Latin

ბედნიერი ტანჯული - 03

Total number of words is 3562
Total number of unique words is 1909
28.8 of words are in the 2000 most common words
41.0 of words are in the 5000 most common words
48.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ტრადიციული რომანი თავის თავში, მეტნაკლებად, თანამედროვე რომანის ყველა სახეობას მოიცავს – ფილოსოფიურიცაა, ფსიქოლოგიურიც, ისტორიულიც, რეალისტურიც, სათავგადასავლოც, მეცნიერულიც... ფილოსოფიურია იმდენად, რამდენადაც თავად ადამიანია
ფილოსოფოსობისკენ მიდრეკილი არსება; ფსიქოლოგიურია, რამდენადაც მწერლობა სწორედ ადამიანის ბუნების ამოხსნის ცდაა; ისტორიულია, რამდენადაც ნებისმიერი მოვლენა
აღწერის პროცესში უკვე ისტორიის საკუთრებაა; სათავგადასავლოა, რამდენადაც ყველაფერი თავგადასავალია, რაც კი შეიძლება შეემთხვას ნებისმიერი წიგნის ნებისმიერ გმირს თუნდაც ერთი გვერდის, ერთი აბზაცისა თუ ერთი წინადადების მანძილზე; მეცნიერულია, რამდენადაც თავად ადამიანის ყოფა, ობიექტურად არსებული სინამდვილეც მეცნიერულია. და
მაინც, ჩემი დილეტანტური დაკვირვებით, ყველა დროისა და მიმდინარეობის რომანს ცრემლის ის ჯადოსნური წვეთი აერთიანებს, ადამიანობის დამამტკიცებელი ყველაზე შეუვალი,
ყველაზე უტყუარი საბუთივით რომ გადადის ერთი რომანიდან მეორეში (გაიხსენეთ: «შენ
ტირი, ესე იგი, ადამიანი ხარ».) და ხან ერთი გმირის თვალში გაკრთება, ხან კი მეორეს უგუბდება სასულეში. მხოლოდ და მხოლოდ ეს მარადიული ანუ მარად ერთი და იგივე ცრემლის
წვეთია საერთო ყველა ეპოქის რომანისთვის, ადამიანის ცრემლის წვეთი, რომელიც, ადასტურებს რა ჩვენს ერთნაირობას, ამითვე გამოგვარჩევს სხვებისაგან; ოღონდ, ეს აუცილებელი
და, ამდენად, არამარტო გასაგები, მისაღები განსხვავებაცაა, რაც ლიტერატურასა და საერთოდ ცხოვრებას, უპირველეს ყოვლისა, მრავალფეროვნებას, მარადიულობას, სილამაზესა
და მშვენიერებას უნარჩუნებს. ესაა განსხვავება რაბლესი და ტოლსტოისა, ჟიულ ვერნისა და
ფოლკნერისა, ჯოისისა და ჯავახიშვილისა... საბედნიეროდ, ლიტერატურა უაღრესად ინდივიდუალურ აზროვნებათა, მრწამსთა, პოზიციათა ჯამია და, რაც უნდა უცნაურად მოგვეჩვე-
ნოს, ეს განაპირობებს სწორედ მის მთლიანობასა და განუყოფლობას. ამავე დროს, როგორებიც არიან მწერლები, ისეთია ლიტერატურაც. ავია თუ კარგია, ლიტერატურა მწერლის ხელიდანაა გამოსული, მაგრამ ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოების სიცოცხლისუნარიანობის
წინასწარ განსაზღვრა, ვიდრე ის ნაწარმოები მკითხველს არ ჩაუვარდება ხელში, ყოვლად შეუძლებელია. ამიტომ, ამა თუ იმ ნაწარმოების სიავკარგის დადგენისას იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რამდენად გულისხმიერი, მომთმენი და გამგები აღმოჩნდება მკითხველი –
მხოლოდ იმიტომ წაიკითხავს წიგნს, ასეთი ტრადიცია რომ არსებობს, თუ ყველანაირად შეეცდება, გაითავისოს, თავისი ცხოვრების განუყოფელ და აუცილებელ მოვლენად აქციოს
იგი. ასე რომ, მწერალი არ შეიძლება შიშითა და რიდით არ ფიქრობდეს მკითხველზე, რადგან მწერლისთვის ყველაზე ძნელი იმის ნათლად წარმოდგენაა, თუ რისი თქმა ევალება თავად და რამდენად მისაღები იქნება მისი სათქმელი სხვებისთვის, რამდენად გამოეხმაურება
დროის მოთხოვნებს, რამდენად გაამართლებს ხალხისა თუ ერთი ადამიანის რწმენასა და
იმედს. თუმცა, მწერალს საიმისოდ დროც აღარ რჩება ალბათ, ხორცი რომ შეასხას თავის ადრესატს, სახე და სახელი მისცეს, გაარკვიოს კონკრეტული პიროვნებაა ის თუ მთელი ხალხი.
როგორც კი მწერალი ამ საკითხებზე დაიწყებს ფიქრს, მაშინვე, ძალაუნებურად, სხვა, მისთვის შეუფერებელი ფუნქციის მატარებელი გახდება. მწერლური შრომა კი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენას გულისხმობს, რამდენადაც მხოლოდ საკუთარ არსებაში, საკუთარ სულში შეუძლია მას იმ ამოცანის ამოხსნა, რისი ამოხსნაც მიზნად დაუსახავს. მწერალი მხოლოდ ამოცანის ამოხსნის შემდეგ უნდა წარდგეს ხალხის წინაშე, რადგან
იქამდე არც არავინ იცის და არც არავის აინტერესებს მისი არსებობა. აუდიტორიასთან უშუალო კავშირს სულ სხვა პროფესია ითვალისწინებს. ასეთი კავშირი, დავუშვათ, მსახიობისთვის, სავალდებულოცაა – გამოცდილი მსახიობი მაყურებელთა დარბაზში მისკენ მიპყრობილი სახეებიდან რომელიმეს ამოირჩევს თურმე და იმ სახეზე აღბეჭდილი ცვლილებების
მეშვეობით ამოწმებს საკუთარი ზემოქმედების ძალას მთლიანად დარბაზზე. მწერლისათვის
«მუშაობის» ამგვარი მეთოდი ყოვლად შეუფერებელია თუნდაც იმიტომ, საკუთარ არსებაში
რომ აერთიანებს მსახიობსაც და მაყურებელსაც, ერთიც თვითონაა და მეორეც. ერთადერთი,
ვინც შეიძლება მუშაობის ჟამს თვალწინ ედგას მწერალს, მხოლოდ მისი მომავალი ნაწარმოების გმირია, გმირები... თუმცა იმათზეც საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გააჩნია და ისევე
ამჩნევს მათ არარაობის წყვდიადში, როგორც მოქანდაკე ამჩნევს მკლავის, ცხვირის ან ნიკაპის მოყვანილობას მარმარილოს ლოდში, რომელსაც საჭრეთლით ჯერ არც კი მიჰკარებია.
