Latin
Total number of words is 3821
Total number of unique words is 1939
34.2 of words are in the 2000 most common words
48.0 of words are in the 5000 most common words
55.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მეთვრამეტე თავი
ტოპსი
ოფელია დილიდან საღამომდის ფუსფუსებდა სენ-კლერის სასახლეში.
მოსამსახურეები, დაწყებული დინასაგან პატარა ხელზე მოსამსახურე ბავშვებამდის, ყველა ამბობდა ოფელიაზე, უცნაური ადამიანი არისო. კოხტად გამოწყობილი ადოლფი და მოახლე გოგოები ხომ ქალბატონადაც არ თვლიდნენ.
ეჭვობდნენ, რომ ის მართლა იმათი ბატონის ნათესავი იყო.
თვითონ ქალბატონი სენ-კლერიც იტყოდა ხოლმე: კაცი დაიღლება ოფელიას ფუსფუსის ცქერითაო. და მართლაც, ოფელია ხელს არ აჩერებდა. დღისით ყოველთვის კერავდა, ჭრიდა ისეთი მუყაითობით, თითქოს შეკვეთილი
სამუშაო აქვს დასამთავრებელიო. შებინდდებოდა თუ არა, მაშინვე ხელს მოჰკიდებდა წინდის ჩხირებს და გამალებული დაიწყებდა ქსოვას. უსაქმური კაცისათვის იმისი ცქერა, მართლაც, მოსაბეზრებელი უნდა ყოფილიყო.
ერთხელ, დილით, ოფელია რაღაც საქმეში იყო გართული, სენ-კლერის ძახილი რომ შემოესმა. ბიძაშვილი ეძახდა სახლში შემოსასვლელი კარებიდან:
_ მოდი აქ, ოფელია, ნახე, რა გაჩვენო!
_ რა ამბავია? _ ჰკითხა ოფელიამ კიბიდან.
_ აი, რა საჩუქარი მოგართვი, _ უთხრა სენ-კლერმა და მიუთითა ცხრა-ათი
წლის ზანგის გოგოზე. მეტისმეტად შავ პირისახეზე ბავშვს თვალები მძივებივით უბრდღვიალებდნენ და მკვირცხლად გადარბოდნენ საგნიდან საგანზე. ნახევრად გაღებულ პირში თეთრად უელავდა კბილები. ბავშვი გაოცებული შეჰყურებდა მდიდრულად მორთულ სასახლეს. შავი ხუჭუჭი თმა პატარ-პატარა
ნაწნავებად ჰქონდა დაწნული. სახეზე ცბიერებითა და სევდით შეზავებული
არაბუნებრივი სიდინჯე ეტყობოდა. ტანზე დახეული ჭუჭყიანი ტანისამოსი
ეცვა, საცვლები კი სულაც არა ჰქონდა. ბავშვი წყნარად იდგა გულხელდაკრეფილი.
ოფელია შეზარა ბავშვის გარეგნობამ.
_ რატომ იყიდე? რად გინდოდა? _ შეეკითხა ოფელია სენ-კლერს.
_ მინდა, შენ აღზარდო წესიერად. ეს გოგო ძალიან მომეწონა. მეტად სასაცილო რამ არის. ტოპსი, აბა იმღერე რამე და იცეკვე!
ბავშვს თვალები ეშმაკურად შეუთამაშდა. წვრილი ხმით მოჰყვა ზანგურ
სიმღერას და თან ციბრუტივით დატრიალდა ერთ ადგილას, იქნევდა ხელებს
და აბარტყუნებდა ფეხებს. უცებ ორჯერ-სამჯერ მაღლა შეხტა, გემის სასტვენივით დაიწივლა და ერთ ალაგას გაშეშდა: გულხელი დაიკრიბა და წინანდელი
მორჩილი, ნაღვლიანი გამომეტყველება მიიღო, მხოლოდ მოელვარე თვალები
გამოიყურებოდნენ წარბებქვეშ.
თავზარდაცემული ოფელია სიტყვის თქმასაც ვერ ახერხებდა. სენ-კლერი
კი, ეტყობოდა, კმაყოფილი იყო იმით, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩააგდო ის,
და იცინოდა.
_აბა, ტოპსი! ეს არის შენი ქალბატონი. ვინძლო, კარგად მოიქცე, _ უთხრა
მან.
_ დიახ, ბატონო, _ თქვა ბავშვმა დინჯად, მაგრამ თვალებში რაღაც ბოროტმა ნაპერწკალმა გაუელვა.
_ მართალი გითხრა, არ მესმის შენი საქციელი, ავგუსტინ! _ შესძახა ოფელიამ: _ უიმისოდაც სახლში კაცი ფეხს ვერ აუქცევს მოსამსახურეებს, ყოველ
ნაბიჯზე უსუსურ ბავშვს დაადგამ ფეხს. დილით რომ გამოვალ ხოლმე, ვხედავ, ერთი კარებთან აგდია და სძინავს, მეორეს სადმე მაგიდის ქვეშ ვიპოვი,
მესამეს _ დერეფანში და, ვინ მოთვლის, კიდევ სად? ეს ბავშვები ცელქობით
იკლებენ აქაურობას, რაღა ამ გოგოს მომატება უნდოდა?
_ მე უკვე გითხარი: მსურს ვნახო, როგორი აღმზრდელი იქნები-მეთქი. განგებ ვიყიდე იმ განზრახვით, რომ ჩვენი სახლის გავლენას არ გაეფუჭებინა.
«_ ამისი აღზრდის ხალისი არა მაქვს; უამისოდაც ბევრი თავში საცემი საქმე მაბარია.
_ აი, თქვენ ყველანი ასეთები ხართ, _ თქვა სენ-კლერმა, _ მხოლოდ ლაპარაკი შეგიძლიათ იმაზე, თუ როგორ უნდა ადამიანის აღზრდა, მაგრამ, როცა
საქმე საქმეზე მიდგება, მაშინ კი არა გსურთ სახლში შეუშვათ აი, ასეთი უმეცარი ბავშვი, რომ კეთილად აღზარდოთ და ადამიანად აქციოთ.
_ ეგ ვეღარ მოვიფიქრე, ძმაო! _ თქვა სენ-კლერის სიტყვებით მორბილებულმა ოფელიამ, _ შენ მართალი ხარ: საჭიროა შევეცადოთ ამ ბავშვის მორჯულებას.
ოფელიამ ბავშვს ახლა სულ სხვა თვალით შეხედა. სენ-კლერის სიტყვებმა
ღრმა გავლენა იქონია მასზე.
_ მაინც ვერ გამიგია, რა საჭირო იყო ამ გოგოს ყიდვა? ჩვენ სახლში ისედაც
საკმარისია ბავშვები, რომელთაც არ მოსჭარბდება აღზრდა, თუკი მაგ საქმეს
მოვკიდებ ხელს.
