Latin

ბედნიერი ტანჯული - 16

Total number of words is 3634
Total number of unique words is 1902
30.2 of words are in the 2000 most common words
41.7 of words are in the 5000 most common words
48.1 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მშობლიური ლიტერატურის გავლენა ეტყობა უფრო მკვეთრად, ვიდრე მათთვის ალბათ უფრო სასურველი უცხოურისა. ერთადერთი უცხოელი მწერალი, რომელიც აშკარად ცხოველმყოფელ გავლენას ახდენს მათზე, ჯოისია, ყიასაშვილის მიერ გაქართველებული და, ამდენად, გარკვეული თვალსაზრისით, ისიც მშობლიური. მთელი ჩემი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო – რასაკვირველია, როგორც მთარგმნელობითი ოსტატობის მრავალი
თვალსაჩინო მაგალითის, ისევე ელემენტარული ჩავარდნის გათვალისწინებით – რომ ნიკო
ყიასაშვილმა შექმნა განსაკუთრებული, ანუ, უაღრესად ქართული ჯოისი, როგორც თავის
დროზე, მაჩაბელმა – ქართველი შექსპირი. ჯოისი ჩვენმა ახალგაზრდობამ მშობლიურივით
აიტაცა. მაგრამ ესეც დროის ფაქტორია, ასაკის თვისება. ჩვენს თაობაზე, მაგალითად, არანორმალურ გავლენას ახდენდა ჰემინგუეი. იმდენად მოქმედებდა არათუ ჩვენს ფსიქიკაზე,
არამედ ცხოვრების წესზეც, ბევრი ჩვენგანი ყველანაირად ცდილობდა, ერთდროულად დამსგავსებოდა როგორც თავად ჰემინგუეის, ისევე მისი ნაწარმოების გმირს. გარკვეულ ასაკში
ყველანაირი გავლენა მხოლოდ სასარგებლოა. მთავარია, სამუდამოდ არ დავრჩეთ გავლენის
ტყვეობაში. ახალგაზრდებს (მით უფრო – მწერლებს!) საერთოდ ახასიათებთ განსაკუთრებული ლტოლვა უცნაურისკენ, უჩვეულოსკენ... ამავე დროს ბევრი რამ მხოლოდ მათთვის არის
უცნაურიცა და უჩვეულოც მათივე ახალგაზრდობის გამო. თუმცა ამგვარი მისწრაფება მარადიული, აუცილებელი განახლებითაა განპირობებული და არც დასაძრახია, არც სახიფათო.
საყმაწვილო სენივითაა, რომლის მოხდა, კაცმა რომ თქვას, აუცილებელიცაა. ჯოისი, რა თქმა
უნდა, სიტყვის ჯადოქარია, მაგრამ მისი ყველა მხატვრული ილეთი, მისი მეტაფორების ფოიერვერკი დიდი ლიტერატურული ტრადიციების გამოსავლენად, გასანათებლადაა გამიზნული და არა პირიქით. პირიქით, უბრალოდ, არ შეიძლება. ვიდრე ადამიანი იარსებებს, ყოველთვის საჭირო იქნება მისთვის ვარდზე მკვნესავი ბულბული... ჩვენი ახალგაზრდა მწერლები, ჯერჯერობით, დაბნეულები არიან და მათი დაბნეულობა სრულებითაც არ არის უსაფუძვლო. უდიდესი გარდატეხების წინაშე ვდგავართ ყველანი (სხვათა შორის, დღეს გაირკვევა, ვართ თუ არა ამქვეყნად არსებობის ღირსნი – ახლა მაინც ვიბრძოლებთ თავისუფლებისთვის, თუ მონობით მოპოვებულ კეთილდღეობას დავჯერდებით ისევ). მთავარია, საერთოდ არ გადავეჩვიოთ მშობლიურ ენაზე ფიქრსა და ოცნებას. ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც დღეს ქართულად წერს (არიან სხვა ენებზე ხელის გაწაფვის მსურველნიც), თვალის
ჩინივითაა გასაფრთხილებელი. წერონ, გაიწაფონ ხელი და თვალიც თავისთავად აეხილებათ, დროთა განმავლობაში, აუცილებლად. როგორც უკვე ვთქვით, ბევრი რამ ასაკობრივია
მათ შემოქმედებაში, ბევრი ძველთან დაპირისპირების მარადიული ჟინითაა აღძრული, რასაც ჩვენი საერთო გაურკვევლობის ბურუსიც ემატება. ჩვენ ხომ ჯერ ისიც არ ვიცით წესიერად, რას უნდა დავუპირისპირდეთ მართლა და რას უნდა დავუჭიროთ მხარი. დები იშხნელები ძველი გვგონია, პავლიაშვილი ახალი. მაგრამ ამაშიც უფროსები უფრო ვართ დამნაშავენი. ეტყობა, რასაც ვამბობთ, მთლად გასაგებად ვერ ვამბობთ, ანდა იმას არ ვამბობთ, რისი
მოსმენაც ჩვენგან უნდათ. პირველ შემთხვევაში შემიძლია არამარტო გავუგო, არამედ რაღაცრაღაცებში დავეთანხმო კიდეც ახალგაზრდებს, რაც სავსებით გამორიცხულია მეორე შემთხვევაში. პირიქით, ვიდრე ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის ბედი არ გარკვეულა, ვიდრე
ჩვენს არსებობას არ აღიარებს და არ შეეგუება დანარჩენი მსოფლიო, მხცოვანმაც და ახალგაზრდამაც ჯიუტად და უსასრულოდ უნდა იმეოროს წინაპართა დანაბარები – ლექსადაც
და პროზადაც...
მაგრამ რასაც ახლა ვლაპარაკობ, უმალ იმედის მომცემია, ვიდრე საგანგაშო. საგანგაშოდ
ნამდვილად არა გვაქვს საქმე. უბრალოდ, ვისურვებდი უფრო მეტი ყოფილიყოს დებიუტან-
ტთა ნოვატორული ცდები. ბევრი მწერალი არც გუშინ გვყოლია, არც დღეს გვყავს და ალბათ
არც ხვალ გვეყოლება. ამიტომ, როგორც ყველა სხვა საქმეში, მწერლობაშიც მეტი მოგვეთხოვება. უპირველეს ყოვლისა ვგულისხმობ შრომას, განუწყვეტელი წვრთნისა და თვითგანათლების პროცესს. თავშეკავება და მოთმინება უაღრესად საჭირო თვისებებია მწერლისთვის,
მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ერთი მოთხრობით ამოწუროს ახალგაზრდა მწერალმა მთელი თავისი შესაძლებლობები...
