Latin

ბედნიერი ტანჯული - 12

Total number of words is 3522
Total number of unique words is 1866
27.1 of words are in the 2000 most common words
38.8 of words are in the 5000 most common words
46.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ყველაფერი ახია სუსტზე, როცა თავისუფლების ძებნაში სიკვდილს მაინც მონობაში გადიდკაცებას ამჯობინებს. ჩვენი მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა განუწყვეტელი არჩევანი ბოროტსა და კეთილს, ცრუსა და მართალს, წარმავალსა და მარადიულს შორის. ჩვენც განუწყვეტლივ ვირჩევთ, ანუ განუწყვეტლივ ვცდილობთ დავადგინოთ ჩვენი ადამიანობის ხარისხი, რის გამოც იძულებულნი ვხდებით ასევე განუწყვეტლივ ვცდებოდეთ, ანუ ერთხელ
კიდევ ამოვდიოდეთ ცოდვიდან კიდევ ერთი ცოდვის ჩასადენად. ასე კი იმიტომ ხდება, თავიდანვე რომ შეგვეშალა მთავარი არჩევანი სულიერსა და ხორციელს შორის და არც ესაა ჩვენი ბრალი – უბრალოდ, არ ვიცოდით, არ შეიძლებოდა გვცოდნოდა, ამდენ ხანს თუ გავძლებდით, აქამდე თუ მოვაღწევდით და, საკუთარ სულზე ამხედრებულნი, ბრმად, ალალბედზე
დავნებდით საკუთარ ხორცს. ამიტომ, მიუხედავად აზრთა, მრწამსთა, პოზიციათა სხვაობისა, ყველანი მაინც ერთნაირები ვართ, ერთ ბედს ქვეშა ვართ და უმალ ერთმანეთის გაგება და
მიტევება გვმართებს, ვიდრე ერთმანეთის მხილება და გამტყუნება. ნუ ვიქნებით გულუბრყვილონი – ჩვენთვის არც სხვათა განსჯის უფლება მოუნიჭებია ვინმეს, არც თავის მართლების უნარი. გულუბრყვილობა ბოროტების კოცონს აღვივებს მხოლოდ, კოცონზე კი ისევ
ჩვენი სისხლი და ხორცი იწვის. ჰაერი კოცონზე დაფერფლილი ადამიანის ამაზრზენი სუნითაა გაჟღენთილი დღემდე, მაგრამ დღესაც მრავლად არიან «გულუბრყვილო დედაბრები»,
რომლებიც კოცონიდან გადმოვარდნილ ნაღვერდალს კოცონშივე აბრუნებენ დაუფიქრებლად, რა მიზნითაც არ უნდა იყოს ის კოცონი დანთებული. მაგრამ ეს საერთო ჭირია, ზოგადსაკაცობრიო, და ერთნაირად ეხება როგორც დამონებულ, ისევე თავისუფალ მსოფლიოს.
შეიძლება თავისუფალს უფრო მეტადაც ეხებოდეს, რადგან დამონებულს აღარაფერი აქვს
დასაკარგი. დიდი-დიდი ერთხელ კიდევ დაკარგოს დამოუკიდებლობა, რომელიც ჯერ წესიერად არც მიუღია და კიდევ საკითხავია, მიიღებს თუ არა როდისმე. თავისუფალი სამყარო
კი, თუნდაც მარტო ამის გამო, გინდაც სულგრძელად მივუტევოთ მოჩვენებითი გულისხმიერება და გულკეთილობა, უპირველეს ყოვლისა, ღირსებას კარგავს, რაც, დამერწმუნეთ, გაცილებით მეტია, ვიდრე იგივე დამოუკიდებლობა, რომლის დაკარგვაც, სიქალწულისგან განსხვავებით, უთვალავჯერ შეიძლება. სხვათა შორის, ამგვარი მსოფლიოს ფონზე არც მთლად
წყალწაღებულად გამოვიყურებით. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით ღირსების შესანარჩუნებლად და სისხლსაც ვღვრით უთანასწორო ბრძოლაში. მაგრამ
უფრო ობიექტურები თუ ვიქნებით, თავისუფალ მსოფლიოს არათუ ჩვენი დამოუკიდებლობა და ღირსება, საერთოდ ჩვენ არ დავაკლდებით თვალში. უჩვენოდაც მშვენივრად გაძლებს,
როგორც აქამდე გაუძლია. მაგრამ ოკეანის ფსკერის შლამში ჩამარხული მარგალიტი რომ არ
არსებობდეს, არც ყელზე შებმულ მარგალიტს დაედებოდა ფასი. ამით მხოლოდ იმის თქმა
მინდა, ყველაფერი ერთმანეთზე რომ არის გადაბმული და არაფერი არ იკარგება ბუნებაში
უკვალოდ, მით უფრო ხალხი, რომელიც ისე გაუმწარებია გეოგრაფიულსა თუ ისტორიულ
უკუღმართობებს, ლამის მართლა ირწმუნოს, მარადიული ტყვეობისთვის რომ განუმწესებია
განგებას. და მაინც, ჩვენ ბევრად უკეთეს დღეში ვართ მოჩვენებითი კეთილდღეობით განე-
ბივრებულ ხალხებთან შედარებით. არც სინდისის ქენჯნა გვტანჯავს, არც ხვალინდელი
დღის შიში. პირიქით, გულის ფრიალით ველოდებით ყოველ გათენებას. ჩვენი ადგილი და
დანიშნულება ჯერ კიდევ დასადგენია, რაც არამარტო საინტერესოს ხდის ჩვენს ცხოვრებას,
არამედ იმედითაც გვავსებს – ასედაც შეიძლება მოხდეს და ისედაც... რაც მთავარია, უკვე ვიწამეთ, სიპატარავითა და სისუსტითაც რომ შეიძლება რაღაცის მიღწევა, უფრო სწორად, უკვე
მივაღწიეთ რაღაცას. მაგალითად, ჩვენი დიდი და ძლიერი მტერი ვაიძულეთ მოეხსნა ნიღაბი და ბოლოს და ბოლოს ჭეშმარიტი სახით წარმდგარიყო კაცობრიობის წინაშე. დასაწყისისთვის არც ესაა ცოტა. ხვალ მეტს მივაღწევთ. მთავარია, გვჯეროდეს მომავლისა, იმიტომ კი
არა, აუცილებლად რომ გაგვიმართლებს მოლოდინს, არამედ მოლოდინს რომ გვიჩენს საერთოდ, თუნდაც გაურკვეველს. მოლოდინი სიცოცხლის სტიმულია, ის გვაიძულებს, ავად თუ
კარგად, მაგრამ მაინც ბოლომდე მოვიხადოთ ჩვენი უმთავრესი და უკეთილშობილესი მოვალეობა – ვიცხოვროთ მიუხედავად ყველაფრისა. ცხოვრება კი მარადიული მონაცვლეობაა
ლხინისა და ჭირისა, ომისა და მშვიდობისა, შობისა და სიკვდილისა... დღეს ღამე მოსდევს,
მაგრამ ღამეც ყოველთვის განთიადით მთავრდება.
