Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18

Total number of words is 3775
Total number of unique words is 1967
34.5 of words are in the 2000 most common words
49.1 of words are in the 5000 most common words
56.7 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
წარმოდგენით, შავთვალება მალალოც უნდა აეღელვებინა, გაეხარებინა: ეს რა კარგი დღე
გამითენდა, ჩემს ნაბოლარას რა ერთგული პატრონი გამოსჩენიაო. სინამდვილეში კი სხვანაირად
ხდებოდა. ფარნაოზი დამუნჯებულიყო, გამოშტერებულიყო და ყველაფერი დავიწყნოდა,
შავთვალება მალალო კი ამთქნარებდა და წინა კბილებით ყურძნის მარცვალს ხეთქავდა: "ფული
ხომ მოგიტანე... ფული ხომ მოგიტანეო", - უაზროდ იმეორებდა გუნებაში ფარნაოზი, ხოლო
როცა შავთვალება მალალომ სიმღერის ნაცვლად ჩვეულებრივად დაილაპარაკა, გაოცებისაგან
პირი დააღო.
- ჩემი გოგოები არ თხოვდებიან, - თქვა შავთვალება მალალომ და უცებ წამოდგა, კი არ წამოდგა,
ახრჩოლებულ ნეშოს ბოლივით წამოიზლაზნა, იატაკზე დაყრილ ფულს გადმოაბიჯა და
კარისკენ წაბაჯბაჯდა. ფარნაოზმა უნებურად იქით გაიხედა, საიდანაც შემოვიდა. არა, ეს სხვა
კარი იყო, რომელიც ფარნაოზს აქამდე ვერ შეემჩნია, რადგან ფარდა მალავდა. ფარდაზე
ქალთევზა ამოექარგათ და როცა შავთვალება მალალომ ფარდა გადასწია, უცებ გაქრა, თითქოს
მართლა წყალში ჩაყვინთაო. შავთვალება მალალო კარს ფერდით მიაწვა, უხმაუროდ შეაღო
ოდნავ, ღრიჭოში ფეხი ჩადგა და ფარნაოზს ანიშნა, მოდიო. ფარნაოზი ბრმად დაემორჩილა
ბრძანებას, ასევე ბრმად მივიდა კარამდე და ღრიჭოში შეიხედა, თუმცა არავის უთქვამს,
შეიხედეო. მიხვდა, ამისთვის ეძახდნენ. მაშინვე ლოყაზე შავთვალება მალალოს უზარმაზარი
მკერდი მიებჯინა და ისე შეკრთა, თითქოს ქალთევზა გაელამუნაო. ფარნაოზმა ჯერ ყურძნით
სავსე თასი დაინახა, ზუსტად ისეთივე, მაგიდაზე რომ ედგა შავთვალება მალალოს, მერე ქალი
და კაცი. ისინი მაგიდასთან ისხდნენ და ყურძენს შეექცეოდნენ. ქალმა უცხო თვალი იგრძნო,
გამოიხედა და შეშინებულივით მკერდზე ხელები აიფარა. მართალია, ფარნაოზს ხმა არ
გაუგონია, მაგრამ იმ ქალს ისეთი სახე ედო, თითქოს შეჰკივლა კიდეც. კაცმაც კარისკენ
გამოიხედა. "ნეტავ ვინ არის ეს კაციო", - დაინტერესდა ფარნაოზი, თითქოს მხოლოდ ამის

გასარკვევად იყო მოსული. შავთვალება მალალო იცინოდა, ამას ლოყით გრძნობდა ფარნაოზი,
ათახთახებულ მკერდზე მიბჯენილი ლოყით, და სული ეხუთებოდა, თითქოს ქალთევზას ისიც
წყალქვეშ ჩაეთრია და უჰაუროდ მეტს ვეღარ გაძლებდა.
- რატომ? - ამოიხრიალა ფარნაოზმა ისე, რომ თვითონაც არ იცოდა, რას კითხულობდა, ინოს
მიმართავდა თუ შავთვალება მალალოს, თუ არც ერთსა და არც მეორეს.
როგორც კი გამოვიდა იმ სახლიდან, მაშინვე ცეცხლი დაინახა. ბავშვებს ხმელი ფოთლები
მოეგროვებინათ და წვავდნენ. "აი თურმე საიდან მცემდა ცეცხლის სუნიო", - სულელურად,
სამშვიდობოზე გამოსული კაცივით გაუხარდა ფარნაოზს.
ინო იმავე დღეს დაასაფლავა. სასაფლაოზე ღამე მივიდა, სამარე გათხარა, შინ მამის სატრფიალო
ბარათიდან გამოკვეთილი ინოს თავი ჩააგდო და მიწით ამოავსო. საფლავს კუზი რომ გაუჩნდა,
ზედ გადაემხო. დაქანცულიყო და მკლავები ტკიოდა. ღამე ძილ-ღვიძილში გაეპარა, ჩათვლემდა
თუ არა, ქალთევზა ესიზმრებოდა. წყლიდან მხოლოდ თავი და შიშველი მკლავები ამოეყო,
ქერცლიანი კუდი კი წყალში ამაზრზენად ერხეოდა. "მოდი, ბიჭო, რა გაჩვენოო", - ეძახდა
ქალთევზა და შეშინებული ფარნაოზიც მაშინვე დააჭყეტდა ხოლმე თვალს. როცა საბოლოოდ
გამოფხიზლდა, ქვეყანა ადგილზე დაუხვდა, არაფერი არ შეცვლილიყო. მამლები ყიოდნენ,
ჩიტები ჟივჟივებდნენ, სადღაც სახედარი ყროყინებდა, ვიღაცას უკვე ჩაეხურებინა თონე და
ცხელი პურის სუნი აქამდეც აღწევდა, სასაფლაომდეც, სადაც არავის აღარ სჭირდებოდა იგი.
ფარნაოზს კი მოშივდა, პურის სურნელმა გული აუყინცლა და სახლი მოანატრა. ერთი სული
ჰქონდა, როდის მიაღწევდა შინამდე.
