Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17

Total number of words is 3776
Total number of unique words is 2062
30.1 of words are in the 2000 most common words
42.9 of words are in the 5000 most common words
51.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ადგილიც აღარ დარჩა, გარეცხილ ჩვრებსა და არტახებს ამ შუბის ტარზეც გადაჰკიდებდნენ
ხოლმე გასაშრობად. უხეირო ყურადღებასაც არ აქცევდა, რადგან იმ შუბს თავისად აღარ
თვლიდა, აღარც უყვარდა, აღარც სჭირდებოდა.
სახლში დუმილი შემოიძურწა. ყველა დამნაშავედ და, ამავე დროს, დანაშაულის მსხვერპლადაც
თვლიდა თავს. ბავშვი უმამოდ დაიბადა, სინამდვილეში კი ამ ბავშვის მამა ისეთივე ახლობელი
იყო ამ ოჯახისთვის, როგორც თითოეული მათგანი. ეგონათ, ფილამონეს შვილის ტირილი მაინც
დააბრუნებდა, გამბედაობას მოიკრებდა, პატიებას ითხოვდა და ყველანი ისევ ერთად
იქნებოდნენ, მაგრამ ეტყობა, ფილამონე საერთოდ აღარ აპირებდა მობრუნებას, უხეიროს შიში
ისე გასჯდომოდა ძვალსა და რბილში, უკან მოუხედავად გარბოდა.
პოპინა კი მშობიარობამ ისე დაღალა და დაასუსტა, არაფრის თავი აღარ ჰქონდა, არც უნდოდა.
არაფერი არ უნდოდა. ეგონა, ამის მერე სულ ასე იწვებოდა, საკუთარი რძისა და ჩვილის სუნით
გაჟღენთილი, სისუსტისაგან თავბრუდახვეული და უცნაურად, დაუჯერებლად ბედნიერი და
ამაყი, რაც მერე, ძალიან მალე ჩვეულებრივ უბედურებასა და დამცირებაში გადაეზრდებოდა. ის
მიტოვებული ქალი იყო, უარყოფილი, ხოლო მისი პირმშო დაჟინებით აიძულებდა, კეთილი
ენება და შეგუებოდა, კეთილი ენება და თვალებში შეეხედა სიმართლისათვის, რადგან უკვე
მარტო აღარ იყო, მარტო თავის თავს არ ეკუთვნოდა: ძუძუზე მისივე ჩამონაჭერი, მისივე
განაყოფი, მაგრამ ამავე დროს ახალი, სრულიად დამოუკიდებელი სიცოცხლე ეკიდა,
სიცოცხლესავით მომთხოვნი, ხმაურიანი და ღორმუცელა.
ფილამონეს უკვალოდ გაქრობა ჯერ კიდევ სალაპარაკოდ ჰქონდა ხალხს, როცა შავთვალება
მალალოს ნაბოლარა ქალიშვილისა და უხეიროს ვაჟის გაქცევაც შეიტყვეს. "სად გარბიან, ჩვენზე
ადრე რამე ხომ არ შეიტყო ამ ხალხმაო", - ჩვეულებრივად ოხუნჯობდნენ ვანელები.
ხმა კი უცებ დაირხა, მაგრამ გაპარვა კარგა ხანს მზადდებოდა. გაპარვაზე ფიქრი იმ დღის მერე
დაიწყეს, როცა შუბუ გამოეცხადათ და აუწყათ, პოპინას ვაჟი შეეძინაო. ფარნაოზი იმ დღის მერე
გარბოდა, რადგან რასაც აკეთებდა, ყველაფერი გაქცევისთვის იყო გამიზნული. თანდათან
ორივენი შეეჩვივნენ ამ აზრს და ისევე ბუნებრივად ეჩვენებოდა, როგორც დარიაჩანგის ბაღში
გამოხეთქილი კვირტი. ინო ყველაფრისთვის მზად იყო, უხაროდა კიდეც და სულ იმას
გაიძახოდა, ისეთ ადგილას წავიდეთ, შუბუსაც რომ გაუჭირდეს ჩვენი მოგნებაო. ფარნაოზი პურს
აგროვებდა, სხვენზე აჰქონდა და ჯვალოს ტომარაში აწყობდა. ამხელა გზაზე უპუროდ წასვლა
სისულელე იქნებოდა, ვინ იცის, როდის მიაღწევდნენ ავაზაკამდე. მთაში კი საჭმლის შოვნა
გაუჭირდებოდათ, დიდი-დიდი, მწყემსებს თუ გადაეყრებოდნენ, მაგრამ იმათაც უნდა
დამალვოდნენ, რადგან არც ისინი იყვნენ სანდონი, თავის ნებაზე აღარ გაუშვებდნენ და
ფარასთან ერთად ჩამოლალავდნენ უკანვე. გეგმა უბრალო იყო და სწორედ უბრალოებით

ხიბლავდა ორივეს. ისინი მთაში წავიდოდნენ იმ ავაზაკთან, რომელზედაც აგერ უკვე მთელი
წელი ლაპარაკობდა ქალაქი. ავაზაკს ძღვნად ღორის ბარკალს მიართმევდნენ (ღორის ბარკალი
ფარნაოზს უკვე შეგულებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო წუთს უნდა ჩამოეხსნა, რათა მისი გაქრობა
რაც შეიძლება გვიან შეემჩნია ქალუკას), ავაზაკი მადლობელი დარჩებოდა, შინაური ღორის
ხორცი, ალბათ, მონატრებული ექნებოდა. ავაზაკი ორივეს შეიფარებდა, ინო შინ
დატრიალდებოდა, სადილს მოამზადებდა, დარეცხავდა და დაგვიდა, ფარნაოზი კი იმ ავაზაკს
ნადირობაშიც მოეხმარებოდა და ავაზაკურ საქმეებშიც. მეტი რაღა უნდა სდომებოდა იმასაც. თუ
მაინცდამაინც მარტო ცხოვრებას აიჩემებდა, მაშინ ისინი საკუთარ ქოხს აიშენებდნენ... ავაზაკის
ქოხის გვერდით, ხმა რომ ადვილად მიეწვდინათ ერთმანეთისათვის. ასე მსჯელობდნენ.
თვითონვე ჭრიდნენ და თვითონვე კერავდნენ. იმას კი ვერ ამჩნევდნენ, მათი გეგმა, ყველასაგან
გადაკარგვასა და განმარტოებას რომ გულისხმობდა, ისევე ტრიალებდა ვიღაც ავაზაკის გარშემო,
როგორც პალოს გარშემო დაბმული სახედარი. მათი ოცნების შუაგულში ავაზაკი იდგა,
თვითონვე ჩაეყენებინათ, რადგან მიუვალსა და მიყრუებულ მთებში, სადაც ისინი აპირებდნენ
წასვლას, მხოლოდ და მხოლოდ, იმ ავაზაკის იმედზე თუ იქნებოდნენ, რომელზედაც ათას
საშინელებას ყვებოდა მთელი ქალაქი, ნახვით კი, ჯერ არავის ენახა.