1993
მედეა
(გერმანული გაზეთისთვის)
მედეა ერთ-ერთი გამორჩეული სახეა მსოფლიო ლიტერატურაში და გამორჩეულია, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი გრძნობებისადმი უსაზღვრო ერთგულებით, რომელთა დასაცავად დაუფიქრებლად შეუძლია ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა: მამის ღალატი იქნება
ეს, სამშობლოს მიტოვება, ძმის გაწირვა, თუ საკუთარი შვილების დახოცვა... თუმცა ასეთი «დაუნდობელი» მედეა მაინც ბერძნული ფსიქიკის, ბერძნული მსოფლმხედველობის
შექმნილია, ასე ვთქვათ, ბერძნებმა «აიძულეს» მას მართლაც რომ შემზარავად დიდებული
ნაბიჯის გადადგმა სცენაზე, რაც, ჩემი აზრით, უაღრესად ზუსტი, დამაგვირგვინებელი
დეტალი აღმოჩნდა იმ საერთაშორისო, განუმეორებელი ვერსიის ჩამოსაყალიბებლად,
რომელიც ნებისმიერი მეტნაკლებად განათლებული ადამიანის წარმოდგენაში არსებობს
დღეს და უმალ ბერძენი ავტორის გენიალურობას უსვამს ხაზს, ვიდრე, ვთქვათ, მედეას
სისასტიკეს... ამდენად, ჩვენი მიზანი სრულებითაც არ ყოფილა ამ ვერსიის განმეორება,
ანდა უარყოფა... რაც მთავარია, ვერაფერს ვხედავ ამ ვერსიაში ქართული ბუნებისთვის
მიუღებელსა და შეურაცხმყოფელს. პირიქით, მოწიწებით ვიხრი ქედს მისი მარად
მშფოთვარე სულის წინაშე... როგორც უკვე ვთქვით, ის გამორჩეული სახეა და ამაყად
დგას საკუთარი სიმარტოვის მოედანზე – ზურგს უკან კი არ მალავს, გულზე აქვს დაკრეფილი შვილების სისხლში ამოსვრილი ხელები... რასაკვირველია, ძლიერია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უმწეობითაა ძლიერი... რასაკვირველია, უბედურია, მაგრამ
აგერ უკვე რამდენი ხანია, ყველას ერთნაირად გვაბედნიერებს სიყვარულის სიდიადის,
ღალატისადმი შეურიგებლობისა და საკუთარ სისუსტეებზე ამაღლების ნეტარი შეგრძნე-
ბით... ასე რომ, არაფერი სჭირს დასაცავი და არც ჩვენ ვაპირებთ მის «დაცვასა» და «გამართლებას» სხვათა თვალში. სამაგიეროდ, გვეამაყება მისი თანამემამულეობა, გვეამაყება, მაინცდამაინც მას რომ აღმოაჩნდა ძალაცა და უნარიც ვერაგი დამპყრობლისა და მოღალატის ბაცილის აღმოსაჩენად. უფრო მეტიც, მან ეს ბაცილა შვილების სისხლით შეღება, უფრო ადვილი დასანახი რომ ყოფილიყო სხვებისთვისაც...
ჩემი მიზანი გაცილებით მოკრძალებულია. ქართულ რომანში მედეა ჯერ კიდევ ბავშვია, გულუბრყვილო, გულწრფელი არსებაა, რომელიც რასაც სჩადის, სიყვარულის კარნახით სჩადის, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე უგულობის, სიბნელის, დაუნდობლობის ყრუ კედლებს აწყდება. ის ხომ, პირველ რიგში, თავად არის მსხვერპლი ავანტიურისა, რომელიც
მისი ძლევამოსილი მამის დასამხობად, მისი სამშობლოს დასაკნინებლადაა გამიზნული.
მედეა ბუნებით კი არ არის მკვლელი, როგორც ზოგს მიაჩნია, არამედ იძულებულია, უფრო სწორად, ვალდებულია, აღიაროს საკუთარი შეცდომა და თავად ამოძირკვოს ამ შეცდომის ნაყოფი, გნებავთ, შედეგი, რაც სინამდვილეში ყოვლად შეუძლებელია, მაგრამ
სწორედ შეუძლებლისკენ სწრაფვა, წარმოუდგენლის წარმოდგენა, მიუღწევლის მიღწევა
გამოარჩევს მას ჩვეულებრივად მიტოვებული, ჩვეულებრივად ნაღალატევი, ჩვეულებრივად დამცირებული ქალების უკიდეგანო ოკეანეში...
1994
ნეტარ არიან მორწმუნენი!
