Latin

ბედნიერი ტანჯული - 06

Total number of words is 3539
Total number of unique words is 1872
27.3 of words are in the 2000 most common words
40.0 of words are in the 5000 most common words
46.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ეგეც თქვენი ქართული მწერლობაო», ვიდრე კრიტიკისგან შერისხულ რომელიმე ავტორს წაიკითხავდეს, აბა, ერთი ვნახოთ, სამართლიანად ასწორებენ მიწასთან თუ არაო. ამიტომ
ჩვენც მეტი პასუხისმგებლობა და, სხვათა შორის, მეტი გულისხმიერებაც გვმართებს, როგორც საერთოდ მწერლობაზე, ისევე კონკრეტულ მწერალზე ლაპარაკისას. უპირველეს ყოვლისა კი, მაშინვე უნდა დავაზუსტოთ, მართლა მწერალია – წერილის ავტორად გვევლინება
ის თუ წერილის ადრესატად – თუ მწერლად «გადაცმული» ავანტიურისტი, რამდენადაც
მწერლის «მხილება», აბუჩად აგდება თუ გაბიაბრუება უძველესი, მრავალგზის წარმატებით
ნაცადი ხერხია და ალბათ მომავალშიც ბევრჯერ გამოიყენებენ მას, ძირითადად, შედარებით
იღბლიანთა მიმართ, მწერლობაში თავად ხელმოცარულნი და, ამიტომაც, შურისძიების ჟინით შეპყრობილი მედღეურები, რომლებიც, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მაინც მწერლობის ქომაგთა, გამგებთა და მესვეურთა ნიღაბს არიან ამოფარებულნი. მამების გამტყუნება
გვიყვარს, მათი მეთოდებით კი ვცხოვრობთ. გულმავიწყობაც ადამიანური თვისებაა. მაგრამ
სავალალო და სამწუხარო ისაა, მწერლობისა და მწერალთა «მხილება» გარკვეულ წრეებში
დღესაც ერთგვარ გამბედაობად, მართლის მთქმელობად და, თქვენ წარმოიდგინეთ, «მამულიშვილობადაც» ითვლება. თუმცა, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ ამაზე, რომელი ჭეშმარიტი მამულიშვილი დააკნინებს სხვათა თვალში საკუთარ მწერლობას, რაც არ უნდა სუსტი
იყოს იგი. ნამდვილი მამულიშვილი პირიქით იქცევა: იცის რა, თუ რა დიდი მნიშვნელობა
აქვს მშობლიური დამწერლობისა და მშობლიური ლიტერატურის არსებობას ერის თვითმყოფადობის, ეროვნული სიამაყის შესანარჩუნებლად, კი არ ტუქსავს, კი არ დასცინის ამ
დამწერლობასა და ამ ლიტერატურის მსახურებს, არამედ აქეზებს, ამხნევებს და, რაც მთავარია, იმედს უნერგავს, იმის რწმენას უღვივებს, უკეთილშობილეს, უაღრესად საჭირო საქმეს
რომ ემსახურებიან ისინი.
წეღან უკვე ვთქვი და, თქვენი ნებართვით, ერთხელაც გავიმეორებ, რომ ამა თუ იმ ლიტერატურის სიდიადეს მისივე მწვერვალების სიმრავლე კი არ განაპირობებს მხოლოდ, არამედ,
თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი ყოველდღიურობაც – ანუ – მისი მსახურების ყოველდღიური,
ხელებდაკაპიწებული შრომა, მიუხედავად ყველაფრისა, შრომა იმ რწმენითა და იმედით –
რუსთველობას თუ ვერ შეძლებ, რუსთველის ფენომენს მაინც შეუნარჩუნებ საიმედო (საკუთარი ოფლითა და სისხლით ჩადუღაბებულ) საფუძველს. ასე რომ, არამარტო «თანამედროვე», ანუ მიმდინარე, არამედ საერთოდ ქართული ლიტერატურაა თანამედროვე, დასაბამიდან დღემდე, რამდენადაც, ქართული ლიტერატურის ჩანასახშივე წამოჭრილ პრობლემათა
უმრავლესობა დღესაც გადასაჭრელია. ნამდვილი ლიტერატურა ყოველთვის თანამედროვეა.
ღმერთმა დაიფაროს, ასე არ იყოს. ეს იგივე სიკვდილი იქნებოდა ლიტერატურისა. თუმცა,
იმასაც გააჩნია, რას ვგულისხმობთ თანამედროვეობაში, ჩვენი თვალსაზრისით, რა განაპირობებს ლიტერატურის თანამედროვეობას. პირადად მე ლიტერატურის გასათანამედროვებლად სრულებითაც არ მიმაჩნია საჭიროდ ჟურნალისტური ჩარევა ყოველდღიურ ცხოვრებაში. ლიტერატურა თანამედროვეა არა ყოფის სურათების დეტალური აღწერით, არამედ ყოფის ერთი სურათიდან მეორეში გარდამავალი ვნებებისა და განწყობების მარადიულობით.
