Latin

ბედნიერი ტანჯული - 07

Total number of words is 3573
Total number of unique words is 1909
28.5 of words are in the 2000 most common words
39.4 of words are in the 5000 most common words
47.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
დღის რომელ მონაკვეთში, «როგორი სულიერი განწყობილებისას» ქმნის ის თავის ნაწარმოებს, დილით მუშაობს თუ ღამით, დამჯდარი თუ დაწოლილი, პერიოდულად თუ სისტემატურად, ზომიერად თუ გონების დაკარგვამდე – ნაკლებად საინტერესოა. უფრო სწორად, ეს
მაშინაა საინტერესო, როცა მწერალი უკვე სამუდამოდ იმკვიდრებს ადგილს, როგორც მშობლიურ, ისე მსოფლიო ლიტერატურაში და არამარტო მისი შემოქმედება, არამედ მისი პირადი ცხოვრებაც საყოველთაო განსჯისა და კვლევა-ძიების საგანი ხდება. რასაკვირველია, ამასაც დამსახურება უნდა – შემოქმედებითაც და ცხოვრებითაც – პირველი ნაბიჯებიდან სულის უკანასკნელ ამოხდომამდე. ამის გამოცაა ალბათ, პრესის ფურცლებზე ახალი სახელის
გამოჩენა განსაკუთრებულ ინტერესს რომ ბადებს ჩვენში: სულერთია, რას გვთავაზობს ეს
ახალი სახელი – რომანს, მოთხრობას, ლექსსა თუ პიესას, პუბლიცისტურსა თუ კრიტიკულ
წერილს – რადგან მწერლის ნიჭიერების დასადგენად ჟანრი კი არ არის გადამწყვეტი, ანდა
ავტორის გვარი და სახელი (თუნდაც უკვე ცნობილი), არამედ ის ახალი, «დღემდე განუცდელი» ტკივილი და სიხარული, სიძლიერე თუ უმწეობა, ბოლოს და ბოლოს, ის სიცრუე თუ სიმართლე, რომლის გაზიარებასაც ავტორი გვიპირებს, რასაკვირველია, იმ ოსტატობასთან ერ-
თად, ურომლისოდაც ვერავითარი «გაზიარება» ვერ აღიქმება მხატვრულ ნაწარმოებად. მაგრამ, სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ და მეც ვაღიარო, «სულ უფრო და უფრო რომ ჭირს,
ძნელდება ჟურნალის გვერდების შევსება ნიჭიერი, საინტერესო, ორიგინალური ნაწარმოებებით». განსაკუთრებით ჩვენთვის, მწერლებისთვისაა ძნელი ამის აღიარება. მაგრამ, კაცმა რომ
თქვას, რომელ ლიტერატურულ პერიოდს არ აწუხებდა მსგავსი პრობლემა?! განა ყოველთვის ნამდვილის სიმცირესა და «ბანალური, პროფანული ლიტერატურული პროდუქციის
კატასტროფულ ზრდას» არ უჩიოდნენ ლიტერატურის გულშემატკივრები?! ამის მიზეზები
თქვენც ჩამოთვლილი გაქვთ შეკითხვის ბოლოში და ვერაფერს დავამატებ, ოღონდ, რაკი თავიდანვე ვაღიარე ჩემი ოპტიმისტობა (თუ არ გჯერა, რატომღა წერ?), შევეცდები თქვენც გაგინელოთ არც მთლად უსაფუძვლო, მაგრამ არც მთლად შეუვალი შიში. განა ტალანტის
თვისება სიმრავლეა?! განა შექსპირის ეპოქაში ყველა შექსპირი იყო?! განა შთაგონება ფეხმოუცვლელად დგას მწერლის სამუშაო მაგიდასთან?! განა «სინამდვილის მეტისმეტი გაპროზაულება», როგორც ერთხელ უკვე ვთქვით, მკითხველის გაუცხოვებასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი ევოლუცია არ არის იმავე სინამდვილისა?! თქვენ, რასაკვირველია, ფაქტს აღნიშნავთ, ფაქტი კი ჯიუტია, მაგრამ თუკი ისტორიული მაგალითებით ვიმსჯელებთ შექმნილ
სიტუაციაზე, აღნიშნული ფაქტი მომაკვდინებელი არ უნდა იყოს ჭეშმარიტი ლიტერატურისთვის. დროის ქურაში ხომ სწორედ შემთხვევითი და ყალბი იფერფლება! მარგალიტს თუ
ფერი შეეცვალა, მამალს ჩააყლაპებენ და მამლის კუჭ-ნაწლავში გამოვლილი, პირველყოფილ
ბრწყინვალებას იბრუნებს. ეს, შეიძლება, არაპოეტური შედარება იყოს, მაგრამ, ჩემი ღრმა
რწმენით, «ფერშეცვლილ» ლიტერატურასაც უნდა ახასიათებდეს მარადიული «გამობრწყინების» უნარი. ავტორების სიმრავლე კი, გარკვეული თვალსაზრისით, ლიტერატურისადმი, ანდა, თუ გნებავთ, ლიტერატურული ცხოვრებისადმი გაზრდილი ინტერესის გამოხატულებაცაა და თუ არ აჩქარებს, არც აფერხებს «კიდევ ერთი რუსთაველის» დაბადებას. მაგრამ, რაღა
თქმა უნდა, მისი დამსახურებაცაა, დღითიდღე რომ ძნელდება ავისა და კარგის გარჩევა,
თუნდაც იმიტომ, დღეს გამოსული ყველა წიგნი, რეცენზენტებისა არ იყოს, მათ ავტორებსაც
ქართული ლიტერატურის შენაძენად რომ მიაჩნიათ. კრიტიკისგან ყველას თავისი ადგილი
რომ ჰქონდეს მითითებული, ეს მოვლენა, თავისთავად ცხადია, ნაკლებად შემაშფოთებელი
იქნებოდა. განურჩევლობა აბნევს მკითხველს; დაბნეულობა, როგორც მოგეხსენებათ, გულგრილობის საფუძველია; გულგრილობა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ზოგადად ლიტერატურისადმი აგდებული, ცინიკური დამოკიდებულების დამკვიდრებას (დამერწმუნეთ, ძალიან
მიჭირს ამაზე ლაპარაკი მე-20 საუკუნის მიწურულს), აგდებული, ცინიკური დამოკიდებულება კი ერის სულიერი და გონებრივი ცხოვრებისთვის მომაკვდინებელი სენია – აქედან
იწყება ადამიანის დაბრუნება გამოქვაბულის წყვდიადში, ინსტინქტების სამეფოში, რაც
ჩვენს მკითხველს, დიახაც რომ, არ ეკადრება – რუსთაველის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის დიდებული აჩრდილები არ მისცემენ ამის
ნებას – ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიყვანონ აქამდე არც იმ ავტორებმა, რომელთა ერთფეროვანი, ცარიელი და, ამიტომაც, არაფრის მთქმელი წიგნები ლოთის სიჯიუტით, მიიწევენ წიგნის მაღაზიის დახლებისკენ, და არც იმ რედაქტორებმა, გამომცემლებმა
თუ კრიტიკოსებმა, რომელთა შეგნებული თუ შეუგნებელი მონაწილეობითაც გამოდიან ეს
წიგნები სამზეოზე. რა თქმა უნდა, ალბათ სხვა, უფრო ძნელად შესამჩნევი და ძნელად დასაჯერებელი მიზეზიც ბევრი არსებობს, რომელთა გარკვევა ასე ჰაიჰარად ძნელია, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, «ფაქტი ჯიუტია» და საქმეს მიხედვა სჭირდება. «მეტი სინათლეო» – კი
ვიმეორებთ ხშირად გოეთეს უკანასკნელ სიტყვებს, მაგრამ სინათლესაც დანახვა უნდა.