_ მაპატიე, დაო, აი, საქმე რაშია, _ სენ-კლერმა ოფელიას მკლავში ხელი
მოჰკიდა და იქით წაიყვანა: _ ეგ ბავშვი ეკუთვნოდა ორ ლოთ მედუქნეს. მე
ხშირად გამივლია იმათ დუქანთან და ყოველთვის ამ ბავშვის ტირილი და წი-
ვილ-კივილი მესმოდა. მედუქნეები უმოწყალოდ სცემდნენ საცოდავ გოგოს.
ბავშვს ცოცხალი გამომეტყველება აქვს. მგონია, თუ აღზრდა ეღირსა, კარგი
ადამიანი დადგება. ამიტომ გადავწყვიტე მეყიდა და შენთვის მომეცა აღსაზრდელად. ეცადე, იქნება კარგი ადამიანი გამოვიდეს ამ პატარა ნადირისაგან. მე
კი აღმზრდელად არ ვვარგივარ.
_ ძალ-ღონეს არ დავზოგავ და ვნახოთ, რა გამოვა, _ თქვა ოფელიამ.
ოფელია მიუახლოვდა თავის მომავალ შეგირდს, ისე შეხედა, თითქოს შავ
ობობას უახლოვდებაო. აშკარად ემჩნეოდა, რომ ეზიზღებოდა, მაგრამ მაინც
კარგი სურდა იმისთვის.
_ რა ჭუჭყიანია! _ შენიშნა მან.
_ ეგ არაფერია. ჩაიყვანე ქვევით და უბრძანე გოგოებს, კარგად დაბანონ და
სუფთად ჩააცვან.
ოფელიამ ბავშვი სამზარეულოში წაიყვანა.
_ ნეტა ვიცოდე, რად დასჭირდა ბატონს ეს შავტუხა გოგო, _ წაიბუტბუტა
დინამ, როცა ტოპსი დაინახა. _ ყოველ შემთხვევაში, სამზარეულოში ეგ ჩემთვის საჭირო არ არის.
როზამ და ჯენიმ, ახალგაზრდა და კოხტად ჩაცმულმა გოგოებმა, ტუჩი
აუბზუეს ჭუჭყიან კონკებში გახვეულ გოგოს. ოფელია დარწმუნდა, რომ მას
არავინ დაეხმარებოდა, და ამიტომ თვითონ შეუდგა საქმეს, დაბანა, დავარცხნა
და საცვლები ჩააცვა. გოგო მართლაც საშინელი ბინძური იყო. ოფელია ბევრი
ებრძოლა თავის თავს, რომ ზიზღი დაეძლია, მაგრამ, როცა ბავშვს ზურგზე გალურჯებული ადგილები უნახა, გული სიბრალულით აევსო.
სანამ ბანდნენ და ასუფთავებდენენ, ტოპსი ისევ ისე დაღონებული და მორჩილების გამომხატველი სახით იდგა, როგორც პირველად კიბეზე; ეს სახე ფარავდა მის ბუნებრივ გამომეტყველებას. ხანდახან ქვეშ-ქვეშ გახედავდა მორთულ ჯენს. მეტად მოეწონა იმისი მარჯნის საყურეები. როცა დაბანეს, თმა
ძირში გადაჰკრიჭეს და სუფთა ტანისამოსი ჩააცვეს, ოფელიამ სიამოვნებით შეხედა ბავშვს; მის თვალში გოგო ახლა ოდნავ მაინც დაემსგავსა ადამიანს. ახლა
ოფელია იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ შესდგომოდა ბავშვის აღზრდას. ამისათვის საჭიროდ სცნო გამოლაპარაკებოდა.
_ რამდენი წლისა ხარ? _ჰკითხა მან ტოპსის.
_ არ ვიცი, ქალბატონო!
_ როგორ თუ არ იცი? განა შენთვის არავის უთქვამს არასოდეს, რამდენი
წლისა ხარ? სად არის დედაშენი?
_ მე დედა არ მყოლია არასოდეს, _ უპასუხა ბავშვმა ღრეჭით.
_ როგორ თუ დედა არ გყოლია? _ ჰკითხა გაოცებულმა ოფელიამ. _ მაშ,
სად დაიბადე?
_ მე არ დავბადებულვარ, _ უპასუხა გოგომ ისევ სიცილით.
_ გამიგონე, ჩემო კარგო! ასე ნუ მელაპარაკები; მე არ გეხუმრები. გამაგებინე ხეირიანად _ სად და როდის დაიბადე და ვინ იყვნენ შენი მშობლები?
_ მე არასოდეს არ დავბადებულვარ, _ გაიმეორა გოგომ კიდევ უფრო ცხარედ, _ არასოდეს არ მყოლია არც მამა, არც დედა, არავინ არა მყოლია. ბატონთან ვცხოვრობდი. იქ ბევრი ბავშვი იყო, ბებერი მამიდა ზოია გვივლიდა.
ეტყობოდა, ბავშვი არ ხუმრობდა.
_ გოგო მართალს მოგახსენებთ, ქალბატონო! _ ჩაერია ლაპარაკში ჯენი, _
ასე ბევრ ბავშვს ყიდულობენ იაფად: ზრდიან და შემდეგ ჰყიდიან კარგ ფასში.
ვაჭრები ამაში დიდ ფულს იგებენ.
_ რამდენ ხანს იყავი შენს ბატონთან? _ ჰკითხა ტოპსის ოფელიამ.
_ არ ვიცი, ქალბატონო!
_წელიწადი, ნახევარი თუ ნაკლები?
_ რა მოგახსენოთ.
_ ქალბატონო, მონა-ზანგებს წარმოდგენა არა აქვთ დროზე, _ კვლავ ჩაერია
ლაპარაკში ჯენი, _ იმათ არ იციან, რა არის წელიწადი, არც თავიანთი წლოვანებისა გაეგებათ რამე.
_ იცი, ვინ გაგაჩინა?
_ არ ვიცი! მე მგონია, რომ არავინ.
ეს აზრი ბავშვს თითქოს მოეწონაო, თვალებმა რაღაცნაირად გაუელვა და
განაგრძო ლაპარაკი:
_ მგონია, თვითონ გავჩნდი, არავის არ გავუჩენივარ.
_ კერვა იცი? _ ჰკითხა ოფელიამ, რომელმაც გადაწყვიტა, ბოლოს უფრო გასაგებ რამეზე დალაპარაკებოდა.
_ არა, ქალბატონო!
_ რის გაკეთება შეგიძლია? რას აკეთებდი შენი ბატონების სახლში?
_ წყალს ვეზიდებოდი, ჭურჭელს ვრეცხავდი, დანა-ჩანგალს ვწმენდდი,
ხელზე ვემსახურებოდი.
_ კეთილი ბატონები გყავდნენ?
_ არა უშავდათ რა, _ უპასუხა ბავშვმა და ეჭვის თვალით შეხედა ოფელიას.
ოფელიამ შეატყო, რომ ამ ლაპარაკითაც არაფერი გამოდიოდა, და თავი გაანება.
