Latin

ბედნიერი ტანჯული - 02

Total number of words is 3604
Total number of unique words is 1884
30.8 of words are in the 2000 most common words
43.8 of words are in the 5000 most common words
51.7 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ჩემი აზრით, მკითხველის ინტერესს იწვევს არა ესა თუ ის ლიტერატურული ჟანრი, არამედ
კონკრეტული წიგნის მხატვრული ღირსებანი. თუ იწერება კარგი წიგნი, თავისთავად ჩნდება
ინტერესიც იმ წიგნისადმი. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის ამ კარგი წიგნის ავტორი,
ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. პირადად ჩემთვის ლექსი, მოთხრობა, რომანი თუ პიესა ერთი და იმავე მოვლენის გამოხატულებაა, რასაც ავტორის, ანუ მწერლის ე. წ. სათქმელის ბუნება და ხასიათი განაპირობებს და არა ავტორის, ანუ მწერლის აჩემება, მაინცდამაინც
ლექსი უნდა დავწერო, ანდა მაინცდამაინც ნოველაო. მწერალი ჩემთვის უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე ამ ცნების დღევანდელი გაგება გულისხმობს; – მხედველობაში მაქვს სექციების
არსებობა; – თუმცა, არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ გარკვეულ დროს გარკვეული ჟანრია
გაბატონებული. ასე იყო ყოველთვის, ასე იქნება მომავალშიც, ვიდრე ლიტერატურა იარსებებს; ხოლო რომელიმე ჟანრის პრივილეგიას, ანუ, როგორც თქვენ ამბობთ, რომელიმე ჟანრისკენ შემობრუნებას, ისევ და ისევ კარგი წიგნების არსებობა განაპირობებს.
რაც შემეხება მე, «ისტორიულ პროზამდე» კი არ მივედი, არამედ თავიდანვე «ისტორიული
პროზით» დავიწყე, თუმცა არ ვიცი, რამდენად განეკუთვნება ჩემი რომანები ამ ჟანრს. ყოველ
შემთხვევაში, ჩემი მიზანი არასოდეს ყოფილა ისტორიული ნაწარმოების შექმნა ამ სიტყვისა
და ცნების პირდაპირი და მკაცრი გაგებით. ხოლო პოეზიიდან პროზაზე გადასვლა ჩემთვის
გაცილებით უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად მოხდა, ვიდრე ჩემი საქმიანობით დაინტერესებული ხალხისთვის. მე ერთი წამითაც არ მქონია იმის შეგრძნება, თითქოს რაღაცის გამო
რაღაცაზე უარს ვამბობდი, ხელობას ვიცვლიდი, ანდა ერთი ამქრიდან მეორეში გადავდიოდი. აკი თქვენც ამბობთ, პოეტის პროზაზე გადასვლა იშვიათი შემთხვევა არ არისო; მაგალითად კარამზინსა და პუშკინს ასახელებთ, თუმცა კარამზინამდე და პუშკინამდეც მოიძებნება
არა ერთი და ორი მაგალითი, ოღონდ არა პოეზიიდან პროზაზე გადასვლისა, როგორც თქვენ
ამბობთ, არამედ პოეზიისა და პროზის განუყოფლობისა, როგორც მე მიმაჩნია, ანუ მაგალითი იმისა, თუ როგორ არ გამორიცხავს ერთი მეორეს და პირიქით – როგორ ბუნებრივად თანაარსებობენ ისინი ერთიდაიმავე ავტორის შემოქმედებაში (ბოკაჩო, რაბლე, შექსპირი, სერვანტესი, სვიფტი, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა ფშაველა...). კაცს ერთხელ თუ წაუცდა ხელი და ლექსი დაწერა, არა თუ რომანი, შეიძლება პიესაც კი დაწეროს. რაც შეეხება მუზების ნათესაობას,
უფრო სისხლხორცეული ნათესაობა ძნელი წარმოსადგენია. ისინი დები არიან და გინდაც არ
უყვარდეთ ერთმანეთი, ცხოვრებისეული ინტრიგებით მაინც ვერ მიჩქმალავენ სისხლისმიერ
ერთიანობას.
არ არსებობს ეპოქა, საინტერესო არ იყოს ნებისმიერი შემოქმედისთვის. მაგრამ არა მგონია, ავტორი თვითონ ირჩევდეს ამა თუ იმ ეპოქას თავისი ნაწარმოებისთვის. აქ, ჩემი აზრით,
გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც შემთხვევითობას ენიჭება. მაგალითად, რაიმე ნივთს, ძველი წერილის ნაგლეჯს, ჩრჩილით შეჭმულ კაბას, ანდა სხვა ამგვარად უმნიშვნელო წვრილმანს შეუძლია არათუ გარდასული დრო გაგვახსენოს მხოლოდ, არამედ ისე მძაფრად გვაგრძნობინოს იმ დროის ფერი და სურნელება, «სამოქმედოდაც» აღგვაგზნოს, როგორც ნადირის სუნნაკრავი მწევარი. პირადად ჩემზე უდიდესი გავლენა იქონია იმ მოსაზრებამ, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია კოლხეთის ჭაობები ოდესღაც არსებულ ზღვის ფსკერად
წარმოვიდგინოთ. აი ამ, თითქოს უმნიშვნელო, არალიტერატურულმა ინფორმაციამ განმაწყო რომანის დასაწერად, რისთვისაც მართლაც რომ ზღვა მასალის წაკითხვა და შესწავლა
დამჭირდა და რასაც არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდენდი ალბათ, ამ პატარა, «ყოვლად უწყინარ» ცნობას რომ არ გადავყროდი შემთხვევით. მწერალი თვითონვე იგდებს თავს «განსაცდელში», ანუ აუტკივარ თავს იტკივებს ხოლმე, და მერე თვითონაც აღარ იცის, როგორ გაამართლოს თავისი «დანაშაული» სხვების თვალშიც; უფრო სწორად, როგორ გასცეს პასუხი იმ
უამრავ კითხვას, ბუნებრივად რომ ებადება მკითხველს, რომლისთვისაც მიზეზი კი არა, შედეგია მთავარი.
