Latin

ბედნიერი ტანჯული - 04

Total number of words is 3575
Total number of unique words is 1935
28.3 of words are in the 2000 most common words
40.6 of words are in the 5000 most common words
48.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
თუკი მასაც აღელვებს, აშფოთებს და ახარებს ის, რითაც მე ვღელავ, რაც მე მიმაჩნია აღსაშფოთებლად ან გასახარად, რა თქმა უნდა, ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართული ლიტერატურის, ქართული ისტორიისა და კულტურის დამსახურებაა, რამდენადაც მეც მისი სისხლხორცეული, განუყოფელი ნაწილი ვარ, მისი წესის მიმდევარი და მისი სიტყვის გამტარებელი.
ხოლო რაკი საქართველოც, თავის მხრივ, ასევე სისხლხორცეული და განუყოფელი ნაწილია
მსოფლიოსი, არანაკლებ მნიშვნელოვანია და, რასაკვირველია, გარკვეულ ზეგავლენასაც ახდენს ჩემზე ის საერთაშორისო, საყოველთაო გამოცდილება კულტურისა და ლიტერატურისა, რაზედაც ხელი მიმიწვდება. ჩემი აზრით, ეს აუცილებელი გავლენაა, რამდენადაც ამგვარი გავლენის გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია ნებისმიერი ეროვნული ლიტერატურის
არსებობა და, მით უმეტეს, მისი შემდგომი განვითარება.
რაც შეეხება «ლიტერატურნაია გაზეტაში» დაბეჭდილ ლექსებს, სამწუხაროდ, ყველა ლექსი ძველია. უბრალოდ, გვიან ითარგმნა და ამან განაპირობა მათი ასევე დაგვიანებული გამოქვეყნებაც. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, თითქოს ლექსებს აღარ ვწერდე, თითქოს პროზა ვამჯობინე პოეზიას, როგორც კრიტიკოსებს ჰგონიათ. კრიტიკოსებს, ალბათ მათი
პროფესიის უაღრესად არისტოკრატიული ბუნების გამო, ხშირად, ნაწარმოებზე მეტადაც, ის
მიზეზები, მოვლენები, ხელისშემშლელი თუ ხელისშემწყობი პირობები აინტერესებთ, რომლებიც წინ უძღვის და თან ახლავს ამა თუ იმ ნაწარმოების დაბადებას. მაგრამ კრიტიკოსებმა
არ იციან, მწერალზე რომ არ არის ეს დამოკიდებული. მწერლის სათქმელი განაპირობებს
ჟანრს და არა მწერლის სურვილი. ოღონდ, თავად მწერლისთვის, თუკი ნამდვილად მწერალია, ყველა ჟანრი ერთნაირად მისაღებია, ანუ ჟანრებს შორის არანაირი არსებითი, მით უფრო, თვისობრივი განსხვავება არ არსებობს მისთვის, ისევე როგორც, ვთქვათ, შობასა და გამოჩეკვას შორის. უბრალოდ, მწერალს ერთიც უნდა შეეძლოს და მეორეც, იმისდა მიხედვით,
თუ როდის რომელ ჟანრთან იქნება დაკავშირებული სულიან-ხორციანა, მთელი არსებით...
შეგნებულად, წინასწარი განზრახვის, ან რაიმე პროფესიული მოსაზრების გამო არც მე გადავსულვარ პოეზიიდან პროზაში. ამჯერადაც სათქმელმა მოითხოვა ასე, სათქმელმა აირჩია
ჟანრი, თორემ მე ჩემი პირველი რომანი თავიდან პოემად მქონდა ჩაფიქრებული. მაგრამ თანდათანობით დავრწმუნდი, ვერანაირი «კვერცხი» ვერ დაიტევდა იმ ზღვა მასალას, რომელიც,
ერთი შეხედვით, მართლაც უაღრესად პოეტურმა ვერსიამ მოითხოვა. ვერსიის მიხედვით,
კოლხეთის ჭაობების წარმოშობა ახსნილია ოდესღაც აქ არსებული ზღვის სანაპირო ზოლის
შეცვლით, რაც საფუძვლად დაედო «შეგნებულად» უკანდახეული ზღვის სახის შექმნას, რამაც, თავისთავად, სხვა უამრავი მეტაფორა მოიყოლა თან და სწორედ ამით განაპირობა მომა-
ვალი ნაწარმოების დაბადების «მეთოდიცა» და გარეგნული მხარეც. მაგრამ მთავარი მაინც ის
არის, თუ რამდენად საჭირო და სიცოცხლისუნარიანია, რასაც მწერალი «შობს» ან «ჩეკავს»,
სულერთია, კიდევ ერთი შვლის ნუკრი იქნება ის, თუ კიდევ ერთი ყვავის ბახალა. ეს კი მხოლოდ მკითხველმა უნდა გადაწყვიტოს. მას ეკუთვნის საბოლოო სიტყვა. მან უნდა თქვას, რამე მართლა გვცხია მწერლისა, თუ საერთოდ არ უნდა მოგვეკიდა ამ საქმისთვის ხელი. ამიტომ, თქვენ რომ ბრძანებთ, თქვენი რომანების მიმართ ინტერესი არსებობსო, რასაკვირველია, სასიამოვნოა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად მიზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას ნებისმიერი მეორე ადამიანის წინაშე, რომელიც, ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება ჩემი მკითხველიც აღმოჩნდეს.
1986
სიცოცხლისათვის
დღემდე მოღწეული ხალხების უმრავლესობას სულიერი წრთობისა და ბედთან ჭიდილის თითქმის ერთნაირად რთული, ერთნაირად უსაშველო გზა აქვს გამოვლილი. მაგრამ,
ერთი დიდი მწერლის ცნობილ გამოთქმას ოდნავ თუ შევცვლით, ყველა ხალხი თავისებურად, განსხვავებულადაა ბედნიერი, ანუ უაღრესად თავისი, სიმარტოვეში გამომუშავებული
მეთოდებითა და ხერხებით უმკლავდება დრო-ჟამის დაუნდობელ დინებას. ბედთან ჭიდილი და თავისთავადობის დაცვა ყოველთვის უმთავრეს და უკეთილშობილეს მოთხოვნილებად დარჩება ნებისმიერი ხალხისთვის, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს, ხოლო ვინც ამას დაივიწყებს, დაიღუპება, მაშინვე გაქრება საერთაშორისო ასპარეზიდან, როგორც ხალხი, როგორც განსაკუთრებული ენის, ფსიქიკისა და ტრადიციის მქონე დამოუკიდებელი ფენომენი
და, ამიტომაც, განუყოფელი, სისხლხორცეული ნაწილი მთელი დანარჩენი კაცობრიობისა,
რამდენადაც თავისი განსაკუთრებულობითა და გამორჩეულობით ესა თუ ის ხალხი კი არ
უპირისპირდება მთელს, ანუ დანარჩენ კაცობრიობას, არამედ ავსებს და ამდიდრებს შეძლებისდაგვარად, ზუსტად იმ ფერს ამატებს საერთო, «საოჯახო» სურათს, რომლის დამზადებაც
მხოლოდ მას ასწავლა ბუნებამ და ურომლისოდაც სურათი სრულყოფილების იერს დაკარგავდა.
