Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16

Total number of words is 3780
Total number of unique words is 1976
32.0 of words are in the 2000 most common words
46.0 of words are in the 5000 most common words
53.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
სისხლსა სწოვდა. სახელად შავთვალება მალალო ერქვა, მთელი დღე მღეროდა, რადგან სწორედ
მისი სიმღერა აჩერჩეტებდა კაცებს, თვალი უბრმავდებოდათ და ყველაფერი ავიწყდებოდათ. ის
კი მარტო იმაზე ფიქრობდა, რა ჩაეცვა და რა დაეხურა. შვილებიც თავის ყაიდაზე გაეზარდა,
მთელი დღე ლოგინში გორავდნენ, რადგან ყველაფერი მზამზარეულად მოსდიოდათ. რაც
ქალაქში კაცები იყვნენ, ყველანი იმათ ემსახურებოდნენ, საკუთარ ცოლ-შვილს აკლებდნენ და
მათთვის მიჰქონდათ, რადგან ის ალქაჯი ისეთი ბოროტი იყო, კაცებს ღვინოში ლენცოფას
აპარებდა, საჭმელში კი ვირის ტვინს. ეს ყველაფერი ფარნაოზმა ქალებისაგან იცოდა. ხან ვინ
მოვიდოდა და ხან ვინ, სასესხებლად თუ ჩასასესხებლად, ანდა ისე, სალაპარაკოდ, და არავინ
წავიდოდა, ერთხელ მაინც არ ეხსენებინა ალქაჯი და მისი ქალიშვილები. ფარნაოზს
სრულებითაც არ აინტერესებდა ქალების ლაპარაკი, მაგრამ უნებურად ისიც ისმენდა, რადგან
იქვე ტრიალებდა. არც ბევრი რამე გაეგებოდა მათი ნალაპარაკევისა, მაგრამ, როგორც კი ინოს
ახსენებდნენ, სმენად იქცეოდა ხოლმე, შეიძლება იმიტომაც, ინო ყველაზე პატარა რომ იყო,
ყველაზე პატარა ალქაჯი. აქლაჯი კი არა, ბეკეკა, თეთრი ბეკეკა. ალქაჯი მერე უნდა გამხდარიყო,
როცა გაიზრდებოდა და როგორც ქალები ამბობდნენ, ისიც თავის დედა-დებს დაემსგავსებოდა.
ამას კი ისეთი ხმით ამბობდნენ, ისეთი სახეები დაედებოდათ ხოლმე, ფარნაოზი წუხდა, თითქოს

თვითონაც ელოდებოდა საფრთხე, მაგრამ მაშინ ბავშვი იყო და დიდხანს არც წუხილი
უჩერდებოდა, თანაც ცუგა ჰყავდა, ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ცელქი
ძაღლი მთელს ქალაქში. სხვა არავინ სჭირდებოდა. ინოც თუ ახსენდებოდა ხანდახან, ისიც
იმიტომ, არასოდეს რომ არ ენახა, არ იცოდა როგორი იყო და ბავშვური ცნობისმოყვარეობა
ჰკლავდა. აინტერესებდა, მართლა ისეთი თუ იყო, როგორადაც წარმოედგინა. ესეც შეუგნებელი
ინტერესი იყო, შემოჩეჩებული, ნაძალადევი, გაღვიძებული კი არა, გაღიზიანებული. ამ ინტერესს
უფროსი ქალების ლაპარაკი ბადებდა და არა თვითონ ინო. ინო ერთი ბეკეკა იყო და მეტი
არაფერი. ფარნაოზს სხვანაირად ვერც კი წარმოედგინა. როგორც ინოს ახსენებდნენ, თეთრი
ბეკეკა დაუდგებოდა თვალწინ. მისი ცნობისმოყვარეობა სხვას ელტვოდა, უფრო შორს მიიწევდა,
ბეკეკას იქით, სადაც ისინი იყვნენ, ბეკეკას პატრონები. მაგრამ ისინი იმდენად შორს იყვნენ,
ბავშვის ცნობისმოყვარეობა ვერ მისწვდებოდა. ეს აბრაზებდა სწორედ ფარნაოზს. მისი სიბრაზე
კი ბეკეკაზე ვრცელდებოდა. "თუ სადმე შემხვდა, ცუგა უნდა მივუქსიოო", - იმუქრებოდა გულში,
როცა ქალები ჩურჩულზე გადადიოდნენ, ანდა უცებ გაჩუმდებოდნენ ხოლმე, თითქოს მხოლოდ
ახლა შეემჩნიათ ფარნაოზი. ასე რომ, ინომ უფრო ადრე მოიკიდა ფეხი ფარნაოზის ფიქრებსა და
წარმოდგენებში, ვიდრე ერთმანეთს შეხვდებოდნენ. უნებურად, ნელ-ნელა, შეუმჩნევლად
გროვდებოდა იგი მეორე ბავშვის სულსა და შეგნებაში, როგორც ღამით მოსული თოვლი. ერთ
დღეს კი ფარნაოზი გაიღვიძებდა და დაინახავდა, როგორ გადაეთეთრებინა თოვლს ყველაფერი,
ყველაფერი თვალის საწიერამდე. მაგრამ ჯერჯერობით ცუგა ჰყავდა გვერდით. ცუგა დასდევდა
ყეფით ერთმანეთში უთავბოლოდ არეულ დღეებსა და ღამეებს; აკაკანებულ ქათმებსა და
ფილაქანზე მოცახცახე ჩრდილებს; ცუგას გამოჰქონდა ზღვიდან ფარნაოზის გადაგდებული
ჯოხი; ცუგა სვლეპდა წვიმის წყალს, ქალუკას რომ მოეგროვებინა კასრში; ცუგას ბრალდებოდა
დაკარგული კოვზი თუ ფლოსტები, გატეხილი ჭურჭელი თუ დაგლეჯილი ფარდაგი;
ცუგასთვის გროვდებოდა სპილენძის ტაშტში სადილის მონარჩენი. ყველაფერზე ხალისიანი,
ხმაურიანი და ლაღი ცუგას ცელქობა იყო, ყველაფერზე სევდიანი - დასჯილი ცუგას თვალები;
თეთრი ბეკეკა ათასში ერთხელ, ისიც შემთხვევით, გადაირბენდა ცუგას დაწიოკებულ ეზოზე და
კარგა ხნით მიეფარებოდა თვალს. ვინ იცის, რამდენი ხნის დავიწყებული ეყოლებოდა ფარნაოზს
ინო, თავის დროზე რომ გაებედა და ეკითხა ქალებისთვის, რა ჰქონდა შესაცოდი ინოს, ან რატომ
უნდა ყოფილიყო უბედური, თუ ისიც თავისი დედისა და დების მსგავსად მთელი დღე ლოგინში
იკოტრიალებდა და ყველაფერი ექნებოდა, რასაც ინატრებდა. ქალუკამაც ხომ თქვა იმ დღეს:
მაგისთანა ქალები გუნებას ეკითხებიანო, ყოველდღე ყურძენს მიირთმევენო. მაგრამ ფარნაოზმა
ვერც ქალუკას ჰკითხა, რატომ იყო უბედურება მთელი დღე ლოგინში კოტრიალი და ყურძნის
ჭამა. რატომღაც მოერიდა, კი არ მოერიდა, შეეშინდა, შემთხვევით დანახული, უფროსების
დაუდევრობით გაშიშვლებული საიდუმლოსი, მაგრამ მისმა თვალისმომჭრელმა სიშიშვლემ
მიიზიდა, გააბრუა, დააფრთხო და დაამუნჯა კიდეც, რადგან გრძნობდა, მთავარი ამ
საიდუმლოში შეღწევა იყო და არა მის გარშემო ტრიალი. მაგრამ საამისოდ ჯერ არ იყო მზად.
