი საომარი ეტლი გამოეგორებინათ და შიგ ყველაზე
ფიცხი ცხენები შეებათ. სასახლეს თავზარი დაეცა, რა მოელანდაო, მაგრამ შეპასუხებას ვინ
გაუბედავდა. თქმა და აღსრულება ერთი იყო, ეტლი უკვე კარიბჭესთან იცდიდა. ცხენები
დადორბლილ აღვირს ღეჭავდნენ. ადგილზე ცქმუტავდნენ და ერთი სული ჰქონდათ, როდის
მოსწყდებოდნენ მიწას. ეტლში აფრასიონი იდგა, სადავე მაჯაზე დაეხვია და, ოდნავ უკან

You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.