Latin
Total number of words is 2708
Total number of unique words is 1580
34.9 of words are in the 2000 most common words
49.4 of words are in the 5000 most common words
58.7 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ლეგრიმაც დაიჯერა და მხოლოდ შიში გაუორკეცა ამ ამბავმა; კასისა და ემელინაზე კი არავითარი ფიქრი არ მოსვლია.
კასის მდიდრულად ეცვა შავი ტანისამოსი ესპანურ გემოვნებაზე: სახეზე
რიდე ეფარა. ის ვითომ ქალბატონი იყო, ემელინა კი _ მოსამსახურე. კასი
მდიდრულ ოჯახში იყო აღზრდილი, იცოდა მათი ზნე-ჩვეულება და ადვილად
ასრულებდა თავის როლს. კაცს ნამდვილად წარჩინებული საზოგადოების ქალი ეგონებოდა. ქალაქში ძვირფასი სამგზავრო კალათი იყიდეს და ბარგი შიგ
ჩააწყვეს.
ძვირფას სასტუმროში დაბინავდნენ. მოსამსახურე ბიჭმა აიტანა სამგზავრო
კალათები; ემელინას ბოხჩები ეჭირა. სასტუმროს პატრონი დაფაცურდა და ისე
მიიღო ისინი, როგორც წარჩინებული სტუმრები.
სასტუმროში კასიმ თვალი მოჰკრა ჯორჯ შელბის. ჯორჯი მან პირველად
სხვენიდან დაინახა თომას დასაფლავების დღეს.
ქალს მაშინვე გული შეუვარდა ამ ყმაწვილზე და ახლა პირველ შეხვედრაზევე გამოელაპარაკნენ ერთმანეთს. კასიმ შეიტყო, რომ ჯორჯიც გემს უცდის
და ერთად მოუხდებათ მგზავრობა.
სასტუმროში ყველა პატივისცემით ეპყრობოდა კასის. ეჭვიც არავის შეჰპარვია, რომ ის რომელიმე წარჩინებული ოჯახის წევრი არ იყო. მას ახლა გამოადგა ლეგრის ფულები: ხელგაშლილად ხარჯავდა ფულს. იცოდა, რომ გზაში
წარბშეუხრელად უნდა ხარჯო ფული, თუ გსურს, ეჭვი აიცილო თავიდან.
საღამოთი გემიც მოვიდა. ჯორჯ შელბი დაეხმარა ქალებს გემზე კარგი ბინის შოვნასა და მოწყობაში.
კასი გარეთ აღარ გამოდიოდა, ავადმყოფობა მოიმიზეზა. მოსამსახურე გოგოც არა შორდებოდა თავის ქალბატონს.
მდინარე მისისიპზე მეორე გემზე მოუხდათ გადასვლა. აქ აღმოჩნდა, რომ
ჯორჯსა და ქალებს კიდევ ერთად უხდებოდათ მგზავრობა. ჯორჯმა ქალები
კვლავ დააბინავა ახალ გემზე.
გემი მარჯვედ მიაპობდა მდინარის ტალღებს და უკან ფართო ქაფის კვალს
ტოვებდა.
კასი ახლა ხშირად გამოდიოდა გემის ბაქანზე. ყველა ამჩნევდა, რომ ის
სიყმაწვილეში ძალიან ლამაზი ქალი უნდა ყოფილიყო.
ჯორჯმა პირველ დანახვაზევე ვიღაც თავის ნაცნობს მიამსგავსა, მაგრამ
ვერ მოიგონა, სახელდობრ _ ვის. ბევრსა ცდილობდა, მოეგონებინა, მაგრამ ვერ
მოიგონა.
ჯორჯი ცდილობდა, არ შეემჩნევინებინა ქალისათვის, რომ დაინტერესებული იყო მისი ვინაობით, მაგრამ ქალს ეს გარემოება არ გამოპარვია.
ქალი შეფიქრიანდა: ეგონა, ყმაწვილმა რაიმე ეჭვი მიიტანა ჩემს ვინაობაზეო. საქმე იქამდის მივიდა, რომ მეტის დაფარვა შეუძლებელი გახდა და ქალმა უამბო ჯორჯს თავისი თავგადასავალი.
ჯორჯზე საშინლად მოქმედებდა ლეგრის სახელის გაგონებაც კი. ნაამბობმა მეტად ააღელვა იგი. ყმაწვილმა გადაწყვიტა, გზაში ყოველმხრივ დახმარებოდა ქალებს. იმავე გემით მიდიოდა ვიღაც ფრანგი ქალი, გვარად დე-ტუ. ამ
ქალს თან ჰყავდა პატარა, თოთხმეტი წლის ქალიშვილი. ქალმა ყური მოჰკრა,
რომ ჯორჯი კენტუკიდან იყო, და გამოელაპარაკა. გაცნობასა და დაახლოებას
ხელი შეუწყო ცქრიალა გოგონამ, რომელიც გემზე ყველგან თამამად დარბოდა.
