Latin
Total number of words is 3784
Total number of unique words is 2014
32.6 of words are in the 2000 most common words
46.1 of words are in the 5000 most common words
55.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
_ ამას ვერ დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა. მერე თომას რა
ბორკილები უნდა? ის უბორკილოდაც არსად წავა, პატიოსანი და ერთგული
ადამიანია.
_ ეგეთი ზღაპრები ბევრი მსმენია! _ გააწყვეტინა ლაპარაკი ჰელიმ, _ ვიცი,
რომ პატიოსან ზანგსაც მშვენივრად შეუძლია გაქცევა.
_ რასაკვირველია, სამხრეთში გაყიდვა სასიამოვნო არ არის, _ დაიწყო ისევ
მჭედელმა, _ ისიც კია, რომ საცოდავები იქ ბუზებივით იხოცებიან. საწყალ
თომას, ამას გარდა, აქ ოჯახიც რჩება.
_ ეგ კი სწორედ სისულელეა, _ თქვა ჰელიმ, _ ქალი ბევრია ქვეყანაზე, თომა
იქ სხვა ცოლს იშოვის.
ამ ლაპარაკის დროს თომა დაღვრემილი იჯდა ეტლში. უცებ ცხენის ფეხის
ხმა მოესმა და ვერც კი მოასწრო გამორკვეულიყო, რომ ჯორჯ შელბიმ ეტლთან
მიაჭენა ცხენი და თომას გადაეხვია. ბავშვი გულამოსკვნით ტიროდა და ილანძღებოდა.
_ რა სიმდაბლეა! მე რომ დიდი ვიყო, ამას ვერავინ გაგიბედავდა.
_ ჩემო კარგო, ჩემო პატარა კარგო ბატონო, _ უთხრა თომამ, _ რანაირად მიხარია თქვენი დანახვა, რა ბედნიერი ვარ, რომ ვეღირსე თქვენთან გამომშვიდობებას! უამისოდ ძალიან მიმძიმდა წასვლა. _ თომამ უცაბედად ფეხი გაანძრია და ბორკილის ჩხარუნი გაისმა. ჯორჯი ყველაფერს მიხვდა.
_ ეს საშინელებაა! _ წამოიძახა აღელვებულმა. _ სირცხვილი ჩვენ! მოვკლავ
მე მაგ კაცს!
_ არა, თქვენ მაგას ხელი არ უნდა ახლოთ. ეგრე ხმამაღლაც ნუ ლაპარაკობთ ასეთ სიტყვებს, თორემ ბრაზი მოუვა და ჩემზევე იყრის ჯავრს.
_ კარგი, მაშ აღარას ვიტყვი, _ ბავშვმა სამჭედლოსკენ მიიხედა და შემდეგ
ხმადაბლა უთხრა თომას:
_ ბიძია თომა, ჩემი დოლარი მოგიტანე.
_ არა, ბატონიშვილო, მე არ ავიღებ მაგ ფულს, _ უპასუხა გულაჩვილებულმა თომამ.
_ უნდა აიღო, ბიძია თომა, მე მამიდა ხლოას ვუთხარი და იმან მითხრა:
გახვრიტოს და გულზე ჩამოიკიდოს, თორემ, ფული რომ უნახოს იმ ავაზაკმა,
მაშინვე წაართმევსო. უჰ, როგორა მწყურია ერთი მაგისი მიბეგვა!
_ არა, ნუ იზამთ ამას, _ შეეხვეწა თომა.
_ კარგი, ეგრე იყოს, _ დაემორჩილა ჯორჯი.
ბავშვმა თომას გულზე ჩამოჰკიდა თავისი დოლარი.
_ გული კარგად შეიკარი, რომ შენმა ბოროტმა ბატონმა არ დაგინახოს. ეს
დოლარი ნიშნად გქონდეს, როცა დახედო, ყოველთვის გაიხსენე, რომ, სადაც
უნდა იყო, მოვალ შენთან, გაგათავისუფლებ ტყვეობიდან და შინ წამოგიყვან.
მე ასე დავპირდი მამიდა ხლოას, მამაჩემს კი მოსვენებას არ მივცემ, მანამ...
_ მამაზე ეგრე ნუ ლაპარაკობთ, ჩემო კარგო პატარა ბატონო, _ უთხრა თომამ, _ გამიგონეთ, რა მოგახსენოთ: დედათქვენი სამაგალითო ადამიანია და
იმას ნუ დაშორდებით ნურასოდეს, ადამიანს ყველაფრის შეძენა შეუძლია
ცხოვრებაში, მაგრამ დედას ვერ შეიძენს. ეცადეთ, დედათქვენს მარტოობა არ
აგრძნობინოთ. იცოცხლეთ იმის ნუგეშად. ეცადეთ, კარგი კაცი გამოხვიდეთ,
ჯორჯ! მაძლევთ თუ არა ამის პირობას?
_ პირობას გაძლევ, ბიძია თომა! _ უპასუხა ჯორჯმა ძალიან სერიოზული
კილოთი.
_ ლაპარაკში ყოველთვის წინდახედული უნდა იყოთ. თქვენს ასაკში ხშირად ბავშვები მოუთმენლობას იჩენენ, ახირებული და ჯიუტები არიან ხოლმე.
მაგრამ კარგი ბავშვები ყოველთვის პატივსა სცემენ თავიანთ მშობლებს. ხომ არ
გწყინთ, რომ ასე გარიგებთ?
_ არა, ბიძია თომა! შენ ყოველთვის კარგ დარიგებას მაძლევდი.
_ მე მოხუცი ვარ, _ უთხრა წყნარი ხმით თომამ, _ ბევრ კარგ თვისებას ვხედავ თქვენში, თქვენ წინ გადაშლილია სიცოცხლე და ყველაფერი მოგეპოვებათ
იმისათვის, რომ ეს სიცოცხლე კარგად გაატაროთ. გახსოვდეთ, ჯორჯ, იყავით
კარგი ადამიანი!
ამ ლაპარაკის დროს თომა ბავშვს სიყვარულით უსვამდა ხელს თავზე და
ხუჭუჭ თმას უსწორებდა.
_ ბიძია თომა, რომ გავიზრდები, დიდ სახლს აგიშენებ და დაგასახლებ,
რომ შენც ბედნიერად იცხოვრო.
ამ დროს ჰელი გამოვიდა სამჭედლოდან.
_ მე ვეტყვი ჩემს მშობლებს, რომ თომას ასე სასტიკად ექცევით, ბორკილები დაგიდვიათ მისთვის, _ უთხრა ბავშვმა ჰელის საყვედურის კილოთი.
_ თქვენი ნება გახლავთ, უთხარით, რაც გსურდეთ, _ უპასუხა უკმეხად ვაჭარმა.
_ თქვენ ადგილას რომ ვიყო, სირცხვილით დავიწვებოდი, მთელი თქვენი
სიცოცხლე ადამიანებით ვაჭრობთ.
