Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04

Total number of words is 3821
Total number of unique words is 2036
32.0 of words are in the 2000 most common words
46.0 of words are in the 5000 most common words
54.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
აღარ აცლიდნენ, რადგან ქარისას ღიმილს მეუღლისა და დედის ჯადოქრული ძალა
დაბრუნებოდა.
- დედილო, ჰაი, დედილო, - ჭიკჭიკებდნენ ფრიქსეს ვაჟები, - თურმე მამის ქალაქში ერთი
დედაბერი გოგრის თესლსა ჰყიდდა. მამა და უბედური მამიდაჩვენი ძიძას ეპარებოდნენ, გოგრის
თესლი რომ ეყიდათ. ისეთი გემრიელი ყოფილა, იმის გემო მამას ახლაც ახსოვს. ძიძას კი იმიტომ
ეპარებოდნენ, მეფის შვილები რომ იყვნენ და გოგრის თესლის ჭამას არავინ დაანებებდათო.
ბედნიერებისგან სახეგაბადრული ფრიქსე ცოლს სახეში შესცქეროდა, თითქოს იმ გოგრის
თესლის ხსენებაზე ქარისასაც პირწყალი უნდა მოსვლოდა. ქარისა კი ქსოვდა, იღიმებოდა და
თავს მშვიდად იქნევდა.
იმ ღამეს ფრიქსემ დიდხანს იწრიალა ლოგინში, ვერ იქნა და ვერ დაიძინა, ძილმა კარი არ გაუღო.
ფრიქსეს რაღაც აკლდა, სხეულის რომელიღაც ნაწილი, ურომლისოდაც წონასწორობას ვეღარ
იცავდა და ამიტომაც ვერც ძილის სამეფოში შეეღწია. როდის-როდის გონება გაუნათდა და
მიხვდა, რომ ის "რაღაცა" ქარისა იყო, მისი საწოლის მონახევრე და მისი ვაჟების დედა. ამ
აღმოჩენამ ფრიქსე დააფრთხო, რადგან უცებ ისიც იგრძნო, ამ ხნის განმავლობაში როგორ
გადაჩვეოდა საკუთარ ცოლს. ახლა რომც მოგეკლათ, ასე უბრალოდ ვეღარ გადახდიდა საბანს. ის

გზა, რომელიც თავის დროზე, ბედისა და უბედობის გამო, არ გაევლო ქარისას დასაუფლებლად,
მთელი სიძნელეებითა და ხიფათებით ახლა წამოყელყელავებულიყო. ფრიქსე ჯერ გზის თავში
იდგა, ქარისა კი გზის ბოლოში. მოულოდნელად გაჩენილმა მანძილმა მუხლები მოჰკვეთა.
ყველაზე დიდი უბედურება კი ის იყო, საკუთარი ცოლისა რომ რცხვენოდა. "რა პირით
მივადგეო", - ბრაზობდა ფრიქსე, რადგან გრძნობდა, სურვილიც თანდათან უფრო აუტანელი
ხდებოდა. გრძნობდა ქალის სიძლიერესაც და იმასაც, ეს ქალი მას რომ აღარ ეკუთვნოდა. ქალი,
რომელიც მეუღლედ დაისვა, რომელმაც ოთხი ბავშვი გაუჩინა, მისთვის მიუღწეველი აღმოჩნდა
უცებ. ამით იყო ის ქალი ძლიერი, ამით აბამდა და აშეშებდა ერთ ადგილზე ფრიქსეს მამაკაცურ
ძალასა და ჟინს. "რა კაცი მე ვარ, - ფიქრობდა ფრიქსე, - ბალღივითა ვწვალობ. ისიც ისე მექცევა,
თითქოს მართლა ბალღი ვიყო. ძილის წინ ფეხები უნდა დამებანინებინა და მაშინ სხვანაირად
წავიდოდა საქმე. ქალს თუ დაუთმე, დაგჩაგრავს და ახიც იქნებაო".
ფრიქსე პირველად იყო ამგვარ დღეში, მის არსებაში ერთმანეთს ებრძოდა ყმაწვილური
სიმორცხვე და მამაკაცური სურვილი. მან იცოდა, ქალზე უფლება რომ ჰქონდა, მისი რწმენით, ის
მისი საკუთრება იყო და ევალებოდა კიდეც მისი ყველა სურვილის აღსრულება. ვინ იცის, იქნებ
ქალსაც დიდი სიხარულით შეესრულებინა "მისი ყველა სურვილი", მაგრამ სწორედ სურვილის
გამხელა ვერ გაებედა ფრიქსეს, ვერაფრით ვერ გადაელახა მოულოდნელად გამომტყვრალი
საზღვარი სიმორცხვისა თუ მორიდებისა, რომლის იქითაც ადამიანს ყველაფერი ბუნებრივად და
შესაძლებლად ეჩვენება. არ ყოფილა შემთხვევა, ეს საზღვარი გადაულახავი დაეტოვებინოს
ვინმეს, მისი გადალახვა აუცილებელიცაა, თუკი ცხოვრება გინდა, მაგრამ გადალახვასაც გააჩნია.
ზოგი დაუდევრად, ტლანქად, უყოყმანოდ, დაუფიქრებლად, ბრმად, ჯიუტად, უკან
მოუხედავად, გალაღებული პირუტყვივით გადათელავს ხოლმე ადამიანის სულში გაკიაფებულ
ამ ფარღალალა სინათლეს, ისე გადათელავს, მისგან კვალიც აღარ რჩება. ერთი პირობა
ფრიქსემაც გადაწყვიტა, შესულიყო ცოლის ოთახში და კი არ ეთხოვა, არამედ მოეთხოვა, არა, არც
მოეთხოვა, უბრალოდ აეღო, როგორც საკუთრება. ასე და მხოლოდ ასე დაისჯებოდა ღირსეულად
ქალის გულგრილობა და უყურადღებობა, რომელსაც ქმრიდან ორ ნაბიჯზე, ალბათ, მშვიდად
ეძინა. ფრიქსე თავს იქეზებდა, სიმორცხვისა და მორიდების უკანასკნელ ბორკილებს იშორებდა,
რადგან ქალი, რომლის დასჯასაც ვითომ იგი ფიქრობდა, ახლა მისთვის ყველაზე სასურველი და
ყველაზე მიუღწეველი ქალი იყო; ამავე დროს სულ ორ ნაბიჯზე იმყოფებოდა მისგან, იმავე
ჭერქვეშ, იმავე კედლებში, იმავე ჰაერს სუნთქავდა და მიუხედავად იმისა, რომ ამდენი საერთო
ჰქონდათ, არც კი ახსოვდა ფრიქსე, თითქოს არც არსებობდა. ფრიქსეს კი მისი სიმხურვალე
ფეხით დაჭერილ ფრინველივით ფრთებს უტყლაშუნებდა სახეში და თვალებს უბნელებდა,
მთელი სხეული ისე უცახცახებდა, თითქოს ეს წუთია რაღაც დიდი ბოროტმოქმედება განეზრახა,
განეზრახა კი არა, უკვე ჩაედინა, მაგრამ ისევ დანაშაულის ადგილზე იტკეპნებოდა, ვერ
გარბოდა, სინდისი აღარ უშვებდა. ფრიქსე იტანჯებოდა, ავადმყოფურად აღგზნებული
სურვილი მართლა უჩენდა დანაშაულის გრძნობას, რადგან დამალული იყო, გაჭიანურებული და
მომაბეზრებელი.
