Latin
Total number of words is 3835
Total number of unique words is 1991
33.4 of words are in the 2000 most common words
46.7 of words are in the 5000 most common words
55.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ჩვენი მეგობარი ბიძია თომა ხშირად სენ-კლერის სახლში თავის ცხოვრებას
იოსების ეგვიპტეში ცხოვრებას ადარებდა. ბატონის ნდობა მისდამი დღითი
დღე მატულობდა.
სენ-კლერი ერთობ დაუდევარი და მფლანგავი ადამიანი იყო. იმისი მოსამსახურე ადოლფიც, როგორც ყველაფერში, დაუდევრობაშიც ბაძავდა ბატონს
და ყურს არავის უგდებდა. თომა კი სულ სხვანაირ ცხოვრებას იყო დაჩვეული.
ბატონის სარჩოს ყოველთვის ისე უყურებდა, როგორც რაიმე მიბარებულ
ნივთს, რომლის ანგარიშიც ყოველთვის შეეძლოთ მოეთხოვათ. სამწუხაროდ,
დიდ უწესობას ატყობდა სენ-კლერს ოჯახის მართვა-გამგეობაში. იმის გამოცდილ თვალს არაფერი გამოეპარებოდა და ხანდახან, მარჯვე შემთხვევაში თავისებური სიმშვიდით მისცემდა ხოლმე რჩევას ბატონს.
პირველ ხანებში სენ-კლერი ხშირად არ ასაქმებდა თომას, მაგრამ ჩქარა
დარწმუნდა, რომ თომა მეურნეობის მცოდნე და, ამასთან, აზრიანი კაცია. ამის
შემდეგ ყველაფერს, რაც კი საჭირო იყო მეურნეობისათვის, იმას ავალებდა
ხოლმე.
ადოლფს ეს არ მოეწონა და თომას დაჩრდილვა მოინდომა.
_ არა, ადოლფ, მაგას თავი დაანებე, _ გააჩერა იგი სენ-კლერმა, როცა შენიშნა თომას წინააღმდეგ მისი გამოლაშქრება, _ თომამ ყველაფრის ყადრი იცის. მე
და შენ კი მფლანგველები ვართ. ჩვენ თუ ერთგული მზრუნველი არ გვეყოლება, ძალიან ჩქარა გავფლანგავთ მთელ საცხოვრებელს.
სხვა კაცი თომას ადგილას გაირყვნებოდა და გათამამდებოდა, რაკი ბატონმა განუსაზღვრელი ნდობა გამოუცხადა, მაგრამ თომა ისეთი სპეტაკი, წმინდა,
ისეთი მტკიცე რწმენის ადამიანი იყო, რომ ვერავითარი გარემოება ვერ შეარყევდა იმის ხასიათს.
ამასთან, მეტისმეტად შეუყვარდა სენ-კლერი. ზანგი აღტაცებული იყო ბატონის ჭკუითა და სილამაზით და ისე ზრუნავდა ახალგაზრდა ბატონზე, როგორც თავის ღვიძლ შვილზე. თომამ შენიშნა, რომ სენ-კლერი კვირაობით თეატრში, კლუბებსა და მეგობრებში ატარებდა დროს და სასმელს არ ერიდებოდა. თომამ დაასკვნა, რომ მისი ბატონი ქრისტიანი არ უნდა ყოფილიყო. რასაკვირველია, ეს აზრი არავისთვის არ გაუზიარებია, მაგრამ თავისთავად მხურვალედ ავედრებდა ღმერთს თავის ბატონს.
ხანდახან შემთხვევა ეძლეოდა, თავისი აზრი გამოეთქვა; მაგალითად, ერთხელ სენ-კლერი რომელიღაც მეგობრის სახლიდან ნაქეიფარი დაბრუნდა; მოსამსახურეებმა ხელით ამოიყვანეს კიბეზე, რადგანაც თვითონ სიარულის თავი
აღარ ჰქონდა. თომას თითქმის მთელი ღამე არ სძინებია დარდისაგან.
მეორე დილით სენ-კლერი თავის სამუშაო ოთახში იჯდა საშინაო ხალათით. თომა იდგა კარებში. ის იყო, ბატონმა რაღაცა საყიდლები დაავალა და
ფულიც მისცა, მაგრამ თომა კარებს არა სცილდებოდა.
_ კიდევ გაქვს საქმე ჩემთან, ხომ არაფერი მომხდარა? _ ჰკითხა სენ-კლერმა,
როცა შეატყო, რომ თომას რაღაცის თქმა უნდოდა.
_ მოხდა, ბატონო! _ თქვა თომამ ნაღვლიანი სახით.
სენ-კლერმა გაზეთი გადადო, ფინჯანი მაგიდაზე დადგა და თომას შეხედა.
_ რა ამბავია, რად ჩამოგტირის სახე?
_ გული შემომკვნესის, ბატონო! მე ყოველთვის იმ აზრის ვიყავი, რომ ბატონს ყველასათვის კეთილი სურს.
_ მერე, რა მოხდა, თომა? განა მე დავუშავე ვისმე რამე? მითხარი, რამე გინდა ჩემგან?
_ არა, ბატონო, არაფერი არ მინდა: თქვენ ყოველთვის იყავით ჩემდამი მოწყალე. მაგრამ არის სხვა კაცი, რომელსაც თქვენ ცუდად ეპყრობით.
_ არ მესმის, ვისზე ლაპარაკობ, თომა! ნათლად გამოთქვი შენი აზრი!
_ მთელი ღამე ვფიქრობდი ბატონზე. იგი თავის თავს ექცევა ცუდად.
სენ-კლერი წამოწითლდა, მაგრამ გაიცინა.
_ ჩემო კეთილო ბატონო! _ დაიწყო თომამ და უცებ დაიჩოქა ბატონის წინ: _
ასეთი საქციელი ავნებს სულსაც და ხორცსაც.
თომას ტირილი მოერია და ლაპარაკი გაუძნელდა: თვალებიდან ღაპაღუპით სდიოდა ცრემლები.
_ კეთილო ბებერო! _ უთხრა სენ-კლერმა და თვითონაც ვეღარ შეიკავა
ცრემლები. _ ადექი, თომა, მე იმად არ ვღირვარ, რომ ჩემთვის ცრემლები დაღვაროს ვინმემ.
მაგრამ თომა არა დგებოდა ფეხზე და თვალებით ევედრებოდა ბატონს.
_ კარგი, კარგი, _ უთხრა სენ-კლერმა. _ პირობას გაძლევ, ასეთ მდგომარეობაში არასოდეს აღარ მნახავ. მე თვითონაც მეჯავრება ლოთობა და მძაგს ჩემი
თავი, როცა მთვრალი ვარ. გჯეროდეს ჩემი სიტყვა, თომა! კარგი, წამოდექ, გეყოფა მუხლის თავებზე დგომა, ჩემო კარგო მოხუცო!
