Latin

ბედნიერი ტანჯული - 05

Total number of words is 3584
Total number of unique words is 1930
29.5 of words are in the 2000 most common words
41.4 of words are in the 5000 most common words
49.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
დავივიწყებთ რა წარსულს, იმავე წამს უგულვებელვყოფთ მომავალსაც. ამიტომ, უპირველეს
ყოვლისა, ის უნდა ვიცოდეთ, რანი ვართ, რა გვევალება, რა გვსურს და რამდენად შეესაბამება ჩვენი შესაძლებლობები ჩვენსავე სურვილს. ასევე აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, ანდა
წარმოდგენილი მაინც უნდა გვქონდეს, რანი ვიქნებით ხვალ, რა ცვლილებები შეიძლება განიცადოს ჩვენმა სულიერმა წყობამ საერთოდ ცხოვრებაში მიმდინარე ცვლილებათა შესაბამისად. არ შეიძლება ვცხოვრობდეთ დღეს და შეგნებული არ გვქონდეს ტექნიკური პროგრესის თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჩვენი არათუ დღევანდელი, არამედ ხვალინდელი
კეთილდღეობისთვისაც. არ შეიძლება დღესვე არ გვქონდეს გათვალისწინებული, რა დამანგრეველ ძალას შეიძენს ხვალ მასობრივი კულტურა, თუკი ერთხელ მაინც დავივიწყებთ,
პირველ რიგში პიროვნებას რომ უპირისპირდება იგი ჩვენს არსებაში და იოლად მოსაპოვებელი, სწრაფწარმავალი სიამოვნების საფასურად, ის სინათლე გააქვს ჩვენი სულიდან, გენივით რომ გადმოგვეცა წინაპრისგან, როგორც ყველა ჩვენგანის და, ამავე დროს, საერთო, საკაცობრიო სიმდიდრე, რომელსაც, ვინ იცის, რამდენი თაობა აგროვებდა ხელოვნების პირველი
და სამუდამო პატრიარქების მარადაულაგებელ, ბუნებასავით მდიდარ, ბარაქიან სუფრებზე,
სადაც, სხვა, ჩვეულებრივი სუფრებისგან განსხვავებით, ის სასმელ-საჭმელი რიგდება, მხოლოდ სულისთვის რომაა განკუთვნილი, სულიერი შიმშილისთვის, ოღონდ ამ შიმშილის მოსაკლავად კი არა – კიდევ უფრო გასამძაფრებლად, რადგან სწორედ გამძაფრებული სულიერი შიმშილი აძევებს ჩვენი არსებიდან მხეცს და იმის დანატოვარ სიცარიელეში, როგორც
ნაჩლიქარში წვიმის წყალი, ნელა, თანდათანობით დგება სინათლე რემბრანდტის ფუნჯისა,
ოპიზარის ჩუქურთმისა თუ მოცარტის ნათითარი კლავიშისა. ეს ის სახელებია, რომელთაც
ძალუძთ, კაცობრიობის მასობრივი სიბრმავის ჟამს, ბრაილის ანბანის ამობურცული წერტილების მაგივრობა გასწიონ და პირველადი ფერი, სურნელი და ჟღერადობა დაუბრუნონ
ისეთ აუცილებელ, ჰაერივით საჭირო ცნებებს, როგორიცაა კაცთმოყვარეობა, სათნოება, თანაგრძნობა, სიკეთე, სიყვარული...
როგორც ერთი ამერიკელი კომპოზიტორი შენიშნავს, «კონცერტი ქადაგება არ არის» და
მსმენელმა თვითონ უნდა იაზროვნოს, თვითონ უნდა გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
მაგრამ სათანადო დასკვნების გამოსატანად სათანადო აღზრდა, ცოდნა და კულტურაა საჭირო. იმასაც ამბობენ, თითქოს თანამედროვე მუსიკა დამღუპველად მოქმედებდეს ახალგაზრდობაზე, მაგრამ, ჩემი აზრით, ესეც ხელოვნურად შექმნილი ურჩხულია, რომელსაც არავითარი ზიანის მოტანა არ შეუძლია, თუკი შეგვეძლება სწორი ურთიერთობის დამყარება მასთან. ამით იმის თქმა მინდა, რომ ვერავითარი მანკიერება ვერ მოგვერევა, თუკი სულიერად
მზად ვიქნებით მის აღსაქმელად, მისი სიავკარგის გასაანალიზებლად. ეს, რასაკვირველია,
მეტად სერიოზული საკითხია და ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს ეხება, როგორიცაა სკოლა
და ოჯახი, საზოგადოება და სოციალური გარემო, ანუ ყველაფერი, რაც ამ ქვეყანაზე თვალის
გახელისთანავე ხვდება ყველა ახალ სიცოცხლეს და რაც, ბოლოს და ბოლოს, განაპირობებს
კიდეც მის მომავალს. ასე რომ, თითქმის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორი იქნება
ჩვენი ბავშვობა, რადგან ჩვენი სიბერე ჩვენს ბავშვობაშივე იდგამს ფეხს. ბავშვობაში ეყრება
საფუძველი იმ სულიერ ხერხემალსაც, რომლის სიმტკიცეც განსაზღვრავს ჩვენს პიროვნულ
თვისებებს, ჩვენი ადამიანურობის ხარისხს, ანუ, როგორც უკვე ვთქვით, გვაძლევს საშუალე-
ბას, სწორი ურთიერთობა დავამყაროთ, დავუშვათ, თანამედროვე მუსიკასთან, ტელევიზიასთან, მასობრივ სანახაობებთან...
სულიერი ხერხემალი, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ნებას აწონასწორებს, იცავს ჩვენს შინაგან წესრიგს და, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ყველა პირობას გვიქმნის, დაუფიქრებლად
არ დავაჭიროთ თითი თუნდაც იმავე ტელევიზორის ღილაკს, იქამდე გავიაზროთ, რა მოჰყვება ამას, ვიდრე ეკრანის მაცდურად მოლივლივე სინათლის ტყვეობაში ამოვყოფდეთ თავს.
ეს კი, მხოლოდ და მხოლოდ აღზრდაზეა დამოკიდებული, იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მომზადებული იქნება თანამედროვე ადამიანი თანამედროვე ცხოვრებისთვის.
