Latin
Total number of words is 3811
Total number of unique words is 2013
32.4 of words are in the 2000 most common words
44.5 of words are in the 5000 most common words
53.1 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
იმათ ჯერ არ იცნობთ, მე კი მათ შორის აღვიზარდე.
ოფელია გრძნობდა, რომ თავის მხრივ საკმარისად გამოთქვა აზრი და დასამტკიცებელი აღარა ჰქონდა რა, ამიტომ მარის არაფერი უპასუხა. სენ-კლერი
კი ქალების ლაპარაკს ყურს აღარ უგდებდა, ის რაღაცაზე ფიქრობდა და თან
უსტვენდა.
_ გთხოვ, ნუ უსტვენ: ჩემზე საშინლად მოქმედებს სტვენა, _ უთხრა ცოლმა
სენ-კლერს.
_ გავჩუმდები, აღარ დავუსტვენ. კიდევ რას მიბრძანებ, რა არ შეიძლება?
_ მინდა, ოდნავი თანაგრძნობა მაინც გამოიჩინო ჩემდამი, _ უთხრა ამაზე
ცოლმა, _ შენ ჩემზე სრულებით არა ზრუნავ.
_ ოჰ, ჩემო ძვირფასო, სასტიკო ანგელოზო! _ შეჰყვირა სენ-კლერმა.
_ მოსაწყენია შენთან ლაპარაკი! _ უკმაყოფილო კილოთი თქვა მარიმ.
_ მაშ, როგორ გელაპარაკო? მზად ვარ, ყველაფერი აგისრულო, რასაც მიბრძანებ!
ამ დროს გარედან სიცილი მოისმა.
სენ-კლერი აივანზე გავიდა და თვითონაც გაეცინა.
_ რა ამბავია? _ ჰკითხა ოფელიამ და ისიც კარებთან მივიდა.
ეზოში გრძელ სკამზე ევას თომა დაესვა და ყვავილებით რთავდა. ვარდები
და იასამნები შემოეყარა გარშემო, ეტყობოდა, საშინლად მოსწონდა ბავშვს თავისი ხელოვნება. მერე ჩაუჯდა თომას კალთაში, შესცქეროდა და წკრიალა
ხმით იცინოდა.
ბიძია თომა კმაყოფილი იყო, რომ ბავშვს ასიამოვნა: სათნოებით სავსე სახეზე კეთილი ღიმილი უკრთოდა.
_ რა ეშველებოდათ საბრალო ადამიანებს, ბავშვები რომ არა ჰყავდეთ? _ ამბობდა აივნის მოაჯირზე გადაყუდებული სენ-კლერი და ევას გაჰყურებდა.
ბავშვი, ალბათ, მამას ვერ ხედავდა. იმან ააყენა თომა და ბაღში წაიყვანა.
_ ბავშვისათვის არ არსებობს კაცთა შორის განსხვავება, _ განაგრძო სენკლერმა: _ ყველა ადამიანს ერთნაირად უყურებს, ყველა თანასწორუფლებიანია იმის თვალში. თომა ნამდვილი გმირია ევას თვალში. თომა იმას სათამაშოებს უკეთებს, უმღერის და ამით ამხიარულებს, ართობს. ევა ამქვეყნად საწყალთა და დავრდომილთა ნუგეშად მოვლინებული სამოთხის ყვავილია.
_ შენ ისე ლაპარაკობ, როგორც კარგი მოქადაგე, _ უთხრა ოფელიამ ბიძაშვილს.
_ ლაპარაკი ადვილია, საქმის გაკეთება კი ძნელია. მე მხოლოდ სიტყვებით
შემიძლია კარგი გრძნობების გამოთქმა, შენ კი ამას საქმით ასრულებ.
*
*
*
ახალი ბატონის სახლში ჩვენი მეგობარი თომა ძალიან კარგად გრძნობდა
თავს. ევამ იმას შესაფერი საქმე უშოვა.
ევამ სთხოვა მამას, თომა მისთვის დაეთმო. ის მხოლოდ ქალბატონს წაიყვანდა ხოლმე ეტლით, როცა საჭირო იყო, დანარჩენ დროს ევასთან გაატარებდა. მას მეტი საქმე არ მისცეს. ისიც დიდი სიამოვნებით ატარებდა დროს ბავშვთან. დაჰყავდა სასეირნოდ. უამბობდა ზღაპრებს, ერთად კითხულობდნენ
წიგნებს, სახარებას და თომა უხსნიდა, როგორც შეეძლო და მის სპეტაკ გულს
ჰქონდა შეთვისებული.
ბავშვი სმენად გადაიქცეოდა ხოლმე, როცა თომა მოჰყვებოდა ლაპარაკს.
თომამ მკაფიოდ და გასაგებად იცოდა ლაპარაკი.
მარის არ მოსწონდა, რომ ევა თომას ასე შეეჩვია, ცდილობდა, მათი მეგობრობა მოეშალა როგორმე, მაგრამ საქმეში თვითონ სენ-კლერი ჩაერია, ცოლს
მოსთხოვა, ევასათვის მოქმედების სრული თავისუფლება მიეცა. სენ-კლერი
თომას კეთილ გავლენას ბავშვზე უფრო აფასებდა, ვიდრე თავისი ცოლის უშინაარსო დარიგებას.
მეთექვსმეტე თავი
ელიზასა და ჯორჯის გაქცევა კანადაში
კვაკერების სახლში საღამოთი ფუსფუსი იყო. ყველა რაღაცას აკეთებდა.
რახილ ჰალიდეი სამგზავრო სანოვაგეს ამზადებდა. ცდილობდა, რაც შეიძლება, კარგად ჩაელაგებინა ყველაფერი. მოსაღამოვდა. მზე ჩასვლაზე იყო. მოწითალო სხივები შეჭრილიყვნენ იმ ოთახში, სადაც ამჟამად ჯორჯი იმყოფებოდა
თავისი ცოლ-შვილით. ერთი ხელი ელიზასთვის შემოეხვია, მეორეთი ბავშვი
ეჭირა კალთაში.
_ ვიცი, ელიზა, რომ შენ მართალს ამბობ; კეთილი ადამიანი ხარ, შენ ჩემზე
ბევრად უკეთესი ხარ. ვეცდები, მეც ასეთი გავხდე აზრებითა და გრძნობებით.
ახლა დავივიწყებ მწარე წარსულს. ვიკითხოთ ხოლმე ერთად კარგი წიგნები.
იქნება ხელი მომემართოს და შევიგნო რამე.
_ კანადაში რომ მივალთ, მეც მოგეშველები მუშაობაში: კარგი ჭრა-კერვა და
რეცხვა ვიცი. არ გაგვიჭირდება თავის შენახვა.
