Latin
Total number of words is 3799
Total number of unique words is 2027
32.8 of words are in the 2000 most common words
47.6 of words are in the 5000 most common words
56.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
_ სწორედ კარგი დრო იქნება. ბავშვს ეძინება და ყველაფერი ჩუმად, მშვიდობიანად მოეწყობა. მძულს, როცა ტირილი და ღრიანცელი ატყდება ხოლმე.
წყნარი, მოწმენდილი საღამო იყო, როცა გემი შევიდა ლუნსვილის ნავსადგურში. ქალაქის სახელი რომ გაიგონა, ლუსიმ მძინარე ბავშვი ყუთის გვერდით მიაწვინა, ქვეშ თავისი წამოსასხამი დაუგო, თვითონ კი ნავსადგურისაკენ
გაექანა იმის იმედით, რომ შეიძლება სასტუმროს მოსამსახურეებთან ერთად
მისი ქმარიც გამოსულიყო მგზავრების შესახვედრად. გემზე ხალხი აირია, ქალი ბავშვს ვეღარ ხედავდა. სწორედ ამ შემთხვევით ისარგებლა ჰელიმ, შეუმჩნევლად აიყვანა ბავშვი და ახალ პატრონს გადასცა. მყიდველმაც ფრთხილად
გამოართვა, ასევე შეუმჩნევლად გადავიდა გემიდან და ხალხში მიიმალა.
როცა გემი ნავსადგურიდან გავიდა, ლუსიც დაბრუნდა თავის ადგილას. აქ
მას დახვდა ჰელი, ბავშვი კი აღარ ჩანდა.
_ სად არის ჩემი ბავშვი? _ ჰკითხა თავზარდაცემულმა, შეშინებულმა ლუსიმ.
_ თქვენი შვილი კარგმა კაცმა იყიდა. მე ვიცოდი, რომ თქვენ ახალ ბინაზე
ბავშვის მოსავლელად არ გეცლებოდათ, და ამის გამო ბავშვი კარგ ოჯახში მოვათავსე. დამშვიდდით, ტყუილად ნუ შეიწუხებთ თავს, საქმე გათავებულია
და ბავშვის უკან დაბრუნება აღარ შეიძლება.
ლუსიმ საშინელი თვალებით შეხედა მოლაპარაკეს, მაგრამ ამან ჰელიზე არ
იმოქმედა. არც იმან ააღელვა, რომ უბედურმა დედამ სიმწრით თითების
მტვრევა დაიწყო: ჰელი დიდი ხანია შეჩვეული იყო ამგვარ სურათებს. ის მხოლოდ იმას ფიქრობდა, როგორ მოქცეულიყო იმ შემთხვევაში, თუ დედაკაცი
ყვირილსა და აურზაურს ატეხდა. მაგრამ დედაკაცი არ ყვიროდა. მისი მწუ-
ხარება წივილ-კივილით არ გამოითქმებოდა. მას თავზარი დასცა ამ ამბავმა და
მუხლმოკვეთილი დაეშვა ყუთზე. მკლავები მოუდუნდა, თვალებს უაზროდ
აცეცებდა აქეთ-იქით და ვერაფერს ხედავდა.
არც დაუყვირია, არც დაუკვნესია, ერთი ცრემლიც არ გადმოუგდია თვალთაგან.
ჰელიმ საჭიროდ დაინახა, თავისი მსხვერპლისათვის ნუგეში ეცა.
_ გამიგონე, ლუსი, _ უთხრა მან დედაკაცს, _ სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი. შენ ლამაზი ქალი ხარ და ახალ ბინაზე ჩქარა იშოვი ახალ ქმარს.
_ ბატონო, შემიბრალეთ, ნუ მელაპარაკებით, თავი დამანებეთ! _ ქვითინით
შეევედრა ლუსი. მის ხმაში იმდენი ტკივილი, იმდენი ტანჯვა იხატებოდა, რომ
გულქვა ვაჭარიც კი მიხვდა, აქ ყბედობა უადგილოაო.
სულ ფიქრობდა, როგორმე დაემშვიდებინა. ახლომახლო რამდენჯერმე გაიარ-გამოიარა და დარწმუნდა, რომ ჯობდა, ცოტა ხნით სულაც მოშორებოდა
თვალიდან, სანამ ქალი თვითონ დამშვიდდებოდა და გონს მოვიდოდა.
თომამ ყველაფერი დაინახა, რაც გადახდა უბედურ დედას. მისი მოსიყვარულე გული ღრმად შეაძრწუნა ამ სანახაობამ; დედაკაცის ცოდვით იწვოდა და
არ იცოდა, რით ეშველა. უნდოდა, როგორმე შეემსუბუქებინა საბრალოსათვის
ტანჯვა. მივიდა ლუსისთან და შეეცადა მის დამშვიდებას, მაგრამ ამაო აღმოჩნდა ყოველივე: თომას სიტყვები ვერ ჩასწვდა მწუხარე დედის გულს.
მშვიდი, მოწმენდილი ღამე იყო. ცა ურიცხვი მოციმციმე ვარსკვლავით მოიჭედა. მშვენიერი იყო ღამე, მაგრამ იმის სიკეკლუცეში არ მოიპოვებოდა მალამო ადამიანის ტანჯვის გასაქარვებლად. გემზე ხმაური ნელ-ნელა მიწყდა. ყველა დასაძინებლად გაემზადა.
მყუდრო ღამეში არ ეძინა მხოლოდ თომას, იმის ყურს დროგამოშვებით ესმოდა თავშეკავებული ქვითინი უბედური დედისა.
ბოლოს ეს ხმაც შეწყდა და სრული სიჩუმე დამყარდა.
გათენებისას თომას ოდნავ ჩასთვლიმა, მაგრამ უცბად რაღაც ხმაურმა გამოაღვიძა და წამოხტა. გვერდით რაღაც აჩრდილმა გაურბინა და გაქრა, შემდეგ
მოესმა წყლის თქაფუნი, თითქოს რაღაც მძიმე სხეული ჩავარდაო. თომამ გაიხედა იქით, სადაც დედაკაცი ეგულებოდა, მაგრამ დედაკაცი ვეღარ დაინახა.
მწუხარე ადამიანმა ცივ ტალღებში ჰპოვა მოსვენება.
მდინარე მხიარულად მიაქანებდა ტალღებს, თითქოს ამ წუთას ამავე ტალღებმა არ შთანთქა წამებული დედა.
ჰელიმ მეორე დღეს კარგ გუნებაზე გაიღვიძა და თავისი მონების დასათვალიერებლად ჩავიდა ძირს.
თომამ, ცხოვრების სიბრძნით განსწავლულმა, კრინტი არ დაძრა, როცა ვაჭარმა ყვირილი მორთო:
_ სად არის ლუსი? ღამე ხომ ნაპირზე ვერსად გავიდოდა, სადგურებზე კი
თვალყური მეჭირა, რადგანაც კარგად ვიცი თქვენი ამბავი. არასოდეს გენდობით!