ამის შეგრძნება ნებისმიერ ხალხს არამარტო აქეზებს სიცოცხლისთვის, გარკვეული და,
ამავე დროს, აუცილებლად კეთილშობილი აზრითაც ტვირთავს მის სიცოცხლეს. აქედან
იღებს ალბათ სათავეს ის ამოუხსნელი, ღვთაებრივი მადლიც, რომლის წყალობითაც ყოველთვის სიამაყით ვამბობთ ხოლმე: მე ქართველი, ფრანგი, გერმანელი, ფინელი ან ინდოელი
ვარო. ასე რომ არ იყოს, აღარც სიცოცხლეს ექნებოდა აზრი და ყველანი «მშვიდად» დაველოდებოდით აღსასრულს. უფრო სწორად, არაფერს აღარ დაველოდებოდით, ნებაზე მივუშვებდით ცხოვრებას, ჩვენც უზნეობის, განუკითხაობის, განუსჯელობის მაცდურ დინებას მივეცემოდით, ანუ ყმად დავუდგებოდით იმ მანკიერებებს, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა,
ჯერჯერობით, უმთავრეს და უპირველეს მოვალეობად ითვლება ყველა ჭეშმარიტი ადამიანისთვის და რომელთა აყოლაც არამარტო პირადად ჩვენი, არამედ საერთოდ სიცოცხლის
უგულებელყოფას ნიშნავს.
დღესაც, ატომური ენერგიის ეპოქაში, როცა ადამიანის გონებამ, ბოლოს და ბოლოს, მაინც
დაუშვა დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის შესაძლებლობა, ბოლოს და ბოლოს, მაინც შეიხიზნა და შეისისხლხორცა ეს ყველაზე შემზარავი ეჭვი, ეროვნული პრობლემა ალბათ ერთერთი ყველაზე რთული, ბოლომდე ჩაუწვდენელი და ბოლომდე ამოუხსნელი პრობლემაა,
რამდენადაც ესეც ბუნების საიდუმლოებაა და მისი ამოხსნის მსურველისგან, რასაკვირველია, პირველ რიგში, ბუნების ცოდნას მოითხოვს. ეს ცოდნა კი, როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ საბუნებისმეტყველო დარგების შესწავლით არ მოიპოვება, საამისოდ, საკუთარ სულში
შეღწევაა საჭირო, საკუთარი თავის შეცნობა, რის შემდეგაც გაცილებით უკეთესნი და, რაც
მთავარია, გაცილებით მეტის შემძლენი ვხდებით: უკეთესნი – თუნდაც იმ თვალსაზრისით,
ერთნაირად რომ თანავუგრძნობთ უკვე როგორც ლომის, ისევე პეპლის ტანჯვას; ხოლო, მეტის შემძლენი – რამდენადაც არ არსებობს ცოდნაზე უკეთესი იარაღი ნებისმიერი ბრძოლის
გადასახდელად.
მაგრამ დღევანდელმა ადამიანმა განა მეტი იცის საკუთარი თავისა და, აქედან გამომდინარე, ბუნების შესახებ, ვიდრე გუშინ იცოდა?! ყოველ შემთხვევაში, დღევანდელმა ადამიანმა
გაცილებით ცოტა იცის, რისი ცოდნაც უბრალოდ აუცილებელიცაა როგორც მისთვის, ისევე
საერთოდ სიცოცხლისთვის, როცა საჭიროზე მეტადაა ინფორმირებული ნებისმიერი წვრილმანის შესახებ (ამა თუ იმ სპორტსმენის ფიზიკური მონაცემები, ესტრადის ამა თუ იმ მომღერლის ოჯახური ამბები და ა. შ.), რაც უმნიშვნელო, ანდა თითქმის არავითარ როლს არ თამაშობს მის ცხოვრებაში. აბა, სხვანაირად რითი შეიძლება აიხსნას უმაღლესდამთავრებულთა უწიგნურობა, თავგანწირული, ლამის ტრაგიკული ლტოლვა უაღრესად რთული და საპატიო პროფესიებისკენ, მკვდრადშობილი ინჟინრული ჩანაფიქრების შემაშფოთებელი სიმრავლე ანდა სულიერ საგანძურთა ხელყოფის დაუოკებელი ჟინი?! დღეს კაცობრიობის უდიდეს ნაწილს უკვე იოლად გააქვს თავი ისეთი სულიერი წინამძღვრების დაუხმარებლად, როგორიცაა წიგნი და საერთოდ ხელოვნება. მოსწავლეები სასკოლო პროგრამაში შეტანილ ამა
თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებს კი არ კითხულობენ, ტელევიზორის ეკრანზე უყურებენ,
თანაც, მასწავლებლებთან და მშობლებთან ერთად... კი არ სწავლობენ, ერთობიან. ტელევიზია დღეს მოსახლეობის უმრავლესობისთვის ერთადერთი წყაროა «ცოდნა-განათლების» მისაღებად. ასე კი იმიტომ მოხდა, მოუმზადებლები რომ აღმოვჩნდით თანამედროვე ადამიანის აღსაზრდელად. სურვილმა ბევრად გადააჭარბა ჩვენს შესაძლებლობებს, ხოლო სიჩქარეში საერთოდ დაგვავიწყდა, რისთვის უნდა ყოფილიყო მოწოდებული, რა ევალებოდა თანამედროვე ადამიანს, რომელიმე გრანდიოზული საინჟინრო კონსტრუქციის ტყვეობა თუ
მშვენიერების სამსახური; კიდევ ერთ ჩვეულებრივ «ტექნოკრატად» ჩამოყალიბება, რომელსაც ჰუმანიტარულ საგნებზე საუბარიც კი ჩამორჩენილობად მიაჩნია – რითაც, მხოლოდ და
მხოლოდ გლობალური პროვინციალიზმის განვითარებას უწყობს ხელს – თუ კიდევ ერთი
ახლებურად მოაზროვნე ინჟინრად, რომელიც მასწავლებლის მოთმინებითა და ექიმის გულისხმიერებით ეპყრობა ბუნებას. ასეთი ინჟინერი, სამწუხაროდ, დღეს სანთლითაა საძებარი
და, შეიძლება, ვერც ხვალ ვეღირსოთ, თუკი ინჟინრობის ნებისმიერ მსურველს თავიდანვე
არ ჩავუნერგავთ ბუნების, საკუთარი გეოგრაფიის, საკუთარი ისტორიის სიყვარულს, თუკი
ტექნიკურ განათლებასთან ერთად არ მივაღებინებთ ლიტერატურულ, მუსიკალურ და მხატვრულ განათლებასაც, ანუ, თუკი გონების თვალთან ერთად სულის თვალიც არ აეხილება –
არ ეზიარება კულტურას, მშობლიურიდან საკაცობრიომდე, – სხვა შემთხვევაში, ნაცვლად
აღთქმული სიკეთისა, აუცილებლად გაუთვალისწინებელ ბოროტებას მოგვიტანს იგი.