ოფელიას ასეთი აზრი ჰქონდა აღზრდაზე: ბავშვი შეაჩვიე მორჩილებას, ასწავლე წერა-კითხვა, ხელსაქმე (თუ ქალსა ზრდი) და ტყუილის თქმისთვის
უეჭველად წკეპლით დასაჯე.
სწორედ ამნაირად დაუწყო აღზრდა ოფელიამ თავის პატარა ველურ გოგოს.
სახლში ბავშვს ყველა ისე უყურებდა, როგორც ოფელიას საკუთრებას, მოსამსახურეები ცუდი თვალით უყურებდნენ და ამიტომ ოფელია იძულებული
იყო, ტოპსი თავის ოთახში მოეთავსებინა. თუმცა ოფელიას თვითონ უყვარდა
თავისი ოთახის დალაგება, მაგრამ ეს საქმე ახლა ბავშვს მიანდო, რომ ამით იგი
ნელ-ნელა შეჩვეოდა მუშაობას. ჯერ ლოგინის გაშლა-ალაგება ასწავლა.
_ მე ძალიან მიყვარს, რომ ჩემი ლოგინი კარგად იყოს გაშლილი, _ ეტყოდა
ხოლმე ოფელია. _ კარგად გახსოვდეს, ტოპსი, კაცმა ყველაფერი სუფთად უნდა გააკეთოს.
_ დიახ, ქალბატონო, _ უპასუხებდა ტოპსი დინჯად და ღრმად ამოიოხრებდა ხოლმე.
_ აი, ტოპსი, ეს პირია საბნისა, ეს სარჩული, ხომ დაიხსომებ?
_ დიახ, ქალბატონო! _ უპასუხა ტოპსიმ.
_ ზეწარი ისე უნდა შემოუკეცო ნაალს, რომ ნაკეცი არსად იყოს. ხედავ,
როგორ ვაკეთებ?
_ დიახ, ქალბატონო, _ უპასუხა ტოპსიმ, რომელიც ყურადღებით უსმენდა.
მაგრამ ამ დროს ქალბატონი რაღაცისთვის მიბრუნდა იქით. ტოპსიმ მარდად
აიტაცა წყვილი ხელთათმანი და ლენტი და კაბის სახელოში ჩაიწყო.
_ აბა, ტოპსი! ახლა შენ გაასწორე ლოგინი, როგორც გასწავლე.
ტოპსიმ ყველაფერი მშვენივრად გააკეთა და გააკვირვა ქალბატონი თავისი
სიმარდით. ისე დაცქრიალებდა, კაცს ეგონებოდა, დიდი ხნის შეჩვეულია ამ
საქმესაო. მაგრამ ამ დროს სახელოდან ლენტის წვერი გამოეჩარა. ოფელიამ დაინახა და მივარდა.
_ ეს რა არის, შე საძაგელო? ლენტი მოიპარე?
სახელოდან გამოაძრო მთელი ლენტი. ტოპსიმ წარბიც არ შეიხარა: დამშვიდებული უყურებდა ლენტს და ბოლოს წამოიძახა:
_ უი, ეს ქალბატონის ლენტი ყოფილა და როგორ გაჩნდა ჩემს სახელოში?
_ ნუ ტყუი, ტოპსი! ლენტი შენი აღებულია!
_გეფიცებით, ქალბატონო, პირველად ვხედავ მაგ ლენტს, აქამდის თვალითაც არ მინახავს ეგ ლენტი.
_ ტოპსი, ცოდვაა ტყუილი ფიცი!
_ მე არასოდეს არ ვლაპარაკობ ტყუილს, ქალბატონო, _ უპასუხა ბავშვმა
დარბაისლურად, _ სრულ სიმართლეს მოგახსენებ.
_ ტოპსი, თუ ეგრე იცრუებ, იძულებული გავხდები, დაგსაჯო.
_ თქვენი ნება გახლავთ, ქალბატონო! თუ გნებავთ, მთელი დღე მცემეთ, მე
მეტი არაფერი ვიცი. უთუოდ კაბის სახელოს მოჰყვა როგორღაც უცაბედად.
ოფელია ისე ააღელვა ბავშვის ლაპარაკმა, რომ წასწვდა და შეანჯღრია.
_ აღარ გაბედო მაგისთანა სიცრუის თქმა! _ დაუყვირა ბავშვს.
ნჯღრევისას სახელოდან ხელთათმანები გამოუვარდა.
_ აი, ხედავ! ახლა ხომ ვეღარ იტყვი უარს _ ლენტი არ მომიპარავსო?
ტოპსიმ ხელთათმანებზე განაცხადა, მე ავიღეო, მხოლოდ ლენტის შესახებ
კიდევ უარზე იყო.
_ გამიგონე, ტოპსი, თუ გამოტყდები _ აღარ დაგსჯი.
ამ სიტყვებმა იმოქმედა ტოპსიზე და თქვა: მე ავიღე ნივთები მაგიდიდანაო. ნანობდა, სიტყვას იძლეოდა, შემდეგში აღარაფერს ხელს არ ვახლებო.
_ ახლა მითხარი: კიდევ რა მოიპარე, რაც აქა ხარ? მე გუშინ ყველა ოთახში
სიარულის ნება მოგეცი. შეიძლება აიღე რამე. თუ მართალს მეტყვი, არ დაგსჯი.
_ ევას მარჯანი ავიღე, ყელზე რომ იკეთებს ხოლმე.
_ ხედავ, რა ცუდი ბავშვი ყოფილხარ!
_ კიდევ მოვიპარე როზას წითელი საყურეები.
_ წადი ახლავე და მომიტანე.
_ არ შემიძლია, ქალბატონო! ისინი უკვე დაიწვა.
_ როგორ თუ დაიწვა? რას ბოდავ? ახლავე აქ მომიტანე, თორემ დაგსჯი.
ტოპსიმ ხმამაღლა ტირილი მორთო და ეფიცებოდა, ნივთები დაიწვაო.
_ მერე რად დაწვი? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ იმიტომ, რომ ბოროტი, ბრაზიანი გული მაქვს.
ამ დროს ოთახში შემოვიდა ევა: ყელზე თავისი მარჯანი ეკეთა. მან არ იცოდა, რა ხდებოდა ამ ოთახში.
_ ევა, სად იპოვე შენი მარჯანი? _ ჰკითხა გაჯავრებულმა ოფელიამ.
_ სად უნდა მეპოვა? მარჯანი დილიდან ყელზე მაქვს.
_ გუშინ სადღა გქონდა?
_ ღამე სულ არ მომიხსნია, დამავიწყდა და ლოგინში ჩამყოლოდა.
ოფელია ისე გააკვირვა ამ ამბავმა, რომ არ იცოდა, რა ეთქვა. იმის განცვიფრება გაორკეცდა მაშინ, როცა როზას საყურეები ყურებზე დაუნახა. ამ დროს
როზამ დაუთოებული სარეცხი შემოიტანა.
