Latin
Total number of words is 3873
Total number of unique words is 1953
31.7 of words are in the 2000 most common words
45.6 of words are in the 5000 most common words
53.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ამაყი კასიც თომას გავლენის წყალობით გამოიცვალა. მონებთან ძველებურად ამაყად აღარ ეჭირა თავი და, რაც შეეძლო, მათ მდგომარეობაზე ფიქრობდა.
ერთ ღამეს თომა ვიღაცამ გააღვიძა. ქოხში ბევრ ხალხს ეძინა. თომამ თვალები გაახილა და დაინახა კასი, რომელიც სანათურთან მომდგარიყო და თომას ეძახდა. თომამ ტანთ ჩაიცვა და გარეთ გამოვიდა. ღამის ორი საათი იყო.
დუმილით მოცულ არემარეს მთვარე დაჰკაშკაშებდა. მთვარის შუქზე თომამ
გაარჩია კასის გაფითრებული და აღელვებული სახე.
_ მოდი აქ, ჩემთან, ბიძია თომა, _ თქვა მან და მაჯაში ხელი წაავლო: _ მე
შენთან ძალიან საჭირო საქმე მაქვს.
_ რა ამბავია? _ ჰკითხა თომამ.
_ თომა, გსურს თავისუფლება? _ ჰკითხა აღელვებულმა ქალმა.
თომამ შეკითხვაზე არ უპასუხა.
_ თუ გსურს თავისუფლება, გამომყე, ნუღარ აგვიანებ, _ გაუმეორა ქალმა. _
იმას ახლა ისე მაგრად სძინავს, რომ ადვილად ვეღარ გაიღვიძებს. ვნანობ, რომ
კარგი წამალი ვერ ვიშოვე, თორემ შენი შველა აღარ დამჭირდებოდა. ახლაც
მოვახერხებდი, ცოტა მეტი ძალა რომ მქონდეს მკლავში, მაგრამ ამ ბოლო
დროს დავსუსტდი როგორღაც. აბა, წამომყე ჩქარა! ცული მზად მაქვს.
ქალმა თომას მკლავში წაავლო ხელი და ძალით წაყვანა დაუპირა.
_ არა, ქალბატონო, მე ვერ წამოვალ, _ გადაჭრით უთხრა თომამ, _ არაფრის
გულისათვის არ მოგიმართავთ ხელს ასეთ საქმეში.
_ თომა, აბა, დაფიქრდი, რა ტანჯვა-წამებაში ჰყავს ამ მხეცს ამდენი მონა!
შენთვის კი არ ჩაიდენ ამ მკვლელობას. იმას თუ ბოლოს მოუღებ, სატანჯველისაგან გვიხსნი ამდენ ხალხს. შენ მოვალე ხარ, ეს აასრულო.
_ არა, არა, ქალბატონო, არასოდეს! _ იმეორებდა თომა: _ ბოროტებისაგან
კეთილი არ გამოვა.
_ მაშ, მე თვითონ მოვუღებ ბოლოს, _ თქვა კასიმ და ლეგრის სასახლისაკენ
გასწია.
დიდხანს არწმუნებდა თომა კასის, რომ მკვლელობა არ ჩაედინა და სხვა
გზა მოენახა განთავისუფლებისათვის. ბოლოს, როგორც იყო, დააჯერა და კასიმაც მონახა სხვა გზა.
ოცდამეცამეტე თავი
გაქცევა
ლეგრი სულ არა ხმარობდა სახლის სხვენს. ვეებერთელა სხვენში ობობებს
ჰქონდათ ქსელი გაბმული. იქ ათასი ხარახურა ეყარა. სახლის უწინდელმა პატრონმა თან წაიღო ხეირიანი ავეჯი, უხეირო კი სხვენში ააზიდვინა და იქ დაყარა. იქვე ეგდო ორი დიდი ფიცრის ყუთი. შეიძლება, ბარგი ამ ყუთებით იყო
მოზიდული და ისინიც აქვე დაეყარათ. სხვენს ერთ ალაგას ფანჯარაც ჰქონდა.
შუშები მტვრიანი იყო და ოდნავი სინათლე შემოდიოდა. აქაურობის მნახველს,
უნებლიეთ, რაღაც იდუმალი შიში ეუფლებოდა; ცრუმორწმუნე ზანგებზე ხომ
ის საშინლად მოქმედებდა. მათ შორის ათასნაირი ხმა იყო გავრცელებული
სხვენის შესახებ. რამდენიმე წლის წინათ ლეგრის იქ ერთი დედაკაცი დაუმწყვდევია. არავინ იცის, რა შეემთხვა მას, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ იქიდან გაცივებული გვამი ჩამოიტანესო.
ამის შემდეგ საშინელ რამეებს ლაპარაკობდნენ: ღამე სხვენში ისმის ადამიანის გმინვა, ქვითინი, ცემა-ტყეპა და წყევლა-კრულვაო. ლეგრიმდისაც მიაღწია ამ ხმებმა. ის საშინლად განრისხდა და დაიმუქრა, ამ სხვენში დავამწყვდევ
ყველას ერთი კვირით, ვინც კიდევ რასმე იტყვის იმის შესახებო: თვითონ ნახოს, რაც იქ ხდებაო. ასეთი მუქარის შემდეგ მითქმა-მოთქმა შეწყდა, თუმცა
ყველას ჭეშმარიტებად მიაჩნდა გაგონილი ამბავი.
ყველას ეშინოდა სხვენში ასვლა, ყველა გზას უქცევდა იმის კიბეს. კასიმაც
გადაწყვიტა, ესარგებლა ამ გარემოებითა და ლეგრის ცრუმორწმუნეობით, რათა თავისი თავი და ემელინა დაეხსნა.
სწორედ ამ სხვენის ქვეშ ჰქონდა კასის საწოლი ოთახი. ერთ მშვენიერ დღეს
მან თავისი ბარგი, ლეგრის დაუკითხავად სასახლის მეორე ბოლოში გადაატანინა. ლეგრიმ დაინახა ბარგაკიდებული მოსამსახურეები და კასის ჰკითხა:
_ ეგ რა გამოგიგონია? რად შეგიცვლია ბინა?
_ ბარემ არ მეხალისება ბინის მოშლა, მაგრამ აღარ შემიძლია ცხოვრება ჩემს
ოთახში.
_ რატომ?
_ რატომ და იმიტომ!
_ მაინც რატომ? გეკითხები და უნდა მიპასუხო.
_ იმიტომ გამოვიცვალე ბინა, რომ მინდა ერთხელ მაინც დავიძინო მოსვენებით.
_ მერე ვინ გიშლის ძილს შენს ოთახში?
_ თუ გსურს შეიტყო, გიამბობ.
_ აბა, მიამბე, შე ეშმაკის კერძო!