(საერთო პასუხი გაზეთ «კავკასიონის» კორესპონდენტის შეკითხვებზე)
ჩემი პასუხი, რასაკვირველია, არც ამომწურავი იქნება, არც კატეგორიული – საკმაოდ ზედაპირული წარმოდგენა მაქვს იმ უაღრესად სერიოზულ და, ჩემი აზრით, წლების მანძილზე
«მომზადებულ მოვლენებზე», რომლის გარკვევაც თქვენ (მეოთხე ხელისუფლებას) ასე იოლად განგიზრახავთ. საგაზეთო გასაუბრება, გნებავთ მწერალთან და გნებავთ სასულიერო
სემინარიის რექტორთან, საამისოდ არც საკმარისია და, მე თუ მკითხავთ, არც მიზანშეწონილი. ეს, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკოსების საქმეა. უფრო სწორად, პოლიტიკურად უნდა
ვიაზროვნოთ და არა, ვთქვათ, მწერლურად. ამით იმისი თქმა კი არ მინდა, მწერალს არ
ეხერხება სერიოზული, დალაგებული აზროვნება-მეთქი, უბრალოდ, ასეთი საკითხების გარჩევისას პრიორიტეტი პოლიტიკოსს ეკუთვნის, რომელსაც ჩვენ (მწერლები) ან ნდობას ვუცხადებთ, ან ვამხელთ. რაც პოლიტიკოსისთვის სისხლხორცეულად მნიშვნელოვანია, ის მწერალს, ადვილი შესაძლებელია, საერთოდ გამორჩეს მხედველობიდან და – პირიქით. რაც
მთავარია, პოლიტიკოსი ყველანაირად ცდილობს (უნდა ცდილობდეს) თავისი ჭეშმარიტი
მიზნის შენიღბვას, როცა მწერალი ასევე ყველა ღონეს ხმარობს სწორედ თავისი ფარული
მიზნის რაც შეიძლება ნათლად გამოსახატავად. ეს კი ყოველთვის მომგებიანი როდია თავად
მწერლისთვის. მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ამგვარი საუბრები გაცილებით ადრე უნდა შედგეს
ხოლმე. ესე იგი, მეოთხე ხელისუფლება, ანუ ჩვენი დღევანდელი ჟურნალისტები, ჩვეულებისამებრ, კი არ უნდა ჩამორჩებოდნენ მოვლენებს, არამედ ფეხდაფეხ უნდა მისდევდნენ და,
თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ, უსწრებდნენ კიდეც, ანუ გაცილებით ადრე ტეხდნენ განგაშს (ამ შემთხვევაში, განგაშს), ვიდრე მგელი გამოჩნდებოდეს. ამის უნარი თუ არ შესწევს,
ჟურნალისტი დანარჩენი სამი ხელისუფლების ბუტაფორიული დანამატია და სხვა არაფერი.
არადა, თითქოს პირიქით უნდა იყოს – მხატვრულად რომ ვთქვათ, გაზეთში მოხვედრა შიშის ზარს უნდა სცემდეს კანონმდებელსაც და კანონის აღმასრულებელსაც. აქედან გამომდი-
ნარე, ჩემი პასუხი, ავი თუ კარგი, დაგვიანებული ნამდვილადაა. რუსეთ-საქართველოს შორის პარაფირებული ხელშეკრულება, რომლის სიავკარგის გაგებაც თქვენ ჩემგან გაინტერესებთ, შედეგი კი არ არის რაიმე პოლიტიკური თუ სამხედრო პროვოკაციისა, როგორადაც
ზოგიერთები ცდილობენ მის წარმოჩენას, არამედ მიზეზთა მიზეზია ყველა იმ უბედურებისა, რაც კი ამ უკანასკნელი წლების (უფრო ზუსტად კი, ბოლო ორი საუკუნის) მანძილზე
დაგვტყდომია თავს.
ვერაფერს გეტყვით კვოტების გადანაწილების თაობაზეც, რადგან ისიც არ ვიცი, რატომ
უნდა გადანაწილდეს და რის საფუძველზე... მაგრამ როგორც კი ამ თემაზე დავიწყებთ ოფიციალურად საუბარს, ჩათვალეთ, რომ ხელშეკრულება უკვე ძალაშია შესული.
საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგება, თუ შეიძლება ასე
ითქვას, რუსეთის ისტორიული პრეროგატივაა. რუსეთს გარდა არ არსებობს ქვეყანა დღევანდელ მსოფლიოში, რომელიც გაბედავდა იგივე შემოეთავაზებინა ჩვენთვის. ეს რუსეთის არაოფიციალური უფლებაა და ამ უფლების მოსაპოვებლად, როგორც ზემოთ ვთქვით, აგერ უკვე ორი საუკუნეა იღვწის. ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთისთვის ეს უაღრესად საჭირბოროტო საკითხია. ამიტომ, ამგვარი მსჯელობების დროს, რუსეთის საგარეო პოლიტიკა და მისი
იმპერიული მისწრაფებები კი არ უნდა დავადანაშაულოთ (რუსეთის ადგილას, ალბათ საქართველოც ასე მოიქცეოდა), არამედ ჩვენი პოზიციის სისწორე და სიმტკიცე უნდა ვამოწმოთ განუწყვეტლივ. რუსეთი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი სერიოზული, ანგარიშგასაწევი ქვეყანაა და, თავისთავად ცხადია, თავისი სასიცოცხლო სივრცე, თავისი პოლიტიკურ-ეკონომიკური გალაქტიკა გააჩნია, სადაც, გეოგრაფიის დაუნდობლობისა თუ ჩვენივე დაუდევრობის
გამო, ჩვენც აღმოვჩნდით ერთხელ და სამუდამოდ, რადგან იქიდან თავის დაღწევა იქამდეა
შეუძლებელი, ვიდრე თავად რუსეთი არ აიღებს ხელს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის
განზრახვებზე. ამდენად, ჯერჯერობით მაინც, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განლაგებამ, წესით, ხელი უნდა შეუშალოს ქართული ეროვნული ჯარის
მშენებლობას, თუკი მართლა შენდება ასეთი რამ. მაგრამ გამორიცხული არ არის, პირიქითაც
