Latin
Total number of words is 3836
Total number of unique words is 1968
33.7 of words are in the 2000 most common words
48.2 of words are in the 5000 most common words
57.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
_ ეგ დედაკაცი კი არა, ქაჯი ყოფილა! _ დაუმატა ჰელიმ თავის მხრივ, _ ველურ კატასავით არ მიხტოდა ყინულებზე?!
_ ბატონო, შენი ჭირიმე, ნუ გაგვიწყრებით, რომ ვერ გამოვეკიდეთ, _ მოახსენა სამმა ვაჭარს ცუღლუტური ღიმილით. _ ჩვენ არ შეგვეძლო იმ ყინულზე
გასვლა.
_ როგორ ბედავ სიცილს, შე არამზადავ! _ დაუყვირა გაბოროტებულმა ჰელიმ.
_ მაპატიეთ, ბატონო, თავი ვეღარ შევიკავე. ძალიან სასაცილო გახლდათ,
ხტოდა, ეცემოდა, მიფორთხავდა, რას არ სჩადიოდა ის შეჩვენებული. ნამდვილი კატა იყო, უბრალო კი არა, გაცოფებული.
სამი და ანდი იცინოდნენ. ჰელიმ მათზე მოინდომა ჯავრის ამოყრა და მათრახით გამოუდგა, მაგრამ მათ ცხენებზე შეხტომა მოასწრეს და გაქუსლეს.
_ უკაცრავად, მეტი მოცდა აღარ შეგვიძლია, _ მოიხადეს მათ დაცინვით
ბოდიში განრისხებულ ვაჭართან. _ ქალბატონი გაგვიჯავრდება, თუ ცხენები
დროზე არ მივრეკეთ სახლში.
მერვე თავი
გულკეთილი ხალხი
სენატორ ბერდის სასტუმრო ოთახის ბუხარში ცეცხლი გუზგუზებდა. მისი
შუქი მთელ ოთახს ანათებდა და სასადილო მაგიდაზე ჩაის ჭურჭელს აპრიალებდა. ქალბატონი ბერდი მაგიდას აწყობდა. ოთახში ბავშვები თამაშობდნენ.
სენატორი ბერდი, ის იყო, საიდანღაც დაბრუნებულიყო, ყელიანი წაღები გაეხადა და საშინაო ქოშებს იცვამდა. ქალბატონი ბერდი ქმარ-შვილში ბედნიერად გრძნობდა თავს. სახეზე მხიარული ღიმილი უკრთოდა.
_ როგორ გამიხარდა შენი ადრე მოსვლა, _ უთხრა ცოლმა ქმარს.
_ აქვე, ახლოს მქონდა საქმე. ვიფიქრე, ბარემ შინ შევივლი, ღამეს ცოლშვილთან გავატარებ და ხვალ განვაგრძობ-მეთქი გზას. დაღლილი ვარ და თავიც მტკივა.
ცოლმა თავის ტკივილის წამლის მოტანა დააპირა, მაგრამ ქმარმა შეაჩერა.
_ არა, მერი, უწამლოდაც გაივლის, ერთ ჭიქა კარგ ჩაის დავლევ, კარგად
დავისვენებ და ეს არგებს ჩემს თავის ტკივილს. სწორედ რომ მოსაბეზრებელია
სამსახური.
_ რა საკითხებს არჩევს ამჟამად სენატი? _ ჰკითხა ქალბატონმა ბერდმა
ქმარს.
სენატორი გააკვირვა ცოლის ცნობისმოყვარეობამ. აქამდის ქალს სახელმწიფო საქმეებზე არასდროს არაფერი უკითხავს ქმრისათვის. ის ოჯახურ საქმეებში იყო გართული და არ აინტერესებდა საზოგადოებრივი და სახელმწიფო
საკითხები.
_ დავიჯერო, მართლა გამოსცა სენატმა ისეთი კანონი, რომლის ძალითაც
ამერიკელ მოქალაქეს ეკრძალება, დაეხმაროს მონა ზანგებს? ნუთუ მე ნება არა
მაქვს, გავათბო და გავაძღო საბრალო დევნილი ზანგები, თუ ისინი მთხოვენ
თავშესაფარს ან სასმელ-საჭმელს?
_ რას ვიზამთ, ჩემო ძვირფასო! თუ დაეხმარები გაქცეულებს, ამით ხელს
შეუწყობ ბოროტმოქმედებას. ჩვენი კანონები უკრძალავს მონას ბატონის სახლიდან გაქცევას. ცნობილია, რომ იმათ ასეთი საქციელით ზარალი მოაქვთ
მთელი სახელმწიფოსათვის.
_ მეტად სასტიკი კანონია! ვერავინ დამარწმუნებს, რომ კაცთმოყვარეობით
კაცი ბოროტებას სჩადიოდეს.
ქალბატონი ბერდი წამოწითლდა, მღელვარება დაეტყო, გრძნობდა, რომ
მართალი იყო.
_ ყური დამიგდე, მერი, _ შეეცადა სენატორი ცოლისათვის კანონის განმარტებას.
_ ჯონ, ნუ ცდილობ მაგისთანა კანონის გამართლებას. სიტყვით რაც გინდა
თქვი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემთხვევა რომ მოგეცეს, უეჭველად დაეხმარები გაჭირვებულ მონა-ზანგს. ერთი მითხარი, თუ სინდისი გაქვს, განა სახლიდან დაითხოვ უბინაო და უმწეო ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ ის გაქცევია უდიერ ბატონს?
სენატორი კეთილი და გულჩვილი ადამიანი იყო. ცოლმა იცოდა ეს და ამიტომ ელაპარაკებოდა ასე თამამად.
_ ჯონ, თუ გიყვარვარ, მითხარი, განა გაიმეტებ და ასეთ ავდარში დაითხოვ
სახლიდან, თავშესაფარი რომ გთხოვოს გაქცეულმა მონამ? ან დაატუსაღებ?
სენატორი ცდილობდა, როგორმე უპასუხოდ დაეტოვებინა ეს უხერხული
კითხვები, მაგრამ ცოლი მოსვენებას არ აძლევდა.
_ მერე რა ვუყოთ! ჩემთვის მეტად სამძიმო იქნებოდა კანონის დარღვევა;
იქნება დამერღვია კიდეც, მაგრამ მაინც მოვალედ ჩავთვლიდი ჩემს თავს...
_ რა უშინაარსო სიტყვებია, ჯონ! დავიჯერო, ვერ გრძნობ, რომ მაგ სიტყვებს აზრი არა აქვს? თუ მემამულეებს სურთ, რომ მონები მათი ერთგულები
იყვნენ, თვითონაც კარგად უნდა ეპყრობოდნენ. გარწმუნებ, ჯონ, ბედნიერი
ადამიანი თავის დღეში არ გაიქცევა სახლიდან. თუ მონა გაქცეულა _ ალბათ,
ტანჯვასა და მწუხარებას გაქცევია, ასეთ ადამიანთან ბრძოლა კი უსამართლობა იქნება. თქვენს კანონებს არ შევხედავ და ისე მოვიქცევი, როგორც სინდისი
მიკარნახებს.