შელბიმ რამდენჯერმე მიართვა სკამი ქალბატონ დე-ტუს და დიდხანს ემუსაიფა. მათი საუბარი კასის ესმოდა.
ქალბატონ დე-ტუს ეტყობოდა, რომ კარგად იცნობდა კენტუკს. დაწვრილებით გამოჰკითხა ყმაწვილს იქაური ამბები. ჯორჯი მეტად გააოცა ამ ამბავმა.
ბოლოს ჰკითხა ქალმა ჯორჯს:
_ იქნებ, თქვენ იცნობდეთ იქ ერთ კაცს, გვარად ჰარისს?
_ დიახ, ვიცნობ, ჩვენს მეზობლად ცხოვრობს ერთი ჰარისი, _ უპასუხა
ყმაწვილმა. _ მხოლოდ ჩვენ ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა არა გვაქვს.
_ ვგონებ, დიდი მემამულე უნდა იყოს, _ განაგრძო ქალმა ლაპარაკი და თან
მღელვარება დაეტყო, თუმცა ცდილობდა, თავი შეეკავებინა.
_ დიახ, მდიდარი მემამულე გახლავთ.
ჯორჯიც გაკვირვებით შესცქეროდა მოლაპარაკეს. ვერ აეხსნა, რად აინტერესებდა ამ ქალს ჰარისი.
_ შეიძლება გაგეგონოთ: იმ ჰარისს ჰყავდა მონა ბიჭი ჯორჯი?
_ დიახ, გამიგონია და კარგადაც ვიცნობ ჯორჯ ჰარისს. იმას ცოლად ჩვენი
მოახლე ჰყავს. ჯორჯ ჰარისი კენტუკიდან გაიქცა თავისი ცოლ-შვილით კანადაში.
_ გაიქცა! ძალიან კარგია! _ წარმოთქვა ქალმა ისე, თითქოს ამ სიტყვების გაგონებაზე რაღაცა მძიმე ტვირთი მოეხსნაო. ჯორჯი მეტად გააკვირვა ქალის
უკანასკნელმა სიტყვებმა.
ქალმა პირზე ხელები მიიფარა და ატირდა, ბოლოს, როგორც იყო, თავი შეიკავა და ლაპარაკი დაიწყო.
_ ის ჰარისი ჩემი ძმაა, _ განაცხადა ქალმა.
_ ჯორჯი? ჯორჯი თქვენი ძმა არის? _ წამოიძახა განცვიფრებულმა ჯორჯმა.
_ დიახ, ჩემი ღვიძლი ძმა, _ ქალმა ამაყად აიღო თავი მაღლა და ცრემლები
მოიწმინდა. _ ბატონო შელბი, მე ჯორჯ ჰარისის და გახლავარ.
_ ყველაფერი ამერია თავში! _ ჯორჯმა მხრები აიჩეჩა.
_ როცა გამყიდეს, ჯორჯი პატარა ბავშვი იყო, კეთილმა და პატიოსანმა კაცმა მიყიდა. ვესტ-ინდოეთში წამიყვანა, მონობიდან გამათავისუფლა და ცოლად
შემირთო. დიდი ხანი არ არის, რაც ჩემი ქმარი გარდაიცვალა. იმის შემდეგ გადავწყვიტე დაბრუნება კენტუკში და ჩემი ძმის პოვნა. მსურს, მონობიდან დავიხსნა.
_ ახლა მეც მაგონდება, რომ ჯორჯი ხშირად იგონებდა ხოლმე თავის დას
ემილიას.
_ ის ემილია სწორედ მე გახლავართ. მითხარით, როგორი კაცი დადგა
ჯორჯი?
_ ჩინებული ადამიანია. მონობამ ვერ დაატყო მას თავისი კვალი. მეტად
ჭკვიანი და მტკიცე ზნეობის კაცია. მე კარგად ვიცნობ. იმას ცოლად ჩვენთან
აღზრდილი ქალი ჰყავს და ხშირად იყო ხოლმე ჩვენსა, ცოლიც მშვენიერი ქალი გახლავთ. კარგი წერა-კითხვა და ხელსაქმე იცის, კარგი ხმა აქვს და მღერის
კიდეც.
_ ის ქალი თქვენ სახლშივე გახლავთ დაბადებული? _ ჰკითხა ჯორჯს ქალბატონმა დე-ტუმ.
_ არა, ის მამაჩემმა ახალ ორლეანში იყიდა რვა-ცხრა წლისა და დედაჩემს
საჩუქრად მოჰგვარა. მამას თავის სიცოცხლეში არ უთქვამს, რა მისცა იმ ბავშვში. იმის სიკვდილის შემდეგ ქაღალდებიდან აღმოჩნდა, რომ ბავშვი ძალიან
ძვირად ეყიდა, ალბათ, იმიტომ, რომ გასაოცრად ლამაზი იყო.
ჯორჯი ზურგშექცევით იდგა კასისკენ და ვერ შენიშნა, რა გაფაციცებით
უსმენდა ეს უკანასკნელი ჯორჯის ლაპარაკს. ქალი უცებ წამოდგა, მივიდა
ჯორჯთან და ჰკითხა:
_ არ იცით, ვინ მიჰყიდა მამათქვენს ის ბავშვი?