_ არა, აღარ ვიცი, რა მოვუხერხო ამ ბავშვს! ტოპსი, რად დასწამე ცილი საკუთარ თავს და რად მითხარი ტყუილი, მარჯანი და საყურეები მოვიპარეო?
_ თქვენ მიბრძანეთ _ მითხარი კიდევაო, და მეც მაგის მეტი ვერა მოვახერხე რა.
_ განა მე ის გითხარი, ტყუილები მითხარი-მეთქი? ეგეც ხომ ისეთივე სიცრუეა, როგორც პირველი?
_ ნუთუ სულ ერთია? _ ჰკითხა ტოპსიმ განცვიფრებით.
_ ამისთანა საძაგელი გოგოსაგან განა მართალს გაიგებს კაცი! _ თქვა როზამ
და ზიზღით შეხედა ტოპსის. _ მე რომ ბატონი ვიყო, ერთი მაგრად ვაცემინებდი მაგის თავს.
_ გაჩუმდი, როზა, _ უთხრა ევამ. მისმა ჩვეულებრივად ალერსიანმა ხმამ
ახლა სიმკაცრის კილო მიიღო. _ მე ასეთი ლაპარაკი არ მიყვარს.
_ ბატონის ქალო! თქვენ კეთილი გულის ბრძანდებით და ჯერ არ იცით,
როგორ უნდა ზანგების მორჯულება; უმათრახოდ იმათ კაცი ვერაფერს შეასმენს, _ თქვა როზამ.
_ როზა, გთხოვ, კრინტი აღარ დაძრა, _ უთხრა ევამ მას ბრძანების კილოთი, სიბრაზით თვალები აენთო და ლოყები გაუწითლდა.
როზა გაჩუმდა.
_ ბატონის ქალი პირწავარდნილი მამაა,_ თქვა მან თავისთვის ოთახიდან
გამოსვლის დროს.
ევა ტოპსის გვერდით იდგა და სიბრალულით უყურებდა პატარა ველურს.
ის ჯერ მეტად პატარა იყო, რომ ჩაჰკვირვებოდა, რა ხდებოდა ამჟამად ტოპსის
გულში. შეჰყურებდა პატარა გოგოს ნამტირალევ თვალებში და ბუნდოვნად
გრძნობდა, რა უფსკრულია ამ უბედურ ბავშვსა და მას შორის. ევას მგრძნობიარე გული სიბრალულით აივსო: შეეცოდა თავისი ტოლი ბავშვი, რომელიც სიცოცხლეს გამოუთქმელ ტანჯვაში ატარებდა იმ დროს, როცა თვითონ ფუფუნებაში იზრდებოდა.
_ საბრალო ტოპსი! _ თქვა ევამ თავისი ნაზი ხმით, როცა ოფელიამ ტოპსის
დატუქსვა დაწყო; _ რად იღებ ხოლმე სხვის ნივთებს? ახლა დაგიწყებენ თვალთვალს, ყველაფერს დაგიმალავენ. მე მზად ვარ, ყველა ჩემი ნივთი სულ შენ
მოგცე, ოღონდ სხვის ნივთებს ხელს ნუ ახლებ.
საბრალო დაჩაგრულმა გოგომ პირველად გაიგონა თანაგრძნობის ალერსიანი სიტყვა.
იმის დიდ ბრდღვიალა თვალებს თითქოს ცრემლი მოერიაო, მაგრამ უცბად გადაიხარხარა და სახე სასაცილოდ დაღმიჭა. ოფელიამ არ იცოდა, როგორ
მოქცეულიყო, მეტი ვერაფერი მოახერხა და გადაწყვიტა, ტოპსი ჯიხურში დაემწყვდია. დარწმუნებული იყო, ბნელი ოთახი კარგ გავლენას მოახდენდა ბავშვზე.
ოფელიამ რჩევა ჰკითხა სენ-კლერსაც, მან მხოლოდ გაიცინა ბიძაშვილის
გაჭირვებაზე.
_ რა გაეწყობა! _ უთხრა სენ-კლერმა: _ თუ უწკეპლოდ საქმე ვერ რიგდება,
მიმართე წკეპლას, მხოლოდ არა მგონია, შენმა დასჯამ რაიმე ნაყოფი გამოიღოს. ტოპსი შეჩვეულია უფრო მკაცრ სასჯელს.
_ მაშ, რა წყალში ჩავვარდე? რა მოვუხერხო? _ ამბობდა იმედდაკარგული
ოფელია.
_ არ ვიცი, დაო; შენ სცადე, მე აღზრდისა არაფერი გამეგება.
და, მართლაც, სენ-კლერმა მხოლოდ ხუმრობა იცოდა ბავშვებთან: ყოველგვარ ცელქობაზე წააქეზებდა ბავშვს. ის ტოპსს უყურებდა, როგორც გასართობ
მაიმუნს.
ტოპსის, მართლაც, შეეძლო კაცის გართობა, იცოდა ცეკვა, სიმღერები, ათას
რამე სასაცილოს მოიგონებდა ხოლმე, სიცილით ხოცავდა ყველას. განსაკუთრებით ბავშვებს შეუყვარდათ ტოპსი და მათ შორის ევასაც. ოფელიას აწუხებდა ევას დაახლოება ტოპსისთან და სთხოვა სენ-კლერს, როგორმე ევა მოერიდებინა ტოპსისთვის.
_ ეჰ, დაო, სულ ტყუილი შიშია! _ უთხრა სენ-კლერმა. _ ევას არასოდეს ცუდი არაფერი მიეკარება, ისეთი ფაქიზი არსებაა.
პირველ ხანებში მოსამსახურეებმა აითვალწუნეს ტოპსი, არავინ დაიახლოვა, მაგრამ ისინი ადვილად დაამარცხა ამ პატარა გოგომ. საკმარისი იყო, რომელიმე მოსამსახურეს ტოპსისათვის ცუდი სიტყვა ეთქვა ან დაებეზღებინა ბატონთან რაიმე საქციელისათვის, რომ ასეთ მოსამსახურეს უეჭველად მალე რაიმე ხიფათი შეემთხვეოდა: ან დაკარგავდა რამეს, ან ტანისამოსი გაუფუჭდებო-
და, ან საიდანმე უცებ ჭუჭყიან წყალს გადაასხამდნენ თავზე და სხვ. ტოპსის
სიცუღლუტეს დასასრული არა ჰქონდა. ამასთან, ისე შეასრულებდა თავის განზრახვას, რომ ვერავინ ვერაფერს დააბრალებდა. საქმე იმით გათავდა, რომ მოსამსახურეები დაიმორჩილა ტოპსიმ და ყველას მისი რიდი ჰქონდა.