ასევე არა მგონია, რამე საერთო ჰქონდეს ამ საკითხთან ქართველი მკითხველის ერთგვარ «გაცივებას». მე მგონი ეს ხელახლა აღმოჩენილი და, ამდენად, ჩვეულებრივი მოვლენაა, ვიდრე –
ახალი, ჩვენი დაკნინების დამადასტურებელი კიდევ ერთი უბედურება. ჩვენი ლიტერატურის მესვეურები ყოველთვის უჩიოდნენ მკითხველის ამგვარ «სიცივეს», მაგრამ აქვე უნდა
შევთანხმდეთ იმაშიც, რომ ნამდვილი მკითხველი ისეთივე იშვიათობაა, როგორიც ნამდვილი მწერალი. ჩემი აზრით, ჩვენი ლიტერატურის მესვეურებსაც ყოველთვის ის მკითხველი
ჰყავდათ მხედველობაში, რომელსაც საკუთარი უწიგნურობისა და უკულტურობის გამო
თვალი სულ უცხოსკენ გაურბის, ყველაფერი უცხოური მოსწონს, ენაც კი, თუნდაც იმიტომ,
უცხოურს შემოწმება რომ აღარ სჭირდება, რაკი უცხოურია, კარგიცაა, შენი კი, მით უფრო შენი თანამედროვე, ჯერ საფუძვლიანად არცაა შეფასებული და, ღმერთმა იცის, შეფასდება თუ
არა როდისმე. ეს მარტო ქართველი მკითხველის ნაკლად ვერ ჩაითვლება, ეს ზოგადსაკაცობრიო თვისებაა, ძნელად მოსარევი, რამდენადაც ჩვენივე ყოვლისმომცველი და მარად ამოუწურავი ცნობისმოყვარეობიდანაა ამოზრდილი. ამ სენითაა შეპყრობილი მსოფლიო მკითხველი და მართლაც, განა ცოტა შემთხვევა ვიცით, როცა სამშობლოში შეუმჩნევლად დარჩენილი მწერლები სამშობლოს გარეთ აღმოუჩენიათ?! აქვე, ნამდვილი მკითხველის დასაცავად,
იმასაც ვიტყვი, რომ მე რატომღაც პირიქით «მეჩვენება» – ამ ბოლო დროს, მე მგონი, იმატა
ჩვენში ნამდვილი მკითხველის რიცხვმა და, მიუხედავად მრავალგვარი, მრავალმხრივი ჯებირებისა, მაინც გაიზარდა ინტერესი სწორედ მშობლიური ლიტერატურის მიმართ. მაგრამ
ეს როდი ნიშნავს იმას, თითქოს მკითხველი (გინდაც, ნამდვილი) რაიმე მონაწილეობას
იღებდეს შემოქმედებით პროცესში. უკეთეს შემთხვევაში ის ამ პროცესს ასრულებს. მისი გამოჩენა იმის დამადასტურებელია, მწერალმა თავისი გასაკეთებელი უკვე რომ გააკეთა და გაკეთებულს, ავია თუ კარგი, ვეღარც მიამატებს რამეს, ვეღარც მოაკლებს, მკითხველმა ისეთი
უნდა მიიღოს ის (ან არ მიიღოს), როგორიც არის. მწერალი კი უკვე ახალ ნაწარმოებზე ფიქრობს, თუკი საამისო ძალა კიდევ შესწევს და საამისო სურვილიცა აქვს, თუკი არ ირწმუნა,
უკვე რომ დაწერა, რაც უნდა დაეწერა, უკვე რომ შექმნა საკუთარ შესაძლებლობათა მაქსიმალურად გამომხატველი ნაწარმოები, «რომელსაც ვეღარ დაძლევს, ვეღარ აჯობებს შემოქმედებითი თვალსაზრისით». როგორც კი ამას იწამებს მწერალი, მისი საქმე წასულია, ვეღარაფერს შექმნის ფასეულს, როგორც არ უნდა აინტერესებდეს მკითხველს მისი შემოქმედება.
ზემოთ ვთქვი, მკითხველი შემოქმედებით პროცესს ასრულებს-მეთქი. ახლა კი დავამატებ,
რომ მხოლოდ მისი აქტიური ჩარევის შედეგად იწყება სულ სხვა პროცესი: წიგნის დამოუკიდებელი ცხოვრება, მისი მიწიერი სიცოცხლე და, შეიძლება, მისი უკვდავებაც. რაც უფრო
ერუდირებული და ალღოიანია მკითხველი, მით უფრო მალე აღმოაჩენს ხოლმე ახალ წიგნს,
თუკი, რასაკვირველია, საერთოდ ღირსია სიცოცხლისა ის წიგნი. პირადად მე ჩვენი მკითხველის ღრმად ერუდირებულობისა და შეუმცდარი ალღოიანობის საუკეთესო დადასტურებად მიმაჩნია ნანა შენგელაიას «მცირე განმარტება» ლეო ქიაჩელის «გვადი ბიგვას» არასწორი
წაკითხვის თაობაზე; ეს მართლაც მცირე განმარტება, უპირველეს ყოვლისა, იმის მაუწყებელია, ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ რომ მიმდინარეობს ჩვენში ლიტერატურული
ცხოვრება და, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ეს «მცირე განმარტებაც» კმარა იმის ნიმუშად, თუ
როგორ გვესმის დღეს მწერლობა და როგორ ვკითხულობთ საერთოდ მხატვრულ ნაწარმოებს. სხვათა შორის, ნანა შენგელაიას მოსაზრებები მოგვიანებით პროფესიონალმა ლიტერატორებმაც გაიმეორეს, მაგრამ ეს კი არ არის მთავარი, მთავარია, მთლად ხელიდან წასული
რომ არ ყოფილა ჩვენი საქმე და ჯერ არამარტო წიგნის დაწერა, არამედ, რაც კიდევ უფრო მეტია, წიგნის წაკითხვაც შეგვძლებია. შეიძლება ეს რომელიმე თეორეტიკოსის «თვალსაზრისს» არ ამართლებდეს (სხვათა შორის, ყველაზე დიდი გულცივობა ქართველმა თეორეტი-
კოსებმა გამოიჩინეს ეგრეთწოდებული «ქართული პროზის ფენომენის» მიმართ, რომელიც,
გვინდოდა თუ არა, არაქართველმა ლიტერატორებმა «მოგვახვიეს» თავს), მაგრამ არც ჩემი
დაკვირვება უნდა იყოს მთლად უსაფუძვლო. თუმცა მწერლის დაკვირვებას თეორეტიკოსებისთვის დიდი ღირებულება არა აქვს: ჩვენ ხომ გულით ვზომავთ და არა გონებით?! მაგრამ,
ასეა თუ ისე, ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, მე მხოლოდ ოპტიმისტურად ვუყურებ ჩვენი ლიტერატურის მომავალს, თუკი, რასაკვირველია, საამისოდ აუცილებელი ყველა პირობაც შეგვიწყობს ხელს. ვგულისხმობ, როგორც კერძოდ საქართველოს, ისევე საერთოდ მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების ხვალინდელ დღეს, თორემ,
მარტო იმის იმედზე ყოფნა, რომ «სამყაროს სილამაზე იხსნის», ჩვენს დროში, სხვა რომ არ
ვთქვათ, გულუბრყვილობა იქნება და მეტი არაფერი.
