Latin

ბედნიერი ტანჯული - 17

Total number of words is 3432
Total number of unique words is 1865
29.5 of words are in the 2000 most common words
42.2 of words are in the 5000 most common words
48.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ამასაც ვიტყვი: პატივი ვცეთ, დავაფასოთ ნებისმიერი ლიტერატურა, მაგრამ გვიყვარდეს საკუთარიც. მხოლოდ საკუთარი ლიტერატურის ტრადიციებზე აღზრდილი მწერალი შეიძლება გახდეს საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსთვის. საკუთარი მწერლობის მიმართ უპატივცემულო, აგდებული დამოკიდებულება სნობიზმის ერთ-ერთი სახეობაა. ასე რომ, როცა ჩვენი ტელევიზიის ეკრანიდან, უცხოეთში «განათლებული» რომელიღაც ახალგაზრდა, ფეხი
ფეხზე გადადებული, წარბშეუხრელად აცხადებს, უცხოეთში ყოფნის გამო, კარგად ვერ ვიცნობ ჩემს მშობლიურ ლიტერატურასო, ჩვეულებრივი სნობია და მის «განათლებას» და კატის
ცურცლს ერთი ფასი აქვს ჩვენი კულტურული ცხოვრებისთვის...
– არ არსებობს მწერალი, მეორისგან რომ არ იღებდეს რაღაცას. თქვენთვის ვინ არის ასეთი
«მეორე?»
– ასეთი «მეორე» ძალიან ზოგადი ცნებაა. ასეთი «მეორეა» ყველა, ვინც წაგიკითხავს; შეიძლება არც წაგიკითხავს, მაგრამ გაგიგია; ან არც გაგიგია, მაგრამ მისი ბაცილა დაფრინავს ჰაერში და, გინდა არ გინდა, შენზეც ახდენს გარკვეულ ზემოქმედებას. ლიტერატურული ატმოსფერო ამგვარი ბაცილებითაა გავსებული და ჩვენც, თავზეხელაღებული სულელები, ერთმანეთს ვეჯიბრებით, ვინ უფრო ღრმად ჩაისუნთქავს ამ «სახიფათო» ჰაერს...
– ლოდისმთრეველი სიზიფეები?
– თუნდაც. ჩვენ, მწერლებს, რაღაც გვაქვს საერთო, ნათესაური... უფრო სწორად, ერთმანეთისკენ ვართ მიდრეკილნი, არ შეგვიძლია უერთმანეთოდ, და ამიტომაც მიმაჩნია გამართლებულად მწერალთა კავშირის, თუნდაც, როგორც ჩვენი ერთიანობის სიმბოლოს არსებობა. ამიტომაც ვარ აქამდე მწერალთა კავშირის წევრი, შეგნებულად. ასე მიმაჩნია სწორად.
თორემ, მწერალთა კავშირიდან გამოსვლა დღეს, დამეთანხმებით, არც დიდ სირთულეს წარმოადგენს და არც გმირობად ჩაგეთვლება...
– მართლაც, განა საჭიროა რამე კავშირი იმისთვის, წიგნი რომ დაწეროთ?
– წიგნის დასაწერად არანაირი კავშირი არ არის საჭირო, არანაირი ფრაქცია, ასოციაცია
თუ გაერთიანება... სხვათა შორის, არც მწერალთა კავშირი შექმნილა ამ მიზნით, ანუ «წიგნის
დასაწერად». მწერალთა კავშირი ვერც წიგნის გამოცემაში მიეხმარება ვინმეს. პირიქით, მისი
წესდების მიხედვით, წევრად რომ მიგიღონ, ორი წიგნი მაინც უნდა გქონდეს დაწერილი (შესაბამისად, გამოცემული). მწერალთა კავშირში შესვლა, ერთგვარად, მწერლად კურთხევას,
მწერლად აღიარებას ნიშნავდა თანამოკალმეთა მიერ და უფრო მორალურ მხარდაჭერას გულისხმობდა, ვიდრე ეკონომიკურ, მითუმეტეს პროფესიულ დახმარებას. დარწმუნებული
ვარ, ასე იქნება ხვალაც, თავისთავად ცხადია, აუცილებელი რეფორმების ჩატარების შემდეგ.
ის მწერალთა კავშირი, რომელიც 1917 წელს, არამარტო დროის კარნახით, არამედ თავად
მწერლების სურვილითა და მოთხოვნილებით შეიქმნა ჩვენში, უკვე კარგა ხნის შეცვლილია
სტალინისა და გორკის გამოგონილი სტრუქტურით, რის შედეგადაც მართლაც ბევრი რამ
დამახინჯდა და წაიბილწა ჩვენს სინამდვილეში. მათ შორის, კავშირში მიღების ზემოთ უკვე
ნახსენები რიტუალიც. უფრო სწორად, გაუფასურდა, გამდაბიურდა ამ რიტუალის თავისთავად კეთილშობილური იდეა. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, გასული საუკუნის მანძილზე არ გამოჩენილა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მწერალი, სისხლხორცეულად არ ყოფილიყოს დაკავშირებული ამ ორგანიზაციასთან. სწორედ იმათი დამსახურებაა (გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), თუკი მაინც შევინარჩუნეთ ის სულისკვეთება, გნებავთ, მრწამსი, რამაც საერთოდ განაპირობა მწერალთა კავშირის დაარსება. ასე რომ, ჩემი თვალსაზრისით,
ვერც საბჭოურმა, სტალინისა და გორკის მიერ დაარსებულმა სტრუქტურამ (რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენმა პარლამენტმაც დააკანონა) მოსპო ბოლომდე ჩვენს შეგნებაში ერთხელ და
სამუდამოდ შექმნილი ხატი მწერლისა და საერთოდ მწერლობისა. ბედის უკუღმართობითა
და ისტორიული კატაკლიზმებით დაბნეულსა და დაბეჩავებულ ქართველის თვალში მწერლის სახელი გაცილებით მაღალ ცნებებთან და იდეალებთან ასოცირდებოდა ყოველთვის,