ბოლოს დათქმული დღეც დადგა, დღე კი არა, ღამე. მამალს ჯერ კიდევ არ ეყივლა, ფარნაოზი
საწოლიდან ლანდივით რომ გამოცურდა, კარი ფრთხილად გამოიხურა და ეზოში გამოვიდა.
ჯვალოს ტომარა, პოპინას სამღებროში რომ დაემალა გუშინვე, მხარზე მოიგდო, ტომრიანად
ერთი შემობზრიალდა, მშვიდობით ჩემო სახლოო, ამოილუღლუღა მღელვარებისაგან
ყბამოქცეულმა და დარიაჩანგის ბაღისკენ მოკურცხლა. იქ ინო ელოდებოდა.
კარგა გათენებული არც იყო, ხრიოკ, ჯუჯა ბუჩქნარით მოფენილ ფერდობს თხებივით რომ
მიაჩხრიალებდნენ. ხოლო როცა მზემ პირველი სხივები დააბჯინა ქვეყანას, მღვიმეს წააწყდნენ.
მღვიმის შესასვლელს ისე მოხერხებულად ფარავდა ჯაგნარი, წინასწარაც რომ გცოდნოდა მისი
არსებობა, მოძებნა მაინც გაგიჭირდებოდა. მღვიმესა და ჯაგნარს შორის ერთი ხელის დადება
მოლი ლივლივებდა, თითქოს პოპინას საღებავი დაღვრიაო. ისე ჩქარა ევლოთ, ორივეს ხვითქი
გადასდიოდა. ფარნაოზს კი ტომრის თრევისგან მხარიც სტკიოდა. დაშაშხული ღორის ბარკალი
მარილის ლოდივით დამძიმებულიყო. გადაწყვიტეს, აქ დაესვენათ. ფარნაოზმა ტომარა დააგდო
და გულაღმა გაიშოტა. ინომაც მაშინვე მიბაძა მეგობარს და ისიც დაეტია იმ ერთი ხელის დადება
მოლზე. სული რომ ჩაიბრუნეს, მღვიმემ დააინტერესათ. "შევიხედოთ მაინცო" - თქვა ფარნაოზმა
და ხვრელში შეჰყო თავი, მაგრამ გულგახეთქილი უკანვე გადმოვარდა. მღვიმის სული
ფართხაფურთხით გამოიჭრა გარეთ. ვერც ერთმა ვერ შეასწრო თვალი, მხოლოდ ფრთების
შხუილი გაიგეს და შავმა და ალისფერმა ხაზებმა გაიელვეს ჰაერში. ეტყობა, მღვიმე რომელიღაც
ფრინველის თავშესაფარი იყო, მაგრამ ახლა, არანაკლებ გულგახეთქილს, უნდა მიეტოვებინა იგი
და მასზე დიდი ცხოველებისთვის დაეთმო. ფარნაოზმა სრულიად სერიოზულად განაცხადა:
მღვიმის სული გამოფრინდაო.
მღვიმე შიგნიდან საკმაოდ მოზრდილი და ჭერმაღალი აღმოჩნდა. ფარნაოზი თითის წვერებზე
აიწია, ხელიც ასწია, მაგრამ ჭერს მაინც ვერ მისწვდა. ინოსაც მოეწონა მღვიმე.
- აქ მეც სიამოვნებით ვიცხოვრებდიო - თქვა ინომ.

ბევრი აღარ უფიქრიათ, მაშინვე მღვიმის გამოსუფთავებას შეუდგნენ, თითქოს წინასწარვე
დათქმული ჰქონდათ, აქ დაედოთ ბინა. ავაზაკი არც კი გახსენებიათ. ჯერ ქვა-ღორღი
გამოზიდეს, იატაკი, ასე თუ ისე, მოასწორეს, მერე ჯაგის ტოტები დაამტვრიეს და გამოგავეს,
მაგრამ მღვმიეში ისეთი მტვერი დადგა, ხველებხველებით გამოცვივდნენ გარეთ, ისევ მდელოზე
დაეყარნენ და დიდხანს უყურებდნენ, როგორ გამოდიოდა მღვიმის ხვრელიდან წითელი
მტვერი, ზანტად, ბოლქვა-ბოლქვა, რომელიღაც ზღაპრულ ურჩხულივით, თითქოს ისიც
უბრძოლველად უთმობდა მომხვდურებს თავის ბუნაგს, სადაც, ვინ იცის, რამდენი საუკუნე
ეცხოვრა მშვიდად და უდრტვინველად. მღვიმე უკვე მათი საკუთრება იყო, მათი პირველი
განზრახვისა და სითამამის თავშესაფარი.
დღემ ისე გაირბინა, ვერც კი გაიგეს. ფარნაოზმა ჯვალოს ტომრიდან პური ამოიღო, შუაზე გატეხა
და ორივემ დიდხანს ლოღნა თავისი წილი ხმელი პური.
გაქცევამდე მაინც სხვანაირად ჩანდა ყველაფერი. გაქცევამდე არც შიმშილი არსებობდა, არც
წყურვილი და არც ხიფათებით სავსე ღამე, რომელიც საცაა ჩამოწვებოდა დედამიწაზე და
ყველაფერთან ერთად, ამ პატარა გამოქვაბულსაც გადაუძახებდა თავის უძირო სტომაქში.
სადღაც ტურები ახარხარდნენ. განგებ დაგორებული თუ თავისით მომწყდარი ქვა დიდხანს,
ძალიან დიდხანს მოხტუნავდა ფერდობზე, სანამ ხევში ჩაინთქმებოდა. გაქცევამდე მართლაც
ყველაფერი სხვანაირად ჩანდა, ახლა კი ისხდნენ პატარა გამოქვაბულში და ღამე ახლოვდებოდა,
არა, უკვე მოსულიყო, უკვე ღამის ბინადრები იყვნენ. დუმილი დაიძაბა, გაურკვეველი,
საიდუმლო ხმებით გაივსო. ცაზე ვარსკვლავები აჩახჩახდნენ. მღვიმეში უფრო ჩამობნელდა,
ჩამოცხა კიდეც. ისინი კი ტყუპებივით მიხუტებოდნენ ერთმანეთს მღვიმის ჩახუთულ
სიბნელეში, თითქოს ისევ იქ შებრუნებულიყვნენ, საიდანაც ერთხელ უკვე მოვლენოდნენ
ქვეყანას, რაკი სხვა გზა ვერ გამოენახათ განსაცდელისაგან თავის დასაღწევად.
