Latin
Total number of words is 3854
Total number of unique words is 2035
32.8 of words are in the 2000 most common words
45.4 of words are in the 5000 most common words
52.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ქალს გაეგონა თომას და ლუსის ლაპარაკი.
_ გეტყობა, დიდი ხანი არ არის, რაც მოსულხარ, _ უთხრა ქალმა თომას, _
აქაური წესები არა გცოდნია. აქ სხვისი შებრალება კი არა, ნეტავი კაცმა თავისი
თავი როგორმე გადაირჩინოს.
_ შენც დაიწყე ჩემი მოტყუება?! _ დაუყვირა სამბომ, რომელიც საიდანღაც
გაჩნდა ქალის ახლოს და შოლტი მოუღერა. _ ნუ გავიწყდება, მზეთუნახავო,
რომ ახლა შენი უფროსი მე ვარ. მიფრთხილდი, ჩემი მათრახი არ იგემო.
ქალი აენთო, თვალებიდან ელვა გამოკრთა, ცხვირის ნესტოები დაებერა,
ტუჩები სიბრაზით აუთრთოლდა. მან ამაყად, ზიზღითა და მძულვარებით შეხედა სამბოს.
_ ერთი გაბედე და თითი დამაკარე, შე ლაწირაკო, შენა! _ დაუყვირა ქალმა.
_ არ გეგონოს, თითქოს მე გავლენა აღარა მაქვს. თუ მოვისურვე, ერთი თვალის
დახამხამების მეტი არ დამჭირდება, რომ ძაღლებს ლუკმა-ლუკმა დავაფლეთინო შენი თავი!
_ უკაცრავად, ქალბატონო კასი! _ უცბად გამოიცვალა კილო შეშინებულმა
სამბომ. _ მე ჯერაც ვერ გამიგია, როგორ მოხდა, რომ თქვენ სამუშაოზე გამობრძანდით?
_ არ გესმის და ხმა გაიკმინდე; ბევრს ნუ ლაპარაკობ და აქედან მოშორდი!
სამბო გაბრუნდა გაწითლებული. ქალმა დაიწყო მუშაობა. ისე მარჯვედ
მუშაობდა, რომ, საღამო ჯერ მოტანებული არ იყო და კალათი კი სავსე ჰქონდა
ბამბით, იმის მიუხედავად, რომ თომასაც შველოდა.
კარგა ხანია მზე ჩავიდა. დაქანცულმა მონებმა თავიანთი სავსე გოდრები იმ
ფარდულისაკენ წაიღეს, სადაც მოკრეფილ ბამბას აგროვებდნენ.
ლეგრი მუშებს აქ უცდიდა. გვერდით თანაშემწეები ედგნენ და ყურში ჩასჩურჩულებდნენ, რაც მოხდა დღის განმავლობაში.
_ თომა მუშებს აჯანყებს, ბატონო! _ იჩივლა სამბომ, _ მე წავასწარი _ ლუსის შველოდა ბამბის კრეფაში. ამ დღეებში კი იმაზე ულაპარაკია, რომ აქ მონები მძიმე ცხოვრებას ეწევიანო. თუ ბატონი თვითონ არ დატუქსავს, მე აღარ ვიცი, რა მოვუხერხო!
_ ერთი იმ შავ მაიმუნს უყურეთ! დამაცადოს, მე ვასწავლი ჭკუას! _ დაიღრიალა ლეგრიმ. _ მე კარგი საშუალება მოვიგონე მაგის მოსაჭკვიანებლად.
თვითონ მას უნდა მივანდო ვისიმე ცემა.
_ ძნელია, რომ მაგისთანა საქმეზე დაითანხმოთ, ბატონო, თომა, _ უთხრა
შხამიანი ღიმილით სამბომ.
_ ვნახოთ. ვუბრძანებ, აასრულოს ჩემი სიტყვა, არ აასრულებს და თვითონ
მას მოხვდება. მხოლოდ ჯერ ამისი დრო არ არის: მუშაობის დროა, მუშახელია
საჭირო.
სამბომ წეღანდელივით გაიცინა.
_ რაც შეეხება მულატ ლუსის, _ განაგრძო სამბომ ცბიერად, _ უნდა მოგახსენოთ შემდეგი: მეტად ზარმაცია და, თომას რომ არ ეშველა, ცარიელ კალათს
მოიტანდა.
_ ჰაა, თომა შველოდა?! _ დაიღრიალა ლეგრიმ, _ აი სწორედ ლუსი უნდა
გავაწკეპლინოთ თომას!
ამ სიტყვებზე ლაქუცა თანაშემწეებმა გაიცინეს.
_ წონაში კი იქნება გამოვიდეს ლუსის კალათი, მაგრამ სხვისი ნამუშევარია.
_ მე თვითონ ავწონი: ვნახავ, თუ წონაში მოვა!
დაღლილი მონები მოწიწებით მიდიოდნენ ბატონთან და ნამუშევარს აბარებდნენ. ლეგრის ერთ ხელში დაფა ეჭირა და თითოეული მუშის დღიურ ნამუშევარს აღნიშნავდა.
თომას გოდორი კარგად გამოვიდა წონაში. მას ახლა ლუსის დარდი ჰქონდა. საწყალი ქალი სისუსტისა და დაღლილობისაგან ფეხზე ძლივსღა იდგა.
თუმცა ლუსის გოდორი მძიმე იყო, ლეგრი მაინც გაცოფდა და ქალს ლანძღვა დაუწყო.
_ წონაში არ მოვიდა შენი გოდორი. ცალკე დადექი. სხვების ნამუშევარს მივიღებ და მაშინ მოვიცლი შენთვის, შე საძაგელო!
ლუსიმ ამოიკვნესა და ძალმიხდილი დაეშვა სკამზე.
კასი მივიდა სასწორთან, ზიზღით შეხედა ლეგრის და რაღაც უთხრა ფრანგულ ენაზე. რა უთხრა, ვერავინ გაიგო, რადგანაც ფრანგული არავინ იცოდა;
მხოლოდ შენიშნეს, რომ მის სიტყვებზე ლეგრის სიბრაზისაგან სახე გაულურჯდა და ქალს მუშტი მოუღერა დასარტყმელად. ქალმა ერთი კიდევ შეხედა
ამაყად და მოღერებული მუშტი ძირს დააშვებინა.
_ თომა! _ დაუძახა ლეგრიმ თომას, როცა სიბრაზემ გაუარა. თომა ახლოს
მივიდა.
_ გამიგონე, ჩემო კარგო, _ დაუწყო ლეგრიმ ვითომდა ალერსით: _ მე შენ
შავი სამუშაოსათვის არ მიყიდიხარ. შენ აზრიანი, გამოცდილი კაცი ხარ, ზედამხედველად გამოდგები. მე მინდა შეგაჩვიო ზედამხედველის მოვალეობას
და პირველი შემთხვევისათვის მსურს მოგანდო მცირე საქმე: ერთი ლაზათიანად გამიწკეპლე ეს საძაგელი ზარმაცი გომბიო, _ და ხელი გაიშვირა ლუსისკენ.
