Latin

პორტნოის სინდრომი - 15

Total number of words is 3658
Total number of unique words is 2229
26.5 of words are in the 2000 most common words
37.3 of words are in the 5000 most common words
44.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
და მაინც, ამ ყველაფრის მიუხედავად, ეს ხალხი საშინელ სერიოზულობას ინარჩუნებს. მეშვიდე ინინგის მერე უნდა ნახოთ, როცა ფსონად დადებული დოლარი მოგებულის ხელში გადადის. ახლა არ მითხრათ, რომ იმ დოლარს არ მისტირიან! დამარცხება და გამარჯვება
254
სახუმარო საქმე არ არის... და მაინც, არის! აი, ეს მხიბლავს ყველაზე
მეტად. შეჯიბრში გააფთრებულები იბრძვიან, მაგრამ მასხრობას და
მაიმუნობას მაინც არ ეშვებიან. შოუს აწყობენ! რა კარგია, რომ ებრაელ კაცად გავიზრდები! სიცოცხლის ბოლომდე უიქვეიკის კვარტალში ვიცხოვრებ,კვირაობით, ცხრიდან პირველ საათამდე, ჩენსელორ ავენიუზე სოფტბოლს ვითამაშებ – კლოუნი და ჟინიანი მეტოქე, მოლაყბე ბრძენი და სახიფათო ჩამწოდებელი!
სად მახსენდება ეს ამბები? როდის? მაშინ, როცა კაპიტან მეიერსონის თვითმფრინავი ბოლო წრეს კრავს თელ-ავივის აეროპორტის
თავზე. სახე ფანჯარაზე მაქვს მიდებული. „ჰო, – ვფიქრობ ჩემთვის,
– შემიძლია, გავქრე, სახელი შევიცვალო და ჩემზე ვერავინ ვეღარაფერს გაიგებს. . . “ მერე მეიერსონი იმ მხრიდან იწყებს დაშვებას, სადაც მე ვზივარ და ცხოვრებაში პირველად დავყურებ აზიის კონტინენტს, ორი ათასი ფუტის სიმაღლიდან დავცქერი ისრაელის მიწას,
სადაც ებრაელი ხალხი იშვა, თან ნიუარკში კვირაობით გამართული
სოფტბოლის მატჩების მოგონებები მაფორიაქებს.
გვერდით ხნიერი ცოლ-ქმარი მიზის (ცოლ-ქმარი სოლომონები –
ედნა და ფელიქსი), რომლებმაც ფრენის დაწყებიდან ერთ საათში
მოასწრეს და ცინცინატელი შვილებისა და შვილიშვილების შესახებ
ყველაფერი მიამბეს (რასაკვირველია, იმ თვალსაჩინოებების მოშველიებით, რომლებითაც საფულეები აქვთ გაძეძგილი). ახლა ერთმანეთს იდაყვს კრავენ და თავს კმაყოფილებით იქნევენ; დროდადრო
გასავლელის იქით მსხდომ მგზავრებსაც დაკრავენ ხოლმე ხელს –
ახლად გაცნობილ წყვილს მაუნტ ვერნონიდან (სილვია და ბერნი
პერლებს). ამ ორსაც გული სიამაყით ევსება მაღალი, მომხიბვლელი,
ახალგაზრდა იურისტის ყურებისას (უცოლოა! ვის ქალიშვილს გავურიგოთ?), რომელიც მაშინვე ქვითინს იწყებს, როგორც კი თვითმფრინავი ებრაულ დასაფრენ ბილიკს ეხება. თუმცა ამ ცრემლების