_ თუ არ ვცდები, ნასყიდობის ქაღალდში ვიღაცა სიმენსის გვარი უნდა ეწეროს.
_ ვაი ჩემს თავს! _ წამოიძახა კასიმ და გულწასული დაეცა იატაკზე.
ჯორჯი და ქალბატონი დე-ტუ მისცვივდნენ მოსაბრუნებლად.
მათ ვერ გაეგოთ მიზეზი კასის გულის წასვლისა. შემკრთალნი თავს დასტრიალებდნენ და ცდილობდნენ, როგორმე მოებრუნებინათ. ჯორჯმა ფაცაფუცში წყლის სურა გადმოაგდო მაგიდიდან და გატეხა. ხმაურზე მოვიდნენ
სხვა მგზავრებიც.
ხალხის ჩოჩქოლი უფრო ხელს უშლიდა ქალის მობრუნებას.
კასი, როგორც იყო, მობრუნდა, ახლა კედლისაკენ მიიბრუნა პირი და ტირილი დაიწყო.
ყოველი მშობელი მიხვდება, რად ტიროდა კასი. ეს ტირილი სიხარულისა
იყო. მას გულში აღეძრა თავისი დაკარგული შვილის პოვნის იმედი.
ოცდამეჩვიდმეტე თავი
ერთმანეთი ნახეს
ჯორჯ შელბიზე, როგორც მგრძნობიარე ახალგაზრდაზე, ძლიერ იმოქმედა
ამ ამბავმა. შინ რომ მივიდა, მამისეულ ქაღალდებში მოძებნა და კასის გაუგზავნა ელიზას ნასყიდობის ქაღალდი, საიდანაც ყველაფერი ნათლად ჩანდა:
წელიწადი ბავშვის გაყიდვისა და რიცხვი, ბავშვის სახელი. აშკარა იყო, რომ
ელიზა კასის შვილი იყო. ახლა საჭირო იყო მისი მოძებნა.
კასი და ქალბატონი დე-ტუ კანადაში წავიდნენ და დაიწყეს ძებნა იმ სოფლებში, სადაც ჩვეულებრივ გაქცეული მონები აფარებდნენ თავს. ემერბურგში
გაიცნეს ერთი მისიონერი. აღმოჩნდა, რომ მის სახლში გაეტარებინათ ჯორჯსა
და ელიზას რამდენიმე დღე. მანვე გაუადვილა შემდგომი ძებნაც.
ხუთმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც ჯორჯმა და ელიზამ მონობის უღელი მოიშორეს კისრიდან. ჯორჯი მუშაობდა ერთ მექანიკურ სახელოსნოში,
საკმაო ფულსა შოულობდა და გაუჭირვებლად არჩენდა ოჯახს. ამ ხანში მათ
მოემატათ კიდევ ერთი ქალიშვილი. ბავშვს დაარქვეს ელიზა.
პატარა ჰარი უკვე სასწავლებელში დადიოდა. მშვენიერი ბავშვი იყო, კარგად სწავლობდა. მისიონერმა იკისრა ქალების გაყოლა ჯორჯისა და ელიზას
საძებნელად. ყველა ხარჯი ქალბატონმა დე-ტუმ დაფარა.
*
*
*
შევიხედოთ ქალაქ მორეალის განაპირა უბანში, ერთ პატარა სადგომში. საღამო ხანია. ოთახის შუაგულში მაგიდა დგას და ზედ ვახშამია მომზადებული.
ოთახის ერთ კუთხეში მეორე მაგიდა დგას, მაუდგადაფარებული. მაგიდაზე
საწერ-კალამი და რაღაც ქაღალდებია. კედელზე თაროებია გაკეთებული და
რჩეული წიგნები აწყვია.
ეს ჯორჯის საწერი მაგიდაა. ერთხელ გაღვიძებული ცნობისმოყვარეობა,
რომელმაც იგი იმთავითვე დააყენა თვითგანვითარების გზაზე, მოსვენებას არ
აძლევდა.
ახლაც თავის მაგიდას უზის ჯორჯი და რაღაც წიგნიდან საყურადღებო
აზრს იწერს თავის რვეულში.
_ ჯორჯ, გენაცვალე, თავი დაანებე წიგნს, _ დაუძახა ქმარს ელიზამ. _ დღეს
მთელი დღე სახლში არა ყოფილხარ: შენთან სალაპარაკო მაქვს.
ამ დროს მამასთან მიირბინა პატარა ელიზამ და სთხოვა, კალთაში ჩაესვა.
_ აი, შე მოუსვენარო, შენა, _ უთხრა ალერსით ჯორჯმა თავის პატარა
ცქრიალა გოგონას.
_ აი, ასე კარგია. რამდენიმე წუთი ოჯახსაც უნდა აჩუქო ხოლმე, _ მოუწონა
ქმარს ელიზამ და თვითონ სუფრის გაშლას შეუდგა.
