Latin

ბედნიერი ტანჯული - 10

Total number of words is 3598
Total number of unique words is 1889
29.2 of words are in the 2000 most common words
40.7 of words are in the 5000 most common words
47.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ჩემს დასაკნინებლად, ჩემს დასათრგუნად და ალბათ ჩემს მოსასპობადაც, მზად არის ნებისმიერი უსინდისობის ჩასადენად. მაგრამ ჩემი სიკვდილი, მით უფრო ნებაყოფლობითი, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუკი ჩემი სიკვდილის მოსურნე ამის შემდეგ
უკეთესი გახდება. ეს კი ძნელი წარმოსადგენია. უფრო სწორად, ძნელი დასაჯერებელია, რამდენადაც ცხოვრებისეული გამოცდილებით უფრო საწინააღმდეგოა მოსალოდნელი. ჩემი
სიკვდილის მსურველი ჩემს მერე სხვას დაადგამს თვალს და ახლა სხვისი, მორიგი მსხვერპლის ყოფნა-არყოფნის საკითხი გახდება გადასაწყვეტი.
ბოროტების სათავე არასწორი ინფორმაციაა და ასე თუ გაგრძელდება, ადვილი შესაძლებელია, მართლა იმძლავროს ბოროტებამ – საქართველოს არამარტო ადმინისტრაციულ, არამედ ფიზიკურ არსებობასაც დაესვას კითხვის ნიშანი. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ასე. ნებისმიერი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოც განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია კაცობრიობისა, გინდაც კაცობრიობამ არც იცოდეს მისი არსებობის შესახებ,
ანდა ყურმოკრულად გაეგოს მისი სახელი და, რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, საკავშირო
მკითხველივით, მასაც (კაცობრიობას) მხოლოდ მცდარი წარმოდგენა ჰქონდეს ქვეყანაზე,
რომელიც, მიუხედავად სიპატარავისა და სიმარტოვისა (ასეთია მისი ხვედრი), ხმლითა და
გუთნით, საჭრეთლითა და წიგნით იცავდა ყოველთვის ადამიანურ ღირსებას, ეროვნულ
თვითშეგნებასა თუ რელიგიურ მრწამსს, რისთვისაც, მთელი კაცობრიობის სამარცხვინოდ,
უსასტიკესად ისჯებოდა და ისჯება დღესაც. თუნდაც მარტო ამის გამო კატეგორიულად ვერ
გავიზიარებ ზოგიერთი ჩვენი კოლეგის მოწოდებას, ზეეროვნული პოზიციიდან განვსაჯოთ
ჩვენს თვალწინ მიმდინარე პროცესები. ვერ გავიზიარებ, რადგან სწორედ ზეეროვნული იდეების გაუთავებელმა ქადაგებამ წარმოშვა ამდენი კონფლიქტი და გაუგებრობა ჩვენს ისედაც
დაძაბულსა და გართულებულ ცხოვრებაში. ზეეროვნული იდეების ქადაგება, ნებსით თუ
უნებლიეთ, იმპერიული სულისკვეთების სამსახურია და არა თანამედროვე, ჰუმანისტი, დემოკრატი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ინტელიგენტის საკადრისი პოზიცია, რამდენადაც ინტელიგენცია ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება მაინცდამაინც ეროვნული ინტე-
რესების გამომხატველი და დამცველი. ასევე ვერ დავეთანხმები ზოგიერთის განცხადებას
იმის თაობაზე, თითქოს სიბერესა და ბავშვობას ეროვნება არ გააჩნდეს. ბავშვმა შეიძლება
მართლა არ იცოდეს თავისი წარმომავლობა, მაგრამ დაუშვებელია ინტელიგენტსა და მწერალს არ ესმოდეს მნიშვნელობა ეროვნული წარმომავლობისა. ეროვნება, რასაკვირველია,
ბავშვსაც აქვს და მოხუცსაც, თუკი ძალითა და სივერაგით არ წაართმევს სხვა. უფრო მეტიც,
ეროვნება ბედისწერასავითაა, ბუნების კიდევ ერთი საიდუმლოა და ადამიანისთვის ხელმიუწვდენელ სფეროებს განეკუთვნება. თუმცა, გარკვეული თვალსაზრისით, ადამიანზეცაა დამოკიდებული, რა მნიშვნელობას მიანიჭებს მას, უპირველეს ყოვლისა, პირად ცხოვრებაში.
ეროვნება გენეტიკური ცნებაა და არა ასაკობრივი მოვლენა, მოსახდელი სენისა თუ დროებითი მიდრეკილების მსგავსი. ის ჩვენთან ერთად იბადება, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, უკვდავია. უფრო სწორად, მხოლოდ იმ შემთხვევაში ამთავრებს არსებობას, როცა ხალხი კვდება. ზოგმა, საბედნიეროდ, ეს ბოლო ამოსუნთქვამდე იცის, რაც არ უნდა ღრმა სიბერეში ეწვიოს სიკვდილი; ზოგი კი, სამწუხაროდ, სიკვდილამდე რამდენჯერმე ივიწყებს გარემოებისდა
მიხედვით. ერთი კი ყველასთვის სავალდებულოა: არ შეიძლება, მხოლოდ ეროვნების გამო
ვზრუნავდეთ ან არ ვზრუნავდეთ ბავშვებზე და მხოლოდ ეროვნების გამო მივაგოთ ან არ მივაგოთ პატივი მოხუცს. ჩვენი უთანხმოების მთავარი მიზანი, ამ შემთხვევაში, ის გახლავთ,
რომ ჩვენთვის, ქართველებისთვის, სამკვდრო-სასიცოცხლო, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
არათუ საკუთარი, არამედ ნებისმიერი ეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას. ვიდრე ოსმა,
რუსმა, ტაჯიკმა თუ ესტონელმა ბავშვმა იცის, რომ ის მაინცდამაინც ოსი, რუსი, ტაჯიკი თუ
ესტონელი ბავშვია, მანამდე ქართველი ბავშვის ადამიანად აღზრდასაც ნაკლები საფრთხე
ემუქრება. ხოლო რაც შეეხება სიბერეს, ბევრი ჩვენგანი უკვე მიახლოებულნი ვართ ამ ასაკს
და ძნელი წარმოსადგენია, ისევე მძაფრად არ განვიცდიდეთ ჩვენს ეროვნებას, როგორც ადრე, სიჭაბუკეში. პირიქით, ჩემი აზრით, ახლა ალბათ უფრო მეტადაც განვიცდით, რამდენადაც სიბერე ჩვენი ეროვნული შეგნების გვირგვინიცაა და, შეიძლება, ამის გამოც ვაიგივებთ
სიბრძნესთან.
