Latin

ბედნიერი ტანჯული - 11

Total number of words is 3598
Total number of unique words is 1903
29.8 of words are in the 2000 most common words
41.3 of words are in the 5000 most common words
48.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ასპიტს და დაუნანებლად გესლავს ყველაფერს, რითაც ჯერ კიდევ გუშინ შეგვეძლო თავი
ადამიანად ჩაგვეთვალა, აგვეტანა აუტანელი, გაგვეძლო გაუსაძლისისთვის. თითქოს საერთოდ იმიტომ გამოვიღვიძეთ, მტერზე მეტი სიმკაცრით რომ დავრეოდით ერთმანეთს მტრის
დანატოვარი იარაღით. რასაკვირველია, ორასწლიანი მონობა უკვალოდ არ ჩაივლიდა და აკი
არც ჩაიარა, თუკი შეიძლება ჩავლილად ჩავთვალოთ. ჩვენ მონობის ხეიბრები ვართ – მონობით დაბრმავებულნი და მონობით დაყრუებულნი – მაგრამ თავი კი არ უნდა მოვიკლათ, ან
ერთმანეთი კი არ უნდა მოვსპოთ თავსმოხვეული სიბრმავისა და სიყრუის გამო, არამედ ყველა საცდელი უნდა ვცადოთ, ყველა ღონე უნდა ვიღონოთ, ერთ ჩვენგანს მაინც რომ აეხილოს
თვალი გადამრჩენი გზის დასანახად და ერთ ჩვენგანს მაინც გაეხსნას სმენა გზაზე გამყვანი
სიტყვის გასაგონად. ამისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ყველას ერთნაირად გვწამდეს, რომ თუ ვდგავართ, მხოლოდ სიყვარულის უნარით ვდგავართ მაღლა სხვა ნებისმიერ
ცოცხალ არსებაზე. მაგრამ არც ისაა დასამალი, რომ სწორედ ამ მარტივი, თითქოს ყოვლად
უწყინარი ჭეშმარიტების შეგნებაა ძნელი. ამის ქადაგებაც ძნელია, ხშირად სახიფათოც (გააჩნია საზოგადოების ზნეობრივ დონეს) და ასეა მას შემდეგ, რაც თავი ახსოვს ადამიანს. კაცობრიობის ისტორიაში ისეთი პერიოდებიც ყოფილა, როცა სიყვარულის ნებისმიერი გამოვლენა
დანაშაულად და ბოროტებად ითვლებოდა; ძალიან ხშირად ეს დიადი გრძნობა, ადამიანის
გულიდან გამოდევნილი, მხოლოდ და მხოლოდ წიგნში პოულობდა თავშესაფარს. სხვათა
შორის, ჩვენი დღევანდელი ცხოვრების წესიც თუ აშკარად არ უპირისპირდება, არც ფარულად თანაუგრძნობს სიყვარულს და ასე იმიტომ ხდება, ვერაფრით რომ ვერ შეუთანხმებია
ადამიანს აქამდე, ვერ შეუხმატკბილებია ერთმანეთისთვის სულიერი უსაზღვრობა, ანუ სიყვარული (რაც ღმერთმა დაამადლა) და ხორციელი შეზღუდულობა, ანუ სურვილი (რაც ტალახისგან მოსდევს). ასე რომ, რაც არ უნდა სამარცხვინო და სამწუხარო იყოს ყველა ჩვენგანისთვის, ადამიანს თავისი საკმაოდ გრძელი გზა კაცის კვლით, მოყვასის სიძულვილით,
სიძვითა და შურით აქვს გამოვლილი და, რაც მთავარია, ასე ერჩიათ იმათაც (ყოველ
შემთხვევაში, იმათ უმრავლესობას), ვისაც მისი ბედი ებარა – ბელადები იყვნენ ისინი, ფარაონები, კეისრები, მეფეები თუ პრეზიდენტები – ისინი არამარტო თვალს უხუჭავდნენ ადამიანურ უმსგავსობებს, არამედ საგანგებო «აღზრდა-განათლების» სისტემებსაც ქმნიდნენ, საერთოდ რომ ამოეძირკვათ ადამიანში ადამიანური, ჯერ კიდევ ჩანასახშივე აღეძრათ მისთვის
ზიზღისა და სიძულვილის გრძნობა სწორედ იმის მიმართ, რის გარეშეც ყოვლად წარმოუდგენელია პიროვნების ჩამოყალიბება, ანუ ყოვლად წარმოუდგენელია საერთოდ იფიქრო თავისუფლებაზე, განუწყვეტლივ ესწრაფოდე მას და განუწყვეტლივ იტანჯებოდე უიმისოდ.