სენატორის ცოლი წყნარი ხასიათის, ჩვილი გულის პატრონი იყო, მოშიშარიც კი; მაგრამ როცა ხედავდა უსამართლობას და უდიერობას, მისი არსება
ამას ვერ ითმენდა: ეს სუსტი, პატარა დედაკაცი ხასიათის სიმტკიცეს გამოიჩენდა ხოლმე. ერთხელ თავისი პატარა ვაჟიშვილი სასტიკად დასაჯა კატის კნუტის წვალებისათვის. ეს სასჯელი ბავშვისათვის დაუვიწყარი იყო.
_ ეგ ყველაფერი კარგია, რასაც შენ ლაპარაკობ, ჩემო კარგო, _ შეეცადა კიდევ შეკამათებას ქმარი, _ შეიძლება შენ მართალი იყო, მაგრამ, თუ გულმშვიდად განვსჯით...
_ მე მძაგს მსჯელობა, _ გააწყვეტინა ქალმა ქმარს ლაპარაკი: _ ამგვარი
მსჯელობიდან არაფერი გამოდის. პირიქით, ნათელ საგანს ბურუსში გაახვევს.
მე კარგად გიცნობ, ჯონ, და დარწმუნებული ვარ, შენც ისევე მოიქცევი ასეთ
შემთხვევაში, როგორც მე.
ამ დროს მოხუცმა ზანგმა ქუჯომ ქალბატონს სამზარეულოში დაუძახა. სენატორი კმაყოფილი იყო, რომ ამით გათავდა ეს უსიამოვნო საუბარი, გასწორდა სავარძელში და გაზეთის კითხვა დაიწყო.
_ ჯონ, ერთ წამს აქ მოდი! _ დაუძახა ქალბატონმა ბერდმა აღელვებული
ხმით. სენატორმა გაზეთი გადადო და სამზარეულოში შევიდა.
სამზარეულოში სენატორმა შემაძრწუნებელი სურათი ნახა: გრძელ სკამზე
ესვენა ვიღაც გულწასული ახალგაზრდა ქალი. მას ტანსაცმელი დაფლეთილი
და დასველებული ჰქონდა, შიშველი ფეხები დასერილი და დასისხლიანებული. მშვენიერ სახეზე სამარის ფერი დასდებოდა.
სენატორს გული მოუკლა ამ სურათის დანახვამ. ქალბატონი ბერდი თავს
დასტრიალებდა გულწასულ ქალს; მას ეხმარებოდა მოხუცი მოახლე დინა. ქუჯოს პატარა ბავშვი ეჭირა, გათოშილს ფეხსაცმელს ხდიდა და თანაც ფეხებს
უსრესდა.
_ საწყალი ქალი, რა ლამაზია, კალმით ნახატია! _ თქვა დინამ, _ რა ლამაზი
სახე აქვს! უთუოდ სითბომ აწყინა. მე ვკითხე, სადაური ხარ-მეთქი, და უცებ
ჩაიკეცა. ერთი შეხედეთ, ქალბატონო, რა ბროლივით თითები აქვს. ეტყობა,
ტლანქ მუშაობას არ არის ჩვეული.
ამ დროს გულწასული ქალი _ ეს იყო ელიზა _ გონს მოვიდა. თვალი გაახილა, შეხედა ქალბატონ ბერდს და შეშფოთებულმა წამოიძახა:
_ სად არის ჩემი ჰარი! ნუთუ მომტაცეს შვილი!
ბავშვმა გაიგონა დედის ხმა, ქუჯოს კალთიდან გადმოხტა და დედასთან
მიირბინა.
_ ქალბატონო, აი ჩემი შვილი, გთხოვთ, გაუწიოთ მფარველობა, ნუ ჩაუგდებთ ხელში მდევრებს!
_ დამშვიდდით, თქვენ აქ ხელს ვერავინ გახლებთ, _ ალერსიანად უთხრა
ქალბატონმა ბერდმა. _ აქ არავითარი საფრთხე არ მოგელით.
_ გმადლობთ, _ წარმოთქვა დასუსტებული ხმით ელიზამ, სახეზე ხელები
მიიფარა და ატირდა.
ბავშვი დედასთან ტრიალებდა, უნდოდა, კალთაში ჩასჯდომოდა. ქალბატონმა ბერდმა ძლივძლივობით დაამშვიდა აღელვებული ქალი. სამზარეულოშივე ღუმელთან გაუმართეს ლოგინი. ქალმა გვერდით მოიწვინა ჰარი, მაგრად
მოხვია მკლავები, გულში ჩაიკრა და ისე ჩაიძინა. ბავშვმაც ჩქარა დაიძინა. დედას ძილშიც არ მოუშორებია მკლავები ბავშვისათვის.
სახლის პატრონები გავიდნენ სასტუმრო ოთახში. არც ერთ მათგანს კრინტი არ დაუძრავს. ქალი შეუდგა ხელსაქმეს, სენატორმა კი გაზეთი აიღო.
_ ნეტა ვინ უნდა იყოს ეს ქალი?! _ წარმოთქვა ბოლოს ბერდმა.
_ როცა დაისვენებს და გამოიძინებს, ყველაფერს გავიგებთ, _ უპასუხა
ცოლმა.
_ იცი, რა გითხრა, _ განაგრძო ბერდმა ცოტა სიჩუმის შემდეგ.
_ რა იყო, ჩემო კარგო?
_ არ შეიძლება, ერთ-ერთი შენი კაბა გადაუკეთოთ, რომ გამოადგეს? მგონი,
ქალი შენზე მაღალია.
ქალბატონ ბერდს ქმრის სიტყვებზე გაეღიმა და უპასუხა, შესაძლებელიაო.
ოთახში ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
_ იცი, კიდევ რა უნდა გითხრა, ჩემო კარგო? _ თქვა კიდევ ბერდმა.
_ რა უნდა მითხრა?
_ როგორ გგონია, არ შეიძლება ჩემი დიდი შალიც მივცეთ, კაბინეტში რომ
მახურავს ხოლმე?
ამ დროს დინამ შეატყობინა ბატონებს, ქალმა გაიღვიძა და ქალბატონის
ნახვას ნდომობსო.
ცოლ-ქმარი შევიდა სამზარეულოში. მათ თან გაჰყვა ორი უფროსი ვაჟიშვილიც, პატარებს კი უკვე ეძინათ.
ელიზა იჯდა სკამზე და დაფიქრებული შეჰყურებდა ბუხარს. თუმცა ამ წუთას ის დამშვიდებული იყო, სახეზე მაინც სასოწარკვეთილება ეხატებოდა.