მართალია, ახლა ისეთი დროა, ძალაუნებურად ყველანი პოლიტიკაში ვართ ჩათრეულნი
– ერთადერთი, რაც დღეს კიდევ გვაკავშირებს, ალბათ ისევ პოლიტიკაა – მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, მართლა პოლიტიკოსებად წარმოვიდგინოთ თავი, თითქოს პოლიტიკის წარმართვა ერთნაირად გვეხერხებოდეს ყველას, ანდა პოლიტიკის წარმართვაც ჩვენს
გუნება-განწყობილებაზე იყოს დამოკიდებული ისევე, როგორც ჩვენგანვე გამოგონილი გმირის ბედისა. განა ვინც, დავუშვათ, მხატვრული ლიტერატურითაა დაინტერესებული, მწერალიცაა?! ანდა – ლიტერატორია?! ასევეა პოლიტიკოსობაც. ეს კი ჩვენ ჩვენი საქმის საკეთებლად მოგვიწოდებს ყველას, ანუ მხოლოდ იმ იარაღით საბრძოლველად, რომლის ხმარებაც
არამარტო გვასწავლა ღმერთმა, არამედ დაგვაკისრა კიდეც. რასაც ახლა ვამბობ, ესეც ალბათ
ზემოთ უკვე ნახსენები მწერლური სიფრთხილის ბრალია, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, სრულებითაც არ არის დასაძრახი, მით უფრო – დღეს, როცა არამარტო საქართველო, არამედ მთელი
კაცობრიობა დგას გამოცდისა და განსაცდელის წინაშე. დღეს, მეოცე საუკუნის მიწურულს,
საქართველოს გასაჭირი კი არა, მისი სახელიც უცნობია ბევრისთვის. უფრო მეტიც, ვინც ასე
თუ ისე იცის ჩვენი თავგადასავალი, იმასაც არ აღელვებს, ჩვენი ეროვნული ნიჭი და ენერგია
ჩაუდენელი დანაშაულების მონანიებას რომ ხმარდება აქამდე და სხვანაირად თითქოს წარმოუდგენელიცაა, როცა იმპერიის სივერაგით დაქუცმაცებულ ქვეყანას იმპერიობას სწამებენ
და სხვებისგან გაბრიყვებულსა და ჩაწიხლულს, სხვათა მჩაგვრელად აცხადებენ, არამარტო
ჩვეულებრივი პოლიტიკური ყალთაბანდები, არამედ «ერის მამებად» და «ჰუმანიზმის მედროშეებად» მონათლული პიროვნებები. ეს იმათ სინდისზე იყოს. საქართველომ კი აქამდე
თუ მოაღწია, მხოლოდ იმიტომ მოაღწია, სიყვარულის უნარი რომ არ დაუკარგავს არასოდეს
(თუმცა, მის ბედში მყოფისთვის, უფრო ბუნებრივი იქნებოდა, პირიქით მომხდარიყო), მოწყალების გაცემის სურვილი ცხოვრების მეგზურად რომ გაიხადა და სახელის მოხვეჭა არჩია
«ყოველსა მოსახვეჭელს». ეს არის მთელი მისი დანაშაულიც და ამას იმიტომ კი არ ვამბობ,
მართლა ვიმართლო თავი ვინმეს წინაშე, არამედ საქართველოს კიდევ ერთ ახალ «კეთილისმყოფელს» მაინც ავაღებინო ხელი სამარცხვინო ცოდვაზე. სხვათა შორის, აქამდე ღრმად ვარ
დარწმუნებული, რომ ყველა ჩვენი «კეთილისმყოფელი» გაუგებრობის მსხვერპლია. ისინი
ბრმად მიენდვნენ ვიღაცას, ვინც მათზე ეშმაკიცაა და უკეთესადაცაა გაწვრთნილი ამგვარ
საქმეებში. სხვანაირად ვერც ვიფიქრებ, თუნდაც იმიტომ, ისეთი არაფერი რომ ჩაუდენია
ჩემს ხალხს, არცთუ ისე ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე, ბუნებრივად მივიჩნიოთ მისი
ლანძღვა-გინება სხვა ეროვნების კაცისგან, მით უფრო მწერლისგან. შეცდომა კი, შეიძლება,
ყველას მოუვიდეს და მათ შორის, თავისთავად ცხადია, მწერალსაც. მაგრამ, როგორც უკვე
მოგახსენეთ, ამ ბოლო დროს იმდენი «შეცდომაა» დაშვებული საქართველოს მიმართ, საქმეში
ჩაუხედავ კაცს, შეიძლება კარგად ორგანიზებულ, წინასწარ დაგეგმილ ანტიქართულ მოძრაობადაც მოეჩვენოს. მით უფრო რომ, ჯერჯერობით, არცერთ ჩვენს მეგობარს არ უცდია სხვისი თუ საკუთარი «შეცდომის» გამოსწორება თუ არა, აღიარება მაინც. ანდა თავად თუ არ
უგინებია, არც ხმა აღუმაღლებია იმ ხალხის დასაცავად, რომლის ავ-კარგიც სხვებზე უკეთ
უნდა მოეხსნებოდეს. ამავე დროს, იმედი მაქვს, ჩემი ხმა არ დარჩება უდაბნოში მღაღადებლის ხმად და იქნებ ნაწილობრივ მაინც გავუფანტავ ვინმეს იმ არასწორ წარმოდგენებს, საქართველოში მიმდინარე პროცესების გარშემო რომ შექმნილა ოფიციალური თუ არაოფიციალური გზით, პატიოსანი თუ უპატიოსნო მეთოდებით, მეგობრებისა თუ მტრების მიერ. ეს
წერილი თუ დაიბეჭდება, იქნებ მართლა დაფიქრდეს ვინმე იმ არასაკადრისი «ომის» თაობაზე, რომელშიაც, მისდა უნებურად, საქართველოა დღეს ჩათრეული და, საუბედუროდ, ჯერჯერობით არც გამგები ჩანს, არც გამკითხავი.