_ ვთხოვ ბატონს, ასეთი სამსახურისაგან გამათავისუფლოს, მე მაგისთანა
დავალების შესრულება არ შემიძლია და ვერც ვიკისრებ, _ მტკიცედ უპასუხა
თომამ.
_ ვნახავ, როგორ დაარღვევ ჩემს ბრძანებას! _ დაიღრიალა ლეგრიმ და თომას სახეში შოლტი გააწნა, მიაყოლა მეორე, მესამე... იმდენ ხანს სცემა, სანამ
მკლავი არ დაეღალა. ბოლოს ერთხელ კიდევ შეეკითხა, შეასრულებდა თუ არა
იმის ბრძანებას.
_ არა, ბატონო, მე გადაჭრილ უარს მოგახსენებთ, _ მიუგო თომამ და პირზე
სისხლი მოიწმინდა. _ მე თვითონ, როგორცა გნებავთ, მამუშავეთ, მხოლოდ
სხვის წვალებას ნუ მომანდობთ.
თომამ ზრდილობიანად, თავდაჭერილი კილოთი წარმოთქვა ეს სიტყვები,
მაგრამ მონებს მაინც თავზარი დასცა მისმა ასეთმა საქციელმა.
ლეგრი გაკვირვებული გაჩერდა, მაგრამ უცბად ისევ გაცოფდა.
_ აი შე შავო ძაღლო! _ დაუყვირა მან და სიბრაზისაგან ხმა ჩაუწყდა, _ ჭკუასაც მასწავლი?! იცი თუ არა, შე შტერო, რომ მე შენი პატრონი ვარ, შენში ფული მიმიცია და, რაც მინდა, იმას გიზამ! მაშ, შენი აზრით, ამ გომბიოს ცემა არ
ეკუთვნის? აბა ერთი კიდევ გაიმეორე შენი სიტყვები! ჭკუა მასწავლე!
_ ავადმყოფი ქალია და სირცხვილი იქნება მაგისი წვალება, _ ისევე აუღელვებლად თქვა თომამ. _ მომკალით, თუ გნებავთ, მაგრამ მე არ შემიძლია
ხელი ვახლო, _ თომამ ეს სიტყვები წყნარად, მაგრამ მტკიცედ წარმოთქვა.
ლეგრი სიბრაზით კიდევ უფრო გაფითრდა და კანკალი დაიწყო.
_ ხედავ, რა წმინდანი გაერია ამდენ ცოდვილში! მაშ, შენა გსურს ჩემი მორჯულება? აი, შე მახინჯო, შენა! განა გავიწყდება, რომ მე მეკუთვნის შენი სული
და ხორცი?
და ამ სიტყვებით დაჭედილი ქუსლი გვერდში ჩაარტყა თომას.
შეურაცხყოფილმა და დატანჯულმა თომამ უცებ რაღაცა ძალა იგრძნო, ზეცისკენ აიხედა ცრემლმორეული თვალებით და შესძახა:
_ არა, ბატონო, თქვენ არ გეკუთვნით ჩემი სული, თქვენ ჩემს სულს ვერ
იყიდით, მას ვერავითარ ვნებას ვერ მოუტანთ!
_ ვერა? _ დაიღრიალა ლეგრიმ: _ აბა, მაშ, ამას ახლავე დავინახავთ! სამბო,
კვიმბო, აქ მოდით! ერთი ეს ვაჟბატონი ისე მიბეგვეთ, რომ მთელ თვესა კვნესოდეს.
ზორბა ზანგმა სიამოვნებით სტაცა ხელი თომას და წაიყვანა.
ყველა შეაძრწუნა ამ ამბავმა. ლუსიმ საშინლად ამოიგმინა ამ ბრძანების გაგონებაზე.
ოცდამეათე თავი
თომას ავადმყოფობა
შუაღამე გადავიდა. თომა ეგდო ძველ ფარდულში. უბედური, ნაწამები
ადამიანი ტიროდა და ქვითინებდა. ნოტიო ღამე იყო. ჰაერში უამრავი მწერი
ირეოდა და აწუხებდა მას. ნაცემსა და ნაბრძოლს საშინლად სწყუროდა წყალი.
უპატრონოდ ეგდო და გმინავდა გამწარებული ადამიანი.
დერეფანში ფეხის ხმა გაისმა; კარებში შუქი გამოჩნდა.
_ ვინ არის? _ ჰკითხა თომამ. _ წყალი დამალევინეთ!
შემოვიდა კასი, ის ლამაზი ქალი, რომელმაც გუშინ თომას ყურადღება მიიპყრო. ქალმა სანათი დადგა მიწაზე, ბოთლიდან ჭიქაში ჩაასხა წყალი და თომას მიაწოდა. ავადმყოფმა ერთი დაცალა და კიდევ მოითხოვა; კიდევ დალია
რამდენიმე ჭიქა და წყურვილი ვერ მოიკლა.
_ დალიე, რამდენიც გსურდეს, _ უთხრა კასიმ, _ პირველი არ არის ჩემთვის
შენისთანა უბედურის მოვლა.
_ გმადლობთ, ქალბატონო! _ წარმოთქვა თომამ, როცა წყლით გული გაიგრილა.
_ ქალბატონს ნუ მეძახი, მე ისეთივე მონა ვარ, როგორც შენ; მხოლოდ არც
ერთი მონა იმდენ დამცირებას არ იტანს, რამდენსაც მე, _ თქვა მწუხარებით
ქალმა.
ქალმა ნაცემს შემოუტანა თავისი ლეიბი. თომამ დიდი წვალებით გადაათრია დათეთქვილი ტანი ლეიბზე. კასიმ გაუშალა სველი ზეწარი, რომელმაც გაუგრილა გახურებული, ნაცემი ადგილები თომას და მან ოდნავი შეღავათი იგრძნო.
ქალმა სასთუმალიც გაუმართა და დასძინა:
_ მე ამის მეტი შენთვის აღარაფრის გაკეთება არ შემიძლია.
თომამ მხურვალე მადლობა გადაუხადა.
კასი დაჯდა თომას ახლო მიწაზე. მკლავები მუხლებზე შემოიხვია და სადღაც შორს დაიწყო ყურება თავისი მშვენიერი თვალებით. გრძელი, შავი, მოსახვევქვეშ შეკეცილი თმები ჩამოეშალა და მხრებსა და ლოყებზე დაეფინა.
_ შენ მართალი ხარ, მეგობარო, კარგად მოიქეცი, მაგრამ მაინც უნდა გითხრა, რომ ტყუილად გაუწიე ბატონს ურჩობა. ალბათ, ჯერ არ იცი, ვის ხელში
ჩავარდი: ალქაჯია და არა ადამიანი. უთუოდ უნდა დაემორჩილო, თუ ჯერ სიცოცხლე არ მოგძულებია.
