Latin

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23

Total number of words is 3759
Total number of unique words is 2020
32.4 of words are in the 2000 most common words
45.2 of words are in the 5000 most common words
54.1 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მოსვენებას უკარგავდა, თავისკენ ეწეოდა, გამოცანასავით კვიმატი და მიმზიდველი. კუსაც, ვინ
იცის მერამდენედ, გადაემხობოდა ხოლმე სარკოფაგს და სიმამრის შეშუპებულ სახეს ჯიუტად
ჩასცქეროდა. "მგონი კიდევ რაღაცას მიპირებს ეს პირქვე დასამარხიო", - ფიქრობდა და უკვე
ნანობდა, პირველ გულს რომ დაუჯერა, ნაკუწნაკუწ რომ არ დაგლიჯა ორმეტრიანი თამასუქი და
ყველას დასანახად სახეში არ მიაყარა ცხედარს. შეიძლება მართლა დააშავა კუსამ, ასე რომ არ
მოიქცა, შეიძლება ესეც მორიგი ოინბაზობა იყო მისი ძვირფასი ცოლოურის მხრიდან, მაგრამ
კუსამ მაინც დაცდა ამჯობინა, რადგან მის აყლაყუდა მეუღლეს, მის ორმეტრიან თამასუქს,
მაინცდამაინც ახლა მოუნდა დაორსულება. დიახ, პატუ ფეხმძიმედ გახლდათ და რახან სხვა არ
ანაღდებდა, იქნებ თვითონვე გაენაღდებინა თავი თამასუქს და ახლა მაინც, მესამე გზობაზე
მაინც, ეჩუქებინა კუსასთვის ერთი შვილი. ნაბიჭვარი კი არა, ნამდვილი შვილი, კანონიერი.
მართალია, სიმამრის ფულებზე ოცნების ბევრი კოშკი აეგო, ფული ყოველთვის სჭირდებოდა,
მაგრამ გულის სიღრმეში სიმამრის ფულებს საკუთარი შვილი ერჩია, ამჯერად შვილი უფრო
სჭირდებოდა, მხოლოდ შვილი, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მისი ნაშიერი დაამტკიცებდა,
ყველაფერზე უფლება რომ ჰქონდა კუსას, ყველაფერზე, რაც მოეხვეჭა და რასაც კიდევ
მოიხვეჭდა; შემთხვევითი კი არ იყო ამ ქვეყანაზე, როგორც მისი მტრები ამბობდნენ ალბათ,
არამედ აუცილებელი, გარდუვალი, რადგან ყველაფერი შეეძლო, რა თქმა უნდა, გამრავლებაც.
რაც პატუ კუსას ცოლი გახდა, უკვე ორჯერ ემშობიარა, მაგრამ ორივეჯერ მკვდარი ბავშვი
გაეჩინა. "ასე იმიტომ ხდება, მამაშენი ვალებს რომ არ იხდისო", - ეუბნებოდა გაბოროტებული
კუსა, რადგან, ყველაზე მეტად ის აცოფებდა, წყალში რომ ეყრებოდა გემბანისხელა საწოლზე
იძულებით გატარებული დრო და უპირველეს ყოვლისა, გაწეული შრომა, რაც არ უნდა
არასასიამოვნო და ნაძალადევი ყოფილიყო იგი. უსამართლობა, ისევ და ისევ უსამართლობა
არეტიანებდა კუსას, რადგან, მისი ღრმა რწმენით, გაცილებით მეტი ნაყოფი სწორედ
არასასიამოვნო და ნაძალადევ შრომას უნდა მოეცა, რათა მუშაკს შეძლებოდა მისი დავიწყება,
რათა მუშაკს საერთოდ არ აცრუებოდა გული შრომაზე. სინამდვილეში კი საწინააღმდეგო
ხდებოდა: უნაყოფო შრომა დროსაც აბერწებდა, ძვირფასსა და განუმეორებელ დროს. კუსა
თითქოს მართლა ხომალდის მგზავრი იყო და ან წყალში უნდა გადამხტარიყო, ან უნდა
მოეთმინა, სანამ გამოჩნდებოდა ნანატრი ნაპირი. სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ნაპირი კი არ
ჩანდა, ბურუსში იმალებოდა, ანდა ხომალდს დაჰკარგვოდა გეზი; და მართლაც, გზააბნეული
ხომალდივით მიჭრიალებდა გემბანისხელა საწოლი მოლოდინის, გაურკვევლობისა და იმედის

ღამეში. ნაპირი კი მაინც არ ჩანდა, თუმცა აქამდე უკვე ორგზის უნდა გამოჩენილიყო. მის
მეუღლეს თითქოს სიკვდილთან დაედო კავშირი, სიკვდილს დაამხანაგებოდა, მაგრამ კუსას
ვიღა აღუდგენდა უნაყოფოდ დაკარგულ დროს? არავინ, თუკი თვითონვე არ იზრუნებდა. ქვა
უნდა გაეხეთქა, ცას უნდა შესწვდომოდა, წელებზე ფეხი უნდა დაედგა და ამიტომაც იყო ალბათ,
ცოფიანივით რომ ეძგერებოდა ხოლმე პატუს, როგორც მიწისძვრისგან ჩამოქცეულ სახლს,
რომლის ქვეშაც ბავშვი მოყოლილიყო, ბავშვი კი არა, მისი შვილი. ქმრის შიში და მღელვარება
თანდათან პატუსაც გადაედო, თანდათან ისიც დარწმუნდა, სამართლიანად რომ საყვედურობდა
ქმარი. პატუმ ღიღინს უკლო და დედასთან სიარულს მოუხშირა. რახილოსაც საგონებელში
აგდებდა შვილის სიბერწე, ჩემს შვილს რატომ არ უნდა უჩნდებოდეს ბავშვიო, მაგრამ რახილოც
უმწეო იყო ბუნების საიდუმლოებათა წინაშე და უნებურად თვალს არიდებდა შვილის
შეწუხებულსა და მავედრებელ სახეს. პატუ კი ისეთი იმედითა და მოკრძალებით შესცქეროდა
დედას, როგორც ბერწი დედაკაცები ნაყოფიერების ქალღმერთის კერპს. "როგორც დაგარიგე, ხომ
მოიქეცი ისეო?" - ვინ იცის, მერამდენედ ეკითხებოდა რახილო მის ფეხებთან ჩაცუცქულ პატუს,
და როცა ისიც თანხმობის ნიშნად თავს დაუქნევდა, მართლა აღარ იცოდა, რა ეღონა, რაღა ერჩია
ქალიშვილისთვის, ასეთი სასოებით რომ შემოსცქეროდა, ასე რომ უნდოდა დედობა. კუსა კი
დღითიდღე უხეშდებოდა, გესლიანი და საშიში ხდებოდა. "თუ მართლა სიკვდილის მეგობარი
ხარ, ჯერ მამაშენი წააყვანინეო", - დაჰყვიროდა პერანგშემოხეულ პატუს, როგორც დასაკითხად
შემოთრეულ ტუსაღს. ხოლო ცოლის სლუკუნს თუ გაიგონებდა, უარესად ცოფდებოდა: წინასწარ
გამოგვიტირა ყველანი ამ ოხერმაო.
