Latin

ბედნიერი ტანჯული - 14

Total number of words is 3530
Total number of unique words is 1936
27.8 of words are in the 2000 most common words
39.8 of words are in the 5000 most common words
46.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მაინც ანგარიშგასაწევია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უფრო სწორად, როგორადაც საქართველო ესახებოდათ და ესახებათ მის მრავალრიცხოვან, დიდსა თუ პატარა
მტრებს. მრავალეროვნულობის გათვალისწინება, ძალაუნებურად, საკუთარი ეროვნულობის
უარყოფამდე მიგვიყვანს, მით უფრო რომ, მრავალეროვნულობა სრულებითაც არ არის საქართველოს სახელმწიფოს გამოსარჩევი ნიშანი. მრავალეროვნულობაზე მეტად ჩვენი გამოსარჩევი ნიშანი ალბათ სხვათა მაამებლობაა, რაც თავისთავად კარგი თვისებაა, მაგრამ სახიფათოა, როცა სახელმწიფო ინტერესებს არ ემთხვევა. როგორც უნდა მოვინდომოთ, ყველას
გულს მაინც ვერ მოვიგებთ. ამავე დროს, სხვათა მაამებლობა უფრო ადამიანური სისუსტეების გამოხატულებაა, ვიდრე პოლიტიკური პრინციპულობისა თუ მეცნიერული ობიექტურობისა. მოკლედ, ამ სახიფათო და ძნელად მოსარევ სურვილს უნარი შესწევს უხერხულ
მდგომარეობაში ჩააყენოს ნებისმიერი ჩვენგანი _ დღეს უარი გვათქმევინოს იმაზე, რასაც გუშინ ვიცავდით და, პირიქით, დღეს იმის დამცველებად გამოგვიყვანოს, რასაც გუშინ თავგამოდებულნი უარვყოფდით, ანუ, გარემოების შესაფერისად, ხან საერთოდ ეჭვის ქვეშ დავაყენოთ, ვთქვათ, ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობა როგორც ახლო, ისე შორეულ წარსულში, ხან კი, იმავე სახელმწიფოს ფესვები პრეისტორიულ ეპოქებში ვეძებოთ. საქართველოს, რუსეთისგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, არ შეუძლია მხოლოდ თავისი სურვილით,
თავისი ნებით და, თუნდაც მრავალრიცხოვან ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით, ერთბაშად აღადგინოს ის, რაც წინაპრის ძალისხმევითა და განგების ძალით, ჯერ კიდევ მისად ითვლება, ჯერ კიდევ არ გაუსხვისებია შვილთა სიბეცითა თუ შვილობილთა სივერაგით გამწარებულს. ძველის აღდგენა, მით უფრო სხვებზე დამოკიდებული ქვეყნებისგან, ყოველთვის
დიდ ძალისხმევასა და გამბედაობას მოითხოვს. სხვათა შორის, ბაგრატიონთა შეცდომა ის კი
არ არის, რუსეთის მფარველობის ქვეშ რომ შეიყვანეს ქვეყანა, რასაც ხშირად და, გარკვეული
თვალსაზრისით, სამართლიანადაც ვუკიჟინებთ ხოლმე, განსაკუთრებით კი ამ ბოლო დროს,
არამედ – ძველის აღდგენა რომ ვერ გაბედეს, ვერ გაბედეს საქართველოს გაერთიანება ერთ
სახელმწიფოდ, რაზეც საერთოდ არ ვლაპარაკობთ, ან თუ ვლაპარაკობთ, არ ვანიჭებთ თავის
ჭეშმარიტ მნიშვნელობას. რუსეთის მფარველობის ქვეშ შესვლა ამ საბედისწერო შეცდომის
კანონზომიერი შედეგია მხოლოდ, რითაც ჯვარი დაესვა ერთ-ერთი უკეთილშობილესი და
უაღრესად ტრაგიკული სამეფო დინასტიის ლამის ათსაუკუნოვან არსებობას.
და აი, ორასი წლის შემდეგ ისევ იმავე დილემის წინაშე აღმოვჩნდით: ან უნდა აღვადგინოთ ძველი – ანუ, არამარტო გარეგნული ხატი დავიბრუნოთ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოსი, არამედ მტკიცედ და მკაფიოდ მივუთითოთ, თუ რომელ კულტურულ-პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეს განეკუთვნება საქართველო თავისი ისტორიული გზითა და
მსოფლმხედველობით – ან შევქმნათ ახალი სახელმწიფო სიმბოლიკა, რათა მეტნაკლებად
ასატანი გავხადოთ ჩვენი არსებობა იმ ძლიერი სახელმწიფოებისთვის, რომლებსაც, სამწუხაროდ, ძალაც შესწევთ და პრეტენზიაც გააჩნიათ, ერთხელ კიდევ, თავიანთი ინტერესების შესაბამისად, მიგვაღებინონ ესოდენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. და მაინც, მიუხედავად
რეალური სირთულეებისა, გნებავთ, საფრთხისა, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი ხვალინდელი დღის გათვალისწინებითაც, ახალი სახელმწიფო სიმბოლიკის
შექმნას ისევ უკვე არსებულის აღდგენა აჯობებს. სახელმწიფო სიმბოლიკა საუკუნეების მანძილზე იქმნება და როგორც არ უნდა გავზარდოთ კონკურსით გათვალისწინებული ვადები,
მაინც ნაჩქარევად, ძალდატანებით და ხელოვნურად მოხდება ის, რაც სინამდვილეში, ბუნების მოვლენასავით, თითქოს თავისთავად ხდება. ღმერთმა ქნას, მკვდრეთით აღმდგარმა
ქართულმა სახელმწიფომ განვითარების ისეთ სიმაღლეებს მიაღწიოს, აუცილებელიც გახდეს გაზრდა და გამდიდრება უკვე არსებული სიმბოლოებისა, რომლებსაც, ისტორიული
უსამართლობისა თუ ბედის უკუღმართობის მიუხედავად, მაინც შეუბღალავად, მაინც თავდაპირველი ბრწყინვალებით მოუღწევიათ ჩვენამდე და, რაც მთავარია, ჯერ კიდევ შესწევთ
უნარი, უკეთ წარმოგვაჩინონ სხვათა თვალში.