თომა ჩუმად იყო. ვაჭარმა ყველა კუთხე და კუნჭული დაათვალიერა; ვერსად ნახა ლუსი, ისევ მონებთან დაბრუნდა და თომას მიმართა:
_ გამიგონე, თომა! შენ უთუოდ გეცოდინება, რა იქნა ის დედაკაცი. ტყუილებს კი არ მოჰყვე. წუხელ საათის ათზე დედაკაცი ისევ აქ იყო, მერეც ვხედავდი აქა. გათენებისას რომ დაგათვალიერეთ, თითქოს ვეღარ მოვკარ თვალი.
მთელ ღამეს შენ იმის გვერდით იყავი და გეცოდინება, რა დაემართა.
_ რაც ვნახე, ბატონო, მოგახსენებთ: გათენებისას, თითქოს რაღაცამ წამკრაო, უცებ გამეღვიძა და დავინახე, რომ ჩემ გვერდით ვიღაცამ გაირბინა. ეს
იყო და ეს, შემდეგ აღარაფერი მინახავს, მხოლოდ წყლის თქაფუნი შემომესმა,
თითქოს რაღაცა მძიმე ჩავარდა წყალში. მხოლოდ მაშინ გამოვფხიზლდი, დავინახე, რომ ლუსი თავის ადგილზე აღარ იყო. აი, რაც ვიცი ამ საქმის შესახებ.
აღარაფერი ეშველებოდა. ჰელიმ ბევრი წყევლა თავისი ბედი, ანგარიშობდა
ზარალს, მაგრამ ამით რას გააწყობდა. იძულებული იყო, ბედს დამორჩილებოდა. სიკვდილისა და იმისი ულმობელი განაჩენის წინაშე უძლურია
ადამიანის ჩვეულებრივი ანგარიშები.
ლუსი მოშორდა ამ ქვეყანას და გადასახლდა იქ, სადაც ადამიანის მსჯელობასა და სამსჯავროს ადგილი არა აქვს.
მეთორმეტე თავი
შეხვედრა მშვიდობიან ოჯახში
ოჯახური მყუდროების სურათია: დიდ, ნათელ ოთახში, სუფთად შეღებილ თაროებზე ჩამწკრივებულია დახეხილი, ბრჭყვიალა ქვაბები. დგას რამდენიმე ძველი, მაგარი ხის სკამი. ყველაფერი ისე დასუფთავებულ-დაწმენდილია, რომ ადამიანის თვალს ახარებს. დგას აგრეთვე ორი სავარძელი: ერთი საქანაო, შიგ აგია ფერადი ნაჭრების ბალიში, მეორე დიდ სავარძელში კი რბილი
ყურთუკის ბალიშია.
ერთ სავარძელში ზის ჩვენი ნაცნობი ელიზა. გამხდარა მას შემდეგ, რაც
კენტუკიდან წამოვიდა, ფერი წასვლია. თვალები და, საერთოდ, სახის გამომეტყველება მოწმობს, რომ ყმაწვილ ქალს მწუხარება უღრღნის გულს. მაგრამ
ისიც ეტყობა, რომ გამოვლილ ტანჯვა-წამებას მისთვის ხასიათის სიმტკიცე და
გამბედაობა მიუმატებია. ის თვალყურს ადევნებს იქვე მოთამაშე ბიჭუნას.
მეორე სავარძელში ზის ასე ორმოცდაათი-სამოცი წლის ქალი. ხნოვანებას
უძლურების ბეჭედი არ დაუსვამს ამ ქალისათვის. პირიქით, მისი ლამაზი სახისათვის სიდარბაისლე მიუმატებია. უბრალო ჩაცმულობასა და თეთრ მოსახვევზე შეატყობდა კაცი, რომ ის კვაკერთა სექტის წევრი უნდა ყოფილიყო. იმის
მრგვალ, კეთილ პირისახეს ჯერ კიდევ არ დაჰკარგვოდა ახალგაზრდული ელფერი. მოსახვევქვეშ მოჩანდა ოდნავ შეჭაღარავებული კავები. თვალები გამოხატავდნენ მის სულიერ სისპეტაკეს. კარგია ახალგაზრდული სილამაზე, მაგ-
რამ ხანშიშესულსაც თავისებური ხიბლი აქვს. სწორედ ასეთი სილამაზით იყო
შემკული რახილ ჰალიდეი.
რახილი იჯდა სავარძელში, ატამს ფცქვნიდა და სპილენძის თასში ალაგებდა. სავარძელი, ცოტა არ იყოს, დაზიანებული იყო: ყოველ განძრევაზე ჭრაჭაჭრუჭი გაჰქონდა. რახილის ქმარი, სიმეონ ჰალიდეი, იტყოდა ხოლმე: ამ სავარძლის ჭრაჭა-ჭრუჭი განმაცდევინებს იმ ძველ სიყვარულსა და ერთგულებას,
რომლითაც შემკული იყო ჩვენი ცოლქმრული ცხოვრება ოცი წლის განმავლობაში.
მართლაც, სიმეონის ცხოვრებაში მისი მეუღლე იყო პირველი ნუგეში. ეს
ოცი წელი რახილმა სავარძელში გაატარა. ამიტომ უყვარდა სიმეონს ეს სავარძელიც. შვილებიც ასეთივე აზრისანი იყვნენ. იმათაც უყვარდათ ჭრაჭუნა სავარძელი. ამბობდნენ: არასოდეს არ მოვიშორებთ დედის სავარძელსაო. ძლიერია გავლენა მოსიყვარულე გულისა. აკურთხოს უფალმა ისეთი ქალები, როგორიც იყო რახილი!
_ ელიზა, შენ მაინც ფიქრობ კანადაში წასვლას? _ შეეკითხა რახილი ელიზას და თან დაფცქვნილ ატამს ასწორებდა ტაშტში.
_ დიახ, ქალბატონო! _ მტკიცედ უპასუხა ელიზამ. _ ჩემი გზა უნდა განვაგრძო. აქ დარჩენის მეშინია.
_ რას გააკეთებ კანადაში? ამაზედაც უნდა იფიქრო, შვილო!
ელიზას ხელები აუკანკალდა, თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა,
მაგრამ მაინც მტკიცედ უპასუხა:
_ იმედი მაქვს, სამუშაოს ვიშოვი, ისე არ გავჩერდები.
_ იცოდე, რომ ჩვენთან რამდენ ხანსაც გსურს, იმდენ ხანს შეგიძლია იცხოვრო.
_ დიდად გმადლობთ. მაგრამ აქ ცხოვრება აღარ შემიძლია. არც დღე, არც
ღამე მოსვენება არა მაქვს. გუშინ სიზმარშიც კი ვნახე ის საზარელი ვაჭარი, ვითომც თქვენს ეზოში შემოსულიყო.
