Latin

ბედნიერი ტანჯული - 15

Total number of words is 3519
Total number of unique words is 1951
30.3 of words are in the 2000 most common words
41.0 of words are in the 5000 most common words
47.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ყოფილა ამის ღირსი. საქართველოსავით პატარა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ, რუსეთივით, ამერიკასავით, გერმანიასავით დიდი ქვეყნებიც ბლომად ხაპავენ ჩვენგან ათვალწუნებულ წყალს, ნამდვილსაც და ფალსიფიცირებულსაც, და კარგადაც ითბობენ ხელს. ჩვენი საზოგადოება კი ბრძნული სიმშვიდითა თუ ბრიყვული არხეინობით გაიძახის: ვის რად უნდა,
ნეტავი, ჩვენი ბორჯომიო...
ასეთივე «ჭრილობაა» ქართული ღვინის შელახული პრესტიჟი. განა დასაშვებია, მეღვინეობის ამ უხუცეს ქვეყანაში ყველაზე აბუჩად აგდებული მაინცდამაინც ვაზი იყოს? ვისაც როდის მოეპრიანება, მაშინ მოუღერებს ნაჯახს. განა დასაეჭვებელი არ არის, სულ მის გადარჩენაზე ვლაპარაკობდეთ, როცა სინამდვილეში ის არის ჩვენი მარადიული გადამრჩენელიცა და
გამაკეთილშობილებელიც?! გუშინ და გუშინწინ, მიუხედავად ჩვენი მონური მორჩილებისა,
ვინმეს რომ ეთქვა, წელს საქართველოში შეიძლება რთველი არ იყოსო – გავჩუმდებოდით?!
დღეს გვითხრეს და გავჩუმდით. საერთოდ, ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია მყარად დუმს
ჩვენი საზოგადოება, რადგან გულის სიღრმეში, ვინ იცის, ღვინოც უცხოური ურჩევნია საკუთარს. მაგრამ იმდენს ვერ ხვდება (ანდა, მშვენივრად ხვდება და შეგნებულად იქცევა ასე!),
საბედისწერო რომ შეიძლება აღმოჩნდეს მისი დუმილი...
«ჭრილობაა» ჩვენთვის პირველი და მსოფლიოსთვის, ჯერჯერობით, ბოლო ოლიმპიადაც.
გაიხსენეთ ჩვენი «მოულოდნელი» მარცხი, რაც უფრო მორალური ხასიათისა იყო, ვიდრე
სპორტული. სხვა ქვეყნების სახელით ამ ოლიმპიადაზე გაცილებით მეტი ქართველი სპორტსმენი გამოდიოდა, ვიდრე ეროვნულ გუნდში ირიცხებოდა. ოლიმპიური ოქროს მედლის
ერთ-ერთი უკონკურენტო ფალავანი, თითქმის ოლიმპიადის დაწყების წინ გავაბერძნეთ. მეორე – რომელიღაც პროცედურის არასწორად ჩატარების გამო მოიხსნა შეჯიბრებიდან. ჩვენს
დელეგაციაში სპორტულ სპეციალისტს ტურისტი ჭარბობდა. ყოველ შემთხვევაში, მოკრივეებს პირსახოცის მიმწოდებელიც არ ჰყავდათ, დასისხლიანებული ცხვირ-პირი რომ მოეხოცათ. რაც მთავარია, ჩვენმა პრესამ და რადიო-ტელევიზიამ «შესაშური» თავშეკავება გამოიჩინა ამ მოვლენის მიმართ, როცა პირიქით უნდა ყოფილიყო თითქოს... პირველად გამოვდიოდით მსოფლიოს წინაშე ჩვენი სახითა და სახელით, ჩვენ კი ისევ მოსკოვის მეშვეობით ვიგებდით, რა ხდებოდა ჩვენს თავს...
«ჭრილობაა» მსოფლიოში ცნობილი და ევროპაში ანგარიშგასაწევი საკლუბო გუნდის «დინამოს» სამარცხვინო დაკნინებაც. სხვათა შორის, «დინამომ» თავის დროზე დიდი როლი
ითამაშა ჩვენი ეროვნული შეგნების ამაღლებაში, რაც, თავისთავად ცხადია, შეუმჩნეველი არ
დარჩენია ფეხბურთის საკავშირო ფედერაციას და ყველანაირად ცდილობდა კიდეც მის «დაოკებას». დღეს სახელიღა შერჩა ძველი, თუმცა, სწორედ სახელის გადარქმევის მცდელობით
დაიწყო ყველაფერი. საკუთარი საფეხბურთო ფედერაცია კი გავხსენით, მაგრამ ფეხბურთელთა გამქირავებელ კანტორად ვიქეცით ბოლოს...
«ჭრილობაა» ჩვენი განათლების სისტემის «დაბნეულობაც». «განათლების მისაღებად»
ახალგაზრდებს უცხოეთში მივერეკებით (ყოველ შემთხვევაში, დიდად ვუწყობთ ხელს მათ
უცხოეთში გადაბარგებას), შინ კი უცხოენოვან კოლეჯებსა და უნივერსიტეტებს ვხსნით, ეშმაკმა იცის, რა მიზნით... ჩვენი ხსნა ფრანგულად ან თურქულად კი არა, მაინცდამაინც, ქართულად განათლებაა. თუკი ხვალაც ქართველებად დავრჩებით, ესე იგი, საქართველოში
ვიცხოვრებთ, ქართულად ვიაზროვნებთ, ქართულად ვილაპარაკებთ, ჩვენი ენა ნამდვილად
სახელმწიფო ენა იქნება და, რაც მთავარია, ვიცხოვრებთ მხოლოდ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ინტერესებით, არათუ ჩვენ, გენეტური ქართველები, არამედ ავსტრალიელიც ქართველად ჩაითვლება მექანიკურად, როგორც კი საქართველოს ქვეშევრდომის პასპორტს ჩაიგდებს ჯიბეში...
