Latin

ბედნიერი ტანჯული - 01

Total number of words is 3620
Total number of unique words is 2092
29.9 of words are in the 2000 most common words
42.3 of words are in the 5000 most common words
49.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ოთარ ჭილაძე
ბედნიერი
ტანჯული
ესე
პუბლიცისტიკა
ინტერვიუ
გამომცემლობა
«ლოგოს პრესი»
ოთარ ჭილაძის «ბედნიერი ტანჯული» სხვადასხვა დროს (1968-2002) ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხისადმი მიძღვნილი ესეების, პუბლიცისტური წერილებისა და ინტერვიუების კრებულია. ერთ წიგნში თავმოყრილთ მათ პირველად გაეცნობა ქართველი მკითხველი.
მწერლობის რაობა და მწერლის დანიშნულება, ერი და ეროვნულობა, თავისუფლება და მონობა, სიყვარული და ომი, აფხაზეთის საკითხი და ზოგადად ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, ქართველთა მითოლოგიური წარსული და კოლხი
მედეას ფენომენი, ქართული ემიგრაციის ზრდა და ჭეშმარიტი პატრიოტიზმის არსი, სახელმწიფო სიმბოლიკა, ქართული ტოლერანტობა და შენიღბული ანექსიის საშიშროება – ესაა არასრული წყება იმ აქტუალური საკითხებისა, რომელთა შესახებაც საკუთარ თვალსაზრისს გვთავაზობს მწერალი.
გამომცემელი
ლაშა ბერაია
საგამომცემლო რედაქტორი
მარინე ხუციშვილი
პირველი გამოცემა
© გამომცემლობა «ლოგოს პრესი», 2003
© ოთარ ჭილაძე, 2003
ISBN 99928-926-0-9
გამომცემლობა «ლოგოს პრესი»
ილია ჭავჭავაძის გამზირი 15ა, 0179 თბილისი
ტელ. 915101, www.logospress.com.ge
გარეკანის გაფორმებისას გამოყენებულია ლადო გრიგოლიას ქანდაკების «სამშობლო»
ფოტორეპროდუქცია
ბედნიერი ტანჯული
1. ახალი ცა
«ახლა ცა ახალია».
ნიკოლოზ ბარათაშვილი
150 წელია, რაც ეს მდინარე მოედინება და ყველა ქართველის გულზე გადავლილი, მოღელავს, მოგუგუნებს, რათა სასწაულად გადარჩენილი თავისი ლექსები ყოველდღიურად ჩაატაროს ჩვენს თვალწინ, როგორც ფუძემოშლილი სამყაროს უზარმაზარი ნამსხვრევები, ანდა,
როგორც უნიჩბო და უიალქნო ნავების ქარავანი, რომელთა დაობებულ ფსკერზეც საკუთარი
ნიჭისა და გონიერების გამო ნაწამები ადამიანი ასვენია.
რასაკვირველია, თვითონ არ იცოდა, ამდენი თუ შეეძლო. არც მისმა ახლობლებმა იცოდნენ. არავინ არ იცოდა. საქართველოში ბნელოდა. გაუვალი წყვდიადი იდგა მყარად, არაბუნებრივი, მაგრამ უკვე ძვალ-რბილში გამჯდარი. თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, მას უჭირდა ამ სიბნელეში ცხოვრება, ეშინოდა ამ სიბნელისა და, ჩამონგრეულ გვირაბში მოყოლილი
კაცივით, ყველა ღონეს ხმარობდა სამზეოზე ამოსასვლელად, ანუ ჯარისკაცობაზე ოცნებობდა და მეგზურს დაეძებდა განუწყვეტლივ, რომელიც ხელს ჩაჰკიდებდა და გზაზე დააყენებდა. სამზეოზე ამოსვლა იყო მისი მიზანი და ამოვიდა კიდეც, ოღონდ, უკვე გარდაცვლილი,
უკვე ზეციური საქართველოს ბინადარი. წყვდიადის ლოდებიდან მხოლოდ მისმა სულმა გამოაღწია, უკვე სიტყვად გარდაქმნილმა. ჩვენდა საბედნიეროდ, შეამჩნიეს. იცნეს-მეთქი, მინდოდა მეთქვა, რადგან განგებამ თითქოს მხოლოდ იმიტომ გააქრო ყველა მისი სურათი,
ღმერთივით უსახო და, ამავე დროს, მტკივნეულად ნაცნობი გაეხადა ყველა ჩვენგანისთვის.
ხალხმა საქმეს თავი მიანება და მისკენ წამოვიდა. ქალები აჩხავლებულ ჩვილებს მაღლა
სწევდნენ, იმათაც რომ მოსცხებოდათ მისი მადლი. კაცებს უჭირდათ მისთვის თვალის გასწორება, მაგრამ მაინც ამაყად იშლებოდნენ წელში და ერთმანეთს აფერთხავდნენ მხრებიდან
გულგრილობისა თუ სიბეცის, მორჩილებისა თუ სიბეჩავის ქერტლს. ის კი ნელა მიდიოდა
პურის ყანაში და ჩამოგლეჯილი საყელოდან ბავშვურად სუსტი მკერდი მოუჩანდა. პურის
მწიფე ყანაში მიდიოდა და ათრთოლებულ ხელისგულზე თავთავს იფშვნიდა. დედაბუდიანად წამოშლილი ხალხი კი უკან მისდევდა. ფეხქვეშ ყანა ითელებოდა, მაგრამ არავინ ნაღვლობდა, არავინ ცდილობდა წაქცეული პურის წამოყენებას, რადგან ხალხს სხვა პური შიოდა ახლა, სხვა პური უფრო სჭირდებოდა – პური სულისა და გონებისა! იპოვა კიდეც: მაგრამ
რადგანაც კაცნი გვქვიან – შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა. არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისთვის არა
იზრუნვოს.
ხალხმა შვებით ამოისუნთქა, გაინაბა. მხოლოდ ჭრიჭინების ხმა ისმოდა და ასევე უჩინარი
მდინარის გუგუნი. და უთხრა მან ხალხს: ვინც მაღალის გრძნობის მექონი მეგონა, იგი ვნახე
უგულო; ვისიც სული განვითარებული მეგონა, მას სული არა ჰქონია. ვისიც გონება მრწამდა
ზეგარდმო ნიჭად, მას არცა თუ განსჯა ჰქონია; ვისიცა ცრემლნი მეგონებოდენ ცრემლად
სიბრალულისა, გამომეტყველად მშვენიერი სულისა, თურმე ყოფილან ნიშანნი მცბიერებისა,
წვეთნი საშინელის საწამლავისა! სად განისვენოს სულმა, სად მიიდრიკო თავი?