ამის მერე ფარნაოზი თითქმის ყოველღამე მოდიოდა ინოს საფლავზე. ეშინოდა, მაგრამ მაინც
მოდიოდა, რადგან მკვდარს მიხედვა უნდოდა, ინო კი მისი მკვდარი იყო, არა, მკვდარი ინო იყო
მისი. მაშინვე საფლავს გადაემხობოდა ხოლმე და ლაპარაკობდა, ხმამაღლა ლაპარაკობდა,
უაზროდ და უსასრულოდ, ქალთევზაზე რომ არ ეფიქრა, ინოსაც რომ არ შეშინებოდა სიბნელეში,
მიწის ქვეშ. "გამარჯობა, გამარჯობა, ინო!" - ჩურჩულებდა, ყვიროდა ინოს საფლავზე პირქვე
დამხობილი ფარნაოზი და საკუთარი ამონასუნთქით გამთბარი მიწის ხორკლიანი ზედაპირის
შეხება შიშნარევი, მაგრამ მაინც სასიამოვნო ჟრუანტელით ავსებდა, როგორც მისი ვნებისა და
ტკივილის მოზიარე, დამყოლი და სამუდამოდ დანებებული არსება. გარემო კი მართლა შიშის
მომგვრელი იყო. აკლდამების თაღებში ღამურები წიოდნენ, მათი მუქი ლანდები სულებივით
დაბორიალობდნენ, თითქოს ისინიც საფლავზე გადამხობილ ბიჭს დაეძებდნენ, თმა რომ
დაეწიწკნათ, თვალები დაეთხარათ და გაეძევებინათ თავიანთი სამფლობელოდან, რადგან ის
ბიჭი ახალ მკვდართან გამოლაპარაკების საშუალებას არ აძლევდათ, ახლოს არ უშვებდათ,
საფლავს კრუხივით გადაფოფროდა და მღეროდა. ფარნაოზი მართლა მღეროდა, შიში რომ
დაეფრთხო, შიშს რომ მორეოდა და თავქუდმოგლეჯილი არ გაქცეულიყო აქედან.
დაბნეულ ფეტვის მარცვალსააა
ვინ მოჰკრეფს წიწილის მეტიი...

მღეროდა ცრემლისგან დაგლეჯილი ხმით საფლავის ბორცვზე გადამხობილი ფარნაოზი და
დარწმუნებული იყო, ინო უსმენდა.
ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო: მამამისს ფეხები უნდა მოემტვრია, ცუგა
ფეხსადგილის ორმოში უნდა ჩავარდნილიყო, ინოს ვიღაც უცხო კაცთან ერთად ყურძენი უნდა
ეჭამა და ფარნაოზის დანახვაზე შეეკივლა; ფარნაოზის დანახვას ისევე უნდა შეეშინებინა,
როგორც ლურჯ აქლემზე ამხედრებულ სიკვდილს. განა მართლა ასე არ იყო? ფარნაოზს
ყველაფერი ხელში უკვდებოდა, რადგან გაჩენამდე, თუ გაჩენისთანავე ჩაედინა ყველაზე დიდი
მკვლელობა: დედა მოეკლა, სიცოცხლე. "არაფერი არ მახსოვს, არაფერი", - ეუბნებოდა ხოლმე
ფარნაოზი უხილავ მსაჯულს, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, ახსოვდა თუ არა, როგორ მოეკლა დედა.
რა შეიცვლებოდა ამით? დანაშაული ჩაედინა და მის დასამტკიცებლად უფრო მეტი საბუთი
არსებობდა, ვიდრე უარსაყოფად. ყველაზე დიდი საბუთი კი აქვე, სასაფლაოზე ესვენა,
დედამისის ცხედარი, ნაშთი. ფარნაოზი თავიდანვე აუჯანყდა ამ საშინელ ბრალდებას, მისმა
არსებამ ვერ მიიღო, ვერ დაიჯერა, მაგრამ შეძრწუნდა, ტანმა შეაწუხა, ტანს ახსოვდა რაღაცა, რაც
უგონობის ჟამს მომხდარიყო. ის იმ კაცს ჰგავდა, წინადღის ნალოთარს, გაღვიძებისა რომ ეშინია,
არაფერი არ ახსოვს, მაგრამ ტანი ცუდს უგრძნობს. ფარნაოზსაც დიდხანს არ უნდოდა გაღვიძება,
დიდხანს ებრძოდა, იგერიებდა სიფხიზლეს, დიდხანს იფარებდა თავზე ბალიშს, გაღვიძებული,
განათებული ქვეყნის ხმები რომ არ გაეგო, სიმართლით სავსე ხმები. მას ისევ ქალუკას ტყუილი
ერჩია. ხომ შეიძლებოდა, მართლა უდედოდ გაჩენილიყო, მართლა წვიმას ჩამოყოლოდა ციდან?
ფარნაოზს თავიდანვე უგრძნო ბავშვურმა ალღომ, რომ ერთადერთი ხსნა, თუკი საერთოდ
არსებობდა იგი, ამ ლამაზ ტყუილში იმალებოდა. ისიც ორივე ხელით ჩააფრინდა ტყუილს.
დედამისი არ არსებობდა, ამიტომ ვერც მოკვდებოდა, ფარნაოზი ვერ მოკლავდა დედას, რადგან
დედა არ ჰყავდა. საუბედუროდ, მარტო ფარნაოზი ფიქრობდა ასე, დანარჩენი, რაც კი მის
გარშემო არსებობდა, სულიერიც და უსულოც, საწინააღმდეგოს ადასტურებდა, თუნდაც
ჭინჭილა, რომლიდანაც დედას უყვარდა თურმე წყლის დალევა; სკამიც, რომელზედაც ჯდებოდა
ხოლმე; აფრისხელა ტილოც, რომელშიაც მისი ცხედარი ყოფილა გახვეული და რომელზედაც
ახლა მამამისი ქარგავდა; მამამისიც, ყველაზე მეტად მამამისი, განა "სატრფიალო ბარათები"
მხოლოდ და მხოლოდ იმას არ ადასტურებდა, ოდესღაც მართლა რომ არსებობდა დედა,
სუნთქავდა, დადიოდა, იღიმებოდა და ისე უყვარდა კაცს, ამ სიმძიმე ბარათებს უგზავნიდა.
ერთხელ კი პოპინამ ისიც უთხრა, დედის თვალები გაქვსო. ფარნაოზს თავზარი დაეცა, არა
მარტო მოეკლა დედა, არამედ გაეძარცვა კიდეც. წყალს თვალდახუჭული სვამდა, უნებურად
საკუთარი თვალები რომ არ დაენახა ჭიქაში, ჭინჭილა დაამტვრია, სკამი მოიპარა და დაწვა, მამის
სატრფიალო ბარათებიდან ძაღლის თავები გამოჩორკნა, რადგან მაშინ ჯერ კიდევ ეგონა, ეს იყო
ერთადერთი გზა, ამბოხი, შეურიგებლობა, უარყოფა ყველაფრისა, რაც დედამისის არსებობას
ადასტურებდა. ფარნაოზი მაშინ ბავშვი იყო და ბავშვურად, უშედეგოდ ებრძოდა სინამდვილეს.