_ ჩემი ნახვა გდომებიათ, ჩემო კარგო? _ მიმართა ქალბატონმა ბერდმა
ალერსიანად, _ ხომ დაისვენეთ ცოტათი მაინც?
ელიზამ პასუხი ვერ მოახერხა, მხოლოდ ღრმად ამოიოხრა და ისეთი მწუხარე თვალებითა და მუდარით შეხედა, რომ ქალბატონ ბერდს თვალებზე
ცრემლი მოერია.
_ თქვენ ნურაფრის გეშინიათ, _ დაამშვიდა მან ელიზა, _ აქ მეგობრებში იმყოფებით. მითხარით, ვინ ხართ, ან რა სამსახურის გაწევა შემიძლია?
_ მე კენტუკიდან გეახელით.
_ როდის მოხვედით? _ ჰკითხა ბატონმა ბერდმა.
_ დღეს საღამოთი.
_ როგორ გადმოხვედით მდინარეზე?
_ ყინულებზე გადმოვედი.
_ როგორ თუ ყინულებზე?! _ განცვიფრებით შესძახა ყველამ.
_ დიახ, ყინულებზე, _ განაგრძო ელიზამ. _ მდევარი დამეწია და ყინულზე
შევხტი, მეტი გზა არ მქონდა.
_ ქალბატონო, გესმით, რას ამბობს ეს საცოდავი! _ წამოიძახა ქუჯომ, _
მდინარე დღეს დაიძრა, არემარე თან მოაქვს, თოშით არის სავსე!
_ დიახ, აგრე გახლავთ, მაგრამ მე მოვაღწიე აქეთ ნაპირს. არ მეგონა, თუ
ცოცხალი გადავრჩებოდი, მაგრამ სხვა გზა არა მქონდა. ვირჩიე ან სიკვდილი,
ან ტყვეობიდან გადარჩენა.
_ თქვენ მონა ხომ არა ხართ? _ შეეკითხა ბატონი ბერდი.
_ დიახ, ბატონო! გახლავარ ერთი კენტუკელი მებატონის მონა.
_ ბატონი ცუდად გეპყრობოდა?
_ ოჰ, არა, პირიქით, მეტად კეთილი კაცი ბრძანდება.
_ მაშ, ცოლი ეყოლება ავი!
_ არა, ბატონო! მეუღლეც კეთილი ადამიანი ბრძანდება და კარგად მეპყრობოდა.
_ მაშ რად გამოიქეცით, რად მიიღეთ ამდენი ტანჯვა?
ელიზამ დაკვირვებით შეხედა ქალბატონ ბერდს და შენიშნა, რომ შავი კაბა
ეცვა.
_ ქალბატონო, თქვენ შვილის სიმწარე ხომ არ გამოგიცდიათ?
ეს მეტად მოულოდნელი კითხვა იყო ქალისათვის. ქალბატონ ბერდს გულში მოხვდა ეს სიტყვები და განუკურნავი წყლული აუშალა: ერთი თვის წინათ
მთელი მათი ოჯახის თვალი, საყვარელი უმცროსი შვილი მიაბარა მიწას.
სენატორზედაც საშინლად იმოქმედა ამ კითხვამ. მან პირი ფანჯრისაკენ
მიიბრუნა, რომ თვალებზე მომდგარი ცრემლები მეუღლისათვის არ დაენახვებინა, ქალბატონმა ბერდმა კი მწარე ქვითინი ამოუშვა.
_ რად მომეცით ეგეთი კითხვა? _ ჰკითხა მან ელიზას, როცა დამშვიდდა და
ლაპარაკი შეძლო. _ მართალია, ამ ერთი თვის წინათ ვაჟიშვილი დავმარხე.
_ მაშ, მეც შემიბრალეთ, _ წარმოთქვა ელიზამ, _ მე ორი შვილი დავმარხე
კენტუკში. დამრჩა მხოლოდ ეს ერთადერთი ნუგეში. ამაზე ამომდის მზე და
მთვარე. ამას უდედოდ ჯერ ერთი დღეც არ გაუტარებია და, აი, ამის მოტაცება
დამიპირეს. შვილი გამიყიდეს და სამხრეთის ბაზარზე უპირებდნენ წაყვანას.
ეს ვერ ავიტანე და გამოვიქეცი ჩემი ბავშვით. ვაჭარი უკან დამედევნა. თან ორი
მონა ახლდა ჩემი ბატონისა. მდევარი მდინარის პირას წამომეწია და, რაკი მეტი ხსნა აღარ იყო, მდინარეს მივმართე. მახსოვს, როგორ გადავხტი პირველად
ყინულზე. შემდეგ რას ვშვრებოდი, აღარაფერი მესმოდა. მხოლოდ ის დამამახსოვრდა, რომ ერთმა კეთილმა კაცმა ამომიყვანა ნაპირზე.
ელიზას ერთი ცრემლიც არ გადმოუგდია ამ ლაპარაკის დროს, იმ მდგომარეობამდის იყო მისული, როდესაც ადამიანს ცრემლიც კი უშრება.
მსმენელნი ყველანი ტიროდნენ. პატარა ბავშვებიც დედის კაბის კალთას
აკვროდნენ და იცრემლებოდნენ.
სენატორს არ უნდოდა დაენახვებინა თავისი მღელვარება, ფანჯარასთან
მივიდა და იქიდან ისმოდა მისი სლუკუნი.
_ აკი წეღან თქვი, ჩემი ბატონი კეთილი კაცი არისო? _ მიუბრუნდა ის უცებ
ელიზას. მის ხმაში შეკავებული ტირილი ისმოდა.
_ ახლაც მოგახსენებთ, რომ კეთილი ადამიანები არიან ისიც და მისი მეუღლეც, მაგრამ საქმეები აეწეწათ, ვალი აიღეს და მონებით ვაჭრის ქსელში გაებნენ: მე თვითონ გავიგონე ჩემი ყურით _ ქალბატონი ემუდარებოდა ბატონს,
მონებს ნუ გაყიდიო, მაგრამ ხვეწნა ამაო აღმოჩნდა, რადგანაც ვაჭარს უკვე ყველაფერი მოეწყო და ბატონისათვის ნასყიდობის ქაღალდზე ხელი მოეწერინებინა. ამ ლაპარაკის გაგონების შემდეგ გადავწყვიტე გაქცევა, რადგანაც დავრწმუნდი, რომ ბატონის სახლში, სულ ერთია, აღარ მედგომებოდა. მე ქვეყანაზე აღარავინ მყავს ნუგეშად, ჩემი ჰარის მეტი.
_ განა ქმარი არა გყავთ?
_ ქმარი მყავს, მაგრამ ის სხვა ბატონის მონაა. ბოროტი ბატონი ჰყავს, ცოლშვილის სანახავად არ უშვებდა ხოლმე, ამ ბოლო დროს კი სულ დღე გაუმწარა,
ემუქრებოდა, სამხრეთის ბაზარზე გაგყიდიო. აღარ ვიცი, ვნახავ კიდევ ოდესმე
იმას თუ არა!