ბოროტების მიზეზი, ვიმეორებ, საქმეში ჩაუხედაობაა. კერძოდ ჩვენს შემთხვევაში კი – საქართველოს ტრაგიკული ისტორიის უცოდინრობა და, რაც მთავარია, გულგრილი, ზერელე,
სნობისტური და ამდენად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება სხვა ხალხის ბედისადმი. განა საქართველოს თუნდაც «მცირე იმპერიად» მოხსენიება მართლაც ბედის დაცინვა არ არის,
თუ უფრო ცუდ მოვლენასთან არა გვაქვს საქმე?! ყოველ შემთხვევაში, საქართველოს იმპერიად გამოცხადება არამარტო პოლიტიკური სიბეცეა, არამარტო დიდი მოქალაქეობრივი უსამართლობაა, არამედ მისი (საქართველოს) აბუჩად აგდებაც – ველიკორუსი ჩინოვნიკის ხუმრობას ჰგავს, რადგან, როგორც უკვე ვთქვით, სწორედ იმპერიისგანაა დაგლეჯილი ეს პატარა
ქვეყანა ამდენ ავტონომიურ რესპუბლიკად თუ ოლქად, რელიგიურ თუ ეთნიკურ რეგიონად.
მაგრამ ამაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს. ჯობს იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალ და ზეგ არ
გაგვიჭირდება ერთმანეთისთვის თვალის გასწორება, თუნდაც, ფიქრში, ანუ სინდისის წინაშე. ადამიანის სიცოცხლე, ხანმოკლეა თუ ხანგრძლივი, საბოლოო ჯამში, მაინც ერთადერთი
ნაბიჯით განიზომება, იმ ნაბიჯით, რომელსაც მაინცდამაინც მეორე ადამიანის და, აქედან
გამომდინარე, მთელი კაცობრიობის სასიკეთოდ გადადგამს იგი. მაგრამ სწორედ ამ ნაბიჯის
გადადგმაა ძნელი. იმდენ სირთულესთანაა დაკავშირებული, როგორც ობიექტური, ისევე
სუბიექტური თვალსაზრისით, ხშირად შეუძლებელიცაა. სამაგიეროდ, ამ გადამწყვეტ ნაბიჯთან შედარებით, სხვა ყველაფერი იოლიცაა და მარტივიც. მწერალზე უკეთ ვინ იცის, თუ რა
იოლად შეუძლია ძალასა და ძალაუფლებას სინამდვილის გამრუდება, თუ რა მარტივად იცვლება ნებისმიერი ფარსის დეკორაცია და ნიღბებიც – მგელი შეიძლება ცხვრად, ცხვარი კი
მგლად მოგვევლინოს – მაგრამ მშობლების თვალწინ ჯგუფურად გაუპატიურებული გოგოს-
თვის, ანდა საკუთარ სამშობლოში ლტოლვილებად ქცეული ბავშვებისთვის ეს დიდი ვერაფერი შეღავათია. სინამდვილე გაცილებით შემზარავი და შთამბეჭდავია, ვიდრე რომელიმე
ჩვენგანის კალამს ძალუძს დახატოს. ხოლო რაც უფრო პატარაა ქვეყანა, მით უფრო ძნელი
გადასარჩენია, განსაკუთრებით კი დღეს, სისასტიკის, სიღატაკის, გაყალბებული დემოკრატიის, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ანექსიების ეპოქაში. პატარა ქვეყნისთვის ყველაფერი წაღმა-უკუღმაა შეტრიალებული – ის, რაც სხვებისთვის საზეიმოა, მისთვის
შეიძლება სამგლოვიარო აღმოჩნდეს, სასაცილო – სატირალი, საიმედო – სახიფათო და ასე
შემდეგ. მაგრამ თავისუფლება პატარა ქვეყნისთვისაც გარდაუვალია, ოღონდ, ჯერჯერობით,
თავისუფლებისკენ მიმავალნი, სხვებთან შედარებით, კიდევ უფრო მძიმე დღეში ვართ ჩავარდნილნი და ესეც გარდაუვალი, აუცილებელი მძიმე დღეა, თუკი თავისუფლება გვინდა.
თავისუფლება, რასაკვირველია, დიდი მადლია, მაგრამ ასევე დიდი ტვირთიცაა. თავისუფლებისკენ სწრაფვა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი თვისებაა – დაიძვრება თუ არა ნაყოფი დედის საშოდან, იწყება მისი თავისუფლებისთვის ბრძოლაც, რაც, ადვილი შესაძლებელია, სიკვდილამდეც გაგრძელდეს. სიკვდილით კი ყველაფერი მთავრდება, ყველაფერი ბათილდება,
ყველაფერი უქმდება. სიკვდილი მარადიული შვება კია, მაგრამ, გარკვეული თვალსაზრისით, ფარ-ხმლის დაყრაცაა. სიკვდილის მერე ისევ სიკვდილია, ანუ – არაფერი; მაგრამ, საბედნიეროდ, ხალხი უკვდავებისთვისაა გაჩენილი – მისი სასჯელიცა და ჯილდოც უკვდავებაა, ანუ განუწყვეტელი ტანჯვა და მოლოდინი. ხოლო კაცობრიობამ, თუკი ხვალაც აპირებს
ცხოვრებას, დღეს უკვე უნდა იცოდეს სიმართლე ყველაფრისა და ყველას შესახებ. სილამაზისა რა მოგახსენოთ, სიმართლემ კი შეიძლება კიდევ იხსნას ჩვენი ცოდვილი დედამიწა, კიდევ აღადგინოს, ვინ იცის, რამდენნაირად დაგლეჯილი, რამდენგზის გადანაწილებული მისი სხეული – ყველა ჩვენგანის საერთო აკვანიცა და საერთო სამარეც.