მართლაც, ძალიან მწარე და გულსაკლავად ხანმოკლე აღმოჩნდა ამ დიდი პოეტის მიწიერი ცხოვრება. არადა, ერთი შეხედვით, თითქოს უკეთესად უნდა წარმართულიყო ყველაფერი და მასაც უხვად მიეღო ამქვეყნიური სიამენი, რასაც, ჩვენში რომ ვთქვათ, ნამდვილად იმსახურებდა და ყველა თანამედროვეზე მეტადაც. მაგრამ, როგორც არ უნდა გვიძნელდებოდეს ამის თქმა, კარგია, ასე რომ არ მოხდა. ის, «საუბედუროდ», პოეტად იყო დაბადებული,
მარტო ხორცზე ვერ იზრუნებდა და გინდაც ეზრუნა, ყველა საშუალო საქმოსნის დასაცინი
გახდებოდა ამ საქმეში. მისდაუნებურად მონად დაბადებული, ვერც სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებდა როდისმე და ვერც ბედს შეურიგდებოდა. მას, რაც განგებისგან ჰქონდა დავალებული, ის უნდა შეესრულებინა პირნათლად: ნაპრალისკენ მიმავალი ფარა, რომლის ყოჩსაც, ეჟვნის ნაცვლად, რუსთხელმწიფის ორდენი ჰქონდა ყელზე შებმული, უკანვე უნდა მოებრუნებინა როგორმე. მის პატარა წიგნში, როგორც ზღაპრულ ბოთლში – ჯინი, ყველა დამონებული
და დაჩაგრული ხალხის შემზარავი სევდაა ჩამწყვდეული და ამ სევდის ძალად ჩახშობილი
ხმა კიდევ მრავალ საუკუნეს გადასწვდება. ის, ერთდროულად, ხელოვნურად შექმნილ კალაპოტში მოქცეული სულიცაა და ამ სულის ნაპირზე აღმართული მრავალშტოვანი, ჰაეროვანი და მაღალი ჩინარიც – იდუმალ ხმასთან მოპაექრე, «ენა რამ საიდუმლოს» მცოდნე და
უხორცო სატრფოს მიჯნური...
მზე აცხუნებდა. ქალებს უბეები გაეღეღათ და ჩვილებს ძუძუთი აჩუმებდნენ. მდინარის
ნიავს პურის მშრალი მტვერი მაღლა აჰქონდა და გარინდებულ ხალხს გაოფლილ სახეში აყრიდა. ის კი განაგრძობდა: მე ახლა იმას ვამბობ, რომ შინაგანი ხმა მიწვევს საუკეთესოს ხვედ-
რისაკენ, გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარეობისათვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს, და დავდგე გაშლილს ადგილს. ოჰ, რა თავისუფლად ამოვისუნთქავ მაშინ, რა ხელმწიფურად გადავხედავ ჩემს ასპარეზსა!
«სიმართლე მხოლოდ ისაა, უფანჯრო და უკარო საკნის კედელს თავით რომ ეხეთქებიო» –
ეს სიტყვები, რა თქმა უნდა, შემთხვევით არ გაგვხსენებია. არც იმისთვის მოგვიყვანია აქ, ბარათაშვილი კაფკას შევადაროთ, მიუხედავად მათი პირადი ცხოვრების საოცარი მსგავსებისა. უბრალოდ, ამ სიტყვებში ბარათაშვილისეული ტრაგედია ტრიალებს, მეოცე საუკუნეში
გადმოსახლებული. ეს – ადამიანის უმწეობით გამოწვეული ტკივილი – ზოგადსაკაცობრიო
ტკივილია და კაცი, რომლის სულსა და გონებაში ის ჩასახლდება, მსხვერპლია, წმინდანია,
გნებავთ, ბედნიერი ტანჯულია, ჯოჯოხეთურ კოცონზე თავისი ნებით ასული.
ხალხი უკვე ღელავდა, მისი მთრთოლვარე ხმით გაბრუებული. გადათელილ პურის ყანაზე ღრუბლის ჩრდილი მიზოზინობდა. ჩვილები ჩხაოდნენ და პირს არიდებდნენ მღელვარებისგან რძეგამშრალ დედის ძუძუს. ვიღაცამ ქუდი მოიხადა და მიწაზე დაახეთქა. ვიღაცამ
დაიჩოქა. ჩემი სურვილი იყო ჯარისკაცობაო – თქვა მან და თითქოს თავისივე სიტყვებისა
შერცხვა, ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. მაგრამ ხალხმა უკვე იცოდა, ვინ იდგა მის წინ: ყველა
მათგანის ბედის მოზიარე და უკიდეგანო ქარიშხლის მხედარი.
ბარათაშვილის ძეგლი დღემდე არ დგას თბილისში. არსად არ დგას. არადა, შეიძლებოდა,
ის ძეგლი ასის თუ არა, ორმოცდაათი წლისა მაინც ყოფილიყო. ორმოცდაათი წელი კი არანაკლებ სამი თაობის აღზრდაში შეიტანდა თავის განუსაზღვრელ წვლილსა და ამაგს. ძეგლი
ისეთსავე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანის სულზე, როგორსაც პირველად ხილული ზღვა, მთები... ამიტომაც, მიუხედავად სიდიდისა და სიმძიმისა, იგი (ძეგლი პოეტისა) ყველა ჩვენგანის არსებაში სამუდამოდ ჩასახლდება ხოლმე და, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, იზრდება კიდეც ჩვენთან ერთად. ძეგლი ჩვენამდე არსებული სამყაროს სიმბოლოა,
თვალნათლივი და ხელშესახები. მისი დუმილი გაცილებით ბევრის მთქმელია, ვიდრე
მჭევრმეტყველთა ქადაგებანი. მოკლედ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. დროზე ადრე, ან
დროზე გვიან – თანაბრად საზიანოა. არ შეიძლება, სიჭარმაგეში წაიკითხო სიყმაწვილეში წასაკითხი და ისევე მიიღო აუცილებელი საზრდო სულისა, როგორც ყმაწვილი მიიღებდი.