სახელმწიფო სიმბოლოები, უპირველეს ყოვლისა, იმის რწმენას გვიღვივებენ, ჩვენც რომ
აუცილებელნი ვართ ვიღაცისთვის მაინც, ხოლო ის ვიღაცა, არც მეტი და არც ნაკლები, ჩვენი
სამშობლოა – აღთქმული ქვეყანა – სადაც განგებამ განგვაწესა ადამიანური მოვალეობების
აღსასრულებლად. სახელმწიფო სიმბოლოები, ამავე დროს, ორიენტირებადაც აღიქმება ამქვეყნიური განურჩევლობის, გულგრილობისა თუ დაუნდობლობის ოკეანეში. ისინი წარმართავენ ჩვენს სულიერ მისწრაფებებსა თუ ზნეობრივ მიდრეკილებებს. უფრო მარტივად რომ
ვთქვათ, ჩვენთვის გასაგებ ენაზე განგვიმარტავენ, თუ რატომ ვარსებობთ საერთოდ, რა გვევალება, რას უნდა ვემსახუროთ და, ბოლოს და ბოლოს, რას უნდა შევეწიროთ, რის საფასურად. აქედან გამომდინარე, უბრალოდ გაუგებარიცაა, რატომ უნდა შექმნას ქვეყანამ სახელმწიფო სიმბოლოები ხელახლა, თუკი ამ სიმბოლოებით ერთხელ უკვე უცხოვრია და გაცილებით უკეთესადაც, ვიდრე უიმათოდ ცხოვრობს. ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი იგივე
საქართველოს სახელმწიფო გერბია; დავით აღმაშენებლის დროშა, რომელსაც უცხოური წყაროებიც მოიხსენიებენ, იგივე საქართველოს სახელმწიფო დროშაა და, რაც მთავარია, დღესაც
მხოლოდ უკეთეს გრძნობებს აღვიძებს ყველა ჭეშმარიტი ქართველის გულში – ეროვნულ
ღირსებასა და სიამაყეს. ხოლო, თუკი მაინცდამაინც გვინდა «მრავალეროვნულობის» გათვალისწინება, მაშინ ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ ეს დროშა აღიქმებოდა საკუთარი ადამიანური ცხოვრების გარანტად საქართველოში სხვადასხვა დროს შემოხიზნულთა მიერ. რაც შეეხება ჰიმნს, რასაკვირველია, ისიც უსათუოდ გვექნებოდა – საქართველოს შეიძლება ჰიმნების ქვეყანა ეწოდოს – მაგრამ დღეს ნამდვილად ძნელი დასადგენია, რომელი მათგანი როდის ასრულებდა ამ საპატიო დანიშნულებას, რომელ მათგანს მღეროდა საქართველოს
მოსახლეობა უფრო თავისუფლად და უფრო მეტი სიამაყით. გერბისა და დროშის მსგავსად,
ჰიმნიც თანდათანობით, საუკუნეთა მანძილზე მკვიდრდება ხალხის ფსიქიკაში. ყოველი თა-
ობა დედის რძესთან ერთად იწოვს მის ტექსტსაც და მელოდიასაც და, ამიტომაც, ჩვენგან
განსხვავებით, ყოველთვის სიამოვნებით მღერის, თუკი ამის საშუალება ეძლევა. ასე რომ,
თუკი რამე უნდა შეიქმნას ხელახლა, ალბათ – ჰიმნი. ჰიმნი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხალხის შინაგანი პორტრეტია, საზეიმო აქტია მისი ყველაზე სანუკვარი ნატვრისა თუ ოცნების
გამხელისა და ჩვენც ამ დიადი აქტის მონაწილენი ვხდებით სიტყვისა და მელოდიის ბუნებრივი, ძალდაუტანებელი, უფრო მეტიც, ღვთაებრივი შეუღლების წყალობით. სიტყვა ბადებს
მელოდიას, რათა მელოდიამ ხელახლა დაბადოს ისიც, ახლა უკვე ფიცად, ლოცვად, რწმენად
თუ იმედად გარდაქმნილი. ეს, რა თქმა უნდა, ბედნიერი შემთხვევაა და სულერთია, როგორ
მიიღწევა ამგვარი შეუღლება – ღია კონკურსებით, როცა ყველა ერთნაირად უფლებამოსილია სცადოს ბედი, თუ სახელმწიფო დაკვეთით, როცა წინასწარ ვუცხადებთ ნდობას ჩვენი
გემოვნებისა და პოზიციის შესაბამისად შერჩეულ პოეტსა და კომპოზიტორს. ხალხი ან მღერის, ან არ მღერის უიმისოდ შექმნილ ჰიმნს და ამით ამოიწურება მთელი მისი როლი ამ სახელმწიფოებრივ ღონისძიებაში. მაგრამ აუცილებელია, გარკვეული დროის მანძილზე, ეს
ახალი ნაწარმოები (კონცერტების, რადიო- თუ ტელეგადაცემების მეშვეობით) განუწყვეტლივ ახდენდეს ზემოქმედებას მის ფსიქიკაზე, რათა არამარტო ტექსტი და მოტივი დაიმახსოვროს ახალი ჰიმნისა, არამედ შეისისხლხორცოს და გააცნობიეროს კიდეც, როგორც საერთო-სახელმწიფოებრივი ფენომენი და, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება მისთვისაც მოულოდნელად, თანამზრახველად გაეღვიძოს თანამზრახველთა შორის.
1997
გაურკვევლობის ბურუსიდან მშობლიურ წიაღში
(საერთო პასუხი გაზეთ «ქომაგის» კორესპონდენტ ივანე
ამირხანაშვილის შეკითხვებზე)
რაკი ჯერ კიდევ გვახსოვს, ვინ ვართ, რატომ ვიბადებით და რატომ გვინდა სიკვდილი მაინცდამაინც ამ მიწაზე, ყველაფერი არ დაგვიკარგავს. მტერი ნამდვილად ვერ მოგვრევია. მაგრამ, სამწუხაროდ, მტრის შიში აშკარად გამჯდარი გვაქვს ძვალ-რბილში და თუ წაგვახდინა,
იმან წაგვახდინა თანდათანობით – გაგვაეშმაკა, ტყუილს მიგვაჩვია და ჩვენც, პირველ რიგში,
თავს ვიტყუებთ, უფრო სწორად, დამამშვიდებელი ტყუილი («გავიმარჯვებთ», გავმდიდრდებით», «გავმრავლდებით») გვირჩევნია ყოველდღიური მწარე სიმართლის მოსმენას.