განსაკუთრებით ბოლო ორი საუკუნის მანძილზე. ფაქტია, რომ გაუქმებული სამეფო დინასტიის, დაკარგული სახელმწიფოებრიობისა თუ დარბეული ეკლესიის წილ მწერლობას ეპყრა
ხელთ ჩვენი ეროვნული შეგნებისა და ადამიანური ღირსების დროშა. კარგია ეს თუ ცუდი,
სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში, ეს არც მწერლის კაპრიზია, არც მკითხველის. შეგვიძლია, ესეც ცხოვრებისეულ იძულებად ჩავთვალოთ. რაც მთავარია, ქართველმა მწერლობამ
ეს «ზედმეტი» და უაღრესად მძიმე მოვალეობაც ღირსეულად შეასრულა. ჯერჯერობით არავისთვის მიუცია საბაბი საწინააღმდეგო აზრის გამოსათქმელად ამ საკითხთან დაკავშირებით. მით უფრო – გახსნილად და გარკვევით. სრულებითაც არ არის გასაკვირი, თუკი ხალხის ცნობიერებაში ქართული მწერლობა და საქართველოს მწერალთა კავშირი ერთმანეთთანაა გაიგივებული. გარკვეული თვალსაზრისით, ალბათ ამ მიზნითაც დაარსდა მწერალთა
კავშირი თავიდანვე, იმპერიის ტყვეობიდან განთავისუფლებისთანავე. აქედან გამომდინარე,
როცა დღეს, თუნდაც ფორმალურად, თავისუფალ საქართველოში ზოგადად მწერალთა კავშირს ვუპირისპირდებით (სულერთია, რის გამო და რა მოტივით), ნებსით თუ უნებლიეთ,
შეგნებულად თუ შეუგნებლად, ინერციით თუ გეგმაზომიერად, უპირველეს ყოვლისა, საუკუნის მანძილზე და, მხოლოდ და მხოლოდ, ქვეყნის ინტერესების შესაბამისად ჩამოყალიბებულ შეხედულებებს ვარყევთ ხალხის ფსიქიკაში. ეს კი, დამეთანხმებით, მეტი რომ არა
ვთქვა, დიდი შეცდომაა ნებისმიერი გონიერი ადამიანისთვის, რომლისთვისაც სულერთი არ
არის ქვეყნის მომავალი. და მაინც, შემაშფოთებელი ის კი არ არის, ახალგაზრდა მწერალს გახედვაც რომ აღარ უნდა მწერალთა კავშირისკენ – არამედ შემაშფოთებელია, «თავისუფალ,
დემოკრატიულ» საქართველოშიც რომ გადმოგვყვა «ლიტერატურული ბატალიები», რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დაიწყო, აშკარად ხელოვნურად და აშკარად ვიღაცის ფარული მითითებით...
– რამდენადაც მახსოვს, კრიტიკის ობიექტიც ხშირად ყოფილხართ, რომ არაფერი ვთქვათ
ფოლკნერისა და მარკესის სამყაროსთან თქვენი სამყაროს იდენტურობაზე, აბსტრაქციონისტადაც იყავით გამოცხადებული. ხომ არ ფიქრობთ, რომ კარგი კრიტიკოსიც ისეთივე იშვიათობაა, როგორიც კარგი მწერალი?
– სასიამოვნოაო, ვერ მოვიტყუებ (არც თქვენ დამიჯერებთ), მაგრამ ჩემს მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები არამარტო საინტერესოა ჩემთვის, არამედ, გარკვეული
თვალსაზრისით, ანგარიშგასაწევიც, თუკი, რა თქმა უნდა, თავად კრიტიკოსი არ იწვევს ეჭვს
თავისი განსწავლულობითა და ობიექტურობით. როცა შენი წიგნი უარყოფით ემოციებს
აღუძრავს ვიღაცას და არც მთლად სასიკეთოდ განაწყობს ავტორის მიმართ, თავისთავად
სამწუხარო ამბავია, მაგრამ გასაგებიც და, ამდენად, ასატანიც. არ შეიძლება ყველანი ერთნაირად კითხულობდნენ ერთსა და იმავე წიგნს და რაც უფრო მეტი თვალსაზრისი იბადება ამა
თუ იმ წიგნის გარშემო, მით უკეთესი წიგნისთვისაც და წიგნის ავტორისთვისაც. სხვათა
შორის, მკითხველისთვისაც. კრიტიკოსი (თავისთავად ცხადია, ნებისმიერი მკითხველიც)
უფლებამოსილია, ის ამოიკითხოს წიგნიდან, რაც მის სულიერ მოთხოვნილებას, გონებრივ
დონეს, ზნეობრივ საზომსა და საერთოდ მის ინტელექტუალურ გარემოცვას შეეფერება და
აკმაყოფილებს; ასევე უფლებამოსილია, მაინცდამაინც, ის იპოვოს წიგნში, რასაც ეძებს და
რაც, ადვილი შესაძლებელია, საერთოდ არ იდოს იქ. მოკლედ, როგორც არ უნდა გავაწბილო
თქვენი ჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა, ახალსა და საინტერესოს ბევრს ვერაფერს ვიტყვი კრიტიკისა და კრიტიკოსის შესახებ. კრიტიკოსი, თანაც კარგი, უფრო დიდი იშვიათობაა,
ვიდრე კარგი მწერალი. შეიძლება, ბევრი კარგი მწერალი ცხოვრობდეს ერთდროულად და
არ ჰყავდეთ კარგი კრიტიკოსი. ყველაზე დიდი უბედურება უკრიტიკოდ დარჩენილი მწერლობაა. კრიტიკის გარეშე ლიტერატურა კი იქმნება, მაგრამ არ ვითარდება. ბებიის მზითვივით სკივრში დევს და გამომზეურებას ელოდება, ანუ კრიტიკოსს, იმავე შვილიშვილს, რომელიც სკივრიდან ამოღებულ კაბებს მიიზომებს და ჩვენც დაგვანახვებს მათ ბრწყინვალებას,
ანდა, პირიქით – ოდინდელი ბრწყინვალების საბრალო ნაშთს, კიდეებდაძენძილსა და ჩრჩილით შეჭმულს. ასეთი კრიტიკოსი, სამწუხაროდ, ამჟამად ნამდვილად არ გვყავს და ამის
ბრალიცაა ალბათ, დღითი დღე რომ გვავიწყდება მწერლის მნიშვნელობა და საერთოდ მწერლობის ფასი. ის კი არა, ჩვენს დიდ წინაპრებს, ზოგჯერ, აუგადაც მოვიხსენიებთ ხოლმე.