ფრიქსეს წარმოდგენით, ქარისას აუცილებლად უნდა სძინებოდა, და მხოლოდ მაშინ
გაიღვიძებდა, როცა მკლავებში ეყოლებოდა მომწყვდეული, როცა უკვე გვიან იქნებოდა. მაგრამ
სწორედ მაშინ, როცა წამოსადგომად მოემზადა, ერთი წამით გაიფიქრა, ხომ შეიძლება ეღვიძოსო.

ამ გაფიქრებამ ცივი წყალი გადაასხა; რა უნდა ეთქვა ცოლისთვის, თუ მართლა გაღვიძებული
დახვდებოდა? ამაზე არც ეფიქრა, რადგან მხოლოდ იმას ნატრობდა, ყველაფერი ულაპარაკოდ,
სიტყვის უთქმელად მომხდარიყო. სიტყვით გამოთქმული მისი სურვილი დამამცირებლად და
სამარცხვინოდ ეჩვენებოდა. ფრიქსემ ახლა სხვანაირად დაიწყო ფიქრი, უფრო საკუთარი
გაუბედაობისა და სილაჩრის მისაჩქმალად: "თვითონ მოვა, არ შეიძლება არ იგრძნოს და არ
მოვიდესო". მერე ეს ფიქრი ისე დაიჯერა, რამდენჯერმე მოეჩვენა კიდეც, თითქოს ოთახში
ფეხაკრეფით ვიღაც შემოვიდა. ჩვენება იმდენად ცხადი იყო, სუნთქვა შეეკრა და საწოლზედაც
წამოიწია. ქალის აქ შემოსვლა ფრიქსეს უფრო ბუნებრივად მიაჩნდა, ქალს აუცილებლად უნდა
ეგრძნო მისი სურვილი, უნდა გაეგო მისი გულის ბაგაბუგი, თუკი ქალი იყო, თუკი ცოლი ერქვა,
უნდა მოსულიყო, აუცილებლად უნდა მოსულიყო და ეთქვა: "აჰა, მოვედი შენი ყველა
სურვილის აღსასრულებლადო". "რატომაც არა, - ფიქრობდა ფრიქსე, - განა მას კი შეუძლია
მშვიდად დაძინება?" ფრიქსემ ისე დაძაბა გონება, სრულებითაც აღარ გაჰკვირვებია, ოთახში
ქარისა რომ შემოვიდა.
- მე შენი საკუთრება ვარ, - თქვა ქარისამ, - განა უკვე ყველა სურვილი შეგისრულე?
ქარისას თეთრი, გამჭვირვალე პერანგი ეცვა. ფრიქსეს ეს პერანგი მხოლოდ ერთხელ ენახა და
უკვე კარგა ხნის დავიწყებული ჰქონდა. ეს პერანგი ეცვა ქარისას მათი ქორწინების პირველ
ღამეს. სწორად ჩამოვარცხნილი თმა ბოლოში გაენასკვა და მხარზე გადმოეგდო. თხელი,
ჰაეროვანი პერანგი ოდნავ დაქანებულ მკერდსა და მუცელზე ისე მიჰკვროდა, თითქოს ვიღაც
უჩინარი სულს უბერავდა. სუსტი ხორბლისფერი მკლავები უღონოდ ჩამოეშვა. "რატომაც არა?" ისევ გაიფიქრა ფრიქსემ, ნერწყვის გადაყლაპვა გაუჭირდა და საწოლში უნებურად ჩაიჩოჩა. ამ
უნებლიე მოძრაობისა თვითონვე შერცხვა, მაგრამ იხტიბარი აღარ გაიტეხა, საბანი გადაიძრო და
ქალს დაენახა.
"მაპატიე, მაპატიე" - ლუღლუღებდა ცოტა ხნის მერე ფრიქსე და ქალის წარმოდგენილ ძუძუებს
კოცნიდა. ქალი უხმოდ ტიროდა. ფრიქსე ვერ ხედავდა ცრემლს და ამიტომაც ჩვეულებრივი
ცრემლის წვეთი საოცრად დიდი ეჩვენებოდა. ერთდროულად დაფასებულიცა და
დამცირებულიც, ქვეცნობიერად გრძნობდა, მისი ბუნება ამ ორივე, ერთმანეთის საწინააღმდეგო
გრძნობას უმტკივნეულოდ მიიღებდა, რადგან იმასაც გრძნობდა, ეს რომ იყო სწორედ ნანატრი
თავისუფლება, რომელსაც დედაკაცის სუნი და ცრემლის სიმწარე უფრო ცხადსა და ხელშესახებს
ხდიდა. ქალის დამშვიდებული ხელი ფრიქსეს ზურგზე მრავალფეხა, მაგრამ უწყინარი
ცხოველივით დაცოცავდა, თითქოს საცმუცნავს დაეძებსო. ამ ორ სხეულს არ შეეძლო და არც
უფლება ჰქონდა ერთმანეთის უარყოფისა. ისინი ერთმანეთს სჭირდებოდნენ, ერთმანეთს
ავსებდნენ და ალამაზებდნენ: მათ შორის სრული თანხმობა სუფევდა და ამ თანხმობას მათი
გათიშვა დაარღვევდა მხოლოდ, რადგან მათი შეერთებით იქმნებოდა ის სრულყოფილი სხეული,
ბუნების გამომგონებლურ ნიჭსა და გატაცებას ორ ნაწილად რომ გაეყო.
"რომ მეღალატნა, რას ფიქრობდიო" - თქვა უცებ ქალმა და სველი ლოყა მხარზე შეახოცა.