ამ სავალალო გულგრილობის დანერგვაში, რასაკვირველია, გარკვეული წვლილი ჩვენც
მიგვიძღვის, რესპონდენტებსაც და კორესპონდენტებსაც. ჩვენი გაუთავებელი სჯა-ბაასებით,
ინტერვიუებით, ღია ბარათებით, გამოსვლებით, კინკლაობებით, სინამდვილეში კი, ერთისა
და იმავეს გამეორებებით, ჩვენდა უნებურად, სიფხიზლის გრძნობა მოვუდუნეთ და აღქმის
უნარი დავუჩლუნგეთ ჩვენს მსმენელსა თუ მკითხველს. ჩვენ, არათუ წლების, საუკუნეების
მანძილზე მიგვაჩვიეს არაბუნებრივის ბუნებრივად და დაუშვებლის დასაშვებად აღქმას. რაც
მთავარია, მიგვაჩვიეს ჩვენს წინააღმდეგ წინასწარ ჩაფიქრებულისა და ხანგრძლივი დროის
მანძილზე საიდუმლოდ განხორციელებულისთვის საბედისწერო შეცდომისა თუ გარდუვალი გაუგებრობის იარლიყის მიწებებას.
მაგრამ ცხოვრება იცვლება და იცვლება ჩვენი დამოკიდებულებაც ცხოვრებისეულ პროცესებთან, საერთოდ ყველაფერთან, რითაც ჩვენი დღევანდელობაა ამოვსებული, ოჯახური
წვრილმანით დაწყებული და საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენით დამთავრებული.
გამეორება ცოდნის დედააო, მაგრამ შეიძლება უცოდინრობის დედადაც იქცეს, თუ უშეცდომოდ არ გვეცოდინება ყოველთვის, რას ვიმეორებთ და რისთვის. ნებისმიერი სიტყვა ხშირი გამეორების შემდეგ აზრს კარგავს. წყლის ჩვეულებრივ წვეთს, თუკი განუწყვეტლივ და
მეთოდურად დაეცემა ერთსა და იმავე ადგილზე, შეუძლია ქვა გახვრიტოს. ასევე ადვილი
შესაძლებელია, ხშირი გამეორების შედეგად, ერთ მშვენიერ დღეს ისიც ირწმუნოს კაცმა,
ვთქვათ, ერთიანი და ძლიერი საქართველო მართლა რომ ახატია გულზე ვინმეს. თქვენ კი
მეკითხებით, როგორ მოხდა თქვენი გადასვლა პოეზიიდან პროზაშიო. პირადად მე ამ შეკითხვაში ვერაფერს ვხედავ აქტუალურსა და საინტერესოს, მით უფრო რომ, ჩემი აზრით,
უკვე გაცემული მაქვს პასუხი მსგავს შეკითხვებზე. მაგრამ ვიდრე ერთხელ კიდევ გიპასუხებთ, თქვენი ნებართვით, ჯერ მწერლის ეგრეთ წოდებულ «დუმილსა» და «გვერდზე დგომასთან» დაკავშირებით ვიტყვი ორ სიტყვას.
სხვათა შორის, ეს თემა გაცხოველებულ ინტერესსა და არასწორ, არასამართლიან გულისწყრომას იწვევს ჩვენს ახალგაზრდა ჟურნალისტებში, რომლებსაც, ჩემი დაკვირვებით, თავად მწერალთან გასაუბრების პროცესი უფრო აღელვებთ, ვიდრე მწერლის ნათქვამის აზრობრივი თუ ზნეობრივი მხარე. თქვენამდეც ბევრმა მომმართა ამ შეკითხვით, მაგრამ, ჩემდა
სამარცხვინოდ, ვერც ერთს ვერ ვუპასუხე და ვერ ვუპასუხე სწორედ ჩემი განსხვავებული
თვალსაზრისის გამო. ჩემი თვალსაზრისით, მწერალი ლაპარაკით კი არ არღვევს დუმილს,
არამედ წერით. ოფიციალური განცხადებებით კი არ განსაზღვრავს თავის ადგილს მწერლობაში, არამედ საკუთარი ნაწარმოებებით. რასაკვირველია, არც ლაპარაკი აუკრძალავს მისთვის ვინმეს, მაგრამ ლაპარაკი სხვა ჟანრია, სხვა «ოპერაა», და ამისთვის კიდევ სხვა, განსაკუთრებული ნიჭია საჭირო. და მაინც, თუკი რომელიმე მწერლის ხმა გარკვეულ ეტაპზე დუმილად აღიქმება, ეს კონკრეტულად ამ მწერლის «დანაშაულია» და არა მთლიანად ქართული
მწერლობისა. ან მართლა ვერაფერს ამბობს საინტერესოსა და დასამახსოვრებელს, ან იმას არ
ამბობს, რისი გაგონებაც ჩვენ გვინდა. ნებისმიერი საზოგადოება ნებისმიერ ეპოქაში თავს
უფლებამოსილად თვლის, გარკვეული პრეტენზია წაუყენოს ნებისმიერ მწერალს, ანუ იმისი
თქმა ანდა ჩადენა დაავალოს, რის სათქმელად და ჩასადენად მწერალს ძალა არ ყოფნის, თავად კი (საზოგადოებას) იმავეს თქმა და ჩადენა სახიფათოდ მიაჩნია, პირველ რიგში, თავისთვის. საზოგადოებისთვის (განსაკუთრებით, ჩვენნაირი საზოგადოებისთვის) ყოველი კონკრეტული მწერალი საერთოდ მწერლობის განსახიერებაა და პირიქით. სინამდვილეში, რა
თქმა უნდა, ასე არ არის. მართალია, მწერლობა მწერლებისგან შედგება, მაგრამ არც ერთ მწერალს არ ძალუძს მთელი მწერლობის მაგივრობის გაწევა. რასაკვირველია, თავად აზრადაც
არ მოუვა ასეთი რამ. მას გაცილებით მოკრძალებული წარმოდგენა აქვს საკუთარ შესაძლებლობებზე. მაგრამ, ჩემი აზრით, არ ყოფილა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მწერალი, შეძლებისდაგვარად (ხშირად, უნებლიედაც), არ გამოხმაურებოდეს საერთო, საქვეყნო სატკივარს...