ქართულ მწერლობაში თვალნათლივ იკლო ბედის მაძიებელთა რიცხვმა. ვერ ვიტყვი, რისი მაუწყებელია ეს, მაგრამ ნამდვილად ცუდია მათ მაგივრად შურის მაძიებელთა მომრავლება. ბედის მაძიებელი შურის მაძიებელმა შეცვალა და ესეც, რასაკვირველია, დრომ განაპირობა. და მაინც, გულსაკლავი სანახაობაა, როცა ახალგაზრდა კაცი ცხოვრების კიბეზე ამაღლებას მშობლიური ლიტერატურის დაკნინებით ცდილობს. ამის ახსნა ორნაირად შეიძლება:
«შურისმაძიებელთა» უნიჭობით, რომელსაც ნამდვილად არ გააჩნია ალტერნატივა, და ლიტერატურის, როგორც ხელოვნების დარგის, თანამიმდევრული იგნორირებით, არამარტო
ჩვენში, საერთოდ, და, თავისთავად ცხადია, თანამედროვეობის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მაგრამ თანამედროვეობა ხვალ წარსულად იქცევა, ჩვენი ახალგაზრდა დებიუტანტები კი, უკვე თავად შეებმებიან ქართული მწერლობის თხუთმეტსაუკუნოვან უღელში... სიყმაწვილე გაივლის, ვნებები დაცხრება, ილუზიები გაქრება და დარჩება საქმე, საქმე და მოვალეობა. მწერლის მშობლიური სახლი რეალობაა. ხოლო სხვა, ათასნაირი ლიტერატურულფილოსოფიურ-ზნეობრივი მიმდინარეობები წარმოდგენილი, ანდა სულაც ზღაპრული, დასიზმრებული ქვეყნებია, სადაც მწერლობის უძღები შვილები გარბიან, მაგრამ მათ შორის
უკეთესნი გარკვეული დროის შემდეგ, ანუ უაზრო და უშედეგო წანწალის შემდეგ, ისევ
მშობლიურ სახლს უბრუნდებიან. ასე რომ, პირადად ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა
აქვს, რა გზით მოხდება «ქართული ლიტერატურის თვითგანახლება» – «ნეოავანგარდისტულ-მოდერნისტულ ბურუსში გაიკვლევს გზას, თუ კვლავ კლასიკის წიაღში ეცდება ორიენტირების მოძებნას». ისე, მე რომ მკითხოთ, ცოტა უხერხულიცაა ასეთი მაღალფარდოვანი
ლაპარაკი ნოვატორობაზე, მოდერნიზმზე და, მით უფრო, კლასიკაზე, როცა აზრი ვერ გამოგვითქვამს გასაგებად, წერილი ვერ მიგვიწერია ახლობლისთვის, საჩივარი ვერ შეგვიტანია სასამართლოში, სიყვარული ვერ აგვიხსნია გოგოსთვის, დედა ვერ შეგვიგინებია მტრისთვის
ჩვენს მშობლიურ ენაზე. ეტყობა, გვიჭირს, ვერ ვეგუებით ერთი ენით ცხოვრებას, გვეცოტავება, რაკი თავიდანვე ორენოვნებას მიგვაჩვია ჩვენმა გულღრძო წარსულმა. კონსტიტუციაში კი
ჩავწერეთ (ჩაწერილი ადრეც გვქონდა, ფიქციურ კონსტიტუციაშიც), მაგრამ ცხოვრებაში ვერ
იქნა და ვერ მივანიჭეთ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი. ჩვენს თვალწინ და, რასაკვირველია, ჩვენი ხელის შეწყობითაც, ყოველ წამს იბადებიან ახალ-ახალი ფონეტიკური თუ
სინტაქსური ურჩხულები და დაუნდობლად თქვლეფენ და აჩანაგებენ ჩვენს ერთადერთ იარაღს, დამფრთხალი მოყვასის გასამხნევებელსაც და თავგასული მტრის მოსაგერიებელსაც.
ძნელი სათქმელია, ტელევიზია უფრო ლმობიერია ამ სამარცხვინო მოვლენის მიმართ თუ
პრესა. ამის ბრალიცაა ჟარგონებისა და კილოკავების ამგვარი აღზევება, რაც, ცოტა არ იყოს,
სახიფათო ცდუნებაა მწერლებისთვის. სხვებზე ცოტა ჭკვიანი და სხვებზე არანაკლებ ნიჭიერი მწერალი, შეიძლება, ერთბაშად იქცეს «მოდურ მწერლად», რამდენადაც ჟარგონი და კილოკავი, ასე ვთქვათ, ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი სიამოვნებაა. ჩვენი კრიტიკოსები ნებისმიერი თვალსაზრისით არჩევენ ხოლმე ამა თუ იმ მწერლის ნაწარმოებს, მაგრამ
არასოდეს არ არჩევენ (ყოველ შემთხვევაში, მე არ მინახავს), წმინდა მხატვრული და წმინდა
ენობრივი თვალსაზრისით. ვაჟა-ფშაველას მერე არც გამიგია, ენა დაეწუნებინოთ ვინმესთვის. არადა, ელემენტარული ენობრივი ლაფსუსის (ვთქვათ, «ბოდიშით», ანდა, «გაყიდვაში-
ა») დამკვიდრება, გაცილებით დიდი ბოროტებაა, ვიდრე ბილწსიტყვაობა. რაღა თქმა უნდა,
ბილწსიტყვაობა არც თვითმიზნად უნდა იქცეს და არც ნაწარმოების მთავარ სამკაულად.