თომა გახარებული გამოვიდა ოთახიდან. სენ-კლერი კი კიდევ კარგა ხანს
ფიქრობდა ამაზე და ჰპირდებოდა თომას, რომ შემდეგისათვის აღარ მოუვიდოდა ასეთი შეცდომა.
მართლა აასრულა თავისი სიტყვა.
სენ-კლერს არ იზიდავდა ლოთობა და ტლანქი ვნების დაკმაყოფილება;
ხანდახან თუ მაინც დათვრებოდა, ეს დაუდევრობისა და აგრეთვე იმ წრის
ბრალი იყო, რომელშიც იგი ტრიალებდა.
*
*
*
ახლა ვნახოთ, როგორ ასრულებს ოფელია თავის ახალ მოვალეობას მონამოახლეებით სავსე სახლში.
პირველ დღეს ის დილიდანვე ადგა და თავისი ოთახი დაალაგა. მოსამსახურე გოგო განცვიფრებული იყო, რომ ქალბატონი ასე მშვენივრად ალაგებდა
ოთახს.
მაგრამ მოსამსახურეების გაკვირვება და უკმაყოფილება ამით არ გათავდა.
მეოჯახეობას შეჩვეულმა ოფელიამ იმით დაიწყო, რომ გადაარჩია ყველა
ნივთი განჯინებსა და კომოდებში, ყველაფერი აღნუსხა და თავის გემოვნებაზე
დაალაგა. როცა რიგი სამზარეულოზე მიდგა, მზარეული ქალი დინა ააღელვა
ოფელიას მოქმედებამ. დიდი ხნის მოახლე იყო, მსახურობდა სენ-კლერის ცოლის დედ-მამის ხელშიც და განუსაზღვრელი თავისუფლებით სარგებლობდა.
თუმცა იმის სამზარეულოში მუდამ არეულობა და უწესრიგობა იყო, დინა მაინც ახერხებდა გემრიელი საჭმელების გაკეთებას, ისე რომ ბატონები ყოველთვის კმაყოფილნი იყვნენ. დინას იშვიათად რამე გაუფუჭდებოდა და ასეთ
შემთხვევაშიც გაფუჭებულ საქმეს რომელსამე თავის ხელქვეითს გადააბრალებდა. ხელქვეითები კი აუარებელი ჰყავდა.
ოფელია რომ სამზარეულოში შევიდა, დინა არხეინად მოკეცილი ბრძანდებოდა იატაკზე და თამბაქოს აბოლებდა. მას საოცრად უყვარდა თამბაქო. გარშემო ბავშვები ესხდნენ და ფუსფუსებდნენ. ფცქვნიდნენ კარტოფილს, ცერცვს,
პუტავდნენ ქათმებს და სხვა ამისთანას. დინა ხან ერთს და ხან მეორეს ჩაუბარტყუნებდა თავში, როცა რამე საქმეს იმის გემოზე არ გააკეთებდნენ. მკაცრად
ექცეოდა თავის ქვეშევრდომებს. დინა ასე ფიქრობდა: ყველა ეს წვრილფეხობა
იმიტომაა ქვეყანაზე გაჩენილი, რომ მე მუშაობა შემიმსუბუქონო. როგორც ბატონები ექცეოდნენ მონებს, ისე ექცეოდა ის თავის თანაშემწეებს.
დინას უკვე შეეტყო მოსამსახურეებისაგან, როგორი წესრიგი დაამყარა
ოფელიამ ყველგან, საკუჭნაოსა და განჯინებში, და მტკიცედ გადაწყვიტა, წინააღმდეგობა გაეწია, თუ სამზარეულოს საქმეებშიც ჩაერეოდა.
დინა ფეხზე არ წამოუდგა ოფელიას: იჯდა და თამბაქოს წევას განაგრძობდა.
ოფელიამ დაათვალიერა ყველა ყუთი და უჯრა. დინა ქვეშ-ქვეშ გაჰყურებდა.
_ რას ინახავთ ამ უჯრაში? _ ჰკითხა ოფელიამ და მაგიდის უჯრა გამოსწია.
_ მანდ სხვადასხვა ნივთი აწყვია, _ უპასუხა დინამ.
ოფელიამ უჯრაში ჭუჭყიანი ძვირფასი ხელსაწმენდი იპოვა.
_ განა ძვირფას ხელსაწმენდს ჭურჭლის საწმენდ ტილოდ ხმარობთ?
_ არა, უჯრაში ჩავდე, გასარეცხად უნდა მიმეცა.
_ რა უწესრიგობაა ამ სამზარეულოში! _ ამბობდა ოფელია და თან განაგრძობდა უჯრის თვალიერებას.
ამ უჯრაში რას არ იპოვიდა კაცი: კაკლის სამტვრევ გაზს, ჭუჭყიან ცხვირსახოცებს, ძვირფას ფაიფურის თეფშებს, შალის ნაჭრებში შეხვეულ ხახვს და
ბევრ სხვა ამისთანას _ ერთი სიტყვით, ჩამოთვლა შეუძლებელია.
_ განა არ შეიძლება, ჭუჭყიანი თეთრეული ცალკე გქონდეთ შენახული? _
დაიყვირა ამ სანახაობით თავზარდაცემულმა ოფელიამ.
_ აგერ დიდი ყუთი დგას სარეცხისათვის, _ უპასუხა დინამ. _ ბატონმა სენკლერმა განგებ დაადგმევინა აქ ეს ყუთი, მაგრამ მაგ ყუთზე ხანდახან ცომს ვაბრტყელებ ხოლმე, ამას გარდა, ყუთის თავის ახდა მიძნელდება _ ერთობ მძიმეა.
_ ცომის გასაბრტყელებლად ცალკე ფიცარი რატომ არა გაქვთ? აი მაგიდა;
ამაზე შეგიძლია ცომის გაბრტყელება.
_ რას ბრძანებთ, ქალბატონო! მაგიდებზე ყოველთვის ჭუჭყიანი ჭურჭელი
აწყვია.
_ რატომ თავის დროზე არ რეცხავთ ხოლმე ჭურჭელს?
_ არ შეიძლება დილით ჭურჭლის გარეცხვა! _ გაჯავრდა დინა. _ ბატონებს
რა ესმით მუშაობისა; სადილს როდისღა მოვასწრებ, დილით რომ ჭურჭელი
ვრეცხო. ქალბატონმა მე საერთოდ ამიკრძალა ჭურჭლის რეცხვა.
_ ეს რაღა არის? _ თქვა ოფელიამ და უჯრიდან ამოიღო პატარა მჩვარში
შეხვეული ხახვი და ქაღალდის დახეული პარკები, საიდანაც ბრინჯი, ფქვილი
და სანელებელი დაიბნა.
_ ღმერთო ჩემო! _ წამოიძახა დინამ, _ თქვენ ყველაფერს დამიბნევთ!
_ ამ წუთში ყველაფერს მე თვითონ დავალაგებ, _ თქვა ოფელიამ მტკიცე
ხმით, _ იმედია, შემდეგ თქვენც დაიცავთ წესრიგს.