_ საბრალო ბავშვი, _ თქვა რახილმა და თვალებზე მომდგარი ცრემლები
მოიწმინდა; _ ფიქრებს თავი არ უნდა მისცე. ჩვენს სოფელში ჯერ მაგალითი არ
ყოფილა, რომ გაქცეული მონა დაეჭიროს ვისმეს, რაღა შენ ბავშვს დაატყდება
თავს ეს უბედურება.
ამ დროს კარი გაიღო და სამზარეულოში შემოვიდა ახალგაზრდა, ტანმორჩილი, კოხტა, მსუქანი ქალი. ლოყები წითლად უღაჟღაჟებდა. იმასაც, როგორც
რახილს, ყომრალი ფერის კაბა ეცვა და ყელზე მარმაშის ქალაღაია ჰქონდა შემოხვეული.
_ ოჰ, მშვიდობა შენს მოსვლას, რუთ! როგორა ხარ? _ მხიარულად შეეგება
რახილი სტუმარს და ალერსიანად გაუწოდა ხელი.
_ გმადლობთ, რახილ! _ უპასუხა ქალმა.
მან მაუდის ქუდი მოიხადა და მტვერი გადაწმინდა ცხვირსახოცით. ქუდის
ქვეშ, კვაკერების ადათისამებრ, მოხვეული თავშალი უხეიროდ ადგა თავზე.
კარგა ხანს ეწვალა ქალი თავისი ფუნჩულა ხელებით, მაგრამ უსარკოდ ვერ გა-
ისწორა. თავშალი უკან გადასწეოდა და ხუჭუჭი კულულები უჩანდა. ყმაწვილმა ქალმა (ოცდაოთხი-ოცდახუთი წლისა იქნებოდა) ბოლოს სარკეში ჩაიხედა,
მოსახვევი გაისწორა და სიამოვნება იგრძნო, თავისი სახე რომ დაინახა.
ვის არ ესიამოვნებოდა ამ ჯანსაღი, ლამაზი, მხიარული ქალის დანახვა!
_ რუთ! _ უთხრა რახილმა, _ აი ჩვენი ახალი მეგობარი ელიზა ჰარისი და
მისი შვილი. იმ დღეს ამათზე გელაპარაკებოდი.
_ ძალიან სასიამოვნოა შენი ნახვა! _ უთხრა ელიზას რუთმა ისეთი კილოთი, თითქოს ძველ ნაცნობს გამოელაპარაკაო, _ ეს შენი ბავშვია? რა კარგი ბიჭუნაა! ტკბილი ქადა მოვუტანე. _ რუთმა ბავშვს ნამცხვარი შესთავაზა. ბავშვმა
მორცხვად შეხედა ქალს და გამოართვა.
_ შენ სადღა გყავს ბავშვი, რუთ? _ ჰკითხა რახილმა.
_ ბავშვი თანა მყავს. თქვენმა მერიმ მომტაცა და კალოზე გააქცია. იქ ბავშვები თამაშობენ.
ამ დროს ოთახში შემოცქრიალდა პატარა, ლოყაწითელი გოგონა. ბავშვს
დედასავით კეთილი და სათნო სახე ჰქონდა. გოგონას ხელში რუთის ფუნჩულა, თეთრი ბავშვი ეჭირა.
_ აი, ხსენებაზე თქვენი ბიჭუნაც მოვიდა, _ თქვა რახილმა ბავშვების დანახვაზე, ბავშვი ხელში აიყვანა და მიუალერსა: _ რა კარგი სახე აქვს, რა ჩქარა იზრდება!
_ დიახ, ჩემი ბიჭიკო ჩქარა იზრდება, _ დედამ გამოართვა რახილს ბავშვი,
გახადა პალტო და ქუდი, ტანისამოსი გაუსწორა, მხურვალედ დაკოცნა და შემდეგ ძირს დასვა. ბავშვი ჩუმად იყო, მაშინვე დინჯად დაჯდა იატაკზე, თითები
პირისაკენ გააქანა და წუწნა დაუწყო, დედამ კი ჯიბიდან ჭრელი წინდები ამოიღო და ქსოვა განაგრძო.
_ შვილო, _ მიუბრუნდა რახილი თავის ქალს, _ ქვაბით წყალი შედგი ცეცხლზე, გენაცვალე!
მერიმ ჭიდან წყალი მოიტანა, ბუხარში ზედადგარი გამართა და ქვაბით
წყალი შემოდგა.; ქვაბმა ჩქარა ამოუშვა გულიანი შიშინი. მეორე ზედადგარზე
მურაბის ტაშტი გამართა და დედის ხელმძღვანელობით ატმის მურაბის ხარშვას შეუდგა. თვითონ რახილმა წინსაფარი აიფარა და ბისკვიტებისათვის ცომის ზელა დაიწყო.
_ როგორ არის პიტერსის ცოლი? _ ჰკითხა რახილმა რუთს.
_ ახლა უკეთ არის. დღეს დილით ვნახე. ლოგინი გავუსწორე და ოთახი
დავულაგე. ჩემს შემდეგ ლია გილსი წავიდა მასთან; პურს გამოუცხობს და საჭმელს გაუკეთებს. საღამოთი ისევ მე წავალ და დავხედავ კიდევ.
_ მე ხვალ ვნახავ, _ თქვა რახილმა, _ შეიძლება მეც ვიყო რისთვისმე საჭირო, იქნებ დასაკერებელი ან მისალაგ-მოსალაგებელი ჰქონდეს რამე.
_ კარგს იზამ, _ უთხრა რუთმა. _ არ გაგიგია? ანა სტანბუდიც ავად გამხდარა. გუშინ საღამოთი ჩემი ქმარი იყო იმათსა. მეც ხვალ ვაპირებ ნახვას.
_ თუ მთელი დღით მოგიხდეს წასვლა, ჯონი ჩვენსა გამოგზავნე სადილად.
_ გმადლობთ. ვნახოთ, როგორ მოეწყობა საქმე. აი, სიმეონიც მობრძანდება.
სამზარეულოში შემოვიდა სიმეონ ჰალიდეი _ მოსული, მაგარი აგებულების კაცი. შავი მაუდის ტანისამოსი ეცვა, განიერი შავი ქუდი ეხურა.
_ როგორ ბრძანდებით, რუთ? _ მხიარულად მიესალმა ის სტუმარს. _ ჯონი
ხომ კარგად არის?
_ გმადლობთ, მთელი ჩვენი ოჯახი კარგად გახლავს.
_ ახალი ხომ არაფერი იცი? _ ჰკითხა რახილმა ქმარს და თან ბისკვიტებს
დასტრიალებდა.
_ პეტრე სტებინსმა მითხრა, დღეს საღამოს ჩემი მეგობრებით გეწვევიო.
სიმეონმა სიტყვა «მეგობრები» რაღაცა მნიშვნელობით წარმოთქვა, პირისაბან ოთახში გავიდა, პირი დაიბანა და უკან შემობრუნდა.