_ მეც ეგრე მგონია, რომ არ გაგვიჭირდება ცხოვრება. ხშირად მაკვირვებდა
ხოლმე, როგორ შეუძლია ადამიანს სხვა რამეზე წუხილი, როცა თავის ცოლშვილში თავისუფლად ცხოვრობს. ის აზრი, რომ შენ და ჰარი ნამდვილად მე
მეკუთვნით, რომ არავის შეუძლია თქვენი თავი წამართვას, უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. მართალია, არა მაქვს ფული, არა მაქვს მიწა, არა მაქვს არავითარი საკუთრება; ჩემი სიცოცხლე შრომაში გამიტარებია, მაგრამ მე არ მადარდებს ჩემი სიღარიბე. თუ თავისუფლება მექნება, ადვილად შევიძენ ფულს,
რომ თქვენს მებატონეს მივცე სასყიდელი და გამოგისყიდოთ მონობიდან. რაც
შემეხება მე, ჩემი ბატონის წინაშე თავს მოვალედ აღარ ვრაცხ: დიდი ხანია, გადავუხადე ჩემი ფასი.
_ ჩვენ გვავიწყდება, რომ კანადაში ჯერ არა ვართ, _ უთხრა ქმარს ელიზამ.
_ მართალია, მაგრამ უკვე ვგრძნობ თავისუფალ ჰაერს; მე ამ ჰაერს ვყნოსავ.
მეორე ოთახში ლაპარაკი გაისმა და ვიღაცამ კარზე დააბრახუნა. შეშინებულმა ელიზამ ჰარი ხელში აიყვანა.
ოთახში შემოვიდა სიმეონ ჰალიდეი, თან შემოიყვანა უცნობი კაცი და გააცნო მეგობრებს. ეს იყო ფინეას ფლეტჩერი _ ჭკვიანი სახის, ახოვანი, ქერა კაცი,
გონიერი გამომეტყველებისა. ის არა ჰგავდა წყნარ და მშვიდ სიმეონ ჰალიდე-
ის. სიმეონი უფრო მეტს იმქვეყნიურ ცხოვრებაზე ფიქრობდა, ფინეასი კი ამ
ქვეყნის შვილი იყო, აზროვნებაც უფრო მიწიერი ჰქონდა.
_ ეს ჩვენი მეგობარი ფინეასი გახლავთ, ჯორჯ, _ თქვა სიმეონმა, _ ამან შენთვის საყურადღებო ცნობები მოიტანა. საჭიროა იცოდე საქმის ვითარება.
_ დიახ, მე ცოტაოდენი ცნობები შევკრიბე და დავრწმუნდი, რომ ყური
ფხიზლად უნდა გვქონდეს. გუშინ საღამოთი ერთ დუქანში შევედი გზის პირად. შენ უნდა იცოდე ის დუქანი, _ მიუბრუნდა ფინეასი სიმეონს: _ შარშან,
თუ გახსოვს, ჩვენ იქ ვაშლები მივყიდეთ ერთ მსუქან, საყურეებიან დედაკაცს.
დაღლილი ვიყავი და ვახშმის შემდეგ, მანამ ოთახს მოამზადებდნენ, დასაძინებლად დუქანშივე ტომრებზე წავწექი და წავიხურე კამეჩის ტყავი; ასე წამეძინა.
_ მაგრამ ცალი ყურით კი ისმენდი, რას ლაპარაკობდნენ დუქანში, არა? _
ჰკითხა სიმეონმა ღიმილით.
_ არა, მე ორიოდე საათი მაგრად მეძინა. მერე გამოვიღვიძე და დავინახე _
დუქანში რამდენიმე კაცი შემოჯდომოდა მაგიდას: ლუდს სვამდნენ და ლაპარაკობდნენ. კვაკერები ახსენეს. მე ყური ვცქვიტე. «მაშ, შენი სიტყვით, ისინი
კვაკერების სოფელში უნდა იყვნენ?» _ ჰკითხა ერთმა მეორეს. აღმოჩნდა, რომ
იმ კაცებს თქვენზე ჰქონდათ ლაპარაკი. მე ყველაფერი გავიგე, რასაც გიპირებენ
ისინი. გადაწყვეტილი აქვთ, _ მიუბრუნდა იგი ჯორჯს, _ კენტუკში ძველ ბატონს მიგგვარონ. თურმე სასტიკად დასჯას გიპირებთ, რომ სხვა მონებს ახსოვდეთ და აღარ გაბედონ გაქცევა. თქვენ ცოლს ახალ ორლეანში უპირებენ წაყვანას და იქ გაყიდვას, ბავშვს კი დაუბრუნებენ იმ ვაჭარს, რომელსაც უყიდია იგი
ბატონისაგან. თქვენი ამხანაგებიც თავიანთ პატრონებს უნდა დაუბრუნონ. როგორც ეტყობა, პოლიციელები დაიხმარეს მახლობელი ქალაქიდან. ამიტომ კარგად იციან ის გზა, რომლითაც ჩვენ ვაპირებთ ამაღამ წასვლას. უეჭველია, გამოგვეკიდება რვა-ცხრა კაცი. საქმე ის არის _ როგორ მოვიქცეთ, რომ იმათ გავუსხლტეთ ხელიდან.
ფინეასის მოტანილმა ამბავმა მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე.
განსაკუთრებით ღრმად ჩააფიქრა სიმეონი. ელიზამ ჯორჯს მიაყრდნო მხარზე
თავი. ჯორჯი მთლად აენთო, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა და სიბრაზით
მუშტებს კუმშავდა. განა მეტი სულგრძელობა მოეთხოვება იმ ადამიანს, რომელსაც ცოლ-შვილის წართმევას უქადიან?
_ ჯორჯ, რა გვეშველება? როგორ მოვიქცეთ? _ ჰკითხა ელიზამ სუსტი
ხმით.
_ მე ყველაფერი მოფიქრებული მაქვს, შენ ნუ გეშინია, _ უთხრა ჯორჯმა
ცოლს.
მან ხელში აიღო თავისი დამბაჩები და კარგად დაათვალიერა.
_ აი, თურმე რა ყოფილა! _ თქვა ფინეასმა. _ ხედავ, სიმეონ, სადამდის მიდის საქმე?
_ ვხედავ, მეგობარო! ვისურვებ, რომ სამაგისოდ არ გაგიხდეთ საქმე.
_ მე ჩემს უბედურებაში არავის გავხვევ, _ თქვა ჯორჯმა. _ თქვენ მხოლოდ
ეტლი გვათხოვეთ, რომ აქედან წავიდეთ, და მარტონიც წავალთ. ჯიმი, ჩემი ამხანაგი, ღონიერი და ისეთივე თავზეხელაღებული კაცია, როგორც მე ამ წამში.
_ ეგ ყველაფერი კარგი, მეგობარო, მაგრამ მეეტლე მაინც დაგჭირდებათ.
რაც შეეხება ბრძოლას, ეგ შენთვის დამითმია, მაგრამ მე მაინც საჭირო ვარ,
რადგანაც გზა კარგად ვიცი.
_ არ მინდა, ჩირქი მოვცხო ვისმეს, _ უპასუხა ნაღვლიანი ხმით ჯორჯმა.
_ მერე იმით რა ჩირქს მომცხებ, გზა რომ გასწავლო? _ ჰკითხა ფინეასმა ღიმილით.
