Latin
Total number of words is 3886
Total number of unique words is 2000
33.0 of words are in the 2000 most common words
46.3 of words are in the 5000 most common words
55.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მთარგმნელი მიხეილ კლიმიაშვილი
ჰარიეტ ბიჩერ სტოუ
ბიძია თომას ქოხი
პირველი თავი
საუბარი შელბის
სასადილოში
თებერვლის ცივი საღამო იყო. ამერიკაში, კენტუკის შტატის ერთ პატარა
ქალაქში, მდიდარი მემამულის სახლში სასადილო მაგიდას უჯდა ორი კაცი.
სადილი გაეთავებინათ და ახლა ღვინოს მიირთმევდნენ, თანაც საქმეზე ლაპარაკობდნენ. ერთი მათგანი არც მიხრა-მოხრით, არც ჩაცმულობით მებატონეს
არ ჰგავდა; ტლანქი ტანი და უხეში სახე ჰქონდა; კოტიტა თითებზე ბეჭდები
აეჩონჩხლა. მის ჩაცმულობას გემოვნება არ ეტყობოდა. სახე კმაყოფილებით
უღიმოდა, ცდილობდა, დიდკაცურად დაეჭირა თავი, მაგრამ ვერ ახერხებდა
და სასაცილო მეტიჩარას უფრო ჰგავდა. მასპინძელი შელბი კი ნამდვილი ბატონი იყო როგორც შესახედაობით, ისე მიხრა-მოხრით.
_ აი ამნაირად გადავიხდი თქვენს ვალს, _ დაამთავრა ბატონმა შელბიმ ლაპარაკი.
_ მე ხელს არ მომცემს ეგ პირობები, _ მიუგო მას უხეში სახის კაცმა.
_ გამიგონეთ, ჰელი, _ შენიშნა შელბიმ, _ თომა არაჩვეულებრივი ადამიანია, ღირს ამ ფასად. პატიოსანი, შრომისმოყვარე და აზრიანი მუშაა, მთელ ჩემ
მეურნეობას ის უძღვება.
_ მჯერა. იმდენად იქნება პატიოსანი, რამდენადაც მოეხერხება პატიოსნება
შავკანიანს, _ თქვა ჰელიმ და ჭიქა ღვინით აივსო.
_ არა, ნამდვილად პატიოსანი, კეთილი და გონიერი ადამიანია. მე თომას
ყველაფერში ვენდობი. ბევრჯერ ჰქონია მას ხელში ჩემი ფული, რამდენჯერ
დამიტოვებია იმის ამარა სახლი, საქონელი, ცხენები. თუ მოისურვებდა, შეეძლო გაქცევა, მაგრამ არასოდეს არ უსარგებლია ასეთი შემთხვევით და არ უღალატია ჩემთვის. შარშან ცინცინატში გავგზავნე. იქ ფული მქონდა ასაღები, ხუთასი დოლარი. ვიღაცა გაიძვერები თურმე ცდილობდნენ მის გაბრიყვებას,
ურჩევდნენ, ფულები გაეტაცა და კანადაში გაქცეულიყო. მაგრამ თომამ ეს არ
იკადრა. გაქნილ მრჩევლებს თურმე ასე უპასუხა: კაცი მენდო და მე კი ვუღა-
ლატო, ეგ როგორი ნამუსი იქნებაო. აი, როგორი კაცია თომა. სწორედ მოგახსენოთ, მე ძალიან მეძნელება მისი მოშორება, მაგრამ რა ვქნა, რომ მეტი გზა არა
მაქვს. ამისათვის უნდა მენდოთ და თომა მთელ ვალში აიყვანოთ.
_ სინდისისა რა მოგახსენოთ! _ თქვა ჰელიმ ღრეჭით, _ სინდისი იმდენი
მაქვს, რამდენიც საჭიროა ვაჭრისთვის. მზადა ვარ დაგითმოთ რამე, მაგრამ
თქვენ ძალიან დიდ ფასს მთხოვთ თომაში.
_ მაშ, თქვენ როგორ გსურთ, ჰელი? _ შეეკითხა შელბი ცოტა უხერხული
სიჩუმის შემდეგ.
_ იქნებ პატარა ბიჭი ან გოგო გყავდეთ და თომას დაუმატოთ.
_ მეტი არავინ მყავს. უკიდურესი გაჭირვება რომ არ დამდგომოდა, ვერც
მაგას გავიმეტებდი. ძალიან მემძიმება მონების გაყიდვა.
ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ხუთი წლის შავგვრემანი ქვადრუნი ბავშვი შემოვიდა. შავი კულულები ამშვენებდა იმის მრგვალ პირისახეს. ხშირი
წამწამების ქვეშ მკვირცხლი, კუნაპეტივით შავი, მოელვარე, კეთილი თვალები
გამოიყურებოდნენ. ბავშვი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა ოთახს. იმის
შავ, ლამაზ, მხიარულ პირისახეს მეტად შვენოდა კარგად შეკერილი ჭრელზოლიანი ტანისამოსი. ბავშვს თამამად ეჭირა თავი. ეტყობოდა, შეჩვეული იყო
ბატონის ალერსს.
_ გამარჯობა, ჰარი! მოდი ჩემთან, _ დაუძახა ბავშვს შელბიმ. ბავშვი მიუახლოვდა. ბატონმა ალერსიანად დაუსვა ხუჭუჭა თმაზე ხელი. _ აბა ერთი ვაჩვენოთ ამ სტუმარს შენი ცეკვა და სიმღერა.
ბავშვმა თხოვნა აღარ გაამეორებინა: სუფთა, წკრიალა ხმით შემოსძახა სიმღერა და თანაც ჩამოუარა.
_ ყოჩაღ, ბიჭო! _ უთხრა ჰელიმ და ფორთოხლის ნაჭერი დაუგდო.
_ აბა ახლა ბიძია ქეჯოს გააჯავრე: როგორ აითრევს ხოლმე წელს, როცა ქარები აეშლება.
ბავშვი სასაცილოდ დაიღრიჯა, თეძო აითრია, ბატონის ყავარჯენს დაეყრდნო და კოჭლობით დაიწყო ოთახში ხანხალი. სახეზე ვითომ ტკივილებისაგან გამოწვეული მწუხარება დაეტყო; წამდაუწუმ აქეთ-იქით იფურთხებოდა
მოხუცივით და ტუჩებს სახელოთი იწმენდდა. იმის შემყურე შელბი და ჰელი
სიცილს ვერ იკავებდნენ.
_ ყოჩაღ, ბიჭო! _ თქვა ჰელიმ, _ კარგი რამ გაიზრდები. აი, მე რა მოვიაზრე,
_ მიუბრუნდა ის შელბის და მხარზე ხელი დაჰკრა: _ ეგ ბავშვი თომას დაამატეთ და ამით გავათავოთ საქმე.
ამ დროს სასადილო ოთახში შემოვიდა ახალგაზრდა კვარტერონი ქალი.