გინდაც შეეშვათ, მაინც ვერაფერს დაინახავდა, საგანძურში შესულ ბრმასავით. მისი გონება
შეგნებულად რაღაცის მოსაძებნად ანთებული ჭრაქი კი არ იყო, არამედ უცაბედად, მეხისაგან
გაჩენილი ხანძარი. ფარნაოზი საიდუმლოზე ფიქრს მიეჩვია და გულუბრყვილობა დაჰკარგა.
ახლა უკვე განგებ ტრიალებდა ქალების სიახლოვეს, მათი ნალაპარაკევი რომ მოესმინა;
ცდილობდა, არ შეემჩნიათ, არ მიექციათ მისთვის ყურადღება, რადგან გრძნობდა, დანაშაულს

სჩადიოდა, ასე რომ იქცეოდა. ქალები, აშკარად, მის გასაგონად არ ლაპარაკობდნენ, უბრალოდ
ყურადღებას არ აქცევდნენ, ანგარიშს არ უწევდნენ, რადგან მათთვის ჯერ ისევ პატარა იყო.
ფარნაოზს რომ გაებედა და ეკითხა, გამაგებინეთ, რატომაა უბედური ის ვიღაც პატარა გოგოო,
შეიძლება მისი შეკითხვა მართლაც ბავშვურ ცნობისმოყვარეობად და გულუბრყვილობად
ჩაეთვალათ, სიმართლე ეთქვათ, ან მიეკიბ-მოეკიბათ რამე და თავიდან მოეშორებინათ ეს
აბეზარი ბავშვი, იქ რომ ეტენებოდა, სადაც არაფერი ესაქმებოდა. მაგრამ ფარნაოზი აღარ
იკითხავდა ამას, რადგან სწორედ შეკითხვის ეშინოდა, ეგონა, ქალები დასცინებდნენ, ანდა
გაუწყრებოდნენ, გააწითლებდნენ და გამოაბრძანებდნენ გარეთ. საბედნიეროდ, ცუგა ჰყავდა
გვერდით, ერთს დაუსტვენდა და აღარც ქალები ახსოვდა და აღარც გოგო, ბეკეკად რომ ექცია
ჯადოქარ დედას. ერთ დღეს კი ისეთი უბედურება შეემთხვა, ინო კი არა, თავიც დაავიწყდა: ცუგა
ფეხსადგილის ორმოში ჩავარდა. შეშინებული ლეკვის წკმუტუნმა მთელი ქვეყანა ააფორიაქა.
ფარნაოზს სიკვდილამდე არ დავიწყებია ეს საცოდავი, სისხლის გამყინავი ხმა. სამი დღე
ტიროდა ლეკვი, სამი დღის განმავლობაში ვერაფრით ვერ მოახერხეს მისი ამოყვანა, ორმოში
ჩანათებულმა ჩირაღდანმა სველი, თეთრი მატლებით მოფენილი კედლების მეტი ვერაფერი
გამოაჩინა. "მოკალით, ცოდოაო", - ამბობდა ქალუკა. ფილამონემ ჭოკს თოკის ნაგლეჯებით დანა
მიაბა და ალალბედზე რამდენჯერმე ჩაჰკრა წყვდიადს, მაგრამ, ეტყობა, ლეკვი ასეთი
სიკვდილისთვის არ იყო გაჩენილი. ფილამონემ გაბინძურებული ჭოკი ხუხულას გარედან
ააყუდა. ლეკვი კი ტიროდა, ტიროდა, ტიროდა, სანამ მხსნელამდეც არ მიაღწია მისმა საცოდავმა
წკავწკავმა. "რომ იცოდეთ, როგორ მჭირდებოდა ძაღლიო", - თქვა მხსნელმა. ის მესამე დღეს
გამოჩნდა მხოლოდ, ჭიშკართან შეჩერდა და წყალი ითხოვა. ქალუკამ წყალი დოქით გაუტანა.
მგზავრს ტანსაცმელი შემოჰფლეთოდა, ქალამნები დასკდომოდა, ცხვირზე დიდი, წითელი
მეჭეჭი ფუტკრის ნაკბენივით აჩნდა. კისერზე ტყავის თასმით მუშტისხელა ქვა ეკიდა. მკერდზე
ჩამოღვრილმა წყალმა ქვა უცებ გააშავა. დიდხანს სვამდა. დოქი რომ მოიშორა, სველი ცხვირპირი ხელის ზურგით მოიხოცა და ისევ გაიმეორა: რომ იცოდეთ, როგორ მჭირდებოდა ძაღლიო.
მერე ეზოში შემოვიდა და პირდაპირ ფეხსადგილისკენ წავიდა. ქალუკაც უკან მიჰყვებოდა და
დოქში ჩარჩენილ წყალს გზადაგზა ღვრიდა.
ხელმეორედ დაბადებული ცუგა მხსნელს ფეხებზე ეგლისებოდა, ის კი წიხლით იშორებდა.