კაცობრიობა, მართალია, ზოგადი ცნებაა, მაგრამ კი არ უარყოფს, კიდევ უფრო ნათლად
წარმოაჩენს ყოველი ჩვენგანის განუმეორებლობას, ერთადერთობას, აუცილებლობას. კაცობრიობა სამშობლოდან იწყება და ვისაც ეროვნული ღირსება არ გააჩნია, მისთვის კაცობრიობა
ცარიელი, არაფრის მთქმელი სიტყვაა, რომელსაც ნებისმიერი მნიშვნელობა შეგიძლია მიანიჭო შენი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე. და კიდევ ერთი, ჩვენდა ჭირად თუ ჩვენდა
ბედად, ერთხელ და სამუდამოდ ვერავინ მოიპოვებს იმას, რისი დაკარგვაც შეიძლება. ბუნებაში კი მხოლოდ ის მოიპოვება, რაც იკარგება კიდეც. მოპოვება თავის არსში დაკარგვასაც
გულისხმობს, დაკარგვა კი, შესაბამისად, მოპოვებასაც, და ეს ვერაგული სიკეთე, თუ კეთილი ვერაგობა ქმნის იმ მოჯადოებულ წრეს, რომელშიაც იმედისა და უიმედობის განუწყვეტელი მონაცვლეობით გაბრიყვებული ადამიანია გამომწყვდეული – მორჩილებისთვის,
მოთმინებისთვის, ყველა სიკეთესთან ერთად, მახსოვრობითაც დაჯილდოებული და, ამდენად, არამარტო რაღაცის დამმახსოვრებელი, არამედ რაღაცის დამვიწყებელიც. იმ ადამიანის
სიცოცხლე მარადისობის ტოლფარდია. ანუ რაც იყო, კიდევ ბევრჯერ იქნება, რაც არის, უკვე
ბევრჯერ ყოფილა. მწერლობაც ხომ იმისი მეთოდური შეხსენებაა, რაც უკვე არაერთხელ გადაგვხდენია თავს. მაგრამ ჯერარნახული განსაცდელი გველოდება წინ, თუკი ჩვენც, მწერლებიც პოლიტიკური ავანტიურისტებივით, დასანგრევს გავამაგრებთ, დასაგმობს გავამართლებთ, დრომოჭმულს განვაახლებთ და, ამავე დროს, შეგვეძლება აუღელვებლად, თანამიმდევრულად, ჭკუის დარიგებითა და დაყვავებით, კიდევ ერთი სასიკვდილო ჭრილობა მივაყენოთ ხალხს, რომელსაც არათუ პირადად ჩვენთვის, არავისთვის არაფერი დაუშავებია, თუკი თავისუფლებისკენ სწრაფვასა და ეროვნული ღირსების დაცვას არ ჩავუთვლით დანაშაულად. არა მგონია, თუნდაც ერთი წამით მართლა დაიჯეროს რომელიმე მწერალმა, რომ ქართველ ხალხს, ვისგანაც არ უნდა იყოს ის ათვალწუნებული, შეუძლია პური, წყალი და სით-
ბო დაამადლოს ვინმეს, ანდა მშვიდად ეძინოს, თუკი მისი მიზეზით ერთი ბავშვი, ანდა ერთი მოხუცი მაინც იტანჯება. მატეო ფალკონე შვილს კლავს, მაგრამ განა რომელიმე ჩვენგანს
აზრად მოგვსვლია, შვილის მკვლელობა კორსიკელთა დამახასიათებელ თვისებად ჩაგვეთვალა?! ამ მოთხრობიდან, უპირველეს ყოვლისა, ყველამ ის ამოვიკითხეთ, რამაც უბედურ
ფალკონეს ამგვარი გადაწყვეტილება მიაღებინა. ჩვენ, შეიძლება პროსპერ მერიმეები არა
ვართ, მაგრამ მწერლურ ობიექტურობაში არც იმას უნდა ჩამოვრჩებოდეთ, არც ჩვენ უნდა
გვქონდეს იმაზე ნაკლებად განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა როგორც ადამიანის, ისევე სიტყვის მიმართ. ჩვენს საერთო იერს, რომელსაც თავიდანვე ბევრი დიდებული
პიროვნება გულმოდგინედ ქმნიდა და ამკვიდრებდა, სრულებითაც არ შეეფერება გულგრილობა და სისასტიკე. ხოლო, რაც შეგვეხება ჩვენ, ქართველებს, რაკი აქამდე არ მოხერხდა,
დაე, გასაჭირში ჩავარდნილნი მაინც გაგვიცნოს დღეს მსოფლიომ. კაცისა არ იყოს, ხალხიც
გაჭირვებაში იცნობა. გაჭირვება ზოგს აბეჩავებს, აკნინებს, ზოგს კი, პირიქით, კიდევ უფრო
უმძაფრებს სიცოცხლის ჟინსა და უნარს. გაჭირვებაში ჩავარდნილი ყველა ნორმალური ადამიანი და, აქედან გამომდინარე, ხალხიც, უპირველეს ყოვლისა, გასაჭირიდან თავის დაღწევას ცდილობს და არავისა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს ამ ურთულესსა და უკეთილშობილეს ბრძოლაში. რასაკვირველია, ასევე გასაჭირში ჩავარდნილსაც არა აქვს უფლება, სხვების
იმედზე იყოს სულ, სხვებს აბრალებდეს საკუთარ უმაქნისობას. ვინც გაჭირვებულს ვერ შველის, იმას ალბათ შველა არც შეუძლია, ხოლო, ვინც შეგნებულად არ შველის, ის გაჭირვებულზე კიდევ უფრო უბედური ყოფილა და იქითაა მისახედი. ჩვენც მივხედავთ და მივუტევებთ ყველას, ვისაც ჩვენი შველა არ ძალუძს და იმასაც, ვინც შეგნებულად არა გვშველის,
რადგან ისიც ადამიანია და არ უწყის, რას სჩადის. მხოლოდ ასე თუ ამოვალთ გასაჭირიდან.