აღზრდის ათასნაირი მეთოდი არსებობს და მათ შორის უკეთესის ამორჩევა ასე ერთბაშად,
რა თქმა უნდა, შეუძლებელია. მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ დღეს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ტრადიციას, ტრადიციის სწორ აღქმასა და გათანამედროვებას. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა ტრადიციას მუზეუმის საკუთრებად ვაქცევთ ხოლმე, რითაც თითქოს მისდამი უღრმეს პატივისცემასა და მოწიწებას გამოვხატავთ, რაც სრულებითაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან მუზეუმის ვიტრინებში ხავერდის ბალიშებზე
დასვენებული, ჰაერის განსაზღვრულ ტემპერატურაზე განსაკუთრებულად განათებული
ტრადიცია მკვდარია და არავითარი სიკეთის მოტანა აღარ ძალუძს; იმ მხატვარსა ჰგავს, რომელსაც ძველი დამსახურებისთვის გვირგვინი კი დაადგეს, მაგრამ ხატვა აუკრძალეს. ტრადიცია არამარტო ჩვენი გუშინდელი დღეა, არამედ ჩვენი მომავალიც, უფრო სწორად, მხოლოდ მისი მეშვეობით შევძლებთ ხვალინდელ დღეში გადასვლას ჩვენი მეობისა და ჩვენი
განსაკუთრებული სახის დაუკარგავად. ტრადიცია არამარტო გვასწავლის ცხოვრებას, არამედ გვავალდებულებს კიდეც, ვიცხოვროთ მისი მრწამსისა და შეხედულებების მიხედვით,
ანუ, იმიტომ კი არ ვიცოცხლოთ, რომ ვიარსებოთ, არამედ გარკვეული აზრის, გარკვეული
მიზნის, რწმენისა თუ ოცნების აღსრულებას მოვახმაროთ ჩვენი სიცოცხლე. ტრადიცია ეროვნულობის კვარცხლბეკია, ეროვნულობა კი – კულტურისა. ამიტომ ყველაფერი არატრადიციული ერთნაირად სახიფათოა სულისთვის, ზნეობისთვის, რამდენადაც, პირველ რიგში, სწორედ ეროვნულობასა და კულტურას უპირისპირდება. კლასიკური მუსიკა ეროვნულ თვითშეგნებას აღვივებს და აძლიერებს ჩვენში – ესაა კლასიკური მუსიკის დიადი უცნაურობა და
იმის ნათელი დადასტურებაც, უფრო სწორად, იმის მარადიული შეხსენება, ვერასოდეს რომ
ვერ შეიძენს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებას ეროვნულ ფესვებს მომწყდარი ხელოვნება.
სამაგიეროდ, ზოგადსაკაცობრიო სენად კი შეიძლება იქცეს, რასაც ისევ ეროვნულ ტრადიციასა და კულტურას თუ დავუპირისპირებთ მხოლოდ. ასე რომ, თუკი კაცობრიობას მართლა
უწერია დაღუპვა, მაშინ შეიძლება ერთი წამით ზოგიერთივით ჩვენც დავეჭვდეთ – ისევ
ატომური კატასტროფა ხომ არ სჯობს გადაგვარების, დეგრადაციის ამაზრზენი გზით გაქრობასო. მაგრამ, რასაკვირველია, ვიდრე პირში სული გვიდგას, ყველა ჩვენგანის უწმინდესი და
ალბათ უმძიმესი ვალია, სწორედ სიცოცხლის გადარჩენა, ამ ღვთაებრივი მადლის შენარჩუნება დედამიწაზე. სიცოცხლეზე ძვირფასი არაფერი გაგვაჩნია და, ამავე დროს, ის მარტო ჩვენი საკუთრება არ არის, ის უკვე გარდაცვლილთა და ჯერ დასაბადებელთა საკუთრებაცაა და
ოლიმპიური ჩირაღდანივით გადადის თაობიდან თაობაში, რათა ყველა ადამიანის სულზე
გავლით მარადისობაში გაიტანოს ადამიანური ტკივილი და სიხარული.
მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს სიცოცხლეს არ გააჩნდეს თავისი «ჩრდილოვანი მხარეები». რა დასამალია და, სიცოცხლე ამაზრზენიცაა, მტკივნეულიცაა, მწარეცაა, მძიმეცაა, გულქვაც, დაუნდობელიც, მკაცრიც, ძუნწიც, ხეპრეც, უსინდისოც... მაგრამ, ამავე
დროს, ვერც კი წარმოვიდგენთ, რამდენნაირი სიხარულის, შვების, სიამაყის, ბედნიერების
მონიჭება შეუძლია თანაგრძნობის ერთ სიტყვას, სიბრალულის ძლივს ჩაყლაპულ ცრემლს,
დაუნანებლად გაყოფილ ლუკმას, თავგანწირვის ნებისმიერ მაგალითს... ესეც სიცოცხლეა.