მთლიანად არც ერთი ქალი არ ნებდება მამაკაცს. მას ყოველთვის რჩება პატარა, ხელუხლებელი,
შეუვალი მიწა, სადაც მისი დამარცხება არავითარ ძალას არ შეუძლია. ქალმა ეს იცოდა, ისიც

იცოდა, ის რომ მთავარი ქალი იყო ფრიქსესთვის და ამის ცოდნა ათამამებდა. ვერც ერთი ქალი
მის ადგილს ვერასოდეს ვეღარ დაიკავებდა, ვერავინ წაართმევდა პირველობის უფლებას. უფრო
სწორედ, ქალი კი არა, ფრიქსე ფიქრობდა ასე, რადგან თანდათან ფხიზლდებოდა და ახლა
სიცარიელისა და სისველის შეგრძნება აღიზიანებდა. სახტად დარჩენილი ფრიქსე დაბნეული
უღიმოდა წყვდიადს. მწარედ მოხვედროდა ცოლის ნათქვამიც: რას ფიქრობდი, რომ მეღალატაო.
ისე მწარედ მოხვედროდა, იმ უსაზღვრო სიამტკბილობიდან, რასაც წუთის წინათ განიცადა,
ნატამალიც აღარ შერჩენოდა. მან უკვე იცოდა, ყველაფერი მისივე გამძაფრებული წარმოდგენის
უდღეური ნაყოფი რომ იყო, სველი და ამაზრზენი, როგორც გაჭყლეტილი გომბეშო. მაგრამ
ცოლის ხმა ჯერ კიდევ მკვეთრად ჟღერდა ყურებში. მას რომ ცოტა გამბედაობა ყოფნოდა და
როგორმე მიეღწია ცოლის საწოლამდე, მაშინაც ყველაფერი ზუსტად ასე მოხდებოდა ალბათ,
რადგან ყოველთვის ასე ხდებოდა. ასე რომ, შეიძლებოდა ცოლსაც მართლა ეთქვა ის, რაც მისმა
აღგზნებულმა გონებამ ათქმევინა. "საქმე ღალატამდე მისულაო", - გაიფიქრა ფრიქსემ. ცოლის
შესაძლებელი ღალატის წარმოდგენამ ისე შეაშინა და შეურაცხყო, ყმაწვილური სიმკვირცხლით
წამოხტა საწოლიდან და ახლა უკვე ნამდვილად წატანტალდა ქარისას ოთახისკენ. როცა ფრიქსემ
კარამდე მიაღწია, ქალაქში პირველი მამლები აყივლდნენ, მამლების ყივილზე სახლში
ჩაბუდებული წყვდიადი შეკრთა და გაიცრიცა. ქარისას არ ეძინა, საწოლში წამომჯდარიყო,
თითქოს ქმარს ელოდებოდა. ეს ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა ფრიქსესათვის, ერთი წამით
გამობრუნებაც დააპირა. ისიც მოეჩვენა, თითქოს ქარისა დამცინავად იღიმებოდა, თითქოს
ფრიქსეს დაბნეულობისა და წარამარა წამოჭარხლების მიზეზიც იცოდა და უხაროდა, რადგან
ქალი იყო, გამარჯვებული ქალი, მამაკაცის ამაღელვებელიც და დამთრგუნავიც. ფრიქსემაც
იგრძნო დამარცხება. თუ მას ამ ქალის მიმართ უეცრად გაჩენილი დანაშაულის გრძნობა და ამ
გრძნობიდან აღმოცენებული უმწეობა უბორკავდა ხელ-ფეხს, ქალს ქალური ღირსება, საკუთარი
თავის პატივისცემა და უპირატესობის შეგრძნება არ მისცემდა ნებას, თვითონვე შეეთავაზებინა
თავი ამ სასაცილო და საცოდავი კაცისათვის, რომელსაც მისი მეუღლე ერქვა და ამწუთას,
ალბათ, არც კი შეეძლო ასეთი საჩუქრის მიღება. ფრიქსემ მეუღლის მომღიმარ თვალებში უცებ
საკუთარი თავი დაინახა: დედიშობილა, მათხოვარივით კართან ატუზული, ქურდობაზე
წასწრებული ბავშვივით შემკრთალი და დაბნეული. ქალი კი საწოლზე იჯდა და, რაღა თქმა
უნდა, ისიც ასეთ ფრიქსეს ხედავდა. თუმცა თავი ისე ეჭირა, თითქოს სიბნელის გამო კარგად
ვერც კი ამჩნევდა, ვინ იდგა მისი საწოლი ოთახის კართან.
ქარისამ ჩუმად, თითქოს ჩურჩულით, რადგან ამ დროს სახლში ჯერ კიდევ ყველას უნდა
სძინებოდა, იკითხა: რომელი ხარო, და როცა მღელვარებისაგან ხახადახშულმა ფრიქსემ
ხრინწიანად, უსიამოდ ჩაახველა და უპასუხა: მე ვარ, ვერ დავიძინე და გასავლელად ავდექიო,
ქარისა შეწუხდა და ახლა უკვე ხმამაღლა დაუძახა ქმარს: რა იყო, თუ ცუდად ხარ, ავდგებიო.
ახლა კი მიხვდა ფრიქსე, ბრძოლის გაგრძელებას აზრი რომ აღარ ჰქონდა. ის დამარცხდა,
სამარცხვინოდ და სამუდამოდ, ხოლო დამარცხების მიზეზი ისევ და ისევ საკუთარი გაუბედაობა
და უმწეობა იყო, ღატაკი ნათესავებივით ბავშვობიდანვე რომ ასდევნებოდნენ და მისი ბედის
მოშურნენი ყოველ წუთას ახსენებდნენ თავს. ფრიქსეს უცებ ყველაფერი შეეზიზღა, ყველაზე
მეტად საკუთარი თავი და ძლივს ამოილუღლუღა: ნუ, არაფერი მიჭირსო.

ორი ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული, ცოლის სიცილი რომ შემოესმა. იმდენად მოულოდნელი
და თავზარდამცემი იყო ფრიქსესთვის ამ სიცილის გაგონება, გაოცებული ერთ ადგილას გაიყინა,
მომეჩვენა თუ მართლა იცინისო. ქალი მართლა იცინოდა: ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ნერვიულად,
გამომწვევად.
ამ უსიამო ღამის შემდეგ ფრიქსე ერთიანად გამოიცვალა, თითქოს უფრო გახალისდა კიდეც, ენაც
გაეხსნა და ხელიც, მაგრამ გზაზე დამდგარი კაცივით დიდხანს ვერც ლაპარაკს უდებდა გულს და
ვერც საქმეს. თუმცა ასედაც იყო, ის უკვე აღარ მალავდა თავის განზრახვას და ყველას გასაგონად
ამბობდა, შინ ვაპირებ დაბრუნებას, რა ვიცი მამაჩემის ქონებას ვინ ოხერი ანიავებსო.