გვერდზე გამდგარიყო და ლეღვის ფოთლებით იწმენდდა ძონძებს. ორმოს შავი პირიდან
ამოგდებულ ცუგას ფარნაოზმა დაძახებაც ვერ გაუბედა. იგრძნო, როგორ გამქრალიყო
სიახლოვის, განუყრელობის გრძნობა, რაც ამ სამი დღის წინათ მარადიული ეგონა. რაკი თვითონ
ვერ ეშველა მეგობრისთვის, თითქოს იმის უფლებაც არ ჰქონდა, თავი გაეხსენებინა, პატიება
ეთხოვა. ცუგამაც ერთი კი გამოხედა და მაშინვე ორმოს მიუბრუნდა, საიდანაც მისი მხსნელი
ამოჰყავდათ შუბუსა და ფილამონეს. სანამ მისი მხსნელი მიწაზე ფეხს დაადგამდა, რამდენჯერმე
მოასწრო კიდეც მისთვის სახის ალოკვა. მხსნელი იღიმებოდა და ვითომ ქვას ეძებდა. ცუგა კი არ
გარბოდა, მის წინ გაწოლილიყო და კუდს მიწაზე აბათქუნებდა. ჭიშკარში რომ გადიოდა,
მხსნელმა ერთხელ კიდევ თქვა: რომ იცოდეთ, როგორ მჭირდებოდა ძაღლიო, და წავიდა, უკან
აღარც მოუხედავს, დარწმუნებული იყო, ცუგა ფეხდაფეხ მიჰყვებოდა.
ფარნაოზს ამის შემდეგ უფრო ხშირად ახსენდებოდა ინო, უფრო სწორედ, ცუგაზე რომ
ფიქრობდა, რატომღაც ინოც გაახსენდებოდა ხოლმე. მისი შემკრთალი ბუნება ამხანაგს ეძებდა

და დაინახა თუ არა, მაშინვე იცნო ფარნაოზმა იგი. ინოს წითელი კაბა ეცვა და პატარა აპრეხილ
კიკინებშიც წითელი ჭინჭები ჩაეწნა. "როგორი უშნო ყოფილაო", - გაიფიქრა ფარნაოზმა.
ორი წელი გაგრძელდა მათი მეგობრობა, სულ ორი წელი, იქამდე, სანამ სხვათა ცოდვამ
დარიაჩანგის ბაღიდან არ გამოდევნა ისინი და მოჩვენებითი მარადისობა ჩვეულებრივ დღეებად
და ღამეებად არ დაუქუცმაცათ. მხოლოდ მაშინ გაახსენდათ, მარტონი რომ არ იყვნენ; თურმე,
დარიაჩანგის ბაღი პატარა, თითქმის უმნიშვნელო ნაწილი ყოფილა ქვეყნისა და არა მთელი
ქვეყანა; თუმცა იმ ორი წლის განმავლობაში სხვა არაფერი არ არსებობდა მათთვის. მათაც ვაშლის
სურნელი ასდიოდათ, ვაშლის ყვავილი ეყარათ თმაზე, თითქოს ამ ბაღში გაჩენილიყვნენ,
ერთდროულად, ერთმანეთის თვალწინ. თავისუფლების შეგრძნება თავბრუს ახვევდათ,
ათამამებდათ და ქვეყნის ბატონ-პატრონებად წარმოედგინათ თავი. თავისუფლები კი
ნამდვილად იყვნენ, რადგან ერთმანეთში მსგავსებას ეძებდნენ და არა განსხვავებას. დარიაჩანგის
ბაღი მართლა მთელი ქვეყანა რომ ყოფილიყო, ისინიც ბოლომდე ბედნიერნი იქნებოდნენ, ამ
ბაღივით არასოდეს არ დაბერდებოდნენ და ჯანსაღი, ოქროსთმიანი გოგო-ბიჭებით გაავსებდნენ
აქაურობას. მაგრამ ისინი არც პირველი ადამიანები იყვნენ და არც ერთმანეთისთვის გაჩენილნი,
მათ კი არ უნდა დაეწყოთ ცხოვრება, არამედ სხვების დაწყებული უნდა გაეგრძელებინათ, ანდა
დაემთავრებინათ. ცხოვრებას თავისთვის სჭირდებოდა ისინი. ეს ორი ნაფოტიც იმ
ცეცხლისთვის უნდა შეეკეთებინა, რომელზედაც გათოშილ ხელებს ითბობდა. მათი
განმარტოებაც მოჩვენებითი იყო, ერთი წამითაც არ მოუშორებია ცხოვრებას თვალი ამ ორი
ბედნიერი ბავშვისათვის, ციყვებივით რომ დაძვრებოდნენ ხეებზე, ყიჟინით რომ ეგებებოდნენ
ზღვის აქოჩრილ ტალღებს, მზეზე იხრუკებოდნენ და სილაზე ერთმანეთის სახელებს წერდნენ,
შლიდნენ და ისევ წერდნენ. ინო ხან თუთიყუშივით ჩხაოდა, ხან ოთხზე დადგებოდა და იძახდა,
შემხედე, შემხედე, ცუგა ვარო. ფარნაოზს მაშინვე კუდაპრეხილი, ნახტომისათვის გამზადებული
ცუგა დაუდგებოდა ხოლმე თვალწინ. ხან ორივენი გაუნძრევლად იწვნენ ერთმანეთის გვერდით
და ცას უყურებდნენ. გეგონებოდათ, ორი, ჯერ კიდევ ნედლი ნაფოტი ვიღაცას გასაშრობად მზის
გულზე დაუდიაო. ცაზე კი ერთ კალაპოტში მიედინებოდა ორი სიცოცხლე, ვაშლის ყვავილებით
გადაპენტილი ნაკადულივით მიწკრიალებდა ღრუბლებს შორის და უსასრულობას
უერთდებოდა. ესეც მოჩვენება იყო, ოცნების ჯადოქრობა, ტკბილი ტყუილი, სინამდვილის
მეორე მხარე, რადგან ცაზე ორი ნაკადულის, ორი სხვადასხვა ბედის მხოლოდ ანარეკლი
შერწყმოდა ერთმანეთს. მიწაზე კი ორივეს საკუთარი კალაპოტი ჰქონდა, საკუთარი და
სხვადასხვა, მათ გაჩენამდე გაკვალული, დადგენილი და დაკანონებული. უნდოდათ თუ არა,
თვითონაც იმ შლამით უნდა ამღვრეულიყვნენ, წლობის მანძილზე რომ ჩალექილიყო
კალაპოტებში.
პირველ ხანებში ისინი ალალბედზე ხვდებოდნენ ერთმანეთს. შეხვედრით კი ყოველთვის აქ
ხვდებოდნენ, ზღვის პირას, დარიაჩანგის ბაღის წინ. ინო ხან მთელ დღეს არ გამოჩნდებოდა
ხოლმე. წვიმიან ამინდში ორივენი შინ ისხდნენ და არც ერთს არ მოსდიოდა აზრად, წვიმაშიც
რომ შეიძლებოდა შეხვედრა. ასეთ ამინდში საბანაოდ და გალუმპულ ხეებზე საბღორტიალოდ
არავინ გაუშვებდათ, მაგრამ შეიძლებოდა რამის მოგონება, სულ სხვა მიზეზით გამოსვლა
შინიდან, ვითომ ერთი წუთით, გადაუდებელ საქმეზე. დარიაჩანგის ბაღამდე მირბენას რა
უნდოდა, თუკი ინო დახვდებოდა იქ, ხის ქვეშ შეფარებული, თავფეხიანად გალუმპული და

აძიგძიგებული, ცრემლებივით რომ ჩამოსდიოდა სახეზე წვიმის მსხვილი წვეთები. ასე მერე
იქცეოდნენ, როცა უკვე პაემანს უნიშნავდნენ ერთმანეთს და ფიცსაც დებდნენ, აუცილებლად,
უსიკვდილოდ მოსულიყვნენ, როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, როგორც არ უნდა
გაკერპებულიყვნენ უფროსები. სველი ხეების ძირას დგომასაც თავისი მომხიბვლელობა ჰქონდა.