რასაკვირველია, ყველა პირადული ნაკლის განზოგადება არ შეიძლება, მაგრამ არც დამალვაა გამართლებული, რამდენადაც უმალ პირადული შეიძლება გადაიზარდოს საზოგა-
დოში, ვიდრე – პირიქით. ასე რომ, პირადულის დამალვა საერთაშორისო დანაშაულია და
განსაკუთრებულად – დღეს, როცა ნებისმიერ ტყეში დაუდევრად მოწყვეტილი ფოთოლი, ნებისმიერი დაბინძურებული წყარო, შეიძლება საბედისწერო დანაკლისი აღმოჩნდეს მთელი
მსოფლიოსთვის. მაგრამ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ, ქართველები, ყოველთვის გამოვირჩეოდით ცხოვრებისადმი ოდნავ ზერელე, ოდნავ აგდებული, უფრო სწორად, არტისტული დამოკიდებულებით. გვირჩევნია თავი მოვიტყუოთ, ვიდრე ვაღიაროთ, რამე გვტკივაო.
გვრცხვენია, როცა ვიღაცის თვალში დაჩაგრულად გამოვიყურებით, გვაღიზიანებს სისუსტის, სიღარიბის ანდა სხვა ნებისმიერი ნაკლის გამომჟღავნება, რაც სხვადასხვა, ზოგჯერ
ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამოც შეიძლება გვჭირდეს. ამიტომ უცხო კაცს შეიძლება
ზედმეტად მხიარულებიც მოვეჩვენოთ. არადა, სწორედ ქართველსა აქვს ნათქვამი ქართველზე – ტრაგედიის შვილიაო. კარგია ეს თუ ცუდი, ძნელი სათქმელია, მაგრამ სრული სიმართლეა და, ამიტომაც, ნაკლებად საინტერესოც. უფრო საინტერესოა იმის გარკვევა, საერთოდ
იცვლება თუ არა ეროვნული ხასიათი დროთა განმავლობაში, უფრო ზუსტად, რა რჩება ამ
ხასიათიდან და რა მიაქვს სამუდამოდ დროს.
რაც არსებობს, იცვლება კიდეც, ოღონდ მარტო თვითონ კი არა, ყველაფერთან ერთად; შესაბამისად, ყველაფერი იცვლება მის გარშემო და ამიტომ ეს ცვლილება იმდენად ძნელი შესამჩნევია, ლამის უცვლელობის ტოლფარდია. უფრო მეტსაც ვიტყვი: მე მგონი, საერთოდ
უცვლელია ხალხის ხასიათი, უცვლელია იქამდე, ვიდრე ის ხალხი არსებობს. თავად ხალხი
ემორჩილება დროის დინებას, ბუნებისა და ცხოვრებისეულ მოვლენებს, და არა მისი ხასიათი. ხალხისთვის სახესხვაობა ბუნებრივი და, ამდენად, კანონზომიერი მოვლენაა: კნინდება
ან ძლიერდება, მდიდრდება ან ღარიბდება, ლამაზდება ან უშნოვდება, მაღლდება ან დაბლდება (მაგალითად, იაპონელებმა, მიზანდასახულად, საგრძნობლად აიყარეს ბოლო დროს
ტანი). მაგრამ, საბედნიეროდ, ძირითადი, ანუ ბუნება ხალხისა არ იცვლება – იაპონელი იაპონელად რჩება, რუსი რუსად, ინგლისელი ინგლისელად, ქართველი ქართველად და ასე
შემდეგ. და მაინც, ხალხის ეროვნული ხასიათი, ჩემი წარმოდგენით, გაყინული, ერთხელ და
სამუდამოდ ჩამოყალიბებული ფენომენი არ არის. მართალია, როგორც უკვე ვთქვით, ის ამა
თუ იმ ხალხის განვითარების გარკვეულ ეტაპზე ყალიბდება, მაგრამ ეს «ჩამოყალიბება», ბუნებაში მიმდინარე ნებისმიერი პროცესივით, განუწყვეტელია, განუწყვეტლივ ემატება ან აკლდება რაღაცა, სამუდამოდ ერწყმის ან დროებით ეტმასნება ეპოქისთვის დამახასიათებელი
ნიშან-თვისებები, მაგრამ ვერც «ნამატი» და ვერც «დანაკარგი» ვერ ცვლის ძირითადის არსს,
უმალ თავად მოექცევა ხოლმე ძირითადის ზემოქმედების ქვეშ და დროთა განმავლობაში
მის განუყოფელ, ზოგჯერ კი, აუცილებელ ნაწილადაც გვევლინება. მართლაც, ღმერთმა ნუ
ქნას, ისე აშკარად შეიცვალოს რომელიმე ხალხის ხასიათი, არავის გაუჭირდეს ამის შემჩნევა.
