Latin
Total number of words is 3841
Total number of unique words is 2005
32.7 of words are in the 2000 most common words
45.4 of words are in the 5000 most common words
54.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
_ რა გაეწყობა! _ წარმოთქვა თომამ და მძიმედ ამოიოხრა.
_ ჩვენ სენ-კლერისთანა ბატონს ვეღარ ვიშოვით, _ თქვა ადოლფმა ნაღვლიანად.
თომამ არაფერი უპასუხა. მისი მომთმენი გული იტანდა ოჯახისა და ცოლშვილის დაშორებას. აქამდის კიდევ იმედი ჰქონდა სამშობლოში დაბრუნებისა,
ახლა კი, ამ ამბის გაგონებაზე, საშინელ სასოწარკვეთილებას მიეცა; აღარ იცოდა, რა ექნა. მორჩილმა მონამ გულხელი დაიკრიბა და ყელში მომდგარი ცრემლები შეიკავა. გულის სიღრმეში კი გრძნობდა, რომ ამდენ განსაცდელს ვეღარ
აიტანდა.
თომა წავიდა ოფელიასთან ამ საგანზე მოსალაპარაკებლად. ევას სიკვდილის შემდეგ თომა ძალიან დაუახლოვდა ოფელიას.
_ ქალბატონო, ალბათ, თქვენც მოგეხსენებათ, რომ ბატონი დამპირდა განთავისუფლებას. როგორც განსვენებული ბრძანებდა, სათანადო დაწესებულებაში კიდეც დაიწყო ამ საქმის წარმოება. სიკეთე დამდეთ და ამ საგანზე ქალბატონს მოელაპარაკეთ: იქნება არ გადაეღობოს წინ თავისი ქმრის სურვილს.
_ ძალიან კარგი, თომა! მე უეჭველად მოველაპარაკები მარის, ვეცდები, დავითანხმო როგორმე, თუმცა უკვე ერთმა მაგალითმა დამარწმუნა, რომ მასთან
ლაპარაკი ძნელია. წინასწარ ვერაფერს დაგპირდები.
ოფელიამ გადაწყვიტა, ფრთხილად, ზრდილობიანად ელაპარაკა მარისთან.
ეშინოდა, თომას საქმეც არ წაეგო.
ოფელიას მარი დივანზე წამოწოლილი დაუხვდა; წინ ეყარა ფარჩეულობა
და საზაფხულო კაბებს ირჩევდა.
_ აი, ეს საკაბე ცუდი არ უნდა იყოს, _ თქვა ქალბატონმა დასუსტებული
ხმით და უჩვენა ერთ ნიმუშზე. _ მხოლოდ არ ვიცი, შემეფერება თუ არა ამ
მდგომარეობაში ამ ფერის კაბა.
_ რატომაც არა, ქალბატონო! _ უპასუხა ჯენმა, _ სწორედ ამგვარი კაბა ეცვა
იმ დღეს გენერალ დებრენონის ქვრივს. გენერალი დიდი ხანი არ გახლავთ, რაც
გარდაიცვალა.
_ შენ რაღას იტყვი, დაო? _ შეეკითხა ოფელიას, _ შესაფერი იქნება?
_ შენ უკეთ იცი, მარი, რა შეგშვენის და რა არა. ეგ იმაზეა დამოკიდებული,
სად როგორი ჩვეულება აქვთ.
_ მე მინდა, მძიმე თალხები გამოვიცვალო, თორემ კაბა ზედ შემომაცვდა.
მაინც სულ ერთია: აქ დიდხანს აღარ ვიცხოვრებ.
_ როდის აპირებ აქედან წასვლას? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ შეიძლება ერთი კვირის შემდეგ. ჩემი მაზლი მწერს, რომ უმჯობესია, ყველაფერი საჯარო ვაჭრობით გავყიდოთ. ასე რომ, მე შემიძლია აქ აღარაფერს
ვუცადო; საქმეებს ვექილს ჩავაბარებ და ის მოაწყობს ყველაფერს.
_ მარი, მინდა ერთ საქმეზე მოგელაპარაკო! _ უთხრა რძალს ოფელიამ. _
საქმე ისაა, რომ განსვენებული შენი ქმარი თომას განთავისუფლებას დაჰპირდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, ეს საქმე კანონიერი წესით შეესრულებინა. იმედია,
შენ დააბოლოებ იმის დაწყებულ საქმეს.
_ სრულებითაც არა, მე თომას განთავისუფლებას არ ვფიქრობ, _ მკვახედ
გააწყვეტინა ლაპარაკი მარიმ: _ ის ყველაზე კარგი მუშაა და რა ხეირია ჩემთვის, რომ სწორედ ის გავანთავისუფლო? სხვებში რაღას მომცემენ? არც საჭიროდ მიმაჩნია თომას განთავისუფლება: მისთვის ბევრად უკეთესია მონური
ცხოვრება.
_ თვითონ თომას ძალიან უნდა განთავისუფლება, _ შეეცადა ოფელია ლაპარაკის განგრძობას, _ და ამას შეჰპირდა თვითონ ბატონი.
_ დარწმუნებული ვარ, ყველა მონა თავისუფლებაზე ბოდავს, _ მედიდურად წარმოთქვა მარიმ. _ რა უმადური ხალხია! მე მონების განთავისუფლების
წინააღმდეგი ვარ. სანამ მათზე თვალყური უჭირავს ვისმე, კიდევ ადამიანებსა
ჰგვანან, მაგრამ, თუ თავისუფლება მიიღეს, მაშინვე გამხეცდებიან. ბევრი მინახავს ამგვარი მაგალითი.
_ თომაზე ამას ვერ ვიტყვით. მასზე უკეთესი კაცი იშვიათია, _ უთხრა ოფელიამ.
_ მართალია, ისიც წყნარია, სანამ მონაა, მაგრამ მაგისთანებიც მინახავს.
ისიც კარგად ვიცი, რა დაემართებათ ხოლმე განთავისუფლების შემდეგ.
_ ძალიან კარგი, გეთანხმები, რომ შენ ყველაფერს სწორად ამბობ, _ უპასუხა ოფელიამ და ძლივს შეიკავა თავი, რომ მარისათვის არ ეწყენინებინა, _ მაგრამ, რატომ არ ფიქრობ, რომ შეიძლება, შემდეგ თომა ჩავარდეს ცუდი კაცის
ხელში.
_ ეგ ძველი ზღაპრებია! _ წარმოთქვა მარიმ. _ ცუდი ბატონები ძნელი წარმოსადგენია, ან თუ მოიპოვება _ მეტად იშვიათად. კარგ მონას ყველა კარგად
ეპყრობა. ჩვენს სახლში ყოველთვის აუარებელი მონა იყო. მე იმათ შორის გავიზარდე და არასოდეს მინახავს ის საზიზღარი მაგალითები, რომლებიც მოჰყავთ ხოლმე ხშირად.