ოფელია ზრუნავდა ტოპსის აღზრდაზე, ასწავლიდა წერა-კითხვას და ხელსაქმეს. კითხვა ჩქარა ისწავლა და დიდი ხალისითაც კითხულობდა წიგნებს,
საკერავს კი გული ვერ დაუდო. ასე გავიდა ერთი წელიწადი, მეორე _ და ტოპსი შეეჩვია ახალ ბინას. ოფელია თვალყურს ადევნებდა ბავშვს და ებრძოდა მის
ცუდ მხარეებს. სენ-კლერისათვის ტოპსი გასართობი საგანი იყო; ხშირად აქეზებდა და ათამაშებდა: საჩუქრებსაც აძლევდა ხოლმე; ერთი სიტყვით, ბავშვს
მფარველობას უწევდა.
ახლა დავბრუნდეთ კენტუკში და ვნახოთ, რა ხდება ბიძია თომას ქოხში.
მეცხრამეტე თავი
ხლოას სიხარული
უკვე კარგად მოსაღამოებული იყო. შელბის სახლში ყველა კარი და ფანჯარა გაეღოთ ჰაერის გასაწმენდად და გასაგრილებლად. დღისით ოთახებში სიცხის ბუღი ტრიალებდა.
დიდ სადარბაზო ოთახში იყო ცოლ-ქმარი. ამ ოთახს სახლის შუაგული
ეჭირა მთლად ერთი მხრიდან მეორემდის; ორივე მხრიდან დიდი გრძელი აივნები ჰქონდა. ბატონი შელბი სავარძელში იჯდა და სიგარას ეწეოდა; მისი ცოლიც იქვე იყო და ხელში საკერავი ეჭირა, ქალს რაღაც მოუსვენრობა ეტყობოდა: თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა ქმრისათვის და ვერა ბედავდა. წამდაუწუმ საკერავს შეაჩერებდა, თავს ასწევდა და გახედავდა.
_ არტურ, გაიგე, ხლოამ თომასაგან წერილი მიიღო, _ გაბედა ბოლოს, როგორც იყო, ლაპარაკი ქალმა.
_ მართლა? რაო? რას იწერება? ახალ ბინაზე შეუძენია თუ არა მეგობრები?
როგორ ვცხოვრობო?
_ თომა ძალიან კარგ კაცს უყიდია თურმე, მშვენივრად ექცევიან და არც
ბევრს ამუშავებენ.
_ მოხარული ვარ, _ თქვა შელბიმ, _ რომ ჩვენი კეთილი თომა კარგ ოჯახში
ჩავარდნილა. იქნებ სამხრეთი ისე მოეწონოს, რომ აქეთ სულაც აღარ მოისურვოს წამოსვლა.
_ არა, პირიქით: კითხულობს, ჩქარა გამოვისყიდით თუ არა?
_ ამისი კი რა მოგახსენოთ! _ წარმოთქვა შელბიმ. _ თუ ერთხელ კაცს საქმეები აეწეწა, მერე ძნელადღა გამოუძვრება საბელს. მე ახლა მხოლოდ იმით ვაკოწიწებ ჩემს საქმეებს, რომ ერთს ვესესხები და მეორე მოვალეს ვაძლევ. დავალიანება ჭაობში სიარულსა ჰგავს, მუდამ საფრთხეში ხარ.
_ იქნებ როგორმე გამოსწორდეს ჩვენი საქმეები, _ თქვა ქალბატონმა შელბიმ, _ შეიძლება, მაგალითად, ცხენები გავყიდოთ ან რომელიმე სოფელი და ვალი გავისტუმროთ.
_ უაზროდ ლაპარაკობ, ემილია! შენ ყველაფერში სამაგალითო ადამიანი
ხარ, მაგრამ მეურნეობისა არაფერი გაგეგება, ქალებს საზოგადოდ არაფერი ესმით ანგარიშებისა.
_ მერე რატომ არაფერს მეუბნები შენს აწეწილ საქმეებზე? _ უსაყვედურა
ქალმა ქმარს: _ ის მაინც შემატყობინე, ვისი ან რამდენი გმართებს? შეიძლება,
როგორმე შემოგეშველო და ოჯახის ხარჯები შევამცირო.
_ თუ ხათრი გაქვს, დამეხსენი, ემილია! _ თქვა გაჯავრებულმა შელბიმ. არ
იცოდა, რა პასუხი მიეცა ცოლისათვის, და ამიტომ გაჯავრდა, ამით სურდა, მოესპო ეს უსიამოვნო ლაპარაკი. _ შენ სამეურნეო საქმეების წარმოება ის ხომ არა
გგონია, ხლოა რომ ქადებს აცხობს სამზარეულოში. აქ ცომს მოგლეჯს, იქ მიუმატებს, მორჩა და გათავდა! მეურნეობა ქადების ცხობა არ არის. გთხოვ, ჩემს
საქმეებში ნუ ჩაერევი.
ქალბატონი შელბი გაჩუმდა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მისი ქმარი მართალს ამბობდა, როცა ქალების უაზრობაზე ლაპარაკობდა. თვითონ ფხიზელი
გონებისა და მტკიცე ხასიათის ადამიანი იყო და თავის ქმარზე ნაკლებ არ მოაწყობდა საქმეებს, თუ ამის ნებას მისცემდნენ. მას დიდი ხანია, გადაწყვეტილი
ჰქონდა თომას გამოსყიდვა, მაგრამ ამ განზრახვის ასრულებას ახალ-ახალი
დაბრკოლება ეღობებოდა. ქალმა მძიმედ ამოიოხრა და, ცოტა ფიქრის შემდეგ,
ისევ განაგრძო ლაპარაკი.
_ არტურ! მაშ, შეუძლებელია, სადმე ვიშოვოთ ფული და დავამშვიდოთ ეს
საწყალი დედაკაცი? ეს საცოდავი სულ იმაზე ფიქრობს, როდის ეღირსება თომას ნახვა.
_ ძალიან სამწუხაროა, _ თქვა შელბიმ, _ ჩვენ ავჩქარდით, როცა დავპირდით _ გამოგისყიდიო. მგონია, მე მაგას ვერასოდეს მოვახერხებ. ჯობს, ახლავე
სიმართლე ვუთხრათ ხლოას. თომა ორიოდე წლის შემდეგ იქ მეორე ცოლს
იშოვის და ხლოასაც ურჩევნია, აქ სხვაზე გათხოვდეს.
_ მე ყოველთვის იმას ჩავჩიჩინებდი მონებს, რომ ქორწინება იმათთვისაც
ისეთივე წმინდაა და შეურყეველი, როგორც ჩვენთვის, როგორ შეიძლება ახლა
ასეთი რჩევის მიცემა, არტურ? _ უთხრა აღელვებული ხმით ქალბატონმა შელბიმ ქმარს.
_ ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენს მონებს მათთვის შეუსაბამო ზნეობა მოახვიე
თავზე.