_ შეიძლება შენ, როგორც გულად კაცს, არც კი მიგექცია ყურადღება, მაგრამ
მე კი ჩემი დამემართა. სხვენში ყოველღამე საშინელი ხმაურია, ვიღაცეები ჩხუბობენ, გორაობენ, მთელი ღამე იმათგან მოსვენება არა მაქვს.
_ განა ვინ უნდა იყოს იქ? _ ჰკითხა ლეგრიმ და თავს ძალა დაატანა, რომ გაეღიმა. გულში კი შიში შეეპარა. _ არ ვიცი, რად უნდა იყოს ხმაური?
კასიმ ისეთი თვალით შეხედა ლეგრის, რომ მას ტანში გააჟრჟოლა.
_ მართლაც, საყურადღებოა, გაიგოს კაცმა, რად არის იქ ეს ხმაური, _ თქვა
კასიმ, _ იქნებ შენ შეგიძლია ამიხსნა, რა მიზეზი უნდა იყოს?
გაბრაზებულმა და შეშფოთებულმა ლეგრიმ მათრახი მოუქნია დასარტყმელად, მაგრამ ქალმა მათრახი აიცილა და კარისაკენ გასრიალდა შემდეგი სიტყვებით:
_ გირჩევ, ერთ ღამეს დაიძინო ჩემს ოთახში, და მაშინ თვითონ გაიგებ, რა
ხდება მაღლა.
ლეგრი დიდხანს ღრინავდა და ილანძღებოდა, მაგრამ კასის ვერაფერი დააკლო.
ქალი კი დაკმაყოფილდა იმით, რომ ლეგრი შეაშინა თავისი ლაპარაკით და
შემდეგაც ყოველთვის ხელს უწყობდა ამ შიშის გაძლიერებას. სხვენზე ერთ
ალაგას ფიცარი იყო გახვრეტილი, ამ ჭუჭრუტანაში კასიმ გატეხილი ბოთლის
ყელი გაჭედა. ქარი რომ ამოვარდებოდა, ბოთლის ყელიდან ადამიანის ქვითინისმაგვარი ხმა ისმოდა. თუ ქარი ძლიერი იყო, ქვითინიც მძლავრად გაისმოდა. მონების უბნამდისაც მიაღწევდა ხოლმე ხანდახან ეს ხმა და საბრალო დედაკაცის თავგადასავალს აგონებდა მათ. მონათა შორის შიში ძლიერდებოდა
და ამ შიშმა მაგრად შეიპყრო ლეგრიც.
ორი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც კასიმ ბინა გამოიცვალა. ქარიანი დღე
იყო. სასახლეში კარ-ფანჯარა სულ ზრიალებდა, კვამლს ატრიალებდა და ოთახებში ნაცრის კორიანტელს აყენებდა, თითქოს აჩრდილთა მთელი რაზმი გამოეფინაო.
ამ საღამოს ლეგრი რაღაცას ანგარიშობდა თავის სამუშაო ოთახში და საანგარიშო წიგნებს ჩასცქეროდა. შემდეგ გაზეთების კითხვას შეუდგა. კასი იმის
ოთახში იყო ერთ კუნჭულში მიმჯდარი და ბუხარში ცეცხლს შეჰყურებდა.
ლეგრიმ გაზეთები გადაათვალიერა და ხელში რაღაც წიგნი მოხვდა. ახლა
იმას დაუწყო ფურცვლა და თვალიერება. ეს წიგნი კასიმ იპოვა სადღაც. ეს იყო
საშინელი და საზარელი მოთხრობების კრებული. წიგნი მოკლებული იყო
მხატვრულ ღირსებას, მაგრამ მკითხველის ყურადღებას იზიდავდა თავისი
უცნაური შინაარსით. ლეგრის თითქოს არ მოსწონდა ეს წიგნი, ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, მაგრამ კითხვას თავს არ ანებებდა. ბოლოს გულმოსულმა მოისროლა წიგნი და კასის მიუბრუნდა: _ კასი, გწამს, რომ ამქვეყნად
არიან ავი სულები?
_ მე რა მწამს და რა არა, ეგ შენი საქმე არ არის, _ უპასუხა ქალმა უკმაყოფილო კილოთი.
ლეგრიმ ამ სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და განაგრძო:
_ გემზე რომ ვმუშაობდი, მაშინ ამხანაგები მარწმუნებდნენ, რომ ქვეყნად
არის მავნე სული. ათასნაირ არაკს მიყვებოდნენ, მაგრამ მე იმათი არაფერი
მჯეროდა.
კასი ჩუმად იჯდა ბნელ კუნჭულში და იქიდან შეჰყურებდა ლეგრის. ქალს
თვალები რაღაც შუქით უბრწყინავდა და ლეგრის შიშის ზარსა ჰგვრიდა.
_ გემზე ხმაურის მიზეზი ყოველთვის ვირთაგვები არიან. მე არაერთხელ
დავრწმუნებულვარ ამაში. ქარსაც შეუძლია ატეხოს ხმაური.
კასი დარწმუნებული იყო, რომ მისი თვალების გამომეტყველება შიშის
ზარსა ჰგვრიდა ლეგრის, და ამიტომ არ აშორებდა თვალს.
_ კასი, შენ რაღას ფიქრობ? განა მე მართალს არ ვამბობ? _ შეეკითხა ლეგრი.
_ განა ვირთაგვებს შეუძლიათ კიბეზე ჩამოსვლა და დაკეტილი კარის გაღება? ან მოჩვენებად გადაქცევა ისე, რომ მივიდნენ ადამიანთან და ხელი გაუწოდონ ჩამოსართმევად, აი ასე?
კასიმ გაუწოდა ყინულივით ცივი ხელი და თან თვალს არ აშორებდა ლეგრის. კასიმ თავისი ცივი ხელი მაჯაზე დაადო ლეგრის, შეშინებული ლეგრი
ფეხზე წამოვარდა.
_ რა გინდა ამით თქვა, დედაკაცო? განა ოდესმე მოგეჩვენა შენ ასეთი რამე?
_ არა, მე ხომ ეგ არ მითქვამს! _ უპასუხა კასიმ ზიზღით და დაცინვის კილოთი.
_ გამიგონე, კასი, მითხარ, გემუდარები, მაგისთანა რა მოგელანდა იმ
ოთახში? მითხარი, ნუ გაჩუმებულხარ.
_ ერთ ღამეს შენ თვითონ დაწექი იქ და ყველაფერს შენი თვალით ნახავ.
_ განა სხვენიდან გესმოდა ხმაური?
_ რა ხმაური? რაზე მეკითხები, არ მესმის.
_ აი «ის», მოჩვენება, რაზედაც შენ ლაპარაკობ.
_ მე არ მითქვამს, მომელანდა-მეთქი, _ უპასუხა კიდევ კასიმ მოკლედ და
გაჩუმდა.
აღშფოთებულმა ლეგრიმ ოთახში სიარული დაიწყო.