ქართველმა ებრაელებმა ოცდაექვსი საუკუნის მერე გენი დაუბრუნეს თავიანთ ისტორიულ სამშობლოს. ჩვენ კი პირიქით ვიქცევით. პირველ რიგში გენი გაგვაქვს სამშობლოდან. საზოგადოება კი დუმს. უფრო სწორად, ყველანაირად ცდილობს, ამ უაღრესად არაბუნებრივ
პროცესსაც, როგორც ბევრ სხვა მოვლენას, გარდუვალობის ელფერი შესძინოს, უპირველეს
ყოვლისა, შეგნებული უყურადღებობით. ამიტომაც არ უკითხავს არასოდეს, თუ რატომ უნდა აჯილდოვებდნენ ერთნაირად, ვთქვათ, ჯანსუღ კახიძეს, რომელიც აკლდამასავით გათოშილ დარბაზში მხრებზე პალტომოხურულიც მდგარა დირიჟორის პულტთან, რათა კულტურული ცხოვრების ილუზია მაინც შეენარჩუნებინა ბედისწერის უკუღმართობით გულმოკლული და აბუჩად აგდებული თავისი ხალხისთვის, და საზღვარგარეთ მოღვაწე ნებისმიერ ქართველ ხელოვანსაც, რომლის სახელიც, სამწუხაროდ, უკვე ლეგიონია.
ოციან წლებში ერთ გამოჩენილ რუს მსახიობს, მიხეილ ჩეხოვს, დიდი ჩეხოვის ძმისშვილს, უცხოეთში დარჩენის გამო, ზინაიდა რაიხმა მოღალატე უწოდა. რამდენად სწორია
ზინაიდა რაიხის საქციელი, სხვა საკითხია, მაგრამ ჩვენი ზინაიდა რაიხები მეორე უკიდურესობაში ვარდებიან: უხარიათ, თავი მოსწონთ, ეამაყებათ სხვის სამსახურში ჩამდგარი თანამემამულის სახელი, მეჩონგურე იქნება ის, მესტვირე თუ ფეხბურთელი...
საზოგადოებას ხელისუფლება რყვნის. ჩვენი საზოგადოება კი ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროსაა გარყვნილი. ამიტომაც არ აღელვებს, არც რცხვენია, ნორმალურად რომ
ვერ მეტყველებს მშობლიურ ენაზე, უფრო სწორად, ვერ მეტყველებს სახელმწიფო ენის იმ
ნორმების შესაბამისად, რომელთა დაცვაც ერთნაირად სავალდებულოა როგორც მოსამართლისთვის, ისევე ბოროტმოქმედისთვის; როგორც ჟურნალისტისთვის, ისევე გაზეთის გამყიდველისთვის; როგორც ექიმისთვის, ისევე ავადმყოფისთვის; როგორც მასწავლებლისთვის, ისევე მოწაფისთვის... სამაგიეროდ, დუმს და დუმს იმ ქვეყანაში, რომლის ნახევარი
ტერიტორია ოკუპირებულია, მოსახლეობის მესამედი ემიგრირებული, დარჩენილი ორი მესამედის ალბათ სამოცი პროცენტი შიმშილობს, ათი – ქარის წისქვილებს ეომება, იმდენივე –
სასწაულის მოლოდინშია, დანარჩენი კი ზნეობის, მორალის, ეთიკისა და, რაც მთავარია, საკუთარი სამშობლოს საწინააღმდეგო საქმიანობითაა დაკავებული. საზოგადოება კი დუმს,
ანუ, სოკოებივით მომრავლებული რეკლამების შესაბამისად, ცდილობს «იცხოვროს ლაღად»,
«ჩასწვდეს ამერიკულ სულს»... ერთი ბერძენი ისტორიკოსის სიტყვებით რომ ვთქვათ, ყოველდღე ისე ქეიფობს ამ გაძვალტყავებულსა და ღირსებააყრილ ქვეყანაში, თითქოს უკანას-
კნელად ქეიფობდეს და ისეთ სახლებს იშენებს, თითქოს სამუდამოდ აპირებდეს ამ ქვეყანაზე დარჩენას... კი მაგრამ, რატომ?! იმიტომ რომ, ავადაა. ხალხი კი არ ავადმყოფდება, როგორც რუს მწერლებს ეგონათ, მაინცდამაინც, ქართველ ხალხთან დაკავშირებით, არამედ –
საზოგადოება. ხალხი კი, პირიქით, ერთადერთი მკურნალია საზოგადოებისა. ხალხს შეუძლია თავისი წიაღიდან წარმოშვას ახალი, ჯანმრთელი საზოგადოება და წარმოშვას იმდენჯერ, რამდენჯერაც დასჭირდება. ესე იგი, უსასრულოდ, უთვალავჯერ, მთელი თავისი არსებობის მანძილზე. საზოგადოებას აყალიბებს არა ბუნება, არამედ ცხოვრება. ხალხი კი ბუნების ნაწილია და ცხოვრებასთან სწორედ მისგანვე ამოზრდილი საზოგადოების მეშვეობითაა
დაკავშირებული. არასწორად მცხოვრები საზოგადოება, რასაკვირველია, ხალხსაც ისევე აყენებს ზიანს, როგორც ბუნებას. მაგრამ ხალხსაც თუ დავაცდით, ბუნებისა არ იყოს, იმასაც შესწევს უნარი პირვანდელი სახის დაბრუნებისა...
თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, საზოგადოება ვალდებულიცაა ესმოდეს, ხედავდეს და გრძნობდეს ყველაფერს, რაც მის სასიცოცხლო სივრცეში ხდება. რასაკვირველია,
მწერლის სიტყვაც ესმის, მაგრამ მალამოდ კი არ ეცხება გულზე, გამოფხიზლების სურვილს
კი არ უღვიძებს, აღიზიანებს და ბალანს უშლის საფრთხენაგრძნობი ნადირივით. ასეთ საზოგადოებას არაფრად სჭირდება არათუ მწერლობა, საერთოდ ხელოვნება... კულტურა. წიგნის
ფურცელზეც, სცენაზეც და ეკრანზეც მხოლოდ და მხოლოდ მისთვის გამიზნული ხაფანგი
ელანდება. უკულტუროდ, რა თქმა უნდა, უფრო მშვიდად იცხოვრებს: სუსტს დაჩაგრავს, ღარიბს აბუჩად აიგდებს, ჟინს მოიკლავს ყველგან, სადაც წამოუვლის, ეკლესიაში წმინდა სანთლიდან მოუკიდებს სიგარეტს, კევს არც ლაპარაკისას გამოიღებს პირიდან და ვერავინ მიუთითებს, ვერავინ ამხელს მის უზნეობასა და უმსგავსობას. ასე რომ, მასაც სერიოზული მოტივები აქვს, აითვალისწუნოს და მოიშოროს ის, რასაც ჩვენ ლამის ძალით ვატენით...