ეს იგივე სიკვდილი იქნებოდა ხალხისა, რომელიც ფიზიკურად, შეიძლება, ისევ იარსებებს,
მაგრამ არავითარი სულიერი ფასეულობის შექმნა (რაც, ჩემი აზრით, უპირველესი დადასტურებაა სიცოცხლისა), აღარ შეეძლება, რამდენადაც შესაქმნელად მარტო შექმნის სურვილი, ანდა მარტო საამისო ნიჭი კი არ არის საჭირო, არამედ – გამორჩეული თვალთახედვაცა
და სამყაროს განცდის განსაკუთრებული უნარიც. ეს კი, როგორც მოგეხსენებათ, ხალხის სულიერი სამყაროს საკუთრებაა, ანუ იმ უწმინდეს სფეროს განეკუთვნება, სადაც უცხო თვალმა
ვერ უნდა შეაღწიოს, რადგან იქ ხალხის დანიშნულების, შესაძლებლობებისა და უკვდავების
საიდუმლო ინახება – ხალხის სულის სული! – რაც სხვა არაფერია, თუ არა ის ზღაპრული სამი ჩიტი, კოლოფში ჩაკეტილი, ყველაზე ფეხმარდი, ყველაზე მოუხელთებელი ირმის მუცელში რომ ცხოვრობს და ვიღაცის (ამ შემთხვევაში – ხალხის) თვალისჩინს, ჯანღონესა და
სიცოცხლეს განასახიერებს, რამდენადაც მათ დაღუპვას ხალხის დაბრმავება, დაძაბუნება, მე-
რე კი სიკვდილიც მოსდევს. არადა, დღემდე მოღწეული ყველა ხალხი ერთნაირად სრულყოფილი და განუმეორებელია, ნებისმიერი მათგანის გაქრობა თანაბრად გააღარიბებს, თანაბრად დააკნინებს კაცობრიობას. ამიტომ რაც უფრო ვითარდება ტექნიკა და რაც უფრო იზრდება მასობრივი კულტურის საზღვრები, მით უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველანი,
ერთი წამითაც არ უნდა დავივიწყოთ კოლოფში ჩაკეტილი ის სამი ჩიტი, ანუ იგივე ჩვენი
მშობლიური ენა, ფსიქიკა და ტრადიცია – ის წმინდა სამება, რომლის მეშვეობითაც ყალიბდება მხოლოდ პიროვნების საფუძველთა საფუძველი, მრწამსთა მრწამსი და აზრთა აზრი,
რასაც, უბრალოდ, ეროვნება და ეროვნული თვითშეგნება ჰქვია.
მაგრამ ამჯერად ჩვენთვის მთავარი მაინც ისაა, თუ რამდენად სახარბიელოა, რამდენად
«საამაყოა» ჩვენი ხასიათის ამგვარი «სტაბილურობა». იქნებ აჯობებდა, ცოტა ხნით მაინც
დაგვევიწყა ქართული გულარხეინობა და მთელი ხმით, ყველას გასაგონად გვეყვირა ჩვენს
სატკივარზე?! სატკივარი კი ბევრი გვაქვს, საკმაოდ დაგვიგროვდა დროთა განმავლობაში,
რადგან თავის დროზე, ეტყობა, ვერც ერთს ვერ მივაქციეთ სათანადო ყურადღება, უფრო
ზუსტად რომ ვთქვათ, სათანადოდ ვერ შევაფასეთ ვერც თავის დროზე და ვერც მერე. სამაგიეროდ, მერე ხშირად გვინანია და, რაც კიდევ უარესია, უმისამართო საყვედურებით მოგვიფხანია გული. რამდენადაც ვიცი, ჯერ არავინ დაუდანაშაულებიათ არც ორთაჭალჰესისთვის –
რომელიც აგებისთანავე «ჩაქრა» და აბსურდულ ძეგლს უფრო ჰგავს, ვიდრე ელექტროსადგურს – არც დიღმის სასწავლო-სასელექციო ვენახებისთვის და არც თავად დიღმისთვის, თავისთავად უკვე ისტორიული ძეგლისთვის, რომლის ადგილზეც კიდევ ერთი მიკრორაიონი
უნდა დაიბადოს, არქიტექტურული მიკროურჩხული, რომელიც, სხვა, უკვე არსებული მიკრორაიონების მსგავსად, პირველ რიგში, სწორედ თბილისის ჭეშმარიტი სახის, ხასიათის,
ადათ-წესების შთასანთქმელადაა მოწოდებული; არც სახელმწიფო ენის იგნორირებისთვის
რესპუბლიკის ყველა თუ არა, უმრავლეს დაწესებულებასა და წარმოებაში; არც ზღვის სანაპირო ზოლის მოშლისთვის და არც ზვავგადავლილი თუ დამეწყრილი სოფლებისთვის, ასე
რომ მომრავლდა ჩვენში და, როგორც ვარაუდობენ, მთის დაუდგრომელი მდინარეების არასწორი «მოთოკვის» გამო.
პირადად მე ამ საკითხებში, რასაკვირველია, არაკომპეტენტური გახლავართ, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, არავითარი აზრი არა აქვს არც დაგვიანებულ სინანულს და არც გაურკვეველ საყვედურს, დავუშვათ, იმის თაობაზე, ამ ორმოციოდე
წლის წინ ასე დაუფიქრებლად, ასე ჰაიჰარად რომ დავაცარიელეთ ჩვენი მთიანეთი, ასე უგულოდ რომ მოვწყვიტეთ მთიელი კაცი მშობლიურ გარემოს, რის შედეგადაც არამარტო
ცხვარ-ძროხა დაგვეღუპა, ჩვენივე ხელით სამუდამოდ ამოვქოლეთ იმ უძველესი და უმკაცრესი ინსტიტუტის კარი, სადაც ქართველი რაინდობას, სულიერ სიმტკიცესა და ზნეობრივ
სისპეტაკეს უნდა ზიარებოდა. გარდა ამისა, ბევრმა სხვა უარყოფითმა მოვლენამაც იჩინა
თურმე ბუნებაში თავი. აბა, რა გვეგონა?! ანდა რატომ გვეგონა, ყველაფერს რომ გვაპატიებდა
ბუნება, უსასრულო რომ იქნებოდა მისი მოთმინება?! «თავს სინანული სჯობიაო» – უკვე რახანია გვასწავლის პოეტი, მაგრამ მთავარი ის კი არ არის, ვინ რას გვასწავლის, არამედ – ჩვენ
რისი სწავლა შეგვიძლია. ღმერთმა ნუ ქნას და, ორმოციოდე წლის მერე ისევ რომ შემოგვტიროს ვინმემ ტელევიზორის ეკრანიდან – არ უნდა გაგვეყვანა ტრანსკავკასიის რკინიგზაო –
განა ამით რამე შეიცვლება?! მართალია, დღესაც საკმაოდა ვართ შეშფოთებულნი, დღესაც
ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, მაინც მეტი სერიოზულობა გვმართებს ყველას. მე მგონი, გაცილებით აჯობებდა, ჯერ თავად სპეციალისტებს
უფრო ნათლად გაერკვიათ თავისთვის ამ რკინიგზის სიავკარგე, დაედასტურებინათ, დაემტკიცებინათ მისი აუცილებლობა ხვალინდელი საქართველოსთვის (რაკი ასე ლოკალურად
დგას საკითხი!), გაემართლებინათ ის მსხვერპლი, რომლის გაღებაც მსგავსი გრანდიოზული
მშენებლობის დროს, გვინდა თუ არა, მაინც მოგვიწევს, და მერეღა გამოეტანათ ესოდენ სერიოზული საკითხი ხალხის სამსჯავროზე, თორემ, ჯერჯერობით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს პროექტის ავტორებსაც არ ჰქონდეთ ბოლომდე გათვითცნობიერებული ამ
კონკრეტული მშენებლობის მიზანი და იდეა.
