Latin

ბედნიერი ტანჯული - 08

Total number of words is 3643
Total number of unique words is 1982
29.8 of words are in the 2000 most common words
43.3 of words are in the 5000 most common words
50.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
იმ იდეების უკეთ წარმოსაჩენად, მითის შემქმნელებსაც რომ არ ჰქონდათ ბოლომდე გარკვეული, უფრო სწორად, თვითონაც რომ არ იცოდნენ და უნდოდათ გაეგოთ, ყველანაირი ხერხი გამოდგება თუ არა თავისუფლების მოსაპოვებლად, სჭირდება თუ არა ადამიანს თავისუფლება, თუკი ადამიანობის დაკარგვის ფასად მოიპოვებს მას, დაბოლოს, რამდენად სახარბიელოა კაცობრიობისთვის თავისუფლება საერთოდ. ამიტომაცაა ალბათ, სრულებითაც რომ
არ გვიკვირს, როცა ეს ნატიფი ხელოვანი უყოყმანოდ კისრულობს ლაბირინთის აშენებას,
ოღონდ, იმიტომ კი არა, ეს რომ მიაჩნია თავის უმთავრეს მოვალეობად, არამედ ასე მაინც გამოთქვას თავისი დაბნეულობა და გულისწყრომა, მონური თვალთმაქცობითა და მონური ვერაგობით გამოხატოს ქვაში მიწიერი ცხოვრების მოდელი – ყველაზე საზარელი სახლი, სადაც კი ადამიანს როდისმე «უცხოვრია». განა მისი ცხოვრებაც ლაბირინთივით დახლართული არ იყო და განა მისი სულიც, გაჩენის დღიდან, უჩინარ კედლებს შორის არ დაძრწოდა,
უაზროდ დაკარგული დროისა და გარდაუვალი დაღუპვის შიშით შეძრწუნებული?! დიახაც
ასე იყო, მაგრამ დედალოსს სახელი ვერ დაერქმია, ვერ მოეხერხებინა დაკონკრეტება იმ დიდი ცოდნისა და გამოცდილებისა, რაც უკვე საკმაოდ დაეგროვებინა ამქვეყნიურ წუმპეებში
ხეტიალით. ხოლო სიტყვა «ლაბირინთმა», მით უფრო მინოსის პირიდან ამოსულმა, ყველაფერს ერთად მოუყარა მის გონებაში თავი, დაახარისხა, დაალაგა და სინამდვილის ამაზრზენი სურათი, რომელსაც იქამდე ყოველდღიური საქმიანობა და საზრუნავი აფერმკრთალებდა,
მთელი თავისი თავზარდამცემი სიდიადით, სიმტკიცითა და სიცარიელით, ისევ მაღლა ამოცურდა, როგორც ხანგრძლივი, მაგრამ უშედეგო ძებნის შემდეგ თავისთავად ამოცურდება
ხოლმე დამხრჩვალის გვამი წყლის ზედაპირზე, რათა წელში გამწყდარ მყვინთავებს შრომა
მართლა წყალში არ გადაეყაროს, ხოლო ჭირისუფლის გულიდან ერთი დაკვრით სამუდა-
მოდ ამოიძირკვოს უნებურად, მხოლოდ და მხოლოდ უშედეგო ძიების გამო აღმოცენებული
იმედი, უდღეური ნაყოფი წარმოდგენისა და არა სინამდვილისა. მაგრამ რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ამ უდღეური ნაყოფის მოსპობა ჭირისუფლისთვის, გვამის ხილვა მაინც აბათილებს მას, რადგან გვამი უტყუარი საბუთია და, ამავე დროს, გამართლებაც გაწეული შრომისა. ჭირისუფალმა უკვე იცის, როგორ უნდა მოიქცეს, მას ნამდვილი, სერიოზული საქმე უჩნდება და ნაპირზე საყურყუტოდ და საოცნებოდ აღარ სცალია.
ასე ცხოვრობდა კრეტაზე დედალოსი, უფრო სწორად, ასე ელოდებოდა იმ დიად წამს, როცა ჩვეულებრივი მოკვდავი უკვდავებას უნდა ზიარებოდა. ხოლო ვიდრე ის თავის ლოდს
დააგორებდა კრეტაზე, კონტინენტურ საბერძნეთშიც ყველაფერი ისე ხდებოდა, როგორც უნდა მომხდარიყო, როგორც განგებას ჰქონდა ჩაფიქრებული. ღმერთებმა თავიანთი საქმე
იცოდნენ და შეუცდომლად მოქმედებდნენ. მათ უკვე თეზევსი სჭირდებოდათ, თუნდაც
იმიტომ, დედალოსისთვის ლაბირინთიდან თავის დაღწევის შესაძლებლობა რომ ჩაეგონებინა. თეზევსი უკვე თექვსმეტი წლისაა და, რომ იტყვიან, მტრის თვალს არ ენახვება, თუმცა
ცოტა ხნის მერე მტრები უკვე თვითონ არიდებდნენ თვალს. თეზევსი აუცილებლად უნდა
მოვლენოდა ქვეყანას, სადაც პროფესიული ტირანები, პროფესიული მკვლელები, პროფესიული გარეწრები და პროფესიული სადისტები არსებობდნენ, რომლებიც მსხვერპლს სიკვდილის შიშით ჯერ ადამიანურ ღირსებას ართმევდნენ და მერე სიცოცხლეს, ანუ შეგინებულსა
და დამცირებულს კლავდნენ და სწორედ ეს ანიჭებდათ უდიდეს სიამოვნებას. ასე რომ, შეგინებული და დამცირებული კაცობრიობა მოუთმენლად ელოდებოდა თეზევსის გამოჩენას.