- ყველაფერი კარგია, - იტყოდა ხოლმე ფრიქსე, როცა ოჯახის წევრებს ერთად დაიგულებდა, ყველაფერი კარგია, მაგრამ კაცმა თუ თავის მამულს არ მიხედა, რაღა კაცია. უბრალო ვინმე ხომ
არა ვარ, მეფის შვილი ვარ და ტახტის კანონიერი მემკვიდრე. ის ტახტი კი, რომ იცოდეთ, არც
ერთ ტახტზე ნაკლები არ არის. ცოლ-შვილის წაყვანაც მინდა, თუ, რა თქმა უნდა, ისინიც
დამეთანხმებიან (ამას რომ იტყოდა, აუცილებლად ქარისას შეხედავდა ხოლმე და გაუღიმებდა).
შვილებმა ხომ უნდა ნახონ, მათი მამა სად დაიბადა. ვინ იცის, უბედურ მამაჩემს თვალი გზისკენ
რჩება და შვილისა და შვილიშვილის დანახვამ იქნებ სიცოცხლე ორი დღით კიდევ
გაუხანგრძლივოსო. ბოლოს აუცილებლად დაამატებდა: გული იმაზე მწყდება, ჩემი უბედური
და ამ დღეს რომ ვერ მოესწროო.
ფრიქსე ბარგის ჩალაგებას შეუდგა, თან გაიძახოდა, მოდით, ნახეთ, მარტო ის მიმაქვს, რაც ჩემი
შრომით შემიძენია და რაც აუცილებელია ამხელა გზისთვისო. როცა ეკითხებოდნენ, კი მაგრამ
რითი აპირებ წასვლასო, იღიმებოდა და პასუხობდა, ჩემი სიმამრი ერთ ხომალდს კი მათხოვებს,
ანდა სულაც მომაქირავებსო.
- თხოვებით კი გათხოვებ, მაგრამ არკი გირჩევ, - უთხრა მოღუშულმა აიეტმა.
- ბავშვი აღარა ვარ, - უპასუხა ფრიქსემ.
აიეტმა ტუჩზე იკბინა, სისხლის წვრილი ზოლი, დაფეთებულ ჭიაყელასავით, ჩაუსრიალდა
წვერში. ქალიშვილის ხათრით მაინც თავი შეიკავა. ქარისამ განაცხადა: სადაც ჩემი ქმარ-შვილი
იქნება, მეც იქ უნდა ვიყოო და თვითონაც შეუდგა ბარგის ჩალაგებას. ფრიქსე დააბნია ქარისას
გადაწყვეტილებამ, ყველაფერს ელოდა, ამას კი არა. ის ადრეც ფიქრობდა შინ დაბრუნებას, მაგრამ
ახლა ასე თუ ჩქარობდა, ქარისას ბრალი იყო, ის ქარისას გაურბოდა, რცხვენოდა და ეშინოდა
კიდეც მისი. იმ ღამის შემდეგ მათი ერთ ჭერქვეშ ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნდა და ესეც
აბედვინებდა ოდინდელი განზრახვის აღსრულებას, შორეულსა და საიდუმლო წარსულში
შებრუნებას. ფრიქსემ ხელაღებით უარის თქმა მაინც ვერ გაუბედა ცოლს და ცალყბად მიუგდო:
შენ იცი შენი საქმისაო. სამაგიეროდ ფრიქსეს ვაჟები სიხარულისგან მართლა გადაირივნენ,
მთელი დღე ვანის ქუჩებში დარბოდნენ და გაჰკიოდნენ: მივდივართ, კარგად ბრძანდებოდეთ,
ყველაფრისთვის მადლობა მოგვიხსენებიაო.

მაგრამ ფრიქსეს მოულოდნელმა სიკვდილმა ყველაფერი წაღმა შეატრიალა.
***
ფრიქსე ლოგინში ნახეს მკვდარი. მოკუნტული იწვა, თითქოს ძილში საბანი გადახდია და
შესცივნიაო. ფრიქსე ცოტა უფრო ადრე რომ მომკვდარიყო, არავის გაუკვირდებოდა, ერთი
პირობა ყველამ ხელი ჩაიქნია კიდეც, მაგრამ ახლა, როცა თვალში გამოიხედა, ცხოვრებაზე გული
მოუბრუნდა და ამხელა გზაზე აპირებდა დადგომას, მისმა სიკვდილმა ხალხი საგონებელში
ჩააგდო. იმ დღეს ერთხელ კიდევ გაიხსენეს მისი უცნაური გამოცხადება, როგორ გამოიყვანეს
მეთევზეებმა ნაპირზე ისიცა და ვერძიც, როგორ ჩაასხა ბედიამ პირში ღვინო და როგორ გაეცინა
ყველას, როცა მან უკანვე ამოაბრუნა ბედიას ღვინო. სასახლის მსახურებს კი მხოლოდ ახლა
გაახსენდათ, რომ ფრიქსეს ვერძი, რომელიც იქამდე, ოქროს კერპივით გარინდული იდგა
საკუთარ სინათლეში, გათენებამდე რქებით ეხეთქებოდა კედელს, სწორედ იმ ღამეს, როცა
ფრიქსე კვდებოდა.
ფრიქსეს სიკვდილი ყველაზე მეტად მაინც ბოჩიამ განიცადა. მთელი ღამე იწრიალა ლოგინში,
თითქოს ჭიანჭველების ბუდეზე იწვა. ფოთოლას აკვანი საწოლთან ედგა და როცა მისი
ნაბოლარა ძილში წამოიკნავლებდა, ფეხით წაურწევდა ხოლმე. "თითქოს შვილი
მომკვდომოდესო", - ხვნეშოდა ბოჩია. ბოჩია არ ტყუოდა, როცა მან პირველად იხილა ფრიქსე,
ზღვის ნაპირას გაშოტილი, ზღვის წიაღში ნახეტიალები ტოტივით გამოფიტული და
ფერშეცვლილი, ისე შეწუხდა, თითქოს მართლა მისი შვილი ეგდო სილაში ასე საცოდავად და ასე
სამადლოდ. აიეტს რომ არ ეშვილა ფრიქსე, ბოჩია იშვილებდა და გაზრდიდა კიდეც. ბოჩიასა და
ფოთოლას იმდენი ბავშვი გაეზარდათ, არც ეს გაუჭირდებოდათ. მათი ვაჟები და ქალიშვილები
თავადაც ისე მრავლდებოდნენ, ალბათ, მალე მთელი ახალი ქალაქი დასჭირდებოდათ; თუმცა,
ხან წელიწადი ისე გაივლიდა, არც ერთი შვილი არ მოაკითხავდა. ისინიც უკვე ცხოვრების
უღელში იყვნენ შებმულნი, ოჯახებს მოჰკიდებოდნენ და იმის დროც აღარ რჩებოდათ, მარად
ახალგაზრდა მშობლები მოენახულებინათ.