ძეგლიც ასეა. ძეგლი ერთ-ერთი პირველი საოცრებათაგანია ახლად გონებაგახსნილი ბავშვისთვის და უძლიერეს ბიძგს აძლევს მის ფიქრსა და ფანტაზიას. რაც ერთხელ ცხოვლად
სულს დააჩნდების, საშვილიშვილოდ გარდაეცემის. გააჩნია, რა დააჩნდების სულს და რა
გარდაეცემის საშვილიშვილოდ. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ბავშვისთვის. ჩემს
სულში სამუდამოდ ჩარჩა ერთი ლეღვის ხე, რომელიც ჩემი ბავშვობის პირველ წლებში,
ბათუმში, მამიდაჩემის ეზოში იდგა. ახლა აღარც ის ხეა და აღარც ის ეზო. იმ ადგილას დიდი
საცხოვრებელი სახლი ააშენეს და სადაც ადრე ერთი ოჯახი ცხოვრობდა, ახლა ათეულობით
ოჯახი ცხოვრობს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. მაგრამ მე ყოველთვის სინანულით ვიხსენებ ჩემი ბავშვობის მესაიდუმლეს, ერთი მხრივ, უშნოსა და ხაოიან ხეს და, მეორე მხრივ,
უნაზესსა და უძვირფასეს არსებას. მე იმ ხისთვის მიკოცნია. შემოვხვევივარ მის დაგრეხილ
სხეულს და მიტირია კიდეც, მაგალითად, როცა მამა საავადმყოფოში წაიყვანეს, ანდა, როცა
სამუდამოდ მოვდიოდი ბათუმიდან... ადამიანი ყველაფერში სიწმინდეს ეძებს, ეს მისი თვისებაა, და როცა პოულობს, გააღმერთებს ხოლმე. სწამს მისი. ენდობა. რწმენის გარეშე ადამიანი პატარავდება, მახინჯდება. ესეც მისი თვისებაა. მაგრამ მთავარია, რა სწამს, რას ენდობა.
ის ხე ჩემი ბავშვობის წმინდა ხეა, რასაკვირველია, მხოლოდ ჩემთვის, და მისი განზოგადება
არ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, ძნელია. მაგრამ არსებობს ყველასათვის ერთნაირად წმინდა ხეც. ეს ხე ძეგლია, ძეგლი პოეტისა. ასეთი იქნება ალბათ ჩემთვის და მომავალი თაობებისთვის ბარათაშვილის ძეგლიც. ჟამი ჩემშია და ჟამისა მე ვარ იმედიო – ეს სიტყვები საუკუნის წინ ნაპოლეონს ათქმევინა, დღეს კი, გრანიტის მაღალ კვარცხლბეკზე შემდგარს, შეეძლო
თვითონაც ეთქვა...
1968
2. სხვა ვარსკვლავი
«ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს».
ილია ჭავჭავაძე
ყველა ლიტერატურას თავისი განსაკუთრებული წარმომადგენელი ჰყავს, რომელიც ზოგადსაკაცობრიო მაგალითიც არის საერთოდ მწერლობისა და საერთოდ საზოგადო მოღვაწეობისა. აქედან გამომდინარე, მისი დანიშნულებაც გაცილებით დიდია, ვიდრე მწერლობაა, ანდა
საზოგადო მოღვაწეობა. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ისინი, გამორჩეულნი, გვიღვიძებენ
ჩვენ, დანარჩენებს, სწავლის სურვილს, განგვაწყობენ სამოქმედოდ, გვიმძაფრებენ შექმნის
ჟინს და გვიდასტურებენ «უკეთესი ქვეყნის» არსებობას, დროსა და სივრცეზე გამარჯვების
შესაძლებლობას. ასე რომ, ვიდრე იარსებებს კაცობრიობა, ისინიც, გამორჩეულნიც, ყოველთვის სამაგალითონი და მისაბაძნი იქნებიან. ხოლო რაც მათ ცალ-ცალკე შეუქმნიათ თავიანთ ქვეყნებში, საერთო, საყოველთაო სახელმძღვანელოა, საიდანაც ნებისმიერი მსურველი,
უპირველეს ყოვლისა, იმას იგებს, თუ როგორი უნდა იყოს თავად.
ასეთი გამორჩეული პიროვნებაა ჩვენთვის ილია ჭავჭავაძე, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველამ
როდი იცის ეს. პირიქით, ამ ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩვენი ზოგიერთი გაზეთი ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების გადაფასებას აპირებდეს,
გადაფასებას იმ ფენომენისა, ურომლისოდაც საერთოდ წარმოუდგენელია ჩვენი არათუ სულიერი, არამედ ფიზიკური არსებობაც, ნებისმიერი თვალსაზრისით და ნებისმიერ პოლიტიკურ სიტუაციაში. მაგრამ, ვთქვათ, ილიას პოეტური ფრაზის, ანდა რომელიმე გამონათქვამის
კრიტიკა კი არ არის შემაშფოთებელი – ამგვარი კრიტიკა, რასაკვირველია, ვერაფერს დააკლებს «ერის გაზრდილსა» და «ცის დანიშნულს» – მაგრამ დიახაც შემაშფოთებელია, ვერაფრით რომ ვერ მოვახერხეთ აქამდე საერთო აზრისა და შეხედულების შექმნა ჩვენი ერთადერთი მკურნალისა და ქომაგის მიმართ. შემაშფოთებელია, დღევანდელი ქართველის გულშიც
რომ პოულობს ადგილს უსაფუძვლო და ბრმა სიძულვილი განუსაზღვრელი და უანგარო
სიყვარულის წილ. ჩვენდა სავალალოდ, მხოლოდ იმითღა შეგვიძლია ვინუგეშოთ თავი, რომ
დღევანდელი მასობრივი მკითხველი განვითარების ძალიან დაბალ დონეზე დგას და, თავისთავად ცხადია, ყველა დიდი პიროვნების გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა უფრო აინტერესებს, ვიდრე თავად პიროვნების ჭეშმარიტი ადგილი და მნიშვნელობა, თუნდაც, პირადად მის ცხოვრებაში.
