Latin

ბედნიერი ტანჯული - 09

Total number of words is 3599
Total number of unique words is 1901
29.4 of words are in the 2000 most common words
41.1 of words are in the 5000 most common words
48.6 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ამიტომაც სხვა ენის შესწავლა ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის სულის წვდომას უნდა ნიშნავდეს პირველ რიგში, ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ჭეშმარიტი სახისა და ჭეშმარიტი ბუნების
ამოხსნას. ვერ დავიჩემებ, მაგრამ, ჩემი აზრით, უფრო ზუსტად კი, ჩემი წარმოდგენით, ნებისმიერი ენის შესწავლას აუცილებლად უნდა უძღოდეს წინ ამ ენაზე შექმნილი ლიტერატურით, ისტორიით, კულტურით, ანდა სულაც ადათ-წესებით დაინტერესება. დაინტერესება, თავის მხრივ, აჩენს სურვილს კიდევ უფრო უკეთ გაცნობისა, დაახლოებისა, და ეს უკეთილშობილესი მოთხოვნილება სულისა ჩირაღდანივით გვინათებს გზას უცხო ენის სამყაროში შეღწეულებს. რას აღმოვაჩენთ იმ სამყაროში, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენს ნიჭსა და
უნარზეა დამოკიდებული. მაგრამ ნამდვილად სამწუხაროა, როცა მხოლოდ გრამატიკული
კანონების შესწავლით ვიფარგლებით და უცხო ენის კარიბჭესთანვე ვკარგავთ ჭეშმარიტების
მაძიებლის ჟინსა და ალღოს, რის შედეგადაც ერთი რიგითი ენათმეცნიერი კი იბადება, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, ამ ენაზე მოხსენების წაკითხვაც კი შეუძლია, მაგრამ ეს
მეცნიერი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ჭკუის დამრიგებლად, იმ უბრალო მიზეზის გამო, არაფერი რომ არ გაეგება ამ ხალხისა, ანუ, გაეგება,
თუ შეიძლება ასე ითქვას, მხოლოდ სიტყვათა მოძრაობის წესები (შეიძლება სიტყვათა ეტიმოლოგიურ წარმომავლობასაც ჩასწვდეს), მაგრამ არ გაეგება ამ სიტყვებში სამარადისოდ ჩა-
ბუდებული აზრი, რომლის ამოხსნაც მხოლოდ გრამატიკის მეშვეობით ყოვლად შეუძლებელია, უფრო მეტიც – საერთოდ წარმოუდგენელია, თუკი შენთვის სულერთია, შენგანვე არჩეული ენა ლათინურივით მკვდარია თუ, დავუშვათ, ინგლისურივით ცოცხალი. თქვენი წერილის წამკითხავს, ძალიან მიკვირს, საერთოდ რომ შეგისწავლიათ ქართული ენა, რაკი ასეთი
გულგრილი და უგრძნობელი დარჩენილხართ ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ბედისა თუ
უბედობის მიმართ. ისიც მიკვირს, თავს უფლებას რომ აძლევთ მთელ ხალხს დასდოთ ბრალი და, ამავე დროს, ჩაუდენელი დანაშაულის მონანიებაც მოსთხოვოთ. დიახაც რომ გასაკვირი სითამამეა თქვენგან, საქვეყნოდ გამოხვიდეთ მთელი ხალხის მსაჯულისა თუ ბრალმდებლის როლში! არ ვიცი, თავიდან რამ გაიძულათ ქართული ენის შესწავლა, მაგრამ ჯერჯერობით არამეცნიერული ზრახვებისთვის რომ იყენებთ, აშკარაა. ეს კი უაღრესად სამწუხარო ფაქტია, რამდენადაც ინგლისი და ინგლისელი ქართველი კაცის შეგნებაში ყოველთვის
ღირსებასთან და პოეზიასთანაა დაკავშირებული. ამდენად, ძნელი დასაჯერებელიცაა ამგვარი პოლიტიკური სიბეცე და ადამიანური სიმდაბლე შექსპირისა და მარჯორი უორდროპის
შთამომავლისგან. თქვენ რომ რიგითი ჟურნალისტი იყოთ და არა ქართულის მცოდნე ინგლისელი მეცნიერი, კიდევ შეიძლებოდა გაჩუმება, მაგრამ სწორედ იმიტომ, ინგლისელმა
კაცმა ქართული რომ იცით, თქვენს ყოველ სიტყვას, ამ საქმეში ჩაუხედავი ადამიანისთვის,
რასაკვირველია, განსაკუთრებული და, ამავე დროს, ობიექტური ჟღერა ენიჭება. არადა,
თქვენს მიერ გამოთქმული მოსაზრებები, ბრალდებები თუ რჩევები იმდენად ამახინჯებენ
სინამდვილეს, იმდენად არასწორად წარმოაჩენენ ქართველი ხალხის მიზნებსა და მისწრაფებებს დანარჩენი მსოფლიოს თვალში, უბრალოდ, გაჩუმება დანაშაული იქნება და არამარტო
საკუთარი ხალხის, არამედ მსოფლიოს წინაშე. სიმართლე რომელიმე ხალხის, რომელიმე სახელმწიფოს ანდა რომელიმე პიროვნების კერძო საკუთრება კი არ არის, საერთო-საყოველთაო არსებობის, უფრო სწორად კი, თანაარსებობის ნიშანსვეტია და მისი უარყოფა, არშემჩნევა ანდა შენიღბვა ასევე საერთო-საყოველთაო კატასტროფას იწვევს, ანუ საერთო-საყოველთაო სიბეცეს, რომელიც, დღეს თუ არა ხვალ აუცილებლად მიგვიყვანს კატასტროფამდე. ჩემი ღრმა რწმენით, თქვენი ღია წერილიც ამ საერთო-საყოველთაო სიბეცის კიდევ ერთი გამოვლენაა. მე მგონი თქვენგან, ინგლისელი მეცნიერისგან, უფრო ბუნებრივი საქციელი იქნებოდა, თვითონვე განგემარტათ თქვენი ახლობლებისთვის, თუ რა უსაფუძვლო სიძულვილით არიან ისინი გაჟღენთილნი საქართველოს მიმართ; მეცნიერულად აგეხსნათ, ქართველების სასიკეთოდ კი არა, სწორედ რომ ქართველების საზიანოდ ჩაგრავდნენ მათ გარკვეული წლების მანძილზე; დაბოლოს, დაგერწმუნებინათ, მხოლოდ და მხოლოდ ქართველებთან ტრადიციული მეგობრობით რომ შეუძლიათ მათ თავიანთ მეობისა და მშობლიური ენის
შენარჩუნება. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და არ მოხდა იმიტომ, პირადი ინტერესი, პირადი
სიმპათია რომ არ ედო საფუძვლად თქვენს გატაცებას ქართული ენითა და, საერთოდ, საქართველოთი.