- იმღერე! რატომ აღარ მღერი?! - ყვიროდა თვალებგადათეთრებული კუსა.
მერე დატყვევებულ ნადირივით მოჰყვებოდა წრიალს და თვითონ მღეროდა, ბოროტად,
ღვარძლიანად, ხრინწიანად, პატუს გამოსაჯავრებლად: მე და შენის სიყვარულსა რა გაჰყრის
სიკვდილის მეტიო.
"მამა როგორ დავწყევლოო", - ფიქრობდა შიშისგან მობუზული პატუ, მაგრამ ერთ დღეს ისე
შეწუხდა, ისე გამწარდა, ისე მობეზრდა ყველაფერი და ისე შეეცოდა თავი, მაინც წამოცდა: მე თუ
ამ დღეში ვიქნები, ან მამა რად მინდა და ან სხვა ვინმეო. იმავე საღამოს ღვინის ვაჭარი ბახა თავის
ორმოცსაფეხურიან სარდაფში გარდაიცვალა, მაგრამ კუსას წინასწარ რომ სცოდნოდა, რა
მოჰყვებოდა იმ პირქვე დასამარხის სიკვდილს, ძალით აცოცხლებდა, ქვეყანას დაასევდა,
სიცოცხლეს მოიკლებდა და იმას მიაშავებდა, ოღონდ ამ დღეში არ ჩავარდნილიყო, ოღონდ
ფარნაოზი არ სცნობოდა, საერთოდ არ ჰყოლოდა ბიძა, ქვისტვინა და ქვისხელება და, მართლაც,
რაღა მაინცდამაინც ფარნაოზი უნდა ყოფილიყო, მაინცდამაინც დედამისის ძმა, თუ ეს
უსამართლო ქვეყანა მაინცდამაინც კუსას არ ედგა კრიჭაში. "ვკვდები, არ მომეკაროო, სიკვდილი
მაინც მაცალეთ ჩემს ნებაზეო" - კუთავდა, კვნესოდა, ოხრავდა კუსა, თითქოს მართლა კვდებოდა,
არა, უკვე მომკვდარიყო და გემბანისხელა საწოლში, როგორც საგვარეულო სამარხში, თავის
მკვრადშობილ შთამომავლობასთან ერთად დაემარხათ. სინამდვილეში კუსა იბადებოდა,
ხელმეორედ იბადებოდა, ოღონდ, სულელი და მხდალი დედაკაცის საშოდან კი არა, საკუთარი
გონებიდან, გამობრძმედილი, ჭირნახული, ჭკუანასწავლი და დაბრძენებული. დაბადებაც
მტკივნეული იყო, იმდენად მტკივნეული, სიკვდილში აერია, ერთი წუთით ლამის დაჰყარა
კიდეც ფარ-ხმალი, მაგრამ კედელმა გადაარჩინა, უფრო სწორად, კედლის ბზარში შეყუჟულმა

ჭრიჭინამ; კუსამ შემთხვევით დაინახა იგი, შემთხვევით დაუკავშირა ერთმანეთს
გულისგამაწვრილებელი, ქვეყნის ამკლები ხმა და ეს პატარა მწერი, რტოსშერჩენილ ქლიავივით
შავი და დამჭკნარი. ჭრიჭინამაც იგრძნო უცხო თვალი და ნირწამხდარი ჩაჩუმდა.
მოულოდნელად ჩამოვარდნილმა დუმილმა კუსას გონება გამოუკეთა, გაოფლილი და
სახსრებდალეწილი, ახლა მშვიდად იწვა და იღიმებოდა, თითქოს აღთქმულ ქვეყნამდე მიეღწია,
რომლისკენაც დღედაღამე მიისწრაფოდა რწმენისა და შიშის ამარა. კუსას ბავშვობიდან ეშინოდა
ჭრიჭინების, ისინი რატომღაც იმქვეყნიურ ხმებად ჰყავდა წარმოდგენილი, რომლებიც
ზაფხულობით, ხვატისგან დამსკდარი მიწის ნასვრეტებიდან ამოდიოდნენ და გაუთავებლად,
განურჩევლად წყევლიდნენ და აგინებდნენ ცოცხლებს, მზედაკრული გვამის სუნივით
უხილავნი და შემაწუხებელნი. კუსას აქამდე არ ენახა ჭრიჭინა და შეიძლება ამიტომაც გასჩენოდა
ამგვარი წარმოდგენა. ახლა იწვა და იღიმებოდა, გამოცანის სიმარტივით შემცბარი და
აღფრთოვანებული. "აი, თურმე როგორი ყოფილაო", - ფიქრობდა იგი და უკვე პირველი
დასკვნებიც გამოჰქონდა საკუთარი აღმოჩენიდან. "ხე, ხე, - იცინოდა კუსა, - ეგ რომ ჩანდეს, ვინ
გააჭაჭანებდა აქამდეო. კაცს იმისი ეშინია და იმას უწევს ანგარიშს, რისი დანახვაც არ შეუძლიაო;
დიდ ძროხას ყველა დანით დასდევს უკანო; რაც უფრო პატარა ხარ, უკეთესად დაიმალებიო;
ხოლო რაც უკეთესად დაიმალები, ხმაც აგეწევა და ფასიცო".
- ვერ უნდა გიპოვონ, ვერა! - იყვირა უცებ კუსამ და საწოლზე წამოჯდა, მერე საჩვენებელი თითი
ბზარში შეყო და ჭრიჭინა გაჭყლიტა, გამომჟღავნებული მსტოვარივით ზედმეტი და უვარგისი.
სანამ ფარნაოზი კრეტაზე წავიდოდა, ბიძა-დისშვილი ერთხელ კიდევ შეხვდნენ სალაპარაკოდ.
უთენია წამომდგარ ფარნაოზს კარგა ხანს მოუწია ლოდინი ბერძნის წყაროსთან, სანამ კუსას
ტომრის ჟღრიალს გაიგონებდა. ბიძა რომ დაინახა, კუსამ ნაბიჯი შეანელა, მაგრამ არ
შეჩერებულა, არც ღიმილი მოშორებია, თუმცა სახე დაეძაბა, თითქოს გზაზე გაწოლილი
ქოფაკისთვის გვერდი უნდა აევლო. კუსამ სწორედ წინა დღეს კრეტაზე გასაგზავნი ხელოსნების
სიაში ჩააწერინა ფარნაოზი და სრულებითაც არ გაჰკვირვებია ამ დილა-უთენია მისი დანახვა.