მართლაც, ოფელიამ დაიმკლავა, კაბის კალთა აიკეცა და მარჯვედ დატრიალდა, გარეცხა, დაასუფთავა და ყველაფერი თავის ადგილას დააწყო.
დინა გაკვირვებული შეჰყურებდა, მას თავის დღეში არ ენახა, რომ ქალბატონს სადმე ასე ემუშაოს.
«თუ ამის ქვეყანაში ყველანი ასეთები არიან, რაღა ბატონები ყოფილან? «_
გაიფიქრა დინამ ჩრდილოეთ შტატების მებატონეებზე.
ოფელიამ რამდენიმე დღეში სულ მთლად შეცვალა სახლში წესრიგი, მაგრამ ყველაფრის გაკეთება თვითონ დასჭირდა: სადაც მოსამსახურეების ხელი
იყო საჭირო, იქ მისი მეცადინეობა ამაო რჩებოდა. მოთმინებადაკარგულმა ერთხელ შესჩივლა ბიძაშვილს თავისი გაჭირვება. სენ-კლერმა ამაზე შემდეგი
უპასუხა:
_ ძვირფასო დაო, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დარწმუნდე, რომ ჩვენ, მემამულენი, მონების პატრონნი, ორი ჯურისანი ვართ: ზოგი სცემს და სჯის მონებს, _ ამით სურს მონებს წესიერი მუშაობა ასწავლოს და მეურნეობა წინ წასწიოს, ზოგნი კი ყველაფერს ურიგდებიან, ოღონდ ამ საწყლებს თავისუფალი
ცხოვრების საშუალება მისცენ. მე მეორე ჯგუფს ვეკუთვნი და სურვილი არა
მაქვს, პირველ ჯგუფში გადავიდე.
_ გამიგონე, ძმაო! შენ ერთი რამ გავიწყდება: მონებს შეუძლიათ შენი სახლი
გაქურდონ, გაალაგონ. ამით შენ იმათ ცუდ გზაზე აყენებ, ქურდობას აჩვევ.
_ ეჰ, ოფელია, შენ ბევრს თხოულობ მათგან. გსურს, მონები პატიოსნები
და ერთგულები იყვნენ, მაგრამ, აბა, რისთვის უნდა იყვნენ ისინი პატიოსნები?
_ რას ამბობ! განა ყველა ადამიანისათვის ერთნაირად არ არის საჭირო პატიოსნება? რატომ არ ჩააგონებ მონებს ამას?
_ რა უნდა ვასწავლო? რომელი მასწავლებელი მე ვარ. აი, მარის რომ ვუთხრა, ეგ სხვა საქმეა: ის იკისრებდა მონების გაწვრთნას, მაგრამ წვრთნის დროს
ყველა შემოელახებოდა და ვერც ვერაფერ სიკეთეს ასწავლიდა.
_ დავიჯერო, შავკანიანის აღზრდა შეუძლებელია? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ რატომ, შესაძლებელია, მაგრამ ჩვენთვის კი არა, რადგანაც თვითონ არაფრად ვვარგივართ. ადამიანები დაგვიმონებია იმიტომ, რომ ჩვენთვის ეს საჭიროა. რომ გავათავისუფლოთ, მუშახელი მოგვესპობა. უმუშებოდ კი ჩვენ ცხოვრება არ შეგვიძლია: მთელი ჩვენი ქონება მუშებისაგან წარმოდგება. შავკანიანი
მონა დედის ძუძუსთან ერთად ეჩვევა ტყუილებსა და ცბიერებას, იმან მწარე
გამოცდილებით იცის, რომ თუ არ იცრუა, არ იცუღლუტა და არაფერი მოიპარა, ისე ვერ იცხოვრებს. საკვირველიც იქნებოდა, იმათ მეტი რომ მოვთხოვო.
უსამართლობა იქნება, მონები რომ ხსენებული საქციელისათვის დავსაჯოთ.
აბა, დაო, წადი და ყური დაუგდე, რას ქადაგებენ ჩვენი მოძღვრები. ისინი ამბობენ, რომ შავკანიანები თეთრკანიან ადამიანებზე დაბლა დგანან: ზანგები
ღმერთს იმიტომ გაუჩენია, რომ პირუტყვივით თავწაღუნული გვემსახურებოდნენ ევროპელებსაო. ჩვენ, თეთრკანიანებს, უფლება გვაქვს, ვტანჯოთ შავკანიანები ჩვენი სურვილისამებრო. თითო-ოროლა ჩვენგანი გრძნობს, რომ ეს
ტყუილია, მაგრამ ცხოვრებაში მაინც არავითარი ცვლილება არ შეგვაქვს. რად
ხდება მერე ეს? იმიტომ, რომ ახლანდელი მდგომარეობა ჩვენთვის სასარგებლოა.
_ საზარელია სწორედ ეგ, რასაც შენ ამბობ! _ შეჰყვირა ოფელიამ. _ რატომ
ჩვენში, ჩრდილო შტატებში, ვერაფერ მაგისთანას ვერ ნახავს კაცი?!
_ მაგაში გამოიხატება თქვენი უპირატესობა, დაო! მაგრამ ჯობს, თავი დავანებოთ ამ ლაპარაკს. დროა, სასადილოდ წავიდეთ, _ უკვე ზარი დაირეკა.
*
*
*
იმ საღამოს ოფელია ისევ სამზარეულოს ალაგებდა, როცა იქ ერთი მაღალი,
გამხდარი დედაკაცი შემოვიდა. თავზე თეთრი პურით სავსე კალათა ედგა.
_ ოჰ, გამარჯობა, პრუ! _ მიესალმა დინა დედაკაცს.
დედაკაცს სიბრაზისაგან სახე ალეწილი ჰქონდა და გაჯავრებული ხმით
ლაპარაკობდა. პურის კალათა იატაკზე დადგა, თვითონაც იქვე მოიკეცა და
ლაპარაკი დაიწყო.
_ ო, ნეტა როდის იქნება, ერთი მოვკვდე და მოვისვენო!
_ რად ნატრობ სიკვდილს? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ ბოლო მოეღებოდა ჩემს ტანჯულ ცხოვრებას, _ უპასუხა დედაკაცმა მკვახედ, თავაუღებლივ.
_ რად ლოთობ, პრუ? _ ჰკითხა კოხტად ჩაცმულმა მარჯნისსაყურეებიანმა
გოგომ.
დედაკაცმა შუბლშეკრულმა შეხედა კითხვის მიმცემს.
_ იქნება, დრო მოვიდეს და გამწარებულმა შენც დაიწყო ლოთობა!
_ აბა, როგორი პური მოიტანე? _ გამოელაპარაკა დინა, _ აი, ქალბატონი აქა
ბრძანდება და ფულს ახლავე მოგცემს.