_ თუკი ბატონები ყიდიან მონებს, მე რატომ არ უნდა ვიყიდო? რითი ვარ
მათზე ნაკლები?
_ როცა გავიზრდები, არც ერთს და არც მეორეს არ ვიკისრებ, _ თქვა ჯორჯმა ამაყად და უნაგირზე გასწორდა. _ მრცხვენია, რომ კენტუკში ვცხოვრობ,
სადაც ასეთი ამბები ხდება! ახლა კი მშვიდობით, ბიძია თომა!
_ მშვიდობით, ჩემო ძვირფასო ჯორჯ, გისურვებთ დღეგრძელობას! იშვიათი გულის კაცი გაიზრდებით!
თომა გასცქეროდა ჯორჯს, სანამ ცხენის ფეხის ხმა ისმოდა. როცა მიწყდა
უკანასკნელი ხმაური სამშობლო მხრიდან, გულზე ხელი მოისვა და იგრძნო
ჯორჯის მოცემული დოლარი. თითქოს მის მწუხარებას ცოტათი ეფონა. გული
გაუთბა. სინათლის სხივმა შეაშუქა იმ უკუნეთს წყვდიადში, რომელსაც მთელი
მისი არსება მოეცვა.
მეათე თავი
სასტუმროში
ერთ წვიმიან საღამოს ვიღაც მგზავრი ჩამოხტა სოფლის ერთ პატარა სასტუმროში. საერთო დარბაზში ბევრი ხალხი იყო. ახოვან და ჯანმრთელ კენტუკელებს მონადირის ხალათები და ყელიანი წაღები ეცვათ. თავი თავისუფლად
ეჭირათ. ზოგნი მაგიდებს შემოსხდომოდნენ და ლუდსა სვამდნენ, ზოგნი ბუხართან თბებოდნენ და თამბაქოს ღეჭავდნენ; ყველას ქუდი ეხურა: ამერიკელებს ასეთი ჩვეულება აქვთ.
ოთახის კუთხეებში ეყუდა თოფები, ეწყო საპირისწამლეები, სანადირო აბგები და სხვა სანადირო იარაღები. დარბაზში პატარა მონა ზანგები, სასტუმროს მოსამსახურეები ტრიალებდნენ.
ახლად მოსული სუფთად ჩაცმული, მომსხო ტანისა და მკვრივი აგებულების მოხუცი იყო. მან თავისი სამგზავრო კალათა თვითონ მოიტანა, მოსამსახურე არ დაიხმარა, ბუხართან სკამქვეშ დადგა და თვითონაც დაჯდა. ცოტა არ
იყოს, შემკრთალი უყურებდა მახლობლად მჯდომ ზორბა ტანის კაცს, რომე-
ლიც შესახედაობითა და ჩაცმულობით ჩარჩსა ჰგავდა. ეს კაცი თამამად იქცეოდა, არავის ერიდებოდა, თამბაქოს ღეჭავდა და წამდაუწუმ აპურჭყებდა. მოხუცი მგზავრი იმის ყოველ გადაფურთხებაზე შეკრთებოდა ხოლმე და სკამიანად
უკან იწევდა. მეზობელმა ეს შენიშნა და გვერდზე მიიბრუნა პირი.
_ რას კითხულობენ ნეტა იმ კუთხეში? _ იკითხა მოხუცმა, როცა დაინახა,
რომ დარბაზის ერთ კუთხეში რამდენიმე კაცი კედელზე გაკრულ რაღაც ქაღალდს კითხულობდა.
_ ვიღაც მებატონეს ზანგი გაჰქცევია, _ გამოეპასუხა ის მეზობელი, რომელიც მოურიდებლად აპურჭყებდა.
მოხუცმა, _ იმისი გვარი იყო ვილსონი, _ ამოიღო სათვალე, გაწმინდა სუფთა ხელსახოცით, თვალებზე გაიკეთა და განცხადების წასაკითხად გაემართა.
აი, რა ეწერა განცხადებაში:
«ქვემორე ამისა ხელისმომწერ მემამულეს გაექცა მონა მულატი, გვარი და
სახელი: ჯორჯ ჰარისი, წაბლისფერი ხუჭუჭი თმა აქვს, პირის კანი თეთრი, განათლებულია, კარგი წერა-კითხვა იცის, თავი ევროპელად მოაქვს. მხრებსა და
ზურგზე ღრმა ჭრილობა აჩნია. ხელზე დაღად ასვია ასო «ჰ». ოთხას დოლარს
ვაჩუქებ, ვინც იმას ცოცხალს მომგვრის, ან იმის სიკვდილს შემატყობინებს».
როცა მოხუცმა კითხვა გაათავა, _ ხმამაღლა კითხულობდა, _ მოურიდებელი მეზობლის ხმა შემოესმა:
_ ჩემი აზრით, ეს განცხადება მხოლოდ შეფურთხების ღირსია! _ და მართლაც შეაფურთხა.
_ რადა გგონია ეგრე? _ შეეკითხა ვიღაც კაცი.
_ იმიტომ, რომ, ამ განცხადების დამწერიც რომ გამოცხადებულიყო ახლა აქ
და მენახა, იმასაც შევაფურთხებდი. სირცხვილი არ არის ასეთი განცხადების
გამოკიდება? განა ის მემამულე, რომელსაც ასეთი მონა ვერ შეუფერებია, მეტის
ღირსია? მეცა მყვანან ზანგები, ხშირად ვეტყვი ხოლმე: ბიჭებო, თუ გინდათ,
გაიქეცით. ხშირად გავატან ხოლმე ქალაქში გასაყიდად ცხენს. ყველამ იცის,
რომ განთავისუფლების ქაღალდი დაწერილი და დამზადებული მაქვს ყველასათვის, და მაინც ჯერ არც ერთი არ გაქცეულა სახლიდან. ყოველთვის პირნათლად ჩამაბარებენ ხოლმე გაყიდული ცხენების საფასურს. არც საკვირველია: თუ მონა ჩემთან კარგადა გრძნობს თავს, რად გაიქცევა სხვასთან?
_ სრულ სიმართლეს ბრძანებთ, _ უპასუხა მოხუცმა. _ რაც შეეხება განცხადებაში აღნიშნულ ახალგაზრდას, მე იმას კარგად ვიცნობ; ის დიდი განძია.
ერთ დროს ჩემთან მუშაობდა ქარხანაში. კანაფის საძენძი მანქანა გამოიგონა.
კარგად ვიცი, რომ მისმა ბატონმა იმისაგან დიდი ხეირი ნახა.
სასტუმროს კიბესთან ეტლი გაჩერდა. ხმაურზე დარბაზში ლაპარაკი შეწყდა. ეტლიდან გადმოვიდა ვიღაც ლამაზი, კარგად ჩაცმული კაცი; მისი ბარგი
ზანგმა შემოიტანა.
ახლად მოსული სასტუმროს პატრონთან მივიდა და თავისი სახელი და
გვარი ჩააწერინა: ენრი ბუტლერი, ოკლენდიდან, შელბის საგრაფოდან.