ისტორიული პროზის, ისევე როგორც საერთოდ ლიტერატურის, ყურადღება ადამიანისკენაა მიპყრობილი; ლიტერატურის და, ამდენად, ისტორიული პროზის ცენტრშიც ყოველთვის ადამიანი დგას, თავისი სანიმუშო თუ თავისი დასაგმობი ცხოვრებით; ოღონდ, ჩემი
აზრით, სრულებითაც არ არის აუცილებელი, ის ადამიანი ნამდვილად ისტორიული პიროვნება იყოს. მე მგონი, ისტორიულ პიროვნებებზე დაწერილი ნაწარმოებები კიდევ სხვა ჟანრია, და გაცილებით შეზღუდული, ვიდრე ისტორიული პროზა და, რაღა თქმა უნდა, ვიდრე
საერთოდ პროზა. ადამიანი გაცილებით დიდი და რთული ცნებაა, ვიდრე ნაპოლეონი. ნაპოლეონის ცხოვრებით დაინტერესებულ მწერალს ნახევარი საქმე მუშაობის დაწყებამდე აქვს
მოთავებული, რადგან მის მომავალ წიგნში, როგორი დიდი ფანტაზიითაც არ უნდა იყოს ავტორი დაჯილდოებული, არაფრით არ შეიძლება ნაპოლეონს უარი ათქმევინოს იმპერატორობაზე, ანდა ვატერლოოს შემდეგ თავი მოაკვლევინოს, რაც არ მომხდარა, მაგრამ რაც გამორიცხული არ არის ზოგადად ადამიანისთვის. პირადად მე ადამიანი მაინტერესებს დროისა
და სივრცის უსასრულობაში, რამდენადაც არასოდეს არ ვიცი წინასწარ, როდის როგორ მოიქცევა იგი, მიუხედავად მისი ბუნების საოცარი სიმყარისა; ადამიანი მხოლოდ გარეგნულად
ემორჩილება ცვალებადობას, ხოლო შიგნით, სულის სიღრმეში ახლაც ისეთივეა, როგორიც
თავიდანვე «შექმნა ღმერთმა». და მაინც (მე მგონია, სწორედ ესაა მისი მომხიბვლელობა), მიუხედავად უკვე საკმაოდ საპატიო ასაკისა, მიუხედავად საკმაოდ დიდი გამოცდილებისა,
ყოველ წუთას მზადაა იმავე შეცდომის ჩასადენად, რის გამოც გუშინ თვითონვე დაზარალდა
ყველაზე მეტად. შეიძლება, ამანაც განაპირობა ჩემი მიდრეკილება ისტორიისა და მითოლოგიისადმი; შეიძლება – ჩემი, როგორც მწერლის სისუსტემაც. კარგ მოჭიდავეს მოედნის სიპატარავე ხელს არ შეუშლის; ცუდს კი დიდ მოედანზე ურჩევნია ჭიდაობა, უკან დასახევი,
გვერდზე გასახტომი ადგილი რომ ჰქონდეს. სხვათა შორის, არც ისაა გამორიცხული, რომ ჩემი, როგორც მწერლის ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებული როლი ჩემი სამშობლოს ბედს
ეთამაშოს. როცა საქართველოს ისტორიას კითხულობ, ძალაუნებურად მითოლოგიურად
იწყებ აზროვნებას; ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს ღმერთმა, უფრო სწორად, ღმერთებმა, ამ პატარა ქვეყანას სიცოცხლის შესაძლებლობები წაართვეს, მაგრამ, სამაგიეროდ, უკვდავება აჩუქეს; უკვდავება კი, მოგეხსენებათ, სიცოცხლეზე გაცილებით ძნელია; იმავე მითოლოგიიდან მრავლად ვიცით მაგალითები, როცა მიწიერი ჭრილობებით, მიწიერი ტკივი-
ლებით გამწარებულ გმირებს უკვდავება ჩვეულებრივ ადამიანურ სიკვდილზე გაუცვლიათ;
მაგრამ რისი უფლებაც მითოლოგიურ გმირებს აქვთ, იმისი უფლება არა აქვს ადამიანს,
ხალხს, ხალხებს, კაცობრიობას; კაცობრიობა უკვდავებისთვისაა «განწირული», ხოლო ამ უკვდავების საიდუმლო ადამიანის სულში იმალება; აქედან იღებს სათავეს ლიტერატურის და
საერთოდ ხელოვნების გაუნელებელი ინტერესი ადამიანის სულისადმი; ხოლო ამ შემთხვევაში ჟანრებს დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც ჯარის სახეობებს, რომლებსაც ერთი და იმავე საქმის შესრულება ევალებათ, ოღონდ ოდნავ განსხვავებულად. ასე
რომ, თქვენი შეკითხვა: ვთვლი თუ არა თავს ისტორიული პროზის ავტორად, სრულებითაც
არ არის უცნაური. რაც ისტორიას ეკუთვნის – მარადიულია; ანუ – დასრულებული, ერთხელ
და სამუდამოდ გადაწყვეტილი; კართაგენი დაინგრა, რომი დაემხო, გარიბალდიმ გაიმარჯვა... მაგრამ ლიტერატურას მაინც წარმავალის მარადიულობა აინტერესებს უფრო: ვნება,
გრძნობა, განცდა... ამდენად, თქვენს მიერ ეგრეთ წოდებულ «ისტორიულ პროზაშიც» აუცილებლად ვლინდება, რასაკვირველია, მეტნაკლებად, ავტორის პიროვნებაც; ერთმა ავტორმა
შეიძლება გაამართლოს ის, რაც მეორემ უარყო. უფრო მეტიც, თქვენ რომ პუშკინის პუგაჩოვს
ახსენებთ, ის უნიკალური, მხოლოდ და მხოლოდ პუშკინის პუგაჩოვია, არა ქრონიკებისა და
ისტორიული დოკუმენტებისგან შეკოწიწებული, არამედ პოეტური გენიის მიერ შექმნილი,
სრულიად ახალი სახე ისტორიული პუგაჩოვისა.
აქვე ვიტყვი ბარემ ენაზედაც: ქართულმა სალიტერატურო ენამ მთელი თავისი თხუთმეტსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე იმდენად უმნიშვნელო ცვლილებები განიცადა, პრობლემად არასოდეს ქცეულა. ისე, ჩემი აზრით, დღევანდელი მწერალი მხოლოდ და მხოლოდ
დღევანდელი ენით უნდა წერდეს და არც სასიამოვნო კოლორიტის გამო არ უნდა იხმაროს
არქაული სიტყვები, თუკი მათ უფრო თანამედროვე შესატყვისები გააჩნია.