ყველა ადამიანს სიცოცხლის დათმობა ერთნაირად უჭირს და, ვინ იცის, რამდენ დამცირებას, რამდენ უკუღმართობას იტანს იგი, რათა ერთი დღით, ერთი საათით მაინც გაიხანგრძლივოს წუთისოფელი. ყველანი გმირებად არ იბადებიან. გმირები ერთეულები არიან,
ხოლო კაცობრიობის უმთავრეს ნაწილს ჩვეულებრივი ადამიანები შეადგენენ, რომლებიც ძალადობას ექვემდებარებიან და მოძალადის ნება-სურვილს იქამდე ასრულებენ, ვიდრე პირში
სული უდგათ, ვიდრე ფიზიკურად შეუძლიათ ამ ნება-სურვილის შესრულება. ასე კი იმიტომ ხდება, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები რომ არიან და შიში და სისუსტე მათი დამახასიათებელი თვისებებია, რაც, რა თქმა უნდა, სრულებითაც არ არის დასაცინი, პირიქით, ისინი მხოლოდ სიბრალულსა და თანაგრძნობას იმსახურებენ, თუმცა მათი ფიზიკური სისუსტე
ხელს უწყობს მათივე გონების ზრდასა და განვითარებას. განა მათი გონების ნაყოფი არ არის
ყველა ის გმირობა, რაც თეზევსმა უნდა ჩაიდინოს?! რაც მათმა მკლავმა ვერ შეძლო, გონებამ
აღასრულა და ამით, უპირველეს ყოვლისა, მტკიცე საყრდენი აუშენა საკუთარ სისუსტეს, დაიიმედა, გაიმხნევა საკუთარი თავი. თეზევსი ჩვეულებრივი ადამიანის მიერ დაშვებული შესაძლებლობაა, ის ჩვეულებრივი ადამიანის სურვილსა და ოცნებას ასახიერებს. ამიტომ ნურც
ზედმეტად მომთხოვნნი ვიქნებით, ნურც ზედმეტად გულგრილნი – ერთიცა და მეორეც
წყალს უსამართლობის წისქვილზე ასხამს, უსამართლობა კი, როგორც მოგეხსენებათ, ბოროტების სამსახურში დგას, იმის სალაროდან იღებს ხელფასს. ხოლო ზღაპარსა და მითს, ყველა
სიკეთესთან ერთად, სხვა, განსაკუთრებულად მიმზიდველი თვისებაც გააჩნია: რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო ან მოისმინო, ყოველთვის ახალ მნიშვნელობას იძენს, სულ სხვა მხარეს მიმართავს ხოლმე ჩვენს გონებას და აუცილებლად ახალ საოცრებას, ახალ იდუმალ სამყაროს გაგვიხსნის, თუკი, თავისთავად ცხადია, მეტი გულისყურით, მოთმინებითა და ინტერესით წავიკითხავთ, ანდა მოვისმენთ, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს უნარსა და სურვილზეა დამოკიდებული. ასე რომ, როგორი მოსაწყენიც არ უნდა იყოს ჩვენთვის, გუნებაში
მაინც, ერთხელ კიდევ გავიაროთ გმირთან ერთად ხიფათებით სავსე გზა ტროიძენიდან ათენამდე და, რაც ჩვენთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ათენიდან კრეტამდე. კრეტაზე
დედალოსი იცდის, უკვე თექვსმეტი წელიწადია მისი არსება ერთადერთი ფიქრითაა შეპყრობილი და ამ ფიქრს ისე ჩაბღაუჭებია, როგორც ახლად ფეხადგმული ბავშვი – დედის კალთას, რადგან ღრმადაა დარწმუნებული, მხოლოდ და მხოლოდ ამ ფიქრმა უნდა გაიყვანოს
იგი უკვდავების მოედანზე, ბოლოს და ბოლოს მოუპოვოს თავისუფლება, ურომლისოდაც
ადამიანი უბედურია და ეს უბედურება იმდენად თვალნათელი, იმდენად ხელშესახებია, მისი უარყოფა ანდა მიჩქმალვა ყოვლად შეუძლებელია. დაიმსახურა თუ არა დედალოსმა ეს
უბედურება, სხვა საკითხია და ახლა ამას აღარა აქვს არავითარი მნიშვნელობა. რაც მთავარია, ის ნამდვილად უბედურია და ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი, ანუ ნათქვამია მთავარი: ღმერთების თავისუფლება ადამიანისთვის გაკვეთილი არ არის, ადამიანს თავისი, ადამიანური თავისუფლება სჭირდება და მხოლოდ და მხოლოდ თვითონ უნდა მოიპოვოს ის,
საკუთარი არსების გარეთ კი არა, შიგნით, სულსა და გონებაში. თუ ერთი ადამიანი მაინც,
ვინც არ უნდა იყოს იგი, მონაა – კაცობრიობას თავისუფლების ნება არა აქვს, რადგან თუ ერთი კაცი მაინც ფიქრობს, მთელი კაცობრიობის სახელით ფიქრობს და რასაც იგი მოიფიქრებს, მთელი კაცობრიობის საკუთრებაა. დედალოსიც ყველა ჩვენგანის სახელით ფიქრობს,
ვიდრე თეზევსი ათენისკენ მიეშურება და პოსეიდონის ღვთაებრივი სისხლით დაბერილ
მკლავებს უქმად არ აცდენს. დედალოსი აღგზნებული, აფორიაქებული ფიქრობს და მალე
მისი ნაფიქრალი მიწაზე ჭიპით მიბმულ კაცობრიობას ფრთებით შემოსავს. ესაა მისი მოწოდება, ესაა მისი მთავარი დანიშნულება და, როგორც მოგეხსენებათ, არავითარ შემთხვევაში
არ დაიხევს უკან, ნებისმიერ მსხვერპლზე წავა თავისი თავგანწირული ოცნებისა თუ გამოგონების გულისთვის. ისიც საგულისხმოა, ცაში გამოკიდული რომ გლოვობს საკუთარ სისხლსა და ხორცს, ახლა უკვე საბოლოოდ, უკვე ვეღარც ნაშიერის დაღუპვა (თუნდაც განმეორებითი) ააღებინებს განზრახვაზე ხელს, რაც არ უნდა ცუდად ახასიათებდეს ეს ამბავი მას,