მგზავრი წარმოსადეგი, ლამაზი ახალგაზრდა იყო. შავგვრემანი, ლამაზი
სახე და მშვენიერი შავი თმა მოწმობდა, რომ ის ვინმე წარჩინებული გვარის
ესპანელი უნდა ყოფილიყო სამხრეთ შტატიდან. ასე გაიფიქრეს დარბაზში მყოფებმა.
სასტუმროს პატრონი დატრიალდა, არ იცოდა, როგორ ესიამოვნებინა საპატიო სტუმრისათვის. ახალმოსულმა ცალკე ოთახი მოითხოვა. მოსამსახურეები
დაფაცურდნენ ოთახის მოსამზადებლად. სტუმარი მივიდა კედელთან და განცხადება წაიკითხა.
_ ჯიმ, _ მიუბრუნდა ის თავის მოსამსახურეს, _ ვგონებ, ჩვენ ასეთი კაცი
შეგვხვდა გზაში.
_ დიახ, ბატონო, _ უპასუხა ზანგმა, _ მხოლოდ ხელზე დაღი არ შემიმჩნევია.
_ ხელზე არც მე შემიხედავს, _ თქვა ბუტლერმა მთქნარებით.
ქარხნის პატრონი ვილსონი გაშტერებით უყურებდა ახალმოსულს, ცდილობდა გაეხსენებინა, სად ენახა ბუტლერი. უეცრად რაღაც აზრმა გაუელვა
თავში, წამოდგა და შემკრთალი მიუახლოვდა ახალგაზრდა კაცს, რომელიც
აქამდის გულგრილად უყურებდა მას. ახალგაზრდამ მაშინვე ხელი გაუწოდა
და უთხრა:
_ თუ არ ვცდები, ბატონი ვილსონი უნდა ბრძანდებოდეთ. მაპატიეთ, ერთბაშად ვერ გიცანით. ვერ მიცანით? აბა, გაიხსენეთ, მე ბუტლერი გახლავართ,
ოკლენდიდან.
_ დიახ, ესე იგი... დიახ, დიახ... _ უპასუხა ვილსონმა დაბნეულად. მას თავი
სიზმარში ეგონა.
ამ დროს ბუტლერს მოახსენეს: ოთახი მზად გახლავთო.
_ ჯიმ, _ უთხრა მან თავის მონას, _ ბარგი შეიტანე ოთახში. მე თქვენთან
საქმე მაქვს, ბატონო ვილსონ, _ მიუბრუნდა მოხუცს. _ გთხოვთ, ერთ წამს მობრძანდეთ ჩემს ოთახში.
ვილსონი გაჰყვა ზემო სართულში. ყველაფერი ეს ჯერაც სიზმარი ეგონა და
განცვიფრებისაგან გონს ვერ მოსულიყო.
ოთახში ბუხარი გიზგიზებდა. როცა მოსამსახურეები გავიდნენ, ბუტლერმა ოთახის კარი დაკეტა, მერე მიუბრუნდა ვილსონს და გულხელდაკრეფილმა
პირდაპირ შეხედა თვალებში.
_ ჯორჯ! _ წამოიძახა მოხუცმა.
_ დიახ, მე გახლავართ.
_ ძლივს გიცანით!
_ კარგად გამომიცვლია სახე, არა?! _ ჰკითხა ჯორჯმა ღიმილით. _ კაკლის
წენგომ შემიღება თმა შავად და ჩემი ყვითელი პირის კანიც შავგვრემანი გახადა. მე ახლა აღარა ვგავარ იმ მონას, რომლის ნიშნებიც ჩამოთვლილია განცხადებაში.
_ ჯორჯ, სახიფათო საქმე გიკისრია. ჩემი აზრით, არ უნდა გექნა ეს.
_ მე ჩემსას ვეცდები და რაც მოხდება, მოხდეს. შევტოპე და ფონს გავალ! _
უპასუხა ჯორჯმა ღირსეული ღიმილით.
სილამაზითა და თავდაჭერილობით ჯორჯი მამას ჰგავდა. მისი მამა წარჩინებული გვარიშვილი იყო კენტუკში. ჯორჯი მას ერთი მოსამსახურე ზანგი
ქალისაგან გაუჩნდა.
ვილსონი ორ ცეცხლშუა აღმოჩნდა: აღარ იცოდა, რა ექნა, როგორც კეთილ
ადამიანს, სურდა ეშველა გაქცეული მონისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, მის
საქციელს უკანონოდ თვლიდა და ესეც აწუხებდა.
_ ძალიან მენანები, ჯორჯ, მაგრამ, ამავე დროს, არ შემიძლია დავმალო და
არ გითხრა, რომ ჩვენი ქვეყნის კანონის წინააღმდეგ მოქმედებ. გსურს მოშორდე ბოროტ მებატონეს. შენი წადილი ბუნებრივია, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს
საქციელი ვერ არის კარგი. ამასთან, საშინელ საფრთხეში იგდებ თავს. თუ ბატონს ახლა კიდევ ჩაუვარდი ხელში, სულს ამოგართმევს.
_ ეგ ყველაფერი მოფიქრებული მაქვს. აი, ჩემი უკანასკნელი ნუგეში, _ გაიხსნა სერთუკი და ჯიბიდან დამბაჩა და სანადირო დანა ამოიღო. _ ცოცხალი
მე იმას ხელში არ ჩავუვარდები. თუ საქმე იქამდის მივიდა, შევძლებ სამი არშინი ორმოს დამსახურებას. ეს პირველი და უკანასკნელი წყალობა იქნება ჩვენი ქვეყნისაგან.
_ ჯორჯ, საშინელებას ლაპარაკობ, განა შეიძლება ასეთი აღშფოთება სამშობლოს კანონების წინააღმდეგ!