უფრო სწორად, ესეც და ისიც, ერთად, განუყოფლად, და ვაი იმას, ვინც სიცოცხლიდან მხოლოდ კარგის ამოკენკვას შეეცდება – სიცოცხლე როგორიცაა, ისეთი უნდა ჩაიხუტო გულში:
არც იმისმა სიმახინჯემ უნდა შეგაწუხოს და არც იმისმა სიბინძურემ, რადგან მხოლოდ სიმახინჯისა და სიბინძურის დაძლევით მივეახლებით მშვენიერებასა და სიწმინდეს. არ ყოფილა
ეპოქა, ერთხელ მაინც არ დაეჩივლოთ, ერთხელ მაინც არ ეთქვათ – ეს რა დრო დადგა, ქალი
ქალს აღარა ჰგავს და კაცი კაცსო. ესეც სრული ჭეშმარიტებაა და სიცოცხლის ძირითად თვისებას გამოხატავს. წეღან უკვე ვილაპარაკეთ, თუ როგორ იცვლის ხალხი სახეს დროისა და
ცხოვრების შესაბამისად. თავისთავად ცხადია, ადამიანიც ექვემდებარება ამ ფერისცვალებას,
ოღონდ, გუშინდელი კარგი ადამიანი დღეს ცუდ ადამიანად კი არ გვევლინება, გუშინდელი
ცუდი ადამიანი დღეს ცოტათი კიდევ უფრო ცუდი ადამიანია. ესეც სიცოცხლის თვისებაა,
პროგრესულად ზრდის თავის ნებისმიერ გამოხატულებას, რადგან მისთვის, ჩვენგან განსხვავებით, ყველაფერი თანაბრად ძვირფასი და თანაბრად მისაღებია, კარგიც და ცუდიც. ასე
რომ, პირველი ხულიგანი, ანუ, დამწყები ამ «მიმდინარეობისა», დღევანდელ ხულიგანთან
შედარებით, ალბათ მამა აბრამის ბატკანივით გამოჩნდებოდა, მაგრამ ისიც ისევე აღიზიანებდა თავის დროზე საზოგადოებას, როგორც დღევანდელი აღიზიანებს. ოღონდ, რასაკვირველია, ყველაფრის სიცოცხლისთვის გადაბრალება არ შეიძლება. სიცოცხლე თავისებურად იღვწის სრულყოფისთვის. საამისოდ ათასნაირად უცვლის სახეს ნებისმიერ არსებას, რომლის
მეშვეობითაც ისევ და ისევ საკუთარ თავს ასახიერებს მხოლოდ, რამდენადაც მისი მიზანია,
ბოლოს და ბოლოს, შექმნას ის საუკეთესო, საბოლოო მოდელი, რომელიც სხვებზე უკეთ მოერგება ნებისმიერ დროსა და გარემოს. მაგრამ ადამიანი მაინც განსაკუთრებული არსებაა.
მართალია, სიცოცხლისთვის ისიც ერთ-ერთი მოდელია, ანუ თავიდან იმასაც მხოლოდ
მსგავსის შექმნა და, აქედან გამომდინარე, სიცოცხლის გაგრძელება ევალებოდა, მაგრამ, შემთხვევით თუ შეგნებულად, სხვებისგან განსხვავებით, აზროვნების უნარიც გამოჰყვა დედის
მუცლიდან, რის გამოც, უბრალოდ, ვალდებულიცაა, ბევრ რამეზე თვითონვე აგოს პასუხი.
გაზეთების ზერელე გადაფურცვლაც საკმარისია (ვგულისხმობ მსოფლიოს ნებისმიერ
კუთხეში გამომავალ ნებისმიერი მიმართულების გაზეთს), მაშინვე თვალში გეცეთ ის შიში
და შეშფოთება, დღევანდელ ადამიანს რომ დაუფლებია. შეიძლება თამამად ითქვას, გილგამეშის შემდეგ პირველად იგრძნო მან ასე მძაფრად რეალური საფრთხე გაქრობისა, განადგურებისა; მიხვდა, რა იოლად შეიძლება აღსრულდეს, რაც ჯერ კიდევ გუშინ ვარაუდად, მოსაზრებად, ანდა სულაც პოლიტიკურ მუქარად აღიქმებოდა. ადამიანი, ბუნებრივია, დააფრთხო ამ აღმოჩენამ, შეაშინა, შიშმა კი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავისა და ხვალინდელი დღის რწმენა შეურყია. ხოლო ადამიანი რწმენის გარეშე ჯერ კიდევ არ არის ადამიანი,
უფრო სწორად, აღარ არის, რადგან რწმენა არამარტო უადვილებს (უადვილებდა) არსებობას
ამ თითქოსდა მრავალგზის ამოხსნილსა და მაინც ბოლომდე ამოუხსნელ სამყაროში, არამედ
ავალდებულებს (ავალდებულებდა) არსებობას. ვალდებულებად ქცეული არსებობა განაპირობებს სწორედ ადამიანური სულის ყველა კეთილშობილურ თვისებას, მოთმინება იქნება
ეს, მიმტევებლობა თუ სიმტკიცე. ვალდებულებად ქცეული, ანუ შეგნებული არსებობა, საერთოდ არსებობის ერთადერთი მისაღები სახეობაა ადამიანისთვის, რაც თავისთავად გმირობაა, რამდენადაც მხოლოდ ბიოლოგიური არსებობა მისთვის (ადამიანისთვის) დიდი ვერაფერი შეღავათია. რწმენადაკარგული ადამიანი ყველაზე დიდი მტერია საკუთარი თავისა –
იმავე წამს იწყებს იმ ტოტის ჭრას, რომელზედაც ჯერ კიდევ მისი პაპის პაპა მჯდარა და მისი
შვილთაშვილიც დაჯდებოდა, ასე რომ არ მომხდარიყო. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, ეჭვიც არ ეპარება, სწორად რომ იქცევა, ეს რომაა ერთადერთი გამოსავალი საკუთარი უმწეობი-
დან და საკუთარი სიბნელიდან. რწმენის გაქრობა ყველაზე ვერაგული და ყველაზე საზარელი სენის აღზევებას იწვევს. ამ სენს სულის ეროზიას დავარქმევდი, რამდენადაც, მიწისა არ
იყოს, ადამიანის სულსაც ახასიათებს მიდრეკილება გამოფიტვისკენ, დაშლისკენ; ისიც კარგავს განაყოფიერებისა და შობის უნარს. ასე რომ, პირადად მე, კაცობრიობის ყველაზე დიდ
საფრთხედ სულის ეროზიას ვთვლი, რომლის აშკარა სიმპტომებიც, სამწუხაროდ, უკვე შეიმჩნევა და დღითიდღე მეთოდურ ხასიათსაც იღებს. ოღონდ, ნუგეშის ნაცვლად, აქვე მინდა
აღვნიშნო, რომ ეს სენიც ადამიანივით ძველია და, მრავალი ძნელად მოსარევი სენივით, გარკვეული ლმობიერებაც ახასიათებს – წინ არ უსწრებს ადამიანს, ანუ, იქამდე იცდის, ვიდრე
თავად ადამიანი შეუქმნიდეს შესაფერ პირობებსა და სამოქმედო ასპარეზს. როგორც ჩანს,
ისევ ადამიანი გამოდის დამნაშავე და ისევ იმან უნდა აგოს პასუხიც, რაკი აქამდე ვერ შეიგნო, თუ რა მწარედ ისჯება მისი ნებისმიერი გულმავიწყობა, რანაირი უბედურება არ დაატყდება ხოლმე თავს, როგორც კი ივიწყებს ადამიანობას, ანუ თავის განსაკუთრებულ, ყველასაგან გამოსარჩევ და, რაც მთავარია, თავად ღმერთის ხელიდან მიღებულ ნიშან-თვისებებს.