თქვენი წერილით თუ ვიმსჯელებთ, საქართველო ინგლისივით წელგამართული, გალაღებული ქვეყანაა, რომელიც გუნება-განწყობილების შესაბამისად წარმართავს თავის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკას – უნდა რუსს აუკრძალავს რუსულად ლაპარაკს, უნდა აფხაზს
გადაუჭერს ზურგზე მათრახს. სასაცილოა, სამწუხარო, სავალალო რომ არ იყოს თქვენი გულუბრყვილობა. თქვენი წერილის დამწერმა აშკარად არ იცის, როგორც საერთოდ საქართველოს, ისე კერძოდ აფხაზეთის ისტორია და არათუ არ იცის, არც აინტერესებს, არ აინტერესებს იმიტომ, გული რომ არ შესტკივა სრულებით და ვერ გრძნობს, მიწის ამ პატარა ნაგლეჯზე დატრიალებული ნებისმიერი ტრაგედია მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენა რომაა. ვერ
იქნა და ვერ შევიდა ჩვენს შეგნებაში, ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არაფე-
რი რომ არ არსებობს სამყაროში, დიდს პატარა განაპირობებს, პატარას – დიდი, კოღოს მოსპობა ტყეს აჩანაგებს, ტყის მოსპობა ზღვებს აშრობს და ასე შემდეგ, ასე შემდეგ, უსასრულოდ,
გაუთავებლად, საბოლოო გადაშენებამდე, გაქრობამდე, არარაობამდე... რაც დღეს საქართველოში ხდება, ხვალ დედამიწის ნებისმიერ წერტილში შეიძლება მოხდეს. განსაკუთრებული
კი თითქოს არაფერი ხდება. იღვრება «უმანკო სისხლი», ვინ იცის, მერამდენედ. სისხლით
მართლაც რომ ვერ გააკვირვებ მსოფლიოს, მაგრამ შემზარავი, წარმოუდგენელი უსამართლობაა, როცა მკვლელის ქომაგობით მოგვაქვს თავი და მოკლულს შეუმოწმებლად, გამოუძიებლად ვაწებებთ მჩაგვრელისა და დესპოტის იარლიყს. ნათქვამია: სხვა სხვის ომში ბრძენიაო, მაგრამ დღეს ისე შეიცვალა საქმის ვითარება, სხვისი ომი აღარ არსებობს და ესეც მეტად დამაფიქრებელი, ანგარიშგასაწევი ფაქტია.
ამ ათიოდე წლის წინათ, იმავე აფხაზეთში, დარბეული ქართული სკოლის ეზოში ჯერ კიდევ რომ იწვოდა ქართული წიგნები, პროგრესულმა, დემოკრატიულმა, გათვითცნობიერებულმა ევროპამ ლამის ყველა ენაზე აუწყა მსოფლიოს, თუ როგორ ჩაგრავდნენ «დესპოტი
ქართველები» «პატარა, მაგრამ ამაყ ერს». განა ამის შემდეგ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ საერთოდ თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე, კაცთმოყვარეობაზე, უკეთეს მომავალზე?! რასაკვირველია, არ შეიძლება. სამაგიეროდ, სრულებითაც არ იქნება გასაკვირი, მთელი
მსოფლიოს ხალხები ერთმანეთს დაერიონ ხვალ, ფრჩხილებით, კბილებით გამოღადრონ ერთმანეთს ყელი. უსამართლობა, უსინდისობა ადამიანში უპირველესად მხეცურ ინსტინქტებს
აღვიძებს. და აი, აკი მივადექით კიდეც საბედისწერო საზღვარს – მსოფლიო კატასტროფის
შესაძლებლობაზე უკვე ისე ვლაპარაკობთ ყველანი, თითქოს ერთ-ერთი გამოსავალი ესეც
იყოს ჩვენი საერთო სიბნელიდან, საერთო სიბეციდან, საერთო სიყრუიდან. ასე იცის საქმეში
ჩაუხედაობამ და ნაადრევი დასკვნების გამოტანამ. მხოლოდ ცოდნაა საფუძველი ჩვენი დღევანდელი ადამიანობისა და გარანტია ჩვენი ხვალინდელი არსებობისა. ასე რომ, არც საქართველოში მომხდარა რამე განსაკუთრებული. ოღონდ, რბილად რომ ვთქვათ, გულუბრყვილობა იქნება და მეტი არაფერი, თუკი საქართველოში დატრიალებულ ტრაგედიას აღვიქვამთ, როგორც ორი ხალხის შეჯახებას ეროვნულ ნიადაგზე. ყველაფერს თუ თავის სახელს
დავარქმევთ, ეს არის წინასწარ მომზადებული, წინასწარ გაწვრთნილი და სათანადოდ შეიარაღებული ბანდის თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე; ეს არის უნივერსიტეტის დარბევა წაქეზებული ხულიგნების მიერ; ბოლოს და ბოლოს ეს არის ჩვეულებრივი ტერორისტული აქტი, ჩადენილი საერთოდ საქართველოსა და ქართველობის წინააღმდეგ. ასე რომ, მართლაც არაფერი მომხდარა უცნაური და მოულოდნელი, უბრალოდ, ჯერ კიდევ გრძელდება
9 აპრილს დაწყებული სისხლისღვრა და, ღმერთმა იცის, როდის დამთავრდება, თუკი დამთავრდება საერთოდ, რამდენადაც ეს ეპიზოდური გამოხდომები ძველისძველი, შორსგამიზნული და სულისშემძვრელად ვერაგული ჩანაფიქრის გამოხატულებაა და ძირითადად იმ
«ბრძენი» მრჩევლებისა თუ მოსამართლეების მოსაქცევადაა გამიზნული, რომელთაც სუსტთა ქომაგობა სამართლიანად კი მიაჩნიათ კეთილშობილურ საქმედ, მაგრამ არ გამოდგებიან კეთილშობილური საქმის ჩასადენად თუნდაც იმიტომ, შავი თეთრისგან რომ ვერ გაურჩევიათ. ხოლო თქვენი წერილი, მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ «უმანკო სისხლისღვრის» გამართლებაა და სხვა არაფერი. თავი რომ დავანებოთ თქვენს მიერ ქართველი
ხალხის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, თქვენი წერილის მიხედვით, ან ნათელმხილველი ბრძანდებით, ანდა წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე ხართ ინფორმირებული, საქართველოში «უმანკო სისხლი» რომ დაიღვრებოდა დღეს, რაც, გულწრფელად რომ ვთქვათ,
ძალიან საკვირველია, მაგრამ არც ესაა მოულოდნელი. ჩვენ ისე არასოდეს გავუნებივრებივართ ბედს, უსამართლობა გვიკვირდეს. ალბათ უფრო უცნაური და მოულოდნელი ის იქნე-
ბოდა, პირიქით მომხდარიყო, იმავე «თავისუფალ ევროპას» ამჟამად თქვენი პირით ეთქვა
ჩვენთვის: ბარაქალა თქვენს მოთმინებასო! მსგავსი რამ ჯერ არ მომხდარა და არც მომავალში
მოხდება, რადგან მსოფლიო ჯერ კიდევ სერიოზულადაა ავად უსაფუძვლო სიძულვილით.