_ მე სამშობლო არა მაქვს! _ შეჰყვირა ჯორჯმა, _ ისევე, როგორც არა მყოლია მამა. აბა ერთი შემომხედეთ _ რითა ვარ სხვაზე ნაკლები? ისეთივე ადამიანი ვარ, როგორიც ყველა თქვენთაგანი. მაგრამ მამაჩემმა, ერთმა აქაურმა მებატონემ, იმდენი მზრუნველობაც კი არ გამოიჩინა ჩემდამი, რომ თავის ძაღლებთან ერთად გავეყიდე საჯარო ვაჭრობით. რად მოხდა ეს? იმიტომ, რომ მე დედა მყავდა მონა. მახსოვს ის დღე: ჩემი თვალით ვნახე, როგორ გაყიდეს დედაჩემი თავისი შვიდი შვილით, ჩემი და-ძმებით. ყველა ისინი სხვადასხვა მემამულეებმა იყიდეს. დედა დაჩოქილი ემუდარებოდა ყველას, ჩემი თავი არ მოეშორებინათ მისთვის, მაგრამ უკმეხად ჰკრეს ხელი. მომაშორეს დედის მკერდს
და ახალ მებატონეს ჩამაბარეს. ვნახე, როგორ აწამეს ერთი ჩემი და. ის დედაჩემივით ლამაზი იყო. სცემდნენ და აწამებდნენ, რადგან უნდოდა პატიოსნება შეენარჩუნებინა. ბოლოს მისი ტანჯვა იმით გათავდა, რომ საცოდავი გაყიდეს
სამხრეთის ბაზარზე. მას აქეთ იმისი აღარა გამიგია რა, კვალი დავკარგე. ჩემი
ბავშვობა, სიჭაბუკე ტანჯვა-წვალებაში გავატარე. მცემდნენ, მშიერ-მწყურვალს
მამყოფებდნენ. ხშირად შიმშილისაგან გამგელებულს ძაღლებისათვის გადაყრილი ძვლები ამიკრეფია და ის მიღრღნია. მთელი ღამეები ვტიროდი მარტო
იმიტომ კი არა, რომ მშიოდა, არა, მე მწყუროდა სიყვარული, მენატრებოდა
მშობლის ალერსი. მწყუროდა დედისა და და-ძმების ნახვა. ახლოს არავინ იყო
ისეთი, რომ სიყვარულით გაეთბო ჩემი გული. ერთი ალერსიანი სიტყვა არ გამიგონია ბატონის სახლში. თქვენ პირველად მომეპყარით ადამიანურად, მასწავლეთ წერა-კითხვა. სიკვდილამდის თქვენი მადლიერი ვიქნები... შემდეგ შე-
ვირთე ცოლი, თქვენ გეხსომებათ, რა ლამაზი ქალია. როცა შემიყვარა და ცოლად შევირთე, ასე მეგონა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ მოიპოვებოდა ამ ქვეყანაზე. ჩემი მეუღლე ხასიათითაც ისეთივე მშვენიერი ადამიანი გამოდგა, როგორიც სახით არის. მაგრამ რა არის ჩემი ცხოვრება? ბატონმა ჩამომაშორა საყვარელ სამუშაოს, მეგობრებს, ყველაფერს, რასაც ფასი და ღირებულება ჰქონდა
ჩემს ცხოვრებაში, და შავი სამუშაოთი სული ამომხადა. ასე იმიტომ მომექცა,
რომ, როგორც ის ამბობს, ჩემში სიამაყე ჩაეხშო და დაენახვებინა, რომ მე უბრალო მონა ვარ და სხვა არაფერი. ბოლოს შეუძლებელი მომთხოვა: ცოლს უნდა
გაეყარო და სხვა ცოლი შეირთოო. ერთი მიბრძანეთ, რომელი კანონი აძლევს
იმას ასეთ უფლებას? ეს ხომ ადამიანის გრძნობებს ეწინააღმდეგება! თქვენი კანონები ადასტურებს ისეთ საზარელ საქციელს, რომელმაც გული მოუკლა დედაჩემს, ჩემს და-ძმებს, ჩემს ცოლს და თქვენ კიდევ მოითხოვთ ჩემგან, რომ ვემორჩილებოდე ამ კანონებს? ვიმეორებ: თქვენი სამშობლო ჩემი სამშობლო არ
არის და იმის კანონებს მე არ დავემორჩილები. მე მხოლოდ ერთსა ვთხოვ ყველას: თავი დამანებონ და მომასვენონ, რომ შემეძლოს ადამიანურად ვიცხოვრო.
წავალ კანადაში, იქაური კანონებით სრულუფლებიან ადამიანად მიმიღებენ.
იქ ისეთივე თავისუფალი მოქალაქე ვიქნები, როგორიც ბრძანდებით თქვენ აქა.
დაე, ნურავინ გადაეღობება გზაზე ამ ჩემს მისწრაფებას, თორემ, წინააღმდეგ
შემთხვევაში, თავისუფლების მოსაპოვებლად ვიბრძოლებ უკანასკნელ სისხლის წვეთამდის. თქვენმა წინაპრებმაც, ევროპიდან გადმოსახლებულებმა,
ბრძოლით მოიპოვეს თავისუფლება. თქვენ ხომ იმათ პატივსა სცემთ. თუ ისინი მართალნი იყვნენ, მაშინ მეც მართალი ვარ ჩემს მისწრაფებაში.
ამ გაჭიანურებული ლაპარაკის დროს საშინლად აღელვებული ჯორჯი
ოთახში მიდი-მოდიოდა. ვილსონს გულის სიღრმეში ჩასწვდა ყმაწვილი კაცის
მწარე სიტყვები, თვალთაგან ცრემლები გადმოსცვივდა და მოჰყვა ლანძღვას:
_ შეჩვენებულები! _ყვიროდა აღელვებული, _ წყეულიმც იყვნენ ყველანი,
ვინც აგრე ტანჯავს ადამიანს. მე ყოველთვის ვამბობდი, მონობა საშინელი ბოროტებაა-მეთქი. აბა, ყოჩაღად, ჯორჯ! იმოქმედეთ, მხოლოდ ადამიანის
მკვლელობას ერიდეთ, ჩემო კარგო! ნურც სხვას მოკლავთ, ნურც თავს მოიკლავთ, ამას ნუ იკისრებთ, ჩემო ძვირფასო! სად არის ახლა თქვენი ცოლი?
_ ისიც გაიქცა ბატონის სახლიდან და შვილიც გაიტაცა. წავიდა, მაგრამ საით _ თვითონაც არ იცის. არ ვიცი, შევხვდებით კიდევ ერთმანეთს თუ არა...
_ საკვირველია და გაუგებარი, ისეთ კარგ ბატონებს რად გაანება თავი?
_ სხვა გზა არ ჰქონდა. ბატონმა ვალი აიღო და მონების გაყიდვა დასჭირდათ. ჩვენი ბავშვის გაყიდვა მოინდომეს.
_ რა საშინელებაა! _ თქვა კეთილმა მოხუცმა და ჯიბეში რაღაცას დაუწყო
ძებნა. _ ჯორჯ, ჩემო მეგობარო! ვინ იცის, რა შეგემთხვევათ, ფული დაგჭირდებათ; აი, მიიღეთ ჩემგან ეს, _ ამ სიტყვებით მოხუცმა დაკეცილი ქაღალდის ფული გაუწოდა.
_ არა, არა, მადლობას მოგახსენებთ! ფული არ დამჭირდება. ისიც მეყოფა,
რაცა მაქვს, _ უთხრა ჯორჯმა და ფულს ხელი არ მოჰკიდა.
_ სულითა და გულით გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან. ფული ყოველთვის გამოსადეგია. დიდად მოხარული ვიქნები, თუ გამომართმევთ.
_ კარგი, _ დაეთანხმა ჯორჯი, _ გამოგართმევთ იმ პირობით, რომ, როცა
შევიძლებ, უკანვე დაგიბრუნოთ.
_ ვინ არის ის ზანგი, თქვენ რომ გახლავთ? _ ჰკითხა ვილსონმა.