ელიზა ისე დამშვიდებულად ლაპარაკობდა, კაცს შეცდომაში შეიყვანდა:
აფიქრებინებდა, შორეული კაცის ამბავს უამბობს და არა წუხსო, მაგრამ თვალები უნუგეშო მწუხარებით ჰქონდა სავსე.
_ ახლა სად გინდა წახვიდე, შე საბრალო? _ ჰკითხა ქალბატონმა ბერდმა.
_ კანადაში მივდივარ, გზა კი არ ვიცი. აქედან შორს გახლავთ?
ქალბატონმა ბერდმა თავისი მოპყრობით ელიზას სრული ნდობა დაიმსახურა, ამიტომ ყველაფერზე გულახდილად ელაპარაკებოდა.
_ საბრალო ბავშვო! გეტყობა, წარმოდგენა არა გაქვს, რამ სიშორეზეა აქედან
კანადა. მაგრამ ჩვენ რამეს ვიღონებთ. დინა, _ მიუბრუნდა ის მოახლე დედაკაცს, _ ამაღამ შენს ოთახში მოათავსე ეს ქალი თავისი ბავშვით და ხვალ მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ. გულს ნუ გაიტეხ, ჩემო კარგო! _ შეეცადა ელიზას
დამშვიდებას ქალბატონი ბერდი.
სენატორი და მისი ცოლი ისევე სასტუმრო ოთახში დაბრუნდნენ. ქალი ბუხარს მიუჯდა და ჩაფიქრდა. ქმარი ოთახში დადიოდა, ბოლოს მიუახლოვდა
ცოლს და უთხრა:
_ იცი, რა უნდა გითხრა, ჩემო ძვირფასო! ეგ ქალი ამაღამვე უნდა წავიყვანოთ ჩვენი სახლიდან. თუ გათენებას მოვუცადეთ, ვაჭარი კვალს მოჰყვება და
დილით კარს მოგვადგება. მარტო ქალი რომ იყოს, შეიძლებოდა დამალვა, მაგრამ ბავშვით ძნელი დასამალია: შეიძლება ბავშვმა უდროო დროს მიირბინოს
ფანჯარასთან, ან გარეთ გავარდეს და სხვა ამისთანა. ჩემს სახლში რომ აღმოაჩინონ გაქცეულები, მეც უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდები, რადგან მეც
ვმონაწილეობდი ახალი კანონის გატარებაში. ამერიკელ მოქალაქეებს ეკრძალებათ გაქცეული მონების დაფარვა. არა, ამაღამვე უნდა გავგზავნოთ სადმე!
_ როგორ შეიძლება ახლა ამათი მგზავრობა? ან სად უნდა გავგზავნოთ?
_ ერთი აზრი მომივიდა თავში, _ თქვა სენატორმა და თან ჩექმების ჩაცმა
დაიწყო.
ქალბატონი ბერდი ფრთხილი ადამიანი იყო და ქმარს ამჯერად არაფერი
უთხრა. ის უხმოდ იჯდა სავარძელში და უცდიდა, რას იზამდა მისი ქმარი.
ქალმა კარგად იცოდა, რა აზრი უტრიალებდა ბერდს ამ წამს თავში.
_ აი, რა მოვიფიქრე, _ თქვა სენატორმა, როცა
ჩექმები ჩაიცვა და ფეხზე
წამოდგა, _ აქ ახლო ერთი კარგი მეგობარი მყავს, გვარად ვან-ტრომპი. იმის
სახლამდის შვიდი მილი იქნება. ის თვითონაც კენტუკიდან არის გადმოსახლებული, ყველა თავისი მონა გაათავისუფლა და აქ დასახლდა საცხოვრებლად. ისეთ მიუვალ ადგილას ცხოვრობს, რომ ადვილად ვერ იპოვის უცხო კაცი. ჩვენი სტუმრისათვის იქ მშვენიერი თავშესაფარი იქნება. მხოლოდ ეს არის,
რომ ჩემს მეტი მაგათ იქ ვერავინ მიიყვანს.
_ ქუჯო ვერ მიაგნებს? ის ხომ მშვენიერი მეეტლეა.
_ ეგ მართალია, მაგრამ იმან გზა არ იცის, ორ ალაგას არის მდინარეზე გადასასვლელი და ერთგან ფონი არა აქვს. მდინარე კარგად მაქვს შესწავლილი,
რადგანაც ხშირად მიხდება მგზავრობა. ერთი სიტყვით, ზედმეტია ლაპარაკი.
ქუჯომ ღამის თორმეტი საათისათვის ეტლი მოამზადოს, სხვა არაფერია საჭირო. თვითონ წავიყვან. იქიდან კვალის დასაკარგავად წავალ კოლომბოში. იქ
დილით ეტლები მიდის ხოლმე და ისე ეგონებათ, ვითომ ღამით წავედით, რომ
დილით ეტლისათვის ჩაგვესწრო. კოლომბოში ცოტაოდენი საქმეცა მაქვს... რას
იტყოდნენ ახლა ჩემი თანამოსამსახურენი, რომ გაიგონ, რა საქმეს ვაწყობ ამ
წამში, მაგრამ არ დავეძებ, რაც უნდათ, იფიქრონ, ჩემთვის სულ ერთია!
_ კარგად ვიცი, ჯონ, რომ შენ გულკეთილი ადამიანი ხარ! _ უთხრა სენატორს ცოლმა და მხარზე ნაზად დაადო ხელი, _ აზრები სხვაა და გრძნობები
სულ სხვა. სწორედ მაგ შენი კეთილი გულისათვის შემიყვარდი.
ქალბატონი ბერდი მშვენიერი რამ იყო ამ ლაპარაკის დროს. ლამაზი თვალები ნაზ სიყვარულს აშუქებდა. ცოლის სახის გამომეტყველებამ სენატორი
მოხიბლა.
იგი კარისაკენ წავიდა, რომ საჭირო განკარგულება გაეცა ეტლის მოსამზადებლად, მაგრამ რაღაცა მოაგონდა და უკან გამობრუნდა.
_ მერი, _ უთხრა მან ცოლს გაუბედავად, _ შენთვის სამძიმო ხომ არ იქნება,
რომ ჩვენი პატარა ჰენრის ნაცვამი ტანისამოსი მივცეთ იმ ბავშვს. მთელი სკივრი გვაქვს სავსე იმის ტანსაცმლით, _ უთხრა ცოლს და ოთახიდან საჩქაროდ
გავიდა.
ქალბატონი ბერდი ბავშვების ოთახში შევიდა. შანდალი დადგა, გასაღები
ამოიღო სკივრის გასაღებად, მაგრამ აქ ის უეცრად ფიქრებმა წაიღო.
დედას უფროსი შვილებიც შეჰყვნენ ოთახში. ბავშვები გაშტერებულები
შესცქეროდნენ დედას.