ზოგადად რკინიგზის საჭიროებაზე ლაპარაკი დღეს, ცოტა არ იყოს, უხერხულიცაა. დიდი
ხანია კაცობრიობას შეგნებული აქვს მისი დანიშნულება და, თუ გნებავთ, მნიშვნელობაც. მან
უკვე დიდი ხნის წინ დაიმკვიდრა თავისი ადგილი არამარტო ბუნებასა და ცხოვრებაში, არამედ ლიტერატურაშიც, და თუმცა მომავლის ტრანსპორტად ვერ ჩაითვლება (რაც უნდა გაუმჯობესებული, თუნდაც, სრულყოფილი სახით წარმოვიდგინოთ იგი), უიმისოდ ჩვენი მომავალი ცხოვრება, რასაკვირველია, მაინც შეუძლებელია. თავისთავად ცხადია, მხედველობაში მაქვს საქართველოც, რომელიც რკინიგზის ქსელის სიხშირით, როგორც ამასწინათ გვაუწყა პრესამ, თურმე, ბევრად აღემატება საშუალო საკავშირო დონეს. აქვე იმასაც თუ გავიხსენებთ, საქართველო არც საავტომობილო და საჰაერო გზების სიხშირით რომ ჩამოუვარდება
საშუალო საკავშირო დონეს და, ამავე დროს, საზღვაო-სანაოსნო ქვეყანაცაა – თითქოს არ უნდა გვქონდეს ასაჩქარებლად საქმე. მაგრამ, სამწუხაროდ, აჩქარება მაინც გვეტყობა, მე ვიტყოდი, მოუთმენლობა, რაც, ბუნებრივია, დამაჯერებლობის უნარს უკარგავს ჩვენს მოსაზრებებს. უფრო მეტიც, მოწინააღმდეგეთა გადასარწმუნებლად გამიზნულ ამა თუ იმ განცხადებას ზოგჯერ უკბილო, უღიმღამო ხუმრობას ამსგავსებს. განა, შეიძლება, რკინიგზა ბრაკონიერებისგან ფაუნის დასაცავ საშუალებად წარმოვიდგინოთ?! მაგრამ ასეც რომ იყოს, განა მაინც
უმჯობესი არ იქნება, ისევ ბრაკონიერმა მოინადიროს ერთი-ორი ხოხობი, კურდღელი და
თუნდაც შველი, ვიდრე დაფეთებული ცხოველი საერთოდ აიყაროს და გადაიხვეწოს მიჩვეული ადგილებიდან?! მსგავსი არასერიოზულობით გამოირჩევა, მაგალითად, ძეგლთა დამცველთა ასეთი განცხადებაც: თუ რკინიგზის მშენებლობა რომელიმე ისტორიულ ძეგლს დააზიანებს, ჩვენ მაშინვე შევაკეთებთო. მაგრამ შეკეთება განა დაცვას ნიშნავს?! მე მგონი, ფუნქციებია აღრეული, მაგრამ რაკი სიტყვამ მოიტანა, ბარემ ისიც უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ზოგიერთი თავისი საქმის ენთუზიასტის კეთილშობილური თავგამოდებისა, თუკი რამე აკლია ჩვენს ძეგლებს, სწორედ დაცვა აკლია. კაცმა რომ თქვას, ძეგლი ძირითადად, მართლაც, თვითონ იცავს თავს საკუთარი ერთადერთობისა და განუმეორებლობის ძალით, მაგრამ მისი მთავარი დამცველი მაინც საერთო, სახალხო კულტურაა. რაც უფრო კულტურულია ადამიანი, მით უფრო ღრმადა აქვს გადგმული ფესვი მის არსებაში ძეგლის ძალისხმევასა და უკვდავების რწმენას, მით უფრო შეგნებული აქვს, რომ ძეგლი არამარტო მისი წარსულის დადასტურებაა, არამედ – მომავლის გარანტიაც. აქედან გამომდინარე, ძეგლის დაცვა
მისი აუცილებლობის შეგნება ყოფილა, იმის შეგნება, ისევე რომაა ის საჭირო დღევანდელი
ცხოვრებისთვის, როგორც ცივილიზაციისა და ტექნიკის ნებისმიერი მიღწევა. ამიტომ კიდევ
უფრო დამაფიქრებელია, როცა დღესაც, ჩვენს თვალწინ და ჩვენი თანდასწრებით, ბევრი
უნიკალური ძეგლი იღუპება, უკვალოდ, უიმედოდ ქრება პირისაგან მიწისა, სანაცვლოდ კი,
ამოუვსებ, მარადიულ სიცარიელეს ტოვებს არამარტო დღევანდელი, არამედ ხვალინდელი
და ზეგინდელი, ჯერ კიდევ დასაბადებელი ადამიანის სულში. რაც კაცს შეუქმნია, მთელი
ხალხის საკუთრებაა, ხოლო ხალხის საკუთრება საერთო, საყოველთაო განძია. თუნდაც ამიტომ, სრულებითაც არ უნდა იყოს გასაკვირი, თუკი ნებისმიერ მნიშვნელოვან მოვლენასთან
დაკავშირებით, როგორიც, დავუშვათ, იგივე ტრანსკავკასიის რკინიგზაა, განსხვავებული შეხედულებებიც წარმოიშობა ხოლმე. სხვანაირად ალბათ წარმოუდგენელიცაა. მოქალაქეობრივ პასიურობასა და გულგრილობას, რასაკვირველია, ისევ აზრთა ჭიდილი სჯობს. ყველა-
ფერს რომ თავი გავანებოთ, წარსულის დიადი ნაგებობები ყოველთვის ასევე დიად პიროვნებებთანაა დაკავშირებული, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, განა დღესაც გვყავს ისეთი
ინჟინრები, ისეთი მშენებლები, თავი ქუდში დავიგულოთ და არ ვიკითხოთ მაინც, რა სასწაული გადაარჩენს შვლის ნუკრისა თუ ხმელი წიფლის სამყაროს, როცა თანამედროვე ტექნიკა
მთელი ძალით ამოქმედდება ამ ერთი ფეხის დადგმა მიწაზე?! ადამიანი ყოველთვის ეჭვის
თვალით უყურებს ტექნიკურ სიახლეს და არც გაემტყუნება მსგავსი უნდობლობა, რამდენადაც ადამიანია და ყველაფერში ადამიანურს ეძებს, ვიდრე არ «გააადამიანებს», ვერც იწამებს
და ვერც შეითვისებს რამეს.