გარკვეული დოზით შეიძლება აუცილებელიც აღმოჩნდეს. ყოველ შემთხვევაში, ყველა ის
მწერალი, რომლებსაც მე პატივს ვცემ, განსაკუთრებული სიმორცხვით არ გამოირჩევა ამ საქმეში. ნაწარმოების გაკრიტიკება მხოლოდ ბილწსიტყვაობის გამო შეიძლება ისევ ლიტერატურისთვის აღმოჩნდეს საზიანო, მით უფრო დღეს, როცა ასე საბედისწეროდაა დაცემული
როგორც კულტურის, ისევე განათლების საერთო დონე. ადვილი მოსალოდნელია, ჩვენდა
უნებურად, იმის პოპულარიზაცია გამოგვივიდეს, რასაც ვითომ ვგმობთ. დღევანდელი «წიგნის მომხმარებელი» ხომ ძირითადად იმიტომ ფურცლავს წიგნს, იქნებ რამე უხამსობას გადავაწყდეო. არცთუ ისე დიდი ხნის წინათ (ოღონდ სხვა ეპოქაში) ერთი სამედიცინო წიგნი, რომელიც სრულებითაც არ იყო განკუთვნილი ფართო მასებისათვის და საკმაოდ ძვირიც ღირდა, გამოსვლისთანავე სანთლით საძებარი გახდა მხოლოდ იმიტომ, ხალხური სახელით რომ
იყო იქ მოხსენიებული მამაკაცის სასქესო ორგანო. ლიტერატურა ერთი კაცისთვის იწერება,
ოღონდ იმ იმედით, სხვებიც რომ წაიკითხავენ როდისმე. ხოლო რაც ფართო მასებისთვისაა
განკუთვნილი თავიდანვე, ვერასოდეს დააკმაყოფილებს ერთი კაცის გემოვნებასა და მოთხოვნილებას. ამიტომ, ჩემი ღრმა რწმენით, ქართული ლიტერატურა თვითგანახლების გზას,
რასაკვირველია, ჩვეულებისამებრ, გნებავთ, მსგავსად ნებისმიერი სხვა ლიტერატურისა, ახლაც ნეოავანგარდისტულ-მოდერნისტულ ბურუსში დაუწყებს ძებნას, მაგრამ ბოლოს ისევ
კლასიკის წიაღში მიაგნებს...
1999
ღრუბელი
(საუბარი ქეთევან სადღობელაშვილთან)
– როგორია თქვენი სამყარო, გზა, რომელზეც ამდენი ხანია მიდიხართ, ვინ არიან ისინი, ვინც
თქვენს სამყაროში შემოდიან და თავიანთ სამყაროს ქმნიან, თუ, როგორც ამბობთ: «მწერალი
ალალბედზე დაეძებს იმას, რისი სახელიც წესიერად თვითონაც არ იცის და ვიდრე იპოვიდეს, დაახლოებითაც კი ვერ წარმოიდგენს, როგორ გამოიყურება მიზეზი და მიზანი მისი
უგზო-უკვლოდ ხეტიალისა არსაიდან არსაით მიმავალ გზაზე».
– ხაფანგში მოხვედრილი ცხოველების უმრავლესობას დამბლა ეცემა და, თუ მაშინვე არ
მოკვდა, დადამბლავებული მორჩილად ელოდება აღსასრულს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ბოლომდე იბრძვიან ხაფანგიდან თავის დასაღწევად და, ეტყობა, მეც ამგვარ უმცირესობას ვეკუთვნი – თქვენს «ხაფანგში» კი მოვხვდი, მაგრამ ფარ-ხმალს მაინც არ დავყრი და
შევეცდები ყველაფერზე გიპასუხოთ, ანუ ბოლომდე დავიცვა თავი, რამდენადაც ნებისმიერი
შეკითხვა, გარკვეული თვალსაზრისით, ბრალდებაცაა და სულერთია, რა გედება ბრალად:
გზა, რომელზედაც ამდენი ხანია მიდიხარ, თუ თვითონვე რომ არ იცი წინასწარ, რას იპოვი
ამ გზაზე.
დავიწყოთ იმით, რომ საკუთარი სამყაროს შექმნა ყველა მწერლის მიზანია. უფრო მეტიც,
ამაზე ოცნებობს მხოლოდ და ნურავინ მოისულელებს თავს, მსგავსიც არაფერი მიფიქრიაო.
მაგრამ როგორც არ უნდა მოინდომოს, ვერც ერთი მწერალი ვერ აღწერს, როგორია მის მიერ
შექმნილი სამყარო. მწერლის მოვალეობა შექმნაა და არა შექმნილის აღწერა. მე თუ მკითხავთ, ეს უფრო თქვენი პრეროგატივაა. მაგალითად, პირადად მე ძალიან მაინტერესებს, როგორ გამოიყურება თქვენს თვალში ჩემი სამყარო. მე ვქმნი, თქვენ ამჩნევთ, ან ვერ ამჩნევთ.
მაგრამ ამჩნევთ თუ ვერ ამჩნევთ, მწერალი თავისი მიზნისა და ოცნების ერთგული რჩება მაინც და ჯიუტად ცდილობს სილის ბორცვზე სასახლის აშენებას, ანუ, როგორც თქვენ ამბობთ, საკუთარი სამყაროს შექმნას. მისთვის ერთადერთი «სამშენებლო მასალა» სიტყვაა.
სიტყვა კი ყველაზე ძნელი მოსაპოვებელი მადანია, ძნელად დასამუშავებელი და ნაკლებად
სანდო – წარამარა იცვლის არამარტო გარეგნობასა და ფერს, არამედ აზრსაც და მნიშვნელობასაც. ასევე ცვალებადი ბუნებისაა ყველაფერი, რაც სიტყვის მეშვეობით შენდება... ასე რომ,
მწერალს იქამდე ეკუთვნის საკუთარი ნაშიერი (რასაკვირველია, წიგნი მაქვს მხედველობაში), ვიდრე «გააჩენდეს». მერე ვეღარაფერს გააწყობს მასთან...
– როგორც გავიგე, რაც წიგნშია გადასული, თქვენი უკვე აღარ არის, მაგრამ თავსაც არ გახსენებთ?