ყოველ შემთხვევაში, ზურგი არ უნდა შევაქციოთ, დარაბები უნდა გავუღოთ, ოთახშიც რომ
შემოვიდეს; კი ვუჩივით «პროფანული ლიტერატურული პროდუქციის კრიტიკულ ზრდას»,
მაგრამ არავითარ ღონეს არ ვხმარობთ ამ პროცესის შესაჩერებლად. პირიქით, უნებლიეთ
(ალბათ უნებლიეთ), ხელსაც ვუწყობთ ამგვარი პროდუქციის ხელოვნურად გამრავლებას.
სხვათა შორის, ხელოვნებისადმი და კერძოდ პოეზიისადმი მკითხველის «ერთგვარ გაცივებას», რაზედაც ზემოთ ვილაპარაკეთ, ჩემი აზრით, ბეჭდვის გაიოლებამაც შეუწყო ალბათ
ხელი. მაგრამ განა მართლა ასე უკიდურესობამდეა მისული ჩვენი მწერლობის საქმე, როგორც ჩვენი კითხვა-პასუხიდან შეიძლება მოეჩვენოს კაცს?! მე მგონი, იმედის მომცემიც ბევრი გაკეთდა და კეთდება დღესაც. შემთხვევითი არ უნდა იყოს ისიც, შესამჩნევად რომ გაიზარდა ამ ბოლო დროს ინტერესი ჩვენი ლიტერატურისა და საერთოდ ჩვენი კულტურული
ცხოვრების მიმართ როგორც საკავშირო, ისე მსოფლიო მასშტაბით. რამდენადაც მე ვიცი,
ბევრ ევროპულ ქვეყანას ჩვენი დღევანდელი ლიტერატურის ნიმუშები თავიანთთვის მიუღწეველ დონედ მიაჩნიათ. მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ, მწერლები, შორი
გზის მგზავრები ვართ და ეპიზოდური წარმატებებით თავის დამშვიდება არ გამოგვადგება.
«ჩვენ»-მეთქი, ამ შემთხვევაში, სხვების სახელითაც იმიტომ ვამბობ, ლიტერატურას კოლექტიური შრომის ნაყოფად რომ ვთვლი მაინც, მიუხედავად მისი ნებისმიერი წარმომადგენლის ხაზგასმული, უაღრესი ინდივიდუალობისა. ყველა მწერალი თავის განსაკუთრებულ
ყანას კი მკის, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა ერთ საქმეს ემსახურება, ამ «განსაკუთრებულ
ყანებში» მოყვანილი ხორბლით ერთი, საერთო პური ცხვება. უფრო სწორად, ცალკე, სიმარტოვეში მოწეული მოსავალიც საერთო, ეროვნული საკუთრებაა და ამით არის სწორედ მნიშვნელოვანიცა და განუმეორებელიც. თუნდაც ამიტომ ძალიან გამიჭირდება უკანასკნელ
წლებში შექმნილი ყველა, მეტნაკლებად საყურადღებო ნაწარმოების ჩამოთვლა. ჩვენი შრომა
კატორღულ შრომასავით მძიმე კია, მაგრამ რაკი ჩვენ თვითონვე ავირჩიეთ, თავჩაღუნულებმა, პირში წყალჩაგუბებულებმა უნდა ვიშრომოთ ბოლომდე, არც ქებას ავყვეთ, არც ლანძღვას
და ჩვეულებრივი მშრომელივით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ოფლით მოვიპოვოთ პური ჩვენი არსობისა.
აქედან გამომდინარე, და მიუხედავად მოჩვენებითი, თითქოს გარდაუვალი შეხლა-შემოხლებისა, არ შეიძლება არ არსებობდეს სრული თანხმობა, «წმინდა სულიერი კავშირი» ლიტერატურულ თაობათა შორის (თუკი, რა თქმა უნდა, ჯანმრთელები არიან ისინი), არ შეიძლება, არ აინტერესებდეთ სხვადასხვა თაობის მწერლებს ერთმანეთის «სულში» ჩახედვა ცალი
თვალით მაინც, რადგან არ არსებობს მწერალი, განურჩევლად ასაკისა და რანგისა, რამეს არ
იღებდეს მეორე მწერლისგან, რასაკვირველია, გაცემულის სანაცვლოდ. ჩვენ ერთმანეთს
ვზრდით, ერთმანეთის «წამხედურობით» ვიზრდებით, როგორც ერთი დედ-მამის შვილები.