ყველა შეატყობდა, რომ ქალი ამ ბავშვის დედა იყო. მასაც მშვენიერი, დიდი,
შავი თვალები, გრძელი, ხშირი წამწამები და ხუჭუჭა თმა ჰქონდა. კაბაში კოხტად იყო გამონაკვთული. ქალს სახეზე ალმურმა გადაჰკრა, როცა შეამჩნია,
რომ უცხო კაცი მას მოურიდებლად უცქეროდა.
_ რა გინდა, ელიზა? _ ჰკითხა შელბიმ, როცა შენიშნა, რომ ქალს რაღაცის
თქმა უნდოდა.
_ბატონო, ჰარის წასაყვანად გეახელით.
ბავშვი დედას კალთაზე შემოეხვია და ნაბოძები ტკბილეულობა აჩვენა.
_ წაიყვანე, _ დართო ნება შელბიმ.
ქალმა ბავშვს ხელი მოჰკიდა და საჩქაროდ გაიყვანა ოთახიდან.
_ დალახვროს ღმერთმა! _ წამოიძახა ჰელიმ აღტაცებით. _ ძალიან საქონელია! მაგ გოგოში დიდ ფულს მოგცემენ ახალ ორლეანში, თუ გაყიდვას მოისურვებთ. ისეთებში აძლევენ ათას დოლარს, ამის აჩრდილებიც რომ არ არიან.
_ სულაც არ მინდა, ეს ქალი ჩემს გასამდიდრებლად გამოვიყენო, _ მკვახედ
უპასუხა შელბიმ, ახალი ბოთლი გახსნა და სტუმარს ღვინო შესთავაზა. ამით
სურდა, ლაპარაკის საგანი გამოეცვალა.
_ მშვენიერი ღვინოა, _ თქვა ჰელიმ, როცა გემო ნახა, მერე შელბისაკენ გადაიხარა, მხარზე ხელი დაადო და უთხრა: _ ბრძანეთ, როგორ აფასებთ ამ გოგოს?
_ გოგო გასაყიდი არ გახლავს, მოწყალეო ხელმწიფევ, ჩემი ცოლი მაგ გოგოს არ მოიშორებს, მაგის წონა ოქროც რომ მისცეთ.
_ ქალები ყოველთვის ასე მსჯელობენ, _ თქვა ჰელიმ, _ მათ ფულის ყადრი
არ იციან. აუხსენით, რამდენ ძვირფას სამკაულს, ტანსაცმელსა და ქალისათვის
საჭირო სხვა ნივთს შეიძენს იმ ფულით და მაშინ აგრე აღარ ილაპარაკებს.
_ ბატონო ჰელი, გიმეორებთ, რომ მაგ გოგოს გაყიდვას გულშიც არ გავივლებ. ვთქვი და გავათავე.
_ მაშ, ბავშვი მომყიდეთ, _ არ ეშვებოდა ვაჭარი, _ ეს ხომ შესაძლებელია?
_ ვერ გამიგია, რად გინდათ ასეთი ბავშვი?
_ ერთი ნაცნობი მყავს, ბავშვებით ვაჭრობს: ყიდულობს და სამხრეთის
ბაზრებში ჰყიდის. ბავშვებს მდიდრები ყიდულობენ ხელზე მოსამსახურედ და
კარგ ფასსაც იძლევიან, ამ ბიჭმა კი, სხვათა შორის, სიმღერაც იცის და მასხრობაც.
_ მე ამ ბავშვის გაყიდვა არ შემიძლია, _ წარმოთქვა შელბიმ ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ. _ მეტისმეტი გულქვაობა იქნება, დედას შვილი მოჰგლიჯო მკერდიდან და გაუყიდო.
_ რას ბრძანებთ, თქვენს დღეგრძელობას! ეგ სადაური მსჯელობაა! მაგრამ,
ერთი მხრივ, თქვენ მართალი ბრძანდებით. დედაკაცების ამბავი მეც კარგად
ვიცი. საშინლად მეჯავრება, როცა ისინი ბღავილს მოჰყვებიან ხოლმე. ყოველთვის ვცდილობ, თავიდან ავიცდინო ასეთი უსიამოვნო შემთხვევა. მაგრამ ამჯერად შეიძლება საქმე ასე მოეწყოს: ბავშვის დედა ორიოდე დღით ან ერთი
კვირით სადმე გაგზავნეთ და ამასობაში მე ბავშვს უდავიდარაბოდ წავიყვან.
დედა რომ დაბრუნდება, ყველაფერი გათავებული იქნება. თქვენი მეუღლე საყურეებს, კაბას ან სხვა რამეს აჩუქებს და ისიც ყველაფერს დაივიწყებს, საჩუქარს გულს გადააყოლებს.
_ არა მგონია.
_ რას ბრძანებთ, ბატონო, ზანგის ქალები ჩვენს ქალებს ხომ არა გვანან! გულახდილად მოგახსენებთ, _ განაგრძო ჰელიმ, _ ზოგიერთები ზანგებით ვაჭ-
რობას ადამიანის პიროვნების დამამცირებელ საქმედ თვლიან, მე კი ამ ხელობაში სასირცხვილოს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, ზოგიერთი გულქვა ვაჭარი მოურიდებლად და ურცხვად აცილებს დედას შვილს და ყურადღებას არ აქცევს
იმის წივილ-კივილს. ძალიან კარგად ვიცი, რომ ასეთი საქციელით მხოლოდ
საქმეს წავახდენ. გულდაკოდილი დედა აღარაფერში გამოადგება პატრონს:
მუშაობას ვეღარ მოახერხებს. ორლეანში ვიცნობდი ერთ ლამაზ დედაკაცს
(ვაჭრებმა დაღუპეს საბრალო ქალი იმით, რომ მოურიდებლად მოჰგლიჯეს
გულიდან შვილი. ბავშვის მყიდველმა დედის ყიდვა არ ისურვა. მანამ ბავშვი
დედას ხელში ეჭირა, გულში ჩაკრული ჰყავდა, დადიოდა და რაღაცას ბუტბუტებდა გადარეულივით. მოგონებაც კი მიმძიმს...). ტანში ჟრუანტელი დამივლის ხოლმე, როცა გავიხსენებ ამ ამბავს. ბავშვი წაართვეს და დედა დაამწყვდიეს. ქალი ჭკუაზე შეიშალა. ერთი კვირა იომა, გონს ვეღარ მოვიდა და მოკვდა.
დაიკარგა ათასი დოლარი ტყუილ-უბრალოდ. ყოველ საქმეს ცოდნა უნდა. მონებით ვაჭრობასაც ცოდნა უნდა. ვაჭარი ნაყიდ მონებს ფაქიზად უნდა ეპყრობოდეს, ეს უფრო სახეიროა ყოველთვის, გამოცდილებით ვიცი, _ თავისი
მჭევრმეტყველებით კმაყოფილი ჰელი სავარძლის ზურგს მიეყუდა. თავისი
თავი ამ წამს უთუოდ მართლა კეთილი მოღვაწე ეგონა. კაცს ეგონებოდა, ეს საკითხი მას მართლა აინტერესებსო.