მართლაც, საკმარისია, ერთი წამით მოუხუჭოს ადამიანმა თვალი საკუთარი არსებობის აზრსა და დანიშნულებას, პანდორაც მაშინვე თავზე დააბერტყავს ათასნაირი სენითა და უბედურებით სავსე ყუთს. ის კი არა, თავის დროზე პროგრესული, თითქოს ჰუმანური იდეებიც,
თვალსა და ხელს შუა, ისე დაუმახინჯდება ხოლმე, არათუ ამაზრზენი, სახიფათოც ხდება.
განა სექსუალური თავისუფლება სქესის არჩევის თავისუფლებასაც გულისხმობდა თავიდან?! რასაკვირველია, არც ემანსიპაცია გულისხმობდა ქალის გამამაკაცებას, თუმცა მსგავსი
სურვილი შეიძლება ყოველთვის არსებობდა ბუნებაში. ბოლოს და ბოლოს, არსებობდნენ
ამორძალები, რომლებიც ძუძუსაც კი იჭრიდნენ, უკეთესად, უფრო კაცურად რომ მოეზიდათ
მშვილდი. მაგრამ ისინიც კი ქალებად დარჩნენ ბოლომდე (მათმა ბელადმა თეზევსს შვილიც
გაუჩინა), შეუნარჩუნეს მამაკაცებს თავიანთი ქალობა, ეს მართლაც ღვთაებრივი საჩუქარი,
ურომლისოდაც, ადრე თუ გვიან, მაინც დაინგრევა ქვეყანა, თუნდაც ერთ გრამსაც არ აღემატებოდეს მთელი ატომური იარაღის მარაგი. სამწუხაროდ, ამის საშიშროება ნამდვილად არსებობს – მამაკაცთან გათანაბრების არაბუნებრივმა სურვილმა თუ ჟინმა ქალს მთავარი დააკარგვინა – თაყვანისმცემელი! ჩამოვიდა რა საკუთარი ნებით მხოლოდ და მხოლოდ მისი
სიმშვენიერისთვის, მისი განუმეორებელი მადლისთვის მამაკაცთა თავდაუზოგავი შრომით
აგებული კვარცხლბეკიდან, მაშინვე საზოგადოების სრულუფლებიან, მაგრამ რიგით წევრად
იქცა, როცა, ჩემი ღრმა რწმენით, გაცილებით მეტის ღირსია იგი, თუნდაც, როგორც სიცოცხლის შემოქმედი. მთელი თხუთმეტსაუკუნოვანი ქართული მწერლობა, შეიძლება ითქვას,
გაჟღენთილია ქალისადმი გასაოცარი მოწიწებით, ქალის სიდიადის, ქალის სიძლიერის შეგრძნებით, ოღონდ იმ ქალისა, რომელსაც თავადაც შეგნებული აქვს თავისი განსაკუთრებული, ძნელად ჩამოსაყალიბებელი და ძნელად გამოსათქმელი მოვალეობა; უფრო სწორად,
მხოლოდ იმასა აქვს შეგნებული, ნათლად და ბოლომდე, თანდაყოლილი, ქალური გუმანის
წყალობით, რადგან ჩვენთვის, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის, ძნელია ამის სიტყვებით
განსაზღვრა. განა ვიცით, რა ევალება მზის სხივს, ცისკრის ვარსკვლავს ანდა გაზაფხულის
სიოს?! მაგრამ თავიანთი არსებობით ისინი ჩვენს ცხოვრებას სიმშვენიერეს მატებენ. ასეა (ასე
იყო) ქალიც. განა სამზარეულოში მოფუსფუსე დიასახლისის შემხედვარეს შეიძლება დაეუფლოს განგაშისა და განსაცდელის შეგრძნება?! სამაგიეროდ, არ შეიძლება არ დაგვეუფლოს
მსგავსი შეგრძნება, როცა იგივე დიასახლისი ქვას ამტვრევს ძალაყინით, ანდა რეზინის ჩექმებს დააჭყლაპუნებს ტუნგოსა თუ ჩაის პლანტაციაში.
ბევრი დღევანდელი მანკიერება საერთო, საკაცობრიო მოვლენაა და დარწმუნებული ვარ,
ყველას ერთნაირად აღელვებს და აფრთხობს კიდეც, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი მაინც
ქალის დაკარგვის საფრთხეა. ეს საფრთხე გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე, ვთქვათ, ატომური ყუმბარა შეიქმნებოდა, მაგრამ ნებისმიერ ყუმბარაზე მეტ დამანგრეველ ძალას შეიცავს.