_ ეს ზნეობა ყველა ადამიანისათვის ერთნაირად სავალდებულოა დედამიწის ზურგზე. მე მძაგს მონობა, რომელიც ადამიანებს ორ ხარისხად ყოფს. როგორც გინდა, ისე ჩამომართვი, არტურ, მე კი ჩემს სიტყვას ვერ გადავალ. თუ
სხვა გზით ვერ ვიშოვი საჭირო ფულებს, მუსიკის მასწავლებლობას დავიწყებ
და შევაგროვებ საჭირო თანხას თომას გასათავისუფლებლად.
_ დავიჯერო, შენ მაგას გაბედავ? ქალბატონი დაიწყებ წანწალს კაპიკიან
გაკვეთილებზე? ეგ ხომ ჩვენი თავის მოჭრა იქნება! _ წამოიძახა შელბიმ.
_ ეს არავითარი დამცირება არ არის. მაგრამ, სიტყვა რომ გავტეხო, მაშინ კი
მართლა თავს დავიმცირებ.
_ ვიცი, რომ შენ ყოველთვის მზად ხარ, ჩაიდინო რამე არაჩვეულებრივი,
ემილია, მაგრამ, გთხოვ, კარგად მოიფიქრო, ვიდრე მაგ შენს აზრს განახორციელებდე.
ამ დროს აივნის ბოლოს გამოჩნდა ხლოა.
_ ქალბატონო, ერთ წუთს აქ მობრძანდით, _ დაუძახა მან ქალბატონს.
ქალბატონი შელბი წამოდგა და აივანზე გავიდა.
_ რა საქმე გაქვს, ხლოა? _ ჰკითხა მან მოახლეს.
_ აი, ეს ვარიები მოვიყვანე საჩვენებლად. თუ გნებავთ, წვნიანს გავაკეთებ.
_ ჩემთვის სულ ერთია, ხლოა! _ უპასუხა ქალბატონმა და ძალიან გაუკვირდა, რომ ხლოამ ასეთი კითხვით მიმართა მას. ხლოა ასეთ რჩევას არა ჰკითხავდა ხოლმე ქალბატონს.
ქალბატონი შელბი ჩააცქერდა ხლოას სახეში და შენიშნა, რომ იმას რაღაცის
თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა, ეტყობოდა, ვარიები მხოლოდ მისვლის
საბაბი იყო, ნამდილად კი სხვა საქმე ჰქონდა.
_ ხლოა, შენ რაღაც სხვა სათქმელი გაქვს და ვერ მიბედავ! მითხარი, რა გინდა?
ხლოამ ცოტა ყოყმანის შემდეგ დაიწყო:
_ ჩემო ქალბატონო, რატომ გინდათ თავი შეიწუხოთ ფულის საშოვნელად?
თქვენ ხომ ყოველთვის გექნებათ ის, თუკი მოისურვებთ.
ამ სიტყვებზე ხლოას გაეცინა.
_ მე შენი სიტყვებისა ვერაფერი გავიგე, _ უთხრა ხლოას ქალბატონმა. ის
მიხვდა, რომ ხლოას ქმართან მისი ლაპარაკი გაგონილი ჰქონდა.
_ როგორ ვერ მიხვდით ჩემს აზრს, ქალბტონო! _ უთხრა ხლოამ ქალბატონს
ისევ ღიმილით, _ აბა უყურეთ სხვა ბატონებს: ისინი მონებს ქირით ამუშავებენ
სხვაგან, როცა სახლში სამუშაო არა აქვთ, და ამით დიდ ფულს იღებენ. თქვენი
მონები კი უსაქმურად ყრიან სახლში წლობით და ჭამის ფასსაც არ აკეთებენ.
_ მერე, აბა რომელი დავაყენოთ მოჯამაგირედ.
_ მე სხვაზე არაფერს მოგახსენებთ. სამი ამბობდა იმ დღეს _ ლუნევილში
ერთი მეშაქარლამე ეძებს ხელოსანსო და ხელფასს კვირაში ოთხ დოლარს აძლევსო.
_ მერე შენ რა, ხლოა? _ შეეკითხა ისევ ქალბატონი.
_ აი, რა მოვიფიქრე, ქალბატონო! ჩემი თანაშემწე სალი ახლა თვითონაც
კარგად შეძლებს სადილ-ვახშმის მომზადებას, ის ჩემზე ნაკლებად არ ამზადებს საჭმელებს. მე რომ გამიშვებდეთ ლუნევილში, ფულის მოგროვებაში დაგეხმარებოდით. მე საშაქარლამო საქმეები კარგად ვიცი.
_ მერე ბავშვებს მარტო როგორ დატოვებ, ხლოა?
_ ეჰ, ქალბატონო! ბიჭებს ახლა მუშაობაც კი შეუძლიათ, გოგოს კი სალი
უგდებს ყურს.
_ იქნება არ იცი, რომ ლუნევილი აქედან შორს არის?
_ არა უშავს რა, ამბობენ, სადღაც ქვემოთ არის მდინარის ნაპირზე, სამხრეთისაკენაო. იქნებ ახლო გახლავთ თომასთან? _ იკითხა ხლოამ.
_ არა, ხლოა! ლუნევილიდან სამხრეთ შტატებამდის კიდევ დიდი მანძილია.
ამ სიტყვების გაგონებაზე ხლოას სახე მოეღრუბლა.
_ მაინც ცოტა უფრო ახლო იქნები, _ ანუგეშა ქალბატონმა. _ მე თანახმა
ვარ, გაგიშვა. სანამ შენ იქ შეაგროვებ რამეს, მეც აქ მთელ შენს ჯამაგირს შეგინახავ და თომას გამოსახსნელ თანხას მივუმატებ.
თითქოს მზემ გამოაშუქაო, ისე გაუბრწყინდა ხლოას სახე სიხარულისაგან.
_ რა კეთილი ბრძანდებით, ქალბატონო! მე თვითონ არაფერი დამჭირდება
_ ტანსაცმელი, ფეხსაცმელი _ ყველაფერი მაქვს, ყოველ გროშს გამოვნასკვავ.
რამდენი კვირა არის წელიწადში ქალბატონო?
_ ორმოცდათორმეტი.
_ აი, რამდენი ფული შეგროვდება: კვირაში ოთხი დოლარი რას იზამს წელიწადში?
_ ორას რვა დოლარს, _ უთხრა ქალბატონმა.
_ ხედავ, რა ბევრია! _ წამოიძახა გაკვირვებულმა ხლოამ. _ დიდხანს დამჭირდება მეშაქარლამესთან მუშაობა, ქალბატონო, რომ საჭირო ფული შევაგროვო?
_ ოთხი ან ხუთი წელიწადი, მაგრამ შენ იქ ნაკლებს დარჩები, რადგან მეც
დაგეხმარები, რითაც შევძლებ.
_ ქალბატონს გაკვეთილებზე სიარული არ დასჭირდება, მე ჩემს ბატონებს
ეგრე არ გავუჭირვებ საქმეს, _ უთხრა ხლოამ ქალბატონს მადლიერი ხმით.
_ ჩემი დარდი ნუ გაქვს, ხლოა, _ უპასუხა ქალბატონმა შელბიმ ღიმილით.