ამიტომ, ყოვლად შეუძლებელია, ზუსტად განსაზღვროს ვინმემ, რა იგულისხმება მწერლის
«დუმილსა» და «გვერდზე დგომაში», ანუ, რას უნდა ამბობდეს და როდის როგორ უნდა იქცეოდეს მწერალი, რათა ყველასთვის ერთნაირად გასაგები გახდეს. ეს ყოვლად გაუმართლებელი და ყოვლად უსაფუძვლო პრეტენზიაა მწერლის მიმართ გამოთქმული. მაგრამ კარგად
თუ ჩავუკვირდებით, ეს პრეტენზიაც მწერლისადმი ფარული თუ ბოლომდე გაუცნობიერებელი ნდობითა და სიყვარულითაა აღძრული – ფიზიკური დაუცველობისა და სულიერი სიღატაკის შეგრძნება აიძულებს ადამიანს, ბრმად, ალალბედზე ეძებოს ქომაგი, რომელსაც ამ
შემთხვევაში მწერალი წარმოადგენს მისთვის, ანუ ამ შემაწუხებელი შეგრძნებებით დაბნეული ადამიანი, მართალია, ალალბედზე, მაგრამ ზუსტად იმ კარზე აკაკუნებს, რომლის იქითაც მისი მარადიული ქომაგი, ანუ მწერალი «დუმს».
ახლა, რაც შეეხება ჩემს გადასვლას პოეზიიდან პროზაში. ამ საკითხთან დაკავშირებით
ერთხელ ისიც კი ვთქვი, ეტყობა, ჩემმა მკითხველმა ჩემზე მეტად განიცადა ეს ამბავი მეთქი
და ალბათ მართლაც ასეა, რაკი აქამდე არ გაჰქრობია ინტერესი. ჩემთვის კი განსაკუთრებული და, რაც მთავარია, უჩვეულო არაფერი მომხდარა. ასე რომ, «შინაგან გრადაციებზე» ან
«გამოუვალი მდგომარეობით გამოწვეულ იძულებებზე» ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, სალონურ
კოპწიობად მიმაჩნია.
«პოეტურ სიტყვაში», თუკი სწორად მესმის თქვენი ტერმინი, ნებისმიერი სათქმელი ეტევა.
უფრო სწორად, პოეზიისა და პროზის ენა ერთი და იგივეა. ყოველ შემთხვევაში თავად მწერლისთვის ასეა. სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთი და იმავე ენით იწერება ლექსიც და რომანიც.
მე არ ვიცი და ალბათ ვერც ვერასოდეს გავიგებ, რის საფუძველზე ასხვავებენ ლიტერატორები, გნებავთ, ენათმეცნიერები ლექსისა და პროზის ენას. მაგრამ ვისაც ყოველგვარი წინასწარ
მიღებული თეორიული «განათლების» გარეშე დაუწერია ლექსიცა და რომანიც, უყოყმანოდ
დამეთანხმება, რომ მათ შორის სხვაობის ძებნა ფუჭი შრომაა. პოეტური ნაწარმოები პროზაულისგან ენობრივად კი არ განსხვავდება, არამედ ჟანრობრივად. ჟანრსა აქვს თავისი სპეციფიკური ნიშან-თვისებები. პოეზია, ჩემი თვალსაზრისით, უფრო ფრინველია, პროზა კი, უფრო ცხოველი. პოეზია, თუ შეიძლება ასე ითქვას, გლუვი, თბილი, ლამაზი კვერცხიდან იჩეკება, პროზა კი საშოდან იბადება. მათი შექმნისა და ამქვეყნად მოვლინების პროცესები განსხვავდება მხოლოდ, თორემ ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ანუ მკითხველებისთვის, ერთნაირად გასაგებია ანდა ერთნაირად გაუგებარია, როგორც ერთის, ისე მეორის ენა. მე, თქვენგან
განსხვავებით, «პოეტურ სიტყვასა» და «პროზის ენას» კი არა, საერთოდ ხელოვნების ნებისმიერი ნაწარმოების პოეტურობას გავუსვამდი ხაზს, რამდენადაც პოეტურობის, ანუ, განსაკუთრებული სულიერი წყობის, სამყაროსადმი განსაკუთრებულად სულიერი თუ სულისმიერი კავშირის გარეშე, ხელოვნების ნებისმიერი ნიმუში, ლექსი იქნება თუ რომანი, ნახატი
თუ მუსიკალური მელოდია, ერთნაირად უსიცოცხლოა და ღატაკი. რაც უფრო მაღალია პოეტური კოეფიციენტი ამა თუ იმ შემოქმედში, მით უფრო ძლიერია მისი ნამოღვაწარის ზემოქმედების უნარი და მით უფრო ფართოა მისი სულისკვეთების ასპარეზი...
ვიღაცას უთქვამს, სიტყვები მიფრინავენ, ნაწერი რჩებაო. მაგრამ სიტყვები არსად არ მიფრინავენ. უფრო სწორად, როგორც მიფრინავენ, ისევე მოფრინავენ უკანვე. მიდიან და მოდიან, დღე-ღამისა და წელიწადის დროების მსგავსად, რის შედეგადაც ნაწერს ნაწერი ემატება
და იქმნება თხუთმეტსაუკუნოვანი დიდი ქართული მწერლობა, ჩვენი სიმდიდრე და სიამაყე, ყველაზე ეროვნული ფენომენი, პასპორტი ჩვენი ეროვნულობისა, და რაოდენ გულსაკლავია, რომ სწორედ დღეს, საქართველოს ხელმეორედ დაბადების ჟამს, ჩვენი საზოგადოება ასე
ნიჰილისტურადაა განწყობილი მშობლიური ლიტერატურის მიმართ. სხვათა შორის, «რუსეთის საქართველომ», «თურქეთის საქართველოსგან» განსხვავებით, იმიტომაც შეინარჩუნა
თავისი ენა და მეობა, მწერლობა რომ ჰყავდა ყოველთვის. რუსეთმა, თურქეთისგან განსხვავებით, ვერ მიაქცია სათანადო ყურადღება მწერლური პოტენციალის აღმოფხვრას თავის
«კუთვნილ» საქართველოში, თუმცა, კაცმა რომ თქვას, თითქმის ყველაფერი იღონა საამისოდ. ასე რომ, როცა აუგს ვამბობთ ჩვენს მწერლობაზე, პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რა
პირობებში იქმნებოდა ის და რა არაადამიანური დაბრკოლებების გადალახვა უხდებოდა,
ერთი წამით მაინც რომ დანახვებოდა მზეს.