მართალია, მე თვითონვე ვთქვი, ჩემი თეორიული მოსაზრებები დიდად არ ფასობს-მეთქი, მაგრამ სრულებითაც არ არის აუცილებელი, სიტყვაზე დამიჯეროთ. მწერალი ისეთი უცნაური არსებაა, შეიძლება მოულოდნელად წამოსცდეს ის, რასაც ლიტერატურის მკვლევრები მთელი სიცოცხლე უშედეგოდ დაეძებენ. ამიტომ გავკადნიერდები და ჩვენი მწერლობის
დასაცავად კიდევ ერთ მოსაზრებას გამოვთქვამ: ლიტერატურა კულტურის საფუძველია,
კულტურის საყრდენია და, თუნდაც ამიტომ, არაფრით არ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს,
ანუ გარკვეულ მსოფლიო სტანდარტამდე ამაღლდეს, დავუშვათ, თეატრალური ცხოვრება
და, რაც კიდევ უფრო ანგარიშგასაწევია ამჟამად ჩვენთვის, თარგმანის კულტურა იმ ქვეყანაში, რომელსაც მძლავრი ლიტერატურული ტრადიციები არ გააჩნია. ქართულმა თეატრმა
მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა რომ შეძლო, ამაზე ალბათ იოლად შევთანხმდებით
(თუმცა, ყველა სიხარულით როდი აღიარებს ამ ფაქტს). ასევე არანაკლები მნიშვნელობის
(რასაკვირველია, ლოკალური, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი მწერლობის მასშტაბით) ფაქტად
მიმაჩნია, დავუშვათ, «ულისეს» თუნდაც ასეთი დაგვიანებული დაბადება ქართული მწერლობის წიაღში (თარგმნილი ლიტერატურა ხომ მშობლიური ლიტერატურის განუყოფელი
ნაწილია); ანდა შექსპირის თხზულებათა სრული გამოცემა ქართულ ენაზე, რაც მსოფლიო
მასშტაბითაც იშვიათი შემთხვევაა. როგორც მოგეხსენებათ, ყველა წიგნი თავისებურად
რთული და ძნელად სათარგმნია. «ულისეს» თარგმნა კი საერთოდ წარმოუდგენელია ისეთ
ენაზე, რომელსაც ღრმა ლიტერატურული ტრადიციები არ გააჩნია და რომელზედაც დღესაც
არ იქმნება ჭეშმარიტი მხატვრული ნაწარმოებები. განვითარების ნებისმიერ საფეხურზე
მდგომ ხალხს მოსალოდნელია ჰქონდეს საკუთარი ფოლკლორი, ანუ თხზავდეს ლექსებს,
ლეგენდებს, ზღაპრებს... და ცეკვა-სიმღერით მოგვითხრობდეს თავის თავგადასავალს, გვიხატავდეს თავის ყოფას – მაგრამ პროფესიული თეატრიცა და თარგმნილი ლიტერატურაც
მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი კულტურის გამოხატულებაა. მხედველობაში მაქვს უშეღავათო, უკომპრომისო დამოკიდებულება როგორც მეორე ადამიანის გარეგან სახესთან, ანუ
ხატთან, ისევე მის შინაგან ბუნებასთან, ანუ სიტყვასთან. «უშეღავათო და უკომპრომისო»მეთქი, რამდენადაც, ხელოვნების ეს დარგებიც იძლევიან «სულის მოთქმის», «უკან დახევის»
საშუალებას – სათარგმნი ნაწარმოების თავისუფალი გადამღერება, რასაკვირველია, გაცილებით იოლია, ვიდრე მისი ზუსტად (თუნდაც, მაქსიმალური სიზუსტით) გადმოტანა მეორე
ენის სტიქიაში. პირველ შემთხვევაში მთარგმნელს შეუძლია თავისუფლების სახელით გაამართლოს ნებისმიერი მარცხი; მეორე შემთხვევაში კი მთარგმნელი ორიგინალის მონაა და ეს
ნებაყოფლობითი მონობა აძლევს მხოლოდ სტიმულს, გაუტოლდეს ორიგინალის სიმაღლეს.
რაც შეეხება თქვენს მომდევნო შეკითხვას, «ველი თუ არა უახლოეს წლებში ქართულ ლიტერატურულ სინამდვილეში სასწაულს» და ასე შემდეგ, თქვენი ნებართვით, პასუხისგან
თავს შევიკავებ, რამდენადაც ასეთი «მკითხაობა» მწერლის საქმე არ არის. შემოქმედებით
პროცესს იმდენი წვრილმანი პრობლემა, ბუნდოვანი საკითხი, რებუსი, ქარაგმა თუ ვარაუდი
ახლავს თან, უბრალოდ, ერთი წამით მაინც რომ მიაქციოს მწერალმა ყურადღება, თანაც სერიოზულად, თავფეხიანად გაიხლართება შიგ. ეს კი ნამდვილად არ ეკადრება, უფრო სწორად, რაღა დაბნევა უნდა, როცა ისედაც დაბნეულია, ისედაც ალალბედზე დაეძებს იმას, რისი სახელიც წესიერად თვითონაც არ იცის ჯერ და, ვიდრე იპოვიდეს, დაახლოებითაც ვერ
წარმოიდგენს, როგორ გამოიყურება მიზეზი და მიზანი მისი უგზო-უკვლო ხეტიალისა არსაიდან არსაით მიმავალ გზაზე...