ლიტერატურის მცოდნესა და საქმეში ჩახედულ კაცს მხოლოდ ღიმილს თუ მოჰგვრის
ილიას «კრიტიკოსთა» თავგამოდება. მაგრამ მაინც უნდა ითქვას, ვერც ერთმა მათგანმა ვერ
მიაგო კეისარს კეისრისა. მთავარია, გაზეთის დღევანდელმა მკითხველმაც იცოდეს ეს, თორემ, ადვილი შესაძლებელია, ილიას მაგინებლები ილიას უფლებამოსილ და შეუმცდარ მსაჯულებად აღიქვას, რაც, მხოლოდ და მხოლოდ ისევ მისთვისაა საზიანო, რადგან მის თვალში დააყენებს ეჭვის ქვეშ ილია ჭავჭავაძის ფენომენის სიდიადესა და შეუვალობას. და მაინც,
უვიცთა დაეჭვებაცა და ბრიყვთა აშკარა გამოხდომებიც მოსატანიც არ არის იმ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისა და საგულდაგულოდ შენიღბულ პოლიტიკასთან, რომელიც აგერ
უკვე ასი წელია, წარმატებით ხორციელდება და დღესაც მრავალ შესაძლებლობას იძლევა,
რათა არამარტო ილიას გვერდით მოვიხსენიოთ, არამედ ილიაზე არანაკლები პატივი მივაგოთ მის მკვლელებსაც.
აი, მთავარი მიზეზი ჩვენი გაორებისა, ჩვენი ყოყმანისა, ჩვენი ეჭვიანობისა იმ ადამიანთან
დაკავშირებით, ვისაც ბრმად უნდა ვენდობოდეთ და გონებრივი და სულიერი სიფხიზლით
ვიცავდეთ. მაგრამ ვიდრე ამას მოვახერხებთ, ჯერ კიდევ ბევრჯერ დავეჭვდებით, არის თუ
არა ილია ერთადერთი და აუცილებელი ნიშანსვეტი ჩვენთვის; ბევრჯერ ვიკითხავთ გუნებაში, ვიცხოვროთ მისი მაგალითით, თუ სხვა ვარსკვლავს მივსდიოთ უკვე. თუმცა (და არც ეს
იცის ჩვენმა დღევანდელმა მასობრივმა მკითხველმა), «სხვა ვარსკვლავის დევნა» უკვე ილიას
მაგალითით ცხოვრებას ნიშნავს მხოლოდ. ოღონდ, ჩვენი ღრმა რწმენით, ჯერჯერობით ერთი დღეც არ გვიცხოვრია ილიას მაგალითით. კი ვამბობთ, ხმამაღლაც ვიქადნით, ვიმუქრებით კიდეც, მაგრამ მაინც ძველებურად ვაგრძელებთ ცხოვრებას, ანუ, ვცხოვრობთ მონობაში
შეძენილი წესებითა და მონობაში შემუშავებული მსოფლმხედველობით, რაც, პირველ რიგში, სწორედ «სხვა ვარსკვლავის» დანახვას გვიშლის. «სხვა ვარსკვლავი» თავად ილიაა, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოგვიყვანოს მონობის უკუნეთიდან. აი, როცა იქიდან გამოვალთ, მაშინ უფლებამოსილნიც ვიქნებით და ალბათ უფრო გამართლებულიც იქ-
ნება ჩვენგან ახალი სულიერი ნიშანსვეტების ძიება. იქამდე კი, ამის მცდელობაც, სხვა რომ
არაფერი ვთქვათ, ძალიან ნაადრევია ნებისმიერი ქართული გაზეთისთვის.
ილია მხოლოდ სისხლიანი წარსული კი არ არის ჩვენთვის, არამედ წართმეული აწმყოცაა
და სავალდებულო მომავალიც. მისი ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ არ ყოფილა ჩვენს
ცხოვრებაში ისეთი პერიოდი, მის ნამოღვაწარს მნიშვნელობა დაეკარგოს რომელიმე ჭკუათმყოფელი ქართველისთვის; არ ყოფილა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ქართველი მწერალი,
რომელსაც არ განეცადოს მისი კეთილმყოფელი გავლენა. მისი ფენომენი უფალივით მრავალმხრივია და განუყოფელი, ანუ, განუყოფლად იყოფის მხოლოდ და მხოლოდ მის მიმდევართა, თანამზრახველთა, თანამოაზრეთა და თაყვანისმცემელთა შორის. უფრო მარტივად
რომ ვთქვათ, ილია იმის სამუდამო საკუთრებაა, ვისაც სამშობლოსთვის უცემს გული.
ილია ჭავჭავაძე ჯერ ისევ ჩვენთან არის, ჯერ საქართველოს ბალახს მისი სისხლი არ შეშრობია, ჯერ არ ჩამქრალა მის კუბოსთან ანთებული სანთელი, ჯერ არ გაციებულა მისი ნათელი შუბლი... ხოლო მისი სული საერთოდ არ აპირებს აქედან წასვლას. ჩვენთან ერთად
ცხოვრობს, ჩვენ შორის ტრიალებს, მაგრამ ყველას როდი შეუძლია მისი დანახვა. ამისთვის
განსაკუთრებული აღზრდაა საჭირო, და საერთოდ, ასეთია ხვედრი იმ გამორჩეულთა, რომლებზედაც ზემოთ ვლაპარაკობდით. ისინი ცოტანი არიან, რადგან არ შეიძლება ბევრნი იყვნენ. მაგრამ მათი მეშვეობით შეიძლება ბევრი ღირსეული ადამიანი აღიზარდოს. ხოლო,
რაც უფრო მეტნი იქნებიან ღირსეულნი, მით უფრო თვალსაჩინო, მით უფრო აუცილებელი
გახდება მთელი კაცობრიობისთვის, ვთქვათ, ჩვენი ილია თუ რუსების ტოლსტოი, გერმანელების გოეთე თუ ფრანგების ჰიუგო... ყოველი მათგანი, რასაკვირველია, ერთადერთია და
განუმეორებელი და, ამიტომაც, ერთმანეთს კი არ ენაცვლებიან, ავსებენ ერთმანეთს, ერთმანეთის სახელს სიდიადესა და სინათლეს ჰმატებენ მხოლოდ, ერთმანეთის შუქით კიდევ უფრო ივსებიან და ნათდებიან, როგორც ერთი და იმავე თანავარსკვლავედის ვარსკვლავები.