ეს საფრთხე თითქოს ყველაზე მშვიდ, თითქოს ყველაზე ადამიანურ, ყველაზე მოწესრიგებულ საუკუნეში აღმოცენდა, მაგრამ სწორედ სიმშვიდის, ადამიანურობისა და წესრიგის წინააღმდეგაა მიმართული, რამდენადაც სიცოცხლის მარადიულობას განსხვავებული სქესების
ჯანსაღი, ბუნებრივი ურთიერთობა განაპირობებს და არა, დავუშვათ, ხორციელი აღვირახსნილობა; შეუღლების, ერთ არსებად გარდაქმნის იდუმალება და არა ჩვეულებრივ, თავშესაქცევ სანახაობად გადაქცევა ამ უწმინდესი, უდიადესი საიდუმლოსი; დაბოლოს, მარადიული, დაუოკებელი სწრაფვა განსხვავებული სქესისკენ და არა ამბოხი საკუთარი სქესის წინააღმდეგ. ბუნებას ვერაფრით გავაკვირვებთ – ამ დაუქანცავი შემოქმედისა და სწორუპოვარი
გამომგონებლის ლაბორატორიაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ათასნაირი საოცრება და უცნაურობა შექმნილა, მაგრამ ბუნების ხუმრობები სხვაა და ამ ხუმრობების კანონზომიერებად,
ჩვეულებრივ მოვლენად აღიარება – სხვა. ეტყობა, ბუნებისა არ იყოს, ცხოვრებაშიც მარადიული, მყარი მხოლოდ სიბნელეა, სინათლე კი მიდის და მოდის. ჩვენც სხვა რა გზა გვაქვს – უნდა დავუცადოთ სინათლეს. იმედი უნდა ვიქონიოთ, დროულად გამოფხიზლდება ადამიანი
და დროულად მიიღებს ზომებს ნებისმიერ სენთან საბრძოლველად. რასაკვირველია, სხვა
სენთა წინააღმდეგ ამხედრებულებს არც ომი უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რადგან
ომიც სხვებზე არანაკლებ სახიფათო სენია და ძნელად მოსაშორებელიც. ჯერ კიდევ ჰეროდოტეს არ ეგულებოდა ისეთი უგნური, რომელსაც ომი ერჩია მშვიდობას, მაგრამ ჰეროდოტეს შემდეგ ადამიანს უომრად ლამის ერთი დღეც არ უცხოვრია. ომი კი, უპირველეს ყოვლისა, ბუნების, ყოფის, არსებობის ჰარმონიის დარღვევაა. ომიანობის დროს მამები მარხავენ
შვილებს, რაც დაუშვებელ უსამართლობად და ულოგიკობად მიაჩნდა იმავე ჰეროდოტეს,
რომელიც ალბათ მიახლოებითაც ვერ განსაზღვრავდა იმ მასშტაბებს, თანამედროვე ომებმა
რომ მიაღწიეს. და მაინც, ნებისმიერი საუბარი ამ საკითხზე დანაშაულად მიმაჩნია – ამ ურჩხულის ნებისმიერი ხსენებაც კი მის წისქვილზე ასხამს მხოლოდ წყალს. ვიცავთ თუ უარვყოფთ, ორივე შემთხვევაში საშუალებას ვაძლევთ იბატონოს ჩვენს ფსიქიკაზე, იყოს ჩვენს არსებაში, ვითომ თავისთვის გასუსული, როგორც ობობა ხვრელში, საიდანაც მოულოდნელი
სისწრაფით გამოვარდება ხოლმე მისგან დიდი ხნის წინათ გაბმული და ყველა წინდაუხედავი, სულელი მწერისთვის ერთნაირად განკუთვნილი ქსელის შერხევაზე. ომის ყველაზე დიდი დანაშაული ისაა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის პიროვნებას სპობს და ადამიანის
მსგავს მხეცებს ამრავლებს, რომელთა ხელახლა გაადამიანებას (თუკი საერთოდ შესაძლებელია), გაცილებით მეტი დრო სჭირდება, ვიდრე კიდევ ერთი ახალი ომის მომზადებას. დანგრეული თეატრისა და ეკლესიის აღდგენა კიდევ შეიძლება, მაგრამ მათი დანგრევის შემყურე ადამიანის სულში უფრო მნიშვნელოვანი რამ ინგრევა და თანაც სამუდამოდ – ინგრევა
გარანტია იმისა, ამ ქვეყანაზე რაღაცა მაინც რომ არსებობს ხელშეუხებელი, შეუბღალავი,
წმინდა. და აი, მეც იძულებული ვარ, ერთხელ კიდევ მივუბრუნდე ტრადიციასა და რწმენას,
რადგან თუკი შეუძლია, მხოლოდ მათი მეშვეობით შეუძლია ადამიანს დათმობილი პოზიციების დაბრუნება. ტრადიცია ერთადერთი სანდო ჯებირია, რომელსაც თანამედროვეობის
ყველა ცუდი გავლენის შეკავება შეუძლია. ხოლო რწმენა ის ერთადერთი სარკმელია, რომლის მეშვეობითაც ჯერ კიდევ შეუძლიათ ჯურღმულის ბინადრებს ათასში ერთხელ მაინც
ჩაისუნთქონ სუფთა ჰაერი და რამდენიც უნდათ, იმდენი იოცნებონ სინათლეზე, სივრცეზე,
ცაზე... მთავარია, ყოველთვის იყოს ვიღაც, ვისაც საერთო სიბნელეში იმ სარკმლის პოვნა და
გამოღება შეეძლება. ის «ვიღაცა» ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს, ამას არა აქვს
მნიშვნელობა, მთავარია – არსებობდეს და, აგიოგრაფიული წმინდანივით, შეეძლოს კიდეც,
პირადი მაგალითით გაახსენოს დანარჩენ კაცობრიობას, თუ რა დიდი მადლია ადამიანობა
და რა პატარა, რა უმნიშვნელო მოჩანს ყველაფერი მასთან შედარებით. კაცობრიობას ყოველთვის ჰყავდა, დღესაც ჰყავს და ხვალაც ეყოლება დაუძინებელი, დაუნდობელი და ძნელად
მოსარევი მტრები. მაგრამ კაცობრიობა მართლა არ იქნება სიცოცხლის ღირსი, თუკი მტრის
არსებობა თავგზას აუბნევს, ოჯახს მოაშლევინებს, მკვდარს დაავიწყებს, ქალს დაამცირებინებს, ბავშვს შეაძულებს, წიგნს გადააგდებინებს, ჭიქაში ჩაახრჩობს და, ნარკოტიკით გაბრუებულს, მიაგდებს არარაობის, გადაგვარების, გამოლენჩების ამაზრზენ ძონძებზე.