ელიზას ცოტა ხნოვანება დასტყობია და დასრულებულა, მაგრამ სახეზე
კმაყოფილება უბრწყინავს და სრული სიმშვიდე გადაჰფენია.
მამასთან მიირბინა უფროსმა ვაჟმაც.
_ ჰარი, დღეს როგორ ჩააბარე გაკვეთილები მასწავლებელს? _ ჰკითხა ჯორჯმა და თავზე გადაუსვა ხელი.
ჰარის ახლა დიდი ხუჭუჭი თმები აღარ ჰქონდა, მაგრამ დიდრონი თვალები და გრძელი წამწამები ნაკლებად არ ამშვენებდნენ ბავშვის მოხდენილ სახეს.
მამის კითხვაზე მან ამაყად უპასუხა:
_ ყველა ამოცანა მასწავლებლის დაუხმარებლად გამოვიყვანე.
_ ასე უნდა, შვილო! კაცს მხოლოდ თავისი თავის იმედი უნდა ჰქონდეს.
თუმცა შენ უკეთეს პირობებში იზრდები, ვიდრე მამაშენი იმყოფებოდა.
ამ დროს კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. ელიზა გავიდა და დერეფნის კარი გააღო.
_ რა ქარმა გადმოგაგდო? _ შესძახა გაოცებულმა, როცა კარებში ნაცნობი
მისიონერი დაინახა და მასთან ორი უცნობი ქალი.
ელიზამ სტუმრები ოთახში შეიპატიჟა.
მისიონერს მოსაზრებული ჰქონდა, როგორ მოქცეულიყვნენ, რომ უცბად
ქალებს თავიანთი ვინაობა არ გამოემჟღავნებინათ.
მაგრამ წინდაწინ შემუშავებული გეგმა აღარ გამოდგა. მისიონერმა ხმის
ამოღებაც ვერ მოასწრო, რომ ქალბატონი დე-ტუ გადაეხვია ჯორჯს და უთხრა:
_ ჯორჯ, განა ვერ მცნობ, შენ გენაცვალე? მე ხომ შენი და ემილია ვარ!
კასი კი ცდილობდა, შეესრულებინა მისიონერის მიერ შემუშავებული გეგმა, სკამზე დაჯდა და მარჯვე დროს უცდიდა თავისი ვინაობის გამოსამჟღავნებლად. მაგრამ აქაც უბრალო შემთხვევამ ჩაშალა გეგმა. პატარა ელიზა მივიდა უცხო ქალთან და ცნობისმოყვარეობით დაუწყო ცქერა. ბავშვი პირწავარდნილი დედა იყო. კასიმ ვეღარ მოითმინა, ხელი დასტაცა ბავშვს და გულში
ჩაიკრა.
_ ჩემო ძვირფასო, ჩემო სიცოცხლევ! _ ჩასძახოდა კასი ბავშვს და კოცნიდა.
მას ეგონა, ჩემი პატარა ელიზა მიჭირავს ხელშიო.
ამ სურათს საშინელი ალიაქოთი და ჟრიამული მოჰყვა. კასი, ელიზა, ქალბატონი დე-ტუ, ჯორჯი ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ. ბავშვებს ჟრიამული შეუდგათ. ტირილი და სიცილი ერთმანეთში აირია. როცა ოდნავ დამ-
შვიდდნენ, მისიონერმა ყველაფერი დალაგებით უამბო ჯორჯსა და ელიზას.
დიდხანს ილაპარაკეს. ყველა თავის თავგადასავალს მოყვა. მარტო კასი აკვირვებდა თავის შვილიშვილს: მოწყენილი იჯდა მაგიდასთან და გემოთი არაფერი გაუსინჯავს; დროგამოშვებით ჩაიხუტებდა ხოლმე ბავშვს გულში და დაჟინებით კოცნიდა.
კასის ვეღარ იცნობდა ადამიანი: ის მთლად გამოიცვალა, სახე დაუმშვიდდა. წარსული სულ გადაავიწყდა და აწმყოთი ხარობდა. ახლა ის დედა იყო
მთელი ოჯახისა. ყველაზე მალე პატარა შვილიშვილს შეეჩვია. ბავშვი შორეულ
წარსულს, თავისი ელიზას სიყმაწვილეს აგონებდა; ღვიძლ შვილს კი ჩუმ-ჩუმად ეცინებოდა და თანდათან უახლოვდებოდა დედას.
ქალბატონმა დე-ტუმ ძმას უთხრა, რომ მას კარგი შეძლება აქვს და სურს,
ძმასა და ძმისწულებს მოახმაროს.
ჯორჯს სწავლა სწყუროდა და პირველ რიგში ამ საგანზე დაიწყო ოცნება.
ბევრი თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, ჯორჯი მთელი ოჯახით წასულიყო
საფრანგეთში სასწავლებლად.
მათ თან წაიყვანეს ემელინაც, რომელიც კასიმ მონობას გადაარჩინა.