მოხდეს, რაც პირადად ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია, თუნდაც იმ ზერელე, გნებავთ, ზედაპირული ცოდნის გამო, რაც საერთოდ რუსეთ-საქართველოს «ორსაუკუნოვან მეგობრობაზე» გამაჩნია. ამას მაფიქრებინებს ის სავალალო და სამარცხვინო შედეგებიც, რომლებიც ჯერ
ქართველთა და ოსთა, მერე კი ქართველთა და აფხაზთა ეგრეთ წოდებულ «ეთნოკრიზისს»
მოჰყვა. თუმცა ორივე ეს კრიზისი თითქოს საქართველოს სასარგებლოდ უნდა დამთავრებულიყო, არა ერთი და ორი ოფიციალური განცხადებიდან გამომდინარე. ამას მაფიქრებინებს
არნახული, არგაგონილი მიგრაცია ქართული ეთნოსისა საქართველოდან, რაც, რომ იტყვიან,
ბედის ანაბრადაა მიტოვებული და, ძალაუნებურად, გარდაქმნის გარიჟრაჟზე, მოსკოვის მიტინგებზე «სტიქიურად» შობილ ლოზუნგს გვახსენებს: «გაუმარჯოს საქართველოს უქართველებოდ!» ამას გვაფიქრებინებს არაქართველი ტომების დაუოკებელი, ვერაფრით ვერ განელებული ლტოლვაც საქართველოსკენ, როცა საქართველოში ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ არსებობს იმისთვისაც, ვისაც ხესავით ლამის ფესვი აქვს გადგმული მშობელ მიწაში. სხვათა შორის, მაინცდამაინც არც მეოთხე ხელისუფლებაა შეწუხებული ამ საკითხებით. ყოველ შემთხვევაში, უმალ საქართველოდან გასახლების, უცხოეთში განათლების, უცხოური სიამოვნებებით ტკბობის აგიტაცია უფრო ხშირად გვხვდება ჩვენი ჟურნალგაზეთების ფურცლებსა თუ ტელევიზორის ეკრანზე, ვიდრე იმის შეხსენება, მეობის დაკარგვას ყველაფერი რომ სჯობს: უსამშობლოდ დარჩენილი ადამიანი არარაობაა; გაქცევა ხსნა
არ არის; ერთნაირი უბედურებაა, გარუსდებიან თუ გაამერიკელდებიან ჩვენი გოგო-ბიჭები
და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს უკვე სხვა საუბრის თემაა და არანაკლებ მნიშვნელო-
ვანიც. ერთი კია, მწერალსაც და ჟურნალისტსაც მეტი წინდახედულება მართებს დღეს –
ვიდრე დაილაპარაკებდეს, ძირფესვიანად უნდა ჰქონდეს შესწავლილი ნებისმიერი საკითხი,
უნებურად მტრის წისქვილზე რომ არ მიუშვას წყალი...
რაც შეეხება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას, 25 წელი კი არ არის, როგორც
თქვენ აღნიშნავთ შეკითხვაში, არამედ, 25+5, და ამ პატარა არითმეტიკულ მაგალითში მთავარი სწორედ +5-ია. 25 მხოლოდ საწყისი ციფრია, ანუ დროის ის მონაკვეთია, რომელიც, ადრე
თუ გვიან, მაინც ჩამოთავდება. ხოლო, +5 წელი იგივე მარადისობაა, მარადისობის სიმბოლოა, რამდენადაც 25 წლის შემდეგ არც რუსეთში და, მით უფრო, არც საქართველოში არავის
მოუვა თავში აზრად ამ ხელშეკრულების გაუქმება თუ არა, გადასინჯვა მაინც. რუსეთი ყოველმხრივ შეეცდება და შეძლებს კიდეც, ვადის ამოწურვამდე ისეთი ხალხი მოიყვანოს საქართველოს ხელისუფლებაში, რომლებიც იქით შეეხვეწებიან, კიდევ «ცოტა ხნით» გაიხანგრძლივოს «მშვიდობის დამცველისა» და «სუსტის ქომაგის» საპატიო წოდება. რას მოუტანს
ეს საქართველოს, სულ ცოტა, 25 წლის შემდეგ ეცოდინებათ იმათ (ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს), ვისთვისაც დღეს «ვიღვწით» ყველანი, თქვენი და ჩემი ჩათვლით. დღეს მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, თუ რა მოუტანა საქართველოს, დავუშვათ, «ესენგეში» შესვლამ.
უფრო სწორად – რა არ მოუტანა. არ მოუტანა ნანატრი სტაბილიზაცია, აღთქმული ტერიტორიული მთლიანობა, ძველ კავშირებზე დაფუძნებული ეკონომიკური კეთილდღეობა... ის კი
არა, თურქმენეთმა, ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ, საერთოდ გადაგვიკეტა გაზი, რაც თითქმის
იგივეა, მომაკვდავს ჟანგბადის ბალიში გამოგლიჯო პირიდან. მაგრამ, საღად თუ ვიმსჯელებთ, ეს ამბავი სრულებითაც არ აყენებს ჩრდილს თავად თურქმენეთს. მას თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები აქვს და მოქმედებს ამ ინტერესების შესაბამისად. სამაგიეროდ,
ერთხელ კიდევ გვაწბილებს ჩვენ, ერთხელ კიდევ ადასტურებს ჩვენს პოლიტიკურ გულუბრყვილობას. საერთოდ, კაცი იქნება თუ ქვეყანა, იმასთან უნდა მეგობრობდეს, ვინც მზად
არის მასთან სამეგობროდ. ასე რომ, თურქმენეთის «პრინციპულობა» სრულებითაც არ გვაძლევს უფლებას, აუგად მოვიხსენიოთ ის. სამაგიეროდ, გვავალდებულებს, ჭკუას მოვუხმოთ
და გავარკვიოთ, რამდენად მიზანშეწონილია ჩვენი და იმავე თურქმენეთის მეგობრობა, რასაკვირველია, იმ გაგებით, როგორც ეს თურქმენეთს ესმის. მაგრამ ესეც პოლიტიკოსების საქმეა. მათ უნდა გაარკვიონ, ანუ ისე უნდა აწარმოონ დიდი პოლიტიკა, პატარა პრობლემებიც
ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდეს. საერთოდ კი დიდი პოლიტიკის გარეშე, არათუ ქვეყნის აშენება, ქვეყნის დაქცევაც შეუძლებელია.