_ შენი სახელი და გვარი ელიზა ჰარისია, ხომ? _ ჰკითხა სიმეონმა ელიზას.
რახილმა გაოცებით შეხედა ქმარს. ელიზამ კანკალით მისცა პასუხი. ორივეს ერთნაირმა შიშმა გაუელვა თავში: განცხადება ხომ არ არის გაკრული ელიზას გაქცევის შესახებო.
სიმეონი ხელახლა გავიდა დერეფანში და ცოლი გაიხმო.
_ რა ამბავია? _ ჰკითხა რახილმა ქმარს და თან ცომიან ხელებს იფშვნეტდა.
_ ელიზას ქმარი ჩვენს ახალშენში იმყოფება და დღეს საღამოს ჩვენსა მოვა,
_ უთხრა სიმეონმა ცოლს.
_ რას ამბობ! _ წამოიძახა რახილმა სიხარულით და სიამოვნებისაგან სახე
გაუბრწყინდა.
_ სრულ სიმართლეს გეუბნები. გუშინ საღამოთი პეტრე სადგურზე იყო
ეტლით. იქ ენახა ერთი მოხუცებული დედაკაცი და ორი კაცი. ერთი მათგანის
სახელია ჯორჯ ჰარისი. როგორც იმის სიტყვებიდან ჩანს, უთუოდ ელიზას ქმარი უნდა იყოს. ამბობენ, ძალიან კარგი ყმაწვილია და ამასთან ლამაზიცაო. მოდი, ახლავე ვუთხრათ ელიზას, _ თქვა სიმეონმა.
_ მოიცა. რჩევა ვკითხოთ რუთსაც, _ ურჩია სიმეონს ცოლმა.
დაუძახა რუთს.
_ იცი, რა ახალი ამბავი მოიტანა სიმეონმა? ელიზას ქმარი მახლობელ სოფელში ყოფილა და დღეს ჩვენთან მოიყვანენ.
ყმაწვილ ქალს მეტად გაუხარდა ეს ამბავი, ტაში შემოჰკრა და ისე აღტაცებით დაიწყო ხტუნაობა, რომ ურჩი კულულები ისევ ჩამოეშალა შუბლზე.
_ ნელა, ნელა, ჩემო კარგო, _ ალერსიანად უთხრა რახილმა, _ შენ რას გვირჩევ, ვუთხრათ თუ არა ახლავე ელიზას?
_ უეჭველად, ახლავე ვუთხრათ. წარმოვიდგინოთ, მეგობრებო, მე ვიყო მაგ
მდგომარეობაში და ჩემ ჯონზე იყოს ლაპარაკი, განა მაშინვე არ შემატყობინებდით? დროს ნუღარ ჰკარგავთ, ახლავე შეატყობინეთ ეს ბედნიერი ამბავი!
_ რაც დრო გადის, შენში იმდენად უფრო მტკიცდება კაცთმოყვარეობა, _
უთხრა სიხარულისაგან გაბრწყინებულმა სიმეონმა რუთს.
_ მაშ, რისთვის უნდა ვიცხოვროთ ამქვეყნად? მე მიყვარს ჩემი ჯონი და ჩემი შვილი. იმათი სიყვარული ნათლად მაგრძნობინებს ელიზას მდგომარეობას.
გეთაყვა, ჩქარა შეატყობინეთ ეს ამბავი, _ უთხრა რუთმა რახილს და თან მოეხ-
ვია. _ წაიყვანე შენს საწოლ ოთახში; მანამ მე შენს მაგივრად ვახშამს მოვამზადებ.
რახილი შევიდა სამზარეულოში, სადაც ელიზა საკერავში გართულიყო.
_ წამომყე, შვილო! _ უთხრა მან ელიზას და თავისი საწოლი ოთახის კარი
შეაღო: _ ახალი ამბავი მოგიტანე.
ელიზას მიმტკნარებული სახე უცბად აენთო, კანკალით წამოდგა და შეშინებულმა ბავშვს დაუწყო ყურება.
_ არ შეშინდე, მეგობარო, _ დაამშვიდა რუთმა ელიზა: _ სასიამოვნო ამბავს
გაიგონებ, წაჰყე ჩქარა. _ მან მიაცილა ელიზა კარებამდის, პატარა ჰარის ხელი
მოჰკიდა, დაკოცნა და უთხრა:
_ ჩქარა ნახავ მამას, ბიჭუნავ, გაიგონე? მამა ჩქარა მოვა, _ რამდენჯერმე გაუმეორა ეს სიტყვები გაოცებულ ბავშვს.
ელიზა სიხარულისაგან წამოწითლდა, მერე ისევ ფერი დაკარგა და ღონემიხდილი დაეშვა სავარძელში.
_ გამაგრდი, შვილო, _ განაგრძო რახილმა ალერსით ლაპარაკი და ელიზას
თავზე ხელი გადაუსვა, _ შენი ქმარი ახლა მეგობრებთან იმყოფება და დღეს
საღამოთი ნახავ.
_ დღეს საღამოთი? _ აზრი ვერ მოეკრიბა, თავში ყველაფერი აერ-დაერია
და გრძნობა დაკარგა.
როცა გონს მოვიდა, დაინახა, რომ ლოგინში წევს და თბილი საბანი ახურავს. რუთი ქაფურით უზელდა ხელებს, ელიზას ტანში რაღაცა სიამოვნების
ჟრუანტელმა დაუარა, ტკბილი სიზმრის მაგვარ ბურუსში გაეხვია.
იმ მოუსვენარ სულიერ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებოდა ელიზა
გაქცევის დღიდან, ბოლო მოეღო. მოქანცულმა ადამიანმა დაისვენა. იწვა გაუნძრევლად და თვალს ადევნებდა, რა ხდებოდა მის გარშემო. შუა კარი ღია იყო
და მეორე ოთახში გაშლილი სუფრა ჩანდა. რუთი მეორე ოთახში ტრიალებდა
და ვახშამს აწყობდა. ყმაწვილი ქალი ხშირად მიირბენდა ხოლმე ჰარისთან, მიუალერსებდა და ტკბილეულობას სთავაზობდა.
სამზარეულოდან ქვაბის შიშინი ისმოდა. რახილი ხშირად შემოდიოდა
ელიზასთან: ხან საბანს შეუკეცავდა, ხან ბალიშს გაუსწორებდა. ამ სათნო ადამიანის დედობრივი თვალები სიყვარულის სხივებს აფრქვევდა გარშემო.
მოვიდა რუთის ქმარი. ელიზა ხედავდა, რომ ის რაღაცას გაჩქარებით ელაპარაკებოდა ცოლს და თან ხელს იშვერდა იმ ოთახისაკენ, სადაც ელიზა იწვა.