კი განვსხვავდებით ერთმანეთისგან სიმაღლითა თუ თვალის ფერით, მაგრამ ერთ დღესაც
ვერ გავძლებთ უერთმანეთოდ. ასევე აუცილებელია ჩვენთვის საკუთარი კრიტიკის არსებობაც, მისი დგომა ჩვენს გვერდით, მისი ფიზიკურად აღქმა და შეგრძნება – კრიტიკოსობა
მწერლობის ქომაგობას ნიშნავს და არა მწერლობის წინააღმდეგ გამართულ ლაშქრობებს. თუ
ლიტერატურას საკუთარი, მისი ჭირ-ვარამის მოზიარე კრიტიკა არ გააჩნია, უბორბლებო ეტლივითაა და ვერასოდეს, ანდა საბედისწერო დაგვიანებით თუღა მიაღწევს საბოლოო სადგურამდე – მკითხველის გულამდე. მწერლისა და კრიტიკოსის ძარღვებში ხომ ერთი და იგივე სისხლი დგას და ერთის პირუთვნელობა, პრინციპულობა, მეორის ნაყოფიერების საწინდარია, ანუ მხოლოდ მაშინ მყარდება მათ შორის სრული (სასურველი) ჰარმონია, როცა კრიტიკოსი დამსახურებულად აქებს მწერალს და ასევე დამსახურებულად აძლევს შენიშვნას.
ერთსაც და მეორესაც (კომპლიმენტსაც და შენიშვნასაც) მარტო სიკეთის მოტანა შეუძლია
მწერლისთვის და მწერლობისთვის, თუკი, ვიმეორებ, ორივე დამსახურებულია. ამიტომ რო-
მელიმე მათგანისთვის უპირატესობის მინიჭება პირადად მწერლისგან გაცილებით ძნელია,
ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ამავე დროს, ერთიცა და მეორეც, როგორც
უკვე ვთქვით, აუცილებელი პირობაა კრიტიკოსსა და მწერალს შორის სავალდებულო ურთიერთობის დასამყარებლად და ისეთივე ზემოქმედების უნარი გააჩნია ორივეს, როგორიც –
ფულს, ჯილდოსა თუ წოდებას, რის გამოც, მათი გაყალბებაც დასაშვებია და მათი ბოროტად
გამოყენებაც შეიძლება, თანაც არამარტო რომელიმე კონკრეტული მწერლის (აკი ვთქვით,
მწერალი ჩვეულებრივი ადამიანიცააო!), არამედ – საერთოდ მწერლობის მიმართ: თუკი დაუმსახურებელი კომპლიმენტი (ნაცვლად დამსახურებული შენიშვნისა) მხოლოდ რომელიმე
კონკრეტულ მწერალს აკნინებს და აბითურებს, დაუმსახურებელი შენიშვნა (ნაცვლად დამსახურებული კომპლიმენტისა) ზოგადად მწერლობის პრესტიჟს აყენებს ჩრდილს.
მწერლობის პირველი მცნება სხვათა სამსახურია. ხოლო სხვათა სამსახური რომ შეძლო,
ბევრ რამეზე უნდა უთხრა უარი საკუთარ თავს. სხვანაირად არაფერი გამოვა. მაგრამ ეს როდი ნიშნავს, მწერალმა შეგნებულად ჩაიგდოს თავი სიღატაკეში, შეგნებულად აარიდოს თვალი ამქვეყნიურ სიამოვნებებს. ნურას უკაცრავად! მწერალს ისევე სჭირდება ყველაფერი ამქვეყნიური, როგორც სხვა ნებისმიერ ადამიანს. მაგრამ ასეთი შეკითხვა და, სხვათა შორის,
ბევრი სხვაც, მწერლის ფენომენთან თითქოს ძნელად მისასადაგებელი, ალბათ იმიტომ დაგებადათ საერთოდ – და ამისთვის თავიდანვე, საუბრის დაწყებამდე უნდა მიგვექცია სათანადო ყურადღება – მკვეთრად, კატეგორიულად რომ არ გაგიმიჯნავთ ერთმანეთისგან ნამდვილი და თვითმარქვია მწერალი, ანუ, მწერლად დაბადებული და, გარკვეული
მოსაზრებებისა თუ მიზნების გამო, მწერლობას გამოკიდებული კაცი. ეს კი დიდი დანაშაულია ყველასთვის, ჩვენი ჩათვლით, ვისაც მწერლობისა და ლიტერატურის თაობაზე თავისი
აზრის გამოთქმა უხდება და ერთი საზომით კი ზომავს ყველას, ანუ მწერლად მიიჩნევს ყველას, ვისაც მწერალთა კავშირის წიგნაკი უდევს ჯიბეში (ანდა იმ წიგნაკის ხელში ჩასაგდებად «იღვწის» მხოლოდ). პირადად მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩავთვლი მწერლად, დავუშვათ, ისეთ ადამიანს, რომელიც, როგორც თქვენ ბრძანეთ, თურმე, «საიუბილეო დღეებში
თვითონვე უწევს ორგანიზებას რეცენზიებსა და წერილებს საკუთარი შემოქმედების შესახებ». ამიტომ, არც ის მაინტერესებს, თუ «რა მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ასეთ რეცენზიებს თვით ამ ავტორისთვის». ჯანდაბამდის გზა ჰქონია! რა ჩემი საქმეა! მაგრამ თუკი მართლა
ხდება მსგავსი რამ (რასაკვირველია, ხდება!), იმიტომ ხდება, განურჩევლობა რომ გავაბატონეთ ყველგან და თითზე ჩამოსათვლელ რამდენიმე მწერალს, რაც სავსებით საკმარისია ნებისმიერი ნორმალური კულტურული ქვეყნისთვის, მწერლის სახელზე მონადირეთა არმია
დავუპირისპირეთ. ხოლო რაკი დავუპირისპირეთ, კეთილი უნდა ვინებოთ და შევინახოთ
კიდეც ეს არმია, ისევ და ისევ იმ თითზე ჩამოსათვლელი რამდენიმე მწერლის ხარჯზე.