გზაში ემელინა მოეწონა გემის კაპიტანს და ცოლად შეირთო.
ჯორჯმა ოთხი წელიწადი დაჰყო პარიზის უნივერსიტეტში და კარგი ცოდნა შეიძინა.
სწავლის დამთავრების შემდეგ ამერიკაში ცხოვრება აღარ ისურვა: გული
ზანგების ქვეყნისკენ მიუწევდა. გადაწყვიტა, დასახლებულიყო აფრიკაში და
ეშრომა თავისი დაბეჩავებული ხალხისათვის. მთელი ოჯახი თან გაჰყვა.
ცოტა რამ მინდა გიამბოთ ქალბატონ ოფელიასა და ტოპსიზე. ისინი წავიდნენ ვერმონტში. ტოპსის ჩაყვანით ოჯახი მაინცდამაინც კმაყოფილი არ
დარჩა, რადგან გოგონას ხელისშემშლელად და ოჯახური მყუდროების დამრღვევად თვლიდნენ. მაგრამ ოფელია დაუღალავად ასრულებდა თავის მისიას
და ტოპსის აღზრდაში მოულოდნელ შედეგებს მიაღწია.
გოგონამ მალე თავი შეაყვარა არა მარტო შინაურებს, არამედ მეზობლებსაც
კი.
ტოპსი გაიზარდა და დარბაისელი, კეთილი და ჭკვიანი ქალი დადგა. კარგმა აღზრდამ ხელი შეუწყო მისი ბუნებრივი ნიჭის გაფურჩქვნას. მშვენიერი
მასწავლებელი გამოვიდა.
ოცდამეთვრამეტე თავი
თავისუფლების მიმნიჭებელი
ჯორჯ შელბიმ გზიდან მოკლე წერილი მისწერა დედას და შეატყობინა,
როდის დაბრუნდებოდა შინ. რამდენჯერაც თომას ხსენება დააპირა წერილში,
იმდენჯერ თვალები ცრემლით აევსო და ამიტომ წერილში თომა არ უხსენებია.
დიდი სიხარული და სამზადისი იყო შელბის სახლში იმ დღეს, როცა
ჯორჯს მოელოდნენ.
სასტუმრო ოთახში ქალბატონი შელბი მისჯდომოდა აგიზგიზებულ ბუხარს. სასადილო მაგიდაზე ორი ადამიანისათვის იყო გაწყობილი სუფრა. მოხუცი ხლოა დასტრიალებდა მაგიდას.
ხლოას ჩითის კაბა ეცვა, წინსაფარი ეფარა და თავზე გაქათქათებული ხილაბანდი ეხვია. შავი პირისახე სიამოვნებით უბრწყინავდა. დასტრიალებდა
მაგიდას და თან ქალბატონსაც ემუსაიფებოდა.
_ მგონი, ყველაფერი იმის გემოვნებაზე მოვამზადე, _ თქვა ხლოამ და თვალი გადაავლო გაშლილ სუფრას. სავარძელი ბუხრისაკენ მისწია და დაუმატა: _
ახალგაზრდა ბატონს სითბო უყვარს. რატომ ჯორჯის ნაყიდი ახალი ჩაიდანი
არ დაუდგამთ ცეცხლზე? ახლავე გამოვცვლი. ქალბატონო, რას იწერება ჯორჯი? _ მიუბრუნდა ახლა ქალბატონს, _ არაფერს გწერთ ჩემს თომაზე?
_ არა, ხლოა! ჯორჯი მხოლოდ ორიოდე სიტყვით მატყობინებს თავისი
მოსვლის დღეს. მოვა და თვითონ გვიამბობს ყველაფერს.
_ იმან ყოველთვის ასე იცის. მართალიც არის: ადვილი ხომ არ არის ყველაფრის შეტყობინება წერილით!
ამ სიტყვებზე ქალბატონს გაეცინა.
_ იქნება ჩემმა ბებერმა თავისი შვილები ვეღარც კი იცნოს, _ განაგრძო
ხლოამ ლაპარაკი, _ მეტადრე პატარა გოგოს სულ ვეღარ იცნობს: როგორ აიყარა ტანი და რა ცქრიალა გოგო დადგა ჩვენი პოლი. ახლა სამზარეულოში დავტოვე, რომ ქადები არ დაიწვას. თომას რომ უყვარს, იმ ქადებს ვაცხობ. სწორედ
ასეთივე ქადა გამოვუცხე, როცა აქედან წაიყვანეს. უჰ, რა დღე გამოვიარე მაშინ!
ქალბატონმა შელბიმ მძიმედ ამოიოხრა. გული რაღაც ცუდს ეუბნებოდა მას
შემდეგ, რაც შვილის წერილი მიიღო და შიგ თომას შესახებ ერთი სიტყვაც არ
იყო ნახსენები.
_ ქალბატონო, ხომ არ დაჰკარგეთ მეკონდიტრის ანგარიშები? _ ჰკითხა
ხლოამ ქალბატონ შელბის.
_ ყველა ბარათი შენახული მაქვს, ხლოა!