სამაგიეროდ, ასეთი ადამიანი საიმედო დასაყრდენია ნებისმიერი უკანონობის, ნებისმიერი
ძალადობის, ნებისმიერი უსინდისობის დასამკვიდრებლად. ეტყობა, ჩვენშიც, საქართველოშიც საკმაოდ მძლავრად იყო ფეხმოკიდებული ამგვარი «აღზრდა-განათლების» ტრადიცია,
თორემ სხვანაირად მართლაც ძნელი ასახსნელია თუნდაც ის მოუთოკავი, შეუნიღბავი სიძულვილი, ვთქვათ, საკუთარი კულტურის მიმართ, რაც, არც მეტი და არც ნაკლები, გაუცნობიერებელი ამბოხია საერთოდ გონიერების, ნიჭიერების, კეთილშობილებისა თუ წესიერების
წინააღმდეგ. ვინც საკუთარ კულტურას უგულებელყოფს, შეგნებულად თუ შეუგნებლად, ის,
უპირველეს ყოვლისა, საერთოდ საეჭვოს ხდის ამ კულტურის შემქმნელი ხალხის გონებრივსა და სულიერ პოტენციალს. მისთვის არც წმინდა არსებობს რამე, არც ხელშეუხებელი. მისი
ერთადერთი მიზანი არსებობის უფლების მოპოვებაა, უფრო ზუსტად, ცოდვის ჩადენის შესაძლებლობა, და საამისოდ არაფერს მოერიდება, არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან. უსიყვარულოდ გაზრდილი ადამიანის გულში, თავისთავად ცხადია, მთავარ ადგილს სიძულვილი
იკავებს, სიძულვილი ყველაფრის მიმართ, რაც გარს ახვევია. მაგრამ ეს მტანჯველი, გამომფიტავი, გამომაყეყეჩებელი გრძნობა მხოლოდ შურისძიების იარაღი კი არ არის მისთვის,
როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს მისი აგრესიულობის გამო, არამედ – თავდაცვის ერთადერთი საშუალებაცაა, რისთვისაც უმალ სიბრალულს აღძრავს (უნდა აღძრავდეს), ვიდრე გულისწყრომასა და მრისხანებას. უსიყვარულოდ გაზრდილი ადამიანი ჯერ საკუთარი თავის მტერია და მერე დანარჩენი კაცობრიობისა. თუ სწავლობს, სიძულვილით
«სწავლობს»; თუ შრომობს, სიძულვილით «შრომობს»; ოჯახს თუ ეკიდება, სიძულვილით
ეკიდება და რაკი თავად უვიცია, უქნარაა და უპოვარია, ყველაზე მეტად სწორედ სხვისი
ცოდნა, სხვისი მუყაითობა და სხვისი ჭირნახული აღიზიანებს. მისი გამოსარჩევი თვისება
განურჩევლად ყველაფრის უარყოფა და განურჩევლად ყველაფრისადმი უნდობლობის გამოცხადებაა, რასაც, ჩვენდა სამარცხვინოდ, ვერც მშობლიური მწერლობა გადაურჩა იმ უბრალო მიზეზის გამო, არაფერი რომ არ რჩება მწერლობას შეუმჩნეველი, აღუნუსხავი – არც რეალურად არსებული და არც წარმოდგენილი, თუნდაც – ნაგულისხმევი. გარდა ამისა, ვიდრე
მწერლობა გვაქვს, ჯერ კიდევ ხალხად ვითვლებით, ჩვენი არსებობა არამარტო ბრმა შემთხვევითობაა, არამედ გააზრებული, გამიზნული თავგანწირვაც, ანუ, არამარტო პურისთვის
ბრძოლაა, არამედ სულისთვისაც, უფრო სწორად, თავისუფლებისკენ სწრაფვის მარადიული
გამოხატულებაა, რაც, თავის მხრივ, არათუ ასატანს, არამედ აუცილებელსაც ხდის ჩვენს მიწიერ ყოფა-ცხოვრებას. და მართლაც, მას შემდეგ, რაც ადამიანმა ხელოვნური ფრთა გამოიბა,
კაცობრიობა თავისუფლებას ესწრაფვის განუწყვეტლივ; მისი ისტორია თავისუფლებისთვის
ბრძოლის ისტორიაა, რადგან, ჩვენდა ჭირად თუ ჩვენდა გასახარად, ერთხელ და სამუდამოდ
არაფრის მოპოვება არ შეიძლება. ამის ბრალიცაა, ცოტა ვინმემ თუ შეძლო საერთოდ ფრთის
შენარჩუნება. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ცოტა ვინმემ თუ მოახერხა საკუთარ სულში შეხიზვნა, შინაგანად თავისუფალი რომ დარჩენილიყო ბოლომდე, რამდენადაც შინაგანი თავისუფლების გარეშე თავისუფლების ნებისმიერი ზოგადი გამოხატულება მხოლოდ და მხოლოდ ფარსია და სრულიად სხვა, ძირითადად თავისუფლებისთვის საზიანო მიზნების შესანიღბადაა გათამაშებული. ამის დასადასტურებლად ისიც კმარა, ნებისმიერი ტოტალიტარული სახელმწიფო ყოველთვის თავისუფლების სახელით რომ გამოდის ასპარეზზე, ანუ არ
ყოფილა შემთხვევა, სიტყვით დაეგმოს და საქმით დაეცვას თავისუფლება.
დიახაც რომ მძიმე დღეში ვართ ჩავარდნილნი. რითაც დავიწყეთ ეს საუკუნე, იმითვე ვამთავრებთ. მიუხედავად დიდი მცდელობისა, დიდი ვნებათა ღელვისა, მაინც ვერ გამოვიტანეთ ჩვენთვის სასარგებლო დასკვნა ამ უაღრესად დაძაბული, დაუნდობელი, სისხლიანი ასწლეულიდან. ისევ სისხლი დავღვარეთ და ისევ ჩვენიანის, საკუთარი. პირადად მე დაუფიქრებლად ვამჯობინებდი, საერთოდ არ შემეძლოს არათუ აზრის გამოთქმა, არამედ დანახვა,
მოსმენა და აღქმა იმისა, რაც დღეს ხდება, რაც დღეს ისმის და მოქმედებს ჩვენს გარშემო. და
მაინც, რაკი ვხედავ, მესმის და აღვიქვამ გარესამყაროსაც და ამ სამყაროში მიმდინარე პროცესებსაც, თავს ვალდებულად ვთვლი, ვთქვა, რასაც ვფიქრობ, თუმცა სასარგებლოს ალბათ ვერაფერს იპოვნიან ჩემს ნათქვამში, უმალ გაწბილდებიან და განაწყენდებიან, ვიდრე გულს
მოიოხებენ, რამდენადაც ჩემთვის მოჩხუბართა ორივე მხარე ერთნაირად ძვირფასია, ერთნაირად უფლებამოსილია იყოს ჩვენი განუყოფელი სამშობლოს პატრონი. ჩემი ყველაზე დიდი
ადამიანური ბედნიერება სწორედ ის გახლავთ, საქართველოს არც ერთ კუთხეში თავი უცხოდ რომ არ მიგრძვნია და, ამავე დროს, არც ერთი კუთხისთვის არ მიმიცია უპირატესობა
მხოლოდ ჩემი წარმომავლობის გამო. უბედურია ქვეყანა, და გარკვეული თვალსაზრისით,
ჩვენც ამგვარი ქვეყანა ვართ დღეს, სადაც ხალხი ჯერ კიდევ არ განთავისუფლებულა პარტიკულარული აზროვნებისგან, ანუ ვიწრო, კუთხური პატრიოტიზმისგან, რითაც იწყება პროვინციალიზმი – ყველაზე დიდი ეროვნული ბოროტება, რამდენადაც თავისი არსით უმალ
ქვეყნის დაქუცმაცებისკენაა მიდრეკილი, ვიდრე გაერთიანებისკენ. თუნდაც ამიტომ არ შეიძლება ქვეყნის ჭეშმარიტ გულშემატკივრად ჩაითვალოს ვინმე, თუკი მხოლოდ კუთხური,
ტომობრივი პოზიციიდან ამართლებს ან გმობს, იცავს ან ანადგურებს მეორე ადამიანის