1998
3. აკაკი
გასული საუკუნის მიწურულს, ბათუმში, ნინოობის საღამოზე მოწვეულ უცხოელ სტუმრებს
აკაკიზე უთქვამთ, ღმერთი ვიხილეთო. დიახაც რომ ღმერთია, ოღონდ მის მიერ შექმნილი
სამყარო, მისი ვარსკვლავეთი, საქართველოთი იწყება და საქართველოთი მთავრდება. ქართველთა ღმერთია, ხელმეორედ მშობელი საკუთარი მშობლისა, რამდენადაც მის გამოცხადებამდე საქართველო აღარ არსებობდა, ანდა ჯერ კიდევ თუ არსებობდა, გველეშაპის მუცელში, გველეშაპის ფაშვის წყვდიადსა და სიმყრალეში ღაფავდა სულს... მაგრამ აკაკიმ სიკვდილი არ აცალა, ქართული მითოსის გმირივით, დედის ნაჩუქარი «ოქროს დანით» ფერდი
გამოსჭრა გვეშელაპს და წიაღის დორბლითა და ოხშივრით გალუმპული და დაბრმავებული
სამშობლო ჩვილივით ამოიყვანა სამზეოზე... ამიტომაც ჰქონდა უფლება, მწარე სიტყვაც ეთქვა მისთვის (სამშობლოსთვის), თუკი საჭიროდ მიიჩნევდა; ამიტომაც ჰქონდა უფლება, ენა
დაეწუნებინა ვაჟა-ფშაველასთვის და შარაგზაზე მოკლული ილია ჭავჭავაძისთვის კუბოში
ჩაეძახა, ბედნიერი ხარო... აკაკი ქართველი კაცისთვის ისევე დიდია, როგორც, ზოგადად,
ადამიანისთვის – დედამიწა. უნდა მოსწყდე და კოსმიური სიმაღლიდან შეხედო, მთლიანად
რომ იხილო და აღიქვა ის. შეიძლება, ამიტომაც არ ვიცით აქამდე მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა, არამარტო ქართული მწერლობისთვის, არამედ თითოეული ჩვენგანის სიცოცხლისთვისაც...
როცა აკაკიზე ვფიქრობ, თავისთავად იბადება პარალელური, არანაკლებ ამაღელვებელამაფორიაქებელი ფიქრი: შევძლებდით თუ არა ეროვნული შეგნების, ადამიანური ღირსების,
მშობლიური ენისა და მამა-პაპათა სალოცავების შენარჩუნებას, ერთდროულად რომ არ მოევლინა განგებას ჩვენთვის ილია და აკაკი, მეცხრამეტე საუკუნის ეს ორი ამირანი! ძნელი
სათქმელია. მით უფრო, რომ არსებობს ფრიად გულსაკლავი მაგალითი თურქეთის «წილხვედრი» საქართველოს სახით. მაგრამ, ერთსა და იმავე დროს, იმდენად მომხიბლავი და იმდენად შემაძრწუნებელია ეს ფიქრი, იოლად ვერ შეელევა კაცი, უფრო სწორად, იოლად ვერ
დაიძვრენს თავს იმის გავარვარებული მარწუხებიდან, თუკი მართლა უყვარს სამშობლო –
ესე იგი, აკაკის კალთიდან გადმოფერთხილი ფინჩხებითაა გაზრდილი და, რაც მთავარია,
არამარტო მადლიერია აკაკისა, არამედ ესმის კიდეც მისი მნიშვნელობა.
მაგრამ განა ყველამ იცოდა, ანდა დღეს იცის აკაკის ფასი, როცა ის უკვე მარადისობის საკუთრებაა?! რასაკვირველია, არა. არც დღეს იციან და, მით უფრო, არც მაშინ იცოდნენ, როცა
ჩვეულებრივი ადამიანივით ცხოვრობდა ჩვეულებრივ ადამიანთა შორის – დადიოდა, ლაპარაკობდა, ღელავდა, განიცდიდა, სცხელოდა, სციოდა და განუწყვეტლივ ეძებდა პურსა და
ღამის გასათევს. მართალია, მშობლიურმა სოფელმა ერთი ქოთანი ლობიო გამოუგზავნა იუბილეზე (თვითონ მოიკლო უკანასკნელი და იმას მისცა), მართალია, ქუთაისის ერთ-ერთ
სასტუმროში ყოველთვის დაკეტილი იყო ოთახი მის სახელზე და არსებობდა ის ჭარმაგი,
თავისი ჩაცმულობითა და გარეგნობით უაღრესად კეთილშობილური სისადავისა და უბრალოების განმასახიერებელი გლეხიც, ერთგული მცველივით რომ ამოსდგომია ზურგს უკან –
რაჭა-ლეჩხუმში მოგზაურობისას გადაღებულ ერთ-ერთ სურათზე – და სამარადისოდ შეჩერებული მისი მოძრაობაცა და გამომეტყველებაც მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი პატივისცემისა და მოკრძალების გამოხატულებაა ამ ღმერთივით თეთრად დაბერებული სტუმრის
მიმართ, მაგრამ ეს მაინც არ არის საკმარისი, მარადიული ეჭვისგან, მარადიული მიუსაფრობისგან და მარადიული განგაშისგან გაათავისუფლოს პირადი ცხოვრებით გაწბილებული და
სამშობლოს ჭირ-ვარამით თავდავიწყებული პოეტის არსება. ბევრს აშკარად სძულდა და ბევრი აშკარად ნატრობდა მის სიკვდილს, რადგან ღრმად იყო დარწმუნებული (და არც მთლად
უსაფუძვლოდ), გაცილებით მშვიდად და «ადამიანურად» რომ იცხოვრებდა უიმისოდ. ყოველ შემთხვევაში, სულ იმის შიშში არ იქნებოდა, რამე ისეთი არ წამომცდეს და რამე ისეთი
არ ჩავიდინო, ამ ღვარძლიანი და კაპასი ბებრის პირში ჩავვარდეო. ეს შიში აიძულებდა მაშინდელ ობივატელს, მაინც იმაზე უკეთესი ყოფილიყო, ვიდრე ნებაზე მიშვებული იქნებოდა, როცა არც სამშობლოს სიყვარულს შეახსენებდა ვინმე, არც პირად ღირსებას. «ღვარძლიანი და კაპასი ბებერი», ერთდროულად, გულისხმიერი მოწყალების დაც გახლდათ და მკაცრი
ზედამხედველიც მონობით დასნეულებული და ცხრაკლიტულში გამომწყვდეული სამშობლოსი – ხან თუ ენით ულოკავდა ჭრილობებს, ხან მეხად დაატყდებოდა ხოლმე თავზე – გაიღვიძე, ნუ გძინავსო!..