_ მე მინდა, ის ბარათები თომას ვაჩვენო. მეკონდიტრე მეხვეწებოდა, კიდევ
დავრჩენილიყავ იმასთან. მადლობას მოგახსენებთ-მეთქი, ვუთხარი. ვუამბე,
რატომ მოვეჩქარებოდი შინ. კარგი კაცი კი გახლდათ.
ქალბატონმა შელბიმ გამოუტანა ყველა ბარათი და ფულიც, რაც ხლოას მოეგროვებინა ხუთი წლის განმავლობაში.
_ განა ხუმრობა საქმეა, _ ლაპარაკობდა თავისთვის ხლოა. _ რამდენი ხანია
არ მინახავს ჩემი ბერიკაცი. პოლი მაშინ ძუძუთა მყავდა. მუხლში ძლივს იმართებოდა. ოჰ, საწყალო ჩემო მოხუცო, ვინ იცის, რამდენი ტანჯვა გამოიარე!
სასახლის ახლო ეტლის ხმაური გაისმა.
_ ბატონი მობრძანდა! _ წამოიძახა ხლოამ და ფანჯარას მიაშურა. ქალბატონი შელბი შვილს შეეგება და გადაკოცნა.
ხლოა ადგილზე გაშეშდა და ელოდა, როდის დაელაპარაკებოდა ოთახში
შემოსული ჯორჯი. მართლაც, მალე მიუახლოვდა და ნაღვლიანად უთხრა:
_ საბრალო მამიდა ხლოა! მე ყოველი ღონე ვიხმარე, რომ თომა მომეყვანა
შენთვის, მაგრამ განგებამ სხვაგვარად განსაჯა: უფალმა წაგვართვა ჩვენი ძვირფასი თომა...
ამ სიტყვების გაგონებაზე ქალბატონ შელბის მწუხარე კვნესა აღმოხდა გულიდან, ხლოას კი კრინტიც არ დაუძრავს.
სასტუმრო ოთახი მონა-მოსამსახურეებით აივსო. ბოლოს, როგორც იყო,
ხლოა გამოერკვა, მაგიდას მიუახლოვდა, ბარათები და ფული ერთად შეაგროვა
და ათრთოლებული ხელით გაუწოდა ქალბატონს შემდეგი სიტყვებით:
_ ეს ფული ჩემთვის საჭირო აღარ გახლავთ. მე მაშინვე ვგრძნობდი, რომ იმ
საწყალს ეს დღე მოელოდა. ვიცოდი, რომ მუშაობაში ამოართმევდნენ სულს, _
გაბრუნდა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
ქალბატონი შელბი უკან გამოეკიდა, შემოაბრუნა ოთახში, ჩასვა სავარძელში და თვითონაც გვერდით მიუჯდა.
_ ჩემო საბრალო ხლოა, _ თქვა ქალბატონმა შელბიმ და ამ სიტყვებით გამოხატა თავისი გულწრფელი თანაგრძნობა ხლოასადმი.
ხლოამ თავი მის მკერდს მიაყრდნო და მწარედ ატირდა.
_ ოჰ, ქალბატონო, _ ამბობდა ის ტირილით, _ მაპატიეთ, გული მიკვდება
დარდისაგან და მეც არ ვიცი, რას ჩავდივარ.
_ ვიცი, კარგად მესმის შენი სულიერი ტანჯვა, ჩემო ძვირფასო ხლოა, _
უპასუხა ქალბატონმა შელბიმ და თვითონაც ატირდა. _ მე შენთვის ნუგეშისცემა არ შემიძლია, მაგრამ, იმედია, უფალი არ დაგვტოვებს უნუგეშოდ: ის დაგიბრუნებს სიმშვიდეს და განკურნავს შენს სულს წყლულებისაგან.
კარგა ხანს მხოლოდ ტირილი ისმოდა ოთახში, ბოლოს ჯორჯი მივიდა
ხლოასთან, დაამშვიდა, გვერდით მიუჯდა, მაჯა დაუჭირა და მოუყვა თომას
თავგადასავალი, გადასცა თომას მასთან და შვილებთან დაბარებული უკანასკნელი სალამი.
ერთი თვის შემდეგ ჯორჯ შელბიმ მოიხმო თავისი მონები და განთავისუფლების ქაღალდები დაურიგა. მონების სიხარულსა და აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა, სიხარულით ბევრი ტიროდა. ბევრ მონას ეძნელებოდა ბატონის
სახლიდან წასვლა, ისე იყვნენ შეჩვეულნი თავის მდგომარეობას. ემუდარებოდნენ ბატონს, ქაღალდები უკანვე დაებრუნებინა და ისინი ძველ მდგომარეობაში დაეტოვებინა.
_ არ გვინდა თავისუფლება, _ გაიძახოდნენ ისინი, _ ჩვენ უიმისოდაც კარგად ვცხოვრობთ და არ მოვშორდებით ბატონის სახლსო.