_ ფინეასი ჭკვიანი და გამოცდილი კაცია, _ თქვა სიმეონმა, _ კარგს იზამ,
თუ ამას მიენდობი. მხოლოდ, აი, რას გეტყვი, ჯორჯ, _ სიმეონმა მხარზე ნაზად
დაადო ხელი, _ გთხოვ, ადვილად ნუ მიმართავ ამ ცუდ ამხანაგებს, _ დამბაჩებზე მიუთითა, _ შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და შეიძლება, ჩქარა აღელდე. მე
ამისი მეშინია.
_ მე პირველი არავისზე იარაღს არ ვიხმარ. ყველას ვთხოვ, თავი დამანებონ, ნუ მდევნიან, მომცენ საშუალება, რომ უვნებლად წავიდე ამ ქვეყნიდან. _
აქ იგი შედგა და სახე მოეღუშა, _ ერთი ჩემი და გაყიდეს ახალ ორლეანში. მე
ვიცი, რისთვისაც მიჰყავთ იქ ქალები. როგორ მოვითმინო და გულხელდაკრეფილი ვუყურო ჩემი ოჯახის მტარვალებს. ბუნებას დავუჯილდოებივარ ორი
მძლავრი ხელით. როგორ გავძლო და ხელი არ გავანძრიო, როცა ჩემს ცოლს
ხელს წაატანენ დასატყვევებლად! არა, იმედი მაქვს, რომ ბედი ჩემი შემწე და
მშველელი იქნება. უბრძოლველად ვერ დავთმობ ჩემს ცოლ-შვილს. მათი თავისუფლების მოსაპოვებლად ვიბრძოლებ უკანასკნელ სისხლის წვეთამდის.
განა ამისათვის დასაგმობი ვიქნები?
_ მოკვდავი ადამიანი საქციელს ვერ გაგიმტყუნებს, ჯორჯ! _ უთხრა სიმეონმა, _ სისხლი და ხორცი უძლურია და ქვეყანას ღუპავს მაცდური. მაგრამ,
იმედია, სამაგიერო მიეზღვით იმათ, ვისი მეოხებითაც ჩავარდა ქვეყანა ამ ბოროტებაში.
_ განა ჩემ ადგილზე თვითონ თქვენ კი ასევე არ მოიქცეოდით? _ ჰკითხა
ჯორჯმა სიმეონს.
_ განსაცდელის დროს შეიძლება, წონასწორობა დავკარგო.
_ მე კი ასე ვფიქრობ, ასეთი საქმე რომ დამემართოს როდისმე, უეჭველად
ჩემს მკლავებს მივანდობდი ჩემი უფლებების დაცვას, _ თქვა ფინეასმა და
მძლავრი ხელები დაიქნია.
_ თუ ოდესმე შესაძლებელია, ბოროტებას გაუმკლავდეს ადამიანი, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში, როგორშიც ახლა ჯორჯი იმყოფება, გამართლებულია
წინააღმდეგობა, ბოროტებით ადამიანი ვერ შექმნის ამქვეყნად ბედნიერებას.
_ გეთანხმებით, მაგრამ, თუ განსაცდელმა მოთმინებას გადააჭარბა, მაშინ
კი გვერიდონ ჩვენი მტრები, _ თქვა ფინეასმა.
_ ჩანს, კვაკერად არ ყოფილხარ გაჩენილი, _ თქვა სიმეონმა ღიმილით, _
წარმართთა დროის კაცი, ეტყობა, შენში კიდევ მძლავრია.
უნდა ვთქვათ, რომ ფინეასი, მართლაც, არ იყო კვაკერად დაბადებული. ის
უწინ გულადი მონადირე იყო. იშვიათი თვალი ჰქონდა და მარჯვე სროლა
იცოდა. მაგრამ ერთი კვაკერი ქალი შეუყვარდა და ამ გარემოებამ აიძულა, შესულიყო კვაკერთა ძმობაში. თუმცა ის პატიოსანი, ფხიზელი, სასარგებლო წევრი იყო ძმობისა და იმის საწინააღმდეგოს ვერავინ ვერაფერს იტყოდა, მაგრამ
მაინც აკლდა ის სათნოება, რაც დამახასიათებელი თვისებაა კვაკერთა ძმობისა.
_ მეგობარი ფინეასი ყველაფერს თავისი თვალით უყურებს, _ თქვა რახილმა ღიმილით, _ მაგრამ ვიცით, რომ გული სპეტაკი აქვს.
_ მოდი, დავაჩქაროთ წასვლა, _ თქვა ჯორჯმა.
_ ჩვენ ორი-სამი საათით ადრე შეგვიძლია წასვლა. მე ვიცი, ისინი როდის
აპირებენ გამოსვლას. ჩვენთვის უმჯობესი იქნება ბინდბუნდზე გავიდეთ,
რადგანაც საეჭვო სოფლები გვაქვს გასავლელი. იქ არასაიმედო პირები ცხოვრობენ და შეიძლება დაგვაბრკოლონ რითიმე. ორი საათის შემდეგ წავიდეთ.
მანამდე მე მიხეილ კროსისთან შევირბენ და ვთხოვ, გამოგვყვეს თავისი კარგი
ცხენით. გზას დაგვიზვერავს და მდევრის მოახლოებას შეგვატყობინებს. შევატყობინებ აგრეთვე ჯიმს და იმის მოხუც დედას, რომ მოემზადონ. ცხენებსაც
მოამზადებენ. ნუ დაღონდები, მეგობარო! პირველი არ არის ჩემთვის ასეთ საფრთხეში ყოფნა და მეგობრების დახსნა განსაცდელისაგან.
ამ სიტყვებით გავიდა ოთახიდან.
_ ფინეასს ენდე, ჯორჯ! ეგ აზრიანი კაცია. რაც შესაძლებელია, ყველაფერს
იზამს თქვენს გადასარჩენად, _ უთხრა სიმეონმა.
_ მე მხოლოდ ვწუხვარ, რომ ჩემი გულისათვის თქვენ საფრთხეში ვარდებით.
_ გთხოვთ, მეგობარო, მაგაზე კრინტი აღარ დაძრა. ჩვენ ისე ვიქცევით, როგორც სინდისი გვიკარნახებს. აბა, ქალო, ვაჭამოთ რამე ჩვენს მეგობრებს: მშივრების გაშვება ხომ არ შეიძლება?