ოფელიამ პური აარჩია და, ის იყო, ფულის მიცემა უნდოდა, მაგრამ დინას
გაახსენდა, რომ ბილეთები ჯერ კიდევ ჰქონდა. უბრძანა და პატარა ბიჭმა თაროდან ჩამოიღო ფინჯანი, რომელშიც ბილეთები ელაგა.
_ ეგ ბილეთები რაღა არის? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ მეპურისაგან ვყიდულობთ ბილეთებს და შემდეგ პრუს ამ ბილეთებით
ვუსწორდებით. როცა მაღაზიაში დაბრუნდება, ამ ბილეთებით ჩააბარებს ანგარიშს. თუ პრუმ ხელში ფული ჩაიგდო, მაშინვე არაყში დახარჯავს.
_ რაწამს შინ დავბრუნდები, ჩემი ბატონი მიანგარიშებს და, თუ დააკლდა
რამე, უწყალოდ მცემს.
_ ახია შენზე! _ შენიშნა საყურეებიანმა გოგომ, _ რად სვამ არაყს სხვისი ფულით?
_ არ შემიძლია არ მოვიპარო და არაყი არ დავლიო. მხოლოდ მაშინ ვივიწყებ დარდებს.
_ მერე და, ხომ იცი ცოდვაა სხვისი ფულის ხარჯვა და არყით ლოთობა? _
უთხრა ოფელიამ.
_ ვიცი, _ უპასუხა პრუმ, _ მაგრამ მე ქურდობასა და ლოთობას ვერ დავიშლი. ოჰ, როგორ მწყურია სიკვდილი! _ მოხუცი დედაკაცი წამოდგა და ძლივს
შეიდგა თავზე კალათა. წასვლის დროს ერთი კიდევ მიუბრუნდა საყურეებიან
გოგოს და უთხრა:
_ შენა გგონია, რომ ლამაზი ხარ? მოპრანჭულხარ და მედიდურად შემომყურებ საწყალ მოხუცებულ დედაკაცს. არაყი შენც გაგიგემრიელდება და ჩემსავით გალოთდები.
_ უჰ, აი, ნამდვილი პირუტყვი! _ წამოიძახა ადოლფმა, რომელიც ამ დროს
სამზარეულოში თბილი წყლისათვის შემოვიდა. _ მე რომ მაგ კუდიანის ბატონი ვიყო, ცემით სულს ამოვართმევდი.
_ იმაზე მეტი ცემა აღარ შეიძლება, როგორც მაგას სცემენ, _შენიშნა დინამ. _
ზურგზე ტყავი აქვს გადამძვრალი ცემისაგან. მიკვირს, როგორ იცვამს ტანისამოსს დაწყლულებულ ტანზე.
ადოლფი დინას ყურს არ უგდებდა, მან ყურადღება მიაქცია კოპწია კვარტერონ გოგოს.
_ ნება მიბოძეთ, შეგეკითხოთ: საღამოზე გაიკეთებთ მაგ საუცხოო მარჯნის
საყურეებს თუ არა? _ ჰკითხა ადოლფმა პრანჭვა-გრეხით.
_ საკვირველი თავხედები არიან ახლანდელი ყმაწვილკაცები, _ თქვა ჯენმა
ადოლფის საპასუხოდ, თან კოპწია თავი გაიქნია და საყურეები ააჟღარუნა. _
თუ მაგისთანა კითხვებით თავს მომაბეზრებთ, ხვალ თქვენთან აღარ ვიცეკვებ.
_ ოჰ, დარწმუნებული ვარ, ასე სასტიკად არ დამსჯით! _ წარმოთქვა ადოლფმა კოხტაობით.
_ რა ამბავი გაქვთ აქა? _ იკითხა მეორე კვარტერონმა ქალმა, როზამ, რომელმაც ამ დროს კიბიდან ჩამოირბინა სამზარეულოში.
_ აი ეს ვაჟბატონი თავს იგდებს და უზრდელად მელაპარაკება, _ შესჩივლა
ჯენმა.
_გარწმუნებთ, ტყუილად მდებენ ბრალს, _ იმართლებს თავს ადოლფი.
_ გეყოფათ აქ ლაზღანდარობა! _დაუყვირა დინამ, _ თავი მომაბეზრეთ, გადით სამზარეულოდან!
_ ძალუა დინა იმაზე ბრაზობს, რომ ხვალ საცეკვაო საღამოზე ვერ მოდის, _
თქვა როზამ.
_ ძალიან საჭიროა თქვენი საცეკვაო საღამოები, _ მკვახედ მიუგო დინამ. _
თქვენ ყველაფრში თეთრკანიანებს ჰბაძავთ, მაგრამ კოჭი მოგიცვდებათ: ისეთივე შავკანიანები დარჩებით, როგორც მე.
_ ასე ლაპარაკობ და თმებს კი ერბოთი ითხუპნი, რომ სწორად დადგეს და
არ დაკულულდეს იმიტომ, რომ თეთრკანიანებს სწორი თმა აქვთ, _ გაეპასუხა
ჯენიც.
_ რაც გინდა ერბოთი ითხუპნო, მაინც მატყლი მატყლად დარჩება, _ თქვა
როზამ დაცინვით და კმაყოფილებით გაიქნია თავისი აბრეშუმივით წმინდა
დალალები.
ეს ლაპარაკი მოსპო სენ-კლერის ხმამ. ის თბილ წყალს თხოულობდა წვერის მოსაპარსად. ადოლფი იქით გაიქცა. გოგონებს ოფელიამ საქმე გაუჩინა და
გაგზავნა.
სხვათა შორის, პრუს მოსვლის დროს სამზარეულოში იყო თომაც. როცა
პრუ წავიდა, თომა უკან გაჰყვა და გზაში დაეწია. თომა ხედავდა, როგორ
უჭირდა მოხუცებულ დედაკაცს კალათის ტარება.
_ მომეცით, მე წამოგიღებთ კალათას, _ უთხრა თომამ თანაგრძნობით.
_ მე არავის შველა არ მინდა.
_ თქვენ, როგორც გეტყობათ, ავად ბრძანდებით, ამასთან გაჯავრებულიც,
რა დაგემართათ?
_ ავად არა ვარ, _ მკვახედ უპასუხა დედაკაცმა.
_ ეჰ, როგორ მოვიქცე, რომ არაყს თავი დაანებოთ, _ განაგრძო თომამ ლაპარაკი მღელვარებით; _ თქვენ ლოთობთ და ხორცთან ერთად სულსაც ღუპავთ.
_ უთქვენოდაც ვიცი, რომ პირდაპირ ჯოჯოხეთისაკენ მივდივარ, _ უპასუხა წარბშეკრულმა ქალმა, _ ტყუილად მაგონებთ ამგვარ სიტყვებს. კარგად მესმის, რომ ცუდად ვიქცევი.
_ სად ცხოვრობდით წინათ?
_ კენტუკში, ბატონმა ერთი შვილიც კი არ შემარჩინა, რამდენიც წამომეზარდა, იმდენი გამიყიდა. ბოლოს მეც მიმყიდა ერთ ვაჭარს, მან კიდევ, აი, იმ
მეპურეს მიმყიდა.