სინამდვილეში, ის ამ ქვეყნად სასჯელის მოსახდელად გადმოესახლებინათ, რადგან მხოლოდ აქ
შეიძლებოდა სასჯელის მოხდა, დანაშაულის გამოსყიდვა, დღითი დღე, წვეთწვეთობით,
უსასრულოდ. ეს ქვეყანა სასჯელის მოსახდელი ადგილი იყო და სხვა ქვეყანა არ არსებობდა
მისთვის. თუ არსებობდა, უნდა დაევიწყებინა, როგორც ის ქვეყანა, საიდანაც გადმოასახლეს აქ,

სადაც, ალბათ, ბედნიერიც იქნებოდა, რადგან დანაშაული ჯერ არ ჰქონდა ჩადენილი.
ყველაფერი, რაც აქ გადახდომოდა და კიდევ გადახდებოდა თავს, სასჯელში შედიოდა. მას
არაფერი არ ეკუთვნოდა აქ, გარდა იმისა, რაც უკვე მომკვდარიყო, ან სამუდამოდ დაკარგულიყო.
ისიც ფიქრის ძონძში უნდა გამოეკრა და ყველასაგან დაემალა, როგორც მათხოვარს ერთადერთი
ოქრო, რომლის იმედითაც უდგას სული, თუმცა ვერ მოუხმარია, რადგან გამოჩენისა ეშინია,
წაართმევენ: შენ ეს ოქრო ვინ მოგაშავაო. უნდა გაჩუმებულიყო, გვერდზე გამდგარიყო, თავი
ჩაეღუნა, რათა ისიც არ დაეკარგა, რაც ჰქონდა, რაც მართლა მას ეკუთვნოდა. სასჯელის მოხდის
მეტი არაფერი ევალებოდა, არც არაფერს სთხოვდნენ სხვას, მაგრამ სასჯელი კი არა,
დანაშაულთან შეგუება იყო ძნელი. სასჯელმა დაამშვიდა კიდეც, გაართო, საქმე გაუჩინა, მაგრამ
დანაშაულის არსებობაშიც სამუდამოდ დაარწმუნა. ახლა თანაგრძნობა უნდოდა ფარნაოზს, მეტი
არაფერი, მეორე კაცი, მის ბედქვეშ მყოფი, მისი ბედის მოზიარე. ეს კი ბევრს ნიშნავდა,
წარმოუდგენლად ბევრს, რადგან ყველას თავისი ბედი ჰქონდა, თავისი გზა, თავისი სასჯელი.
ყველა თანაგრძნობას მოითხოვდა. მამამისს ფეხები ჰქონდა მომტვრეული; ცუგას მთელი
სიცოცხლის მანძილზე მხსნელის გაბინძურებული ფეხები უნდა ელოკა; ინოს უცხო კაცთან
ერთად ყურძენი უნდა ეჭამა, მას კი ქვა უნდა ემტვრია სატეხითა და ჩაქუჩით. არა, მოთმინებით,
მორჩილებითა და იმედით, იმედით, იმ იმედით, მართლა რომ შეძლებდა დანაშაულის
გამოსყიდვას. მართლა აპატიებდა დედა! ფარნაოზმა უკვე იცოდა, დედა რომ არსებობდა
ოდესღაც, ლამაზი და ბედნიერი; ისიც იცოდა, მისი საბრალო ნაშთი სადღაც აქვე, ამავე
სასაფლაოზე იყო დამარხული, მიწაში, ღრმად, რაც შეიძლება მეტ სინესტესა და სიბნელეში,
მაგრამ დღითი დღე უფრო ახლობელი, ძვირფასი და აუცილებელი ხდებოდა მისთვის დედა,
რომელიც არასოდეს ენახა, ანდა დავიწყებოდა, გაჩენისთანავე, როგორც კი მოსწყვეტოდა მის
ვარდისფერ წიაღს. დედა გაღვიძებისთანავე დავიწყებულ სიზმარს ჰგავდა, უკვალოდ გამქრალს.
თუმცა მთლად უკვალოდ არა, გულისამაჩუყებელი, სევდანარევი ბედნიერების შეგრძნება
დაეტოვებინა, თვითონ კი დაკარგულიყო, მსუბუქი და ჰაეროვანი. მაგრამ სადღაც აქვე, კიდევ
იყო პატარა მიწა, მიწის ნაგლეჯი, რომელსაც მისი სახელი ერქვა, მისი ხორცითა და სისხლით
გაჟღენთილი, მისი ძვლებით გამკვრივებულიყო და მისი სურნელი ასდიოდა. ფარნაოზმა
ზუსტად არ იცოდა, სად იყო ეს მიწა, მიწის ეს პატარა ნაგლეჯი. არც არავისთვის უკითხავს,
რადგან ეშინოდა, ერიდებოდა, ეგონა, დედის ნაშთს შეაშფოთებდა, შეაწუხებდა მისი დანახვა. ან
თვითონ რა პირით უნდა მისულიყო, რა ეთქვა, როგორ ეთხოვნა თანაგრძნობა მკვლელს
მსხვერპლისათვის, რაც არ უნდა უნებური, შეუგნებელი, ბრმა და უმეცარი მკვლელი
ყოფილიყო?! ფარნაოზი ისე გაიზარდა, არასოდეს არ გასტირებია დედას. ახლა ხელ-ფეხის
გაფარჩხვა და გადაფიჩინება აღარ შეჰფეროდა, ქვეყნის სასაცილო გახდებოდა, მაგრამ მისი
ბუნება, მეორე, სხვებისთვის უხილავი ფარნაოზი, ახლაც ცრემლებით ჩამოთხუპნული
ბალღივით იდგა და მწარედ, გულსაკლავად, ბალღურად შესტიროდა კარს, სამუდამოდ რომ
გაეხურა დედას. ფარნაოზმა, შეიძლება, ინოს საფლავიც იმიტომ მოიგონა, დედასთან ახლოს
ყოფილიყო, დედასაც დაენახა, როგორ იტანჯებოდა მისი შვილი, მისი მკვლელი; არ ჰგონებოდა,
არ ეფიქრა, არ დაეჯერებინა, რაც მთავარია, არ დაეჯერებინა, შესაძლებელი რომ იყო მისი
დავიწყება. არა, დედის დავიწყება არ შეიძლებოდა. მით უფრო მკვდრისა. ინოს დამარხვაც
მკვდარმა დედამ შთააგონა ფარნაოზს. თითქოს რაც კი ძვირფასი გააჩნდა, დედასავით
მიწისთვის უნდა მიებარებინა. ფარნაოზი ბავშვი აღარ იყო, ქალუკას ტყუილში ვეღარ ჩაეტეოდა.