მანამ რახილი და ბავშვები ვახშამს ამზადებდნენ, ჯორჯი ცოლს ელაპარაკებოდა:
_ ელიზა, ბედნიერ ადამიანებს, რომელთაც ჰყავთ მეგობრები, ქონება, მამული, სახლ-კარი და მიწა-წყალი, არ შეუძლიათ, ისეთი მტკიცე სიყვარულით
უყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე და შენ. შენამდის მე ვუყვარდი მხოლოდ
ორ უბედურ ადამიანს _ დედაჩემსა და ჩემს დას. მე უკანასკნელად ვნახე ჩემი
და იმ დილით, როცა ჩვენგან საუკუნოდ დაშორებას უპირებდნენ. მოვიდა ჩემს
საწოლთან და მითხრა: «საბრალო ჯორჯ! შენი ერთადერთი მეგობარიც გშორდება. ვინ იცის, რა მოგელის უჩემოდ, ჩემო საყვარელო ძამიკო». მე წამოვვარდი ლოგინიდან, მოვეხვიე და ორივენი დიდხანს ვტიროდით. მას შემდეგ
ალერსიანი სიტყვა აღარავისაგან გამიგონია. დიდმა ხანმა განვლო. ჩემი გული
დაჭკნა, ქვად იქცა. მხოლოდ შენმა სიყვარულმა აღმადგინა მკვდრეთით, გარდამქმნა. ჩემო ელიზა, ჩემო ძვირფასო, მე მზად ვარ, შენთვის სიცოცხლე გავწირო. ვინ გამიბედავს შენს წართმევას! და თუ განიზრახავს ვინმე ამას, უეჭველად ჩემს გაცივებულ გვამს უნდა გადმოაბიჯოს, რომ შენამდის მოაღწიოს.
რახილმა მიიპატიჟა სტუმრები სუფრაზე. ვახშმად რომ დასხდნენ, კარი გაიღო და ოთახში შემოვიდა რუთი.
_ ელიზა, აი ბავშვისათვის თბილი წინდები მოგიტანე. კანადაში სიცივეები
იცის. აბა, ხომ ყოჩაღად ხარ?
ქალმა გრძნობით ჩამოართვა ხელი ელიზას და ჰარის თაფლის კვერები
მისცა.
_ აი, აქ კიდევ ცოტა რამ სანოვაგე ჩავალაგე: გზაში დაგჭირდებათ ბავშვისათვის.
_ რა კეთილი ადამიანი ბრძანდებით, გმადლობთ! _ აღელვებული ხმით
უთხრა ელიზამ.
_ დაჯექით, რუთ, ჩვენთან ივახშმეთ! _ სთხოვა ქალს რახილმა.
_ გმადლობთ, არ შემიძლია: ბავშვი ჯონის ამარა დავტოვე და ვთხოვე, ქადებსაც მიხედე-მეთქი ღუმელში. დარწმუნებული ვარ _ ქადებიც დაეწვება და
ბავშვსაც, რაც ოჯახში შაქარი გვაქვს, სულ შეაჭმევს. იმის ამბავი ვიცი: ოჯახური საქმე არ ეხერხება.
კოპწია ქალმა მხიარულად გადაიკისკისა.
_ მშვიდობით, ელიზა! მშვიდობით, ჯორჯ! მშვიდობით მგზავრობას გისურვებთ.
რუთი ჩქარი ნაბიჯით გავიდა.
ვახშამი გაათავეს და სამგზავრო, ჩარდახიანი ეტლიც მოვიდა. მოწმენდილი ღამე დადგა. ცა ვარსკვლავებით მოიჭედა. ფინეასი კოფოდან გადმოხტა.
ჯორჯმა სახლიდან ხელჩაკიდებული გამოიყვანა ელიზა. მეორე ხელში ჰარი
ეჭირა. იგი მტკიცე ნაბიჯით მოდიოდა. სახეზე გაბედული გამომეტყველება
ემჩნეოდა.
_ ერთი წუთით გადმობრძანდით ეტლიდან, _ სთხოვა ფინეასმა ეტლში
მსხდომთ, _ დასაჯდომს გავმართავ ქალებისა და ბავშვისათვის.
_ აი, კამეჩის ტყავები ჩააგე შიგ, _ უთხრა რახილმა, _ კარგი დასაჯდომი გამართეთ, თორემ მთელი ღამე ეტლში ჯდომა ძნელი იქნება.
ჯიმი გადმოვიდა და თავისი დედაც გადმოიყვანა ეტლიდან. მოხუცებულს
შვილის ხელი მაგრად ეჭირა და შეშინებული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა _
არსაიდან გამოტყვრეს მდევარიო.
_ ჯიმ, დამბაჩები ხომ მზად გაქვს? _ ჰკითხა ჯორჯმა ხმადაბლა, მაგრამ
მტკიცე ხმით ამხანაგს.
_ ყველაფერი მზად მაქვს, _ უპასუხა ჯიმმა.
_ იცი, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ვინიცობაა, მდევარი შეგვეფეთა? _ განაგრძო ჯორჯმა.
_ მგონია, ვიცი.
ჯიმმა პალტო გაიხსნა და ღრმად ამოისუნთქა.
_ განა ჩემი ცოცხალი თავით დედას ხელში ჩავუგდებ ავაზაკებს?
ამ ლაპარაკის დროს ელიზა გამოეთხოვა თავის კეთილ მეგობარს _ რახილს. სიმეონმა უშველა ელიზას ეტლში ჩაჯდომა. ელიზა თავისი ბავშვით
უკან დაჯდა ტყავის საბანზე. მის გვერდით იჯდა მოხუცებული დედაკაცი.
ჯორჯი და ჯიმი წინ მოთავსდნენ გრძელ სკამზე. ფინეასი კოფოზე დაჯდა.
_ მშვიდობით, მეგობრებო! _ თქვა სიმეონმა.
_ მშვიდობით ბრძანდებოდეთ, _ უპასუხა ყველამ ეტლიდან.
ეტლი დაიძრა და გაყინულ გზაზე მოჰყვა რახრახს.
ოღროჩოღრო გზაზე ეტლს ხათქახუთქი გაჰქონდა და შიგ მსხდომთ აჯაყჯაყებდა. ერთმანეთის გამოლაპარაკება შეუძლებელი იყო. ეტლი ჩქარა მიდიოდა ბნელ ტყეებსა და თვალუწვდენელ მინდვრებში; აღმართ-დაღმართს აღარ
არჩევდა; დროც სწრაფად გარბოდა. ბავშვმა დედის კალთაში ჩქარა დაიძინა.
შეშინებულმა მოხუცებულმაც ნელ-ნელა გონება მოიკრიბა. თვითონ ელიზაც
იმდენად დამშვიდდა, რომ თვლემა დაიწყო. მხოლოდ ყველას მაგივრად ფინეასი ფხიზლობდა. ის მხიარულად მღეროდა სხვადასხვა სიმღერას, რომელსაც
კვაკერების სიმღერასთან არაფერი ჰქონდა საერთო.
ღამის სამი საათი იქნებოდა, როცა ჯორჯმა ცხენის ფეხის ხმა გაიგონა. ცხენოსანი უკნიდან უახლოვდებოდა ეტლს. ჯორჯმა ფინეასს ჰკრა ხელი. მან ეტლი გააჩერა და ყური დაუგდო.
_ ეს უთუოდ, მიხეილია. მგონი, იმისი ცხენის ფეხის ხმა არის.
ფინეასი ფეხზე წამოდგა და უკან გაიხედა. შორს ბექობზე ცხენოსანს მოჰკრა თვალი. მხედარი მათკენ მოაქანებდა ცხენს.
_ სწორედ ის არის, _ თქვა ფინეასმა.