«დაემორჩილო!» _ საშინლად იმოქმედა ამ სიტყვამ თომაზე. ტკივილებიც
ამასვე ღაღადებდა.
_ ოჰ! _ ამოიგმინა თომამ. _ რა ვქნა! როგორ მოვიქცე!
_ შენ ჯერ არ იცი და არ გესმის, რა ხდება შენს გარშემო! თმა ყალყზე დაგიდგება, ყოველივე იმას რომ შეიტყობ, რაც მე აქ ვნახე ამ ხუთ წელიწადში. ახლომახლო სოფელი არსად არის: ვერავისთან იჩივლებ, ვერავის დაიმოწმებ,
რომ შეგეძლოს საჯაროდ დაამტკიცო ყველა ის საზიზღრობა, რაც აქ ხდება. შეუძლიათ ცოცხლად ჩაგაგდონ საკირეში, ან ძაღლებს დააფლეთინონ შენი სხეული. ერთი სიტყვით, აქ ბრძოლა შეუძლებელია და უნაყოფო. მე ეს აქ ყველაზე უკეთ ვიცი, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად მძაგს და მეზიზღება ეს შეჩვენებული კაცი, მაინც მასთან ვერაფერს გავხდი და დავემორჩილე.
ან უნდა დავმორჩილებოდი, ან თავი უნდა მომეკლა. მაგრამ თავის მოკვლა ვერ
გავბედე. ახლა რომ მხედავ, ყოველთვის ასეთი როდი ვიყავი. არა, მე კარგად
მზრდიდნენ, მშვენიერი განათლება მაქვს მიღებული და თვრამეტ წლამდის
ალერსიანი სიტყვის მეტი არაფერი გამიგონია, მაგრამ გარდაიცვალა ის ადამი-
ანი, რომელიც მე შვილივით მზრდიდა და მისმა მემკვიდრეებმა საჯარო ვაჭრობით გამყიდეს. აქ მე პირველად ვნახე, რა საზარელ ყოფაში არიან მონები.
ჩემს თავგადასავალს არ მოგიყვები: მოსაგონებლადაც სამძიმოა. ერთი დიდი
მწუხარება დამატყდა და იმან ყველაზე ძლიერ იმოქმედა ჩემზე. ორი მშვენიერი ბავშვი, ქალ-ვაჟი, მყავდა. ქალი, სწორედ მზეთუნახავს რომ იტყვიან, ისეთი
ლამაზი იყო. ბავშვები მოულოდნელად წამართვეს და გამიყიდეს. ქალი მოპარვით წაიყვანეს სახლიდან. რა არ ჩავიდინე, რომ მისი კვალისთვის მიმეგნო,
მაგრამ ვერას გავხდი. უეჭველია, ბავშვს გაყიდდნენ ბაზარში. ისეთ ბავშვებში
დიდ ფულს აძლევენ, ვაჟი კიდევ ძალით გამომგლიჯეს ხელიდან. ბავშვი კაბაზე მებღაუჭებოდა. დიდხანს მესმოდა მისი წივილ-კივილი. მე მაინც ავიტანე
დარდი, არ მოვკვდი, არც თავი მოვიკალი, როგორცა ხედავ, და ახლა აქ ვატარებ მძიმე უღელს. შემძაგდნენ ადამიანები.
კასიმ გიჟივით გადაიხარხარა. შეშინებულმა თომამ გულხელი დაიკრიბა.
წარმოიდგინა, თითქოს ქვეყანა ინგრეოდა მის გარშემო.
რამდენიმე წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს კასიმ ხელახლა დაილაპარაკა.
_ მერე და, ვის წირავ სიცოცხლეს? აქ ისეთ ადამიანს ვერ იპოვი, რომ
მსხვერპლის დაფასება შეეძლოს. აქაური მონები შენი გულკეთილობისათვის
ღალატით გადაგიხდიან. განა ღირს, რომ ასეთი ადამიანისათვის კაცი ეწამოს
და იტანჯოს?
_ ისინი მაინც უბედური ადამიანები არიან! _უპასუხა თომამ. _ რამ მიიყვანა ისინი ამ დღემდის? იმან, რომ შეცდნენ და გაბრაზებულებმა მიჰყვეს ხელი
ცუდ საქციელს. მეც, თუ იმათსავით მოვიქეცი, ასევე დამემართება. არა, კასი!
მე ყველაფერი მომესპო, რაც მიყვარდა: მომაშორეს ცოლ-შვილს, დავკარგე კეთილი ბატონი, რომელიც განთავისუფლებას მპირდებოდა, რომ დასცლოდა.
ერთი სიტყვით, არაფერი სასიამოვნო არ მომელის.
კასიმ ჩაკიდა თავი და ფიქრებს მიეცა. კარგა ხანს იჯდა ასე, მერე ადგა და
ალერსიანი ხმით ჰკითხა თომას:
_ ხომ აღარაფერია შენთვის საჭირო, მეგობარო! იქნება, წყალი გწყურია კიდევ?
თომამ მადლობა გადაუხადა დახმარებისათვის და კიდევ რაღაცის თქმა
უნდოდა, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლო.
_ შენ ძალიან დასუსტდი, ჩემო ძმაო, _ გააჩერა მან თომა. _ გეყოფა ლაპარაკი. ეცადე დაიძინო. მშვიდობით.
ქალი გამოვიდა ფიცრულიდან და შინ შევიდა. ლეგრი თავის სამუშაო
ოთახში იჯდა.
დიდ, ოდესღაც ლამაზ ოთახს ახლა მოსაწყენი შესახედაობა ჰქონდა: ჭუჭყიანი და არეულ-დარეული, კედლებზე შპალერჩამოხეული. აქა-იქ ეყარა
ათასნაირი ნივთი: შოლტები, ღვედები, მათრახის ტარები, ტაბიკები, უნაგირები და სხვა ამისთანა. აქვე ეყარნენ ლეგრის ავი ძაღლები. ბუხარში ძლიერი
ცეცხლი ენთო და ოთახს აშუქებდა. ლეგრი სავარძელში იჯდა და ღვინოს შეექცეოდა.
_ საძაგელი სამბო, _ ბუზღუნებდა ლეგრი თავისთვის, _ მისი ენატანიობის
ბრალია, რომ ასეთი სისულელე ჩავიდინე და თომა გავლახე. ამ გახურებული
მუშაობის დროს ერთი გამოცდილი მუშა მომაკლდა.
_ ახია შენზე! _ მოესმა ლეგრის ზურგს უკან.
კასი სწორედ ამ დროს შევიდა ოთახში შეუმჩნევლად.
_ ოჰ, ეს შენა ბრძანდები! _ წარმოთქვა ლეგრიმ. _ საიდან მობრძანებულხარ?