სასახლეში ნათქვამი სიტყვა ყოველთვის მთქმელზე ადრე გამოდიოდა ქალაქში, მაგრამ კუსამ
ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა, რადგან იმ წუთას დარწმუნებული იყო, ორივესთვის,
თავისთვისაც და ბიძისთვისაც, სასიკეთო საქმეს აკეთებდა. არც სხვებისთვის უნდა ყოფილიყო
მოულოდნელი და გასაკვირი კუსას ამგვარი თავგამოდება. ხელოსანი რომ ყოფილიყო,
თვითონაც ჩაეწერებოდა, რადგან, როგორც სასახლეში გაეგო და დაესწავლა, მინოსის სამსახური
ყველა მოკვდავის წმიდათაწმიდა ვალი იყო. მინოსს კი, ყველაზე დიდ მეფეს, ყველაზე დიდი
სასახლის მშენებლობა წამოეწყო და ხელოსნები სჭირდებოდა. განა ასე არ გამოუცხადეს: მინოსს
ხელოსნები შემოუთვლია და აბა, თქვენ იცით, არავის არ უნდა ჩამოვრჩეთო. რომელი ხელოსანი
დაიხევდა უკან, თუკი ასეთი ბედნიერი შემთხვევა მიეცემოდა თავისი ერთგულებისა და
ოსტატობის გამოსამზეურებლად. "ხე, ხე, სირცხვილი არ არის, ამისთანა ბიძის პატრონს ჩაქუჩის
დაჭერაც არ შემეძლოსო", - ამბობდა კუსა და თვითონაც ეღიმებოდა, როცა რომელიმე კარისკაცი
ხელს წაკრავდა და მიაძახებდა, შენც კარგი მამაძაღლი ხარო.
გამოჩნდა თუ არა კუსა, მაშინვე მიხვდა ფარნაოზი, ისევ რომ გაბითურებულიყო, ისევ
გაბმულიყო მახეში და ისევ საკუთარი სიბრიყვის წყალობით. "ეტყობა, ვერასოდეს ვისწავლი
ჭკუასო", - ფიქრობდა იგი, მაგრამ აღარც გაბრუნება შეეძლო, უბრალოდ თავიც აღარ ჰქონდა,

ერთი დღე კიდევ გაეძლო მტანჯველი ფიქრებისათვის, იმ საბედისწერო შემთხვევის მერე,
მაძღარი მგლებივით, თავშესაქცევად, ყასიდად რომ ძიძგნიდნენ და გულაღმა გაშოტილს პირში
ჩაჰღმუოდნენ. არა, ისევ გაბითურება სჯობდა უკან მიბრუნებას. ფარნაოზს საკუთარი განზრახვა
სტანჯავდა და ამაშიც თვითონ იყო დამნაშავე, რადგან ბრმად და დაუფიქრებლად თვითონვე
გამოეხმო სულის ყველაზე მიყრუებული კუნჭულიდან და ახლა, ტყვეობიდან თავდაღწეული
ნადირივით საშიში, არავის მიიკარებდა, გახედვაც აღარ უნდოდა ბნელი და ნესტიანი
ბუნაგისკენ, საიდანაც მისი უყაირათო მეთვალყურის წყალობით მაინც დაეღწია თავი.
ფარნაოზიც ამაოდ ცდილობდა უნებური შეცდომის გამოსწორებას. განზრახვა ბრმა იყო,
ყნოსვით მიიკვლევდა გზას, მაგრამ ბასრი კბილები ჰქონდა და თუკი ერთი წამით მაინც
შეეგუებოდა ფარნაოზი მის თავისუფლებას, ერთი წამით მაინც გამოაცლიდა პირიდან
გასისხლიანებულ ხელებს, მის სიბრმავესა და სიჯიუტეს ვეღარაფერი აღუდგებოდა წინ.
ფარნაოზს აზრი არ შესცვლია, ისევე სჯეროდა, კუსასთვის მადლი რომ იქნებოდა სიკვდილი.
კუსას ყველაზე უბედურად თვლიდა, რადგან ბუნებას კუსასთვის გესლის ჯირყვლები
გამოეყოლებინა და რამდენჯერაც არ უნდა ამოენთხია, მაინც ვერასოდეს განიწმინდებოდა
მთლიანად, თვითონვე იყო გესლის წყარო. სამაგიეროდ, სიცოცხლისუნარიანობითაც
გამოირჩეოდა. სითავხედის კეტით მიიკვლევდა გზას, რადგან ტანი უგრძნობდა, სითავხედით
უფრო ადვილად დააეჭვებდა სხვებს თავიანთ სამართლიანობაში და უფრო ადვილად
დაარწმუნებდა, საჭირო რომ იყო თავად, აუცილებელი, როგორც... როგორც თუნდაც გველი,
ანდა მორიელი. არა, კუსა ქვის მატლი იყო, ხრწნაგამჯდარი ქვის მატლი და ამიტომაც უფრო
ღირსეული პატრონიც უხეიროს უმეცრებით დანგრეული ქვეყნისა, ვიდრე ფარნაოზი, რომელსაც
ამ დანგრეული ქვეყნის დანახვის უფლებაც აღარ ჰქონდა, მოვლა-პატრონობას კი არა, დანახვასაც
უშლიდნენ, მტვერი რომ გადაეწმინდა, ქვები რომ გადაეწყო გვერდზე და დოქის ყური მაინც
ეპოვა, როგორც უტყუარი საბუთი, უტყუარი დადასტურება ამ ნანგრევების ქვეშ ოდესღაც
მართლა არსებული ქვეყნისა, რომელსაც მისი სამშობლო უნდა რქმეოდა. საინტერესოა, იცოდა
თუ არა ეს ამბავი კუსამ? ალბათ, არ იცოდა, არ შეიძლებოდა სცოდნოდა. განა მატლს შეიძლება
ჰქონდეს სამშობლო? მატლი ხომ მაშინ ჩნდება, როცა ყველაფერი დამთავრებულია და იმას
უჩნდება, რაც აღარავის სჭირდება. ეს რომ სცოდნოდა, ფარნაოზის აზრით, კუსა თვითონვე
მოიკლავდა თავს და ფარნაოზსაც გაათავისუფლებდა ამ ბინძური განზრახვისაგან, რომლის
აღსრულებაც ფარნაოზს უკვე თავის მოვალეობად მიაჩნდა, მხოლოდ ამაზეღა ფიქრობდა,
მკვლელობის ათასგვარ ხერხსა და საშუალებას იგონებდა და იტანჯებოდა, რადგან კუსა მაინც
უყვარდა, უფრო სწორად, ეცოდებოდა, არ ემეტებოდა გადასაგდებად და ამიტომაც არც უფლება
ჰქონდა გვერდზე გამდგარიყო, თვალი დაეხუჭა, ანდა მშვიდად ეცქირა, როგორ ფუტფუტებდა
იგი სამშობლოს ცხედარზე. მართალია, კუსაც მსხვერპლი იყო, მაგრამ თანაგრძნობას არ იწვევდა,
რადგან წინასწარვე, გაჩენამდე შეჰგუებოდა ამგვარ გარემოში ცხოვრებას და, რაც ყველაზე დიდი
უბედურებაა, მხოლოდ ამგვარ გარემოში შეეძლო ცხოვრება, ასეთი სენი დაჰყოლოდა და ამ სენის
ამოწვა და ამოძირკვა კუსას არსებიდან ყოვლად შეუძლებელი იყო. კუსა ამ სენისთვის გაეჩინა
ბუნებას, ამ სენის მატარებლად, გამავრცელებლად, და ეს კუსამ არც კი იცოდა, როგორც ქარმა არ
იცის, რომელი მცენარის თესლი გადააქვს ერთი ადგილიდან მეორეზე.