თუ არ მიწყენთ, არც თქვენი მომდევნო შეკითხვა მიმაჩნია «აქტუალურად», რასაკვირველია, ისევ ჩვენი დღევანდელი ყოფიდან გამომდინარე. უფრო სწორად, გაუგებარია ამ შეკითხვის პათოსი – უნდა დავაკნინოთ საერთოდ მწერლის როლი, თუ პირიქით, ხელახლა
ავუხსნათ, განვუმარტოთ დაბნეულ მოსახლეობას, არასოდეს რომ არ ჰყოლია და არც ეყოლება მწერლობაზე უკეთესი მრჩეველი და თანამდგომი. ასევე გაუგებარია ჩემთვის, რომელ
მწერლებს გულისხმობთ, როცა მომთხოვნელობას, პატივმოყვარეობას, ამბიციურობას, «პოლიტიკურ ანგარიშს» (ალბათ ანგარიშსწორებას) და კეთილგონიერების დეფიციტს ახსენებთ.
ამ თემაზე ლაპარაკი მეტად სახიფათოა და, ისევ და ისევ, მწერლობისთვის. საბჭოთა იდეოლოგიამ ყველაფერი იღონა, ასე დაბნეულნი რომ აღმოვჩენილიყავით დღეს ელემენტარული
ჭეშმარიტებების წინაშე. პირადად მე არა მგონია, ნამდვილ ქართველ მწერალს დღეს კი არა,
თუნდაც როდისმე მოეთხოვოს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება. ასევე არასოდეს გამიგია, დაეჩემებინოს, გინდათ თუ არა, ჩემი სიტყვა გამოაცხადეთ ჭეშმარიტების
უმაღლეს ინსტანციადო. თქვენ სრულიად სხვა ჯურის ხალხი გყავთ მხედველობაში, სწორედ ისინი, ვინც საბჭოთა იდეოლოგიამ შექმნა მწერლობასთან დასაპირისპირებლად და
რომლებიც დღესაც მრავლად მოიპოვებიან ჩვენს შორის.
კომუნისტებმა ავტორიტეტი კი არ შეუქმნეს მწერალს, როგორც თქვენ ამბობთ, მწერლის
ავტორიტეტის მითვისება სცადეს. სცადეს თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ მწერლის
ავტორიტეტი, რომლის შექმნაც მხოლოდ და მხოლოდ თავად მწერალს შეუძლია – ვერც მიანიჭებ და, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოა ალბათ თქვენთვისაც, ვერც წაართმევ. უფრო მეტიც,
მწერალი შეიძლება მოკლა (როგორც ილია ჭავჭავაძე მოკლეს), მაგრამ მის ავტორიტეტს ვერაფერს დააკლებ. პირიქით, კიდევ უფრო გაზრდი, შენდა უნებურად და შენდა ჭირად.
კომუნისტებმა, რასაკვირველია, ესეც კარგად იცოდნენ, ამ სფეროშიც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდათ მიღებული და ამიტომაც ცდილობდნენ ყველანაირად მწერლების გვერდით დაყენებას, მაინცდამაინც, მწერლების, რადგან მწერალი არც კინოვარსკვლავია და არც ქურუმი, ესე იგი, არც წამიერი დიდებისთვის იკლავს თავს და არც დღესვე
აპირებს თავისი მრევლის გათვითცნობიერებას. რასაც დღეს ქმნის, ხვალისთვისაა გამიზნული (ისევ ილია ჭავჭავაძის მაგალითიც კმარა ამის დასადასტურებლად). მაგრამ ხელისუფლების გვერდით დგომა რაკი ყველა მწერალმა არ ჩათვალა დიდ პატივად (თუმცა, ჩვენში
რომ ვთქვათ, უმრავლესობას მხოლოდ ხელისუფლებისგან დაფასებული მწერალი მიაჩნია
ნამდვილ მწერლად), ხელისუფლებაც (ამ შემთხვევაში, კომუნისტები) იძულებული გახდა
შეექმნა მწერლის ახალი სახეობა – დამჯერე მწერალი – რომელიც ლექსად და პროზად დაწერილი ერთგულების ფიცის სანაცვლოდ, დიახაც რომ სახელმწიფო მოხელის უფლებამოსილებითა და ავტორიტეტით სარგებლობდა უბრალო, უწიგნურ ხალხში. ამდენად, თქვენგან
განსხვავებით, ქართველ მწერლებს (ნამდვილ ქართველ მწერლებს) ვერც პატივმოყვარეობაში დავდებ ბრალს, ვერც მომთხოვნელობაში. ბევრნი არიან ისინი თუ ცოტანი, უხმაუროდ
და უპრეტენზიოდ აკეთებენ თავიანთ საქმეს, განსხვავებით იმ მწერლებისგან, ანუ, მწერლის
ახალი სახეობის იმ წარმომადგენლებისგან, რომლებმაც თავიდანვე ხელისუფლების გვერდით დგომა არჩიეს, რაკი თავიდანვე ამ მიზნით იყვნენ შექმნილნი.
ასე რომ, კი გეკამათებით, მაგრამ სხვანაირად ნამდვილად გამიჭირდება აზრის უფრო
ნათლად გამოთქმა. სხვანაირად ვერც ჭეშმარიტებას დავადგენთ. არადა, როგორც ვატყობ,
საკმაოდ განსხვავებული აზრი გვაქვს მწერლობის როლზეც და დანიშნულებაზეც.