მრწამსს. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ეს დამაკნინებელი, დამაბეჩავებელი, თავლაფდამსხმელი თვისება თუ მიდრეკილება მხოლოდ ქართველთა საკუთრება არ გახლავთ. ამ სენით
იყო შეპყრობილი ყველა ის ქვეყანა, რომელიც თავის დროზე ვერ გადაურჩა ფეოდალურ დაქუცმაცებას. ოღონდ ის ქვეყნები ასევე თავის დროზე და ამიტომ შედარებით უმტკივნეულოდაც განთავისუფლდნენ, განიკურნენ სენისგან, ანუ განვითარების ახალ ფაზაში გადავიდნენ;
ჩვენ კი ისტორიამ, დანარჩენი კაცობრიობისგან განსხვავებით, თვითჩამოყალიბებისა და
თვითგამორკვევის უფრო რთული და, მე ვიტყოდი, უფრო დამამცირებელი გზის გავლა
დაგვავალა. ჩვენს ხმალს მართლა სხვათა ხმლებზე უკეთ რომ გაეჭრა, დღეს ხომ ჩვენც ერთერთი მოწინავე ცივილიზებული ქვეყანა ვიქნებოდით და არა, ვთქვათ, ორ დაპირისპირებულ სამყაროს შორის მოქცეული და ორივესთვის ერთნაირად სასურველი ტერიტორია. თავისთავად ცხადია, ჩვენი ხარბი მეზობლების ბრალიცაა, აქამდე რომ გაგვიგრძელდა ავადმყოფობა – არ დაგვაცალეს მკურნალობა – გაგრძელებული ავადმყოფობა კი, ადვილი შესაძლებელია, საერთოდ მოურჩენელ, ქრონიკულ პროცესში გადაგვეზარდოს და მაშინ ნებისმიერი ცალკეული პიროვნების კეთილშობილური განზრახვა და თავგამოდება უაზრო ფაფხური
იქნება და მეტი არაფერი – ვეღარასოდეს, ვერაფრისდიდებით ვეღარ ვიქცევით სახელმწიფოდ, უკეთეს შემთხვევაში, ბროწეულივით, «გარედან ატლასი და შიგნიდან ათასი» ქვეყანა
ვიქნებით, ანუ მარადიული, გაუთავებელი შუღლისა და ქიშპის ბუდე, სადაც სიცოცხლე სასჯელად გვექცევა და სიკვდილი სანატრელი გაგვიხდება. ამისი ეშინოდა ყველა დიდ ქართველს, მეფე იყო თუ პოეტი, მაგრამ ეს «საშიშროება» რომელიმე პიროვნების ნებას კი არ
ემორჩილება, შესაფერისი დროისა და გარემოს პირმშოა და, ადვილი შესაძლებელია,
საერთოდ ჩვენგან დამოუკიდებლადაც არსებობდეს, ანუ გარეშე მტერი წარმართავდეს, რასაკვირველია, ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენთან შეუთანხმებლად. ძმათა შუღლმა, ერთ მშვენიერ
დღეს, იქნებ საერთოდ დაგვავიწყოს ჩვენი მთავარი მიზანი და ეროვნული ენერგია მხოლოდ
და მხოლოდ ერთმანეთთან ურთიერთობათა გასარკვევად დავხარჯოთ. მაგრამ არავითარ
შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ასე, თუკი ჩვენი დაპირისპირების მიზეზი მართლა სამშობლოს კეთილდღეობაზე ფიქრია... თუკი მართლა თავისუფლებას ვესწრაფვით, ჩვენს შორის
ნებისმიერი დაპირისპირება, სოციალური იქნება ის, პოლიტიკური თუ ინტელექტუალური,
მხოლოდ შეგვაფერხებს, თუ საერთოდ არ გადაგვაცდენს გზიდან. ჩვენ ყველანი ერთად და
ერთნაირად უნდა განვთავისუფლდეთ: ურწმუნონიც და მორწმუნენიც, მომხვეჭელნიც და
მშრომელნიც, უპარტიონიც და პარტიულნიც, უვიცნიც და მცოდნენიც, სოფლელებიც და ქალაქელებიც... ადრე, რატომღაც, ყოველთვის ღრმად ვიყავი დარწმუნებული (და ალბათ სწორედ ამიტომ არ ვარ პოლიტიკოსი), რომ თუკი ჩვენში მართლა გახდებოდა როდისმე შესაძლებელი არსებულის (ესე იგი, კომუნისტურის) გარდა კიდევ სხვა პარტიის შექმნა, ის სხვა
მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი წინააღმდეგობის ფრონტი იქნებოდა, დაუპირისპირდებოდა
არსებულს (ესე იგი – კომუნისტურს) და მერე, დროთა განმავლობაში, დროისა და მოვლენე-
ბის კარნახით, საკუთარ წიაღშივე აღმოაცენებდა ახალ პოლიტიკურ მიმდინარეობებსა და
დაჯგუფებებს, რაც ჩვენი პოლიტიკური გაწაფვის, პოლიტიკური დაბრძენების აშკარა გამოხატულება იქნებოდა და არა შინაგანი განხეთქილებისა. სინამდვილეში კი პირიქით მოხდა:
ბევრნი გავჩნდით ერთბაშად და ვერაფრით ვეღარ მოვიყარეთ თავი, რამაც, უპირველეს ყოვლისა, პარტიული გამიჯვნის, პარტიული ბრძოლის გარდუვალობა განაპირობა და აშკარად
შეაფერხა საერთო ეროვნული მოძრაობა. ისე, საბჭოეთში ნაცხოვრები კაცისთვის ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, ასე რომ მოხდებოდა. მაგრამ მოსახდენი უკვე მოხდა და ახლა იმითღა თუ ვინუგეშებთ თავს, რომ ეროვნული მოძრაობა თავისთავად მარადიულია,
უსასრულოდ გრძელდება, როცა პარტიული ბრძოლა, დროის თვალსაზრისით, შეზღუდულია, უფრო სწორად, მხოლოდ დროის გარკვეულ ეტაპზეა შესაძლებელი და იმ ეტაპის ხელიდან გაშვება, რასაკვირველია, მისთვის მომაკვდინებელია. სიკვდილი კი თავისი ნებით
არავის არ სურს. რაც მთავარია, რომელიმე პარტიის სიკვდილი არათუ საზიანო, შეიძლება
სასარგებლოც იყოს ქვეყნისთვის, რასაც ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვიტყვით ეროვნულ
მოძრაობაზე. ეროვნული მოძრაობა თუ დამარცხდება, ეს ყველა ჩვენგანის სულიერი განადგურება იქნება, თუ ფიზიკურიც არა. ჩვენი გზა, რა თქმა უნდა, დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მიდის, ოღონდ წინაპრების საფლავებზე გადავლით კი არა, წინაპრების საფლავებიანად. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი უპირველესი საზრუნავი, ჯერჯერობით, სამშობლოს გადარჩენაა. ყველა დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც მაგალითად გვესახება, სამშობლოს კეთილდღეობის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებული აქვს და მათი წინაპრები მშვიდად განისვენებენ საფლავებში. ჩვენ კი ჩვენი წინაპრების სიცოცხლე, სისხლად და
ცრემლად დანთხეული, აქამდე უჩინარი თუნგებით გვკიდია ზურგზე და ვერც ვერასოდეს
მოვიშორებთ, ვიდრე საბოლოოდ არ აგვეხილება საკუთარი უმეცრების დასანახი თვალი.