როგორც ჩვეულებრივ ადამიანსა და მშობელს. დედალოსი ყველაფერს დაუფიქრებლად სწირავს საკუთარ განზრახვას და ეს, უპირველეს ყოვლისა, თავად განზრახვის სიდიადეზე, განზრახვის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობაზე მეტყველებს. მაგრამ ისიც ხომ ერთ რამედა
ღირს, აქამდე რომ ვერ შექმნილა მსოფლიო ლიტერატურაში უფრო შემძვრელი, უფრო ადამიანურად ტრაგიკული სურათი შვილთან, ანუ, საერთოდ მიწიერ ცხოვრებასთან გამოთხოვებისა. და მართლაც, როგორი წარმოსადგენია: გვერდით შვილი გეღუპება, ხედავ, ხვდები –
მიშველება კი არ შეგიძლია, ცაში ხარ გამოკიდული, ხელოვნურ ფრთებზე ხარ მილურსმული, ჯვარცმული. ხოლო შვილის ფრთებზე ცვილი უკვე დნება – შენც დაგეცა სახეზე ერთი
მსხვილი, ცხელი წვეთი – შენი შვილი კი უფრო მაღლა მიიწევს, მზისკენ... შენ უნდა გაჯობოს. დარწმუნებულია, შენზე მეტად უყვარს მზე, შენზე მეტად გრძნობს უსაზღვრო სივრცეში ლივლივის სიამეს. არადა, ჩვეულებრივი ბრიყვია – ჯერ ადრე იყო იმისთვის გაფრენა,
რადგან ჯერ კარგად არც თავისუფლების ფასი იცის, საერთოდ არ იცის, რადგან, მამისგან
განსხვავებით, მონობაშია დაბადებული და მონობა ბუნებრივი მდგომარეობაა მისთვის. ცაში
აფრენილი, კი არ განთავისუფლდა რაღაცისგან – მტანჯველისგან, აუტანლისგან, დამაკნინებლისგან – არამედ ჩვეულებრივად აცუნდრუკდა უმეთვალყუროდ დარჩენილი ნებისმიერი ბავშვივით, ანდა იალაღზე გაშვებული კვიცივით. თავისუფლება მისთვის შეგნებული,
გათვითცნობიერებული მისწრაფება კი არ იყო სულისა, არამედ ბნელი და გაურკვეველი, შემაწუხებელი და შემბორკავი მოთხოვნილება ხორცისა. ამიტომაც დაიღუპა. განთავისუფლება, უპირველეს ყოვლისა, დაბრძენებას გულისხმობს. ის კი, როგორც უკვე ვთქვით, სწორედაც რომ აცუნდრუკდა, სხვა სიტყვას ვერც მონახავს კაცი, ყველაფერი ერთბაშად დაავიწყდა,
რასაც მამა უხსნიდა და ასწავლიდა წლების განმავლობაში, გაფრენამდე, ლაბირინთის აქოთებულ წყვდიადს მიყურადებული. მაინც ისე მოიქცა, როგორც არ უნდა მოქცეულიყო. მაგ-
რამ მაინც შენი შვილია და ხელოვნურ ფრთებზე მილურსმული, აჰბღავი ცას – ძირს, იკაროს,
ძირს, მიწისკენო. ცრემლმა ლამის დაგახრჩოს, პირში ჩაგდის, შენ კი მაინც გაჰყვირი: ძირს,
ძირს, ძირს! – მაგრამ უკვე გვიანია: ცვილი სულ მთლად გადნა. შენი შვილი, ხელფეხგაფარჩხული, თავდაყირა მიჰქრის მიწისკენ. აი, გაგისწორდა. სახე აღარ ადევს, უზარმაზარ, ცარიელ თვალებადაა ქცეული. შენ, ფრთებგაშლილი, ლივლივებ შვილის თვალებში. აი, ჩაგცდა
კიდეც – შვილო, შვილო, შვილო! – ჩასძახი ახლა ზემოდან და გამალებული იქნევ ფრთებს,
შენც რომ არ წახვიდე თავქვე. მართალია, შვილი გეღუპება, მაგრამ გონიერი არსება ხარ და,
უბრალოდ, ვერ შეძლებ ასე უგნურად დაღუპვას.
დედალოსის სულში თავისუფლების თესლი რომ არ გაღვივებულიყო, მისი სახელიც ისევე დაიკარგებოდა ჩვენთვის, როგორც მისი შემოქმედება. დედალოსი მაშინ გახდა ჩვენთვის
ძვირფასი და ახლობელი, როცა მის თავისუფლებას საფრთხე დაემუქრა. ყველაფერი, რაც
იქამდე მოხდა, იმიტომ მოხდა, დედალოსს ეს რომ ეგრძნო და, მიუხედავად მსხვერპლის
სიმძიმისა, მაინც აღესრულებინა თავისი გიჟური განზრახვა, თუკი უნდოდა, კაცობრიობა
თავიდანვე არ შეჰგუებოდა მონობას.
დედალოსმა ყველა ჩვენგანს აჩუქა თითო ბუმბული თავისი ფრთისა...
1969-1988
ვგმობ სისასტიკეს!
(რადიოგამოსვლა 1989 წლის 11 აპრილს)
დარწმუნებული არა ვარ, რაიმე ზემოქმედებას თუ მოახდენს ჩემი სიტყვა თქვენს სულსა და
გონებაზე, მაგრამ აღარც გაჩუმება შემიძლია – არა რომელიმე ჩვენგანის, არამედ საერთოდ
საქართველოს ხვალინდელი დღეა საფრთხეში. არასოდეს არ ყოფილა ალბათ ასე საჭირო
ჩვენი განუყოფლობის, ჩვენი ერთიანობის შეგრძნება და შეგნება, შეგნება და გაანალიზება
უბედურებისა, ყველას ერთნაირად რომ დაგვატყდა თავს. მთელი ჩემი არსებით ვგმობ იმ
არაადამიანურ სისასტიკეს, ანგარიშსწორების იმ ბარბაროსულ მეთოდს, მსხვერპლისადმი იმ
ცინიკურ განურჩევლობას, რისი მოწმენიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ცხრა აპრილის ღამით გავხდით. ეს ღამე ალბათ ახალ «ბართლომეს ღამედ» ჩაიწერება მსოფლიოს ისტორიაში, ხოლო
ჩვენს შეგნებაში მარადიულ წყვდიადად დარჩება – აღარასოდეს გათენდება, როგორც არ უნდა წარიმართოს ხვალიდან ჩვენი ცხოვრების გზები. ჩვენ კი არ დაგვსაჯეს, როგორც, დავუშვათ, პოლიტიკური დამნაშავენი, არამედ ბნელში, ფაცაფუცით, გაუსამართლებლად ამოგვხოცეს, როგორც, დავუშვათ, ქვეწარმავლები. ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული კი თავისუფლებისკენ სწრაფვა იყო და სხვა არაფერი. ხოლო თავისუფლებისკენ სწრაფვა საერთოდ