ადრე ჩვენში მტრის სადღეგრძელოც ისმებოდა ნათესავთა და მეგობართა სადღეგრძელოს
გვერდით, რადგან ქართველ კაცს მტრის არსებობა (მტერი კი ყოველთვის მრავლად ჰყავდა),
უპირველეს ყოვლისა, ძალას ჰმატებდა და კვლავ საბრძოლველად აღაგზნებდა. მსგავსი წესი
თუ ჩვეულება ყველა ხალხს ჰქონდა ალბათ და, თუნდაც ამიტომ, დღესაც ღირსეულად უნდა
დავუპირისპირდეთ ყველანი ნებისმიერ საერთო საფრთხეს. რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება,
ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და, რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ. მე პროფესიით მწერალი ვარ და, ამდენად,
ოპტიმისტიც. უფრო სწორად, არც კი წარმომიდგენია უადამიანოდ დარჩენილი სამყარო,
მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ამიტომ, მოდით, დროულად შევუდგეთ (ვისაც როგორ შეგვიძლია), ადამიანის სულის ხელახლა განაშენიანებას, ხელახლა ჩავყაროთ სიკეთის,
სიყვარულის, სათნოების ტყეები, რათა ხვალ და ზეგ სულის აღდგენილ ქანებს კვლავ დაუბრუნდეთ თესლის მიღებისა და აღმოცენების უნარი. ვიდრე ქალი მშობიარობს, სიცოცხლეს
საფრთხე არ ემუქრება. ქალის წინაშე წყალბადის ბომბიც უძლურია. ასევე უძლურია ნებისმიერი მანკიერება. ოღონდ, ისე ნუ გამიგებთ, თითქოს არ ვცნობდე და არ ვაღიარებდე იმათ
მომაკვდინებელ სიძლიერეს. მთელი ჩემი არსებით ვეწინააღმდეგები და ვგმობ ნარკომანიას,
ალკოჰოლიზმს, სექსუალურ დაბნეულობას, მაგრამ მაინც არ მიმაჩნია იმის ღირსად, სიცოცხლეს დავუპირისპირო რომელიმე მათგანი. მაშინ არც სიცოცხლე ყოფილა ჩვენი დაცვის
ღირსი. ისინი სახიფათონი მაშინ იქნებიან, როცა ადამიანისგან, ანუ, მოაზროვნე ლერწმისგან, მხოლოდ ლერწამიღა დარჩება.
1987
მონოლოგი დიალოგიდან
(საერთო პასუხი ჟურნალ «მნათობის» ანკეტაზე)
ნებისმიერ ადამიანს, რომელიც, მეტნაკლებად, დაინტერესებულია ლიტერატურით, ისიც
კარგად ესმის (უნდა ესმოდეს), თუ რატომ იქმნება საერთოდ ლიტერატურა, რა განაპირობებს არამარტო მის აუცილებლობას, არამედ მის მარადიულობასაც. მაგრამ ეს სრულებითაც
არ ნიშნავს, ზოგადად მწერლობისა და კერძოდ მწერლის დანიშნულება, გარკვეული თვალსაზრისით, განსხვავებული არ იყოს არათუ სხვადასხვა ეპოქებისთვის, არამედ სხვადასხვა
ლიტერატურული რეგიონებისთვისაც კი. ამით იმის თქმა მინდა, რომ თითქოს მარადიული,
თითქოს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული შეხედულებაც ემორჩილება დროისა და
გარემოს ზემოქმედებას და, შესაბამისად, თვითონაც იცვლება. ამ, თითქოსდა, უბრალო მიზეზის გამო არაფრით არ შეიძლება, ერთნაირად ესმოდეს თავისი მწერლური დანიშნულება,
ვთქვათ, ქართველსა და, ვთქვათ, ფრანგ მწერალს, რამდენადაც ფრანგ მწერალს აზრადაც არ
მოუვა ალბათ, მშობლიური ენისა და საერთოდ თავისი მშობლიური ხალხის გადარჩენაზე
იფიქროს დღეს (მხედველობაში არა მაქვს, რასაკვირველია, საერთაშორისო, მსოფლიო კატასტროფის შესაძლებლობა). ეს ეტაპი ფრანგულმა მწერლობამ დიდი ხნის წინ გაიარა, თუკი
გაიარა საერთოდ, ხოლო ქართული მწერლობა, ასევე დიდი ხანია, ამ ეტაპზეა «გაჩერებული».
ეს ამბავი, თავისთავად ცხადია, ქართული მწერლობის ნაკლად ან დანაშაულად არ ჩაითვლება (ამ ბოლო დროს, დამეთანხმებით, ქართული მწერლობა ხშირად გვევლინება ბრალდებულის როლში,) სამაგიეროდ, ამის გამო ქართულ მწერლობას, ნებისმიერ სხვა სერიოზულ მწერლობასთან შედარებით, გაცილებით მეტი სასიცოცხლო ძალების დახარჯვა უხდება, მწერლობა რომ ერქვას დღესაც, ანუ საკუთარი მეობაც დაიცვას და საერთაშორისო ლიტერატურულ პროცესებშიც მიიღოს მონაწილეობა. მისი «წვლილი» მსოფლიო ლიტერატურაში
შეიძლება მიახლოებითაც ვერ გამოხატავდეს მის «შესაძლებლობებს», მაგრამ საჭიროზე მეტია იმის დასადასტურებლად, დღესაც უაღრესად ცოცხალ, უაღრესად მგრძნობიარე და
უაღრესად ენერგიულ ორგანიზმს რომ წარმოადგენს.