მწერლის სახელის მაძიებელი, რასაკვირველია, მწერალი არ არის, მაგრამ ისეთივე ადამიანია, როგორიც ყველა ჩვენგანი და, თუნდაც ამიტომ, არაფერი ადამიანური არ ეუცხოვება –
არც კარიერა, არც მომხვეჭელობა, არც დემაგოგია, არც სიხარბე, არც დაუნდობლობა... კიდევ
უარესი, ხომალდის თაგვისა არ იყოს, პირველი ის რეაგირებს ამინდის ნებისმიერ მონაცვლეობაზე და პირველი იღებს სათანადო ზომებს, ცხოვრების ზედაპირზე რომ აღმოჩნდეს ისევ
ავდრის გადავლის შემდეგაც. მას უაღრესად გამძაფრებული აქვს თავდაცვის ინსტინქტები
და მასთან ბრძოლა, განსაკუთრებით თითზე ჩამოსათვლელი მწერლებისთვის, მეტი რომ არ
ვთქვათ, სახიფათოა. ამის მაგალითები მრავლად მოიპოვება მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის ნებისმიერ ეპოქაში და, თავისთავად ცხადია, არც ჩვენი ეპოქაა გამონაკლისი. ამიტომ, მე მგონი, უფრო სამართლიანი იქნება, თუკი ლიტერატურაზე ლაპარაკის დროს მაინც
გამოვაცალკევებთ მათგან ნამდვილ მწერლებს, რაც მხოლოდ მოგვეხმარება ვითარების გარ-
კვევაში, ზოგადად მწერლობის მაგინებელს კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდება. მართალია, ზოგადად მწერლობის გინება ძირითადად მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი აპარატის გინებას გულისხმობს, მაგრამ მწერალთა კავშირის ხელმძღვანელი აპარატის გაიგივება არ შეიძლება ქართულ მწერლობასთან – ეს ორი სხვადასხვა ცნებაა. ფაშისტური გერმანიის დაპყრობითი პოლიტიკა, ცინიკურად, სხვათა შორის, იმასაც ითვალისწინებდა, ხელოვნურად გარყვნილ ხალხებში, შემთხვევით, შეუბღალავად გადარჩენილ ერთეულებს უკვე თავისიანები
რომ მოუღებდნენ ბოლოს. ხოდა, რაკი ანგარიშსწორების ამგვარი მეთოდი უკვე შეუქმნია
ადამიანის გონებას, ჩვენც მეტი სიფრთხილე, მეტი წინდახედულება გვმართებს, უნებლიეთ
იგივე რომ არ ჩავიდინოთ, ანუ შეუბღალავად გადარჩენილიც არ ჩავითრიოთ უზნეობის საერთო ჭაობში.
როგორც ხედავთ, ყველანაირად ვცდილობ, განვაზოგადო ყველაფერი, რასაც თქვენ შეგნებულად აკონკრეტებთ თქვენს შეკითხვებში. მაგრამ ასე იმიტომ ვიქცევი, საკუთარ თავზე
ლაპარაკი, ნამდვილად, ყოველგვარი «ბოროტი» განზრახვის გარეშე, ძალიან რომ მიძნელდება (საბოლოო ანგარიშში, ამით ისევ მარტო მე ვზარალდები ალბათ, რამდენადაც თვითრეკლამას, როგორც ცხოვრება გვიჩვენებს, დიდი გასავალი აქვს ჩვენში). საკუთარ თავზე ლაპარაკისას არავინ არ არის გულწრფელი და არც შეიძლება იყოს, რადგან, გაცნობიერებულად
თუ გაუცნობიერებლად, ყველა ადამიანი ერთნაირად ცდილობს უკეთესი გამოჩნდეს სხვათა
თვალში. ეს მისი დამსახურება კი არ არის, ეს მისი თვისებაა და საკმაოდ მძლავრად განვითარებულიც. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა (გარდა პათოლოგიურისა), ვინმეს გუნებაში ენატროს, ნეტავი უარესი ვიყო, ვიდრე ვარო. ადამიანი ცუდსაც იმიტომ ბაძავს, კარგი რომ ჰგონია, რასაკვირველია, მისივე მიუხვედრელობისა და მოუმზადებლობის გამო. გარდა ამისა,
დარწმუნებული ვარ, ჩვენი საუბრიდან ყველაზე ნაკლებად საინტერესო სწორედ ის იქნება,
რაც მე შემეხება პირადად. მართლაც, რატომ უნდა იყოს საინტერესო მკითხველისთვის, თუ
რა რეაქციას იწვევს ჩემში, ვთქვათ, კრიტიკოსის არაგულწრფელობა რომელიმე ჩემი ნაწარმოების შეფასებისას?! ისიც არ მესმის, თუ რატომ უნდა იყოს ჩემი რეაქცია, ამ შემთხვევაში,
განსაკუთრებული! აი, მარტო მე რომ მაღიზიანებდეს ის, რაც საერთოდ ყველას ახარებს, კიდევ გამართლებული იქნებოდა საკუთარ განცდებსა და შეგრძნებებზე ლაპარაკი. მე კი, რამდენადაც ვიცი, უაღრესად ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და, საბედნიეროდ (ჩემდა საბედნიეროდ), ნებისმიერი მოვლენის მიმართ ბუნებრივი რეაქცია მახასიათებს, თუმცა, არაგულწრფელი, ანგარებიანი კრიტიკის ობიექტიც ვყოფილვარ, თანაც ბევრჯერ (ერთხელ აბსტრაქციონისტობაც კი დამწამეს) და შეგნებული იგნორირების სიმწარეც მიგემია. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა, არც უანგარო, უმწიკვლო ყურადღება მომკლებია მკითხველისგან. ჩემი მკითხველი, თავისთავად ცხადია, უპირველეს ყოვლისა, ქართველი მკითხველია, მას
ეკუთვნის ყველაფერი, თუკი მისი ღირსი რამე შემიქმნია, მაგრამ მწერლისთვის არც უცხო
მკითხველის აზრია მეორეხარისხოვანი, თუნდაც იმიტომ, მისი მეშვეობით რომ შეუძლია შეიტყოს მხოლოდ, თუ რამდენად საჭიროა საერთოდ, რასაც ის მშობლიურ ენაზე ქმნის. ამიტომ მწერლის სხვა ენებზე თარგმნაც აუცილებელ პირობად მიმაჩნია ლიტერატურის განვითარებისთვის და ძალიანაც მაინტერესებს ეს საკითხი. თუმცა, როგორც თქვენ ამბობთ, არა
მგონია, მწერლის «ინიციატივა» აჩქარებდეს მისი ნაწარმოებების თარგმნის პროცესს. ამ საქმეში მწერალი «პატარა კაცია», ამ შემთხვევაში გამომცემლის ინტერესია მთავარი და არა
მწერლისა, მაგრამ ასეთ «ცხოვრებისეულ წვრილმანებზე» ლაპარაკი მე მაინც მომავლის საქმედ მიმაჩნია, თუკი, რასაკვირველია, მომავალშიც საინტერესო იქნება ვიღაცისთვის, რასაც
დღეს ვაკეთებთ. ამიტომ, თუკი თქვენც დამეთანხმებით, სჯობს ისევ ჩვენს ლიტერატურულ
ახალგაზრდობაზე ვილაპარაკოთ, ოღონდ უფრო მათ გასაგონად, ვიდრე – მათ შესახებ.