სხვა რამე უნდა მოეფიქრებინა, საქმისთვის უნდა მოეკიდა ხელი, როგორც მამამ ურჩია,
ნაავაზაკარსა და პირველი დამარცხებით დაკრუნჩხულს. თუმცა, საქმეს უკვე მოკიდებოდა,
ქვისმთლელად მუშაობდა და დილიდან საღამომდე ნაცრისფერ ქვას დასცქეროდა. ამ საქმეში
უხდიდნენ ფულს, რათა მასაც ყოველ საღამოს ამოეღლიავებინა საკუთარი ოფლით ნაშოვნი
პური. მაგრამ ქვა ეშმაკიც იყო, პურს კი აჭმევდა, მაგრამ თავის საქმესაც აკეთებდა: ფარნაოზს ერთ
ადგილზე აბამდა, მის ფიქრსა და სურვილებს იწოვდა და აქვავებდა. ამ აღმოჩენამ ფარნაოზი
ცოტათი გამოაფხიზლა და როცა ირგვლივ მიიხედ-მოიხედა, დიდი დრო გასულიყო, საკუთარი
ქალაქის ცნობაც გაუჭირდა, მისივე მოპირკეთებული ტაძრებისა და მისივე მოკირწყლული
ქუჩებისა. ქალაქს ისევ ვანი ერქვა, მაგრამ ფარნაოზი უცხოსავით დაბორიალობდა ქუჩებში.
ბევრი რამ შეცვლილიყო, ბევრი რამ მომხდარიყო მის გარშემო; იმდენ ხანს უკაკუნა ფარნაოზმა
ქვას ჩაქუჩი, სანამ თვალი არ აეხილა უიმისოდ მომხდარ ცვლილებათა სახილველად. კუსას
ორსართულიანი სახლი აეშენებინა და ბავშვობის ოცნებაც აესრულებინა: ღვინის ვაჭარ ბახას
ქალიშვილი შეერთო ცოლად, მასზე ბევრად უფროსიცა და მაღალიც. "რამე თუ გამიჭირდა, ჩემი
ქალის კისერზე ჩამოვიხრჩობ თავსო", - ხუმრობდა კუსა.
ღვინის ვაჭარმა ბახამ ისევ რომ დაინახა კუსა, მაშინვე ჰკითხა: რომელი გინდაო.
"რომელსაც მეტი მზითვი აქვსო" - მაშინვე უპასუხა კუსამაც.
- უფროსს - უთხრა ღვინის ვაჭარმა ბახამ.
- შენი სამივე ქალიშვილი ჩემზე უფროსია - არც ახლა დაიბნა კუსა.
- მე ყველაზე უფროსზე მოგახსენებ - თქვა ღვინის ვაჭარმა ბახამ.
- კეთილი და პატიოსანი - უპასუხა კუსამ და გუნებაშიც სამჯერ ზედიზედ გაიმეორა: კეთილი და
პატიოსანი, კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანიო.
კუსამ ქორწილი ახალ სახლში გადაიხადა. ისეთი სუფრა გაშალა, მეფის მოხელეს რომ
ეკადრებოდა, ის ხომ მეფის სამსახურში იდგა, მეფის კაცად ითვლებოდა, ყოველ დილით
სასახლეში შედიოდა და ყოველ საღამოს სასახლიდან გამოდიოდა. მარტო ესეც ეყოფოდათ
მტრებს თვალის დასაბრმავებლად. მტერს კი უბნელებდა თვალს, მაგრამ რომ გეკითხათ,
თვითონაც ვერ გიპასუხებდათ, რაში უხდიდნენ ფულს, რა ერქვა მის სამსახურს. ის კი უთხრეს:
რაკი მეფის სამსახურში დგახარ, ყველაფრისთვის საჭირო ხარო, მაგრამ მაინც ძნელი ასახსნელი
იყო, რა იგულისხმებოდა ამ "ყველაფერში". ამიტომაც, პირველივე ხელფასით ტყავის ტომარა და
ყველანაირი ხელსაწყო იყიდა, ვინძლო უცებ დამჭირდეს, ხელთა მქონდესო. დანა, ხელეჩო,
წალდი, ხერხი, ბურღი და შალაშინი ერთად ჩაჰყარა ტომარაში და ხალისით შეუდგა ბოლომდე
გაურკვეველი, განუსაზღვრელი და ამიტომაც უფრო მომხიბვლელი მოვალეობის აღსრულებას.
თუმცა, სამსახურმა ასეთივე გაურკვეველი შიშიც გაუჩინა კუსას. შიში უმთავრესად ძილის წინ
გამოუცოცდებოდა ხოლმე გათამამებულ ვირთხასავით და წითელსა და უძრავ თვალებს იქამდე
არ მოაშორებდა, სანამ არ ააფორიაქებდა, სანამ გიჟივით არ წამოაგდებდა საწოლიდან.
რას არ ფიქრობდა მაშინ კუსა, რა არ ელანდებოდა, ვითომ მთელი სასახლე ხელებში შეჰყურებდა,
ის კი ვერ მიმხვდარიყო, რა იყო გასაკეთებელი, რას თხოულობდნენ მისგან; არ იცოდა, როგორ

მოქცეულიყო, რომელი ხელსაწყო ამოეღო პირველად. "აცალეთ, აცალეთ, თვითონ მოიფიქროსო"
- ვითომ ოყაჯადოს ხმაც ესმოდა და ეს ხმა უარესად აბნევდა, ოფლში იწურებოდა, საცოდავად
აცეცებდა თვალებს, თუმცა დარწმუნებული იყო, არავინ მიეშველებოდა, არავინ უკარნახებდა,
რადგან ყველას შურდა მისი წარმატება და ერთი სული ჰქონდათ, როდის წაართმევდნენ
ადგილს. "ცოტაც მადროვეთ, ახლავე მოვიფიქრებო", - უნდოდა ეთქვა, ეთქვა კი არა, ებღავლა,
მაგრამ ხმა არ ამოსდიოდა, ყელიც დახშობოდა, წითელთვალება ვირთხა ჩაფრენოდა ყელში.
ამგვარ ტანჯვა-წვალებაში დაანთდებოდა ხოლმე, მაგრამ დღის სინათლე ყველაფერს ერთბაშად
ავიწყებდა. მხარზე გადაგდებული ტომრის სიმძიმე ხალისსა და რწმენას უბრუნებდა და გულში
სიამაყისგან კროჭინობდა, მისი ტომრის ჟღრიალით გამოღვიძებული ქალაქი შეშინებული რომ
აყოლებდა თვალს შუა ქუჩაში თავისუფლად, თამამად, მბრძანებლურად მიმავალ მეფის
მოხელეს. ასე ჟღრიალ-ჟღრიალით შედიოდა სასახლეში, მცველებს ზედაც არ უყურებდა.