მიზეზი ის კი არაა, რაც სოლომონებსა და პერლებს ჰგონიათ – წინაპართა მიწის ხილვა, დევნილობიდან დაბრუნება. არა, მიზეზი ცხრა
255
წლის ბიჭუნას ხმაა, რომელიც მოულოდნელად ყურში ჩამესმის –
ცხრა წლის რომ ვიყავი, იმდროინდელი ხმა. ცხრა წლის ალექსი! რა
თქმა უნდა, დიდი უხასიათო ვინმე ვარ, სიფათის კერვა, ენის შებრუნება და ბუზღუნი მიყვარს, მაგრამ მუდმივი უკმაყოფილება (ცხრა
წლისაა და თავი უკვე ისე უჭირავს, თითქოს მთელ სამყაროს ამის
ვალი ჰქონდეს, – ამბობს ხოლმე დედაჩემი) მოულოდნელად მეცვლება სიცილ-ხარხარისა და მაიმუნობის განწყობით – ესეც ნუ დაგავიწყდებათ! ხალისიანიც ვარ! რომანტიკულიც! ნიჭიერი იმიტატორიც! ცხრა წლის ვარ და ცხოვრება მიყვარს! თან როგორი უბრალო,
„უბნური“ ოცნებები მაქვს! „მოედანზე წავედი! “ – ვუყვირი დედაჩემს სამზარეულოში. კბილებს შორის ვარდისფერი ორაგულის ბოჭკოები ჯერ კიდევ საწმენდი ძაფივით მაქვს გაჩრილი. „მოედანზე
მივდივარ, დე! – ვუყვირი და ჩემს პატარა, თევზისსუნიან მუშტს ბეისბოლის ხელთათმანში ვტენი, – პირველი საათისთვის დავბრუნდები. . . “ „ერთი წამით! რომელ საათზე? სად? “ „მოედანზე! – ვღრიალებ, რომ კარგად გაიგოს, ისე ხმამაღლა ვუყვირი, თითქოს გაბრაზებული ვიყო, ოღონდ განსხვავება ის არის, რომ ამ გაბრაზებას ჩვეულებრივი გაგრძელება არ ექნება, – კაცების საყურებლად! “
აი, სწორედ ეს ფრაზა მიღებს ბოლოს, როცა თვითმფრინავის
ბორბლები აღთქმულ მიწას ეხება – „კაცების საყურებლად! “
იმიტომ, რომ მიყვარს ეს კაცები! მინდა, მეც მათნაირი გავიზარდო, ერთ-ერთი მათგანი ვიყო! კვირაობით სასადილოდ შინ პირველ
საათზე ვბრუნდებოდე, სოფტბოლის ოცდაერთი ინინგის ოფლით
გაჟღენთილი წინდები, ტრუსი და მაისური მეცვას, კეტის რტყმისაგან დაჭიმულ კუნთებში კი მსუბუქ თრთოლას ვგრძნობდე. ჰო, თმა
ჯერ კიდევ ყალყზე მიდგას, კბილებში ქვიშა მიღრჭიალებს, ფეხები
დაბეჟილი მაქვს და სიცილისგან მუცელი მტკივა, ერთი სიტყვით,
თავს დიდებულად ვგრძნობ – ჯან-ღონითა და მხნეობით სავსე ებრაელ მამაკაცად. ქანცი გვარიანად გამძვრა და შინ ძალის მოსაკრებად დავბრუნდი... შინ? ვისთან? ვისთან და ჩემს ცოლ-შვილთან,
256
ჩემს ოჯახთან – აქ, უიქვეიკის კვარტალში! წვერს ვიპარსავ, შხაპს
ვიღებ – წყალი ნაკადებად გადამდის თავზე და მტვერს და ჭუჭყს
მაცილებს. უჰ, რა კარგია! იფ-იფ, რა სიამოვნებაა ცხელი წყლის
ქვეშ დგომა, რომელმაც, ლამისაა, დამფუფქოს. ტკივილი სიამოვნებაში გადამყავს – არის ამ შეგრძნებაში რაღაც ძალიან მამაკაცური.