"რამე რომ უჭირდეთ, გაგვიხსენებენო", - ამშვიდებდა ბოჩია ფოთოლას და იღიმებოდა, რადგან
იცოდა, მისი ცოლი გუნებაში ახლა შვილებს ითვლიდა: ვინ უკვე მომკვდარიყო, ვინ
დაბერებულიყო, ვინ ჯერ კიდევ ჭარმაგად მიუყვებოდა ცხოვრების ორღობეს. შეიძლება შვილებს
რცხვენოდათ კიდეც, მშობლებზე ხნიერად რომ გამოიყურებოდნენ და ამიტომაც არიდებდნენ
თავს. მართლაც სირცხვილი იყო, წვერზე ხავსმოდებულ, სიბერისაგან ბეჭებში მოხრილ შვილს
თავისი გასაჭირი ბიჭივით წელგამართულ მამისთვის შეეჩივლა. "ასე იმიტომაა, - იტყოდა ხოლმე
ბოჩია, - ჩემს შვილებს ზოგს ვირის გვერდი რომ შეხვდა ცოლად, ზოგს კი ძაღლის ყბაო".
ფოთოლა მართლაც სხვა იყო, ფოთოლასთანა ცოლი მეორე არ მოიძებნებოდა მთელს ქვეყანაზე,
ქმრის გულისთვის ცეცხლის კალოში ჩადგებოდა, გინდაც ორსულად ყოფილიყო (ორსულად კი
ძალიან ხშირად გახლდათ). წყალს არ მოაწოდებინებდა, ორსულობას არ დაამადლიდა, ბოლო
წუთამდე არ გააგდებდა ხელიდან ცოცხსა და ტილოს. დღეში სამჯერ გამოგვიდა სახლს, დღეში
ათჯერ ავიდოდა სხვენში, ათასჯერ დახედავდა საქათმესა და ბოსტანს; არც ზედმეტს
გამოჰკითხავდა ქმარს, არც ზედმეტს მოუყვებოდა. ერთხელ იყო მხოლოდ, ფოთოლამ ქმარი რომ
გააღვიძა. ისეთი მუშტარი მოუვიდა, სული ამოართვა, ახლავე და ახლავე გააღვიძე შენი ქმარიო.

რომ ვერაფრით მოიშორა მუშტარი, ფოთოლამ სკივრიდან საქორწილო ქოშები ამოიღო, თითქოს
საქორწილო ქოშები ნებას მისცემდნენ და უფრო თამამადაც მიიყვანდნენ ქმართან. ფოთოლამ
ქოშები ჩაიცვა და ბოჩიას ოთახში გაიარ-გამოიარა. ბოჩიას მართლაც გამოეღვიძა ქოშების
ბაკუნზე, ცოლის დანახვა გაუხარდა, მაგრამ მეორე დღეს, სარკეში რომ ჩაიხედა, ერთი ღერი
ჭაღარა გასჩენოდა თმაში. ბოჩიამ თეთრი თმა ამოიგლიჯა, ფოთოლას აჩვენა და უთხრა: აი, რა
ქნეს შენმა ქოშებმაო. ის იყო და ის, იმ დღის მერე ბოჩიას შეეძლო მშვიდად სძინებოდა. ფოთოლა
უმალ ზღურბლზე მოკვდებოდა, ქმარს კი არავის შეაწუხებინებდა.
"გინდაც შვილი მომკვდომოდეს და გინდაც შვილი მომკვდომოდესო", - მთელი ღამე ოხრავდა
ბოჩია და აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ ეშველა ქმრისთვის მარადიული ცოლქმრობის საწოლში
გატრუნულ ფოთოლას.
ნაადრევი სიკვდილი თავგზას უბნევდა ცოლსაც და ქმარსაც, წონასწორობიდან გამოჰყავდა
ორივენი, რადგან მათი სიცოცხლე სიკვდილთან ბრძოლა იყო მხოლოდ, სიკვდილს ედგნენ
კრიჭაში ერთი ტახტითა და ერთმანეთის სიყვარულით. ძლიერი და ვერაგი მტრის
მოსაგერიებლად სხვა იარაღი არ გააჩნდათ და გული ჩაწყდებოდათ ხოლმე, როცა ამოდენა
მტერს კიდევ დამხმარე და ხელისშემწყობი გამოუჩნდებოდა. სიკვდილი დაუმარცხებელი იყო,
თავისი ყოველთვის მიჰქონდა, მაგრამ თუ არ შეებრძოლებოდი, უარესად გალაღდებოდა, თავს
აიშვებდა და ერთბაშად გადაძოვდა ქვეყანას. თუ სამართალი არსებობდა, სიკვდილს მხოლოდ
მაშინ უნდა წაეყვანა ადამიანი, როცა ის ადამიანი სიცოცხლისთვის აღარ ივარგებდა, სიბერე
ყუნწზევე ჩამოაჭკნობდა და იმდენი ძალაღა შერჩებოდა, თავისით ჩამოვარდნილიყო მიწაზე,
თავისი ფეხით შესულიყო სიკვდილის სამეფოში, როგორც თავშესაფარში, არავის ებიძგა ზურგში
ხელი, არავის აეჩქარებინა, რათა თანდათან შეჩვეოდა იმ იდუმალი ქვეყნის ბინდსა და
აბლაბუდას, გაჩენის დღიდანვე რომ აშინებდა და იზიდავდა კიდეც; ის სიკვდილისთვის უნდა
მომზადებულიყო და იძულებით კი არ უნდა შევარდნილიყო შიგ, როგორც დამფრთხალი თაგვი
შევარდება ხოლმე პირველსავე სოროში, არამედ დაბინავებულიყო, როგორც ხმელი ხილი
სხვენში, რათა მკვდარიც გამოსდგომოდა ცოცხლებს და ზამთრის გრძელ ღამეებში, ადამიანის
ხმებით გახალისებულ დარბაზებში მის სურნელებასაც შემოეღწია, მეზღაპრესავით კეთილს,
მიწის სინედლითა და ხანგრძლივი მზის სიმხურვალით გაჟღენთილს. სიკვდილს მაშინ შეეძლო
ადამიანის წაყვანა, როცა მისი მაგიერი გადმოდგამდა ფეხს ბოჩიასა და ფოთოლას ტახტიდან.