სამაგიეროდ, კუსას არ შეეძლო არ შეემჩნია ის შიში, რომელსაც მისი გამოჩენა ბადებდა, მისი
ტომრის ჟღრიალი და სამზარეულოს დანასავით ყოველთვის საგულდაგულოდ გაპრიალებული

ღიმილი; "თუ მართლები არიან, რატომ უნდა ეშინოდეთ ჩემიო" - ფიქრობდა კუსა და
გულწრფელად სჯეროდა, მთელი ქვეყანა პირადად მისი მტრებით, მისი მოშურნე და მისი
მარცხის მომლოდინე ხალხით დაესახლებინათ. აკი ბიძასაც ასე უთხრა: ჩემი გშურს და იმიტომ
გეჯავრებიო, მაგრამ სწორედ ფარნაოზის თვალში არაფერი ჰქონდა კუსას შესაშური; რამდენიც
არ უნდა მოეხვეჭა, მაინც ყოველთვის ღატაკი იქნებოდა, რადგან ისიც არ იცოდა, რამდენი
სჭირდებოდა, რა სჭირდებოდა, რისთვის სჭირდებოდა; მონახვეჭი კი არ გააძლიერებდა,
როგორც ჭირნახული გლეხს, არამედ დაასუსტებდა, როგორც მახრჩობელა გველს გადაყლაპული
კურდღელი. ეს ბუნებასაც გაეთვალისწინებინა და ამიტომაც გამოეყოლებინა გესლის
ჯირყვლები: მონელების ჟამს, მშობიარე ქალივით დაუძლურებული, გესლს უნდა დაეცვა იგი.
ამგვარმა ფიქრებმა ფარნაოზს ძილი გაუტეხა, სამარიდან ამოღებულს დაემსგავსა; სანამ პოპინა
არ მოუკაკუნებდა კედელზე, უთავბოლოდ დაბორიალობდა ოთახში, თითქოს კარ-ფანჯარა
ამოექოლათ და გამოსავალს ვეღარ პოულობდა. დილით პოპინას დანახვისა რცხვენოდა და
უსაუზმოდ გარბოდა შინიდან, რათა ჩქარა აცოცებულიყო თავის უკაცურ კუნძულზე და
ჩაქუჩით ემტვრია ქვის ხორკლიანი ზედაპირი - საზარელი განზრახვის ლიბრგადაკრული
თვალები და ბასრი, გამყინავად ბასრი კბილები. "მაგ ხნის კაცები ბავშვებივით არიან, მარტო
წოლა უჭირთო" - ეუბნებოდა ქალუკა ძმის მოუსვენრობით აფორიაქებულ პოპინას. პოპინაც ასე
ფიქრობდა, გული უგრძნობდა, ქალი იყო გახვეული საქმეში და ადრე თუ გვიან მაინც
მოხდებოდა ის, რისიც ყველაზე ძალიან ეშინოდა. პოპინას ფარნაოზის მომავალი ცოლის
ეშინოდა. ვინც არ უნდა ყოფილიყო იგი, ქალღმერთი თუ მეძავი, პოპინა მაინც ფეხებს
დაუკოცნიდა, გულითა და სულით შეიყვარებდა, მაგრამ რა ვალდებული იქნებოდა ის, ან რატომ
უნდა მოეთმინა ნამუსახდილი და მიგდებული დედაკაცი, რომელსაც საკუთარი ოჯახისთვის
შერცხვენის მეტი არაფერი მოეტანა, რომლის მიზეზითაც ამ დასაქცევ სახლში ყველას
ერთმანეთი ძულდა. რძალმა კი არა, შვილმა არ ინდომა იგი და სწორეც იყო, რადგან დედას თუ
წაიყვანდა, ცოდვიანად უნდა წაეყვანა, პოპინას ცოდვას კი ერთი სახლი უკვე წაებილწა და ესეც
კმაროდა. აქაც მამის ხათრით აჩერებდნენ ალბათ. არა, ფარნაოზს არასოდეს არ უგრძნობინებია,
არ მსიამოვნებს შენთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაო, მაგრამ ვინაა თავდები, ძალით რომ არ
აკავებდა ფარნაოზი პირზე მომდგარ სიტყვას. ავს თუ არ ამბობდა, არც კარგი უთქვამს ფარნაოზს
როდისმე დისთვის. მართლა არ ახსოვდა პოპინას ძმის ტკბილი სიტყვა, ხოლო კუსა რომ გაჩნდა,
იმ დღის მერე გაღიმებულიც აღარ უნახავს. არ აპატია და იმიტომ, მაგრამ ფარნაოზი მაინც სხვა
იყო და ფარნაოზის ცოლი სხვა. ცოლს ბევრი რამე შეეძლო. შეიძლება ფარნაოზიც ამიტომ
ითრევდა ფეხს, დას ზოგავდა, და ეცოდებოდა, მაგრამ აღარც უცოლობა შეეძლო და უხმოდ,
უთქმელად იტანჯებოდა. ანდა... არა, პოპინას არ უნდოდა დაეჯერებინა კუსას იმდღევანდელი
ნათქვამი. რას არ ამბობდნენ კაცები სიბრაზეში, მამა შვილს არ ზოგავდა და შვილი მამას; მეტი რა
იცოდა პოპინამ, მეტი რა მოესმინა, რამდენჯერ გადატრიალებია გული, სანამ დარწმუნდებოდა,
რომ ეს კაცების თვისება იყო. სამაგიეროდ, დღემდე სჯეროდა, მის დასაშინებლად რომ
იქცეოდნენ კაცები ასე, მის დასაკნინებლად იგონებდნენ საზარელ სიტყვებს, თვითონ კი, ერთი
წუთის შემდეგ აღარაფერი ახსოვდათ. "ყველას ხელს ვუშლი, ყველას სიცოცხლეს ვუმწარებო" ზმუოდა პირმოკუმული პოპინა და დატყვევებული ჩიტივით შემკრთალი და გაკვირვებული
უსმენდა, როგორ დაძრწოდა ძილგამკრთალი ფარნაოზი კედლის იქით. ფარნაოზმა ერთი
პირობა გადაწყვიტა კიდეც, ეთქვა პოპინასთვის თავისი წუხილისა და მოუსვენრობის მიზეზი,

მაგრამ რა სიტყვებითაც არ უნდა გამოეთქვა ეს მიზეზი, ისე დაუჯერებლად და ამავე დროს ისე
საზარლად ჟღერდა, უკანასკნელ წამს ენას კბილს დააჭერდა ხოლმე და დას ეხვეწებოდა: თავი
გამანებე, არც არაფერი მტკივა, არც ცოლის შერთვას ვფიქრობო. მართლაც, როგორ ეთქვა ამ
საბრალო ქალისთვის, მისი შვილის მოკვლას რომ აპირებდა და იმიტომ ვეღარ დატეულიყო
თავის საწოლში. პოპინა ერთ რამეში იყო მართალი და თავისი გაუთავებელი შეკითხვებით
ფარნაოზიც მიახვედრა, რომ კუსას მკვლელობაზე ფიქრი, თავისი დაუნდობლობითა და
ტკივილებით, ძალიან ჰგავდა ინოზე ფიქრს. ფარნაოზის განზრახვას აღსრულება არ ეწერა,