ამიტომ ვიდრე გავაგრძელებდე, მაინც ვიკითხავ: აინტერესებს კი ჩვენს საზოგადოებას,
ვთქვათ, გერმანელი კრიტიკოსების გამოხმაურება ქართულ რომანზე?! ყოველ შემთხვევაში,
ჩემთვის ნამდვილად ძნელია საკუთარ რომანზე და, მით უფრო, უცხოელი ლიტერატორების
მიერ ამ რომანის გარშემო გამოთქმულ მოსაზრებებზე საუბარი. მაგრამ რაკი «ზოგჯერ თქმა
სჯობს», შევეცდები, რაც შეიძლება მოკლედ ვუპასუხო ყველა იმ შეკითხვას, რომელიც პირადად მე, ესე იგი, «აველუმს» შეეხება.
თუმცა, თავიდანვე ვაპროტესტებ თქვენს თვალსაზრისს, თითქოს რომანის შესავალში
«პირდაპირ» დამეწეროს, ნაწარმოების მთავარი გმირის პროტოტიპი ვარო. ეს იდენტიფიკაცია არც «მხატვრული ხერხია», არც «აღსარება საკუთარი თავის წინაშე», რადგან მსგავსიც
არაფერი დამიწერია. რომანის შესავალს «წერს» რომანის გმირი, რომელიც, შეიძლება ითქვას,
იგივე აველუმია, ანდა, აველუმის უახლოესი მეგობარი, რომელიც მოგონებებში აველუმად
გარდაიქმნება ხოლმე. აველუმობს. ორივეს, რასაკვირველია, რაღაც საერთო აქვს ავტორთან,
ანუ, ჩემთან, მაგრამ ეს სრულებითაც არ მაძლევს ნებას, მათ პროტოტიპად გამოვაცხადო თავი. ადრეც ბევრ ავტორს დაუწერია გმირის სახელით, მაგრამ, მცირე გამონაკლისის გარდა,
ავტორისა და გმირის გაიგივება არავის მოსვლია აზრად. შეიძლებოდა გველაპარაკა მთხრობლისა და გმირის (აველუმის) იდენტურობაზე, მაგრამ მთხრობლისა და ავტორის, ისევე როგორც აველუმისა და ავტორის გაიგივება, მე მგონი, უფრო ჩვენი სურვილიდან გამომდინარე
შესაძლებლობაა, ვიდრე რომანის ტექსტიდან...
საბჭოთა იმპერიის ნგრევას აველუმის მიერ შექმნილი სიყვარულის იმპერიის დანგრევაც
მოჰყვა, მაგრამ არც მათი გაიგივება მიმაჩნია სწორად. ვერ დაგეთანხმებით, თითქოს აველუმის სიყვარულის იმპერია ბოროტების იმპერიის მიკრომოდელი იყოს. ასეთი რამ მხოლოდ
სახაროვს თუ მოუვიდოდა თავში აზრად. არავითარ შემთხვევაში. ეს ერთნაირად შეურაცხ-
მყოფელია, როგორც აველუმისთვის, ისევე ავტორისთვის. მაგრამ რაკი რომანში ვერ ვთქვი
გასაგებად, ახლა გეტყვით, რომ «სიყვარულის იმპერია» ბოროტების იმპერიის დანგრევისთანავე კარგავს თავის კეთილშობილურ ფუნქციას, რამდენადაც, მაინცდამაინც, ბოროტების იმპერიაში ადამიანობის შესანარჩუნებლად არის გამიზნული, გნებავთ, მოწოდებული. თქვენ
მართალი ხართ: ბოროტების იმპერიასთან ერთად სიყვარულის იმპერიაც ინგრევა, მაგრამ ამ
იმპერიის კარიატიდები – მელანია, სონია, ფრანსუაზა – წმინდანებივით ნათელმოსილნი და
ზნეობრივად ამაღლებულნი გამოდიან ნანგრევებიდან და თან გამოაქვთ მარადიული ქალურობა, სიყვარულის, თანაგრძნობის, მოთმინების სასწაულმოქმედი უნარი, რაც კიდევ დიდხანს დასჭირდება ადამიანს...
დიახ, აველუმს ბრმა ტყვია კლავს და არა «თავისუფალი საქართველო». მესმის, თქვენი შეკითხვა, გარკვეული თვალსაზრისით, პროვოკაციულია, მაგრამ თუ არ მიწყენთ, ყოვლად დაუშვებელია ასეთი «ახლომხედველობა», როცა ლიტერატურულ მოვლენასთან გვაქვს საქმე.
ლიტერატურული მოვლენის ვერც ადგილს მიუთითებთ ზუსტად, ვერც თარიღს. უფრო
მეტს გეტყვით, აველუმს ჯერ კიდევ ბევრჯერ მოკლავენ ალბათ, ვიდრე «თავისუფალი საქართველო» აბსტრაქტული ცნება იქნება. ხოლო თუ უფრო დავაკონკრეტებთ, აველუმს ბოროტების იმპერია კლავს, რადგან თბილისის ომიც საბჭოთა იმპერიის სასიკვდილო აგონიის
ერთ-ერთი ფაზაა და არა წმინდა ქართული პოლიტიკური მოვლენა. აქედან გამომდინარე,
უნდა თუ არა, მწერალი მაინც ერევა პოლიტიკაში. მაგრამ ეს სრულებითაც არ ავალდებულებს მწერალს, «ახლოს იყოს პოლიტიკასთან». სხვათა შორის, არც კონგრესში არჩევა ნიშნავს
პოლიტიკოსობას. პირადად მე, ძალიან გამიჭირდება ჩემი თავის წარმოდგენა კონგრესმენად,
რამდენადაც მხოლოდ ერთხელ დავესწარი კონგრესის სხდომას, რათა ოფიციალურად განმეცხადებინა კონგრესიდან ჩემი გამოსვლის შესახებ. ეს იყო და ეს მთელი ჩემი «პოლიტიკური» მოღვაწეობა. თქვენ ცუდად ინფორმირებული უფრო ხართ, ვიდრე საქმეში კარგად ჩახედული, მაგრამ მაინც ვერ დაგეთანხმებით, «საკმაოდ მებრძოლი» შესაფერი ეპითეტი იყოს
ჩემი «სტატიებისთვის». ჩემი «სტატიები» შეიძლება მებრძოლი ბუნებისაა, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ძალიან სცოდავს თავიანთი წმინდა ლიტერატურული ემოციურობითა და პირდაპირობით. აი, «გარდაქმნისთვის» წინასწარ შექმნილი «პოლიტიკოსები» ნამდვილად «საკმაოდ მებრძოლ» სტატიებს წერდნენ, მაგრამ ეს ჩვენი საუბრის თემა არ არის...