ვისაც სხვიტორის სახლ-მუზეუმში (ოღონდ ბავშვობისას) აკაკის ფეხსაცმელი უნახავს,
ძნელად თუ მოახდენს რამე უფრო გრანდიოზულ შთაბეჭდილებას მასზე, თანაც, მთელი
ცხოვრების მანძილზე, რამდენადაც ის ფეხსაცმელი მასთან ერთად იზრდება და, თანდათანობით, ძნელი დასაჯერებელი ხდება, თუნდაც აკაკივით ახოვანსა და წარმოსადეგ ადამიანს
რომ ეცვა ოდესღაც და არა ადამიანის სახით მოვლენილ ღვთაებას. დღეს რომ ის ფეხსაცმელი საქართველოში ჩამოატარონ, არავის მოერგება ალბათ, ჩატევით კი, ყველანი ჩავეტევით
შიგ, როგორც ბიბლიურ კიდობანში. ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ თუ კიდევ დადგა ჩვენი
ყოფნა-არყოფნის საკითხი, მისგან ხელმეორედ შობილსა და მისგანვე სამუდამოდ დაობლებულ (გნებავთ, დაქვრივებულ) ქვეყანას ისევ ის თუ გადაარჩენს მხოლოდ. ამინ! მაგრამ იცო-
და ეს აკაკიმ სიცოცხლეში? ყოველ შემთხვევაში, ალბათ ძალიან უნდოდა, სიკვდილის შემდეგ მაინც დაენახათ, ეგრძნოთ, გაეგოთ მისი ღვთაებრივი წარმომავლობა, რასაც თავად,
მართლაც, ღვთაებრივი თავმდაბლობითა და უბრალოებით უთავსებდა ჩვეულებრივად მარტოხელა, მარად ხელმოკლე და მარად უსასთუმლო კაცის ცხოვრებას... სამაგიეროდ, ჩვენ უკვე ნათლად ვიცით, თავიდანვე მთაწმინდისთვის რომ იყო გაჩენილი... სხვათა შორის, თითქოს გასაკვირიცაა, რატომ არ დაკრძალეს ქუთაისში, იქ შობილი და იქვე გარდაცვლილი. მისი მეფური ლანდისთვის არც იქაურობა იქნებოდა ნაკლებად შთამბეჭდავი ფონი: ბაგრატისა
და გელათის ტაძრები, მოწამეთა და გეგუთის ნანგრევები... მაგრამ აკაკი თანაბრად ეკუთვნოდა მთელ საქართველოს, ზარის ხმასავით განუყოფელი, და ვერც ერთი კუთხე საქართველოსი, თუნდაც მისი მშობელი, მთლიანად ვერ მიითვისებდა მის ღვთაებრივ მადლსა და სინათლეს. აკაკი მთაწმინდისთვის იყო გაჩენილი და ეს არათუ ქართველმა ხალხმა, არამედ იმ
უსულგულო და უგრძნობელმა ორთქლმავალმაც იცოდა, მოტირალი ქალივით რომ მოჰკიოდა ჯერ იმერეთის სერებსა და მერე ქართლის ველ-მინდვრებს... მოიჩქაროდა, მოაფრიალებდა კვამლის შავ ნაწნავს, რათა წმინდა ცხედარი დროულად გადაეცა უკვდავებისთვის... მოისწრაფოდა თავგამოდებული, გულამოვარდნილი – გრძნობდა, რა დიდი მნიშვნელობა
ჰქონდა ყოველ წამს, როგორი მოუთმენლობით ელოდებოდა მთელი საქართველო, როდის
ჩაიბარებდა დედაქალაქი გულდაკოდილი და ბოლო წუთამდე მაინც მომღერალი მგოსნის
ნეშტს, რათა მისთვისაც იქ მიეჩინა სამუდამო განსასვენებელი, სადაც სამშობლოსთვის ტანჯულთა და წამებულთა ძვლები განისვენებდნენ მხოლოდ, «საშვილიშვილო სამარეში», ანუ
ქართველის შეგნებისთვის ყველაზე მაღალ ტაძარში და ყველაზე მდიდრულ აკლდამაში,
თუმცა, ხრიოკი ფერდობებისა და მეჩხერი ბუჩქნარის მეტს, ვერაფერს დაინახავს ირგვლივ
თვალი...
1999
4. ფიროსმანი
ფიროსმანი, რასაკვირველია, პროფესიონალი მხატვარია, ნათლად გამოკვეთილი პოზიციითა და მკაცრად ჩამოყალიბებული ფილოსოფიით აღჭურვილი. მისი ფუნჯი გარკვეულ კანონებს ექვემდებარება და გარკვეული სკოლის მოთხოვნებს ასრულებს, როცა მუშამბის ნებისმიერ ნაგლეჯს, ტიტანური ძალისხმევითა და გენიოსური დაუდევრობით, სამარადისოდ
ანიჭებს განუმეორებელ ხასიათსა თუ უჩვეულო განწყობას, უკეთილშობილეს იდეასა თუ
უსპეტაკეს სულს...
ფიროსმანი უკანასკნელი წარმომადგენელია ჩვენი საეკლესიო მხატვრობისა. წესით, ტაძრები უნდა მოეხატა, მაგრამ ცხოვრების უკუღმართობის გამო დუქნებს ხატავდა. და მაინც,
მთელი მისი არსება, მიუხედავად ირგვლივ გამეფებული სიბნელისა, ჯიუტად ინარჩუნებს
თითქოს სამუდამოდ დამთავრებული უძველესი ქართული საეკლესიო მხატვრობის შორეულ გამონაშუქს. განა მზე რომ ჩადის, ყველაფერი ერთდროულად და ერთნაირად ითქვიფება სიბნელეში?! ზოგიერთი საგანი უფრო დიდხანს უძლებს წყვდიადის შემოტევას, უფრო
დიდხანს ინახავს მზის დანატოვარ სინათლეს, და სწორედ ასეთი «საგანია» ფიროსმანიც.