_ მე ამას დაწვრილებით გამოვიკვლევ, _ ბუტბუტებდა ლეგრი თავისთვის,
_ იარაღით ავალ და ვნახავ, რა მოჩვენება მომელანდება.
_ ძალიან კარგი იქნება, _ მოუწონა კასიმ, _ კარგს იზამ, ერთი ღამე რომ დაიძინო ჩემს ოთახში.
კასის სიტყვებზე ლეგრის გული მოუვიდა, გაბრაზებული ბორგავდა და
ილანძღებოდა.
_ გირჩევნია, ლანძღვას თავი დაანებო, არავინ გაიგოს! ყური დაუგდე. ეს რა
ხმა ისმის? შენ არ გეყურება?
_ საიდან, რა ისმის? _ ჰკითხა ლეგრიმ და მთლად აცახცახდა.
ამ დროს ძველებურმა ჰოლანდიურმა საათმა თორმეტი დარეკა.
ლეგრი ადგილიდან ვეღარ იძვროდა: გამოუთქმელმა შიშმა შეიპყრო. კასი
დაცინვით შეჰყურებდა და გულდამშვიდებული ითვლიდა საათის რეკვას.
_ თორმეტი შესრულდა, ახლა დაიწყება ხმაური სხვენში.
კასიმ დერეფნის კარი გამოაღო და ყური დაუგდო.
_ აბა, ყური უგდე. რა გესმის, რა ხმაური მოდის იქიდან?
_ ქარია, სხვა რა უნდა იყოს, _ უპასუხა ლეგრიმ.
_ აბა აქეთ მოდი, _ დაუძახა კასიმ ხმადაბლა, ლეგრის ხელი მოჰკიდა და
კართან მიიყვანა.
ამ დროს ზევიდან საზარელი ღრიალი შემოესმათ. ლეგრი გაფითრდა,
მუხლთ მოეკეცა.
_ ჯობია, დამბაჩა აიღო ხელში, _ ურჩია კასიმ დაცინვით. _ გამიგონე, ლეგრი! ახლა კარგი შემთხვევა გაქვს, ნახო, რა ღრიალებს და ხმაურობს სხვენში.
აბა, ადი და ნახე; ახლა «ისინი» იქ უნდა იყვნენ.
_ მე ახლა იქ ვერ ავალ, _ თქვა ლეგრიმ და უკან დაიხია.
_ რატომ? აკი ამბობდი, მე ბოროტი სულების არსებობა არა მწამსო, ეგ ყველაფერი ადამიანის გამოგონილიაო.
ამ სიტყვებით კასი გავიდა დერეფანში, სხვენის კიბეზე შედგა და ერთხელ
კიდევ დაუძახა ლეგრის, გამომყევიო.
_ მე ვერ წამოვალ, შენც უკან დაბრუნდი, შე კუდიანო!
მაგრამ კასიმ ლეგრის ბრძანებას ყური არ დაუგდო: სწრაფად აირბინა კიბეზე და სხვენის კარი გააღო. იქიდან საშინელმა ქარმა დაქროლა და ოთახის კარებში მდგომ ლეგრის ხელში სანთელი გაუქრო.
შიშით გადარეული ლეგრი ოთახში შევარდა. კასიც ჩქარა დაბრუნდა უკან;
მის თვალებს ისევ წეღანდელი საშიში გამომეტყველება ჰქონდა.
_ აბა, ახლა რას იტყვი? იქნებ ამიხსნა, რა უნდა ხმაურობდეს ასე საშინლად
სხვენში.
_ თავი დამანებე, მეშინია, ამაზე ლაპარაკი არა მსურს! _ უპასუხა შერცხვენილმა და შეშინებულმა ლეგრიმ.
_ მართლა? მე კი მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ბინა გამოვიცვალე.
კასი განზრახ ავიდა სხვენში: ფანჯარა გააღო, რომ ძლიერი ქარი შემოვარდნილიყო.
მან კიდევ კარგა ხანს დაჰყო ლეგრის ოთახში და იქამდე მიიყვანა თავისი
ყოფაქცევით, რომ ლეგრი უფრო ადვილად პირდაღებულ ლომს შეეჭიდებოდა,
ვიდრე სხვენში ავიდოდა.
კასი შეუდგა თავის საქმეს: ღამღამობით ჩუმად აჰქონდა სხვენზე თავისი
და ემელინას ბარგი, აგრეთვე მგზავრობისათვის საჭირო სანოვაგე. ჩქარა ყველაფერი მოაწყო, მხოლოდ მარჯვე დრო იყო საჭირო გასაქცევად. კასისათვის
საჭირო იყო გზის ცოდნა. ამისათვის შეუჩნდა და იმდენი მოახერხა, რომ ლეგრიმ ის ერთხელ მახლობელი პატარა ქალაქის სანახავად წაიყვანა. კასიმ გზები
კარგად დაზვერა და დაიმახსოვრა.
ერთ საღამოს ლეგრი მეზობელ ფერმერთან წავიდა სტუმრად. კასიმ ბოლო
ხანებში მოისყიდა ლეგრის გული ალერსიანი მოპყრობით. ქალს ახლა თავისუფლად შეეძლო ცხოვრება ბატონის სასახლეში. ლეგრი რომ წავიდა სახლიდან, კასი შევიდა ემელინას ოთახში და ორივემ მოიმზადა სამგზავრო ორი დიდი ბოხჩა. ბოლოს კასიმ თქვა:
_ ახლა კი დროა, სამგზავრო ტანისამოსიც ჩავიცვათ და გზას გავუდგეთ.
_ ჯერ ადრეა: ნათელია და შეიძლება დაგვინახოს ვინმემ, _ უპასუხა ემელინამ.
_ დაე, დაგვინახონ. მეც სწორედ ეგ მინდა. საჭიროა, მდევარი გამოგვეკიდოს, რომ სახლში აღარავინ იყოს იმ დროს, როცა ჩვენ ჭაობიდან წყალ-წყალ
უკან დავბრუნდებით. ამნაირად ძაღლები ვეღარ მიაგნებენ ჩვენს კვალს და
სახლში დავბრუნდებით. ჩვენ შეუმჩნევლად უნდა ავიდეთ სხვენზე. მე იქ ყველაფერი უკვე მომზადებული მაქვს. შეგვიძლია, მშვენივრად ვიცხოვროთ მთელი თვე, ყველაფერი საკმარისი გვექნება. მაინც დიდი ხანი მოგვიწევს იქ ცხოვრება. ლეგრი ასე ადვილად არ დათმობს ჩვენს გაქცევას და დიდხანს გასტანს
ძებნა. ახლომახლო ჩირგვს არ გაუშვებს გაუსინჯავს. მეზობელ პლანტატორებსაც კი დაიხმარს ჩხრეკის დროს. დაე, გვეძებონ, რამდენიც სურთ!