– როგორ არა, მახსენებს და ძალიან ხშირადაც. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, გაინტერესებს, რა გავლენას ახდენს სხვებზე შენი სისხლი და ხორცი, ანდა სხვებს როგორი დამოკიდებულება აქვს მასთან: აგინებენ თუ პატრონობენ, წყევლიან თუ ითმენენ... თუმცა, როგორც
ზემოთაც ვთქვი, შენი აღარ არის, იმ სხვებს უფრო ეკუთვნის, ვიდრე შენ. ხანდახან, იმდენად
გეუცხოება, ძნელი დასაჯერებელია, რამე თუ გაკავშირებს იმასთან. მოკლედ, ისიც გარესამყაროსავითაა, რომელიც გაჩენის დღიდან ნაცნობია შენთვის, მაგრამ თუკი ერთ დღეს უიმისოდ ვერც კი წარმოგიდგენია ცხოვრება, მეორე დღეს გეხამუშება, გაწუხებს, გთრგუნავს რაღაცნაირად. სინამდვილეში, შენი გუნება-განწყობილება იცვლება გარესამყაროს მიმართ და
არა თავად გარესამყარო, რომელიც მარადიულია და რომლის ნებისმიერი ცვლილება გაცილებით სერიოზული და სახიფათო მოვლენაა. ხოლო ადამიანის გუნება-განწყობილების შეცვლა არათუ დასაშვებია, არამედ აუცილებელიც. რაც უფრო ხშირად გეცვლება გუნება-განწყობილება, მით უფრო ძლიერია შენი კავშირი გარესამყაროსთან და მით უფრო ძნელია მისგან თავის დაღწევა. დაახლოებით ასეთივე ურთიერთობა აქვს მწერალს მის მიერ შექმნილ
სამყაროსთანაც. იმ სამყაროსაც აქვს გარკვეული რელიეფი, იქაც არის მდინარე, ქედი, ხეები;
იქაც არის გზა, გზები, რომლებიც, ღმერთმა იცის, საით მიდიან... მაგრამ მწერლის დამოკიდებულება კი არა, მწერლის გუნება-განწყობილება იცვლება განუწყვეტლივ და ერთ დღეს
თუ აღტაცებულია თავის მიერ შექმნილი გარემოთი, მეორე დღეს იმდენად ეუცხოება იქაურობა, შეიძლება თავბედი აწყევლინოს საკუთარმა ნამოღვაწარმა. ძნელი სათქმელია, რატომ
ხდება ასე და ვერც ვერავინ ამოხსნის ერთხელ და სამუდამოდ ამ საიდუმლოს. ხოლო თქვენ
თუ მართლა გჯერათ, მეც რომ შევქმენი რაღაც, საკუთარი სამყაროს მაგვარი რამ, რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ, მაგრამ ის სამყარო უკვე ჩემს გარეთ და უჩემოდ არსებობს...
– მაგრამ ყოველი ახალი მკითხველისთვის ის ხომ მუდმივად ახალია?
– რაკი ასე ჯიუტობთ, გავკადნიერდები და იმასაც ვიტყვი, რომ არამარტო ახალია, არამედ
მრავალფეროვანიც, რადგან არ შეიძლება, ერთსა და იმავე საგანს, პეიზაჟს, მოვლენას – ყველა
ერთნაირად ხედავდეს. რაც უფრო ცოცხალია სამყარო, მით უფრო მრავალფეროვანია და
მით უფრო არ ჰგავს თავის თავს დროსა და სივრცეში გადაადგილებული. ღრუბლისა არ
იყოს, ერთი წუთის მერე, ყველაზე ძალიან სწორედ თავის თავს არ ჰგავს, მაგრამ როგორი სახეც არ უნდა მიიღოს, მაინც ღრუბლად დარჩება ყველასთვის. ასევეა მწერლის შექმნილი სამ-
ყაროც – ზოგისთვის აქლემს ჰგავს, ზოგისთვის ზღაპრულ ციხესიმაგრეს, მაგრამ, რაც მთავარია, არსებობს...
– როგორი დამოკიდებულება გაქვთ წინა, ანუ ძველ ნაწარმოებთან, მაშინ, როცა უკვე მეორეს, ახალს წერთ?
– როცა ახალს წერ, ძველის გაგონებაც არ გინდა. რატომღაც – ესეც დიდი საიდუმლოებაა
ჩემთვის – ღრმად ხარ დარწმუნებული, სწორედ ახლა აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც ყოველთვის გინდოდა. ამის განცდა სასიამოვნოდ გაბრუებს წერის პროცესში, მაგრამ წერის დამთავრებისთანავე გული გიტყდება და ეჭვი გიპყრობს, ანუ დარწმუნებული ხარ, ეს რომ შენი
ყველაზე დიდი მარცხია და ბევრად აჯობებდა, თუკი საერთოდ შეიკავებდი თავს ამგვარი
სისულელისგან. ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა და ადვილი შესაძლებელია, არავითარი
პრაქტიკული ღირებულება არ ჰქონდეს სხვებისთვის. მაგრამ თუკი შენმა ნაშიერმა თავის
მხრივ ეჭვი და შიში არ გაგიჩინა, ჩათვალე რომ ამაოდ დამშვრალხარ. იგივე ტექსტი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ საკუთარი მწერლური შესაძლებლობების მწვერვალად გეჩვენებოდა,
დღეს არათუ მოგწონს, დასანახად გეჯავრება. არ ვიცი, რატომ ხდება ასე, მაგრამ მხოლოდ
ასე, გუნება-განწყობის, ანუ შიშისა და ეჭვის მონაცვლეობით შეგიძლია გაარკვიო, სინამდვილეშიც თუ შეიქმნა რამე, რამე კი არა – ღრუბელი. ღრუბელი თუ შეიქმნა, უკვე სულერთია,
როგორ გამოიყურება ის, ნელა იცვლება თუ სწრაფად, საავდროა თუ კარგი ამინდის მაუწყებელი. ამას არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, იყოს, რადგან ღრუბლის შექმნაა ყველაზე ძნელი და თუ მაინც შექმენი, ესე იგი, ტყუილად არ გიტანჯია – როდისმე, არამარტო შენ, სხვაც
დაინახავს იმ ღრუბელს... სხვათა შორის, მკითხველზე ფიქრიც მაშინ იწყება, როცა ღრუბელი
უკვე არსებობს და ახალი შიშით ხარ შეპყრობილი: ვაითუ, სხვამ ვერ დაინახოსო...
– მაინც გაქვთ შიში? არ მითხრათ, რომ არ იცით საკუთარი თავის ფასი...