ადამიანის მთავარი თვისებაა და არაფერია ამაში არც გაუგებარი, არც მოულოდნელი, არც
გადამეტებული და, რაც მთავარია, არც სხვებისგან გამოსარჩევი. პირიქით, თუკი გვამსგავსებს, სწორედ ეს უკეთილშობილესი თვისება თუ მოთხოვნილება გვამსგავსებს იმ ბედნიერ
ხალხებს, სხვებზე ადრე რომ გაიარეს თვითგამორკვევის, თვითდამკვიდრების, თვითშემეცნების გზა. ეს გზა, ადრე თუ გვიან, ყველა ხალხმა უნდა გაიაროს და მათ შორის, რასაკვირველია, ჩვენც. მაგრამ საქმეც ისაა, ვინ როგორ გაივლის ამ გზას, ანუ ბოლომდე გაივლის, თუ
შუა გზაში შეფერხდება, დაიბნევა, გადაცდება, მხარი ექცევა... სიბნელიდან სინათლეზე ერ-
თბაშად გამოსვლა სახიფათოა – გადაჩვეულმა სინათლემ, შეიძლება, ისე დაგვაბრმავოს,
სულ უბრალო დაბრკოლებაც საბედისწერო აღმოჩნდეს ჩვენთვის; შეიძლება ისე მოვიქცეთ,
როგორც არავითარ შემთხვევაში არ მოიქცეოდა, თუნდაც დაბადებით ბრმა ადამიანი, რადგან მან ასევე დაბადებიდან იცის – ბრმაა – და ბუნებისგან მომზადებულიცაა მარადიულ
სიბნელეში საცხოვრებლად. ჩვენი მოვალეობა კი სიბნელიდან გამოსვლა, სიბნელის დაძლევაა სწორედ. ამიტომაცაა ახლა ჩვენთვის აუცილებელი დამშვიდება, გონებისა და ძალის მოკრება. ჩვენი დღევანდელი უბედურება როდი ნიშნავს იმას, ჩვენს მიზანზე, ანუ ადამიანის
მთავარ მოთხოვნილებაზე ავიღოთ ხელი. მიზანი იგივეა, ხოლო რაკი მიზანი გვაქვს, სიცოცხლესაც უნდა გავუფრთხილდეთ, რამდენადაც ერთი განაპირობებს მეორეს: სიცოცხლის
გარეშე ვერავითარ მიზანს ვერ მივაღწევთ და უმიზნოდ არანაირ სიცოცხლეს არა აქვს აზრი.
თუკი კაცობრიობას მართლა უწერია მომავალი, მიუხედავად მისი დღევანდელი ზნედაცემულობისა და გულმხეცობისა, ჩვენს შთამომავლობას ალბათ ძალიან გაუჭირდება ამ მასობრივი მკვლელობის მესვეურთა როგორც პოლიტიკური, ისევე ადამიანური მრწამსის გაგება, მით უფრო – გამართლება. საამისოდ არც ის ანტისაბჭოური პლაკატები იქნება საკმარისი, რომლებიც უმალ ჩვენს გულუბრყვილობას ადასტურებდა, ვიდრე ჩვენი პოზიციის სიმტკიცესა და სიძლიერეს. და მაინც, როგორც ყოველთვის, სასჯელის ზომა ახლაც უკიდურესი
აღმოჩნდა. ალბათ ესეც ჩვენი ბრალია, როგორც სხვა ყველაფერი. ალბათ ჩვენივე ეროვნული
თვისებები განაპირობებს არამარტო დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დასჯის მეთოდსაც. ასეთია, სამწუხაროდ, მწარე სიმართლე, ასე გვიყურებენ სხვები. ბევრი ჩვენი ეროვნული უბედურება ჩვენს ეროვნულ დანაშაულადაა მიჩნეული. ასე კი იმიტომ ხდება, ოდითგანვე
მტრებით რომ ვართ გარემოცულნი, გამკითხავი კი არავინაა. დაჩაგრულნი კი არა ვართ სხვათა თვალში, არამედ – მჩაგვრელები; აბუჩად აგდებულნი კი არა – აბუჩად ამგდებნი. არადა,
ერთადერთი ქვეყანა ვართ მსოფლიოში, სადაც ნებისმიერი ლტოლვილი თავს მასპინძლად
გრძნობს, თავის ენაზე ნათლდება, თავის ტაძარში ლოცულობს, თავის თეატრში იღებს სულიერ საზრდოს, როცა მსგავსიც არაფერი შეუქმნია არც თავისუფლების სიმბოლოს – საფრანგეთს, და არც «ინტერნაციონალიზმის მედროშეს» – რუსეთს. მაგრამ, საუბედუროდ, ჩვენი არავის არ ესმის. ნურც ჩვენ მოვიტყუებთ თავს, გავუსწოროთ სიმართლეს თვალი და
კვლავინდებურად გავმაგრდეთ «ჭირსა შიგან». არც ქალბატონი ტეტჩერი და არც ბატონი ბუში გამოიდებს თავს ჩვენი გულისთვის. ჩვენ არავის ვჭირდებით, თუნდაც იმიტომ, ჩვენი გამოქომაგება გარკვეულ რისკთან რომაა დაკავშირებული. ასე იყო ყოველთვის. ამიტომ როგორც აქამდე დაგვიცავს ჩვენი მეობა, ახლაც ისე უნდა დავიცვათ – გარე-გარე ყურებითა და
ფუჭი იმედით კი არა, საკუთარ სულში ჩაღრმავებითა და მწარე სიმართლის ხვრეპით. დიახაც რომ ღმერთი ჩვენთანაა, რაკი დღესაც გვახსოვს ჩვენი ქართველობა და დღესაც შეგვიძლია მისთვის თავის გაწირვა. სამშობლოს დაკარგვა იგივე მეობის, ადამიანობის დაკარგვაა;
მამის საფლავის დამვიწყებელს სხვაზე ადრე საკუთარი შვილი შეაქცევს ზურგს; ღირსებააყრილ კაცს არც მტერი სცემს პატივს და არც მოყვარე. გარდა ამისა, ჩვენ შემოქმედი ხალხი
ვართ და დაღუპვის უფლება არა გვაქვს. დიდი გზის მგზავრები ვართ და სხვებზე მეტის
მოთმენა გვმართებს. ღმერთმა ქნას, ჩვენი შვილები თუ არა, ჩვენი შვილიშვილები მაინც განწმენდილიყვნენ იმ უსამართლო სიძულვილისგან, ცილისწამებებისგან, ცოდვებისგან – დაუნდობელმა ისტორიამ რომ მოგვახვია თავს. ხვალინდელ ქართველზე მაინც ეთქვას თვალახელილ, გონებაგახსნილ მსოფლიოს ის ეპითეტები, ჩვენმა წინაპრებმა ბევრი დღევანდელი