ქალმა, როგორც იყო, ღონე მოიკრიბა და გააღო სკივრი, რომელშიც ელაგა
ახლად გარდაცვლილი უმცროსი ვაჟის ნივთები: პერანგები, ხალათები, წინდები, ქუსლმოქცეული ფეხსაცმელებიც კი შეენახათ.
ქალბატონი სკივრის კიდეზე ჩამოჯდა და მწარედ ატირდა, მაგრამ ჩქარა
შეიკავა თავი, დასძლია მწუხარება და გულმაგრად შეუდგა ძვირფასი, დაუვიწყარი ნივთების გადარჩევას. საჩქაროდ ამოარჩია საუკეთესო ტანისამოსი და
საცვლები.
_ დედა, რად იღებ, განა უნდა მისცე ვისმე ჰენრის ნივთები? _ ჰკითხეს დედას ბავშვებმა.
_ შვილებო, ჩვენი საყვარელი ჰენრი რომ ახლა ჩვენთან იყოს, თვითონაც
სიამოვნებით აჩუქებდა გაჭირვებულ ბავშვს თავის ნივთებს. ჩემთვის ძნელია
ამ ნივთების შელევა და ვერც გავიმეტებდი, ვინმე ბედნიერი ოჯახის ბავშვისათვის რომ ეთხოვათ, მაგრამ ისეთ ადამიანს ვაძლევ, რომელიც ჩემზე მეტადაა შეწუხებული.
ბავშვის ტანისამოსი რომ გადაარჩია, ახლა თავის ოთახში შევიდა და ელიზასათვის აარჩია ტანისამოსი. კაბებს გადაკეთება დასჭირდა და ქალბატონი
ბერდი ღამის თორმეტ საათამდე კერავდა, თორმეტზე კი ეტლი მზად იყო. სენატორი ბერდი უკვე ჩაცმული შემოვიდა და უთხრა ცოლს: წასვლის დროაო.
ყველა დამზადებული ნივთი ჩადეს ერთ ყუთში და ეტლში ჩადგეს. გამოვიდა ელიზაც, გამოწყობილი ქალბატონ ბერდის ტანისამოსში. ხელში ნამძინარევი ბავშვი ეჭირა, ისიც ახალ ტანისამოსში გამოწყობილი. ქალბატონი ბერდი
ეტლამდის გაჰყვა და გამოთხოვების დროს ელიზას თავისი ნაზი ხელი გაუწოდა. ელიზას არანაკლებ ნაზმა და ფაქიზმა ხელმა მას ჩამორთმევით მადლობა
გადაუხადა. ელიზას რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ მღელვარებამ შეიპყრო და
სიტყვის თქმა ვეღარ მოახერხა, მხოლოდ მადლიერი სახით შეჰყურებდა თავის
კეთილისმყოფელს. მისი თვალები სიტყვებზე მეტად გამოხატავდა მადლიერი
ადამიანის გრძნობას.
ეტლი დაიძრა. ელიზა ეტლს ზურგით მიეყრდნო და ტირილი დაიწყო.
გზაზე საშინელი ტალახი იყო. ალაგ-ალაგ, ოღროჩოღრო ადგილებში, ფიჩხი
ჩაეყარათ, რადგან უამისოდ გავლა შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ნიაღვარს
ფიჩხი წაეღო და ნაკეთებ ადგილებში მხოლოდ დიდრონი კუნძებიღა დარჩენილიყო. ეტლი საშინლად ჯაყჯაყებდა, ქუჯო ყოჩაღად იჯდა კოფოზე. ცხენები წამდაუწუმ ტალახში ეფლობოდნენ, მაგრამ ჩვენი მგზავრები მაინც ნელ-ნელა გზას იმოკლებდნენ. ერთ ღრანტეში ეტლი მაგრად ჩაიფლო ლაფში. ცხენებმა ვეღარ გასწიეს და ეტლს ტალახიდან ხელით ამოთრევა დასჭირდა. ქუჯო
გადმოხტა კოფოდან და სენატორს ამცნო საქმის ვითარება. მეტი გზა არ იყო,
ბატონი ბერდი ეტლიდან გადმოვიდა და ქუჯოს მოეხმარა მუშაობაში. კარგა
ხანს ეჯაჯგურნენ. სენატორი ტალახში ჩავარდა და მეეტლემ ძლივს ამოიყვანა
მთლად გათხუპნული. როგორც იყო, ეტლი ამოათრიეს ტალახიდან და გაუდგნენ გზას. მხოლოდ გათენებისას მიუახლოვდნენ ფერმას. კარგა ხანი აბრახუნეს კარებზე, სანამ ვისმე გააგონებდნენ. ბოლოს თვითონ სახლის პატრონი გამოვიდა და კარი გაუღო მგზავრებს.
მხარბეჭიანი კაცი იყო. დიდი თმა და წვერი ჰქონდა, ტანზე მონადირის წითელი ხალათი ეცვა. ერთი შეხედვით, მნახველზე ვერ ახდენდა სასიამოვნო
შთაბეჭდილებას. მისი სახელი და გვარი იყო ჯონ ვან-ტრომპი. აბურძგნული
თმა და წვერი რაღაც მკაცრ გამომეტყველებას აძლევდა იმის სახეს. მაგრამ, გარეგნობის მიუხედავად, ის მეტად კეთილი ადამიანი იყო. უწინ მას კენტუკში
დიდი მამული ჰქონდა. ვერ აიტანა იქ მონების ტანჯვა-წვალების ყურება, გაყიდა მამული, მონები გაათავისუფლა, მდინარე ოჰაიოს ნაპირზე იყიდა სხვა მამული, თავის ყოფილ მონებს ყველას მამულები მისცა, თვითონ კი თავისი
ოჯახით საკუთარ ფერმაში დაბინავდა. იქ ის ბედნიერად და მყუდროდ ცხოვრობდა დამშვიდებული სინდისით.
დიდხანს ვერ მიხვდა, რაში იყო საქმე, სანამ სენატორმა არ უამბო ყველაფერი.
_ შეგიძლიათ თუ არა, ამ საცოდავ ადამიანს თავისი შვილით თავშესაფარი
მისცეთ? _ ჰკითხა სენატორმა ბოლოს, როცა ყველაფერი უამბო.
_ იმედი მაქვს, შევძლებ, _ თქვა ჯონმა.
_ დარწმუნებული ვიყავი, დიდი იმედი მქონდა თქვენი და არც მოვტყუვდი, _ წარმოთქვა სენატორმა.
_ ერთი გაბედონ ჩემთან მოსვლა! _ წარმოთქვა ჯონმა და წელში გაიმართა:
_ მე და ჩემი ყოჩაღი შვიდი ვაჟიშვილი ჯეროვნად გავუმასპინძლდებით ადამიანზე მონადირეებს.