_ უნდა მოგაგონო, რომ თომას განთავისუფლება სურდა განსვენებულ შენს
ქმარს. მას თავის მხრივ ჩვენმა ძვირფასმა ევამაც სთხოვა.…დავიჯერო, მათ
სურვილს არ შეასრულებ?
_ რა უბედური ადამიანი ვარ! ჩემზე არავინ ფიქრობს! _ ტირილით თქვა
ქალბატონმა სენ-კლერმა, _ მგონია, უამისოდაც ბედმა საკმაოდ დამჩაგრა: დავკარგე ძვირფასი შვილი, ქმარი, რომელსაც სიყვარულით მივთხოვდი, _ ორი
ძვირფასი ადამიანი ამ მოკლე ხანში. დავიჯერო, ადამიანებს იოტისოდენა სიბრალული არა აქვთ ჩემი, რომ ასე დაუსრულებლად მტანჯავენ?!
მარიმ ტირილი მორთო და ისტერიად გადაექცა. საჩქაროდ მოიწვიეს ექიმი. ამ არეულობაში ოფელია ოთახიდან გამოვიდა. მან იმედი დაკარგა, თომასათვის ეშველა რამე.
ამის შემდეგ კიდევ ერთხელ შეეცადა თომას ბედის შემსუბუქებას. წერილი
მისწერა იმის ძველ ქალბატონს, აუწერა, რაც მოხდა სენ-კლერის სახლში, შეატყობინა, რა მოელოდა თომას, და სთხოვა, რაც შეიძლება ჩქარა მოშველებოდნენ
მას.
რამდენიმე დღის შემდეგ თომა, ადოლფი და ათიოდე კიდევ სხვა მონა წაიყვანეს ბაზარზე საჯარო ვაჭრობით გასაყიდად.
ოცდამეექვსე თავი
მონათა სავაჭრო
ღამით მონები დაამწყვდიეს დიდ ოთახში. ისინი სხვადასხვა წლოვანებისანი იყვნენ. ოთახში საშინელი ხმაური და სიცილი ისმოდა. ერთი ზანგი
ოხუნჯობით ართობდა ბრბოს.
თომას არ მოეწონა ლაზღანდარობა. მან თავისი ყუთი მოშორებით დადგა
კუთხეში, ზედ ჩამოჯდა და თავი კედელს მიაყრდნო.
მონებით მოვაჭრენი ყოველთვის ცდილობდნენ, ბაზრის გახსნამდე მონები
კარგად ეკვებათ და გაერთოთ რითიმე. ჯანსაღსა და მხიარულ მონაში ყოველთვის უფრო მეტ ფასს აძლევდნენ მყიდველები. იმ მონებს, რომლებიც საერთო
მხიარულებასა და ოხუნჯობაში არ მონაწილეობდნენ, ვაჭრები კარგი თვალით
არ უყურებდნენ, მავნე კაცებად თვლიდნენ. ხუმარა სამბო მიუახლოვდა თომას
და ცნობისმოყვარეობით შეათვალიერა.
_რას აკეთებს ეს კაცი ამ კუთხეში? _ თქვა იმან ვითომ თავისთვის და გვერდში წიხლი ჰკრა თომას. _ ეგრე განაპირას რადა ზიხარ? _ ჰკითხა ახლა თომას.
_ ოცნებას მისცემიხარ?
_ მე ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ. ვინ იცის, ვის ხელში ჩავვარდები! _ დაღონებული ხმით უპასუხა თომამ.
_ აი სულელი! მაგაზე რა ფიქრია საჭირო! სასიამოვნოცაა ჩემთვის, როცა
მუშტარი მათვალიერებს და მსინჯავს ხოლმე.
ახლა ადოლფს მიუბრუნდა:
_ ხედავ, რა აზიზი ყმაწვილი ბრძანდება! ეს ნამდვილი თეთრკანიანი ბატონია და არა მონა! სუნამოც რომ უპკურებია! რაღაც სხვანაირი პრეწია ყმაწვილი ბრძანდება, როგორც ეტყობა!
_ გთხოვთ, თავი დამანებოთ! _ შეუბღვირა ადოლფმა.
_ ხედავთ, გული შიგნიდან ჰქონია! _ და სამბომ ლაპარაკში გამოაჯავრა
ადოლფს.
ადოლფმა მოთმინება დაკარგა და მივარდა ლაზღანდარას. გაიმართა ჩხუბი და აყალმაყალი. მოჩხუბრებს გარს შემოეხვივნენ სხვა მონებიც და იმათი
კინკლაობით ერთობოდნენ. ხმაურზე სარდაფის პატრონი მოვიდა.
_ რა ამბავი გაქვთ? _ დაუყვირა იმან და მონებს შოლტი გაუტყლაშუნა.
_ ჩვენი ბრალი არ არის, _ გაისმა აქეთ-იქიდან და ბრბო ამ სიტყვებით დაიშალა: _ აი, ახლები რომ მოიყვანეს, იმათ გამართეს ჩხუბი.
სარდაფის პატრონმა ვეღარ გაარჩია მართალი და მტყუანი და თითო შოლტი უთავაზა ადოლფსა და თომასაც.
ქალების განყოფილებაში სხვა სურათი იყო.
დიდ ოთახში ყვირილი და ხმაური იდგა. ბევრი იატაკზე იწვა და ეძინა. აქ
მოხუცებულებიც იყვნენ და ახალგაზრდებიც. ერთ კუნჭულში იწვა ათი-თორმეტი წლის გოგო; ის დიდხანს გულამოსკვნილი ტიროდა და ბოლოს ჩაეძინა
ტირილით მოქანცულს. მას გუშინ დედა გაუყიდეს და მისი ალერსი მოაკლდა.
ცოტა მოშორებით იწვა მოხუცებული დედაკაცი. მის გამხმარ, დაბერებულ ხელებს ეტყობოდა, რომ დედაკაცს მთელი თავისი სიცოცხლე მძიმე შრომაში გაეტარებინა და ახლა, ვინ იცის, ვის ერგებოდა ის საჯარო ვაჭრობით მწვანილის
ფასად. ოთახში სულ ორმოცდაათამდის დედაკაცი იყო. მოშორებით მოჩანდა
ორი დედაკაცი.
ისინი დანარჩენებისაგან განირჩეოდნენ.
ერთი მათგანი მულატი ქალი იყო, ასე ორმოციოდე წლისა, სუფთად ჩაცმული. მას მშვენიერი თვალები და ნაზი პირისახე ჰქონდა. თავზე ეხვია ძვირფასი მოსახვევი. ეტყობოდა, კარგი ოჯახიდან იყო.