მოწინავე ქვეყნის ჩასახვამდე რომ დაიმკვიდრეს სამართლიანად: ზრდილი, გონიერი,
ღვთისნიერი, კაცთმოყვარე, გულადი, გულუხვი, სულგრძელი... ჩვენი გზა ძნელი გზაა, ჩვენი ბედი ჭირვეულია, მაგრამ მაინც უნდა შევეგუოთ ბედს, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშ-
ნავს, აღარ ვცადოთ საცდელი. ლეგენდებს რომ მივყვეთ, ჩვენ დაბმული გმირის შთამომავლები ვართ და იმისგან მოგვდევს ნებისმიერი ბორკილის გაწყვეტის ჟინი. ქართველობა მარტო ეროვნება არ არის, გარკვეული თვალსაზრისით, სასჯელიცაა – ამას ადასტურებს მთელი
ჩვენი ისტორია, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენდა საბედნიეროდ და საამაყოდ, ქართველობა არასოდეს ყოფილა მონობის, უმწეობის, ჩაგრულობის, უსახლკარობის სიმბოლო, რის გამოც
არასოდეს დაგვიმსახურებია არც თანაგრძნობა და არც სიბრალული დანარჩენი მსოფლიოსგან. სამაგიეროდ, დანარჩენი მსოფლიო ყოველთვის მეტოქეს, პარტნიორს ანდა კონკურენტს
ხედავდა ჩვენში. მე მხედველობაში მყავს ისეთი დიდი სახელმწიფოებიც კი, რომლებსაც საქართველოსხელა სამხედრო პოლიგონები აქვთ. ეს კი, უპირველეს ყოვლისა, ისევ სიცოცხლისკენ, ისევ გადარჩენისკენ მოგვიწოდებს. პირადად მე, თუკი ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს
თქვენთვის, სხვათა სიბრალულსა და თანაგრძნობას ისევ სხვათა შური და ჯიბრი მირჩევნია.
ამიტომ მოდით, ისევ ჩვენით, სხვათა დაუხმარებლად, ფუჭი იმედის გარეშე ვზიდოთ ჩვენი
ყველაზე მძიმე და ყველაზე ძვირფასი ტვირთი – ჩვენი მეობა. რაც არ უნდა მწარე იყოს, ერთხელ კიდევ ჩამოვიბანოთ ჩვენი მარადიული, მარად პირდაღებული, მარად შეუხორცებელი ჭრილობები; კიდევ ერთხელ მივაბაროთ მიწას, ვინ იცის, მერამდენედ მოკლული, მერამდენედ შეურაცხყოფილი, აბუჩად აგდებული ცხედარი ჩვენი ჯერ კიდევ გასათენებელი მომავლისა; ერთხელ კიდევ დავიჩოქოთ ჩვენი ამოუვსებელი სამარის წინ და ერთხელ კიდევ
დავდოთ ფიცი: არასოდეს, არავითარ შემთხვევაში, არაფრის გულისთვის რომ არ მოვიშორებთ ტვირთს, რომელიც ღმერთმა და დედაბუნებამ აგვკიდა, არ ვუღალატებთ გზას, რომელიც ჩვენმა კეთილშობილმა წინაპარმა გაგვიკვალა, არ დავკარგავთ თვალთახედვიდან მიზანს, რომელიც ჩვენმა უკეთესმა თანამემამულეებმა დაგვისახეს.
1989
სიყვარულის სამსახური
ალბათ არასოდეს არ ყოფილა თანაგრძნობა და სიყვარული ისე საჭირო ადამიანისთვის, როგორც დღესაა. დღეს მთელი კაცობრიობა უდიდესი განსაცდელის წინაშე დგას და ბევრი რამ
თავად ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს პირადულ თვისებებსა და ღირსებებზე. დიახ, დღეს
გამოჩნდება, რანი ვართ და რისი ღირსნი ვართ საერთოდ, ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორია კანონზომიერებაა სამყაროსთვის თუ შემთხვევითობა. პირადად მე ეჭვიც არ მეპარება,
უკეთეს ცხოვრებას, უკეთეს მომავალს რომ იმსახურებს ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ ეპოქაში
დგება ჟამი, როდესაც ის (ადამიანი) იძულებულია ერთი სიტყვით, ერთი ნაბიჯით გამოთქვას და გამოხატოს, რის გამოც აუცილებლობად მიაჩნია თავად საკუთარი არსებობა და რის
გამოსათქმელად და გამოსახატავად საერთოდ განუსაზღვრელი დრო აქვს გამოყოფილი
ღმერთისგან. აი, სწორედ ის სახიფათო, ის გადამწყვეტი ჟამი გვიდგას დღეს და ყველა ჩვენგანმა მთელი თავისი შეგნება, მთელი თავისი ძალ-ღონე, მთელი თავისი ცოდნა-განათლება,
მთელი თავისი გრძნობები და განცდები იქითკენ უნდა მიმართოს, იმ ერთი გადამრჩენი
სიტყვის თქმა და იმ ერთი გადამრჩენი ნაბიჯის გადადგმა რომ გაგვიადვილდეს როგორმე,
თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა შევძლოთ, რადგან სხვა გამოსავალი არ არსებობს. ჩემთვის ის ერთი გადამრჩენი სიტყვა «სიყვარულია», ის ერთი გადამრჩენი
ნაბიჯი მოყვასისგან კი არა, მოყვასისკენ გადადგმული ნაბიჯია. სიყვარული ჩვენი დამსახურება კი არ არის, ჩვენი მოვალეობაა. ამ გრძნობით ჩვენს უპირატესობას კი არ ვამტკიცებთ
სხვებთან შედარებით, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ადამიანობას წარმოვაჩენთ სხვების დასანახად. ამ გრძნობით თავის მოწონება არ შეიძლება, რადგან ღმერთისგან ბოძებული
მადლია და ვისაც არ გააჩნია, ის ჯერ კიდევ არ არის ადამიანი. თუ შევთანხმდებით, რომ
სიყვარული აუცილებელი, საყოველთაო და სავალდებულო გრძნობაა, მაშინ იმის შეგნებაც
გაგვიადვილდება, სიყვარული მხოლოდ ადამიანის სასიკეთოდ რომ უნდა იყოს მიმართული.