_ რად დაიწყეთ ლოთობა?
_ დარდის გასაქარვებლად. აქ მომეცა უკანასკნელი შვილი. მშვენიერი ბავშვი იყო. იმედი მქონდა, იმას მაინც გამოვზრდიდი, ჩუმი, ჯანსაღი, მაგარი ბავშვი იყო; მაგრამ აქაც უბედურება მეწია. ქალბატონი გაგვიხდა ავად. მე ვუვლიდი. ამასობაში მეც ავად გავხდი; ციება დამაწყებინა; ძუძუ გამიშრა. ამან ბავშვზე იმოქმედა და ხორცი ჩამოყარა. ქალბატონს მოვახსენე, მაგრამ არ დამიჯერა, ეგ არაფერიაო, მითხრა, შეიძლება, ბავშვი უძუძოდაც გამოზარდოო. რას
ვიზამდი! ბავშვი ტიროდა და ანჩხლობდა. ბოლოს სანთელივით ჩამოდნა.
იძულებული ვიყავი, ღამე ქალბატონთან გამეტარებინა, თან ბავშვის ყოლის
ნება კი არა მქონდა, რადგანაც ქალბატონს ბავშვის ტირილი აწუხებდა. სახლის
სხვენში პატარა ოთახი აქვთ; იქა ვტოვებდი ხოლმე და ბოლოს ამ ჩხავილში
ამოხდა სული. დილით მკვდარი დამხვდა ოთახში. მას შემდეგ არყის სმას მივყავ ხელი; როცა გონებაზე ვარ, ყოველთვის ბავშვის ტირილის ხმა მესმის ყურებში და გულს მწიწკნის. სიმთვრალის დროს ეს ხმა აღარ მესმის ხოლმე და
გული ისვენებს...… ვერც დავიშლი ლოთობას.
თომა დაფიქრებული დაბრუნდა. სასახლის ეზოში ევა დახვდა. ბავშვს თავი ყვავილების გვირგვინით ჰქონდა მორთული.
_ ბიძია თომა, სად ხართ ამდენ ხანს? _ უთხრა ბავშვმა და სახელო დაუჭირა. _ მამამ ნება მომცა, ჩემს ახალ ეტლში პატარა ცხენები შევაბმევინო და სასეირნოდ წავიდე. მხოლოდ თომა კი გაიყოლე მეეტლედაო, _ ასე მითხრა მამამ. _
რა დაგმართია? რადა ხარ აგრე მოწყენილი?
_ თუმცა ცუდ გუნებაზე ვარ, ჩემო პატარა ქალბატონო, მაგრამ არა უშავს
რა, ახლავე შევაბამ ცხენებს.
_ არა, არა, ჯერ მითხარი, რა მოხდა? რამ დაგაყენა ცუდ გუნებაზე? მე დაგინახე, რომ იმ ბრაზიან ბებერ დედაკაცს ელაპარაკებოდი.
თომამ მოკლედ უამბო ევას საბრალო დედაკაცის თავგადასავალი. ბავშვი
არ მოჰყვა ტირილს, როგორც იციან ხოლმე საზოგადოდ ბავშვებმა ასეთ შემთხვევაში. ევამ კრინტიც არ დაძრა, მხოლოდ ლოყები გაუფითრდა და თვალები გაუფართოვდა; გულხელი დაიკრიფა და ნაღვლიანად ამოიოხრა.
_ ნუ შეაბამ, ბიძია თომა, ეტლს! მე აღარ წავალ სასეირნოდ.
_ რატომ, ჩემო პატარა ქალბატონო?
_ იმიტომ, რომ აღარ მსურს სეირნობა, რაც გავიგონე, გულში მძიმედ მომხვდა: ვერ მოვიშორებ თავიდან და ამიტომ აღარ წავალ.
რამდენიმე დღის შემდეგ პრუს მაგივრად სხვა დედაკაცმა მოიტანა თეთრი
პური. ოფელია ახლაც სამზარეულოში იყო.
_ პრუს რა დაემართა? რატომ ის არ მოვიდა დღეს? _ ჰკითხა დინამ დედაკაცს.
_ პრუ ამის შემდეგ აღარ ივლის, _ უპასუხა დედაკაცმა ისეთი იდუმალი
კილოთი, რომ დინამ უნებლიეთ განაგრძო შეკითხვა: _ რატომ არა, ხომ არ მომკვდარა?
_ არ ვიცი...… ის სარდაფშია...…_ დედაკაცმა უნდო თვალით გადახედა
ოფელიას. მან პური აიღო და სამზარეულოდან გავიდა. ახლა დინა ჩააცივდა
დედაკაცს.
_ მითხარ! ნუ მაწვალებ, რა დაემართა პრუს?
დედაკაცს თან უნდოდა ეთქვა ახალი ამბავი, თანაც ეშინოდა. ბოლოს ხმადაბლა ალაპარაკდა:
_ გეთაყვა, კი არავის უთხრა, თორემ შავ დღეს დამაყრიან. პრუ კიდევ დათვრა. სარდაფში დაამწყვდიეს და მთელი დღე იქა ჰყავდათ გამოკეტილი. ახლა
ამბობენ, ვითომ იქ ბუზებმა თვალები ამოჭამეს და მოკვდაო. მაგრამ როგორ
დავიჯერო, რომ ცოცხალი ადამიანი ბუზებმა მოკლეს.
დინამ მუხლებზე დაიკრა ხელი, უკან მოიხედა და თვალი მოჰკრა ევას. ამ
საზარელი ამბის გაგონებაზე ევას თვალები გაფართოებოდა და სახე გაფითრებოდა.
_ უჰ, ღმერთო ჩემო! _ შეჰყვირა დინამ. _ ბატონის ქალს გული მისდის! განა
შეიძლება ამისთანა საშინელ ამბავს ყური დაუგდოს! ბატონმა რომ გაიგოს,
პირდაპირ გაგიჟდება!
_ მე გული არ მიმდის, _ თქვა ევამ მტკიცე ხმით, _ რატომ არ უნდა გავიგონო მაგისთანა ამბები? საბრალო პრუსათვის უფრო ძნელი არ იყო ტანჯვის ატანა, ვიდრე ჩემთვის მხოლოდ გაგონება იმისა, რაც მან გადაიტანა?
_ რას ბრძანებთ, ბატონის ქალო? _ განაგრძო დინამ: _ ასეთი ამბავი თქვენისთანა ნაზი ქმნილებისათვის ძნელი მოსასმენია.
ევამ პასუხად მხოლოდ ღრმად ამოიოხრა და ნელი ნაბიჯით აუყვა სასახლის კიბეს, ოფელია კი თავის მხრივ, მოუთმენლად ელოდა პრუს ამბავს. დინამ უხალისოდ, მოკლედ უამბო, რაც დედაკაცისაგან შეიტყო; თომამ კი დაუმა-
ტა, რაც იცოდა პრუს შესახებ. ოფელიამ თავის ბიძაშვილს ერთი ამბავი აუტეხა
ამის გამო. მან აღშფოთებით შეატყობინა სენ-კლერს, პრუ ცემით მოუკლავთო.