_ ერთგული მეგობარია. ეგ უკვე იყო კანადაში და უკან დაბრუნდა, რადგან
იცის, რომ ბატონი შურს იძიებს დედამისზე შვილის გაქცევისათვის. ახლა
სურს, როგორმე დაიხსნას დედა სატანჯველისაგან.
_ მერე უშველა რამე?
_ ჯერ ვერა. შემთხვევას ეძებს. მანამდე კი მე მიმაცილებს მდინარე ოჰაიომდის, იქ თავის მეგობარს ჩამაბარებს და შემდეგ დაბრუნდება დედის დასახსნელად.
_ ძალიან, ძალიან სახიფათო საქმისათვის მოგიკიდია ხელი, _ თქვა მოხუცმა.
_ შეიძლება გავიმარჯვოთ, მით უმეტეს, რომ მე აქ ადრე არავის ვუნახივარ.
თუ აქედან გავასწარი როგორმე, მერე კვალი დაიკარგება.
_ რა ალაგას გაქვს დაღი ხელზე, ჯორჯ?
ჯორჯმა ხელთათმანი წაიძრო და დაღი აჩვენა.
_ ჩემმა ბატონმა ჯერ კიდევ ორი კვირის წინათ დამადო დაღი ასეთ თვალსაჩინო ადგილას. თითქოს გულმა უგრძნო, რომ გაქცევას ვაპირებდი.
_ სისხლი მიშრება ასეთი უდიერების მოწმეს! _ წამოიძახა ვილსონმა.
_ დიდად მოხარული ვარ, ბატონო ვილსონ, რომ შეგხვდით და ჩემი გარემოება აგიხსენით, _ დააბოლოვა ჯორჯმა, _ მშვიდობით ბრძანდებოდეთ.
გმადლობთ თანაგრძნობისათვის, იქნება, ბოროტ ადამიანს ხელიდან გავუსხლტე. მე მალვით არ ვაპირებ მგზავრობას, დღისით ვივლი, საუკეთესო სასტუმროებში გავჩერდები ხოლმე, საერთო დარბაზში ვისადილებ. თუ ბედმა
მიმტყუნა და გავები სადმე მახეში, იცოდეთ, _ უეჭველად თავს მოვიკლავ.
ჯორჯმა ხელი გაუწოდა მოხუცს. მის სახეზე ამ წუთს იხატებოდა მამაცობა
და გამბედაობა. ვილსონმა გრძნობით ჩამოართვა ხელი, კეთილი მგზავრობა
უსურვა და ოთახიდან გამოვიდა.
ჯორჯი ერთ წუთს დაფიქრებული იდგა. უცებ რაღაც აზრმა გაუელვა თავში, სწრაფად გააღო კარი და უკანვე შემოიხმო ბატონი ვილსონი.
_ თქვენთან კიდევ ერთი სათხოვარი მაქვს, _ უთხრა მან მოხუცს. _ ისე ადამიანურად მომეპყარით, რომ ვბედავ, თქვენთან სრულიად გულახდილი ვიყო.
მე რომ მოვკვდე, ქვეყანაზე არავის შევებრალები, გარდა საცოდავი ცოლისა. ეს
ქინძისთავი, _ ჯორჯმა ჰალსტუხიდან გამოიღო ქინძისთავი, _ ჩემი ცოლის ნაჩუქარი გახლავთ, შეიძლება, როდისმე შეგხვდეთ ჩემი ცოლი, ქინძისთავი იმას
გადაეცით და უთხარით, რომ მე ის მეყვარება სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდის. გადაეცით აგრეთვე ჩემი შემდეგი სურვილი: წაიყვანოს ჩემი შვილი კანადაში და იქ თავისუფალ მოქალაქედ აღზარდოს, რომ იმან მაინც აღარ გამოსცადოს მონობის საშინელება.
მოხუცს ცრემლები გადმოსცვივდა და აღუთქვა თხოვნის შესრულება.
_ იმედს ნუ დაჰკარგავთ, ჩემო კარგო! შეიძლება, კარგად წავიდეს თქვენი
საქმე. სიმართლე გაიმარჯვებს.
_ დიახ, თუკი არსებობს სიმართლე, _ თქვა ჯორჯმა სასოწარკვეთილებით.
_ მაგას ნუ ამბობთ! _ თქვა ვილსონმა მღელვარებით, _ სიმართლე არსებობს.
ეს სიტყვები ისეთი რწმენით წარმოთქვა ვილსონმა, რომ ჯორჯზე დიდი
შთაბეჭდილება მოახდინა, ოთახში სიარულს თავი გაანება და დაფიქრდა. შემდეგ თავი ასწია და უპასუხა:
_ გმადლობთ დარიგებისათვის, კეთილო მეგობარო. თქვენი სიტყვები არასოდეს დამავიწყდება.
მეთერთმეტე თავი
შემთხვევა გემზე
ვაჭარი ჰელი და თომა საღამოთი ჩავიდნენ ვაშინგტონში. ჰელის აქ საქმეები ჰქონდა: საჯარო ვაჭრობას უნდა დასწრებოდა და კიდევ ეყიდა ზანგები.
თვითონ სასტუმროში ჩამოხტა, თომა კი საქალაქო სატუსაღოში მოათავსა. თომა, როგორც ყოველთვის, ხმაამოუღებლივ დაემორჩილა თავის ბედს.
მეორე დღეს, შუადღის თორმეტ საათზე, ჭრელი ხალხი აირია სასამართლოს დარბაზში, სადაც საჯარო ვაჭრობა უნდა გამართულიყო. ზანგები ცალკე იდგნენ და ხმადაბლა ლაპარაკობდნენ. მათ შორის ყველაზე მეტ ყურადღებას იქცევდა მოხუცი, წელში მოხრილი, ქარებისაგან დაკრუნჩხული, თითქმის
უსინათლო დედაკაცი. მასთან ახლოს იდგა თოთხმეტ-თხუთმეტი წლის ცქვიტი ბიჭი. ეს იყო უკანასკნელი შვილი ამ დედაკაცისა. მას ბევრი შვილი ჰყავდა,
მაგრამ ყველა გაუყიდეს და ეს უმცროსი ვაჟიღა შერჩენოდა დღემდის. დედას
თავისი აკანკალებული ხელები მოეხვია შვილისათვის და გულისფანცქალით
შეჰყურებდა ვაჭრებს, რომლებიც ზანგებს გარშემო უვლიდნენ.
_ ნუ გეშინია, ძალუა! _ უთხრა ერთმა მოხუცებულმა ზანგმა დედაკაცს: _
მე ველაპარაკე ბატონ ტომასს. იმას იმედი აქვს,შენ შვილთან ერთად გაგასაღოს.
_ მე მუშაობა კიდევ შემიძლია, _ ამბობდა დედაკაცი და მოცახცახე მკლავებს მაღლა წევდა. _ საჭმლის გაკეთებაც შემიძლია, სარეცხის რეცხვაც. ჩემი
მყიდველი არ იზარალებს, დედაშვილობას, აგრე აუხსენით ყველას, _ ეხვეწებოდა დედაკაცი მასთან მოლაპარაკეს.