კაციშვილმა არ იცოდა, რა ეწყო ტომარაში, ტომრის ხმას კი ყველა ცნობდა, მთელი ქალაქი,
რადგან ქალაქს დღეში ორჯერ უნდა მოესმინა ეს ხმა. დილა-საღამოს, როგორი ამინდიც არ უნდა
ყოფილიყო, ცა რომ ჩამოსულიყო ფეხად. მთელი დღე უსაქმოდ დაბორიალობდა კუსა
სასახლეში, ხან სად შეეხეტებოდა და ხან სად. სახაბაზოში პურს წაიციცქნიდა, მარანში ღვინოს
მოწრუპავდა, საქალებოში ერთ-ორ ბილწ სიტყვას შეაგდებდა და ამასობაში საღამოც მოაწევდა.
"კეთილი და პატიოსანიო" - სამჯერ ზედიზედ გაიმეორებდა გუნებაში, როცა გამოუცხადებდნენ:
დღეს საჭირო აღარ ხარო, ტყავის ტომარას ზურგზე მოიგდებდა და შინისკენ გამოსწევდა.
შინისკენ კი არა, დილეგისკენ, ორ დედაკაცს რომ ამოეთხარა თავიანთი ცოდვის დასამალავად,
დასამარხად. მაგრამ კუსა იმის ჩიტი არ იყო, თავი ცოცხლად დაემარხვინებინა ვინმესთვის. ის
უკვე ყველაფერს მიხვედრილიყო და თუ ისევ, თანაც საკუთარი ფეხით, ბრუნდებოდა ხოლმე იმ
ცოდვის დილეგში, ისიც იმიტომ, ჯერჯერობით სხვაგან წასასვლელი რომ არ ჰქონდა. როცა
სახლი აიშენა, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა შვებით, მხოლოდ მაშინ გაიმართა წელში საბოლოოდ
და დარწმუნდა კიდეც, უკვე შეეძლო დაუფარავად გამოემჟღავნებინა ის ზიზღი, დედისა და
ბებიის მიმართ რომ გასჩენოდა. დედაცა და ბებიაც, ერთიცა და მეორეც მხოლოდ და მხოლოდ
საკუთარ ნაბიჭვრობას ახსენებდა კუსას. ეს კი ერთადერთი საფუძვლიანი წუხილი იყო,
მოსვენებას რომ უკარგავდა, საქმეშიც რომ უბორკავდა ხელ-ფეხს, რადგან გრძნობდა, უფრო მეტს
შეძლებდა, უფრო თამამად მოიხვეჭდა მოსახვეჭს, ამ ორ დედაკაცს მეტი სიდინჯე რომ გამოეჩინა
თავის დროზე. მარტო სამ ადამიანს, თვითონ და იმ ორ დედაკაცს რომ სცოდნოდა ეს ამბავი,
კიდევ მოევლებოდა საქმეს, მაგრამ უკვე მთელმა ქალაქმა იცოდა მისი ნაბიჭვრობა, უკვე კი არა,
მასზე ადრე, მის გაჩენამდე და ეს აცოფებდა სწორედ, უფრო ადრე რომ იცოდნენ სხვებმა, რაც
მარტო მას ეხებოდა. ამ მართლაც გამოუსწორებელი უსამართლობის სათავე კი ის ორი დედაკაცი
იყო, მისი საკუთარი დედა და ბებია, რადგან ერთმა გააჩინა, მეორემ კი დაიწვინა კაცი, რომლის
მეშვეობითაც კუსა მოევლინა შურიანსა და დამცინავ ქვეყანას, დაუფიქრებლობის, სიბეცის,
სულსწრაფობის ნაყოფი.
სახლი რომ აიშენა, ცოტა დამშვიდდა, თითქოს მართლა დილეგიდან ამოვიდა და სამარადისო
თავისუფლება მოიპოვა. მართლაც ასეთი გრძნობა ჰქონდა, როცა პირველად შეიკეტა ჯერ კიდევ
ნესტიანსა და მოუწყობენ სახლში და ჭუჭყიან იატაკზე გულაღმა გაიშოტა, როგორც მენახირე
მინდორში.

- ახლა მე ჩემი საკუთარი სახლი მაქვს, - ცრემლნარევი მღელვარებით, თითქმის ჩურჩულით
უთხრა კუსამ ჭერს, თითქოს მენახირემ ვარსკვლავებს თავისი დაფარული სიყვარული
გაუმხილაო.
სანამ ცოლს შეირთავდა, კუსა აბაზანაში წვებოდა. ასე კი ორი მოსაზრების გამო იქცეოდა. ჯერ
ერთი, ეთანაღრებოდა საგულდაგულოდ, ლამაზად გაწყობილი, გემბანისხელა საწოლის
ყოველდღე აშლა და აწეწვა. ეს საწოლიც მისი ნაყიდი იყო და განსაკუთრებულად უყვარდა,
უფრთხილდებოდა კიდეც, თითქოს ზედ რომ დაწოლილიყო, რამეს ატკენდა, დაამახინჯებდა.
შინისკენ იმიტომაც მიუხაროდა, საწოლისთვის დაეხედა, მისი სიდიადითა და სიმტკიცით
მოხიბლულიყო, მისი სისუფთავით, რათა უარესად გამძაფრებოდა, გაძნელებოდა
მოსალოდნელი სიამტკბილობის, მოსალოდნელი მგზავრობის მოლოდინი. საწოლიც
მოთმინებით ელოდა თავის პირველ მგზავრებს, როგორც ნავსადგურში დაყენებული ხომალდი.
მეორეც ერთი, გრანიტის ცივ აბაზანაში ცოტა ეძინა და ბევრს ფიქრობდა. საფიქრალი კი
მართლაც ბევრი ჰქონდა, ხელთან ერთად თავიც უნდა გაენძრია, ცხოვრებას რომ არ
ჩამორჩენოდა. კუსას თავის შემთხვევით მამაზედაც უყვარდა ფიქრი და ამ ფიქრში ყოველთვის
ერთსა და იმავეს ხედავდა: ფილამონეს დაძენძილი ნაჭერი შემოეხვია თეძოებზე და ტრიალ
მინდორში გარბოდა, ოფლიან ზურგზე მიწა და ხრეში ასწეპებოდა, თითქოს გულაღმა მძინარე ეს
წუთია წამოუგდიათო. "სად გარბიხარ, სად?! ნახე მაინც, როგორ ცხოვრობს შენი შვილი" მისძახოდა კუსა გაქცეულ მამას და ნეტარებით ეღიმებოდა, ფილამონე დაფეთებული რომ
გარბოდა ტრიალ მინდორში, უგზო-უკვალოდ, უკანმოუხედავად. ბევრჯერ სცადა კუსამ თავისი
შემთხვევითი მამის წარმოდგენა, მაგრამ ყოველთვის გაქცეული კაცის ოფლიან ზურგს ხედავდა
მხოლოდ. კუსას კი უნდოდა, ნატვრად ჰქონდა, ერთხელ მაინც შემოტრიალებულიყო ის
გაქცეული კაცი, სახე ეჩვენებინა, რადგან სწორედ სახეში უპირებდა ჩაფურთხებას.