1995
მიმართვა საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს
ბატონო თავმჯდომარევ! დამერწმუნეთ, ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრობა, მაგრამ, როგორც გული მიგრძნობდა და დრომაც დაადასტურა, მე
მხოლოდ ფორმალური წევრი აღმოვჩნდი ამ კომისიისა, რამდენადაც მისი შექმნის შემდეგ
არავის მოუმართავს ჩემთვის, უფრო სწორად, არავის არაფერი დაუვალებია ამ საკითხთან
დაკავშირებით. საკითხი კი, დიახაც, მეტად მნიშვნელოვანია და არავის ეპატიება გულგრილი დარჩეს მის მიმართ, მთელი თავისი ცოდნა და შესაძლებლობა არ მოახმაროს ამ საშვილიშვილო საქმეს. ეჭვიც არ მეპარება, კომისიაში მრავლად არიან პიროვნებები, რომელთა
პოლიტიკურ-იურიდიული ცოდნა-განათლება ჩემისთანა დილეტანტების გარეშეც გაართმევს თავს ნებისმიერ ამოცანას, მაგრამ, მაგრამ კი არა, სწორედ ამიტომ, აქედან გამომდინარე, გაცილებით ძნელია ფიქციური წევრობა ესოდენ სერიოზული კომისიისა. მართალია,
ჯანმრთელობის გამო აქამდე არც მე შემეძლო აქტიური მონაწილეობის მიღება კომისიის მუშაობაში, მაგრამ, მორიდებით რომ ვთქვათ, კომისიამაც ყველასთვის მოულოდნელად დაიწყო თავისი ძირითადი მოვალეობის შესრულება; რაც მთავარია, საჭიროდაც არ ჩათვალა
მისი ნებისმიერი წევრისთვის განხილვის დაწყებამდე გაეცნო განსახილველი კონსტიტუციის პროექტი (თუ პროექტები არა). მაგრამ ეს სრულებითაც არ მათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, თუმცა, დამეთანხმებით, ნებისმიერი კონსტიტუციის პროექტის (მით უფრო პროექტების) შესწავლასა და დამუშავებას, მყარი და საფუძვლიანი აზრის ჩამოყალიბებას მისი
სიავკარგის თაობაზე, გაცილებით დიდი დრო სჭირდება.
კონსტიტუციის მიღება უმნიშვნელოვანესი, უდიადესი მოვლენაა ხალხის ცხოვრებაში.
სხვანაირად თუ ვიტყვით, კონსტიტუცია ხალხის ნებაა ხალხის მიერვე დაკანონებული და
გავრცელებული მის კუთვნილ ტერიტორიაზე. ამიტომ მისი მიღება ეჭვსა და შეშფოთებას კი
არ უნდა იწვევდეს, ბუნებრივი სიამაყით უნდა ავსებდეს ყველას. ჩვენ კი ჩვენი საერთო მიზნისა და მისწრაფების სიმბოლო ლამის ახალი დაპირისპირებისა და განხეთქილების საბაბად
ვაქციეთ, რაც ძალაუნებურად გვაფიქრებინებს, რომ ჩვენი საერთო მიზანი და მისწრაფება
სინამდვილეში საერთო არ ყოფილა. ყველას სხვადასხვანაირად გვესმის და აუცილებლად
ერთმანეთის საზიანოდ. ეტყობა, მართლაც თავისი დრო აქვს ყველაფერს. ვიდრე ქვეყანა საბოლოოდ არ განთავისუფლდება, ნამდვილად დამოუკიდებელი არ გახდება, მისი კონსტიტუცია წინამასწარა მერცხალივით უმალ თავად დაიღუპება, ვიდრე გაზაფხულს მოიყვანს.
სიმართლეს თუ თვალს გავუსწორებთ, ჩვენ ჯერ თავისუფლები არა ვართ: ჩვენი კუთვნილი
ტერიტორიის თითქმის მესამედი ოკუპირებულია და უცხო ძალის «დახმარების» გარეშე შინაური საქმეებიც ვერ მოგვიგვარებია ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. და მაინც, გავკადნიერდები და თავს ნებას მივცემ, უფრო მორალური, ვიდრე პრაქტიკული მოსაზრებით, გამოვთქვა რამდენიმე შენიშვნა კონსტიტუციის განსახილველ პროექტთან, უფრო ზუსტად კი,
ერთ საკითხთან დაკავშირებით.
უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ფედერაციული მოწყობა დაუშვებლად მიმაჩნია,
თუმცა ისიც ვიცი, თუ რა განაპირობებს ამას. რასაკვირველია, ვერც პოლიტიკოსთა და ვერც
მეცნიერთა თავგამოდებული განმარტებები იოტისოდენადაც ვერ ჩქმალავენ მთავარ მიზეზს, რაც გვაიძულებს, ჭეშმარიტებაზე მაღლა დავაყენოთ აშკარად ჭეშმარიტების საწინააღმდეგო არგუმენტები. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში გაცილებით მეტი ეთნიკური სახესხვაობა გვხვდება, ვიდრე ჩვენთან, თუმცა ყოვლად გაურკვეველი მიზეზების გამო, ჯერ
კიდევ საბჭოური პერიოდიდან მოყოლებული, რატომღაც ჩვენ ვითვლებით ყველაზე მრავალეროვან ქვეყნად, რაც სრულებითაც არ შეესაბამება სინამდვილეს. შეიძლება ჩვენზე ნაკლებად განვითარებულ, ნაკლებად კულტურულ ქვეყნებს მართლა «ვჯობნიდეთ» ამ საკითხში,
მაგრამ ახლოსაც ვერ მივალთ ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებთან, თუკი ხელოვნურად არ
შევქმნით ამგვარ პრობლემას. უფრო სწორად, რაც სხვებისთვის ჩვეულებრივი ამბავია, ჩვენთვის პრობლემაა, სხვებისთვის მარტივი და გასაგები, ჩვენთვის რთული და გაუგებარი ხდება. მიუხედავად ამისა, ქვეყნის სამხარეო დაყოფა, რა თქმა უნდა, დასაშვებია და ამის მაგალითებიც მრავლად არსებობს ეგრეთ წოდებულ თავისუფალ სამყაროში. მაგრამ ძნელად მოიძებნება ისეთი ქვეყანა, სადაც მხარეებთან ერთად, ავტონომიური, თანაც უფლებებგაზრდილი, რესპუბლიკები, ანუ დამოუკიდებელი პოლიტიკური გამონაზარდებიც არსებობდეს. ფედერაცია, ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, «სახელმწიფო წყობილების ფორმაა, რომლის დრო-
საც რამდენიმე სახელმწიფოსგან იქმნება ერთი სახელმწიფო». საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზე კი არასოდეს ყოფილა სახელმწიფო, გარდა ქართულისა. მართალია, თავად ქართული სახელმწიფო ხშირად დაგლეჯილა ცალკეულ ნაწილებად – მხოლოდ და მხოლოდ