ამ დედაკაცს გვერდში ბარტყივით ამოჰკვროდა თხუთმეტ-თექვსმეტი
წლის ლამაზი გოგო. ერთი შეხედვით, შეატყობდით, რომ ესენი დედა-შვილი
იყვნენ. გოგოს ისეთივე შავი, მშვენიერი თვალები ჰქონდა, როგორც მის დედას, შავი თმა კი _ უფრო სქელი და ხუჭუჭი. ნაზ თითებზე ეტყობოდა, რომ
შავ სამუშაოს არ იყო ჩვეული.
აი, როგორ მოხვდნენ დედა-შვილი საჯარო ვაჭრობაში: დედას ერქვა სუსანა, შვილს _ ემელინა. რამდენიმე წლის წინ ისინი იყიდა ერთმა მდიდარმა
ქალმა ახალ ორლეანში.
ეს ქალი მშვენივრად ეპყრობოდა მონებს, წერა-კითხვას ასწავლიდა, ერთი
სიტყვით, ისინი კარგ ცხოვრებაში იყვნენ, რამდენადაც კი შეიძლება მონობის
დროს კარგი ცხოვრება. მაგრამ ამ მდიდარ ქალს ერთი ბედოვლათი შვილი
ჰყავდა. იმან ისე აუწეწა დედას საქმეები, რომ ვალებში ჩააგდო. დედა იძულებული გახდა, ყველაფერი გაეყიდა. დედა-შვილიც გაყიდა. მყიდველმა, თავისი
მხრივ, ბაზარზე წამოიყვანა ორივენი გასასყიდად იმ იმედით, რომ კარგ ფასს
აიღებდა.
მთვარის შუქი ოდნავ ხვდებოდა იმ კუნჭულს, სადაც სუსანა და ემელინა
ისხდნენ. ორივენი ტიროდნენ, მაგრამ ამავე დროს ცდილობდნენ, ერთმანეთისათვის ცრემლები არ დაენახვებინათ.
_ დედა, _ თქვა ემელინამ და თავს ძალა დაატანა, რომ ტირილი არ წასკდომოდა: _ დედილო, დადე თავი ჩემს კალთაზე და დაიძინე.
_ არ მეძინება, შვილო! ვინ იცის, იქნებ უკანასკნელ ღამეს ვატარებთ ერთად!
_ ამაზე ნუ ფიქრობ, დედილო! შეიძლება, ვინმემ ერთად გვიყიდოს. სარდაფის პატრონმა თქვა _ თქვენ, დედა-შვილს, კარგი ვინმე გიყიდის ორივეს ერთადაო.
დედას ამ სიტყვებზე გაახსენდა, როგორი მოურიდებელი სიამოვნებით
უსინჯავდა სარდაფის პატრონი იმის კოპწია გოგონას ხელებსა და თმებს, მოაგონდა სიტყვები: «პირველი ხარისხის საქონელია» და ბრაზით და ზიზღით
აევსო გული. სუსანა თავდაჭერილი ადამიანი იყო და გული უკვდებოდა, როცა
წარმოიდგენდა იმ ცხოვრებას, რომელშიც შეიძლება ჩავარდნილიყო მისი შვილი.
_ იცი, ემა, რა გითხრა! ხვალ ეცადე, რაც შეიძლება მაგრად დაივარცხნო
თმა, რომ ხუჭუჭი აღარ გეტყობოდეს.
_ რადა, დედილო, მაშინ ხომ თმა უშნოდ დამიდგება?
_ მართალს ამბობ, შვილო, მაგრამ შეიძლება ასე ჯობდეს. ბატონებს უყვართ, როცა მოსამსახურე არ კოხტაობს და უბრალოდაა ჩაცმული. შენი კულულები შეიძლება არ მოეწონოთ.
_ კარგი, დედილო, როგორც დამარიგებ, ისე მოვიქცევი.
_ გამიგონე, შვილო! _ განაგრძო დედამ ლაპარაკი: _ თუ ხვალ ჩვენ ერთმანეთს დაგვაშორეს, გახსოვდეს დარიგება: იყავი პატიოსანი, კარგი ქალი.
საბრალო დედა ლაპარაკობდა, მაგრამ ისიც კარგად იცოდა, რა ძნელია
ყმაწვილი ქალისთვის ბრძოლა. კარგად იცოდა, როგორი განსაცდელი მოელოდა იმის შვილს, რა ძვირად დაუჯდება, თუ გოგო მოინდომებს სირცხვილსა და
გახრწნილებას თავი დააღწიოს.
მთვარე ზევიდან დაჰყურებდა საპყრობილეს, რომელშიც ამდენი ტანჯული და წამებული იმყოფებოდა.
გათენდა დილა, დამწყვდეულ და გასაყიდად გამზადებულ მონათათვის
საზარელი და საბედისწერო.
სარდაფის პატრონი, ბატონი სკეგსი ხან ერთთან მივიდოდა, ხან მეორესთან, რაღაც მოუსვენრობა ეტყობოდა.
_ ეს რა გიქნიათ ამ გოგოსთვის? _ დაიძახა მან წყრომით, როცა ემელინას
თმები დაინახა. _ ხუჭუჭი კულულები რა იქნა? ასე უშნოდ რად დაგივარცხნიათ?
_ მე ვიფიქრე, ასე ემჯობინება-მეთქი, _ უპასუხა სუსანამ, _ უეჭველია, ამას
ვინმე ხელზე მოსამსახურედ იყიდის და ბატონებს ეჯავრებათ მოპრანჭული
გოგოები.
_ შენ მაგეებს ვინა გკითხავს! _ გააწყვეტინა ლაპარაკი სკეგსმა, _ ახლავე წადი და ძველებურად დავარცხნე თმები. _ მარტო ამ ხუჭუჭებში გაიღებს კარგი
მუშტარი ას დოლარს.
თომა სხვა მონებთან ერთად იდგა დაფიქრებული და ათვალიერებდა სავაჭროდ მოსულ ხალხს; სურდა, დაენახა ისეთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო
მისი ნდობა და პატივისცემა გამოეწვია. ამ აუარებელ ხალხში არ მოიპოვებოდა
არც ერთი სახე, რომ სენ-კლერის მშვენიერ სახესთან შორეული მსგავსება მაინც
ჰქონოდა. თომა ვეღარ იშოვიდა ისეთ ბატონს!
რამდენიმე წუთის წინ, სანამ ვაჭრობა დაიწყებოდა, მონებში დაიწყო სიარული და იმათი თვალიერება დაბალმა, ჯმუხმა კაცმა. მას პერანგის საკინძე
გახსნილი ჰქონდა და ამოზუნზლული შარვალი ეცვა. თომამ შეხედა და განუსაზღვრელი ზიზღი იგრძნო ამ კაცისადმი. მართლაც, მეტად ცუდი შესახედაობა ჰქონდა: ქერა, ყალყზე შემდგარი თმები, ქერა წვერ-ულვაში, ჭროღა თვალე-
ბი და განიერი პირი, რაღაც ნადირსა ჰგავდა. ვეებერთელა პირს წამდაუწუმ
აღებდა და შიგ თამბაქოს იტენიდა, ღეჭავდა თამბაქოს და აფურთხებდა. როცა
ზანგებს სინჯვა დაუწყო, მაშინ ხომ სულ გამოააშკარავა თავისი მხეცობა. ბრიყვულად წაავლო თომას ქვედა ყბაში ხელი, პირი გაუღო და კბილები გაუსინჯა,
მერე მკლავები და კუნთები უნახა. მერე უბრძანა, გაქცეულიყო, რომ ენახა,
რამდენად მაგარი ფეხები ჰქონდა.