ახალი მწერალი ციდან არ ვარდება; არც ცარიელ ადგილზე ამოდის. სხვათა შორის, არც
არაფერს ამბობს ახალს; ახლებურად ამბობს ძველს, ბევრჯერ თქმულს, რამდენადაც თვითონაა ახალი და არა ის, რასაც ლიტერატურა ემსახურება, რაც ლიტერატურის სფეროს განეკუთვნება. ამდენად, ყველა წინამორბედი მწერალი თავისთავად მასწავლებელიცაა, ოღონდ
ცოტა უცნაური: იმას კი არ გვასწავლის, თუ როგორ ვწეროთ, არამედ – როგორ არ ვწეროთ.
იმედია, აუხსნელად მიმიხვდებით, რომ ამით წინამორბედი მწერლების წერის მანერას კი არ
ვიწუნებ, არამედ სწორედ მათი ოსტატობის მიუღწეველ სიმაღლესა და ხელშეუხებლობას
ვუსვამ ხაზს. ყველა მწერალს გაცილებით მეტი მასწავლებელი ჰყავს, ვიდრე ჰგონია, რადგან
არამარტო იმ მწერლისგან სწავლობს, რომელსაც აღმერთებს, არამედ იმისგანაც (და შეიძლება, უფრო მეტსაც), რომელსაც ვალდებულების გამო კითხულობს მხოლოდ.
არც იმას დავმალავ, რომ თქვენმა ნამდვილად საინტერესო და, მე ვიტყოდი, ღრმად გააზრებულმა შეკითხვებმა მეც საუბრის გუნებაზე დამაყენა; ამდენი არასოდეს მილაპარაკია;
მაგრამ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, არა მგონია, ამომწურავი იყოს ჩემი პასუხი. ამიტომ,
თქვენი ნებართვით, ტოლსტოის მოვიშველიებ, რომელსაც მართლაც რომ ორი სიტყვითა
აქვს ნათქვამი ის, რასაც მე აგერ უკვე ოთხი თაბახი ქაღალდი მოვანდომე: «მე რომ იმის მოყოლა მდომებოდა, რისი გამოხატვაც რომანში ვცადე, იძულებული გავხდებოდი ხელახლა
დამეწერა ზუსტად იგივე რომანი, რომელიც ერთხელ უკვე დავწერე».
1980
კერიის კვამლის ფთილა
(საერთო პასუხი ჟურნალ «ლატინსკაია ამერიკას» ანკეტაზე)
ყოველნაირად შევეცდები დავაკმაყოფილო თქვენი თხოვნა, ანუ – შეძლებისდაგვარად გიპასუხოთ შეკითხვებზე და, რაც მთავარია, ვიყო გულწრფელი: არც ცოდნა დავმალო და არც
უცოდინრობა იმ საკითხებისა, რომელთა გასარკვევადაც ესოდენ სერიოზული ღონისძიების
ჩატარება განგიზრახავთ. ამიტომ, თავიდანვე ვიტყვი, რომ თქვენმა შეკითხვებმა რატომღაც
საკამათოდ განმაწყო, უფრო სწორად, მეც ათასი შეკითხვა გამიჩნდა; მაგრამ, რაც არ უნდა
უცნაურად მოგეჩვენოთ, შეიძლება სწორედ ამ შეკითხვების მეშვეობით მოვახერხო ჩემი აზრის გამოთქმა, რამდენადაც აქამდე არასოდეს მომცემია შესაძლებლობა, ერთხელ და სამუდამოდ ჩამომეყალიბებინა გარკვეული შეხედულება ლათინურ-ამერიკულ რომანზე. უფრო
მეტიც – ზოგადად ლათინურ-ამერიკული რომანი, პირადად ჩემთვის ნაკლებად ამაღელვებელი მოვლენაა, რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისის გარდა, უფრო ზუსტად – მარკესის
გარდა, რომლის გამოჩენამაც, ჩემი ღრმა რწმენით, საერთოდ განაპირობა ცნება «თანამედროვე ლათინურ-ამერიკული რომანი» – როგორც განსაკუთრებული, მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენა. ლათინურ-ამერიკული რომანი მარკესამდეც ხომ არსებობდა? არსებობდნენ ის მწერლებიც, რომელთა სახელებიც დღეს საქვეყნოდაა ცნობილი, მაგრამ მარკესის გამოჩენამდე აზრადაც არ მოსვლია ვინმეს, ელაპარაკა ლათინური ამერიკის ლიტერატურის
მსოფლიო მნიშვნელობაზე და, რაც ჩვენთვის მთავარია, მისი გავლენის კვალი ეძებნა რიგი
ქართველი, სომეხი, უკრაინელი თუ ბალტიისპირელი მწერლის შემოქმედებაში. კეთილი და
პატიოსანი! პირადად მე არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ამგვარი გავლენებისა. პირიქით – ჩემი აზრით, ლიტერატურის განვითარება საერთოდ წარმოუდგენელია გავლენების გარეშე.
ვინც გავლენას განიცდის, თავადაც ახდენს გავლენას. შეიძლება ესეც იყოს ლიტერატურის
მარადიულობის საიდუმლო: მივიღე და გავეცი! მაგრამ, მე მგონი, მაინც განსაკუთრებული
სიფრთხილე გვმართებს: როცა ამგვარ ლიტერატურულ გავლენებზე ვლაპარაკობთ, გავლენის სფეროებიც მკვეთრად უნდა იყოს გამოკვეთილი და არა ჩვენ მიერ შერჩეული ჩვენივე
შეურყეველი თეორიისა თუ მიმზიდველი მოსაზრების გასამართლებლად. ამიტომაც მოგახსენეთ ზემოთ, თქვენმა შეკითხვებმა მეც ათასი შეკითხვა გამიჩინა-მეთქი. მაგალითად, არ
ვიცი და ძალიან მინდა ვიცოდე, რის საფუძველზე მიაჩნიათ, რომ ახალმა ლათინურ-ამერიკულმა რომანმა «გარკვეული ზემოქმედება მოახდინა რიგი ქართველი, სომეხი, უკრაინელი
და ბალტიისპირელი მწერლის შემოქმედებაზე»? კონკრეტულად ვინ არიან ეს მწერლები? რაღა მაინცდამაინც იმათთვის აღმოჩნდა ახლობელი ლათინურ-ამერიკული რომანის ძიებანი?