ისტორიული უსამართლობის გამო და არა მისი სახელმწიფოებრივი კეთილდღეობის მიზნით – მაგრამ საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე სხვა, არაქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ჩვენს ისტორიას არ ახსოვს. ავტონომიური საბჭოთა რესპუბლიკებიც ისტორიული უსამართლობაა და თუ უცხოელ დამკვირვებლებსაც მოვიშველიებთ, ყველა როდი
თვლის ამას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის გარანტად. ზოგი მათგანი სწორედ ამას მიიჩნევს საქართველოს დაუძლურებისა და საბოლოო გადაგვარების აუცილებელ პირობად. სხვათა შორის, ალბათ ჩემი მწერლური გულუბრყვილობის გამო, ღრმად ვიყავი დარწმუნებული, საბჭოთა კავშირის დაშლა საბჭოური
სტრუქტურების გაუქმებასაც გამოიწვევდა, რაც, თავისთავად, სრულიად საწინააღმდეგო
დასკვნების გამოტანას გვაიძულებდა სამომავლოდ. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, წინააღმდეგი ვიყო არაქართული მოსახლეობის უფლებათა დაცვისა. პირიქით, მწერალი არამარტო
ზოგადად ადამიანის დამცველია, არამედ კონკრეტული პიროვნებისაც. მაგრამ დაცვაცაა და
დაცვაც: თუკი ჩვენ ამ საკითხში მართლა თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებს ვითვალისწინებთ, მაშინ საქართველოს ამგვარი ადმინისტრაციული მოწყობა სწორედ მსოფლიო სტანდარტების დარღვევაა. არც ერთ ფრანგ პოლიტიკოსს, მით უფრო დღეს, მეოცე საუკუნის მიწურულს, აზრადაც არ მოუვა, ვთქვათ, პროვანსი, თუნდაც განსხვავებული ენის გამო, ავტონომიურ რესპუბლიკად გამოაცხადოს, ნორმანდია კი – საფრანგეთის მხოლოდ ერთ-ერთ მხარედ. ნებისმიერი ავტონომია, თუ ის კულტურული ავტონომია არ არის, ისტორიული გაუგებრობის, ანდა, ჩვეულებრივი ძალადობის ფაქტია. გინდაც ასე არ იყოს, პოლიტიკური ეთიკიდან გამომდინარე, მაინც დაუშვებელია ავტონომიური რესპუბლიკის, მით უფრო ოლქის,
დამოუკიდებელი სახელმწიფოს რანგში აყვანა. როგორც უკვე ვთქვით, ფედერაცია სახელმწიფოთა გაერთიანებაა და არა სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილების ხელოვნური დაპირისპირება. აქედან გამომდინარე, საქართველოს ფედერაციული მოწყობა ჩემთვის გაუგებარია, თუკი ჩვენზე ძლიერი სახელმწიფოების ინტერესებსა და მათი მხრიდან აშკარა ძალდატანების ფაქტორს გამოვრიცხავთ. რაც შეეხება ქვეყნის სამხარეო დაყოფას, არც ეს არის ახალი და მოულოდნელი და, როგორც უკვე ვთქვით, ანალოგიებიც მრავლად მოეპოვება თანამედროვე მსოფლიოში. ასე რომ, ზოგიერთი ჩვენი მეცნიერის ისტორიული წიაღსვლები ამ
ადმინისტრაციული ღონისძიების გასამართლებლად, რასაკვირველია, მხოლოდ ღიმილს იწვევს. ფეოდალური ეპოქის თუნდაც უაღრესად პროგრესული კლიშეების ბრმად გადმოტანა
დღევანდელ სინამდვილეში თანამედროვე ცივილიზაციას კი არ გვაზიარებს, რაც მიზნად
დაგვისახავს, არამედ ფეოდალიზმის დაობებულ, გამოცარიელებულ და გამოუვალ ტალანებში გადაგვისვრის ისევ. თუ ჩვენ თამარ მეფის მიბაძვით ვიქცევით ასე, მაშინ საპრეზიდენტო ინსტიტუტის შემოღება, რაც ჩემი აზრით, არავითარ წინააღმდეგობას არ უნდა იწვევდეს,
ცოტა არ იყოს, ძნელი აღსაქმელი ხდება – მონარქიულ ფედერაციას, თუკი საერთოდ დასაშვებია ამ ტერმინის ხმარება მაშინდელი, უაღრესად განსხვავებული მსოფლმხედველობისა
და პოლიტიკური ინტერესების მქონე სახელმწიფოებისთვის, მხოლოდ და მხოლოდ მონარქიული ინსტიტუტი შეეფერება. საქართველოს სამხარეო დაყოფა იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ ფეოდალური აზროვნებისგან განვთავისუფლდებით, მსგავსად ევროპის
ქვეყნებისა, და, რაც მთავარია, საბჭოთა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებულ ავტონომიებს გავაუქმებთ. საქართველო საკუთარი პროვინციების კრებითი სახელია მხოლოდ
და რომელიმე მათგანის გამოცალკევება საერთოდ სათუოს ხდის ამ სახელის არსებობას. სა-
ქართველოს ნებისმიერი პროვინცია იქამდეა საქართველო, ვიდრე დანარჩენ პროვინციებთანაა გათანაბრებული. ცალკე აღებული ან კახეთია, ან სამეგრელო... ამავე დროს, ნებისმიერი
მათგანისთვის თუნდაც მინიმალური პოლიტიკური უპირატესობის მინიჭება მხოლოდ და
მხოლოდ სამართლიან გულისწყრომას გამოიწვევს და გათანაბრების მოურეველ სურვილს
აღძრავს «გამორჩეულთა» გულებში. მოკლედ რომ ვთქვათ, უმალ გურიას მოუნდება აფხაზეთობა, ვიდრე აფხაზეთს გურიობა. რასაკვირველია, ვერ დავიჩემებ, ზემოთ თქმული ანბანური ჭეშმარიტებაა-მეთქი, მას არც პოლიტიკური პროგნოზის პრეტენზია გააჩნია, ეს უფრო
მწერლის მოსაზრებებია, ვიდრე პოლიტიკოსისა და ადვილი შესაძლებელია, ყბადაღებულ
«ფილოლოგიურ შიშს» ეფუძნებოდეს და არა პროფესიულ ჭვრეტასა და გათვლას. პოლიტიკოსისგან განსხვავებით, მწერალი ვალდებულიცაა ყველაფერი თქვას, რაც აეჭვებს, აღელვებს, აბნევს და, რასაკვირველია, აშინებს. ხოლო საკონსტიტუციო კომისიის თუნდაც ფიქციური წევრობა კიდევ უფრო მეტად მავალდებულებს ასე მოვიქცე. ამავე დროს, ბედნიერი ვიქნები, თუკი ჩემი მწერლური ემოციები მხოლოდ მწერლური ემოციები აღმოჩნდება ბოლოს.