შელბი ჩუმად იჯდა, ფორთოხალს ფცქვნიდა და ფიქრს მისცემოდა.
ჰელი კი განაგრძობდა:
_ მართალია, თავის ქება არ ვარგა, მაგრამ მართალი მაინც უნდა თქვას კაცმა. ყველამ იცის, რომ ბაზარში ჩემისთანა მოვლილი და შენახული საქონელი
არავის გაჰყავს გასაყიდად, მაძღრები და ჩასუქებულები არიან. იშვიათად მომკვდომია გზაში კაცი. იცი, რატომ მიდის ასე კარგად ჩემი საქმე? იმიტომ, ბატონო ჩემო, რომ მე კარგად ვეპყრობი მონებს. დიახ, სათნოებაა ჩემი მოღვაწეობის მთავარი საფუძველი.
შელბი უხერხულად გრძნობდა თავს. არ იცოდა, რა ეთქვა ამ ენააქავებული
ადამიანისთვის. მან მხოლოდ ანგარიშმიუცემლად წაილუღლუღა:
_ ნუთუ მართლა ეგრე გაქვთ საქმე?
_ სხვა ვაჭრები დამცინიან, _ განაგრძო კვეხნით ჰელიმ, _ ჩემს აზრებს ველურ აზრებს უწოდებენ, არავის მოსწონს, მაგრამ მე ასე მწამს და საქმეც კარგად მიმყავს. დიახ, უნდა მოგახსენოთ, რომ არასოდეს მინანია.
მოლაპარაკეს თვითონვე მოეწონა თავისი ენაწყლიანობა და კმაყოფილმა
ჩაიცინა. ჰელის მსჯელობა სათნოებასა და კაცთმოყვარეობაზე იმდენად შეუსაბამო და სასაცილო იყო, რომ აღელვებულმა შელბიმ თავი ვეღარ შეიკავა და
ზიზღის გამოსახატავად გესლიანად გაიცინა. მასპინძლის სიცილმა ჰელი გაამხნევა.
_ მე ყოველთვის ვცდილობ, უსიამოვნება თავიდან ავიცილო. ეჭვს გარეშეა,
ძნელია დედა-შვილის დაშორება, მაგრამ ყოველთვის მოხერხებულად ვაწყობ
ხოლმე საქმეს. ზანგის ქალი ჩვენი ქალივით სათუთი არ არის; თუკი იგი პატა-
რაობიდანვეა შეჩვეული თავის მდგომარეობას, შვილის მოშორებას ადვილად
იტანს, აღარ ეძლევა ოცნებას და ადვილად ურიგდება თავის ბედს.
_ ვეჭვობ, რომ ჩემი მონები ასეთი მორჩილები აღმოჩნდნენ, _ თქვა შელბიმ.
_ შესაძლოა. თქვენ ალბათ მონებს ანებივრებთ. გაგიბედავთ და მოგახსენებთ, რომ მათთვის ცუდი სამსახური გაგიწევიათ. მონას, რომელიც ნივთივით
ერთი პატრონიდან მეორის ხელში გადადის, ცუდი დღე მოელის ცხოვრებაში,
თუ განებივრებულია. ისიც ჭეშმარიტებაა, რომ ყველას თავისი აზრი შეუმცდარი ჰგონია. მე თვითონაც ეგრე ვარ: მგონია, რომ ჩემს მონებს ძალიან კარგად
ვეპყრობი.
_ დიდი ბედნიერებაა, როცა კაცი თავისი თავით კმაყოფილია, _ წარმოთქვა
შელბიმ და მხრები აიჩეჩა.
სიჩუმე ჩამოვარდა.
_ მაშ, რას იტყვით ბავშვის შესახებ? _ ჰკითხა კვლავ ჰელიმ.
_ დრო მომეცით, მოვიფიქრო და ჩემს ცოლს მოველაპარაკო. მანამდის კი,
თუ გსურთ, რომ საქმე მართლაც ჩუმად გაკეთდეს, კრინტი არ დაძრათ ამ საგანზე ჩემს მონებთან, თორემ უბედურება დატრიალდება.
_ რას ბრძანებთ, განა თვითონ არ ვიცი? მხოლოდ გთხოვთ, საქმე რაც შეიძლება დააჩქაროთ, თორემ წასვლა მიგვიანდება.
_ შემოიარეთ საღამოს ექვსიდან შვიდ საათამდის.
ჰელი გამოეთხოვა მასპინძელს და წავიდა.
_ ოჰ, რა სიამოვნებით გადავუძახებდი კიბიდან ამ არამზადას! _ ჩაილაპარაკა ბრაზმორეულმა შელბიმ, როცა ჰელი კიბეზე ჩადიოდა. _ რა უტიფარია!
იცის, რომ მის ხელში ვარ და სარგებლობს ამით! მაგრამ რა წყალში ჩავვარდე,
არ ვიცი! სხვა დროს რომ თომას შემვაჭრებოდა ვინმე, საკადრის პასუხს გავცემდი, ვაგრძნობინებდი, რომ ჩემი მოსამსახურე პირუტყვი არ არის, რომ გავყიდო! ახლა კი ისეთი გასაჭირი მაქვს, რომ აღარ ვიცი, როგორ დავაღწიო თავი
საფრთხეს... მაგრამ ბავშვი?! ჩემი ცოლი ხომ ერთ ამბავს ატეხს! მართალია, თომას გაყიდვაც ძალიან გააბრაზებს, მაგრამ ბავშვის გაყიდვაზე სულ თავს მოიკლავს. ოჰ, ეს წყეული ვალები!
მებატონე შელბი ცუდი კაცი არ იყო, უფრო კეთილ და მოწყალე ადამიანად
ჩაითვლებოდა. იმის სახლში მონები თავისუფლად ცხოვრობდნენ. მაგრამ ბოლო დროს საქმეები აეწეწა და ვალის აღება დასჭირდა. ჰელიმ ხელთ იგდო
შელბის თამასუქები და ახლა სულს უხუთავდა. ცდილობდა, ისინი კარგად გაენაღდებინა. ჰელის წასვლის შემდეგ შელბის გულზე ნაღველი შემოაწვა. იცოდა, მის მეუღლეს საშინლად ეწყინებოდა მონების გაყიდვა და ეს ამბავი მოსვენებას უკარგავდა.