მაგრამ ამაზე მეტად მაინც ვერ დაიტანჯებოდა, გინდაც მართლა მოეკლა კუსა. ფარნაოზს
გონებაში მკვლელობა უკვე ჩაედინა, ახლა მხოლოდ გვამის გამოტანაღა აკლდა სააშკარაოზე,
უფრო სწორედ, სასჯელი, რადგან მხოლოდ სასჯელს შეეძლო მისი დამშვიდება. ამიტომაც იყო,
დღემდე განუცდელი მღელვარება რომ დაეუფლა, გამაოგნებელი ნეტარება რომ მოჰგვარა
ქალაქში დარხეულმა ხმამ ხელოსნების კრეტაზე გამგზავრების შესახებ. ფარნაოზს ისეთი
გრძნობა ჰქონდა, თითქოს პირადად მისთვის გამოეტანა განაჩენი, სადღაც, ცხრა ზღვის იქით,
ვიღაცას, ღმერთივით მკაცრსა და სამართლიანს, ზღვების იქითაც რომ შეეძლო კაცის გულში
ჩახედვა, ფიქრის ამოკითხვა და დასჯაც. მაგრამ იყო მეორე საშიშროებაც. ხომ შეიძლებოდა, აქ
ვერ მიმხვდარიყვნენ, ვისთვის იყო ეს განაჩენი გამოტანილი, ანდა, სწორედ იმიტომ, რომ
მიხვდებოდნენ, მის მაგივრად სხვა გაეგზავნათ, ის კი დაენდოთ, დაემალათ, როგორც უხეიროს
შვილი და კუსას ბიძა. ამიტომაც, ბევრი აღარ უყოყმანია და მეორე დილასვე, უთენია
წამომდგარი, ბერძნის წყაროსთან დაელოდა კუსას.
- კრეტაზე რა გინდა, ოჯახს ვის ანაბარა ტოვებო? - ხელები გაშალა კუსამ, როცა ბიძის სათხოვანი
მოისმინა. გუნებაში კი გაიფიქრა: მთლად წამხდარა ეს უბედურიო.
- ქვეყანა მიდის. წავალ, ბედსა ვცდი. - თქვა ფარნაოზმა.
- კაცო, წუხელ კოღომ მიკბინა, რა შხამი ჰქონდა ამისთანა იმ ოხერს, ძუძუს ქვეშ მუშტისხელა
ღუღუდო გამიჩინაო - თქვა კუსამ და მკერდი მოიქექა.
- დანის პირი უნდა მოგესვა, - უთხრა ფარნაოზმა.
- დანის პირი რა, კრაზანას კი არ უკბენია, შე კაცო - გაიღრიჯა კუსამ. მერე დაამატა: არ
დაგზარდები, ბიძაჩემო, მაგრამ ცოტა ძნელი საქმე კია, მსურველი ბევრიაო.
სანამ კუსა თვალს არ მიეფარა, ფარნაოზი ბერძნის წყაროსთან იდგა და გაჰყურებდა.
გამგზავრების დღე რომ დადგა, ფარნაოზი გამოსამშვიდობებლად მამასთან შევიდა. უხეირო
ისევ ქარგავდა, თითქოს ამ ხნის განმავლობაში მისთვის არაფერი შეცვლილიყო, მაგრამ
ფარნაოზს მაშინვე თვალში ეცა, როგორ მოეტეხა და გაენადგურებინა დროსა და ავადმყოფობას
უხეიროს უზარმაზარი სხეული. ახლა საწოლში გალეული, გაჩხინკული მოხუცი იჯდა და
ფარნაოზმა მამის წვრილსა და მობოშებულ კისერს რომ დახედა, ცრემლი ყელში მოებჯინა.
უხეირომ შვილს გაუღიმა, თუმცა კარგად ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულიყო საქარგავიდან.
- შენს ჩამოსვლამდე დავამთავრებ კიდეც, მერე დავსხდეთ და ერთად წავიკითხოთო - თქვა
უხეირომ.

ფარნაოზმა ტახტთან დაიჩოქა და მამის ხელს მისწვდა საკოცნელად. უხეირომ ერთი კი სცადა,
ჩვეულებისამებრ მოეღუშა სახე, მაგრამ რატომღაც მასაც ცრემლი მოერია, არც დაუმალავს,
ყველას დასანახად ამოიწმინდა განუწყვეტელი ქარგვისაგან ჩაწითლებული და გაგალებული
თვალები.
- ღვინო მოგვიტანე, პოპინა, - გასძახა უხეირომ ქალიშვილს და ისევ საქარგავს მიუბრუნდა.
ფარნაოზი კიდევ დიდხანს დასცქეროდა მამის გამხდარ თითებს, უზარმაზარი ჭიანჭველებივით
რომ დაფუსფუსებდნენ აფრისხელა ტილოზე. პოპინას ღვინის ხელადა ბალღივით მიეხუტებინა
და უხმოდ ტიროდა.
ფარნაოზი ისეთი გრძნობით გამოვიდა მამის ოთახიდან, თითქოს ვერასოდეს ვეღარ იხილავდა
ამ უცნაურსა და უბედურ კაცს, რომელიც მთელი არსებით, წლების მანძილზე, ჯიუტად,
თავგანწირულად ცდილობდა, არ გასტყდომოდა და არ შეგუებოდა თავის უბედურებას.
ასედაც მოხდა: ფარნაოზს უხეირო აღარ უნახავს.
მესამე ნაწილი
ფარნაოზი
ფარნაოზი კაცის შეყვირებამ გამოარკვია. ეს ხმა დიდხანს ესმოდა, მაგრამ ყურადღებას არ
აქცევდა, იგერიებდა, უსხლტებოდა, როგორც მდინარის ფსკერზე გაშოტილი გვამი მის
ამოსათრევად ჩამოშვებულ ჭანგს, მაგრამ ხმაც ჯიუტი იყო, დაუნდობელი, და თუ ჯერჯერობით
ვერ ახერხებდა მართლა ჭანგივით წამოსდებოდა გამოთიშულ გონებას, შეღწევით უკვე შეეღწია
შიგ. "მკვდარი ვარ და ცუგა დამყმუის თავზეო" - ფიქრობდა გამოფხიზლების გზაზე შემდგარი
ფარნაოზი, ხოლო როცა საბოლოოდ გამოფხიზლდა, აღარაფერი აღარ ახსოვდა, არც
შემაწუხებელი ხმა და არც სულელური ფიქრი. დაძაბული, სულისშემხუთველი დუმილი
გამეფებულიყო ირგვლივ. ბნელში იწვა. მთელი სხეული უბჟუოდა. სახსრები სტკიოდა და
სისუსტისგან თავბრუ ესხმოდა, თითქოს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ პირველად
გამოსულიყო სუფთა ჰაერზე, თუმცა ჰაერში გაზინთული ბუმბული ირეოდა და მქისე სუნი
ტრიალებდა, როგორც დაწიოკებულ საქათმეში. კაცმა ისევ შეჰყვირა და ფარნაოზმა შვება
იგრძნო, თითქოს ამ ხმის გაგონებას ელოდებოდა მხოლოდ, მოუთმენლად, მთელი არსებით.