ამით ჩემს პასუხისმგებლობას კი არ ვიხსნი ქვეყნის წინაშე, წერილობითაც ვადასტურებ
იმას, რისი თქმაც, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, კომისიის სხდომებზე ვერ მოვახერხე.
დარწმუნებული ვარ, ეს განცხადება ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს მიმდინარე პროცესზე, მაგრამ განსხვავებული აზრის არსებობა თავისთავად იმისი დადასტურებაცაა, გამოუვალი მდგომარეობა საერთოდ რომ არ არსებობს. მით უფრო ხალხის ცხოვრებაში, რომელიც სახელმწიფოებრიობის აღდგენას ცდილობს და თავისუფლებაზე ოცნებობს.
1995
ორ სიმართლეს შუა ანუ მითიდან ფაქტამდე
(საერთო პასუხი «ლიტერატურნაია გაზეტას» კორესპონდენტის შეკითხვებზე)
დღეს მოსკოვიდან, ადვილი შესაძლებელია, საქართველო იმპერიადაც წარმოიდგინოს ვიღაცამ, ანდა უფრო მიმზიდველად მოეჩვენოს უქართველებოდ. გარემოება მოქმედებს ფსიქიკაზე, ხოლო ფსიქიკა მხედველობაზეც კი ახდენს ზემოქმედებას. ასე რომ, სრულებითაც არ იქნება გასაკვირი, ჩვენც ბევრი რამ გვეჩვენებოდეს. ყოველ შემთხვევაში, «რუსეთისთვის ისტორიულად ახლობელი საქართველო» ჯერ ისევ მყარადაა შერწყმული «იმპერიასთან». ხოლო
უფრო მარტივად თუ ვიტყვით, საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს დამოუკიდებლად არსებობას, თუკი რუსეთი საამისოდ მომწიფებულად ჩათვლის მას. ეს რუსეთს რატომღაც თავის ისტორიულ პრეროგატივად მიაჩნია და ამ პრეროგატივის განსამტკიცებლად,
ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს, «ნებაყოფლობით» გადააყენა ტახტიდან საქართველოს უკანასკნელი მეფე; ამავე მიზნით და ასევე «ნებაყოფლობით» გაამგზავრა ემიგრაციაში საქართველოს პირველი და უდღეური, გნებავთ, მკვდრადშობილი რესპუბლიკის
მეთაურიც.
რუსეთი სერიოზული, განუწყვეტლივ მზარდი და მარად მოქმედი ქვეყანაა და, თავისთავად ცხადია, თავისი სასიცოცხლო სივრცე, თავისი პოლიტიკურ-ეკონომიური გალაქტიკა გააჩნია. ამ გალაქტიკაშია მოხვედრილი საქართველოც და, უნდა ითქვას, დღემდე განსაკუთ-
რებული ყურადღებითაც სარგებლობს რუსეთის მხრიდან. ბევრი რამ, რაც დღეს საქართველოში ხდება, ალბათ ამ «განსაკუთრებული ყურადღებითაც» შეიძლება აიხსნას. სხვანაირად
რომ ვთქვათ, ისევ ჩვენთვის სასურველ ჟანრში ვცდილობთ ცხოვრების ჩატევას და, ბუნებრივია, ისიც გვეწინააღმდეგება. და ასე იქნება იქამდე, ვიდრე ადამიანი ერთხელ და სამუდამოდ არ განთავისუფლდება იმ თვისებებისგან, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, მის ადამიანობას ადასტურებს. ეს კი არა მარტო შეუძლებელია, დანაშაულიცაა იმავე ადამიანის წინაშე. სხვათა შორის, ჩვენი საუბრებისა თუ მიმოწერის ცენტრში, ყოველთვის თუ არა, ძალიან
ხშირად, ცოცხალი, ნამდვილი ადამიანის ნაცვლად, რომელსაც არ შეუძლია არ იყოს ადამიანი, ანუ, «არა კაც კლას», «არა იმრუშოს» და ასე შემდეგ, რატომღაც, მოქცეულია ჩვენს მიერ
შექმნილი, ჩვენი თვალსაზრისით, იდეალური, მაგრამ სინამდვილეში ყალბი, აბსტრაქტული
მოდელი ადამიანისა, რომლის შეხედულებებიც, ვთქვათ, სიყვარულზე, მეგობრობაზე, ზუსტად შეესაბამება მოცემულ ეტაპზე ოფიციალურად აღიარებულ შეხედულებას. აქედან გამომდინარე, შეიძლება უნებურად, მაგრამ აშკარად ჩვენდა საზიანოდ, ისიც გვავიწყდება,
რომ ნამდვილი, ბუნების ნაშიერი ადამიანის არსებობა თავისთავად გულისხმობს და განაპირობებს სუსტისა და ძლიერის, ჩაგრულისა და მჩაგვრელის, შეწყნარებულისა და შემწყნარებლის არსებობასაც, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო უწყობს ხელს ორნაირი სიმართლის დაკანონებას. ესე იგი, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთდროულად, ერთმანეთის გვერდით
არსებობს სიმართლე სუსტისა და სიმართლე ძლიერისა; სიმართლე ჩაგრულისა და სიმართლე მჩაგვრელისა; სიმართლე შეწყნარებულისა და სიმართლე შემწყნარებლისა. მხატვრულად რომ ვთქვათ, კაცობრიობა ამ ორ სიმართლეს შორის გაბმულ ბეწვის ხიდზე დადის თავისი დღე და მოსწრება და მშვიდი ძილი არ ეღირსება – კიდევ ბევრჯერ მოიწადინებს, ეცდება, იწვალებს, მაგრამ მაინც ვერ დაადგენს ჭეშმარიტებას. ხოლო უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ყოველთვის იმ სიმართლით ივლის, რომლის დაცვაც ნაკლებად სახიფათოა. მაგალითისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება. არა მგონია, ყველასთვის ერთნაირად ანბანური
ჭეშმარიტება იყოს, რომ საქართველო მართლა ეთნიკური კონფლიქტების კერა კი არ არის –
რისი დამტკიცებაც გამობრძმედილ პოლიტიკურ ავანტიურისტებსაც უჭირთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან იოლად ირწმუნეს ჩვენმა რუსმა კოლეგებმა – არამედ, ჩვეულებრივი და, მე
ვიტყოდი, არც მთლად გულმოდგინედ შენიღბული აგრესიის ობიექტია – რისი შემჩნევაც შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება, მაგრამ ერთობ სახიფათოა, თუნდაც ზემოთ უკვე ნახსენები ორნაირი სიმართლის არსებობის გამო. «თვალის მოხუჭვა» მონური თვისებაა და მონური თვალსაზრისით – სასარგებლოც: დაინახავ – თვალს დაგთხრიან, არ დაინახავ და, ლოღნე
არხეინად ნებაყოფლობითი სიბრმავით მოპოვებული პური.