_ მეგობრებო, _ უთხრა ჯორჯმა, როცა საერთო მღელვარება შეწყდა და შესაძლებელი შეიქნა ლაპარაკი: _ თქვენ შეგიძლიათ აქ დარჩეთ, ვიდრე თქვენთვის საჭირო იქნება. ჩემთვის მუშახელია საჭირო. თქვენ ჩემთან იქნებით თავისუფალ მუშებად და ყოველთვის მიიღებთ თქვენი შრომის საფასურს. ამნაირად მე დამშვიდებული ვიქნები, რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ თქვენ არავინ
შეგაწუხებთ. მეც თქვენთან ერთად ვიმუშავებ და თანაც გასწავლით, როგორ
ისარგებლოთ თავისუფლებითა და თქვენი უფლებებით. იმედია, ახლა ყველა
თქვენგანი მიხვდა ჩემი გულის წადილს.
ერთმა ღრმად მოხუცებულმა მონამ აღაპყრო მთრთოლვარე ხელები და
წარმოთქვა:
_ ძმებო, მადლობა შევწიროთ ჩვენს ბედს!
_ მეგობრებო, ერთი სიტყვა მაქვს კიდევ სათქმელი! _ მიმართა მათ ჯორჯმა, _ ხომ გახსოვთ ჩვენი კეთილი ბიძია თომა?
მან უამბო მონებს თომას თავგადასავალი და მისი მოწამეობრივი სიკვდილი, გადასცა მათ მისი უკანასკნელი სალამი და ამბავი შემდეგი სიტყვებით
დაასრულა:
_ მეგობრებო, თომას საფლავზე აღთქმა დავდე _ ჩემს სახლში არ ვიყოლიო
არც ერთი მონა, თუ ჩემს ხელთ იქნება მათი ბედ-იღბალი. არა მსურს, რომ მე
ვიყო მიზეზი ვისიმე ოჯახური ან სხვა უბედურებისა, არა მსურს, რომ ვისმეს
ისე ამოხდეს სული, შორს თავისი ოჯახიდან, როგორც საბრალო თომას. მეგობრებო, ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ბიძია თომა, იმისი კეთილი გული და
ფიქრი, მისი ფაქიზი გრძნობები; ყოველთვის უნდა ბაძავდეთ მას. ეცადეთ,
იმისი ცოლ-შვილი არ დააღონოთ და არ შეამჩნევინოთ ობლობა. თქვენ ახლა
თავისუფალი ადამიანები ხართ!
ჰ. ბიჩერ-სტოუ და მისი რომანი
ას ორმოცდაათი წლის წინ ამერიკელმა მწერალმა ჰარიეტ ბიჩერ-სტოუმ
დაწერა რომანი «ბიძია თომას ქოხი».
სასულიერო პირის ოჯახში აღზრდილი მწერალი ბავშვობიდანვე ჩასწვდა
მონათმფლობელობის მძიმე ხვედრის არსს, რადგანაც მათი სახლი არაერთხელ
გამხდარა სამხრეთიდან გამოქცეული მონების თავშესაფარი. აქ კი, თავისუფალ ჩრდილოეთში გაზრდილი ჰარიეტი პირისპირ შეეჯახა მისთვის სრულიად უცნობ ახალ სოციალურ საკითხებს.
ამერიკაში 850 წელს გამოცემული კანონის თანახმად, გაქცეული მონები
იძულებით უნდა დაბრუნებოდნენ მონათმფლობელებს. ამან სამართლიანი
პროტესტი გამოიწვია ამერიკის იმდროინდელ მოწინავე საზოგადოებაში. სწორედ ამ მოვლენამ მისცა ბიძგი ბიჩერ-სტოუს, შეექმნა შედევრი «ბიძია თომას
ქოხი».
მართლაც, მწერალმა თავდაპირველად გამოაქვეყნა მოკლე ვარიანტი ზანგი
თომას ტრაგიკული ცხოვრების შესახებ. მკითხველთა დაჟინებული თხოვნით
მწერალმა განავრცო მოთხრობა და მისცა დასრულებული რომანის სახე.
რომანს არნახული წარმატება ხვდა წილად. სტამბები დღე და ღამე ბეჭდავდნენ «ბიძია თომას ქოხს». მალე მისმა საერთო ტირაჟმა გადააჭარბა მილიონს.
ეს იმ დროისათვის გაუგონარი ამბავი იყო. მალე მწერალი ქალი ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში.
ამ წიგნის არსი მდგომარეობს ცხოვრების უტყუარი სინამდვილის ასახვაში. მონობა ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ფურცელია ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში. XVII საუკუნეში პირველად გამოჩნდნენ ზანგები,
რომლებიც მუშაობდნენ მონებად თამბაქოსა და ბამბის პლანტაციებში.
მონათმფლობელი პლანტატორები მონებს ისე ექცეოდნენ, როგორც შინაურ ცხოველებს. მონების არაადამიანურმა, ენით გამოუთქმელმა წამებამ აღაშფოთა ამერიკის პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება. ასეთ ადამიანთა
რიცხვს ეკუთვნოდა ჰარიეტ ბიჩერ-სტოუც. მან თავის «ბიძია თომას ქოხში»
გვიჩვენა მონობის მთელი საშინელება. ნათლად დაგვანახა, რომ ამ სისტემას
მხოლოდ უბედურება და ტანჯვა მოჰქონდა მილიონობით ადამიანისათვის.
ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს სწამდა, რომ ქრისტიანული სარწმუნოების საფუძველზე შეიძლებოდა მონათმფლობელებისა და მონების მორიგება. მთავარი
მოქმედი გმირი თომა ხომ ღვთის მოშიში, სათნო და მორჩილი ადამიანია.
სულისშემძვრელია ზანგი თომასა და ბატონის ქალის, ევას, მეგობრობა. გავიხსენოთ ერთ-ერთი ეპიზოდი:
«როცა ევა შენიშნავდა მამას დაღლას, ეტყოდა ხოლმე:
_ მამილო, თომას გადამეცი, იმან მატაროს; იმას ყოველთვის სურს, რითიმე
მასიამოვნოს.
_ მეც მსურს, ჩემო ძვირფასო!
_ ვიცი, მამილო, მაგრამ შენ განუშორებლივ ჩემთან ხარ, ღამესაც ჩემს საწოლთან ატარებ, თომას კი მხოლოდ დღისით შეუძლია ჩემთან ყოფნა».
წიგნში მომთმენი, მორჩილი ადამიანების გვერდით გვხვდება მტკიცე ნებისყოფის ადამიანები, რომლებიც ყოველგვარ პირობებში ინარჩუნებენ თავიანთ ადამიანურ ღირსებებს. ავიღოთ თუნდაც ელიზა, რომელიც განსაცდელში
იგდებს საკუთარ თავს პირმშოს გადასარჩენად. ასეთივე გმირია მისი ქმარი,
ჯორჯ ჰარისი. თავისი ბატონისადმი უსაზღვრო სიძულვილით შეპყრობილი,
დაუცხრომლად მიილტვის თავისუფლებისაკენ. ასეთია ყველასაგან მივიწყებული საშინელი ლოთი პრუ, რომელსაც მონებად გაყიდული და დახოცილი
შვილების მოგონებისა და სრული უიმედობის მეტი აღარაფერი დარჩენია ამქვეყნად. ასეთივეა ნახევრად შეშლილი, ნაღველითა და დარდით ჩაფერფლილი კასი.
ბიჩერ-სტოუ ამტკიცებდა, რომ ადამიანის სინდისი და პატიოსნება არ უნდა ურიგდებოდეს რასობრივ ჩაგვრასა და ზიზღს. «ძალა არ შემწევს მოგითხროთ, აღვწერო ან, თუნდაც, წარმოვიდგინო ყველა ის საშინელი დრამა, რომლებიც ყოველდღიურად თამაშდება აქვე, ჩვენს გვერდით, ამერიკული კანონების დახმარებით», _ წერდა მწერალი ქალი.
«ბიძია თომას ქოხის» შემოკლებული ქართული თარგმანი პირველად დაიბეჭდა 93 წელს ჟურნალ «ნაკადულის» დამატებაში, შემდეგ კი _ რამდენჯერმე
გამოიცა.
ცისანა კვინტრაძე-გოძიაშვილი,
ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი
You have read 1 text from Georgian literature.
  • Parts
  • Bidzia Tomas Kokhi - 01
    Total number of words is 3886
    Total number of unique words is 2000
    33.0 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 02
    Total number of words is 3882
    Total number of unique words is 1997
    32.6 of words are in the 2000 most common words
    48.3 of words are in the 5000 most common words
    56.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 03
    Total number of words is 3836
    Total number of unique words is 1968
    33.7 of words are in the 2000 most common words
    48.2 of words are in the 5000 most common words
    57.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 04
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2014
    32.6 of words are in the 2000 most common words
    46.1 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 05
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2027
    32.8 of words are in the 2000 most common words
    47.6 of words are in the 5000 most common words
    56.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 06
    Total number of words is 3853
    Total number of unique words is 2026
    34.0 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    56.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 07
    Total number of words is 3811
    Total number of unique words is 2013
    32.4 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 08
    Total number of words is 3835
    Total number of unique words is 1991
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.7 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 09
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 1939
    34.2 of words are in the 2000 most common words
    48.0 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 10
    Total number of words is 3822
    Total number of unique words is 1805
    34.9 of words are in the 2000 most common words
    50.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 11
    Total number of words is 3809
    Total number of unique words is 1820
    36.0 of words are in the 2000 most common words
    51.0 of words are in the 5000 most common words
    59.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 12
    Total number of words is 3841
    Total number of unique words is 2005
    32.7 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 13
    Total number of words is 3854
    Total number of unique words is 2035
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 14
    Total number of words is 3873
    Total number of unique words is 1953
    31.7 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 15
    Total number of words is 2708
    Total number of unique words is 1580
    34.9 of words are in the 2000 most common words
    49.4 of words are in the 5000 most common words
    58.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.