მერე ფართოტოტებიან შარვალს და ახლად გარეცხილ „გაუჩოს“
სტილის პერანგს ვიცვამ – პერფეცტო! საკუთარი ბიცეფსებით აღფრთოვანებული ფეხსაცმელს ჩვარს ვუსვამ და ვაპრიალებ, ჩემი
შვილები კი ამასობაში სასტუმრო ოთახის ხალიჩაზე გორაობენ და
ხითხითებენ, საკვირაო გაზეთებს აშრიალებენ (რომლებსაც ზუსტად
ჩემნაირი ფერის თვალებით კითხულობენ). ჩემი ცოლი, მისის პორტნოი, ამ დროს სასადილო ოთახში სუფრას აწყობს – დღეს, ისევე,
როგორც ნებისმიერ კვირა დღეს, სტუმრად დედაჩემი და მამაჩემი
გვეყოლებიან, უკვე წუთი-წუთზე ველოდებით. მომავალიც ამას
ჰქვია! მარტივი, კმაყოფილების მომგვრელი მომავალი! დილაობით
მომქანცველი და გამამხნევებელი სოფტბოლი, რომელიც ძალ-ღონის დახარჯვას ითხოვს, დღისით ოჯახური ცხოვრების მსუყე ჩახოხბილი, საღამოობით კი მთელი სამი საათის გატარება მსოფლიოში
საუკეთესო რადიო-შოუების სმენაში: ჰო, როგორც ბავშვობაში ვუსმენდი მამაჩემთან ერთად, თუ როგორ მოგზაურობდა ჯეკ ბენი თავის სარდაფში, როგორ ესაუბრებოდა ფრედ ალენი მისის ნასბაუმს,
ფილ ჰარისი – ფრენკ რემლის, ასეთივე ნეტარებით მოუსმენენ ამ გადაცემებს ჩემთან ერთად ჩემი შვილები, მათთან ერთად – მათი შვილები და ასე, მეასე თაობამდე. მერე, კენი ბეიკერის გადაცემა რომ
დამთავრდება, წინა და უკანა კარებს ჩავკეტავ, შუქს ყველა ოთახში
ჩავაქრობ, შევამოწმებ – არა, როგორც მამაჩემმა იცოდა, ორჯერ შევამოწმებ – გაზის გადასაკეტ ვენტილს, რომ მთელი ოჯახი ძილში
არ გავიპაროთ. ჩემს ძილმორეულ შვილებს: ლამაზ გოგონას და
ჭკვიან ბიჭუნასკოცნით ვუსურვებ მშვიდობის ღამეს, მერე კი მისის
257
პორტნოის, ამ ნაზი და კეთილი ქალის (რომელიც ჩემს ტკბილ, თუმცა კი უფერულ ფანტაზიებში ყოველთვის უსახოა) მკლავებში ნეტარების მწვერვალზე ავალ. დილით ნიუარკის ცენტრის გზას დავადგები და საოლქო სასამართლოში მივალ, სადაც უპოვართა და დაჩაგრულთათვის სამართლის ძიებაში გადის ჩემი დღეები.
ერთ დღეს ყველა მერვეკლასელი სკოლიდან სასამართლოს შენობის დასათვალიერებლად მივყავართ. იმ საღამოს ჩემს ოთახში
ახალი სასკოლო ალბომის შევსებას ვიწყებ. გრაფაში „შენი საყვარელი ლოზუნგი“ ვწერ: „დაცემულს არ სცემენ! “ „შენი საყვარელი პროფესია“ „იურისტი“. „შენი საყვარელი გმირი“ „ტომ პეინი და აბრაამ
ლინკოლნი“. ლინკოლნი სასამართლოს შენობის წინ ზის (გუტსონ
ბორგლუმის მიერ ბრინჯაოში ჩამოსხმული) – მამობრივი ზრუნვით
აღბეჭდილი, ტრაგიკული გამომეტყველებით: შეხედავ და მაშინვე
მიხვდები, რამდენი საფიქრალი და საზრუნავი აქვს. ვაშინგტონი კი,
ავტორიტარის იერით, თავისი ცხენის გვერდით დგას და ბროუდ
სტრიტს გადმოჰყურებს – ეს ჯ. მესეი რინდის ნამუშევარია (ამ უსახელო და თან სახელოვანი მოქანდაკის გვარი ბლოკნოტებში საგანგებოდ ჩაგვაწერინეს). ხატვის მასწავლებელმა გვითხრა, ეს ორი
ქანდაკება ქალაქის სიამაყეაო. მერე წყვილ-წყვილად დაწყობილები
ნიუარკის მუზეუმში ნახატების სანახავად მივემართებით. ვაშინგტონი, უნდა გამოვტყდე, საერთოდ არ მაღელვებს. შეიძლება, ცხენია ამის მიზეზი, ანუ ის, რომ ვაშინგტონი ცხენს ეყრდნობა. მოკლედ,
მისი გოიობა აშკარად ჩანს. აი, ლინკოლნი კი! ლინკოლნზე შემიძლია ვიტირო. შეხედეთ, როგორი ზის, როგორი მოქანცული! რამდენი იღვაწა ჩაგრულთათვის! მეც ამდენს ვიშრომებ მათთვის!