რაც შეეხება ჩემს მოქალაქეობას, მეც აველუმის მსგავსად, ოღონდ, აველუმზე მეტადაც და
აველუმამდეც, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს თავისუფალ და სრულუფლებიან მოქალაქედ ვგრძნობ თავს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ვერ ვგრძნობ თავისუფალ, სრულუფლებიან სახელმწიფოდ...
ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს არავითარი გარდატეხა ქართველი კაცის
ხასიათში. ღმერთმა დაიფაროს! ეს უნიკალური ხასიათია. ქართველ კაცს უფლება უნდა მისცენ დარჩეს ქართველ კაცად – დაანახონ, აუხსნან, რა გზებითაა შესაძლებელი დაცემული,
გალახული სამშობლოს აღდგენა და, დამერწმუნეთ, შეუძლებელს შეძლებს, ანუ შეძლებს ამ
მართლაც მამულიშვილური მისიის შესრულებას. განა დღეს ვინმე უდგას გვერდში ქართველ კაცს? განა, ვინმე ამხნევებს, ეხმარება შინაური თუ გარეული მტრების ხრიკებში გარკვევას? რა თქმა უნდა, არა...
რაც შეეხება ცნობილი გერმანისტის, პროფესორ ნოდარ კაკაბაძის მიერ გამოქვეყნებულ
«გამოხმაურებებს» «აველუმთან» დაკავშირებით, სავსებით გეთანხმებით, «საკმაოდ სოლიდური და საინტერესო მასალაა». მაგრამ გერმანელ ლიტერატორებსა და კრიტიკოსებზე უკეთესად ნამდვილად ვერ ვიტყვი, თუ როგორ ესმით დასავლეთ ევროპაში ჩემი შემოქმედება
და საერთოდ ქართული ლიტერატურა. ალბათ ზუსტად ისე, როგორც ეს ბატონ ნოდარ კაკა-
ბაძის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში აისახა. ასევე ვერ ვიტყვი დაბეჯითებით, ეროვნულ
სატკივრებზე ლაპარაკი ევროპელებს საერთოდ «ემფატიკურ ტონად» ესმით, თუ უბრალოდ
ვერ წარმოუდგენიათ ეს საკითხი რომანის თემად. მე სხვანაირად მომეჩვენა. მე მგონი, გერმანელებს ცოტა შურთ ჩვენი, რაკი, მათგან განსხვავებით, თამამად შეგვიძლია ჩვენს ეროვნულ
სატკივრებზე ლაპარაკი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელებს ფანატიკური შიში
აქვთ, ნაციონალიზმი არ დასწამოთ ვინმემ, არაფერი წამოსცდეთ ისეთი, ვინმე დააეჭვონ,
ესენი, მგონი, ისევ მსოფლიო ბატონობას აპირებენო. ეს შიში გასაგებიცაა და, გარკვეული
თვალსაზრისით, კეთილშობილურიც. მაგრამ სრულებითაც არ ნიშნავს საერთოდ სამშობლოს სიყვარულის უარყოფას. გარდა ამისა, გერმანულსა და ქართულ ნაციონალიზმს შორის
«დიდი მზღვარი» დევს – განსხვავებული ცნებებია – გერმანული ნაციონალიზმი თავისუფლად შეიძლება ისევ მსოფლიო პრობლემად იქცეს, როცა ქართული ნაციონალიზმი დახმარების მორიდებული თხოვნაა და მეტი არაფერი...
საერთოდ, იდეოლოგიისა არ იყოს, ნაციონალიზმი კი არ არის სახიფათო, არამედ მისი შესაძლებელი პერსპექტივა. კომუნისტური და ფაშისტური, რასისტული და ანტისემიტური
იდეოლოგიის შიშით (ყოველ შემთხვევაში ასე იმართლებენ თავს იდეოლოგიის მოწინააღმდეგენი), საერთოდ ყოველგვარი გეგმის, მიზნისა თუ ოცნების გარეშე დავრჩით. არადა, სახელმწიფოს კი არა, ნებისმიერ ნორმალურ ოჯახს აქვს თავისი იდეოლოგია – იცის, რატომ
არსებობს, რითი არსებობს, რისთვის არსებობს... ასევე იცის, როდის რა უნდა გააკეთოს, ვის
როგორ მოექცეს, ვისგან ისესხოს, ან ვის ასესხოს თავად ფული... ჩვენ კი ახალი სახელმწიფოს
აშენებას ვაპირებთ და არ ვიცით, ან შეგნებულად არ ვამბობთ, როგორი წარმოგვიდგენია ის,
ანუ თავისთავად, ალალბედზე, როგორი შეიძლება გამოვიდეს ბოლოს...
იდეოლოგიის გარეშე ვერც ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ამერიკის შეერთებული შტატები და ვერც ლუქსემბურგი – ლუქსემბურგი. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ლუქსემბურგის მოქალაქეებს საერთო თუ აქვთ რამე, ეს მხოლოდ სამშობლოს სიყვარულია – თავისთავადობის, თვითმყოფადობის, ბუნებრივი და ამდენად აუცილებელი განსხვავებულობის შეგრძნება. ამ შეგრძნების გარეშე ალბათ არც ლიტერატურა შეიქმნებოდა.