თუმცა, ჩვენში რომ ვთქვათ, ესეც იმათი სიდიადის დამადასტურებელია მხოლოდ. სწორედ
დიდი და დიდებული თრგუნავს და აღიზიანებს საშუალო ნიჭისა და შესაძლებლობების
ხალხს...
ფოლკნერსა და მარკესს რაც შეეხება, მხოლოდ სიამოვნებას მანიჭებს მათ გვერდით ჩემი
მოხსენიება. ეს ჩემთვის დიდი პატივია და, ამდენად, კრიტიკად ვერ ჩავთვლი. ხოლო თუკი
ვინმეს (ჩვენიანი მყავს მხედველობაში) მართლა სჯერა, რომ მე ფოლკნერსა და მარკესს ვბაძავ, თანაც ორივეს ერთდროულად, ნამდვილად ვერ დავუჯერებ, რადგან ჩემი წიგნები, საბედნიეროდ, სხვა ენებზეც ითარგმნება, მათ შორის, ესპანურადაც, და თუ ჩვენებური კატეგორიულობით არა, ევროპული ტაქტიანობით მაინც მიმანიშნებდნენ ამას. თუმცა, უნდა ვაღიარო, დანიელებმა მართლაც შემარქვეს «კავკასიელი მარკესი», ოღონდ, წმინდა პრაქტიკული მოსაზრებით, რეკლამისთვის, რაკი ჩემი გვარი და სახელი არაფერს ეუბნებოდა იქაურ
მკითხველს. ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, უკვე ვერანაირი კრიტიკა ვეღარ გამომასწორებს და
ვერც ხელობაზე ამაღებინებს ხელს. ეს ჩემი ერთადერთი ხელობაა (სხვა ვერაფერი ვისწავლე
ამ ქვეყანაზე), მთელი სიცოცხლე ის მაჭმევდა პურს, თუმცა, დღეს აღარც სახელად მარგია,
აღარც სახრავად. ხოლო უფრო გულახდილები თუ ვიქნებით, ამ თქვენი ყბადაღებული
მწერლობით გინებისა და სიძულვილის მეტი ვერაფერი დავიმსახურე...
– როგორი პირობები სჭირდება ქართველ მწერალს იმისთვის, კარგი წიგნი რომ დაწეროს.
ქართველს იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ ევროპელი მწერლისთვის ეს კითხვა სრულიად გაუგებარი იქნებოდა ალბათ.
– დავიწყოთ «კარგი წიგნით». «კარგი წიგნი» განსაკუთრებული ფენომენია და მის დასაწერად მხოლოდ საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება არ კმარა. ჰემინგუეის თუ დავუჯერებთ, კარგი წიგნის დასაწერად, სულ ცოტა, კიპლინგის ნიჭი, სამი სიცოცხლე და იღბალია საჭირო. ხოლო მწერლის ყოველდღიური საქმიანობისთვის (წერისთვის), რასაკვირველია, უკეთესი და უკეთესი პირობები ჯობს, როგორც აქ, ისევე ევროპაში. მაგრამ თქვენ ხაზგასმულად დღევანდელი ქართველი მწერლის მოთხოვნილებები გაინტერესებთ და სამართლიანადაც. განა მართლა საინტერესო არ არის, როგორ ახერხებს ის საბრალო, რასაც ახერხებს?! ანუ, როგორ წერს წიგნს, თუნდაც ცუდს, რადგან დრო და ენერგია ცუდ წიგნსაც იმდენივე სჭირდება, რამდენიც კარგს. ასე რომ, ქართველმა მწერალმა თავისი პროფესიული ვალი
რომ მოიხადოს დღეს, ჩვენს გაღატაკებულ და გაუკუღმართებულ ქვეყანაში, ელემენტარული
პირობები მაინც სჭირდება – თუნდაც, თითი რომ არ მიეყინოს ზამთარში საბეჭდი მანქანის
კლავიშზე – და, რასაკვირველია, თავისი ულუფაც უნდა ჰქონდეს ჯარისკაცივით. თუკი სანგარში ჩამჯდარ ჯარისკაცს დღეში ერთხელ მაინც არ მიუტანე ცხელი კერძი, ვერ იომებს.
ასეა მწერალიც. მწერლის ომი წერაა. მწერლის სანგარი – მისი სამუშაო მაგიდა. ოღონდ დამიზნებულსა თუ ბრმა ტყვიას კი არ არიდებს იქ თავს, არამედ თავს აკლავს ყოველ სიტყვას,
რომელზედაც პასუხი უნდა აგოს სიკვდილის მერეც. საერთოდ კი, მწერალი უპრეტენზიო
არსებაა (უნდა იყოს!). მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, კარგი ცხოვრების ფასი სხვაზე ნაკლებად იცოდეს და პირის გემო არა ჰქონდეს. მწერალი კარგი გურმანიცაა და არც ის ეშლება, რაში გაფლანგოს ჰონორარი (თუკი მისცემ, რასაკვირველია). მაგრამ სითბოსა და საჭმელზე მეტად, ალბათ მაინც თანაგრძნობა და თანადგომა სჭირდება...
– მაშინ, ორიოდე სიტყვა თქვენს თარგმანებზეც. მკითხველისთვის თითოეული თქვენი
თარგმანი ცალკე, დამოუკიდებელი მხატვრული ნაწარმოებია ოთარ ჭილაძის სტილში, ლონგფელოს «ჰაიავათას სიმღერა», რასინის «ფედრა», ბაირონის «ბარათი ავგუსტას», პუშკინის
პოემები...