"არაფერიც არ მომივა. ვიწვები ასე... მამაჩემივითო", - ამის გაფიქრებაღა მოასწრო და ისევ
დაკარგა გონება, მაგრამ უგრძნობლობის ფსკერამდე ვეღარ ჩააღწია, სადღაც შეჩერდა, შუა გზაში,
ტოტებმა შეაკავეს. ასეთი გრძნობა ჰქონდა ზუსტად; თითქოს ტოტებზე იწვა და მათთან ერთად
ირხეოდა. არც უკვირდა, არც ეშინოდა. როცა ისევ გაახილა თვალი, ბავშვი დაინახა. ბავშვი
იატაკზე იჯდა და გაოცებული შემოსცქეროდა. დიდხანს უყურეს ერთმანეთს, ძალიან დიდხანს,
სანამ გაოცებული ბავშვი აბრჭყვიალებულ სინათლეში არ გაითქვიფა. ორი დღის მერე ისევ
დაუბრუნდა მხედველობა. ბავშვი ახლაც იატაკზე იჯდა, თითქოს ამ ხნის განმავლობაში არც ის
განძრეულიყო, და დიდი, გაოცებული თვალებით შემოსცქეროდა. მერე სახე შეუთრთოლდა,

პირი გაეხსნა და თეთრი, კრიალა კბილები გამოუჩნდა. ბავშვის ღიმილი უნებურად ფარნაოზსაც
გადაედო და მშრალი, დახეთქილი ტუჩები აეწვა.
- დედილო, მკვდარმა ისევ გაიღვიძა! - დაიძახა ბავშვმა.
ახლა კარს უყურებდა. აღარ იღიმებოდა, მოუთმენლად მისჩერებოდა კარს. ოთახში ქალი
შემოვიდა. სველ ხელებს წინსაფარზე იმშრალებდა. ქალის დანახვაზე ბავშვმა დაბმული
ჩიტივით შეიფრთხიალა და ამაყად გამოხედა ფარნაოზს. ქალმა გაიღიმა და ისე საოცრად
დაემსგავსა მის ფეხებთან აფრთხიალებულ ბავშვს, ფარნაოზს გული აუჩუყდა.
- მადლობა ღმერთს! - თქვა ქალმა.
ფარნაოზმა თვალი დახუჭა, ახლა უკვე ძალით. შეგნებულად, რადგან უცებ ყველაფერი
გაახსენდა და შერცხვა: მომღიმარი ქალისაც, მისი გადარჩენისთვის ღმერთს მადლობას რომ
სწირავდა; იატაკზე დაყურსული ბავშვისაც, მისი გადარჩენა ღიმილით რომ აუწყა ქვეყანას, და
ტახტისაც კი, რომელზედაც იწვა. ფარნაოზს გადარჩენის შერცხვა. ან რა საჭირო იყო იმ კაცის
გადარჩენა, რომელიც ათი წლის ამხანაგებს სასიკვდილოდ გაემეტებინათ. უკვე ყველაფერი
ახსოვდა, ყველაფერი მაშინვე გაახსენდა, როგორც კი ქალი შემოვიდა ოთახში.
სცემეს, არა, კი არ სცემეს, გველივით ჩაქოლეს. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. განა
სამართლიანად არ იქცევა კაცი, როცა მის გზაზე გაწოლილ გველს ბარით უჩეჩქვავს თავს?
გინდაც იმ გველს ჯერ არავინ დაეგესლოს, გინდაც მხოლოდ მზეზე გასათბობად
გამოხოხებულიყოს, მაინც ყველამ უნდა ესროლოს ქვა. ვალდებულნიც არიან, ასე მოიქცნენ,
რადგან თუ ჯერჯერობით არავინ დაუგესლავს იმ გველს, ადვილი შესაძლებელია, ხვალ
დაგესლოს ვინმე, თუნდაც ბავშვი, იატაკზე რომ დაუსვამთ და უყურადღებოდ მიუტოვებიათ
მშობლებს. "მე გველი ვარ, ღმერთო, გველი!" - შიშითა და ზიზღით გაიფიქრა ფარნაოზმა. ამ ათი
წლის განმავლობაში თურმე გესლითა და სიძულვილით ავსებდა იგი ამხანაგების გულებს,
ხოლო როცა გესლი და სიძულვილი გულებში აღარ ჩაეტიათ, გადმოანთხიეს კიდეც.
ათი წელი გასულიყო. ესეც ახლა იგრძნო ფარნაოზმა, უცხო სახლში, ვიღაცის ტახტზე
გაშოტილმა. დრო კი გასულიყო, მაგრამ არაფერი შეეცვალა, რადგან თვითონ იყო ფუჭი და
უაზრო, სასჯელისთვის განკუთვნილი, სავალდებულო სენივით მოსახდელი. ამ ათი წლის
განმავლობაში არავინ დაინტერესებულა მისი ვინაობით. პირველად რომ ჩამოვიდა კრეტაზე,
არც მაშინ უკითხავთ სახელი, ზედამხედველებს მისი ხელობა აინტერესებდათ მხოლოდ და
როცა ფარნაოზმა უთხრა, ქვისმთლელი ვარო, ორმოცი ათასმა კაცმა ერთხმად შესძახა: აქეთ
მოდი, ჩვენი ყოფილხარო. ის იყო და ის, იმ დღის მერე ფარნაოზი ორმოცი ათას ქვისმთლელში
გაითქვიფა, ორმოცი ათას ფარნაოზად იქცა და ეს ორმოცი ათასი ფარნაოზი ტყუპისცალივით
ერთდროულად გარბოდა ფეხსადგილისკენ, ერთდროულად იკლავდა წყურვილს და
ერთდროულად წვებოდა დასაძინებლად, რათა უთენია, ზედამხედველების ყვირილზე, ისევ
სინანულითა და გინებით მიეტოვებინა გაურანდავი ფიცრის ნარები და მძიმე ჩაქუჩებით
აღჭურვილი ისევ ლოდებს მისეოდა, ისევ ლოდებზე ამოეყარა ჯავრი. დილიდან საღამომდე
ეჭიდებოდნენ ისინი ქვის სიჯიუტეს, ხლეჩდნენ და აპობდნენ, ამტვრევდნენ და აქუცმაცებდნენ
ამ უძრავსა და უგრძნობელ ურჩხულებს, საზარელი პირებიდან მტვერს და ნაპერწკლებს რომ

აფრქვევდნენ და ხარხარებდნენ, სანამ მათი სიმტკიცითა და სიკერპით გასავათებულ კაცს
მკლავები დააწყდებოდა. სხვებისაგან განსხვავებით ფარნაოზს განსაკუთრებული ურთიერთობა
ჰქონდა ქვასთან, მას ქვა უყვარდა, მესაიდუმლედ გაეხადა, მოგონებებით დაესახლებინა და ეს
იყო ერთადერთი ადგილი, სადაც მისი ნამდვილი ბუნება ჯერ კიდევ ბედავდა სამზეოზე
გამოსვლას. ქვა ფარნაოზის მეგობარი იყო, უტყვი და ერთგული მეგობარი, რომელსაც ყოველ
დილით გამოყავდა იგი ორმოციათასიანი კაცის აშმორებული ზღვიდან, რათა ერთხელ კიდევ
გადაერჩინა დახრჩობას. ფარნაოზიც ანებივრებდა თავის მეგობარს, გაუფრთხილებლად
არასოდეს დაჰკრავდა ჩაქუჩს, ჯერ ხელს გადაუსვამდა, მტვერს გადასწმენდდა, გამოაღვიძებდა
და მხოლოდ მერე შეაბიჯებდა დაბურულ ტალავარში, თვითონვე რომ ამოეტვიფრა ხორკლიან
ზედაპირზე. ამიტომაც იყო, მისი საჭრეთელი თავისუფლად, ვნებიანი თრთოლვითა და
ტკრციალით რომ მისრიალებდა ქვის ძარღვებში, როგორც ქალის თმაში სავარცხელი.