– ნამდვილად არ მიყვარს და არც მომწონს საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ ზედმეტი
თავმდაბლობა რომ არ დამწამოთ, დაგასწრებთ და გეტყვით: რაც უფრო კარგად გესმის შენი
ნამუშევრის ფასი, მით უფრო საშიშია მკითხველი. ხოლო თუ არ გესმის, რას აკეთებ, მაშინ
არც არაფრის გეშინია... მეც, რასაკვირველია, მკითხველისთვის ვქმნი და ეს არამარტო მსიამოვნებს, არამედ აუცილებელი საქმიანობაცაა ჩემთვის. დიდი სურვილი მაქვს, თქვენც იცოდეთ, რაც უთქვენოდ შევიტყვე. ვცდილობ, როგორმე მოგაწვდინოთ ხმა, გაგაგებინოთ, რაც,
შესაძლებელია, თქვენთვისაც მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდეს, სანუგეშო ან საგანგაშო, თუნდაც, ანგარიშგასაწევი. ასევე შესაძლებელია, ბევრი რამ მეშლებოდეს, საერთოდ
არასწორი წარმოდგენა მქონდეს ჩემს ნამოღვაწარზე, მაგრამ რასაც ვაკეთებ, იმის მაქსიმუმია,
რაც ბუნებისგან არის ჩემში ჩადებული. ხშირად მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, მწერლის
დამსახურება ცოტაა, თუმცა, ეს «ცოტა» დიდ სულიერ, გონებრივ და ფიზიკურ ძალისხმევას
მოითხოვს. დიდი შრომა და ენერგია სჭირდება ცარიელი ფურცლის შევსებას. მხატვრულად
რომ ვთქვათ, მწერალს ყველაფერი ესიზმრება და მისი ვალია, დასიზმრებულის გადატანა
ფურცელზე. უკეთესი მწერალი ის არის, ვინც მეტს იმახსოვრებს და დამახსოვრებული ზუსტად გადააქვს. პირადად ჩემთვის დიდი სიმართლე დევს ამ მხატვრულ ხუმრობაში. როცა
ვწერ, სულ სხვა ადამიანი ვარ...
– შეურაცხადი?
– ზუსტად არ ვიცი, როგორი, მაგრამ აშკარად განსხვავებული იმისგან, როგორიც ახლა
ვარ. სხვას რომ თავი გავანებოთ, მაშინ უკეთესად ვწერ. ახლა რომ მითხრათ, შეიძლება დეპე-
შის ტექსტიც ვერ შევადგინო. ვისვენებ და იმიტომ. წერა განუწყვეტელი ვარჯიშია. სპორტსმენისა არ იყოს, მწერლის დღეც მოთელვით იწყება...
– რას გულისხმობთ «მოთელვაში?»
– ნებისმიერ სისულელეს. ყველაფერი უნდა წერო, რაც ენაზე მოგადგება. მაგალითად: გავიხედე სარკმელში და მდინარე ვერე ადიდებულა... თუ სიტყვა თავიდანვე არ დაიმორჩილე,
ვერც აზრს გამოათქმევინებ და, მითუმეტეს, ვერც გრძნობას...
– და როცა არ გემორჩილებათ, თავს ანებებთ? უკეთესი დროისთვის გადადებთ სამუშაოს?
– შეურაცხადი შეიძლება იყო, რადგან შეურაცხადობა მწერლობაში ძალიან პირობითი
ცნებაა, მაგრამ არაფრით არ შეიძლება, მწერალმა ხელი აიღოს სიტყვასთან ჭიდილზე. უსასრულოდ უნდა იწვალო, ვიდრე არ დაიმორჩილებ. ერთი და იმავე ფრაზის ყველა შესაძლებელი ვარიანტი უნდა ეძებო უსასრულოდ...
– რომელსაც მერე ანადგურებთ?
– რასაკვირველია. თუ მიაღწიე და საუკეთესო ვარიანტი შექმენი, დანარჩენი რაღა საჭიროა?! ლიტმცოდნეობისთვის, ამ თვალსაზრისით, შეიძლება მართლა საინტერესო აღმოჩნდეს ზოგიერთი მწერლის არქივი, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით, წიგნში ყოველთვის საუკეთესო ვარიანტი ხვდება...
– გშურთ ევროპელი მწერლების, რომლებიც კომპიუტერითა და მზა მასალით სარგებლობენ?
– კომპიუტერთან არავითარი ურთიერთობა არა მაქვს, არ ვიცი, როგორ მოვიხმარო და როგორ შეიძლება მშურდეს იმისა, რისი მოხმარებაც არ შემიძლია. ისე, რომ იცოდეთ, ჩვენი
მწერლებიც სარგებლობენ კომპიუტერით. მაგრამ პირადად მე, სწორად არ მიმაჩნია ტრადიციული ხელობების კომპიუტერიზაცია. ამით ერთნაირად უფერულდება როგორც არსი ხელობისა, ისევე მისი გარეგნული მომხიბვლელობა...
– ფურცელი და კალამი უკვე ერთგვარი სტიმულია?
– დიახ. მართალია ტექნიკურ რევოლუციას მასშტაბები არა აქვს, მაგრამ სულს არ უნდა
შეეხოს არავითარ შემთხვევაში. მანქანამ ცხენი გააქრო, ცხენის გაქრობამ ათასგვარ იდუმალ
ფიქრთა და უცნაურ ჩვენებათა აღმძვრელ სამჭედლოებს გამოუყვანა წირვა. არადა, ადამიანმა ცხენით გამოაღწია წარსულიდან. ვიდრე ცხენზე იჯდა, გაცილებით მხნეც იყო და ჯანმრთელიც. არც დროს ეპუებოდა და არც სივრცეს; არც მგელსა და არც ავაზაკს; გზისპირა
თხრილშიც შეეძლო ღამის გათევა და ფუნდუკის ბაღლინჯოებიან საწოლშიც... რადგან ჯერ
კიდევ ბუნების შვილი იყო და არა ბუნების ბატონ-პატრონი. რაც მთავარია, თავისი ამქვეყნიური გზის უდიდესი ნაწილი ცხენზე ამხედრებულმა გამოიარა და უკვე დაბერებულ-დაუძლურებული გადაჯდა სწრაფმავალ ექსპრესსა თუ საჰაერო ლაინერში, რაც, მე რომ მკითხოთ, იგივე სახეიბრო სავარძელია და მეტი არაფერი. მართალია, ცოტა გადავუხვიეთ თემიდან, მაგრამ ამდენი იმიტომ ვილაპარაკე ცხენსა და სამჭედლოზე, ჯერ კიდევ რომ არსებობს
ისეთი ტრადიციული ხელობა, როგორიც, ვთქვათ, მწერლობაა, და თავისი არსებობით,
უპირველეს ყოვლისა, იმაში გვარწმუნებს, კიდევ რომ შეიძლება გვჯეროდეს სასწაულისა,
ანუ, ერთხელ კიდევ განვიკურნოთ და კვლავ განვეწყოთ საცხოვრებლად; თუ ვერ დავიბრუნებთ, გავიხსენოთ მაინც, ფურცელი და კალამი, გრდემლი და საბერველი... ბუნება არ დაუშვებს, ასე სამარცხვინოდ გადაშენდეს ადამიანი. ჩვენი დღევანდელი აღვირახსნილი ცხოვრე-
ბა მხოლოდ და მხოლოდ ზოგადად ადამიანის დაკნინებისა და დაუძლურების გამოხატულებაა. თუმცა ტრადიციული ხელობებიდან მწერლობა ალბათ ყველაზე არაპრაქტიკულია...