- აი, ის ვარსკვლავი შენთვის მიჩუქნია! - უთხრა ფარნაოზმა ინოს და დიდი, ლურჯი ვარსკვლავი
დაანახა.
ინომ თვალი ვეღარ მოაშორა ვარსკვლავს, იქამდე უყურა, სანამ თვალები არ აებლანდა. მერე
გაიღიმა და საჩუქარი გულში ჩაიდო. შორიდან ვარსკვლავი ციმციმა ლურჯი სინათლე იყო
მხოლოდ, მაგრამ უცებ გამკვრივდა და სიმძიმეც შეიძინა, როგორც კი გულში ჩაიდო იგი ინომ.
რას იფიქრებდა, თუ სინათლე ასეთი მძიმე იქნებოდა, თუ ეს ციმციმა ნაპერწკალი გულში ძლივს
ჩაეტეოდა და წვეტიანი ქიმებით გულის კედლებს ჩაუკაწრავდა. ვარსკვლავმა გულში მბრუნავი
ვარდისფერი ჰაერის მთელი მარაგი გამოდევნა და ინოს სუნთქვა შეეკრა. სტკიოდა, მაგრამ
ტკივილი სიამოვნებდა, ამშვიდებდა; ტირილი უნდოდა და ეღიმებოდა; ლაპარაკი უნდოდა,
მაგრამ ენას კბილს აჭერდა, თუმცა არ იცოდა, რას იტყოდა.
გამოქვაბულში ბნელოდა. პატარა, დედის მომლოდინე ლეკვებივით გამოეყოთ თავები
ხვრელიდან და ვარსკვლავებს უყურებდნენ. ვარსკვლავების სიმრავლე გულს უკეთებდათ,
თითქოს მარტონი აღარ იყვნენ, ისინიც იმ ვარსკვლავებში ერივნენ. ვარსკვლავები კი მართლა
ცოცხლებივით ფეთქავდნენ, ციმციმებდნენ. ხანდახან გადაიკისკისებდნენ კიდეც და ისე

ეკიდნენ ცაზე, როგორც ვაშლები დარიაჩანგის ბაღში. გეგონებოდა, ხელს გავიშვერ და
მივწვდებიო.
ერთი კვირის მერე აზმუვლებულმა, მტვრისა და ბუზანკლის შარავანდედით თავმობმულმა
ნახირმა ჩამოიარა ქალაქში. ქვაფენილზე ჩლიქების ფხაჭუნმა და ზინზილაკების ჟღარუნმა
ყურთასმენა წაიღო. ქუჩა-შუკები ფუნისა და მინდვრების სუნით გაიჟღინთა. სანამ ნახირი
მთლიანად არ დაიწრიტა, ხალხი შინიდან ვერ გამოდიოდა, თითქოს მთელი ქალაქი
ტალახისფერ ნიაღვარს დაეფარა. სწორედ ამ ნახირის მწყემსებმა თქვეს: გამოქვაბულში ბავშვებს
მოვკარით თვალიო. მერე აღარც მათი დაჭერა გასჭირვებიათ. ისე მოულოდნელად დაადგნენ
თავზე, გამოქვაბულიდან გამოხტომაც ვეღარ მოასწრეს. თუმცა არც უცდიათ, ხმელა პურს
ორივენი ისე დაეოსებინა, თავები ძლივს წამოიწიეს. დედა-მკვდარი ლეკვებივით მიყრილიყვნენ
კუთხეში.
ის ერთი კვირა პოპინა თავს იკლავდა: ჩემი ბრალია, მე დავღუპე, ჩემი საბრალო ძმა სირცხვილს
გაექცაო.
ინო და ფარნაოზი ქალაქზე რომ ჩამოატარეს, "ავაზაკები მოჰყავთო" - იყვირა ვიღაცამ და მთელი
ხალხი სიცილ-ხარხარით გამოეფინა გარეთ. ვანელებს სრულებითაც არ უნდოდათ ამ პატარა
გოგო-ბიჭის განაწყენება, რა იცოდნენ, ან საიდან უნდა სცოდნოდათ, რა ცეცხლი ტრიალებდა მათ
პატარა გულებში. ისე, ერთი შეხედვით, მართლა სასაცილო იყო თითისხელა "ავაზაკების"
ხილვა, ცოტა ნაადრევად რომ მოჰკიდებოდნენ "ოჯახს". "ნიადაგი მზად ყოფილა, ახლა საქმე
ბარზეაო", - ოხუნჯობდნენ ვანელები. ფარნაოზი თავჩაღუნული მოდიოდა, არაფერზე არ
ფიქრობდა. არც ინო ახსოვდა. ერთხელაც არ მოუხედავს, ისიც მოჰყავთ თუ არაო. ეგ იყო, რომ
თავი უსაშველოდ გაზრდოდა და უბზუოდა, უბზუოდა და უბზუოდა. დამარცხებას
დაებრძენებინა. ცდილობდა, არ წაებორძიკა, არ წაქცეულიყო, არ გაბრაზებულიყო და ბოლომდე
ჩაეთავებინა ქუჩა, რათა ყველას შეძლებოდა დამტკბარიყო მისი ცქერით. დამარცხებაც ეს იყო,
ამას ნიშნავდა: თავჩაღუნულს უნდა ჩაევლო ახარხარებული ხალხის წინ.
ინო დედა-დებმა ცხრაკლიტულში დაამწყვდიეს, ზედ გადაეფოფრნენ და გარეთ ცხვირსაც აღარ
აყოფინებდნენ. ფარნაოზს კი სიხარულით შეეგებნენ შინ, ისე ეხვეოდნენ და კოცნიდნენ, თითქოს
მთელი წლის უნახავი ჰყოლოდათ. მაგრამ ამ გულწრფელ სიხარულშიც იგრძნობოდა
თავშეკავება და სიფრთხილე. ერთი რომ თავის სიხარულსა და ბედნიერებას გამოთქვამდა,
მეორე აჩუმებდა: ცოტა ჩუმად თქვიო. უხეიროსი ეშინოდათ, არ იცოდნენ, როგორ მიიღებდა იგი
შინიდან გაქცეულ შვილს და, საერთოდ, როგორ დამთავრდებოდა ეს ამბავი მათი ოჯახისთვის.