სენ-კლერმა კი აუღელვებლივ უპასუხა: ეგ კარგა ხანია მოსალოდნელი იყოო.
ოფელია საშინლად აღელდა: დაუწყო ბიძაშვილს ყვედრება და გამტყუნება.
სენ-კლერი ჯერ უგულოდ, ხუმრობით უპასუხებდა ოფელიას, მაგრამ ქალის
აღელვებამ ბოლოს მოთმინება დააკარგვინა: სახე შეეჭმუხნა, თვალები აენთო
და მის ხმას მღელვარება დაეტყო.
_ რასაკვირველია, მონობა თვით ეშმაკის გამოგონილია, ამაზე უარს არავინ
იტყვის, ვინც კი საქმის სიღრმეში ჩაიხედავს, _ თქვა სენ-კლერმა.
როცა დაინახა, რომ ოფელია გაკვირვებული შეჰყურებდა, სენ-კლერი კიდევ უფრო აღელდა:
_ შენ გაკვირვებს ჩემი სიტყვები, _ განაგრძო სენ-კლერმა, _ ახლავე მოგახსენებ ჩემს აზრს. რაზეა დამყარებული ეს დაწყევლილი მონობა? იმაზე, რომ
ზანგის კანი შავია, ჩემი კი _ თეთრი. ამიტომ მე შემიძლია, იმას ყველაფერი წავართვა. მე იმაზე გაიძვერა ვარ და მოვახერხე მისი დამონება, ყოველივე შავი,
ბინძური საქმე იმას დავაკისრე, მე თვითონ ნებიერი და ზარმაცი ვარ: დაე, ზანგმა იმუშაოს ჩემს მაგიერ, მცხუნვარე მზეზე ტრიალი არ მესიამოვნება: ზანგი
გახურდეს ჩემს მაგიერ მზეზე. ის ფულებს მოიგებს! _ მე დავხარჯავ. ზანგს ტალახში ვატოპინებ, რომ ფეხი არ დამესვაროს და მშრალზე ვიარო. მთელი სიცოცხლე ჩემი ნებისა და სურვილების მონა უნდა იყოს. სასუფეველზედაც კი
იმდენად შეუძლია იზრუნოს, რამდენადაც მე ამის ნებას მივცემ. აი, რა არის
მონობა, იგი მთლად ძალადობაზეა დამყარებული!
აღელვებულმა სენ-კლერმა ოთახში სიარული დაიწყო. ოფელიას ის ასეთი
არასდროს ენახა და ძალიან გაკვირვებული იყო.
_ ახლა თუ მკითხავ, რაღად გაქვს სახლი მონებით სავსეო, ამაზე გიპასუხებ
მოძველებული ფრაზებით: მონობა მე არ შემომიღია, ასე ცხოვრობდნენ ჩემი
წინაპრები, არამცთუ მარტო მამაჩემი, რომელიც მონობას ამართლებდა, დედაჩემსაც კი, რომელსაც ყოველივე უსამართლობა სძაგდა და თითქმის წმინდა
ადამიანი იყო, ჰყავდა მონა-მოახლეები, იმათ თავისი მონები მე გადმომცეს.
მამაჩემი მამაშენსავით ნამდვილი რომაელი იყო ხასიათის სიმტკიცითა და კეთილშობილებით, მხოლოდ განსხვავება ისაა, რომ მამაშენი დასახლდა ჩრდილოეთში და მთელი თავისი ძალ-ღონე ბუნებასთან ბრძოლას მოანდომა, მამაჩემი კი ლუიზიანაში დამკვიდრდა და თავისი ჯან-ღონე შეალია ადამიანების
დამორჩილებას. დედაჩემი...… აბა, რა გითხრა, ოფელია, იმაზე: განსახიერება
იყო სამართლის, სათნოებისა და სიყვარულისა. თავს მევლებოდა. ყოველივე
ცუდ გავლენას მაშორებდა, მასწავლიდა ყველაფერ კეთილს. მე და ჩემი ძმა
ტყუპები ვართ, ამისდა მიუხედავად, ერთმანეთს სრულებით არა ვგავართ. ის
შავთმიანი, შავთვალა, ამაყი და მბრძანებლობის მოყვარულია; მე კი ქერა, მეოცნებე, მიწიერი ცხოვრება არ მაინტერესებს. ჩემი ძმა მეტად უყვარდა მამას,
მე კი _ დედას. მამაჩემი და ჩემი ძმა ორივენი არისტოკრატები იყვნენ მიდრეკილებით, გემოვნებითა და შეხედულებით. დედაჩემს კი ებრალებოდა საწ-
ყლები და დავრდომილნი. მე რომ ბავშვობაში დედა არ მომკვდომოდა, შეიძლება მთლად შემეთვისებინა იმის მსოფლმხედველობა და ჩემს სიცოცხლეში
რამე კარგი მეკეთებინა.
სენ-კლერი გაჩუმდა და თვალებზე ხელები მიიფარა.
_ მამის სიკვდილის შემდეგ პირველ ხანებში მე და ჩემი ძმა ერთად ვცხოვრობდით მამისეულ მამულში. გვქონდა თვალუწვდენელი ბამბის პლანტაციები, მე კი არ ვვარგოდი ადამიანების გამგებლად. ჩემმა ძმამ მალე შეამჩნია, რომ
მე მხოლოდ ხელს ვუცარავდი საქმეში. ჩემს საქციელს ის სულელურ გრძნობიერებას ეძახდა. მაგრამ მართლა გრძნობიერებით კი არ მომდიოდა მონებისადმი თანაგრძნობა, არა, მე თვითონაც ზანტი ვიყავი, პლანტაციებზე მუშაობა მეჯავრებოდა და ჩემ გუნებაში ვამართლებდი მონებს, რომლებიც ზედამხედველების მოტყუებას ცდილობდნენ ყოველთვის. საქმე იმით გათავდა, რომ მე და
ჩემი ძმა გავიყარენით: ის დარჩა პლანტაციებზე, მე ახალ ორლეანში გადმოვსახლდი. აქ ჩვენ დიდი, მშვენიერი სასახლე გვქონდა. ძმამ მირჩია, პოეზია გამეხადა საზრუნავ საგნად.
_ რატომ შენ მაინც არ გაათავისუფლე მონები? _ ჰკითხა ოფელიამ.
_ ამისათვის ხასიათის სიმტკიცე არ შემწევდა. მე მონებს ისე არ ვუყურებდი, როგორც სამუშაო ძალას, მე მათი მეოხებით ახალი ქონების შეძენას არა
ვფიქრობდი, ნაანდერძევი ქონების ჭამა კი მათთან ერთად შესაძლებლად მიმაჩნდა. ბევრი მათგანი დიდი ხნის ნამსახური იყო, ზოგნიც ძალიან პატარები;
ყველა კარგად გრძნობდა თავს ჩემს სახლში.