გახარებული ცუგა მთელ კუნძულს ყეფით იკლებდა, ყველა ხვრელსა და ნაპრალში ცხვირსა
ყოფდა, აცემინებდა და ნაცრისფერ მტვერში ამოგანგლულ ნესტოებს ფარნაოზს წვივზე
ახოცავდა. კუნძულზე ვაშლის სუნი იდგა, ვაშლისა და მარადიულ სიგრილეში დარბილებული
მიწისა. "კარგი გოგოა ინო, ფარნაოზ, აგე, რა ამბით მორბის" - ეუბნებოდა ფარნაოზს უჩინარი
დარიაჩანგი და ფარნაოზიც უნებურად იქითკენ იყურებოდა, საითაც ხმა ახედებდა. ინო
ზღვიდან ამოსულიყო და მისკენ მორბოდა. ხელები წინ გაეშვირა და ამოტრიალებული პეშვები
ერთმანეთისთვის მიეტყუპებინა. "მედუზა მოაქვსო", - ფიქრობდა ფარნაოზი და იღიმებოდა:
ფარნაოზის წინ მუხლებზე დაცემული ინო ცრემლნარევი ხმით სლუკუნებდა: ნახე, ფარნაოზ,
ნახე, რა ვიპოვეო. ინოს ზღვის წყალი თითებს შორის გაჰპარვოდა და სველ ხელისგულზე
მკვდარი ფუტკარი მისწებებოდა. "რას მიფრინავდა ასე შორს... საცოდავი..." - ამბობდა ინო და
თვითონვე ამატებდა: ალბათ ქარმა წაიღოო. მერე ფარნაოზის გვერდით წვებოდა, სველი და
შიშველი, მკვდარი ფუტკრის ხილვით შემკრთალი და დასევდიანებული, მაგრამ მაინც
სინათლესავით გაბრწყინებული. მზის სხივი ცხვირზე უღიტინებდა და ლოყებზე პატარა
ფოსოები უჩნდებოდა. ფარნაოზს თავბრუ ეხვეოდა, თვალები უჭრელდებოდა და ვეღარაფერს
ხედავდა, სინათლის გარდა. როდის-როდის ქვისმთლელების ხორხოცი ჩაესმებოდა და
გამოფხიზლდებოდა, აკრეფდა თავის იარაღს და უხალისოდ ჩამოხოხდებოდა ქვის
კუნძულიდან. ახლა მხოლოდ ქვისმთლელების გაბოროტებულ თვალებს ხედავდა და მათი
დამცინავი, ღვარძლიანი ლაპარაკი ესმოდა. "თუ გინდა, ჩირაღდანს მოგინათებთ და ღამითაც
იმუშავეო" - ეუბნებოდნენ ქვისმთლელები და დაღლილობისაგან უფრო საშიშნი ჩანდნენ, უფრო
დაუნდობლები. ფარნაოზი თავს დამნაშავედ გრძნობდა, ხვდებოდა, ისე არ იქცეოდა, როგორც
მათი ძმობის დაუწერელი კანონები ავალდებულებდა; იმასაც ხვდებოდა, ადრე თუ გვიან პასუხს
მოსთხოვდნენ, ან ოცნებაზე ააღებინებდნენ ხელს, ანდა... ღმერთმა იცის, რა მოჰყვებოდა ორმოცი
ათასი კაცის სიძულვილს. მაგრამ ისევ ორმოცი ათასი კაცის სიძულვილი სჯობდა, ორმოცი
ათასი კაცის დაცინვას. როგორ ეთქვა, ასე და ასეა ჩემი საქმე, ზედმეტს იმიტომ ვმუშაობ და
თქვენც იმიტომ გაფერხებთ, უფრო დიდხანს რომ ვიფიქრო ერთ ტიტლიკანა გოგოსა და ძაღლის
ლეკვზეო. განკითხვის დღე კი ახლოვდებოდა. ფარნაოზი ამასაც გრძნობდა, მაგრამ რა უნდა
ეღონა, რითი გამოესყიდა ეს უნებლიე დანაშაული, მისი ორმოცი ათასი ძმის სამართლიან
გულისწყრომას რომ იწვევდა. "ეს თუ ამდენს ასწრებს, თქვენ რა ღმერთი გიწყრებათო" დასჩხაოდნენ სამუშაოს შესამოწმებლად ჩამოვლილი ზედამხედველები მკლავჩამოყრილ

ქვისმთლელებს და ფარნაოზს გული უკვდებოდა, ენა უქვავდებოდა და თავჩაღუნული იდგა
ბედისწერის ვერაგობით ერთხელ კიდევ დათრგუნული და გაწბილებული. სადგომში
მიბრუნებული, გაურანდავი ფიცრის ნარზე ლოდივით მიგდებული, წვიმებისგან დალაქავებულ
ჭერს მიაშტერდებოდა ხოლმე და უსმენდა, როგორ გმინავდა, როგორ შფოთავდა ძილშიც მისი
ორმოცი ათასი ძმა. სადგომი ოფლის სუნით ყარდა. მძინარე კაცის უმწეობით თავაშვებული
მწერი ათასნაირად ფაჩუნობდა, წიოდა და წრიპინებდა. დღის სინათლის სიმძიმისაგან
გათავისუფლებული ქვეყანა ერთიანად მომჩვარულიყო, მორღვეულიყო, მდუღარე კუპრივით
ბზინავდა და ბუყბუყებდა. ყველანი იმ კუპრში იწვნენ, მაგრამ ფარნაოზი მაინც მარტო იყო,
მაინც უცხო და ზედმეტი.