მაგრამ, მოამთავრებს თუ არა მწერალი წიგნს, მის წინაშე მაშინვე აღიმართება პირქუში ლანდი მკითხველისა; კიდევ უფრო მეტიც – მაშინვე უჩნდება წარმოდგენილი მკითხველის შიში
და ეს შიში ხანდახან იმდენად ძლიერია, იმდენად ძნელი მოსარევია, შეიძლება ვერასოდეს
გაბედოს მწერალმა წიგნის მოშორება, თუკი, ბედად, ჭკვიანი და გავლენიანი მრჩეველი არ
უდგას გვერდით. მაგრამ, უნდა თუ არ უნდა მწერალს, წიგნმა აუცილებლად უნდა მიაღწიოს
მკითხველამდე, თუკი სიცოცხლეს აპირებს. მკითხველი იგივეა წიგნისთვის, რაც ბებიაქალი
– ახალშობილისთვის. იმან უნდა «ამოაღებინოს ხმა», იმან უნდა «დააჩხავლოს» პირველად.
მაგრამ მკითხველში მე იმ იშვიათ არსებას ვგულისხმობ, რომელიც, ძირითადად, ისევე ფიქრობს და აზროვნებს, როგორც თავად მწერალი, უფრო სწორად, როგორც მწერალს სურს. ამიტომ, არათუ შეუძლია, უფლებამოსილიცაა იყოს მსაჯული და განმკითხავი მწერლის შრომისა, რადგან სხვებზე უკეთ იცის, რას იწონის, ერთი შეხედვით, ფარატინა ფურცელი, რამდენი
ხარის ძალაა საჭირო იმ ფურცლის «მოსახნავად», რამდენი უსასრულო საათია ერთ მწერლურ ღამეში და, საერთოდ, «რატომ ევნო და ეწამა» ამდენს მწერალი, რაც მთავარია, საკუთარი სურვილით, ყოველგვარი გარანტიის გარეშე. ასე რომ, მკითხველში სრულებითაც არ
ვგულისხმობ ეგრეთ წოდებულ «ფართო მკითხველს», რომელიც, პირადად მე, ხიფათის შემაწუხებელ შეგრძნებას მიჩენს და არა გულისხმიერების, სათნოების, მიმტევებლობის, არამედ
მხოლოდ და მხოლოდ უსახო და უსახელო სიმრავლის სინონიმად წარმომიდგება. სიმრავლეს კი ყველაფრის თავის ჭკუაზე მოქცევა ახასიათებს – თუნდაც იმავე მხატვრული ნაწარმოებისა – ეს კი, დამეთანხმებით, კარგს არაფერს უქადის საერთოდ ლიტერატურას. ამიტომ
უკეთესიცაა, თუკი მწერალს მუშაობისას არც კი გაახსენდება «ფართო მკითხველი», არც იმის
მოთხოვნებს გაითვალისწინებს და არც იმის საეჭვო გემოვნებას – «ფართო მკითხველის» დამოკიდებულება ლიტერატურისადმი ხომ უაღრესად ეგოისტურია, ის მხოლოდ იმას ეძებს
წიგნში, რისი შემჩნევაც შეუძლია, რაზედაც უკვე გააჩნია საკუთარი, შეურყეველი აზრი და
რაც იმ წუთას, მხოლოდ და მხოლოდ დროის იმ მონაკვეთში რაღაცნაირად შეესაბამება მის
გუნება-განწყობილებას. ლიტერატურა აღმზრდელია და არა მაამებელი. ასეთი იყო და ასეთად დარჩება ყოველთვის. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს ლიტერატურის შემქმნელ ხალხს მასწავლებლობის ანდა ყოვლისმცოდნეობის პრეტენზია გააჩნდეს. ლიტერატურა ზრდის უმთავრესად მაგალითის მეშვეობით (რაც მე აღზრდის საუკეთესო საშუალებად მიმაჩნია), რასაც ცხოვრებაში ჩავდივართ, ის ლიტერატურაში წინ დაგვიხვდება ხოლმე.
ყველა შეცდომა, ყველანაირი საქციელი, ყოველგვარი სულიერი თუ ხორციელი განცდა, რაც
რომანებშია აღწერილი, ჩვენს მიერვეა უთვალავჯერ ჩადენილიცა და განცდილიც. მაგრამ მათი შემჩნევა და დამახსოვრება და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყველასათვის თვალშისაცემი ფერით გადაღებვა მხოლოდ და მხოლოდ მწერლური ნიჭის თვისებაა. ნიჭი კი, როგორც მოგეხსენებათ, თანდაყოლილი არსებობს მხოლოდ და მწერლის პირად დამსახურებად ვერ ჩაითვლება. მწერლის დამსახურებაა ამ თვისების კიდევ უფრო განვითარება-გამძაფრება თვითგანათლების, თვითგამორკვევისა და თვითგვემის მეშვეობით. სხვა გზა არ არსებობს იმ განსაკუთრებული, მწერლური ცოდნის მისაღებად, რომელსაც ძალუძს ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერი საქციელი საყოველთაო მაგალითად აქციოს, ხოლო თავად მწერლის სახეს «ყოვლისმცოდნის» იერი შემატოს ჩვენს თვალში. და მაინც, მწერლის ფუნქცია
წიგნის დაწერით ამოიწურება. გაუშვებს რა ხალხში, მერე ვეღარაფრით მიეხმარება თავის ნაშიერს. ასე რომ, რასაც მკითხველი აიღებს წიგნიდან, მთლიანად მისი დამსახურებაა, ხოლო
თუ ვერაფერს იპოვის ასაღებს, ესე იგი წიგნი თავიდანვე მკვდარი დაბადებულა და ამაზე
მხოლოდ «მშობელმა», ანუ მწერალმა უნდა აგოს პასუხი, რასაკვირველია, საკუთარ თავთან,
რადგან მკითხველისგან, სხვა რომ არ ვთქვათ, უსამართლობა იქნება, ბრალი დასდოს მწერალს «შეგნებულ მკვლელობაში» – გინდოდა და იმიტომ გამოგივიდა ასეთი უფერული,
უსისხლხორცო, ღატაკი და არაფრისმთქმელი რომანიო.