მეორე თავი
ელიზა და ჯორჯი
ელიზა რომ სასადილო ოთახში შედიოდა ბავშვის გამოსაყვანად, ყური
მოჰკრა, რომ ვიღაცის გაყიდვაზე იყო ლაპარაკი, მხოლოდ ვერ გაარჩია, ვის შესახებ ლაპარაკობდნენ. როცა ბავშვი ოთახიდან გამოიყვანა, სურდა, ყური დაეგდო ლაპარაკისათვის, მაგრამ ამ დროს ქალბატონმა დაუძახა და იქით გაექანა: «ნუთუ ჩემ ჰარის უპირებენ გაყიდვას?» _ გაუელვა ელიზას აზრმა და მთელი მისი არსება შიშმა შეიპყრო. ისე მაგრად მოჰხვია შვილს ხელები და გულში
ჩაიკრა, რომ ბავშვმა გაკვირვებით შეხედა დედას.
_ რა დაგემართა? ავად ხომ არა ხარ? _ შეეკითხა ქალბატონი ელიზას, როცა
იგი ფერმიხდილი დაინახა. ელიზა გაბრუებულივით ტრიალებდა ოთახში და
ვერაფერს ახერხებდა. დაეჯახა პირსაბანს, ხელსაქმის მაგიდა წააქცია, ქალბატონს ფარჩის კაბის მაგიერ საღამური პერანგი მიართვა.
ქალბატონის შეკითხვაზე ელიზას ცრემლი მოერია.
_ ქალბატონო, _ თქვა მან ტირილით, _ სასადილო ოთახში ყური მოვკარი
ბატონისა და ვაჭრის ლაპარაკს.
_ მერე რა იყო?
_ ნუთუ ბატონი გაყიდვას უპირებს ჩემს ჰარის? _ თავი ვეღარ შეიკავა, სავარძელში ჩაიკეცა და აქვითინდა.
_ ეგ რამ გაფიქრებინა?! განა შენი ბატონი თავის დღეში რომელიმე მსახურს
გაყიდის? მას არაფერი ესაქმება მონებით ვაჭრებთან. კარგი ერთი, ჩემო ელიზა,
დამშვიდდი, ნუ ფიქრობ. მოდი, დროზე ტანთ ჩამაცვი და თმა შენებურად გამიკეთე. გირჩევ, ყურს ნუ დაუგდებ სხვის ლაპარაკს.
_ კარგი, ქალბატონო, მაგრამ მაინც მიბრძანეთ: თქვენ ხომ არ დათანხმდებით, რომ ჩემი ჰარი გაყიდონ?
_ რა სისულელეს როშავ! ბარემ მკითხე, თანახმა ვარ თუ არა, გავყიდო ჩემი
საკუთარი შვილი? გარწმუნებ, ელიზა, შენ ბევრს ფიქრობ შენ შვილზე და იმიტომ მოგდის თავში ასეთი საშინელი აზრები.
ქალბატონის სიტყვებმა დაამშვიდა ელიზა: მართლა რომ იყოს რამე, ქალბატონი ასე ვერ ილაპარაკებდაო, _ გაიფიქრა მან, გამხიარულდა და სწრაფად
მორთო თავისი ქალბატონი.
ქალბატონი შელბი არაჩვეულებრივად გონიერი და მაღალი ზნეობის ადამიანი იყო.
ქმარი ყველაფერში ენდობოდა და დიდ პატივს სცემდა. არასოდეს უშლიდა ცოლს მონების წვრთნასა და აღზრდას. პირიქით, ეს მას სამართლიან საქმედ მიაჩნდა.
ქალბატონმა შელბიმ არ იცოდა, რომ მის ქმარს საქმეები აწეწილი ჰქონდა,
და ასე დაიმედებული იმიტომ ელაპარაკებოდა ელიზას. ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ მათ სახლში როდესმე ასეთი რამ მოხდებოდა, ამიტომაც დამშვიდებული წავიდა საღამოთი სტუმრად მეზობლებთან.
ელიზა ბავშვობიდანვე აღიზარდა ქალბატონ შელბის სახლში. ისეთი ლამაზი ქალი, როგორც ელიზა იყო, მონობაში ძნელად შეინახავდა თავს, მაგრამ მას
ქალბატონი მფარველობდა. როცა ასაკში შევიდა, შეუყვარდა ლამაზი, ნიჭიერი
კვარტერონი ჯორჯ ჰარისი და მისთხოვდა მას. ჯორჯ ჰარისი მეზობელი ბატონის მონა იყო. იგი ძაფსართავ ქარხანაში მუშაობდა, ქირას კი მისი ბატონი
იღებდა. მარდი და ფხიზელი გონების ახალგაზრდა ყველას სიყვარულსა და
პატივისცემას იმსახურებდა. ნიჭიერმა მუშამ სელის საძენძი მანქანაც კი გამოიგონა, რის შემდეგ ქარხნის პატრონმა მეტი ყურადღება მიაქცია. ასე რომ,
ჯორჯს ქარხანაში კარგი მომავალი ელოდა, ჯიუტი და ახირებული ბატონი
რომ არა ჰყოლოდა.
როცა ბატონმა შეიტყო, რომ მისმა მონამ რაღაც მანქანა გამოიგონა, წავიდა
ქარხანაში მანქანის სანახავად. ძალიან გაბრაზდა, როცა ნახა, რომ მის მონას
თამამად ეჭირა თავი და ყველას გაბედულად ელაპარაკებოდა. ისიც ეწყინა,
რომ ამ გათამამებულ მონას ყველა პატივისცემით ექცეოდა. ბატონმა გადაწყვიტა, იგი ქარხნიდან წაეყვანა და შავ სამუშაოზე დაეყენებინა თავის მამულში.
ეს რომ გაიგო, ქარხნის პატრონი გაოცდა, მან დიდი ჯამაგირი შეაძლია
ჯორჯის ბატონს და შეეცადა აეხსნა ჯიუტი ადამიანისათვის, რა სასარგებლო
კაცი იყო ჯორჯი ქარხნისათვის. თქვენ, ასეთი მონის პატრონს, თავი უნდა
მოგწონდეთო. მაგრამ არაფერმა უშველა: საწყალი ჯორჯი წაიყვანეს ქარხნიდან და სოფელში შავ მუშად დააყენეს.
ქარხნის პატრონმა ჯორჯი ანუგეშა: დაჰპირდა, ჯიუტი მებატონის ხელიდან დაგიხსნიო..
ჯორჯმა ქარხანაში მუშაობის დროს გაიცნო ელიზა და ცოლად შეირთო. ამ
ბედნიერ ხანაში მას საკმაო თავისუფალი დრო ჰქონდა და შეეძლო ეფიქრა
ოჯახურ ბედნიერებაზე. ქალბატონ შელბის ძალიან მოეწონა ჯორჯი და თვითონ შეუწყო ხელი ელიზას გათხოვებას.
გათხოვების შემდეგ პირველ ხანებში ელიზა ხშირად ნახულობდა თავის
ქმარს და სრულიად ბედნიერიც იქნებოდა, რომ ორი უფროსი ვაჟი არ მოჰკვდომოდა. მაგრამ ეს მწუხარება მოინელა, როდესაც მესამე შვილი, პატარა ბიჭუნა ჰარი გაუჩნდა, რომლის შესახებაც უკვე გვქონდა ლაპარაკი. ელიზას მზე
და მთვარე ამოსდიოდა ამ ბავშვზე.