– ჩემი თარგმანების თქვენეული შეფასება ფრიად სასიამოვნოა ჩემთვის, მაგრამ უნდა გაგიმხილოთ, მთარგმნელები მაინცდამაინც არ მთვლიან მთარგმნელად, და ალბათ სამართლიანადაც, რამდენადაც უფრო იძულებით მთარგმნელი ვარ, ვიდრე მოწოდებით. ჩემს
ცხოვრებაშიც იყო ისეთი პერიოდი, როცა იძულებული გავხდი, დროებით გვერდზე გადამედო საკუთარი ლექსები და სხვა საარსებო გზები მეძებნა. წეღან მოგიყრუეთ, მაგრამ თქვენ
რომ ჩემი აბსტრაქციონისტობა გაიხსენეთ, ჩემი მთარგმნელობაც იმ პერიოდს ემთხვევა სწორედ. როცა ახალგაზრდა პოეტს, საბჭოთა კავშირში, ცენტრალური კომიტეტის პირველი
მდივანი, იდეოლოგიური ცერბერების რჩევითა და კარნახით, აბსტრაქციონისტად გამოგაცხადებს, რასაკვირველია, არც ერთ რედაქციას აღარ გაუხარდება შენი დანახვა. მაგრამ
ობიექტურები რომ ვიყოთ, ეს მარტო საბჭოთა რეჟიმს არ ახასიათებს. ასეა ახლაც და ასე იქნება ყოველთვის, თავისთავად ცხადია, უმნიშვნელო და მხოლოდ გარეგნული ცვლილებების გათვალისწინებით. მეც ავდექი და, უკეთეს პოეტებს მივმართე ხელის გასამართად. მოკლედ, გაჭირვებამ დედოფალთან დამაწვინა. მაგრამ თუ დამიჯერებთ, განსაკუთრებით არ
მსიამოვნებს ამგვარი, მე ვიტყოდი, ვითომ საინტერესო, სინამდვილეში კი ყოვლად ჩვეულებრივი «კურიოზების» გახსენება, მით უფრო, რაღაცის გამართლების მიზნით. ნებისმიერი
რეჟიმი, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს მწერალს (არამარტო მწერალს), ხოლო, მწერალი (არამარტო მწერალი) თავად იღებს გადაწყვეტილებას,
დათანხმდეს თუ არ დათანხმდეს რეჟიმისგან შემოთავაზებულ მოთხოვნებს. მრავალი მაგალითი ვიცით, როცა უზრუნველი ცხოვრება პრინციპზე მაღლა დაუყენებიათ და, პირიქით,
ყველაფერზე უარი უთქვამთ იმავე პრინციპის გამო. მერე წუწუნი და სინანული, ანდა მერე
თავის მოწონება, მეტი რომ არ ვთქვათ, უსინდისობაა, ისევე როგორც სულიერი სისუსტის
გამართლება, ანდა სულიერი სიმტკიცისთვის ჯილდოს მოთხოვნა. მაგრამ რაკი ამდენი მალაპარაკეთ, ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ ამ ბოლო დროს ლამის მოდად იქცეს, რატომღაც, მაინცდამაინც «ყოფილ დისიდენტად» თავის გასაღება და, რაც მთავარია, მაინცდამაინც, ისეთი ხალხისგან, რომლებსაც ახალგაზრდობაში, ანუ, «დისიდენტობის» ჟამს, უხვად ჰქონდათ
რეჟიმისგან მიმადლებული ამქვეყნიური სიამენი...
– მეამბოხე თუ იყავით? უფრო სწორად, ბოჰემური? იმის თქმა მინდა, რომ გარედან, უცხო
თვალისთვის, მკაცრი, აკადემიური ჩანხართ, «სპილოს ძვლის კოშკში» გამოკეტილი; ეს გამოკეტვა საზოგადოებისგან თავდასაცავად გჭირდებათ თუ იმ სიმარტოვის შესანარჩუნებლად,
რომელიც აუცილებელი პირობაა წიგნის დასაწერად?
– რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს ჩემი პასუხი, ყველა მწერალი მეამბოხეა და, გარკვეული დოზით, «ბოჰემურიც». ოღონდ, «ბოჰემურობა» ჩემთვის იგივე ახალგაზრდობაა, ასაკობრივი «სენია» და «ცრუ დისიდენტობისა» არ იყოს, არც იმით კოპწიაობა მიმაჩნია მწერლისთვის შესაფერ საქციელად. უბრალოდ, ჩვენს ახალგაზრდობაში თავად ცხოვრება იყო
«ბოჰემური». უფრო სწორად, არეული, მოუწყობელი, უადათწესო... დაახლოებით, როგორიც
ახლაა. ფული არ გვქონდა და მაინც სულ ვქეიფობდით. მართალია, ძირითადად ღვინოსა და
ბოლოკს ვუკვეთავდით, მაგრამ არც ეს იყო დიდი «ორიგინალობა», რადგან ასევე იქცეოდნენ
სხვებიც და იმავე მიზეზით, არც იმათ ჰქონდათ ფული. ასე რომ, რაც თავი მახსოვს, უაღრესად აქტიურად ვცხოვრობ. რა თქმა უნდა, მარტო ქეიფს არ ვგულისხმობ «აქტიურ ცხოვრებაში», ვგულისხმობ, პირველ რიგში, ჩემს მთავარ საქმიანობას. სულ ვწერ, ესე იგი, სულ ვომობ.
თუმცა, ჩემი ომი, რატომღაც, დუმილად და განდგომად აღიქმებოდა ყოველთვის, განსაკუთრებით ჟურნალისტების მხრიდან... ან ჩემს საქმიანობას არ თვლიან ომად, ან იმას არ ვამბობ,
რის გაგონებასაც ჩემგან ელიან...
– მაგრამ თქვენ არ გამოდიოდით, არ ითქვიფებოდით ფართო საზოგადოებაში, უფრთხილდებოდით თქვენს თითოეულ სიტყვას, სახელს...