სენ-კლერი გაჩუმდა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.
_ წავიდეთ, ჩაი დავლიოთ, დაო, _ თქვა მან უცებ გამოცვლილი კილოთი, _
აგერ ჩაის ზარი დაირეკა.
ჩაის დროს ქალბატონმა სენ-კლერმაც იგივე საკითხი აღძრა.
_ უეჭველია, ჩვენ უდიერ ადამიანებად გვთვლით, ჩემო დაო, _ მიუბრუნდა
ის ოფელიას, პრუს საზარელ სიკვდილზე ლაპარაკი რომ გათავდა.
_ არა, მე აგრე არა მგონია, რომ თქვენს შორის კარგი ადამიანი არ იყოს, _
უპასუხა ოფელიამ.
_ გარწმუნებთ, მონათა შორის ზოგიერთი ისეთი გამოუსწორებელი და მოურჯულებელი ავაზაკია, რომ მათთან ადამიანი ვერაფერს გააწყობს.
_ დედა, _ ჩაერია ლაპარაკში ევა, _ პრუ დარდისაგან გალოთებულა.
_ ეგ სისულელეა, შვილო! მეც ხშირად ვარ ხოლმე დარდიანი, მერე რა ვუყოთ? არა, ისინი დაბადებით არიან ბოროტები. ვერავითარი სასჯელი ვერ გაასწორებს იმათ. მახსოვს, მამაჩემს ერთი ზარმაცი მონა ჰყავდა. ყოველთვის თავს
არიდებდა მუშაობას. ჭაობში იმალებოდა ხოლმე და ქურდობით ირჩენდა
თავს. როცა მოასწრებდნენ, სცემდნენ. მაგრამ ის თავისას არ იშლიდა. საქმე
იმით გათავდა, რომ ჭაობში ამოხდა სული. არავინ იყო მის წინაშე დამნაშავე.
მონებს კარგად ექცეოდა მამაჩემი.
_ მე ერთხელ ისეთი მონა მოვარჯულე და მოვაქრისტიანე, რომლის აღზრდაზედაც ყველას ხელი ჰქონდა აღებული, _ თქვა სენ-კლერმა.
_ შენა? _ გაიკვირვა მარიმ,_ ამას თავის დღეში ვერ წარმოვიდგენდი!
_ ის იყო ერთი უშველებელი, ღონიერი ზანგი, სამხრეთ აფრიკიდან მოყვანილი. მისი სული და გული თავისუფლებას ეტრფოდა. ჩემმა ძმამ დიდი ღონის გამო იყიდა. იმედი ჰქონდა, დასძლევდა მის ჯიუტობას და გამოიყენებდა.
სახელად ერქვა სციპიონი. ერთხელაც მან მიგვიტყიპა ზედამხედველი და გაიქცა ჭაობებში დასამალავად. მე იმ დროს ძმასთან ვიყავი სტუმრად. დამაინტერესა ამ კაცმა და ვთხოვე ჩემს ძმას, სციპიონი ჩემთვის დაეთმო, თუ მოვახერხებდი იმის ხელში ჩაგდებას. გამართეს ნადირობა გაქცეულზე; ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ ვაჟკაცურად დაუხვდა ის მაძებარ ძაღლებსა და მონადირეებს. დიდხანს იბრძოდა, მაგრამ ბოლოს ტყვიით დაჭრეს და ჩემს წინ წაიქცა
დაჭრილი. ძლივს გადავარჩინე გააფთრებული ძაღლებისა და მონადირეებისგან. წამოვიყვანე ეს სციპიონი და ორ კვირაში ისე მოვარჯულე, რომ ჩემი ერთგული მონა გახდა.
_ ერთი გვითხარი, რა მოუხერხე ასეთი? _ ჰკითხა კვლავ მარიმ.
_ იმდენი არაფერი. მოვიყვანე ჩემს ოთახში, ლოგინი გავუშალე, ჭრილობა
შევუხვიე და ჩემი ხელით ვუვლიდი, სანამ კარგად გახდებოდა. როცა მორჩა,
მივეცი თავისუფლების ქაღალდი და ვუთხარი წასულიყო, საითაც სურდა.
_ მერე, წავიდა? _ იკითხა ოფელიამ.
_ არა. სულელმა ქაღალდი დახია და მე აღარ მომშორდა. ბავშვივით წყნარი
ხასიათის კაცი დადგა და მთელ ჩემს მეურნეობას აწარმოებდა. ქოლერით რომ
ავად ვიყავი, ის იყო ჩემი ჭირისუფალი და მომვლელი. ყველა გაიქცა სახლიდან. მხოლოდ სციპიონი იყო ჩემთან, მაგრამ საბრალომ თავიც მანაცვალა. ცხარე ცრემლებით ვტიროდი, როცა მოკვდა.
ამ ლაპარაკის დროს ევა მამასთან ახლოს მიჩოჩდა. ბავშვს პირი დაეღო,
თვალები გასდიდებოდა და ასე მისჩერებოდა მამას. როცა სენ-კლერმა ლაპარაკი გაათავა, ბავშვი უცებ ყელზე შემოეხვია და ტირილი დაიწყო.
_ ევა, ჩემო ძვირფასო, რა დაგემართა? _ ჰკითხა სენ-კლერმა შვილს და ხელები მოჰხვია. ბავშვი მთელი ტანით თრთოდა. _ ამასთან შეუძლებელია ასეთი ლაპარაკი, _ წარმოთქვა შეშინებულმა მამამ: _ მეტად სუსტი ნერვები აქვს.
_ არა, მამიკო, მე სუსტი ნერვები არა მაქვს, _ თქვა ბავშვმა, ძალ-ღონე მოიკრიბა და მღელვარება შეიკავა, _ მაგრამ ამისთანა ამბები ჩემს გულს ღრმად
ხვდება.
_ რა გინდა მაგითი თქვა, შვილო?
_ კარგად არ შემიძლია აგიხსნა, მამილო! მე ბევრ რამეს ვფიქრობ. შეიძლება
როდისმე გითხრა.
_ კარგი, შენი ნებაა: იფიქრე, ჩემო პაწიავ! მხოლოდ ტირილს კი ნუ დაეჩვევი და მამას ნუ დაანაღვლიანებ. _ უთხრა შვილს სენ-კლერმა. _ აი, რა კარგი
ატამი მაქვს შენთვის, _ დაუმატა იმან და ბავშვს ატამი მისცა.
ევამ ღიმილით გამოართვა ატამი, მაგრამ სახე კი ჯერ სრულიად დამშვიდებული არ ჰქონდა.
_ წამოდი, შვილო, ოქროს თევზები დავათვალიეროთ აუზში, _ უთხრა მამამ ბავშვს, ხელი მოჰკიდა და აივანზე გაიყვანა.