უფრო სწორად, მხოლოდ ასე უნდა ამოვიდეთ – თამამად, თავისუფლად რომ გავუსწოროთ
თვალი კაცსაც და ღმერთსაც. მაგრამ ბარემ ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელ მსოფლიოში ცოტა ვინმე თუ იმსახურებს მსაჯულისა და განმკითხავის წოდებას. ატომური ფსიქოზის,
ეკონომიკური ტერორიზმის, აღზევებული პროვინციალიზმისა თუ პოლიტიკური სიბეცის
საუკუნემ თითქმის ყველა ერთნაირად დაგვამდაბლა, დალხინებულნიცა და გაჭირვებულნიც. დალხინებულებზე ნაკლებად არც გაჭირვებულნი ვართ დამნაშავენი საყოველთაო სიყრუისა და სიბრმავის გახანგრძლივებაში. ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება, მორიდებით
რომ ვთქვათ, ჩვეულებრივი უსინდისობაა და კარგს არაფერს მოგვიტანს მომავალშიც. სხვამ
კი გვასწავლა, მაგრამ ჩვენც საფუძვლიანად შევისწავლეთ პურის ქვაზე თესვა და სახლის
ქვიშაზე აშენება. რაც ჩვენ გადაგვიტანია, გასაკვირიცაა, უარესები რომ არა ვართ. მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, დროთა განმავლობაში ჯერ კიდევ შეიძლება ყველაფრის აღდგენა. ამიტომ ძალიან მინდა საქართველოს ბედზე დაფიქრებული ყველა ადამიანი იმ ხალხში მეგულებოდეს, რომლებსაც საქართველოსთვის და, ამდენად მთელი კაცობრიობისთვის, დიახაც
რომ უმძიმეს და ურთულეს მომენტში, კეთილშობილებაც ეყოფათ და გამბედაობაც, სიმართლეს დაუჭირონ მხარი, ანუ არამარტო საქართველოს ხვალინდელი დღე, არამედ ზოგადად
ადამიანის ცნება იხსნან სამარადისო შერცხვენისგან. მეც ვსარგებლობ შემთხვევით და ერთხელ კიდევ ვგმობ ნებისმიერ დემაგოგიას, ნებისმიერ პროვოკაციას, ნებისმიერ ძალადობას
ნებისმიერი ხალხის წინააღმდეგ მიმართულს და ჩემი წერილის ადრესატად ვგულისხმობ
ყველას, ვისაც ოდესმე, შეგნებულად თუ შეუგნებლად, დაუმსახურებელი შეურაცხყოფა და
გაუმართლებელი ტკივილი მიუყენებია ჩემი ხალხისთვის, რითაც, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ღირსება დაუმდაბლებია უკეთესი კაცობრიობის თვალში.
1991
რაკი ვხედავ და მესმის...
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ჩვენი შინაომი არც გუშინ დაწყებულა და, რასაკვირველია,
არც ხვალ დამთავრდება. ჩვენ ამ უშეღავათო, ლამის უსასრულო ომის მხოლოდ გარკვეული
ეტაპის მოწმენი თუ მონაწილენი აღმოვჩნდით, შეიძლება ჩვენდა უნებურადაც, მაგრამ რაკი
ასე ინება განგებამ, გვინდა თუ არა, უკვე ყველას ჩვენი საკუთარი წვლილი შეგვაქვს, თუნდაც ჩვენი არსებობით, ყოველი ცალკეული საბრძოლო ეპიზოდის წარმართვაში. ისტორიისთვის სულერთია, ვინ საით ვდგავართ, ამას მხოლოდ თითოეული ჩვენგანის პირადი მსოფლმხედველობისა და სულისკვეთების გამოსარკვევად და გამოსავლენად ენიჭება მნიშვნელობა, რამდენადაც მეომარი მხარეები განუყოფლის გაყოფასა და ხელშეუხებლის ხელყოფას
ცდილობენ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ორივე მხარე დარწმუნებულია სამშობლოს თავისუფლებისთვის რომ იბრძვის, თავად სამშობლო კი ორივე მხარისთვის ერთია და ორივე
მხარე ერთნაირად იტანჯება საუკუნეთა მანძილზე უკვე ძვალ-რბილში გამჯდარი მონობისგან. ჩვენი ომი იმითაცაა განსაკუთრებული, ნებისმიერი მხარის გამარჯვება საერთო უბედურებად რომ შეიძლება იქცეს, ანუ იძულებითი მონობა ნებაყოფლობითი მონობით შეიცვალოს. ეს ომი მხოლოდ მაშინ განახლდება ხოლმე, როცა გარდაქმნებით აფორიაქებული იმპერიის ხალხებს განთავისუფლების შესაძლებლობა უჩნდებათ და, თავისთავად ცხადია, დასაღუპად განწირული ხომალდის მგზავრებივით, თავადაც ფორიაქდებიან, რის გამოც ხშირად
ერთმანეთს უფრო ვნებენ, ერთმანეთის მოუთმენლობასა და გადარჩენის ცხოველურ ინსტინქტებს უფრო ეწირებიან, ვიდრე საერთო განსაცდელს.
საუკუნის დასაწყისში, აკაკის თქმით, თურმე, მამა შვილს აღარ ზოგავდა და შვილის მამას,
ძმა – ძმას და მეგობარი – მეგობარს. ასეა დღესაც. ოღონდ ცოტა კიდევ უფრო მძაფრად, რადგან ამ ხნის განმავლობაში არამარტო ბრძოლის წესები გამკაცრდა, არამედ ომის გამჩაღებლებიც გაიწაფნენ თავიანთ საქმეში. სამაგიეროდ, საუკუნის მიწურულსაც იმავე მოვლენებმა განაპირობა ჩვენი მარადიული ომის განახლება, ანუ, დღესაც მოახლოებული თავისუფლების
მძაფრმა სურნელმა შეძრა ჩვენი გულები და იქამდე მივაწყდით სატუსაღოს ჩაჟანგულ კარს,
ვიდრე ბოლომდე გაიღებოდა. რა მოჰყვება ჩვენს სულსწრაფობას, ჯერ გაურკვეველია. მაგრამ დღეს თამამად შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ საუკუნის დასაწყისში ვერ შევძელით პოლიტიკური პროცესების საღად შეფასება და კიდევ ერთი ისტორიული შესაძლებლობა გავუშვით ხელიდან, უფრო სწორად, მხოლოდ სამი წლის მანძილზე გავითამაშეთ გამოგონილი