– საზოგადოებას ეს თუ ნაკლად მიაჩნია, შემირცხვენია ასეთი საზოგადოება. ამისთვის
მადლობა უნდა მითხრას, ანდა იმაზე მაინც დაფიქრდეს, თვითონ რატომ ვერ შეინარჩუნა
ის, რისი შენარჩუნებაც თურმე შესაძლებელი ყოფილა. და მაინც, საზოგადოებიდან განდგომა მძიმე ბრალდებაა ჩემთვის. თუმცა, როგორც ალბათ შემატყვეთ, მთლად კარგი წარმოდგენისა არა ვარ ჩვენს საზოგადოებაზე...
– ჩვენც ხომ ამ საზოგადოების ნაწილი ვართ?
– რასაკვირველია. მაგრამ ჩვენი ხალხი უკეთეს საზოგადოებას იმსახურებს და, დარწმუნებული ვარ, აღზრდის კიდეც. დღევანდელი ჩვენი საზოგადოება (ჩვენი ჩათვლით) საბჭოთა
რეჟიმის ნაშიერია და ჯერ არ შეცვლილა. არც შეიცვლება. აი, ჩვენს შემდეგ რომ მოვა, მხოლოდ იმას ექნება მორალური უფლება შეფასებისაც და გადაფასებისაც. მაგრამ მწერალი, ძა-
ლიანაც რომ უნდოდეს, მაინც ვერ განუდგება საზოგადოებას, რამდენადაც საზოგადოებაა
მისთვის იმ ნედლეულის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი, რის გარეშეც მწერლის «ქარხანა» უბრალოდ ვერ იმუშავებს. ამიტომ, ჩემი აზრით, მაინც გასარკვევია, რას ვგულისხმობთ
ან «სპილოს ძვლის კოშკში», ან «გამოკეტვაში». როგორც მე მესმის, შეიძლება «სპილოს ძვლის
კოშკში» იყო გამოკეტილი და იმავე დროს არც ერთ საზოგადოებრივ ღონისძიებას არ აცდენდე, წვეულებებისა და ბანკეტების ჩათვლით. ანდა, პირიქით, სულ შინ იჯდე და არც იცოდე,
საიდან აბია კარი «სპილოს ძვლის კოშკს». «სპილოს ძვლის კოშკი» თუ არსებობს, მხოლოდ
მწერალში არსებობს (აუცილებლად უნდა არსებობდეს) და ეს უფრო სულიერი განდგომის
აქტია, ვიდრე ფიზიკური...
– არსებობს აზრი, რომ მწერალი ერთგვარად ღმერთის ფუნქციებში ერევა, რადგან არ კმაყოფილდება ღვთისგან შექმნილი ადამიანებით და დარწმუნებულია, თავად უკეთესის შექმნა შეუძლია.
– არ ვიცი, ვის დაებადა ასეთი მკრეხელური აზრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არც ერთი
მწერალი არ ფიქრობს ასე. და თუ ფიქრობს, ვურჩევდი, არ ჩარეულიყოს ღმერთის ფუნქციებში. მაპატიოს ღმერთმა ასეთი შედარება და, მწერლის ფუნქცია მხოლოდ გარეგნულად, მხოლოდ ზედაპირულად შეიძლება ჰგავდეს ღმერთის ფუნქციას. ღმერთმა რეალური სამყარო
და რეალური ადამიანი შექმნა, რომელიც, აგერ უკვე ამდენი ხანია, მოუყვება მარადისობის
გზას. ხოლო მწერლის შექმნილი სამყარო ირეალურია და თანამედროვე ენით რომ ვთქვათ,
ერთჯერადი ადამიანია იმ სამყაროს ბინადარი, გამრავლების უნარს მოკლებული, უშთამომავლო, და რაკი გზის გამგრძელებელს ვერ ტოვებს, თავად ცდილობს მარადისობაში დამკვიდრებას, ძირითადად უშედეგოდ, რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი გამონაკლისის
გარდა. საერთოდ კი, რასაკვირველია, ყველა მწერალს ერთნაირად სურს, მაინცდამაინც მისი
ნაშიერი შემორჩეს მარადისობას, მაგრამ ამისთვის მარტო სურვილი არ კმარა. ამის შესახებ,
მგონი, უკვე ვთქვით ზემოთ. კიპლინგის ნიჭთან, სამ სიცოცხლესთან და იღბალთან ერთად,
კიდევ რაღაც სჭირდება ნებისმიერ მხატვრულ ნაწარმოებს, დროს რომ გაუძლოს, რაღაც, მარილივით მარტივი და აუცილებელი. «მარილის» კვნიწი თუ არის ნაწარმოებში, უკვდავება
განაღდებული აქვს...
– აქვთ თუ არა მარილის ნაკლებობა იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ოთარ ჭილაძე მძიმე მწერალია?
– ნამდვილად არ ველოდი თქვენგან ასე «მძიმე» შეკითხვას... სხვათა შორის, სხვისგანაც
გამიგია მსგავსი მოსაზრება და, ეტყობა, მართლები არიან ისინი, ვისაც მე ვემძიმები. ყოველ
შემთხვევაში, გულწრფელად აღიარებენ – გვემძიმებაო – მაგრამ მე რა შემიძლია, გარდა თანაგრძნობისა?! სხვას ვერაფერს დავპირდები. შეცვლით ნამდვილად ვეღარ შევიცვლები, ასე
ვთქვათ, ვერ გავმსუბუქდები...
– ფოლკნერმა ახალგაზრდა პროზაიკოსებს უთხრა: მირჩევნია თავად დავუშვა შეცდომები, ვიდრე მივიღო რჩევა, როგორ ავიცილო ისინიო... თქვენ რას ურჩევდით დამწყებ მწერლებს?