_ მშვენივრად მოგისაზრებია ყველაფერი, კასი! არ ველოდი, თუ აგრე კარგად მოაწყობდი ჩვენი გაქცევის საქმეს.
კასი სულაც არ გაახარა ამ ქებამ. მან ალერსიანად მოჰკიდა ხელი ყმაწვილ
ქალს და უთხრა:
_ აბა, ჩემო კარგო, ახლა კი დროა, წავიდეთ!
ქალები სასახლიდან შეუმჩნევლად გავიდნენ და გაიარეს მონათა უბანი.
უკვე გასცილდნენ პლანტაციას და მიუახლოვდნენ ჭაობს, როცა ხმაური და
ყვირილი შემოესმათ.
მოხდა სწორედ ის, რასაც კასი მოელოდა, გაქცეულები თვითონ ლეგრიმ
შენიშნა და ლანძღვა-გინებით გამოეკიდა უკან.
ლეგრის ხმის გაგონებაზე ემელინას შიშით მუხლთ მოეკვეთა და კასის ხელი გაუწოდა.
_ მიშველე, კასი, მუხლთ მომეკვეთა, საცაა, წავიქცევი.
_ თუ წაქცეულხარ, აქვე მოგკლავ, _ კასიმ უბიდან ბასრი დანა ამოიღო და
ემელინას დაანახვა.
ამ მუქარამ მშვენიერი გავლენა იქონია. ემელინამ ძალ-ღონე მოიკრიბა და
ჭაობს მიაშურა. ჭაობში კი ლეგრის მარტოკა აღარ შეეძლო დევნა: მისთვის საჭირო იყო მშველელი.
_ ძალიან კარგი! _ წაიბუტბუტა ლეგრიმ, როცა ქალები ჭაობში შევიდნენ. _
სულელები, თვითონ გაებნენ მახეში. იქიდან ისინი ვეღარსად წაგვივლენ.
_ ეჰეი... სამბო, კვიმბო! ჩქარა გამოიქეცით აქეთ, ყველა ბიჭსა და მონას დაუძახეთ! _ ყვიროდა ლეგრი.
მუშები ის იყო დაბრუნდნენ სამუშაოდან და ქოხებში ვახშმის მზადებაში
იყვნენ.
_ ხუთ დოლარს მიიღებს, ვინც გაქცეულებს დაიჭერს. აბა ძაღლები აუშვით
და მიუსიეთ!
ზოგი სიხარულით შეეგება ლეგრის წინადადებას და გაექანა დედაკაცების
დასაჭერად. ანგარებისმოყვარეობა და ბატონის წინაშე ყურადღების დამსახურება ამოძრავებდა და აქეზებდა მათ ამ საქმეზე. საშინელი ალიაქოთი ატყდა.
ჟინჟღილები აანთეს და ძაღლები აუშვეს.
_ ბატონო, ნებას გვიბოძებთ, თოფი ვესროლოთ? _ ჰკითხა სამბომ ლეგრის.
_ კასის შეგიძლიათ ესროლოთ, ის ადრე იყო სასიკვდილო, ახალგაზრდას
კი ხელი არ ახლოთ. აბა, ბიჭებო, ვინძლო ყოჩაღად მოიქცეთ, ხუთ-ხუთი დოლარი და თითო ჭიქა არაყი საჩუქრად იმას, ვინც გაქცეულებს დაიჭერს.
მდევარნი სანათით ხელში ღრიანცელით გაიქცნენ ჭაობისაკენ. ძაღლების
ყეფამ არემარე გააყრუა.
სასახლიდან შინამოსამსახურენიც გამოცვივდნენ სეირის საყურებლად.
მართლაც, როცა კასი და ემელინა უკანა კარიდან დაბრუნდნენ, სახლში სრულებით არავინ იყო. მხოლოდ შორიდან ისმოდა ძაღლების ყეფა და ხმაური.
გაქცეულები უყურებდნენ, როგორ დარბოდა ჭაობში მდევარი. ღამის
წყვდიადში ხან აქ გააშუქებდა სანათი და ხან იქ.
_ ხედავ, კასი, ნადირობა გააჩაღეს, _ ეჩურჩულებოდა ემელინა კასის: _ რა
ამბავი აქვთ! ძაღლები როგორ ყეფენ! უჰ, რა დღე დაგვადგებოდა, ჩვენ რომ
აქამდე იქ ვყოფილიყავით? წამო, ჩქარა დავიმალოთ, კასი! _ შეეხვეწა ემელინა.
_ აჩქარება საჭირო არ არის, _ დინჯად უპასუხა კასიმ, _ ახლა ისინი ნადირობაში არიან გართული, მთელ საღამოს იქ გაატარებენ. ჩვენ აუჩქარებლივ
შეგვიძლია მოვაწყოთ ჩვენი საქმეები. სხვენზე ასვლას კიდევ მოვასწრებთ. ჯერ
აქაურობა მივათვალიერ-მოვათვალიეროთ. ჩვენთვის გზაში ფული იქნება საჭირო და შეიძლება აქ ვიშოვოთ როგორმე.
ამ სიტყვებით იგი ლეგრის საწერ მაგიდასთან მივიდა და უჯრა გამოაღო.
ემელინა უარს იყო ქურდულად ფულის შოვნაზე, მაგრამ კასიმ მის ლაპარაკს
ყური არ ათხოვა და უჯრიდან ერთი ბღუჯა ფული ამოიღო.
_ არ გეთანხმები, ჩემო პაწია, _ უთხრა კასიმ ემელინას, _ უფულოდ გზაში
დავიღუპებით. მართალია, ჩვენ ამ ფულს ვიპარავთ, მაგრამ ესენი მთელ ჩვენს
სიცოცხლეს გვპარავენ. ახლა წავიდეთ. მე სანთელიცა მაქვს შენახული. წიგნის
კითხვაც შეგვიძლია ხოლმე, როცა მოვისურვებთ.
სხვენზე ქალებს მშვენივრად მოწყობილი ბინა დახვდათ. კასის დიდი, თავღია ყუთი გვერდზე დაეწვინა, შიგ ლოგინი დაეგო და საწოლები გაემართა. მეორე ყუთში სანოვაგე და სხვა საჭირო ნივთები ჩაელაგებინა. ყველაფერი მოეწყო გონივრულად და წინდახედულად.
_ აი, ჩვენი დროებითი ბინა ეს არის, _ უთხრა კასიმ ემელინას, როცა სხვენში ავიდნენ, _ როგორ მოგწონს?
_ ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ იმედი გაქვს, რომ აქ ვერ მოგვაგნებენ? _ შეეკითხა ემელინა.
_ კარგი სანახავი იქნება, აქ რომ ლეგრი ამოვიდეს! მონები და მოსამსახურეები კი ვერ ამობედავენ აქ უიმისოდ. სიკვდილს ამჯობინებენ აქ ამოსვლას.
ემელინა დამშვიდდა, მიწვა ლოგინზე და ბალიშზე მიდო თავი.