რა დააშავეს სხვა რესპუბლიკების მწერლებმა? ხომ არ ვაზვიადებთ ლათინურ-ამერიკული
რომანის მნიშვნელობას და ხომ არ მოვიკოჭლებთ, მაგალითად, სომხური ლიტერატურის
ცოდნასა და შეფასებაში? მარტო საბჭოთა და ლათინური ამერიკის ლიტერატურებში შეიმჩნევა «ინტერესთა დამთხვევა» თუ ეს ჩვეულებრივი, უფრო სწორად, კანონზომიერი მოვლენაა ყველა ლიტერატურისთვის? მოკლედ, შეკითხვა ბევრია, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი
შეკითხვებია მთავარი და არა ჩემი. აი, თქვენ მეკითხებით, რამ განაპირობა ლათინურ-ამერიკული რომანით დაინტერესება ჩვენს ქვეყანაშიო? ჩემი ღრმა რწმენით, ნებისმიერი ლიტერა-
ტურით დაინტერესების მიზეზი ყოველთვის ერთი და იგივეა – კარგი წიგნი! სადაც კარგი
წიგნი დაიბადება, ჩვენც, მკითხველებიც, იქით შევბრუნდებით. მაგრამ აქვე უნდა ვთქვა,
რომ ლათინური ამერიკის ლიტერატურის ბოლოდროინდელ აღზევებაში უდიდესი როლი
მიუძღვის მოულოდნელობის ეფექტს. ყუმბარა იქ აფეთქდა, სადაც არავინ ელოდებოდა. მაგრამ მარტო იქ «აფეთქდა» თუ მსგავსი «აფეთქებები» საერთოდ დამახასიათებელია ჩვენი ეპოქისთვის? ამ ბოლო ოცწლეულში ასეთი მოულოდნელი «აფეთქებები», რა თქმა უნდა, მეტნაკლები ძალისა და მნიშვნელობისა, მსოფლიო ლიტერატურის სწორედ «ჩამორჩენილ» და
«მიყრუებულ» უბნებში ხდებოდა, რაც მხოლოდ ერთი შეხედვითაა საკვირველი, თორემ ლათინური ამერიკაც ისეთივე განუყოფელი ნაწილია მსოფლიოსი, როგორიც საფრანგეთი, ინგლისი, იაპონია... და ისიც განუწყვეტლივაა ჩართული მსოფლიოში მიმდინარე ნებისმიერ
ლიტერატურულ პროცესში. და მაინც, როდესაც ლათინურ-ამერიკულ რომანსა და მისი გავლენის სფეროებზე ვლაპარაკობთ, არ უნდა დავივიწყოთ მოულოდნელობის ეფექტი. მე იშვიათად მეგულება მარკესისთანა ნიჭიერი მწერალი, მაგრამ ის რომ უფრო პრესტიჟიანი ლიტერატურის წარმომადგენელი იყოს, ვთქვათ, ამერიკული, ინგლისური, ფრანგული, რუსული ანდა თუნდაც ესპანური ლიტერატურისა, შეიძლება, მისი გამოჩენა ნაკლებად მოულოდნელი ყოფილიყო და ამდენად – ნაკლებად ეფექტურიც. მაგრამ ასეა თუ ისე, მარკესი ნამდვილად დიდი ტალანტია და დიახაც რომ შესწევს ძალა, დიდება და უკვდავება შესძინოს მშობლიურ ლიტერატურას. თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენ ალბათ ის უფრო უნდა გვაინტერესებდეს, თუ რა ზემოქმედებას ახდენს ლათინურ-ამერიკული რომანი უკვე ჩამოთვლილი რესპუბლიკების რიგ მწერლებზე. წეღან ვიკითხე, რატომ მაინცდამაინც ამ რესპუბლიკების
მწერლებზე-მეთქი? ახლა კი დავამატებ: ამ რესპუბლიკებშიც ხომ არ მოხდა მსგავსი «აფეთქებები»? ანუ, აქაც ხომ არ შეიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი წიგნები, რომლებმაც თავიანთი მოულოდნელობითა და ეფექტურობით თავისთავად შეუქმნეს მსგავსების ილუზია როგორც ზოგიერთ სულსწრაფ კრიტიკოსს, ისევე საამისოდ მოუმზადებელ მკითხველსაც. ბოლო წლებში
მეტნაკლებად გახმაურებული ნაწარმოებები, თუკი საერთოდ ჰგვანან ერთმანეთს, სწორედ
ეფექტურობით ჰგვანან. გარკვეული დამთხვევები, საგნებისა და მოვლენებისადმი ერთნაირი მიდგომა – სრულებითაც არ არის საკმარისი, ორი ლიტერატურის ურთიერთგავლენაზე
რომ ვილაპარაკოთ. ამგვარ «გავლენებს», უპირველეს ყოვლისა, თავად ეპოქა განაპირობებს,
დღეს კი ალბათ უფრო მეტადაც, ვიდრე – ოდესმე. ქვეყნები და ხალხები არასოდეს არ ყოფილან ასე ახლოს ერთმანეთთან, არამარტო გეოგრაფიულად, არამედ სულიერადაც და ფსიქოლოგიურადაც. ბუენოს-აირესში თოფი რომ გავარდეს, ერთი საათის მერე მთელ თბილისს
ეცოდინება. მართალია, ლიტერატურამ არაერთხელ დაგვიდასტურა უკვე, რომ ადამიანები
ყველგან ერთნაირები არიან და, მიუხედავად კანის ფერისა თუ მსოფლმხედველობისა, ერთნაირად ტირიან, ერთნაირად იცინიან, ერთნაირად უყვართ და ღალატობენ, მაგრამ ტექნიკურმა რევოლუციამ (თუმცა, სრულებითაც არ ითვალისწინებდა ამას) კიდევ უფრო გაუსვა
ხაზი ადამიანური სულისა და გონების ერთნაირობას. პოეტურად რომ ვთქვათ, ახლა ადამიანებს სიზმარიც საერთო აქვთ. მაგრამ თუკი ადამიანი სიზმარში ნამდვილად იმას ხედავს,