– უპირველეს ყოვლისა, ერთხელ კიდევ მინდა გამოვთქვა ჩემი პატივისცემა მათ მიმართ –
თუნდაც ასეთი არჩევანის გამო – და ერთხელ კიდევ გამოვთქვა რწმენაც, ნამდვილად რომ
გაამართლებენ არჩევანს – ღირსეულად (და მშვიდობით) გაივლიან მწერლის რთულსა და
სახიფათო გზას. რჩევით კი ვერაფერს ვურჩევ ახალს. უფრო სწორად, არ წააგებენ, თუ ფოლკნერს დაუჯერებენ. დიდი-დიდი, ერთხელ ზედმეტად შეცდებიან. მე თუ მკითხავთ, ახალ-
გაზრდა (ვგულისხმობ მწერალს) ვალდებულიც არის შეცდეს, შესცოდოს, მოინანიოს... თუ
არ შეცდა, ვერაფრით ვერ გაიგებს, რა არის შეცდომა; თუ არ შესცოდა, ვერასოდეს იგრძნობს
ცოდვის სიმძიმეს; თუ არ მოინანია, ვერასოდეს ჩასწვდება მონანიების არსს, ანუ, ვერანაირი
ჯადოქრობით ვერ აღწერს, ვთქვათ, მონანიე ადამიანის განცდებს, და გინდაც აღწეროს, მე
ვერ დამაჯერებს, მე ვერ მაგრძნობინებს და განმაცდევინებს, რაც თავადაც არ უგრძვნია და
განუცდია. ჩვენ, მწერლები, ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც, სიზიფეს ლოდის მთრეველები ვართ (როგორც თქვენც შემახსენეთ წეღან, ოდნავ ირონიულადაც), და ვერასოდეს
ვსწავლობთ ჭკუას. ალბათ ამიტომაც არის ჩვენი ხელობა ასეთი მომხიბლავი, თუ გნებავთ,
მიმზიდველი. ხელს კი არ ვიღებთ უაზრო და უმადურ შრომაზე, ყოველი მორიგი მარცხის
შემდეგ კიდევ უფრო მეტი ჟინითა და მონდომებით ვერთვებით ამ აზარტულ თამაშში, და
თქვენც, ჩვენი მკითხველები და ლიტერატურის მოყვარულნი, კიდევ უფრო დიდი ინტერესით ადევნებთ თვალს, რომელი ჩვენთაგანი ვერ შეძლებს, კიდევ ერთხელ, არარსებული
ლოდის ათრევას არარსებულ მწვერვალზე...
2002
კლდეს უკვე უთქვამს ჩემი სათქმელი
(ინტერვიუ გაზეთ «ქართული უნივერსიტეტისთვის»)
– ბატონო ოთარ, თქვენც თქვენი ბავშვობიდან მოდიხართ. რა განსაზღვრავდა თქვენი სიყრმისა და სიჭაბუკის ცხოვრების სტილს. რა დრო იყო ის, რითი იყო საინტერესო და გიშლიდათ თუ არა ხელს რაიმე პიროვნებად ჩამოყალიბებაში?
– ჩვენი პიროვნების ჩამოყალიბება ჩვენთან შეუთანხმებლად და, უფრო მეტიც, უჩვენოდ
ხდება. ეს მეტად რთული და, ამავე დროს, ძნელად გასაკონტროლებელი, მე ვიტყოდი, ძნელად აღსაქმელი პროცესია, რომელიც ყოველთვის წარმატებით როდი მთავრდება, უფრო
ხშირად შედეგი უარყოფითია. ესე იგი, პიროვნება გაცილებით ცოტაა, ვიდრე ადამიანი.
თუმცა, ყველა ადამიანში, როგორც მიწაში მადანს, «სძინავს» მომავალი პიროვნების ჩანასახს,
რომელიც ჯერ უნდა «გააღვიძო», ანუ აღმოაჩინო, მერე სამზეოზე ამოიტანო და «დაამუშაო»
ეპოქისა და საზოგადოების მოთხოვნათა შესაბამისად. ეს კი, დამეთანხმებით, მართლაც,
რთული და ხანგრძლივი პროცესია. სამაგიეროდ, მისთვის ერთნაირად მისაღებია ნებისმიერი დრო, გნებავთ, ნებისმიერი რეჟიმი, და ერთნაირად აუცილებელია, როგორც ხელის შემწყობი, ისევე ხელის შემშლელი პირობები, რომელთა რაოდენობაც აურაცხელია...
– როგორ იხსენებთ მოსწავლეობის პერიოდს, როგორი რეჟიმის სკოლაში სწავლობდით.
რა მოგცათ სწავლების იმ სისტემამ. როგორია თქვენი ოცნების სკოლა და მასწავლებელი?
– მოსწავლეობის პერიოდს იშვიათად ვიხსენებ. ყოველ შემთხვევაში, არასოდეს მომნატრებია. ამდენად, ვერც უფლებას მივცემ თავს, წარმოვადგინო ჩემეული მოდელი ამ ურთულესი
და უფაქიზესი ფენომენისა, როგორიც, ჩემი ღრმა რწმენით, სკოლაა და რომელსაც, გადამწყვეტი თუ არა, ფრიად მნიშვნელოვანი როლი აკისრია ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში.
ერთს კი ვიტყვი (რასაკვირველია, ჯერ შვილებსა და შემდეგ შვილიშვილებზე დაკვირვე-
ბით), დიკენსისეული სკოლის სისასტიკისა და მომთხოვნელობის გვერდით აშკარად მოიკოჭლებს ჩვენი დღევანდელი, ვითომ დემოკრატიული სკოლა, უპირველეს ყოვლისა, იქ
დამკვიდრებული ფამილარული ურთიერთობებითა და შემაშფოთებლად გაიოლებული
სწავლებით, რის სავალალო შედეგსაც თითქმის ყოველ დღე ვნახულობთ ტელეეკრანზე, ამა
თუ იმ «ინტელექტუალური თამაშის» მსვლელობისას. და მაინც, კარგი სკოლა თუ გვინდა,
პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ მასწავლებელს. მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებელი
განსაზღვრავს სკოლის ხარისხსაც და ხასიათსაც. მასწავლებლის სახე (თუნდაც მოღუშული),
ერთ-ერთი უსპეტაკესი და უკეთილშობილესი სახეა (უნდა იყოს!) ბავშვობიდან გამოყოლილი. ღვთის წყალობით, მეც მოვესწარი ძველი ყაიდის მასწავლებლებს, რომელთა მიმართ
აქამდე არ გამნელებია პატივისცემისა და მოკრძალების გრძნობა. ისინი რაიმე კონკრეტულ
ცოდნაზე მეტად, ზოგადად, ადამიანობის მაგალითებს გვაძლევდნენ...