ფოთლებზე ჩამოსრიალებულ, ჩამოგრძელებულ წვეთებს პირით იჭერდნენ, როგორ
ვიწუწებითო, უხაროდათ თავიანთი სითამამე და ყველაფერზე იცინოდნენ. ყოველდღე ერთსა
და იმავე ამბებს ყვებოდნენ, ერთსა და იმავე შეკითხვებს აძლევდნენ ერთმანეთს, მაგრამ არ
ბეზრდებოდათ, რადგან ერთი და იგივე ამბავი ყოველდღე ახლებურად ჟღერდა. ერთი და იგივე
შეკითხვა დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი, უფრო ღრმა და მომთხოვნიც ხდებოდა.
ყველაფერი უნდოდათ სცოდნოდათ, მისხალ-მისხალ აყოლინებდნენ ერთმანეთს, რაც
გაცნობამდე გადახდენოდათ თავს. მოსაყოლი კი არაფერი ჰქონდათ: ერთის მთელი
თავგადასავალი მოლაპარაკე თუთიყუშთან იყო დაკავშირებული, მეორისა კი ფეხსადგილის
ორმოში ჩავარდნილ ძაღლთან. ბევრ რამეს აზვიადებდნენ, ისეთ წარმოუდგენელ თვისებებს
მიაწერდნენ ხოლმე თუთიყუშსა და ძაღლს, სხვისგან რომ მოესმინათ, თვითონაც არ
დაიჯერებდნენ, ერთმანეთისაგან კი სჯეროდათ. თავს კი არ ისულელებდნენ, უბრალოდ,
მოთხოვნილება ჰქონდათ დაჯერებისა. უნდობლობისათვის ჯერ ძალიან პატარები იყვნენ.
- თუ ძალიან დარდობ, გადამკარი წკეპლა და მეც ძაღლად ვიქცევიო, - უთხრა ერთხელ ინომ
ფარნაოზს.
ფარნაოზს უკვე შეჰყვარებოდა ცხოვრება, ყველაფერი ეხალისებოდა, უკვალოდ გამქრალიყო
გაჩენის დღიდანვე ატორღიალებული საკუთარი არსებობის შიშიც. რაც თავი ახსოვდა, ყველა
პირზე აფარებდა ხელს, ჩურჩულით ელაპარაკებოდნენ და იმ კაცით აშინებდნენ, ვისკენაც
მთელი მისი არსება შეუცნობლად და ბრმად მიილტვოდა. ინოსთან დამეგობრების შემდეგ
ყველაფერი შეიცვალა. აღარც აფრისხელა ტილო იზიდავდა ძველებურად. ახლა უფრო მამის
შიშით იჯდა ხოლმე გაუნძრევლად სამფეხა სკამზე და ერთი სული ჰქონდა, როდის
გამოიძურწებოდა ამ ნახევრად ბნელი ოთახიდან გაჩახჩახებულ მზეში, ინო რომ დაენახა.
დარიაჩანგის ბაღიდან ნიავს ყვავილი გამოჰქონდა, ნაპირიცა და ზღვაც თეთრად იყო
გადაპენტილი. როცა შინ დაბრუნების დრო მოაწევდა, უხალისოდ იცვამდნენ, ფეხით
აქუჩებდნენ აქეთ-იქით გაფანტულ ტანსაცმელს და დიდხანს არჩევდნენ, რომელი რომლისა იყო.
ინო უკუღმა იცვამდა კაბას, ისევ რომ გაეხადა, გადმოებრუნებინა და თავიდან ჩაეცვა.
ყველაფერი სასაცილოდ ეჩვენებოდათ და ისინიც იცინოდნენ; ყველაფერი საინტერესო ხდებოდა
და ისინიც დიდი გულისყურით სინჯავდნენ და უკირკიტებდნენ გამორიყულ ჯოხსა და ნიჟარას,
ჭრელ კენჭსა თუ კუპრის წვეთივით დამრგვალებულ ხარაბუზას, ყველაფერს, რასაც მათი ფეხი
და თვალი წამოედებოდა შინისკენ მიმავალ გზაზე. შინაც ერთმანეთზე ფიქრობდნენ, მაგრამ ჯერ
ეს სასიამოვნო ფიქრი იყო, სასიამოვნო მოლოდინი, დასვენებისა და ტკბილი ძილის უფლებას
რომ უტოვებდათ.
ინოს ნათქვამმა, თუ ძალიან დარდობ, წკეპლა გადამკარი და მეც ძაღლად ვიქცევიო, ფარნაოზი
დააფრთხო, დააბნია და მოსალოდნელი, გარდაუვალი ცვლილებების საშიშროება გაახსენა.
ფარნაოზს მოსვენება დაეკარგა. ისევ შებრუნდა გაურკვევლობის, შიშნარევი მღელვარებისა და
დაუძლეველი უმწეობის ნიჟარაში. საწოლში აწრიალებული, ძილგამკრთალი ფარნაოზი

გრძნობდა, ინოს ნათქვამს სხვა უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, სხვას ამბობდა, მაგრამ
ფარნაოზს ჯერ არ გახსნოდა სმენა იმ სხვის გასაგებად. იმასაც გრძნობდა, ადრე თუ გვიან სმენა
გაეხსნებოდა, ადრე თუ გვიან, მაგრამ მას ახლავე უნდოდა ყველაფრის გაგება; ფრჩხილებით,
ჩხირით გამოიჩიჩქნიდა სმენის დახშულ კარიბჭეს, კარიბჭეს კი არა, თაგვის თავშესაფარივით
პატარა ხვრელს, საიდანაც მის არსებაში თავზარდამცემი, ყველაფრის დამაქცევარი საშინელება
შემოიჭრებოდა. ეს რომ ასე მოხდებოდა, ეჭვი არ ეპარებოდა, მაგრამ მაინც უნდოდა გაეგო, რა
ერქვა ამ საშინელებას, როგორ გამოიყურებოდა, რატომ არსებობდა საერთოდ და, თუ არსებობდა,
რაღა მაინცდამაინც ის ამოერჩია. ღამეები გაგრძელდა, გაიწელა. ოთახი ჩვენებებით გაივსო.