კუსა საქმის კაცი იყო, სად ეცალა ვიღაც დამთხვეულის სადევნებლად. დრო გადიოდა, ქვეყანა
დუღდა და გადმოდუღდა, საქმეს კი მოცდა არ უყვარდა. არც კუსა აცდევინებდა, ჯერ
მოსინჯავდა და თუ ჭკუაშიც დაუჯდებოდა, მთელი გულითა და სულით მოეკიდებოდა ხოლმე.
მისი ქორწინებაც ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანი იყო, დიდი ხნის წინათ დაწყებული, მაგრამ
ჯერ კიდევ დაუმთავრებელი, რადგან მისმა სიმამრმა აღთქმული ფულის განაღდება თავის
სიკვდილამდე გადაუდო, ასე უფრო შეგენახებათო. კუსას სასაცილოდ არ ეყო სიმამრის
"სიფრთხილე", მაგრამ მაინცდამაინც აღარც თვითონ გაჯიქებულა, მთავარი გაკეთებული
ჰქონდა, ორმეტრიანი თამასუქი ხელში ეჭირა და, მართლაც, რაღა მნიშვნელობა ჰქონდა, სად
იდებოდა ფული კიდევ ერთ-ორ წელიწადს. დღეს თუ ხვალ ღვინის ვაჭარი ბახაც უნდა
გამგზავრებულიყო იმ ქვეყანაში, საიდანაც უკან აღარ ბრუნდებოდნენ. ისიც ადამიანი იყო და
ბევრიც რომ სდომებოდა, მაინც ვერ გამოეკერებოდა ცას. სამაგიეროდ საქორწილო ღვინო
გამოუგზავნა სიმამრმა და ამანაც გამოუკეთა გუნება, თუმცა მაინც უბღვერდა თავის აყლაყუდა
მეუღლეს, არ გეგონოთ, ყველაფერს მოვითმენო. ქორწილმა მხიარულად ჩაიარა, უჩვეულო,
ასაკითაც და გარეგნობითაც ერთმანეთისთვის ყოვლად შეუფერებელმა წყვილმა ხალხი ქეიფის
გუნებაზე დააყენა. მართლაც, პატარძალი დედად უფრო შეჰფეროდა სიძეს, ვიდრე ცოლად.
ერთიცა და მეორეც ასაკის დამალვას ცდილობდა, ერთი იკლებდა, მეორე იმატებდა და ამიტომაც
ორივენი სასაცილონი იყვნენ. კუსა აღგზნებული აძალებდა ყველას სიმამრის ნაჩუქარ ღვინოს და

არც თვითონ იკლებდა, მაგრამ მეტი მოუვიდა, ქორწინების პირველი ღამე, მეუღლის მკლავებზე
გადაკიდულმა, სიმამრის ლანძღვა-გინებაში გაატარა: ფულს ვინ ჩივის, მგონი, მომწამლა იმ
დამპალმა წუწურაქმაო. მაგრამ კუსამ მეუღლეს მაინც მისცა ნება, გემბანივით ფართო და
მომლოდინე საწოლი აეწეწა. საწოლშიც ფულზე ლაპარაკობდნენ. კუსა მთელი ღამე შფოთავდა,
შუბლზე გადაფენილ სველ ტილოს წარამარა იშორებდა და მწვანედ იფურთხებოდა. პატუ (ასე
ერქვა კუსას ცოლს) უფრო არხეინად იყო, მამაჩემის ტყუილი ვის გაუგიაო, ამშვიდებდა ქმარს და
მხოლოდ იმას ნანობდა, ამდენი ხნის ნანატრ ღამეს ცოლობის ნაცვლად დედობას რომ უწევდა
კუჭამობრუნებულ მეუღლეს.
დილით კუსას თვალის გახელის ეშინოდა, ვაითუ პატუმ წუხანდელი ჩემი ლანძღვა-გინება ვერ
აიტანა და აღარ დამხვდეს ლოგინშიო. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა, თორემ კუსა, ალბათ,
გულზე გასკდებოდა, აქამდე მოყვანილი საქმე ასე სულელურად რომ ჩაეფუშა თვითონვე. პატუ
თამასუქი იყო, თამასუქს კი გაფრთხილება უნდოდა, მოვლა-პატრონობა, ყურადღება, ფერება და
ლაქუცი, სანამ... სანამ თავს არ გაინაღდებდა. ამიტომაც ითმენდა, ამიტომაც წვებოდა კუსა
ყოველღამე ღვინის ვაჭარ ბახას აყლაყუდა ქალიშვილთან, რომლისთვისაც ამ ოხერ ბუნებას
სილამაზესთან ერთად ჭკუაც დაეზოგა, თითქოს მდიდარი მამის შვილს არც ერთი სჭირდებოდა
და არც მეორე. ჯერჯერობით სხვაც ბევრი რამე უნდა მოეთმინა კუსას. მისმა მეუღლემ დედა
მოიყოლა მზითვად. სანამ კარგად შეგეჩვეოდე, მეშინია, უდედოდ არ მოვიწყინოო. მაგრამ პატუს
საკმაოდ გაუგრძელდა კუსასთან "შეჩვევა". დედამისს კი ძალიან მოეწონა სიძის სახლი და
ქალიშვილზე იოლად შეეჩვია უცხო გარემოს; კუსა იღიმებოდა და ცდილობდა, ცუდი არაფერი
ეგრძნობინებინა სიდედრისთვის, რადგან ჯერ, სანამ ფული მისგან შორს იყო, ისიც საფერებელი
ჰყავდა.