და მაინც, როგორც არ უნდა ცვლიდეს, როგორც არ უნდა ართულებდეს ან ამარტივებდეს
დრო და გარემო, მწერლის დანიშნულება, საბოლოო ჯამში, დღესაც ის არის, რაც გუშინ იყო
და ხვალაც ის იქნება, რაც დღეს არის – თანაგრძნობა, დაიმედება, გამხნევება ცხოვრების ლაბირინთში მოხვედრილი ადამიანისა. ამიტომ გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, თითქოს მწერლის დანიშნულებას რომელიმე ერთი მწერალი, ანდა თუნდაც რომელიმე ერთი
ლიტერატურული თაობა ასრულებდეს. როგორც «დანიშნულებაა» მარადიული, ისევე მისი
აღსრულების პროცესიც მარადიულია, განუწყვეტელი... სიზიფეს ლოდისა არ იყოს, ერთხელ
და სამუდამოდ ვერავინ განთავისუფლდება მისგან და ის ლიტერატურაა მნიშვნელოვანი,
რომელსაც ამ «ლოდის მთრეველი» არ დაელევა, ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, რომელსაც თაობათა უწყვეტობა ახასიათებს, რომლის ნებისმიერი წარმომადგენელი თავის საკუთარ
«სიზიფეს ლოდს» ეზიდება საკუთარი შესაძლებლობების მწვერვალისკენ. ლიტერატურის
სიცოცხლისუნარიანობას არამარტო უკვე დაპყრობილ მწვერვალთა, არამედ (და ალბათ უფრო მეტადაც) ახალ მწვერვალთა დაპყრობის მოსურნეთა არსებობა განაპირობებს. უშთამო-
მავლოდ მწერლობაც ისევე იღუპება, როგორც ოჯახი. ასე რომ, თხუთმეტსაუკუნოვანი ლიტერატურის პატრონები, ჩემი აზრით, იმითაც უნდა ვამაყობდეთ დღეს, ჯერ კიდევ რომ არ
განდგომიან ჩვენს მწერლობას ამ ხელობის მიმდევარნი, ერთი წამითაც რომ არ დაეჭვებულან თავიანთი არჩევანის სისწორეში, თუმცა კი არავის გაუკვირდებოდა ალბათ მათი მერყეობა, მათი შინაგანი ბუნების გაორება და ხშირი ცვალებადობა, მით უფრო დღევანდელ, უაღრესად დაძაბულ ვითარებაში, როცა მცირერიცხოვან ხალხთა ენები სერიოზული საფრთხის
წინაშე დგანან და არცთუ ისე იშვიათი შემთხვევაა (რასაკვირველია, მსოფლიო მასშტაბით),
როცა ამა თუ იმ მწერალს უკვე დამოუკიდებლად, პირადი ინიციატივით, მდგომარეობისდა
შესაბამისად, გამოაქვს სათანადო დასკვნები – ან ენას იცვლის, ან, თქვენ წარმოიდგინეთ,
ორი ლიტერატურის მსახურობას კისრულობს ერთდროულად, ორენოვან მწერლად გვევლინება, რაც, თუკი საღად ვიმსჯელებთ, კურიოზია და მეტი არაფერი. რაც უნდა მახვილგონივრული თეორიული მოსაზრებებით გაამართლონ თავად ამ მწერლებმა თავიანთი არჩევანი
(ენის შეცვლა, ანდა ორენოვნება), მათ არჩევანს მხოლოდ და მხოლოდ გარემოსთან შეგუების, ანდა, თუ გნებავთ, თავდაცვის ბიოლოგიური ინსტინქტი წარმართავს და, ამდენად, თავისთავად უკვე არასაკადრის საქციელად აღიქმება ისეთი ინტელექტუალური, უაღრესად
გონიერი პიროვნებისგან, როგორიც არის, ანდა როგორიც უნდა იყოს მწერალი. მაგრამ საერთოდ არ ამოიღებდა კაცი ხმას ამ ამბავზე, მწერლის (განსაკუთრებით, ნიჭიერის) მიერ ენის
შეცვლა, ანდა მეორე ენის მიმატება მხოლოდ და მხოლოდ ერთი პიროვნების გადარჩენის
(თუნდაც, კეთილდღეობის) საქმეს რომ ემსახურებოდეს – ერთ მწერალს (გინდაც ნიჭიერს),
მით უფრო მშობლიური ენის უარმყოფელს, ასე თუ ისე, მაინც შეელევა ხალხი, დროთა განმავლობაში დაივიწყებს კიდეც, მაგრამ ცუდი ისაა, რომ ენისადმი მწერლის დამოკიდებულება საერთო სახალხო მასშტაბის აქტია და ამ დამოკიდებულების ნებისმიერ შეცვლას, ისევე
როგორც პირველ, გამაფრთხილებელ სეისმურ ბიძგს, შეიძლება გრანდიოზული ხასიათის
კატასტროფები მოჰყვეს ერის ცხოვრებაში. ენის შეცვლა ადამიანს (ესე იგი, ხალხსაც) ეროვნებასაც უცვლის და ერთი გენეტიკური ატმოსფეროდან მეორეში გადაჰყავს. ენის შეცვლა,
უპირველეს ყოვლისა, აზროვნების კონსტრუქციის და, აქედან გამომდინარე, პიროვნების
შეცვლას იწვევს. მსგავსი რამ, ჯერჯერობით, ჩვენდა საბედნიეროდ, ქართული მწერლობისთვის უცხო და, მე ვიტყოდი, მიუღებელი მოვლენაა, თუმცა, გულისტკივილით ისიც უნდა
აღვნიშნოთ, რომ ჩვენშიაც იყო გარკვეული ცდები მწერლის ახალი «სახეობის» დამკვიდრებისა. ჩემმა ნათქვამმა მკითხველი რომ არ დააბნიოს, აქვე ვიტყვი, რასაც ვგულისხმობ. პირადად ჩემთვის (იმედი მაქვს, ყველასთვის) წარმოუდგენელია, ქართველი მწერალი ერქვას
კაცს, რომელსაც ქართულად წერა არ შეუძლია, ანდა, კიდევ უარესი, მიზეზთა სხვათა და
სხვათა გამო, უცხო ენაზე წერას ამჯობინებს. მწერლის «ეროვნულობის» დასადგენად ერთადერთი კრიტერიუმი არსებობს – რა ენაზე აზროვნებს ის და რა ენაზე წერს. ხოლო ენის შეცვლა, როგორც უკვე ვთქვით, გენეტიკური სტრუქტურის შეცვლას ნიშნავს: იწყებს რა სხვა
ენაზე წერას, მწერალი თავის არსებაში იძულებით წყვეტს ბუნებრივ გენეტიკურ ხაზს და,
უნდა თუ არა, სხვა გენეტიკურ სფეროს უკავშირდება ხელოვნურად. ასე რომ, მე თუ მკითხავთ, გაოცების მეტს არაფერს უნდა იწვევდეს ჩვენი კრიტიკოსებისა და ლიტერატორების
მგზნებარება, როცა კიდევ ერთი რუსულენოვანი თუ კიდევ ერთი გერმანულენოვანი ქართველი მწერლის აღმოჩენას მოგვახარებენ ხოლმე პრესის ფურცლებიდან. ქართული მწერლობა მხოლოდ და მხოლოდ ქართულენოვანია და, დარწმუნებული ვარ, ასეთადაც დარჩება
ყოველთვის (თუნდაც – ბოლომდის).