პოპინამ რომ მოღუშული და კრიჭაშეკრული ფარნაოზი დაინახა, უარესად დაფრთხა, მაშინვე
დაიჯერა, ფარნაოზს ეზიზღებოდა და მართლა მისი მიზეზით გაქცეულიყო შინიდან. ბავშვობის
დროინდელმა შიშმა გაუხსენა, წარამარა რომ ჩასძახოდა გულაღმა გაშოტილს: ძმისაც უნდა
გეშინოდეს, რადგან ქალი ხარო. მაგრამ პოპინას მაინც არ შეეძლო არ მისიყვარულებოდა ძმას, ამ
ერთ კვირაში მთელი წლის კი არა, მთელი სიცოცხლისათვის საკმარისი ელდითა და ეჭვით,
წუხილითა და სინანულით რომ დაეტვირთა. პოპინა ეფერებოდა, ელოლიავებოდა ფარნაოზს და
თვითონაც გრძნობდა, ეს რომ ძველებური, უფროსი დის ალერსი აღარ იყო. ეს უფრო დამნაშავის
ლაქუცს ჰგავდა შემწყნარებლის მიმართ, უფროსისა და ძლიერის გაღმერთებას უმცროსისა და

სუსტისაგან. ფარნაოზიც ამჩნევდა დის უეცარ ფერისცვალებას და ერთი სული ჰქონდა, როდის
მოიშორებდა, როდის გათავისუფლდებოდა ამ უსიამო ხვევნა-კოცნისაგან, უარესად რომ
აღიზიანებდა და ასევდიანებდა. ფარნაოზს პოპინა შეეცოდა, თუმცა არ იცოდა, რა სჭირდა
უფროს დას მისი შესაცოდი. მაგრამ იმის ნაცვლად, თვითონაც მიჰფერებოდა, უხეშად მოიშორა
და უთხრა: შენს შვილს მიხედე, მე არავის მოფერება არ მჭირდებაო.
პოპინა დატუქსული ძაღლივით მოიბუზა, გაშტერებულ სახეზე ღიმილი შეეყინა და ამ
შეყინულმა ღიმილმა მისი სახე საცოდავად დაამახინჯა, ამიტომ ფარნაოზს გაუხარდა კიდეც,
როცა ქალუკამ უთხრა: მამა გეძახისო.
ამ წუთს მთელი სახლი გულისფანცქალით ელოდებოდა. ყველანი უმწეონი იყვნენ, ვერავინ
გაბედავდა მამა-შვილის შუა ჩადგომას. "იმ ფეთიანმა ბავშვს რამე არ აუტეხოსო", - ფიქრობდნენ
გულში. ფარნაოზსაც მამასთან შესვლას სიკვდილი ერჩია, მაგრამ ახლა, დასთან უნებური
უსიამოვნების შემდეგ, მამასთან კი არა, მშიერი ლომის გალიაში შევიდოდა, ოღონდ პოპინას
დამფრთხალი და დაბეჩავებული სახე აღარ დაენახა. ქალუკას ნათქვამმა პოპინაც უცებ
გამოარკვია და კარში გასულ ძმას მიაძახა: ნუ გეშინია, ოღონდ ახლოს არ მიხვიდეო.
უხეირო ქარგავდა, თავი კარგა ხანს არ აუღია, თითქოს ვერ გაიგო ფარნაოზის შემოსვლა. მამის
ოთახში გამეფებულმა სიმშვიდემ და სისუფთავემ ფარნაოზს რატომღაც გული აუჩუყა, მკვდარი
დედა გაახსენდა და მართლაც იყო რაღაც დედობრივი ხანგრძლივი წოლისაგან ავადმყოფურად
განაზებულ და გაფერმკრთალებულ კაცში, ქალური სიმარჯვით რომ ხმარობდა ყაისნაღს. ეს
უცნაური გრძნობა უშნოდ დამრგვალებულ ქვასავით გაეხირა ყელში ფარნაოზს და აქ, მამის
წყნარსა და დაბინდულ ოთახში, პირველად იგრძნო, დამნაშავე რომ იყო, თუნდაც ამ კაცის
წინაშე, მაგრამ დანაშაულის შეგრძნება ერთდროულად პატიების თხოვნასაც ურჩევდა და
წინააღმდეგობის გაწევასაც ავალებდა. ფარნაოზს კი აღარც ფიქრის თავი ჰქონდა და აღარც
არჩევანისა. კოჭებში დაწყებულმა ცახცახმა მალე წელამდე ამოაღწია და ფარნაოზმა მთელი
ძალით იჩქმიტა ბარძაყზე, ცახცახი რომ შეეჩერებინა.
უხეირომ თავი აიღო და გაკვირვებულმა გამოხედა, თითქოს ახლა შეემჩნია პირველად.
ეტყობოდა, მასაც უჭირდა ლაპარაკი, რადგან ხელით ანიშნა, ჩამოჯექიო. ფარნაოზი სკამთან
მივიდა და დაჯდა, რამაც ძალიან გააოცა, რადგან თავისი აცახცახებული ფეხების იმედი აღარ
ჰქონდა. უხეირო კიდევ დიდხანს იყო ასე უბრად, სანამ სახეზე ღიმილის მსგავსი რაღაც არ
გამოესახა. ამ ღიმილმა ფარნაოზს უარესად გაუმძაფრა დანაშაულის შეგრძნება. უხეირომ
ტლანქად ჩამოისვა სახეზე ხელი, თითქოს შვილის თვალებში საკუთარი ღიმილი დაინახა და არ
მოეწონა.
- ახლა რას აპირებ? - ჰკითხა შვილს.
ფარნაოზმა კარგად ვერ გაიგო, რას ეკითხებოდა მამა, რადგან სწორედ ამ დროს წამოუარა
კრუნჩხვამ და ხელის თითები დაუგრიხა. დაბუჟებული თითები თავისით, უმტკივნეულოდ,
მაგრამ ჯიუტად მიიწევდნენ ერთმანეთისაკენ და ათასნაირად იბრიცებოდნენ, როგორც
ცეცხლზე გაჩერებული წკირები.

- უკვე დროა, რამე ხელობა ისწავლო - გააგრძელა შვილის დუმილით გაკვირვებულმა და ოდნავ
გამწყრალმა უხეირომ.
- მაპატიე, - ძლივსძლივობით ამოილუღლუღა ფარნაოზმა, მეტი ვერაფერი მოახერხა.
უხეიროს სახე მოეღუშა და ისევ საქარგავს მიუბრუნდა.
ფარნაოზი მამის ოთახიდან რომ გამოდიოდა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა ინო.