რასაკვირველია, ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ
ჩვენი დღევანდელი ცხოვრების ბევრი ხარვეზი, ბევრი ძნელად გადასაჭრელი პრობლემის
არსებობა, ბევრი ძნელად მოსარევი სენისა თუ საფრთხის მოზღვავება, უპირველეს ყოვლისა,
საერთოდ სიყვარულის, ყველანაირი სიყვარულის გაიშვიათების კანონზომიერი შედეგია.
პოეტი ამბობს, უსიყვარულოდ უკვდავებაც არ არსებობსო, ჩვენ კი, რატომღაც, სიყვარულის
გარეშე მოვინდომეთ ცხოვრებაში ფონს გასვლა, რადგან, ასევე ყოვლად გაუგებარი მიზეზების გამო, არათუ ბიძგის მიმცემ, არამედ ხელის შემშლელ, შემაფერხებელ ფაქტორებს მივაკუთვნეთ ისიც. თუკი სიყვარულის გულისთვის ადრე ოჯახი ინგრეოდა (რის შედეგადაც
მხოლოდ და მხოლოდ კიდევ უფრო მტკიცდებოდა საერთოდ ოჯახის საფუძველი), ახლა პირიქითაა – სოციალურად შედარებით უზრუნველყოფილი «ოჯახი» რომ შევქმნათ, დაუფიქრებლად, დაუნანებლად ვკლავთ სიყვარულს, რითაც, საბოლოო ჯამში, საერთოდ ოჯახის
არსებობას ვხდით საეჭვოდ. შეიძლება ამის თქმა ჩემგან მკრეხელობაა, მაგრამ მირჩევნია
მკითხველს გული ვატკინო, ვიდრე მოვატყუო – გავაწბილო, ვიდრე უსაფუძვლოდ გავახარო. პირადად მე ანგარებაზე დაფუძნებულ ბედნიერებას, ანუ ობივატელური თვალსაზრისით მოწესრიგებულ ყოფას, უანგარო, უჭერო, უსასთუმლო სიყვარული მირჩევნია, ანუ უბედურება, სიგიჟე, სიბრიყვე და სისუსტეც კი – დღევანდელი გაგებით. მაგრამ მე მე ვარ, ადამიანი კი გაცილებით ფართო ცნებაა. ადამიანი, ფართო გაგებით, ყოველთვის იმას ირჩევს,
რაც იმ წუთას სჭირდება, რაც იმ წუთას გამოადგება. მხატვრულად რომ ვთქვათ, ცხოვრებას
არსებობა ურჩევნია, თუნდაც იმიტომ, ცხოვრება თვითონვე რომ უნდა შექმნას, თანაც განსაკუთრებული, მისი ღირსი და მისი შესაფერი. არსებობისთვის კი მხოლოდ და მხოლოდ საარსებო საშუალებების მოპოვებაა საჭირო. გარდა ამისა, ცხოვრებაში არაფერია სანდო და საიმედო – იქ შეიძლება გაზაფხული შუა ზამთარში დადგეს, ხოლო ერთი «მშვენიერი წამი»
დროის ყველაზე ვრცელი მონაკვეთი აღმოჩნდეს. გაუშვი, ქვის ქვეშ დაყურსული გომბეშო
ვიყო, ოღონდ ცოცხალი ვიყოო – ესეც ადამიანის ნათქვამია და, სხვათა შორის, უფრო ადამიანურიც, ვიდრე, ვთქვათ, ჯულიეტას უკანასკნელი რეპლიკა: «...მომკალ, შენ კი აქ მოისვენე».
ქვის ქვეშ ხანგრძლივ სიცოცხლეს მილიონები ამჯობინებენ, ჯულიეტა კი ერთია, ყოველ
შემთხვევაში, გამონაკლისია და სიყვარულის სახელით ყოველდღე იმიტომ კი არ იკლავს
თავს ქვის ქვეშ დაყურსული მილიონების თვალწინ, თავის ჭკუაზე რომ მოაქციოს ისინი,
არამედ – წამიერად მაინც რომ მოუოხოს იმათ გული, წამიერად მაინც გამოთიშოს ისინი გაუთავებელი, ყელში ამოსული საფიქრალიდან, რომელიც ყოველდღიური ყოფის ათასნაირი
წვრილმანისგან შედგება და არათუ უნარი, სურვილიც არა აქვს, ოდნავ მაინც გასცდეს ოცნებასა და სინამდვილეს შორის გავლებულ ზღვარს.
უსიყვარულოდ დარჩენილმა ადამიანმა, რაც ჩვენი დროის ყველაზე დიდ ტრაგედიად მიმაჩნია, პირველ რიგში ოცნებაზე აიღო ხელი, რის გამოც თავისთავად გაუქრა მარადიულობის შეგრძნება და შეშინებული, გამწარებული ჩააფრინდა წარმავალს, ოღონდ, ამ წუთას რეალურად არსებულს, ხელჩასავლებს... უფრო მკაცრად რომ ვთქვათ, ადამიანი საკუთარმა ადა-
მიანობამ დათრგუნა – გაუთავებელი გულისხეთქვის, მღელვარების, შფოთვის, თვითგვემის,
თავშეკავებისა და თავგანწირვის სურვილის მეტი ვერაფერი მისცა, ანუ, რაც კულტურამ შექმნა საუკუნეების მანძილზე, მაინცდამაინც ვერ მიესადაგა შეუზღუდავ, უკიდეგანო, ურეგლამენტო ცივილიზაციას. მას კი (ადამიანს), განსაკუთრებით დღევანდელ დაძაბულ სიტუაციაში, ურჩევნია გომბეშო იყოს და გარანტირებული ჰქონდეს ხანგრძლივი სიცოცხლე, ვიდრე ოცნების ფრთებგამობმული იდუმალისკენ, მიუწვდომლისკენ, დიადისკენ მიისწრაფოდეს სულ. სამწუხაროდ, ასე მოხდა, ასეა დღეს და არც მთლად შემთხვევით. კონკრეტული
დამნაშავეების მითითებაც შეიძლება, მაგრამ ეს, რასაკვირველია, საქმეს ვერ გამოასწორებს.