_ სულ ერთია, საიდანაც უნდა ვიყო მოსული. მე მხოლოდ ერთი კეთილი
რჩევა მინდა მოგცე, სიმონ ლეგრი!
_ დამეკარგე აქედან შენი რჩევით, _ უკმეხად უპასუხა ლეგრიმ.
_ გინება შენ ხელთ არის: ილანძღე, რამდენიც გინდა, _ უთხრა ქალმა. _
პირველად არ მესმის შენი გინება, მაგრამ მაინც მსურს, ერთი რჩევა მოგცე: დაანებე თავი თომას, ნუ აწვალებ!
_ მერე, შენ რა საქმე გაქვს თომასთან?
_ მე არაფერი, მაგრამ არაერთხელ დამიზოგავს შენი სარჩო და ახლაც
მწყინს, რომ შენი ფულები უბრალოდ იკარგება. შენ თომა ძვირად დაგიჯდა, ის
კი ახლა სამუშაოდ აღარ ვარგა ამ ცხელ დღეებში.
_ ჩემს საქმეებში ნუ ერევი.
_ მართლაც და რა მრჯის! თავშიც ქვა გიხლია! დახოცე შენი საუკეთესო მუშები ცემით და იჯექი სულელივით გულხელდაკრეფილი ამ გახურებული მუშაობის დროს. ოჰ, რას დაგცინებს შენი მეზობელი ტომკინსი!
კასიმ თავისი ქალური ხერხით ლეგრის სწორედ მტკივან ადგილას მოარტყა ისარი. ლეგრისათვის იმაზე დიდი უბედურება წარმოუდგენელი იყო, რომ
ბაზარზე დაჰგვიანებოდა ბამბის გატანა და სხვას მეტი მოგება ენახა. _ მართლაც, იქნება შენ მართალი იყო. ამის შემდეგ თომაზე ხელს აღარ დავაკარებინებ. მხოლოდ ბოდიში მოიხადოს და პატიება ითხოვოს.
_ შენ მაგას ნუ ელი თომასაგან, _შენიშნა კასიმ.
_ ერთი მიბრძანე, რატომაო? რად გგონია აგრე?
_ იმიტომ, რომ თომა მართალია. როგორ უნდა უარყოს სიმართლე!
_ მაგასაც დავინახავთ! _ ზიზღით წარმოთქვა ლეგრიმ, წამოდგა და გარეთ
გასვლა დააპირა.
_ სად არის ახლა თომა? _ იკითხა მან.
_ ფიცრულშია.
ლეგრიმ გადაწყვიტა, თავი შეეკავებინა და დამშვიდებით ელაპარა თომასთან.
მოსიყვარულე ადამიანის სულმა სძლია სხეულის ტანჯვას. თომა ახლა
ტკივილებს ვეღარ გრძნობდა, ამიტომ იწვა მშვიდად და არ შეშინებულა, როცა
მასთან ლეგრი შევიდა.
_ როგორ ბრძანდები, მეგობარო? _ მიესალმა ლეგრი. _ ხომ გეუბნეოდი,
ჩვენს სახლში ბევრ რასმე ისწავლი-მეთქი. ჰა, ვგონებ აღარ იმღერებ ახლა ძველებურ ჰანგებზე.
თომამ არაფერი უთხრა.
_ ადექი, რას აგდიხარ! _ დაუყვირა ლეგრიმ და მაგარი წიხლი წაჰკრა გვერდში.
თუმცა ძალიან უჭირდა თომას განძრევა, მაგრამ მაინც შეეცადა ფეხზე ადგომას და, დიდი წვალების შემდეგ, როგორც იყო, წამოდგა. ლეგრი უყურებდა
თომას წვალებას და მხეცივით იცინოდა. თომა იდგა თავისი ბატონის წინ და
მშვიდად შეჰყურებდა.
_ აბა, ახლა დაიჩოქე და ბოდიში მომიხადე გუშინდელი ურჩობისათვის, _
დაუყვირა ლეგრიმ.
თომა გაუნძრევლად იდგა ერთ ალაგას.
_ არ გეყურება? დაიჩოქე-მეთქი, შე ძაღლო! _ დაუყვირა კიდევ ლეგრიმ.
_ ბატონო, მე ამას არ ვიზამ! _ უპასუხა აღელვებულმა თომამ, _ მე გუშინ
მტყუანი არ გახლდით. მართალ საქმეზე კი ბოდიშის მოხდა არ შემიძლია და
შემდეგშიც გუშინდელივით მოვიქცევი.
_ შენა გგონია, რომ ამაზე უარესს ვეღარას დაგმართებ? _ თქვა ბრაზმორეულმა ლეგრიმ. _ ტყუილად გგონია. რას იტყვი, შენი თავი ხეზე რომ გავაკვრევინო და ცეცხლი რომ მოვაკიდებინო?
_ მე ვიცი, ბატონო, რომ შეგიძლიათ ყოველივე ტანჯვა მომაყენოთ, როგორიც კი მოგივათ თავში. მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენ ხელთ არის მხოლოდ ჩემი
სხეული, შემდეგ კი თქვენი უფლება ჩემზე ისპობა.
ამ სიტყვებმა ძალა მოუმატა და აღაფრთოვანა წამებული მონა. ლეგრიზე
კი მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა.
_ ბატონო, _ განაგრძო მხიარულად თომამ, _ თქვენ მე მიყიდეთ. მართალია, იყიდეთ ჩემი სხეული და ამიტომ მზად ვარ, ყველანაირი მუშაობა შევასრულო თქვენს სასარგებლოდ, მაგრამ ჩემს სულს კი არასოდეს არავის მივცემ.
თქვენ შეგიძლიათ მცემოთ, რამდენიც გსურთ, დამამშიოთ, დამწვათ ცეცხლზე:
მე მივიღებ ყველა ასეთ ტანჯვას.
ლეგრიმ მოთმინება დაკარგა თომას ლაპარაკზე, ერთი მაგარი მუშტი გაარტყა და წააქცია. ამ დროს ვიღაცის პატარა, ცივმა ხელმა შეაჩერა ლეგრის მეორედ მოღერებული მკლავი. მოიხედა და დაინახა კასი.
_ ლეგრი, შენ ისევ სულელობ, _ უთხრა ქალმა ფრანგულ ენაზე, _ გასწი აქედან. მე მოვუვლი თომას და ვეცდები, ჩქარა ფეხზე წამოვაყენო, რომ სამუშაოზე გამოდგეს.
ლეგრიმ გაიგონა კასის სიტყვა, იგრძნო ქალის ძალა და გადაწყვიტა, სამერმისოდ გადაედო ანგარიშის გასწორება თომასთან, ახლა კი თავი დაენებებინა.
_ კარგი, ეგრე იყოს, მე წავალ, _ თქვა მან და მოემზადა წასასვლელად, _
მაგრამ არ გეგონოს, რომ ეს ამბავი დამავიწყდება, _ უთხრა იმან თომას, _ მე
არასდროს არაფერი არ მავიწყდება, დრო მოვა და ანგარიშს მოგთხოვ.