ფარნაოზს ინო უყვარდა. უყვარდა და არ იცოდა, ვერ მიმხვდარიყო. "დედა რომ მოვკალი,
იმიტომ ვიტანჯებიო", - ფიქრობდა ფარნაოზი. ტანჯვით კი ნამდვილად იტანჯებოდა, დიდი
კაცივით. ტანჯვა ზრდიდა, უხეშად და ნაადრევად. "არ მინდა, ნუ გამაჩენო", - ევედრებოდა
სიზმარში დედას. დედა კი ინოსავით იღიმებოდა, თვალები ეჭუტებოდა და პატარა ფოსოები
უჩნდებოდა ლოყებზე. "არა, არა, არა!" - ყვირილით იღვიძებდა, იბადებოდა ფარნაოზი, მაგრამ
სიზმრისაგან გამორკვეულს აღარ ახსოვდა, ვის მიმართავდა, რაზე ამბობდა უარს. ოფლი უცებ
აშრებოდა, გრძნობდა, როგორ ეთოშებოდა ხელ-ფეხი, მაგრამ ბალიშზე თავის დადებისაც
ეშინოდა, თითქოს იმ ბალიშიდან გამოდიოდნენ ჩვენებები. იჯდა და კბილს კბილზე
აცემინებდა. ერთი სული ჰქონდა, როდის გათენდებოდა, როდის ნახავდა ინოს და ყველაფერს
მოუყვებოდა. მაგრამ გამოადგამდა თუ არა შინიდან ფეხს, ღამეული შიში და ჩვენებები
უკვალოდ ქრებოდა, დღის სინათლეზე ეკარგებოდა, და დამაჯერებლობის უნარი. მართლაც
ძნელი დასაჯერებელი იყო, რასაც ღამით ხედავდა, ისმენდა, გრძნობდა და განიცდიდა. რაზეც არ
უნდა ეფიქრა, რაც არ უნდა მოსჩვენებოდა, ჯერჯერობით ყველაფრიდან ერთი და იგივე დასკვნა
გამოჰქონდა მის გონებას: ინოს საფრთხე ელოდა, ინოს კი არა, თვითონ, რადგან, ადვილი
შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს, ინოც ცუგასავით დაეკარგა. ფარნაოზს წარმოდგენილიც
ჰქონდა ყველაფერი, როგორ მოდიოდა ვიღაც, ცუგას მხსნელივით ჩამოძენძილი და
დამეჭეჭებული, როგორ ამბობდა: მე უფრო მჭირდება ინოო და როგორ მიყავდა, არა, თვითონ
როგორ მისდევდა ინო იმ უცხო კაცს. ფარნაოზი კი ხმას ვერ იღებდა, რადგან იმ კაცისა ეშინოდა.
კი არ ეშინოდა, ერიდებოდა, რცხვენოდა და ეცოდებოდა კიდეც. უნებურად თვალს არიდებდა,
რადგან იმ კაცს წითლად აპრიალებული უპეები ჰქონდა და პირის კიდეებში ყვითელი,
დასვრეტილი ქაფი ჩასდგომოდა. დღისით ჩვენებები ქრებოდა, მაგრამ საფრთხის გრძნობა
დღისითაც შეიფრთხიალებდა ხოლმე, როგორც უბეში ჩასმული ბახალა. ფარნაოზს არასოდეს
გაუმხელია ინოსათვის თავისი შიში, თავისი სატანჯველი. გული უგრძნობდა, ის მხოლოდ მისი
შიში და სატანჯველი იყო, მისი კარავი, რომელშიც ღამით უნდა დაეძინა, დღისით კი აეკეცა და
ზურგით ეთრია. ერთი ცხადა: არ შეიძლებოდა ასე გაგრძელებულიყო სულ, უსასრულოდ. რაღაც
მოხდებოდა, მოხდებოდა კი არა, უკვე ხდებოდა და რაც ხდებოდა, უნდა დამთავრებულიყო,
ავად თუ კარგად. ინო დღითი დღე იზრდებოდა, ნათდებოდა და იბორკებოდა. ძველებურად
ისევ შიშვლები ბანაობდნენ, მაგრამ ინო ახლა უფრო ნელა იხდიდა და უფრო სწრაფად იცვამდა.
უცებ ჩაფიქრდებოდა ხოლმე და ფიქრებიდან გამორკვეული რაღაცნაირად დაბნეული უღიმოდა
ფარნაოზს. სიარულიც გამოეცვალა, თითქოს ტანი აწუხებდა, ეხამუშებოდა, როგორც ახალი,
პირველად ჩაცმული კაბა. ფარნაოზის თვალწინ სასწაული ხდებოდა, მარადიული სასწაული:
კიკინებაპრეხილ გოგოს სხეულში ქალი იღვიძებდა, ქვეყნის მასპინძელი, სიკვდილის

დამთრგუნავი სტიქია. ფარნაოზი გაოცებული შესცქეროდა, გული ბაგაბუგით უცემდა, ძალიან
უნდოდა, დაჭრილი წოლილიყო აქ, ვაშლის ყვავილით გადაპენტილ სილაზე, რათა ინოს მისი
სისხლი დაენახა. არა, უბრძოლველად არავინ დაანებებდა ინოს, აქამდისაც იმიტომ
ეთხოვებინათ, სხვების თვალში არაფერს რომ არ ნიშნავდა ეს დრო, არ ითვლებოდა, ყვავილის
სუნი ასდიოდა და არა სისხლისა. მთავარი მერე დაიწყებოდა, როცა ორივეს დაკარგული
თხებივით გამოლალავდნენ დარიაჩანგის ბაღიდან; როცა სხვებიც დაინახავდნენ ინოს.
