Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10

Total number of words is 3773
Total number of unique words is 1978
31.9 of words are in the 2000 most common words
44.5 of words are in the 5000 most common words
51.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ეხუთებოდა, ოფლად იღვრებოდა, რადგან ჰელე ისეთი ცხელი იყო, თითქოს ცეცხლი წაჰკიდებია
და ძმასთან საშველად მოვარდნილაო. ფრიქსეს იმ წუთას ეჯავრებოდა ჰელე, მუხლებს
ახვედრებდა, მუშტს ყელში აჭერდა და თუ არ ყვიროდა მხოლოდ იმიტომ, მშობლების
გაღვიძებისა რომ ერიდებოდა, კი არ ერიდებოდა, ეშინოდა. ახლა ისინი დაიწყებდნენ ჯაჯღანს
და დილამდე არ მისცემდნენ მოსვენებას. "გამანებე თავი, გამანებე თავიო", - ჩურჩულებდა
ფრიქსე. ჰელე კი გაშმაგებული კოცნიდა და ისიც ჩურჩულით ეუბნებოდა: მშვიდობით, არ
დაგავიწყდეს შენი უბედური დაო. ფრიქსეს ერთი სული ჰქონდა, როდის წავიდოდა ჰელე,
როდის გაანებებდა თავს, გამწარებული იხოცავდა დის ნაკოცნებს, მაგრამ ჰელე თითქოს
ვერაფერს ხედავდა, ვერაფერს გრძნობდა, მაინც კოცნიდა, ზემოდან აწვებოდა გავარვარებული
გულმკერდით და ფრიქსეს უცნაურად აკრთობდა და აშინებდა ეს მოუსვენარი, მკვრივი და
მხურვალე სხეული, რომელიც ნამდვილად მისი უფროსი და ჰელე იყო, მაგრამ მაინც არ ჰგავდა
ჰელეს, ალბათ, იმიტომ, უკვე სიკვდილს რომ ეკუთვნოდა და ხვალიდან ვეღარასოდეს ვეღარ
იხილავდა. მეორე დღეს იგრძნო ფრიქსემ, რამხელა უბედურება დასტყდომოდა თავს: ჰელეს
მარტო დაეტოვებინა იგი ორ გამწარებულ, ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ
გადამტერებულ ადამიანს შორის, რომლებიც ისევე იყვნენ ჰელეს მშობლები, როგორც მისი,
მაგრამ ჰელე გამქრალიყო, ჰელე, რომელსაც ერთი გაღიმებით შეეძლო დაეგდებინებინა
მამისთვის ცოლის მოსაგერიებლად აღებული ფილაქნის ნატეხი.
ჰელე მდინარეში იპოვეს, მწვანე კაბა ეცვა, თავით იდგა ფსკერზე და წელამდე გაშიშვლებული,
ოდნავ, სულ ოდნავ არხევდა თეთრსა და აშოლტილ ფეხებს. მდინარის ორივე ნაპირი უცებ

გაივსო ხალხით. გაბმული ზმუილისაგან და სიცხისაგან ფრიქსეს თავი ასტკივდა, რატომღაც არ
ეგონა, ჰელე თუ მკვდარი იყო, შეიძლება იმიტომაც, შიშველ ფეხებს ოდნავ რომ ამოძრავებდა.
მყვინთავებს გაუჭირდათ ჰელეს ფეხზე მარყუჟის გადაცმა. საოცრად გამჭვირვალე წყალში
ყველაფერი ჩანდა, რაც წყალქვეშ ხდებოდა. ხალხმა რამდენჯერმე გამოაგდო ფრიქსე უკან,
ფრიქსე კი მაინც წინ მიიწევდა, თავითა და იდაყვებით მიარღვევდა ხალხის ცხელსა და ოფლიან
კედელს. "ჩემი დაა, გამატარეთო", - იხვეწებოდა ფრიქსე, მაგრამ არავის არ ესმოდა მისი ხმა. ის კი
არა, ვიღაცამ ქეჩოშიც უთავაზა, სად მოძვრები, შე მამაძაღლოო. ფრიქსე ტიროდა, ცრემლი და
ოფლი წურწურით ჩამოსდიოდა, მაგრამ მაინც ჯიუტად მიიწევდა წინ, უფრო თხელსა და რბილ
ადგილს დაეძებდა კედელში, იქნებ როგორმე გაერღვია, გაეღწია და ისევ დაენახა ჰელე, უფრო
სწორედ, ჰელეს ლამაზი ფეხები, ოდნავ რომ ირხეოდნენ გამჭვირვალე წყალში, თითქოს
მყვინთავების გასაბრაზებლად, გასაქეზებლად და მისაზიდად. სანამ ჰელეს ფეხები ირხეოდნენ,
ფრიქსეს არ შეეძლო დაეჯერებინა მისი სიკვდილი. თოკიანად გამოიტანდა ხოლმე დინება
ნაპირზე ცივი წყლისაგან აძიგძიგებულ ბიჭებს, მაგრამ ისინი ისევ მაღლა აჰყვებოდნენ ნაპირს
სირბილით და ისევ წყალში ეშვებოდნენ, სადაც მწვანე კაბიანი გოგო თავით იდგა სილაზე და
შიშველ ფეხებს არხევდა. რამდენჯერმე გადააცვეს მყვინთავებმა მარყუჟი, მაგრამ ბოლო წუთს
ყოველთვის უსხლტებოდათ ქალიშვილის ქათქათა ფეხი; ფრიქსე ნერვიულობდა, გულში
ლოცულობდა, თოკი არ მოსდებოდა ფეხს, თითქოს ეს იყო ახლა მთავარი, ეს გადაარჩენდა
ჰელეს, ამდენი ხალხი რომ მისეოდა დასაჭერად. არა მარტო ფრიქსე, უკვე ყველანი აღეგზნო და
აეღელვებინა ამ უცნაურ სანახაობას და, როცა მოზიდული თოკი უცებ მობოშდებოდა და
გველივით დაკლაკნილი გამოსრიალდებოდა ნაპირისკენ, მდინარის ორივე ნაპირს ოხვრა
აღმოხდებოდა, როგორც იპოდრომზე შეკრებილ ხალხს, როცა მოულოდნელად წაიფორხილებს
ხოლმე მეწინავე ცხენი. ჰელეს კი თითქოს წყალში ერჩია და არ აძლევდა საშუალებას
მყვინთავებს, კარგად გადაეცვათ ფეხზე მარყუჟი. ბოლოს მყვინთავებმა მაინც თავისი გაიტანეს,
ჰელეს ფეხზე გადაცმული თოკი ნაპირიდან ფრთხილად მოქაჩეს და ჰელეც მთელი ტანით
ერთბაშად შეკრთა, თითქოს ეძინა და გამოერკვა, ანდა თითქოს მხოლოდ ახლა მიხვდა, მახეში
რომ გაბმულიყო. მდინარის ორივე ნაპირს შვების ოხვრა აღმოხდა. ფრიქსემ ზურგს უკან
შეგროვილ ხალხს გაკვირვებულმა ამოხედა. სიცხისაგან ყველას სახეები დასწითლებოდათ. ჰელე
წყალში ამოტრიალდა, თითქოს გაიბრძოლა, თავი რომ დაეღწია თოკის მარყუჟისგან. ახლა მისი
თმა გაიშალა წყლის ზედაპირზე, თითქმის ყველა ღერი ცალ-ცალკე გამოიყო და ათრთოლდა.