შეიძლება ვინმეს ეხამუშოს, არ მოეწონოს შემოქმედებითი პროცესისა და ამ პროცესის ერთადერთი მონაწილის ასე არასახარბიელოდ წარმოდგენა, მაგრამ, როგორც ასეთ დროს ამბობენ ხოლმე, ფაქტი ჯიუტია – მწერლის ნიჭსა და უნარს მისი საქმიანობისთვის უაღრესად,
სისხლხორცეულად საჭირო მადნის ადგილსამყოფლის ცოდნა კი არ წარმართავს, არამედ
ურყევი, ლამის ჭეშმარიტებასთან გათანაბრებული რწმენა იმისა, აუცილებლად რომ უნდა
არსებობდეს ბუნებაში მსგავსი მადანი. ამდენად, როგორც ნებისმიერი ძიება, მწერლური ძიებაც ალღოსმიერია. მწერლური წარმატება-წარუმატებლობა, ძირითადად, ეგრეთ წოდებულ
«იღბლიანობასთანაა» დაკავშირებული. რაც უფრო იღბლიანია მწერალი, მით უფრო უკეთ
ეძებს და მით უფრო მეტსაც პოულობს. ყოველ შემთხვევაში ეს განუწყვეტელი ძებნა და პოვნაა მისი დანიშნულება და არა ლიტერატურის თეორიის საიდუმლოთა, თუნდაც, უაღრესად
საინტერესოთა, ამოცნობა-ამოხსნა. დავუშვათ, სპორტში კიდევ შეიძლება მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება, დასაშვებია, თამაშის დაწყებამდე, უფრო ზუსტად კი, თამაშის მსვლელობისას მოვთხოვოთ მაყურებელს, ანდა თავად სპორტსმენს, საუკეთესო მოთამაშის დასახელება, რომელიც მიმდინარე თამაშის ბედს აუცილებლად მისი გუნდის სასარგებლოდ გადაწყვეტს. თუმცა, ნებისმიერი სპორტული თამაშის ბედიც შემთხვევითობასა და მოულოდნელობაზეა დამოკიდებული – თავისუფლად შეიძლება, სახელგანთქმულ მოთამაშეს იქამდე
ყველასთვის უცნობმა მოთამაშემ აჯობოს. მაგრამ, სპორტისგან განსხვავებით, ლიტერატურაში «სასწაულები» არ ხდება. აქ ნებისმიერი «მოულოდნელობა» უფრო კანონზომიერია და
ხანგრძლივი, ერთობლივი მეცადინეობის ნაყოფს წარმოადგენს. არადა, ლიტერატურული
ცხოვრება, შინაგანი წესებითა და კანონებით, ალბათ დიდად არც განსხვავდება სპორტული
ცხოვრებისგან. აქაც ხდება «მოთამაშეთა» გადარჩევა, დახარისხება, დაჯგუფება, გამოცალკევება... აქაური ატმოსფეროც პროგნოზებითა და ვარაუდებითაა დამუხტული.
ლიტერატურაზე და საერთოდ ხელოვნებაზე ფიქრი, მსჯელობა და კამათი – ერთ-ერთი
უძლიერესი სულიერი მოთხოვნილებაა გათვითცნობიერებული ადამიანისა. ასე იყო დასაბამიდან, ასე იქნება ყოველთვის. მაგრამ ყველა ახალ თაობას თავისი სინჯი და საზომი მოაქვს
და ცდილობს თავისებურად, ახლებურად, თანამედროვეობის პოზიციიდან ახსნას, განმარტოს, შეაფასოს ხელოვნების ესა თუ ის დარგი. თავისთავად ცხადია, ლიტერატურული
ცხოვრება, გარკვეული თვალსაზრისით, ხელს უწყობს ლიტერატურის შემდგომ განვითარებას, მაგრამ აქაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება თავად «ცხოვრების» დონეს. ამიტომ დასავლეთის მიბაძვა, ანუ დასავლეთის მეთოდებით კვლევა-ძიება ჩვენს ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებისა ალბათ არ გამოგვადგება, არ გამოგვადგება თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, ლიტერატურული ცხოვრება შედარებით დაბალ დონეზე რომ დგას ჩვენში. ლიტერატურული ცხოვრების დონის დაცემა ინტელიგენციის შინაგანი გათიშვის შემდეგ გახდა
მხოლოდ შესაძლებელი. ინტელიგენცია, რომელიც თავისი არსითა და მოწოდებით ქვეყნის
მოაზროვნე ნაწილის გაერთიანებას გულისხმობს, ვიწრო პროფესიონალურ სფეროებად დაიშალა და, რაც კიდევ უარესია, თითოეულმა სფერომ თავისი დანიშნულებაც პროფესიისდა
შესაბამისად დააკონკრეტა. «სხვათა» სატკივარი არათუ არ ესმით, გაგონებაც არ უნდათ. რა-
საკვირველია, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის, ნებისმიერ ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით ხალხი მაშინვე მწერლობას რომ მოიკითხავს ხოლმე, მწერლები სად არიანო, მაგრამ განა
ნაკლებად ეხება იგივე საკითხი, დავუშვათ, მხატვარს, მუსიკოსს, ეკონომისტს, იურისტსა
თუ ქიმიკოსს?! განა პროფესია ინტელიგენტს ათავისუფლებს მისი უპირველესი მოვალეობისგან – იყოს საკუთარი ხალხის ვნებათა და მისწრაფებათა გონიერი წარმმართველი?! მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენში ამჟამად ინტელიგენტის ახალი სახეობაა გავრცელებული
(დიახაც რომ გავრცელებული, რადგან თუკი მართლა წარმოადგენს ის ანგარიშგასაწევ ძალას, მხოლოდ თავისი სიმრავლით), რომელსაც, რასაკვირველია, არ შეუძლია აქტიურად ჩაებას ქვეყნისათვის სასარგებლო საქმიანობაში, რადგან ძირითადად საკუთარი კეთილდღეობის მოწყობითა და საკუთარი პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებითაა დაკავებული. ასე
რომ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით «ლიტერატურული ცხოვრება», რამდენადაც ჯერ არც უნარი შეგვწევს სიმართლის თქმისა, არ გაგვაჩნია ჭეშმარიტი
მხატვრული ნაწარმოების შესაფასებლად საჭირო გემოვნება, გვიჭირს პირადულზე მაღლა
დავაყენოთ საზოგადო, არ ვფლობთ ზუსტ, მკაცრ, ურყევ კრიტერიუმებს, რის გამოც ადვილად ახერხებს აღზევებას შემთხვევითი, თავისი არსითა და ბუნებით, ანტილიტერატურული მოვლენა, რაც, თავის მხრივ, საუკეთესო პირობებს უქმნის კარიერიზმს, ამ უმძლავრეს
და, ჯერჯერობით, ლამის ერთადერთ სტიმულატორს ჩვენი ლიტერატურული ცხოვრებისა.