ჩვენი თავისუფლებაცა და დემოკრატიაც, უპირველეს ყოვლისა, საქართველოა. საქართველოს დაღუპვის ნება კი, არათუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, მამაზეციერსაც არა აქვს,
რადგან სწორედ მამაზეციერისგან ველოდებით საქართველოს ხსნას, განათლებასა და განდიდებას. ამავე მოსაზრებებით ვამართლებთ საერთოდ ნებისმიერი პარტიის არსებობასაც.
იდეა, მრწამსი, თეორია თუ მოძღვრება, რომელსაც უნარი შესწევს სამშობლოც შეიწიროს,
რაც არ უნდა ზოგადსაკაცობრიო ელფერს ატარებდეს, უნაყოფო ხესავით მოსაკვეთია, რათა
ეფემერულმა და შემთხვევითმა ისევ არ სძლიოს მყარსა და მარადიულს. ჩვენ თუ მართლა
ქრისტიანი ხალხი ვართ, ერთხელ მაინც უნდა დავუჯეროთ ჩვენს ეკლესიას და არათუ საქვეყნოდ, გონებაშიც არ შევეცადოთ განუყოფლის გაყოფასა და ხელშეუხებლის ხელყოფას;
გუნებაშიც არ განვაცალკევოთ ერთმანეთისგან ღვთისა და სამშობლოს სამსახური. თუ ასე არ
მოვიქცევით, ჩვენი საერთო გულის ნაცვლად, რომელიც ჯერ კიდევ განუყოფლად და ერთდროულად ასვენია ყველა ქართულ ოჯახში, ამ გულის დანატოვარ სიცარიელეში ბომონივით აღმართული ბარიკადი შეგვრჩება, რომელსაც, გვენდომება თუ არა, განუწყვეტლივ შევწირავთ მსხვერპლს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქრისტიანობის ერთ-ერთი პირველი
მედროშენი მეოცე საუკუნის მიწურულს ცივილიზებული სამყაროს თვალწინ ისევ ბრმა,
ისევ გონდახშულ კერპთაყვანისმცემლებად ვიქცევით. მაგრამ ამის უფლებას ალბათ პირველ
რიგში ჩვენ თვითონ ვერ მივცემთ თავს, რაც არ უნდა გამწარებულნი და განაწყენებულნი ვიყოთ უკუღმართი ბედისგან. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ აღმართავს ხელს იმ უბრალო, უსამკაულო, მაგრამ ანგელოზის სიზმარივით ნათელი და გასაგები ლექსის მოსაკლავად, რომლის წარმოთქმითაც იწყებს ყველა ქართველი ბავშვი ცხოვრებას.
ქართლ-კახეთი, იმერეთი,
გურია და სამეგრელო...
ყველა ჩემი სამშობლოა –
საყვარელი საქართველო!
ასე რომ, ისევ ამ პატარა ლექსში უნდა ვეძებოთ ყველამ გამოსავალი. ამ პატარა ლექსიდან,
როგორც ზღვის ნაპირზე გამორიყული ნიჟარიდან, ჩვენი მარადიული ცხოვრების გუგუნი
ისმის და ისღა დაგვრჩენია, ერთხელ კიდევ მივუტეოთ ერთმანეთს მოუზომლად ნათქვამი
თუ ჩადენილი; ერთხელ კიდევ საკუთარი ცრემლით მოვბანოთ ერთმანეთს ჩვენივე ხელით
მიყენებული ჭრილობები და, რაც მთავარია, პურივით, წამალივით გავუყოთ სიყვარული.
ამავე დროს, ყურზე ყური და თვალზე თვალი უნდა გამოვიბათ ყველამ, რადგან ადვილი შესაძლებელია, წინ ისევ წარსული დაგვხვდეს.
1992
«მხოლოდ სძინავს...»
(ინტერვიუ გაზეთ «თბილისისთვის»)
1. 1989 წელს თქვენ წერდით: «ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, აღმა მივდივართ თუ დაღმა,
ვიღვიძებთ თუ გვესიზმრება გამოღვიძებაო» – როგორ ფიქრობთ, თუ შეიცვალა რამე ამ სამი
წლის განმავლობაში?
ამ სამი წლის განმავლობაში, რასაკვირველია, ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ ხალხის «გამოღვიძება» იმდენად რთული პროცესია, ასე უცებ ვერ მოთავდებოდა. ადამიანისგან განსხვავებით, ხალხი გაცილებით ძნელად იღვიძებს, რადგან მისი ძილიც განსაკუთრებულია
და სრულებითაც არ განეკუთვნება ფიზიოლოგიურ მოვლენათა რიგს. ხალხის გამოღვიძება,
უპირველეს ყოვლისა, ხალხის განათლებას, ხალხის გაკეთილშობილებას ნიშნავს და, არა
მგონია, წინასწარ განსაზღვროს ვინმემ, რამდენი ასტრონომიული საათია საამისოდ საჭირო.