ელიზა გადმოვიდა ეტლიდან, ხელში ბავშვი ეჭირა. მუხლები ეკეცებოდა
სისუსტისაგან. ძლივს მიაღწია სახლის კარებამდის.
მასპინძელმა სანათი ასწია, რომ ქალის სახე დაენახა, რაღაცა ჩაილაპარაკა
თავისთვის და შემდეგ ოთახი უჩვენა დასაბინავებლად. როცა ოთახში სანთელი აანთო, ქალს მიუბრუნდა და უთხრა:
_ ნუ გეშინია, შვილო, ვინც უნდა მოვიდეს, შენს თავს არავის დავაჩაგვრინებ. ვინც მე მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ ჩემი სახლიდან ვერავის გამოიყვანენ, თუ ჩემი სურვილი არ არის. შენ დამშვიდდი და მოსვენებით დაიძინე.
ისე იგულე თავი, ვითომც საკუთარი მშობლების ჭერქვეშ ყოფილხარ.
ჯონი ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა.
_ რა ლამაზი ქალია! _ უთხრა მან სენატორს, როცა მარტო დარჩნენ.
_ დიახ, და, რაც უფრო ლამაზები არიან ეგ საბრალოები, იმდენად უფრო
საჭიროა მათთვის მონობიდან თავის დახსნა, თუ სურთ ნამუსი შეინარჩუნონ.
სენატორმა უამბო ყველაფერი, რაც იცოდა ელიზას შესახებ.
_ ხედავთ, რა ამბები ხდება ჩვენს ქვეყანაში?! _ თქვა გულნატკენმა ჯონმა, _
ქალს ტანჯავენ იმიტომ, რომ სამაგალითო დედაა, იმიტომ, რომ ის თავის ბუნებრივ გრძნობებს არავის აჩაგვრინებს. მეტი რა შეეძლო საცოდავს თავის გადასარჩენად? მხეცობაა ასე ტანჯვა ადამიანებისა! მე ასეთი ამბები სწორედ გადამრევს!
ჯონმა მალვით მოიწმინდა თვალზე მომდგარი ცრემლი.
_ თქვენც ხომ ჩვენსა გაათევთ ღამეს? ახლავე გავაღვიძებ ჩემს ბებერს და
ლოგინს მოგიმზადებთ.
_ არა, გულითად მადლობას მოგახსენებთ, _ უპასუხა ბერდმა, _ მე დილით
კოლომბოში მიმავალ ეტლებს უნდა ჩავუსწრო.
_ მაშ გაგაცილებთ მაინც და კარგ გზას გასწავლით, თორემ ძალიან შეწუხდებით ამ ოღროჩოღროებში.
ჯონმა ტანთ ჩაიცვა, ხელში სანათი დაიჭირა და გაუ-ძღვა გზის საჩვენებლად.
გამოთხოვების დროს ბერდმა ჯონს ფული მისცა და უთხრა, იმ ქალს გადაეცითო.
აქ ერთმანეთს გამოეთხოვნენ და ბერდი გზას გაუდგა.
მეცხრე თავი
ბიძია თომა ტოვებს თავის ქოხს
თებერვლის ცივი, მოღრუბლული დილა ნაღვლიანად იცქირებოდა ბიძია
თომას ქოხში.
ქოხში მყოფთა სულიერი განწყობილება ეთანხმებოდა ბუნების ჭმუნვას.
ყველას გული ნაღველითა ჰქონდა სავსე.
მამიდა ხლოას ბუხართან ახლოს, მაგიდაზე უთოს ფიცარი გაემართა და
ბიძია თომას პერანგს აუთოებდა. სკამის ზურგზე გადაფენილი იყო გაუთოებული საცვლები. ხლოა დიდი გულმოდგინებით ასწორებდა პერანგის ნაწიბუ-
რებს და დროგამოშვებით თვალებზე მომდგარ ცრემლებს იწმენდდა. აქვე იჯდა ნიდაყვებზე დაყრდნობილი ბიძია თომაც.
ოთახში სიჩუმე სუფევდა. ჯერ კიდევ ადრე იყო, ბავშვებს ეძინათ.
შავკანიანები, საზოგადოდ, ოჯახის მოყვარული ხალხია, თომა კი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მოსიყვარულე გულითა და ოჯახის ერთგულებით.
ახლაც მძინარე ბავშვების ლოგინთან ახლოს იჯდა და დაჰყურებდა.
_ ეჰ, ვინ იცის, იქნებ უკანასკნელად ვხედავ ჩემ შვილებს, _ ჩაილაპარაკა
მან თავისთვის.
მამიდა ხლოამ ხმა არ გასცა, აჩქარებით აუთოებდა, ცდილობდა, თომას
სიტყვების მოქმედება გაექარწყლებინა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა, უთოს ხელი
გაუშვა, სკამზე დაეშვა, პირზე ხელები მიიფარა და მწარე ქვითინი ამოუშვა.
_ მართალია, მონამ ყველაფერი უნდა აიტანოს, _ ამბობდა ის ტირილით, _
მაგრამ არ ვიცი, როგორ გავუძლებ ამ მწუხარებას! ის მაინც ვიცოდე, სად მიყავხართ, ან რა დაგემართება! ქალბატონი გვპირდება: დავიხსნი, როცა ფულს ვიშოვიო, მაგრამ სამხრეთში მონას ხანგრძლივი სიცოცხლე არა აქვს: თურმე საშინლად აწამებენ. ვინ იცის, რა დაგემართება, სანამ საჭირო ფულს შეაგროვებენ!
_ ეჰ, ხლოა, წინათვე გულს ნუ გაიხეთქ. იქნება კარგად მოეწყოს საქმე!
_ ეგ მართალია, მაგრამ ზოგჯერ საზარელი საქმის ჩამდენი დაუსჯელი
რჩება. მეშინია, ვაითუ უშენოდ ცხოვრებაში ვერ ვპოვო ნუგეში.
_ კიდევ კარგი, რომ მე გამყიდეს. საშინელება ის იქნებოდა, შენ რომ გაეყიდეთ ბავშვებით. მე ყოველნაირ ტანჯვას ავიტან, ოღონდ ვიცოდე, რომ თქვენ
აქ განსაცდელის გარეშე ხართ.
ეტყობოდა, რომ თომა ლაპარაკის დროს თავს ძალას ატანდა, ლაპარაკობდა მხოლოდ ხლოას გასამხნევებლად. ხმა უკანკალებდა, პირში სიტყვა უწყდებოდა. თომას სიტყვები ხლოას ნაკლებად ამშვიდებდა.
_ მე არ ვიცი, სად არის აქ სამართალი?! რად გაგყიდა ბატონმა?! როგორ გაგიმეტა?! განა ცოტა ოფლი დაგიღვრია ბატონის ოჯახში?! შენი ამდენი სამსახურისათვის განთავისუფლება გეკუთვნოდა და არა გაყიდვა! აკი გპირდებოდა
კიდეც. მაშ რაღად მოიქცა ასე? მე არ შემიძლია არ გავკიცხო იმისი საქციელი!