_ სადაური ხარ? _ ჰკითხა ბოლოს თომას.
_ კენტუკიდან, ბატონო! _ უპასუხა თომამ და გარშემო მიიხედ-მოიხედა,
თითქოს შველასა სთხოვდა ვისმე.
_ იქ რას აკეთებდი?
_ სულ მე მებარა ჩემი ბატონის მეურნეობა.
_ ტყუი, ცრუობ! _ და ამ სიტყვებით თომას მოშორდა.
ახლა ქალებთან მივიდა და ემელინას ხელები და კისერი გაუსინჯა. დედას
გული უსკდებოდა, რომ ასე უზრდელად ექცეოდნენ იმის ქალს. ბავშვი დედას
მიეკრა და ტირილი დაიწყო.
_ ნუ იცრემლები, _ შეუტია ბავშვს სარდაფის პატრონმა. _ მალე ვაჭრობა
დაიწყება, აქ თამაშობა კი არ გეგონოთ.
მართლაც ჩქარა დაიწყო ვაჭრობა.
რიგი თომაზე მიდგა.
_ აბა, ყოჩაღად! _ უთხრა თომას დამფასებელმა.
თომა ავიდა საგანგებოდ სავაჭროდ მომზადებულ ადგილზე და შეშინებული თვალები მოავლო გარშემო. ხმაური ესმოდა და ლაპარაკს კი ვერ არჩევდა,
ისე აერია ყველაფერი თავში. ბოლოს გაიგონა დამფასებლის ჩაქუჩის ბრახუნი.
ვაჭრობა გათავებული იყო. თომა გაყიდეს. ვიღაცამ მოავლო ხელი და ამაღლებული ადგილიდან გადმოაგდო. სწორედ იმ საშინელი სახის კაცმა წაავლო თომას მხარში ხელი, გვერდზე გაიყვანა და დაუყვირა:
_ აქ გაჩერდი!
თომას თავზარი დაეცა, როცა გაიგო, რომ სწორედ იმ კაცს უყიდია, რომელმაც პირველი შეხედვისთანავე მის გულში ზიზღი გამოიწვია.
ვაჭრობა თავისი წესით წარმოებდა. დამფასებლის ჩაქუჩი ხმაურობდა.
სუსანასა და ემელინას გარშემო დიდი ბრძოლა ატყდა ვაჭართა შორის. როცა დედა გაყიდეს და ამაღლებული ადგილიდან ჩამოაგდეს, იმან მთრთოლვარე ხელები გაიწოდა შვილისაკენ. გამწარებულ დედას ერთი შუახნის, კეთილი
სახის კაცი მიუახლოვდა.
_ ოჰ, ბატონო, გემუდარებით, ჩემი შვილიც იყიდეთ!
_ დიდი სიამოვნებით, თუ ფული მეყო.
ეტყობოდა, იმასაც ეცოდებოდა შეშინებული გოგო.
ემელინაზე უფრო დიდი ბრძოლა ატყდა. დამფასებელმა ეს რომ დაინახა,
ფასი აუწია. სუსანას მყიდველმა ვეღარ შეძლო მომატება და ვაჭრობას თავი
დაანება.
ემელინაც იმ ვაჭარს ერგო, რომელმაც თომა იყიდა.
ამ ვაჭრის გვარი იყო ლეგრი. მას დიდი პლანტაციები ჰქონდა წითელ
წყალზე. ემელინაც ჩააყენეს თომას ჯგუფში. მათთან კიდევ ორი მონა იყო. ბავშვი ცრემლად იღვრებოდა, მაგრამ ცრემლები რას უშველიდა. იძულებული
იყო, საითაც უბრძანებდნენ, იქით წასულიყო.
ოცდამეშვიდე თავი
ისევ მონად
ბიძია თომა ხელფეხგაბორკილი იჯდა გემის ქვედა ბაქანზე. გემი წითელ
წყალზე მიდიოდა. შავი ფიქრები უხუთავდნენ სულს თომას. ყველაფერი კარგი გაჰქრა მის ცხოვრებაში და აღარავითარი იმედი არა ჰქონდა მონობიდან
განთავისუფლებისა. უნდა გამოსთხოვებოდა იმ ოცნებას, რომ როდისმე დაბრუნდებოდა კენტუკში თავის ცოლ-შვილთან, ნაცნობ-მეგობრებთან. მწარედ
იგონებდა, რა კარგად ცხოვრობდა სენ-კლერის სახლში. ახლა ქედი უნდა მოეხარა ახალი ბატონის წინაშე, ეწია ის მძიმე უღელი, რომელსაც ახლა ადგამდნენ. ლეგრის, თომას გარდა, ბაზარზე ნაყიდი რვა სხვა მონაც მიჰყავდა. სანამ
გემში ჩასვამდა, თითოეული მათგანი კარგად გაჩხრიკა. ბოლოს ჯერი მიდგა
თომაზე. შეხედა მის ტანისამოსს, ახალ წაღებს და დაუღრიალა:
_ ადექ ზეზე!
თომა ადგა.
_ გაიხადე ყველაფერი!
თომას ტანთ გახდას ბორკილები უშლიდა. ლეგრიმ თვითონ გააძრო საჩქაროდ ტანისამოსი, გახსნა მისი ყუთი, იქიდან ძველები ამოიღო და მისცა ჩასაცმელად. ამ ტანისამოსს სენ-კლერის სახლში თავლაში ცხენების მოვლის დროს
იცვამდა ხოლმე.
_ აბა, მარდად ჩაიცვი, _ უთხრა ლეგრიმ თომას. _ ფეხსაცმელიც გაიხადე
და ეს ძველები ჩაიცვი! _ მიუყარა დაგლეჯილი წაღები. ლეგრიმ გაუსინჯა ჯიბეები და, რაც კი იპოვა, სხვათა შორის, ევას სახსოვარი თმები, ყველაფერი გადაუყარა წყალში.
_ მე მეჯავრება, როცა ჩემი მონები წერა-კითხვასა და სხვა ამისთანა სისულელეებში კარგავენ დროს. ეს კარგად დაიხსომე! ამის შემდეგ მხოლოდ მე ვარ
შენი ბატონ-პატრონი, ყოველი ჩემი სურვილი და ბრძანება შენთვის კანონი
უნდა იყოს!