***
ზღვიდან მობერილ ქარებს ქალაქში უკვე დამპალი წყლის მქისე სუნი მოჰქონდათ. ნაპირი
მორღვეულიყო, გადასხვაფერებულიყო, უცხო იერი დაჰკრავდა. ზღვა ხან ყალყზე შემდგარი,
კუდით დათრეულ ურჩხულივით ღრიალებდა, იფურთხებოდა, ხან კი წყნარად, ფშვინვითა და
ოხვრით მიიპარებოდა. გამწარებული ბედია ტანზე დახვეულ თოკს მოიხსნიდა ხოლმე, კი არ
მოხსნიდა, როგორღაც გამოძვრებოდა თოკის გაბურძგნული გორგალიდან და იქამდე სცემდა,
ტკეპნიდა და ჩეჩქვავდა ფეხებით, სანამ დაღლილობისაგან თავბრუ არ დაეხვეოდა. თოკის
ცემით გულს რომ მოიოხებდა, გაფერთხავდა, გაასწორებდა და ისევ გადაიცვამდა, ისევ
შეძვრებოდა შიგ, როგორც ლოკოკინა ნიჟარაში.
ზღვის ბალახი კვამლივით გაჰკვროდა მიტოვებულ მიწას, თუმცა აღარც მიწა ეთქმოდა და აღარც
წყალი: ობმოკიდებული, აშმორებული და დაბუშტული გუბეები მთელ სიგრძეზე მოურჩენელ
წყლულებივით დასეოდა. გეგონებოდათ, ვიღაც გულქვა მტერს ხრწნაგამჯდარი გვამი
საფლავიდან ამოუთხრია და უპატრონოდ, თოლიების საძიძგნელად დაუგდიაო.
ქალები ზღვის ბალახს გლეჯდნენ, ტომრებით ეზიდებოდნენ და გასაშრობად სახლების წინ
პირდაპირ ქუჩებში ჰფენდნენ. ბალახი მზეზე ოქროსფრად ბზინავდა და სასიამოვნოდ
რბილდებოდა. ქალები ირწმუნებოდნენ: ამ ბალახით გატენილ ლეიბზე ბავშვებს უკეთესად
სძინავთ და უკეთეს სიზმრებსაც ხედავენო.
ერთი სალეიბე ბალახი ქალუკამაც მოაგროვა, მზეზე გააღუნღულა და ზედ თავისი შვილიშვილი
დააგორა. ბავშვს ყველანი კუსას ეძახდნენ, რადგან ერთხელ შუბუმ რომ დახედა, თქვა: შეხედეთ
ამ მამაძაღლს, როგორ კუსავს თვალებსო. ეს სახელი ბოლომდე შერჩა კიდეც.
კუსა ჯანსაღი ბავშვი იყო და სხვები წლობით რომ იზრდებოდნენ, ის თვეობით იზრდებოდა.
ერთდროულად აიდგა ფეხიცა და ენაც. იზრდებოდა და დღითიდღე მამამისს, ფილამონეს
ემსგავსებოდა, მაგრამ პოპინასთან ამის თქმას რატომღაც ყველანი ერიდებოდნენ, სანამ თვითონ
პოპინამ არა თქვა: ეს არგასაჩენი, პირწავარდნილი ფილამონეაო. პოპინას ამგვარი განცხადება
ოჯახის დანარჩენმა წევრებმა ფილამონეს შეწყნარებად ჩათვალეს და გაუხარდათ. ფილამონეც
ხომ მათი ახლობელი იყო. ვინმე რომ იტყოდა: ნეტავი სად არის ახლაო, პოპინა მაშინვე
უპასუხებდა: სადაც არ უნდა იყოს, ყველგან სულელად დარჩებაო.
ქალუკა იმის მადლობელიც იყო, მის შვილს რომ ახსენებდნენ, ავად თუ კარგად, მაგრამ როგორც
კი ფილამონეზე ჩამოვარდებოდა ლაპარაკი, მაშინვე რამე საქმეს გაიჩენდა, საუბარში არ

ჩაერეოდა, თუმცა მთელი გულისყური მოსაუბრეებისკენ ჰქონდა. თვითონ სხვების გასაგონად
ერთხელაც არ უხსენებია შვილის სახელი. გულში კი ვერავინ ჩახედავდა. არც ჩაახედებდა. დედაშვილის ამბავი, მარტო დედა-შვილის ამბავი იყო და მესამისთვის, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის,
ადგილი აღარ რჩებოდა. ქალუკას არც ის სწყინდა, პოპინა ფილამონეს სულელს რომ ეძახდა,
რადგან იცოდა, პოპინას საამისო მიზეზი ჰქონდა. ქალუკას პოპინაც შვილივით ჰყავდა
გაზრდილი, შვილში არ გამოერჩეოდა და ამიტომაც იყო სწორედ, მშობლის უტყუარმა ალღომ
თავიდანვე რომ გააფრთხილა, კი არ გააფრთხილა, დაარწმუნა, პოპინას ფილამონე უყვარსო.
ქალუკა ამას შვილის დაკარგვაზე დიდ უბედურებად თვლიდა. ფილამონეს დაკარგვა მისივე
სიმხდალისა და უმეცრების ბრალი იყო, ხოლო ამ სიმხდალესა და უმეცრებას, სრულიად
დაუმსახურებლად და უსამართლოდ, მეორე ადამიანიც ეწირებოდა. "ჩემს შვილს ჩემს მერე
ყველაზე კარგად პოპინა იცნობსო", - ფიქრობდა ხოლმე ქალუკა. ქალებს კი ერთმანეთში ამ
საკითხზე არასოდეს ულაპარაკიათ. უთქმელადაც უგებდნენ ერთმანეთს. როცა ქალუკამ
გულშეწუხებული პოპინა აბაზანიდან ამოიყვანა და როცა ტუჩებგადალურჯებულმა პოპინამ
საწყალობლად გაუღიმა, მაშინვე გადაწყვიტა, არასოდეს აღარ მიეტოვებინა იგი, მისი ფეხის
მტვერი ეკოცნა, იქნებ ოდნავ მაინც გამოესყიდა მხდალი და უმეცარი შვილის დანაშაული.
ამიტომაც არ გაჰკიდებია ქალუკა ფილამონეს. მას უკვე აღარ ჰქონდა უფლება, მიეტოვებინა ეს
საბრალო ქალი, ძაღლის თვალებით რომ ემუდარებოდა შველასა და შემწეობას, სიყვარულით
გათელილი და დაკნინებული. გარდა ამისა, სანამ ის პოპინას გვერდით იქნებოდა, პოპინასაც არ
გაუქრებოდა ფილამონეს დაბრუნების იმედი. თუმცა თვითონ დარწმუნებული იყო, ფილამონე
არასოდეს აღარ დაბრუნდებოდა. შიში, რომელსაც სიყვარულის გადაძლევა შეეძლო, შინისკენ
მიმავალ გზასაც ადვილად დაავიწყებდა. ფილამონე შიშის წილი იყო, შიშის ბინადარი და
ქალუკა გულის სიღრმეში ამასაც თვითონ იბრალებდა, რადგან თვითონ გაეჩინა, ასეთად გაეჩინა
და ახლა კეთილი უნდა ენება, თავი ჩაეღუნა და სასჯელიც უსიტყვოდ და უწუწუნოდ აეტანა.