ახალგაზრდა ცოლ-ქმრის საქმე კარგად მიდიოდა, სანამ ჯორჯი ქარხანაში
მუშაობდა, შემდეგ კი, როცა თვითნება მებატონის ხელში ჩავარდა, ჯორჯის
ცხოვრება უკუღმა დატრიალდა.
კეთილი მექარხნე ერთხელ კიდევ შეეცადა ჯორჯის დახსნას ბატონის ხელიდან, მოინდომა მისი ყიდვა და დიდი ფულიც შეაძლია, მაგრამ არაფერმა
უშველა.
_ ვიცი, ბატონო ჩემო, ვიცი! _ უპასუხა ჯორჯის ბატონმა ქარხნის პატრონს,
როცა მან ჯორჯის გაყიდვაზე ჩამოუგდო ლაპარაკი. _ კარგად დავინახე, რომ
თქვენ ჩემს მონას გამოთხოვების დროს რაღაცას ეჩურჩულებოდით. მე მას ვერაფერ შეღავათს ვერ მივცემ. აბა, თუ ბიჭია, აქ იმუშაოს და სხვა მონებივით
იბეჯითოს.
ამით გათავდა მოლაპარაკება. ახლა ჯორჯი ისე ხშირად ვეღარ ახერხებდა
ცოლ-შვილის ნახვას.
მესამე თავი
ჯორჯი გაიქცა
ქალბატონი შელბი სტუმრად წავიდა. ელიზა აივანზე იდგა და გაჰყურებდა მიმავალ ეტლს. ამ დროს ვიღაცამ მხარზე ხელი დაადო. ქალი შეკრთა, მიიხედა და სახე სიამოვნებისაგან გაუბრწყინდა.
_ ჯორჯ, შენა ხარ? როგორ შემაშინე! რა კარგია, რომ დღეს მოხვედი. ქალბატონი სხვაგან წავიდა და მე სრულიად თავისუფალი ვარ.
ქალმა ჯორჯი შეიყვანა სუფთა პატარა ოთახში, რომელიც აივანზე გამოდიოდა. ელიზა აქ იყო ხოლმე თავისი ქალბატონის ახლოს. ოთახში ჰარი თამაშობდა.
_ რად ხარ დაღონებული, ჯორჯ? _ ჰკითხა ელიზამ ქმარს. _ აბა შეხედე, რა
ლამაზი ბიჭი გვყავს! ხედავ, რამოდენა გაიზარდა! _ჯორჯის დანახვაზე ბავშვი
დედის კალთას ამოეფარა და ქვეშ-ქვეშ მორცხვად გაჰყურებდა მამას.
_ ეჰ, ნეტავი სულაც არ დაბადებულიყო! _ თქვა დაღვრემილმა ჯორჯმა. _
უმჯობესი იქნებოდა, მე თვითონაც არ გავჩენოდი დედაჩემს...
ამ სიტყვებით შეშინებული ელიზა ქმარს მხარზე მიეყრდნო და ქვითინი
დაიწყო.
_ კმარა, ნუ ტირი, ჩემო კარგო, დავაშავე, რომ ასე უხეიროდ დაგიწყე ლაპარაკი. რა ცუდ იღბალზე გაგიცან! იქნება, მე რომ არ შეგყროდი, ბედნიერი ყოფილიყავი.
_ ჯორჯ, როგორ არა გრცხვენია, რას ამბობ? რა იყო? რა მოხდა? რატომ არ
მეტყვი?
ჯორჯმა შვილი კალთაში ჩაისვა, თავზე ხელი გადაუსვა და ლამაზ თვალებში ჩააცქერდა.
_ რა ძალიან გგავს, ელიზა, ჩვენი ჰარი! მე შენზე ლამაზი ქალი არ მინახავს
ქვეყანაზე. ოჰ, ღმერთო, რად არის დაწყევლილი ჩემი გზა და კვალი! ნეტა არ
გამეცანი მაინც, ახლა ხომ ჩემთან ერთად შენც იღუპები... ოჰ, ნეტავ მომკლა და
ასეთ სიცოცხლეს მომაშორა!
_ ჯორჯ, ჩემო ძვირფასო, ეგრე ნუ ლაპარაკობ! ვიცი, გიჭირს ბოროტ ბატონთან გაძლება, მაგრამ ცოტა მოითმინე,შეიძლება რამე ცვლილება მოხდეს
და...
_ მოითმინე! _ გააწყვეტინა სიტყვა ჯორჯმა. _ ადვილი სათქმელია! ნეტა
იცოდე, როგორა მტანჯავს, როგორ მაწამებს და დამცინის. მერე რით ვარ მე
იმაზე ნაკლები? ყველა ბინძურ საქმეს მე მაკეთებინებს. ამით უნდა თავმოყვარეობა შემილახოს. ყველაფერს ვითმენ, ყველა საქმეს ვაკეთებ. ყველაფერს ავიტანდი, ათასში ერთხელ მაინც იმდენ თავისუფალ დროს რომ მომცემდეს, რომ
წიგნები ვიკითხო. ამის ნებას არ მაძლევს ჩემი ბატონი. ამაყს და მეამბოხეს მეძახის და ყოველთვის ცდილობს ჩემს დამცირებას. მოთმენა! კარგია მოთმენა,
მაგრამ როდემდის?! ბოლო მოეღო ჩემს მოთმინებას, თავს ვეღარ ვიკავებ! _
ჯორჯს ბრაზით თვალები აემღვრა.
ელიზა შეშინებული შეჰყურებდა ქმარს.
_ ყური მიგდე, ჯორჯ! _ შეეცადა ბოლოს ელიზა ქმრის დამშვიდებას, _ რაც
უნდა გიყოს, უნდა მოითმინო. ხომ იცი, რომ ის შენი ბატონია. ჩვენ ხომ პატარაობიდანვე ჩაგვჩიჩინებდნენ, გიყვარდეთ თქვენი ბატონიო.
_ ეჰ, ელიზა, შენ იმთავითვე კეთილი ბატონები გყავდა. კარგ გზაზე დაგაყენეს, ყველაფერში ხელი შეგიწყვეს და იმიტომ გრძნობ მათ სიყვარულს. შენი
სიტყვები მართალია ასეთი ბატონების მიმართ, მაგრამ მე ჩემი ბატონისაგან
ცემა-ტყეპის მეტი არაფერი მომაგონდება. ასჯერ მაინც გადამიხდია იმისთვის
ჩემი ფასი. აღარაფერი ვალი არ მაძევს. არა, აღარ შემიძლია გავუძლო ამ აუტანელ ცხოვრებას! შენ ხომ იცი, ძაღლი მყავდა, კარო, ამას წინათ ბატონმა დამინახა, რომ კაროს პურს ვაჭმევდი. განრისხდა და მიბრძანა, ძაღლი წყალში დამეხრჩო: ხომ ოჯახი დამექცა, ჩემმა მონებმა რომ ძაღლებიც გაიჩინონ და ჩემი
პურითა კვებონო.