მართალია, მისმა «ეპოქამ», მისმა «მიწიერმა დრომ» ტაძრიდან დუქანში გადაინაცვლა, მაგრამ
ის მაინც უფრო სულის მხატვარია, ვიდრე – ყოფისა. უფრო სწორად, ყოფის რომელიმე უაღრესად დამახასიათებელი დეტალის აღმოჩენისა და წარმოჩენის იშვიათი უნარით კი არ გამოირჩევა მხოლოდ, არამედ ნებისმიერი დეტალისთვის კიდევ სხვა, ბოლომდე ამოუხსნელი
(რასაკვირველია, ჩვენთვის) დანიშნულებისა და მნიშვნელობის მინიჭებით.
მისი «მოქეიფეები» წმინდანებს უფრო ჰგვანან, ვიდრე მოქეიფეებს, ოღონდ ეგაა, ჯვრებისა
და ხატების ნაცვლად ხელში ჩვეულებრივი ყანწები უჭირავთ. და მაინც, მათი «ქეიფი»
დროსტარების ტრადიციული სცენა კი არ არის, არამედ იდუმალი აქტია უაღრესად მნიშვნელოვანი საიდუმლოს განდობისა, ოღონდ საიდუმლოს განმდობებს სახეებზეც ეტყობათ,
თვითონვე რომ არ სჯერათ, მართლა თუ აღმოჩნდება ჩვენს შორის ვინმე მათი საიდუმლოს
გამგები. არც მისი «მეთევზე» ჰგავს ბუნებრივ გარემოში მოხვედრილსა და ნადავლით ხელდამშვენებულ მეთევზეს. თუმცა, შარვალაკაპიწებული, მდინარეში დგას და ვეება თევზიც
უჭირავს ხელში, ერთი სახტად დარჩენილი, გაწბილებული თუ შეშინებული კაცია, მისთვის
უჩვეულო, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი და, გეგონებათ, მდინარეც ელანდება და
თევზიცო, ანდა საერთოდ პირველად ხედავს ერთსაც და მეორესაცო...
საერთოდ, ფიროსმანის ფუნჯის ყველა «ნაშიერი» ერთნაირად შემცბარი და გაოცებულია,
თითქოს არც ერთი მათგანის სულში ჯერ არ დაბადებულა რაიმე ცუდი ზრახვა. ხოლო მაინც
თუ სჩადის ცუდს, მხოლოდ და მხოლოდ იძულებით, ანდა უნებლიეთ, როგორც მოთვინიერებული ცხოველი. ისინი თითქოს იმ გარემოში კი არ დაბადებულან, რომელშიც ცხოვრობენ, არამედ შემთხვევით, მოულოდნელად აღმოჩენილან აქ და ამიტომაც არიან ერთნაირად
დაბნეულები, სევდიანები, უცხოები, როგორი უცხოც, ვთქვათ, ჟირაფია საქართველოს ბუნებისთვის. მაგრამ იმავე ჟირაფისა არ იყოს, მათი შემქმნელის ჯადოქრობის წყალობით, ძნელად თუ მოინახება ჩვენს სინამდვილეში რაიმე მათზე უფრო ახლობელი, მათზე უფრო ბუნებრივი, მათზე უფრო ქართული...
1972
5. ტერენტი გრანელი
იშვიათია პოეტი, ისევე ეცხოვროს პოეზიით, როგორც ტერენტი გრანელი ცხოვრობდა, ამ
სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. პოეზიას შეეძლო ყველაფერი შეეცვალა მისთვის,
არამარტო მეორე ადამიანთან ურთიერთობა, არამედ პურიც, წყალიც, ჰაერიც... ის პოეზიით
სუნთქავდა და მისი ფილტვები, მთელი მისი არსება განუწყვეტლივ იჟღინთებოდა ნისლიანი, ღამეული სადგურების სუნით, სივრცეში გარინდული სამრეკლოების დუმილით, ყვითელი, გამხმარი ყვავილისა და ფოთლის მტვრით, შორეული წვიმებისა და გამოღებული სარკმლიდან მოულოდნელად გადმოღვრილი როიალის ხმებით... ის თუ ფიქრობდა, ლექსზე
ფიქრობდა და სიცოცხლეზე, სიკვდილზე მეტად უნდოდა კარგი ლექსის დაწერა. მისთვის
ყველაფერი ჯერ ლექსის სახეს იღებდა და მხოლოდ მერე ხდებოდა გასაგები, მისაღები ან
უარსაყოფი... ის თავიდანვე განწირული იყო დასაღუპად, რადგან არ შეეძლო საკუთარ არსებაში პოეტი გამოეცალკევებინა ჩვეულებრივი ადამიანისგან, რომელსაც თბილი ოთახი, ცხელი კერძი, ქალის ხელი, ნათესავი და მეგობარი სჭირდება – წარმოდგენილი კი არა, ნამდვილი!
1969
6. ღმერთის სიკვდილი
მე მქონდა შესაძლებლობა პირადად გავცნობოდი გალაკტიონს. მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში
ვსწავლობდი და რამდენიმე ბავშვი გაგვაგზავნეს სკოლიდან რაღაცის გადასაცემად, მაგრამ
ბოლო წუთას მაინც ვერ გავბედე მის ბინაში შესვლა, შემეშინდა, ისეთი რამე არ ეკითხა ჩემ-
თვის, რაზედაც ვერ ვუპასუხებდი, არ მეცოდინებოდა, ანდა ისე ვერ ვუპასუხებდი, როგორ
პასუხსაც ელოდებოდა ალბათ იმისგან, ვინც მის სამფლობელოში შეჭრას გაბედავდა.
გალაკტიონი სულ იყო. ის წარსულიდან კი არ ამოიზარდა ჩვენთვის სხვა ტიტანებივით,
არამედ ჩვენს გვერდით ცხოვრობდა, ჩვენთან ერთად, და, შეიძლება ამის გამოც, მისი ზემოქმედება შეუმჩნეველი რჩებოდა დიდი ხნის მანძილზე. ის ჰაერივით შემოდიოდა ჩვენს არსებაში, ჰაერივით, რომელსაც ვერ ამჩნევ, ვერც გრძნობ, მაგრამ ურომლისოდაც სიცოცხლე არ
შეგიძლია.