სამაგიეროდ, ყველა კარგი რომანი საერთაშორისო დღესასწაულია, დედამიწის რომელ
კუთხეშიც არ უნდა დაიბადოს ის, ყველა ჩვენგანის საკუთრებაა. ერთ კარგს წიგნს საოცრად
დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ნებისმიერ ლიტერატურაზე, გინდაც მიუწვდომელი
იყოს ჩვენთვის, ენობრივი ან სხვა, ძნელად გადასალახავი დაბრკოლების გამო. ის მაინც მოქმედებს, მაინც ავრცელებს თავის მაგიურ ძალასა და ენერგიას, იმიტომ რომ არსებობს და
იმიტომ რომ ესაა მისი თვისებაცა და დანიშნულებაც. ზოგიერთი ხალხის ადათ-წესების მიხედვით, ყველა ოჯახი ვალდებულია, თავისი დამარხული განძი ჰქონდეს, რომელსაც ვერც
ამოთხრის და ვერც მოიხმარს ყველაზე დიდი გაჭირვების დროსაც კი – მიწაში დამარხული
სიმდიდრე, უკვე მხოლოდ თავისი, თუნდაც ხელშეუხებელი არსებობით, გაცილებით მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, ვიდრე თუნდაც შიმშილის მოკვლაა, ანდა სიშიშვლის დაფარვაა – ის იმედს უნარჩუნებს პატრონს და ამით არსებობასაც უხანგრძლივებს – მთელი
ცხოვრების მანძილზე შველის და არა მხოლოდ უაღრესი გაჭირვების ჟამს. ასეა კარგი წიგ-
ნიც. ყველა კარგ წიგნში, იმაშიც კი, რომელიც ჯერ კიდევ არ წაგვიკითხავს, იმალება ის ძალა,
რწმენა და იმედი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ უფრო თავდაჯერებულად
და თამამად. კარგი წიგნი ისევე ახდენს ჩვენზე ზეგავლენას, როგორც მთვარე – ზღვებზე. და
ჩვენც ვემორჩილებით ამ ზეგავლენას, რადგან არ შეგვიძლია არ დავემორჩილოთ – ის ჩვენი
სულის მიმოქცევას იწვევს და, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი შესაძლებლობების შეგრძნებაში
გვეხმარება. ამის შეგრძნება კი, თავისთავად ცხადია, გვაიძულებს განუწყვეტლივ ველოდებოდეთ კიდევ ერთი ახალი რომანის დაბადებას. მოლოდინი, ბუნებრივია, თავის მხრივ, შიშსა და ეჭვსაც გვიჩენს, რისი გამოძახილიცაა ალბათ თეორეტიკოსთა გაუთავებელი მსჯელობები რომანის ბედზე, საერთოდ მისი ყოფნა-არყოფნის თაობაზე. რომანი შედარებით ახალგაზრდა ჟანრია, მაგრამ უკვე რამდენჯერმე ამოუწურავს თავისი შესაძლებლობები, ის კი არა,
ამ ცოტა ხნის წინ, საერთოდ გაქრობის პირამდეც მისულა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს უფრო
ლიტერატურული ცხოვრების მესვეურთა მიერ ატეხილი განგაში იყო, ვიდრე ცხოვრებისეული სინამდვილე, თუნდაც დასაშვები სინამდვილე. უბრალოდ, ჩვენ, მკითხველებს, მომლოდინეებს, მოთმინება გვიმტყუნებს ხოლმე, ანდა, როგორც სხვა ყველანაირი ამქვეყნიური სიამე, კარგი რომანიც ბევრი გვინდა, თანაც – ერთბაშად. მაგრამ ბუნება, რომლის განუყოფელი
ნაწილიცაა ლიტერატურა, სრულებითაც არ ექვემდებარება ჩვენს სურვილებსა და მოთხოვნებს, არც ჩვენს გამოთვლებსა და ვარაუდებს; ჩვენი ვარაუდითა და გამოთვლებით, ყოველ
ათ წელიწადში ახალი და ახალი სასწაულები უნდა ხდებოდეს ლიტერატურაში. მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასე არ არის. ათი წელი ძალიან ცოტაა. ნებისმიერი ლიტერატურული სიახლე გაცილებით შორეული წარსულიდან იღებს სათავეს, ვიდრე ერთი შეხედვითა ჩანს. დიდხანს, წლებისა და შეიძლება საუკუნეების მანძილზე მზადდება ხალხის სულიერი ცხოვრების წიაღში გინდაც სულ უმნიშვნელო ნაპერწკალი, მოულოდნელად რომ გაიელვებს ხოლმე ჩვენი ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე. ლიტერატურული მოსავლის წინასწარ დაგეგმვა ყოვლად შეუძლებელია, ყოვლად გაუმართლებელიც. მხატვრულ ნაწარმოებს, ამ შემთხვევაში რომანს, უყვარს, როცა ელოდებიან, როცა მისი სჯერათ და არავითარ პირობებს არ ახვევენ თავზე რწმენისა და მოლოდინის სანაცვლოდ. რომანი, თუკი შეიძლება
ერთი წუთით მისი ცოცხალ არსებად, ადამიანად წარმოდგენა, ბუნებით მოგზაურია, მოხეტიალეა, ხიფათების მაძიებელია, ოდისევსია, რომელსაც თავისი პენელოპეც უნდა ჰყავდეს,
აუცილებლად რომ დაბრუნდეს როდისმე შინ (ჩვენთან). პენელოპე ამ შემთხვევაში ჩვენა