_ ნუთუ შეასრულე ბატონის ბრძანება?
_ არა. მაგრამ რა გამოვიდა? რამდენიმე დღის შემდეგ საბრალო პირუტყვი
ჩემს თვალწინ მოაკვლევინა. და განა მაგას მაკმარებს: ახალი ხერხი მოიგონა,
რომ წუთისოფელს გამომასალმოს.
_ რა ხერხი? _ შეეკითხა შეშინებული ელიზა.
_ აი რა: ის ახლა ძალიან ნანობს, რომ ცოლის შერთვის ნება მომცა. სძულს
შენი ბატონი და მთელი მისი ოჯახი. მას ჰგონია, აქ გამათამამეს. აქამდის მემუქრებოდა, ცოლ-შვილის ნახვის ნებას არ მოგცემო, გუშინ კი გამომიცხადა,
უნდა ცოლად შეირთო მოახლე გოგო მინაო. თუ არ დავთანხმდები, ახალ ორლეანში გაყიდვას მიპირებს.
_ როგორ შეიძლება მეორე ცოლის შერთვა? _ გაიოცა ელიზამ.
_ განა არ იცი, რომ მონებს ქორწინების ნება არა აქვთ? თუ ბატონი მოინდომებს, შეუძლია დაგვაშოროს. აი, ამიტომ ვამბობდი წეღან, ნეტავი თავის დღეში
ერთმანეთს არ შევყროდით-მეთქი. უმჯობესი იქნებოდა, არც შვილი გვყოლოდა. ამ ბავშვსაც ჩვენი დღე მოელის, როცა წამოიზრდება.
_ არა, არა, ეგ შეუძლებელია, ეგ არასოდეს მოხდება! _ შესძახა აღელვებულმა ელიზამ. _ ჩვენი ბატონი კეთილი კაცია.
_ მერე, ბატონი შელბი ცას ხომ არ შეაბერდება. იმის სიკვდილის შემდეგ ჰარისაც გაყიდიან და ახლა კიდევ ღმერთმა უწყის, ვის ხელში ჩავარდება. არც ის
მიხარია, რომ ჩვენი შვილი ასეთი ლამაზი და ჭკვიანია. აი, გახსოვდეს ჩემი
სიტყვები: შეიძლება ძვირად დაგვიჯდეს მაგისი სილამაზე და გონიერება.
ქმრის სიტყვები ტყვიასავით მოხვდა ელიზას გულს: მოაგონდა ის ვაჭარი,
ბატონთან რომ ნახა. საშინელი აზრები მოუვიდა თავში და გონება ბავშვისკენ
გაუქანდა. ამ დროს ბავშვი ოთახში აღარ იყო, გარეთ გასულიყო, ჯოხზე გადამჯდარიყო და დააჭენებდა. ელიზამ ჯერ დააპირა, გაეზიარებინა ქმრისათვის
თავისი ეჭვები, მაგრამ თავი შეიკავა.
«რაღა ეგ უნდა, _ გაიფიქრა ქალმა, _ ისედაც გული ნაღველითა აქვს სავსე.
ახლა კიდევ ჩემი ეჭვებით გავუსიო გული? არ ღირს ამაზე ფიქრი. ჯობია, დავიჯერო ქალბატონის სიტყვა. დარწმუნებული ვარ, არ მომატყუებს.
_ ეჰ, ელიზა, ჩემო ძვირფასო, ახლა კი მშვიდობით, _ წარმოთქვა ჯორჯმა
ნაღვლიანად. _ წასვლის დროა, მხნედ იყავი, სულით ნუ დაეცემი. გადაწყვეტილი მაქვს, გავიქცე ბატონის სახლიდან.
_ მერე სად უნდა წახვიდე, ჯორჯ?
_ კანადაში, ინგლისელებთან, _ უპასუხა ჯორჯმა და წელში გასწორდა. _
კანადაში თავისუფალი კაცი ვიქნები, მაშინ შენც გამოგისყიდი. სხვა ვეღარაფერი მომიფიქრებია. შენ კეთილი ბატონები გყავს და, იმედია, დამითმობენ ჩემს
ცოლ-შვილს. ღმერთი მოწყალეა, როგორმე გამოგისყიდით ორივეს.
_ ღმერთო ჩემო! _ წამოიძახა ელიზამ, _ რაღა მეშველება, რომ დაგიჭირონ?
_ მაგის შიში ნუ გექნება. ცოცხალი არავის ჩავუვარდები ხელში. იმის ნებას
კი არ მივცემ ბატონს, რომ პირუტყვივით გამყიდოს სამხრეთის ბაზარში.
_ ჯორჯ, გაიქეცი, თუ ეს შენთვის აუცილებელია, მხოლოდ თავს კი გაუფრთხილდი...
_ ყური მიგდე, ელიზა, ასე ვაპირებ საქმის მოწყობას. არ ვიცი, მოგეწონება
თუ არა. მე დღეს ბატონ სიმესთან გამომგზავნეს, რაღაც წერილი გამომატანეს.
ამ მხარეზე კარგი მეგობრები მყავს. შემთხვევით ვისარგებლე, ისინიც ვნახე და
ჩემს საქმეზე მოველაპარაკე. დღეც დავნიშნეთ, როდის უნდა გავიქცე. ჯერ
დამმალავენ და მერე გამაპარებენ ცხენებით. ახლა კი ისევ დავბრუნდები ბატონთან და განვაგრძობ ჩვეულებრივ მუშაობას ერთი კვირის განმავლობაში.
შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს გავქრები და ვეღარ მიხილავენ.
ჯორჯი გამოსათხოვებლად მიუახლოვდა ელიზას, ხელები მაგრად დაუჭირა და დიდხანს უსიტყვოდ ჩასცქეროდა თვალებში. მერე გადაეხვივნენ ერთმანეთს და მწარედ აქვითინდნენ.
მძიმეა გამოთხოვება საყვარელ ადამიანთან, როცა არ იცი, გეღირსება კიდევ იმისი ნახვა თუ არა. ნაღველში ნალეს ცრემლებს აფრქვევს ამ დროს ადამიანი. ძნელია ამ წუთების კალმით გადმოცემა.
მეოთხე თავი
ბიძია თომას ქოხში
პატარა ფიცრულ ქოხში, ბატონის სასახლის ახლოს, ცხოვრობდა ბიძია თომა თავისი ოჯახით. ის ბატონის მარჯვენა ხელი იყო, თომას ცოლი ხლოა კი საუკეთესო მზარეულად ითვლებოდა. ისეთ ჩინებულ საჭმელებს აკეთებდა, რომ
ბადალი არა ჰყავდა. ისეთი შემწვარის, საუცხოო ქადებისა და ტკბილეულობის
მომზადება ახლომახლოში არავინ იცოდა.