უსაფუძვლო სიძულვილია სათავე მრავალი ბოროტებისა. უსაფუძვლო სიძულვილს კი ისევ
ადამიანური სიბეცე და პირუტყვული სიხარბე აღვივებს ჩვენს გულებში. ებრაელებისათვის
მშობლიურ გარემოში რომ დაეცლიათ ცხოვრება თავის დროზე, ანტისემიტიზმი არ იქნებოდა. ასევე არ იქნებოდა რასიზმიც, ამერიკელი პლანტატორები იაფფასიან მუშახელს რომ არ
დახარბებულიყვნენ. ადამიანი თავად შობს პრობლემას, რომელსაც თავადვე ეწირება. ქართველებიც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ყველაფერი ზემოთ თქმული ჩვენზეც
ვრცელდება. განა ჩვენ თვითონვე არ ჩავუნერგეთ ჩვენს მტრებს ჩვენი მოსპობის იდეა?! ჩვენ
ხომ გამოუსწორებელი მფლანგველები ვართ ყველაფრისა, რაც გვაბადია, დრო იქნება ეს, ნიჭი, მიწა, ჯანმრთელობა თუ თავად სიცოცხლე. ხოლო სანამ საკუთარ სიცოცხლეს ვფლანგავთ, მტერი გასუსული გვზვერავს და ფიქრობს: ესენი ხვალამდე თავს ვერ გაიტანენ და იქნებ ამათი ნასახლარი მე დამრჩესო. თითქოს სწორად ფიქრობს, მაგრამ ასეთი ფიქრი მტრისთვისაც კი დამაკნინებელია, მტრისგანაც უსინდისობაა. თუმცა ეს ჩვენი საქმე არ არის, ჩვენ
არ გვეხება. დე, ყველამ საკუთარი გვამი ზიდოს და ყველა საკუთარი სახით დაენახოს ქვეყანას. ნიღბით კი არა, სახით, რადგან სახეზე განუმეორებელი, ყველასაგან განსხვავებული,
უაღრესად ინდივიდუალური სულიერი ცხოვრებაა ასახული, ნიღაბზე კი, რასაც მოისურვებ,
იმას მიახატავ. ამიტომაც ცდილობს მტერი, ნიღბით შეგვიცვალოს სახე, თავისივე ხელით
მოხატული ნიღაბი აგვაკრას სახეზე. აგვაკრა კიდეც, რაკი თავისუფლებისათვის, გადარჩენისთვის ოცსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ ჩვენვე აღმოვჩნდით დამპყრობლები, მჩაგვრელები, სხვათა მიწა-წყლის, სხვათა საფლავისა და სალოცავის მიმტაცებლები საკუთარ სამშობლოში. ცინიზმის უფრო ფართო გამოვლენა წარმოუდგენელიცაა, მაგრამ არც ესაა გასაკვირი. მტრისთვის ყველა იარაღი მისაღებია, რომლითაც მოგერევა. ამგვარი მორალური კოდექსებითაა აღზრდილი დღევანდელი კაცობრიობა. ამიტომაც ჭირს სიმართლის დადგენა.
სიმართლე ღვთაებრივი სინათლეა, რომელიც უცებ გამოააშკარავებს ხოლმე ნებისმიერ ბოროტ განზრახვას. ამიტომაც ცდილობს მტერი, ისე გაგვიხადოს საქმე, სიმართლის ძებნაში
აღმოგვხდეს სული. მაგრამ, მტრების გულის გასახეთქად, აქვე უნდა განვაცხადოთ, ჯერ რომ
არ ვაპირებთ ქართველები სიკვდილს, ჯერ კი არა, საერთოდ. ჩვენ სიმართლე გაურკვეველი,
ბნელი მომავლის გასანათებლად გვჭირდება და არა საფლავის ლოდად. ამიტომ ვინც სიკვდილისკენ მოგვიწოდებს, ან გულადი ბრიყვია, ან მხდალი პროვოკატორი. სამშობლო ერთი
დღით არავის მოუბარებია ჩვენთვის. ის მარადიული ცნებაა, მარადისობას განეკუთვნება და
ამის ცოდნა არამარტო ქართველებისთვისაა სავალდებულო. სამშობლო კი არ არის, ჩვენა
ვართ წარმავალნი; ის კი არ გვეძლევა ერთი დღით, ჩვენ გვასაჩუქრებს განგება «ერთი ბედნიერი დღით», რომელიც ისევ და ისევ სამშობლოს სამსახურში უნდა გავლიოთ. მთავარია, როგორ გავლევთ ამ «ერთ ბედნიერ დღეს», აქ გამოჩნდება ყველაზე ნათლად, რას წარმოვადგენთ საერთოდ, როგორია ჩვენი ადამიანური მრწამსი, მოქალაქეობრივი პოზიცია, მორალურ-ზნეობრივი დონე. ის «ერთი ბედნიერი დღე» ყველა ჩვენგანის პირადი საკუთრებაა და
როგორც გვინდა, ისე მოვიხმართ. შეგვიძლია, საერთოდ არ მოვიხმაროთ. ეს კი თავისთავად
იმდენად დიდი უფლებაა განგებისგან ბოძებული (ალბათ ისევ ჩვენი ადამიანობის შესამოწმებლად), არ შეიძლება, ერთხელ მაინც არ ჩავვარდეთ საგონებელში, ერთხელ მაინც არ აღმოვჩნდეთ დილემის წინაშე, ერთხელ მაინც არ მოგვიწიოს მტკიცე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ, რას მოვახმაროთ ჩვენი ერთადერთი
საკუთრება – ჩვენი სიცოცხლე – გამოვიზოგოთ თუ ერთბაშად მოვსპოთ. მაგრამ არც ერთი
ჩვენგანი უფლებამოსილი არ არის, პირადი გადაწყვეტილება განაზოგადოს, სხვებისთვისაც
სავალდებულო გახადოს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საერთო გადაწყვეტილებად, თუკი
ისევ სამშობლოს და, აქედან გამომდინარე, სამყაროს მარადიულობას განაპირობებს და არა
რომელიმე ჩვენგანის კეთილდღეობას ერთი ადამიანური სიცოცხლის მანძილზე.