საქართველოში არსებობს უაღრესად პოეტური ლეგენდა ინჟინერზე, რომელსაც სინამდვილეში არც არაფერი შეშლია და არც თვითმკვლელობით დაუმთავრებია სიცოცხლე. მაგრამ ლეგენდაში უაღრესად ადამიანური სისუსტეებით და, რაც მთავარია, ტრაგიკულის განცდის უნარით დააჯილდოვა ხალხმა იგი. ლეგენდის ინჟინერი თავს იკლავს, რადგან ეჭვითაა შეპყრობილი, ჰგონია, შეცდომა დაუშვა და უღელტეხილის ორივე მხრიდან მომავალი
გვირაბები ერთმანეთს არ შეხვდებიან. არადა, თურმე, საათის სიზუსტითა აქვს ყველაფერი
გამოთვლილი. მაგრამ ეს კი არ არის მთავარი ლეგენდაში, არამედ – ხალხის დამოკიდებულება საერთოდ ინჟინრის და, თუ გნებავთ, საერთოდ ტექნიკის მიმართ. ხალხის დიდი სურვილია, ინჟინერი – ეს თანამედროვე ჯადოქარი, სასწაულმოქმედი, მანქანების მომთვინიერებელი – უპირველეს ყოვლისა, ადამიანი იყოს: ცდებოდეს, ეჭვიანობდეს, ღელავდეს, თავის
შერცხვენას სიკვდილი ერჩიოს. ეს ლეგენდა, ჩემი აზრით, იმის შეხსენებაცაა, წინ წასვლის
მსურველმა ჯერ უკან რომ უნდა მოიხედოს.
დაკარგა რა ჩვენმა გლეხობამ ცხოვრების ძველი წესი, დროთა განმავლობაში დაგროვილი
მთელი თავისი ცოდნა-გამოცდილებაც ზედ მიაყოლაო – ჩივის ერთი იაპონელი მწერალი –
ოჯახი ოჯახს აღარ ჰგავს, მამა – მამას და შვილი – შვილსო. უაღრესად საგულისხმო სიტყვებია მით უფრო, რომ ისეთი ქვეყნის წარმომადგენელი, როგორიც იაპონიაა, სადაც ტექნიკა
ლამის ფანტასტიკის დონეზეა აყვანილი, ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრისას ტექნიკის
ყოვლისშემძლეობას კი არ იშველიებს, ოჯახის ბედითაა შეწუხებული, თუ შეიძლება ასე ითქვას, უკან ბრუნდება და საერთო, საკაცობრიო საწუხარს გამოთქვამს იმის თაობაზე, თანამედროვე ცხოვრებამ ისეთი საიმედო, მრავალგზის გამოცდილი ციხე-სიმაგრეც რომ შეარყია,
როგორიც ოჯახი იყო, რომლის საფუძველსაც უაღრესად ადამიანური ურთიერთობები და
კიდევ უფრო გამაადამიანებელი ადათ-წესები განამტკიცებდა. ადამიანი, როგორც პიროვნება, ფაქტობრივად ოჯახში ყალიბდებოდა. ოჯახი ყოველთვის სკოლის პარალელურად მოქმედებდა და ამ ორი მძლავრი, აღმზრდელობითი ფენომენის წყალობით, ადამიანი გაცილებით მომზადებული იყო სიცოცხლისთვის, სიცოცხლის დასამკვიდრებლად, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ვიდრე თუნდაც დღესაა. და მაინც, იმის თქმა, რომ დღევანდელი ადამიანი სიცოცხლისთვის არ იბრძვის, ყველანაირად არ ცდილობს მის დამკვიდრებასა და გახანგრძლივებას, უსამართლობა იქნებოდა ჩვენგან. მაგრამ ბრძოლას გააჩნია. სიცოცხლისთვის ბრძოლის არასწორი, მახინჯი ფორმებიც არსებობს და, რაკი არსებობს, საჭიროების
შემთხვევაში, რასაკვირველია, მათაც იყენებს ადამიანი ისევ და ისევ სიცოცხლის სახელით.
თანამედროვე ადამიანის ნაკლი (ნაკლი და არა დანაშაული!), უმთავრესად, მაინც ისაა, დროულად რომ ვერ აუღო ალღო ცხოვრებაში მიმდინარე უაღრესად სერიოზულ პროცესებს, რომელთა დანიშნულებაც სხვა არაფერია, თუ არა თავად ცხოვრების გარდაქმნა და ახალი ადამიანის აღზრდა. დაბნეულ ადამიანს კი ბევრი არ გაემტყუნება, ვერც სიტყვით დაარწმუნებ,
საბედისწერო შეცდომას რომ სჩადის, როცა აჩეხილი ვაზის ადგილას საზამთრო მოჰყავს, ვითომ ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. ადამიანი სიცოცხლისთვის იბრძვის მაში-
ნაც, როცა ჭაობს აშრობს ანდა ქარხანას აშენებს, მაგრამ ამგვარ ბრძოლას, საბოლოო ჯამში,
შეიძლება თავად სიცოცხლე შეეწიროს, თუკი ჭაობის ამოშრობა ტყის გაჩანაგებას გამოიწვევს, ხოლო ქარხანა საფრთხეს შეუქმნის ბუნების ისეთ საოცრებას, როგორიც თუნდაც ტბაა.