განა თვითონ იცოდა, ვისზე ბრაზდებოდა, ვინ უპირებდა ინოს წართმევას? ინო მასთან იყო, მის
გვერდით იხრუკებოდა მზეზე, მასთან ერთად ყურყუმალაობდა ზღვაში, სადაც არ უნდა
ყოფილიყო, მისკენ გამორბოდა, ის კი ვიღაცაზე ბრაზობდა, ათას რამეს სწამებდა, ათას რამეში
ამხელდა ვიღაცას, რომელიც სინამდვილეში, ალბათ, არც კი არსებობდა. ფარნაოზს იმ
დათვივით მოსდიოდა, ტყეს რომ გაბუტვოდა, ტყემ კი ამ ამბისა არაფერი იცოდა. ფარნაოზი
დაშინებული ძაღლივით ბუჩქებს უყეფდა, რძით დათუთქულივით დოს უბერავდა, რადგან
თავგზას უბნევდა ერთდროული შემოტევა ასაკისა, სიყვარულისა და ავი წინათგრძნობისა. ახლა
უთენია გამორბოდა შინიდან, მთელი ღამის უძინარს ისეთი სახე ედო, იმასაც ვერ
ეკითხებოდნენ, სად მიდიხარო. პოპინას კი სხვა შიში კლავდა, დარწმუნებული იყო, ფარნაოზმა
ყველაფერი იცოდა, ყველაფერს ხვდებოდა და ამიტომაც გაურბოდა, გული აღარ უჩერდებოდა
შინ, არ შეეძლო შერიგებოდა დის შერცხვენას, მაგრამ პატარა იყო და ჯერ ვერც დის
შემრცხვენელს მოსთხოვდა პასუხს და ვერც დას დაითრევდა თმით. ასე ფიქრობდა პოპინა და
მადლობელი იყო უმცროსი ძმისა, აქამდე რომ ზოგავდა, თვალს არიდებდა, არაფერს
ეკითხებოდა და გულში იკლავდა ჯავრს. ვეღარც პოპინას გაესწორებინა ძმისთვის თვალი,
რცხვენოდა და შეიძლება ყველაზე უფრო სწორედ უმცროსი ძმისა რცხვენოდა, გაზრდა რომ არ
აცალა და აიძულა უსიტყვოდ ჩაეყლაპა შეურაცხყოფა. საკუთარი უბედურებით გაოგნებული,
გაწბილებული, სახტად დარჩენილი პოპინა უაზროდ დაბორიალობდა ოთახებში, საქმეს გულს
ვეღარ უდებდა და სიკვდილივით ელოდებოდა იმ დღეს, როცა უნდა გაემხილა ის, რის
დამალვასაც უკვე აზრი აღარ ჰქონდა.
პოპინა ცდებოდა. ფარნაოზს არაფერი გაეგებოდა უფროსი დის უბედურებისა. ის თავის
სატანჯველს გაურბოდა ყოველდილა, თავის სატანჯველისკენ გარბოდა, რადგან სხვა გზა არც
იმას ჰქონდა. მერე იწვა ჯერ კიდევ სველ სილაზე და ელოდებოდა. დამცხრალი, დამშვიდებული
ზღვა სულ ოდნავ, ძლივს გასაგონად ეტყლაშუნებოდა ნაპირს. სამაგიეროდ დარიაჩანგის ბაღი
გუგუნებდა, ყოველ ამოსუნთქვაზე ვულკანივით ამოაფრქვევდა ხოლმე ფოთოლსა და ყვავილს,
მწიფე ნაყოფის სურნელსა და ჩიტების ჟრიამულს. ფარნაოზი კი პირქვე იწვა და ელოდებოდა.
ახლა მისი მღელვარება უფრო მარტივი იყო, ცულის პირივით ბასრი. ხომ შეიძლებოდა, არ
მოსულიყო, ავად გამხდარიყო, ან აღარ გამოეშვათ ინო შინიდან?! მძიმე იყო მოლოდინი, მაგრამ
მაინც ვერ შეელეოდა, რადგან გუმანითა გრძნობდა, სწორედ ეს მოლოდინი უნდა ყოფილიყო
მისი ერთადერთი იარაღი, როცა ბრძოლა დაიწყებოდა. სხვა არაფერი არ გააჩნდა. იწვა და
იცდიდა. ინო უნდა მოსულიყო. რა უნდა მომხდარიყო ისეთი, ინოს რომ დავიწყებოდა იგი:
უსამართლობის, შეცდომის, გაუგებრობის მეტი ვერაფერი შეაჩერებდა იმას, ვისაც ასე
უცდიდნენ, სილის სიჯიუტით, სილის მოთმინებითა და ერთფეროვნებით. ერთს უნდა დაეცადა,
მეორე კი უნდა მოსულიყო. სხვანაირად არ შეიძლებოდა. მართლა დიდი უსამართლობა

იქნებოდა კაცისაც და ბუნებისაც, სხვანაირად რომ მომხდარიყო. და ისიც მოდიოდა. ქვეყნის
მასპინძელი, სიკვდილის დამთრგუნველი, მოლოდინის პასუხი და გამმართლებელი. სანდლები
ხელში ეჭირა და კოჭამდე წყალში მოშლაპუნობდა. წყალში უფრო ადვილი იყო სიარული, სილა
ფეხებს აღარ ტკენდა. ფართე, ღრმა ნაფეხურებში წყალი ქოთქოთებდა, ერთი ამბით შლიდა
ნაფეხურებს, თითქოს არავის არ უნდა სცოდნოდა მისი ასავალ-დასავალი, თითქოს არსაიდან არ
მოსულიყო და ახლა, ამ წუთას გაეჩინა ზღვისა და მიწის შეუღლებას, არა, მომლოდინე ბავშვის
გონებას. "წყალი თბილია!" - შორიდანვე ეძახდა ინო პირქვე გაშოტილ ფარნაოზს, რომელიც არც
აპირებდა წამოდგომას, რადგან ინო უკვე აქ იყო, მასთან იყო და საკმარისია, თავი წამოეწია,
მაშინვე დაინახავდა. ინო კი მოდიოდა, მოდიოდა, მოდიოდა და, დილის მზის სხივებში
გახვეული, თვალისმომჭრელად ბრჭყვიალებდა, როგორც ტაძრიდან გამოტანილი კერპი.
მერე ფარნაოზს ახალი შიში დასჩემდა. დარიაჩანგის ბაღისკენ მიმავალი, აქეთ-იქით იყურებოდა,
თავს არიდებდა გამვლელებს, ცდილობდა შეუმჩნეველი ყოფილიყო, თითქოს მთელი ქალაქი მას
უთვალთვალებდა, ყველას აინტერესებდა, სად მიდიოდა იგი. მაგრამ აღარც დარიაჩანგის ბაღი
ეგულებოდა საიმედო თავშესაფრად, ხავერდოვანი ჩრდილებით ვეღარ მალავდა მათ სიშიშვლეს.
პირიქით, თითქოს უკეთესად აჩენდა, როგორც ღამე - კოცონს. და აი, ერთ მშვენიერ დღეს მათ
გულუბრყვილო ქვეყანაშიც შემოაღწია ნამდვილმა ცხოვრებამ: ხმაურიანმა, ცოდვიანმა, ტლანქმა
და დაუნდობელმა. მოვიდა ნაფოტების წასაღებად, რადგან მისი აზრით, ისინი უკვე საკმაოდ
გამომშრალიყვნენ მზეზე და უკვე შეიძლებოდა მათი ცეცხლში შეკეთება. ცეცხლს მოშიებოდა,
მეტის მოთმენა კი არ შეეძლო, რადგან ის იყო ერთადერთი გამნათებელი ძველი და გაცვეთილი
გზისა, რომელზედაც დაუსრულებლად მიედინებოდა ადამიანის მარად ლტოლვილი მოდგმა.