მალე ჰელეც წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა და გაშეშდა, თითქოს შეგროვილი ხალხისა
შერცხვა, ამდენ ხანს რომ აწვალა და ალოდინა. ნაპირზე ასულმა მყვინთავებმა თოკი ისევ
მოქაჩეს და ჰელეც ნელა, მორჩილად გაცურდა ნაპირისკენ. ფეხი, რომელზედაც თოკი გამოებათ,
მუხლამდე ამოეშვირა წყლიდან. თოკს და ჰელეს ამოშვერილ ფეხს წყალი წურწურით
ჩამოსდიოდა.
მერე დღე არ გაივლიდა, მამას არ ეთქვა ფრიქსესთვის: მალე გაიზარდე, ჰელესთან უნდა წავიდე,
ცოდოა გოგო, მარტოაო. მაგრამ ცოლი მაშინვე პირში ეცემოდა, თითქოს ამის თქმის უფლებაც
აღარ ჰქონდა ცოცხალ მამას მკვდარ შვილზე.
- გაჩუმდი, ნუ ამბობ მაინც! - ყვიროდა ცოლი და თან ისიც რაღაცას დაეძებდა დასარტყმელად.

ხან ერთს აეტმასნებოდა აზლუქუნებული ფრიქსე და ხან მეორეს, ერჩია ისევ მასზე ეყარათ
ჯავრი შვილის დაკარგვით გაცეცხლებულ მშობლებს, მას მოხვედროდა გამეტებით ნასროლი
ქვიჯა, ასტამი თუ ჯამი. ფრიქსეს ორივენი ერთნაირად ეცოდებოდა. ორივენი მისი მშობლები
იყვნენ და უბედურებაც საერთო ჰქონდათ. "დღეს თუ არა ხვალ, დღეს თუ არა ხვალო", - მაინც ამ
ფიქრით იძინებდა ფრიქსე, თუმცა თვითონაც არ იცოდა, რა უნდა მომხდარიყო ხვალ, რაც
გაცოფებულ მშობლებს, ჰელეს დაღუპვას და საკუთარ უმწეობას დაავიწყებდა.
ახლა ერთადერთი დღე, რომელსაც მთელი ოჯახი მოუთმენლად ელოდებოდა, მკვდრის დღე
იყო. თავისთვის რა ჰქონდათ, მაგრამ უკანასკნელ ლუკმასაც დაზოგავდნენ და იმ დღეს მათ
ჩამომპალ ქოხის კართანაც იდგა შეჭამანდით სავსე ქოთანი. იმ დღეს ხმამაღლა სიტყვას არ
ეტყოდნენ ერთმანეთს, დაგვიდნენ და დააწკრიალებდნენ ყველაფერს, თითქოს სასიძო უნდა
მოსვლოდათ ქალის სანახავად. თუმცა იმაზე უკეთესი ვინ მოუვიდოდათ, ვისაც ელოდებოდნენ.
"დღეს ჩემი გოგო მოვა, ენაცვალოს დედა!" - წარამარა იძახდა დედა და ისე დასტრიალებდა
ცეცხლზე შემოდგმულ ქოთანს, თითქოს ერთი გაჩხინკული გოგო კი არა, მთელი ქალაქი უნდა
დაეპურებინა. წინა დღეს სამივენი დაიბანდნენ ხოლმე. დედა ტანსაცმელს გარეცხავდა,
დაკემსავდა, დაბლანდავდა, დააკერებდა და იმდენს იზამდა, ახალს დაამსგავსებდა, ჰელე რომ
არ დაეფრთხო და დაეღონებინა ჩამოკონკილი მშობლებისა და ძმის დანახვას. მან ხომ სწორედ
ამის გულისთვის მიატოვა ისინი. იმ ღამეს არავის ეძინა, მოუთმენლად ელოდებოდნენ
გათენებას, რადგან დილით გაიგებდნენ მხოლოდ, მოსულიყო თუ არა ჰელე. თუ ქოთანი
ცარიელი დახვდებოდათ, ბედნიერებისაგან აღარ იცოდნენ, რა ექნათ, ერთმანეთს ეხვეოდნენ და
კოცნიდნენ, თითქოს აქამდე ერთი გადაბრუნებული სიტყვაც არ დასცდენიათო. "მოსულა ჩვენი
გოგოო", - იტყოდა ხოლმე მამა და ბედნიერებისგან ასლუკუნებულ ცოლს მხარზე ხელს
დაადებდა. დედას ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა, მაგრამ მაინც იღიმებოდა და მაშინ
ორივენი ისეთი ლამაზები და ახლობლები იყვნენ, ფრიქსეს ჟრუანტელი უვლიდა მთელს
სხეულში. მერე დედა ქოხიდან გავიდოდა და განგებ გაჩერდებოდა კართან, სანამ რომელიმე,
მასავით მკვდრის პატრონი მეზობელი არ შეამჩნევდა და დაუძახებდა: ჩემი იყო, თქვენმა რა
ქნაო. გახარებული დედა ამაყად დააპირქვავებდა ხოლმე ცარიელ ქოთანს, მათხოვრისა თუ
მაწანწალა ძაღლების ამოსვლეპილს, და თავადაც გასძახებდა: ჩემიც იყო, აბა, რას იზამდა,
ენაცვალოს დედაო.