ჩქარა ბაღიდან მხიარული ხმაური და სიცილი მოისმა. მამა-შვილი ეზოში
დარბოდა და ერთმანეთს ყვავილებს ესროდა.
შევიხედოთ ახლა თომას ოთახში. ის მაგიდაზეა დახრილი და რაღაცას ჩასცქერის.
შინაურების დარდმა შეაწუხა, ფიქრებს ვეღარ გაუძლო, პატარა ევას ქაღალდი და საწერ-კალამი გამოართვა და ცოლ-შვილთან წერილის დაწერა გადაწყვიტა.
თომა ცდილობდა ასოების გახსენებას. ჯერ დაფაზე სინჯა ასოების წერა,
ეს, ასე ვთქვათ, წერილის შავი უნდა ყოფილიყო. სამწუხარო ის იყო, რომ თომას ზოგი ასოს წერა დავიწყებოდა, ბევრს ცდილობდა, მაგრამ მათ დაწერას ვეღარ ახერხებდა.
ამ დროს ევამ შეუსწრო.
_ ოჰ, ბიძია თომა, _ წამოიძახა ბავშვმა, დაფას რომ ახედა: _ რა სასაცილოდ
დაგიჯღაბნია დაფა.
_ ჩემო კარგო ბატონიშვილო! მინდა წერილი მივწერო ჩემს ცოლ-შვილს და
ვერ მომიხერხებია, _ უპასუხა თომამ და თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა.
_ გულით მინდა დაგეხმარო, ბიძია თომა, მაგრამ მეც დამვიწყებია ასოები,
შარშან ვისწავლე ასოების წერა; დიდი ხანია აღარ მივარჯიშია და სულ დამვიწყებია.
ევამ ოქროსფერი თმით შემოსილი თავი დააყრდნო თომას მხარზე და შეეცადა, თომასთან ერთად მოეგონებინა ასოები, მაგრამ ორთავემ ცოტა იცოდა
და ვერაფერს შველოდნენ ერთმანეთს. ბოლოს, თითქოს რაღაცა მოახერხეს და
წერილის შავი დაამზადეს; თვითონ ასე ეგონათ.
_ ბიძია თომა, ეს კი ნამდვილ ნაწერსა ჰგავს! _ თქვა ევამ აღტაცებით, _ როგორ გაუხარდებათ შენს ცოლსა და შვილებს! რა ცუდია, რომ ოჯახს მოგაშორეს, მე მამაჩემს ვთხოვ, რომ ცოლ-შვილთან გაგიშვას.
¸_ ქალბატონი შელბი დამპირდა, გამოგისყიდი, როგორც კი საჭირო ფულს
შევაგროვებო, _ თქვა თომამ. _ პატარა ბატონმა პირობა მომცა, _ მე თვითონ მოვალ ჩემი ფეხით და დაგიხსნიო. აი, იმისი ნაჩუქარი დოლარი, ეს მომცა ნიშნად, რომ იმისი აღთქმა მახსოვდეს.
თომამ უბიდან ამოიღო დოლარი და ევას აჩვენა.
_ მაშ, უთუოდ მოვა, _ დაემოწმა ევაც. _ რა გამიხარდება, რომ მართლა მოვიდეს!
_ ძალიან მომინდა წერილის დაწერა, _ განაგრძო თომამ ლაპარაკი, _ მეშინია, ხლოამ არ იდარდოს, საწყალმა ჩემი ამბავი არ იცის _ ან სადა ვარ, ან როგორა ვცხოვრობ.
ამ დროს ოთახში შემოვიდა სენ-კლერი. თომა და ევა ორივენი შეკრთნენ.
_ რას აკეთებ აქ? _ ჰკითხა სენ-კლერმა და დაწერილ დაფას დახედა.
_ მამილო, მე ბიძია თომას წერილის დაწერაში ვშველი. აბა, მამილო, კარგად არის დაწერილი?
_ არ მინდა არც ერთს გაწყენინოთ, მაგრამ უმჯობესი იქნება, მე თვითონ
დავუწერო თომას წერილი. ახლა სხვაგან მივდივარ, დავბრუნდები და დავწერ.
_ იცი, მამა, ძალიან საჭირო წერილია, წინანდელი ქალბატონი დაჰპირებია
თომას, გამოგისყიდი, როცა ფულს ვიშოვიო, ამისათვის საჭიროა იცოდეს, სად
იმყოფება თომა, რომ შეეძლოს მოკითხვა საჭიროების დროს.
სენ-კლერმა არაფერი თქვა, იფიქრა კი, ეს დაპირება მხოლოდ გულის გასაკეთებლად უთქვამს და არასოდეს არ განხორციელდებაო. იმავე საღამოს თომას სასურველი წერილი სენ-კლერმა დაამზადა და ფოსტაში გაგზავნა.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - Bidzia Tomas Kokhi - 09
  • Parts
  • Bidzia Tomas Kokhi - 01
    Total number of words is 3886
    Total number of unique words is 2000
    33.0 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 02
    Total number of words is 3882
    Total number of unique words is 1997
    32.6 of words are in the 2000 most common words
    48.3 of words are in the 5000 most common words
    56.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 03
    Total number of words is 3836
    Total number of unique words is 1968
    33.7 of words are in the 2000 most common words
    48.2 of words are in the 5000 most common words
    57.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 04
    Total number of words is 3784
    Total number of unique words is 2014
    32.6 of words are in the 2000 most common words
    46.1 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 05
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2027
    32.8 of words are in the 2000 most common words
    47.6 of words are in the 5000 most common words
    56.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 06
    Total number of words is 3853
    Total number of unique words is 2026
    34.0 of words are in the 2000 most common words
    47.4 of words are in the 5000 most common words
    56.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 07
    Total number of words is 3811
    Total number of unique words is 2013
    32.4 of words are in the 2000 most common words
    44.5 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 08
    Total number of words is 3835
    Total number of unique words is 1991
    33.4 of words are in the 2000 most common words
    46.7 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 09
    Total number of words is 3821
    Total number of unique words is 1939
    34.2 of words are in the 2000 most common words
    48.0 of words are in the 5000 most common words
    55.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 10
    Total number of words is 3822
    Total number of unique words is 1805
    34.9 of words are in the 2000 most common words
    50.3 of words are in the 5000 most common words
    57.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 11
    Total number of words is 3809
    Total number of unique words is 1820
    36.0 of words are in the 2000 most common words
    51.0 of words are in the 5000 most common words
    59.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 12
    Total number of words is 3841
    Total number of unique words is 2005
    32.7 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 13
    Total number of words is 3854
    Total number of unique words is 2035
    32.8 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    52.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 14
    Total number of words is 3873
    Total number of unique words is 1953
    31.7 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • Bidzia Tomas Kokhi - 15
    Total number of words is 2708
    Total number of unique words is 1580
    34.9 of words are in the 2000 most common words
    49.4 of words are in the 5000 most common words
    58.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.