ინო და ფარნაოზი დარიაჩანგის ბაღში შეჰფარებოდნენ სიცხეს. თმა ჯერ ისევ სველი ჰქონდათ.
ორ ნაბიჯზე იასამნის ბუჩქი ყვაოდა. ბუჩქს ფუტკარი უტრიალებდა, თითქოს ვერ მიეგნო, ვერ
ეპოვა ბუჩქში შესაღწევი ხვრელი. უცებ შუბუ დაინახეს. "ფარნაოზო!" - იძახდა შუბუ. ბაღის
კიდესთან იდგა, ხელში ორკაპა, კოჟრიანი ჯოხი ეჭირა და მკერდზე დაფენილ წვერს ზღვის ნიავი
უმრუდებდა. ორივენი, ინოცა და ფარნაოზიც, ისე დაფრთხნენ, თითქოს დიდი დანაშაული
ჩაედინათ და სანამ კვალის მოსპობას მოასწრებდნენ, თავზე წამოსდგომოდათ მსაჯული.
ფაცაფუცით გადაიცვეს ტანსაცმელი და ბაღიდან თავჩაღუნულნი გამოვიდნენ.
- სადა ხარ, კაცო, პოპინას ბიჭი გაუჩნდა, - დაიქუხა შუბუმ.
არც გაუგია, როგორ მიირბინა სახლამდე, როგორ შევარდა პოპინას ოთახში, როგორ აკოცა
ხორცის დაჭმუჭნულსა და წითელ ნაჭერს, ქალუკას ხელებში რომ იკლაკნებოდა და ჩხაოდა.
პოპინას ფილამონესაგან გაუჩნდა ბავშვი. პოპინა და ფილამონე თითქმის ტოლები იყვნენ. ჯერ
ქალუკამ იმშობიარა და მერე მარეხმა. მოსალოდნელი განსაცდელით აფორიაქებული მარეხი
ქალუკას საწოლს აღარ სცილდებოდა, თავთით ეჯდა და ერთსა და იმასვე ეკითხებოდა: რას
ვიგრძნობ, როგორ ვიქნები, გავუძლებ თუ არაო. გაძლებით კი გაუძლო, მაგრამ მთელი თვე სიცხე
არ გამონელებია, ბურანიდან ვერ გამოერკვა, გატრუნული იწვა, იღიმებოდა, რძის სუნი ასდიოდა
და მოღეღილ მკერდზე ოფლის მღვრიე წვეთები ცუდად დაფშხვნილ მარილივით ეყარა. ასე რომ,
პირველ ხანებში ფილამონესა და პოპინას ქალუკა ერთად აჭმევდა ძუძუს. თვალი რომ აეხილათ,

ერთმანეთი დაინახეს. არც მერე შეცვლილა რამე. დრო გადიოდა და ისინიც ერთმანეთის თვალში
იზრდებოდნენ. მოსახდელსაც ერთად იხდიდნენ: წითელმა ბატონებმა რომ ჩამოიარეს, ორივენი
ერთ ოთახში დააწვინეს. ქალუკამ მათი ოთახი ჭრელაჭრულა ჭინჭებით მორთო, ჩონგური
ტიტლიკანა ბალღივით ჩაიგორა კალთაში და სამი კვირის მანძილზე გადაბმულად,
გაუჩერებლად მღეროდა. წითელა ბატონები ხველა ბატონებმა შეცვალეს და ბავშვებმა ისევ ერთ
ოთახში ამოჰყვეს თავი. ახლაც ხოტბითა და ტკბილეულით შეეგება ქალუკა ავადმყოფობას,
მაგრამ ამჯერად ჩონგური აღარ გახსენებია. სამაგიეროდ, მთელი სამი კვირის მანძილზე ისინი
არ გაჩუმებულან, სამი კვირა ყვინჩილებივით ყიოდნენ, გაბმულად და ხრინწიანად. ერთად
ყოფნას ისევე მიეჩვივნენ, როგორც სიარულს, ჭამასა თუ ძილს. ყოველ დილა ერთსა და იმავე
სახეებსა და საგნებს ხედავდნენ, ერთ თონეში გამომცხვარ პურსა ჭამდნენ და ერთმანეთის
ნავალზე დადიოდნენ. ცოტა ჭკუაში რომ ჩავარდნენ, გაუკვირდათ კიდეც, თურმე ერთი
ქალბატონის შვილი ყოფილა, მეორე კი - მხევლისა.
მერე კი, პოპინა შევიდა მამასთან და უთხრა: ორსულად ვარო.
უხეიროს წყლული გამორწყვოდა და პოპინა ახალ საფენს ადებდა. უხეიროს დალეული, მოშავომოყავისფრო ქერცლით დაფარული ფეხი ოდნავ შეკრთა, შეთრთოლდა, შეიძლება
ტკივილისგანაც.
- ორსულად ვარ! - გაიმეორა პოპინამ, ბალღამიანი ჩვარი მუჭში მოჭმუჭნა და მამას ჯიუტად
მიაჩერდა.
ასეთი ხმით იმათ ელაპარაკებიან ქალები, ვისიც ეშინიათ, ნერვიული, მბრძანებლური,
გამაღიზიანებელი და ამავე დროს საოცრად უმწეო ხმით. სინამდვილეში ისინი მფარველობასა
და შეწყალებას თხოულობენ, მაგრამ არც ის უნდათ, მთლად ბეჩავნი და საცოდავნი ჩანდნენ
შემწყალებლის თვალში.