ბიძია თომას სახლის წინ პატარა ბაღი ჰქონდა. რას არ ნახავდით აქ: ნაირფერ ყვავილებსა თუ ხეხილს. ყველაფერი კოხტად იყო მოვლილი. ბაღჩიდან
მცენარეები ბიძია თომას ქოხზე ადიოდა და ზედ იყო შემოხვეული. ხლოასაც
უყვარდა ყვავილები და ამაყობდა თავისი ბაღით.
იმ საღამოს, როცა შელბიმ ჰელისთან მოლაპარაკება გაათავა, ბიძია თომას
ქოხში შემდეგი სურათი იყო: ეს არის გაათავეს ვახშამი. მოსამსახურე გოგოები,
რომლებიც დღისით ხლოას შველოდნენ სამზარეულოში, ახლა ჭურჭელს რეცხავდნენ. თვითონ ხლოა კი ისევ ღუმელთან ტრიალებდა. იმის შავ, მსუქან და
ლაპლაპა პირისახეს დაფიქრება ეტყობოდა. იგი რაღაც საგანგებო ნამცხვარს
აცხობდა. ხლოა ვახშამს უმზადებდა თომას და პატარა ბატონიშვილს ჯორჯს,
რომელიც იქვე, ქოხში, იჯდა მაგიდასთან და ბიძია თომას შესცქეროდა.
თომაც მაგიდასთან ზის და დაფაზე ვაივაგლახით გამოჰყავს ასოები. ეტყობა, უძნელდება წერა. პატარა ბატონიშვილი ასწავლის.
ოთახი უბრალოდაა მოწყობილი, მხოლოდ ერთი კუთხე არის მორთული,
სადაც ზეწარგადაფარებული ლოგინი დგას, მაგრამ აქ არავინ წვება; საწოლი
ლოგინი დგას მეორე კუთხეში, აქვე გაშლილია მოზრდილი ხალიჩა. კედელზე
კიდია სურათი გენერალ ვაშინგტონისა ოჯახი საპატიო ალაგად მიიჩნევს ამ
კუთხეს. იქ ბავშვებს არ უშვებენ.
კედელთან, გრძელ სკამზე, ორი შავი, თმააბურძგნული, შავთვალა ბავშვი
ზის. ისინი თვალს ადევნებენ პატარას, რომელიც ფეხზე დადგომას ცდილობს:
დადგება, ცოტას გაჩერდება, მერე ისევ დატორტმანდება და დაეცემა. ბავშვები
უყურებენ და, როცა პატარა წაიქცევა, აღტაცებულნი იმის ჭკუითა და მოხერხებით, სიცილს ატეხენ ხოლმე.
კერასთან დგას ფეხებდაბრეცილი მაგიდა, ამ მაგიდასთან მეცადინეობს ბიძია თომა. იგი წარმოსადეგი, მძლავრი აგებულების კაცია. სახე და ხუჭუჭი
თმა ამტკიცებს, რომ ჩამომავლობით წმინდა ზანგია; მისი კეთილი და ჭკვიანი
სახე თომას სხვა ზანგებისაგან გამოარჩევს.
_ ბიძია თომა, ამ ასოს სწორად ვერ წერ. ეს ს არის და შენ ხ დაწერე, _ უთხრა ჯორჯმა.
ხლოა ერბოიან ტაფას ცეცხლზე ატრიალებს და თან პატარა ბატონიშვილს
უყურებს.
_ საკვირველი საქმეა, _ გაოცებით თქვა მან, _ თეთრკანიანები ყველაფერს
ადვილად ახერხებენ! გეამება, როცა უყურებ, რა მარჯვედა წერს ეს ბავშვი, რა
სხაპასხუპით კითხულობს, როცა გაკვეთილებს სწავლობს.
_ მამიდა ხლოა, ამასობაში მომშივდა კიდევაც; ჯერ არ გამომცხვარა ქადა? _
შეეკითხა პატარა ჯორჯი.
_ ცოტაც მოითმინე, ჩემო პატარა ბატონიშვილო! _ უთხრა ხლოამ. _ ქადა
იბრაწება და ჩქარა მზად იქნება, ძალიან კარგი გამოცხვა.
ხლოამ ღუმელიდან გამოიღო ქადა, რომელიც მშვენივრად იყო გამომცხვარი, დახელოვნებული მზარეულიც ვერ გამოაცხობდა ამაზე უკეთესს. ქადა
სუფრაზე მიიტანა და ახლა ძეხვისა და თაფლის კვერების მზადებას შეუდგა.
_ პიტ, მოსე, თქვე ცელქებო, მაგიდას მოეცალენით! _ უთხრა ხლოამ ბავშვებს. _ შვილო, პოლი, შენც იქით დადექ! ახლავე თქვენც მოგცემთ ქადას. ბა-
ტონიშვილო, წერას თავი დაანებეთ და სუფრასთან მიბრძანდით, ივახშმეთ ჩემ
ბერიკაცთან ერთად, ახლავე ცხელ-ცხელ ძეხვებს მოგართმევთ.
_ ვიცოდი, რომ გემრიელ ვახშამს გვაჭმევდი, მამიდა! შინ შემეხვეწნენ, მაგრამ არ ვივახშმე, აქ წამოვედი. მე უკეთ ვიცი, სად ამზადებენ უფრო გემრიელ
საჭმელს.
_ მაშ ვიღამ უნდა იცოდეს, თუ არა თქვენ, ჩემო გვრიტო! განა არ ვიცი, რომ
გონიერი ბატონი გვყავხართ?
ხლოამ მიუალერსა ბავშვს და ისევ ღუმელს მიუბრუნდა.
ჯორჯი გემრიელად შეექცა ვახშამს, ძეხვს მორჩა და ახლა დანა აიღო ქადის
დასაჭრელად.
_ ბატონიშვილო, რას ჩადიხართ? მაგ დანით როგორ იქნება ქადის დაჭრა! _
დაუძახა ხლოამ. _ აი, სამაგისო დანა. _ მაგიდის უჯრიდან ამოიღო გალესილი
დანა, _ ეს დანა საგანგებოდ მაქვს შენახული ქადის დასაჭრელად. _ ამ სიტვებით მან დანა დაუსვა ქადას. _ რა კარგად ჭრის, იჰ, რა გაფუებულია, ბუმბულივით მსუბუქია!
_ ტომ ლინკოლნი მარწმუნებდა იმ დღეს, ჩვენმა მზარეულმა თქვენს ხლოაზე კარგი მზარეულობა იცისო, _ თქვა ჯორჯმა ეშმაკური ღიმილით, თან პირი
ქადით გამოიტენა.
იმ დროს, როცა ბიძია თომას ქოხში გულდამშვიდებული ბაასობდნენ, მათი ბატონის სახლში ბიძია თომას ბედი წყდებოდა.