თავისუფლება გამოგონილი სახელმწიფოს სცენაზე. ქართველმა ხალხმა, ისევ და ისევ ხანგრძლივი, მოუშორებელი მონობის გამო, ვერ მოახერხა მისთვის სასარგებლოს არჩევა ეროვნულსა და სოციალურს შორის. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ილია ჭავჭავაძეს ნოე ჟორდანია ამჯობინა და დაისაჯა კიდეც, რამდენადაც ილია, თავისი არსითა და ბუნებით, მარადიულის, მყარის განსახიერებაა, როცა ჟორდანია (რასაკვირველია, ჩემი თვალსაზრისით), ეფემერულისა და მოჩვენებითის განმასახიერებლად ამოატივტივა დრომ ჩვენი მრავალგზის
გაწბილებული და გაბითურებული ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე. თუმცა
ისიც უნდა ითქვას, რომ ის სამწლიანი სპექტაკლიც უაღრესად საჭირო აღმოჩნდა ჩვენი მომავალი არსებობისთვის თუნდაც იმიტომ, სამუდამო ძილისთვის რომ არ მიგვეცა თავი, საბოლოოდ არ ჩაგვექნია ხელი და, თუკი შესაძლებლობა მოგვეცემოდა, ერთხელ კიდევ გვეცადა
საცდელი, რისი მოწმენიცა და მონაწილენიც დღესა ვართ ყველანი: მორწმუნენიც და ურწმუნონიც, მშიშრებიცა და გულადებიც, ბრიყვნიც და ჭკვიანნიც. მაგრამ ომი არამარტო რაღაცის
მოსპობას, არამედ რაღაცის გადარჩენასაც გულისხმობს, არამარტო – მხილებას და გამტყუნებას, არამედ – დაცვასაც და გამართლებასაც. ძმათა ომი, სამწუხაროდ, თითქმის აუცილებელი უბედურებაა თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის მებრძოლი
ხალხებისა. მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, ერთხელ კიდევ განმეორდეს წარსული, ანუ მარადიულს ისევ ეფემერული ვამჯობინოთ, რისი შეტყობაც, თავისთავად ცხადია, დღეს არავის შეუძლია და გარკვეული დრო უნდა გავიდეს, დაბეჯითებით რომ ვთქვათ, გაღმა გავყავართ
ბორანს, თუ უკანვე გვაბრუნებს. მაგრამ, ასეა თუ ისე, დღეს ყველამ ის უნდა ვაკეთოთ, რისი
კეთებაც მხოლოდ საერთო საქმისთვის მიგვაჩნია სწორად. თუმცა ჯერჯერობით ისიც ძნელი
გასარკვევია, რა ჯობს საერთო საქმისთვის, ვინ უფრო მართალი აღმოჩნდება ბოლოს როგორც ღმერთის, ისევე საკუთარი სინდისის წინაშე. ამიტომ ძმათა ომის ყველა მონაწილეს
მთავარ იარაღად მაინც გაგება და მიტევება უნდა ჰქონდეს მომარჯვებული, რამდენადაც
ძნელი დასაჯერებელია, შეგნებულად იბრმავებდეს რომელიმე მათგანი თავს, შეგნებულად
უშვებდეს შეცდომას, ანუ არ იყოს ღრმად დარწმუნებული, სწორედ იქ რომ დგას, სადაც უნდა იდგეს.
ჩვენ ყველანი, უპირველეს ყოვლისა, სიყვარულის მსხვერპლნი ვართ. ხოლო სიყვარული
თუკი მართლა ბრმაა, მაშინ ყველაზე ბრმა სწორედ სამშობლოს სიყვარული ყოფილა – სიტყვის შეუბრუნებლად ვემორჩილებით, უანგაროდ ვემსახურებით და სიამაყით ვეწირებით. ვეწირებით, მაგრამ არ ვიღუპებით, რადგან სამშობლოსთვის სიკვდილი მეორედ დაბადებას
ნიშნავს, ანუ უკვდავებაში გადასვლას – იქამდე ვიქნებით ჩვენც, სანამ ჩვენი სამშობლო იარსებებს ამ ქვეყანაზე, ესე იგი, სულ, უსასრულოდ, სამყაროს აღსასრულამდე. ამიტომ ვერ დავეთანხმები იმათ, მომხდარი ტრაგედიის კომენტარისას, საკმაოდ დაჯერებულად რომ აცხადებენ დღეს: «ერი დამარცხდაო». ერი გუშინაც დამარცხებული იყო და გუშინწინაც... ჩემი
აზრით, ერთხელ კიდევ მოხდა მოსახდენი, რაც არ უნდა ძნელი გადასატანი იყოს ყველა
ჩვენგანისთვის, როგორც მსხვერპლის სიმძიმე, ისევე საკუთარი სიბრმავის, სისასტიკის თუ
სიბრიყვის შეგრძნებაც. შინაომი, გარკვეული თვალსაზრისით, საკუთარ სულში ჩაღრმავების
ცდაა, რადგან მხოლოდ იქ თუ აღმოვაჩენთ თანდაყოლილ და შეთვისებულ მანკიერებათა
აღიარების უნარს, ურომლისოდაც, უბრალოდ, უფლებაც არა გვაქვს უკეთეს მომავალზე
ფიქრისა. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია საკუთარი შეცდომების კვლევა და გამოსწორება.
შეცდომა კი ნამდვილად ბევრი ჩაგვიდენია და ალბათ მომავალშიც მრავლად ჩავიდენთ. შეცდომა ცხოვრების აუცილებელი თანამგზავრია და ამიტომაც არ ითვლება დანაშაულად, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობას იმ ხალხს მაინც უნდა უმძაფრებდეს, რომლებსაც პოლიტიკური მომზადებაც და მდგომარეობაც ავალდებულებს, სხვებზე უკეთესად ერკვეოდნენ
მიმდინარე პროცესებში და თუ შეცდომად თვლიან, დავუშვათ, პრეზიდენტის ინსტიტუტის
შემოღებას მსოფლიო რუკაზე ფაქტობრივად ჯერ არარსებულ სახელმწიფოში, გვერდზე კი
არ უნდა გადგნენ გადამწყვეტ მომენტში, ხელი უნდა დაუჭირონ რომანტიკული პატრიოტიზმით აღტყინებულ ამომრჩეველს, რათა ერთხელ კიდევ დაფიქრდეს ის, ვიდრე საკუთარ
ხმას, მით უფრო თავის სიცოცხლეში პირველად, შეგნებულად მისცემდეს ამა თუ იმ კანდიდატს, სინამდვილეში კი, ერთხელ კიდევ განუსჯელად მიანდობდეს ბედს ურნის წყვდიადს.
რომანტიკული პატრიოტიზმი ხომ იმის ბრმა თაყვანისცემაა, რაც, შეიძლება, არც არსებობდეს, ანდა იმ სახით არ არსებობდეს, რა სახითაც შენ წარმოგიდგენია. «ეს ხალხი მხოლოდ
იმიტომ თვლის თავს ბედნიერად, მისი ახალი ტირანი რუსულ სახელს რომ ატარებს და არა
თათრულსო,» – ასე წერდა რუსებზე მეცხრამეტე საუკუნის ერთი ფრანგი მწერალი და, სამ-
წუხაროდ, იმავეს თქმა ჩვენზეც შეიძლება. ხარი ხართან დააბი, ან ფერს იცვლის ან ზნესო.