სამაგიეროდ, ძალიან იოლად და ძალიან მოკლე დროში კარგავს ხალხი საუკუნეობით შეძენილ ცოდნასა და გამოცდილებას. გაცილებით ძნელია ერთი ადამიანის გაადამიანება, ვიდრე
მთელი ხალხის გაპირუტყვება. ასე რომ, არც სამი წლის წინ დაწყებულა ჩვენი გამოღვიძება
და არც სამი წლის შემდეგ დამთავრდება. მთავარია, მართლა ვიღვიძებდეთ, ესე იგი, ჯერ კიდევ გვქონდეს შერჩენილი გამოღვიძების სურვილიცა და უნარიც, რაც თავისთავად სიცოცხლის გარანტიაა, იმის დადასტურებაა, ჯერ კიდევ რომ არ ამოწურულა, არ დაშრეტილა ის
აზრი და მიზანი, რაც თავიდანვე ჩაუდია ჩვენში განგებასა თუ ბუნებას. თუმცა ამის შეტყობა
უფრო იოლი გზითაც შეიძლება. უფრო სწორად, თეორიული მსჯელობების გარეშეც შეგვიძლია ამის შეტყობა – თუკი ყველა ჩვენგანი უფრო მეტი ყურადღებით დააკვირდება საკუთარ
თავს და თუკი ერთ მშვენიერ დღეს ამაყი მღელვარებით იტყვის გუნებაში: ვხედავ, ვგრძნობ,
მესმის და, რაც მთავარია, ვიცი რატომ ხდება, რაც ხდებაო – ჩათვალოს რომ, არამარტო მას,
მასთან ერთად მთელ ქართველ ხალხსაც გაუღვიძია.
2. რატომ მოჰყვა ჩვენში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურებას ესოდენ გამძაფრებული სისასტიკე?
ეროვნული მოძრაობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს სასტიკი, როცა სისასტიკის გამოჩენა მის მიმართ თითქმის კანონზომიერი მოვლენაა. ამავე დროს, ნებისმიერი სისასტიკე, ეროვნული მოძრაობის მიმართ გამოჩენილი, მხოლოდ და მხოლოდ აღვივებს, კიდევ
უფრო გარდუვალს ხდის მას, როცა შინააშლილობა და ძმათა დაპირისპირება საერთოდ
უკარგავს აზრსა და მნიშვნელობას. გარდაქმნის დასაწყისში მეც სხვებივით მჯეროდა, ჩვენს
ბრძოლასაც, გნებავთ, ჩვენს მისწრაფებასაც ჩვენი საერთო სახის უკეთ წარმოჩენის სურვილი
წარმართავდა, რაც ერთ-ერთი უპირველესი ნიშანია ეროვნული მოძრაობისა. მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ბოლოს გამოირკვა, საკუთარი გამორჩეულობისა თუ განსაკუთრებულობის
დამტკიცების ჟინით ვყოფილვართ უფრო მეტად შეპყრობილნი, რასაც არაფერი აქვს საერთო
ეროვნულ მოძრაობასთან. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობას კი არ მოჰყვა ჩვენში «ესოდენ გამძაფრებული სისასტიკე», არამედ, ჩვენდა უნებურად, უფრო სწორად კი, ჩვენი მტრის ამოუწურავი ვერაგობის წყალობით,
ეროვნული მოძრაობა თვალსა და ხელს შუა პარტიულ ბრძოლაში გადაგვეზარდა. პარტიული ბრძოლა კი ერთ-ერთი სახეობაა არსებობისათვის ბრძოლისა და, ამდენად, სისასტიკე მისი გამოსარჩევი ნიშანიცაა. პარტიულ ბრძოლასაც მოპოვებისა და დაკარგვის პრინციპი
უდევს საფუძვლად და ძალიანაც რომ მოინდომოს, მაინც ვერ მოიცლის ხალხის გასანათლებლად და გასაკეთილშობილებლად, როცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის
უაღრესად თვალნათელი გამოხატულებაა, მაგალითად, «წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების» შექმნა რუსთაველის სამშობლოში. სხვათა შორის, ესეც ერთ-ერთი საწყისი
ეტაპია გამოღვიძებისა, რომელიც აქამდე გრძელდება...
3. რატომ გადაიქცა ომი ჩვენი ხალხის უმცირესი ნაწილის ზნეობრივ მოვალეობად საქართველოში?