ფრიქსეს მამას მიწის პატარა ნაკვეთი ჰქონდა, ძეძვით შემოღობილი. ის იყო მათი იმედიცა და
უიმედობაც, ფრიქსეს მამა დილიდან საღამომდე იმ მიწას ჩასცქეროდა, ჩასძახოდა, ზედ
აკვდებოდა, მაგრამ ყველაფერი მაინც წყალში ეყრებოდა. უძარღვო, ნაცრისფერი მიწა თესლს ვერ
იმაგრებდა, მეათასედსაც არ აბრუნებდა იმისას, რასაც იღებდა. ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა
გაბერწებულ მიწას, გაბოროტებულმა, ერთ დღეს ცეცხლი წაუკიდა ძეძვის ღობეს, მაგრამ მიწამ
არც განდგომა აპატია ამდენი ხნის თაყვანისმცემელს. ცეცხლწაკიდებული ძეძვიდან გველი
გამოვარდა და სანამ ფრიქსეს მამა შეასწრებდა თვალს, ზედ შეახოხდა, წელზე შემოეხვია,
როგორც შეშინებული ბავშვი პირველსავე შემხვედრს, და ბლაგვი პირი იქამდე ურტყა
გულმუცელში, სანამ ფრიქსეს მამა გონწასული არ დაეცა. მთელი ტანი დაუსივდა, პირზე დუჟი
მოადგა, გველის კბილით გაგლეჯილი ხორცი უცებ დაუწყლულდა. ასეთი მოიყვანეს შინ.
თვალები ელდისაგან ისევ დაჭყეტილი ჰქონდა, მაგრამ საცნაური დაჰკარგვოდა. ამ დღეში რომ

დაინახა ქმარი, ცოლი გამწარდა, ჩემგან უნდა გაქცევა და იმიტომ დააგესვლინა გველს თავიო; კი,
მაგრამ ოჯახს რაღას უპირებდაო. სიკვდილი, იცოცხლე, კარგი იყო, დაისვენებდა, მაგრამ მისი
გასაკეთებელიც ხომ მარტოხელა ქალს დააწვებოდა კისერზე. ბავშვის პატრონის კალათასაც შია,
მას კი ორი ჰყავდა გასაზრდელი, ორჯერ მეტად შიოდა მის ძირგამომპალ კალათას. "არა,
შვილოსა, ჯერჯერობით ვერ მოგცემ სიკვდილის ნებასო", - სახეში ჩასძახა ცოლმა და ისე
დატრიალდა, ეს დასიებული და აყროლებული გვამი მართლა გამოსტაცა სიკვდილს ხელიდან.
ფრიქსეს მამა კი წამოდგა ლოგინიდან, მაგრამ ახლა ცოლ-შვილს გაუჭირდა მისი ცნობა.
სიკვდილს მაინც დაენარჩუნებინა რაღაცა, ისე გალეულიყო, სულის შებერვით თუ ვერ
წააქცევდი, წააბარბაცებდი მაინც. თუმცა დიდხანს თვითონაც ვერ ჩერდებოდა ჩხირებივით
გაწვრილებულ ფეხებზე, ფეხებს ვეღარ ენდობოდა, ისე აუცახცახდებოდა ხოლმე, თუ მაშინვე არ
შეაშველებდი ხელს, მართლა წკირივით ჩაუტყდებოდა საკუთარ სიმძიმეს. სამაგიეროდ ენა
გაუსივდა, პირში აღარ ეტეოდა და ისეთი ამაზრზენი სანახავი იყო, შვილებიც კი არიდებდნენ
თავს. "ამ დღეში იმიტომ ჩავარდი, უსამართლო ლაპარაკი რომ იციო", - ეუბნებოდა
დოინჯშემოყრილი ცოლი. მაგრამ უმწეოდ აბლუკუნებულ ქმრის შემყურეს, მასაც
დაემდუღრებოდა ხოლმე გული და მაშინვე დაუყვავებდა: ნუ გეშინია, ენასაც მალე მოგირჩენო.
ასე იყო თუ ისე, საწყალი კაცი საქმისთვის აღარ ვარგოდა, მაგრამ მაინც სჭირდებოდა იგი ცოლს.
სხვას რომ თავი დავანებოთ, სიგიჟემდე მისულ სიბრაზესა და ღვარძლს მაინც იყრიდა მასზე.
თუმცა არც უქმად გაუჩერებია დიდხანს, საქმე გამოუნახა, მის უვარგისობასაც გამოადინა
რაღაცა. ახლა ფრიქსე ყოველ დილას მიაცილებდა ხოლმე მამას ქუჩის კუთხემდე, სკამზე
დასვამდა, წინ გოგრის მოხალული თესლით სავსე ტაშტს დაუდგამდა და საღამომდე იქ
ტოვებდა. ფრიქსეს მამა გოგრის თესლსა ჰყიდდა, ხოლო დედა, ჰელე და ფრიქსე დილიდან
საღამომდე გოგრის თესლს აშრობდნენ და ხალავდნენ. ყველანი ამ ყვითელი, ლორწოვანი და
სლიპინა სითხით იყვნენ დათუთხნულნი, მისი სუნით გაჟღენთილიყო დაკონკილი ლოგინიცა
და ფლასიც; მათი სიღარიბის პურსა და წყალს გოგრის თესლის გემო ჰქონდა. მაგრამ მალე
შეიძლება ესეც სანატრელი გახდომოდათ. მაშინ გამოჩნდა პირველად ყველაზე დიდი მეფის
კაცი, შავად შეღებილი ფრჩხილებით ნიკაპი მოიფხანა და უთხრა: თქვენი ნაკვეთი დემეტრეს
ტაძარს გადაეცა, რადგან ღვთაება განრისხებულია, მიწას ცეცხლი რომ წაუკიდეთ და
მოუსავლიანობით იმუქრებაო. ყველას ენა ჩაუვარდა მუცელში. იმ კაცმა ახლა ჰელეს შეხედა,
გაიღიმა და გააგრძელა: ამ გოგოში იმდენი ფული შეგიძლიათ აიღოთ, ღვთაების გულსაც
მოიგებთ და მიწასაც დაიბრუნებთო. ამის მერე დიდი დრო არ გასულა და ჰელემ თავი დაიხრჩო.
ოჯახთან განშორებითა და გაურკვეველი მომავლით აწრიალებული ჰელე ძმას ლოგინში შეუწვა
და ერთად გამოიტირა ყველანი, საკუთარი თავიც, ძმაცა და მშობლებიც. "დიდი ვარ და
იმიტომო": - ასე უთხრა იმ ღამეს გიჟური ალერსით სულშეხუთულ ძმას. მერე კი, როცა
მდინარეში იპოვეს, ფრიქსეს შეეშინდა, რადგან როდისმე ისიც გაიზრდებოდა, ადრე თუ გვიან,
დღეს თუ არა, ხვალ.
ჰელე რომ დამარხეს, ისევ გამოჩნდა ყველაზე დიდი მეფის კაცი, "თქვენმა უბედურებამ
დემეტრეს გული მოულბო და მიწა დაგიბრუნათო", - განუცხადა შვილის სიკვდილით
დაზაფრულ მშობლებს, ფრიქსეს კი პეშვში ზეთის ხილი ჩაუყარა.