ლეგრიმ გახსნა თომას ყუთი და იქვე გაყიდა, რაც მეტი საცვალი და ბარგი
აღმოაჩნდა. თან დასცინოდა მონებს _ ბატონებს ჰბაძავენ და ბატონებივით
მოპრანჭულები დადიან ხოლმეო.
_ აი, ახლა მშვენივრად ბრძანდები მორთული, _ უთხრა მან თომას, როცა
ყველაფერი გაუყიდა. _ შენ ახლა მეტი ბარგი აღარ შეგაწუხებს. რაც ახლა ჩაგაცვი, ამ ტანისამოსს უნდა გაუფრთხილდე, ჩემო კარგო, იმიტომ რომ ჩემგან
სხვა ტანისამოსს ნუღარ მოელი წლის დამლევამდის.
ლეგრი ახლა ემელინას მიუბრუნდა.
_ აბა, გოგო, _ უთხრა მას უნამუსო ღრეჭით და ნიკაპში ხელი ამოჰკრა, _
მხიარულად შემომხედე!
გოგომ უკან დაიწია. მის სახეზე შიში და ზიზღი გამოიხატა. ლეგრიმ შუბლი შეიჭმუხნა.
_ პრანჭვა-გრეხას თავი უნდა დაანებო, _ უთხრა იმან, _ როცა მე გელაპარაკები, მხიარული ღიმილით უნდა შემომყურებდე, გესმის თუ არა? შენ, ჰეი, ბებრუცუნავ, ნურც შენ ჩამოგიშვია ცხვირი, _ მიუბრუნდა მესამეს, _ ყველანი მხიარულად უნდა იყვეთ! მე მონების გათამამება არ მიყვარს. ბუნებამ დამაჯილდოვა იმათთვის ზორბა მუშტით! _ თქვა ესა და თომას ისე ახლო მიუტანა მუშტი ცხვირთან, რომ თომამ უნებურად უკან დაიხია.
_ მე დაქირავებული ნოქრები არა მყავს, ჩემს საქმეებს მე თვითონ ვაწარმოებ! _ ყვიროდა ლეგრი და აბობოქრებული მიმოდიოდა. _ თუ მონამ რამე გამიფუჭა, ჩემი ხელით გავაძრობ ტყავს.
ამის შემდეგ ის წავიდა გემის იმ ნაწილისაკენ, სადაც ბუფეტი ეგულებოდა,
რომ არაყი გადაეხუხა.
უბედური მონები კი შებორკილები და გულჩათუთქულები ისხდნენ გემის
ბაქანზე. რაღას უნდა მოელოდნენ ისინი ასეთი საზარელი ადამიანის ხელში?
ვინ იხეირებს ასეთ ბოროტ ადამიანთან? ემელინა ბორკილით გადაბმული იყო
ახალგაზრდა მულატ ქალთან. ყმაწვილი გოგო გამოელაპარაკა მეზობელს.
_ ვინ იყო უწინ თქვენი ბატონი? _ ჰკითხა მან.
_ ბატონი ელისი, _ უპასუხა მულატმა ქალმა, _ გამოჩენილი მდიდარი კაცი. ნანახი გექნებათ იმისი მშვენიერი სასახლე ახალ ორლეანში.
_ როგორი კაცი იყო?
_ წინათ კარგი, მაგრამ ავადმყოფობის შემდეგ გაავზნევდა და აუტანელი
შეიქნა იმასთან სამსახური. არც დღე, არც ღამე მონებს მოსვენებას არ აძლევდა.
მე მთელ ღამეს თავის გვერდით მათევინებდა, ძილის ნებას არ მაძლევდა. ძალა გამომელია, დავსუსტდი და ერთხელ, სამწუხაროდ, წამეძინა. ბატონი საშინლად გამიწყრა და დამემუქრა _ გაგყიდიო. ასეც მოხდა. გამყიდა და მერე ამ
ბოროტი კაცის ხელში ჩამაგდო. წინათ მპირდებოდა _ გაგათავისუფლებო.
_ მშობლები გყავთ? _ განაგრძო ემელინამ კითხვა.
_ ქმარი მყავს. ვერც კი მოვასწარ მასთან გამოთხოვება. ქმრის გარდა, ოთხი
შვილი დამრჩა იქა. ოჰ, მე უბედური!..
დედაკაცმა თვალებზე ხელი მიიფარა და მწარედ ატირდა. ემელინა შეეცადა, საცოდავისათვის ნუგეში ეცა, მაგრამ რა ანუგეშებს ასეთ უბედურებაში
მყოფ ადამიანს?
გემი მიაპობდა წყლის ტალღებს. უბედური ხელფეხშებორკილი მონები
გაჰყურებდნენ მთა-გორიან ნაპირებს. ბოლოს გემი გაჩერდა იმ პატარა ქალაქის
ნავსადგურში, სადაც ლეგრი უნდა გადმოსულიყო თავისი მონებით.
ოცდამერვე თავი
ახალი ბინა
თომა და მისი თანამგზავრები ძლივს იძვროდნენ ტალახიან გზაზე. მათ
წინ მიდიოდა ურემი; შიგ ისხდნენ ლეგრი, ემელინა და მულატი ქალი. ლეგრის თავის მამულში მიჰყავდა მონები. გზა მიდიოდა დაბურულ, თვალუწვდენელ ნაძვის ტყეში. ძნელი წარმოსადგენია ამაზე ყრუ და მივარდნილი ადგილი.
ქარი ქროდა და ახმაურებდა ხეებს. ბალახებში დასრიალებდნენ მცურავები
და სხვადასხვა ქვეწარმავალნი. ასეთ გზაზე მოგზაურობა ბედნიერ და მხიარულ კაცსაც კი აღუძრავდა შავ ფიქრებს და, აბა, რა დაემართებოდათ დარდისა
და ნაღველისაგან გამწარებულ მონებს? მოწყენილნი იყვნენ ლეგრის მონები,
სახეები ჩამოსტიროდათ! მხოლოდ ლეგრი იყო მხიარულად. წამდაუწუმ არაყს
ხუხავდა და ამით იკეთებდა გუნებას.
_ თქვენ, ჰეი, ზანგებო! _ დაუყვირებდა ხოლმე ის მონებს დროგამოშვებით,
როცა იმათ დაღვრემილ სახეებს დაინახავდა, _ რას ჩამოგიშვიათ ცხვირები?
აბა, იმღერეთ რამე!
მონები ერთმანეთს შეხედავდნენ და უჩუმრად განაგრძობდნენ გზას.
_ არ გეყურებათ, რომ გიბრძანებთ? _ დაიღრიალა ლეგრიმ ბოლოს და
შოლტი გაატკაცუნა.