ომი კი არ გადაიქცა «უმცირესი ნაწილის ზნეობრივ მოვალეობად», როგორც თქვენ მიგაჩნიათ, არამედ თავიდანვე ვერ აღვიქვით საერთო, საყოველთაო, გნებავთ, სახალხო მოვლენად. ამის მიზეზი კი ბევრია. მაგრამ უმთავრესი და გადამწყვეტი მიზეზი მაინც ისაა, რაზედაც უკვე ვილაპარაკეთ ზემოთ: ჯერ გვძინავს, ჯერ მხოლოდ ვიღვიძებთ... მძინარე კაცს კი
ბევრი არ მოეკითხება. კაცმა რომ თქვას, ჩემი არაკომპეტენტურობის გამო, არც მე უნდა ვაძლევდე თავს ესოდენ სერიოზულ საკითხზე საქვეყნოდ საუბრის ნებას, მაგრამ ერთს კი ვიტყვი: ჩვენი დღევანდელი აპათია უფრო პოლიტიკური ფაქტორებითაა განპირობებული, ვიდრე ფსიქოლოგიურით. თუმცა ისტორიულად, სხვათა ომებში უფრო გამოგვიჩენია თავი,
ვიდრე საკუთარში – ბოლო ასი წლის მანძილზე ორჯერ წყდებოდა ჩვენი ბედი კრწანისში და
ვერც ერთხელ ვერ მოვუყარეთ საჭირო ჯარს თავი, როცა რუსეთის «სამამულო ომებში», პროცენტულად, ლამის თავად რუსებზეც მეტი ხალხი გამოგვიყვანია. მაგრამ როგორც არ უნდა
გადავგვარდეთ, მაინც ძნელი დასაჯერებელია, საერთოდ დაგვჩლუნგებოდეს სამშობლოს
დაცვის გრძნობა. ის «უმცირესი ნაწილიც», თქვენ რომ წეღან ახსენეთ, სწორედ ამის დადასტურებაა. ხოლო უმრავლესობამ ჯერჯერობით ვერ გაიგო, როგორ უნდა მოიქცეს, როგორ
უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ ომში. ხელისუფლებამ არ მოუხმო, ან ვერ მოუხმო, როგორც
უკვე ვთქვით, პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე. ის კი არა, ჩვენი პრესა, რადიო
და ტელევიზია ყოველდღე ტურისტულ მოგზაურობებში გვეპატიჟება, რაც, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სრულებითაც ვერ შეგვიქმნის საომარ განწყობილებას. მართალია, ომში ჩაგვითრიეს, მაგრამ ომამდეც ყველა პირობა არსებობდა საიმისოდ, უფრო ფხიზლად რომ ვყოფილიყავით, უფრო მომზადებულნი დავხვედროდით გარდუვალ უბედურებას, თუნდაც იდეოლოგიური თვალსაზრისით. სამაგიეროდ, ჩვენი მოწინააღმდეგე დიდი ხნით ადრე შეუდგა
ომისთვის სამზადისს და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია: ევროპის ჯერ კიდევ ბევრ მოწინავე ქვეყანაში მართლა იმპერიალისტები და კოლონიზატორები ვგონივართ დღემდე, ჩვენი
მტრის მიერ სწორად წარმართული იდეოლოგიური ომის წყალობით, როცა ჩვენს მეცნიერებას საშინაო დავალების დონეზეც ვერ შეუქმნია აქამდე ჩვენი სიმართლის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამიტომაც იძულებულნი ვართ, ყველა ხატზე ვიფიცოთ და ყველა გამვლელსა და გამომვლელს გულმხურვალედ ვევედროთ – უდანაშაულონი ვართო. და ეს იმდენად ევროპის პოლიტიკური სიბეცის ბრალი არ არის, რამდენადაც ჩვენივე უნიათობისა.
სხვა რაღა უნდა ვთქვათ, როცა ჩვენს სამშობლოში პარტიზანულ ომს დამპყრობელი აწარმოებს. უფრო მეტიც, მტრისთვის სახელი ვერ დაგვირქმევია. და მაინც, რაკი გავკადნიერდი და
ამდენი ვილაპარაკე ამ საკითხზე, ბარემ ჩემს რწმენასაც გამოვთქვამ: მართალია, ქართველებს
ერთმანეთთან ანგარიშის სწორება ყველაფერს გვირჩევნია, მაგრამ თუნდაც თავდაცვის ინსტინქტი გვაიძულებს ხოლმე, გადამწყვეტ მომენტში ერთხელ კიდევ გავახილოთ თვალი და
მაშინ მტერიც იძულებული ხდება, ერთხელ კიდევ დაიხიოს უკან. ჩვენ დიდი აკაკის ხალხი
ვართ და, ეტყობა, სიკვდილი არ გვიწერია. უფრო სწორად, ძილი იგივე სიკვდილია ჩვენთვის, ოღონდ, საბედნიეროდ – დროებითი...
4. რას გრძნობს 60 წლის ოთარ ჭილაძე, როგორც მოქალაქე და როგორც მწერალი?
მოქალაქეც და მწერალიც ყველაზე მძაფრად ახლა ვგრძნობ იმ ადამიანების სიდიადეს,
რომლებმაც თავიანთი წილი სიცოცხლე იმყოფინეს მიზნის მისაღწევად.
1993
უსათაურო წერილი
სოხუმის დაცემა სამხედრო თვალსაზრისით, რასაკვირველია, დიდი მარცხია, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, ადვილი შესაძლებელია, სწორედ ეს აღმოჩნდეს გამარჯვებისკენ
გადადგმული პირველი ნაბიჯი. ყოველ შემთხვევაში მოულოდნელი და გამოუსწორებელი
არც ამჯერად მომხდარა რამე; უბრალოდ, ძლიერმა ერთხელ კიდევ დაჯაბნა სუსტი, დიდი
მოერია პატარას, რაც ბუნებაში არათუ ჩვეულებრივ, არამედ კანონზომიერ მოვლენადაც ითვლება. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს დიდისა და ძლიერის საბოლოო გამარჯვებას,
მით უფრო ცივილიზებულ სამყაროში, სადაც განსაკუთრებული და მრავალნაირი სამსახურები არსებობს არათუ ადამიანის, არამედ მაწანწალა ძაღლის უფლებათა დასაცავად. მაგრამ
ამისი იმედიც რომ არ გვქონდეს, აღსასრულამდე ჯერ კიდევ შორს არის, ისევე როგორც
ბრძოლის წაგებიდან ომის წაგებამდე. ომი ჯერ გრძელდება, ომში კი ყველაფერია მოსალოდნელი. შეიძლება, ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ დიდი და ძლიერი აღმოჩნდეს დამარცხებული. დამარცხება, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური ფაქტორია და ძნელი სათქმელია,
რა სახით გამოიხატება საბოლოოდ. ამას მომავალი გვიჩვენებს. ჩვენი ომი, თუ შეიძლება ასე
ითქვას, თანდაყოლილი, მარადიული ომია და დღეს და ხვალ არ დამთავრდება. ისიც საკითხავია, დამთავრდება თუ არა საერთოდ. რუსეთი იოლად ვერ შეეგუება დამოუკიდებელი
საქართველოს არსებობას. პეტრეს ანდერძის აღსასრულებლად სამხრეთისკენ დაძრული რუსეთის ექსპანსიისთვის მაინცდამაინც პატარა საქართველო აღმოჩნდა ყველაზე დიდი დაბ-
რკოლება, ოღონდ არა როგორც სერიოზული სამხედრო ძალა, არამედ როგორც კანონიერი