_ როდის წახვალ ლუნევილში?
_ სამი ლაპარაკობდა, ამ დღეებში კვიცები უნდა წავასხა ბაზარზე გასაყიდადო; მაშინ გავყვებოდი მეც. დიდი ბარგი არა მაქვს ჩასალაგებელი. თუ მოწმობას მიბოძებს ქალბატონი, ხვალვე გავემგზავრები.
_ ეგ ყველაფერი კარგია, ხლოა, მაგრამ ჩემს ქმარსაც უნდა მოველაპარაკო
ამაზე.
ქალბატონი ოთახში შევიდა, ხლოა კი გახარებული დაბრუნდა თავის ქოხში და მზადებას შეუდგა. საღამოთი ჯორჯ შელბი შევიდა მამიდა ხლოასთან
და ხლოამ ჯორჯს ახალი ამბავი ახარა.
_ ჩემო ბატონიშვილო! თქვენ იქნება არ იცით, რომ მე ხვალ ლუნევილში
მივდივარ? აი, ახლა ბარგს ვალაგებ, ბავშვებს საცვლები უნდა დავუმზადო.
იცი, ჯორჯ, მე კვირაში ოთხი დოლარი მექნება ჯამაგირი და ეს ფულები უნდა
მოვაგროვო თომას გამოსასყიდად. ამას გარდა, დედათქვენი დამპირდა დახმარებას.
_ ეგ ძალიან კარგი საქმეა! _ წამოიძახა ჯორჯმა სიამოვნებით. _ როდის აპირებთ წასვლს, მამიდა ხლოა?
_ ხვალ დილით; სამს მივყავარ. გეხვეწებით, ბატონო, დაბრძანდით და ყველაფერი მისწერეთ თომას.
_ დიდი სიამოვნებით, _ თქვა ჯორჯმა. _ წარმოდგენილი მაქვს, როგორ გაუხარდება ბიძია თომას. მე გავიქცევი, ქაღალდსა და საწერ-კალამს მოვიტან.
ჩვენს ცხენებზედაც მივწერ, ხომ კარგი იქნება, რომ მივწერო, მამიდა ხლოა?
_ ძალიან კარგი იქნება! აბა, მაშ თქვენ საწერ-კალმისათვის მიბრძანდით და
მე მანამ აქ ვარიას მოგიხრაკავთ. ეს იქნება ბებერი ხლოას გაკეთებული უკანასკნელი ვახშამი.
მეოცე თავი
ევა
ორი წელიწადი გავიდა, რაც თომა სენ-კლერის სახლში ცხოვრობდა. ის ყოჩაღად იყო, იმისდა მიუხედავად, რომ მოწყვეტილი იყო ოჯახს, ცოლ-შვილს
და ყველაფერს, რაც იმისათვის ძვირფასი იყო ამქვეყნად.
თავისუფალ დროს საღვთო წიგნებს კითხულობდა თავის ოთახში. ეს მატებდა მას ძალ-ღონეს, სიმხნევესა და უკეთესი მომავლის იმედს აძლევდა. შეუდრეკელი იყო, რაც უნდა გაჭირვება დასდგომოდა.
ამავე დროს, თომამ მიიღო ჯორჯის წერილიც; იმის სიხარულს საზღვარი
არ ჰქონდა. ათასჯერ გადაიკითხა საყვარელი ბავშვის წერილი და განუსაზღვრელი სიამოვნება იგრძნო, როცა ამოიკითხა, რომ მახლობლები ზრუნავენ
და ცდილობენ იმის გამოსყიდვას.
თომასა და ევას მეგობრობაც თანდათან იზრდებოდა. თომას ბავშვი ძალიან შეუყვარდა. მისთვის რამე სურვილის ასრულება, სასიამოვნო საქმის გაკეთება _ თომას დიდ სიხარულს ანიჭებდა. დილით თომა წავიდოდა ბაზარში,
მოძებნიდა საუკეთესო ფორთოხალს, ატამს, ყვავილების ლამაზ თაიგულს,
იყიდდა და ევას მოუტანდა. ბავშვი ყოველთვის მოუთმენლად ელოდა ბაზრიდან თომას დაბრუნებას. «რა მომიტანა დღეს ბიძია თომამ?» _ იკითხავდა ევა,
ბაზრიდან დაბრუნებულ თომას რომ დაინახავდა. ბავშვის საოცარი ღიმილი,
იმისი წკრიალა ხმა, ოქროსფერი თმით შემოსილი თავის დანახვა დაობლებული ადამიანის გულს ნეტარებას აგრძნობინებდა ხოლმე. ევაც თავის მხრივ იმაზე ფიქრობდა, რით გაეხარებინა თომა, წიგნის კარგი კითხვა იცოდა და დიდი
ხალისით კითხულობდა ხოლმე. პირველად მხოლოდ თომას გულისათვის
კითხულობდა ხმამაღლა, მაგრამ იმის მგრძნობიარე სულს ნელ-ნელა ჩაეწვეთა
კარგი სიტყვები და ბავშვს სურვილი აღეძრა, რამე კეთილი საქმე გაეკეთებინა
დაჩაგრული მონებისათვის.
ბავშვს არ შეეძლო, ყველაფერი გაეგო, მაგრამ ყოველ ფეხის გადადგმაზე
ხედავდა ბოროტებასა და უსამართლობას, და ეს ტანჯავდა იმის მგრძნობიარე
პატარა გულს.
არაერთხელ შეშინებია სენ-კლერს, ბავშვი რომ ნამტირალევი უნახავს. ევას
ხან ძიძის მდგომარეობა აწუხებდა, რომელიც ქმარ-შვილს დააშორეს, ხან თომასი, ხან კიდევ სხვა რომელიმე მონისა. მამა რომ დამშვიდებას შეეცდებოდა,
ასე იტყოდა ხოლმე ბავშვი:
_ ოჰ, მამილო, მძიმე ლოდივით მაწევს გულზე ამ ადამიანების მწუხარება!
სენ-კლერის ოჯახი საზაფხულოდ პონშარტზენის ტბის ნაპირზე წავიდა.
მათ იქ მშვენიერი საკუთარი სახლი ჰქონდათ სააგარაკოდ. ცხელი ზაფხული
იყო, ქალაქში აუტანელი სიცხეები დაიჭირა და საშინელი მტვერი იდგა. ყველა,
ვისაც კი შეეძლო, სოფლად გავიდა. სენ-კლერის აგარაკს გარშემო დიდი ბაღი
ერტყა. ჰაერში ყოველთვის ათასნაირი სურნელოვანი ყვავილის სუნი ტრიალებდა, ასწლოვანი ხეები და უზარმაზარი ტბის სიახლოვე იმდენად აგრილებდა ჰაერს, რომ ამ მშვენიერ სასახლეში საამურად ატარებდა ადამიანი ცხელ
ზაფხულს.