რაც ცხადში აღელვებს და აშფოთებს, მაშინ მართლა არაფერია გასაკვირი, ერთსა და იმავე
სიზმარს ხედავდეს პერუელი და ესტონელი, ლუქსემბურგელი და ჩუვაში... რწმენის შერყევა, მომავლის შიში, ატომური კატასტროფის მოლოდინი განაპირობებს დღევანდელი ადამიანის აზროვნებას, თვალთახედვას, აღქმისა და განცდის თავისებურებას. აქედან იღებს სათავეს სხვადასხვა ხალხების ლიტერატურაში მიმდინარე მსგავსი პროცესებიც, მსგავსი მიდრეკილებებიც, მსგავსი მარშრუტებიც კი ისტორიასა თუ მითოლოგიაში. იოანეს გამოცხადება
დიდი ხანია კაცობრიობისათვის ცნობილი «ფაქტია», მაგრამ დღევანდელ ლიტერატურაში
აპოკალიფსური ჩვენებების მოჭარბება, თითქმის დაკანონება, ისევ და ისევ დაძაბული, დასაჭექად გამზადებული ეპოქის ბრალია და არა რომელიმე მწერლის პიროვნული თვისებისა
თუ პროფესიული მეთოდისა. ფაქტორების, სტიმულების მსგავსება განაპირობებს ცალკეულ
დამთხვევებს, როგორც ფორმის, ისე შინაარსის თვალსაზრისითაც ერთმანეთისგან უაღრესად განსხვავებული მწერლების შემოქმედებაშიც კი. ჩემს პირველ რომანში (1972 წ.) ზღვა
უკან იხევს, მიიპარება, უზღვოდ ტოვებს დაპყრობილსა და გაპირუტყვების გზაზე დამდგარ
ქვეყანას. მარკესის მეორე რომანში (1975 წ.) ასევე დაპყრობილი და გაპირუტყვების გზაზე
დამდგარი ქვეყნის დიქტატორი ზღვას ყიდის. ლიტერატურულ დამთხვევებს, ძირებსა და
წარმომავლობებს გამოკიდებული კრიტიკოსი, თუკი ძალიან ჩაეძიება, ჩვეულებრივ დამთხვევაზე მეტს დაინახავს აქ, მაგრამ განა ეს უფლებას აძლევს ვინმეს, უპირველეს ყოვლისა
კი მე – ავდგე და განვაცხადო: მარკესმა ჩემი რომანის გავლენით დაწერა თავისი რომანიმეთქი? რა თქმა უნდა – არა. ასევე არა მგონია, ლათინურ-ამერიკულ რომანს და, კერძოდ,
მარკესის რომანებს ასე უცებ მოეხდინოს გავლენა ზემოთ ჩამოთვლილ «რიგ მწერლებზე»,
თუნდაც იმიტომ, ისინი და მარკესი თითქმის ერთდროულად რომ ქმნიან თავიანთ ნაწარმოებებს. ჩვენ თუ ნამდვილად გავლენაზე ვლაპარაკობთ, გავლენისათვის გარკვეული დროცაა
საჭირო, რათა გაითავისო ის, რამაც შეგძრა, დაგმუხტა, მსგავსის შესაქმნელად განგაწყო («ანა
კარენინა», ჩემი აზრით, დღევანდელ ლიტერატურაზე უფრო ახდენს გავლენას, ვიდრე თავის
თანამედროვე ლიტერატურაზე ახდენდა). მიმბაძველობისგან განსხვავებით, გავლენა ხომ
სულზე ტოვებს კვალს?! ამას კი დრო სჭირდება. თუკი შეთვისება-შესისხლხორცებისთვის
საჭირო (აუცილებელი!) დროის ფაქტორს გამოვრიცხავთ, ანდა ამ დროს ჩვენი გუნება-განწყობილებისდაგვარად ავაჩქარებთ, მაშინ კეთილშობილი, გამამდიდრებელი გავლენის ნაცვლად ჩვეულებრივი, არაფრისმაქნისი მიმბაძველობა, ანდა კიდევ უარესი – პლაგიატობა
შეგვრჩება ხელში. საერთოდ, ჩემი აზრით, მშობლიური ენა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად,
შეუვალი ჯებირიცაა შენსა და უცხო სამყაროს შორის და ვიდრე იქიდან შემოღწეული რაიმე
ახალი მოვლენა შენს სულსა და გონებაზე მოახდენდეს ზემოქმედებას, ჯერ მან უნდა გაფილტროს თავის წიაღში, მოათვინიეროს, უფრო სწორად, მოაშინაუროს, რათა შენთვისაც
უფრო გასაგები და, ამდენად, მისაღები ანდა სულაც დასაგმობი გახადოს იგი. დაბოლოს, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ლათინურ-ამერიკული რომანი, მართალია, დამსახურებულად გახდა ფართო ყურადღებისა და განსჯის საგანი, მაგრამ როცა ამ რომანის კონკრეტული
ზემოქმედების კვალს ვეძებთ სხვა ლიტერატურებში, არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
კარგი წიგნები საერთოდ ჰგვანან ერთმანეთს, ჰგვანან, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი სიკარგით, და არაფერია ამაში არც გასაკვირი, არც შესაშფოთებელი. პირიქით – ყოველი ახალი
კარგი წიგნის გამოჩენა საყოველთაო ზეიმის განწყობას უნდა ბადებდეს, მიუხედავად იმისა,
თუ სად დაიწერა იგი, რამდენადაც კარგი წიგნი ყველგან შეიძლება დაიწეროს, ყველგან, სადაც ადამიანი ცხოვრობს, სადაც მისი გაუტეხლობის, მარადიულობის, სიჯიუტის საერთაშორისო დროშა – კერიის კვამლის ფთილა – ფარფატებს.