შენ მარტოდმარტო აწარმოებდი მთელი მისი ოჯახის საქმეებს... ეჰ, რაღა თქვას
კაცმა! შენ ბატონი უფრო ძლიერ გიყვარდა, ვიდრე საკუთარი ცოლ-შვილი, და
ახლა... ამაზე ფიქრიც კი საზარელია... გაგყიდა, იმიტომ რომ მოვალე გაესტუმრებინა! არა, მე ამას ვერ ვაპატიებ!
_ ხლოა, თუ გიყვარვარ და ჩემი ხათრი გაქვს, ეგრე ნუ ლაპარაკობ ბატონზე. იმაზე ცუდის გაგონება ჩემთვის ისევე ძნელია, როგორც ჩემს თავზე. ხომ
იცი, რომ ბატონი მე პატარაობითვე ხელზე მყავს გაზრდილი.
ქალბატონმა ამ დილით ხლოა გაათავისუფლა სავალდებულო მუშაობისაგან და საშუალება მისცა, უკანასკნელი წუთები ქმრის მზრუნველობაში გაეტარებინა. ხლოამ გემრიელი ნამცხვარი დაუმზადა თომას. საიდანღაც გამოჩნდა
სხვადასხვა მწნილი და მურაბები. ყველაფერი ეს მოწმობდა, რომ თომას ქოხში
გათენებულიყო არაჩვეულებრივი დილა.
სუფრაზე ბავშვებმა ტკბილეულობა რომ დაინახეს, ჟრიამული ატეხეს. პატარა მოსემ ქათმის ნაჭერს დასტაცა ხელი.
_ არა გრცხვენია, შე მსუნაგო, შენა! რა მშიერი მგელივით მივარდი სუფრას.
განა არ იცი, რომ მამაშენი უკანასკნელად საუზმობს თავის ქოხში! _ შეუტია
ხლოამ ბავშვს და ხელი ასწია თავში ჩასარტყმელად.
_ რას სჩადიხარ, ხლოა, _ შეაჩერა თომამ და ცოლს ხელი დაუჭირა.
_ არა, მე აღარ შემიძლია ამ ტანჯვის ატანა! _ წამოიძახა ხლოამ. _ ჩემს გონებაზე აღარა ვარ და არ ვიცი, რას ჩავდივარ.
უფროსი ბავშვები გაინაბნენ და გაშტერებულები შესცქეროდნენ მშობლებს. უმცროსი გოგო დედას კალთაზე ებღაუჭებოდა და ტირილით რაღაცას
სთხოვდა.
_ კმარა, _ თქვა ხლოამ, თვალები მოიწმინდა და ბავშვი ხელში აიყვანა, _
მეტს აღარაფერს ვიტყვი. ახლა საუზმეს შეუდექით. თომა, ბავშვებო, მოდით
სუფრასთან.
ბავშვებს მეტი პატიჟი აღარ დასჭირდათ, საჩქაროდ შეუდგნენ საქმეს. ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, საუზმე ხელუხლებელი დარჩებოდა, რადგანაც თვითონ ხლოასა და თომას არაფრისათვის უხლიათ ხელი.
_ ახლა კი დროა, შენი ბარგი ჩავალაგო, _ თქვა ხლოამ და დაფაცურდა. _
თომა, დაიხსომე: აი, აქ ჩავდე შენი თბილი ხალათი. ახალმა ბატონმა კი არ წაგართვას ბარგი. თბილ ხალათს გაუფრთხილდი, ხომ იცი, ახლის მომქსოვი იქ
არავინ გეყოლება. აი, თბილი წინდები, ყველა დაკერებულია. შე საბრალო,
ამის შემდეგ ვიღა დაგიკერებს საცვლებს! _ ხლოას ისევ ცრემლი მოერია, საცვლების ყუთში ჩაკიდა თავი და ტირილი დაიწყო. _ როცა დავფიქრდები, რომ
შენი მომვლელი იქ არავინ იქნება, მეტადრე თუ ავად გახდი... ოჰ, ძალა არ შემწევს, ეს მწუხარება ავიტანო...
ბავშვებმა საუზმე გაათავეს და ახლა ყურს უგდებდნენ დედის ლაპარაკს.
ხლოას თვალებზე რომ ცრემლები დაინახეს, ისინიც ატირდნენ. პატარა გოგო
თომას კალთაში ჩაუჯდა, სახეზე ხელებს უცაცუნებდა, წვერს უწეწავდა და
კისკისებდა. მამა არ უშლიდა ბავშვს ცელქობას.
_ ეჰ, იცინე, შე საცოდავო, _ უთხრა ბავშვს ხლოამ. _ დრო იქნება, რომ შენც
წაგამწარებენ სიცოცხლეს, შენც წაგართმევენ ყველაფერ ძვირფასს. შენს ძმებს
ხომ გაყიდვა არ ასცდებათ...
_ აგერ ქალბატონიც მობრძანდება, _ წამოიძახა ერთმა ბავშვმა.
_ რად მოდის ქალბატონი? _ ჩაილაპარაკა ხლოამ თავისთვის, _ განა ჩვენი
შველა შეუძლია?
ქალბატონი ოთახში შემოვიდა. ხლოამ ხმაამოუღებლად შესთავაზა სკამი.
ქალბატონს მღელვარება ეტყობოდა, სახე გაწითლებული ჰქონდა.
_ თომა, _ დაიწყო იმან, _ მოვედი... _ სიტყვა გაუწყდა, ოთახს თვალი მოავლო და ატირდა.
_ ნუ ტირით, ქალბატონო! ნუ ტირით, თქვენს დღეგრძელობას, _ ამშვიდებდა ხლოა, მაგრამ თვითონ კი ცრემლებად იღვრებოდა.
ოთახში ერთხანს მხოლოდ ქვითინი ისმოდა, ლაპარაკის თავი არავის
ჰქონდა. ცრემლებმა ოთახში მყოფთ გული მოულბო.
ცრემლებმა მოხოცეს მონების გულს ის უკმაყოფილება, რაც თომას გაყიდვის ამბავმა გამოიწვია.
_ ჩემო ძვირფასო თომა, _ წარმოთქვა ბოლოს ქალბატონმა, _ მე ახლა არა
მაქვს ფული, რომ გაგატანო, თუმცა, სულ ერთია, არ შეგარჩენენ. მაგრამ გაძლევ პატიოსან სიტყვას, ვიზრუნებ შენზე და, როგორც კი საჭირო თანხას შევაგროვებ, მაშინვე გამოგისყიდი მონობიდან.
ამ დროს ვიღაცამ მოურიდებლად შემოაღო კარი. ზღურბლზე ჰელი იდგა,
ეტყობოდა, ცუდ გუნებაზე იყო. ერთი იმიტომ, რომ ღამე უძილოდ გაატარა,
და მეორეც, იმიტომ, რომ ელიზა ხელიდან გაუსხლტა.