_ კასი, რად დამემუქრე, მოგკლავ, თუ წაქცეულხარო?
_ იმიტომ, რომ გამაგრებულიყავ და გული არ წაგსვლოდა. ასე რომ არ მოვქცეულიყავ, შენ მართლა წაიქცეოდი და ისევ ჩაუვარდებოდით ხელში ლეგრის.
ემელინას გააჟრჟოლა ამ სიტყვების გაგონებაზე.
ქალები გაჩუმდნენ. ემელინას მოქანცულობა დაეტყო და ჩათვლიმა, კასიმ
კი წიგნის კითხვა დაიწყო. ასე მშვიდად იყვნენ, სანამ ლეგრი თავისი ბიჭებით
ნადირობიდან დაბრუნდებოდა.
კარგა დაბინდებული იყო, როცა სახლის ეზოში ხმაური და ძაღლების ყეფა
გაისმა. ემელინას გამოეღვიძა და შეშინებულმა ხმადაბლა შეჰყვირა.
_ ნუ შეგეშინდება, _ დაამშვიდა კასიმ ნამძინარევი, _ ნადირობიდან დაბრუნდნენ და ისინი ხმაურობენ. აი, ამ ჭუჭრუტანაში გაიხედე და ყველაფერს
კარგად დაინახავ. ნადირობა შეაჩერეს: ლეგრის მეტად მოწყენილი სახე აქვს.
მისი ცხენი მთლად ტალახშია ამოსვრილი. ძაღლები ქასქასებენ. უეჭველია,
ხვალ კიდევ ცდიან ბედს. მაგრამ ნადირი იქ არ არის, სადაც იმათ ეგულებათ.
_ გაჩუმდი, ნუ ლაპარაკობ, _ სთხოვა ემელინამ, _ ლაპარაკი არ გაიგონონ.
_ ლაპარაკი რომ გაიგონონ, მაშინ სულ დაფრთხებიან და სხვენს ახლო არ
გაეკარებიან. ჩვენ აქ საშიშროების გარეშე ვართ. რაც მეტს ვიხმაურებთ, მით
უკეთესია. მე კარგად ვიცი, რა შვილები ბრძანდებიან ისინი.
ცოტა ხნის შემდეგ სასახლეში სიჩუმე ჩამოვარდა.
ლეგრი ლანძღვა-გინებით, მუქარითა და კბილების ღრჭენით წავიდა თავის ოთახში დასაძინებლად.
ოცდამეთოთხმეტე თავი
ცემა
კასისა და ემელინას გაქცევამ მეტისმეტად გააბოროტა ისედაც ავი და ბოროტი ლეგრი. მან თომაზე მოინდომა ჯავრის ამოყრა.
თომამ ვერ დაფარა თავისი სიხარული, როცა შეიტყო კასისა და ემელინას
გაქცევის ამბავი. ლეგრის ეს არ გამოეპარა, თუმცა თავდაპირველად ყურადღება არ მიაქცია. ის ამჟამად მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ დაეჭირა გაქცეულები. შემდეგ კიდევ ერთმა გარემოებამ მიაქცევინა ყურადღება თომას საქციელზე: გაქცეულების საძებნელად თომა არ გავიდა. მეორე დღესაც მთელი
დღის ძებნის შემდეგ საღამოთი ყველა დაღლილი დაბრუნდა შინ. გაქცეულების კვალს ვერ მიაგნეს: თითქოს მიწამ შთანთქა გაქცეულებიო.
ლეგრის ბრაზი ახრჩობდა, მაგრამ იმ საღამოთი თავი შეიკავა, დილისათვის კი რაღაც საშინელს აპირებდა.
მეორე დილით ლეგრი თავის კაბინეტში დივანზე იყო წამოწოლილი და
გეგმას ადგენდა, როგორ ეწამებინა თომა. ბოლოს დაუძახა კვიმბოს და უთხრა:
_ წადი და აქ მომგვარე თომა! _ თან კმაყოფილებით ჩაიცინა, _ იმან უთუოდ უნდა იცოდეს, როგორ გაიქცნენ და სად დაიმალნენ გაქცეულები. იმდენს
ვეცდები, ენა ამოვადგმევინო და ყველაფერი ვათქმევინო. გაჩუმებას ვეღარ გამიბედავს.
სამბოსა და კვიმბოს თომა ათვალწუნებული ჰყავდათ იმ დღიდან, რაც
ლეგრიმ გამოთქვა აზრი, თომა კარგი ზედამხედველი იქნებაო. ადვილი წარმოსადგენია, რარიგ გაუხარდებოდა კვიმბოს ბატონის ბრძანება.
თომას გულში რაღაცამ უკბინა, როცა უთხრეს _ ბატონი გიბარებს თავისთანაო. მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ ყოველნაირ ტანჯვა-წამებას აიტანდა, და
ამიტომ არ შეშინებია.
კვიმბომ, სასახლის კიბესთან რომ მიიყვანა თომა, მკლავი დაუჭირა და უთხრა:
_ როგორც იყო, შენამდეც მოაღწიეს. ახლა ვნახოთ, როგორ მოუმართავ
ხოლმე ხელს მონებს გაქცევაში. მიბრძანდით, ლეგრი გაგისწორდება თავისებურად.
თომამ იგრძნო, რომ მისი აღსასრულის დღე მოახლოებული იყო. გზადაგზა ეთხოვებოდა ნაცნობ არემარეს.
თომას დანახვაზე ლეგრი ღრიალს მოჰყვა.
_ იცი თუ არა, _ მიმართა მან თომას კბილების ღრჭენით, _ რომ დღეს მოკვლას გიპირებ?
_ ნება თქვენია, ბატონო, _ უპასუხა თომამ წყნარად.
_დიახაც, გადავწყვიტე, მოგკლა, თუ არ მეტყვი _ სად წავიდნენ დედაკაცები. ახლავე თქვი _ სად არიან კასი და ემელინა?
თომა ჩუმად იდგა.
_ გეყურება თუ არა, რას გეკითხები? _ ღრიალებდა გაშმაგებული ლეგრი. _
თქვი-მეთქი.
_ არაფერი მაქვს, ბატონო, სათქმელი, _ უპასუხა თომამ მშვიდად, მტკიცე
ხმით.
_ როგორ ბედავ ჩემთან ასეთ ლაპარაკს? მაშ, არ იცი, სად არიან დედაკაცები?
_ არ ვიცი, ბატონო! და კიდეც რომ ვიცოდე, არ მოგახსენებდით. სიკვდილს
ვარჩევდი.