– სიყვარული არის ძალა, ნიჭი თუ უნარი, რომელიც ადამიანს აძლევს ყველაზე ადამიანურ სახეს. თქვენ რას ფიქრობთ, ზოგადად, სიყვარულზე. როდის და რომელ ასაკში გეწვიათ
პირველი სიყვარული და რით არის მნიშვნელოვანი შეყვარებულად ყოფნის ხანა?
– გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესმის, რას ნიშნავს «შეყვარებულად ყოფნის ხანა».
ალბათ ქალის სიყვარულს გულისხმობთ, თორემ ზოგადად სიყვარული ადამიანთან ერთად
იბადება და მასთან ერთად ქრება. ღმერთის ჩანაფიქრით, ის, ალბათ, ერთადერთი არსებაა ამ
უნარით დაჯილდოებული. ეს უნარი განაპირობებს მის ადამიანობასაც. რაც შემეხება მე, საბედნიეროდ, ეს ღვთაებრივი გრძნობა ჯერ კიდევ სასკოლო ასაკში «მეწვია». უფრო ზუსტად,
პირველ კლასში უკვე შეყვარებული ვიყავი. ჩემი თანაკლასელი შემიყვარდა. სახელიც მახსოვს, თუმცა, რა თქმა უნდა, არ გავამხელ. როგორც დიდი პოეტები გვასწავლიან, «სიყვარულსა მალვა უნდა». ვიდრე ადამიანი შეყვარებულია, შეუძლია, მშვიდად იცხოვროს, ვერაფერი მოერევა...
– მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია – რატომ შეხვედით უნივერსიტეტში, რა დაგხვდათ და რა შეიძინეთ, რა დაგრჩათ სახსოვრად?
– უნივერსიტეტში შევედი, ალბათ, სწავლის გასაგრძელებლად და უმაღლესი ცოდნის მისაღებად. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კი ნამდვილად შემთხვევით აღმოვჩნდი. როცა მე
და ჩემს მეგობარს საბუთები შეგვქონდა, ყველაზე მოკლე ჟურნალისტობის მსურველთა რიგი აღმოჩნდა. მაშინ ჯერ კიდევ არ არსებობდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი ცალკე, ფილოლოგიურისგან დამოუკიდებლად, ფილოლოგიურის განხრა იყო ერთგვარი. სადიპლომო
ფრიადზე დავიცავი, თუმცა, რაღა დასამალია და, ვერ ვიყავი კარგი სტუდენტი: ლექციებს
იშვიათად ვესწრებოდი და ბევრ ლექტორს პირველად გამოცდაზე ვნახულობდი ხოლმე. სამაგიეროდ, პასუხისმგებლობის გრძნობამ მაიძულა, უარი მეთქვა დიპლომზე, «ასე იოლად»
არ შემეფერებინა ეს, მართლაც, სერიოზული და რთული პროფესია. ჩემი დიპლომი ახლაც
უნივერსიტეტის არქივში დევს და დიპლომში აღნიშნული პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშავია. ასე რომ, ჯერჯერობით, ვერც უნივერსიტეტში შესვლის მიზანს ვთვლი მიღწეულად.
თავს კი ხალხური სიბრძნით ვიმშვიდებ: სწავლა სიკვდილამდეო. თუმცა ვერც იმას ვიტყვი,
თითქოს საერთოდ არაფერი მიმეღოს უნივერსიტეტისგან. პირიქით, იქ გატარებული წლები
დიახაც რომ სულიერი და გონებრივი წვრთნის წლებია და ვინც უკეთ გამოიყენებს ამ წლებს,
ქვეყანასაც უფრო მეტად გამოადგება და თავსაც...
– გზაზე ერთი კაცი მიდიოდა – ვინ არის იგი, როგორია მისი ზნეობრივი მრწამსი და პიროვნული კონსტიტუცია, ანუ ვინ ხართ და რატომ ხართ?
– უპირველეს ყოვლისა, ერთხელ კიდევ უნდა განვაცხადო, აუცილებელი არ არის ლიტერატურული გმირისა და ავტორის გაიგივება. შეიძლება საერთო ბევრი ჰქონდეთ, ჰგავდნენ
კიდეც ერთმანეთს, მაგრამ ეს ორი დამოუკიდებელი და, თუ გნებავთ, სრულიად განსხვავებული ფუნქციის ცნებაა. ერთი ქმნის, მეორე – შექმნილს წარმოაჩენს, გვაფორიაქებს, ანდა
გვამშვიდებს შემქმნელის ჩანაფიქრის შესაბამისად. ერთ რამეში გეთანხმებით: ნებისმიერ ნაწარმოებში შეიძლება ავტორის ზნეობრივი მრწამსისა და პიროვნული კონსტიტუციის ამოკითხვა. რაც შეეხება გზაზე მიმავალ ერთ კაცს – ამავე სახელწოდების რომანის გმირია, რომლის ზნეობრივი მრწამსისა და პიროვნული კონსტიტუციის ჩამოსაყალიბებლად, ღმერთი, რჯული, ავტორს თავი არ დაუშურებია, მაგრამ, ეტყობა, მაინც ვერ თქვა სათქმელი ნათლად,
რაკი ამდენი ხნის მერეც, დაგებადათ ამგვარი შეკითხვა. ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად,
ერთი დიდი მწერლისა არ იყოს, ალბათ, თავიდან მომიწევს იმავე რომანის დაწერა. ამიტომ,
თქვენი ნებართვით, პასუხისაგან თავს შევიკავებ, რადგან ვერც თქვენი გაზეთი დაიტევს და,
რაც მთავარია, ვერც თქვენი გაზეთის მკითხველი დაუდებს გულს...