გალაკტიონს რომ ჩვენამდე ეცხოვრა, შეიძლება თავიდანვე მეტი პატივისცემა გვქონოდა
არამარტო მისი პოეზიის, არამედ მისი პიროვნების მიმართაც. ღმერთი რომ ხილული იყოს,
რელიგია არ იარსებებდა. გალაკტიონს კი იმდენად შეეჩვია თბილისი, აღარავის უკვირდა
მისი გამოჩენა, ყველანი ცნობდნენ, ყველამ იცოდა მისი სახელი, რაც, ძალაუნებურად, არღვევდა საზღვრებს ჩვეულებრივსა და არაჩვეულებრივს, ყოველდღიურსა და მარადიულს
შორის. პირადად მეც ბევრჯერ მინახავს იგი, ხევისბერივით გოროზი და ახოვანი, ბავშვის წამალზე გამოსული კაცივით აფორიაქებული, ანდა უბილეთო მგზავრივით, ტროლეიბუსის
უკანა ბაქანზე გაჩერებული და სევდიანი ყურადღებით გამომზირალი ტროლეიბუსის კარის
ვიწრო მინაში – გეგონებოდათ, პირველად მოხვედრილა ამ ქალაქშიო.
ჩვენ არ განგვიცდია მისი წარმოდგენის ტანჯვა და სიამე, მაგრამ ჩემს თაობას, ეტყობა, ბედად ეწერა უფრო დიდი შთაბეჭდილების განცდა, ვიდრე ღმერთის წარმოდგენაა. მან ღმერთის სიკვდილი იხილა. ის დღეები, როცა გალაკტიონი მწერალთა კავშირში ესვენა, საზეიმო
უფრო იყო, ვიდრე სამგლოვიარო. მწერალთა კავშირი იმ დღეებში მართლა ჰგავდა ტაძარს,
სადაც ყველა მორწმუნეს შეეძლო შესვლა უფლის სახილველად. ის კი, უფალი, მშვიდად, მედიდურად, მომხიბვლელადაც კი, იწვა მაღალ კუბოში, ყვავილებში ჩაფლული, და ჩვენ, პოეტები კი არა, პოეზიის თაყვანისმცემლები, მორწმუნეთა აღტკინებით, ტანჯვანარევი სიამით,
ჭირისუფლის უფლებამოსილებით ვირეოდით ნახევრად ბნელ დარბაზში, სადაც კუბო იდგა, რადგან ჩვენს აღტკინებას, სიამესა და უფლებამოსილებას პოეზიის – ამ უძველესი და უმშვენიერესი რელიგიის – საიდუმლოებათა ღრმა ცოდნა კი არ ბადებდა, არამედ – განუსაზღვრელი ნდობა, შეურყეველი რწმენა მისდამი. სადაც ღმერთი ასვენია, იქ ურწმუნოებაზე და
უნდობლობაზე ლაპარაკი თავისთავად გამორიცხულია.
გალაკტიონმა, უპირველეს ყოვლისა, პოეზიის სიდიადის, პოეზიის მარადიულობისა და,
რაც მთავარია, პოეზიის აუცილებლობის რწმენა განგვიმტკიცა ჩვენ. მწერლები ერთმანეთს
ასწავლიან, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, ვინ ვის ასწავლის, მთავარია, ვინ რა იცის, ვისგან
რისი სწავლა შეიძლება. გალაკტიონმა სიტყვის პატივისცემა გვასწავლა, რაც, თავისთავად,
საერთოდ ადამიანის პატივისცემას ნიშნავს. მე არ მეგულება ჩვენს თანამედროვეობაში მეტნაკლები შესაძლებლობის, განათლებისა და გაქანების პოეტი (რა თქმა უნდა, ჩემი ჩათვლით), გალაკტიონის გავლენა არ განეცადოს. გავლენა, კარგი გაგებით, კეთილშობილური
აუცილებლობაა, განვითარებასა და წინ წასვლას გულისხმობს, რადგან სულში ტოვებს
კვალს და არა სახეზე. სახეზე მიმბაძველობა ტოვებს კვალს, გრიმივით, ხოლო მიმბაძველობისკენ ადამიანს, ამ შემთხვევაში პოეტს, ადამიანის სულის სიღრმეთა წვდომის სურვილი კი
არ უბიძგებს, არამედ ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივების ჟინი. გალაკტიონს, სხვათა შორის, მიმბაძველიც ბევრი გამოუჩნდა და მათი მეშვეობით მან ისიც გვასწავლა, თუ როგორი
არ უნდა იყოს პოეტი.
გალაკტიონის ცხოვრება მშვენიერისადმი განუწყვეტელი სწრაფვაა, განუწყვეტელი და,
ამიტომაც, გამანადგურებელი სურვილია მშვენიერის შექმნისა, რასაც თანამგზავრად კატორღული შრომა, უძილობა, უპურობა, უმეგობრობა, აუტანელი ტკივილი, სულისშემხუთავი
ეჭვი, გამაოგნებელი სინანული და იშვიათი, წამიერი ბედნიერების შეგრძნება ახლავს მხოლოდ. შეიძლება ამის ბრალიცაა, რომ გალაკტიონის ყველა სურათიდან (რომელ ასაკშიც არ
უნდა იყოს გადაღებული) გამაოცებელი სისუფთავისა და ჩვენთვის უცხო სისადავის გრძნობა გვეუფლება ხოლმე, რაც ამ ბედნიერი ტანჯულის სულიერი დახვეწილობის, სულიერი
წრთობისა და სულიერი სიდიადის გამონაშუქია, თვალისთვის მიუღწეველი ვარსკვლავის
სინათლესავით რომ აღწევს ჩვენამდე და მერე დიდხანს გვაფორიაქებს, როგორც ბოლომდე
გაურკვეველი, მაგრამ ბედნიერების მაუწყებელი სიზმარი...
1975
ადამიანი დროისა და სივრცის უსასრულობაში
(საერთო პასუხი ჟურნალ «ვოპროსი ლიტერატურის» ანკეტაზე)
ვიდრე გიპასუხებთ, მინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, ლიტერატურის თეორიაში საკმაოდ
მოვიკოჭლებ. ბევრი რამ, რაც თქვენ გაინტერესებთ, ჩემთვისაც ძნელი ასახსნელია. და მაინც,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 02
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.