რუთმა თავისი ბავშვი აიყვანა ხელში. ცოტა ხნის შემდეგ ყველანი სუფრას შემოუსხდნენ. ჰარი რახილმა მოისვა გვერდით. ხმადაბალი საუბარი, ჭურჭლისა
და დანა-ჩანგლის წკრიალი დამამშვიდებლად მოქმედებდა მოქანცულ ადამიანზე. ელიზამ გამოქცევის შემდეგ, იმ საშინელი ცივი საღამოს შემდეგ, პირველად დაიძინა მოსვენებით.
მას ესიზმრა ამწვანებული კუნძულებითა და შადრევნებით შემკული საუცხოო ქვეყანა, მწვანე მინდორში იდგა სახლი. უჩინარმა ტკბილმა ხმამ ჩასძახა მას ყურში, ეს სახლი შენიაო. შევიდა სახლში და იქ ნახა თავისი ჰარი. თავი-
სუფალი და ბედნიერი ბავშვი მხიარულად თამაშობდა. ელიზას შემოესმა ფეხის ხმა და იგრძნო მისი მოახლოება. მოვიდა, მოეხვია და ცრემლებით დაუსველა სახე.
სიხარულისაგან აღელვებულმა ელიზამ გაიღვიძა და ნახა, რომ სიზმარი
სინამდვილე გამოდგა: მის გვერდით ეძინა შვილს, სასთუმალთან კი თავისი
ქმარი ეჯდა. ბალიშზე დაყრდნობილი ჯორჯი დაჰყურებდა ძვირფას ცოლშვილს და ტიროდა.
მხიარული დილა გათენდა კვაკერების სახლში. დიასახლისი დილით ადრე ადგა და თავისი გოგო-ბიჭებით ოჯახში დატრიალდა. იმის სტუმართმოყვარე სახლში საუზმე სახუმარო საქმე არ იყო, ყველას თავისი საქმე ჰქონდა: ჯონი
წყალზე გაიქცა, სიმეონ-უმცროსი ფქვილს ცრიდა ქადებისათვის, მერი ყავას
ფქვავდა; თვითონ რახილი ნელა მიდი-მოდიოდა და სიყვარულით უწევდა
ხელმძღვანელობას ყველას მუშაობაში. ამ დროს სიმეონ-უფროსი პატარა სარკის წინ უსერთუკოდ იდგა და წვერს იპარსავდა. სამზარეულოში ბავშვები ისე
მხიარულად ფუსფუსებდნენ, ისეთი სიყვარულით ექცეოდნენ ერთმანეთს,
რომ, როცა ელიზა, ჯორჯი და ჰარი სამზარეულოში გამოვიდნენ და მასპინძლები ალერსით მიეგებნენ, მათ თავი საოცნებო სიზმარში ეგონათ.
ბოლოს შეუდგნენ საუზმეს. მხოლოდ მერი იდგა ღუმელთან, ცხელ-ცხელ
ქადებს აცხობდა და სუფრაზე მოჰქონდა. რახილი ერთობ ბედნიერად თვლიდა თავს თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახის ერთად შეყრის დროს. იმისი
ალერსიანი ლაპარაკი და მშობლიური მზრუნველობა გემოს მატებდა საჭმელსასმელს.
ჯორჯი პირველად იჯდა მაგიდასთან თეთრკანიანთა შორის, როგორც თანასწორი ადამიანი, და როგორღაც თავს უხერხულად გრძნობდა, მაგრამ მასპინძლების კეთილმა, ალერსიანმა მოპყრობამ, როგორც ნისლი მზის შუქმა, ეს
უხერხულობა ჩქარა გაფანტა. მან თავის ოჯახში იგრძნო თავი. ეს იმისთვის
სრულიად უცნობი, ახალი გრძნობა იყო. მის გულში ნელ-ნელა ცვლილება
მოხდა. მწუხარება, სასოწარკვეთილება, _ ყველაფერი დაჩრდილა სიყვარულით გაშუქებულმა კვაკერების კეთილმა სახეებმა და იმ თანაგრძნობამ, რომლითაც ეკიდებოდნენ ისინი ბედისაგან დაჩაგრულ სტუმრებს.
_ რას იზამ, მამილო, ჩვენს სახლში რომ დაიჭირონ გამოქცეულები? _ ჰკითხა მამას სიმეონ-უმცროსმა.
_ ჯარიმას გადავიხდი, _ უპასუხა მამამ.
_ საპყრობილეში რომ ჩაგსვან?
_ განა უჩემოდ შენ და დედაშენი ვერ გაუძღვებით ჩვენს მეურნეობას? _
ჰკითხა მამამ შვილს ღიმილით.
_ დედას შეუძლია ყველაფერს მოუაროს, მაგრამ რატომ არა რცხვენიათ
იმათ, ვინც ასე აწიოკებს უდანაშაულო ხალხს?
_ მე მძულს ის მემამულენი, რომელთაც მონები ჰყავთ! _ წამოიძახა ახალგაზრდამ.
_ სამწუხაროა, თუ ჩვენი გულისათვის თქვენ რამე საფრთხე მოგელით, _
უთხრა ჯორჯმა სახლის პატრონს.
_ ნუ გეშინია, ჯორჯ, ჩვენ ამქვეყნად ტანჯვის ცხოვრება გვიწერია. თუ კეთილი საქმისათვის არ მივიღებთ ტანჯვას, მაშინ ღირსნი არა ვართ, ადამიანის
სახელი ვატაროთ.
_ მე მაინც ვერ ავიტან, რომ ჩემი გულისათვის ვინმეს ტანჯვა შეხვდეს.
_ დამშვიდდი, ჩემო მეგობარო! მე რასაც ვაკეთებ, ჩემი ადამიანური მოვალეობის ასასრულებლად ვაკეთებ. შენ გულდამშვიდებით გაატარე დღე ჩვენსა,
საღამოზე კი შენ და შენს თანამგზავრებს ფინეას ფლეტჩერი სხვა სოფელში წაგიყვანთ. თქვენი მდევარი ახლოს ყოფილა, დროს დაკარგვა შეუძლებელია.
_ მაშ, საღამომდის რაღად ვიცადოთ?
_ დღისით თქვენ არავითარი საფრთხე არ მოგელით. ამ სოფელში ყველა
თქვენი მეგობარია. ღამით კი მგზავრობა უფრო უხიფათოა.
მეცამეტე თავი
ევა და ბიძია თომა
დიდი მდინარის ტალღებში ელავდნენ საღამოს მზის სხივები. ბამბით
დატვირთული გემი მძიმედ მიაპობდა ტალღებს და მიდიოდა ახალი ორლეანისაკენ.
აუარებელ ბამბის ფუთებს შუა ერთ კუთხეში, ზემო ბაქანზე იჯდა ჩვენი
ძველი ნაცნობი თომა. ჰელიმაც კი მისცა მას ოდნავი თავისუფლება, როცა
დარწმუნდა, რომ თომა მშვიდი და სათნო ხასიათის ადამიანი იყო.