რაკი ყველანი ერთნაირები ვიქნებოდით, ადამიანს არავითარ შემთხვევაში აღარ გაუჩნდებოდა თვითგამოხატვის სურვილი. ღვინისფერი ზღვა თავისთავად მომხიბვლელი ფონია, მაგრამ მნიშვნელოვანი მაშინ ხდება, როცა ოდისევსის მოწანწალე სული იტვიფრება ზედ: აი,
ასეთი ვარ მე! აი, ასეთია ჩემი ხალხი! აი, ასე გამოიყურება ჩემი სამშობლო! ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის არსი მსოფლიო ლიტერატურისა. რა მიმდინარეობისაც არ უნდა
იყოს ესა თუ ის ნაწარმოები, რასაც არ უნდა ისახავდეს მიზნად ავტორი, მისი ეროვნულობა,
მისი დამოკიდებულება ჯერ სამშობლოსთან და მერე დანარჩენ სამყაროსთან ყოველთვის
იგრძნობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში ლიტერატურის სუროგატთან გვაქვს საქმე. ამის დამალვა არ შეიძლება. მურაბად მოვხარშავთ შვინდს თუ კომპოტად, ჟელეში შევურევთ თუ
ბლანმანჟეში, მის განსაკუთრებულ გემოს ყოველთვის გამოვარჩევთ. მაგრამ, გულწრფელად
რომ გითხრათ, ჩემთვის მაინც სულ სხვა თვალსაზრისითაა საინტერესო ბატონ ნოდარ კაკაბაძის მიერ გამოქვეყნებული «გამოხმაურებები» (ალბათ, მე რომ მეხება იმიტომ!). ჩემი აზრით, უფრო აღტაცებული ტონი აქვთ გერმანელ კრიტიკოსებს – რაც ფრიად უჩვეულო მოვლენაა და, ამდენად, კიდევ უფრო სასიამოვნოც ჩემთვის – ვიდრე მიმტევებლური, რასაც,
სამწუხაროდ, დიდი ხნის შეჩვეულნი ვართ ყველანი. ასე რომ, რომანის სიკვდილზე საუბარი, ცოტა არ იყოს, ნაადრევი მგონია თქვენგან. უფრო სწორად – საკმაოდ დაგვიანებული. ევროპაში ამ ოცდაათიოდე წლის წინ მოათავეს ამ თემაზე კამათი. მაგრამ ახლა იძულებული
ვარ, თქვენთან ერთად მივუბრუნდე ამ თემას. ოღონდ იმიტომ კი არა, «ბოლოდროინდელი
ქართული ლიტერატურის მაგალითზე» სრულიად სარწმუნო ცნობად რომ მიგაჩნიათ რომანის სიკვდილის ამბავი – (მე მინდოდა, საერთოდ გამომეტოვებინა ეს შეკითხვა, თუნდაც,
თავისი არასერიოზულობის გამო) – არამედ სწორედ გერმანელი კრიტიკოსების გამონათქვამებიდან გამომდინარე. გერმანელი კრიტიკოსების «გამოხმაურებებში», ძირითადად (რაც,
ეტყობა, თქვენ ვერ შეამჩნიეთ), თითქმის ერთსულოვანი თვალსაზრისია გამოთქმული ქართული რომანის, როგორც ლიტერატურული სიახლის თაობაზე. არ დაგიმალავთ და, ჩემი
აზრით, ჩვენთვისაც ეს უნდა ყოფილიყო უფრო საინტერესო, ვიდრე ოცდაათი წლის წინანდელი და, რაც მთავარია, მცდარი ჰიპოთეზის გახსენება დღევანდელ ქართულ ლიტერატურასთან დაკავშირებით. სახლში, სადაც, ეს წუთია, ბავშვი დაიბადა, სიკვდილზე არ ლაპარაკობენ. ხოლო ყოველგვარი პათეტიკის გარეშე თუ ვიტყვით, ქართველებს ერთი მეტად უცნაური თვისება გვაქვს: როცა გვლანძღავენ, ვბრაზობთ და როცა გვაქებენ – კიდევ უფრო უარესად. მაგრამ რაკი საუბარი ძირითადად ჩემს რომანზეა, ამჯერად მეტს არაფერს ვიტყვი, თორემ, ადვილი შესაძლებელია, სანანებელიც გამიხდეს, საერთოდ რატომ ამოვიღე ხმა-მეთქი.
ისე, თუ საინტერესო იქნება ვინმესთვის, რომანის სიკვდილის თაობაზე მეც გამოვთქვი აზრი
ამ თხუთმეტიოდე წლის წინ, მაგრამ მაშინ სულ სხვა მიზეზებმა განაპირობა ამ მრავალგზის
გაწბილებული თემის გააქტუალება. როგორც მოგეხსენებათ, სამოცდაათიან წლებში იმდენად გაითქვა სახელი ქართულმა რომანმა, საკავშირო პრესა იძულებული გახდა, მსგავსად
«ლათინურ-ამერიკული რომანისა», შეექმნა სამუშაო ტერმინი «ქართული პროზის ფენომენი». რასაკვირველია, ეს არც ჩვენი სიყვარულით მოსვლიათ, არც ქართული ლიტერატურის
პოპულარიზაციის მიზნით. უბრალოდ, ჯიუტი ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ და იგნორირების, არშემჩნევის, წაყრუების გამოცდილი მეთოდი ამჯერად ვეღარ გაამართლებდა – ქართული წიგნი დღითი დღე იპყრობდა ახალ-ახალ სივრცეებს. ციმბირელი მოსწავლეები თავისუფალ თემებს წერდნენ მათთვის არამარტო გეოგრაფიულად, სულიერადაც უცხო ლიტერატურის გმირებზე... აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიაჩნდათ, რომ სწორედ ქართული ლიტერატურა ახდენდა სასურველ ზემოქმედებას მათ ეროვნულ შეგნებაზე... ხოლო ამ პროცესის შესაფერხებლად, რაკი რომელიმე ავტორის გაკრიტიკება-გაკიცხვა კიდევ უფრო გაუთქვამდა იმ ავტორს სახელს, ხელისუფლებამ საერთოდ რომანი გაწირა, ჟანრის სიცოცხლისუნარიანობა დააყენა ეჭვის ქვეშ, ოღონდ, ევროპელი წინამორბედებისგან განსხვავებით, უაღრესად კონკრეტული მიზნით. თავის დროზე მეც გამოვთქვი ჩემი მოსაზრება ამ საკითხთან
დაკავშირებით, მაგრამ ახლა მეტი გულისტკივილით აღვნიშნავ, რომ მაშინდელ საბჭოეთში
გაცილებით გამართლებული იყო ამგვარი თითიდან გამოწოვილი, ქვენა ზრახვებით ჩატარებული ღონისძიებები, ვიდრე დღევანდელ საქართველოში. დღეს ჩვენთან ყველაფერი ხელახლა იბადება (უნდა დაიბადოს!). მათ შორის, ლიტერატურაც, რასაკვირველია, თუ ბრმა ტყვიამ არ მოკლა ისიც. დღეს საქართველოში ბრმა ტყვიების ჟამი დგას. ბრმა ტყვიას კი ყველაფრის მოკვლა შეუძლია – ოცნებისაც. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, ბრმად არ ისროდნენ ჩვენს ქვეყანაში, არამარტო ტყვიას, არამედ სიტყვასაც...