– და ალბათ ერთგვარი ბედისწერაც...
– მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ამ სისულელეს შევალიე, მაგრამ არ ვნანობ...
– სისულელეს რატომ?
– როცა ქვეყანაში, თუნდაც არასერიოზულად იკითხავენ, გვჭირდება თუ არა მწერლობაო,
არათუ მწერლობა, ყველაფერი სისულელეა.
– ეგ იმის პრობლემაა, ვინც ასე ფიქრობს მწერლობაზე.
– არა, ეს რომ მხოლოდ «ვიღაცის» პრობლემა იყოს, ჩვენ არც გვეცოდინებოდა, რადგან
ვერც ის გაბედავდა გამომჟღავნებას, არავინ მოუწონებდა, პირიქით, ერთნაირად შერისხავდა
ყველა: საზოგადოებაც, მასმედიაც, პარლამენტიც, პრეზიდენტიც...
– გამოდის, რომ ეს ერის პრობლემაა.
– მართალს ბრძანებთ... ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო პრობლემა, როგორც გვიყვარს
ხოლმე თქმა, სრულიად საქართველოსთვის. თუ საქართველოში შევქმნით (ჯერჯერობით
ვქმნით) იმ განწყობილებას, რომ მწერლობა საჭირო არ არის, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, აღარც მეთერთმეტე არმია იქნება საჭირო და აღარც ეკონომიკური ბლოკადები, საქართველო თავისთავად იქცევა ხელმისაწვდომ და იოლად ასათვისებელ ტერიტორიად. აქამდე
იმიტომაც ვერ «უბედავენ» ოფიციალურად დაპყრობას, ასეთი დიდი ლიტერატურული ტრადიციები რომ გააჩნია. სამწუხაროდ, დამპყრობელმა უკეთ იცის ჩვენი ქვეყნისა, ვიდრე ჩვენ,
ქართველებმა. იმან ისიც ზუსტად იცის, თუ სად დევს ჩვენი მთავარი სული...
– დევისა თუ ირმის მუცელში?
– ჩვენ არ ვიცით. რომ ვიცოდეთ, არ დავმალავდით, პირველ რიგში, სწორედ მტერს ჩავუკაკლავდით. რასაკვირველია, საზოგადოება მყავს მხედველობაში და არა ხალხი. ჩვენს ხალხზე საყვედური ნამდვილად არ ითქმის. რაც შეუძლია, ითმენს. არავისზე ნაკლები ხალხი არ
არის. უკეთესი კი, შეიძლება იყოს, თუნდაც იმიტომ, მის დღეში, არათუ საუკუნეების მანძილზე, რამდენიმე წელსაც ვერ გაძლებდა ნებისმიერი, დღეს აღზევებული და დაფასებული
ხალხი. ძალიან მეეჭვება, სამ მილიონ ინგლისელს, გერმანელსა თუ ფრანგს შეენარჩუნებინა
თავისთავადობა ამ გარემოში. მე ჩამოვთვალე ყველაზე ჯიუტი და ძლიერი ხალხები, მაგრამ
დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი მათგანი თუ ბოლომდე არ გათურქდებოდა, ბოლო-ბოლო,
გარუსდებოდა მაინც. ამას მათ დასაკნინებლად კი არ ვამბობ, ქართული ეთნოსის სიძლიერეს აღვნიშნავ მხოლოდ. ჩვენ ძნელად ამოსაძირკვი ხალხი ვართ (ამას ადასტურებს მთელი
ჩვენი ისტორია), ხოლო ცოტა გონებაც რომ მოეცა ჩვენთვის ღმერთს, მართლა ვერავინ მოგვერეოდა. რაც მართალია მართალია, უგუნურები ვართ. აკაკი წერეთელმა კი დაგვისვა სწორი დიაგნოზი – ზეზეურად გვძინავს და მტერი მოყვარე გვგონია – გაგვაფრთხილა კიდეც –
ნუ გჯერა გაიძვერა მოყვრისაო – მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, უმალ მტერს დავუჯერეთ, ვიდრე პოეტს. თუმცა მაშინ, დღევანდელთან შედარებით, კიდევ შეიძლებოდა ჩვენი
გამართლება – ჯერ მხოლოდ ვიღვიძებდით და ჯერ მხოლოდ ვოცნებობდით თავისუფლებაზე. დღეს კი, ავად თუ კარგად გამოღვიძებულნი და განთავისუფლებულნი, ჩვენივე ნებით
ვაპირებთ მონობაში შებრუნებას. მავანთ და მავანთ ქვეყნის ხსნად ისევ რუსეთის ფრთის
ქვეშ დაბრუნება მიაჩნიათ და კი არ მალავენ ამას, ჩვენც აქეთკენ მოგვიწოდებენ საჯაროდ.
საზოგადოება კი დუმს, ისევე როგორ მასმედია, როგორც პარლამენტი და როგორც პრეზიდენტის კანცელარია...
– შეჩვეულია რუსს და რუსული ჩექმის ნოსტალგია აწუხებს...