თომა სარგებლობდა თავისუფლებით მხოლოდ იმისთვის, რომ მიშველებოდა მუშაობაში, სადაც და ვისაც მუშახელი დასჭირდებოდა; გემის დატვირთვაში, ბარგის გადატანაში, ყველაფერში მონაწილეობდა ისეთივე ხალისით,
როგორითაც ემსახურებოდა კენტუკში თავის ბატონს. როცა საქმე არა ჰქონდა,
ავიდოდა მაღლა, ბამბის ფუთებს შუა დაჯდებოდა და მიეცემოდა ფიქრს.
მაღლიდან მშვენივრად ხედავდა მდინარის გაშლილ ნაპირებს. შორს მოჩანდა ბამბის მინდვრები. იქ დილიდან საღამომდის ირეოდნენ მუშა ზანგები.
მოჩანდა აგრეთვე ქოხები, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ქოხების მოშორებით
ბაღებში ჩაფლული სასახლეები იდგა. აქ ცხოვრობდნენ თვითონ მემამულეები,
რომელთაც ეკუთვნოდათ ეს თვალუწვდენელი მინდვრები და უთვალავი მონა.
თომას გული ეთანაღრებოდა, როცა ფიქრობდა ამ უცნობ ადგილებში
ცხოვრებაზე. მისი წარმოდგენით, აქაურობა არაფერ სასიკეთოს არ უქადდა. ახლა უფრო ნათლად ეხატებოდა თვალწინ თავისი კერა კენტუკში, დიდი წიფლების ქვეშ მდგარი ყვავილებით შემკული ქოხი ბატონის სასახლის გვერდით.
თვალიდან არ შორდებოდა ნაცნობი სახეები. ამხანაგები, ფუსფუსა ცოლი,
ცელქი შვილები, პატარა ყბედი გოგო _ უმცროსი შვილი. მაგრამ უცებ ეს სურა-
თები ქრებოდა და თვალი მხოლოდ ვეება ერთფეროვან პლანტაციებსა და უშველებელ კვიპაროსის ხეებს ხედავდა. ესმოდა მინდვრებიდან მონების ხმაური. აქ კი სინამდვილე აიძულებდა, შერიგებოდა იმ აზრს, რომ ძველი ტკბილი
ცხოვრება მისთვის სამუდამოდ გაქრა. თომამ წერა არ იცოდა, რომ წერილებით
მაინც გამოლაპარაკებოდა თავის საყვარელ ადამიანებს და ამით მოეოხებინა
გული.
გემზე, სხვათა შორის, იყო ერთი მდიდარი მემამულე ახალი ორლეანიდან,
გვარად სენ-კლერი. იმას თან ჰყავდა ექვსი-შვიდი წლის გოგონა და ერთი ხნიერი ქალი, როგორც ეტყობოდა, ნათესავი. ეს ქალი ბავშვს ადევნებდა თვალყურს.
თომა ხშირად ხედავდა გოგონას. ბავშვი ყველგან დარბოდა. მისი ერთ ადგილზე გაჩერება ისევე ძნელი იყო, როგორც მზის სხივის ან ზაფხულის ნიავის
დაჭერა. ბავშვი იყო ლამაზი, მოხდენილი, ცქრიალა; შესანიშნავი თვალები
ჰქონდა. მისი თვალების გამომეტყველება საოცრად მოქმედებდა ყველაზე; ოქროსფერი თმა კი ყველას ხიბლავდა. ბავშვს თვალებში თუმცა სიდინჯე ეხატებოდა, მაგრამ მხიარული იყო. სახეზე ყოველთვის ღიმილი უკრთოდა. დახტოდა გემის ბაქანზე და ღიღინებდა. მამა და მამიდა უკან დასდევდნენ, მაგრამ
ბავშვი ხანდახან მაინც გაუსხლტებოდათ ხელიდან. არ ეშინოდა, რადგან იცოდა, რომ მამა არ გაუჯავრდებოდა და საყვედურს არ ეტყოდა. საკმაო იყო მისი
ერთხელ ნახვა, რომ არასოდეს დაგვიწყებოდათ. ბაქანზე ყველას ყურადღებას
იქცევდა, ყველას უყვარდა.
თეთრკანიანმა გოგონამ გემის ყველა კუნჭული დაათვალიერა. აქ მას ყველა კარგად იცნობდა. ხშირად მიირბენდა ხოლმე გახურებულ ღუმელთან და
უყურებდა, როგორ მუშაობდნენ იქ შავად გამურული კაცები. ბავშვს ებრალებოდა ისინი, ასე რომ იტანჯებოდნენ ამ სიცხეში. მესაჭე ღიმილით ეგებებოდა,
როდესაც ბავშვი შეიხედავდა იმის შუშის სადგომში. მგზავრებს მოსწონდათ
გოგონა და ყველა უღიმოდა, ლოცავდა და ეალერსებოდა.
თომას, როგორც საზოგადოდ ზანგებს, ნაზი და მგრძნობიარე გული ჰქონდა, უყვარდა ბავშვები. ამ გოგონას რომ უყურებდა, ეგონა, ანგელოზი ჩამოფრენილა გემზედაო, ისე საყვარლად მოქმედებდა ეს ჰაეროვანი ქმნილება თომაზე. ბავშვი ჩადიოდა ტრიუმშიც, სადაც ჰელის მონები ისხდნენ. ხელფეხშებორკილი მონების დანახვაზე ბავშვს სახეზე მწუხარება აღებეჭდებოდა ხოლმე.
ხანდახან ბორკილებს ხელს შეახებდა, ამოიოხრებდა და წამოვიდოდა. რამდენჯერმე შესთავაზა მონებს კაკალი, კამფეტები და ფორთოხალი. ხილს მიაწვდიდა და გაიქცეოდა, რომ მონებს მადლობის გადახდა ვერ მოესწროთ. თომამ
დიდხანს ადევნა თვალ-ყური ბავშვს და ბოლოს გადაწყვიტა, დალაპარაკებოდა. ბავშვის მისაზიდად აკეთებდა ბლის კურკის, კაკლისა და ქაღალდის პაწია
სათამაშო კალათებს, სტვირებს, კაცუნებს და ბავშვს აჩვენებდა, როცა მის ახლოს გაირბენდა.
ბავშვი ჯერ მოკრძალებით ართმევდა სათამაშოებს, მერე თანდათან შეეჩვია და ცოტა ხნის შემდეგ კიდეც დამეგობრდნენ.
_ რა გქვია, პატარა ქალბატონო? _ ჰკითხა თომამ, როცა დარწმუნდა, ახლა
კი დალაპარაკება შეიძლებაო.
_ ევანგელინა სენ-კლერი, _ უპასუხა ბავშვმა, _ მაგრამ მამა და ყველა ჩემი
ნაცნობი ევას მეძახიან. თქვენ რაღა გქვიათ?
_ მე თომა მქვია. შინ, კენტუკში, ყველა ბავშვი ბიძია თომას მეძახდა.