ჩვენ კი, აგერ უკვე ორასი წელია, რუსეთზე ვართ მიბმული და ამ ხნის განმავლობაში, ცხადია, ფერიც ვიცვალეთ და ზნეც. მაგრამ მე მაინც არ ვთვლი ქართველ ერს დამარცხებულად
და არც ამის ხმამაღლა განცხადება მგონია მამულიშვილური გულწრფელობის მაგალითი.
ამან, შეიძლება, კიდევ უფრო განგვიმძაფროს დამნაშავის კომპლექსი, ზედმეტი კი ყველაფერი ერთნაირად მავნებელია, ცუდიც და კარგიც. ერი, რომელიც თუნდაც ქაოტურად, ალალბედზე იბრძვის თავისუფლებისთვის, უპირველეს ყოვლისა, იმას ადასტურებს, მონობაში
დაკარგული სახის დაბრუნების სურვილით რომ არის შეპყრობილი და თუნდაც მარტო ამ
სურვილისთვის იმსახურებს პატივისცემას სხვებისგანაც თუ არა, ჩვენგან მაინც. ასე რომ, კი
არ დავმარცხდით, ცოცხლები აღმოვჩნდით, ანუ კიდევ ერთი შესაძლებლობა მოგვეცა ცდისა. რა თქმა უნდა, ბევრად აჯობებდა სხვა გზებითა და მეთოდებით შეემოწმებინათ ჩვენი ბედის გამრიგეებს ჩვენი სიცოცხლისუნარიანობა, მაგრამ, ასეა თუ ისე, მოსახდენი უკვე მოხდა.
მთავარია, ჩვენს ხალხს იმდენი სულიერი ძალა კიდევ აღმოაჩნდეს, საკუთარი შეცდომები
აღიაროს. შეძლებს თუ ვერა ამ შეცდომების გამოსწორებას, სხვა საკითხია. ამას მხოლოდ
დრო დაგვანახებს. ჩვენ დღეს ყველანი მიმდინარე პროცესის მონაწილენი ვართ და შეძლებისდაგვარად მივყვებით კიდეც დინებას, რამდენადაც დინების მიმართულებით სვლაც თავისებური ბრძოლაა, ყოველ შემთხვევაში, ბრძოლის ილუზიას ნამდვილად გვიქმნის, ბრძოლა კი, როგორც უკვე ვთქვით, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, უპირველეს ყოვლისა, იმის დადასტურებაა, ჯერ კიდევ ცოცხლები რომ ვყოფილვართ, თანაც ერთხელ კიდევ გამოგვიღვიძია და ადვილი შესაძლებელია, ამჯერად უფრო იღბლიანი აღმოჩნდეს ჩვენთვის თუნდაც
დროისმიერი, თუნდაც თავსმოხვეული ცვლილებები. მართალია, ჩვენი მიზანი თავისუფლებაა, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა არსებობისთვის ბრძოლასაც გულისხმობს,
ოღონდ ვინც შეგნებულად იბრძვის, ის, რა თქმა უნდა, თავისუფლების გარდა არავითარ
სხვა გასამრჯელოს არ ელოდება ამ ბრძოლიდან. მაგრამ, სამწუხაროდ, ბარიკადის ორივე
მხარეს საკმარისზე მეტნი აღმოჩნდნენ მღვრიე წყალში თევზის დაჭერის მსურველნი, ანუ ანგარებით დამცველნი ხელისუფლებისა და ანგარებით გაოპოზიციონერებულნიც. რაც კიდევ
უფრო სამწუხაროა, ერთნი უკვე საკუთარი ნაკვალევის ამოშლას ცდილობენ, მეორეებმა კი,
დამსახურება არ დაგვეკარგოსო, ლამის ცარცით შემოხაზონ ყველა ადგილი, სადაც ამა თუ
იმ დროს, ამა თუ იმ მიტინგზე მდგარან. ასე კი იმიტომ ხდება, თავიდანვე, ძირშივე რომ ვერ
შევძელით თავისუფლების გამორჩევა თავნებობისგან. თავისუფლება დაბრძენების გამოხატულებაა, თავნებობა – ქრონიკული სიბრიყვისა და თუნდაც მარტო ამის შიშით, არასოდეს
არ უნდა დავაყენოთ შეუგნებელი მოუთმენლობა შეგნებულ მოთმინებაზე მაღლა, რამდენადაც პირველი სწორედ თავისუფლების მტრების წისქვილზე ასხამს წყალს, როცა მეორეს
ოდესმე მაინც შეიძლება მოჰყვეს ნანატრი თავისუფლება.