– არც უამისობაა. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო – ქართველის ნათქვამია. შეჩვეულს
ნუ გადააჩვევ და შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო – ესეც ჩვენი ისტორიული გამოცდილებაა. თავის
დროზე ასევე გვიჭირდა ალბათ სპარსული სამყაროსგან მოწყვეტა, მაგრამ თუ არ მოწყდი
იმას, რაც გღუპავს, რაც შთანთქმას გიპირებს, დაღუპული ხარ და შეიძლება ახიც იყოს, რადგან იმის მაგივრად, რამე იღონო, კვლავაც გულუბრყვილოდ გჯერა, ვთქვათ, მართლა რომ
არსებობს რუსულ-ქართული სახელმწიფოებრივი მეგობრობა, თანაც საუკუნოვანი. მთელი
ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა
რუსეთსა და საქართველოს შორის. რასაკვირველია, არ ვგულისხმობ კონკრეტული
ქართველისა და კონკრეტული რუსის პირადულ ან კოლეგიალურ ურთიერთობას. ბოლოს
და ბოლოს, აღაზასა და ზვიადაურის შემქმნელი ხალხი ვართ და სხვაგანაც მრავლად მოიძებნება ამგვარი პიროვნული კეთილშობილების მაგალითები, არამარტო ლიტერატურაში,
არამედ ცხოვრებაშიც. მაგრამ პიროვნების სულისკვეთება ერთია, სახელმწიფოს ინტერესი –
მეორე. მეორე კი არა, მთავარი! დიახ, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რუსეთი
არ შეიძლება საქართველოს მეგობარი იყოს. მას შემდეგ, რაც საქართველო უნებლიე დაბრკოლება აღმოჩნდა სამხრეთისკენ დაძრული რუსეთისთვის, თავისთავად გადაწყდა ჩვენი ურთიერთობის სახეობაც: ჩავყვებით თუ ჩაგვითრევს, დავუჩოქებთ თუ დაგვაჩოქებს, ორივე
შემთხვევაში მაინც ერთნაირად უნდა მოგვსპოს, რათა თავად აღორძინდეს, კიდევ უფრო განავრცოს საზღვრები და თუნდაც ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეს საწადელს. რაც მთავარია,
იმდენად სჯერა სამართლიანობა საკუთარი მიზნისა თუ სურვილისა, ვეღარ ამჩნევს, დრო
რომ იცვლება. მართალია ნელა, მაგრამ იცვლება ფსიქიკაც და დღეს აღარავინ დააპყრობინებს რუსეთს კონსტანტინეპოლს, რაც არ უნდა «ქრისტიანული» იყოს მისი მისია. მაგრამ ის
მაინც ჯიუტად აგრძელებს თავისას, ანუ, ჯიუტად ცდილობს ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა
და ჩვენც მლიქვნელური ღიმილითა და კუდის ქიცინით ველოდებით, როდის გადაგვსანსლავს ერთხელ და სამუდამოდ...
– მოდით, პოლიტიკიდან ისევ მწერლობას დავუბრუნდეთ და ვთქვათ, რომ «უშთამომავლოდ მწერლობაც ისევე იღუპება, როგორც ოჯახი». იცნობთ თუ არა თქვენს შთამომავლებს?
ახალი თაობისგან ხშირად გამიგია, რომ თქვენ მათ ვერ თუ არ ამჩნევთ.
– ძალიან სამწუხაროა, ასე თუ ფიქრობს შთამომავლობა. სხვათა შორის, მე პირიქით მეგონა, ესე იგი, ის ვერ თუ არ მამჩნევდა. მაგრამ მთავარია, უკვე რომ არსებობს თავად, შთამომავლობა, და საკმაოდ იმედისმომცემიც. ქართულ მწერლობას, ასე ვთქვათ, მომავალი განაღდებული აქვს. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, წარსულის პატივისცემას გვავალდებულებს ყველას. ახალგაზრდა მწერლებმა არც სულელ მოყვარეს უნდა დაუჯერონ და არც ჭკვიან მტერს,
თითქოს მათგან იწყებოდეს ქართული მწერლობა. პირველ რიგში, ისინი დაიფაროს ღმერთმა ამგვარი უბედურებისგან. ისინი კი არ იწყებენ ქართულ მწერლობას, ახალ ფურცელს
შლიან ქართული მწერლობის უკვე თექვსმეტსაუკუნოვან ისტორიაში. მე ვუსურვებდი, რაც
შეიძლება ბევრი დაეტიოთ იმ ფურცელზე, რაც უფრო მდიდარია ტრადიცია, მით უფრო მეტი შესაძლებლობა არსებობს ნოვატორობისთვის. მაგრამ ასევე არსებობს ბრმად მიმბაძველთა, თაღლით ფალსიფიკატორთა თუ შეუვალ, ტლუ გრაფომანთა აღზევების საფრთხეც,
რადგან ჭეშმარიტი მწერალი ყოველთვის ცოტაა, მწერლობის მსურველი კი – ბევრი, და თუ-
კი ერთნი თავიანთ საზოგადოებრივ მდგომარეობას მწერლობაში ფეხის მოსაკიდებლად იყენებენ, მეორენი მწერლობით ცდილობენ საზოგადოებრივი მდგომარეობის მოპოვებას. მაგრამ თავად მწერლობისთვის არც ერთია სახიფათო და არც მეორე. მთავარია, ნამდვილმა
მწერლებმა თავიანთი საქმე აკეთონ, ანუ, წერონ წიგნები. ყველა მწერალს თავისი მისია დაბადებისთანავე შუბლზე აქვს ამოტვიფრული და მის გასაკეთებელს არათუ მეორე მწერალი,
ათასი დაჯგუფება რომ შეიქმნას, ვერ გააკეთებს... საერთოდ, ყველა მწერალი თავისთავად
უნიკალურია და გასაფრთხილებელი. მეც ამ თვალსაზრისით ვუყურებ შთამომავლობას.