ასე კი იმიტომ ხდება, რეალურსა და არსებულს ლეგენდა რომ გვირჩევნია, ცაში გაბაწრულ
წეროებს ვეპოტინებით, იდუმალისა და რომანტიკულის ბურუსში ვახვევთ ჩვეულებრივ ბანალობასაც კი (რასაკვირველია, ისევ და ისევ ჩვენი უკულტურობისა და პროვინციალობის
გამო), საერთოდ რომ არ შევამჩნიოთ ჩვენი მწერლობის მარადიული ქვრივ-ობლობით გამოზრდილი ერთი-ორი, თუნდაც, შეუხედავი, უფერხორცო წიწილა. წვდომის, ამოხსნისა და
სწავლის ჟინი, რაც ოდესღაც ნამდვილად გვახასიათებდა, ჩვენდა შეუმჩნევლად, დროთა
განმავლობაში, წრეგადასულმა განურჩევლობამ და ყოვლად გაუმართლებელმა გულგრილობამ შეგვიცვალა. იმდენი ვიძახეთ – არცოდნა არცოდვააო – უვიცობა ლამის პატიოსნების
კრიტერიუმად გვექცა. არადა, უვიცობამ შეიძლება ისეთი ცოდვაც ჩაგვადენინოს, ღმერთმა
კი არა, ეშმაკმაც ვეღარ მიგვიტევოს.
«ცისფერყანწელები», სხვათა შორის, იმიტომაც იმსახურებენ ჩვენგან პატივისცემას, არარსებული ლიტერატურული ცხოვრება რომ გაითამაშეს არარსებული თეატრის სცენაზე. სინამდვილეში, ლიტერატურული ცხოვრების ილუზია შექმნეს მხოლოდ და ეს იმდენად ეფექტური (რასაკვირველია, მათი ნიჭიერების წყალობით) და იმდენად მოულოდნელი (რასაკვირველია, ჩვენი მოუმზადებლობის გამო) აღმოჩნდა, აქამდე «ვცხოვრობთ» იმ ცხოვრების
ინერციით. დასავლეთში კი ლიტერატურული ცხოვრების დონე მაღალია. ყოველ ათწლეულში შეიძლება არც იქ იბადებიან ახალი სერვანტესები და პრუსტები, მაგრამ სერვანტესისა
და პრუსტის შემფასებელთა «თვალთახედვის არე» განუწყვეტლივ იზრდება მათდამი უდიდესი, უანგარო სიყვარულისა და პატივისცემის გამოც. დასავლეთის ლიტერატორები ხანდახან განგებაც ტეხენ ხოლმე განგაშს და ასე იმიტომ იქცევიან, უკეთ მომზადებულნი რომ დახვდნენ ლიტერატურის მოსალოდნელ «კრიზისებსა» და «სიკვდილებს», თორემ, არა მგონია,
ჩვენზე ნაკლებად იცოდნენ, ხელოვნების, განსაკუთრებით კი პოეზიის სიკვდილი წარმოუდგენელი რომაა, ვიდრე ადამიანი იარსებებს ამ ქვეყანაზე. პოეზია დედამიწასავით ბებერია, მაგრამ იმავე დედამიწასავით მარადიული განახლების და გაახალგაზრდავების უნარიც
გააჩნია. ადამიანი შეიძლება ყოველთვის ერთნაირი გულისხმიერებით არ ეკიდებოდეს ხელოვნების ამა თუ იმ დარგს, მაგრამ ეს ხელოვნების ამა თუ იმ დარგის სიკვდილზე კი არ
მეტყველებს, არამედ ერთხელ კიდევ წარმოაჩენს ადამიანის ბუნების ევოლუციურობას. წარ-
მოაჩენს მის სულიერ მდგომარეობას მისივე მარადიული გზის ამა თუ იმ მონაკვეთზე და, ამდენად, მისი გაუცხოვებაც, ვთქვათ, პოეზიისადმი, ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც დღე-ღამისა და წელიწადის დროების მონაცვლეობა. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს
ადამიანის სულიერი მდგომარეობა გზისა და დროის ამა თუ იმ მონაკვეთზე, მიუღწევლისკენ ლტოლვა და იდუმალის ამოხსნის ჟინი მაინც მის გამოსარჩევ თვისებად დარჩება, რაც
თავისთავად იმის გარანტიაცაა, ყოველ წამს რომ შეუძლია სინათლისკენ შემობრუნება, ყოველ წამს რომ შეუძლია ამაღლება ოდესღაც, უკეთეს დროს, მისივე ხელით შექმნილ შედევრამდე. საამისოდ კი, პირველ რიგში, ცოდნაა საჭირო. ცოდნა ყველასთვის კარგია, მაგრამ
ჩვენ, ქართველებს, მაინც სხვებზე მეტის ცოდნა გვმართებს. იმიტომ კი არა, სხვათა ჯობნის,
სხვებთან თავის მოწონების ჟინით რომ ვართ შეპყრობილნი (როგორც შეიძლება მოეჩვენოს
ვინმეს), არამედ ჩვენი ყოფნა-არყოფნის ელემენტარულ საკითხებში რომ გავერკვეთ დროულად.
როგორც უკვე ვთქვით, ქართველი მწერლის დანიშნულება ცოტა განსხვავებულია და სავსებით ბუნებრივია ეს ამბავი – ქართველ მწერალს ყოველთვის მზად უნდა ჰქონდეს პასუხი
ნებისმიერ ეროვნულ, სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, ისტორიულ, გეოგრაფიულ
თუ კულტურულ კონფლიქტთან დაკავშირებით, მაგრამ, ამავე დროს, რკინისებური მოთმინებით უნდა იკავებდეს თავს «წვრილმანი კინკლაობისგან» და მხოლოდ და მხოლოდ იმ გადამწყვეტ მომენტს ელოდებოდეს, როცა არჩარევა უკვე დანაშაულია. პასუხის გაცემას, ემოციაზე მეტად, გონიერება და, თავისთავად ცხადია, ცოდნა სჭირდება. მწერლის «პასუხი» კი
იგივე მისი ნაწარმოებია, ანუ მშობლიური ხალხის სულიერი პოტენციის კიდევ ერთი თვალნათელი მაგალითი. ამიტომ ჩვენი ნებისმიერი ნაწარმოები კვლავინდებურად უნდა გამოირჩეოდეს თავისი ადამიანურობით, კაცთმოყვარეობით, კეთილშობილური პოზიციით, სინათლით, გაგებისა და მიტევების რწმენით; საპირისპირო შემთხვევაში ადვილი შესაძლებელია,
ყველა ჩვენი ისტორიული უბედურება ისევ ჩვენს პირადულ თვისებებს მიაწერონ და დანაშაულად ჩაგვითვალონ, რისი მაგალითებიც, სამწუხაროდ, ბევრია და უმალ მოიმატებს, ვიდრე მოიკლებს მომავალში, რამდენადაც ჩვენი მაგინებლების უაღრესად არაეთიკური საქციელი ზოგჯერ მათივე დაბნეულობითაა განპირობებული, ვიდრე ჩვენდამი მტრული დამოკიდებულებით. მართლაც, რა მტრობა უნდა ამოქმედებდეს, მაგალითად, ამერიკელ გამომცემელს, რომელიც, დავუშვათ, ჯვარსა და სვეტიცხოველს, ქართული სულის სიმბოლოებს,
სომხურ კულტურას მიაკუთვნებს; ანდა, რა უნდა რჯიდეს რუს მეცნიერს, რომელიც ჩვენივე
დაუდევრობით ხსნის «ჩვენს ქუჩებსა და ოჯახებში» მშობლიური ენის იგნორირებისა და დანაგვიანების მაგალითებს. ღმერთმა ხომ იცის, ერთიც ცდება და მეორეც! მაგრამ, გარკვეული
თვალსაზრისით, ისინიც მართლები არიან: განა ჩვენი არხეინობის ბრალი არ არის, ასე დაუკითხავად რომ აფათურებს ხელს ჩვენს ეროვნულ საგანძურში ყველა ამვლელ-ჩამვლელი?!