ლეგრი გავიდა და კარი გაიჯახუნა.
_ შენ თვითონ არ მოგიხდეს პასუხის გება, _ ამ სიტყვებით გააცილა ის კასიმ, _ აბა, მეგობარო, როგორ გრძნობ თავს? _ ჰკითხა ქალმა თომას.
_ მადლობელი ვარ, _ უპასუხა თომამ და მადლიერი თვალით შეხედა კასის.
_ მაგ კაცისაგან შებრალებას ნუ ელოდები. კარგად ვიცნობ, მოსვენებას არ
მოგცემს, დღედაღამ გიყარაულებს და სისხლს გაგიშრობს.
ოცდამეთერთმეტე თავი
კანადაში
დავუბრუნდეთ ახლა ჯორჯ ჰარისსა და ელიზას, რომლებიც გაექცნენ
მტანჯველებს და კეთილი კვაკერების საშუალებით თავს უშველეს. თავისუფალ ქვეყანაში _ კანადაში ისინი ფარულად ცხოვრობდნენ დროებით იმ კვაკერების ოჯახში, სადაც მოათავსეს დაჭრილი ტომ ლოკერი, და მარჯვე დროს
ეძებდნენ ტბაზე გადასასვლელად.
დაჭრილს დაუღლელად უვლიდა კეთილი მოხუცებული ქალი დორკასი.
ის მაღალი ტანის, დარბაისლური შესახედაობის ქალი იყო, კვაკერულ ტანისამოსში გამოწყობილი. ტანზე ეცვა სადა, ნაცრისფერი კაბა; ყელზე ეხვია თეთრი
დოლბანდი, ჭაღარა თმას უბრალო თეთრი მოსახვევი უფარავდა. ქალი ერთგულად დასტრიალებდა ავადმყოფს, ხშირად უსწორებდა ლოგინს, მერე ისევ
ფანჯარასთან ჯდებოდა და ხელსაქმეს ჰკიდებდა ხელს.
_ ოჰ, დაგლახვროს ეშმაკმა! _ წამოიყვირა უცებ ლოკერმა და საბანი გადიღეღა.
_ ტომ, გთხოვ, ასეთ სიტყვებს ნუ ხმარობ, _ უთხრა მოხუცმა დორკასმა.
ქალმა ავადმყოფს საბანი შეუკეცა და ისევ თავის ადგილზე დაჯდა.
_ კარგი, ბებია, აღარ ვიტყვი. ვეცდები, აღარ ვიხმარო ცუდი სიტყვები, მაგრამ, ძალზე ძნელია ჩემთვის თავის შეკავება.
დორკასმა ახადა თბილი საბანი, ხელახლა გაუსწორა ლოგინი და ისე შემოახვია საბანი, თითქოს ბავშვი არტახებში ჩააკრესო.
_ გულით მინდა, რომ ხასიათი გამოიცვალო, _ უთხრა ქალმა ავადმყოფს, _
ცუდია ლანძღვა-გინება.
_ ეგ საიდან მოიგონე! რა ოხრად მინდა ხასიათის გამოცვლა?!
ავადმყოფი შეინძრა და ისევ გაიღეღა.
_ გაქცეულები ისევ აქ არიან? _ იკითხა მან ცოტა ხნის შემდეგ.
ჯორჯსა და ელიზას გულისხმობდა.
_ ჰო, ისინიც აქ ცხოვრობენ! _ უპასუხა დორკასმა.
_ ურჩიე, ჩქარა წავიდნენ აქედან. რაც ჩქარა გადავლენ ტბას, ისა ჯობია
იმათთვის.
_ უეჭველია ჩქარა წავლენ, _ უპასუხა დორკასმა.
_ აი, კიდევ რა უნდა გითხრა, _ განაგრძო ლოკერმა: _ შეატყობინე, რომ ქალაქ სანდუსკოში ნავსადგურზე აქაური ჯაშუშები დახვდებათ. ახლა ჩემთვის
სულ ერთია, დაე, მაგათ თავს უშველონ. მე კიდევაც მინდა, რომ თავი დააღწიონ. მინდა, რითიმე გადავუხადო იმ პირუტყვ მერქსს, ეშმაკმა წაიღოს იმის თავი!
_ ტომ! _ ვედრების კილოთი თქვა მოხუცებულმა.
_ ეჰ, ბებია, თუ ეგრე ჩამაცივდები, მოთმინებას დავკარგავ და სულ გადავირევი. ყური დამიგდე, რა უნდა გითხრა. ახალგაზრდა ქალი რომ ჰყავთ გაქცეულებს, იმას ტანისამოსი უნდა გამოუცვალოთ, თორემ მისი ნიშნები კარგად
იციან ნავსადგურში და ადვილად დაიჭერენ.
_ ძალიან კარგი, მაგაზე იზრუნებენ, _ აუჩქარებლივ უთხრა ბებია დორკასმა.
რადგანაც ამ მოთხრობაში შემდეგ ლოკერზე ლაპარაკი აღარ იქნება, აქვე
შევატყობინებთ მკითხველს, როგორი კაცი დადგა შემდეგ ლოკერი.
ის ორი კვირა იწვა კვაკერებთან და ხასიათი სრულებით გამოიცვალა: დადარბაისლდა, დაჭკვიანდა და ცხოვრებას ჩაუფიქრდა; ტყის ყარაულის ადგილი იშოვა და მყუდრო ცხოვრებას შეუდგა. ხალხზე ნადირობას თავი დაანება.
ახლა მხოლოდ ველურ მხეცებზე, მელიებსა და მგლებზე ნადირობით კმაყოფილდებოდა.
სიკვდილამდის ახსოვდა კვაკერების სიკეთე და ყოველთვის პატივისცემით იგონებდა ამ კარგსა და კეთილ ხალხს.
*
*
*
ლოკერისაგან მიღებული ცნობების შემდეგ გაქცეულებმა არჩიეს ორ ჯგუფად გაყოფილიყვნენ და ისე გადასულიყვნენ ტბაზე.
ჯიმი თავისი დედით ადრევე წავიდა. ორი დღის შემდეგ მათ უკან მიჰყვნენ ჯორჯი და ელიზა. ერთი ღამე გაატარეს კვაკერების ნაცნობებთან ქალაქ
სანდუსკოში. საბედისწერო ღამე იყო ეს ღამე გაქცეულებისათვის; ისინი გათენებასთან ერთად თავისუფლებასაც ელოდნენ. ფიქრით უკვე იყვნენ აღთქმულ
ქვეყანაში. ჯორჯს იმ ღამეს თვალი არ მოუხუჭავს. დილით ელიზამ ვაჟის ტანისამოსი ჩაიცვა, სარკეში ჩაიხედა და მერე ქმარს მიმართა:
_ ჯორჯ! მენანება ამ თმების გაკრეჭა, მაგრამ რა გაეწყობა!