საბჭოთა კავშირში მიმდინარე გარდაქმნა, დამეთანხმებით, გლობალური მოვლენაა,
მთელს მსოფლიოზე ვრცელდება და, ნებსით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შეუგნებლად,
უპირველეს ყოვლისა, გადარჩენას ისახავს მიზნად. მაგრამ არა მგონია, გადარჩენას აზრი
ჰქონდეს, თუკი გარდაქმნა ეროვნულ თვითმყოფადობას, ეროვნულ თვისებებსა და მიდრეკილებებსაც შეეხება. მართლაც, რა აზრი ექნება, ვთქვათ, ქართველის სიცოცხლეს, თუკი მის
სახლში სტუმარი ვერ მოილხენს, ლტოლვილი თავშესაფარს ვერ იპოვის, გლახა არ დაპურდება, სნეული წამალს ვერ ეღირსება და გალახული – ქომაგს. ქართველ კაცს სულიერ სიამეს
სხვათა ხელის გამართვა ანიჭებს და არა სხვათა უბედურების თვალთვალი. ასე რომ, მომავალშიც, გარდაქმნის შემდეგაც, მრავალ ლტოლვილსა და უპოვარს შევიფარებთ ალბათ
ჩვენს მიწა-წყალზე, მაგრამ, ეტყობა, საქმისთვის სჯობს, ყველამ აქედანვე იცოდეს, ვერავის
ვერ დავუთმობთ სამშობლოს თავცოცხალნი, რაც არ უნდა გულუხვნი და გულკეთილნი ვიყოთ უცხოელთა მიმართ. საამისოდ კი საჭიროა, ხვალაც ფეხზე ვიდგეთ და, რაც მთავარია,
ბოლოს და ბოლოს, ჭეშმარიტი სახით წარვდგეთ დანარჩენი მსოფლიოს წინაშე. იცოცხლე,
კარგია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ყოფნა, კარგია, ყველამ იცოდეს სიმართლე, მაგრამ
უფრო მნიშვნელოვანია, თავად ჩვენ როგორ დავიჭერთ თავს: წავექცევინებით უბედურებას,
თუ იმასაც მოვინელებთ, როგორც არა ერთი და ორი სხვა უბედურება მოგვინელებია აქამდე.
ჩვენი დღევანდელი სულიერი მდგომარეობის გაანალიზებას, დავუშვათ, ამერიკელი, ფრანგი თუ იგივე ინგლისელი მეცნიერის მიერ, სწრაფწარმავალი, უფესვო და უხერხემლო კმაყოფილების, ანდა იმდაგვარივე გაწბილების მოტანა შეუძლია მხოლოდ. რაც უნდა მტკივნეული იყოს, მთავარია, ჩვენ თვითონვე შევძლოთ საკუთარი ჭრილობების გახსნა და გაკერვა.
ჩვენ თვითონვე უნდა დავუსვათ ჩვენს თავს დიაგნოზი და ჩვენ თვითონვე უნდა გადავწყვიტოთ, რამდენად აუცილებელია დანარჩენი მსოფლიოსთვის ჩვენი არსებობა. სხვას არავის
არა აქვს უფლება ხელყოს ჩვენი სიცოცხლე: არც მტერს, არც მოყვარეს. დღევანდელი მსოფლიო ხელახალი, ანდა, საბოლოო გამოღვიძების ფაზაში იმყოფება და ჩვენც ყველანი ერთნაირად უნდა განვიცდიდეთ, ეს გამოღვიძება ჩვენივე წარმოდგენის, ჩვენივე ფარული ოცნებისა და იმედის უდღეური ნაყოფი არ აღმოჩნდეს. გამოღვიძება საფუძველიცაა და გარანტიაც
ყველა სხვა ადამიანური სიკეთისა. და კიდევ ერთი, ჩვენ მხოლოდ მაშინ შეგვიძლია ჩავთვალოთ თავი გამოღვიძებულად, როცა მთელი დედამიწის მასშტაბით აღარსად აღარ მოხდება
ისეთი რამ, რაც რომელიმე ჩვენგანის ეროვნული ღირსებისა თუ ადამიანურობის დასაკნინებლად იქნება გამიზნული. ჯერჯერობით მაინც ძნელი სათქმელია, აღმა მივდივართ თუ
დაღმა, გზას ვაგრძელებთ თუ ადგილზე ვიტკეპნებით, ვიღვიძებთ თუ გვესიზმრება გამოღვიძება, ხვალაც ამ მშვენიერ დედამიწაზე შევხვდებით ერთმანეთს თუ მარადიულ უკუნეთში
აღმოვჩნდებით ყველანი ერთად... მაგრამ რაც არ უნდა გაძაღლდეს წუთისოფელი, მაინც სიცოცხლე სჯობს სიკვდილს, რამდენადაც ჩვენი საბოლოო მიზანი საკუთარ სისუსტეებზე, საკუთარ მანკიერებებზე და, კიდევ უფრო მეტი, საკუთარ სიპატარავეზე ამაღლებაა და არა,
დავუშვათ, ერთმანეთთან ანგარიშის გასწორება. რაც არ უნდა გულნატკენნი, დაჩაგრულნი,
ათვალწუნებულნი ვიყოთ ბედისგან, თავსდამტყდარი უბედურებისგან, მაინც უკადრისი
საქციელი იქნება ჩვენგან, ნებისმიერი გზითა და საშუალებით ამოვიყაროთ ჩვენი სულმოკლე, ვერაგი თუ დაუნდობელი მოყვასის ჯავრი. ჩვენ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ხვალ და
ზეგ მსოფლიო ისევ გამოიხედავს თვალში და ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. დღეს კი მოთმინება და ამტანობა გვმართებს, საყოველთაო მოთმინება და
ამტანობა. ჩვენ ყოველგვარი ტიტულების, წოდებების, დამღებისა და იარლიყების გარეშე
უნდა ვზიდოთ ჩვენი ტვირთი, ჩვენი ადამიანობა, და ყველამ იმდენი – რამდენსაც მოვერევით. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგვშურდეს, თუკი სხვას ჩვენზე მეტის აწევა
შეეძლება. კი არ უნდა შეგვშურდეს, უნდა გაგვიხარდეს, რადგან ვინც მეტს ასწევს, ჩვენს მაგივრადაც, ჩვენი სახელითაც ასწევს. ჩვენში «სხვა» არ არსებობს. ჩვენ ყველანი ერთი პლანეტის მკვიდრნი ვართ, ერთნი ვართ და მარტონი ვართ უსასრულო, ჩვენთვის დღემდე ამოუხსნელ სამყაროში. ჩვენი საერთო სული ერთმანეთშია განაწილებული. ნებისმიერი ჩვენგანი
ყველა დანარჩენისთვის ცოცხლობს და ყველა დანარჩენს უკვდება.