ვართ, მკითხველები, ლიტერატურის მოყვარულნი, ის ხალხი, ვისაც გვაღელვებს და გვაინტერესებს რომანის ბედი. მაგრამ განა ყველა ჩვენგანს შეუძლია პენელოპეს მსგავსი მოლოდინი? საკმარისია, ოდნავ დაუგვიანდეს ჩვენთვის მეტნაკლებად მისაღებ, მეტნაკლებად საინტერესო რომანს – მოლოდინიც მაშინვე გაგვიქრება და სიყვარულიც მაშინვე, სიძულვილით თუ არა, გულგრილობით აუცილებლად შეგვეცვლება. დაუფიქრებლად, დაუნანებლად
დავუსვამთ ჯვარს ჩვენი მოლოდინის გამწბილებელს, უძლურებას დავწამებთ, მკვდრად გამოვაცხადებთ, ის კი არა, საერთოდ მშობლიურ ლიტერატურაზეც აგვიცრუვდება ხოლმე გული და ჩვენი ინტელექტუალური შიმშილის მოსაკლავად სხვაგან დავეძებთ იმას, რამაც საკუთარ ჭერქვეშ არ გაგვიმართლა. მოლოდინი იცვლება ძიებით. მსგავსი «ძიების» გამოხატულებად მიმაჩნია ამ ბოლო წლებში ეგზომ გახმაურება «ლათინურ-ამერიკული რომანისა». ამ
საკითხთან დაკავშირებით ბევრი ითქვა და დაიწერა ჩვენშიც, მაგრამ გარკვევით ბევრი არაფერი გარკვეულა. ჟურნალმა «ლატინსკაია ამერიკამ» სპეციალური დისკუსიაც გამართა და
რამდენიმე ნომერი დაუთმო ამ დისკუსიის მასალების გამოქვეყნებას. სხვათა შორის, მეც გამოვთქვი ჩემი მოკრძალებული აზრი და თუკი მკითხველი არ გამიწყრება, ახლაც იმავეს გავიმეორებ, რამდენადაც ამ ხნის განმავლობაში არც ახალი აზრი გამჩენია და არც ძველი შემ-
ცვლია. დიახ, ახლაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გარსია მარკესის გამოჩენამდე არავის
მოუვიდოდა აზრად, მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენად გამოეცხადებინა «ლათინურ-ამერიკული რომანი», მიუხედავად იმისა, რომ, დავუშვათ, ჟორჟი ამადუს რომანებშიც მძლავრად სცემდა იქაური ეგზოტიკური ცხოვრების ძარღვი. მით უფრო, არავის მოუვიდოდა აზრად, «ლათინურ-ამერიკული რომანის» გავლენა, მე ვიტყოდი, ელვისებური გავლენა, ეძებნა
ისეთ შორეულ რეგიონებში, როგორიცაა, ვთქვათ, საქართველო. «ლათინურ-ამერიკული რომანის» ასეთ ამაღლებას, ჩემი აზრით, საფუძვლად დაედო მოულოდნელობით გამოწვეული
გაოცება – ძნელი დასაჯერებელი გახდა უცებ, იმავე ლათინურ-ამერიკულ რომანთან რომ
ჰქონდათ საქმე, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ, მარკესის გამოჩენამდე, ნახევრად წაუკითხავს
გადავდებდით ხოლმე გვერდზე, ანდა, თუკი მაინც ვკითხულობდით, კიდევ ერთხელ
ვრწმუნდებოდით, რა პატარა ადგილი ეკავა იქ ნამდვილ, პროფესიულ ლიტერატურას, როგორი ნედლი და დაუმუშავებელი იყო ფოლკლორულ-მითოსური საწყისი. მარკესის დამსახურება სწორედ ამ საწყისის დაძლევა და მისი ორიგინალური მეტამორფოზაცია გახლავთ.
მარკესმა თავისი მშობლიური მხატვრული სამყარო, გაჩენის დღიდან ძვირფასი და შესისხლხორცებული მეტაფორების გალაქტიკა (მსგავსად სხვა ლიტერატურული გალაქტიკებისა)
ახლებურად გადაალაგა, გადააჯგუფა, გადაახალისა. მან არამარტო გაიზიარა, არამედ თავის
შემოქმედებით მეთოდად აქცია ევროპული რომანის გამოცდილება. მისი მხატვრული სამყაროს ინტერიერი აშკარად ევროპულია. მარკესმა პირველმა გადმოაბიჯა მოჯადოებული წრიდან, ანუ ეგზოტიკური სოციალურობის სამყაროდან პირველი შემობრუნდა ჭეშმარიტი ლიტერატურის საუფლოსკენ. მოკლედ რომ ვთქვათ, მან ერთადერთი სწორი გზა აღმოაჩინა და
ეს უკვე მისი უდიდესი დამსახურებაა მშობლიური ლიტერატურის წინაშე. ასე რომ, მარკესამდე ლათინურ-ამერიკული რომანი, მიუხედავად აშკარა უფერულობისა, გაცილებით
თვითმყოფადი იყო, ვიდრე მარკესის მერეა. რასაკვირველია, მარკესი დიდი მწერალია, რასაკვირველია, იმის ძალაც შესწევს, არათუ მშობლიური, არათუ კონტინენტური, არამედ საერთოდ მსოფლიო ლიტერატურის პრესტიჟი გაზარდოს, მაგრამ ეს მაინც არავის არ აძლევს
ნებას, ყველაფერი, რაც კი ამ ბოლო ხანებში შეიქმნა მსოფლიოს მასშტაბით, ხელოვნურად
შექმნილი ფენომენის, ანუ «ლათინურ-ამერიკული რომანის» გამოძახილად მიიჩნიოს. მე ამ
რომანებს, რომლებიც, თითქოს «ლათინურ-ამერიკული რომანის» გავლენით, ლამის ერთდროულად მოევლინენ ქვეყანას (ვგულისხმობ მარკესის რომანებსაც), იმ კოცონებს შევადარებდი, ოდესღაც, შორეულ წარსულში, საგუშაგო კოშკებზე რომ აინთებოდნენ ხოლმე ერთმანეთის მიყოლებით და ასე, თვალის დახამხამებაში, აუწყებდნენ მთელ ქვეყანას რაღაც
უაღრესად მნიშვნელოვან ამბავს – ძირითადად, მტრის შემოსევას – საერთო, საყოველთაო
უბედურებას. რა თქმა უნდა, ეს პოეტური მსჯელობაა, მაგრამ იქნებ მართლა შეიძლებოდეს