სხვათა შორის, ნებისმიერი ისტორიული ძეგლიც სიცოცხლისთვის ბრძოლის კიდევ ერთი
გამოხატულებაა, რასაკვირველია, უაღრესად კეთილშობილურიც, რამდენადაც არაფერი მოაქვს კარგის მეტი. ხოლო სიცოცხლის შენარჩუნებაზე, სიცოცხლის გადარჩენაზე, საერთოდ,
სიცოცხლის ბედ-იღბალზე ფიქრი ერთ-ერთი უძველესი და ერთ-ერთი ურთულესი ფიქრია
კაცისა იმ დღიდან მოყოლებული, როცა პირველად შეიგრძნო სწრაფწარმავლობა სიცოცხლისა და გარდუვალობა სიკვდილისა. ეს ფიქრი აწოვებს ძუძუს კაცის შიშსა და ეჭვს, ეს ფიქრი
დაატარებდა გილგამეშსაც უკვდავების ბალახის საძებნელად და დღესაც ეს ფიქრი ადგას
თავზე ყველა ჩვენგანს საავდრო ღრუბელივით. დღეს გაცილებით ახლოსაა ადამიანი არარაობის, არყოფნის უფსკრულთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მაგრამ საკითხავი ისაა, ბუნებრივად, კანონზომიერად შემცირდა მანძილი ადამიანსა და მარადიულ წყვდიადს შორის, თუ
ადამიანურმა სულსწრაფობამ, სიბრიყვემ და სიხარბემ წამებში გაარბენინა იმავე ადამიანს
საუკუნეების გასავლელი მანძილი. «ჩადენილი შეცდომები ბევრია» და ყველა მათგანის
თუნდაც აღსანუსხავად არც დრო გვეყოფა, არც ადგილი. ის კი მაინც უნდა ითქვას, რომ თუ
კაცობრიობას დაღუპვა უწერია, ეს კაცის ხელით მოხდება და არა ბუნებისა, იმიტომ კი არა,
საკმარისზე მეტი რომ დაუგროვდა კაცს თერმობირთვული იარაღი, არამედ იმიტომ, შემაძრწუნებელი სისწრაფით რომ კნინდება იმის სულში საუკუნეების მანძილზე ძლივს აღზრდილი პიროვნება. რასაკვირველია, შექმნაზე ადვილი დანგრევაა, მაგრამ სავალალო და გულდასაწყვეტი ისაა, ნგრევის საშუალებები გაცილებით მეტი რომაა დღეს, ვიდრე შექმნის საშუალებები გააჩნდათ ჩვენს სულიერ მამებს კაცობრიობის გარიჟრაჟზე. კიდევ უფრო სავალალოა, რომ შექმნა ყოველთვის ტანჯვასთან, ტკივილთან, მოთმენასთან, თვითგვემასთანაა
დაკავშირებული, როცა ნგრევას მიწიერ სიამეთა აღზევება და ლამის სიგიჟემდე მისული აღტკინება ახლავს თან.
მაგრამ ჩვენ მაინც ყველაფერი უნდა ვიღონოთ სიცოცხლის გადასარჩენად. რაც, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი მეობის, ჩვენი თავისთავადობის გადარჩენას ნიშნავს. ასე რომ, არავის
არა გვაქვს უფლება, «მშვიდად» დაველოდოთ აღსასრულს, რამდენადაც ცალკე და იზოლირებულად ცხოვრება დღეს არა თუ დაუშვებელი, შეუძლებელიცაა. დღევანდელი მსოფლიო
იმდენად შეკუმშულ-შემჭიდროვებულია თუნდაც გასული საუკუნის მსოფლიოსთან შედარებით, კერძო და პირადული პრობლემები თითქმის აღარც არსებობს. ერთი ხე თუ გახმა
სადმე, ჩრდილი ყველას თანაბრად დაგვაკლდება. ტექნიკურმა რევოლუციამ, უნდოდა თუ
არა, ყველანი ერთმანეთის ჭირ-ვარამის მოზიარენი გაგვხადა. უფრო სწორად, იძულებულნი
და ვალდებულნიც ვართ, უფრო ფხიზლად ვადევნოთ ერთმანეთის საქმიანობას თვალი
არამარტო მეზობლური ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არამედ თვითდაზღვევის მიზნითაც, მოუმზადებელნი რომ არ დავხვდეთ ბუნებისა თუ მეცნიერების მორიგ გამოხდომას. კაცობრიობას უკვე საკმაო გამოცდილება აქვს იმისა, თუ რა სავალალოდ მთავრდება მისი თითქმის ყოველი ცდა ბუნების მარადიული წესრიგის დარღვევისა. ამდენად,
ნებისმიერი მდინარისთვის კალაპოტის შეცვლა, ნებისმიერ ტბაში წყლის დონის დაკლება,
ნებისმიერი უღელტეხილის გაჭრა გლობალური მნიშვნელობის მოვლენაა და მისი ცალკე,
შინაურ წრეში გადაწყვეტა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, შეუძლებელია. ამგვარი პრობლემების მიმართ ნაჩქარევი, ზერელე და, რაც მთავარია, გულგრილი დამოკიდებულება ყოვლად
გაუმართლებელია. ასევე გაუმართლებელია და, ჩემი აზრით, უხერხულიცაა, როცა მსგავსი
პრობლემების შესახებ მხოლოდ მაშინ ვიგებთ, როცა აღარაფრის შეცვლა აღარ შეიძლება, ან-
და რაღაც სასწაულის თუ ბედნიერი შემთხვევის წყალობით, განსაცდელი გვერდს აგვივლის
ხოლმე. მაგალითად, ჩვენმა მკითხველმა სულ ახლახან შეიტყო გაზეთებიდან, ისევ ძველი
გზებით რომ ივლიან თურმე საქართველოს მდინარეები, ანდა, «გარკვეული სამსახურები»
მთლიანად რომ არ აღგვიან პირისაგან მიწისა დავით გარეჯის გამოქვაბულ-მონასტერთა
გრანდიოზულ კომპლექსს, ამ მართლაც უნიკალურ ძეგლს, ურომლისოდაც წარმოუდგენელიცაა ალბათ მსოფლიო კულტურის წარსულზე მსჯელობა. მაგრამ ვიდრე მსგავსი პრობლემები გვაღელვებს, ჯერ კიდევ აზრი აქვს ცხოვრებასაც და ბრძოლასაც. დღევანდელი ადამიანი არაფრით ჩამოუვარდება სხვა, რომელიც გნებავთ, ეპოქის ადამიანს. უფრო მეტიც, დღევანდელი ადამიანი ცხოვრების უფრო რთულ პირობებშია ჩაყენებული, უპირველეს ყოვლისა, ისევ ტექნიკის სწრაფი, თავბრუდამხვევი განვითარების გამო და ბევრ რამესთან საერთოდ პირველად უხდება შეხვედრა. ბევრი რამ პირველმა უნდა შეითვისოს ან დაგმოს, დაამკვიდროს ან ამოძირკვოს, რის გამოც, თავის წინამორბედებთან შედარებით, უფრო შემკრთალი, უფრო დაბნეული, თუ გნებავთ, უფრო უზნეოც გამოიყურება. მაგრამ ვერავის, ვერც თანამედროვე და ვერც მომავალ გულშემატკივარს ვერ მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად,
უვარგისი იყო და იმიტომაც დაამთავრა ასე უსახელოდ ცხოვრებაო. ადამიანი, რომელ ეპოქასაც არ უნდა ეკუთვნოდეს, საბოლოო ჯამში, მაინც ერთნაირად გულუბრყვილო არსებაა, ამ
სიტყვის საუკეთესო გაგებით – სჯერა, ივიწყებს, ურიგდება, ელოდება, იმედი აქვს... ასე რომ,
მისი გულუბრყვილობა კი არ არის დანაშაული ღმერთისა და ქვეყნის წინაშე, არამედ ამ უაღრესად ადამიანური თვისების ბოროტად გამოყენება ისევ მის მიერ. ადამიანი მშიშარაცაა (და
არა ლაჩარი). რაც მთავარია, შიშის მთელი ნაირსახეობები ახასიათებს თურმე და მათ შორის
«ფილოლოგიურიც». მაგრამ, როგორც არ უნდა ეთაკილებოდეს, შიში მაინც მისი ადამიანობის დამადასტურებელია, როცა ტექნიკურმა სითამამემ, ადვილი შესაძლებელია, ჩვეულებრივი რობოტის დონემდე დაიყვანოს იგი. ასე რომ, ვიდრე მსოფლიო არეულია და კატასტროფული სისწრაფით ეცემა ადამიანის ნიჭითა და მონდომებით შექმნილი ფასეულობანი,
ისევ «ფილოლოგიური» შიში გვერჩიოს ინჟინრულ გამბედაობას, მით უფრო რომ, არავინ ვიცით წინასწარ, რა რითი დამთავრდება, პროგრესული სინამდვილეშიც პროგრესული აღმოჩნდება, თუ ახალ უბედურებად დაგვატყდება თავს.