P. S. სამწუხაროდ, ჩემი წერილის ბოლო სიტყვები არ შემიძლია თქვენი მისამართითაც
ვიხმარო. ვერც იმათ შორის გიგულისხმებთ, სიმართლისა და ნათელი აზრის სამსახური
ცხოვრების მიზნად რომ გაუხდიათ, რომელთა ღრმა რწმენით, ყველა ხალხი ერთნაირად იმსახურებს გაგებასა და პატივისცემას.
1989
გაურკვევლობის მარწუხებში
(საერთო პასუხი «ლიტერატურნაია გაზეტას» შეკითხვებზე)
ამ ერთი წლის წინ იძულებული გავხდი ღია წერილით მიმემართა ლენინგრადელი თანამოკალმისთვის, რომელიც «თავის მეგობარ ქართველ მწერლებს» გულგრილობასა და უმოქმედობაში გვდებდა ბრალს და გულწრფელად უკვირდა, როგორც შეგვეძლო პირში წყალჩაგუბებულებს გვეცქირა იმ უმსგავსობებისთვის, რასაც, მისი ღრმა რწმენით, ჩვენივე თანამემამულენი სჩადიოდნენ ჩვენს თვალწინ. მისი მღელვარება, თავისთავად ცხადია, ქართველ
მწერლებსაც გადაგვედო და პირადად მე, შეძლებისდაგვარად, შევეცადე განმემარტა მისთვის, რატომ ხდებოდა, თუკი მართლა ხდებოდა უმსგავსობები ჩვენში და თუკი მართლა
ვდუმდით, რატომ ვდუმდით «მისი მეგობარი ქართველი მწერლები». მაგრამ «ცხელ გულზე»
დაწერილი წერილი, როგორც მოსალოდნელი იყო, არ დაიბეჭდა და, გულწრფელად რომ ვაღიარო, იმხანად მეც ასე ვამჯობინე: ჯერ ერთი, შესაძლებლობა მომეცა შევხვედროდი «გაუგზავნელი წერილის» ადრესატს და სიტყვიერად გადამეცა ჩემი გულისტკივილი; მეორეც ერთი, სრულებითაც არ მიმაჩნია «კარგ ტონად» ღია წერილების ესოდენ ენერგიული, შესაშურად ოპერატიული გაცვლა-გამოცვლა, რაც, ცოტა არ იყოს, იაფფასიან გართობად იქცა ჩვენს
უჩვეულოდ გამოცოცხლებულსა და ხელოვნურად დემოკრატიზებულ პრესაში.
გულგრილობა, უმოქმედობა, მით უფრო მწერლისთვის, რასაკვირველია, სერიოზული
ბრალდებაა, მაგრამ მაშინ, როგორც უკვე ვთქვი, არ ჩავთვალე საჭიროდ, უფრო ფართო აუდიტორიის წინაშეც მემართლებინა თავი და, როგორც ახლა ვხვდები, არ ჩავთვალე ჩემივე
გულუბრყვილობის გამო, რადგან, მიუხედავად ისტორიული გამოცდილებისა, ბოლომდე
მაინც ვერ ვიწამე, ყოველგვარ საზღვარს რომ შეუძლია გადასცილდეს ნებაზე მიშვებული სიყალბე და ცილისწამება. მას შემდეგ არათუ იკლო, კიდევ უფრო იმატა, როგორც უმსგავსო-
ბებმა ჩვენი რესპუბლიკის შიგნით, ისევე ბრალმდებლებმა ჩვენი რესპუბლიკის გარეთ, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მათგანმა წესიერად არც იცის, რაში უნდა დაგვდოს ბრალი.
და მაინც, ალბათ ბევრად აჯობებდა, ბოლომდე შემეკავებინა თავი, საერთოდ არ ამომეღო
ხმა და ამ სამწუხარო, ამ სამარცხვინო სენის «მკურნალობა» (ცილისწამებას ვგულისხმობ)
ისევ დროსთვის დამეცლია, თუმცა დროც საკმარისზე მეტი გავიდა და სათქმელიც საკმარისზე მეტი ითქვა მტყუანისა და მართლის გასარჩევად. მაგრამ სულ უკანასკნელი პუბლიკაციებიც, რომლებსაც ბევრი მეტად ცნობილი პიროვნებაც აწერს ხელს და რომლებშიაც
თითქმის სიტყვასიტყვით მეორდება უკვე ლამის ტრადიციად ქცეული ბრალდება, მხოლოდ
იმის დადასტურებაა, სიმართლე (ვგულისხმობ სიმართლეს საქართველოს შესახებ) ჯერ კიდევ დიდხანს რომ დარჩება გაურკვეველი რუსი ინტელიგენციის ყველაზე მოწინავე ნაწილისთვისაც კი. სამწუხაროდ, ისინიც დეზინფორმაციის ტყვეობაში აღმოჩნდნენ, თუმცა ნებისმიერი დეზინფორმაცია ძირითადად უფრო ფართო წრეებისთვისაა გათვალისწინებული.