მემკვიდრე და გამგრძელებელი ბიზანტიური კულტურისა. არადა, რუსეთიც კანონიერი მემკვიდრის სახელით აპირებდა შესვლას ყოფილი ბიზანტიის ყოფილ დედაქალაქში და რაკი ეს
ვერ მოახერხა, თავისთავად ცხადია, ერთ-ერთი მთავარი დამნაშავე საქართველო გამოვიდა,
თუნდაც მხოლოდ მის თვალში. სხვანაირად მართლაც ძნელი ასახსნელია ის ცხოველური
სისასტიკე და სიძულვილი, რასაც ჩვენს მიმართ იჩენს ამოდენა იმპერია თითქმის გაცნობის
დღიდანვე. მაგრამ ამაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს. ერთი კი მაინც უნდა ითქვას: ორასწლიანი «მეგობრობის» შემდეგაც ძნელი წარმოსადგენია ჩვენს მიმართ კეთილად განწყობილი რუსეთი. რასაკვირველია, ეს ქართველების საერთო აზრი არ არის. უფრო მეტიც, მიუხედავად ყველაფრისა თუ ყველაფრიდან გამომდინარე, ქართველთა საკმაოდ სერიოზული ნაწილი სრულიად საწინააღმდეგო აზრისაა ამ საკითხთან დაკავშირებით. შიში შეიქმს სიყვარულსა და შეუჩვეველ ლხინს შეჩვეული ჭირი სჯობს. მაგრამ ამგვარი აზრისა თუ ამგვარი
განწყობის გამომუშავება, თუნდაც ხალხის გარკვეულ ნაწილში, ალბათ უფრო დიდი მარცხია, ვიდრე ნებისმიერი ქალაქის დაკარგვა. დაკარგული ქალაქის დაბრუნება შეიძლება, დაკარგული რწმენისა – აღარ. ამის ბრალია მხოლოდ, თუკი დღეს მართლა კი არ დავეძებთ გამოსავალს «შექმნილი მდგომარეობიდან», არამედ გულხელდაკრეფილნი ვსხედვართ ლამის
თანშეზრდილ სავარძლებში და ველოდებით ძველი კავშირების აღდგენას, ანუ, ჩვეულ გარემოში დაბრუნებას, შეიძლება, შეუგნებლადაც, მხოლოდ და მხოლოდ ცხოველურ გუმანს
აყოლილნი, რადგან მაინცდამაინც იმ გარემოსთვის ვართ გათვალისწინებულნი და მაინცდამაინც იმ გარემოში ძალგვიძს ჩვენი პროფესიული შესაძლებლობების გამოვლენა, ანუ
ოსტატურად გათამაშება ქვეშევრდომული თავმდაბლობისა, დროულად და მოხდენილად
მირთმევა ქართული ნობათისა და სხვა ამგვარი, მრავალჯერ ნაცადი ილეთების წყალობით,
კუთვნილის მეათედის გამოძალვა მეტროპოლიის ვირეშმაკა ჩინოვნიკებისგან. ამის ბრალია,
მაინც მოსკოვის იმედზე რომ ვართ, როცა ყველა ჩვენი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი ქარხანა
თუ საწარმო, იმპერიული მიზნების შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა ჩვენი ეროვნული
ეკონომიკის მოსასპობადაა თავიდანვე დაგეგმილი. ამის ბრალია, რუსეთის კალთის ქვეშ
დაბრუნება დღესაც გადარჩენის ერთადერთ გზად რომ მიგვაჩნია, რაც სინამდვილეში სხვა
არაფერია, თუ არა ისევ ხორცზე ზრუნვა სულის საზიანოდ, ხორციელი არსებობის გახანგრძლივების მცდელობა სულიერი გადაგვარების წილ. მაგრამ ჩვენ ხომ იმიტომ ვიბრძვით
დღეს, სულიანხორციანად რომ გადავრჩეთ ანუ, ღირსნი გავხდეთ არამარტო სიცოცხლისა,
არამედ თავისუფლებისაც?! ზემოთ ნახსენები «გზა ხსნისა» კი, რომელიც, რა თქმა უნდა, არც
დღესაა აღმოჩენილი და არც ვინმეს «პირადი მოსაზრებაა», შეჩვეული ჭირის არჩევაა ისევ,
უკან დაბრუნებაა მონობის საწყის პოზიციაზე, რაც არავის დაუშლია ჩვენთვის და რაც ჩვეულებრივ სიბრიყვედ, ანდა ბავშვურ ეშმაკობად თუ ჩაეთვლება დღეს ამის მსურველს, მით
უფრო – მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, საგანგებო თუ სატელევიზიო სხდომის მონაწილეებს, რომლებისთვისაც ალბათ ერთნაირად შეურაცხმყოფელი
იქნება, ბრიყვებად ჩათვლიან მათ თუ ეშმაკებად და რომლებიც ვალდებულნი არიან, თუნდაც როგორც ხალხის რჩეულნი, საკუთარი მონობით აქოთებული საკნიდან ძლივს გამოსულ ხალხს არ მისცენ უკან შებრუნების საშუალება. თუმცა მათი საქციელი კი არ არის სახიფათო, არამედ თავად ხალხის დღევანდელი სულიერი მდგომარეობა. ხალხი დღეს საკუთარი სიბნელით, საკუთარი სიმხდალით, საკუთარი სიხარბითა და სისასტიკითაა თავგზააბნეული – ვინ ტყავის გადარჩენას ცდილობს, ვინ იმპერიისა; ვის წინ წასვლის ეშინია, ვის – უკან
მოხედვისა; ვინ ცოცხლად იწვის, სხვა რომ მოეგოს გონს, ვინ კი სამოქალაქო ომის ხანძარს
აჩაღებს, უარესად რომ დააბრმავოს ვიღაცა, და ადვილი შესაძლებელია, ნებისმიერი სახელ-
მწიფო მოღვაწის «პირადი მოსაზრება» ის ხავსი აღმოჩნდეს ბოლოს, რომელსაც წყალწაღებული დაუფიქრებლად წაეტანება ხოლმე. არც ეს იქნება გასაკვირი, მით უფრო საბჭოეთში
ნაცხოვრები კაცისთვის. მაგრამ ყველაზე სამწუხარო მაინც ის არის, თავისუფლების შიშმა
ერთბაშად რომ დაუკარგა ზოგიერთ ჩვენგანს ჩვეულებრივი, სავალდებულო მახსოვრობა;
ერთბაშად დაავიწყა «საერთო ბინაში» გატარებული წლები და იქ ღრმად ფესვგადგმული
ადათ-წესები; დაავიწყა, მთელი სიცოცხლე შავს თეთრად რომ აღიქვამდა, ცხვარს მგელი
რომ უმწყემსავდა, მკვლელი რომ ედგა თავზე მკურნალად და მანიაკი – ზნეობის მასწავლებლად; დაავიწყდა, რისი დავიწყებაც არ შეიძლება. უფრო მეტიც, იმდენად გადაჩვევია დამოუკიდებლად აზროვნებას, დამოუკიდებლად შრომასა და ცხოვრებას, მზად არის ისევ თურქმენეთს გადაეჯაჭვოს გაზსადენი მილებით და ისევ ყაზახეთის ყამირის პური ჭამოს, რომელიც საბჭოთა ეპოქაში, სპეციალური დადგენილებით, თავისი უხარისხობის გამო მხოლოდ
ამიერკავკასიის რესპუბლიკებში გამოიყენებოდა საკვებად. ეს, რასაკვირველია, სერიოზული
გართულებაა ჩვენი საერთო სენისა, რომელსაც მონური აზროვნება ჰქვია და დროულად თუ
არ ვუშველეთ რამე, ალბათ მართლა სამუდამოდ დავკარგავთ ჩვენს ეროვნულ მეობასა და
თვითმყოფადობას. ისევ სხვისი ხელის შემყურე, არც გლეხი მოიშლის თაღლითობას და არც
მუშა. კახეთში ღვინო გაქრება, მთაში – ცხვარი, სუბტროპიკულ ზონაში კი – ჩაი და ციტრუსი...