ლეგრის სიბრაზით სუნთქვა შეეკრა, მაჯაში სტაცა თომას ხელი, დაუწყო
ნჯღრევა და ყვირილი:
_ ხომ არა გგონია, რომ კიდევ გაპატიებ! არა, ძმობილო, ახლა კი მოვიდა შენი აღსასრულის დღე! მე უკვე ნაანგარიშევი მაქვს, რა ზარალი მომივა შენი
მოკვლით, და ამ ზარალს შევურიგდები: გადაწყვეტილი მაქვს, გაწამო და ისე
ამოგხადო სული, თუ არ დამმორჩილდები. გესმის თუ არა?
თომამ სათნოებით სავსე თვალებით შეხედა განრისხებულ ბატონს.
_ ბატონო! თქვენ რომ რაიმე გაჭირვება გადგეთ, ან მწუხარე ავადმყოფი
ბრძანდებოდეთ და ჩემი სიცოცხლე გიხსნიდეთ განსაცდელიდან, მე დიდი სიამოვნებით დავღვრიდი სისხლს თქვენს საშველად: დაუყოვნებლივ გავწირავდი ჩემს სიცოცხლეს. ახლა კი არ ვიცი, როგორ მოვიქცე და რა მოგახსენოთ. ნუ
ამძიმებთ თქვენს სულს ასეთი სისასტიკით. ხომ იცით, რაც უნდა დამმართოთ,
ბოლოს მაინც ყოველივე ტანჯვას დასასრული ექნება.
წამით თითქოს იმოქმედა ლეგრიზე თომას სიტყვებმა, თითქოს გულის
სიღრმეში ჩასწვდა და დაამშვიდა. კარგა ხანს გაჩუმებული იყო. ოთახშიც სამარისებური სიჩუმე გამეფდა. მხოლოდ საათის მუშაობის ხმა ისმოდა. მაგრამ ეს
მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ბოლოს ისევ მხეცურმა გრძნობამ
სძლია ლეგრის ადამიანურ გრძნობებს. უცებ თავისებურმა ბრაზმა მოუარა და
გაცოფებული ეცა თავის მსხვერპლს... როცა ცემით თვითონ იჯერა გული,
ბრძანა, გაეთრიათ სიკვდილის პირას მიყვანილი თომა და, რაც მან დააკლო,
ახლა კვიმბოსა და სამბოს შეესრულებინათ.
ნაცემი, ნაწამები თომა მარტოკა ეგდო ყველასაგან მიტოვებული. მაგრამ
სულით მაინც არ დაეცა.
სამბოც კი მოისყიდა ბოლოს თომას სათნოებამ.
_ ბატონო, ვგონებ, მეტი ტანჯვა საჭირო არ არის: ნაცემი აღარა სუნთქავს, _
მოახსენა მან ლეგრის.
_ შენ შუამავლობას არავინა გთხოვს, აასრულე, რასაც გიბრძანებენ. უნდა
მოკვდეს, თუ არ დამემორჩილება. უნდა მითხრას, სად არიან დედაკაცები.
ამ სიტყვებზე თომამ თვალები გაახილა და უშიშრად შეხედა ლეგრის.
_ საცოდავო, დაღუპულო ადამიანო! ახლა შენ აღარა გაქვს მეტი უფლება
ჩემზე. მეც შენთვის ყველაფერი მიპატიებია.
ნაცემმა თვალები დახუჭა და გონება დაკარგა.
_ შენ მართალი თქვი, სამბო, ვგონებ კვდება! _ თქვა ლეგრიმ; მიუახლოვდა
თომას და სახეზე დააცქერდა, _ ახლა მაინც ჩაიკმინდავს ხმას.
თომა კიდევ ცოცხალი იყო და ლეგრის ლაპარაკი ეყურებოდა. მისმა მოთმინებამ და ლმობიერებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამბოსა და კვიმბოზე. ლეგრი რომ გარეთ გავიდა, ისინი შეეცადნენ, თომა ფეხზე წამოეყენებინათ
და გონს მოეყვანათ.
_ მოგვიტევე, თომა, _ დაიწყო სამბომ ბოდიშით ლაპარაკი, _ ცუდი საქმე
დაგმართეთ ჩვენი უგუნურებით, მაგრამ ამაში დამნაშავე ჩვენი ბატონია.
ნაცემს წყლულები მობანეს ცივი წყლით, ბამბა დაუგეს და ზედ დააწვინეს.
ერთი მათგანი ლეგრისთან წავიდა, ღვინო სთხოვა, ის კი დაუმალა, რომ
ღვინო ავადმყოფისათვის უნდოდა. ერთგულ მონას ლეგრიმ ღვინო არ დაუჭირა; მონამ მოიტანა ღვინო და თომას წვეთ-წვეთობით აყლაპებდა.
_ საზიზღარი საქმე ჩავიდინეთ, ძმაო თომა, _ მიმართა ახლა კვიმბომ.
_ ყველაფერი მიპატიებია, _ წარმოთქვა თომამ მისუსტებული ხმით.
ოცდამეთხუთმეტე თავი
თომას სიკვდილი
ორი დღის შემდეგ ერთი ყმაწვილი კაცი მოადგა ეტლით ლეგრის სასახლეს. ეს იყო ჯორჯ შელბი.
მამიდა ოფელიას წერილმა ორი თვის შემდეგ მიაღწია დანიშნულებისამებრ. ამ ხნის განმავლობაში უკვე მოასწრეს თომას გაყიდვა და ახალ ბატონსაც
წაეყვანა იგი პლანტაციაზე.
ქალბატონი შელბი მეტად დაანაღვლიანა ოფელიას წერილმა, მაგრამ მას
იმხანად არაფრის მოხერხება არ შეეძლო: ქმარი ჰყავდა მძიმე ავადმყოფი. შემდეგ ბატონი შელბი გარდაიცვალა და მთელი თავისი ქონება ცოლს უანდერძა.
ქვრივმა თომასათვის ვეღარ მოიცალა, ბევრი საქმე ჰქონდა. ცდილობდა, მალე
გამოერკვია ქმრის აწეწილ-დაწეწილი საქმეები და ვალები გაესტუმრებინა.
სწორედ ამ დროს მოუვიდა პასუხი ქალბატონ სენ-კლერის რწმუნებულისაგან.
ის ატყობინებდა ქალბატონ შელბის _ თომა სენ-კლერის სიკვდილის შემდეგ
გაყიდესო. ამ პასუხმა, რასაკვირველია, არ დააკმაყოფილა არც ქალბატონი
შელბი და არც იმისი შვილი ჯორჯი.
ბევრი ძებნისა და ძიების შემდეგ ჯორჯმა ახალ ორლეანში შემთხვევით ნახა ერთი კაცი, რომელმაც ასწავლა, სად იმყოფებოდა თომა. ჯორჯმა მაშინვე
წაიღო საჭირო ფული და წავიდა თომას დასახსნელად.
ჯორჯი მივიდა ლეგრისთან და მაშინვე საქმეზე დაუწყო ლაპარაკი.
_ შევიტყვე, რომ ახალ ორლეანში თქვენ გიყიდიათ მონა ზანგი თომა, _
უთხრა მან ლეგრის, _ ის წინათ ჩვენი კაცი იყო და მსურს ისევ შევისყიდო, თუ
თქვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ.