ადამიანი ყოველთვის კლავდა მოყვასს, ყოველთვის შურდა მოყვასისა, ყოველთვის გაურბოდა თვალი და ხელი სხვისი სიმდიდრისკენ, სხვისი ცოლისკენ... როგორც უკვე ვთქვით, ასეთია მისი ბუნება, მაგრამ, ამავე დროს, ის აღზრდასაც ემორჩილება და ვნებათა მოთოკვის ძალაც შესწევს, მით უფრო, როცა აქეთკენ მოუწოდებ, როცა გარკვევით ეუბნებიან, რა ითვლება
ცოდვად და რა – მადლად. ამიტომ რელიგია იქნება, ფილოსოფია, პოლიტიკური მოძღვრება
თუ მხატვრული ლიტერატურა, პირველ რიგში, სიყვარულის უნარს უნდა უღვივებდეს ადამიანს. სიყვარულმა, შეიძლება, ბევრ რამეზე ათქმევინოს ადამიანს უარი, მაგრამ გაცილებით
დიდი ბოროტებაა, როცა რაღაცაზე, თუნდაც უმნიშვნელო წვრილმანზე, უსიყვარულოდ
თანხმდება იგი.
ვიღაცას უთქვამს: ქალები ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა შეისწავლო ისინიო. მე მგონი, ეს
უფრო ლამაზი ნათქვამია, ვიდრე ჭეშმარიტება. სიყვარული უკვე სწავლაა, ოღონდ არამარტო
ქალისა, რაც თავისთავად უაღრესად რთული და მნიშვნელოვანი ამბავია, არამედ ყველაფრისა, რაც ჩვენი ადამიანობის დონესა და ხარისხს განაპირობებს, სამშობლო იქნება ეს, ბუნება, კულტურა, ისტორია თუ საკუთარი თავი; მოკლედ, ყველაფერი დიადი და მარადიული,
რაც ღმერთს მოუცია და ადამიანს შეუთვისებია. მეც მთელი ჩემი შეგნებით ვაცხადებ, რომ
ვიყავი, ვარ და დავრჩები ყურმოჭრილი მსახური სიყვარულის ნებისმიერი გამოვლინებისა.
ამავე დროს, ღრმადა ვარ დარწმუნებული, რომ სიყვარულსაც ისევე უნდა შველა დღეს, როგორც დაბინძურებულ ზღვებსა და ოკეანეებს. არადა, ზღვებსა და ოკეანეებს კი არა, ერთ საცოდავ ბეღურასაც ვერ გადავარჩენთ, თუკი გული პირამდე სავსე არ გვექნება სიყვარულით.
ტყუილად კი არ არის ნათქვამი: «სიყვარული აღგვამაღლებსო» – ყველაზე თავისუფალი ადამიანი ისაა, ვისაც სიყვარულის უღელი ადგას, ვინც სიყვარულს ნებაყოფლობით ემონება.
ამიტომ, ჩემი რწმენით, ნებისმიერი, თუნდაც სულ უმნიშვნელო სიყვარულის ჩაკვლა, უარყოფა ანდა დათრგუნვა, არამარტო კონკრეტული ადამიანების, არამედ მთელი კაცობრიობის,
მთელი სამყაროს აბუჩად აგდებაა.
მწერლის მთავარი ამოცანა სიყვარულის სამსახურია, ხოლო ლიტერატურა, ბოლოს და
ბოლოს, სიყვარულის ისტორიაა და სხვა არაფერი. აქედან გამომდინარე, უთქმელადაც ცხადია, კვლავაც ყველანაირად რომ აღვუდგები წინ ძალადობის, სიძულვილის, ჩაგვრისა თუ
ხელყოფის ყოველგვარ სახეობას. რა დასამალია და, ჯერჯერობით ბევრი უაღრესად მნიშვნელოვანი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ სიტყვის დონეზეა გადაწყვეტილი. ხოლო სიტყვა
საქმედ რომ იქცეს, ერთმანეთს კი არ უნდა ვუყუროთ ხელებში, ერთმანეთს უნდა ავუბათ
მხარი, ანუ ყველამ ის ვაკეთოთ, რისი კეთებაც გვევალება. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ,
ნამდვილად რომ დაუბრუნდეს, დავუშვათ, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი; ყველამ ერთად უნდა გავაგდებინოთ ხელიდან ბუნებაზე აღზევებულ ტექნოკრატს ბუნების
«მოსათვინიერებლად» მომარჯვებული ნებისმიერი «გრანდიოზული პროექტი», ძირითადად
ქვენა, შორს გამიზნული ზრახვებისა და პირადი ინტერესების შესანიღბად შექმნილი. ღვთის
წყალობით, კიდევ ბევრი ბრძოლა გვაქვს გადასატანი, ალბათ უფრო მძაფრი და უფრო დაუნ-
დობელი, მაგრამ მომავალშიც მე ისევ ჩემი ძველი იარაღით – ჩემი კალმითა და ჩემი საბეჭდი
მანქანით – ვიბრძოლებ მაინც, რამდენადაც მარტო მათი ხმარება ვიცი. ასევე, რასაკვირველია, კვლავინდებურად ვეცდები «ჩრდილში დგომას», ანუ არც მომავალში შევაწუხებ ზედმეტად რადიოსა და ტელევიზიას, რადგან როგორც ადრე მჯეროდა, ახლაც ისევე მჯერა, საქმე მხოლოდ «ჩრდილში» კეთდება (უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობ მწერლის საქმეს).
მთავარია, მართლა რაღაცას წარმოადგენდეს ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მართლაც გამოადგეს რამეში ვინმეს, თუნდაც ერთ ადამიანს.
1989
ღია წერილი ინგლისელ მეცნიერს
ბატონ ჯორჯ ჰიუიტს
თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს უნებლიე «პაექრობაში» პირადული საერთოდ გამორიცხულია. ხოლო თუკი თქვენც ამავე აზრს იზიარებთ, მაშინ, იქნებ ინგლისელი მკითხველისთვისაც გაგეცნოთ ჩემი წერილი. ამას, უპირველეს ყოვლისა, ჩაგითვლიდით თქვენს მეცნიერულ ობიექტურობად და, აგრეთვე, იმ დემოკრატიზმის გამოხატულებადაც, რომელიც,
თქვენი სიტყვით, ჩვენში, საქართველოში, არ აღმოჩნდა. ამასთანავე, მშვენიერი შემთხვევა
მომეცემოდა, პირადად გამეფრთხილებინა დიდებული ინგლისელი ხალხი, საერთო კატასტროფის წინაშე რომ ვდგავართ ყველანი და ვერაფრით ავიცილებთ ამ კატასტროფას თავიდან, ვიდრე სერიოზულად არ დავინტერესდებით ერთმანეთის ცხოვრებით, არ გავითავისებთ ერთმანეთის ჭირსა და ვარამს.