_ მეც ეგრე დაგიძახებთ, იმიტომ რომ მომწონხართ, _ უთხრა ევამ. _ ახლა
სად მიდიხართ, ბიძია თომა?
_ რა ვიცი, პატარა ქალბატონო!
_ როგორ თუ არ იცი?
_ ისე, რომ არ ვიცი, მივყავარ ერთ ვაჭარს გასაყიდად ახალ ორლეანში; ვინ
იცის, იქ ვინ მიყიდის!
_ მამა გიყიდით თქვენ! _ შეჰყვირა ევამ. _ თუ გიყიდათ, ჩვენთან კარგად
იცხოვრებთ. მე უეჭველად, დღესვე შევეხვეწები მამას.
_ გმადლობთ, პატარა ქალბატონო!
ამ დროს გემი გაჩერდა შეშის ასაღებად პატარა ნავსადგურში. ევამ მამის
ხმა გაიგონა და იმისაკენ გაექანა. თომა წავიდა მეზღვაურების საშველად.
გემმა შეშა აიღო და ჩქარა ისევ გზას გაუდგა. ევა მამასთან ერთად იდგა ბაქანზე და გემის ბორბლების მოძრაობას ადევნებდა თვალს. უცებ ბავშვი როგორღაც დატორტმანდა, თავი ვეღარ შეიმაგრა და გემიდან გადავარდა. მამამ
სიმწრისაგან ვერაფერი მოახერხა და თვითონაც აპირებდა წყალში გადავარდნას, მაგრამ უკნიდან ვიღაცამ დაიჭირა და გააჩერა. ბავშვის საშველად სხვა
კაცი გადახტა წყალში, რომელსაც უფრო მეტად შეეძლო ბავშვის შველა, ვიდრე
სენ-კლერს.
ეს იყო ჩვენი თომა. ის იქვე ახლოს იდგა, როცა ბავშვი გადავარდა. იმ წამსვე თან გადაჰყვა წყალში. თომამ მშვენიერი ცურვა იცოდა. გემზე მყოფნი შეშფოთებით უყურებდნენ. მაგრამ, აი, ცოტა ხნის შემდეგ წყალმა ბავშვი მაღლა
ამოატივტივა; თომა სწვდა, დაიჭირა და გამოცურდა გემისაკენ. გულწასულ
ბავშვს მრავალი ხელი წაეტანა ზევიდან მისაშველებლად. ორივენი გემზე აიყვანეს. მამამ შვილი ხელში აიტაცა და შეიყვანა ქალების ოთახში. ყველა ეხმარებოდა, ცდილობდნენ, ბავშვი გონს მოეყვანათ.
მეორე დღეს დიდი სიცხე იყო. გემი უახლოვდებოდა ახალ ორლეანს. ირგვლივ ხმაური იდგა; მგზავრები ემზადებოდნენ გადასასვლელად. მეზღვაურები გემს ასუფთავებდნენ და ამზადებდნენ დიდ ნავსადგურში შესასვლელად.
ქვემო სართულში სხვა მონებთან ერთად იჯდა ჩვენი მეგობარი თომაც. მოუსვენრობა ეტყობოდა. გაჰყურებდა გემის მეორე მხარეს, სადაც რამდენიმე კაცი ლაპარაკობდა. მათთან იყო მშვენიერი პატარა ევანგელინაც. ბავშვი დღეს
ფერმკრთალი იყო, თუმცა თავს ცუდად აღარ გრძნობდა. ევას გვერდით ბამბის
დიდ ფუთას მიჰყუდებოდა მისი მამა, ჯერ კიდევ სულ ყმაწვილი ლამაზი კაცი.
მამა-შვილი ჰგავდა ერთმანეთს, მხოლოდ ევას დაფიქრება ეხატებოდა სახეზე.
ყველა მისი მოძრაობა ლამაზი, მოხდენილი და ზრდილობიანი იყო. მშვენიერი
მიხრა-მოხრა ჰქონდა. ის ოდნავ შესამჩნევი ზიზღით უგდებდა ყურს ჰელის
ყბედობას, რომელიც ცდილობდა, რაც შეიძლება უკეთესად ეჩვენებინა თავისი
საქონელი.
_ ერთი სიტყვით, თქვენ გსურთ, დამარწმუნოთ, რომ ამ მონის შავი კანის
ქვეშ ნამდვილი სათნოება და სიკეთე ღვივის, _ უთხრა ღიმილით სენ-კლერმა,
როცა ჰელიმ ლაპარაკი გაათავა. _ აგრე იყოს. მე მჯერა თქვენი სიტყვები. ფასი
მიბრძანეთ, რა მოგართვათ ამ ყველაფრით შემკულ მონაში? გადაჭრით ბრძანეთ, ვაჭრობას ნუ დავი-წყებთ, ნუ დამიმალავთ, რამდენით გსურთ ზედმეტად
დამაჯარიმოთ.
_ ვგონებ, ათას სამას დოლარზე ნაკლებ რომ დაგითმოთ, ცოდო ვიქნები, _
თქვა ჰელიმ. _ გარწმუნებთ, ეს კიდევაც მცირე ფასია.
_ დიახ, დიახ! _ უპასუხა ახალგაზრდა კაცმა დაცინვის კილოთი, _ მე ვიცი,
რომ თქვენ თითქმის მუქთად მითმობთ ჩემი ხათრის გულისათვის. მართალს
ვამბობ თუ არა?
_ დიახ, ამასთან, თქვენს გოგონასაც გულით სურს თომას ყიდვა, _ დაუმატა
ჰელიმ.
_ მაშ, ჩემს გოგონას გაუწიეთ ხათრი და ფასი დაუკელით, _ უთხრა დაცინვით სენ-კლერმა, _მაგრამ, ეჰ, ბევრს ნუღარ ლაპარაკობთ: ბრძანეთ თქვენი უკანასკნელი ფასი და საქმე გავათაოთ.
ჰელი არ ათავებდა თომას ქებას, შელბის ხელით დაწერილი ქების ფურცლებიც აჩვენა, მყიდველი კი ოხუნჯობდა და დასცინოდა თავგამოდებულ ვაჭარს.
ბოლოს ევამ წასჩურჩულა მამას:
_ მამილო, შენ ხომ ბევრი ფული გაქვს, მიეცი, რასაც გთხოვს. ძალიან მინდა, რომ თომა ჩვენი იყოს.
_ რად გინდა აგრე ძალიან? _ ჰკითხა ღიმილით მამამ.
_ იმიტომ, რომ მინდა, თომა ბედნიერი იყოს.
_ საოცარი სურვილია. კარგი, მაშ იყოს ნება შენი.
_ თანახმა ვარ, ამ ფასად ვიყიდო, _ მიუბრუნდა სენ-კლერი ჰელის, _ ფული
მიიღეთ და ქაღალდები გადმომეცით.