ჯორჯი და ჯიმი ეტლიდან გადმოხტნენ და მოუთმენლად დაელოდნენ
ცხენოსნის მოახლოებას. მხედარი ერთ წუთს დაიმალა ხევში. ჩქარა სულ ახლო
გაისმა ცხენის ფეხის ხმა და თვითონ მხედარიც გამოჩნდა.
_ მიხეილი არის, _ თქვა ფინეასმა და ხმამაღლა დაუყვირა: _ მიხეილ, აქეთ
წამოდი!
_ ფინეას, თქვენ ხართ?
_ ჰო, ჩვენ ვართ! მოდი, ჩქარა გვითხარი, რა ამბავია! მდევარი ახლო ხომ არ
არის?
_ ფეხდაფეხ მოგვდევენ. რვა-ცხრა კაცია. უგონო მთვრალები არიან და ცოფიანი მგლებივით სიბრაზით დორბლებსა ყრიან.
ნიავმა დაბერა და თან მოიტანა ცხენების ფეხის ხმა.
_ ჩქარა ეტლში ჩასხედით, ყმაწვილებო! _ უთხრა ფინეასმა: _ ჩხუბს კიდევ
მოვესწრებით, ჯერ კი გაქცევა ჯობია.
კაცები შეხტნენ ეტლში. ფინეასმა ეტლი გააქროლა. მიხეილმაც ცხენი
ეტლს მიაყოლა. ეტლი ჩქარა მიდიოდა, მაგრამ ცხენების ფეხის ხმა თანდათან
ახლოვდებოდა. შეშინებულმა ქალებმა გამოიხედეს ჩარდახიდან და დილის
ციაგზე შორს გაარჩიეს რამდენიმე ცხენოსანი. თავის მხრივ, ეტყობოდა, მდევრებმაც დაინახეს თეთრჩარდახიანი ეტლი და მხიარული ხმაური ატეხეს.
ელიზამ ჰარი მაგრად ჩაიკრა გულში; მოხუცმა დედაკაცმა გმინვა დაიწყო;
ჯორჯმა და ჯიმმა დამბაჩები მოიმარჯვეს. ცხენოსნები წამოეწივნენ ეტლს,
რომელმაც მოულოდნელად გზას გადაუხვია და ამართულ პიტალო კლდის
ძირას გაჩნდა. განთიადის ციაგ შუქზე ეს განმარტოებული კლდე შავად მოჩანდა და მგზავრებს თითქოს თავშესაფარსა ჰპირდებოდა. ფინეასმა იქით მიაშურა. მან ეს ადგილები კარგად იცოდა: ახალგაზრდობაში ბევრჯერ უნადირია აქ.
_ გადმოდით ყველანი ეტლიდან და გაიქეცით მთისკენ, _ დაიძახა ფინეასმა. მან ცხენები მარდად გააჩერა და თვითონაც კოფოდან გადმოხტა. _ შენ კი,
მიხეილ, _ მიუბრუნდა ის ცხენოსანს, _ ცხენი ეტლს გამოაბი, შენ კი ეტლში ჩაჯექი და გასწი ამარისთან, უთხარი, ბიჭები წამოიყვანოს და ჩქარა მოგვეშველოს.
ერთ წუთას ყველანი გადმოვიდნენ ეტლიდან. ფინეასმა ჰარი აიყვანა ხელში.
_ თქვენ კი, _ უთხრა ჯორჯსა და ჯიმს, _ ქალები წამოიყვანეთ და ფეხდაფეხ გამომყეთ.
თვალის დახამხამებაში ღობეზე გადახტნენ და მთისკენ გაექანენ. მიხეილი
კი ამასობაში ჩამოხტა, ცხენი ეტლს გამოაბა და სწრაფად გარეკა ცხენები გზაზე.
_ მომყევით! _ დაიძახა ფინეასმა, როცა კლდის ძირას მივიდნენ, და შეუდგა
აღმართს. კლდეს ვიწრო ბილიკი მისდევდა, _ აქ, _ განაგრძო მან, _ უწინ ნადირობის დროს ხშირად ვისვენებდით.
ყველაზე წინ ფინეასი მიდიოდა და თხასავით ხტოდა კლდეებზე; მას ბავშვი ამძიმებდა. შემდეგ მიდიოდა ჯიმი დედასთან ერთად; ბოლოს მიდიოდნენ
ჯორჯი და ელიზა. მდევრებმა ცხენები ღობესთან მიაჭენეს, დაქვეითდნენ და
ისინიც კლდისკენ გაეშურნენ წყევლა-კრულვითა და ყვირილით.
ფინეასმა თავისი თანამგზავრებით ამასობაში მთის წვერს მიაღწია. აქ ბილიკი ისე ვიწრო იყო, რომ მხოლოდ თითო კაცს შეეძლო გავლა. ერთ ალაგას
ღრმად იყო კლდე გარღვეული და აქ ბილიკი წყდებოდა. იქით უფრო მაღალი
კლდეები მოჩანდა. ფინეასი მარდად გადახტა კლდის ნაპრალზე. მთის წვერზე
პატარა მინდორი იყო თეთრი ხავსით დაფარული და ამ ხავსზე დასვა ბავშვი.
_ აბა, ჩქარა გადმოხტით თქვენცა! _ დაუძახა დანარჩენებს. ისინიც ფინეასს
ზედიზედ მიჰყვნენ თავგანწირულის გამბედაობით. მთის წვერზე დიდი ლოდები ეყარა და შეიძლებოდა ამ ლოდებს უკან ამოფარება.
ფინეასმა გადაიხედა ძირს და შეატყო, რომ მდევრებიც აპირებდნენ მთაზე
ამოსვლას.
_ დაე, მობრძანდნენ! _ თქვა იმან, _ აბა, უყურე, ჯორჯ, ხომ ხედავ, რომ ამ
ბილიკზე მხოლოდ თითო-თითომ უნდა გამოიაროს. მაშასადამე, შენ შეგიძლია მიზანში ამოიღო თითო-თითოდ.
_ ვხედავ, _ უპასუხა ჯორჯმა, _ ახლა გთხოვთ, თქვენ უკან დადგეთ და სახიფათო ადგილს მოშორდეთ. ნება მოგვეცით, დანარჩენი საქმე ჩვენ შევასრულოთ.
_ დამილოცნია ასპარეზი, მეგობარო, _ უპასუხა ფინეასმა: _ ნებას გაძლევ,
როგორც გსურს, ისე იბრძოლო, მე მხოლოდ მაყურებელი ვიქნები. როგორც
ეტყობა, ის ვაჟბატონები რაღაცას თათბირობენ. ისე შემოჰყურებენ მთის წვერს,
როგორც ქათმები ქანდარას. ჯობია, ჯორჯ, ახლავე დაუძახო, რომ ვინც ამ ბილიკზე გამოჩნდება, იქვე დააწვენ. ჯობს, პატიოსნად შეატყობინო წინათვე.