როგორც არ უნდა გვეჩოთირებოდეს, როგორც არ უნდა გვიჭირდეს ამის აღიარება, ჩემი
ღრმა რწმენით, ქართული ეროვნული მოძრაობა ყაზბეგის პატარა, ფოთლისხელა მოთხრობიდან იღებს სათავეს და არა, ვთქვათ, გუშინდელ თუ გუშინწინდელ მომიტინგეთა მოწოდებებიდან თუ პროკლამაციებიდან. ყაზბეგი რომ გვყავდა, იმიტომ ვწერდით გუშინ პროკლამაციებს და იმიტომ მოვუწოდებდით ხალხს თავისუფლებისკენ. სხვათა შორის, არამარტო
დღეს, არამედ მთელი საუკუნის მანძილზე და ნებისმიერი სტატუსის ხელისუფლება ერთნაირად ცდილობდა დაემალა ქართველი მკითხველისთვის იმ რუსი ჯარისკაცების წამოწითლებული სახეები, ყაზბეგის მოთხრობაში ქვრივოხრის მბჟუტავ კერას რომ ეფიცხებიან და
ხელების ფშვნეტით ემზადებიან «აღთქმული» ქვეყნის მოსახილველად – კაცის დასაკნინებლად, ქალის გასაბახებლად, მოხუცის აბუჩად ასაგდებად და ბავშვის გასარყვნელად. იმ საზარელი ღამიდან მოყოლებული არისხებს ქართული მწერლობა განგაშის ზარს და, კაცმა
რომ თქვას, გამგებს ესმის კიდეც. რაც მთავარია, გამგებში მარტო მტერი არ იგულისხმება.
ჩვენიანსაც ესმის. ეს კი ბევრის მთქმელია. ახალგაზრდობა, რომელიც ოთხმოციანი წლების
«გარდაქმნებს» შეეწირა საქართველოში, მშობლიური ლიტერატურით იყო გაზრდილი და,
რაც კიდევ უფრო აღსანიშნავია, მათი უმრავლესობა ლექსებს წერდა... დიახ, ნამდვილად არსებობს კეთილგონიერების დეფიციტი დღევანდელ საქართველოში, პოლიტიკური ანგარიშსწორების მაგალითებიც უხვად მოგვეპოვება, მაგრამ პირადად მე, მიუხედავად თქვენი კატეგორიულობისა, ნამდვილად გამიჭირდება თუნდაც ერთი ჭეშმარიტი შემოქმედის (არა მარტო მწერლობაში) დასახელება, რომელიც თავისი ამბიციურობით გამოირჩეოდეს... ეტყობა,
თქვენზე უფრო ბრმა ვარ, ანდა, შეიძლება, თქვენზე უკეთ ვიცნობ იმ სამყაროს, რომელსაც
დღეს ყველანი ერთნაირად «მწერლობას» ვეძახით და ვისაც რა გვსურს, იმას ვგულისხმობთ
ამ მართლაც მრავლისმომცველ სიტყვაში. რასაკვირველია, სხვა რესპუბლიკების მსგავსად,
საბჭოთა ხელისუფლებამ ჩვენშიც შექმნა იდეოლოგიური კონიუნქტურის დამცველ მწერალთა მთელი არმია, მაგრამ ჩვენ იმათი გამოცალკევება და მხილება კი არ დავისახეთ, რატომღაც, მიზნად, არამედ, თითქოს დიდი ხნის სანატრელი აგვისრულდაო, თითქოს კარგი შემთხვევა მოგვეცაო, იმათთან ერთად ნამდვილი ქართული მწერლობაც მოვისროლეთ სანაგვეზე... იოლი გზა ავირჩიეთ. რასაკვირველია, გაცილებით ძნელია, კარგს კარგი დაარქვა და
ცუდს – ცუდი.
მაგრამ ჩვენ მაინც განსაკუთრებულად ლიტერატურულ ტრადიციებზე გაზრდილი ხალხი
ვართ და რუსთაველის, გურამიშვილის, ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟა-ფშაველასა და
გალაკტიონის ქვეყანაში მარტო გამოუსწორებელ ბრიყვს ანდა სულიან-ხორციანა გაყიდულ
გარეწარს თუ გაახარებს ქართველი მწერლის ავტორიტეტის იგნორირება, დაკნინება და გაუფასურება იმისა, რის გამოც მტრებსაც უჭირთ ჩვენი ერთხელ და სამუდამოდ ჩაყლაპვა...
ამ რამდენიმე წლის წინ ერთმა ჟურნალისტმა დაუფარავი კმაყოფილებით მითხრა: მწერლობა კი განთავისუფლდა გარკვეული პოლიტიკური ჩარჩოებიდან, მაგრამ ლიტერატურის
დონე დადაბლდაო. შეიძლება ასეცაა. თუმცა მე სულ სხვა აზრი მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით და, გულწრფელად რომ ვთქვა, წესიერად არც ვიცი, რომელ «გარკვეულ» ჩარჩოებზეა
ლაპარაკი, რამდენადაც, ჯერჯერობით, მწერლობა კი არ თავისუფლდება გარკვეული ჩარჩოებიდან, არამედ გარკვეული ჩარჩოები – მწერლობისგან. მწერლობის ფუნქცია, უფრო სწორად კი, დანიშნულება, საბედნიეროდ, უცვლელია ნებისმიერ ჩარჩოში და ვერანაირი ცხოვრებისეული ცვლილებები ვერ ახდენენ მასზე რაიმე სერიოზულ ზემოქმედებას. რასაკვირველია, დღესაც ასეა. წიგნი კი არ კარგავს მკითხველს, მკითხველი კარგავს წიგნს, რაც გაცილებით საგანგაშო მოვლენაა. მკითხველი ღარიბდება და არა წიგნი. წიგნი კი არ გვასწავლის –
გვზრდის. უმალ მაგალითს გვაძლევს, ვიდრე რეცეპტს. კი არ გვმოძღვრავს, ჩვენსავე თავგა-
დასავალს გვიყვება. კი არ გვაქეზებს – გვამხნევებს. კი არ მოგვიწოდებს – ფიქრს გვაჩვევს.
ხოლო, «გარკვეული პოლიტიკური ჩარჩოები» მწერლობას კი არ უშლის ხელს თავისი დანიშნულების შესრულებაში, არამედ იმ ჩარჩოების შემკვეთებს. მწერლობა კი არა, ისინი იცვლებიან დროის შესაბამისად და, თავისთავად ცხადია, შესაბამისად ცვლიან «ჩარჩოებსაც». რაც
მთავარია, «გარკვეული ჩარჩოებიდან» გამოსვლის შემდეგ მწერლობის დონე კი არ დაქვეითდა, როგორც ზემოთ ნახსენებ ჟურნალისტს ჰგონია, არამედ შეიცვალა მწერლობისადმი დამოკიდებულება. მწერლობის დონე, შეიძლება, ერთმა მწერალმა ასწიოს, მაგრამ უწიგნურსა
და უკულტურო მასას საუკუნეები სჭირდება, ხელახლა რომ შეისწავლოს ანბანი...