ჩვენი მთავარი სისუსტე ჩვენი სიბეცეა, ჩვენი ახლომხედველობა, მიმდინარე პროცესებში
გაურკვევლობა და ამის მიზეზიც ისევ და ისევ მშობლიური ლიტერატურის უგულებელყოფაა. ჩვენ ლიტერატურის ქვეყანა ვართ. გვინდა თუ არა, მოგვწონს თუ გვაღიზიანებს, სიმართლე ასეთია. შეიძლება მსოფლიომ ჯერ არ იცის, მაგრამ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. საგანძური თუ არსებობს, მპოვნელი აუცილებლად გამოჩნდება ადრე თუ გვიან. რაც მთავარია,
არაფრით არ შეიძლებოდა შემთხვევით, ბრმად, ალალბედზე, უმიზნოდ შექმნილიყო უწყვეტი, თხუთმეტსაუკუნოვანი ლიტერატურა. ეტყობა, ასე სურდა განგებას, ჩვენს მფარველ ანგელოზს. ალბათ ასე იყო საჭირო ჩვენთვის და სრულებითაც არ არის გამორიცხული, სწო-
რედ იქ (ლიტერატურაში) იმალებოდეს ჩვენი უკვდავების საიდუმლო, რაკი სხვა ყველაფერი
დაგვაკარგვინა ჩვენმა უჭკუობამ თუ სხვათა სიჭკვიანემ: სახელმწიფოებრიობაც, სამეფო დინასტიაც, ნაწილობრივ ენაც, მამულიც, სარწმუნოებაც და არამარტო საომარი, არამედ სამეურნეო იარაღებიც... წიგნიღა შეგვრჩა მხოლოდ, ნამდვილად ჩვენს მიერ და ნამდვილად
ჩვენთვის შექმნილი, რომელშიც მტკვარივით მღვრიე, ენგურივით სხარტი, რიონივით უხვი,
ბზიფივით ლამაზი, ჭოროხივით ფიცხი, ალაზანივით დინჯი სიტყვების ნაკადი მიედინება,
სტიქიის ბუნებრიობითა და დაუდგრომლობით, და განუწყვეტლივ გვახსენებს ჩვენს ვინაობას, ჩვენს წარმომავლობას, ჩვენს მიერ ჩადენილ უთვალავ შეცდომას და, საჭიროების შემთხვევაში, ანუ, ჯერჯერობით, ყოველ წამს, ჩვენს მიერ უყოყმანოდ გადასადგმელ ნაბიჯს –
თავის დადებას ყველაფრისთვის, რაც გვქონდა, რაც დავკარგეთ, რაც შეგვრჩა და რაც უნდა
დავიბრუნოთ...
ცხოვრება თავისი გზით მიდის. იცვლებიან საუკუნენი, წყობილებები, სისტემები, გეოგრაფიული ცნებებიც კი. რუკებიდან ქრებიან უდაბნოები, ზღვები, სახელმწიფოები – ქართული
ლიტერატურა კი გრძელდება. ერთი ადამიანი თუ უსმენს, მწერალს შეუძლია მშვიდად აკეთოს თავისი საქმე. განუზომელია, აუწონავია მნიშვნელობა იმ ერთი ადამიანისა, რომლის
თანადგომასაც განუწყვეტლივ გრძნობს ნებისმიერი მწერალი და რომლის თანადგომაც ხელობაზე კი არ უცრუებს გულს, არამედ ავალდებულებს უკეთესად დაეუფლოს ამ ხელობას.
ვიდრე საქართველოში ერთი კაცი მაინც წერს და ერთი კაცი მაინც კითხულობს, მართლა შეიძლება ყველაფერი დავიბრუნოთ, არამარტო მიწები, არამედ ზნეობაც!
წინასწარ არაფრის თქმა არ მიყვარს, მაგრამ ქართული მწერლობა ხვალაც რომ ღირსეულად გააგრძელებს თავის მარადიულ გზას, უკვე ნათელია. ნუ ვიქნებით მსაჯულნი, მაგრამ
ვაღიაროთ, რომ დღეს საქართველოში ნამდვილი წიგნიც იწერება, მიუხედავად ცრუ ლიტერატურის, ანტილიტერატურის, ყვითელი თუ შავი ლიტერატურის არნახული მოზღვავებისა. ამიტომ ჩემი დიდი სურვილი იქნება, რაც შეიძლება მალე იგრძნონ ჩვენმა ახალგაზრდა
მწერლებმა, სისხლხორცეული, აუცილებელი წევრები რომ არიან ქართული მწერლობისა,
ქართველი მწერლების დიდი ოჯახისა; რაც შეიძლება მალე დადგნენ იმ ერთადერთ პოზიციაზე, რომელზედაც აუცილებლად უნდა იდგეს ქართველი მწერალი (ჯერჯერობით მაინც!), თუნდაც ჩვენი ბედისა თუ უბედობის გამო. ახალი გზების ძიება არათუ კარგია, საჭიროცაა. მაგრამ ყველა გზას მაინც იქ უნდა მივყავდეთ, სადაც ჩვენი საერთო, ჩვენი მშობლიური ლიტერატურის მთავარი გული ფეთქავს...
ჩვენს ახალგაზრდა მწერლებს, ჯერჯერობით, ქართული მწერლობის ქვეშევრდომობა არ
მიუღიათ, ანუ, ქართულად კი წერენ, მაგრამ ყველანაირად ცდილობენ თავიანთი განცდებით
არ გამოირჩეოდნენ დანარჩენი მსოფლიოსგან. არადა, მხოლოდ განცდათა განსხვავებულობა,
თავისებურება ანიჭებს ლიტერატურას ეროვნულობასაც და, სხვათა შორის, მნიშვნელობასაც...