ნოემბერმა და აპრილმა, თავის დროზე, რასაკვირველია, უდიდესი ფსიქოლოგიური
ტრავმა მოგვაყენა ყველას, მაგრამ სანატრელი შემჭიდროვების, აუცილებელი წესრიგისა და
ბუნებრივი კაცთმოყვარეობის ნაცვლად, რაც თითქოს თავისთავად უნდა მოჰყოლოდა ამ ორ
გრანდიოზულ, უაღრესად ეროვნულ მოვლენას, კიდევ უფრო გავიფანტენით, კიდევ უფრო
გავუცხოვდით, კიდევ უფრო შევიძულეთ ერთმანეთი. ასე კი იმიტომ მოხდა, დიდი ხნის წინ
რომ შევაქციეთ ზურგი გონებას და სრულიად მოუმზადებელნი, ლამის მარტო გულის ამარა
აღმოვჩნდით კიდევ ერთი ისტორიული გარდატეხის წინაშე, რის შედეგადაც არათუ მივიღეთ, გაგვიტკბა კიდეც ნებადართული თავისუფლება, რაც, არც მეტი და არც ნაკლები, სულიერი ნარკოტიკია უწვრთნელი, ნებაზე მიშვებული, «უმეთვალყუროდ» დარჩენილი ადამიანისთვის, რადგანაც მოპოვებული, დამსახურებული თავისუფლებისგან განსხვავებით
(რომელსაც დროც მეტი სჭირდება და ფიქრიც), პირველ რიგში, სხვათა ფეხის ხმის აყოლას
გვავალდებულებს მხოლოდ, ანუ, ერთხელ უკვე გადაყრილი დროშების ფრიალსა და ბოლომდე გაუცნობიერებელი ლოზუნგების ამოძახებას. თავისუფლება, ეტყობა, გარდუვალია
– აქეთკენ მიდის მთელი კაცობრიობა – მაგრამ მოჩქარეს, სამუდამოდ თუ არა, შეიძლება, საკმაოდ დიდი ხნით მოუგვიანდეს, თუკი ისევ გულით განვჭვრეტთ და არა გონებით. გაღმა
გასვლის მსურველები, შეიძლება, უკანვე დაგვაბრუნოს ბორანმა და აკი დაგვაბრუნა კიდეც,
რადგან რაც დღემდე ვაკეთეთ თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით, ერთხელ უკვე
არსებული უდღეური რესპუბლიკის რესტავრაციის მცდელობა იყო მხოლოდ და სხვა არაფერი. ეს კი, რამდენადაც ვიცი, სრულებითაც არ უნდა იყოს ჩვენი სანუკვარი მიზანი. მაგრამ
თუ რატომ მოხდა ასე, ალბათ უთქმელადაც გასაგებია ყველასთვის. ჩვენი ხალხი ისე ღრმადაა შეურაცხყოფილი გაუთავებელი მონობით, ისეა დანატრებული ნამდვილად მის, ნამდვილად მისთვის არსებულ ხელისუფლებას, არც გაემტყუნება, თუკი ხანდახან შეგნებულადაც დახუჭავს თვალს ბევრ რამეზე, ანუ, ჩვეულებისამებრ, საკუთარი მეობის გადარჩენის
მიზნით, ისევ ლეგენდას მიანიჭებს უპირატესობას სინამდვილესთან შედარებით. მაგრამ
ლეგენდაში დაყოვნებაც სახიფათოა, რადგან ნანატრი თავისუფლებისა და დემოკრატიის
ნაცვლად, ბოლოს იქნებ ცრუ სასახლეებითა და ციხე-კოშკებით მოფენილი, ცრუ უფლისწულებითა და მზეთუნახავებით დასახლებული ცრუ ქვეყანა შეგვრჩეს ხელში, რომლის ადგილიც, მართლაც, ლეგენდაშია და არა მსოფლიო რუკაზე.
ყველა მოწოდება, რომელიც სახელოვან სიკვდილს სამარცხვინო სიცოცხლეზე მაღლა აყენებს, კონკრეტული ადამიანისთვისაა გამიზნული და არა ხალხისთვის. ოღონდ ისიც უნდა
ითქვას, რომ ასეთ დროს, ესე იგი, საერთო განსაცდელის ჟამს, ყველა ჩვენგანი ხალხია, ანუ
ქვეყნის ნებასურვილის აღმსრულებელია და არა პირადი ინტერესების დამცველი. ყველა
ჩვენგანი თავისთავად ხდება იმ თვისებების გამომხატველი, რაც ხალხს ახასიათებს საერთოდ და იმ ერთიანი, განუყოფელი არსების ნაწილად აღიქვამს თავს, რომელსაც ხალხი
ჰქვია და რომელიც გაცილებით ძლიერიცაა და გონიერიც, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება იყოს. ამიტომ, ცხადია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დღეს ყველა ჩვენგანის
მრწამსს, მოსაზრებას... ჩვენს მიერ წარმოთქმულ ნებისმიერ სიტყვას და ჩვენს მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. აქედან გამომდინარე, არასოდეს არ ჰქონია ალბათ ესოდენ დიდი
მნიშვნელობა თითოეული ჩვენგანის სიცოცხლეს, სულ ერთია, ბარიკადის რომელ მხარეს
ვდგავართ, რადგან თავად ბარიკადი, გვინდა თუ არა, ჩვენს საერთო გულზე გადის ყოველთვის და, ამდენად, გაცილებით მნიშვნელოვანია სიმართლის თქმა ბარიკადის ორივე მხარეს, ოღონდ საკუთარი სიმართლისა კი არა, ამ გულივით საერთოსი. რასაკვირველია, ადვილია მონობაში ზნეშეცვლილ კაცს ქვა ააღებინო ხელში, თუნდაც მოყვასის ჩასაქოლად, მაგრამ შეუდარებლად ძნელია, მოყვასის ჩასაქოლად აღებული ქვა როგორმე გააგდებინო იმავე
კაცს ხელიდან. სისხლი მხოლოდ მხეცს აღვიძებს ჩვენში, ჩვენ კი თავისუფლებაცა და დემოკრატიაც ადამიანობის გადასარჩენად გვინდა უპირველეს ყოვლისა. ადამიანი, რაც არ უნდა
რთული ცხოვრებით ცხოვრობდეს, უაღრესად საცოდავი არსებაა და თუ არ მიუტევე, თუ არ
დაინდე, თუ არ გაამართლე – საერთოდ უაზრობად იქცევა მისი ამქვეყნიური ყოფა. რაც მთავარია, თავადაც უნდა შევიგნოთ და მეორე კაცსაც შევაგნებინოთ, რომ ჩვენს შორის კარგი და
ცუდი არ არსებობს. უფრო სწორად, ჩვენი სიკარგეცა და ჩვენი სიცუდეც ერთმანეთის ტოლფასია, ერთმანეთს აბათილებს, გამორიცხავს, რადგან ორივე ხანგრძლივი, უსაშველო, გაუთავებელი მონობის შედეგია, მონობაშია შობილი, მონობის რძითაა გამოზრდილი და, საბოლოო ჯამში (რა თქმა უნდა, თუკი მართლა განვთავისუფლდით), ორივე მოსაშორებელია,
რამდენადაც თავისუფალი სამყაროსთვის მონური ერთგულებაც ისეთივე გაუგებრობაა, როგორიც მონური დაუნდობლობა.
ჯერჯერობით კი, ჩვენდა ჭირად, თითქოს მხოლოდ იმიტომ ვთავისუფლდებით, ერთმანეთის შურითა და სიძულვილით დაბრმავებულებმა, ჩვენივე ხელით რომ წავბილწოთ და
მოვსპოთ ყველაფერი, რაც ჯერ კიდევ გუშინ ამ ქვეყანაზე არსებობის უფლებას გვაძლევდა.
დღესაც პირველყოფილი ძალით წამოუყვია თავი დაუნდობლობის, სისასტიკის საზარელ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 11
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.