მაგრამ ვერაგი და გაუმაძღარი სიკვდილი ბრძოლის წესებს ხშირად არღვევდა, რადგან
ხელისშემწყობიც ბევრი ჰყავდა: მკვლელი და გარეწარი, სენი და შემთხვევა - ყველანი
სიკვდილის ამხანაგები იყვნენ. მაგრამ ბოჩიას მაინც ყოველთვის უჭირდა დაჯერება, რომ ვინმეს
ან რამეს ნაადრევად მართლა შეეძლო ადამიანის სიცოცხლის წართმევა, წართმევა იმისა, რისი
მითვისებაც არ შეიძლებოდა. გინდაც ჯერ კიდევ სჭეროდა სისხლიანი დანა მკვლელს, ბოჩია
ხელს მაინც ვერ დაადებდა, ვერ "დააბრალებდა" ამოდენა ცოდვას. მთელი მისი არსება
სიკვდილის წინააღმდეგ იყო განწყობილი, ვერ შეგუებოდა, ვერ შერიგებოდა და, ალბათ, მისი
მეუღლის მარადიული ნაყოფიერებაც სწორედ ამ შეურიგებლობის შედეგი იყო.
ფრიქსეც ნაადრევად იყო მკვდარი. გუშინდელ დღესავით ახსოვდა ბოჩიას მისი გამოცხადება და
მართლაც ერთ დღესავით გაფრინდა ბოჩიასთვის ის ორმოციოდე წელი, რაც ფრიქსესთვის
გამოემეტებინა ბუნებას. ბუნების ეს სიძუნწე და უსამართლობა უკლავდა გულს, აბეჩავებდა და

აბოროტებდა ბოჩიას, როგორც ხუროთმოძღვარს წლობით ნაშენი და მიწისძვრისგან ერთბაშად
დანგრეული ტაძარი. ისე დაათენდა თავზე, ოხვრა და ვიშვიში არ შეუწყვეტია. როცა ფოთოლამ
აჩხავლებული ჩვილი აკვნიდან ამოიყვანა და პირში ძუძუ ჩაუდო, მხოლოდ მაშინ
გამოფხიზლდა, ცოლი შეეცოდა და უთხრა: დღეს ფეხზე როგორღა უნდა იდგე, შე საბრალოო.
ფრიქსე ძველებური წესით დაკრძალეს. ხარის ტყავში გაახვიეს და მიცვალებულთა ჭალაში ხეზე
ჩამოკიდეს. როცა გვამით დამძიმებული ტყავის კუბო საკიდრებზე აქანავდა, ფრიქსეს ვაჟებმა
ამოიგმინეს: გაფრინდა მამაჩვენიო. მაგრამ ფრიქსე ვეღარსად გაფრინდებოდა, ვეღარასოდეს
იხილავდა იმ სანატრელ ქვეყანას, მთელი სიცოცხლე სიზმარივით რომ ახსოვდა და ამ
სიზმრიდან აყოლილმა სევდამ აკი ზეზეურად ჩამოახმო კიდეც.
ვანმა ღირსეულად დაიტირა თავისი შვილობილი. სახელგანთქმული მოტირალი ქალები მთელი
კვირის მანძილზე ენაცვლებოდნენ ერთმანეთს და აიეტის ძაძით მოსილ სასახლეში წუთითაც არ
შეწყვეტილა მოთქმა-ტირილი. ვანელები უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ სასახლისკენ. იმ
დღეებში ისე არავინ გამოვიდოდა შინიდან, ხელში დაფნის ან ტირიფის ტოტი არ დაეჭირა.
სასახლის წინა ეზოში დასვენებულ ფრიქსეს გარს უვლიდნენ და რტოებს ესროდნენ. თავთით
ვერძი დაებათ, ფეხებთან კი მისი ბავშვობის დროინდელი ცალი სანდალი და მოკლე, ოქროს
სირმებით გაწყობილი თეთრი ტუნიკი დაეწყოთ. ფრიქსეს მთელი ქალაქი გლოვობდა. ხალხს არც
ხეიბრები და მიხრწნილი ბებრები დავიწყნოდათ, ცოცხალი თუ ვერ ნახეს, მკვდარი მაინც
ვაჩვენოთო და ატატებულნი მოჰყავდათ, ანდა ფარდაგებზე დაეწვინათ და მოათრევდნენ.
მთავარ კარიბჭეში შესული ხალხი უკანა კარიბჭიდან გადიოდა, რათა ახლა ბედიასთვის
მიესამძიმრნა, მობუზული, განზე რომ გამდგარიყო და ცრემლიანი სახე კისერზე გადაცმულ
თოკის გაბურძგნულ ხლართებში ჩაემალა.
ფრიქსეს ვაჟები თაღის ქვეშ შეყუჟულიყვნენ, ერთი დღის ობლობას ოთხივენი გაეცრიცა და
დაეპატარავებინა, მაგრამ ოთხივენი აღგზნებულნი იყვნენ, თითქოს უცებ, მოულოდნელად,
გადაუდებელი საქმე გასჩენოდათ, ანდა იმედი, რომელსაც აღარ ელოდებოდნენ. უცნაურია,
მაგრამ ადამიანს სწორედ მაშინ უჩნდება იმედი, როცა თითქოს ყველაფერი უკვე
გადაწყვეტილია. ის ამ იმედს ჯიუტად, ბოლო წუთამდე ებღაუჭება და ურჩევნია უკეთესზე
იფიქროს, ვიდრე უარესი შეამჩნიოს. ასეთია მისი ბუნება და თუკი საამისოდ რაიმე საშუალება
გააჩნია, საკუთარ უბედურებას არ დაიჯერებს, რადგან დაჯერება უბედურების ბოლო
საფეხურია, იქ წყდება კიბე და მერე აღარაფერი აღარაა, სიმარტოვის სუსხისა და წყვდიადის
გარდა. მან შეიძლება ძვირფას ცხედარს მკერდზე ყურიც დაადოს, ხომ არ მეშლებაო, და ალბათ,
ამიტომაც არ მარხავს მაშინვე, იმედი აიძულებს ფეხი აითრიოს და რაც შეიძლება გვიან შეხედოს
სიმართლეს მკაცრსა და გათოშილ თვალებში.
ფრიქსეს ვაჟები, თვალგაფაციცებულნი, კისერდაგრძელებულნი, ათვალიერებდნენ უწყვეტსა და
ფეხათრეულ პროცესიას, რომელიც ნელა, მაგრამ მაინც არბილებდა და თითქმის აქარწყლებდა
კიდეც იმ საერთო მწუხარებას, მათი მამის სიკვდილს რომ ჩამოეგდო ქალაქში. "რამდენი ხალხი
მოსულაო", - ფიქრობდნენ და თან თითის წვერებზე იწეოდნენ, თითქოს ამ უცნაური მდინარის
სათავის დანახვას ცდილობდნენ. ყველაზე მეტად მათი უმცროსი ძმა, ფრონტისი დაეტყვევებინა
სანახაობას, დაძაბულობისაგან პირი დაეღო და ენის ვარდისფერი წვერო გამოეყო, თითქოს

ციყვი იხედებოდა ფუღუროდან. როცა უფროსი ძმები ერთმანეთს მუჯლუგუნს წაჰკრავდნენ
შეფარულად და გადაუჩურჩულებდნენ - კიდევ მოდიანო, ისიც ძმებს ახედავდა და სახეზე
სიამაყის შეკავებული ღიმილი გადაურბენდა.