ამის მერე სამი წელი გავიდა, ამ სამი წლიდან გიშრის ყელსაბამიანი და შავფრჩხილება კაცის
მეტი არაფერი დამახსოვრებია ფრიქსეს. მისი მშობლებიც ისე შეეჩვივნენ ამ უცნაურ სტუმარს,
ცოტა თუ დაუგვიანდებოდა, მოსვენება ეკარგებოდათ და წარამარა აგზავნიდნენ ფრიქსეს
ქუჩაში, გაიხედე, ხომ არ მოდისო. მართლაც უცნაური საუბარი იცოდა იმ კაცმა, შიშის
მომგვრელიცა და დამამშვიდებელიც, თითქოს ხმამაღლა ოცნებობსო. იჯდა და გაუთავებლად
ლაპარაკობდა რომელიღაც შორეულ ქვეყანაზე, სადაც ოქროსთმიანი გოგო-ბიჭები იბადებოდნენ,
ჯადოსნური ხეები ყვაოდნენ და სპილენძის მილებიდან დაუშრეტლად მოთქრიალებდა რძე,
ღვინო, სურნელოვანი ზეთი და წყალი. კოლხეთი თურმე არაფრით ჰგავდა სხვა ქვეყნებს, სადაც
ადამიანს ათასგვარი უბედურების გადატანა სჭირდებოდა, ბოლოს და ბოლოს, სულეთამდე რომ
მიეთრია გაძვალტყავებული სხეული. "იქაური ხალხი განათლებულიცაა და კეთილიც", ამბობდა ყველაზე დიდი მეფის კაცი და როცა შუა ლაპარაკში მოულოდნელად ჩაეძინებოდა
ხოლმე, ფრიქსეც უნებურად იმ ზღაპრულსა და შორეულ ქვეყანაზე ფიქრობდა შიშნარევი
ნეტარებით, როგორც გაუბედავ ხალხს სჩვევია. იმ კაცს ერთი უცნაური თვისებაც ჰქონდა: ყოველ
მოსვლაზე (მოსვლით კი ხშირად მოდიოდა) აუცილებლად იკითხავდა ფრიქსეს ასაკს და როცა
ფრიქსეს მამა ან დედა უპასუხებდა: ჯერ რვისაც არ არის, ერთი თვის წინ არ ბრძანდებოდით
აქაო, გაიღიმებდა და იტყოდა: თუ ერთი თვის წინ ვიყავი აქ, ესე იგი ერთი თვით გაზრდილა,
მალე რვისაც გახდება და ათისაცო. მერე კი აუცილებლად დაამატებდა, ყოჩაღია ჩვენი ბიჭიო.
მართლაც, უცებ გაირბინა სამმა წელმა, შეიძლება იმიტომაც, ამ ხნის განმავლობაში ოჯახს
გაჭირვება რომ აღარ უგრძვნია. ყველაზე დიდი მეფის კაცი ხელცარიელი არასოდეს არ
მოვიდოდა, ხოლო როცა დიასახლისი დაირცხვენდა ძღვენის მიღებისას, შინაურივით
შეუყვირებდა ხოლმე, უცხო ხომ არა ვარ, ერთმანეთს ხელი უნდა გავუმართოთო. მართლაც,
გაუთავებელმა, ოცნებისმაგვარმა საუბრებმა და წვრილ-წვრილმა საჩუქრებმა ახლობელი გახადა
ფრიქსეს ოჯახისთვის შავფრჩხილება კაცი. ამ კაცს უკვე სამი წლის წინ ჰქონდა ნათქვამი,
როგორც კი ფრიქსე ათისა გახდება, კოლხეთში უნდა გავგზავნოთ სწავლა-განათლების
მისაღებადო. სამმა წელმა კი უცებ გაირბინა. ამ ხნის განმავლობაში ფრიქსეს მშობლების ქოხში
მარტო კოლხეთზე იყო ლაპარაკი და ყველანი ისე შეეჩვივნენ ამ ამბავს, დათქმული დრო რომ
დადგა, შიშისაგან დამბლა დაეცათ, ახლა როგორ ვთქვათ უარი, მეფის კაცი სამი წელი
დაიმედებული გვყავდაო. ისევ განახლდა ოჯახში ჩხუბი და აყალმაყალი. ისევ ერთმანეთს
მიუბრუნდნენ ცხოვრებისაგან კიდევ ერთხელ გაპამპულებული მშობლები.
- სხვა გზა მაინც არ გვაქვს, ვინ იცის, იქნებ მართლა ბედს ეწიოს და ჩვენსავით არ ჩალპეს ამ
დასაქცევ ქოხშიო, - იტყოდა ხოლმე მამა, მაგრამ ესეც უძლური კაცის ოცნება იყო, თავის
მოსატყუარი, თავლაფდასხმული არსებობის გამმართლებელი. თვითონაც გრძნობდა, ამის
უფლებაც რომ აღარ ჰქონდა, რაკი შვილი გასაყიდად გაემეტებინა.
ამას რომ იტყოდა, შეკრთებოდა ხოლმე და ცოლს გახედავდა. ცოლიც, თითქოს ამას
ელოდებოდაო, მაშინვე პირში ეცემოდა: შენ ყველას შეგვიწირავ, გველის შხამმაც ვერ მოგკლა,
გველზე მეტი შხამი გაქვს და იმიტომო. მერე შეყვებოდნენ და აღარ დაადგებოდათ საშველი.
მამას სიძულვილისაგან ყბა ჩამოეზრდებოდა ხოლმე. დედა ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა, თითქოს
შიშობდა, რამე არ გამორჩენოდა და იმდენ ფურთხსა და დორბლს აყოლებდა ყოველ სიტყვას,
მიწის იატაკი ტალახდებოდა. ფრიქსე მშობლების შუაში იდგა და თვალი ეჭირა, რამე არ

ესროლათ ერთმანეთისთვის. სანამ მისი მშობლები ასისინებული ასპიტებივით იგესლებოდნენ,
შიშისაგან ძვლებიც უკანკალებდა. ასე იყო ყოველდღე, ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა, ანდა
ერთი გაუთავებელი დღე გამოეწირათ მათთვის ღმერთებს და ხვალე არასოდეს არ დადგებოდა.