ახალგაზრდობაზე ილაპარაკებ თუ ახალგაზრდობასთან – ერთნაირად ძნელია, ერთნაირად სახიფათოცაა, რადგან ისეთ ფენომენთან გაქვს საქმე, ვერავითარ ჩარჩოს რომ ვერ ეგუება, განუწყვეტლივ, თვალსა და ხელს შუა იზრდება, იცვლება და ცვლილებათა ყველა ახალ
საფეხურზე სწორედ საკუთარ თავსა ჰგავს ყველაზე ნაკლებად. მაგრამ ერთი მაინც უნდა ითქვას: ჩემი აზრით, ჩვენს ლიტერატურულ ახალგაზრდობას, ჯერჯერობით, ის აკლია, რაც ნებისმიერ ლიტერატურულ თაობას აკლდა თავის დროზე, ახალგაზრდობის პერიოდში – მყარი, მტკიცე პოზიცია! ისინი, ჯერჯერობით, არც კითხვებს სვამენ, არც პასუხობენ კითხვებზე.
ჩვენც იმედი უნდა ვიქონიოთ, ეს ის «გარდამავალი ასაკია», წინ რომ უსწრებს ნებისმიერი სერიოზული ცხოვრების დაწყებას. ასე რომ, ჯერჯერობით, «მოსამზადებელი სამუშაოებით»
უნდა იყვნენ ისინი დაკავებულნი – იმ ტერიტორიის გასუფთავებით, რომელზედაც მათი
მომავალი შემოქმედება უნდა ამოიზარდოს. ამასთანავე, პარალელურად, უფრო ღრმად, უფრო დაკვირვებით უნდა სწავლობდნენ და აანალიზებდნენ წინა თაობათა ლიტერატურულ
მემკვიდრეობას, რათა დიდი გზის დასაწყისშივე იცოდნენ, რა გამოადგებათ, რას დაიტოვებენ იქიდან და რას მოიშორებენ ზედმეტი ტვირთივით. ჩვენი ლიტერატურული ახალგაზრდობა, რა თქმა უნდა, ჩემი დაკვირვებით, ამჟამად იმ გასაღების ძებნითაა გართული, რომელიც დიდი ხანია მორგებული აქვს კარს და გადატრიალებაღა აკლია, ახალი, დღემდე არარსებული სამყარო რომ გაიხსნას ჩვენ წინ. ვინ გადაატრიალებს გასაღებს, სულერთია, რამდენადაც ამ საპატიო მოვალეობის აღსრულება მაინც მთელი თაობის დამსახურებად ჩაითვლება (ასეთია «პირველაღმომჩენთა» ხვედრი ლიტერატურაში). ყველა თავისთვის კი არ აღებს
იქამდე არარსებული ქვეყნის კარს, არამედ – ყველა ყველასთვის! მაგრამ ეს არ არის მთავარი.
მთავარია, თავიდანვე არ აგვიცრუვდეს გული მოყვასზე, რომლის ერთადერთ ქომაგადაც მაინცდამაინც ჩვენ მოგვავლინა ღმერთმა ქვეყანაზე. ჩვენ ადამიანის სიგლახის, სიმდაბლისა
თუ გარყვნილების ერთხელ კიდევ აღმოჩენა კი არ გვევალება, არამედ – კიდევ ერთი თანაგრძნობის გამოცხადება ადამიანისთვის. ის ხომ ლამის ფეხმოუცვლელად დგას აუხდენელი
ოცნებებისა და განუხორციელებელი მიზნების კუბოსთან. ასე რომ, დიდი «ომები» აქვს გადასატანი ჩვენს ლიტერატურულ ახალგაზრდობას და ღმერთმა წარმატებით გადაატანინოს გადასატანი. თუმცა ჩვენ ყველანი ერთად ვიქნებით იმ ომებშიც, ყველანი, ცურტაველიდან მოყოლებული ყველაზე უასაკო თანამოკალმემდე – მემკვიდრეობა მწერლობაშიც თაობიდან
თაობაზე გადადის, მაგრამ მწერლები სიკვდილის მერეც აგრძელებენ ბრძოლას. ამიტომ ნურასოდეს ნუ ავარიდებთ სიმახინჯეს თვალს, ნუ შევიზიზღებთ ცხოვრებისეული ჭუჭყის აშმორებულ წუმპეებს – ჩვენთვის ყველაფერი ცოდნის წყაროა. ბიბლიოთეკებში გაზრდილ
ექიმს ყოველთვის ის ექიმი აჯობებს, რომელიც, ჯერ კიდევ სტუდენტობისას, მარტო, უამხანაგოდ იპარებოდა საცხედრეში და ჯიბის ფარნის შუქზე სწავლობდა სუნდაკრული გვამის
აგებულებას. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი, კარგიც და ცუდიც, რისი მოცემაც
ცხოვრებას შეუძლია, საკუთარ თავზე უნდა ვიწვნიოთ და, რაც მთავარია, არამარტო საკუთარის, არამედ სხვისი ცრემლის გემოც უნდა ვიცოდეთ. როგორც სხვათა მაგივრად არ გავჩენილვართ ჩვენ, ისევე სხვა არავინ მოკვდება ჩვენს მაგივრად.
1988
თავისუფლების სიმბოლო
ადამიანს ყოველთვის უჭირდა მიწაზე ცხოვრება და ყოველთვის გაურბოდა თვალი ცისკენ.