დილის რიჟრაჟზე მდევართა შორის კაცი გაარჩევდა ტომ ლოკერს და
მერქსს, რომლებიც ჰელიმ მდევრად დაიქირავა სასტუმროში ოჰაიოსთან იმ საღამოს, როცა ელიზა თავისი შვილით გაუსხლტა ხელიდან. მათ თან ახლდათ
ორი პოლიციელი და მაწანწალების ბრბო.
_ გაებნენ მახეში, _ თქვა ერთმა მათგანმა.
_ მე დავინახე, ბილიკზე რომ აირბინეს, _ წაილაპარაკა ლოკერმა. _ მე პირველი მივიტან იერიშს.
_ გამიგონე, ტომ! _ გააჩერა ის მერქსმა, _ იმათ იქ საფარები აქვთ და შეუძლიათ საფარებიდან სროლა აგვიტეხონ. ცუდ დღეს დაგვაყენებენ.
_ ეჰ, შენ სულ შენს ტყავს უფრთხილდები! _ ზიზღით მიუგო ლოკერმა, _
განა არ იცი, რომ ზანგები მშიშარა ხალხია?
_ რატომაც არ უნდა ვუფრთხილდებოდე ჩემს ტყავს, _ უთხრა მერქსმა. _
ჩემს თავზე ძვირფასი რაღა მაქვს. ზოგჯერ ზანგებმა ძალიან ცხარე ბრძოლა
იციან.
ამ დროს მთის წვერზე გამოჩნდა ჯორჯი და ხმამაღლა ჩამოსძახა ძირს:
_ ბატონებო, ვინ ბრძანდებით მანდ, ან რა გნებავთ?
_ ჩვენ მოვდევთ გაქცეულ მონებს, ისინი გვინდა დავიჭიროთ, _ უპასუხა
ლოკერმა, _ ჩვენ ვეძებთ ჯორჯ ჰარისს, ელიზა ჰარისსა და იმათ შვილს, აგრეთვე ჯიმ ჰელდენს თავისი ბებერი დედით. ჩვენ თან გვყავს პოლიცია და
გვაქვს აღმასრულებელი ფურცელი. აუცილებლად დავიჭერთ გაქცეულებს,
გესმით? იქნებ შენ თვითონა ხარ ჯორჯ ჰარისი, რომელიც ბატონს გაექცა კენტუკიდან?
_ დიახ, მე გახლავარ ჯორჯ ჰარისი. მყავდა ბატონი, რომელიც აქამდე თავის საკუთრებად მთვლიდა, მაგრამ ახლა მე თავისუფალი კაცი ვარ, თავისუფალ მიწაზე მიდგას ფეხი და გიცხადებთ, რომ ჩემი ცოლ-შვილი მხოლოდ მე
მეკუთვნის. ჯიმიც აქ არის თავისი დედით. ჩვენ იარაღი გვაქვს თავის დასაცავად და უბრძოლველად არავის დავნებდებით. თუ სურვილი გაქვთ, მობრძანდით, მაგრამ იცოდეთ, ვინც კი გაბედავს და თოფის მანძილზე მოგვიახლოვდება, მაშინვე წუთისოფელს გამოვასალმებ; ასევე დაემართება მეორეს, მესამეს
და ყველას!
_ მუქარას თავი დაანებეთ, ყმაწვილო, _ დაუძახა ქვემოდან ჯორჯს ერთმა
სქელმა, დაბალი ტანის კაცმა და წინ წამოდგა, _ თქვენ უფლება არა გაქვთ,
ჩვენთან ასე გაბედულად ილაპარაკოთ. კანონიც და ძალაც ჩვენს ხელშია. გირჩევნიათ, თქვენი ნებით დაგვნებდეთ მშვიდობიანად, თორემ, სულ ერთია, ძალით დაგიმორჩილებთ.
_ ვიცი, რომ კანონი და ძალა თქვენს მხარეზეა, _ უპასუხა ჯორჯმა, _ თქვენ
გსურთ, გაყიდოთ ჩემი ცოლი, ჩემი შვილი, როგორც პირუტყვი, საქონელი, ისე
გადაუგდოთ ვაჭარს! თქვენ გინდათ, ჯიმის მოხუცი დედა დაუბრუნოთ იმ
მხეც ბატონს, რომელიც შეუბრალებლად ტანჯავდა საბრალო მოხუცებულს!
თქვენ გსურთ, მჩაგვრელს მიგვცეთ ხელში მე და ჯიმი! კანონები თქვენ ყველა
ამის ნებას გაძლევთ, მაგრამ ჩვენ არ ვემორჩილებით თქვენს კანონებს! ჩვენ აქ
ლურჯი ცის ქვეშ ისეთივე თავისუფალი ადამიანები ვართ, როგორც თქვენ, და
სისხლის უკანასკნელ წვეთამდის ვიბრძოლებთ თავისუფლებისათვის!
ჯორჯი კლდის ნაპირას იდგა და ქვემოდან კარგად ჩანდა. დილის მზის
სხივები შუქსა ჰფენდა იმის ვაჟკაცურ სახეს. თვალებიდან თავგანწირვისა და
სიბრაზის ცეცხლს აფრქვევდა. ერთი ხელი ლაპარაკის დროს მაღლა ჰქონდა
აწეული, თითქო ცას შესჩივის და იქიდან მოელის სამართალსაო.
ჯორჯის მგრძნობიარე სიტყვებმა, იმისმა გარეგნობამ შთაბეჭდილება მოახდინა ძირს მდგომ ადამიანებზე და ჩაჩუმდნენ. მხოლოდ მერქსზე არ იმოქმედა ჯორჯის სიტყვებმა; იმის ლაპარაკის დროს მერქსმა დამბაჩა გატენა და, ლაპარაკი რომ შეწყდა, ესროლა მოლაპარაკეს.
_ სულ ერთია, მკვდარს მივიყვანთ თუ ცოცხალს, მაგისთვის მაინც ჯილდოა დანიშნული, _ წარმოთქვა მან არხეინად და დამბაჩის წმენდას შეუდგა
ტანისამოსის სახელოზე.
ჯორჯი უკან გადახტა. ელიზამ დაიკივილა. ტყვიამ ჯორჯს თმებში გაუარა
და იქვე ახლოს ხეს მოხვდა; კინაღამ ლოყაში მოხვდა ელიზას.
_ ნუ გეშინია, ელიზა, არაფერია, _ დაამშვიდა ჯორჯმა ცოლი.
_ თავი დაანებე ლაპარაკს და მოშორდი, _ ურჩია ფინეასმა: _ ლაწირაკებთან ლაპარაკი ამაოა.
_ აბა, ჯიმ, დამბაჩები დაათვალიერე და ჩემთან ახლო დადექი, _ უთხრა
ჯორჯმა ამხანაგს. ბილიკს უნდა ვუყარაულოთ, მხოლოდ ტყვია-წამალს გავუფრთხილდეთ, ტყუილად არ დავწვათ.
ძირს დამბაჩის გასროლის შემდეგ ყოყმანი შეექმნათ.
_ მგონია, ვიღაცას მოხვდა, _ თქვა ერთმა მათგანმა, _ კივილი შემომესმა.