დღეს რომ ქართველს წერის სურვილი გაუჩნდება, ესეც ჩვენი გარდუვალი განკურნების მაუწყებელი ნიშანია. ჯერ ერთი, ამით თავის ენას მიაგებს პატივს და, რაც მთავარია, სიყვარულს უხსნის სამშობლოს. უსინდისობაა, ვინმეს დასწამო, სამშობლოს საგინებლად უნდა
მწერლობაო. მწერლობა ნებაყოფლობითი მსხვერპლშეწირვაა და როცა დღეს, ამ არეულ-დარეულ, ერთხელ კიდევ ჩაწიხლულ ქვეყანაში ახალგაზრდა კაცი მწერლის ურთულეს პროფესიას ირჩევს, ეს ჩემში, უპირველეს ყოვლისა, მისდამი პატივისცემის გრძნობასა და მხარდაჭერის სურვილს ბადებს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, ყველაფერი მომეწონება, რასაც ის დაწერს. დასაწერი კი ბევრია. თუკი სხვა რამეში მართლა ბევრად ჩამოვრჩებით დანარჩენ მსოფლიოს, პრობლემების სიმრავლითა და სირთულით ნამდვილად აღვემატებით ყველას. ყოველ შემთხვევაში, ჯერ მართლა არ მივსულვართ იქამდე, ერთი თანამედროვე მოთხრობის
გმირივით საკუთარ განავალს ვინახავდეთ კომოდის უჯრაში, რაკი სხვა აღარაფერი შეგვრჩენია შესანახი და გასაფრთხილებელი. ნურას უკაცრავად! იმავე იტალიისგან განსხვავებით
(სადაც ეს მოთხრობა დაიწერა), როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ჯერ ბევრი საჭირბოროტო საკითხი გვაქვს გასარკვევი და მეტი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს. რაც მთავარია,
ჩვენი ხე ჯერ კიდევ იძლევა ნაყოფს – ამას ადასტურებს ახალგაზრდა მწერალთა სიმრავლეც,
რომლებიც თუნდაც იმიტომ იმსახურებენ ყურადღებასა და პატივისცემას, მაინცდამაინც
ქართველ მწერლებად რომ წარმოიშვნენ და წარმოჩინდნენ ამ თავგზააბნეულ სამყაროში. ეს,
რასაკვირველია, მათი წინამორბედების დამსახურებაცაა, მაგრამ ამისთვის მადლობას არ ამბობენ, რადგან არც არავინ აკეთებს ამას მადლობისთვის. ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი პროცესია თაობათა მონაცვლეობისა, გნებავთ, მამათა და შვილთა «ბრძოლისა». მაგრამ მისი შემჩნევა და აღნიშვნა არამარტო ჩვენს ადამიანურ კეთილშობილებას ადასტურებს, არამედ განსაზღვრავს კიდეც ჩვენს მწერლურ ხარისხსაც. საერთოდ კი, ყველა მწერალი უაღრესად დამოუკიდებელი და თვითმყოფადი არსებაა, ვინმეს ადგილს კი არ იკავებს, «ადგილიანად» მოდის, ანუ თვითონ, საკუთარი შესაძლებლობებით იმკვიდრებს ადგილს სხვათა გვერდით.
დარწმუნებული ვარ, შთამომავლობამ ისიც იცის, თუ რა დროს და რა გარემოში უწევს ცხოვრება და მოღვაწეობა; დარწმუნებული ვარ, წინასწარაა შეგუებული უგულებელყოფასაც და
უმადურობასაც, რადგან მწერალი სწორედ მაშინაა საჭირო, როცა სხვებს წიგნისთვის აღარ
სცალიათ, როცა ზნეობა შელახულია, კრიტერიუმები არეული, მოუთვინიერებლად ყველაზე
იოლად მოსათვინიერებელი ითვლება, ერის მხსნელად – პირწავარდნილი მედროვე, ხოლო
ხელისუფალთა ყურმოჭრილ ლაქიას წამებულის გვირგვინი ადგას თავზე. მწერალმა ლეგენდის ტყვეობიდან უნდა გამოიყვანოს ობივატელი და სიმართლის დასანახი თვალი აუხილოს. ხოლო ამას თუ ვერ შეძლებს, ნებისმიერი მისი მცდელობა შუშისა და ფარდის შუა მომწყვდეული ბუზის გაწამაწიას დაემსგავსება: იფრენს, იბზუვლებს, მაგრამ უაზროდ და უშედეგოდ... ასე არ უნდა მოხდეს და არც მოხდება არავითარ შემთხვევაში. როგორც მოსალოდნელი იყო, მიუხედავად ჩვენი «კეთილისმყოფელთა» ნიჰილისტური შეგონებებისა, ლიტერატურული ცხოვრება კი არ ჩაკვდა, შეიძლება ითქვას, აღორძინდა, აღორძინების გზაზეა. ყოველ შემთხვევაში, ამის ნიშნები ნამდვილად არის. გაჩნდნენ ახალი გამომცემლობები, იმარ-
თება წიგნის ბაზრობები, ერთი ლიტერატურული გაზეთისა და ჟურნალის ნაცვლად, ახლა
რამდენიმე არსებობს და თავის გარშემო იკრებს ახალგაზრდობას. თანამოაზრე მწერალთა
ასოციაციებისა თუ დაჯგუფებების სიმრავლეც ლიტერატურული ცხოვრების გამოცოცხლების დასტურია მხოლოდ. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოში. ჩვენ
დიდი ლიტერატურული ტრადიციების ქვეყანა ვართ და სამოღვაწეო ასპარეზზე დღეს გამოსული ყველა ახალგაზრდა, თავად აცნობიერებს თუ არა ამას, უპირველეს ყოვლისა, ამ ტრადიციების გაგრძელებისა და გაღრმავების საწინდარია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი
ლიტერატურული ცდა, ნებისმიერი ახალი გზის ძიება მხოლოდ მისასალმებელია და იმედის მომცემი. დარწმუნებული ვარ, ბევრი ცდა წარმატებით დამთავრდება და ქართველი
მწერლების დიდ ოჯახს კიდევ მრავალი სახელი შეემატება. მივესალმები ყველა ახალგაზრდა მწერალს, რომელიც სწორედ განუწყვეტელი ლიტერატურული ძიებებით იპყრობს
დღეს ყურადღებას, ოღონდ ძიება თვითმიზნად არ უნდა იქცეს და არც იქცევა, ვიდრე სათქმელი გვექნება. მთავარი მაინც სათქმელია. მწერლობა უცნაური და ლამაზი სიტყვებით
ჟონგლიორობას კი არ გულისხმობს, არამედ ერთადერთი და მრავლისმთქმელი სიტყვის
პოვნას, რომელსაც უნარი შესწევს თანაგრძნობის, თანადგომის, თანაარსებობის ჟინი აღძრას
მკითხველთა გულებში... და კიდევ ერთი! რაკი ამდენი ვილაპარაკე შთამომავლობაზე, ბარემ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 17
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.