ჯერ კიდევ უხსოვარ დროს, თავისი არსებობის გარიჟრაჟზე შექმნა მან იმედის, რწმენისა თუ
ოცნების სიმბოლოები, რადგან უიმათოდ უარესად გაუჭირდებოდა ალბათ ცხოვრება, მით
უფრო კი ადამიანობის შენარჩუნება და, ძლივს სამზეოზე გამოსული, ისევ გამოქვაბულის
წყვდიადს დაუბრუნდებოდა, ახლა უკვე სამუდამოდ. თუ მკრეხელობად არ ჩამეთვლება, შეიძლებოდა, ეს დიდებული სიმბოლოები კაცობრიობისთვის გონივრულად შერჩეულ სათამაშოებად წარმოგვედგინა, რამდენადაც გონივრულად შერჩეული სათამაშო არამარტო ართობს
«ბავშვს» – ზრდის კიდეც; მისი მეშვეობით «ბავშვი» არამარტო ითვისებს გარესამყაროს, არამედ კავშირსაც ამყარებს მასთან. ეს კი უაღრესად საჭირო კავშირია, აუცილებელიც, რამდენადაც, ცალ-ცალკე, ორივეს არსებობა, როგორც სამყაროსი, ისევე «ბავშვისა», უმნიშვნელოცაა
და უინტერესოც. უფრო სწორად, მათ შეკავშირებამდე სიცოცხლე ვერ გარდაიქმნება ცხოვრებად, ანუ ბიოლოგიური ყოფა ვერ იქცევა თავგადასავლად, მითად, ლეგენდად... ანუ განუწყვეტელ სწრაფვად რაღაცისკენ და განუწყვეტელ ოცნებად რაღაცაზე.
კაცობრიობის მარადიული სიმბოლოებიდან, ჩემი აზრით, უპირატესობას მაინც
დედალოსი – თავისუფლების სიმბოლო – იმსახურებს. ის უფრო ახლობელია ჩვენთვის, უფრო ჩვენკენაა და სწორედ თავისი უაღრესად ადამიანური ბიოგრაფიის გამო. რაც მთავარია,
დედალოსი იმის დაჟინებული შეხსენებაა, თავისუფლების სიყვარული და მონობის სიძულვილი შეუძლებელს რომ შეაძლებინებს ადამიანს, ჩვეულებრივ ადამიანს, როგორიც თვითონაა, მიუხედავად მართლაც რომ ღვთაებრივი ნიჭიერებისა. ყველაფერი, რაც კი ადამიანურია,
არათუ მისაღები, დამახასიათებელიცაა მისთვის. უფრო მეტიც, ადამიანური ვნებების გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია როგორც მისი მიწიერი, ისევე მითოლოგიური ცხოვრება.
მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური ვნებების წყალობით მაღლდება იგი ზოგადსაკაცობრიო
და, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოა ჩვენთვის, ყველაზე პოეტურ სიმბოლომდე. რაკი ჩვეულებრივი ადამიანია, არც პატივმოყვარეობაა მისთვის უცხო, არც შურიანობა, არც მშიშრობა
და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მოყვასის მკვლელობა. დიახ, დედალოსს შეუძლია საკუთარი
დისშვილიც მოკლას, თუკი ის (დისშვილი) გარკვეულ დაბრკოლებად გადაეღობება დიდებისკენ, უკვდავებისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა ისიც ახლავე უნდა ითქვას, რომ ცხოვრებისგან განსხვავებით, მითოლოგიაში «დაბრკოლება» ძირითადად სრულიად საწინააღმდეგო
ფუნქციას ასრულებს, უფრო ბიძგის მიმცემია, ვიდრე შემფერხებელი და ეს რომ ასეა, ამას
თუნდაც იმავე დედალოსის მაგალითი ადასტურებს. დედალოსი ჩვენთვის მაშინ დაიბადა,
როცა დისშვილს ხელი ჰკრა და კლდიდან გადაჩეხა. ესაა მისი პირველი «დამსახურება», რითაც საფუძველი ჩაუყარა საკუთარი ფენომენის შექმნას. მაგრამ რაც მითში ადვილად ითქმის, ცხოვრებაში ძნელი შესასრულებელია. რამდენისთვის უჯობნიათ, რამდენს გასჩენია
შურის მტანჯველი გრძნობა, მაგრამ ყველას როდი მოუკლავს თავისი მჯობნი თუ შურის
აღმძვრელი. ნებისმიერი მკვლელობა განსაკუთრებული შემთხვევაა, მით უფრო – სახელოვანი ადამიანის მიერ ჩადენილი, მაგრამ მითის შემქმნელებისთვის ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს – მათ, კაცობრიობის სასარგებლოდ, მაინცდამაინც დამნაშავე დედალოსი
სჭირდებათ, რომელიც იძულებულია ათენიდან გადაიხვეწოს, საკუთარი ფეხით ეახლოს მინოსს – ტირანიის, სიმახინჯისა და სისასტიკის სიმბოლოს – ვისგანაც მხოლოდ და მხოლოდ
გაფრენით თუ დააღწევს თავს. ასე რომ, სრულებითაც არ არის გასაკვირი, არავითარი ყურადღება რომ არ ექცევა დედალოსის სულიერ განცდებს, არც მკვლელობამდე და არც მკვლელობის შემდეგ. იქ მხოლოდ მკვლელობის მოტივია ხაზგასმული (დისშვილმა აჯობაო) და
მკვლელობის სახეობა (ხელი ჰკრა და გადაჩეხაო). მაგრამ სინამდვილეში (თუკი ყველა მითს
სინამდვილის მარცვალი უდევს საფუძვლად), რასაკვირველია, მთლად ასე «მარტივად» არ
იქნებოდა საქმე. როგორც უკვე ვთქვით, დედალოსი ჩვეულებრივი ადამიანი კია, მაგრამ ის
პიროვნება არ არის (ქანდაკების გაცოცხლებაზე ოცნებობს), საკუთარი დისშვილის წარმატება შეშურდეს და, რაც კიდევ უფრო ძნელი წარმოსადგენია, სასიკვდილოდ გაიმეტოს საკუთარი სისხლი და ხორცი – ტალოსი ხომ იგივე იკაროსია, უფრო სწორად, რაც ტალოსია, იკაროსიც ის არის – ყმაწვილური უმეცრების, ყმაწვილური სითამამისა და სულსწრაფობის
თვალნათელი გამოხატულება, რაც უაღრესად მძაფრ, უაღრესად დრამატულ დატვირთვას
იძენს ცხოვრებისგან უკვე გამობრძმედილ, უკვე დაბრძენებულ ადამიანთან ურთიერთობისას. დედალოსი მითის დასაწყისშივე უკვე საქვეყნოდ განთქმული მოქანდაკეა, რომლის
ქმნილებებიც ცოცხლებივით დადიან და მეტყველებენ. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სიყმაწვილე ორივე შემთხვევაში, ანუ როგორც ტალოსის, ისევე იკაროსის სახით, იღუპება, როცა
სიბრძნე და სიჭარმაგე არათუ ინარჩუნებს სიცოცხლეს, კიდევ უფრო იწრთობა, კიდევ უფრო
მტკიცდება და ბოლოს ნებისმიერი წინააღმდეგობის დაძლევისა და გადალახვის უნარიც
შესწევს – შეუძლია გაფრინდეს კიდეც.