მოწმენდილი საღამო იყო, ჩამავალი მზის შუქი ალისფერ ზოლებად ისახებოდა ტბის გამჭვირვალე ტალღებში. აქა-იქ მოჩანდნენ აფრაგაშლილი გემები.
ბინდში ისინი მოჩვენებებს წააგავდნენ.
ბუნება ძილს აპირებდა, ცაზე თითო-ოროლა ვარსკვლავი გამოჩნდა. სასიამოვნო იყო მყუდრო კუნჭულიდან ამ საუცხოო სურათის ხილვა. თომა და ევა
გრძელ სკამზე ისხდნენ ხეივანში ტბის პირას. ევას მუხლებზე გაშლილი წიგნი
ედო, ის იყო მორჩნენ კითხვას და ახლა ბუნების მშვენიერებით ტკბებოდნენ.
_ ბიძია თომა! _ უთხრა ბავშვმა თომას და ტბისკენ გაიშვირა ხელი: _შეხედე, როგორ გავს ეს სურათი იმას, რაც ახლა წავიკითხეთ! ჰგავს, არა, ბიძია თომა?
_ დიახ, დიახ, ჩემო პატარა ქალბატონო! _ უპასუხა თომამ, რომელიც აღტაცებით შეჰყურებდა კეკლუც ბუნებას.
რამდენიმე წამმა გაიარა სიჩუმეში. ბავშვი კვლავ აღტაცებული შეჰყურებდა ცას.
_ ბიძია თომა, _ დაიწყო ისევ ბავშვმა, _ მე მგონია, რომ ჩქარა წავალ იქ,
იმათთან!
ბავშვი წამოდგა და ხელი ცისკენ გაიშვირა. ჩამავალმა მზემ თავისი უკანასკნელი სხივი მოახვედრა ევას ოქროსფერ თმებს და შარავანდედში გაახვია ბავშვი. ევას მშვენიერი სახე გაუბრწყინდა.
შეშინებულმა თომამ ბავშვს შეხედა.
უსიამოვნო წინათგრძნობამ უკბინა გულზე. თომა ამჩნევდა, რომ უკანასკნელ ხანებში ბავშვი გახდა, ჩქარა იღლებოდა; როცა ოდნავ დაიღლებოდა,
სუნთქვა უძნელდებოდა. ხშირად გაუგონია ოფელიასაგან _ ევას ახველებს და
ვერაფერი ვუშველეთ ამ ხველასო.
ახლა, ამ უცნაური სიტყვების გაგონებაზე, თომამ შენიშნა, რომ ბავშვს ლოყები აენთო, სიცხისაგან. ხელი წაავლო მაჯაზე და ნახა, რომ ბავშვი საშინლად
ცხელი იყო.
სამწუხაროა, რომ ასეთი ბავშვები, როგორიც ევა იყო, დიდხანს არ ცოცხლობენ. მათ სახელებს უფრო ხშირად საფლავების ქვაზე ვკითხულობთ. წმინდა სიყვარული და სიმართლის წყურვილი ისე ავსებს იმათ გულს, რომ სუსტი
სხეული ვერ უძლებს ძლიერ გრძნობებს და ვერ იტანს მუდმივ სულიერ მღელვარებას.
ასეთი იყო პატარა ევაც და ამიტომ მასაც დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა
ამქვეყნად. მას აქ მხოლოდ სუფთა ფაქიზი ბავშვობის გატარება ხვდა წილად.
ვერავინ ამჩნევდა, როგორ დნებოდა ბავშვი, მახლობელი არავინ გრძნობდა
ამას ნათლად და არ მოელოდა უბედურებას.
_ ევა, ჩემო კარგო, _ გაისმა ოფელიას ხმა, _ ჩქარა შემოდი, გენაცვალე, რად
ზიხარ ბაღში მზის ჩასვლის შემდეგ? შეგცივა!
ოფელია შეჩვეული იყო ავადმყოფის მოვლას. ჭლექიანი ავადმყოფების
მოვლაც გამოეცადა. შეამჩნია, რომ ევას ხანდახან ლოყები უყვითლდებოდა,
ოფელიას არ გამოპარვია არც ის, რომ ბავშვს გამუდმებით ახველებდა.
ოფელიამ თავისი ეჭვები სენ-კლერს გაუზიარა, მაგრამ მამას გაგონებაც კი
არ უნდოდა იმისი, რომ მის ევას რაიმე საფრთხე მოელოდა.
_ რა ყვავივით შემომჩხავი, დაო! მართლა, ცუდი არაფერი მომიტანო, _ ეტყოდა ხოლმე სენ-კლერი პასუხად ოფელიას, როცა ქალი ევას ავადმყოფობაზე
ჩამოუგდებდა ლაპარაკს: _ ვერა ხედავ, ბავშვი სწრაფად იზრდება, ტანს იყრის,
ასეთ შემთხვევაში ბავშვი ყოველთვის ხდება.
_ მაშ, რა მიზეზია, რომ ბავშვს ახველებს? _ ჰკითხავდა ოფელია ბიძაშვილს.
_ ეგ არაფერია: ოდნავ გაცივდებოდა თამაშის დროს; ეგ ხველა საშიში არ
არის.
_ მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ჯენს, ელენესა და მარიამს ახველებდათ და
ჭლექი აღმოაჩნდათ.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Bidzia Tomas Kokhi - 10
  • Parts
  • Bidzia Tomas Kokhi - 01
    Total number of words is 3886
    Total number of unique words is 2000
    33.0 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 02
    Total number of words is 3882
    Total number of unique words is 1997
    32.6 of words are in the 2000 most common words
    48.3 of words are in the 5000 most common words
    56.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 03
    Total number of words is 3836
    Total number of unique words is 1968
    33.7 of words are in the 2000 most common words
    48.2 of words are in the 5000 most common words
    57.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 04
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2014
    32.6 of words are in the 2000 most common words
    46.1 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 05
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2027
    32.8 of words are in the 2000 most common words
    47.6 of words are in the 5000 most common words
    56.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 06
    Total number of words is 3853
    Total number of unique words is 2026
    34.0 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    56.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 07
    Total number of words is 3811
    Total number of unique words is 2013
    32.4 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 08
    Total number of words is 3835
    Total number of unique words is 1991
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.7 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 09
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 1939
    34.2 of words are in the 2000 most common words
    48.0 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 10
    Total number of words is 3822
    Total number of unique words is 1805
    34.9 of words are in the 2000 most common words
    50.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 11
    Total number of words is 3809
    Total number of unique words is 1820
    36.0 of words are in the 2000 most common words
    51.0 of words are in the 5000 most common words
    59.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 12
    Total number of words is 3841
    Total number of unique words is 2005
    32.7 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 13
    Total number of words is 3854
    Total number of unique words is 2035
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 14
    Total number of words is 3873
    Total number of unique words is 1953
    31.7 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 15
    Total number of words is 2708
    Total number of unique words is 1580
    34.9 of words are in the 2000 most common words
    49.4 of words are in the 5000 most common words
    58.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.