ქართველი კაცი ამბობს, არცოდნა არცოდვააო, მაგრამ ეს მიმტევებლური სიბრძნე ამ შემთხვევაში აშკარად არ გამოგვადგება, რადგან პოლიტიკაში საკუთარი სურვილით ჩართული
კაცისგან თუნდაც რაიმე უმნიშვნელო დეტალის არცოდნაც ბოროტების ტოლფასია, მაშინვე
დამნაშავეთა თანამზრახველად აქცევს. ხოლო სიკეთის სახელით მოქმედი ბოროტება გაცილებით ძნელი გასარჩევიცაა და გაცილებით ძნელი მოსარევიც.
თავიდანვე უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი ამჟამინდელი ადრესატების უმრავლესობაც მწერლები, ანდა მწერლობასთან ახლო მდგომი, მწერლობის ბედ-იღბალზე მზრუნველი პიროვნებები არიან, რაც უფლებას მაძლევს, არათუ უფრო მეტად გულახდილი, არამედ უფრო მეტად მომთხოვნიც ვიყო მათ მიმართ. იმედია, არც იმას მიწყენენ, თუკი ყველას ერთად მივმართავ და ყველას ზოგადად მწერლებად მოვიხსენიებ, რამდენადაც არც ისინი გამოირჩევიან ერთმანეთისგან პოზიციისა თუ პათოსის ორიგინალურობით. პირიქით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყოველი მათი განცხადება თუ მომართვა მწერალთა უკანასკნელი ყრილობიდან იღებს სათავეს და, ამდენად, კანონზომიერი გაგრძელებაა იმ «გულწრფელი» და «ობიექტური» ბრალდებისა, ერთ-ერთმა მათგანმა ამ ყრილობაზე რომ წაუყენა ქართველ მწერლებს.
მწერალთა უკანასკნელ ყრილობაზე ქართველმა მწერლებმა დატოვეს სხდომათა დარბაზი.
მოხდა, მაშინდელი თვალსაზრისით, ყოვლად წარმოუდგენელი რამ და იმიტომ კი არა, ქართველი მწერლები მიჩვეულნი რომ არ იყვნენ იქამდე დამცირებასა და აბუჩად აგდებას, არამედ იმიტომ, ამჯერად, რომელიმე ოფიციალური ხელმძღვანელის ნაცვლად, მათმა თანამოკალმემ, წესითა და რიგით, მათი ბედის მოზიარემ რომ მისცა თავს უფლება და შეურაცხყოფა მიაყენა მთელ ქართველ ხალხს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ პირველი მერცხალი
აღმოჩნდა, როგორც მოჩვენებითი სიამტკბილობის დასასრულის, ისევე უსამართლო, უსაფუძვლო სიძულვილის დასაწყისის მაუწყებელი. ასე რომ, საქართველოს თემა თავიდანვე,
ჯერ კიდევ გარდაქმნის დაწყებამდე, არასასიამოვნოდ, გამაღიზიანებლად ჩაერთო უაღრესად რთულსა და ხიფათებით სავსე პროცესებში.
მწერალი არ შეიძლება უპირისპირდებოდეს ვინმეს, მით უფრო – მთელ ხალხს და, ამდენად, მისი ნებისმიერი უკმაყოფილება, საყვედური, გნებავთ, შენიშვნაც – სხვა ხალხის მიმართ გამოთქმული – უმალ პოლიტიკური ზრახვებით იქნება განპირობებული, ვიდრე წმინდა მწერლური მოსაზრებებით. რაც მთავარია, მწერლის «შენიშვნა» გაცილებით სახიფათოა,
ვიდრე, ვთქვათ, პროფესიონალი პოლიტიკოსის გულისწყრომა. მწერალს, პოლიტიკოსთან
შედარებით, უფრო იოლად ენდობიან და უფრო ხალისითაც აჰყვებიან ხოლმე და ამის დადასტურებაა ისიც, თუკი დროთა განმავლობაში კი არ კლებულობს, კიდევ უფრო მატუ-
ლობს ყოვლად უსაფუძვლო, ყოვლად უმსგავსო გამოხდომები იმავე ქართველი ხალხისა და
საერთოდ საქართველოს წინააღმდეგ.
სხვას რა უნდა მოვკითხოთ, თუკი მწერალმაც ვერ აუღო სიმართლეს ალღო. და მართლაც,
პირველი და უმთავრესი, რის გამოც საქართველოს მისამართით გამოთქმული საყვედურები
იწვევს უნდობლობას, რის გამოც ამდენი, თითქოსდა კაცთმოყვარული, მოწოდება ჩვეულებრივ ცინიკურ მოვლენად აღიქმება, ის ფაქტი გახლავთ, სხვა ხალხთა ბედით დაინტერესებული და შეძრული მათი ავტორები საერთოდ არაფერს რომ ამბობენ საკუთარ ხალხზე, რომელიც, ჩემი აზრით, ტრაგედიის მთავარი თუ არა, ერთ-ერთი წამყვანი პერსონაჟი ნამდვილად
არის. რუს ხალხს არათუ უკლებლივ ეკუთვნის ყველა ის ქათინაური, რომელიც აღნიშნულ
პუბლიკაციებში ასე გულუხვადაა გამოთქმული თუნდაც კავკასიელი ხალხების მიმართ,
არამედ, ამ ხალხებისგან განსხვავებით (და ეს არ შეიძლება ვინმემ არ იცოდეს), განუსაზღვრელი როლიც აკისრია ნებისმიერი სიტუაციის შექმნასა და გადაწყვეტაში მთელი საბჭოთა
კავშირის მასშტაბით. ასე რომ, წარმოდგენილ ტრაგედიას აშკარად აკლია ერთი მოქმედი პირი, ურომლისოდაც არაფრით არ მოხერხდება სრული შთაბეჭდილების შექმნა ამ ტრაგედიაზე. ამიტომ ვიდრე ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ, ვერც იმ მიზეზს აღმოვაჩენთ
და გავარკვევთ, რამაც ეს ტრაგედია დაბადა, რასაც თითქოს ყველანი გადამეტებული თვაგამოდებითაც კი დავეძებთ, ოღონდ სულ სხვა ადგილას.