ქარისა მედეასა და აფრასიონს ჩაეყენებინათ შუაში. შვილებისა არ იყოს, მასაც ეამაყებოდა, ასე
რომ გლოვობდნენ მის ქმარს ვანელები. ის უკვე შეეჩვია, შეიფერა და დაიჯერა კიდეც, ფრიქსე
მართლაც რომ იმსახურებდა ყველას სიყვარულსა და პატივისცემას. განა ქარისა უღირსს ქმრად
გაიხდიდა? "კარგი კაცი იყო ფრიქსე, - ფიქრობდა იგი, - მაგრამ მაინც გამეპარაო".
ცოდვა გამხელილი სჯობს და ქარისას ცოტა გაუხარდა კიდეც ქმრის სიკვდილი.
ნახევარცოლობას, განუწყვეტელ თვალთმაქცობასა და გულის ბრუნებას, ისევ ქვრივობა ერჩია.
ქარისას რწმენით, ქმარი მაინც ცოლზე ადრე უნდა მომკვდარიყო და რაღა მნიშვნელობა ჰქონდა,
დღეს მოხდებოდა ეს ამბავი თუ დღეისწორს. მას სულის სიღრმეში უკვე მოსწონდა კიდეც ოთხი
ობლის დედობა და ქვეყნის საპატივსაცემო კაცის ქვრივობა. მათი საწოლის საიდუმლო ქმარმა
თან გაიყოლა, მისგან კი ისედაც ვერავინ გაიგებდა.
დაკრძალვის დღეს მთელი სასახლე სამხედრო ბანაკს დაემსგავსა: ვინ ქვაბებს ხეხდა, ვინ შეშას
აპობდა, ვინ ცეცხლს უბერავდა. ნავლსა და ნაცარს გადაეპენტა იქაურობა. სიკვდილს ყველაფერი
ბევრი სჭირდებოდა: კასრებით იდგა ძმარი, ტაშტებით იდგა მარილი, დანაყილი ქინძი და
ცერეცო მწვანე, წვიმაგადავლილი ბორცვებივით ბზინავდა. უზარმაზარ ქვაბს სკამზე შემდგარი
მზარეული ნავის ნიჩბით ურევდა. შუა ეზოში, სადაც ადრე მიცვალებული ესვენა, ახლა მარტო
ვერძი დარჩენილიყო. თოკით კუნძზე გამობმული, ოქროს ვერძივით გარინდებული, საკუთარი
სინათლის წრეში იდგა და ფიქრობდა. საფიქრალი კი ბევრი ჰქონდა: თუ რამე სასწაული არ
მოხდებოდა, ეს აშკარად მისი უკანასკნელი დღე იყო. "ერთად მოვიდნენ და ერთადაც წავლენო",
- ებრძანებინა აიეტს. რაღა უნდა მომხდარიყო, ან ვინ გამოიდებდა თავს ერთი გადაბერებული
ვერძის გადასარჩენად.
"საოცარი კია, ვინც გადავარჩინე, იმის გულისთვის მკლავენო" - ფიქრობდა ვერძი. კუნძზე დანა
იდო, გრძელპირიანი, თევზისფერი, დაღარული. ღარში ჭიანჭველა მიცოცავდა. ყასაბმა ნეკერი
დაუყარა და ქეჩო მოფხანა, თითქოს წინასწარ ებოდიშებოდა. "თვალი გეჭიროს, არ
გაგიფრინდესო", - დაუძახა ვიღაცამ ყასაბს. ყასაბმა ყრუდ, ნაწყვეტ-ნაწყვეტ გაიცინა, თითქოს
ახველებსო და ისევ მოფხანა ქეჩო. ვერძს ყველაფერი ესმოდა, თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის
მანძილზე კაცის ენაც შეესწავლა. თვითონაც გაეცინა გუნებაში: მე მაშინ ვფრინავ, როცა
ღმერთებს მოესურვებათო. მაგრამ მაინც ბოლო წუთამდე სჯეროდა, რაღაც ისეთი მოხდებოდა,
უსათუოდ გადარჩებოდა. არკი იცოდა რა, მაგრამ ხომ უნდა განსხვავებულიყო ჩვეულებრივ
ცხვრისაგან: ადამიანის ენა ესმოდა და ეფრინა კიდეც, მართალია, მხოლოდ ერთხელ, მაგრამ
აქამდე ახვევდა თავბრუს ოდესღაც განცდილი ქროლვა და სიმსუბუქე. არა, ერთი ცხვრის
კვალობაზე მას მართლაც წარმოუდგენლად ბევრი მოესწრო და განეცადა. არაფერს არ
იმადლებოდა, არც სიკვდილისა ეშინოდა, სირცხვილიც იყო, ცხვარს კაცზე მეტი ეცოცხლა,
მაგრამ ასე, მართლაც ჩვეულებრივი ცხვარივით ნუ გამოჭრიდნენ ყელს, რაღაცით გამოერჩიათ,
სხვანაირად მაინც მოეკლათ, სიკვდილის წინ მაინც შეეხსნათ ტალახში ამოგანგლული თოკი,
მოეშორებინათ ეს კუნძი, დამპალი სისხლის სუნით რომ ყარდა; ის ხომ არ გარბოდა, ხომ არ

მიფრინავდა, მიფრინავდა კი არა, იმდენი ოქრო ჩალექვოდა ბეწვში, ნაბიჯის გადადგმაც
უჭირდა.