განა ჩვენი განუსჯელობის ბრალი არ არის, ძირითადად არაქართული წარწერებით რომაა გადაჭრელებული ჩვენი ქალაქები და დაბა-სოფლები, ჩვენი ქარხნებისა და ფაბრიკების ტერიტორიები, ჩვენი დასვენების კერები თუ სპორტული მოედნები?! განა ჩვენი უკულტურობის
ბრალი არ არის (რატომ დაეცა ჩვენში კულტურა, ეს სხვა საკითხია), ჩვენი ოჯახების გარკვეული ნაწილი ქართულად რომ აღარ კადრულობს ლაპარაკს, ქართულ სკოლებში რომ აღარ
შეჰყავთ ბავშვები, აქაოდა მაინცდამაინც ჩვენი შვილები უნდა გამოვიდნენ პარტმუშაკები და
მეცნიერები, უზრუნველყოფილნი რომ იყვნენ მთელი ცხოვრების მანძილზეო?! ვაი ასეთ
უზრუნველყოფას! მაგრამ საცა სამართალია, განა როდისმე ავუხსენით, განვუმარტეთ ობივატელს, მისი საქციელი იგივე სამშობლოს ღალატი რომ არის?! არც აგვიხსნია, არც განგვიმარტავს. სამაგიეროდ, ჩვენი პრესა, რადიო და ტელევიზია დაუზარებლად, დაუზოგავად ამათ-
რახებს ნარკომანიას, ალკოჰოლიზმს, პროსტიტუციას, რითაც უმალ აღვივებს, ვიდრე სპობს
ამ მართლაც რომ სახიფათო მოვლენებს, თუმცა, მიზნად, იმედი უნდა ვიქონიოთ, მათთან
ბრძოლა აქვს დასახული. უვიცობა და პროვინციალიზმი გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი მანკიერება. ნარკოტიკი რომ მავნე ნივთიერებაა, ამის ცოდნა
სრულებითაც არ კმარა მის მოსასპობად. დიდი, მე ვიტყოდი, გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს ბრძოლის მეთოდებსა და ბრძოლის კულტურას. არ შეიძლება, მაგალითად, ექიმის ანდა
მასწავლებლის სახელს ამოფარებული მორიგი ვიგინდარას მხილებისას საერთოდ ექიმი და
მასწავლებელი ვაგინოთ, როგორც ვიქცევით ხოლმე, რადგან, სხვა თუ არაფერი, ყოვლად
წარმოუდგენელია, ჭეშმარიტმა ექიმმა ავადმყოფს წამალი მოჰპაროს, ანდა ჭეშმარიტმა მასწავლებელმა მოწაფეს ფული გამოსძალოს. ამიტომ, ჩვენი წინდაუხედაობისა თუ მოუმზადებლობის გამო, შეიძლება გაცილებით დიდი ბოროტება ჩავიდინოთ, ვიდრე ათასი ცრუ
ექიმი და ცრუ მასწავლებელი ჩაიდენდა; შეიძლება, საერთოდ ამ უკეთილშობილესი და უწმინდესი ცნებების გარეშე დავტოვოთ ადამიანი. ასე კი იმიტომ ხდება, ცუდს რომ ვაზოგადებთ, ხოლო კარგს ვაფუჩეჩებთ და ყველაფერი ეს არ სცილდება საგაზეთო ციებ-ცხელების
ფარგლებს. ესე იგი, გარდა ლანძღვისა და დუმილისა, არაფერი კეთდება მდგომარეობის შესაცვლელად თუ არა, გამოსასწორებლად მაინც. ისევ არ გვაინტერესებს, სად, რომელი რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხება ჩვენი «ცოდნასმოწყურებული» ახალგაზრდობა, რომლის უკანაც ამოუვსებელ სიცარიელედ რჩება მიტოვებული, სასიკვდილოდ განწირული სოფლები და რომელსაც მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა, მატერიალური უზრუნველყოფა, «ხალხში გამოსვლა» აინტერესებს და ამიტომაცაა სულერთი, სად ისწავლის,
რას ისწავლის, რა ენაზე ისწავლის... ჩვენ კი მაინც სიმრავლეს მიველტვით ყველაფერში (ეგაა
რომ, გამრავლება არ გვინდა, ანდა აღარ შეგვიძლია) და გვავიწყდება (თუ შეგნებულად ვივიწყებთ), სიმრავლე გაუფასურების საწინდარი რომაა. ერთი მეორეს განაპირობებს: სიმრავლე აუფასურებს, უფასურება ამრავლებს. «ასი ათასსა აჯობებს, თუ გამორჩევით მქნელიაო» –
ჯერ კიდევ როდის გვასწავლიდა რუსთაველი და მართლაც, კაცმა რომ თქვას, რა ისეთი ძნელი მისახვედრია, ბევრ ცუდს ცოტა კარგი რომ სჯობს. მაგრამ ჩვენ (უბედურებაა, აბა, რა
არის!) მაინც ბევრი ცრუ ინჟინერი, ბევრი ცრუ ექიმი, ბევრი ცრუ მასწავლებელი და, თუ გნებავთ, ბევრი ცრუ მწერალი გვირჩევნია.
სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სიკეთის ჩადენასაც ცოდნა სჭირდება. გაუაზრებლად, უმიზნოდ ჩადენილი სიკეთე (რაც, სხვათა შორის, ყველას საკმაოდ გვეხერხება) ხვალ და ზეგ შეიძლება უკვე ბოროტებად გარდაქმნილი დაგვიბრუნდეს უკან. ჩვენი დღევანდელი ვითარებით
თუ ვიმსჯელებთ, სიკეთე არც ერთგანზომილებიანი ცნება ყოფილა. ყოველ შემთხვევაში,
სხვათა თვალში თურმე სრულებითაც არ გამოვიყურებით ისეთებად, როგორებადაც თავი
წარმოგვიდგენია. ბევრს თურმე არათუ მოსწონს, აღიზიანებს ჩვენი ბუნება, ანუ ჩვენი სულიერი მოთხოვნილება ყველას გამასპინძლებისა, ყველას მოფერებისა, ყველას დამეგობრებისა
და, რაც მთავარია, უკანასკნელი ლუკმისა და ისედაც პატარა ჭერის გაზიარებისა ყველასთვის, ვინც კი ულუკმაპუროდ და უჭეროდ დაუტოვებია ბედსა თუ უბედობას. ჩვენ რომ უფრო მეტი ვიცოდეთ, ვიდრე ვიცით, ალბათ იმასაც ადვილად შევამჩნევდით, გუშინ სხვათა
შემფარებლები, დღეს მაინცდამაინც დაჯერებული მასპინძლები რომ ვერა ვართ საკუთარ
სახლში. რამ გამოიწვია ეს, ამის გარკვევა ახლა არ მოხერხდება, მაგრამ ამის გარკვევა მხოლოდ მოგვეხმარება, თუკი გულისყურით მოვისმენთ დღეს ჩვენს მიმართ გამოთქმულ ნებისმიერ საყვედურს, დაცინვასა თუ გინებას, გამოვაცალკევებთ, რაც ნამდვილად ჩვენ შეგვეხება და მშვიდი გონებით განვსჯით, გავაანალიზებთ, ავწონ-დავწონით («აწონ-დაწონვაც»
უნდა ვისწავლოთ, ცხოვრება თუ გვინდა) და გამოტანილი დასკვნების გათვალისწინებით
გავაგრძელებთ ჩვენს უბოლოო გზას. ჩვენგან რომ წასვლა არ უნდათ ჩვენს ყოფილ ხიზნებსა
და სტუმრებს, ეს ძალიან კარგია და (რაც არ უნდა ილაპარაკონ) მაინც ჩვენს კაცთმოყვარეობასა და ხელგაშლილობაზე მეტყველებს, მაგრამ, მეშინია, ისე არ გამოვიდეს ბოლოს, ჩვენივე
გულუბრყვილობის გამო, ჩვენ თვითონვე აღმოვჩნდეთ ზედმეტნი საკუთარ ჭერქვეშ. ასე
რომ, ჩვენგან, საერთოდ ქართველებისგან და განსაკუთრებით კი ქართველი მწერლებისგან
დაუფიქრებლად ნათქვამ ყველა სიტყვას შეიძლება ათასნაირი კუდი გამოებას და ათასნაირი, ჩვენგან გაუთვალისწინებელი მნიშვნელობა შეემატოს.
მწერლის ძირითადი საქმიანობა წერაა. ის თავის სამუშაო მაგიდასაა მიჯაჭვული სამუდამოდ, ამირანივით, და ღმერთმა ნუ ქნას, თავი აიშვას როდისმე. თავაშვებული, ანუ მოვალეობისგან განთავისუფლებული მწერალი, თავაშვებული ამირანისგან განსხვავებით, უმწეო,
უფერული არსებაა – ვერც შურისმაძიებლად გამოდგება, ვერც ახალ-ახალი გმირობების ჩასადენად. მაგრამ თუკი გარემოება მოითხოვს, რასაკვირველია, მწერალმაც უნდა გადადოს
გვერდზე კალამი. მწერალი გაცილებით რთული და გაცილებით ბევრისმომცველი ცნებაა,
ვიდრე ჩვეულებრივი ინდივიდი და, უნდა თუ არა (უფრო სწორად, გვინდა თუ არა ჩვენ), განუწყვეტლივ მონაწილეობს თავისი ერის ცხოვრებაში (სიკვდილის შემდეგაც), გაჩენის დღიდანვეა «ჩართული», როგორც თქვენ ბრძანეთ, «ერისთვის კრიტიკულ, ექსტრემალურ სიტუაციებში», ნათლად გამოხატული, ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული და, რაც მთავარია, მისი ხალხისათვის მისაღები მწერლური პოზიციით. ყველა მწერლის შემოქმედება მისი
ეროვნული კულტურის წიაღში იღებს სათავეს და, მშობლიური ხალხის სულზე გადავლილი, მსოფლიო საგანძურთა უკიდეგანო ოკეანეს უერთდება. თავს ნებას მივცემ და ერთხელ
კიდევ გავიმეორებ, რომ ეს გზა, თავისი ხიფათებითა და საოცრებებით, ოდისევსის გზასა
ჰგავს და მწერლისგან დიდ შინაგან დაძაბულობასა და სიჯიუტეს მოითხოვს – ამ გზაზე
დამდგარი არც ცდუნებებისგანაა დაზღვეული და არც გონების დაკარგვისგან. ამიტომ შეუძლებელი რომ შეძლოს, მას თავისი პენელოპეც სჭირდება, ანუ მეორე ადამიანი, როგორც
თქვენ ამბობთ, «განსაკუთრებულად ძვირფასი და ახლობელი» (სულერთია, ჩვეულებრივი
მკითხველი იქნება ის თუ პროფესიონალი ლიტერატორი), რომელსაც სჯერა, რომელიც ერთგულია ოდისევსისა. როგორც უკვე ვთქვით, მწერალი, ამავე დროს, ჩვეულებრივი ადამიანიცაა, ჩვეულებრივი მოქალაქე (ელიოტის ბიოგრაფები წერენ – წვიმიან ამინდში კალოშებსა
და ქოლგას ხმარობდაო) და არაფრით განსხვავდება ერის ნებისმიერი წარმომადგენლისგან.