რახილო შემთხვევას არ უშვებდა, ჭკუა არ დაერიგებინა ახალგაზრდებისათვის, დაღამებას კი ისე
განიცდიდა, თითქოს პატუ პირველი ქალი იყო, მამაკაცთან რომ წვებოდა - ყველაფრის ნებას ნუ
მისცემ, თორემ მერე თავზე გაუვა, კაცი თავიდანვე უნდა მიაჩვიო წესრიგსო, - ეუბნებოდა
რახილო პატუს. მაგრამ მის ქალიშვილს არც ესმოდა და არც აინტერესებდა დედის ლაპარაკი,
კუსასთან მიუხაროდა და ღამის პერანგის ამარა ღიღინ-ღიღინით ტრიალებდა სარკის წინ.
რახილო კი თავისას განაგრძობდა, რადგან თავს ვალდებულად თვლიდა, მისხალ-მისხალ
გადაეცა ჯერ კიდევ გამოუცდელი შვილისთვის მთელი თავისი ცოდნა-გამოცდილება.
- მამაშენს ჩემს იქით არც კი გაუხედავს, იმიტომ რომ... იმიტომ რომ... რა გამღერებს, გოგო,
რაღადროს შენი სიმღერაა! - შეჰყვირებდა ხოლმე შვილის უყურადღებობით მოთმინებიდან
გამოსული რახილო.
პატუ კი მღეროდა, მღეროდა, გაუთავებლად მღეროდა ერთსა და იმავეს, მაგრამ არც იმას
გაემტყუნებოდა: ემღერებოდა და რა ექნა?
მე და შენის სიყვარულსა
რა გაჰყრის სიკვდილის მეტიიი...

მღეროდა პატუ სარკის წინ და გემბანისხელა საწოლში უკვე კარგა ხნის ჩაფუთვნილსა და
სანახევროდ ჩათვლემილ კუსას ყველაფერი ესმოდა: სიდედრის ბუზღუნიცა და ცოლის
სიმღერაც. "ერთისაც და მეორისაცო" - იგინებოდა გუნებაში და ნატრობდა, ისე დაძინებოდა,
მართლა რომ ვეღარ შეძლებოდა პატუს მისი გაღვიძება. პატუს სრულებითაც არ აინტერესებდა,
რას ფიქრობდა მისი მეუღლე, უყვარდა თუ არ უყვარდა, სიამოვნებდა თუ არ სიამოვნებდა
მასთან ყოფნა. მთავარი თვითონ იყო, უფრო სწორად, მთავარი ის იყო, რასაც თვითონ
განიცდიდა და ფიქრობდა. პატუ გემბანისხელა საწოლში განცდილ სიამტკბილობას
ჯილდოსავით იღებდა, პირად დამსახურებად თვლიდა, თუნდაც იმისათვის, ამდენი რომ
მოეთმინა, ამდენი ხანი ქალწულად რომ შეენახა თავი. პატუ ახლა მოსავალს იმკიდა,
დღესასწაული ჰქონდა და ყველანი ვალდებულნი იყვნენ, მხარი აებათ მისთვის. "პირველო და
სულზე ტკბილოო", - უთქვამს ოდესღაც ღვინის ვაჭარ ბახას პატუსთვის, როცა იგი, კოხტად
თმადავარცხნილი და ახალ კაბაში გამოწყობილი, დედას მამასთან ხელზე საკოცნელად
შეუგზავნია. ამის მერე ერთი წუთითაც აღარ დაეჭვებულა პატუ, ყველასათვის "პირველი და
სულზე უტკბილესი" რომ იყო. ბავშვის გონებამ სამარადისოდ აღიბეჭდა მამისაგან, მისთვის
პირველი მამაკაცისაგან თქმული ქათინაური, აღიბეჭდა და დაიჯერა კიდეც. მერე დედაც
მიეხმარა ამგვარი რწმენის განმტკიცებაში: როცა ისა და დედამისი ერთად იბანდნენ ხოლმე,
რახილო ყოველთვის აღტაცებული შესცქეროდა და ეუბნებოდა: შენ ჩემზე ბედნიერი იქნები,
რადგან ჩემზე ბევრად მეტი ხალი გაქვსო. პატუ დარწმუნებული იყო, კუსაც იმიტომ აშიშვლებდა
თავფეხიანად, მისი ხალები რომ დაეთვალა. ხანდახან ისეთ დროს ეტყოდა ხოლმე, აი, აქაც მაქვს
ხალიო, კუსას ყოველგვარი ხალისი ეკარგებოდა. საწოლზე წამომჯდარი, თავზე
ხელებდაწყობილი პატუ კი ტანს აქეთ-იქით ატრიალებდა, რათა მის მეუღლეს უკეთესად
დაეთვალიერებინა და დაეთვალა მისი ხალები.
მე და შენის სიყვარულსა
რა გაჰყრის სიკვდილის მეტიიი...
ღიღინებდა, ღიღინებდა, უსასრულოდ ღიღინებდა პატუ. ყოველ დილით ამ სიტყვებით
დგებოდა საწოლიდან, როცა კუსა უკვე კარგა ხნის წასული იყო, და ამ სიტყვებით წვებოდა
ყოველღამე, როცა კუსას უკვე ეძინა, ანდა თავს იმძინარებდა. მაგრამ გემბანისხელა საწოლზე
აფოფხებული პატუ, უპირველეს ყოვლისა, ქმარს აღვიძებდა, საამისოდ კი მრავალი საშუალება
გააჩნდა: თუ შეხიცინება არ გასჭრიდა, ნაწნავის ბოლოს შეუყოფდა ნესტოში და კუსაც ბოლობოლო იძულებული ხდებოდა, გაეხილა თვალი. საბოლოოდ კი მაშინ ფხიზლდებოდა, როცა
პატუს ჩაეძინებოდა. რანაირ მოულოდნელ სიკვდილს არ იგონებდა კუსას გონება ღვინის ვაჭარ
ბახასთვის, რანაირ წყევლასა და შელოცვას, მაგრამ არც წყევლა ჭრიდა და არც შელოცვა. და ერთ
ასეთ ღამეს კუსამ შემაძრწუნებლად იგრძნო, როგორი აუტანელი იყო ამ ქერქეტა ქალის
გვერდით წოლა, რა ძნელი გასაძლებელი იქნებოდა თუნდაც კიდევ ერთი ღამე.

***
მეორე დღესვე კუსა შავთვალება მალალოს ესტუმრა. მისი სტუმრობა არავის გაჰკვირვებია, აქაც
სცნობდნენ კუსას. ტომრის ჟღრიალს რომ გაიგონებდა, შავთვალება მალალო გოგოებს
გასძახებდა: რომელი ხართ თავისუფალი, კუსა მოდის, ყურძენი გაუტანეთო.