იტანდა კიდეც.
ორი ერთნაირად გულმოკლული და ერთნაირად უთქმელი ქალის მთელი სითბო და სინაზე,
იმედიცა და სიყვარულიც კუსას დაეფრქვა თავზე. ალღოიანი და მოუსვენარი კუსა გაჩენის
დღიდანვე ორი უერთგულესი და მუდმივი მონის პატრონი გახდა. კუსამაც შეიშნოვა და
ხალისიანად შეუყვა ცხოვრების აღმართს, ხალისით იზრდებოდა და ხალისით ებლანდებოდა
ყველას ფეხებში. ეს სიხალისე ბოლომდე გაჰყვა, თუმცა ბევრი მისი ოცნება ოცნებადვე დარჩა და
არც შესაშური ჰქონდა რამე, ერთი თვისების გარდა: კუსას ყველა განვლილი დღე
უმტკივნეულოდ ავიწყდებოდა და ყველა მომავალი დღიდან უკეთესს და უკეთესს მოელოდა.
თორმეტი წლის ძლივს იქნებოდა, უეცარი გამდიდრების სურვილით შეპყრობილი, ღვინის ვაჭარ
ბახას რომ მიადგა და უთხრა: ქალიშვილი მომათხოვეო. ღვინის ვაჭარი ბახა თავის საყვარელ
სკამზე იჯდა, მუხლებს შორის თავისი საყვარელი ჯოხი ჩაედგა, ჯოხის მომრგვალებულ თავზე
ხელები კრამიტებივით დაეწყო და იმ კრამიტებზე ნიკაპი დაებჯინა. დიდხანს ათვალიერა
სახეალეწილი ლაწირაკი, სიძეობას რომ სთავაზობდა, მერე კი ჰკითხა: ქალიშვილი სამი მყავს,
შენ რომელსა მთხოვო?
- ჩემთვის სულერთიაო, - არ დაუგვიანა პასუხი კუსამ.

ღვინის ვაჭარი ბახა ისევ კარგა ხნით გაჩუმდა. "რა სხვანაირი ხალხი წამოვიდაო", - გაიფიქრა
შიშნარევი სინანულით და როცა სახეალეწილი ლაწირაკი ადგილზე ცქმუტვას მოჰყვა, ისევ
ჰკითხა: სხვა რა შეგიძლიაო. "ჯერ არაფერი, - უპასუხა კუსამ მაშინვე, - ჯერ არაფერი შემიძლია,
მაგრამ ყასბობა მინდა შევისწავლოო".
ისევ გაჩუმდა ღვინის ვაჭარი ბახა, ისევ დიდი ხნით, მაგრამ კუსაც მოთმინებით უცდიდა
საბოლოო სიტყვას. გულში კი ყასბობაზე ფიქრობდა, თავს იქებდა, ეს რა კარგი მომაგონდაო, და
თანდათან ჭკუაშიც უჯდებოდა. როდის-როდის ღვინის ვაჭარმა ბახამაც გამოწირა: ყასბობას რომ
ისწავლი, მერე მობრძანდიო.
- კეთილი და პატიოსანი - უპასუხა კუსამ.
გულში კი სამჯერ ზედიზედ კიდევ გაიმეორა: კეთილი და პატიოსანი, კეთილი და პატიოსანი,
კეთილი და პატიოსანიო.
კუსამ ვანში სახელგანთქმულ ყასაბს ბებია მიუგზავნა. ფუშიანმა (ასე ეძახდნენ ყასაბს) ქალუკა არ
გააწბილა, მაგრამ მთელი წელი ისე გავიდა და მეორეც ისე მიჰყვა უკან, კუსას დანა და ცული
ხელში არ აუღია.
- ბიჭო, - ეუბნებოდა ფუშიანი - ყასბობა შენ რა გგონია...
ფუშიანი მართლაც ისე ოსტატურად ჭრიდა და ახარისხებდა ხორცს, მისი ცქერა ერთ რამედ
ღირდა. შეგირდიც გაფაციცებით შესცქეროდა და ვერც კი გრძნობდა, ძვლისა და ხორცის წვრილი
ნაკუწები სახეში როგორ ეფრქვეოდა. კუსა ხანდახან გულისპირს განგებ მოითხვრიდა ხოლმე
სისხლით, რათა შინ დაბრუნებულს მეტი შთაბეჭდილება მოეხდინა ქალებზე. "ამასაც,
პაპამისივით, სისხლი ეყვარებაო" - ამბობდა შუბუ.
სიზმარს რომ არ შეეშალა ხელი, კუსასგან მართლაც სანაქებო ყასაბი დადგებოდა. მაგრამ
სიზმარმა ისედაც მხდალი კუსა ისე დააფრთხო, საყასბოსკენ გახედვაც აღარ უნდოდა.
იმ ხანებში, როცა კუსა ყასბობას სწავლობდა, მთელი ქალაქი ხეიბრებით იყო სავსე. ქუჩაში ისე
ვერ გაივლიდი, ფეხი რომ არ წამოგედო ძონძებისათვის, საიდანაც მაშინვე შემოგაჭყეტდა
გაჩეჩქვილი შუბლი, გამოთხრილი თვალი თუ იდაყვამდე დამოკლებული მკლავი, რომელიღაც
ტიტველი ცხოველის თავკისერივით ასავსავებული ჰაერში. ისინი ომის ხეიბრები იყვნენ.
სადღაც, ცხრა ზღვის იქით ატეხილ ომში ვანიც მონაწილეობდა. "ჯარიო" - შემოთვალა ყველაზე
დიდმა მეფემ და არც ოყაჯადომ დაუგვიანა. ვალს გადახდა უნდოდა. ზედიზედ გადიოდნენ
ვანის აშმორებული ნავსადგურიდან კოლხი მეომრებით გაძიძგული ხომალდები. იმავე
ხომალდებს ხეიბრები მოჰყავდათ უკან, ხეიბრები და ომის ამბები. სამშვიდობოს გამოსული,
დამახინჯებული, მაგრამ სიკვდილს გადარჩენილი ბიჭები იდაყვამდე დამოკლებული
მკლავებით იჩოჩებდნენ ნაწყალობევი ღვინით სავსე ჯამებს და ყვებოდნენ, ყვებოდნენ,
ყვებოდნენ გაუთავებლად. შეიძლება, სიამოვნებდათ, ეამაყებოდათ კიდეც, მათი მონაყოლი ასე
რომ აშინებდა ხალხს. სანამ ხეიბრებს მსმენელი ჰყავდათ, თავს გარიყულად, გამორჩეულად აღარ
გრძნობდნენ, რადგან ყველანი, ისინიცა და მსმენელებიც, ერთნაირები იყვნენ. რა მნიშვნელობა
ჰქონდა, ვის რა ამახინჯებდა: მახვილი თუ შიში.