1983
რამდენიმე მოსაზრება პოეტისა და საერთოდ პოეზიის შესახებ
(გაზეთ «ლიტერატურნაია გაზეტასთვის», მაიაკოვსკის დაბადების 90
წლისთავთან დაკავშირებით)
ვერ დავეთანხმები ბატონ ევგენი ევტუშენკოს, თითქოს მძლავრი «რ», ისევე როგორც, დავუშვათ, რბილი, ხავერდოვანი «ლ», რამეს განსაზღვრავდეს პოეზიაში. ნებისმიერ შემოქმედს (ამ
შემთხვევაში – მაიაკოვსკის) ქმნის გარკვეული კულტურა, ენა, ფსიქიკა... იმ ხალხის სულიერი თავგადასავალი, რომლის შემადგენელ ნაწილადაც ჩაიფიქრა თავიდანვე განგებამ. ასე
რომ, დიდი ქათინაური კი არის ჩვენთვის, მაგრამ საქართველოს არ შეეძლო «ეჩუქებინა»
(როგორც ევტუშენკოს მიაჩნია) მაიაკოვსკი რუსული პოეზიისთვის, რამდენადაც მაიაკოვსკი,
როგორც შემოქმედი, მხოლოდ და მხოლოდ და მაინცდამაინც რუსული კულტურის ნაყოფია. პოეტისა და საერთოდ პიროვნების ჩამოყალიბებაში, რასაკვირველია, გადამწყვეტი
მნიშვნელობა აქვს იმ პირველ და, ამიტომაც, განუმეორებელ გარემოს, სადაც თვალს გაახელს
და სამუდამოდ გამოენასკვება გულში ბუნების იდუმალებით, სილამაზითა და სიდიადით
მოგვრილი შეშფოთება, აღტაცება, გაოცება, სიხარული... ეს რთული და სიტყვით გამოუთქმელი გრძნობა ყველა შემოქმედს მოჰყვება ბავშვობიდან და ყველა დავალებულად თვლის
თავს მის წინაშე, რადგან ღმერთმა იცის, როგორ წარიმართებოდა მისი ცხოვრება, მაინცდამაინც ასეთი რომ არ ყოფილიყო პირველად ხილული სამყარო. თავისთავად ცხადია, მაიაკოვსკისაც ჰქონდა თავისი ბავშვობის «საიდუმლო კუნძული», სადაც იმერეთის ხასხასა გორაკები ბზინავდნენ, მარადიული რიონი მოედინებოდა და განუწყვეტლივ ყვაოდნენ ბაგრატის
ტაძრის ბროწეულები. თავისთავად ცხადია, მაიაკოვსკიზე უკეთ არავინ იცოდა და ვერც ვერასოდეს გაიგებდა, თუ რა ჯადოსნური მანქანებით შეძრეს მათ პოეტის სული. აკი ამბობდა
კიდეც – «შენი ვალი მაქვს, ბაღდადის ცაოო» – მაგრამ, ჩვენში რომ ვთქვათ, მაიაკოვსკი ქართველი პოეტი რომ ყოფილიყო, თავისი ქართველობა მარტო მაშინ კი არ გაახსენდებოდა,
როცა კავკასიაზე დაადგამდა ფეხს, არამედ იქამდეც, უფრო ზუსტად კი, არასოდეს დაავიწყდებოდა ის, რისი დავიწყებაც, უბრალოდ, შეუძლებელია.
მაგრამ არ იქნება მართალი, თუკი ევტუშენკო იფიქრებს, თითქოს ამის გამო არ ვპასუხობდე გარკვევით – ვთვლი თუ არა მაიაკოვსკის ჩემს მასწავლებლად. საერთოდ ეს ტრადიციული შეკითხვაა და, რამდენადაც ვიცი, ჯერ არავის გაუცია ამ შეკითხვაზე ამომწურავი, კატეგორიული პასუხი, და ალბათ იმიტომაც, მწერალს გაცილებით მეტი მასწავლებელი რომ
სჭირდება, ვიდრე სხვა ნებისმიერი ხელობის მიმდევარ კაცს. ხანდახან, უბრალოდ, გვესახელება ვიღაცის შეგირდობა და მაინცდამაინც ის გვინდა იყოს ჩვენი მასწავლებელი. მაგრამ,
რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, მოწაფე კი არ ირჩევს მასწავლებელს, არამედ მასწავლებელი – მოწაფეს. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მოწაფის დამსახურება იქნება, თუკი მოახერხებს და ბრმა მიმბაძველად არ იქცევა საკუთარი მასწავლებლისა. სწავლა და მიბაძვა
სრულიად განსხვავებული ცნებებია და თუკი სწავლა ბუნებრივ ნიჭს კიდევ უფრო ზრდის,
კიდევ უფრო აფართოვებს, მიბაძვა ნიჭის თავისებური მუხრუჭია. უფრო მარტივად რომ
ვთქვათ, მიმბაძველობა, თანაც შეგნებული, დიდი ვერაფერი შვილია. შემოქმედი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის მონაა. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ნარცისულ კომ-
პლექსს. «საკუთარი თავი» შემოქმედისთვის იგივე პოზიციაა, მრწამსია, მიზანია. ასე რომ, ეს
ერთადერთი შემთხვევაა, როცა მონობა სასახელოც კია. მიმბაძველი კი სხვისი მონაა, თანაც
ნებაყოფლობითი, და ყველა უბედურებასთან ერთად, ვთქვათ, მოძრაობის აზრს კი არ იმეორებს, არამედ – თავად მოძრაობას; აფეთქებას კი არა – მხოლოდ აფეთქების ხმას. მიმბაძველი
აუცილებლად პატივმოყვარეობითაცაა ავად, რამდენადაც მიმბაძველობისკენ ადამიანს სულის სიღრმეთა წვდომის სურვილი კი არ უბიძგებს, არამედ – ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივების ჟინი, რის გამოც მისი არსი, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ჭეშმარიტი შემოქმედების წინააღმდეგაა მიმართული (ამიტომაცაა ალბათ, ყოველთვის დიდ პოეტებს რომ
ჰყავთ მიმბაძველები). მიმბაძველობა, გავლენისგან განსხვავებით, სულში კი არ ტოვებს
კვალს, არამედ სახეზე და ამიტომ, ადვილი ამოსაცნობიცაა. თუმცა, ევტუშენკოც დაახლოებით იმავეს ეუბნება თურმე თავის «მიმბაძველებს» და, აქედან გამომდინარე, თავადაც კარგად იცის (უნდა იცოდეს) მიმბაძველობის ფასი.