ასე კი იმიტომ ამბობდა, უკვე კარგად რომ იცნობდა კუსას. გინდაც მოგეკლათ, მეფის მოხელე
შავთვალება მალალოს კარის ზღურბლს არ გადააბიჯებდა. შავთვალება მალალომ პირველად
რომ შეიპატიჟა შინ, "არა გენაცვალეო" - ისეთი ხმით უპასუხა კუსამ, ვითომ როგორ გამიბედე, რა
შემატყვე სამაგისოო. მერე აღარც მასპინძლები ეპატიჟებოდნენ მაინცდამაინც, კართან კი
ყურძნით ეგებებოდნენ და თვითონაც იქცევდნენ თავს, სანამ ცალი ხელით დაჭერილ მტევანს
სიმინდის ტაროსავით ძიძგნიდა და ლაზღანდარობდა. მაგრამ ამჯერად კუსამ ჩვეულებას
უღალატა. შემოგებებულ შავთვალება მალალოს, მისი წილი ყურძენი თეფშით რომ ეჭირა,
მორცხვად გაუღიმა და პირდაპირ სახლში შეაბიჯა. შავთვალება მალალოც ღიმილით შეჰყვა
სტუმარს, რადგან მაშინვე მიხვდა, რა ბუზანკალიც შეჯდომოდა თავპატიჟა მოხელეს.
- აბა, ყველა რომ დაკავებულია!.. - გულწრფელად შეწუხდა შავთვალება მალალო და ყურძნიანი
თეფში ისევ მიაწოდა.
კუსამ მტევანი აიღო და ენით გაისწორა პეშვზე.
- შვიდივე? - იკითხა მერე.
შავთვალება მალალომ ცარიელი თეფში მკერდზე მიიკრა და გულიანად გადაიკისკისა, სულ
გამოვშტერდი ამ სიბერეში, სწორედ მეშვიდეა თავისუფალიო.
კუსამ ცხვირი აიბზუა. სრულებითაც არ ეპიტნავებოდა შავთვალება მალალოს გაჩხინკული
ნაბოლარა. მას უფროსი, ფაშფაშა დები ერჩია. აქეთ რომ მოდიოდა, იმ ექვსეულზე ფიქრობდა,
ექვსივეზე ერთდროულად, რადგან ვერც ერთს ვერ გამოაცალკავებდა, ისე ჰგავდნენ ერთმანეთს.
ფიქრითაც უფრო იმიტომ ფიქრობდა, თავისი საქციელი რომ გაემართლებინა: რა უჭირთ, ერთი
ფაშფაშა გოგოები არიანო. ინო კი ეცოდებოდა, კი არ ეცოდებოდა, შეწუხდებოდა ხოლმე, ამ
გალეული გოგოს დანახვა რაღაცნაირად აბრაზებდა კიდეც, როგორც ყაირათიან გლეხს
ფერდებჩაცვენილი საქონელი, ვისიც არ უნდა ყოფილიყო იგი. "არაფერს აჭმევთო", - მართლაც
გაბრაზებულივით ეტყოდა ხოლმე კუსა შავთვალება მალალოს და თავს ისე გადააქნევდა,
თითქოს ცოდვით გული ეწვოდა.
"მასპინძელო!" - ჩასძახა კუსამ ლერწმის გალიას. თუთიყუშმა ხარიხაზე გადაინაცვლა და
ყვითელი თვალი ბრაზიანად დააბრიალა.
- აკი ლაპარაკობსო? - მიუბრუნდა კუსა შავთვალება მალალოს.
- სძინავს, - უპასუხა შავთვალება მალალომ და თვითონაც დაამთქნარა.
მთავარი აქ მოსვლა და სურვილის გამჟღავნება იყო, ყველაზე მეტად ეს ეჩოთირებოდა კუსას,
მაგრამ ერთიცა და მეორეც გაცილებით იოლი აღსასრულებელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინა.

სტუმარმაც და მასპინძელმაც ერთმანეთს ღიმილ-ღიმილით გააგებინეს ყველაფერი. ახლა ასე
წასვლას აზრი აღარ ჰქონდა, ის უნდა მიეღო, რასაც სთავაზობდნენ. ფაშფაშა ექვსეული,
შეიძლება, საერთოდ არ გათავისუფლებულიყო დღეს. აქ ხომ არ დააღამებდა სულელი ქალების
ლოდინში. ვითომ ინოს რა უჭირდა? "თავს მაინც შევიქცევო", - საბოლოოდ გადაწყვიტა კუსამ და
სანახევროდ შეჭმული მტევანი მაგიდაზე დადო. გაწებილი ხელი მკერდზე ჩამოისვა. სტუმარმასპინძელი ისევ ღიმილ-ღიმილით, სიტყვის უთქმელად გაემართნენ სხვადასხვა მხარეს.
შავთვალება მალალომ თავის სავარძელს მიაშურა, კუსამ კი, კისერმოქცეულმა შეაღო ინოს
ოთახის კარი.
ტყუილად იპრანჭებოდა კუსა. ისიც ტყუილად ეგონა, მთავარი აქ შემოსვლა რომ იყო. უცებ ისე
აღელდა, ისე აუჩქარდა გული, თვითონვე გაუკვირდა და რაღაცნაირად დაფრთხა კიდეც,
თითქოს ადვილად ხელმისაწვდომი ქალის ოთახში კი არა, სადაც ყველაფერი მისი
სურვილისამებრ უნდა მომხდარიყო, არამედ რომელიღაც მტაცებელი ცხოველის გალიაში
შემოხეტებულიყო, დაუფიქრებლად, უიარაღოდ, და ახლა მისი ყოველი გაუთვალისწინებელი
მოძრაობა, შეიძლება, საბედისწეროც გამხდარიყო. აქ შემოსვლამდე კი ყველაფერი სხვანაირად
ჰქონდა წარმოდგენილი. ეჭვიც არ ეპარებოდა, ინო ტომრის მოხსნასაც არ დააცლიდა, მიხურავდა
თუ არა კარს, კისერზე ჩამოეკიდებოდა. არაფერიც, ინო არც განძრეულა, ტახტზე იჯდა, წინ
გადმოხრილი, დაძაბული, თითქოს ელოდებოდა, როდის მოშორდებოდა კუსა კარს, ოთახიდან
რომ გავარდნილიყო. ინო მართლა ჰგავდა ნადირს, ყვრიმალის ძვლებზე გადატკეცილი კანი
ავად უელავდა, პირი ოდნავ გაეღო და ბასრი, წვეტიანი კბილები გამოეჩინა. ჰაერი ისე
ჩაესუნთქა, სიფრიფანა ნესტოები ერთმანეთზე მისწებებოდა და დანაკვერჩხლებული თვალებით
სახეში შესცქეროდა კუსას, არა, სახეში კი არა, ყელში.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.