_ მე იერიში მიმაქვს მაგათზე! არასოდეს მშინებია ზანგების და არც ახლა
შევუშინდები! აბა, ვინ მომდევს? _ დაიყვირა ლოკერმა და შეხტა ბილიკზე.
ჯორჯმა გაიგონა ეს სიტყვები. მოემზადა და გაფაციცებით დააცქერდა იმ
ადგილს, სადაც უნდა გამოჩენილიყო პირველი მდევარი.
ვიღაც, სხვებზე გულადი, გამოჰყვა ლოკერს, მას მოჰყვა მეორე, მესამე და
ბოლოს ყველანი შეუდგნენ აღმართს. გავიდა რამდენიმე წუთი და აბრაგი ლოკერი გამოჩნდა ნაპრალის პირზე.
ჯორჯმა ესროლა და გვერდში მოარტყა ტყვია, მაგრამ ლოკერმა უკან არ
დაიხია, გაცოფებულმა დაიღრიალა, კლდეზე გადახტა და გაქცეულებში გაერია.
_ ბატონო ჩემო, _ უთხრა ფინეასმა და წინ წამოდგა, _ თქვენ აქ საჭირო არ
ბრძანდებით.
ამ სიტყვებით მან მოსულს ხელი ჰკრა.
ლოკერი გადაიჩეხა კლდეზე და ხევში რახრახით ჩავარდა. წვრილი კენჭები, ქვა-ღორღი, ხის ტოტების მტვრევა მიჰყვა მას თან. ლოკერი დაეცა და გმინ-
ვა მოისმა. ტანისამოსი ხეს რომ არ მოსდებოდა და პირდაპირ დაგორებულიყო,
ძირამდის სულიც არ ჩაჰყვებოდა. მაინც ძალიან დაშავდა.
_ ნამდვილი ეშმაკები ყოფილან, _ დაიყვირა მერქსმა და ამ სიტყვებით
ზურგი იბრუნა. მას მიჰყვნენ დანარჩენებიც. ქვევით ყველანი მეტის ხალისით
მიდიოდნენ, მეტადრე მსხვილი პოლიციელი, რომელიც ძალზე ქშინავდა.
_ ყური მიგდეთ, ძმებო, _ დაუძახა მერქსმა, _ თქვენ ლოკერი ამოიყვანეთ
ხევიდან, მე კი წავალ და მოვიშველიებ ვისმე.
ყურადღება არ მიაქცია ამხანაგების ლანძღვა-გინებას და დაცინვას. მოახტა
ცხენს და გაქუსლა.
_ ხედავ მაგ ღორს! ჩვენ დაგვტოვა, თვითონ კი თავს უშველა! _ ჯავრობდა
ერთი.
_ უნდა წავიდეთ და ლოკერი ხრამიდან ამოვათრიოთ, _ თქვა ვიღაცამ.
_ ჯანდაბას მაგისი თავი! _ თქვა მეორემ გაჯავრებულმა.
ჯაგებსა და ჩირგვებში გაძვრნენ, როგორც იყო, და ძებნა დაუწყეს. ლოკერის კვნესა ისმოდა და ხმაზე ეძებდნენ დაჭრილს.
_ რა ძალიან გმინავ? მძიმედ ხარ დაჭრილი? _ ჰკითხა ერთმა.
_ დამეხმარეთ, ფეხზე ავდგე. აი, დასწყევლოს ღმერთმა! იმ წუწკს ისე მარჯვედ რომ არ ეკრა ხელი, ერთს მაინც დავითრევდი თანა. ვნახავდით, მაშინ
რას იტყოდნენ ის ვაჟბატონები!
ძლივძლივობით წამოაყენეს ლოკერი, დაჭრილი მწარედ კვნესოდა. როგორც იყო, ცხენთანაც მიიყვანეს.
_ ცხვირსახოცი ხომ არავის გაქვთ, რომ ჭრილობა შემიხვიოთ? _ ჰკითხა
იმან ამხანაგებს. _ იმ დუქნამდის როგორმე მიმიყვანეთ, სადაც წუხელ ვიყავით.
ჯორჯი მაღლიდან უყურებდა, როგორ ცდილობდნენ ამხანაგები ლოკერის
ცხენზე შესმას. მაგრამ ამაოდ. საქმე იმით გათავდა, რომ დაჭრილი ხელიდან
გაუშვეს და მიწაზე ზღართანი მოიღო.
_ ნეტა არ მოკვდეს მაინც! _ თქვა ელიზამ, როცა ეს სურათი დაინახა.
_ კიდეც რომ მოკვდეს, ახია მაგაზე! _ თქვა ფინეასმა.
_ სიკვდილის შემდეგ დადგება ჟამი გასამართლებისა! _ წარმოთქვა ელიზამ.
_შეხეთ, _ დაიძახა ფინეასმა, _ მგონია, დაჭრილს დატოვებას უპირებენ და
თვითონ მიდიან.
მართლაც, ასე მოხდა. ცოტა ყოყმანის შემდეგ ყველანი ცხენებზე შესხდნენ
და გზას გაუდგნენ. როცა მდევარნი თვალს მოეფარნენ, ფინეასმა შეაგროვა თავისიანები.
_ ახლა ჩვენც ჩავიდეთ ქვემოთ, მეგობრებო, და თვითონ წავიდეთ მიხეილის შესახვედრად. ღმერთმა ქნას, ჩქარა შევხვდეთ და გზაში არ ავცდეთ. იმედი მაქვს, იმას სხვებიც წამოჰყვებოდნენ ჩვენს მოსაშველებლად. ჯერ ადრეა,
გზაში ბევრი მგზავრი არ შემოგვეყრება. ჩვენ ბინამდის აქედან ორი მილის მე-
ტი მანძილი არ იქნება. ცუდი სავალი რომ არ ყოფილიყო, მდევარი სულაც ვერ
მოგვეწეოდა.
ღობესთან მივიდნენ და დაინახეს, რომ მათი ეტლი მოდიოდა და თან რამდენიმე ცხენოსანი მოსდევდა.
_ აგერ მოდიან! _ სიხარულით დაიყვირა ფინეასმა, _ აგერ მიხეილი! იმასთან, ვგონებ, სტეფანე ამარიც არის, ახლა კი ჩვენ საფრთხე აღარ გვემუქრება!
_ მაშ, შეიძლება როგორმე ვუშველოთ საბრალო დაჭრილს! _ თქვა ელიზამ,
_ დახეთ, როგორ გმინავს!
_ მოდი, თან წავიყვანოთ, _ თქვა ჯორჯმა.
_ კვაკერებს მივაბაროთ მოსავლელად, _ დაუმატა ფინეასმა, _ აბა, მივალ
და დავათვალიერებ, როგორ არის დაჭრილი.
ფინეასს ხშირად მოუვლია დაჭრილი ამხანაგებისათვის ნადირობის დროს
და ამიტომ იცოდა, როგორი მოვლა იყო საჭირო.
დაიჩოქა მუხლის თავებზე და ჭრილობა გაუსინჯა.