ამ დროს ზანგებში შეერია ჰელი. იმან გაუსინჯა კბილები ერთ მოხუცს.
წელში ამართა, მერე მოღუნა, რომ შეეტყო, რამდენად ნავარჯიშები კუნთები
ჰქონდა. ახლა მეორე გასინჯა, მესამე და ასე დაუარა ყველას. ბოლოს დედაბრის ლამაზ შვილთან მივიდა: გაუსინჯა ხელის კუნთები და უბრძანა, ეხტუნა.
_ ბავშვის გაყიდვა არ შეიძლება უჩემოდ, _ სწრაფად თქვა დედაკაცმა, _
ჩვენ, დედა-შვილს, ორივეს ერთად გაგვყიდიან, ბატონო. მე კიდევ შემიძლია
ყოველნაირი მუშაობის ატანა.
_ თამბაქოს პლანტაციაში ხომ არ აპირებ მუშაობას? _ ჰკითხა ჰელიმ დაცინვით, _ ზედ გეტყობა!
ამ სიტყვებით მოშორდა მონებს და სიგარა გააჩაღა.
_ რა გადაწყვიტეთ? _ ჰკითხა მას ბატონმა ტომასმა, საჯარო ვაჭრობის გამგემ.
_ მე უფრო ახალგაზრდები მინდა ვიყიდო და იმათთან აი, ის ბავშვიც.
_ ბავშვთან იმისი დედაც უნდა იყიდოს მყიდველმა.
_ ძალიან ოინი მოგიგონიათ! ვის რად უნდა ეგ ბებრუცანა? ეგ ხომ თავისი
საჭმლის მარილის ფასსაც ვერ აანაზღაურებს!
_ მაშ, არ იყიდით დედას?
_ სულელი ხომ არა ვარ! ბრმაც არის და ქარებისაგან დაკრუნჩხულიც. ვგონებ, სრულ ჭკუაზედაც არ უნდა იყოს.
_ არა, ეგ არ ითქმის. ხანდახან ასეთი მოხუცის მყიდველსაც შეუძლია, ხეირი ნახოს. ძალიან იაფად ჰყიდიან. ამ ფასად, ეჭვს გარეშეა, დედაკაცი ღირს.
_ არა, მე მუქთადაც არ მინდა, _ გადაწყვეტით განაცხადა ჰელიმ.
_ მებრალება საცოდავი. ვერ აიტანს, თუ შვილს დააშორეს. შვილი საშინლად უყვარს და ჭკუაზე შეიშლება ეს საბრალო.
_ მერე რა ვუყოთ, _ გულცივად თქვა ჰელიმ.
ამ დროს მოვიდა დამფასებელი და ლაპარაკი შეწყდა.
მოხუცმა დედაკაცმა სუნთქვა შეწყვიტა და შვილს მაგრად მოჰკიდა ხელი.
_ ჩემთან ახლო დადექი, შვილო! ჩვენ უთუოდ ერთად გაგვყიდიან.
_ არა, დედილო, მე ამის იმედი არა მაქვს, _ უთხრა შვილმა.
_ უეჭველად, ერთად უნდა გაგვყიდონ. დარდისაგან მოვკვდები, ერთმანეთს რომ დაგვაშორონ.
დამფასებელმა ჩაქუჩი დაარახუნა და ვაჭრობა დაიწყო. საქმე სწრაფად მიდიოდა. მონების მყიდველი ბევრი მოსულიყო. ჰელის ორი მონა ერგო ვაჭრობაში. ჯერი მიდგა მოხუცებულ დედაკაცსა და იმის შვილზე.
_ ჩვენ ერთად დაგვაყენეთ, ბატონო! _ შეეხვეწა დედაკაცი დამფასებელს.
_ მოშორდი აქედან! _ დაუყვირა იმან, _ შენ უკანასკნელ რიგში ხარ მოქცეული. _ აბა, ბიჭო, აქეთ გამოდი, _ მიუბრუნდა ის ბავშვს, ხელი ჰკრა და წინ გამოაგდო მოედანზე, სადაც ვაჭრობა წარმოებდა. გაისმა დედის გულსაკლავი
ქვითინი. ბავშვმა უკან მოიხედა, მაგრამ დაყოვნების დრო აღარ იყო, ცრემლები
მოიწმინდა დიდრონ მეტყველ თვალებზე და დადგა ნაჩვენებ ალაგს. ბავშვს
მოყვანილი ტანი ჰქონდა, მარჯვე მიხრა-მოხრა და სანდომიანი პირისახე. ბევრი მუშტარი მიესია საყიდლად. შეშინებული ბავშვი აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ვიდრე ვაჭრობა არ გათავდა. გაისმა ჩაქუჩის რაკუნი _ იმის ბედი გადაწყდა. ბავშვი ჰელის ერგო. როცა ახალ ბატონს ჩააბარეს, დედისაკენ გაიხედა და
დაინახა, რომ აკანკალებულ ხელებს უწვდიდა მას, მაგრამ ახლო კი არ უშვებდნენ.
_ ბატონო, ღვთის გულისთვის, მეც მიყიდეთ, _ ეხვეწებოდა მოხუცებული
ჰელის, _ მე ვერ ავიტან შვილის მოშორებას!
_ ვაითუ უფრო ადრე მოკვდე, მე რომ გიყიდო. არა, საჭირო არა ხარ, _ დაცინვით უპასუხა ჰელიმ.
ვაჭრობის გამგე ტომასმა დედაკაცი იაფად იყიდა.
ზანგები მიეხვივნენ საბრალო დედას. მძიმე სანახავი იყო საცოდავი. ჭირის
ოფლს ასხამდა, სიმწრით სახეს იკაწრავდა.
_ ნუთუ არ შეიძლებოდა, უკანასკნელი შვილი მაინც შეერჩინათ ჩემთვის?!
ბატონი მპირდებოდა _ შენი შვილი შენთან იქნებაო, და ეს დაპირებაც არ ამისრულეს!!! _ მწარედ მოთქვამდა საცოდავი.
_ დედი, დედილო, დამშვიდდი. ამბობენ, შენი ახალი ბატონი კარგი კაციაო, _ უთხრა შვილმა.
_ რა საჭიროა ჩემთვის კარგი ბატონი, ჩემო სიცოცხლევ? რა მეშველება უშენოდ?!
_ გაიყვანეთ აქედან ეგ დედაკაცი! _ დაიყვირა ჰელიმ, _ თვითონ მაგისათვის არის ცუდი, აქ რომ გყავთ.
რის ვაივაგლახით წიყვანეს საბრალო დედაკაცი, ჰელიმ კი ახლად ნაყიდ
მონებს ბორკილებით შეუკრა ხელ-ფეხი და სატუსაღოში გაგზავნა.
რამდენიმე დღის შემდეგ ჰელი თავისი ზანგებით უკვე იჯდა გემში მდინარე ოჰაიოზე.