ფსიქოლოგიური ხიდის გადება, ფარული, ძლივსგასარკვევი ნათესაობის აღმოჩენა ამ ორ
«გამაფრთხილებელ ნიშანს» შორის. რომანიც ხომ თავისებური კოცონია, თავისებურად მაუწყებელი რაღაცისა?! თუკი კრიტიკოსები არ ამიჯანყდებიან, პირადად მე, «ლათინურ-ამერიკულ რომანსაც» (ვგულისხმობ ძირითადად მარკესის რომანებს) და «გავლენით შექმნილ»
სხვა რომანებსაც – «საგანგაშო რომანად» მოვნათლავდი. ისინიც ხომ თითქმის ერთმანეთის
მიყოლებით აენთნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე «ჩამორჩენილ» და «მიყრუებულ» უბნებში, როგორიცაა თუნდაც იგივე
კოლუმბია, და აენთნენ არცთუ მთლად დალხინებულ ეპოქაში, ეპოქაში, როცა მთელს დედამიწაზე არ მოინახება ისეთი წერტილი, დაცული რომ იყოს მოსალოდნელი კატასტროფისგან, არ მოინახება ლერწმისა თუ თოვლის ქოხი, რომლის ბინადრებსაც გარანტირებული
ჰქონდეთ ხვალინდელი დღე. ასე რომ, შეიძლება მართლა აღმოჩნდეს სიმართლის ნატამალი
ამ პოეტურ მსჯელობაში. ერთადერთი მსგავსება (გარდა იმისა რომ, ყველა თავისებურად
კარგია), რაც ზემოთ ნაგულისხმებ რომანებს ახასიათებს, ეს არის თავგანწირული, ლამის ფიზიკურ ტკივილში გადაზრდილი სწრაფვა საერთაშორისო ასპარეზისკენ. ამ რომანებში ყველაფერი თითქოს უცხო თვალისთვისაა განკუთვნილი, იმისთვის, ვისთვისაც, გეოგრაფიული თუ კიდევ სხვა დაბრკოლებათა გამო, იქაური ამბები უცხოა და მიუწვდომელი. ეს არის
ჟინი საკუთარი მეობის წარმოჩენისა, სხვათა ყურადღების მიპყრობისა, და არაფერია ამაში
გასაკვირი: დღეს, ატომის ეპოქაში, როცა მანძილის ცნებაც დაკნინებულია და დროისაც, გაცილებით ძნელია, გაცილებით მძიმეა ქვეყნის მიყრუებულ კუნჭულში ცხოვრება – იმის შეგრძნება, არაფერს რომ წარმოადგენ დანარჩენი სამყაროსთვის, რადგან არაფერი იცის შენს შესახებ დანარჩენმა სამყარომ. ღმერთმა დაიფაროს და, ატომური კატასტროფის შემთხვევაში,
რასაკვირველია, შენც სხვებთან ერთად დაიღუპები, მაგრამ უბედურება სწორედ ისაა, შენს
გარდა არავის რომ ეცოდინება ეს ამბავი. ისიც არ ეცოდინებათ, იყავი თუ არა საერთოდ, და
თუ იყავი, რას წარმოადგენდი, დასანანია თუ არა შენი დაღუპვა, დამსახურებულად იცხოვრე ბნელში თუ დანარჩენი სამყარო უსამართლოდ იყო მკაცრი და გულგრილი შენს მიმართ.
ეს უაღრესად ტრაგიკული მდგომარეობაა სულისა, როდესაც ის არყოფნას კი არ უჯანყდება,
არამედ – არცნობას. ეშინია, არ გაქრეს შეუცნობელი. მსგავსი შიში საერთოდ დღევანდელი
ყველა ლიტერატურისთვისაა დამახასიათებელი, დიდი იქნება თუ პატარა, ცნობილი თუ
უცნობი – საერთაშორისო, საკაცობრიო მოვლენაა და ამიტომაც გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალკე აღებული, რომელიც გნებავთ, რომანი – ლათინურ-ამერიკული, ამერიკული, ინგლისური, რუსული, გერმანული, ფრანგული, იაპონური თუ ესპანური...
მაგრამ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. სჯობს, ისევ თანამედროვე რომანს მივუბრუნდეთ. თუმცა, ჯერ იმაზე უნდა შევთანხმდეთ, თუ რას ვგულისხმობთ თანამედროვე რომანში, რადგან ყველაფერი, რაც დღეს იქმნება, თანამედროვე როდია. ამავე დროს, ბევრი ადრინდელი, გუშინ თუ გუშინწინ დაწერილი რომანი ჩემთვის უაღრესად თანამედროვეა და არა
მხოლოდ გამოხატვის მეთოდითა თუ საშუალებებით, არამედ გამოსახატი საგნის, ხასიათისა
თუ მოვლენის გასაოცარი სიმძაფრით, სიცხოველით. მაგრამ რატომ არიან ერთნი თანამედროვენი და რატომ არ არიან მეორენი?! აი, ეს არის სწორედ ყველაზე ძნელი გამოსათქმელი.
ვერაფერი გამოსავალია, მაგრამ ერთხელ კიდევ უნდა აღვნიშნო, მაინცდამაინც ანგარიშგასაწევი რომ არ არის ჩემი თეორიული მოსაზრებები; იმდენად ცუდი თეორეტიკოსი გახლავართ, ჩემივე ნაწარმოებების გაანალიზებაც კი მიჭირს. უფრო მეტიც, ბევრი რამე, რაც წერის
დროს დღესავით ნათელია ჩემთვის, მუშაობის დამთავრების შემდეგ მიუდგომელ, ამოუხსნელ რებუსად იქცევა ხოლმე. ამიტომ, მე მგონი, მართლა არსებობს რაღაც მაგიური ძალა,
რომელიც წარმართავს მწერალს, და მაინც შევეცდები, გამოვთქვა ჩემი არც მთლად მყარი და
არც მთლად სრულყოფილი მოსაზრება «თანამედროვეობის» გაგებასთან დაკავშირებით.