ტალოსი (იგივე იკაროსი), თუნდაც ასაკობრივად, დედალოსის საპირისპირო მოვლენა, საპირისპირო ვნება, მიზანი, აზრი და მისწრაფებაა. კაცობრიობის საძირკველში კი სწორედ ეს
ორი, ერთმანეთის საწინააღმდეგო ვნება, მიზანი, აზრი და მისწრაფებაა ჩატანებული და, რაც
უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, მხოლოდ მათი დაპირისპირება აწონასწორებს მის მარადიულობას. საკმარისია ისინი შეთანხმდნენ და ყველაფერი დაიღუპება. ამიტომ არასოდეს არ უნდა შეთანხმდნენ და ვერც შეთანხმდებიან, რადგან ცალ-ცალკე ორივე მართალია, ორივე ჭეშმარიტებას იცავს, ოღონდ ერთი (უმცროსი) – თავისას, მეორე კი (უფროსი) – საყოველთაოს.
ასეა დასაბამიდან. ყველა შემაღლებულ ადგილზე, ათენის აკროპოლისი იქნება თუ იერუსალიმის ტაძრის გუმბათი, ეს ორი ერთმანეთის საპირისპირო სული დგას, მაგრამ გააჩნია, ზებუნებრივი არსებები არიან ისინი, როგორც ქრისტე და ეშმაკი, თუ ჩვეულებრივი მოკვდავები, როგორც ტალოსი და დედალოსი. მეორე მოკამათე წყვილი, რომელიც ისევ ტალოსმა და
დედალოსმა გაგვახსენა, რასაკვირველია, აზრობრივი განვითარების უფრო მაღალი საფეხურია – ისინი ერთმანეთს ხელს არ ჰკრავენ, რადგან შეგნებული აქვთ ერთმანეთის აუცილებლობა. უფრო სწორად, მარადიულობა აერთიანებს მათ და არა ცხოვრება. თუ არ იქნება ეშმაკი, არ იქნება ქრისტეც, ანდა, პირიქით, თუ არ იქნება ქრისტე, არ იქნება ეშმაკიც, რადგან კამათისთვის და დაპირისპირებისთვის, ანუ თანხმობისთვის და წონასწორობისთვის ორივე
უნდა იყოს. მართალია, «ხელის კვრის» იდეა იქაც არსებობს, მაგრამ ეშმაკისა და ქრისტეს დაპირისპირება იგივე თანაარსებობაა, მათი კამათი საკუთარ თავთან ლაპარაკსა ჰგავს, რადგან
ისინი წინასწარ არიან შეგუებულნი ერთმანეთის არსებობას და ეს შეგუება სამყაროს დაცვის,
სამყაროს მარადიულობის შეგნებითაა გამოწვეული. ეშმაკმა სიტყვით გამოსცადა მეტოქე და,
მის ღირსებებში დარწმუნებული, მეტი პატივისცემით განიმსჭვალა საკუთარი თავისადმი.
ხოლო დედალოსი და ტალოსი ჩვეულებრივი მოკვდავები არიან და ამიტომ, მითის შემქმნელთა აზრით, კამათისთვის არ სცალიათ, მათ თავიანთი მიწიერი ცხოვრება აქვთ მოსაგვარებელი, მიწაზე უნდა დამკვიდრდნენ ჯერ და თუმცა მათი სამკვიდრო ათენის აკროპო-
ლისიდან საკმაოდ ვრცელი ჩანს, მაინც ვერასოდეს გაიყოფენ მას უსისხლოდ და უმტკივნეულოდ – სადაც არ უნდა წავიდეს რომელიმე მათგანი, მაინც მეორის საკუთრებაში შეიჭრება,
თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, უკვე რომ არსებობს და, რაც მთავარია, მეორემაც იცის
მისი არსებობის შესახებ. თუკი ქრისტესა და ეშმაკის კამათში პირადული გამორიცხულია,
მათი წინაპრების, ტალოსისა და დედალოსის კამათი მხოლოდ პირადულითაა შთაგონებული. დიდი მხატვარი ვერ ურიგდება მეორე მხატვრის, თანაც საკუთარი დისშვილის წარმატებას, იმიტომ რომ ადამიანია, ხოლო რაკი ადამიანია, მასთან ერთად მთაზე განმარტოება
სახიფათოა. სიმაღლე ადამიანს თავბრუს ახვევს, განსჯის უნარს უკარგავს, ილუზიებით უვსებს სულსა და გონებას, მარადიულს წამიერად, ხოლო წამიერს მარადიულად მოაჩვენებს,
რის შედეგადაც ჭეშმარიტება კი არა, კიდევ ერთი დასახიჩრებული გვამი იბადება მხოლოდ,
კიდევ ერთი უაზრო მსხვერპლი, კიდევ ერთი უნებლიე ბოროტმოქმედი.
მითი გვარწმუნებს, დედალოსს ადამიანური შური ტანჯავდა და იმიტომ ჰკრა ხელი (ალბათ გაოცებისგან პირდაღებულ) დისწულსო. ვინ იცის, ეგონა, მეტოქესთან ერთად მტანჯველ გრძნობასაც მოიშორებდა, მაგრამ სინამდვილეში, ამ გრძნობის მარადიულობა დაამტკიცა მხოლოდ, ანუ სხვებისთვის (ჩვენთვის) განაზოგადა ის, რასაც კონკრეტულად შეეწირა
თავად, არამარტო როგორც ადამიანი, არამედ როგორც შემოქმედიც, რადგან მისი მოწინააღმდეგე, საპირისპირო ვნება, აზრი და მისწრაფება, რომლის არსებობაც უკვე თავისთავად განაპირობებდა მისი, როგორც ხელოვანის არსებობას, სადღაც ქვევით, სისხლით გადაწითლებულ ლოდებზე ეგდო ხევში და უკვე ყველაფერი სულერთი იყო იმისთვის, მიწიერი ცხოვრებაც და მითოლოგიური უკვდავებაც.