ვიღაცამ რაღაც უაზრო სიმღერა დაიწყო, მოჰყვა ფეხების ბარტყუნს და შაირები მიაყოლა; დანარჩენებმა ძალაუნებურად ბანი მისცეს. ეს ვითომდა მხიარული სიმღერა ტირილსა და ქვითინზე უფრო მძიმე მოსასმენი იყო, იმიტომ
რომ ეს იყო ცრემლებში ნალევი ხმა ტანჯული ადამიანებისა. მაგრამ ლეგრი
ამას ანგარიშს არ უწევდა. მან განზრახ უბრძანა მონებს ემღერათ, რომ ფიქრის
დრო აღარ დარჩენოდათ.
_ აი, ჩემო კეკლუცო, ცოტა კიდევ და მალე ჩვენს სახლში ვიქნებით, _ ამ
სიტყვებით მან ემელინას მხარზე დაადო ხელი.
შეშინებული ემელინა მულატ ქალს მიეკრა, თითქო იმასა სთხოვდა შველას. ეშინოდა ლეგრის ლანძღვა-გინებისა და ყვირილისა, მაგრამ უფრო მწარე
დღე ადგებოდა ლეგრის ალერსისაგან.
_ განა საყურეებს არ ატარებ? _ ჰკითხა ლეგრიმ.
_ არა, ბატონო, _ ცახცახით მიუგო თავდახრილმა ქალმა.
_ ლამაზ საყურეებს გაჩუქებ, თუ ჭკვიანი გოგონა იქნები, _ უთხრა ლეგრიმ,
_ შენ ჩემი ნუ შეგეშინდება: შენისთანა ლამაზ გოგონასთვის ძალიან გულკეთილი ვარ ხოლმე.
ლეგრის არაყი მოერია და არშიყობის გუნებაზე დადგა.
ჩქარა გამოჩნდა იმისი მამული და სახლი. ოდესღაც ეს მამული ეკუთვნოდა მდიდარ მემამულეს და მშვენივრადაც ჰქონდა მოვლილ-მოწყობილი, მაგ-
რამ, რაც ლეგრიმ იყიდა, მამულის გამშვენიერებაზე ხელი აიღო. იმისთვის
სულ ერთი იყო _ შერჩებოდა სასახლეს თუ არა ძველებური მშვენიერება. ერიდებოდა ისეთ ხარჯს, რომელსაც პირდაპირი სარგებლობის მოტანა არ შეეძლო. ამის გამო სასახლემ ნელ-ნელა დაკარგა თავისი ძველი მშვენიერება. უწინ
სასახლეს დიდი, მწვანით შემოსილი ეზო ჰქონდა, ახლა კი ეზო ნარ-ეკლითა
და ნაგვით იყო სავსე. ირგვლივ ღობეზე ასული ყვავილები ალაგ-ალაგ გადახმა. კვლებში უბრალო ბალახმა ყვავილებს თავს გადაუარა. აქა-იქ ეყარა დამტვრეული თიხის ქოთნები.
ურემი გრძელ ხეივანში შევიდა. ხეივნის ბოლოს სასახლე მოჩანდა. ურემი
სასახლის წინ გაჩერდა. ლეგრის ავმა ძაღლებმა საშინელი ყეფა ატეხეს და
ურემს მიესივნენ, სახლიდან ბიჭები გამოცვივდნენ და ძლივს მოუგერიეს ძაღლები ახალმოყვანილ მონებს.
_ აი, ხომ ხედავთ, გირჩევთ, ყოველთვის ფხიზლად იყოთ და ძაღლებს არ
ჩაუვარდეთ პირში, თორემ შესაჭმელად არ დაგინდობენ. კარგად გახსოვდეთ,
რომ ჩემი ძაღლები დაგეშილები არიან ზანგებზე და, თუ ვინმე თქვენგანი მოისურვებს გაქცევას, ვაი იმის ტყავს!
_ სამბო, როგორ აწარმოეთ საქმეები უჩემოდ? _ ჰკითხა ლეგრიმ ზანგს, რომელიც ბატონს თავს დასტრიალებდა.
_ ძალიან კარგად, ბატონო!
_ შენ, კვიმბო, _ მიუბრუნდა მეორე ზანგს, რომელიც აგრეთვე ცდილობდა,
ბატონის ყურადღება მიეპყრო, _ ყველაფერი აასრულე, რაც დაგავალე?
_ დიახ, ბატონო! _ მიუგო კვიმბომ მონური ღიმილით.
ეს ორი ზანგი ზედამხედველად ჰყავდა ლეგრის.
ეს ზანგები ბატონზე უფრო ბოროტები იყვნენ და საბრალო მონებს საშინლად ტანჯავდნენ. ორივენი ცდილობდნენ, ბატონის ყურადღება დაემსახურებინათ, მისი გული მოეგოთ. ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მაბეზღარობასა და სისასტიკეში. მათ ერთმანეთი სძულდათ, ერთმანეთის შურით იყვნენ სავსენი და
მუდამ ეცილებოდნენ ერთმანეთს.
_ აბა, სამბო, ეს ბიჭები დააბინავე. აი, ეს ქალბატონი შენთვის მიჩუქებია, _
უთხრა მან ერთგულ მონას და მულატ ქალზე უჩვენა: _დაგპირდი, შენთვის
ცოლი მეშოვა, და, აი შეგისრულე დაპირება. შეგიძლია, შენს ქოხში წაიყვანო.
საბრალო შეშინებულმა ქალმა უკან დაიხია.
_ რას ბრძანებთ, ბატონო, _ თქვა ქალმა, _ მე ხომ ქმარი მყავს, ის ახალ ორლეანშია.
_ მერე რა არის? ის ორლეანშია, აქ კი სხვა ქმარი დაგჭირდება. გაჩუმდი, შე
სულელო, და წაჰყევი, სადაც წაგიყვანს.
ამ სიტყვებით ლეგრიმ შოლტი მოუღერა დედაკაცს.
ამ დროს სასახლის ფანჯრიდან ერთმა დიდთვალა შავკანიანმა ქალმა გამოიხედა. როცა ლეგრიმ სახლის კარებში შედგა ფეხი, ოთახიდან გაჯავრებული
ქალის ხმა მოისმა.
თომა თვალყურს ადევნებდა ემელინას. მან გაიგონა ქალის ხმა და ლეგრის
შემდეგი პასუხი:
_ გაჩუმდი! მე ვარ აქ ბატონი, რაც მსურს, იმას ვაკეთებ.
მეტის გაგონება ვეღარ მოასწრო, იმიტომ, რომ თომა სამბომ წაიყვანა დასაბინავებლად.
ლეგრის მონები ცხოვრობდნენ პატარ-პატარა ქოხებსა და მიწურებში, სასახლის ცოტა მოშორებით.
თომას გულმა დაიკვნესა, ეს ქოხმახები რომ დაინახა. როცა ერთ ქოხში შეიყვანეს, სული შეეხუთა და იმავ წამს გარეთ გამოვარდა.
_ რომელ ქოხში უნდა ვიცხოვრო? _ ჰკითხა მან სამბოს.