მშობლების დანთხეულ შხამში ყელამდე იდგა ფრიქსე. თვითონაც შხამით იჟღინთებოდა, შიგ
იხრჩობოდა და ქუჩაში გამოსვლისაც ეშინოდა. ეგონა, ქვას ესროდნენ, ძაღლებს მიუქსევდნენ, არ
გაიკარებდნენ ახლოს; და თუ სამი წლის წინათ თავზარი დასცა იმის გაფიქრებამ, რომ როდისმე
მართლა შეიძლებოდა დამდგარიყო დღე, როცა მშობლებს მოაშორებდნენ, ახლა, სამი წლის მერე,
მოუთმენლობისაგან სული ელეოდა, ეშინოდა, არ გადაეფიქრა შავფრჩხილება კაცს მისი
კოლხეთში წაყვანა. "კოლხები კეთილი ხალხი ყოფილა, ბავშვის გამლახავს მკლავს აჭრიან
თურმეო", - ამშვიდებდა და ებოდიშებოდა მამა, მაგრამ ფრიქსეს აღარ სჭირდებოდა დამშვიდება,
ერთი სული ჰქონდა, როდის გააღწევდა მშობლების გესლითა და სიძულვილით მოწამლული
ქოხიდან. ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ მშობლებს არ დამსგავსებოდა, არ გაეზიარებინა
მათი ბედი. მხოლოდ ჰელეზე ეთანაღრებოდა გული. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს როგორც
კი მიატოვებდა აქაურობას, ჰელეს საფლავიდან ამოთხრიდნენ. ფრიქსემ უკვე იცოდა ნამდვილი
პირობა ყველაზე დიდი მეფისა: კოლხეთში უნდა გადასახლებულიყო სამუდამოდ, იქ უნდა
ეცხოვრა და მომკვდარიყო კიდეც, როცა დრო მოუწევდა. ბუდე და საფლავი უნდა გაეჩინა (დიახ,
სწორედ ასე უთხრა შავფრჩხილება კაცმა, "ბუდე და საფლავიო", როცა მარტო დაიხელთა ფრიქსე,
რათა მშობლებს არ გაეგოთ მათი საუბარი), რაც შეიძლებოდა ოდესღაც დასჭირვებოდა ვიღაცას,
ალბათ იმას, ვისი დავალებითაც ყიდულობდნენ ფრიქსეს. ბევრი ვერაფერი გაიგო ფრიქსემ ამ
პირობისა, მაგრამ ერთი ცხადი იყო: აღარ მოისმენდა მშობლების ჩხუბს, აღარ დაიძინებდა
მშიერი, აღარ დაწყდებოდა გული გაღვიძებულს, ცოცხალი რომ იყო ისევ და, რაც მთავარია,
მშობლებსაც გაუმართავდა ხელს, რადგან ყველაზე დიდი მეფე ბევრ ფულს იხდიდა სანაცვლოდ.
ამიტომაც, მღელვარებისაგან ხახადახშულმა, მაშინვე დაუქნია თავი შავფრჩხილება კაცს,
თანხმობის ნიშნად, როცა მან ერთხელ კიდევ მიუტანა პირი ყურთან და ჩასჩურჩულა: პატარა
აღარა ხარ, შენ თვითონ უნდა გადაწყვიტოო.
მერე ფრიქსე ხომალდზე აიყვანეს და გზას გაუყენეს. ახალი ტანსაცმელი ჩააცვეს, ოქროს
სირმებით გაწყობილი, ხოლო დედის გამოკრული ბოხჩა, რომლითაც ცრემლიანი თვალები
ამოიწმინდა, ზღვაში გადაუგდეს, როგორც კი მოშორდა ხომალდი ნაპირს.
მოშორდა თუ არა ხომალდი ნაპირს, ფრიქსე მაშინვე მიხვდა, მის სიხარულს დიდი დღე არ ეწერა.
არაფერი აღარ უნდოდა, არც ახალი ტანსაცმელი, არც ნაირნაირი საჭმელ-სასმელი და არც
ხომალდით სეირნობა: თავისი კედლებჩამომპალი ქოხი ყველაფერს ერჩია, თავს ერჩია ის
პირგამეხებული, გახუნებული, ბოლოებშემოძენძილი თავსაფრით თავწაკრული ქალი,
აყაყანებულ ნავსადგურში რომ იდგა და დაეჭვებული მზერა ხომალდისთვის ჭოკივით
მიებჯინა, ჭოკივით კი არ მიებჯინა, ხელივით ჩაევლო, ზღვაში გასვლას უშლიდა, თითქოს
გული უგრძნობდა, ატყუებდნენ, სამუდამოდ ართმევდნენ ერთადერთ შვილს და საცაა
გაუნათდებოდა გონება, ერთს ისეთს იკივლებდა, შიშისაგან მთელი ნავსადგური დაიცლებოდა,
მენიჩბეები ტყაპატყუპით გადახტებოდნენ ხომალდიდან, შავფრჩხილება კაცი ფრიქსეს ხელში
აიყვანდა და სირბილით მიჰგვრიდა განრისხებულ დედას, დედა კი სახეში მიახლიდა ოქროებით
გაძიძგულ ქისას და ისევ თავის კედლებჩამომპალ ქოხში წალალავდა გადარჩენილ შვილსაც და

გველის შხამით დაუძლურებულ ქმარსაც, მის ფეხებთან რომ ჩაცუცქულიყო და ამიტომაც ვერ
ხედავდა ხომალდის მოაჯირზე გადმოკიდებული ფრიქსე. მაგრამ არაფერი ამის მაგვარი არ
მომხდარა. ნავსადგურში ათასნაირი ხალხი ირეოდა, ყურთასმენა არ იყო, მენიჩბეები უკვე
მძიმედ აწვებოდნენ ხოფებს, ხომალდი ტორტმანობდა. ფრიქსე ვერ ხედავდა მამას, მაგრამ
დარწმუნებული იყო, მამამისი ტიროდა, ზეზეულად ჩამომხმარი, სიძულვილისაგან
ყბაჩამოზრდილი კაცი ცოლის ფეხებთან ჩამჯდარიყო და ტიროდა, რადგან სხვა არაფერი
შეეძლო. ფრიქსე დედის მოქუფრულ სახეზე კითხულობდა ამას და თვითონაც მდუღარე
ჩამოსდიოდა. ასე ტოვებდა სამშობლოს პირობის თოკით ენადაბმული ბავშვი, ღრმად
დარწმუნებული, ეს რომ იყო ერთადერთი გამოსავალი, მხოლოდ ასე შეეძლოთ მის უბედურ
მშობლებს ერთი-ორი დღით კიდევ გაეხანგრძლივებინათ სიცოცხლე სამუდამოდ დაკარგული
შვილის მოლოდინში, სამუდამოდ, რადგან ჰელე მკვდრის დღეს მაინც ეწვეოდა ხოლმე თავის
მშობლების ქოხს და წელიწადში ერთხელ მაინც შეჭამდა დედის გაკეთებულ კერძს, მას კი
ქოთანს არავინ დაუდგამდა, რადგან ცოცხლად იყო მკვდარი.