ამას იმიტომ კი არ ვამბობ, თითქოს ვინმეს ბრალსა ვდებდე, ანდა ვავალდებულებდე რამეს, უბრალოდ, ერთხელ კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ჩვენგანის ცხოვრებას ზემოთ
ნახსენები ორნაირი სიმართლე განაპირობებს. უფრო სწორად, ერთი სიმართლე მეორეს აბათილებს და კაცობრიობა საერთოდ უსიმართლოდ ცხოვრობს დღემდე. ამდენად, თავისუფლად შეგვიძლია ვაღიაროთ, თუკი, რასაკვირველია, ამის სურვილიც გაგვაჩნია, რომ კაცობრიობა უვიცია, რამდენადაც სიმართლის გარეშე ნებისმიერი ცოდნა-განათლება ფუჭია. მაგრამ კაცობრიობის უვიცობა მისი სიზარმაცის, ანდა გონებრივი უძლურების ბრალი კი არ
არის, არამედ შეგნებულადაა დამკვიდრებული სახელმწიფო მოღვაწეთა, პოლიტიკოსთა,
სამხედრო პირთა, კორუმპირებულ მეცნიერთა თუ კულტურის მსახურთა დაუღალავი შრომითა და თავგამოდებით. ეს საყოველთაო უვიცობა ხელოვნური მეთოდითაა შექმნილი ადამიანის კიდევ უფრო დასაკნინებლად და დასათრგუნად. რაც უფრო უვიცია ხალხი, მით უფრო ადვილი სამართავია და არამარტო საქართველოში, არამედ საერთოდ, რასაკვირველია,
ეგრეთ წოდებული თავისუფალი სამყაროს ჩათვლით, რომელსაც ავტორიტეტებისადმი ბრმა
თაყვანისცემისა და გადამეტებული ნდობის გამო შეუძლია მკვლელს ქომაგად დაუდგეს,
მოკლულს კი შეუმოწმებლად ააკრას მკვლელის იარლიყი. ადამიანი დანიაშიც ადამიანია,
ანუ, დანიაშიც ისევე სჭირდება ადამიანს სიმართლე, როგორც საქართველოში. სიმართლის
დადგენა კი მწერლის პირდაპირი დანიშნულებაა. მაგრამ ეს როდი ნიშნავს, ყველა ჩვენგანი
რომ ეზიარება სიმართლეს. სამაგიეროდ, არავინ არაფერი არ უნდა დაზოგოს, სიცოცხლის
ჩათვლით, სიმართლეს რომ მიუახლოვდეს ოდნავ მაინც.
მწერალს უფლება არა აქვს, «არ იცოდეს», «ვერ გაიგოს», «ვერ მიხვდეს». ის ვალდებულია
დაუპირისპირდეს უვიცობას და, რაც კიდევ უფრო ძნელია, მეორე ადამიანსაც აღუძრას
მსგავსი სურვილი. არათუ თვითონ არ უნდა მოუხუჭოს რამეს თვალი, სხვასაც არ უნდა მისცეს ამისი საშუალება, მით უფრო, როცა საქმე ზნეობრივ და სულიერ სფეროებს ეხება. მწერალმა აუცილებლად უნდა ამოიკითხოს, ამოიცნოს, ამოხსნას, რასაც არამარტო ბუნება, არამედ ძლიერნი ამა ქვეყნისანიც მალავენ. უნდა შეძლოს, რაც ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ვიდრე მწერალი სიმართლის ამოკითხვას, ამოცნობას, ამოხსნას ცდილობს, ყველა ჩვენგანის
არსებობა გამართლებულია. ასე რომ, თუკი ვინმეს საქართველო მართლა იმპერია ჰგონია,
ანდა ჰგონია, რომ საქართველო უქართველებოდ უფრო ლამაზი იქნება, ხოლო უსაქართველოდ მსოფლიო გაცილებით მშვიდად იცხოვრებს, უკვე დაწყებულა ჩვენი ზნეობრივი და
სულიერი სიკვდილი. მაგრამ მწერალმა მაინც არ უნდა დაყაროს ფარ-ხმალი. როგორც არ უნდა აითვალწუნოს დრომ, მან მაინც თავისი საქმე უნდა აკეთოს ბოლომდე.
მართალია, მდგომარეობა მკვეთრად შეიცვალა და ცხოვრებაც გაცილებით მკაცრი, მკაცრად მომთხოვნი გახდა მწერლის მიმართ, მაგრამ არ შეცვლილა თავად მწერალი, არ შეცვლილა მისი დანიშნულება. რასაკვირველია, ვგულისხმობ სიტყვის ჭეშმარიტ მსახურს და არა
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 13
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.