_ მეც არ ვიცი, რომელში მოგათავსო. აი იმ ქოხში, ვგონებ, კიდევ არის ერთი კაცის ადგილი, _ უთხრა სამბომ და მიუთითა ერთ ქოხზე.
მუშაობით დაქანცული მონები გვიან საღამოთი დაბრუნდნენ, მათ დაძონძილი ტანისამოსი ეცვათ და დაღვრემილი სახეები ჰქონდათ. არც კი შეუხედავთ ახლად მოყვანილებისათვის. ისინი მთელი დღე მზის ამოსვლიდან დაღამებამდის თავაუღებლივ მუშაობდნენ. თუმცა ბამბის მოკრეფა ძნელი საქმე
არ არის, მაგრამ მთელი დღე სიცხე-პაპანაქებაში ტრიალი კაცს ჩაგრავს. თომა
კი ათვალიერებდა ამხანაგებს და ცდილობდა, მათ შორის ეპოვა ვინმე, რომ გული შეჰვარდნოდა. მაგრამ ამაოდ, ყველას მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. აქ
კაცი მხიარულ ლაპარაკს ყურს ვერ მოჰკრავდა. შინ დაბრუნების შემდეგ კიდევ
ჰქონდათ საზრუნავი: ხელსაფქვავებზე ხორბალი უნდა დაეფქვათ, ცომი მოეზილათ და ვახშმისათვის პური გამოეცხოთ. ყველა მათგანი ცდილობდა, ადრე
ჩაეგდო ხელში ხელსაფქვავი.
შუაღამემდის ხელსაფქვავების ღრიჭინი ისმოდა. ხელსაფქვავები ცოტა იყო
და ამიტომ ჯერითა ფქვავდნენ. მძლავრები ძალმომრეობდნენ და უწინ ფქვავდნენ, სუსტები ბოლოს რჩებოდნენ.
_ აბა, ერთი ხორბალი დამიფქვი და ვახშამი მომიმზადე, _ უთხრა სამბომ
ლეგრისაგან ნაბოძებ ცოლს. _ რა გქვია? შენი სახელი მითხარი.
_ ლუსი, _ უპასუხა დედაკაცმა.
_ გამიგონე, ლუსი, შენ ახლა ჩემი ცოლი ხარ და უნდა მემსახურო.
_ მე შენი ცოლი არა ვარ და არც ვიქნები არასოდეს, _ უთხრა დედაკაცმა
გაბრაზებით. _ დამეკარგე აქედან!
_ ხმა ჩაიკმინდე, თორემ მე ვიცი შენი! _ დაუღრიალა სამბომ. _ წიხლი ხომ
არ მოგდომებია.
_ მომკალი, თუ შეგიძლია. რაც ჩქარა მოვკვდები, ისა ჯობია, _ უპასუხა
გამწარებულმა დედაკაცმა.
თომას ძალიან მოშივდა. გზაში გემოთი არაფერი გაუსინჯავს და დაღლილობისა და შიმშილისაგან მუხლები ეკეცებოდა.
_ აი შენი ერთი კვირის საზრდო, _ უთხრა მას კვიმბომ და ერთი პარკი
ხორბალი გადმოუგდო, _ შენ თვითონ უნდა დაფქვა და გამოაცხო. კარგად გა-
უფრთხილდი ამ საზრდოს, თორემ ერთი კვირის განმავლობაში მეტს ვეღარ
მიიღებ.
თომამ დიდხანს იცადა, სანამ ხელსაფქვავის ჯერი შეხვდებოდა. შიმშილისა და დაღლილობის მიუხედავად, მან ორ დედაკაცს უშველა ჯერის გამოფქვა,
შემდეგ შეუკეთა ბუხარს და ისევ შეუდგა ხორბლის დაფქვას.
დედაკაცები თავის მხრივ დაეხმარნენ ცომის მოზელაში.
მალე დედაკაცებიც წავიდნენ. თომა მარტო დარჩა ცეცხლის პირას. ხანი გადიოდა. ბუხარში ცეცხლი ჩაიფერფლა. მთვარე ამოვიდა და არემარეს შუქი
მოჰფინა. გაანათა მონათა უბანიც. აქ ეძინათ მუშაობით მოქანცულ ადამიანებს.
მთვარის ნაზი შუქი იმ ქოხსაც მოხვდა, რომელშიც თომა იჯდა მარტო.
თომა მტკიცე ადამიანი იყო, მაგრამ ამ მძიმე წუთებში, საზარელი მომავლის მოლოდინში, იმისი სპეტაკი სულიც წყვდიადმა მოიცვა. ეჭვები შეეპარა
იმ საღმრთო სიტყვებში, რომლებიც ყოველთვის ამხნევებდა და უადვილებდა
მონის მძიმე უღლის ატანას.
კარგა ხანს იმყოფებოდა თომა ამ გამოურკვეველ მდგომარეობაში. ბოლოს
წამოდგა და თავისი ქოხისაკენ წავიდა. იქ უკვე რამდენსამე კაცს ეძინა. ქოხში
მძიმე ჰაერი იყო. თომას შეეზიზღა იქ ყოფნა, მაგრამ მეტი გზა არა ჰქონდა: გარეთ დედამიწა დანამული იყო და არ შეიძლებოდა იქ წოლა. გაეხვია დაგლეჯილ საბანში, მიწვა ჩალაზე და მიიძინა. სიზმარში პატარა ევა ნახა.
ოცდამეცხრე თავი
სამუშაოზე მომხდარი ამბავი
თომა მალე მიხვდა, რას უნდა მოელოდეს კაცი ახალი ბატონისაგან. პირველ დღესვე იმდენი უსამართლობა და სიმკაცრე ნახა, ისე საძაგლად ექცეოდნენ ყველანი მონებს, რომ აქ ადამიანური ცხოვრების იმედი არ უნდა ჰქონოდა.
მაგრამ კეთილმა, მშრომელმა და სინდისიერმა ადამიანმა გადაწყვიტა, ყოველი
ღონე ეხმარა და კარგი ყოფაქცევითა და მუყაითობით ლეგრის გული მოეგო.
ბატონმაც თავის მხრივ ჩქარა შეატყო, რომ თომა მხნე მუშა იყო, და აზრად
ჰქონდა, მომავალში მუშების ზედამხედველად დაენიშნა, თუმცა რაღაც დაუძლეველ სიძულვილს გრძნობდა ამ მშვიდი და კეთილი შავკანიანისადმი. მისი
ბოროტი გული ვერ ეგუებოდა თომას ყოფაქცევას. ლეგრის თანაშემწე რომ გამხდარიყო, თომას ხასიათი სულ უნდა შეეცვალა, ისევე სასტიკად უნდა მოქცეოდა მონებს, როგორც სხვა ზედამხედველები.
და ლეგრიც შეუდგა თომას აღზრდას.