"დაიმახსოვრე, შენ ბეოტიელი მეფის შვილი ხარ, დედინაცვალმა მოკვლა დაგიპირა და
მფრინავმა ვერძმა გადაგარჩინა. სხვა არაფერი გახსოვს, არც არაფერი იცი, გარდა იმისა, რომ
ბეოტიელი მეფის შვილი ხარ, ბეოტიელი მეფის შვილიო", - დილიდან საღამომდე ამას
ეჩიჩინებოდნენ ფრიქსეს ხომალდზე, მაგრამ "ბეოტიელი მეფის შვილს" თვალწინ ჩამოკონკილი
მშობლები ედგა, ერთმანეთის სიძულვილით რომ გაჰქონდათ თავი და ამითვე აკავებდნენ უფრო
დიდსა და დაუნდობელ მტერს: მათ გასათელად ოთხივე მხრიდან ერთდროულად დაძრულ
ქვეყანას.
"მფრინავი ვერძი", რომელსაც "ბეოტიელი მეფის შვილი" უნდა გადაერჩინა, ანძაზე გამოებათ,
განუწყვეტლივ აცმაცუნებდა პირს და ირგვლივ ცერისხელა კურკლი ეყარა.
ვიღაცამ რომ იყვირა, მიწა უკვე მოჩანს, უფრო ახლოს მისვლა საშიშიაო, ვერძი აუშვეს, ბიჭი
შეუსვეს ზურგზე და წყალში დაუპირეს გადაგდება. გათოშილ წყალში მოსალოდნელმა
ჭყუმპალაობამ და საერთოდ წყლისადმი განუსაზღვრელმა შიშმა, რაც მთელ მის მოდგმას
ძვალრბილში ჰქონდა გამჯდარი, ვერძი ისე დააფრთხო, ყველანი მიჰყარ-მოჰყარა, მილეწმოლეწა იქაურობა, ერთმანეთზე დაწყობილი კასრები დააგორა და კასრის ქვეშ მოყოლილი კაცის
ბღავილმა უარესად დაუბნელა გონება. ახლა ბოლომდე უნდა ებრძოლა, რადგან არავინ აღარ
აპატიებდა ამგვარ გაცხარებას. ხომალდი ტორტმანობდა, მეზღვაურები გემბანზე აგორებულ
კასრებს დასდევდნენ, ვერძი კი თავის ტვირთიანად წინ და უკან დარბოდა და უკვე თვითონაც
ნანობდა, ასე რომ გაემწარებინა ამდენი ხალხი. კარგის მეტი არაფერი ახსოვდა ვერძს ამ
ხალხისაგან, არც საჭმელი დაუკლიათ და არც საქებარი სიტყვები, შენისთანა ლამაზი და ყოჩაღი
ვერძი მეორე არ მოიძებნება ქვეყანაზეო, მთელი გზა ამას ეჩიჩინებოდნენ და ვერძიც
გაიბღინძებოდა ხოლმე, სიამოვნებდა ადამიანის შექება. შიშისგან თვალებგადმოკარკლული
ფრიქსე რქებში ჩაფრენოდა ვერძს და უთავბოლო ჭენებისაგან გულს აზიდებდა. "აქამდე წყალსაც
შევეჩვეოდი და ნაპირზედაც გავიდოდიო", სინანულით გაიფიქრა ვერძმა და სწორედ მაშინ
იყვირა ვიღაცამ: მუგუზალი ატაკეთ მაგ სამგლესო. თითქმის მაშინვე შეტრუსული ბალნისა და
დამწვარი ქონის სუნი დატრიალდა ჰაერში. ტკივილმა ფრთები გამოასხა ვერძს, ჩლიქების

ბაკაბუკით გემბანი გაირბინა, უკანა ფეხები ტყუპად დაჰკრა ხომალდის კიდეს და ტვირთიანად
გაფრინდა, მაგრამ ნაპირამდე მაინც ვერ მიაღწია და წყალში მოადინა ტყაპანი.
ფრიქსემ ჰაერშივე დაჰკარგა გონება და მხოლოდ მიწაზე გამოფხიზლდა, უცხო ხალხის ფეხებთან
გაშოტილი.
ათი წლისა იყო ფრიქსე, მეორედ რომ დაიბადა. ჩვილივით დამფრთხალი და გაოცებული
ათვალიერებდა უცხო გარემოსა და სახეებს, გაღიმებულნი მისკენ რომ იხრებოდნენ, რაღაცას
ეუბნებოდნენ, მაგრამ ფრიქსეს ჯერ არ ესმოდა მათი ენა, ჯერ კიდევ არ იყო მათი; აცახცახებულ
ფეხებზედაც მამასავით გაუბედავად იდგა, მაგრამ თუ ცხოვრება უნდოდა, თავიდან უნდა
ესწავლა სიარულიცა და ლაპარაკიც. რაც აქამდე იცოდა, აღარაფერში აღარ გამოადგებოდა, უნდა
დაევიწყა, სამუდამოდ, ძირფესვიანად, რადგან აქამდე მხოლოდ იბადებოდა, ნამდვილი ფრიქსე
ათი წელი იბადებოდა, ათი წელი საშოს წყვდიადში ეძინა და შემზარავ სიზმრებს ხედავდა.
ქვეყანას, სადაც ნამდვილი ფრიქსე იშვა, არაფერი ჰქონდა საერთო იმ სიზმრებთან, ათი წლის
განმავლობაში განუწყვეტლივ რომ ესიზმრებოდა, ათი წლის განმავლობაში სისხლს რომ
სწოვდნენ გოლიათი წურბელებივით, შიშს რომ აჩვევდნენ, შიშსა და მორჩილებას, მაგრამ
როგორც არ უნდა ცდილიყო ფრიქსე მათ დავიწყებას, ისინი მაინც არსებობდნენ, ისინი იმ ქვის
მეორე მხარეზე ეხატნენ, რომელზედაც ფრიქსე იკიდებდა ახლა ფეხს და საკმარისი იყო ქვა
ფეხქვეშ ამობრუნებოდა, მაშინვე მშიერსა და გათოშილ წარსულს, არარაობას, არარსებობას
დაუბრუნდებოდა. ყველაფერი ფრიქსეზე იყო დამოკიდებული, როგორ მოიქცეოდა, რას
აირჩევდა: სიზმარსა თუ სინამდვილეს, მშობლიურ სიღატაკეს თუ უცხო ფუფუნებას. ფრიქსემაც
აირჩია; როგორც კი სასახლეში მიიყვანეს, თავს ძალა დაატანა, გაიქცა და ტახტზე მჯდომ კაცს
ხელზე აკოცა. უნებურად ფრჩხილებზეც დახედა, მაგრამ ტახტზე მჯდომარეს ჩვეულებრივი
ფრჩხილები ჰქონდა, შეუღებავი. ფრიქსეს რატომღაც გაუკვირდა, თითქოს რადგან
შავფრჩხილება კაცმა გამოგზავნა, აქაც ყველას შავი ფრჩხილები უნდა ჰქონოდა. ახლა ფრიქსეს
მთელი სიცოცხლე უნდა ეთვალთმაქცა, მთელი სიცოცხლე უნდა ეზიდა ტყუილი,
დაბადებისთანავე რომ ათქმევინა ბედმა. რა უნდოდა, რატომ გაემეტებინა ბედს ასე,
ბაბუაწვერასავით რომ ააფრინა ცაში და ქვემოდან სულს უბერავდა, არ აძლევდა მიწაზე
დაშვების საშუალებას?! როდემდე უნდა ყოფილიყო ცაში გამოკიდული, ყველას დასანახად?!