გზადაგზა ჰელი კიდევ აპირებდა მონების ყიდვას ადამიანებისაგან შემდგარი ჯოგის შესავსებად.
«მშვენიერი მდინარე» (ასე ეძახდნენ გემს, რომელშიც ჰელი და მისი მონები
ისხდნენ) მხიარულად მიცურავდა მდინარის შესართავისაკენ. მორთული ქალვაჟნი, მხიარული ბავშვები ირეოდნენ გემის ზემო ბაქანზე. ყველაფერი ბრწყინავდა. ყველგან მხიარულების ხმა ისმოდა, მხოლოდ ტრიუმში იყო მოწყენილობა.
იქ სხვადასხვა საქონელთან ერთად იყვნენ მოთავსებული ჰელის მონები.
ყველანი შეყუჟულიყვნენ ერთ კუნჭულში და ხმადაბლა რაღაცას ლაპარაკობდნენ. არ იზიარებდნენ მგზავრების მხიარულებას, მხოლოდ თავიანთ მიტოვებულ ცოლ-შვილზე, მშობლებსა და ნათესავ-ნაცნობებზე ფიქრობდნენ, რომლებსაც სამუდამოდ დააშორეს.
_ ჩემმა ცოლმა არც კი იცის, თუ ბატონმა გამყიდა და ახლა სხვაგან მივყავართ, _ ამბობდა ერთი ზანგი, რომელიც სიაში ასე ეწერა: «ჯონი, ოცდაათი
წლისა».
_ სად ცხოვრობს თქვენი ცოლი? _ ჰკითხა თომამ.
_ სადღაც აქ ახლოს უნდა იყოს, სავაჭრო სახლში მსახურობს. ჩვენ ახლოს
გავივლით. ნეტა ერთი კიდევ მენახა ჩემს სიცოცხლეში!
ჯონს ღაპაღუპით გადმოსცვივდა ცრემლები. თომამ მძიმედ ამოიოხრა და
შეეცადა, ნუგეში ეცა საცოდავისთვის.
ზემო სართულზე კი ბედნიერნი ამა ქვეყნისანი, _ მამები, დედები, ცოლები
და ქმრები, მხიარულად ატარებდნენ დროს თავიანთ შვილებთან ერთად. არავის აზრად არ მოსდიოდა, რომ მათ გემზევე, ერთი სართულით ქვემოთ, იმყოფებოდნენ მათნაირივე ადამიანები, მხოლოდ მოკლებულნი ყველა უფლებასა
და ადამიანურ ბედნიერებას.
იშვიათად თუ ვინმე შეიბრალებდა ხელფეხდაბორკილ ზანგებს. უმრავლესობას მათი მდგომარეობა ბუნებრივად მიაჩნდა: მათი აზრით, ზანგები ნამდვილ ადამიანებად არ ითვლებოდნენ.
ერთ-ერთ ნავსადგურში გემზე გამალებული ამოვარდა ერთი ზანგი ქალი,
წინ გაურბინა მორთულ-მოკაზმულ მგზავრებს და ტრიუმს მიაშურა, დაინახა
ჯონი, გადაეხვია და გადაკოცნა. თან უალერსებდა და თან ღაპაღუპით ცრემლი სდიოდა. ეს იყო ჯონის ცოლი, რომლის ნახვაც ასე ენატრებოდა ქმარს.
ძნელი ასაწერია, რას გრძნობდა ამჟამად ეს უბედური ცოლ-ქმარი. ვინ შეძლებს სავსებით გადმოცემას იმ გრძნობისას, რომელსაც შეეპყრო ამ წუთს უბედურები! ხარობდნენ შეხვედრით, მაგრამ სიხარული შხამით იყო ნალესი,
რადგანაც შეიძლება ეს მათი საუკუნო გამომშვიდობება ყოფილიყო.
გემი ჩქარა მოშორდა ნავსადგურს და გზას გაუდგა. თითქოს არაფერი
არაჩვეულებრივი არ მომხდარიყოს.
მგზავრები ისევ მხიარულობდნენ, მასლაათობდნენ, იცინოდნენ და შეექცეოდნენ. ბავშვები ცელქობდნენ და თამაშობდნენ.
შემდეგ სადგურზე ჰელი გემიდან გადმოვიდა, რაღაც საქმე ჰქონდა. თომა
გემის მოაჯირთან იდგა და დაფიქრებული გაჰყურებდა შორეულ სივრცეს.
თუმცა ბორკილები ედო ფეხებზე, სიარული მაინც შეეძლო. მან დაინახა გემისაკენ მომავალი ჰელი. ვიღაც ზანგი კაცი და ქალი მოსდევდნენ, ქალს ხელში
ბავშვი ეჭირა და ჰელის უკან მხიარულად მოდიოდა, კაცს ბარგი მოჰქოდა. როცა ქალი თავისი ბავშვითა და ბარგით გემბანზე ამოიყვანეს, კიბე მოხსნეს და
გემი ქშენითა და ხმაურით დაიძრა.
ახალი მგზავრი თავისი ბარგით დანარჩენ მონებთან მოათავსეს. ქალი როგორღაც ჩქარა შეეჩვია თავის მდგომარეობას, მკლავზე მწოლარე ბავშვს ნანაც
კი უთხრა. ჰელი მივიდა ქალთან და ხმადაბლა რაღაც ჩაუჩურჩულა. ქალი წამოწითლდა და უარის ნიშნად თავი გაიქნია.
_ რაო? არასოდეს არ დავიჯერებ, თქვენ მეხუმრებით!
თომამ ყური მოჰკრა ამ სიტყვებს და შეამჩნია, რომ ქალს სწრაფად ეცვალა
სახის გამომეტყველება.
_ თუ არ გჯერათ, აი, წაიკითხეთ ქაღალდი, რომელშიც ყველაფერი წერია,
რაც გითხარით; ეს ქაღალდი თქვენი ბატონის ხელმოწერილია. _ ჰელიმ ამოიღო დაკეცილი ქაღალდი, გამოიწვია ერთი მგზავრთაგანი და სთხოვა წაეკითხა
ქალისათვის, რა ეწერა ამ ქაღალდში.
ეს, მართლაც, ნასყიდობის ქაღალდი აღმოჩნდა, ვიღაც ფოზდიკს მიეყიდა
ვაჭარ ჰელისათვის დედაკაცი ლუსი თავისი ბავშვით.
დედაკაცმა საშინელი ხმაური ატეხა. ხალხი შემოეხვია.
_ ბატონმა სიტყვა მომცა, ლუნსვილში მოსამსახურედ გაგზავნი, იმავე დაწესებულებაში, სადაც შენი ქმარი არის მოსამსახურედაო! ვერ დავიჯერებ, რომ
ბატონმა ეგრე მომატყუა!
_ ეჭვს გარეშეა, ჩემო კარგო, რომ ბატონს გაუყიდიხარ! _ შენიშნა ვიღაც
მგზავრმა.