მე მგონი, ჯერჯერობით, ასე ტრაგიკულად არ უნდა იყოს ჩვენი საქმე – უბრალოდ, როგორც უკვე ვთქვით, ჩარჩოს პატრონმა, ცხოვრების შესაბამისად გარდაქმნილმა, დღესდღეისად მისთვის «მიუღებელი» სურათი კუთხეში მოისროლა. ხოლო ჩარჩოს მოულოდნელმა სიცარიელემ ყველანი იმდენად აგვაფორიაქა, ვისაც როგორ შეგვიძლია, ისე ვცდილობთ მის
ამოვსებას. ჩვენი განზრახვა კეთილშობილურია, მაგრამ მარტო განზრახვა საკმარისი არ
არის. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ წესი, მეთოდი, ხერხი, საშუალება სიცარიელის
ამოვსებისა. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ამის ნიჭით უნდა ვიყოთ დაჯილდოვებულნი
განგებისგან. ამიტომ დავაცადოთ და ხელი შევუწყოთ იმას, ვინც მხოლოდ ეს იცის, ანუ სწორედ ამისთვისაა მოვლენილი ამქვეყნად. დამერწმუნეთ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. ჩვენ კი პირიქით ვიქცევით, პირველ რიგში მწერლობას ვუპირისპირდებით და ამით
კიდევ უფრო ვაჩქარებთ ჩვენი გადაგვარების, გნებავთ, გაპირუტყვების პროცესს...
გარკვეული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ხელოვნების მსახურნიც ცოდავენ. სამწუხაროდ, ყველას ერთნაირად არა გვაქვს გაცნობიერებული, თუ რა დიდ, დაუნდობელ, სამკვდრო-სასიცოცხლო ომში ვართ ჩართულნი და, ღმერთმა იცის, როგორ დამთავრდება ეს
ომი. ოპტიმისტი პოლიტიკოსების თქმით, ისე დამთავრდება, «როგორც გვეკადრება», ესე
იგი, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ; მაგრამ ადვილი შესაძლებელია ისე დამთავრდეს, როგორც ვიმსახურებთ, თუნდაც ჩვენი სიბეცისა და გულარხეინობის გამო. პირად
კეთილდღეობაზე ფიქრი, მეტი რომ არ ვთქვათ, დღეს უხერხულია. უხერხულია მხოლოდ ამ
მიზნით სამშობლოს მიტოვება, მით უფრო ხელოვანი კაცისთვის, რომელიც თავისი ინტელექტუალური დონით, რასაკვირველია, ბევრად მაღლა დგას რიგით მოქალაქეზე, რომელიც
მომავლის შიშით წარსულს მისტირის და, წარსულით გაწბილებული ბრმად ეპოტინება მომავალს. ამით იმის თქმა მინდა, რიგითი მოქალაქე ახლაც უფრო მშვიდად რომ გაუსწორებდა
დაუნდობელ რეალობას თვალს, თუკი დღესაც გვერდით დაიგულებდა იმას, ვისი სახელითაც გუშინ თავი მოსწონდა, ვინც, რაც თავი ახსოვს, ეიმედება და ეამაყება... ასეთმა რიგითმა
მოქალაქეებმა გვასწავლეს დაკვრაც, სიმღერაც, ცეკვაც, ხატვაც, წერაც... ასეთმა რიგითმა მოქალაქეებმა მოიკლეს ლუკმა, რათა ჩვენ გვესწავლა და გავზრდილიყავით. ამდენად, ჩვენც
ვალდებულნი ვართ, «მიუსაფრობაშიც» ჩვენს მშობლიურ კულტურას ვემსახუროთ მხოლოდ. არც სამწუხარო და არც სალაღობო ემიგრაციაში არ დავივიწყოთ ყველა ხელოვანისთვის ერთნაირად სავალდებულო კითხვა: ვისი სახელით დგახარ სცენაზე, სადაც არ უნდა
იდგეს ის სცენა...
მწერლობა ხალხის მახსოვრობაა. მისი მეშვეობით ხალხს შეუძლია თითქმის მათემატიკური სიზუსტით აღადგინოს, როდის რა უჭირდა და ულხინდა; როდის როგორ გამოიყურებოდა; ხმელა პურით იბრუნებდა სულს თუ შარაგზაზე ჰქონდა სუფრა გაშლილი ამვლელ-ჩამვლელის დასაპურებლად. ჩვენს ლიტერატურაში ასახული ცხოვრებით თუ ვიმსჯელებთ, იშვიათად თუ გაგვნელებია ხვალინდელი დღის შიში. ჩემთვის გასაკვირიცაა, ან დასაწერად
როდის ვიცლიდით, ან წასაკითხად. თუმცა, საბედნიეროდ, არც ამით გამოვირჩევით სხვე-
ბისგან. ბევრ ჩვენზე შეკრულ და მოწესრიგებულ ქვეყანაშიც დამდგარა ისეთი ჟამი, როცა
ხალხს საერთოდ გაჰქრობია სულიერი საზრდოს მოპოვების სურვილი. საფრანგეთ-ავსტრიის ომის დროს პარიზში, თუ შეიძლება ასე ითქვას, ლიტერატურულ მექაში, საერთოდ ჩამკვდარა ლიტერატურული ცხოვრება. პარიზელებს არც ახსოვდათ თურმე სულიერი საკვების
არსებობა, ყველას მხოლოდ ბაზრისკენ ეჭირა თვალი, სადაც ბოტანიკური ბაღი ხორცად
ყიდდა არამარტო ირმებსა და გარეულ კამეჩებს, ზებრებსა და კენგურუებს, არამედ შავ გედებსაც და სირაქლემებსაც... როცა ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი პაროდისტი, ნიჰილიზმის ცინიკოსი რაინდი ლოტრეამონი გარდაცვლილა, ვირთხის ხორცი ოცდათხუთმეტი
სანტიმი ღირებულა, ძაღლისა – ორნახევარი ფრანკი, კატისა კი – თორმეტი (რაც, სხვათა
შორის, კიდევ უფრო გასაგებს ხდის ჩემთვის იმავე ლოტრეამონის ცინიზმსა და ნიჰილიზმს).