ჯორჯმა მწარედ გაიღიმა ამ სიტყვებზე. მეტი ნუგეში ვერ მისცა ელიზას.
ელიზამ მაკრატელი აიღო და სწრაფად შეიჭრა მშვენიერი დალალები.
_ აი, მეც მზად ვარ, _ თქვა მან და შეკრეჭილი თმები გაიქნია. _ არც ისე დავუშნოვდი, როგორც მოველოდი: ურიგო ბიჭი არა ვარ, არა, ჯორჯ?
_ ჩემო სიცოცხლევ, შენ ყოველთვის ლამაზი იქნები, _ უთხრა ქმარმა.
_ ჯორჯ, რადა ხარ ეგრე დაღონებული? _ უთხრა ელიზამ ქმარს ალერსით
და მაჯა დაუჭირა, _ აბა, დაფიქრდი, ერთი დღე და ღამე კიდევ ვიქნებით გემზე და შემდეგ ამოვყოფთ თავს თავისუფალ ქვეყანაში.
_ აი, სწორედ ეს გარემოება აშფოთებს ჩემს გულს, ჩემო ძვირფასო! _ უპასუხა ჯორჯმა. _ დღეს უნდა გადაწყდეს ჩვენი ბედი. რა საშინელება იქნება,
რომ ყველა გამოვლილმა გაჭირვებამ ფუჭად ჩაგვიაროს. მე ამას ვეღარ ავიტან.
_ ნუ გეშინია! _ ამხნევებდა ცოლი, _ მე მგონია, რომ ყველაფერი კეთილად
უნდა დასრულდეს.
_ შენს პირს შაქარი, ელიზა! _ უთხრა ქმარმა. _ დავიჯერო, ბოლო მოეღება
ჩვენს მონობას, ჩვენს ტანჯვას?! დავიჯერო, ჩვენ როდისმე თავისუფლები ვიქნებით?
_ მე ამაში დარწმუნებული ვარ, ჯორჯ! _ უპასუხა ელიზამ და ცრემლმორეული თვალები ზეცას მიაპყრო. _ ვგრძნობ, რომ დღეს სამუდამოდ მოგვეხსნება
კისრიდან მონობის უღელი.
_ ნეტამც ასე იყოს, ელიზა! ახლა კი დროა, წავიდეთ. მართლაცდა, რა ლამაზი ბიჭი ხარ! _ უთხრა ქმარმა ელიზას და სიამოვნებით მოავლო თვალი მის
მორთულობას. _ ჰარიც მზად არის თუ არა? რატომ ეტლი არ მოვიდა აქამდის?
ამ დროს კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა შუახნის დედაკაცი, რომელსაც
ხელმოკიდებული მოჰყავდა ჰარი. მას ქალურად ეცვა.
_ რა მშვენიერი გოგონაა! _ წამოიძახა ელიზამ, _ სახელად ჰარიეტ ჰქვია. სახელიც კარგად შეეწყო ბავშვის ნამდვილ სახელს.
ბავშვი გაჩუმებული შესცქეროდა დედას, ეჩოთირებოდა დედის უცნაური
ჩაცმულობა.
_ ჰარი, ვერ იცან დედაშენი? _ ჰკითხა ელიზამ და ხელები გაუწოდა შვილს.
ბავშვი არ მივიდა დედასთან, იმ ქალის კაბაზე ეკიდა ხელი, რომელმაც აქ
მოიყვანა.
_ რად ეძახი, ელიზა! _ შენიშნა ჯორჯმა. _ ჯობია, ბავშვი ახლოს არც გეკარებოდეს.
_ მართალს ამბობ, მაგრამ მაინც გულსა სწყინს, ჩემი ღვიძლი შვილი რომ
ვეღარა მცნობს და ახლოს აღარ მეკარება.
_ ქალბატონო სმიტ! _ მიუბრუნდა ჯორჯი მოხუცებულ დედაკაცს, _ თქვენ
ჩვენი მამიდა ბრძანდებით და ჩვენთან ერთად მიემგზავრებით კანადაში.
თქვენ ეს ყოველთვის კარგად უნდა გახსოვდეთ.
_ გავიგე, ყველა გემზე ბრძანება გაუციათ: ასეთი და ასეთი ქალი და კაცი
თუ შეგხვდეთ ბავშვითაო, თქვენი ნიშნებია თურმე ჩამოთვლილი, უეჭველად,
დააპატიმრეთო.
_ ამის არ გვეშინია, _ უპაუხა ჯორჯმა, _ იქნებ მე თვითონ ვუამბო რამე
მდევრებს გაქცეულების შესახებ.
ქალბატონი სმიტიც მიემგზავრებოდა კანადაში და დათანხმდა, გაქცეულებთან ერთად ემგზავრა, როგორც ბავშვის მამიდას. ქალი მთელი დღე მასთან
იყო და ბავშვიც შეეჩვია ახალშეძენილ მამიდას. ქალი უალერსებდა, უყვავებდა, ტკბილ კვერებსა და კანფეტებს აჭმევდა, ისე რომ, ახალი ნათესავები ჩქარა
შეეჩვივნენ ერთმანეთს.
ნავსადგურთან ეტლი გაჩერდა. ელიზა მარდად გადმოხტა და გადმოსვლაში დაეხმარა ქალბატონ სმიტს. ყველანი გემზე ავიდნენ. ჯორჯი ბილეთების
ასაღებად წავიდა. სალაროსთან მან ყური მოჰკრა შემდეგ ლაპარაკს:
_ გემი გულმოდგინედ დავათვალიერე და გაქცეულები ვერა ვნახე.
ჯორჯმა გვერდიდან შეხედა ამის მთქმელს და იცნო მერქსი, რომელიც განაგრძობდა ლაპარაკს.
_ ძნელი საცნობები კი არიან. იმათ კაცი თეთრკანიანებისაგან ვერ გაარჩევს.
მხოლოდ კაცსა აქვს აშკარა ნიშანი ხელზე.
ამ სიტყვებზე ჯორჯს უნებურად შეუთამაშდა ხელი, მაგრამ ჩქარა თავი შეიკავა და არხეინი გამომეტყველება მიიღო, აუჩქარებლად აიღო ბილეთი და
აუჩქარებლადვე დაბრუნდა თავის თანამგზავრებთან.
ბოლოს ზარი დაირეკა. ჯორჯმა დაინახა, რომ მერქსი ნაპირზე გადავიდა.
გემი ნავსადგურს მოშორდა და გაქცეულებმაც თავისუფლად ამოისუნთქეს.
მშვენიერი ღამე იყო. მთვარე აბრჭყვიალებდა ტბის ზედაპირს. გრილი ნიავი ქროდა.
საშინელ მღელვარებას განიცდიდა ჯორჯი. იგი თავისი ახალგაზრდა თანამგზავრით ბოლთასა ცემდა გემის ბაქანზე.