ისე, კაცმა რომ თქვას, ადამიანი სწორედ თავისი სისუსტეებითაა საინტერესო. უფრო მეტიც, სისუსტეებითაა ძლიერი, ყოვლისშემძლე, ყოვლის ამტანი. შეიძლება ითქვას, ადამიანის ჭეშმარიტ სახეს მისივე სისუსტეები განაპირობებს. ადამიანი სუსტი რომ არ იყოს, არც
გაფრენის სურვილი გაუჩნდებოდა ალბათ. აბა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, ტალოსი რომ არ მოეკლა დედალოსს. არაფერიც არ მოხდებოდა. ყოველ შემთხვევაში,
ჩვენ ვერაფერს გავიგებდით – იკამათებდნენ, იჩხუბებდნენ, დაიქანცებოდნენ ერთმანეთის
განქიქებით და ისევ თავ-თავიანთ სახელოსნოებს დაუბრუნდებოდნენ. გაცოფებული
დედალოსი ყველაზე მსუქან ფუნჯს ყველაზე კაშკაშა საღებავში ამოუსვამდა და დიდი, აცაბაცა ასოებით დაჯღაბნიდა კედელზე: ჩემი დისწული უნიჭო მხატვარი და ნიჭიერი დემაგოგიაო. რასაკვირველია, არც ტალოსი ჩამორჩებოდა ბიძას და ის უფრო დიდი ასოებით დაწერდა: ბიძაჩემი დესპოტია, გასაქანს არ მაძლევს ცხოვრებაშიო. მერე ალბათ ხალხამდეც მიაღწევდა ბიძა-დისწულის სათაკილო პაექრობის ამბავი და ისიც (ხალხი), როგორც სჩვევია, თავისი სტიქიური, დაუკონკრეტებელი სიკეთის გამო უმალ უმცროსს მიემხრობოდა, ვიდრე
ღირსეულს. დედალოსიც იძულებული შეიქნებოდა, ენაზე კბილი დაეჭირა, რადგან მაინც
ვერ განუმარტავდა ყველას, მით უფრო ხალხს, თვითონ გენიოსი რომ იყო, ტალოსი კი მხოლოდ და მხოლოდ გენიოსის დისწული. თუმცა რაკი აჯიბრებდნენ, ალბათ ისიც წარმოადგენდა რაღაცას, მაგრამ მართლა მჯობნი რომ ყოფილიყო დედალოსისა, მითის შემქმნელები
იძულებულნი გახდებოდნენ, სხვა კონფლიქტი მოეგონებინათ, რადგან მათი თვალსაზრისით (რაც მითოლოგიაში უაღრესად ტრადიციული ხერხია), ბიძა-დისწულის ურთიერთობას
გაუგებრობა უდევს საფუძვლად და ამითაა მომხიბლავი, თუ გნებავთ, დრამატულიც – ღირსეულს უღირსისა შურს, უფრო სწორად, სხვა ჰგონია ის, რაც თვითონაა. მოკლედ,
დედალოსს ტალოსი რომ არ მოეკლა, მოხდებოდა ის, რაც ყოველდღიურად ხდება ჩვენთანაც და სხვაგანაც და რაც უმალ ამაგრებს, ვიდრე არღვევს ჩვენს წარმოდგენას ქცევისა და
ზნეობის ნორმებზე. ეს მკვლელობა დედალოსს თავად «ღმერთებმა» შთააგონეს და ისევ და
ისევ კაცობრიობის სასიკეთოდ. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ტალოსის სიკვდილი, მაგრამ ეს
დანაკლისი, შესაძლებელ დანაკლისთან შედარებით, მაინც ადვილი ასატანია, მით უფრო
რომ უბედური ტალოსი აქამდე მილიონჯერ მოკვდებოდა თავისი სიკვდილით და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, უსახელოდ და უშედეგოდ. ტალოსი მითის შემქმნელებისგან თავიდანვე მსხვერპლად იყო გამიზნული – დიად, უდიადეს ჩანაფიქრს უნდა შესწირვოდა. ადამიანმა რამეს რომ მიაღწიოს, წინააღმდეგობა სჭირდება. როგორც უკვე ვთქვით, წინააღმდეგობა კი არ აფერხებს, კიდევ უფრო უბიძგებს ხოლმე მიზნისკენ, ძალასა და ენერგიას ჰმატებს
გზადაგზა, როგორც ისარს – ლარი, მხტომელს – ჭოკი, ცხენს – დეზი. სწორედ ლარის, ჭოკისა
და დეზის მაგივრობა უნდა გაეწია ტალოსს დედალოსისთვის. დედალოსს ტალოსი რომ არ
მოეკლა, არც კრეტაზე გასაქცევად გაუხდებოდა საქმე, ხოლო კრეტაზე თუ არ გაიქცეოდა,
არც მინოსს ჩაუვარდებოდა ხელში, ესე იგი, არც ლაბირინთში ამოყოფდა ბოლოს თავს და,
აქედან გამომდინარე, არც არასოდეს დაებადებოდა გაფრენის სურვილი. ეს სურვილი კი ყველა საჩუქარზე ძვირფასია კაცობრიობისთვის და უსასრულოდ აღემატება ყველაფერს, რისი
მოცემაც დედალოსს შეეძლო თავისი მხატვრობით, თანაც დისწულთან ერთად. დედალოსმა
თავისუფლება დაკარგა და ფრთები მოიპოვა, ანუ ჩვეულებრივი ბიძა და თუნდაც არაჩვეულებრივი მხატვარი, ერთ-ერთ უკეთილშობილეს სიმბოლოდ იქცა, სიმბოლოდ თავისუფლებისა, სიმტკიცისა, სიჯიუტისა, დაუოკებელი, დაულეველი, დაუქანცველი მისწრაფებისა სინათლისკენ, იმედისკენ... მან, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სულში გამოისხა ფრთები და,
ოცნების თვალუწვდენელ ლაჟვარდებში აფრენილმა, ყველა მინოსს ერთდროულად გამოუყო ენა.
კრეტის პერიოდი, ანუ მონობაში გატარებული დრო, უაღრესად მდიდარია ცხოვრებისეული მოვლენებით. სხვას რომ თავი გავანებოთ, აქ აშენებს დედალოსი ლაბირინთს და აქ იბადება იკაროსი – იგივე ტალოსი – მკვდრეთით აღმდგარი, კიდევ ერთხელ დასაღუპად, ანუ,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 08
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.