სანამ ბუსუსები არ გასცვივდებოდა?! მაგრამ როცა ტიტველი ღეროღა დარჩებოდა მისგან, კი არ
დაეშვებოდა, არამედ დაენარცხებოდა მიწაზე. ფრიქსე ამას გრძნობდა და მტკივნეული დაცემის
მოლოდინში ათენ-აღამებდა, აღსასრულის ეშინოდა, მაგრამ ერთხელ ნათქვამი ტყუილი უკან
მოუხედავად მიერეკებოდა სიყალბის, თვალთმაქცობის, მორჩილებისა და დაფარული
სიძულვილის გზაზე.
ფრიქსემ პირველსავე დღეს იგრძნო, რა შორს დარჩენილიყო მშობლიური ქოხი, ჩამოკონკილი
დედ-მამაც და ჰელეს საფლავიც. ეს ყველაფერი იმდენად შორს იყო ახლა მისგან, ხანდახან
თვითონაც ფიქრობდა, მართლა ხომ არ დამესიზმრაო, მაგრამ მაშინვე ისე ცხადად ეცემოდა
ხოლმე იმ ქოხში გამეფებული შმორის სუნი, ისე ცხადად დაუდგებოდა ხოლმე თვალწინ დედის
მოქუფრული სახე, ქუჩის კუთხეში პატარა სკამზე ჩამომჯდარი მამა, წინ რომ გოგრის
მოხალული თესლით სავსე ტაშტი დაედგა, და გამჭვირვალე წყალში ჰელეს ოდნავ აქანავებული
ფეხები, სხვას რომ ვერაფერს გააწყობდა ყელში მობჯენილ ცრემლთან, განჯინაში ძვრებოდა და

იქ, მარადიულ ნესტსა და სიბნელეში, გულსაკლავად ტიროდა თავის სიობლესა და სიმარტოვეს.
არა, არ შეეძლო ფრიქსეს ყველაფრის დავიწყება, პირიქით, რაც დრო გადიოდა, მით უფრო
რწმუნდებოდა, არც ძალა ეყოფოდა და არც სურვილი იმ ათი წლის ამოსაშლელად, ამოსაფხეკად
თუ ამოსაძირკვად, რომლის უარყოფასაც ბედი ავადლებულებდა. კი ბატონო, ყოფილიყო ისე,
როგორც ბედს უნდოდა, ის არ გადავიდოდა პირობას, არავის გაუმხელდა სიმართლეს, მაგრამ
ასევე არ ეკითხებოდა არავის, რას ფიქრობდა იგი გულში, რაზე ოცნებობდა, რა ახსოვდა და ვის
ესაუბრებოდა ღამღამობით ეკალბარდად ქცეულ საწოლში. მხოლოდ მაშინ იყო ბედნიერი
ფრიქსე, როცა მარტო რჩებოდა, როცა სასახლე ჩაწყნარდებოდა და ძიძა-გადიები მთქნარებმთქნარებით უკანასკნელად დახედავდნენ ხოლმე საწოლებში გატრუნულ ბავშვებს. ფრიქსეს
მაშინ შეეძლო, რამდენიც უნდოდა იმდენი ეხეტიალა თავის საკუთარ ქვეყანაში, რომელსაც მამის
უნაყოფო მიწის ნაკვეთივით ძეძვის ღობე ჰქონდა შემოვლებული, ძეძვისა კი არა, ცეცხლისა, ცას
რომ სწვდებოდა და გუგუნებდა მტრების გულის გასახეთქად. როცა არ უნდა მისულიყო ფრიქსე,
ცეცხლის კედელი მაშინვე იპობოდა და სიტყვის უთქმელად ატარებდა, რადგან ამ ქვეყნის მეფედედოფალი მისი მშობლები იყვნენ: "უი, ჩვენი ბიჭი მოსულაო", - შემოკრავდა ტაშს დედოფალი
და ტახტის მოოქროვილ საფეხურებზე ჩამორბოდა. უკან მეფე მოყვებოდა, გვირგვინოსანი,
ხელში სამთავიანი გველი ეჭირა და იღიმებოდა, მეფურად. მერე ჰელეც მოირბენდა და წინ
შეჭამანდით სავსე ქოთანს დაუდგამდა. სველი კაბა ტანზე შემოტმასნოდა და სანამ ფრიქსე
მადიანად ილუკმებოდა, მოსვენებას არ აძლევდა, ჩქარა ჭამე, კარგი საბანაო ადგილი ვიციო.
მშობლებიც იღიმებოდნან, უხაროდათ, ერთად რომ ხედავდნენ თავიანთ შვილებს, მაგრამ დედა
განგებ შეყრიდა ხოლმე წარბებს და ჰელეს გაუწყრებოდა: აცალე, გოგო, ხომ ხედავ მშიერიაო.
ფრიქსე კი ილუკმებოდა, ილუკმებოდა და გული სიხარულით ებერებოდა, მისთვისაც რომ
მოემზადებინა დედას შეჭამანდი. მერე დედა ცარიელ ქოთანს დააპირქვავებდა და
შავფრჩხილებიან მსახურებს გასძახებდა: მოვიდა ჩემი ბიჭიო.
ასე იყო ყოველღამე, ასე გადიოდა დრო, და ის ქვეყანაც, ბავშვის ოცნებას რომ გამოეგონებინა და
გაემშვენიერებინა, ფრიქსესთან ერთად თანდათან იზრდებოდა. ახლა მასაც გულწრფელად
სჯეროდა, რომ ის პატარა, ძეძვით შემოღობილი, უნაყოფო მიწის ნაკვეთი კი არა, მართლა მთელი
სამეფო იყო, მამამისის სამეფო, და მერეც, როცა თავის შვილებს უყვებოდა ამ სამეფოზე, ეჭვიც არ
ეპარებოდა, ყველაფერს სიმართლეს ამბობდა. ერთი რამე სტანჯავდა მხოლოდ, შვილებთანაც
მალულად უხდებოდა მამისეულ ქვეყანაზე ლაპარაკი, თითქოს დიდ ბოროტებას სჩადიოდა.