ყოველ წუთს მოელოდა რაიმე ხიფათს: აი, გამოტყვრება სადმე მდევარი და
ყველა იმედი ჩამეფუშებაო.
მაგრამ ამასობაში დრო გადიოდა და გემი ტალღებს ჭრიდა. გამოჩნდა სანატრელი ქვეყნის ნაპირიც. გემი შევიდა ერთი პატარა ქალაქის ნავსადგურში.
ჯორჯის მღელვარებას საზღვარი აღარ ჰქონდა: თვალთ დაუბნელდა, ხელი
მოჰკიდა თანამგზავრს, რომ არ წაქცეულიყო, სუნთქვა შეეკრა. მთრთოლვარე
ხელით მაგრად ეჭირა ელიზას მკლავი. გემმა უკანასკნელად დაიკივლა და გაჩერდა ნავსადგურში. ჯორჯს თავი სიზმარში ეგონა. ბარგი ნაპირზე გადაიტანეს და, როცა მგზავრები წავიდ-წამოვიდნენ, ცოლ-ქმარმა აქვე, მდინარის პირას, მუხლი მოიყარა და მხურვალე მადლობა შესწირა ბედს განსაცდელისაგან
დახსნისათვის.
ქალბატონმა სმიტმა გაქცეულები მიიყვანა ერთ თავის კარგ ნაცნობთან,
რომლის სახლის კარი ყოველთვის ღია იყო გაჭირვებულთათვის.
ძვირფასია ადამიანისათვის მოქალაქეობრივი თავისუფლება, თავისუფლება სიტყვისა, თავისუფლება მოქმედებისა; წამებულ ადამიანთათვის კი ეს
უმაღლესი ნეტარებაა!
ელიზა ალერსიანად დაჰყურებდა თავის ჰარის, რომელსაც მშვიდად ეძინა
კეთილი მასპინძლის ჭერქვეშ. მაგრამ არც თვითონ, არც ჯორჯს მთელი ღამე
არ დაუძინიათ სიხარულით. მართალია, მათ ჯიბეში გროშიც არ მოიპოვებოდა, არ ჰქონდათ მიწა-წყალი, მაგრამ, სამაგიეროდ, ისინი გრძნობდნენ თავისუფლებას, _ ამ უდიდეს მოქალაქეობრივ საუნჯეს. ეს მათთვის წარმოადგენდა
ნეტარებას. ეს იყო ამჟამად განუსაზღვრელი ბედნიერება.
ოცდამეთორმეტე თავი
მკვლელობის აცილება
როცა თომა თავის მტარვალს სიმართლეს ეუბნებოდა, გრძნობდა, რომ შეძლებდა ყოველნაირი ტანჯვის ატანას. მაგრამ ტანჯვა-წამება გაგრძელდა და
თომაც სულით დაეცა, ეჭვებმა დაუწყეს გულის ღრღნა.
ჯერ კიდევ ნაცემი და დაბეჟილი გვერდები არ მორჩენოდა, რომ სამუშაოდ
გაიყვანეს. ზედამხედველების მუდმივმა დაცინვამ, მძიმე მუშაობამ, ავადმყოფობამ და, რაც ყველაზე ძნელია, წყვდიადით მოცულმა მომავალმა თომას ჩვეულებრივი სულიერი მყუდროება დაურღვია. ახლა მიხვდა, რად იყვნენ ლეგრის მუშები ბრაზიანები და გულჩათხრობილნი.
წინათ იმედი ჰქონდა, რაც უნდა ბევრი სამუშაო დამაწვეს, მაინც ვიშოვი
დროს სახარების საკითხავადო, მაგრამ მწარედ მოტყუვდა. თავისუფალი დრო
არა ჰქონდა. მუშაობდნენ კვირა და უქმე დღეებშიც. აჩქარებდნენ ბამბის დამზადებას და დროით ბაზარზე გატანას. ლეგრის მხოლოდ მოგება აინტერესებდა.
განა ასეთი კაცი დაფიქრდება იმ ადამიანის მდგომარეობაზე, რომლისაც
მხოლოდ სამუშაო ძალა ესაჭიროება?
თომა ცემის შემდეგ ისე იყო დასუსტებული, რომ სამუშაოდან დაბრუნებულს არც ერთი სტრიქონის წაკითხვა აღარ შეეძლო; დაქანცული დაეგდებოდა ხოლმე მიწაზე სხვა მონებთან ერთად. წყვდიადმა და ნაღველმა მოიცვა
ტანჯული კაცის გონება: ხანდახან გაახსენდებოდა, ოფელიამ რომ წერილი
მისწერა კენტუკში და იმედი აღეძვრებოდა გულში, მაგრამ არსაიდან შველა არ
ჩანდა და საბრალოს სული ეხუთებოდა. თომას დაავიწყდა სხვა მონების ტანჯვა, ახლა მხოლოდ თავისი თავი ახსოვდა.
ერთ საღამოს თომა იჯდა ბუხართან, ნაცარში პური ჰქონდა ჩაფლული და
იმის გამოცხობას ელოდა. ჩანელებულ ბუხარს ჩინჩხვარი მიაყარა, ცეცხლი გააძლიერა და ცეცხლის შუქზე შეეცადა ლოცვების წიგნის კითხვას.
ამ დროს ხმაური შემოესმა. თომამ საჩქაროდ დაკეცა წიგნი და ჯიბეში ჩაიდო.
მის წინ ლეგრი იდგა.
_ ჰა, ბებერო, დაანებე თუ არა თავი შენ სულელურ ფიქრებს და ოცნებას?
თუმცა დიდი სულელი კი ხარ. შენზე იყო დამოკიდებული შენი კეთილდღეობა, შეგეძლო სამბოსა და კვიმბოზე უკეთ მოწყობილიყავ. ახლა შენა გცემენ, მაშინ კი შენს ხელში სხვისი ბედ-იღბალი იქნებოდა. გირჩევ, წიგნების კითხვას
თავი დაანებო და მე დამიგდო ყური!
_ ვერა, ბატონო! მე თქვენს რჩევას ვერ მივიღებ!
_ განა ვერ დარწმუნდი, რომ ღმერთს შენთვის არა სცალია? ღმერთს რომ
ახსოვდე, ამ ყოფაში არ ჩაგაგდებდა. შენი ლაპარაკი ჩალად არ ღირს. გირჩევ, მე
დამმორჩილდე. მე ღმერთზე მეტი შველა შემიძლია!
_ არა, ბატონო! თქვენ ვერ დაიმორჩილებთ ჩემს სულს! _ უპასუხა ისევ
მშვიდად თომამ.
ბრაზმორეულმა ლეგრიმ გადააფურთხა, გაბრუნდა და წავიდა.