საბედნიეროდ, ჩვენ აქამდე არ მივსულვართ, თუმცა «მეგობარმა» სახელმწიფოებმა ყველა პირობა შეგვიქმნეს საამისოდ: «დაუდგენელი პირების» მეშვეობით გაგვიჩანაგეს ყველა ელექტროსადგური, ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი საწარმო და, რაც მთავარია, თითქმის
«გარდაქმნის» დაწყებისთანავე, გადაგვიკეტეს გაზი, როგორც ავადმყოფს – ჟანგბადი, რის გამოც, ჩვენმა ხალხმა ბოლო ათი წელი არაადამიანურ სიცივესა და შეუვალ წყვდიადში გაატარა. ამდენად, არც ჩვენ უნდა გვიკვირდეს, წიგნისთვის თუ ვერ მოვიცალეთ აქამდე. გუშინ
და გუშინწინ ჩვენი მკითხველები სადარბაზოებში დანთებულ საერთო, საზიარო «კერებზე»
ხარშავდნენ ბაზარ-ბაზარ მოგროვილ კარტოფილის ნაფცქვენსა თუ კომბოსტოს ფოთოლს.
ამაში სამარცხვინო, რასაკვირველია, არაფერია. მაგრამ დიდი უსინდისობაა იმათგან, ვინც
სრულიად დაუმსახურებლად მიაყენა ასეთი სულიერი ტრავმა ხალხს, რომელიც თავისი ბუნებით სხვათა მასპინძლად, სხვათა შემფარებლად და დამპურებლადაა შექმნილი განგებისგან...
ამგვარი სულიერი ტრავმები, მართალია, ხალხის ნებას კიდევ უფრო აწრთობს, მაგრამ საზოგადოებას წონასწორობას აკარგვინებს. ხოლო წონასწორობადაკარგული საზოგადოება,
რასაკვირველია, ქვეყანას სიკეთეს ვერ მოუტანს. საზოგადოება დღესაც არსებობს, მაგრამ
რამდენად ამართლებს თავის დანიშნულებას, ეს კი ნამდვილად საკითხავია. საზოგადოება,
რომელიც ეროვნული სიამაყისა და ღირსების გრძნობას დაკარგავს, თავისთავად ცხადია,
ხალხის სარკედ ვეღარ გამოდგება. იმ სარკეში ყველანაირი ადამიანური მანკიერება შეიძლება აირეკლოს, გარდა ხალხის ჭეშმარიტი ბუნებისა. ასე მკაცრად იმიტომ ვლაპარაკობ ჩვენს
საზოგადოებაზე, უკვე ბევრი სიმპტომი რომ არსებობს მისი დასნეულების დამადასტურებელი. მათ შორის ბევრი გაცილებით სახიფათოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თუნდაც, ერთი
მხრივ, მისი წარმოუდგენელი აქტიურობა და ერთსულოვნება, ვთქვათ, რომელიმე მინისტრის მოხსნასთან ან დანიშვნასთან დაკავშირებით და, მეორე მხრივ, ასევე წარმოუდგენელი,
ლამის სიჯიუტეში გადაზრდილი მისი გულგრილობა საკუთარი კულტურისადმი. ძალიან
მორიდებულად რომ ვთქვათ, ჩვენი საზოგადოება ვერ რეაგირებს, ან საბედისწერო
დაგვიანებით რეაგირებს ქვეყნისათვის უაღრესად საჭირბოროტო საკითხებზე. რაც მთავარია, ძნელი დასადგენია, რატომ დუმს, როცა დუმს და რატომ ხმაურობს, როცა ხმაურობს.
მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მაგრამ რაკი ჯერ კიდევ მწერლებად ვითვლებით
და რაკი საამისო საშუალებაც გვაქვს, გულისტკივილი მაინც გამოვთქვათ აწ უკვე გარდასულ, მაგრამ მოურჩენელ ჭრილობად დარჩენილ ზოგიერთ საჩოთირო ფაქტზე.
ერთი ასეთი «მოურჩენელი ჭრილობაა» ჩემთვის «ბორჯომის» ტრადიციული მაღაზიის გადაკეთება ფრანგულ «ბისტროდ», რომელსაც, რატომღაც, «მალიც» ვუწოდეთ (გულის მოსაფხანად), ვითომ ფრანგები ჩვენზე ნაკლებად სცემდნენ პატივს თავიანთ ენას, ანდა, საჭირო
რომ ყოფილიყო, რუსული «ბისტროს» შესატყვისს ვერაფერს მონახავდნენ თავიანთ ენაში.
მაგრამ ეს სხვა საკითხია და ნაკლებად მნიშვნელოვანი. გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი
საზოგადოების დამოკიდებულება ეროვნული სიმდიდრისა და, თუ გნებავთ, ეროვნული
სიმბოლოების მიმართ.
«ბორჯომის» მაღაზიაში თბილისელები პაემანსაც უნიშნავდნენ ერთმანეთს, იმდენად გაშინაურებულნი იყვნენ იქ, და არამარტო წყურვილს უკლავდათ ეს მართლაც «ღვთაებრივი
სასმელი», არამედ იმედითაც ავსებდათ, სიამაყის გრძნობას უღვივებდათ, როგორც წინაპრის
დანატოვარი ძვირფასი ნივთი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ვერ შეელევი და თუ ჭკუა გაქვს,
არც უნდა შეელიო, რადგან მის გამო უფრო წელგამართული ხვდები ნებისმიერ გასაჭირს.
სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ბოლო ასი წელი მარტო მისი იარლიყი ადასტურებდა, ჯერ კიდევ ქვეყანა რომ ვიყავით, რაღაცის, სხვებისთვისაც საინტერესოს პატრონი ხალხი. ასე რომ,
ამ მაღაზიაში ერთი ჭიქა ყველაზე იაფი სასმელის დალევა ერთგვარ წესადაც ითვლებოდა,
რიტუალად, თუ შეიძლება ასე ითქვას, პატივისცემის გამოხატულებად მარადიული, წმინდა,
ხელშეუხებელი ცნებებისადმი. ჩვენ კი, დაკარგული სახელმწიფოებრიობისა და შელახული
ღირსების აღდგენა რატომღაც მაინცდამაინც ეროვნულ სიმბოლოდ ქცეული «ბორჯომის»
უგულებელყოფით დავიწყეთ. არადა, როგორც დრომ დაამტკიცა, თურმე სრულებითაც არ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 15
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.