დიდხანს გაგრძელდა ასე, სანამ ერთ მშვენიერ დღეს ყველას ერთად არ მოუსვეს ხელი. ხეიბრები
გაქრნენ, მაგრამ მათი ნაამბობი დარჩა.
კუსას სიზმარიც ამ ხეიბრების მონაყოლს გაეჩინა. სიზმარში კუსა ვითომ უკვე გამხდარიყო
ყასაბი, ბოლო-ბოლო მაინც ასრულებოდა ოცნება და მიეღწია ცულის პირებით დასერილ
კუნძამდე, მაგრამ ამ კუნძიდან ადამიანის თავ-ფეხი ცვიოდა კალათებში.
გამოეღვიძა თუ არა, ცხედარივით გადაფითრებული კუსა ფუშიანთან გაიქცა და გამოუცხადა:
დღეიდან აღარ მოვალ, ამ საქმიდან ხელი ამიღიაო.
- ბიჭო, თუ იცი, რა ახლოსა ხარ მიზანთან... - გულწრფელად შეწუხდა ყასაბი. მისი აზრით, კუსას
სულ ცოტაღა აკლდა ყასბობამდე, სულ ცოტაც და კუსა ღირსეული გამგრძელებელი იქნებოდა ამ
ხელობისა, მაგრამ კუსას ისე მორეოდა შიში, იქ გაჩერებაც აღარ შეეძლო, ცულის პირებით
დასერილი და ქონით გადაგლესილი კუნძის დანახვაზე გული მისდიოდა. ცოტა ხნით განუდგა
ცხოვრებას, შიშით იყო ავად და სიმყუდროვე სჭირდებოდა, ჩათბუნება, ოფლის მოდენა,
მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც რომ გამოსვლოდა ტანიდან ეს წყეული სენი. ახლა
მთელი დღეები ფარნაოზის სახელოსნოში იჯდა, ჩაქუჩისა და სატეხის ხმა ამშვიდებდა,
თენთავდა და ოცნებაში ხვევდა. კუსას არც ადრე მოსწონდა ბიძის საქმიანობა და არც ახლა
თვლიდა კაცის საქმედ, მაგრამ აქ, ამ ფარღალალა ფიცრულში თავს უფრო მშვიდად გრძნობდა,
შიშიც იოლად ავიწყდებოდა, რადგან ბიძამისს ფართო ბეჭები ჰქონდა და ხელში ჩაქუჩი ეჭირა.
ფარნაოზს თავისი "სახელოსნო" პოპინას სამღებროსთვის მიეშენებინა, მამის სატრფიალო
"ბარათები" კედლის გასწვრივ ჩაემწკრივებინა და ამ ქვებიდან ძაღლის თავებს აქანდაკებდა.
დამარცხების შემდეგ შეაკოწიწა ფარნაოზმა ეს სახელოსნო და იმის მერე ჩაქუჩი და სატეხი აღარ
გაუგდია ხელიდან, თითქოს ეს მიესაჯათ მისთვის, დამარცხებულისთვის, თავაუღებლად უნდა
მჯდარიყო და ქვები ექუცმაცებინა. ფარნაოზიც პირნათლად იხდიდა სასჯელს. უხეიროს
ტლანქი ხელით ამოკაწრული, თავბრუდამხვევი ვნებისა და სიყვარულის მღაღადებელი
წარწერები სატეხის ქვეშ თანდათან იფშვხნებოდნენ, იშლებოდნენ და ქრებოდნენ. ქვაზე
ასხლეტილი სატეხი ნაპერწკლებს ყრიდა და ფარნაოზის წარბებს, უპეებსა და მხრებს ქვის რუხი
მტვერი ედებოდა. ფარნაოზს უკვე ძაღლის რამდენიმე თავი გამოექანდაკებინა, ყველა ცუგას
ჰგავდა. კუსაც რომ მოსწრებოდა ცუგას, არც მას გაუჭირდებოდა ამ მსგავსების შემჩნევა.
ფარნაოზი ახლაც ცუგას თავს აქანდაკებდა, ასე ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ბევრი რომ
აღარაფერი აკლდა დამთავრებას და მხოლოდ ერთი წამით შეაჩერა ჩაქუჩი, რათა ხელის ზურგით
თვალში ჩავარდნილი ქვის ნამცეცი ამოეწმინდა, სახტად დარჩა, გაოცებისაგან თვითონაც პირი
დააღო: ინო შემოსცქეროდა. ფარნაოზი აღელდა, დაბნეულმა გამოხედა კუსას, მერე დაიხარა და
ქანდაკების თვალებსა და პირის ჭრილში ჩარჩენილ მტვერს სული შეუბერა.
- ეგ გოგო მგონი მეცნობა, - თქვა კუსამ.
ფარნაოზი ახლა ამან ააღელვა, კუსასი შეეშინდა, საკუთარი დისშვილისაც, უნებურ მოწმედ რომ
დახვედროდა ფარნაოზის სახელოსნოში მალულად შემოპარულ ინოს. ინო ქვიდან
გამოწურულიყო, ქვა გამოერღვია, მაინც მოეღწია ფარნაოზამდე. ის კი მოწმეს ახვედრებდა. არა,
არავის არ უნდა სცოდნოდა, კიდევ რომ არსებობდა ერთი ქვეყანა, სადაც ისა და ინო ერთმანეთს

ძველებურად ხვდებოდნენ. იმ ქვეყანას საკუთარი დრო არ გააჩნდა და უთავბოლოდ ურევდა
ერთმანეთში უკვე გარდასულ დღეებსა და შემთხვევებს. სამაგიეროდ, ყველა დღესა და
შემთხვევას პირველყოფილ სიცხადესა და სიცხოველეს უბრუნებდა. იმ ქვეყანას ფიქრი ერქვა,
ყველა ზღაპრულ ქვეყანაზე უხილავი და მიუდგომელი იყო, მაგრამ ფარნაოზს მაინც შეეშინდა,
თითქოს მართლა შეეძლო ვინმეს ფიქრის აკრძალვა, აკრძალვა კი არა, წართმევა. ამიტომაც იყო,
დაბნეულმა რომ ამოილუღლუღა: საიდან უნდა იცნობდე, როცა არ არსებობს, ჩემი მოგონილიაო.