ერთი ქართველი მწერლის გამონათქვამით რომ ვისარგებლო, დღევანდელ ლიტერატურას და საერთოდ ხელოვნებას იმდენად ადამიანის ცხოვრება აღარ აღელვებს, რამდენადაც
ადამიანის ბედი. მართლაც, ამბავს, ანუ ცხოვრების აღწერას, დღეს არა აქვს გადამწყვეტი
მნიშვნელობა – სიკვდილიც სიცოცხლის ნაწილად აღიქმება, იმ დიდი სიცოცხლისა, რომელიც, აწესრიგებს და აზრს აძლევს ადამიანის ყოველდღიურ ყოფას, აჩენს იმედს, რომელიც
თავის მხრივ, ადამიანური ვნებების მარადიულობას იცავს და ამით, უპირველეს ყოვლისა,
გვიდასტურებს მათ ნამდვილობასა და შეუცვლელობას. ადამიანის ბედი დღეს გაცილებით
მეტ და ფართო მასშტაბის მოვლენებზეა დამოკიდებული, ვიდრე თუნდაც გუშინ კლასიკურ
ლიტერატურაში იყო. დღევანდელი რომანის გმირები, განაგრძობენ რა ლოკალურ გარემოში
ცხოვრებას, მსგავსად, დავუშვათ, დიკენსის გმირებისა, უკვე სისხლხორცეულად არიან
დამოკიდებულნი მსოფლიო მოვლენათა განვითარებაზე და არა, ვთქვათ, რომელიმე საპატიმროს ზედამხედველისა თუ რომელიმე კანტორის მეპატრონის გუნება-განწყობილებაზე.
ერთგვარად შეიცვალა დროისა და სივრცის კატეგორიებიც, უფრო სწორად, შეიცვალა ჩვენი
წარმოდგენა დროსა და სივრცეზე. ამავე დროს, ცხოვრების აჩქარებულმა რიტმმა, თავისთავად, მეტი ემოციური დატვირთვა მიანიჭა მოვლენებს, რომლებიც გუშინ ჩვეულებრივად და
უინტერესოდაც კი გვეჩვენებოდა. ადამიანი აღმოჩნდა სამყაროს პირისპირ – ადამიანსა და
ბუნებას შორის გაბმული ფარდა ჩამოიხსნა და იქამდე არარსებული სცენის მოულოდნელმა
სიცარიელემ და სიცივემ, ცოტა არ იყოს, შეგვაკრთო და გაგვაოგნა. მაგრამ, საბედნიეროდ, ეს
ერთადერთი ფარდა არ იყო ჩვენი და ბუნების გამთიშავი, რადგან პირველი დღიდან მოყოლებული, ყველა თაობა მხოლოდ ერთ ფარდას აშორებს იმ საიდუმლოს, რომელიც სამყაროს
არსებობის მთავარ აზრს მალავს და რომელსაც ყველა შემოქმედი თანდათანობით უახლოვდება. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, თითქოს შესაძლებელი იყოს, ოდესმე საბოლოოდ აეხადოს ფარდა ამ საიდუმლოს. მადლობა ღმერთს, ბუნება მდიდარია და მსგავსი
ფარდები არ დაელევა. საბოლოოდ ამოხსნილი სამყარო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუკი იქ ადამიანი აღარ იცხოვრებს. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი თავისი არსებობით ყოველ წამს ახალი და ახალი საიდუმლოთი ავსებს სამყაროს და, აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო ძნელად ასახსნელს ხდის თავისთვის, ანუ – კიდევ უფრო იხანგრძლივებს არსებობას ამ სამყაროში. აი, ასეთი ადამიანი მიმაჩნია დღევანდელი მწერლობის
კვლევის საგნად. ასეთი ადამიანის შეცნობის გზაზე დღითი დღე იზრდება და მდიდრდება
რეალიზმის, როგორც მეთოდის, მნიშვნელობაც, რამდენადაც ადამიანის სულის საიდუმლოთა ამოხსნა მხოლოდ რეალიზმს თუ შეუძლია. მაგრამ ამ მეტად მძიმე და საპატიო ამოცანის
შესასრულებლად მწერალს უფლება აქვს ისარგებლოს ყველა არსებული მეთოდით, ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, დღეს ესოდენ გახმაურებულსა და ლამის მოდად ქცეულ, ეგრეთ წოდებულ «მითოლოგიურ მეთოდსაც». აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემთვის მითი ჭეშმარიტების
შეცნობის ერთ-ერთი საშუალებაა და მეტი არაფერი. მაგრამ მაინც უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან მითის შემქმნელი და შექმნილი მითის გამომყენებელი მწერლობა. თუმცა, არც მეორე შემთხვევაა დანაშაული, მით უფრო – ბოროტება. გამოყენება სრულებითაც არ ნიშნავს
გამეორებას. ასე რომ, რაღაც ახალი მაინც იქმნება, ანტიმითი მაინც, ანუ – არსებულისადმი
დაპირისპირებული, კონტრასტული ხასიათი. და მაინც, მთავარია, ყოველთვის ნათლად ვიცოდეთ, როცა ასეთ საკითხებზე ვლაპარაკობთ, ნამდვილ მწერალთან გვაქვს საქმე თუ ეპიგონთან. ეპიგონი, ეტყობა, მოუშორებელი თანამგზავრია ლიტერატურისა და ალბათ რაღაცით საჭიროც, მაგრამ უფრო ხშირად მხოლოდ და მხოლოდ ბოროტება მოაქვს მისივე შემქმნელი ლიტერატურისთვის. ეპიგონს ხომ ცხოვრების ზედაპირზე ამოტივტივების ჟინი
ამოძრავებს და არა ადამიანის სულის სიღრმეთა წვდომის სურვილი. ამიტომ, ადგილი რომ
მოიპოვოს ცხოვრების ზედაპირზე, პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გააუფასუროს თავის
გარშემო. სიმაღლეთა დამდაბლება ეპიგონობის მთავარი თვისებაა. რასაც არ უნდა შეეხოს,
ყველაფერი მაშინვე კარგავს თავის პირველყოფილ მომხიბვლელობასაც და მნიშვნელობასაც.