მართალია, ფრიქსეს ყველანი კარგად ექცეოდნენ, მაგრამ ყოველთვის თვალშისაცემი,
გადამეტებული და ამიტომაც გამაღიზიანებელი იყო მათი ყურადღება, მზრუნველობა და
სიკეთე. რამდენჯერ გაუგონებიათ ფრიქსესთვის: ეგ უცხოა და უნდა დაუთმოო. ო, რა მწარედ
ხვდებოდა გულში ამგვარი გამოქომაგება; იმიტომ კი არ ექომაგებოდნენ, თავისიანად რომ
თვლიდნენ, არამედ, უცხო რომ იყო. ასეთივე უცხო იქნებოდა ყოველთვის, რათა მის ქომაგებს
საშუალება ჰქონოდათ, კიდევ ბევრჯერ გამოეჩინათ და დაემადლებინათ თავიანთი სიკეთე და
ხელგაშლილობა. ის ყოველთვის უცხო იქნებოდა, რადგან მათთვის არარსებული წარსული
ჰქონდა. ფრიქსე უცხო იყო, შეკედლებული, დავალებული და იძულებულიც, ყველაფერი
მოეთმინა, მოფერებაც კი. ღამღამობით მწარედ, ობლურად ტიროდა, მას ხომ მართლა არავინ
ჰყავდა ცეცხლის გალავანს აქეთ, გულწრფელად შეეჩივლა თავისი სატკივარი. დაუმსახურებელი

მეფის შვილობა და ასევე დაუმსახურებელი პატივი ბორკილებად დასდებოდა სულზე, მაგრამ
ამასაც ვერავის გაუმხელდა. ფრიქსეც ითმენდა, რადგან სხვა გზა აღარ ჰქონდა, სხვანაირად აღარ
შეეძლო ცხოვრება და თუმცა დილამდე ელაპარაკებოდა კედელს, ფიცს უდებდა, აქ მეტის
გამჩერებელი არა ვარ, ხვალვე გავიპარებიო, დილით გაღიმებული გამოდიოდა დარბაზში,
მოწიწებით ესალმებოდა ყველას და სიხარულით იბადრებოდა, როცა რომელიმე უფროსთაგანი
იტყოდა: აი, შეხედეთ, ფრიქსეს უკვე პირიც დაუბანია, ფრიქსე ყველას გჯობიათო. ხოლო როცა
ქარისა აყვირდებოდა: ნუ გამიჭირეთ თქვენი ფრიქსეთი საქმეო, ფრიქსე ფრთხებოდა, გული
ამოუვარდებოდა ხოლმე, რადგან ეშინოდა, სხვებმაც არ ამითვალწუნონ ქარისასავითო. ფრიქსეს
ქარისასი ეშინოდა და ეჯავრებოდა კიდეც, განსაკუთრებით იმ დღის მერე, როცა ქარისამ ხელი
ჰკრა და ცხვირი ნიჩბის ტარზე მიარტყმევინა. მაგრამ მაინც არ უნდოდა, ქარისას
აეთვალწუნებინა იგი. რას არ აკეთებდა მისი გულის მოსაგებად; კალიებს უჭერდა, ყველაზე
ფართოფურცლიან ყვავილებს უკრეფდა, თუთას უბერტყავდა, არავის ანებებდა კალათას,
რომელშიაც ქარისას საუზმე ეწყო, როცა სასეირნოდ მიდიოდნენ. ასე კი იმიტომ იქცეოდა,
თავისკენ რომ გადმოებირებინა როგორმე, ქარისასაც შეემჩნია მისი "ერთგულება" და არასოდეს
აღარ ეთქვა სხვების გასაგონად: ნუ გამიჭირეთ საქმე თქვენი ფრიქსეთიო. ფრიქსეს ეშინოდა
ქარისასი და ეს შიში აიძულებდა, განუწყვეტლივ ყოფილიყო მის სიახლოვეს.
სინამდვილეში, მთელი სიცოცხლე გარბოდა ქარისასაგან, მაშინაც კი, როცა ცოლად შეირთო და
ზედიზედ ოთხი შვილი გაუჩინა. რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო ამაზრზენი ხდებოდა
დამალული ტყუილი, მით უფრო იზრდებოდა მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმეც. ქარისასიც
ამიტომ ეშინოდა. ამიტომ ცდილობდა ყოველთვის მის სიახლოვეს ყოფილიყო, რადგან მისი
ვარაუდით, ქარისა თავიდანვე დააეჭვა მისმა მეფურმა წარმოშობამ და იმიტომაც ამბობდა
ხოლმე, ნუ გამიჭირეთ საქმე თქვენი ფრიქსეთიო. განა ფრიქსე მართლა მეფის შვილი რომ
ყოფილიყო, ის ვერ გაბედავდა ქარისასავით პირდაუბანელად გამოსვლას დარბაზში? განა
ბალიშის ქვეშ შეინახავდა ტანსაცმელს? ფრიქსე ხომ ბალიშქვეშ ინახავდა სათუთად დაკეცილ
ტანსაცმელს, სანამ ქარისამ არ შეამჩნია. სიკვდილამდე არ დავიწყებია ქარისას დამცინავი ხმა,
ასკინკილით რომ უვლიდა გარშემო ყაყაჩოსავით სახეაბრიალებულ ფრიქსეს და კაჭკაჭივით
დასძახოდა: გლეხაჭუა, გლეხაჭუაო. მარტო ქარისა ამჩნევდა მის არამეფურ ჩვევებს, მაგრამ
რატომღაც ზოგავდა, საქვეყნოდ არ ამხელდა, ალბათ, იმიტომ, მთელი სიცოცხლე ყურმოჭრილ
მონად რომ გაეხადა, ებატონა მასზე. არც ის იყო შემთხვევითი, ქარისა მაინცდამაინც მას რომ
მიაჩერდებოდა ეშმაკურად მოღიმარი თვალებით, როცა სააგარაკოდ მიმავალნი, ჩარდახიანი
ნავით სოფლებს აუყვებოდნენ და ფლატეებზე გადმომდგარი სოფლელი ბავშვები ხელების
ქნევით მისძახოდნენ: მეფის შვილებო, ჰაუუ, მეფის შვილებოო. ძნელი სათქმელია, რა უნდოდათ
სოფლელ ბავშვებს, ნავში მსხდომთა გაბრაზება, თუ უბრალოდ შურდათ, გული სწყდებოდათ,
თვითონაც რომ არ მისრიალებდნენ ამ ლამაზი და სწრაფი ნავით. ფრიქსე კი ოფლში იწურებოდა,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.