სასადილო ოთახში ისხდნენ შელბი და ჰელი. მემამულემ ვაჭარს ქაღალდები გადასცა:
_ ყველაფერი წესიერად გახლავთ, _ თქვა ჰელიმ, როცა ქაღალდები გადაიკითხა, _ ახლა საჭიროა, ნასყიდობის ქაღალდს ხელი მოვაწეროთ.
შელბის ემძიმებოდა ამ ქაღალდზე ხელის მოწერა. შიგ არ ჩაუხედავს, არ
წაუკითხავს, ისე მოაწერა საჩქაროდ თავისი გვარი, სადაც ჰელიმ უჩვენა. ჰელიმ ძველი ტყავის ქისიდან ამოიღო თამასუქი და გადასცა შელბის.
_ აჰა, გათავდა მთელი საქმე! _ თქვა ჰელიმ და ფეხზე წამოდგა.
_ გათავდა, დიახ, გათავდა! _ გაიმეორა ჩაფიქრებულმა შელბიმ ჰელის სიტყვა და ღრმად ამოიოხრა.
_ თქვენ როგორღაც გული გეთანაღრებათ? _ შენიშნა ჰელიმ.
_ გახსოვდეთ, ბატონო ჰელი, თქვენი პატიოსანი სიტყვა, რომ თომას ვინმე
უცნობი კაცის ხელში არ ჩააგდებთ.
_ განა თქვენ თვითონ უცნობს არ მომყიდეთ?
_ კარგად იცით, რომ მე სხვა გზა არა მქონდა.
_ ვინ იცის, შეიძლება მეც ამგვარ პირობებში ჩავვარდე. თქვენ, ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ვეცდები, თომა კარგ კაცს
მივყიდო. რაც შემეხება მე, ამის იმედი გქონდეთ, რომ კარგად შევინახავ.
ღვთის მადლით, მკაცრი კაცი არა ვარ.
შელბი გრძნობდა, რომ ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვები იყო. მაგრამ რა ექნა? მეტი აღარაფერი უთქვამს, ისე გააცილა ვაჭარი თავისი სახლიდან. შემობრუნდა და დარდის გასაქარვებლად სიგარას მოუკიდა.
მეხუთე თავი
ელიზა გარბის შელბის სახლიდან
შელბის სახლში ყველა დასაძინებლად წავიდ-წამოვიდა. თვითონ ბატონი
შელბი თავის საწოლ ოთახში იჯდა სავარძელში და საღამოთი მოსულ ფოსტას
ათვალიერებდა; მისი მეუღლე კი სარკის წინ თმებს ისწორებდა. ქალბატონმა
ადრე დაითხოვა ელიზა, რაკი მოახლეს დაღლილობა შეატყო. იმ წუთშიც ელიზაზე ფიქრობდა. უცბად მოაგონდა მასთან ლაპარაკი.
_ არტურ, შენ გენაცვალე, მითხარი, ვინ არის ეგ ბრიყვი, მოუხეშავი კაცი,
დღეს შენთან რომ იყო სადილად?
_ მისი გვარია ჰელი, _ უპასუხა შელბიმ თავაუღებლივ. ვითომ რაღაც წერილს ჩასცქეროდა, ნამდვილად კი რცხვენოდა, თავი მაღლა აეღო.
_ მერე რა საქმე ჰქონდა შენთან?
_ მე მასთან საქმე მქონდა ამას წინათ, ქალაქ ნატჩეზში რომ ვიყავი.
_ მერე იმის შემდეგ მეგობრად გთვლის და სადილად გეწვია?
_ სულაც არა, მე თვითონ მოვიწვიე სადილად. მე მასთან ანგარიშები მაქვს.
_ ეგ კაცი მონებით ვაჭრობს? _ შეეკითხა ქალბატონი შელბი, როცა ქმარს
უხერხულობა შეამჩნია.
_ ვინ გითხრა შენ ეგა? _ ჰკითხა შელბიმ თავის მხრივ.
_ ელიზა მოვიდა დღეს ჩემთან ნასადილევს საშინლად აღელვებული. იმას
ისე მოსჩვენებია, რომ ეგ კაცი ჰარის გევაჭრებოდა. ღმერთო, რა სულელია ის
დედაკაცი, რაებს არ მოჩმახავს!
შელბი დუმდა, თითქოს მთელი მისი ყურადღება წერილისკენ იყო მიმართული.
«როცა იქნება, ხომ დამჭირდება გამომჟღავნება, მოდი, ახლა ვეტყვი ყველაფერს», _ ფიქრობდა ის ამ დროს და ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.
_ ძლივს დავამშვიდე ელიზა, _ განაგრძო ისევ ქალბატონმა შელბიმ: _ დავარწმუნე, რომ შენ არასოდეს გაყიდი მონას.
_ მართალია, ჩემო ემილია, _ გაბედა, როგორც იყო, ლაპარაკი შელბიმ. _ მე
ყოველთვის ვამბობდი და ვგრძნობდი მონების შესახებ იმასვე, რასაც შენ, მაგრამ ახლა საქმეები ისე ამეწეწა, რომ იძულებული ვარ, უკიდურეს საშუალებას
მივმართო და გავყიდო რომელიმე მონა.
_ ეგ შეუძლებელია! შენ უთუოდ ხუმრობ, არტურ!
_ სამწუხაროდ, არა ვხუმრობ. მე თომას გაყიდვას ვაპირებ.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Bidzia Tomas Kokhi - 02
  • Parts
  • Bidzia Tomas Kokhi - 01
    Total number of words is 3886
    Total number of unique words is 2000
    33.0 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 02
    Total number of words is 3882
    Total number of unique words is 1997
    32.6 of words are in the 2000 most common words
    48.3 of words are in the 5000 most common words
    56.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 03
    Total number of words is 3836
    Total number of unique words is 1968
    33.7 of words are in the 2000 most common words
    48.2 of words are in the 5000 most common words
    57.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 04
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2014
    32.6 of words are in the 2000 most common words
    46.1 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 05
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2027
    32.8 of words are in the 2000 most common words
    47.6 of words are in the 5000 most common words
    56.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 06
    Total number of words is 3853
    Total number of unique words is 2026
    34.0 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    56.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 07
    Total number of words is 3811
    Total number of unique words is 2013
    32.4 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 08
    Total number of words is 3835
    Total number of unique words is 1991
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.7 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 09
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 1939
    34.2 of words are in the 2000 most common words
    48.0 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 10
    Total number of words is 3822
    Total number of unique words is 1805
    34.9 of words are in the 2000 most common words
    50.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 11
    Total number of words is 3809
    Total number of unique words is 1820
    36.0 of words are in the 2000 most common words
    51.0 of words are in the 5000 most common words
    59.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 12
    Total number of words is 3841
    Total number of unique words is 2005
    32.7 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 13
    Total number of words is 3854
    Total number of unique words is 2035
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 14
    Total number of words is 3873
    Total number of unique words is 1953
    31.7 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 15
    Total number of words is 2708
    Total number of unique words is 1580
    34.9 of words are in the 2000 most common words
    49.4 of words are in the 5000 most common words
    58.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.