მწერლობა ადამიანისადმი განუსაზღვრელი ნდობაცაა. ზემოთ აღნიშნულ პუბლიკაციათა
პოზიცია კი ჩვენდამი, ქართველებისადმი, უნდობლობის აშკარა გამოხატულებას წარმოადგენს. ამასთანავე, მათი გულისწყრომაც იმდენად არ შეესაბამება სინამდვილეს, იმდენადაა
მოკლებული ყოველგვარ დასაბუთებას, მეტი რომ არ ვთქვათ, გაოცებას ნამდვილად იწვევს,
თუნდაც იმიტომ, უპირველეს ყოვლისა, მწერლობისგან რომ ელოდება ქართველი ხალხი
(და არამარტო ქართველი ხალხი) სიმართლისა და ჭეშმარიტების დადგენას თუ არა, იმ სამარცხვინო მითქმა-მოთქმისა და ჭორიკნობის შეწყვეტას მაინც, რითაც დღესდღეისად ასე
ვართ გატაცებულნი და, გვსურს თუ არა, უმალ ხელს ვუწყობთ, ვიდრე ვაფერხებთ ხალხებს
შორის შუღლისა და მტრობის გაღვივებას. მართლაც, თუ არა მწერლებმა, სხვამ ვინ უნდა
დაიცვას თუნდაც საკუთარი ხალხი სხვათა მიმართ უსაფუძვლო სიძულვილისგან, რაც, პირველ რიგში, რასაკვირველია, მასვე ვნებს: არამარტო სახელს უტეხს, არამედ სულსაც უმძიმებს ზედმეტი, თავსმოხვეული ცოდვით, რომელიც შეიძლება არც კი ჩაედინა თავად, ერის
სულიერ მამებს რომ არ ებიძგათ აქეთკენ.
ახლა, რა თქმა უნდა, უაზრობაა იმაზე ლაპარაკი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, თუკი ისე
არ მოხდებოდა, როგორც მოხდა. ალბათ ყველასთვის ცნობილია, ამ ორასი წლის წინათ, უკიდურესმა გაჭირვებამ რომ გვაიძულა მფარველობის თხოვნა ერთმორწმუნე ქვეყნისთვის და
ალბათ ისიც კარგად მოგეხსენებათ, მთელი ამ ხნის განმავლობაში (ბოლო ორი საუკუნის
მანძილზე) ჩვენსავე «მფარველთან» რომ გვიხდებოდა განუწყვეტლივ ბრძოლა ისტორიული
ტერიტორიის, მშობლიური ენისა თუ სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, რაც მარტო
«მფარველის» ხელში ორჯერ დავკარგეთ, თუმცა ხელშეუხებლობის გარანტიაც, შესაბამისად,
ორჯერ გვქონდა მისგანვე მიღებული. ამიტომ სრულებითაც არ არის გასაკვირი, თუკი დღეს
გაცილებით დალეულნი და დაკნინებულნი გამოვიყურებით რუკაზე, ვიდრე ორი საუკუნით
ადრე, «გადარჩენამდე» გამოვიყურებოდით. და მაინც, არამარტო უკანასკნელი ორასი წლის
მანძილზე, საერთოდ საქართველოს ისტორიაში ვერ დაასახელებთ შემთხვევას ქართველი
ხალხის არაკეთილი განწყობილების დამადასტურებელს მასთან ბედითა თუ უბედობით
დაკავშირებული, რომელიც გნებავთ, ხალხის მიმართ. ამიტომაცაა განსაკუთრებულად შემაშფოთებელი და განსაკუთრებულად საყურადღებო ყველაფერი, რაც დღეს (და არამარტო
დღეს) საქართველოს ამა თუ იმ კუთხეში ხდება. ან ისევ პრიმიტიულ ძალადობასთან გვაქვს
საქმე, ანდა უმადურობის, უსინდისობის, სულმდაბლობის, იუდობის კიდევ ერთ ჩვეულებრივ გამოვლენასთან, რასაც ჩვენ, ღვთის წყალობით, შეჩვეულნი ვართ, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრებისთვის, რამდენადაც შემიძლია მათი წარმოდგენა, თანაბრად დამამდაბლებელი
იქნება, როგორც ერთის, ისევე მეორის გამართლება.
როცა ბოროტება ხდება (სადაც არ უნდა ხდებოდეს ის), გაჩუმება, რასაკვირველია, დანაშაულია, მაგრამ დანაშაულია არამარტო, ვთქვათ, ქართველი მწერლებისთვის, არამედ – საერთოდ, ყველასთვის! ყველაზე დიდი ბოროტება კი სიმართლის უარყოფაა. მწერლები უბრალოდ ვალდებულნიც არიან ნებისმიერი გზითა და საშუალებით ჩასწვდნენ სიმართლეს,
ვიდრე ბრალს დასდებენ ვინმეს. ყოველ შემთხვევაში, სხვაზე მეტის ცოდნა მართებთ ნებისმიერ ბრალდებასთან დაკავშირებით, რამდენადაც ნებისმიერი ბრალდება, სამართლიანიცა
და უსამართლოც, ადამიანიდან მოდის და ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული. მწერალს
თავად ბრალდება კი არ უნდა აინტერესებდეს, არამედ ადამიანი, რომელიც ბრალს სდებს და
რომელსაც ბრალსა სდებენ. ღმერთმა იცის, რომელი მათგანი უფრო უბედურია და რომელს
უფრო სჭირდება ყურადღება. ამის გარკვევაა მთავარი მწერლისთვის, თორემ უმსგავსობისთვის თვალის არიდება და ყურის მოყრუება ნამდვილად რომ მიუტევებელი საქციელია, ეს
საყოველთაო ჭეშმარიტებაა და არც ქართველი მწერლები არიან სხვა აზრისა, ოღონდ მათი
ხმა ან ცილისმწამებელთა ხმაურშია ჩაკარგული, ანდა, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, ვერ
სცილდება რესპუბლიკის ფარგლებს. სამაგიეროდ, ზოგიერთი გულშემატკივრის წარმოდგენა საქართველოსა და ქართველებზე თითქმის მთლიანად ემთხვევა იმავე ცილისმწამებელთა
მიერ შეთხზულ ლეგენდებს, რის შედეგადაც საკავშირო (და არამარტო საკავშირო) მკითხველის თვალწინ სინამდვილის უაღრესად დამახინჯებული სურათი იხატება და ამ სურათის
მიხედვით, დავუშვათ, წიგნის წამბილწავი და სკოლის დამარბეველი, შეიძლება, მამა აბრამის ბატკნად წარმოვიდგინოთ, ხოლო ექიმი, რომელმაც დაჭრილს ზურგი შეაქცია, დაჭრილის ეროვნების გამო – სათნოებისა და გულისხმიერების განსახიერებად. ამიტომაც ზოგიერთი თანამოკალმე, მიუხედავად კეთილშობილური განზრახვისა – იყოს სამართლიანი – უნებურად უსამართლობის სამსახურში დგება, რითაც, შეიძლება ბევრს ვერაფერს აკლებს, მაგრამ ვერც ვერაფერს ჰმატებს სახარბიელოს ზოგადად მწერლის სახელს.