_ მერქს, შენა ხარ? _ ჰკითხა სუსტი ხმით ლოკერმა.
_ არა, ვგონებ, ის არ უნდა ვიყო, მეგობარო, _ უპასუხა ფინეასმა, _ მერქსს
სრულიადაც არ ენაღვლება შენი ჭრილობა: იმას თავისი ტყავის დარდი აქვს
და, დიდი ხანია, თავს უშველა.
_ ეტყობა, მოვიდა ჩემი აღსასრულის დღე, _ თქვა ლოკერმა, _ აი, ის შეჩვენებული, ისა, მომაკვდავს თავი დამანება! ჩემი საბრალო მოხუცებული დედა
ყოველთვის მაფრთხილებდა, სადმე ამოგძვრება სულიო, და აკი ამიხდა!
_ საბრალო! _ წამოიძახა ჯიმის დედამ ხმამაღლა, _ დედაცა ჰყოლია! რა მეცოდება!
_ წყნარად იყავი, წყნარად, მეგობარო, ნუ ჯავრობ! _ უთხრა ფინეასმა ლოკერს, რომელმაც ხელი ჰკრა ფინეასს და არ აძლევდა ნებას, ჭრილობა გაესინჯა.
_ თუ არ დამაცლი, რომ სისხლისდენა შეგიწყვიტო, შენი გადარჩენა ძნელი იქნება.
_ შენ გადმომაგდე კლდიდან? _ ჰკითხა ბოლოს ლოკერმა.
_ მე რომ არ გადმომეგდე, მეგობარო, მაშინ შენ გადმომაგდებდი; მაგრამ
რაც იყო _ ამას ნუღარ მოვიგონებთ. ჩვენ ამჟამად შენთვის კეთილი გვსურს და
აღარ გვინდა გავიხსენოთ ის ბოროტება, რასაც შენ გვიპირებდი. წაგიყვანთ
ერთ ჩვენს კეთილ ნაცნობთან და ისე მოგივლის, როგორც ნამდვილი დედა.
ლოკერი ჭრილობამ შეაწუხა, მოჰყვა გმინვას და თვალები დახუჭა. ისეთი
ადამიანები, როგორიც იყო ლოკერი, გულადები და გამბედავები არიან, სანამ
ჯანმრთელობა შესწევთ. მან კი იმდენი სისხლი დაკარგა, რომ ძლიერ დასუსტდა. საცოდავი შესახედაობა ჰქონდა ახლა ამ გულად ადამიანს.
ამ დროს ეტლიც მოვიდა. დასაჯდომები მოშალეს, რომ დაჭრილი თავისუფლად მოეთავსებინათ. ქვეშ კამეჩის ტყავები გაუშალეს და ოთხმა კაცმა
ძლივს ჩააწვინა დაჭრილი ეტლში. ლოკერი ტკივილმა შეაწუხა და გული წაუვიდა. ჯიმის დედამ დაჭრილს თავი თავის კალთაზე დაადებინა. ჯორჯი, ელიზა და ჯიმი პატარა ადგილზე მოთავსდნენ.
_ როგორ გგონიათ, მძიმედ ხომ არ არის დაჭრილი? _ ჰკითხა ჯორჯმა ფინეასს, როცა გზას გაუდგნენ.
_ არა უშავს-რა, ღრმა ჭრილობა არა აქვს; დასუსტებული იმიტომ არის, რომ
დაგორების დროს დაიჩეჩქვა; მაგრამ მე მგონია, მორჩება.
_ ძალიან მიხარია, რომ თქვენ ამას ბრძანებთ! სიცოცხლე გამიმწარდებოდა,
რომ კაცი მომეკლა.
_ მართალს ამბობ: ძნელია ვისმე მოკვლა. ჩემს თავზე უნდა გითხრა: მისროლია და სასიკვდილოდ დამიჭრია ირემი; ნადირი წაქცეულა და მომაკვდავს
მშვიდი, სათნო თვალით დაუწყია ჩემთვის ცქერა. საშინლად მოქმედებდა ჩემზე ასეთი შემთხვევა. იმ დროს თავი ბოროტი ავაზაკი მგონებია.
_ მაინც რა უნდა ვუშველოთ ამ საწყალს? _ ჰკითხა ჯორჯმა.
_ ჩვენ მაგას ამარისას მივიყვანთ. იქ დიდედა დორკასი კარგად მოუვლის.
მან მშვენიერი მოვლა იცის და უყვარს კიდევაც ავადმყოფის მოვლა. შეიძლება
იქ დარჩეს ორიოდე კვირაც.
იარეს ერთი საათი. შემდეგ ეტლი გაჩერდა სუფთა ფიცრულ სახლთან.
მგზავრებს დაახვედრეს კარგი საუზმე. ლოკერი კი ისეთ სუფთა, რბილ ლოგინში ჩააწვინეს, რომ თავის დღეში თვალითაც არ ენახა ასეთი საწოლი. ჭრილობა ფრთხილად მოჰბანეს და შეუხვიეს. დაჭრილი დაღლილი ბავშვივით
წყნარად იწვა და ხედავდა, როგორ დასტრიალებდნენ თავს. იმისი გული რაღაც მისთვის უცნობმა გრძნობამ გაათბო.
მეჩვიდმეტე თავი
ბიძია თომა და მამიდა ოფელია შეუდგნენ
თავიანთ საქმეს
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Bidzia Tomas Kokhi - 08
  • Parts
  • Bidzia Tomas Kokhi - 01
    Total number of words is 3886
    Total number of unique words is 2000
    33.0 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 02
    Total number of words is 3882
    Total number of unique words is 1997
    32.6 of words are in the 2000 most common words
    48.3 of words are in the 5000 most common words
    56.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 03
    Total number of words is 3836
    Total number of unique words is 1968
    33.7 of words are in the 2000 most common words
    48.2 of words are in the 5000 most common words
    57.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 04
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2014
    32.6 of words are in the 2000 most common words
    46.1 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 05
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2027
    32.8 of words are in the 2000 most common words
    47.6 of words are in the 5000 most common words
    56.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 06
    Total number of words is 3853
    Total number of unique words is 2026
    34.0 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    56.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 07
    Total number of words is 3811
    Total number of unique words is 2013
    32.4 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 08
    Total number of words is 3835
    Total number of unique words is 1991
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.7 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 09
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 1939
    34.2 of words are in the 2000 most common words
    48.0 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 10
    Total number of words is 3822
    Total number of unique words is 1805
    34.9 of words are in the 2000 most common words
    50.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 11
    Total number of words is 3809
    Total number of unique words is 1820
    36.0 of words are in the 2000 most common words
    51.0 of words are in the 5000 most common words
    59.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 12
    Total number of words is 3841
    Total number of unique words is 2005
    32.7 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 13
    Total number of words is 3854
    Total number of unique words is 2035
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 14
    Total number of words is 3873
    Total number of unique words is 1953
    31.7 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 15
    Total number of words is 2708
    Total number of unique words is 1580
    34.9 of words are in the 2000 most common words
    49.4 of words are in the 5000 most common words
    58.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.