რამდენიმე წუთის შემდეგ მამა-შვილი მივიდა თომასთან. სენ-კლერმა
ალერსიანად დაჰკრა თომას მხარზე ხელი, მერე ნიკაპი აუწია და უთხრა:
_ აბა შემომხედე, მოგწონს ახალი ბატონი?
თომამ შეხედა სენ-კლერს და თვალცრემლიანმა მადლიერი ხმით წარმოთქვა ის, რაც უნებურად მოსდიოდა ყველას თავში მშვენიერი ახალგაზრდა სენკლერის დანახვაზე.
_ იკურთხოს თქვენი სახელი, ბატონო!
_ ცხენების მოვლა შეგიძლია?
_ დიახ, ბატონო, ჩემ ძველ ბატონს ცხენების ჯოგი ჰყავდა, მე ვუვლიდი და
ვხედნიდი.
_ ძალიან კარგი. მეეტლედ დაგაყენებ, მხოლოდ ერთი პირობით: კვირაში
მხოლოდ ერთხელ უნდა დათვრე, მეტად არა.
თომას სახეზე გაკვირვება და წყენა დაეტყო.
_ მე ღვინოს სულაც არ გეახლებით, ბატონო.
_ უწინაც გამიგონია ასეთი ამბები. ნუ კი გეწყინება, ბებერო, ჩემი სიტყვები,
_ უთხრა სენ-კლერმა, როცა თომას წყენა შენიშნა, და მხარზე ხელი დაადო. _
მჯერა, რომ თავში კეთილი აზრები გიტრიალებს.
_ მართალს ბრძანებთ, ბატონო!
_ თქვენ ჩვენთან კარგად იცხოვრებთ, _ უთხრა ევამ თომას, _ მამა ძალიან
კეთილია, მხოლოდ ხანდახან ხუმრობა იცის.
_ გმადლობთ, რომ ასეთი კარგი აზრის ყოფილხარ მამაზე, _ სიცილით უთხრა სენ-კლერმა შვილს და ზემო ბაქნისაკენ წავიდა.
მეთოთხმეტე თავი
სენ-კლერი და ოფელია
სენ-კლერის ოჯახი კანადიდან იყო წამოსული. ერთ-ერთი ამათი წინაპარი
გადმოსახლებულა ლუიზიანაში და იქ გამდიდრებულა. ცოლად ფრანგი ქალი
შეერთო. ამ ქალის წინაპარი ევროპიდან გადმოსახლებულებს წამოჰყოლოდა
ამერიკის დასახლების პირველ ხანებში.
სენ-კლერი ყმაწვილობაში მეტად მგრძნობიარე, თითქმის ქალივით ჩვილი
გულის კაცი იყო. შემდეგ ეს გრძნობიერება აღარ ეტყობოდა, მაგრამ მაინც
ალერსიანად და თავაზიანად ეპყრობოდა ყველას, ვინც კი იმის ყურადღებას
დაიმსახურებდა. ბუნებით ნიჭიერი კაცი იყო და ყოველსავე კარგსა და კეთილს ელტვოდა მისი გული. მისი გონება მეცნიერულ აზროვნებას იყო შეჩვეული და ყოველდღიურ წვრილმანებს გულისყურს არ ათხოვებდა. გარეშე მაყურებელს ეგონებოდა, უსაქმურ და უდარდელ ცხოვრებას ატარებსო. სწავლის
დამთავრების შემდეგ მან გაიცნო ერთი ძალიან ლამაზი, კარგი ქალი და შეუყვარდა ნამდვილი სიყვარულით. ქალსაც შეუყვარდა ახალგაზრდა კაცი. სენკლერი ცოტა ხნით წავიდა თავის მამულში საქორწილოდ მოსამზადებლად.
ერთ მშვენიერ დღეს კი მას ფოსტით ქალთან მიწერილი ყველა თავისი წერილი
უკან მოუვიდა. წერილებს უბრუნებდა ქალის მზრუნველი (ქალი ობოლი იყო
და მისი ზედამხედველობის ქვეშ იზრდებოდა). მზრუნველი ატყობინებდა: ქალი სხვა კაცზე თხოვდება, ქორწილისათვის მზადებას თავი დაანებეთო.
სენ-კლერს თავზარი დასცა ამ ამბავმა. თავმოყვარეობამ ნება არ მისცა, რამე
განმარტება მოეთხოვა ქალისაგან. გადაწყვიტა, გულში ჩაეკლა მწუხარება. გულის გადასაყოლებლად ხელი მიჰყო ქეიფს, დაიწყო სიარული გასართობ ადგილებში, ეარშიყებოდა ლამაზ ქალებს, ეგონა, ასე მოხერხდება სიყვარულის გულიდან გადაგდებაო.
ორი კვირის შემდეგ ერთი მდიდარი, ლამაზი ქალი დანიშნა ახალ ორლეანში და ჩქარა ქორწილიც გადაიხადა. ყველანი ბედნიერ ადამიანად თვლიდნენ სენ-კლერს. ახლად ჯვარდაწერილები პირველ თვეს საკუთარ აგარაკზე
ცხოვრობდნენ.
ერთ საღამოს სტუმრები ჰყავდათ და დროს მხიარულად ატარებდნენ. ამ
დროს სენ-კლერს წერილი გადასცეს. მან იცნო ძვირფასი ადამიანის ნაწერი.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Bidzia Tomas Kokhi - 06
  • Parts
  • Bidzia Tomas Kokhi - 01
    Total number of words is 3886
    Total number of unique words is 2000
    33.0 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 02
    Total number of words is 3882
    Total number of unique words is 1997
    32.6 of words are in the 2000 most common words
    48.3 of words are in the 5000 most common words
    56.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 03
    Total number of words is 3836
    Total number of unique words is 1968
    33.7 of words are in the 2000 most common words
    48.2 of words are in the 5000 most common words
    57.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 04
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2014
    32.6 of words are in the 2000 most common words
    46.1 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 05
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2027
    32.8 of words are in the 2000 most common words
    47.6 of words are in the 5000 most common words
    56.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 06
    Total number of words is 3853
    Total number of unique words is 2026
    34.0 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    56.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 07
    Total number of words is 3811
    Total number of unique words is 2013
    32.4 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 08
    Total number of words is 3835
    Total number of unique words is 1991
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.7 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 09
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 1939
    34.2 of words are in the 2000 most common words
    48.0 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 10
    Total number of words is 3822
    Total number of unique words is 1805
    34.9 of words are in the 2000 most common words
    50.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 11
    Total number of words is 3809
    Total number of unique words is 1820
    36.0 of words are in the 2000 most common words
    51.0 of words are in the 5000 most common words
    59.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 12
    Total number of words is 3841
    Total number of unique words is 2005
    32.7 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 13
    Total number of words is 3854
    Total number of unique words is 2035
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 14
    Total number of words is 3873
    Total number of unique words is 1953
    31.7 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 15
    Total number of words is 2708
    Total number of unique words is 1580
    34.9 of words are in the 2000 most common words
    49.4 of words are in the 5000 most common words
    58.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.