სამწუხაროდ, ლიტერატურული კრიტიკა ზოგჯერ, უნებურად, ანდა ჩემთვის ძნელად ასახსნელი მიზეზის გამო, თვალს უხუჭავს ეპიგონების მომრავლებას; ის კი არა, თავისი ნაჩქარევი დასკვნებითა და სუბიექტური მოსაზრებებით ხელსაც უწყობს დროებითი პოზიციების
დაპყრობაში. მაგრამ ლიტერატურული ნაწარმოები, თუნდაც მთელი ლიტერატურა, რომელიც საკუთარ ეპიგონებს შეეჭმევინება, არც თანაგრძნობის ღირსია და არც დაცვისა. მაგრამ
ეპიგონებთან ბრძოლის ლოზუნგით, ვთქვათ, მითოლოგიასაც თუ შევებრძოლეთ, ამით მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურა დაზარალდება ისევ. ეს იგივე იქნება, ალკოჰოლიზმის მო-
სასპობად ჯერ ვენახები მოვსპოთ. ასეთსავე სამწუხარო შედეგს მივიღებთ, თუკი ლიტერატურიდან, ეპიგონების შიშით, მითოლოგია განვდევნეთ. თუმცა, ეს შეუძლებელია ალბათ,
რამდენადაც ყველა დროის ჭეშმარიტ შემოქმედს მითოსის წიაღიდან თავისი საკუთარი, ახალი მითი ამოაქვს. საკუთარი მითის შექმნა ახალი მოვლენა არ არის ლიტერატურაში – ხდებოდა და ახლაც ხდება. მომავალშიც ასე იქნება ალბათ, რამდენადაც ყველა მწერლის ფარული ოცნებაა, შექმნას საკუთარი მითოლოგია, ანუ თავისი «ადამიანური კომედია». რასაკვირველია, მეც მაწუხებს მითოლოგიზმებით დატვირთული პროზაული ნაწარმოებების აუტანელი სიმრავლე, მაგრამ ნუგეშად თუ გამოგვადგება, ისინი მაინც არ ქმნიან ამინდს ლიტერატურაში. ან ჩვენ ვაქცევთ გადამეტებულ ყურადღებას, ან, როგორც უკვე ვთქვი, ნებსით თუ
უნებლიეთ, ჭეშმარიტ ლიტერატურაში ვურევთ. ამიტომ, რაც უფრო მალე გამოარჩევენ ამ სარეველას ნამდვილი ყანიდან, მით უკეთესი. მაგრამ ეს მწერლის საქმე აღარ არის. მწერლის
საქმეა, ყოველთვის იდგეს ლიტერატურის მხარეზე, ანუ – რაც შეიძლება ნათლად გამოხატოს თავისი პოზიცია და რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს იგი. ლიტერატურის მხარეზე ყოფნა, ფაქტობრივად, ადამიანის მხარეზე ყოფნას ნიშნავს. ადამიანს კი ყოველთვის დასჭირდება მხარდაჭერა, რწმენა, სილამაზე, სისუფთავე – ყველაფერი, რასაც ჭეშმარიტი ლიტერატურა იძლევა. ლიტერატურა უკვდავია, რამდენადაც თავად ადამიანია უკვდავი. უადამიანოდ არც ლიტერატურა არსებობს, ხოლო ულიტერატუროდ ადამიანი შემაძრწუნებლად ღატაკი და უშნოა. ამიტომ, მწერალს ყოველთვის სხვაზე მეტი მოეთხოვება და სხვაზე ნაკლები
ეპატიება – მისი ყოველდღიური გზა ადამიანის სულზე გადის და დაუფიქრებელი ნაბიჯით
შეუძლია გამოუსწორებელი სიავკაცე ჩაიდინოს – სული ატკინოს ადამიანს! ამიტომ, მწერალი განუწყვეტლივ უნდა გრძნობდეს პასუხისმგებლობას ყველაფრისათვის, რასაც ამბობს
და წერს. მწერლის სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მისი მრავალნაირად გაგება შეიძლება. მწერლის სიტყვაში ყველა თავისი მრწამსის გამართლებას დაეძებს
და, თქვენ წარმოიდგინეთ, პოულობს კიდეც. მწერლის მიერ შექმნილ სამყაროს ურთიერთგაგების სურვილი და თანადგომის მოთხოვნილება მართავს და სწორედ ეს არის ლიტერატურის (რა თქმა უნდა, დღევანდელი ლიტერატურისაც) ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა –
აიძულოს ერთი ადამიანი, გაუგოს მეორეს. მწერლები ერთ უღელში შებმული ხარებივით
არიან და მწერლური მოვალეობის აღსრულების ჟამს არავითარი განსხვავება არ არსებობს
სახელმოხვეჭილსა თუ ნაკლებად ცნობილ მწერალს შორის – მთავარია, საერთო ძალითა და
მონდომებით თუნდაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას წინ, ვიდრე ახალი ცვლა გამოჩნდებოდეს. სამუშაო კი ჯერ კიდევ ბევრია, უფრო სწორად, ამოუწურავია, რადგან ყოველი ადამიანი მთელი სამყაროა თავისი საიდუმლოებებით, ვნებებით, სტიქიით, მთელი თავისი განუმეორებელი წუთისოფლით. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვით, მწერლობამ და მისმა მსახურმა მწერალმა, უპირველეს ყოვლისა, ერთობა უნდა ეძებოს ადამიანებს, ხალხებს შორის, რომლებიც ერთი დედის შვილები არიან და აღარ ახსოვთ (სხვათა შორის, დედამიწა ალბათ იმიტომაცაა მრგვალი, თანასწორუფლებიანობის შეგნება რომ განუმტკიცოს მასზე მცხოვრებ
ხალხებს); ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ და ვერ ამჩნევენ – ერთი ცა ახურავთ თავზე, რომელიც,
მართალია, სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ელფერისაა, მაგრამ მაინც ყველგან ცაა. მწერალი ყოველდღე უღებს კარს ამ შეგნებას. რასაკვირველია, მან თავიდანვე იცის, რატომ იქცევა
ასე, მაგრამ არ იცის, რას მიაღწევს, რა გამოვა ბოლოს. მუშაობის პერიოდში ბევრი რამ იცვლება, საერთოდ იკარგება, ანდა ისე გარდაიქმნება ხოლმე, როგორც ქალის სახე და სხეული
ფეხმძიმობის ჟამს, როცა საკუთარი თავი თვითონვე ვეღარ უცვნია სარკეში. ეს ბუნებრივი
ფერისცვალებაა და, ფეხმძიმე ქალისა არ იყოს, მწერალიც გუმანითა გრძნობს ალბათ, წინააღმდეგობის გაწევა ხეირს ხომ არ დააყრის. ხოლო, დაამთავრებს თუ არა სამუშაოს, დასვამს
თუ არა ბოლო წერტილს, საკუთარი ნამოღვაწარით გაოცებულს, ეჭვიც არ ეპარება, სწორედ
ამის დაწერას რომ აპირებდა თავიდანვე. დედასაც ზუსტად ასე აოცებს ახალშობილი ჩვილი,
მაგრამ ის მისთვის ერთადერთი შესაძლებელი და ერთადერთი სასურველი ვარიანტია. სხვანაირს ვეღარც კი წარმოიდგენს.