მართალია, ერთი ანტიკური ხანის ფილოსოფოსისთვის პოეტი (ამ შემთხვევაში – მწერალი)
«მსუბუქი, ფრთოსანი არსებაა», მაგრამ კაცობრიობა არაერთგზის გამხდარა მოწმე ამ «მსუბუქი, ფრთოსანი არსების» დიადი, ვაჟკაცური ცხოვრებისა. ასე რომ, არც ერისთვის თავის განწირვაა – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით – მისთვის უცხო რამ, რისი სამწუხარო მაგალითებიც მრავლადაა მსოფლიო ისტორიაში. «სამწუხარო» კი იმიტომ, მწერლის დაღუპვა
ყოველთვის განსაკუთრებულ ფაქტს რომ წარმოადგენს და ერის ცხოვრების ყველაზე ბნელსა
და მძიმე მონაკვეთს ემთხვევა, როცა, მტრისა თუ მტრების შორსგამიზნული ვერაგობისა და
დაუნდობლობის წყალობით, თეთრისა და შავის გარჩევის უნარი ქვეყანაში ყველას დაკარგული აქვს, ახალგაზრდობა უაზრო, უმიზნო დროსტარებით იკლავს თავს, გლეხი მომხვეჭელობის ჟინითაა შეპყრობილი, ხოლო მწერლის გარშემო თანამემამულეთაგან აღარავინაა
დარჩენილი მისი ჭეშმარიტი შესაძლებლობებისა და დანიშნულების მცოდნე.
ამიტომ ცოტას ავჩქარდები და ორიოდე სიტყვას ბარემ აქვე ვიტყვი მწერლისათვის «განსაკუთრებულად ძვირფასი და ახლობელი» ადამიანის შესახებ, რომლის არსებობაც, ჩემი ღრმა
რწმენით, ჰაერივით აუცილებელია ნებისმიერი მწერლისთვის და ვისაც ასეთი ადამიანი არ
ჰყავს (საბედნიეროდ, პირადად მე მყავს და მისი «ვიზის» გარეშე ჯერ არცერთი ნაწარმოები
არ გამომიტანია ფართო მკითხველის სამსჯავროზე), მთელი სიცოცხლე იმას დაეძებს, რამდენადაც, უიმისობა გაცილებით დამთრგუნველია, ვიდრე, ვთქვათ, უსახსრობა. ჩემი გაგებით, ეს ის ადამიანია, რომელსაც არამარტო მოსმენა შეუძლია, არამედ ჭკუის დარიგებაც.
ასეთი ადამიანი, რასაკვირველია, იშვიათია არამარტო ჩვენს სინამდვილეში, არამედ მთელი
ჩვენი ლიტერატურული არსებობის მანძილზე. და მაინც, ის რომ არა, ალბათ ბევრს დაკარგავდა საერთოდ ლიტერატურა. მხატვრულად რომ ვთქვათ, შემოქმედების უკიდეგანო ოკეანეში შეცურებულ მწერალს ის ერთდროულად შუქურის მაგივრობასაც უწევს და იმ პატარა
ძრავისაც (ანდა სულაც ნიჩბის), რომლის მეშვეობითაც შუქურისკენ უნდა წაიყვანოს მწერალმა თავისი ნავი. ხოლო, უფრო მარტივად თუ ვიტყვით, თავისი არსებობით არამარტო
ამხნევებს მწერალს მუშაობის პერიოდში, არამედ რაღაც-რაღაცებს «კარნახობს» კიდეც ჩუმად, სხვების ზურგსუკან. ამგვარი «თანაარსებობისა» თუ «თანამშრომლობის» შესახებ ყველაზე ბოლოს მკითხველი იგებს და ასედაც უნდა იყოს, რამდენადაც მკითხველს მწერლის
მზა პროდუქცია აინტერესებს და არა ამ პროდუქციის შექმნის საიდუმლოებანი.
მწერალი ციდან არ ვარდება. ისიც ჩვენს შორის, ჩვენსავით იზრდება, იმავე პურით, იმავე
ჰაერით, იმავე ზღაპრებითა და ლეგენდებით... და იმ ლიტერატურული ტრადიციების გამგრძელებლად გვევლინება მომავალში (ამაზე, მგონი, ზემოთაც ვილაპარაკეთ), რომელსაც
თავიდანვე ძალდაუტანებლად შეესისხლხორცება ხოლმე. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს მისთვის სხვა ლიტერატურული ტრადიციები არ იყოს ანგარიშგასაწევი.
ოღონდ სხვა ლიტერატურული ტრადიციები უფრო გონებრივი საზრდოა, ვიდრე სულიერი,
ანუ – იმის შექმნაში კი არ ეხმარებიან ისინი, რისი შექმნაც ევალება, არამედ იმის გარკვევაში
– სწორად ქმნის თუ არა, საერთოდ, რასაც ქმნის. ამიტომ რაც მეტი იცის მწერალმა, მით უკეთესი მისთვისაც და ჩვენთვისაც – მით უფრო ნათლადაა გამოკვეთილი მისი გზა სხვა უთვალავ გზათა შორის და მით უფრო ადვილი დასადგენია, თუ სად იღებს სათავეს და საით მიემართება ეს, მისგანვე შექმნილი, მისივე გრძნობებითა და ვნებებით მოკირწყლული, მისივე
ცრემლითა და სისხლით მორწყული გზა. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ყველა ჭეშმარიტი მწერალი თავის თავსაც არ აკუთვნებდეს იმ მწერალთა რიცხვს, რომლებიც პირადად
მოსწონს. საწინააღმდეგო შემთხვევაში, მას ბოლომდე არა აქვს გარკვეული არც თავისი დანიშნულება და არც თავისი შესაძლებლობა. იმას კი არ აკეთებს, რისი გაკეთებაც ევალება,
არამედ, რისი კეთებაც მოსწონს. მწერალს კი თავისი საქმიანობა არამარტო მოსწონს, არამედ
უყვარს კიდეც – ესე იგი, უნდა თუ არა, მაინც უნდა გააკეთოს! ხოლო როგორ, რანაირად,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 07
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.