ლიტერატურის ერთადერთი დანიშნულებაა, აუცილებლად თქვას რაღაცა. რამდენად
მნიშვნელოვანია მისი ნათქვამი, ეს სხვა საკითხია. მთავარია, აუცილებლად გავიგოთ, რას
გვეუბნება, რას გვიმხელს, რას შემოგვჩივის ბოლოს და ბოლოს... სიტყვა ერთადერთი და საკმაოდ ბნელი გვირაბია, რომლის მეშვეობითაც სამყაროს ვუკავშირდებით ჩვენი არსებიდან
თავდაღწეულნი, და რომლის მეშვეობითაც ისევ ჩვენს არსებაში ვბრუნდებით მარად ამოუცნობი სამყაროდან, ოღონდ, უფრო უკეთესნი, ვიდრე «გამგზავრებამდე» ვიყავით, უფრო მეტის მცოდნენი და მეტის ამტანნიც, სიტყვის მარადიულ, მარად ცოცხალ წიაღში გამოვლილნი... მერე რა მოხდა, თუკი «ახალი თაობის ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც ნოვატორობის დანერგვას ცდილობს, რაღაც ახირებული მოსაზრებით, უფროსი თაობის თხზულე-
ბებს არ კითხულობს?!» მით უარესი მისთვის, მაგრამ არა მგონია, მართლა ასე იყოს. ნებისმიერმა ახალგაზრდამ, რომელიც «ნოვატორობის დანერგვას ცდილობს», უნდა იცოდეს რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მისი კეთილშობილური მიზანი, ანუ, უნდა იცოდეს, ღია კარს
ამტვრევს, ქარის წისქვილებს ეომება თუ ნამდვილად ქმნის რაღაცას, რისი მსგავსიც არაფერი
გაჭაჭანებულა ქართულ ლიტერატურაში...
მაგრამ ვიდრე «ახალი თაობის ზოგიერთ წარმომადგენელს» გავამტყუნებდეთ მშობლიური ლიტერატურის უცოდინრობის გამო, სჯობს საკუთარი უმაქნისობა ვაღიაროთ. განა ჩვენი
ლიტერატურული კრიტიკა მოწოდების სიმაღლეზე დგას?! განა სანდო და, რაც მთავარია,
მიუკერძოებელი მეგზურია ქართული ლიტერატურის ლაბირინთში მოხვედრილი ახალგაზრდა კაცისთვის?! ჩვენ ალბათ ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც ცრუ კრიტიკოსის ფენომენი არსებობს და დიდი წარმატებითაც მოქმედებს. საბჭოთა ხელისუფლებას ბევრი ცოდვა
ადევს, მაგრამ მისი მთავარი ცოდვა მაინც ადამიანის სულიერი დასახიჩრებაა. რაც მთავარია,
საბჭოთა იდეოლოგია თავის ბინძურ საქმეს მშობლის ხელით აკეთებდა, გულუბრყვილო
მშობლისა, რომელიც, ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ჯერ იძულებული გახდა ნებისმიერი გზითა და საშუალებით «გაენათლებინა» თავისი შვილი, მერე კი, სამშობლოს სამსახურის
ნაცვლად, პირადი კეთილდღეობა დაესახა მიზნად «განათლების გზაზე» შემდგარი შვილისთვის, რის შედეგადაც შეიქმნა კიდევ უფრო მყარი და ნოყიერი ნიადაგი ყველანაირი ანტიპოდის მისაღებად: მწერალს ცრუ მწერალი დაუპირისპირდა, კრიტიკოსს – ცრუ კრიტიკოსი,
ექიმს – ცრუ ექიმი, მასწავლებელს – ცრუ მასწავლებელი, მღვდელს – ცრუ მღვდელი, გლეხს
– ცრუ გლეხი, პოლიტიკოსს – ცრუ პოლიტიკოსი, მამულიშვილს – ცრუ მამულიშვილი, პატიმარს – ცრუ პატიმარი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. გუშინ და გუშინწინ ყველანი შეგუებულნი ვიყავით ამას. მაინცდამაინც არც დღეს გვეხამუშება. მაგრამ ხვალ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიცხოვროთ ასე, თორემ, როგორც თავის დროზე კომბალი და ნამგალი
გაგვაგდებინეს ხელიდან და როგორც ახლა ვაზის სასხლავ დანასაც გვაგდებინებენ, ისევე
გაგვაგდებინებენ კალამს. ქვეყანა კი სხვა არაფერია: შენი პური და შენი ღვინო უნდა მოგყავდეს, სხვებს რომ არ შესცქეროდე ხელებში, და შენს თავგადასავალს წერდე აუჩქარებლად,
შეულამაზებლად, კეთილსინდისიერად...
ასე რომ, მწერლობაში არც სარეკომენდაციო ბარათებით შეიძლება მოსვლა, არც ბრმად და
ალალბედზე. ეს მკვეთრად გამოკვეთილი მიდრეკილებისა და მოურეველი სურვილის აღსრულებაა. მწერლობაში მოსვლას თუ აპირებ, საამისოდ ემზადები კიდეც – ჩუმად, ჯიუტად,
ხანგრძლივად, წლების განმავლობაში – როგორც რომელიღაც საგანგებო დანიშნულების
რაზმის მებრძოლი. უკვე წინასწარ გყავს შერჩეული ნიშანსვეტები, რომლებსაც უტოლდები
ან ეჯიბრები. ესე იგი, კითხულობ კიდეც. კითხვა გვაძლევს ცოდნას. როცა სიტყვას ვწერთ,
გარკვეული, თუნდაც, მხატვრული თვალსაზრისით, ეს მისი შემოსვაცაა, რასაკვირველია,
ჩვენი გემოვნებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. ხოლო კითხვისას სიტყვა შიშვლდება
და იქამდე დამალულ უამრავ საიდუმლოს გვიმხელს უნებურად...
ნოვატორი მხოლოდ იმ ლიტერატურისთვის შეიძლება იყო, რომლითაც აღიზარდე. შენ
თუ მხოლოდ ლოტრეამონს, ან მხოლოდ ჯოისს, ან მხოლოდ მილერს კითხულობ, რასაკვირველია, ქართულ ლიტერატურაში თეთრი ვირივით გამოირჩევი, თანაც ცუდი გაგებით. ამიტომ ყველაფერს უნდა კითხულობდე და კითხულობ კიდეც, ხარბად, დიდი ინტერესითაც...
ყოველ სიტყვას ლოკავ, როგორც ერთ-ერთ ფილმში მშიერი ჩარლი ჩაპლინი – ლურსმანს.
ოღონდ შენ შიმშილს კი არ იკლავ, იწაფები, ვარჯიშობ, დიდი ბრძოლებისთვის ემზადები...