წეღან ვთქვი, ჯერჯერობით, ჩვენთვის უცხოა ასეთი მოვლენები-მეთქი, მაგრამ ეს როდი
ნიშნავს, ჩვენთანაც რომ არ მოხდება როდისმე (თუკი ფხიზლად არ ვიქნებით), რაც სხვაგან
უკვე მოხდა, ანდა ახლა ხდება. ვერც იმით ვინუგეშებთ თავს, მოსახდენი მაინც რომ მოხდება, ანუ თავისთავად,. უჩვენოდ გადარჩება, რაც ღმერთს შეუქმნია, ურომლისოდაც საერთოდ
დაეკარგებოდა აზრი კაცობრიობის მრავალხმიან, მრავალფეროვან ცხოვრებას. ქართული ანდაზაა – წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო – და აქ არამარტო წყალწაღებულის უიმედო
მდგომარეობაა ხაზგასმული, არამედ უკანასკნელ წამამდე ბრძოლის, ცდის, შეურიგებლობის
აუცილებლობაც. ვიდრე ხავსი არსებობს, ყველაფერი არ არის დაკარგული. მწერლის პროფესიაც ხავსის მოჭიდებაა მხოლოდ – თუ ორი კაცი მაინც ლაპარაკობს მის ენაზე, მწერალს უფლება არა აქვს ხელი გაუშვას ხავსს. შორს რომ არ წავიდეთ, ამის თვალნათელი, მე ვიტყოდი,
ამის კლასიკური მაგალითია დავით გურამიშვილის მთელი ცხოვრება და შემოქმედება. გურამიშვილის დროს ალბათ არავის გაუკვირდებოდა ენისა და რჯულის შეცვლა – ქვეყანა ისე
იყო არეული, ძაღლი პატრონს ვეღარ სცნობდა, მეფეს არ ედგომებოდა საკუთარ სამეფოში –
მაგრამ მან, მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილმა, სრულიად უცხო გარემოში, უთვისტომოდ,
არათუ შეინარჩუნა ენა და რჯული (რასაკვირველია, მშობლიური ხალხისა და მშობლიური
ლიტერატურის უკვდავების რწმენით), არამედ უაღრესად ეროვნულ პოეტადაც ჩამოყალიბდა. ამიტომ ნურც ჩვენ ავუბნევთ მწერლებს თავგზას. დაე, ყველამ იმ ლიტერატურის წიაღში
სცადოს ბედი, რომელსაც განგებამ მიაკუთვნა და არა – რომელიმე თეორეტიკოსის ჟინმა თუ
აჩემებამ. ან ცხოვრება (თუ გნებავთ ბედისწერა) აკეთებს ჩვენს მაგივრად არჩევანს, ანდა ჩვენ
თვითონ ვირჩევთ, ისევ და ისევ ცხოვრებიდან გამომდინარე. მსგავსი შემთხვევა იმდენად
ბევრია მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ერთი კია,
ვინც ირჩევს, ერთხელ და სამუდამოდ ირჩევს, ან აქეთ დგება, ან – იქით, რადგან ერთდროულად დგომა აქეთაც და იქითაც არ შეიძლება. ეს არამარტო ლიტერატურისთვის არის მავნე,
უკადრისი საქციელი, არამედ საერთოდ მწერლური და, თუ გნებავთ, საერთოდ ადამიანური
ზნეობისთვისაც.
ასე რომ, სრულებითაც არ არის გასაკვირი, თუკი, როგორც თქვენ «გეჩვენებათ», ხალხი თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, მწერლობა კი – თავისით. მე თუ მკითხავთ, ეს მაინცდამაინც შემაშფოთებელი «მოჩვენება» არ უნდა იყოს. ეჭვი არ მეპარება, ყველა ეპოქაში ეჩვენებოდათ
მსგავსი რამ ლიტერატურის ბედით დაინტერესებულ ადამიანებს, რადგან ცხოვრება და ლიტერატურა ძალიან ზედაპირულად ჰგავს ერთმანეთს და, როგორც კი ღრმად ჩავუკვირდებით, უპირველეს ყოვლისა, სწორედ მათი განსხვავება გვეცემა თვალში. ხალხს ისევე არ შეუძლია ლიტერატურული გმირივით ცხოვრება, როგორც ლიტერატურულ გმირს – ხალხივით, თუნდაც იმიტომ, ხალხი ყოველდღიური ცხოვრებით რომ ცხოვრობს, ლიტერატურული გმირი კი – მარადიულით. რაც შეეხება ლიტერატურის ზემოქმედებას ხალხზე, ეს
პროცესი გაცილებით რთულია და ძნელად შესამჩნევი. ზემოქმედება ერთბაშად და დროის
გარკვეულ მონაკვეთში კი არ ხდება, არამედ განუწყვეტლივ, დღიდან ამ ლიტერატურის წარმოშობისა, და ამის შედეგად ყოველ საუკუნეში ერთი კაცით მაინც თუ იზრდება ნამდვილ
მკითხველთა რიცხვი, ეს უკვე დიდი დამსახურებაა ლიტერატურისა. მაგრამ რაკი «მოჩვენებებზე» ჩამოვარდა ლაპარაკი, მეც გაგიმხელთ ჩემსას, რომელიც, თუ არ მიწყენთ, თქვენს
«მოჩვენებაზე» შემაშფოთებლად და, აქედან გამომდინარე, სერიოზულადაც მიმაჩნია. მეჩვენება, რომ ამ ბოლო დროს ძალიან აგდებულად, მე ვიტყოდი, უგუნურთა უტიფრობით ექცევიან ქართულ ლიტერატურას. ამ ბოლო დროს იმდენი არამწერლური, არალიტერატურული
წერილი, ინტერვიუ თუ ჯგუფური განცხადება გამოქვეყნდა ჩვენს პრესაში ერთმანეთის მიყოლებით, კაცმა შეიძლება იფიქრო, ეს ყველაფერი წინასწარ ორგანიზებული კამპანია ხომ არ
არისო.
ზემოთ ნახსენები პუბლიკაციები, მართალია, უაღრესად ცხოვრებისეულ მისწრაფებებს
გამოხატავენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ასევე უაღრესად არამწერლურ მიზნებს ისახავენ. რასაკვირველია, ყველა ლიტერატურას აქვს თავისი ნაკლი და, ვინაიდან ადამიანია, ნებისმიერი
მწერალიც შეიძლება აღმოჩნდეს ცუდი პიროვნება, მაგრამ როცა ლიტერატურის ამა თუ იმ
ნაკლს, ანდა, ამა თუ იმ მწერალს ვამხელთ, ერთი წამითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ობივატელისთვის არავითარი მნიშვნელობა რომ არა აქვს ჩვენს «პრინციპულობას», მას ყველაფრის
განზოგადება ახასიათებს და ყველაფერში «გულის მოსაფხანს» დაეძებს – უმალ იტყვის, «აჰა,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 06
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.