უხეირომ მხოლოდ ერთი წამით შეხედა სახეში ქალიშვილს. არც გაოცებულა და არც
აღელვებულა. ადვილი შესაძლებელია, კარგად ვერც ჩაწვდა ნათქვამის აზრს, ვერ აღიქვა მთელი
სიმძაფრითა და სიცხოველით, რადგან ეს დღე აფრისხელა ტილოზე ჯერ არ დამდგარიყო, ჯერ
საერთოდ არ არსებობდა უხეიროს წელთაღრიცხვით და ამიტომაც არც ზემოქმედების უნარი
ჰქონდა. უხეიროსთვისაც ორი დრო არსებობდა: მიმდინარე და აღდგენილი. ოღონდ,
აღდგენილი დრო უხეიროს მიმდინარე დროის დასათრგუნავად სჭირდებოდა. ის დრო მისი
საკუთრება იყო, ერთხელ უკვე გადატანილიცა და მონელებულიც, და ამიტომაც ხელმეორედ
უფრო ადვილად გადასატანი და მოსანელებელი. აქ მისთვის ყველაფერი ნაცნობი და ახლობელი
იყო, ყველასა და ყველაფერს სახელით სცნობდა. ამიტომ თავსაც უფრო ხალვათად და მშვიდად
გრძნობდა. მიმდინარე, ყველასათვის საერთო და სავალდებულო დროის უარყოფა არც უფიქრია,
მაგრამ სხვებივით კი არ მისდევდა მას, არამედ გზაზე ხვდებოდა და აპობდა, როგორც ლოდი
მდინარის ნაკადს, რათა უკანვე, მის ბნელსა და შორეულ წიაღში შეეღწია. "დრო კი მაინც გადის, გაიფიქრა უხეირომ, - არაფერს არ ეპუება. ორცხვირა რომ მოვკალი, სწორედ იმ ღამეს მითხრა
მარეხმა, ორსულად ვარო, ახლა კი მისი ქალიშვილია ორსულად".

- ქალი უნდა დაორსულდეს, - თქვა უხეირომ და სტრიქონის ბოლოს ამოქარგულ ყვავილს ხელი
გადაუსვა.
ხელის სიმძიმის ქვეშ ყვავილი გათბა და გაიბურძგნა.
- ვისგან! - იყვირა პოპინამ. - არ გაინტერესებს, ვინ დააორსულა შენი ქალიშვილი?!
პოპინას უნდოდა რაღაც მომხდარიყო, ჭერი გამსკდარიყო, მიწას დაეღო პირი და ისიცა და
ყველანი თან ჩაეტანა. ანდა მამამისს მაინც ეყვირა, რამე დაემტვრია, შუბი მოეღერებინა, როგორც
იქცეოდა ხოლმე, როცა ფერადი ძაფი შემოაკლდებოდა. პოპინამაც იცოდა, ქალები რომ
ორსულდებოდნენ, მაგრამ არ შეეძლო შეგუებოდა იმ აზრს, რომ მისი დაორსულებაც ყოვლად
ჩვეულებრივი, უმნიშვნელო და უმტკივნეულო შემთხვევა იქნებოდა და მეტი არაფერი. არავის
შეაშფოთებდა, არავის გააბრაზებდა, ანდა გააკვირვებდა მაინც. თვითონ იმდენად ამაზრზენად
და არაჩვეულებრივად ეჩვენებოდა, რაც თავს გადახდომოდა, ეგონა, როგორც კი ჩემი პირიდან
ამოვა ეს ამბავი, ქვეყანა დაიქცევაო, მამაჩემი მოკვდება, მე კი ძაღლებს მომიქსევენ ანდა
ჩამქოლავენო. სინამდვილეში კი არაფერიც არ მომხდარა. ქალუკამ, ეს ამბავი რომ გაიგო,
მუცელზე აკოცა, ღმერთს შეყვარებიხარო; მამამ კი ზედაც არ შეხედა, თითქოს დაგვიანებული და
ამიტომაც ყოვლად უსარგებლო ცნობა მოეტანა მისთვის.
- შენმა მონამ დააორსულა შენი ქალიშვილი, - გაცეცხლდა პოპინა, - ფილამონემ! ფიცრულში
მიიმწყვდია, შენი ფერადი ძაფები პირში ჩაჩარა და კაბა სახეზე წააფარა. მეორე დღეს კი, შენმა
ქალიშვილმა უგონოდ მთვრალი ფილამონე თავის საწოლში ჩაიწვინა, თვითონვე დაპატიჟა.
იმიტომ რომ, მიწაზე გდებას ისევ საწოლი ერჩია. იმიტომ რომ, - ხმას აუწია პოპინამ, - იმიტომ
რომ, კიდევ არ ჩაეჩარათ პირში ეს წყეული ძაფი, კიდევ არ წაეფარებინათ სახეზე კაბა!..
პოპინა უცებ გაჩუმდა, ცოტა ხნის მერე კი, უკვე ჩვეულებრივი, დამშვიდებული ხმით გააგრძელა:
ქალს მხოლოდ ასე შეუძლია თავის დაცვა, როცა სხვა არავინა ჰყავს ქომაგიო.
"ფილამონე, ფილამონე..." - ფიქრობდა უხეირო და მარეხი ახსენდებოდა, პირველი ფეხმძიმობით
დამფრთხალი და აწრიალებული, მთელი ღამეები ერთსა და იმავეს რომ ტიტინებდა, ნეტა
ქალუკამდე მე მოვრჩენილიყავი, ახლა ხომ თავისუფალი ვიქნებოდიო.
ამის მერე დიდ დროს არ გაუვლია და პოპინა ცუდად გახდა, აბაზანაში წამოუარა შეტევამ, ცივმა
ოფლმა დაასხა და ააძიგძიგა. გასაპნული პოპინა ქალუკამ აბაზანიდან ჩვილივით ამოიყვანა და
ტახტზე დასვა. პოპინა რომ გონს მოეგო, ქალუკა მის წინ დაჩოქილიყო და ფეხებს უმშრალებდა.
პოპინამ საწყალობლად გაუღიმა, რადგან უცებ ისევ მწარედ იგრძნო უდედობა და სხვანაირად
ვერ მოახერხა ნუგეშისა და დახმარების თხოვნა. ქალუკამ მკვრივსა და მბზინავ მუცელზე აკოცა,
აქა-იქ კიდევ რომ შერჩენოდა წყლის მსუქანი წვეთები, როგორც გარეცხილსა და პირქვე
დამხობილ ჯამფილას.
უხეირო საწოლში წამოჯდა, თავს ზევით შუბი შემართა და დაიყვირა: ფილამონე შემოვიდესო.
ფილამონე კი კარგა ხნის გაქცეული იყო უკვე. კაციშვილმა არ იცოდა მისი ასავალ-დასავალი;
უხეიროსაც ასე მოახსენეს, არც სიტყვა დაუტოვებია და არც კვალიო. განრისხებულმა უხეირომ
შუბი კედელს სტყორცნა, სამუდამოდ მოიშორა, თითქოს ამ დღისთვის ინახავდა მხოლოდ და ამ

დღის მერე აღარასოდეს დასჭირდებოდა. მოიშორა, განთავისუფლდა. ასევე
განთავისუფლებულმა შუბმაც ურჩხულივით იწივლა, კედელი გააპო და იმანაც სამუდამოდ
შეჰყო თავი ნაპრალში. გარეთ დარჩენილი სხეული კიდევ კარგა ხანს უთრთოდა და
უზუზუნებდა.
მერე, როცა მთელი სახლი პოპინას პირმშოს ჩვრებითა და არტახებით გაივსო და თავისუფალი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.