პოეტმა ყველაფერი, რაც კი შეძრავს, ხელახლა უნდა მოხარშოს საკუთარ სულში. ყველა
ჭეშმარიტი პოეტი თავისი ეპოქის ღვიძლი შვილია და გულუხვად და პატიოსნად უბრუნებს
ხალხს, რაც უნახავს და განუცდია. მის მიერ შექმნილი სინამდვილე გაცილებით ცოცხალი
და საინტერესოა, რადგან მისივე ვნებებითაა გამდიდრებული. მის ხმას თაობები ისევე შეეჩვევიან ხოლმე, როგორც მდინარის პირას მცხოვრებნი – მდინარის განუწყვეტელ ხმაურს და
წარმოიდგინეთ, რა შემზარავი იქნება მათთვის ცხოვრება, მდინარე თუ დაიშრიტა მოულოდნელად, რა აუტანელი იქნება უცებ ჩამოვარდნილი დუმილი. მაგრამ, საბედნიეროდ,
პოეზია დაუშრეტელი მდინარეა – ხალხია მისი სათავეცა და შესართავიც. კონკრეტული პოეტი კი იქამდე ცოცხლობს, ვიდრე ხალხს ესმის მისი, ვიდრე ხალხს თავის მესაიდუმლედ მიაჩნია. ესე იგი, არავითარ შემთხვევაში არ შეეშლება სხვაში. მაგრამ ეს როდი ნიშნავს, თითქოს პოეტები ერთმანეთს გამორიცხავდნენ. პირიქით, როგორც არ უნდა განაცალკევებდეს
მათ მათივე «ინდივიდუალობის თავისებურება» (ევტუშენკოს გამოთქმაა), ბოლოს და ბოლოს ისინი მაინც ერთად აღმოჩნდებიან ხოლმე და ეს უკვე კანონზომიერებად არის ქცეული:
დრო დაპირისპირებულ პოეტებსაც კი ერთმანეთის გვერდით აყენებს. თუმცა, ყველა პოეტი
თავის განსაკუთრებულ მისიას ასრულებს მაინც, ანუ ყოველდღიურად კვდება თავის საწერ
მაგიდასთან, დროზე ადრე რომ არ დაიხოცონ სხვები. არადა, ადვილი შესაძლებელია, საერთოდ არ კითხულობდნენ წიგნს ისინი, ვის «გადარჩენასაც» პოეტი აპირებს. ასე რომ, შეიძლება, ფუჭი და ამაო აღმოჩნდეს მისი შრომა. ამის ბრალიცაა ალბათ, აშკარად რომ შეიმჩნევა
დღეს მაგიდის ტყვეობიდან განთავისუფლების სურვილი, ანუ დაუოკებელი სწრაფვა ესტრადისკენ, ტელევიზიისკენ... რაც, ჩემი აზრით, საკუთარი უმწეობიდან გამოსვლის უნაყოფო მცდელობაა მხოლოდ. ვისაც სათქმელი აღარაფერი აქვს, ის უფრო ებღაუჭება მიკროფონს, როგორც წყალწაღებული ხავსს. მაგრამ ამგვარი სურვილი თუ მიდრეკილება, რასაკვირველია, ნიჭის თავისებურებითაც შეიძლება აიხსნას, განსაკუთრებით, როცა საქმე მაიაკოვსკისთანა პოეტს შეეხება. მაგრამ ასე ცხარედ და, ცოტა არ იყოს, დაუნდობლად იმიტომ
ვლაპარაკობ, მაგიდის უარყოფა მწერლისგან ღალატად და მწერლური მოთმინების რღვევის
სიმპტომად რომ მიმაჩნია. თითქოს საკუთარ ნაწარმოებს გვინდა მივასწროთ მკითხველამდე,
ჯერ ჩვენ დავენახოთ, გავეარშიყოთ მიკროფონის საშუალებით, მოვაწონოთ, შევაყვაროთ თავი და მერე უფრო თამამად მივანდოთ განსასჯელად ჩვენი ლექსებიც. არადა, მაგიდა მწერლისთვის იგივეა, რაც დურგლისთვის – ჩარხი, მჭედლისთვის – გრდემლი... ოღონდ ისე არ
უნდა გავიგოთ, თითქოს საერთოდ წინააღმდეგი ვიყო «ლექსების საჯარო კითხვისა», რასაც,
ევტუშენკოს თქმით, მაიაკოვსკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა თურმე. კაცია და
გუნება. მე არც ესტრადის წინააღმდეგ ვილაშქრებ კატეგორიულად და, თავისთავად, ესტრა-
და მეტად საინტერესო ჟანრადაც მიმაჩნია. თავადაც ბევრი სიამოვნება მიმიღია მისგან. მაგრამ კატეგორიულად უარვყოფ იმ ესტრადულობას, რომელიც, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოპულარული პოეტის შემოქმედებაში აშკარად ჩანს და, დაუკითხავად შემოჭრილი მდგმურივით, ავიწროებს ბინის კანონიერ პატრონს – პოეზიას. მე იმ ნაწარმოებებს ვგულისხმობ, მსმენელისთვის რომაა გამიზნული და არა მკითხველისთვის. ზრდის რა საკუთარ ავტორიტეტს,
პოეტი იცავს საერთოდ პოეზიის პრესტიჟს. ამიტომ მკითხველის ყურადღების ცენტრში ყოველთვის ნაწარმოები უნდა იდგეს და არა თავად პოეტი. პოეტმა მკითხველის ყურადღება
პოეზიისკენ უნდა შეაბრუნოს და არა თავისკენ. სხვათა შორის, ჩვენში, საქართველოში, მაინცდამაინც არ არის მიღებული ესტრადული პოეზია, ანდა, თუ გნებავთ, პოეტების გამოსვლა
ესტრადაზე. მართალია, როგორც უკვე ვთქვით, კაცია და გუნება, ზოგს მღვდლის ცოლი
მოსწონს, ზოგს მღვდლის ქალიშვილი, მაგრამ, ჩემი აზრით, სტადიონზე რევოლუციის დიდი ტრიბუნიც კი არაბუნებრივად გამოიყურება. სტადიონზე ბუნებრივია ფეხბურთი, რაგბი... პოეზია კი ყოველთვის საკუთარ «სტადიონზე» თამაშობს და ეს გაცილებით დიდი თამაშია, გაცილებით გრანდიოზულია, ვიდრე ნებისმიერი სპორტული სანახაობა, რაც ერთმანეთთან პირისპირ დარჩენილი შემოქმედისა და მკითხველის «შერკინებაში» გამოიხატება; ეს
ის გზაა, რომლითაც პოეზია, ერთი ადამიანის სულზე გავლით, მილიონებისკენ მიემართება