ვერძს ბოლომდე არ სჯეროდა, ღმერთები თუ დაივიწყებდნენ, ღმერთები, ოდესღაც
მაინცდამაინც ის რომ გამოერჩიათ იმის განსაცდელად, რაც არასოდეს არ ღირსებია მის
რომელიმე თანამოძმეს. ვერძმა უცებ თითქოს ისევ იგრძნო, როგორ გამოეცალა ფეხქვეშ
საყრდენი და როგორ მძლავრად დაუბერა სახეში ხორკლიანმა ქარმა. მაგრამ ვერძს შეეშალა, ეს
სხვა ქროლვა იყო, სხვანაირად სუსხიანი, სიკვდილისმიერი, იქვე რომ ჩაცუცქულიყო და დანაზე
შეცოცებულ ჭიანჭველას თითით აწვალებდა, ზევით-ქვევით დაატარებდა დანის ღარში. ვერძი
კი მართლა არ იყო ჩვეულებრივი ცხვარი, ის უმალ სიკვდილს შეურიგდებოდა, ვიდრე
ჩვეულებრივობას, თუმცა მხოლოდ სიკვდილს შეეძლო ხელის ერთი დაკვრით მოესპო ის
უპირატესობა, რაც სიცოცხლეში მოეპოვებინა და რითაც სამუდამოდ გამოთიშვოდა ხუჭუჭა და
პეტელა მოდგმას, რომელსაც მხოლოდ რძის, ხორცისა და მატყლის მიცემა შეუძლია
ადამიანისთვის. მან კი უფრო მეტი გაიღო, მან ადამიანის ჩანაფიქრის განხორციელებაში მიიღო
მონაწილეობა და თუმცა ბოლომდე ვერ გაეგო, რა იყო ამ ჩანაფიქრის არსი, მაინც ყოველთვის
სიამაყით გრძნობდა, დიდსა და არაპირუტყვულ საქმეში რომ იყო გარეული. რაკი გადმოხვეწეს,
ეტყობა, საჭიროდ მიაჩნდათ მისი აქ ყოფნა. ვიღაცას, ვიღაცას კი არა, ადამიანს სჭირდებოდა ასე
და იმის ნაცვლად, დაეკლა, ხორცი შეეჭამა, ტყავი კი ჩაეცვა, ზურგზე ბიჭი შეუსვა და აიძულა
ჩიტივით გაფრენილიყო, სამუდამოდ მოშორებოდა სამშობლოს, დიახ, სამშობლოს, რადგან
სადაც თვალს გაახელ, შენი სამშობლოც იქ არის, გინდა ცხვარი იყავი, გინდა ადამიანი. მაგრამ,
ეტყობა, აღარ სჭირდებოდათ იგი ადამიანებს, შესასრულებელი შეესრულებინა და ახლა
ჩვეულებრივი ცხვარივით უპირებდნენ დაკვლას. "ჩვეულებრივი ცხვარივითო", მაშინაც ეს
გაიფიქრა ვერძმა, როცა ყასაბმა ყელში დანა გამოუსვა, გრძელპირიანი, თევზისფერი დანა, და
გადახსნილი ხორხიდან შავმა სისხლმა იფეთქა. ეს ფიქრი სამუდამოდ ჩარჩა და ჩაიყინა მის
მკვდარ თავში, დაგრეხილი რქები იდაყვებივით რომ ჩაეწყო სისხლის გუბეში და ღიად
დარჩენილი, გადათეთრებული თვალებითა და საგნის გულგრილობით ირეკლავდა ყველაფერს,
ღვინით აბარბაცებულ მექელეხეებსაც, ჩანავლებულ ცეცხლსაც და სპილენძის ქვაბსაც,
რომელშიაც მისი ტან-ფეხი მოეხარშათ.
ფრიქსეს სიკვდილს, თითქმის ზედიზედ, რამდენიმე ისეთი უცნაური ამბავი მოჰყვა, აქამდე
უშიშარი და უდარდელი ქალაქიც კი დააფიქრა და, ცოტა არ იყოს, დააფრთხო კიდეც. ქელეხზე
აიეტმა უნებურად სამარილეს წაჰკრა ხელი და მთელი მარილი სუფრაზე მოაპირქვავა. ხალხი
გაისუსა, ჯერ ჩხუბი რა იყო და ახლა აიეტთან! აიეტსაც სახეზე მიწის ფერმა გადაჰკრა, არ უნდა
დამეკვლევინებინა ვერძიო, ერთხელ კიდევ გაიფიქრა და ნაძალადევად გაიღიმა, დაპნეული
მარილი პეშვში ჩაიხვეტა და პეშვიდან შეჭამა ცხენივით. იმავე დღეს ქალაქის სხვადასხვა უბანში,
როგორც მოგვიანებით დაადგინეს, ერთსა და იმავე დროს, ნაგვის ქექვით გართული ღორები
უცებ ერთმანეთს ისეთი გაშმაგებით დაერივნენ, სანამ მდუღარე არ გადაასხეს, ვერაფრით ვერ
დააშოშმინეს. ცოტა ხნის მერე კი, ვითომც არაფერი მომხდარიყოს, ღორები ისევ ღრუტუნით
მიბრუნდნენ სანაგვეზე. კარგად არც კი ჰქონდათ დავიწყებული ღორების ეს უეცარი გაშმაგება,
ახლა უცნაურმა სიზმარმა რომ ააფორიაქათ. სიზმარი ბედიას ენახა, მისი საკუთრება იყო, მაგრამ
ვეღარ დაემალა და ღვინის ვაჭარ ბახას ორმოცსაფეხურიან სარდაფში მოეყოლა; ასე რომ, ის

სიზმარი მაშინვე მთელმა ქალაქმა იცოდა, მთელი ქალაქის საკუთრებად ქცეულიყო და უკვე ისე
ყვებოდნენ, თითქოს ყველას ერთდროულად დასიზმრებოდა. მისნებსაც კი გაუჭირდათ ამ
სიზმრის ახსნა, მაგრამ დაინტერესდნენ, დრო მოითხოვეს, ათასნაირი ჯადო და თილისმა
დაიხვავეს წინ და ბუებივით გაუშტერეს თვალი ამოუხსნელის პირმოკუმულ წყვდიადს.
სიზმარი კი მართლაც უცნაური იყო: ვითომ მათ ქალაქში ორი მელოტი შემოვიდა, ძმებივით
ჰგავდნენ ერთმანეთს, ორივეს ცალი სახე უცინოდა, ცალი კი ჩამოსტიროდა; ვინც კი
შემოხვდებოდათ, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ქალი თუ კაცი, ყველას ყურძნის მტევანს
აჩეჩებდნენ, თუმცა არც გოდორი ეკიდათ ზურგზე და არც კალათა ეჭირათ ხელში. საითაც უნდა
გაგეხედათ, ყველგან ყურძენს ჭამდნენ, ყველას ცალი სახე უცინოდა, ცალი კი ჩამოსტიროდა.
ყურძენს მსხვილი, ცერისხელა მარცვალი ჰქონდა, მაგრამ უხორცო იყო და უგემურიც,
ცრემლივით მწკლარტე გემო დაჰკრავდა. ხალხი კი მაინც ჭამდა. გაუთავდებოდა თუ არა, ის
მელოტი ძმები ახალ მტევანს გაუწვდიდნენ და ისე გადაიხარხარებდნენ, თითქოს ცა ჩამოიქცაო.
"რას ნიშნავს, რა ოხრობააო" - წრიალებდნენ ვანელები.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.