– თავისუფლება ღვთის დიდი საჩუქარია კაცთა მოდგმისთვის. თქვენ როგორ გესმით პიროვნებისა და ქვეყნის თავისუფლება?
– ვერ დაგეთანხმებით – თავისუფლება ღვთის საჩუქარი არ არის. თავისუფლება თვითონ
უნდა მოიპოვოს ადამიანმა, ზოგჯერ რამდენჯერმეც, რადგან მისი დაკარგვაც ისევე შეიძლება, როგორც მოპოვება. მხოლოდ მოპოვებული თავისუფლება ამაღლებს პიროვნებას სულიერად და ამაგრებს ქვეყნის საზღვრებს. სხვათა შორის, ჩვენც «ნაწყალობევი თავისუფლების»
გამო ვართ ამ დღეში, ანუ საჩუქრით გახარებული ბავშვებივით ვართ აყოლილნი გრძნობებს
– პოდიუმზე ფრანგებს ვეჯიბრებით, ესტრადაზე ზანგებს – არადა, ჭერი თავზე გვენგრევა,
შავი თეთრისგან ვერ გაგვირჩევია, გამართულად ვეღარ ვმეტყველებთ მშობლიურ ენაზე, გარეთ საკუთარი ეროვნება გვავიწყდება, შინ სხვათა ეროვნებებს ვაკანონებთ... თუ დროზე არ
მოვეგეთ გონს, შეიძლება სამუდამოდ დავკარგოთ სახეცა და მეობაც...
– ბატონო ოთარ, ქირურგი რომ იყოთ და თქვენი ტანჯულ-წამებული სამშობლო საოპერაციო მაგიდაზე დაგიდონ, როგორ დიაგნოზს დასვამდით, რა გვტკივა ყველაზე მეტად და
როგორ ვუშველოთ ამ სატკივარს?
– ძნელი სათქმელია, რამდენად გამოვდგები ქირურგის მეტად რთული და საპასუხისმგებლო მოვალეობის შესასრულებლად. ყოველ შემთხვევაში, ნებისმიერი პროფესიონალი
ქირურგივით მეც არავითარ შემთხვევაში არ მოვკიდებდი ხელს ავადმყოფს დიაგნოზის დასმამდე. მაგრამ სწორედ დიაგნოზის დასმაა ძნელი და ეს არის ჩვენი მთავარი ავადმყოფობაც:
არ ვიცით, რა გვჭირს, უფრო სწორად, ვერაფრით ვერ ჩამოგვიყალიბებია საერთო აზრი ჩვენს
საერთო სატკივარზე: ზოგი ისევ ძლივს მოშორებულ მტერს ელოდება მოუთმენლად, ზოგი
მტრის ჭერქვეშ ელოდება ავდრის გადავლას... ასე რომ, ჯერ მტერი უნდა გავარჩიოთ მოყვრისგან, ერთგულება – ღალატისგან, გონიერება – სილაჩრისგან, მლიქვნელობა – ზრდილობისგან, მონობა – თავისუფლებისაგან და მხოლოდ მერე ვიფიქროთ, რამდენად მიზანშეწონილი იქნება ჩვენი ავადმყოფობისთვის ქირურგიული ჩარევა...
– «აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია» – კაცი იმედით ცოცხლობს... თქვენ თუ
გაქვთ იმედი და როგორ მომავალს ხედავთ?
– დიახ, კაცი იმედით ცოცხლობს, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, გულხელდაკრეფილნი
დაველოდოთ მომავალს... გაანძრიეთ ხელი და გადარჩებითო – უთხრა ღმერთმა ქარიშხალში მოხვედრილ მენავეებს. ხელს თუ გავანძრევთ, ესე იგი, მოსწავლე თუ ისწავლის, მშრომე-
ლი თუ იშრომებს, მეომარი თუ იომებს, შეგნებულად თუ არ გავუტეხთ სახელს მასწავლებელს, ექიმს, მოსამართლესა თუ მწერალს... დაუნანებლად და დაუფიქრებლად თუ არ გავაჩუქებთ მამა-პაპის სისხლითა და ოფლით მონაგარს და, რაც მთავარია, თუკი დროულად დავიბრუნებთ ეროვნული ღირსებისა და სიამაყის გრძნობას, რასაკვირველია, ჩვენც გადავრჩებით. სხვათა შორის, დღეს, ოცდამეერთე საუკუნის გარიჟრაჟზე, არათუ დამოუკიდებლად
არსებობა, არამედ დამოუკიდებლად დაღუპვაც ძნელია, სირცხვილზე რომ არაფერი ვთქვათ.
გაურკვეველი მომავლისკენ მიმავალნი, მთამსვლელებივით, ერთმანეთზე ვართ გადაბმულნი და ვინც არ უნდა მოწყდეს კლდეს, გინდაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიბრიყვის
გამო, ყველამ უნდა შევაშველოთ ხელი. ასე რომ, საქართველოს დაღუპვა თუ უწერია, მხოლოდ დანარჩენ კაცობრიობასთან ერთად დაიღუპება, სულერთია, კაცის გონების ნაყოფი იქნება ეს გრანდიოზული კატასტროფა, თუ ბუნების ბნელი ძალებისა. მაგრამ, იმედი ვიქონიოთ, ადამიანსაც ეყოფა მოთმინება და ბუნებასაც. პოეტისა არ იყოს, საქართველო უკეთესი
მომავლის ღირსი ქვეყანაა და ამას, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობის გასაგონად ვამბობ...
– კლდემ მხოლოდ ერთხელ თქვა: «კაცნო, გიყვარდეთ ერთმანეთიო». თქვენ რას გვეტყვით?
– კლდისგან განსხვავებით, ვერაფერს ვიტყვი. მით უმეტეს, კლდეს უკვე უთქვამს ჩემი
სათქმელი...
2002
You have read 1 text from Georgian literature.
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.