აღარც კუსა ჩასციებია. კუსა აქ თავშესაქცევად, სამკურნალოდ შემოდიოდა და სხვა არაფერი
აინტერესებდა. თუმცა, მთლად ასე არ იყო, რაღაც-რაღაცები კუსასაც აინტერესებდა ამ
სახელოსნოში. მაგალითად, ერთი სული ჰქონდა, გაეგო, რა სარგებლობის მოტანა შეეძლოთ
ქვიდან გამოკვეთილ თავებს. "მერე რა უნდა ვუყოთ ამდენ თავსო" - არ ასვენებდა კუსა ბიძამისს,
მაგრამ ფარნაოზი მხრებს იჩეჩავდა, თვითონაც არ იცოდა და იმიტომ. მთლად ტყუილუბრალოდ
რომ არ დაეკარგა დრო, კუსა ფიქრებს მიეცა: შეიძლებოდა თუ არა, მართლა გამომდნარიყო რამე
ამ თავშესაქცევი საქმიდან. იმდენი იფიქრა, იმდენი იფიქრა, ბოლოს მოიფიქრა კიდეც.
- მაგ ძაღლის თავს ჯადო აქვს. ქურდებს აფრთხობს, - თქვა კუსამ.
ფარნაოზმა გაკვირვებულმა მოხედა. კუსამ გაიღიმა და ისევ გაიმეორა, უბრალო კი არ არის,
სადაც ეგ იქნება, იმ სახლს ქურდი ვერ მიეკარებაო.
ახლა ფარნაოზმაც გაიღიმა. "რა იყო, რა გაცინებს, - უცებ გაცხარდა კუსა, - ვანის ბაზარში რაღას
არ ყიდიან. შენც გაიტანე, იქნებ ვინმე გაბრიყვდესო".
ფარნაოზი ძაღლის თავს გაყიდდა, ფულს ჩაითვლიდა, მერე იმ ფულს შავთვალება მალალოს
ჩაუთვლიდა, შავთვალება მალალო ინოს გამოუყვანდა, ხოლო ავაზაკი ტაშფანდურით
შეეგებებოდა ინოსა და ფარნაოზს, სადა ხართ აქამდეო.
ფარნაოზს მწარედ გაეღიმა. პირიც გაუმწარდა, მაგრამ იმედის თესლი ჯიუტი აღმოჩნდა,
კლდეშიც გადგა ბორჯგი, მალე ტანიც აიყარა და დიდი, ვარდისფერი ყვავილი გაიკეთა. საითაც
არ უნდა გაეხედა ფარნაოზს, ეს ყვავილი ეჩხირებოდა თვალში. ისეთი დიდი იყო ცდუნება,
ისეთი მომხიბვლელი, ფარნაოზმაც ვეღარ გაუძლო ბოლომდე, ძაღლის თავი ტილოში გაახვია,
იღლიაში ამოიდო და ვანის ბაზარს მიაშურა. "ამ ძაღლის თავს ჯადო აქვს, ქურდებს
აფრთხობსო", - გზადაგზა იმეორებდა ფარნაოზი, რადგან თვითონვე გრძნობდა, თუკი ვინმე
გაბრიყვდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ ამ სიტყვებში გადაუხდიდა ფულს. მოხსნა თუ არა
ტილო, მაშინვე ჰკითხა ვიღაცამ: რას აფასებ, ბიჭო, ქვასო. ფარნაოზს მაინც დასწყდა გული,
მაგრამ ახლა ბუტიაობის დრო არ იყო. "ქვა კი არა, ძაღლის თავია, ვინც იყიდის, იმის სახლს
ქურდი ვეღარ გაეკარებაო", - უპასუხა ფარნაოზმა. რადგან ვანში ქურდობა ახალი ხილი იყო,
ამიტომ ყველას ძალიან ეშინოდა. აქამდე, კარი თუ იკეტებოდა, ისიც არ იცოდნენ.
ძაღლის თავი მართლა გაიყიდა. ჩაუდეს თუ არა ფარნაოზს ხელში ფული, მაშინვე ცეცხლის სუნი
ეცა, მიიხედ-მოიხედა კიდეც, ამ შუა ბაზარში ცეცხლი ვის უნთიაო, მაგრამ ვერაფერი დაინახა,
შავთვალება მალალოს სახლამდე ეს სუნი არ მოშორებია, თითქოს ამ სუნს მიჰყავდა, რადგან,
თვითონ არც კი გაუგია, როგორ მივიდა სანატრელ სახლამდე, დაუკითხავად როგორ შეაღო

მძიმე კარი და როგორ აღმოჩნდა გრილსა და დაბინდულ ოთახში. "მასპინძელო" - დაიძახა, არა,
დაიჩხავლა ვიღაცამ და მხოლოდ მერე დაინახა ფარნაოზმა შავთვალება მალალო. შავთვალება
მალალოს შიშველი მკლავი მაგიდაზე ჩამოედო, სანახევროდ გაშლილ თითებში ყურძნის
შეუჭმელი მარცვალი შერჩენოდა და ეძინა. ფარნაოზმა ყურძნის მტევნებით თავმობმული თასიც
დაინახა, თასი იქვე იდგა, შიშველი მკლავის გვერდით. "მასპინძელო" - ისევ დაიჩხავლა ვიღაცამ
და შავთვალება მალალომ თვალები უცებ დააჭყიტა, თითქოს აქამდე განგებ ჰქონდა დახუჭული.
ფარნაოზს რომ შეხედა, აიმრიზა. ყურძნის მარცვალი, რომელიც, ვინ იცის, რამდენ ხანს ეჭირა
ასე, პირში ჩაიდო და წინა კბილებით გახეთქა. ფარნაოზი ისე შეკრთა, თითქოს სახეში შეეწუწა
გამსკდარი მარცვლის წვენი. მერე გამბედაობა მოიკრიბა და ფული რატომღაც მაგიდაზე კი არა,
იატაკზე დადო, შავთვალება მალალოს ფეხებთან. შავთვალება მალალომ ფულს ფეხის ცერა
თითი წაჰკრა, თითქოს გადათვალა, და შიშველ მკლავზე დაიმთქნარა, ბუთხუზა და
გრძელკუდიანი ცხოველივით რომ დაესვენებინა მაგიდაზე.
- ფული მოგიტანე, - თქვა ფარნაოზმა, რაკი დარწმუნდა, შავთვალება მალალო მასთან
გამოლაპარაკებას არ აპირებდა.
- ეგრეა, ვალს დაბრუნება უნდა, - მთქნარებას ამოაყოლა შავთვალება მალალომ.
ფარნაოზს გულში ათასჯერ ჰქონდა გადამეორებული, რაც აქ უნდა ეთქვა, რასაც, მისი
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.