ერთი ინგლისელი ქართველოლოგის აზრით, მწერალი იმ ცივილიზაციას ეკუთვნის, რომელიც შეიძლება არც განხორციელდეს. ამდენად, ალბათ ჩვენთვისაც უკეთესი იქნება, თუკი
ნაკლებად გავუწევთ ანგარიშს მის შეხედულებებს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
მაგრამ თავად მწერალი, რასაკვირველია, მაინც ერთნაირად გულახდილი უნდა იყოს, როგორც დღევანდელობის, ისევე გაურკვეველი მომავლის წინაშეც. ამიტომ ყველას როდი სიამოვნებს მისი მოსმენა. არც ეს არის ახალი ამბავი. ასე იყო ყოველთვის. მწერალს არათუ უყრუებდნენ შეგნებულად, ხშირად ძალითაც აწყვეტინებდნენ ხმას. მაგრამ ადამიანს, მაამებელ
ტყუილზე მეტად, ხანდახან მწარე სიმართლე მოენატრება ხოლმე. სიმართლე გულსა
გვტკენს, მაგრამ გვეხმარება კიდეც. როცა იცი, რისთვის ომობ და ვის ეომები, უფრო ძლიერი
ხარ. კოღოს უთქვამს, მგელს მოვერევი, თუკი მგელზე დიდი ძაღლი მომეხმარებაო, მაგრამ
ძაღლის დაგლეჯილმა მგელმა მართლა თუ დაიჯერა, კოღოს დაკბენილი ვარო, არაფერი
აღარ ეშველება, რაც მოუვა, თავს დააბრალოს. საბედნიეროდ, ჩვენ უკვე ვიცით, ვინ არის
«კოღო» და ვინ არის «მგელზე დიდი ძაღლი». არათუ ვიცით, შეგვიძლია ხმამაღლაც განვაცხადოთ. ეს კი უდიდესი ნახტომია წინ და მომავალშიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს საბოლოო
გამოფხიზლებას შეუწყობს ხელს. ქართული მწერლობა, ყოველ შემთხვევაში, ყაზბეგიდან
ჯავახიშვილამდე, მოკლებული იყო ამ ბედნიერებას და რაღას არ იგონებდა, რა ყულფში არ
ძვრებოდა, მიახლოებით მაინც რომ მიენიშნებინა ჩვენთვის ჭეშმარიტი მტრის ვინაობა. შორს
რომ არ წავიდეთ, განა გუშინ და გუშინწინ თავად ჩვენ შეგვეძლო აშკარად მიგვეშვირა
მტრისთვის ხელი? პოეტურად რომ ვთქვათ, სოხუმის დაცემამ ჩვენი პოლიტიკური შეგნება
აამაღლა. აფხაზეთის ომი მხოლოდ ერთი ეპიზოდია ჩვენი მარადიული ომისა, მაგრამ გარკვეული დროის განმავლობაში მაინც ვტყუვდებოდით, ანდა მაინც ვიტყუებდით თავს მარადიული მტრის ხათრითა თუ შიშით. ომს კი მარტო მეომართა შემართება ვერ მოიგებს. როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, სიტყვა ომშიც ყველაზე ძლიერი იარაღია. სიტყვა კი ჩვენთან
არ იყო და არ იყო იმიტომ, ნაკლებად რომ ვცდილობდით მის დაუფლებას, ბოლომდე არ
გვქონდა შეგნებული მისი ფასი, არ გვესმოდა მისი მნიშვნელობა. ჟურნალისტებზე რომ არაფერი ვთქვათ, სამხედრო მრჩევლებიც მხოლოდ «პარტიზანებად» მოიხსენიებდნენ დაქირავებულ ოკუპანტებს, რითაც უნებურად ამართლებდნენ მათ სიმხეცესა და აღვირახსნილობას
დაპყრობილ მიწაზე. პარტიზანი მხოლოდ ადგილობრივი მკვიდრი შეიძლება იყოს, სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ჩამოყვანა კი სხვა კონტინენტიდანაც შეიძლება. ასე რომ,
ჩვენ თვითონ ვადასტურებდით იმ ვერაგული ბრალდების სამართლიანობას, ჯერ კიდევ
ომამდე რომ წამოგვიყენეს რუსმა იდეოლოგებმა, რათა უვიცი მსოფლიოს თვალში დამპყრობელი გამოეყვანათ დაპყრობილად, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენთვის შეეხოცათ ჩვენსავ სისხლში ამოსვრილი ხელები. მაგრამ ამჯერად უკვე ჩვენს ხელთაა სადავენი ჩვენივე ბედისა და ეს არის ალბათ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაც, რაც კი განგებას დაუკისრებია
ადამიანისთვის. ძლიერისგან სუსტის დაჯაბნა არც გასაკვირია, არც სამარცხვინო, მაგრამ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 12
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.