თომას სახელის ხსენებაზე ლეგრის სახე მოეღუშა.
_ დიახ, მე ვიყიდე თომა და ძალიან ვნანობ, რომ ვიყიდე. მეტად ურჩი ადამიანი აღმოჩნდა; მონები ამიჯანყა, ორ მონა დედაკაცს გაქცევა მოუწყო. საშინლად გავბრაზდი და ისე ვაცემინე, რომ ვგონებ, ვეღარ მობრუნდეს.
_ ახლა სად არის? _ მკაცრი კილოთი შეეკითხა ჯორჯი ლეგრის.
ყმაწვილი ბრაზისაგან თავს ძლივს იმაგრებდა, რომ უმართებულო საქციელი არ ჩაედინა.
ჯორჯს გამოელაპარაკა პატარა ბიჭი, რომელმაც ცხენი ჩამოართვა და ის
ქოხი აჩვენა, სადაც ნაცემი თომა ეგდო.
ლეგრის ბრაზი მოუვიდა ამ ბიჭზე და მუცელში წიხლი ჩაჰკრა. ჯორჯს
ლეგრის საქციელმა მოთმინება დააკარგვინა, მაგრამ კიდევ შეეცადა, თავი შეეკავებინა, და ხმაამოუღებლივ გაეშურა იმ ქოხისკენ, სადაც თომა ეგულებოდა.
თომა ჯერ ცოცხალი იყო. ცემისაგან დაბეჟილ მის სხეულს მოძრაობის უნარი დაეკარგა და უგონოდ ეგდო, თუმცა მისი მძლავრი ბუნება კიდევ ებრძოდა
სიკვდილს.
არაერთი მონა გაამხნევა ზნეობრივად თომამ იმ ხნის განმავლობაში, რაც
იგი ლეგრის სახლში ცხოვრობდა. ახლა კი ეს ხალხი არ იშურებდა თავის ძვირფას დასასვენებელ საათებს და მოდიოდა ავადმყოფი თომას სანახავად. მართალია, მათ, უკიდურეს ღარიბებს, არაფრის მიტანა არ შეეძლოთ მისთვის, მხოლოდ წყალს თუ მიაწვდიდნენ ან დაელაპარაკებოდნენ, მაგრამ ესეც დიდი ნუგეში იყო ტანჯული ადამიანისათვის. მნახველები წრფელი გულით მიდიოდნენ და ცხარე ცრემლებს აფრქვევდნენ მისი წამებული სხეულის წინ. ეს დიდი
ზნეობრივი ნუგეში იყო თომასათვის. ცხადი იყო, მისმა გულწრფელმა სიყვარულმა და მხურვალე რწმენამ გამოძახილი ჰპოვა ტანჯული მონების გულში.
ნაცემი თომას დანახვაზე ჯორჯს თავბრუ დაესხა და კინაღამ გული წაუვიდა.
_ ამას რასა ვხედავ?! ბიძია თომა, ჩემი საყვარელი და ძვირფასი მეგობარი,
რა დღეში იმყოფება! _ ყმაწვილის სიტყვები მომაკვდავს ჩაესმა, თავი ოდნავ
გაანძრია და ამოილუღლუღა:
_ ჩემი საწოლი ქურთუკზე რბილად მეჩვენება.
ჯორჯმა დაიჩოქა თომას წინ და ტირილი დაიწყო.
_ ბიძია თომა, აბა ერთი თვალი გაახილე, დამელაპარაკე, ნუთუ ვერ იცანი
შენი გაზრდილი პატარა ჯორჯი?
_ ჯორჯ, შენა? ჩემო კარგო, ჩემო ძვირფასო! _ წამოილუღლუღა სუსტი
ხმით თომამ და თვალი გაახილა. პირველად თვალებს უაზროდ აცეცებდა
აქეთ-იქით. მერე ნელ-ნელა გონს მოვიდა, მის სახეს სიცოცხლე დაეტყო და გაუბრწყინდა. თვალებზე ცრემლი მოადგა. _ უკანასკნელი წადილი ამისრულდა:
ჩემი პატარა ჯორჯი ვნახე. გმადლობთ, რომ არ დაგვიწყებივართ. ახლა დამშვიდებული მოვკვდები.
_ არა, თომა! შენ სიკვდილს მე ვერ ავიტან; შენ უნდა იცოცხლო და ჩემთან
ერთად წამოხვიდე კენტუკში. მე შენს გამოსახსნელად მოვედი და ჩემი ვალი
უნდა ავასრულო.
_ ძვირფასო ჯორჯ! გვიანღა არის, ჩემი მოსულიერება აღარ შეიძლება.
_ ჩემო თომა, შენი სიკვდილი მეც ბოლოს მომიღებს. თავბრუ მესხმის, როცა წარმოვიდგენ, რამდენი ტანჯვა აგიტანია, ჩემო საწყალო მეგობარო!
_ ნუ მიწოდებ საწყალს. მე საწყალი აქამდის ვიყავ, ახლა კი ჩემს უბედურებას ბოლო მოეღო.
ჯორჯი უძრავად იჯდა და ყურს უგდებდა მომაკვდავის ლაპარაკს.
_ ხლოას ნუ ეტყვით, რა დღეში მნახეთ, _ განაგრძო ისევ თომამ, _ თორემ
მწუხარება გაუორკეცდება საწყალს; გადაეცით მხოლოდ, რომ მე ჩემი დღით
მოვკვდი. უთხარით აგრეთვე, რომ მე აქ არავითარი ტანჯვა არ მინახავს და ყოველთვის მახსოვდა ჩემი ცოლ-შვილი. თუმცა გული მიკვდებოდა, რომ მათგან
შორს ვიყავი, მაგრამ ასეთი იყო ჩემი ბედი და მეც ვითმენდი მათ დაშორებას.
ვლოცავ ჩემს შვილებს და ვუსურვებ, რომ ცხოვრებაში მუდამ სიმართლის
გზით იარონ. გადაეცით აგრეთვე ყველა ნაცნობს ჩემი უკანასკნელი სალამი.
ჯორჯის ნახვამ ავადმყოფი მეტად ასიამოვნა და დროებით ძალ-ღონე შესძინა, მაგრამ ჩქარა ისევ დასუსტდა, თვალები მიელულა, სახე შეეცვალა, სუნთქვა გაუძნელდა და მაჯისცემა დაუსუსტდა: სახეზე კი ღიმილი უკრთოდა.
მისი სახე გამარჯვების შუქით შეიმოსა...