ლეგრისთან უკანასკნელ შეხვედრამდე თომა საშინელ სულიერ ტანჯვას
განიცდიდა. იმისმა დაცინვამ პირველ ხანებში გაუორკეცა ტანჯვა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ რაღაც უცნაური ცვლილება მოხდა მის არსებაში.
ყველამ შეამჩნია თომას ეს ცვლილება.
_ რა დაემართა თომას, რომ სიხარულით ფეხზე არა დგას! _ ჰკითხა ლეგრიმ სამბოს.
_ რა მოგახსენოთ, გაქცევას თუ აპირებს!
_ ძალიან საქმეს კი იზამს: ერთი ვნახოთ, როგორ გაექცევა ჩვენს ძაღლებს.
არ ახსოვთ, ბატონო, რა დღე დააყარეს, მოლი რომ გაიქცა? ძლივს გავაგდებინეთ პირიდან. ახლაც ეტყობა ნაკბილარები.
_ აბა, სამბო, ფრთხილად იყავ, არ გაგეპაროს!
_ არხეინად ბრძანდებოდეთ, ბატონო! ეგ მე მომანდეთ, _ უპასუხა ბატონს
ერთგულმა მონამ და თავი დაუკრა წასასვლელად მომზადებულ ლეგრის.
ლეგრიმ მთელი დღე დაჰყო ქალაქში. შინ ღამით დაბრუნდა. მუშების ქოხებს რომ მიუახლოვდა, ცხენი ნელა წაიყვანა და მონათა უბანს თვალიერება
დაუწყო. უცბად აღტაცებული გალობა შემოესმა.
_ ეჰე, ერთი უყურეთ, როგორ გალობს! _ დაიღრიალა ლეგრიმ და ცხენი მიაგდო იმ ქოხის კარებზე, საიდანაც გალობა შემოესმა.
ქოხის კარებში იდგა თომა და გალობდა. თავი მაღლა ჰქონდა აწეული და
ზედ მთვარის შუქი დაჰქათქათებდა. თომა გატაცებული გალობდა და ვერ შენიშნა, როგორ მიუახლოვდა ცხენოსანი კაცი.
_ ხმა გაიკმინდე, შე ბებერო! _ დაუყვირა ლეგრიმ და მათრახი გადააწნა ბეჭებზე.
ლეგრი მთლად გადარია თომას სახის სიმშვიდემ.
_ აჰა, კიდევ, შე ძაღლო, კიდევ იღმუვლებ? დამაცა, მოგაშლევინებ მხიარულებას!
თომას წარბიც არ შეუხრია ცემის დროს. მათრახი სხეულს ტკივილით
სწვავდა, მაგრამ ის ამ წამს სულიერ შეურაცხყოფას არა გრძნობდა. ლეგრი
დარწმუნდა, რომ მან თომაზე სრულიად დაკარგა გავლენა. მის გულში ერთ
წამს სიბრალულმაც კი გაიღვიძა მისგან წამებული ადამიანისადმი, მაგრამ ეს
მხოლოდ წუთიერი იყო და ჩქარა ჩადგა თავის კალაპოტში. თომა კი ამ დღიდან გადაიქცა ყველა ტანჯული მონის მეგობრად. ის ყურადღებას არ აქცევდა,
რომ მას დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ზედამხედველები, თავის მხრივ კი ცდილობდა, ყველას დახმარებოდა. მის გულში ისევ გაიღვიძა
სათნოებამ.
თომა ცდილობდა, სხვებისთვისაც გაეზიარებინა ის სულიერი სიმშვიდე,
რასაც თვითონ განიცდიდა. გაჭირვების დროს ანუგეშებდა დაჩაგრულ მონებს.
მათ ჯერ არ ესმოდათ თომას ყოფაქცევა, ალმაცერად უყურებდნენ და ერიდე-
ბოდნენ. მაგრამ, როცა დაინახეს, რომ ის თავის გზას მტკიცედ ადგა, მაშინ კი
პატივისცემით დაუწყეს მოპყრობა. ამ მშვიდმა და მომთმენმა კაცმა ბოლოს მოიპოვა დაჩაგრული მოძმეების ნდობა და სიყვარული. თომა ყოველთვის მზად
იყო, სხვას დახმარებოდა მუშაობაში. თვითონ ცოტათი კმაყოფილდებოდა და
თავისი მცირე სარჩოდან კიდევ სხვას უნაწილებდა ხოლმე.
საჩქარო სამუშაო გათავდა და ლეგრის მონებს კვირაობით საშუალება
ჰქონდათ, დაესვენათ. ისინი იკრიბებოდნენ ბიძია თომასთან და ყურს უგდებდნენ წიგნის კითხვას. თომა უკითხავდა და უამბობდა იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. მონებს უნდოდათ, კრებები გაემართათ ხოლმე, მაგრამ ლეგრიმ ნება არ
მისცა. ის დევნიდა ყოველნაირ კრებას და, საცა მოასწრებდა რამდენსამე მონას
ერთად თავმოყრილს, ცემა-ტყეპით ფანტავდა. მონები იძულებული გახდნენ,
ფარულად გაემართათ კრებები.
საწყალი ლუსიც გაამხნევა თომამ, რომელიც ყოველთვის სარგებლობდა
მარჯვე შემთხვევით, რათა ეს ქალი ენუგეშებინა.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Bidzia Tomas Kokhi - 14
  • Parts
  • Bidzia Tomas Kokhi - 01
    Total number of words is 3886
    Total number of unique words is 2000
    33.0 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 02
    Total number of words is 3882
    Total number of unique words is 1997
    32.6 of words are in the 2000 most common words
    48.3 of words are in the 5000 most common words
    56.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 03
    Total number of words is 3836
    Total number of unique words is 1968
    33.7 of words are in the 2000 most common words
    48.2 of words are in the 5000 most common words
    57.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 04
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2014
    32.6 of words are in the 2000 most common words
    46.1 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 05
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2027
    32.8 of words are in the 2000 most common words
    47.6 of words are in the 5000 most common words
    56.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 06
    Total number of words is 3853
    Total number of unique words is 2026
    34.0 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    56.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 07
    Total number of words is 3811
    Total number of unique words is 2013
    32.4 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 08
    Total number of words is 3835
    Total number of unique words is 1991
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.7 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 09
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 1939
    34.2 of words are in the 2000 most common words
    48.0 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 10
    Total number of words is 3822
    Total number of unique words is 1805
    34.9 of words are in the 2000 most common words
    50.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 11
    Total number of words is 3809
    Total number of unique words is 1820
    36.0 of words are in the 2000 most common words
    51.0 of words are in the 5000 most common words
    59.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 12
    Total number of words is 3841
    Total number of unique words is 2005
    32.7 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 13
    Total number of words is 3854
    Total number of unique words is 2035
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 14
    Total number of words is 3873
    Total number of unique words is 1953
    31.7 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 15
    Total number of words is 2708
    Total number of unique words is 1580
    34.9 of words are in the 2000 most common words
    49.4 of words are in the 5000 most common words
    58.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.