ჯერ კიდევ გუშინ ბევრი ირწმუნებოდა, ატომური ელსადგურები საშიში კი არა, მისწრებააო, მაგრამ ჩერნობილის ტრაგედიამ, როგორც ყველას მოგეხსენებათ, სრულიად საწინააღმდეგო სურათი დაგვიხატა. რასაკვირველია, დიდი უბედურებაა უკრაინისთვის, და
არამარტო უკრაინისთვის, რაც ჩერნობილში მოხდა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ უბედურების მასშტაბები, იგივე შემთხვევა საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში რომ მომხდარიყო!
არათუ ქვეყნის გარკვეული ნაწილი, რაც თავისთავად აუნაზღაურებელი დანაკლისია, არამედ მთელი ქვეყანა მოისპობოდა დედაბუდიანად. ამიტომ არაფერი დაშავდება, თუკი ჩვენს
მეცნიერულ-ტექნიკურ მგზნებარებას ცოტა «ფილოლოგიურ» შიშსაც შევუზავებთ და იმაზეც
დავფიქრდებით, რამდენად მიზანშეწონილია ყველაფრის ერთი საზომით გაზომვა. განა აუცილებელია, საქართველოც მძიმე ინდუსტრიული ქვეყანა იყოს, მსგავსად, დავუშვათ, ამერიკის შეერთებული შტატებისა?! ჩვენ ღვინის ქვეყანა ვართ, მევენახეობა ჩვენი ისტორიული,
ტრადიციული დარგია, ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი და არაფერია ამაში არც საგანგაშო,
არც სათაკილო. სათაკილოც და საგანგაშოც ისაა, მამა-პაპის გზა დავაგდოთ და ცული მოვუღეროთ ვენახს. აჩეხილ ვაზს ყველა ჩვენგანის, უფრო სწორად, კაცობრიობის სისხლი სდის
და იმ სისხლის ზღვიდან ამოსვლა ყოვლად შეუძლებელია. პირიქით, რაც უფრო მეტი დრო
გავა, მით უფრო გაიზრდება დანაშაულის სიმძიმე, მით უფრო აგვეხილება თვალი ცოდვის
შემზარავი მასშტაბების დასანახად, რომლის გვერდით ბავშვის მკვლელობა თუ ბებრის გაუ-
პატიურება, შეიძლება, ანგელოზთა ხუმრობად მოეჩვენოს ვინმეს. დრო, ამ შემთხვევაში,
ძველ ჭრილობას კი არ განკურნავს, უფრო გააღრმავებს, რათა როდისმე ვიღაცამ მაინც შეიგნოს, რა მოსდევს სიბნელეს, უვიცობას, მუცლისა და სხვათა ფეხის ხმის აყოლას. ვაზი ყოველთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა ქართველი გლეხისთვის, ვიდრე შემოსავლის ნებისმიერი საშუალებაა. ვაზი იყო მისი «პური არსობისა» და, ამავე დროს, სულიერი მოძღვარიც.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ბედნიერი ტანჯული - 05
  • Parts
  • ბედნიერი ტანჯული - 01
    Total number of words is 3620
    Total number of unique words is 2092
    29.9 of words are in the 2000 most common words
    42.3 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 02
    Total number of words is 3604
    Total number of unique words is 1884
    30.8 of words are in the 2000 most common words
    43.8 of words are in the 5000 most common words
    51.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 03
    Total number of words is 3562
    Total number of unique words is 1909
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    48.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 04
    Total number of words is 3575
    Total number of unique words is 1935
    28.3 of words are in the 2000 most common words
    40.6 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 05
    Total number of words is 3584
    Total number of unique words is 1930
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.4 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 06
    Total number of words is 3539
    Total number of unique words is 1872
    27.3 of words are in the 2000 most common words
    40.0 of words are in the 5000 most common words
    46.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 07
    Total number of words is 3573
    Total number of unique words is 1909
    28.5 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    47.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 08
    Total number of words is 3643
    Total number of unique words is 1982
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    50.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 09
    Total number of words is 3599
    Total number of unique words is 1901
    29.4 of words are in the 2000 most common words
    41.1 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 10
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1889
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 11
    Total number of words is 3598
    Total number of unique words is 1903
    29.8 of words are in the 2000 most common words
    41.3 of words are in the 5000 most common words
    48.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 12
    Total number of words is 3522
    Total number of unique words is 1866
    27.1 of words are in the 2000 most common words
    38.8 of words are in the 5000 most common words
    46.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 13
    Total number of words is 3557
    Total number of unique words is 1905
    28.8 of words are in the 2000 most common words
    41.5 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 14
    Total number of words is 3530
    Total number of unique words is 1936
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.8 of words are in the 5000 most common words
    46.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 15
    Total number of words is 3519
    Total number of unique words is 1951
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.0 of words are in the 5000 most common words
    47.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 16
    Total number of words is 3634
    Total number of unique words is 1902
    30.2 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ბედნიერი ტანჯული - 17
    Total number of words is 3432
    Total number of unique words is 1865
    29.5 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.