ამიტომაც არც კრიტიკის დაბალმა დონემ უნდა შეგაკრთოს, არც უფროსი თაობის წარმომადგენელთა «უყურადღებობამ». დარწმუნებული იყავი, ისინიც ხარბად და, ამავე დროს, დიდი
იმედით კითხულობენ შენს ნაწარმოებებსაც. მწერლობა მარტოსულთა ხელოვნებაა და, რაც
მთავარია, არავინ გვავალდებულებს, არავინ გვაიძულებს მის არჩევას. ვინც ამ გზაზე დგება,
ან გიჟია, ან გმირი. გინდაც მარადიულ ომში წასულხარ მოხალისედ და გინდაც კალმისთვის
მოგიკიდია ხელი. ქართული მწერლობა, ბუნებისა თუ განგების ნებით, ცის კაბადონზე ერთხელ და სამუდამოდ დავანებული თანავარსკვლავედი კი არ არის, არამედ ცას მომწყდარი
და ჩვენს საარსებო სივრცეში უთავბოლოდ მიმოფანტული, ობლად მბრწყინავი ნამსხვრევებია ცალკეული ვარსკვლავებისა, ვარსკვლავების მტვერი, რასაც ქართველი ხალხი საუკუნეების მანძილზე აგროვებს თავისი გამოხუნებული ჩოხის კალთაში მინდვრის მხალივით, ანდა
ტყის ხილივით, და ამით იკლავს გამწარებული სულის შიმშილს. დიახ, იკლავს, დღესაც!
რადგან უკეთესი საკვები სულისა არც დღეს გააჩნია. ტყუილად ნუ მოვიტყუებთ თავს. მაგრამ უარესად რომ არ დავძაბოთ დღევანდელი ჩვენი «ლიტერატურული ატმოსფერო», მხოლოდ ერთ გულისტკივილს გამოვთქვამ კიდევ და თანაც ლიტერატურის ყველაზე უღირს
მტერზე, ნიჰილიზმზე, რომელიც, სხვათა შორის, «ლიტერატურულ ატმოსფეროში» უფრო
სუფევს, ვიდრე თავად ლიტერატურაში...
ნიჰილიზმი სახიფათო სენია. პირველ რიგში სიცოცხლის ხალისს უკლავს ადამიანს, შიდსივით, რადგან ლიტერატურა თავისი ბუნებით იმუნიტეტის გამაძლიერებელი, იმედის მომცემი, გამამხნევებელი და ჭირში გვერდით დამდგომი ნათესავია ადამიანისა. თუმცა ლოტრეამონის, ჯოისის, კაფკასა თუ მილერის მსოფლიოს, რასაკვირველია, ნიჰილიზმით ვეღარ
გააკვირვებ. სამაგიეროდ, მე მიკვირს, მე მაღელვებს, რატომ უნდა იყოს დღევანდელი ქართველი მწერალი (ქართველი მწერალი განსაკუთრებული სახეობაა მწერლისა), ასეთი უიმედო, ასე ცინიკურად განწყობილი არამარტო სხვისი, საკუთარი შემოქმედების მიმართაც.
ჩვენ ხომ დღეს ერთხელ კიდევ მოგვეცა გადარჩენის შანსი?! ნიჰილიზმი ცხოვრებამოყირჭებული ხალხის სენია და არა ჯერ კიდევ გადასარჩენი და გადარჩენისთვის მებრძოლისა. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების მანძილზე, ღრმად ვიყავი დარწმუნებული, ყველაფერი პირიქით იქნებოდა: ყველას ყველა გვეყვარებოდა, ყველანი აღტაცებულნი ვიქნებოდით ერთმანეთის ამტანობითა და გამძლეობით, ერთმანეთს მოვბანდით ნაბორკილარ ხორცს, მოვაგროვებდით, შევაკოწიწებდით დრო-ჟამის დაუნდობელი ხელით დაფხრეწილ ჩვენს საერთო სურათს და ისევ ერთმანეთის იმედით, ერთმანეთის წაქეზებით დავიწყებდით დაკარგულის დაბრუნებას, დანგრეულის აღდგენას, დღის სინათლეზე გამოსვლას, რათა, ბოლოს და
ბოლოს, ენახა მსოფლიოს ჩვენი ჭეშმარიტი სახე – ასაკისგან დანაოჭებული, დარდისგან დაფარული, ჭრილობებით დასახიჩრებული და მაინც ადამიანობის მადლით განათებული...
უიმედობა მწერლისგან უფრო გასაკვირია ჩემთვის, ვიდრე, ვთქვათ, გლეხისგან, რომელსაც
ისიც ვერ შეუგნია, მამაპაპურ საქმიანობაზე ხელის აღება თვითმკვლელობას რომ ნიშნავს
მისთვის, იმიტომ რომ, ცხოვრებისგან დაბნეული, ამინდზე მეტად, განმგებლის გუნება-განწყობაზეა დამოკიდებული, ხან ვაზს ახარებს, ხან საზამთრო მოჰყავს ნავენახარზე... მწერალი
არ შეიძლება ასეთი ყოყმანა იყოს – არც ლექსი იჭმევა მისი, არც რომანი. მაგრამ მხოლოდ მას
შეუძლია დაიცვას, გნებავთ, მხოლოდ მას შეუძლია ემსახუროს იმ აბსტრაქტულ რელიგიას,
საიდანაც ადამიანობის მადლი იბადება. სხვამ რამ უნდა აიძულოს კალმის ხელში აღება, თანაც დღეს, როცა საზამთრო გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე მისი ნამოღვაწარი; როცა რუსთაველსაც უბზუებენ ცხვირს «გაამერიკელებული» გუშინდელი საბჭოელი ვიგინდარები...
ასე რომ, ვინც დღეს ქართულ მწერლობაში ნოვატორობის დანერგვას ცდილობს (ნამდვილად ვერ ვხვდები, ვის გულისხმობთ), ღრმად ვარ დარწმუნებული, ძირისძირამდე აქვს წაკითხული, რაც კი ქართულ ენაზე დაწერილა. მე თუ დამიჯერებს, სწორადაც იქცევა. ნოვატორობა, კარგი გაგებით, ტრადიციის გაგრძელებაა. თუ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს არ ეწყ-
ინებათ (მე პირადად არ ვთვლი საწყენად, თორემ, არც ვიტყოდი), მათ ნაწერებს სწორედ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 16
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.