ჯორჯი მოწიწებით დაჰყურებდა თომას ცხედარს. კარგა ხანს იყო ასე. ბოლოს წამოდგა და თვალები დაუხუჭა მიცვალებულს. მერე მობრუნდა, ქოხიდან გამოსვლას აპირებდა, და წინ ლეგრი შეეჩეხა. ისიც მოღუშული სახით
დაჰყურებდა მიცვალებულის ცხედარს. ძნელი სათქმელია, რა გრძნობამ შეიპყრო იგი ამ წუთს.
ჯორჯს მიცვალებულის პატივისცემამ შეაკავებინა თავი, რომ ლეგრისთვის
შეურაცხყოფა არ მიეყენებინა: ყმაწვილს მხოლოდ შეეზიზღა მტარვალი ადამიანის დანახვა და თვალი მოარიდა, თუმცა დალაპარაკება კი საჭირო იყო.
_ ხომ ხედავთ, მიცვალებული თქვენთვის არ წარმოადგენს არავითარ ღირებულებას. მაშ, მომყიდეთ მისი ცხედარი; მსურს, ჩემი ყოფილი მონის ნეშტი
მიწას მივაბარო.
_ მე მკვდრებით ვაჭრობა ჩვეულებად არა მაქვს, _ უპასუხა ლეგრიმ უკმეხად. _ შეგიძლიათ, წაასვენოთ და, როგორც გსურთ, ისე დაასაფლაოთ...
_ აბა, ბიჭებო, _ მიმართა ჯორჯმა იქვე მყოფ მონებს, _ მიშველეთ, მიცვალებული გადავიტანოთ ჩემს ეტლში. გაიქცეს ვინმე და ბარები მოიტანოს საფლავის გასაჭრელად.
ერთი ბიჭი ბარებისათვის გაიქცა, დანარჩენები დაეხმარნენ ჯორჯს. ეტლში ჯორჯის წამოსასხამი გაშალეს და ზედ დაასვენეს მიცვალებული.
ლეგრის მამულის ახლო მოჩანდა ერთი პატარა კორდი. ეს კორდი ამოარჩია ჯორჯმა თომას დასამარხავად.
საჩქაროდ გათხარეს საფლავი.
_ წამოსასხამი თან ჩავატანოთ, ბატონო? _ შეეკითხნენ მესაფლავეები, როცა
მიცვალებული წამოსასხამზე დასვენებული მიასვენეს საფლავთან.
ჯორჯი მიუახლოვდა მიცვალებულს.
_ ჩემო ძვირფასო აღმზრდელო, ჩემო სიყრმის მეგობარო, მეტი აღარაფრის
გაკეთება აღარ შემიძლია შენთვის; ნება მომეცი, ამით გემსახურო და ტანი შეგიმოსო ჩემი წამოსასხამით.
ცხედარი ჩაასვენეს საფლავში და მიწა მიაყარეს. საფლავს თავი შეუკრეს და
ზევიდან მწვანე ხავსი დააყარეს.
ჯორჯმა მონებს მადლობა გადაუხადა დახმარებისათვის და დაითხოვა.
ზანგები წავიდნენ და ჯორჯი მარტო დარჩა თომას საფლავთან. ყმაწვილმა
მუხლი მოიყარა და შემდეგი სიტყვებით გამოეთხოვა ბიძია თომას:
_ ძვირფასო თომა! ვფიცავ შენს წმინდა საფლავს და ხსოვნას, რომ მთელ
ჩემს ძალ-ღონეს მოვანდომებ მონების განთავისუფლებას. მე არავითარ დაბრკოლებას არ დავერიდები ამ მიზნის მისაღწევად, ჩემს წვლილს შევიტან ამ
დიადი საქმის განსახორციელებლად.
თომას საფლავზე არ აღუმართავთ არავითარი ძეგლი; მან ადამიანთა ხსოვნაში უკვდავყო თავისი სახელი.
ოცდამეთექვსმეტე თავი
კასი და ემელინა
ჯერ მზე არ ამოსულიყო, რომ ორი ქალი ბოხჩებით ხელში შევიდა ერთ პატარა ქალაქში. ეს ქალები იყვნენ კასი და ემელინა: იმათ აასრულეს თავიანთი
განზრახვა.
ლეგრიმ ბოლო დროს ლოთობას მიჰყო ხელი. ერთი მხრივ, კასისაგან ჩანერგილი ცრუმორწმუნეობრივი შიში, მეორე მხრივ _ სინდისის ქენჯნა არ აძლევდა მტარვალს მოსვენებას და სასმელში ჰპოვებდა დროებით შვებას. ხშირად თვრებოდა და საქმე იმით გათავდა, რომ მძიმედ გახდა ავად. სწორედ ამ
გარემოებით ისარგებლეს კასიმ და ემელინამ. ლეგრის ავადმყოფობის დროს
სახლში სრული უწესრიგობა სუფევდა, მოსამსახურეები გაიქც-გამოიქცნენ,
ავადმყოფი ავკაცობდა და ვეღარავინ უძლებდა.
ერთხელაც, განთიადისას, კასი და ემელინა შეუმჩნევლად გამოვიდნენ
ლეგრის სახლიდან.
იმ დღეს ორმა ზანგმა ხმა გაავრცელა, რომ მათ ნახეს მოჩვენება ქალის სახით: თეთრებში გამოწყობილი ორი ქალი ლეგრის სახლიდან გამოვიდაო.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Bidzia Tomas Kokhi - 15
  • Parts
  • Bidzia Tomas Kokhi - 01
    Total number of words is 3886
    Total number of unique words is 2000
    33.0 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 02
    Total number of words is 3882
    Total number of unique words is 1997
    32.6 of words are in the 2000 most common words
    48.3 of words are in the 5000 most common words
    56.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 03
    Total number of words is 3836
    Total number of unique words is 1968
    33.7 of words are in the 2000 most common words
    48.2 of words are in the 5000 most common words
    57.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 04
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2014
    32.6 of words are in the 2000 most common words
    46.1 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 05
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2027
    32.8 of words are in the 2000 most common words
    47.6 of words are in the 5000 most common words
    56.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 06
    Total number of words is 3853
    Total number of unique words is 2026
    34.0 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    56.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 07
    Total number of words is 3811
    Total number of unique words is 2013
    32.4 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 08
    Total number of words is 3835
    Total number of unique words is 1991
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.7 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 09
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 1939
    34.2 of words are in the 2000 most common words
    48.0 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 10
    Total number of words is 3822
    Total number of unique words is 1805
    34.9 of words are in the 2000 most common words
    50.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 11
    Total number of words is 3809
    Total number of unique words is 1820
    36.0 of words are in the 2000 most common words
    51.0 of words are in the 5000 most common words
    59.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 12
    Total number of words is 3841
    Total number of unique words is 2005
    32.7 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 13
    Total number of words is 3854
    Total number of unique words is 2035
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 14
    Total number of words is 3873
    Total number of unique words is 1953
    31.7 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 15
    Total number of words is 2708
    Total number of unique words is 1580
    34.9 of words are in the 2000 most common words
    49.4 of words are in the 5000 most common words
    58.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.