ასე გადიოდა დრო. კრეტა სავსე იყო მასავით გადმოხვეწილი ხალხით და ყველა თავისებურად
ცდილობდა შეჩვეოდა, შერწყმოდა, შეხამებოდა ახალ გარემოს. ძალით ჩამოეყვანათ, თუ
თავისით ჩამოსულიყვნენ, საკუთარი სატკივარი, სანატრელი და საწამებელი ყველას
ჩამოჰყოლოდა და სხვისი უბედურების დასანახი თვალი სადღაც, ზღვების იქით დარჩენილი
ქვეყნის მტვრითა და ჯანღით ამოვსებოდა. ყველა თავის მკვდარს დასტიროდა, მეზობლისა კი
მძინარი ეგონა. ამიტომაც იყო, არავის რომ არ ახედებდა ფარნაოზი გულში. ან რა შეიცვლებოდა
ამით, გააჩუმებდნენ და ეტყოდნენ, ეგ რა არის, შენ ჩემი ამბავი იკითხეო.
ფარნაოზს ახლა უფრო ხშირად ახსენდებოდა მამა, უხეირო გზამოჭრილ კურდღელს ჰგავდა,
იძულებული რომაა დაელოდოს აღსასრულს, რადგან მის გარშემო ჩაცუცქული და
ენაგადმოგდებული ძაღლებიც თავის მხრივ პატრონს ელოდებიან, რათა მას, მათ მარჩენალს,
დაუტოვონ კურდღლის მოკვლის სიამოვნება. პატრონი კი ნელა მოდის, ძაღლების სიფხიზლეში
დარწმუნებული, სიამოვნებას იხანგრძლივებს, მოღიღინებს, კეტს მოათამაშებს. არა, უხეირო
შორიდან ქვების ყორეს ჰგავდა, გაქურდულ კვარცხლბეკს, რომელზედაც, სისხლითა და
სიმამაცით მოპოვებული სახელის ნაცვლად, ვერაგი ბედისწერა დასკუპებულიყო და
ათასნაირად იჭყანებოდა. ამიტომ იყო, მოსაყოლიც რომ არაფერი ჰქონდა ფარნაოზს ერთი
ქეციანი ძაღლისა და გოგოს ამბის მეტი. ის ერთი უბრალო ხელოსანი იყო, კუსას თქმის არ იყოს,
ქვის კოდალა და მეტი არაფერი, და რა მნიშვნელობა ჰქონდა, სად იქნებოდა, ვანში თუ კრეტაზე,
თუკი არც ერთის აშენება შეეძლო და არც მეორის დანგრევა. საითაც ქვა წაიყვანდა, იქით უნდა
წასულიყო, უარესად უნდა გადაკარგულიყო, უფრო უნდა დაშორებოდა მამისეულ სახლს, რათა
მოთმინებიდან გამოსულს იმ წმინდა ქვისთვისაც არ შემოეკრა ჩაქუჩი, რომელიც თავის
კვარცხლბეკად გაეხადა გაჯამბაზებულ ბედისწერას. ასე ფიქრობდა ფარნაოზი და ერთი პირობა
გადაწყვეტილიც ჰქონდა, სხვა ვანელების მსგავსად, სამუდამოდ დარჩენილიყო ამ უცხო მიწაზე,
სახლი ჩაედგა, ეზო შემოეღობა, ხეხილი ჩაეყარა, რათა უფრო ძნელი შესალევი გაეხადა აქაურობა
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
  • Parts
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 01
    Total number of words is 3713
    Total number of unique words is 2149
    29.1 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 02
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2104
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 03
    Total number of words is 3786
    Total number of unique words is 2050
    32.9 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 04
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 2036
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 05
    Total number of words is 3729
    Total number of unique words is 2068
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.6 of words are in the 5000 most common words
    52.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 06
    Total number of words is 3798
    Total number of unique words is 2041
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.7 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 07
    Total number of words is 3774
    Total number of unique words is 2100
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 08
    Total number of words is 3823
    Total number of unique words is 2083
    30.4 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    50.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 09
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2026
    33.7 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    54.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 10
    Total number of words is 3773
    Total number of unique words is 1978
    31.9 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 11
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 2031
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    50.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 12
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2106
    31.0 of words are in the 2000 most common words
    43.5 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 13
    Total number of words is 3704
    Total number of unique words is 2027
    30.8 of words are in the 2000 most common words
    45.1 of words are in the 5000 most common words
    51.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 14
    Total number of words is 3763
    Total number of unique words is 2083
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 15
    Total number of words is 3829
    Total number of unique words is 2058
    30.6 of words are in the 2000 most common words
    43.0 of words are in the 5000 most common words
    50.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 16
    Total number of words is 3780
    Total number of unique words is 1976
    32.0 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 17
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2062
    30.1 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 18
    Total number of words is 3775
    Total number of unique words is 1967
    34.5 of words are in the 2000 most common words
    49.1 of words are in the 5000 most common words
    56.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 19
    Total number of words is 3868
    Total number of unique words is 1886
    35.4 of words are in the 2000 most common words
    49.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 20
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2046
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 21
    Total number of words is 3709
    Total number of unique words is 1983
    33.1 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 22
    Total number of words is 3866
    Total number of unique words is 2020
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.4 of words are in the 5000 most common words
    54.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 23
    Total number of words is 3759
    Total number of unique words is 2020
    32.4 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    54.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 24
    Total number of words is 3752
    Total number of unique words is 2058
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.2 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 25
    Total number of words is 3700
    Total number of unique words is 2111
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 26
    Total number of words is 3747
    Total number of unique words is 2042
    30.5 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 27
    Total number of words is 3904
    Total number of unique words is 2006
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 28
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 1988
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 29
    Total number of words is 3889
    Total number of unique words is 1960
    31.7 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    51.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 30
    Total number of words is 3751
    Total number of unique words is 2127
    27.9 of words are in the 2000 most common words
    39.7 of words are in the 5000 most common words
    47.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 31
    Total number of words is 3814
    Total number of unique words is 2046
    30.5 of words are in the 2000 most common words
    42.6 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 32
    Total number of words is 3808
    Total number of unique words is 2002
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 33
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2068
    31.2 of words are in the 2000 most common words
    44.4 of words are in the 5000 most common words
    52.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 34
    Total number of words is 3862
    Total number of unique words is 2023
    31.8 of words are in the 2000 most common words
    42.9 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 35
    Total number of words is 3776
    Total number of unique words is 2094
    29.3 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 36
    Total number of words is 3725
    Total number of unique words is 2171
    27.3 of words are in the 2000 most common words
    38.2 of words are in the 5000 most common words
    44.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 37
    Total number of words is 3887
    Total number of unique words is 2056
    32.6 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გზაზე ერთი კაცი მიდიოდა - 38
    Total number of words is 1188
    Total number of unique words is 820
    38.4 of words are in the 2000 most common words
    50.8 of words are in the 5000 most common words
    57.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.