და, ამიტომ, გვინდა თუ არა, უნებურად ისევ უნდა მივუბრუნდეთ მაგიდის თემას, მით უფრო რომ, ჩემი ღრმა რწმენით, ზოგიერთ ჩვენს მწერალს ნამდვილად აწუხებს «მაგიდის შიში»,
სიმაღლისა თუ წყლის შიშის მსგავსად. თავისთავად ცხადია, მიწიერ სიამეთა დავიწყებაც
ძნელია, მაგრამ, გვინდა თუ არა, მხოლოდ აქ, მხოლოდ მაგიდასთან გამოჩნდება, რა შეგვიძლია, რისი მაქნისები ვართ საერთოდ. რაც შეეხება ახალ პოეტურ მწვერვალებს, ამ ოცდახუთი წლის განმავლობაში ალბათ არც ჩვენში გამოჩენილა რუსთაველი, ვაჟა ანდა გალაკტიონი, რაც ნაკლებად მოსალოდნელი იყო და ამიტომ ნაკლებად შემაშფოთებელიც. საერთოდ,
მე უფრო ოპტიმისტურად ვუყურებ ამ საკითხს. ცოტა სხვანაირადაც. რასაკვირველია, არსებობს გარკვეული პერიოდები ლიტერატურის ისტორიაში, როცა პოეზიის ცაზე ზედიზედ
ინთებიან ახალ-ახალი ვარსკვლავები. მაგრამ არის ასევე ეგრეთ წოდებული «სიცარიელის»
პერიოდებიც, ოღონდ, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, თითქოს ამ პერიოდში პოეზიის ძალისხმევა აღარ იგრძნობოდეს, თითქოს უკვე არსებული დიდი პოეტები, «ვარსკვლავები»,
მხოლოდ იმ ეპოქის საკუთრებას წარმოადგენდნენ, როცა მოევლინენ ქვეყანას, და ჩვენთვის
ის ფუნქცია დაკარგული ჰქონდეთ, რასაც საკუთარი თაობისთვის ასრულებდნენ. ნურას
უკაცრავად! ჩვენი ეპოქა, შეიძლება, პოეტური მწვერვალებით მდიდარი არ იყოს (თუმცა, მე
პირიქით მგონია), მაგრამ პოეზიისადმი უდიდესი ინტერესით კი აშკარად გამოირჩევა. ესეც
უკვე თავისთავად დიდი საქმეა, რადგან ეს ინტერესია სწორედ, გუშინდელ დიდ პოეტს
დღევანდელ დიდ პოეტად რომ აქცევს. ასე რომ, არაფერი დაშავდება, რამდენიმე თაობამ «საკუთარი» დიდი პოეტის გარეშე იცხოვროს. მაგრამ როგორი ღარიბები იქნებიან ის თაობები
სულიერად, თავისად თუ არ ჩათვალეს პოეზიის მარადიული ვარსკვლავები.
და მაინც, უდიდესი პატივისცემის გრძნობითა ვარ განმსჭვალული ყოველი ახალგაზრდის მიმართ, რომელიც ნებაყოფლობით, არა თუ ნებაყოფლობით – წმინდანის თავგანწირულობით, მიჯნურის მოუთმენლობით იდგამს კისერზე მწერლის მძიმე უღელს, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ პროფესიის აუცილებლობასა და მარადიულობას. მთავარია,
ნიჭი ჰქონდეთ. ნიჭი კი, როგორც ერთი ჭკვიანი კაცი ამბობს, ფულივითაა: თუ გაქვს – გაქვს,
თუ არა გაქვს – არა გაქვს. კიდევ უფრო მთავარია, ამ ნიჭის გამოყენებაც შეეძლოთ, ანუ,
უმიზნოდ, უაზროდ კი არ გაფლანგონ მართლა ფულივით, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის გაბედნიერებას, განათლებასა და გაკეთილშობილებას მოახმარონ მთლიანად. მწერლობა
დიადი, დიდებული მოწოდებაა და მე ყოველთვის მტკივნეულად განვიცდი, როდესაც მწერალი სხვა, მისთვის მეორეხარისხოვანი საქმის გამო, როგორც ღმერთს, ისე განუდგება ხოლმე თავის მაგიდას, რომელსაც ეკუთვნის სულიან-ხორციანად.
ქართული ანდაზა ამბობს: ის ურჩევნია მამულსა, შვილი რომ სჯობდეს მამასაო. იგივე ითქმის ლიტერატურაზეც. ჩვენ თუ ჩვენს წინამორბედ მწერლებზე უკეთესები ვიქნებით, ამით
ლიტერატურა მხოლოდ მოიგებს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ჩვენს შესაძლებლობებს
აღემატება. თუმცა, საცდელი მაინც უნდა სცადოს კაცმა. ჩვენ ჩვენი საქმე პატიოსნად უნდა ვაკეთოთ – არც სიმძიმეს მოვარიდოთ წელი, არც სიცივეს სახე – დანარჩენს კი თავად დრო და
მკითხველი დაადგენს.
1983
ნოეს კიდობანი
(საერთო პასუხი «ლიტერატურნაია გაზეტას» შეკითხვებზე)
მე, სიტყვითაც და საქმითაც – თავისთავად ცხადია, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში –
ტრადიციულ რომანს ვუჭერ მხარს, ამ ცნების საუკეთესო და ფართე გაგებით. ამდენად, ჩემთვის ყველაფერი მისაღებია, რაც ტრადიციულს კიდევ უფრო აღრმავებს, ამდიდრებს, ამრავალფეროვნებს – კი არ უპირისპირდება, ემატება მას, რის შედეგადაც, უპირველეს ყოვლისა,
თავად იზრდება, თავად ხდება უფრო მნიშვნელოვანი, უფრო მდიდარიცა და მრავალმხრივიც, რამდენადაც წინამორბედთა გამოცდილებაც თავისთავად, მექანიკურად გადაეცემა
ხოლმე, როგორც ღირსეულსა და კანონიერ მემკვიდრეს. კომლი ემატება სოფელს და არა სოფელი კომლს – ესაა ყველაზე მარტივი და ყველაზე სწორი გზა ბუნებრივი მატებისა, რაც განაპირობებს კიდეც როგორც სოფლის მარადიულობას, ასევე კომლის ადგილსა და მნიშვნელობას ამ მარადისობაში.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 03
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.