_ მზად ხარ თუ არა? _ ჰკითხა მან თომას. ოთახში ქალბატონი შელბი დაინახა, ოდნავ თავი შეიკავა და სალამი მისცა.
ხლოამ საცვლების ყუთი დაკეტა, გაბოროტებით გადახედა მონებით ვაჭარს; ცრემლები უცებ გაუშრა და მისი თვალები მხოლოდ სიბრაზის ცეცხლს
აფრქვევდა.
თომა დამშვიდებული წამოდგა, აიღო ხელში თავისი ნივთების ყუთი და
მზად იყო, ახალ ბატონს ჰხლებოდა. ხლოა ბავშვით ხელში გაჰყვა ქმარს გასაცილებლად. სხვა ბავშვებიც გამოედევნენ მშობლებს.
ქალბატონმა შელბიმ შეაჩერა ჰელი და ცხარედ გამოელაპარაკა.
თომა ამ დროს ემშვიდობებოდა ეზოში თავმოყრილ მონებს, რომლებიც
მის გასაცილებლად მოსულიყვნენ. ყველას ენანებოდა კეთილი თომას მოშორება, მეტადრე ქალებს.
_ ხლოა, შენი ქმარი ჩვენ შენზე მეტად გვენანება, _ უთხრა ერთმა ატირებულმა დედაკაცმა, როცა დაინახა, რომ ხლოა უცრემლოდ იდგა ეტლთან.
_ მე ცრემლების ფრქვევა აღარ შემიძლია, _ მიუგო ხლოამ მწუხარედ და ჰელის შეხედა, რომელიც ამ დროს ეტლს უახლოვდებოდა: _ იმას ჩემს ცრემლებს
არ დავანახვებ.
_ აბა, ჩაჯექი, _ უთხრა ჰელიმ თომას მოუთმენლად, თომა ეტლში ჩაჯდა.
ჰელიმ ბორკილები ამოიღო მისთვის ფეხებზე დასადებად. მაყურებელთა შორის უკმაყოფილების ჩოჩქოლი გაისმა. ქალბატონმა კი ქოხის კარიდან დაუძახა:
_ მერწმუნეთ, ეგ თქვენგან გადაჭარბებული სიფრთხილე იქნება, ბატონო
ჰელი!
_ არ ვიცი, ქალბატონო, რამდენად მართალი ბრძანდებით. მე მხოლოდ ერთი ვიცი, რომ აქ უკვე ხუთასი დოლარი ზარალი ვნახე და აღარ მსურს, ასეთივე შეცდომა გავიმეორო.
_ ამისთანა ადამიანისაგან მეტს რას უნდა ელოდეს კაცი, _ ჩაილაპარაკა გულისტკივილით ხლოამ.
ბავშვებმა დაინახეს, რომ ვიღაცა უცხო კაცი იმათ მამას რაღაცას უპირებდა,
იგრძნეს, რომ რაღაცა ცუდი ხდებოდა, შემოეხვივნენ დედას და ტირილი დაიწყეს.
_ ოჰ, როგორ მენანება, რომ პატარა ბატონი სახლში არა ბრძანდება: ძალიან
მინდოდა წასვლის წინ მასთან გამოთხოვება, _ თქვა თომამ.
ჯორჯი დილაადრიან სხვაგან გაგზავნეს. თომას გაყიდვის ამბავი დაუმალეს.
_ ჩემი სალამი გადაეცით ბატონიშვილს, _ თქვა თომამ გრძნობით სავსე
ხმით.
ჰელიმ ცხენებს მათრახი გადაუქნია. ეტლი დაიძრა და წაიყვანა საწყალი
ბიძია თომა. საბრალო თვალს არ აშორებდა თავის ქოხს, სანამ ტყეს არ მიეფარნენ.
თვითონ ბატონი შელბიც არ იყო სახლში. ისიც განგებ წავიდა სახლიდან,
რომ არ ენახა გამოთხოვების მძიმე სურათი. ძალიან ცდილობდა, დაერწმუნებინა თავი, რომ მონის გაყიდვით ცუდი არაფერი ჩაუდენია, მაგრამ ცოლთან
ლაპარაკის შემდეგ გულზე მძიმე ლოდად შემოაწვა დარდი.
სწრაფად გაიარეს თომასათვის ძვირფასი ადგილები, სადაც მას მთელი თავისი სიცოცხლე ჰქონდა გატარებული; როცა შელბის სამფლობელოს გასცილდნენ და შარაგზაზე გავიდნენ, ცოტა ხნის შემდეგ, გზაზე სამჭედლო ნახეს და
გაჩერდნენ. ჰელი ჩამოხტა და მჭედელს სთხოვა, ბორკილი გაედიდებინა და
თომასთვის დაედო.
_ რას ხედავს ჩემი თვალები! ნუთუ ეს თომა არის, ბატონ შელბის მონა? ნუთუ ბატონმა გაიმეტა გასაყიდად? სწორედ დაუჯერებელი ამბავია! _ თქვა მჭედელმა.
_ რა არის აქ დაუჯერებელი! სწორედაც რომ გაყიდა, _ უპასუხა ჰელიმ.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Bidzia Tomas Kokhi - 04
  • Parts
  • Bidzia Tomas Kokhi - 01
    Total number of words is 3886
    Total number of unique words is 2000
    33.0 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 02
    Total number of words is 3882
    Total number of unique words is 1997
    32.6 of words are in the 2000 most common words
    48.3 of words are in the 5000 most common words
    56.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 03
    Total number of words is 3836
    Total number of unique words is 1968
    33.7 of words are in the 2000 most common words
    48.2 of words are in the 5000 most common words
    57.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 04
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2014
    32.6 of words are in the 2000 most common words
    46.1 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 05
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2027
    32.8 of words are in the 2000 most common words
    47.6 of words are in the 5000 most common words
    56.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 06
    Total number of words is 3853
    Total number of unique words is 2026
    34.0 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    56.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 07
    Total number of words is 3811
    Total number of unique words is 2013
    32.4 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 08
    Total number of words is 3835
    Total number of unique words is 1991
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.7 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 09
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 1939
    34.2 of words are in the 2000 most common words
    48.0 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 10
    Total number of words is 3822
    Total number of unique words is 1805
    34.9 of words are in the 2000 most common words
    50.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 11
    Total number of words is 3809
    Total number of unique words is 1820
    36.0 of words are in the 2000 most common words
    51.0 of words are in the 5000 most common words
    59.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 12
    Total number of words is 3841
    Total number of unique words is 2005
    32.7 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 13
    Total number of words is 3854
    Total number of unique words is 2035
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 14
    Total number of words is 3873
    Total number of unique words is 1953
    31.7 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 15
    Total number of words is 2708
    Total number of unique words is 1580
    34.9 of words are in the 2000 most common words
    49.4 of words are in the 5000 most common words
    58.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.