ადამიანი ყველა ეპოქაში სწავლობდა უცხო ენებს, ძირითადად, რასაკვირველია, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული თვალსაზრისით პრივილეგირებულ ენებს, რამდენადაც ენის შესწავლის აუცილებლობას უმთავრესად პრაქტიკული მოსაზრება განაპირობებს.
თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ, იმის მაგალითიც ბევრია, როცა პრაქტიკულ მოსაზრებას პირადი ინტერესი, პირადი სიმპათია სჭარბობს და თანაც, ერთი შეხედვით, პრაქტიკულად
თითქმის სავსებით გამოუსადეგარი ენების მიმართ. ამის საუკეთესო მაგალითი ისევ თქვენი
თანამემამულე გახლავთ, ქალბატონი მარჯორი უორდროპი, რომლის სახელიც, ადვილი შესაძლებელია, არც იცოდეს რიგითმა ინგლისელმა, მაგრამ ყველა ქართველისთვის წმინდა სახელია – ქართველ წმინდანებთანაა გათანაბრებული ეს ინგლისელი ქალბატონი და
არამარტო უანგარო სიყვარულისთვის, რომლითაც მან უსამართლოდ დაკნინებული უცხო
ქვეყანა შეიყვარა, არამედ იმ შეშფოთებისთვისაც, იმ საერთო-საკაცობრიო უსამართლობის
შეგრძნებისთვისაც, მაინცდამაინც საქართველოში, მაინცდამაინც ილია ჭავჭავაძის პატარა
სახლის მყუდრო აივანზე, მაინცდამაინც მზეზე ალაპლაპებული არაგვისა და არაგვს გაღმა
გარინდული მთების შემყურეს რომ დაეუფლა. საქართველო არასოდეს ყოფილა ბრიტანეთის კოლონია, მაგრამ, პოეტურად რომ ვთქვათ, ზოგადად იმპერიალიზმის მთელი სისასტიკე, სიმახინჯე, არაადამიანურობა და არასამართლიანობა კონკრეტულად საქართველოს მაგალითზე იგრძნო ქალმა, რომელიც პოლიტიკური მოღვაწეების ოჯახიდან გახლდათ და, რა
თქმა უნდა, საქართველოში ჩამოსვლამდეც მრავლად ექნებოდა ნანახი კოლონიური სისტემით დასახიჩრებული ცხოვრების სურათები. და მაინც, საქართველოს ცის ქვეშ შეძრა მისი
გული კაცობრიობის განუსჯელობამ, განუკითხაობამ, გულგრილობამ. მისთვის ქართული
ენის შესწავლა ინტელექტუალური ვარჯიში კი არ იყო გრამატიკის ლაბირინთებში, არამედ
უკეთილშობილესი სურვილი დაჩაგრულის გაგებისა, დამხობილის აღდგენისა, წაბილწულის განბანისა და, რაც მთავარია, ბოდიშის მოხდისა ყველა უსამართლოდ დასჯილი ხალხის წინაშე, ყველა აღზევებული, გალაღებული, თავისუფალი და განსწავლული ქვეყნის სახელით.
ჩვენდა საბედნიეროდ, მარჯორი უორდროპი გამონაკლისი არ არის, სხვაც ბევრი დაადგა
მის კეთილშობილ გზას, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას როდი შესწევს ნიჭი და უნარი უცხო
ენის (ამ შემთხვევაში ქართული ენის) იდუმალი ფსკერიდან ჩვეულებრივი შლამი კი არ ამოიღოს, არამედ ქართული სულის ნიჟარაში დაბადებული მარგალიტი. ძალიან სამწუხაროა,
მაგრამ თქვენც «მარგალიტის მაძიებელთა» იმ კატეგორიას განეკუთვნებით, წყალქვეშ სუნთქვის შეკავება რომ უჭირთ და რაც ხელში მოხვდებათ, მხოლოდ ის ამოაქვთ ფსკერიდან.
ჩემგან დიდი კადნიერებაა ამაზე ლაპარაკი, რამდენადაც, მშობლიურის გარდა, არც ერთ ენას
არ ვფლობ სრულყოფილად, იმდენად მაინც, მთელი სისავსით რომ განვიცადო სხვა ენის
იდუმალება, სასიამოვნოდ დამთრგუნველი, დამაბრძენებელი ზემოქმედება სხვა ენისა, მაგრამ როგორც მწერალს, მსოფლიოში არსებული ყველა ენა, მოქმედიცა და მკვდარიც, ერთნაირად საჭიროდ და საინტერესოდ მიმაჩნია. ოღონდ კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ მეცნიერებს, რომლებსაც თვითმიზნად გაუხდიათ ენების შესწავლა, შედარება, შეჯვარება და, აქედან გამომდინარე, სენსაციური, მაგრამ მეცნიერული სერიოზულობისგან სავსებით დაცლილი დასკვნების გაკეთება. ისინი ენას ხალხის ბედისგან იზოლირებულად განიხილავენ და
არ უწყიან, ენა იგივე ბედი რომაა ხალხისა. ყოველი ენა დამოუკიდებელი სამყაროა თავისი
განსაკუთრებული მზის სისტემით, გეოგრაფიული განზომილებებით, და კონკრეტული ადამიანის ფსიქოლოგიურ წყობასა და სულიერ ძვრებს ასახავს, უფრო სწორად, მხოლოდ ის ასახავს და თანაც სრულყოფილად, უნაკლოდ. მთარგმნელის წყალობით, შექსპირი ქართულადაც დიდი მწერალია, მაგრამ ინგლისური ენაა ერთადერთი სარეცელი, სადაც შეიძლებოდა
შექსპირის გენიის ჩასახვა, ანუ მხოლოდ ინგლისური ენის მეშვეობით შეგვიძლია ჩვენ ჩავწვდეთ იმ ჯადოქრობას, რომელიც მაინცდამაინც შექსპირს ბადებს და მაინცდამაინც ინგლისში.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 09
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.