ერთხელ, როცა მონები სამუშაოდ გავიდნენ, თომას ყურადღება მიიქცია
ერთმა ახალმა მუშა ქალმა: იგი გამოირჩეოდა სხვებისაგან თავისი გარეგნობით
და თავიც დამოუკიდებლად ეჭირა.
ეს იყო მაღალი, მოყვანილი ტანის ქალი; ნაზი თითები და პატარა ფეხები
ჰქონდა; სუფთად ეცვა. შესახედაობით ასე ოცდათხუთმეტ-ოცდათექვსმეტი
წლის იქნებოდა. თუმცა მწუხარებას მისი სახისათვის თავისი კვალი დაეჩნია,
მაგრამ ქალს კიდევ შერჩენოდა ძველი სილამაზე. მომხიბლავი შავი, დიდი
თვალები, მშვენიერი შუბლი, პატარა კოპწია პირი ამკობდა მის პირისახეს.
დაღვრემილ სახეს ტანჯვა-წამების ბეჭედი აჩნდა. ეტყობოდა, აქ მას ყველაფერი სძაგდა, ეზიზღებოდა. თომას ამის მეტად არ ენახა ეს ქალი და გაკვირვებით
გააყოლა თვალი, როცა ქალმა მონებს შორის ამაყად გაიარა. ეტყობოდა, მონები
კარგად იცნობდნენ ამ ქალს, ყველა რაღაც ეჭვიანად იღიმებოდა მის დანახვაზე
და მოურიდებლად დასცინოდა.
_ აჰა, შენც მოესწარი ამ დღეს! დროა, შენც იგემო მონის უღელი!
_ რაო, ქალბატონო, დამთავრდა შენი ბატონობა? შენმა ნაზმა ხელებმაც უნდა სცადონ მუშაობა?
_ მგონი, დღეს ამას სამბოს შოლტი არ ასცდება, ბიჭებო!
_ არ მოუხდება თუ? შეხედეთ, რა ნაზი კანი აქვს!
ქალი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ამ დაცინვას. თომამ იცოდა კაცის
ცნობა და ჩქარა მიხვდა, რომ ეს ქალი კარგი ოჯახის შვილი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ ის ვერ გაეგო, როგორ ჩავარდა ასეთ მდგომარეობაში. გზაში ქალს თომასკენ ერთხელაც არ მიუხედავს, თუმცა თითქმის მხარდამხარ მისდევდა.
მივიდნენ თუ არა მინდორში, თომა მაშინვე შეუდგა მუშაობას, მაგრამ მაინც თვალს ადევნებდა ამ უცნაურ მონა ქალს. ჩქარა შენიშნა, რომ ქალი მარჯვე
მუშა იყო. თომას გვერდით მუშაობდა ლუსი, რომელსაც უმძიმდა მუშაობა. სისუსტისაგან ისე დალასლასებდა, თითქოს საცაა წაიქცევაო. თომა შეუმჩნევლად მიუახლოვდა ლუსის და მოკრეფილი ბამბა კალათში ჩაუყარა.
_ ნუ იზამ ამას, თორემ შეგამჩნევენ და დაგსჯიან, _ უთხრა ქალმა.
ამ დროს საიდანღაც გაჩნდა ზედამხედველი სამბო თავისი მათრახით.
_ რას ჩადიხართ, თქვე ცუღლუტებო! _ დაიღრიალა მან და წიხლი ჩაჰკრა
ქალს. თომასაც ისე ღონივრად გადააწნა სახეზე მათრახი, რომ თომას სისხლი
წასკდა. იგი უხმოდ დაბრუნდა თავის ადგილზე და მუშაობა განაგრძო, ლუსი
კი ღონემიხდილი დაეცა მიწაზე.
_ დამაცადე, ჩქარა წამოგახტუნებ! _ თქვა ბრაზმორეულმა სამბომ, სახელოდან გრძელი ქინძისთავი ამოიღო და საბრალო ქალს ყუნწამდის შეურჭო გვერდში. ქალმა დაიგმინა და წამოიწია.
_ ადექი, შე პირუტყვო! _ დაუყვირა სამბომ, _ თორემ უარესად გაგიმასპინძლდები.
ლუსიმ უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა, კვნესით წამოდგა და სცადა მუშაობა.
სამბო მოშორდა. მულატმა ქალმა განწირული ხმით წარმოთქვა:
_ ნეტავ, როდის მოეღება ბოლო ამ ტანჯვას?
თომა დარაჯობდა სამბოს და, წავიდა თუ არა იგი, ისევ მივიდა ლუსისთან
და კიდევ ჩაუყარა კალათში ბამბა.
_ ნუ იქცევი აგრე; იქნებ არ იცი, როგორ აწამებენ ამის გულისათვის?
_ რაც უნდათ, ის მიყონ, _ უპასუხა თომამ, _ მე ჯანსაღი ვარ და ბევრს ავიტან, შენ კი ძლივსღა დგახარ ფეხზე.
ამ სიტყვებით თომა თავის ადგილზე დაბრუნდა. ამ დროს იმის კალათს
მიუახლოვდა ის ქალი, რომელსაც თომა დილით გაოცებული შეჰყურებდა, და
კალათში ბამბა ჩაუყარა.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Bidzia Tomas Kokhi - 13
  • Parts
  • Bidzia Tomas Kokhi - 01
    Total number of words is 3886
    Total number of unique words is 2000
    33.0 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 02
    Total number of words is 3882
    Total number of unique words is 1997
    32.6 of words are in the 2000 most common words
    48.3 of words are in the 5000 most common words
    56.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 03
    Total number of words is 3836
    Total number of unique words is 1968
    33.7 of words are in the 2000 most common words
    48.2 of words are in the 5000 most common words
    57.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 04
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2014
    32.6 of words are in the 2000 most common words
    46.1 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 05
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2027
    32.8 of words are in the 2000 most common words
    47.6 of words are in the 5000 most common words
    56.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 06
    Total number of words is 3853
    Total number of unique words is 2026
    34.0 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    56.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 07
    Total number of words is 3811
    Total number of unique words is 2013
    32.4 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 08
    Total number of words is 3835
    Total number of unique words is 1991
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.7 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 09
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 1939
    34.2 of words are in the 2000 most common words
    48.0 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 10
    Total number of words is 3822
    Total number of unique words is 1805
    34.9 of words are in the 2000 most common words
    50.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 11
    Total number of words is 3809
    Total number of unique words is 1820
    36.0 of words are in the 2000 most common words
    51.0 of words are in the 5000 most common words
    59.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 12
    Total number of words is 3841
    Total number of unique words is 2005
    32.7 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 13
    Total number of words is 3854
    Total number of unique words is 2035
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 14
    Total number of words is 3873
    Total number of unique words is 1953
    31.7 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 15
    Total number of words is 2708
    Total number of unique words is 1580
    34.9 of words are in the 2000 most common words
    49.4 of words are in the 5000 most common words
    58.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.