_ მაშ, რაკი ეგრეა, ლაპარაკი ზედმეტი ყოფილა, _ მოკლედ მოჭრა დედაკაცმა სიტყვა, მაგრად ჩაიკრა გულში ბავშვი, ჩამოჯდა თავის ყუთზე და დაუწყო მდინარეს გულგრილად ყურება.
«ვგონებ, დამშვიდდა, _ გაიფიქრა ჰელიმ, _ ეტყობა, მტკიცე ხასიათის დედაკაცია».
დედაკაცი უძრავად იდგა ერთ ალაგას, თითქოს ვერაფერს ხედავდა და ვერაფერს გრძნობდა, გემი კი მიცურავდა და მიცურავდა. ზაფხულის ნაზი სიო
ელამუნებოდა დედაკაცის პირისახეს: მზის სხივები მდინარის ზედაპირს განსკუთრებულ მხიარულ შუქს აყენებდა. ყოველი მხრიდან მხიარული ხმაური
ისმოდა. დედაკაცს კი საშინელი ნაღველი უღრღნიდა გულს, თითქოს რაღაც
ლოდი დააწვა მის არსებასო. ბავშვი ეალერსებოდა დედას, პატარა თითებს
უცაცუნებდა პირისახეზე, თითქოს ცდილობდა გამოეფხიზლებინა ის და გაემხიარულებინა. უცბად ქალმა ღონივრად მოჰხვია შვილს მკლავები, თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა და განცვიფრებულ ბავშვს სახეზე დაედინა,
მაგრამ ქალი ნელ-ნელა ისევ დამშვიდდა, ბავშვის მოვლაში გაერთო. ჯანმრთელი, მხიარული ათი თვის ბავშვი ერთ წამსაც არ ჩერდებოდა, ტრიალებდა,
იწევდა, ეპოტინებოდა ყველაფერს და ერთ წუთს ვერ აშორებდა დედას ხელს.
_რა მშვენიერი ბავშვია, _ თქვა ერთმა მგზავრმა. _ რა ხნისაა?
_ ათთვე-ნახევრის გახლავთ, _ უპასუხა დედამ.
უცნობმა სტვენით გაართო ბავშვი და შაქარყინული მისცა. ბავშვმა იმ წამსვე პირისაკენ გააქანა.
_ ყოჩაღ, ბიჭო! გემო სცოდნია, _ თქვა სიცილით უცნობმა. ცოტაც ეთამაშა
და მერე წავიდა. გემის მეორე მხარეზე მან ჰელი ნახა და ლაპარაკი დაუწყო:
_ მშვენიერი საქონელი გიყიდიათ! _ უთხრა მან ჰელის, _ დედაკაცი ყოჩაღი
ჩანს. სამხრეთის ბაზარზე მიგყავთ?
_ დიახ, მე შეკვეთილი მყავს ზანგები ერთი პლანტატორისაგან. ამ დედაკაცზე მითხრეს, კარგი მზარეულობა იცისო, და იმიტომ ვიყიდე. თუ საჭირო
იქნა, პლანტაციაშიც კარგად იმუშავებს: ღონიერი ხელები აქვს.
ჰელიმ სიგარას მოუკიდა.
_ მერე, ბავშვი რომ ხელს შეუშლის მუშაობაში, _ შენიშნა მოლაპარაკემ.
_ ბავშვს პირველ შემთხვევაშივე გავყიდი, _ უპასუხა ჰელიმ.
_ იაფად გაყიდით?
_ რა მოგახსენოთ: ჯანსაღი, მაგარი აგებულების ბავშვია და...
_ მართალსა ბრძანებ, მაგრამ ბავშვს გაზრდა უნდა, გაზრდა კი ადვილი არ
არის.
_ სულ უბრალოა! ბავშვი ისევე ადვილი გასაწვრთნელია, როგორც ლეკვი.
ერთი თვის შემდეგ ფეხს აიდგამს.
_ მშვენიერი ადგილი მაქვს ბავშვის შესანახად, _ განაგრძო ლაპარაკი უცნობმა, _ მსურდა, კიდევ შემეძინა ბავშვები. რას იტყვით, ათი დოლარი რომ
მოგცეთ? თქვენთვის ხომ სულ ერთია, ასე თუ ისე, ბავშვი თავიდან უნდა მოიშოროთ.
_ სრულიადაც არა, _ მიუგო ჰელიმ და სიგარა გააბოლა.
_ მაშ, რას აფასებთ?
_ აი, რას გეტყვით. მე თვითონ მშვენივრად შემიძლია მაგისი აღზრდა. შესანიშნავი ბავშვია, ჯანსაღი. ორი წლის შემდეგ ორას დოლარსაც მომცემენ, ახლა კი ორმოცდაათ დოლარზე ნაკლებ არ გავყიდი.
_ ხუმრობთ თუ მართალს ბრძანებთ?! _ წარმოთქვა გაოცებულმა უცნობმა.
კიდევ რამდენიმე ხანს ივაჭრეს და ბოლოს, როგორც იყო, მორიგდნენ 45
დოლარად. გადაწყვიტეს _ ახალი პატრონი ბავშვს ჩაიბარებდა ლუნსვილის
ნავსადგურში.
_ ჩვენ იქ დაბინდებისას ვიქნებით, _ თქვა ჰელიმ.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Bidzia Tomas Kokhi - 05
  • Parts
  • Bidzia Tomas Kokhi - 01
    Total number of words is 3886
    Total number of unique words is 2000
    33.0 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 02
    Total number of words is 3882
    Total number of unique words is 1997
    32.6 of words are in the 2000 most common words
    48.3 of words are in the 5000 most common words
    56.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 03
    Total number of words is 3836
    Total number of unique words is 1968
    33.7 of words are in the 2000 most common words
    48.2 of words are in the 5000 most common words
    57.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 04
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2014
    32.6 of words are in the 2000 most common words
    46.1 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 05
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2027
    32.8 of words are in the 2000 most common words
    47.6 of words are in the 5000 most common words
    56.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 06
    Total number of words is 3853
    Total number of unique words is 2026
    34.0 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    56.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 07
    Total number of words is 3811
    Total number of unique words is 2013
    32.4 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 08
    Total number of words is 3835
    Total number of unique words is 1991
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.7 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 09
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 1939
    34.2 of words are in the 2000 most common words
    48.0 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 10
    Total number of words is 3822
    Total number of unique words is 1805
    34.9 of words are in the 2000 most common words
    50.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 11
    Total number of words is 3809
    Total number of unique words is 1820
    36.0 of words are in the 2000 most common words
    51.0 of words are in the 5000 most common words
    59.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 12
    Total number of words is 3841
    Total number of unique words is 2005
    32.7 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 13
    Total number of words is 3854
    Total number of unique words is 2035
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 14
    Total number of words is 3873
    Total number of unique words is 1953
    31.7 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 15
    Total number of words is 2708
    Total number of unique words is 1580
    34.9 of words are in the 2000 most common words
    49.4 of words are in the 5000 most common words
    58.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.