ასე რომ, მწერლის მოვალეობაა აღქმა და ათვისება ცხოვრებაში (და არა ლიტერატურულ
ცხოვრებაში) განუწყვეტლივ მიმდინარე პროცესისა, განცდა და გაანალიზება ცხოვრებისეული ვნებებისა (და არა ლიტერატურული ჟანრებისა), ადამიანური ტკივილებისა, მიზნებისა
და მისწრაფებებისა, რაც მაშინვე თუ არ აღინუსხა, მერე შეიძლება შეუძლებელიც კი გახდეს
მათი სამზეოზე გამოტანა – ამ თვალსაზრისით, რომანი ბიბლიური კიდობნის ასოციაციასაც
იწვევს ჩემში, რამდენადაც იმასაც სიცოცხლის, თუნდაც სიცოცხლის უმნიშვნელო ნაწილის
გადასარჩენად აგებს მწერალი, იგივე ნოე, რომლის თავგამოდებისა და, ზოგჯერ, თავგანწირვის ფასად, ვინ იცის, რამდენი ადამიანური სახე, ხასიათი, რამდენი ბუნების სურათი, ხუროთმოძღვრების ძეგლი თუ ადათ-წესი გადარჩენია სამუდამო გაქრობას, დავიწყების გათოშილ ზვირთებს, მხოლოდ იმიტომ, რომანში, იმავე კიდობანში, ადგილი რომ მიუჩინა მათ
მწერალმა ანუ მიწიერმა განსახიერებამ ბიბლიური ნოესი, რამდენადაც მწერლის მოწოდებაც
სიცოცხლის გადარჩენაა, მხოლოდ ამას, ამ უძნელესსა და უდიადეს საქმეს ემსახურება იგი
და ამიტომ სხვა აღარაფრისთვის აღარ რჩება დრო – ზის და თავის კიდობანს აკოწიწებს.
ცხოვრება განუწყვეტელი დინებაა და შეყოვნება, ერთ ადგილზე გაყინვა მისი ბუნებისთვის
უცხოა. აქედან გამომდინარე, არც მწერალს (ნოეს) დააყრის ხეირს ერთი ადგილის ტკეპნა და
ქვიშიდან ოქროს გამორჩევა. მწერლისთვის ცხოვრებისეულ შლამსა და ოქროს ერთი ფასი
აქვს, რადგან სახლმა (კიდობანმა), რომელსაც ის აშენებს, გარეგნული ბრწყინვალებით კი არ
უნდა გააოგნოს ამ სახლში მოხვედრილი კაცი, არამედ სულის სიღრმემდე უნდა შეძრას სახლში გამეფებული სიმდიდრისა და სიღარიბის, სინათლისა და სიბნელის, სისუფთავისა და
სიბინძურის განუწყვეტელი მონაცვლეობით, ანდა სულაც თანაარსებობით. ამ სახლში ყველას ერთნაირი თეფშით უნდა ჩამოურიგდეს ყველაფერი, რასაც, საერთოდ, ცხოვრების სიავკარგე ჰქვია.
მე, პირადად, შორსა ვარ იმ აზრისგან, თითქოს მწერალი ოქმის სიზუსტით აღნუსხავდეს
ყველაფერს, რაც მის გარშემო ხდება. ერთი დიდი მხატვრის სიტყვებით რომ ვთქვა, შემოქმედება საგნის ზუსტი ასლის გადმოღება კი არ არის, არამედ იმის გადმოცემა, რასაც ეს საგანი
ჩვენს გონებაში, ფიქრსა და წარმოდგენაში ტოვებს. ამიტომაც, არსად არ აისახება ხოლმე ისე
მძაფრად და შთამბეჭდავად ეპოქის სული, ხასიათი, ყველა მისი დამახასიათებელი ნიშანი
თუ თვისება, როგორც ჭეშმარიტი მწერლის შემოქმედებაში. მწერლის მიერ შექმნილი სინამდვილე გაცილებით ცოცხალი და გაცილებით საინტერესოა, რამდენადაც მისივე გულწრფელი განცდებით, თანაგრძნობით, თანადგომითა და ტკივილად ქცეული სიყვარულითაა გაკეთილშობილებული.
1986
შობა და გამოჩეკვა
(საერთო პასუხი მოსკოვის ცენტრალური ტელევიზიის კორესპონდენტის შეკითხვებზე)
თქვენ თუ მართლა გაინტერესებთ, რა გავლენა მოახდინა ჩემზე, როგორც მწერალზე, მშობლიურმა ლიტერატურამ და ისტორიამ, საერთოდ ქართულმა კულტურამ, დაუფიქრებლად
გიპასუხებთ, გადამწყვეტი-მეთქი. თუკი ჩემი შემოქმედება მართლა იმსახურებს მკითხველის ყურადღებას, მით უფრო, ასე დიდი მასშტაბით – ვგულისხმობ რუსულენოვან მკითხველს – თუკი ჩემი შემოქმედება არაქართველ მკითხველშიც იწვევს გარკვეულ ინტერესს,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 04
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.