ადამიანის დადანაშაულება ადვილია, ამის მეტი რა ვიცით თუნდაც ჩვენივე ცხოვრებიდან, საამისოდ არც ბევრი დროა საჭირო, მაგრამ ძალზე ძნელია მისი დაცვა და გამართლება,
რაც არ უნდა უდანაშაულო იყოს ის. ძნელია, არამარტო ცხოვრებაში, არამედ წიგნშიც. მაგრამ, კაცმა რომ თქვას, სხვა არც არაფერია ჭეშმარიტი მწერლისა და ინტელიგენტის მოვალეობა. ამიტომ, ვიდრე ვინმეს გავამტყუნებდეთ, ბევრად აჯობებს, თუკი ჯერ საკუთარ სულში
ჩავიხედავთ – უფრო ღრმად, უფრო დაკვირვებით, უფრო გაბედულადაც. მაგრამ სხვათა გამტყუნება მაინც გაცილებით იოლია, ვიდრე საკუთარი, თუნდაც უმნიშვნელო ნაკლის აღიარება. საერთოდ ადამიანია ასეთი – სხვის თვალში ბეწვსაც ამჩნევს, როცა საკუთარში დირეც
ვერ დაუნახავს. გარდა ამისა, სხვათა გამტყუნება შენს გამართლებასაც გულისხმობს. რაკი
სხვას ადანაშაულებ, თავად მართალი ყოფილხარ, როგორ კაცის, ისევე ღმერთის წინაშე. ამის
ბრალიცაა ალბათ, ამ ბოლო დროს ყველანი რატომღაც სხვებისგან რომ მოვითხოვთ მონანიებას. მარტო ჩვენი თავი გვგონია დაჩაგრული და მარტო სხვა გვგონია დამნაშავე. ხოლო, რაც
შეეხება საქართველოს, აქ კიდევ უფრო საინტერესო, დიახაც რომ ჭეშმარიტად უნიკალურ
სიტუაციასთან გვაქვს საქმე: საქართველოსგან არამარტო ჩაუდენელი, არამედ (და ეს არის
სწორედ შემაშფოთებელი), მის მიმართ ჩადენილი დანაშაულების მონანიებასაც მოითხოვენ.
მაგრამ თუკი დანაშაულის სხვისთვის გადაბრალება, ასე თუ ისე, მაინც შეიძლება, ყოვლად
შეუძლებელია, სხვას მოვანანიებინოთ ჩვენი ცოდვები, რაც არ უნდა გამძაფრებული გვქონდეს მწერლური ფანტაზია. მწერალი, უპირველეს ყოვლისა, ადამიანობის მაგალითსა ქმნის
და ეს აიძულებს, ყოველთვის იმის მოლოდინში იყოს, რისიც ყველაზე მეტად ეშინია. ღმერთმა ნუ ქნას, მწერალიც როდისმე მკითხველივით გამბედავი გახდეს, მკითხველი კი – მწერალივით ფრთხილი. მწერლური სიფრთხილე განსაკუთრებული ფენომენია და არაფერი აქვს
საერთო თუნდაც პოლიტიკოსის სიფრთხილესთან. რასაკვირველია, არაფერი აქვს საერთო
სიმხდალესთანაც. პირიქით, ჭეშმარიტი გამბედაობა, რაც ღვთაებრივი სინათლით ავსებს
ჩვენს მიწიერ არსებობას, მწერლური სიფრთხილის ნაყოფია. მწერალი თუ ფრთხილობს,
მხოლოდ იმიტომ ფრთხილობს, ჩვენ რომ არ დავსაჭურისდეთ სულიერად, ჩვენ რომ არ დაგვაშინოს ცხოვრებამ, ანუ არ წამოვეგოთ და სამარცხვინოდ არ ავფართხალდეთ ნებადართული გამბედაობის ანკესზე. ამიტომ, ყველა ჩვენგანს, ვიდრე ვიტყოდეთ, ჯერ გუნებაში უნდა
გვქონდეს მტკიცედ ჩამოყალიბებული, დაკანონებული, გარდაუვლობის დონემდე აყვანილი
ჩვენი ნებისმიერი მოსაზრება, მრწამსი თუ მიზანი, ბრალდებაზე რომ არაფერი ვთქვათ, და
ამავე დროს, აუცილებელია განუწყვეტლივ გვახსოვდეს, რანი ვიყავით გუშინ, დაახლოებით
მაინც უნდა წარმოვიდგინოთ, რანი ვიქნებით ხვალ, თუნდაც იმიტომ, დღეს ნათქვამი ხვალ
სანანებელი რომ არ გაგვიხდეს.
გუშინ არაფრის თქმა არ შეიძლებოდა და თქმას აზრი ჰქონდა, დღეს კი ყველაფრის თქმა
შეიძლება, მაგრამ სათქმელმა დაკარგა აზრი. და იქნებ მართლა აღარ ღირდეს, არათუ ლაპარაკი, არამედ საერთოდ ცხოვრებაც, თუკი ჩემი არსებობაც იმდენად აღიზიანებს ვინმეს, რომ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 10
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.