საყვარელი ებრაელი ბიჭუნა ვარ, არა? აბა რა, ყველაზე საყვარელი ებრაელი ბიჭუნა დედამიწის ზურგზე! ნახეთ, რა მშვენიერი
ფანტაზიები მაქვს! კაცობრიობის მხსნელის ფანტაზიები! მშობლების მადლიერი, ტომისა და მოდგმის ერთგული და სამართლის აღსრულებისათვის თავდადებული!
258
და რა? მეშლებოდა რამე? დაუღალავი შრომა იდეალების აღსრულებისათვის; ცხოვრება ფანატიზმისა და ძალადობის გარეშე;
მხიარულად ცხოვრება ჩემნაირი აზროვნების მქონე ადამიანების
გვერდით, მიმტევებლობითა და სიყვარულით სავსე ოჯახურ ატმოსფეროში. განა ცუდია, თუ ასეთი რამეების გწამს? რა დაემართა იმ
საღ აზრს, რომელიც ცხრა, ათი, თერთმეტი წლისას მქონდა? როგორ მოხდა, რომ საკუთარ თავს მტრად და ჯალათად ვექეცი? და
ასეთი მარტოსული გავხდი! ასეთი მარტოსული! საკუთარ თავში
ჩაკეტილი! და საკუთარი თავის გარდა არც არაფერზე ვფიქრობ!
ჰო, ჩემს თავს უნდა ვკითხო (სწორედ ახლა, როცა თვითმფრინავი –
ამწუთას ასე მგონია – ჩემი ტანჯვის წყაროს უფრო და უფრო მაშორებს), რა დაემართა ჩემი ცხოვრების საზრისს, ჩემს ღირსეულ, კეთილშობილურ მიზნებს? სახლი? არ მაქვს. ოჯახი? არც ოჯახი! არადა, ერთიცა და მეორეც თითების გატკაცუნებით შეიძლებოდა მქონოდა... მერე რატომ არ გავატკაცუნე, ჩემს ცხოვრებას რატომ არ
მივხედე? იმის მაგიერ, რომ შვილებს საბანს ვუსწორებდე და სარეცელს ერთგულ მეუღლესთან ვიყოფდე (რომელსაც თვითონაც ვუერთგულებდი), ზედიზედ ორ საღამოს ფერხორციანი იტალიელი ბოზი და უწიგნური, ნერვებაწეწილი ამერიკელი მოდელი ერთად ჩავიწვინე საწოლში! თანაც ეს ამბავი სულაც არ ემთხვევა გართობაზე
ჩემს წარმოდგენას! აბა, რა ემთხვევა? რა და უკვე გითხარით! როცა
ამას გეუბნებოდით, გულწრფელი ვიყავი: შინ ყოფნა და შვილებთან
ერთად ჯეკ ბენის გადაცემის მოსმენა! გონიერი, მოსიყვარულე,
ჯანსაღი ბავშვების აღზრდა! კარგი ქალის მეუღლეობა და მფარველობა! ღირსების გრძნობით ცხოვრება! სიჯანსაღე! სიყვარული!
ყოველდღიური გარჯა! გონიერება! ურთიერთნდობა! თავაზიანობა! შემართება! თანაგრძნობა! რა ჯანდაბად გადავაკვდი ამ აწყვეტილ სექსს? როგორ დავემონე ისეთ მარტივ, ისეთ ბრიყვულ რამეს,
როგორიც ქალის საშოა? რა სეირი იქნება, ბოლოს ვენერიული დაავადება რომ აღმომაჩნდეს! ჩემს ასაკში! დარწმუნებული ვარ: იმ
259
ლინასგან ნამდვილად რაღაც ავიკიდე! დროის ამბავია, დიდხანს
ლოდინი არ დამჭირდება: ცოტაც და შანკრი აღმომაჩნდება! მაგრამ
მე ლოდინს ვერ დავიწყებ, არ შემიძლია: ჩავალ თუ არა თელ-ავივში,
მაშინვე ექიმთან მივალ, შანკრის ან სიბრმავის პირველი ნიშნების
გამოაშკარავებამდე!
ოღონდ იმ გოგოს გვამს რაღა ვუყოთ, სასტუმროსთან რომ გდია?
დარწმუნებული ვარ, ამ წუთისთვის თავისი მუქარა უკვე აღსრულებული ექნება. ნამდვილად გადახტებოდა იმ აივნიდან ტრუსის ამარა.
ან, მსოფლიოში ყველაზე ციცქნა ბიკინის ამარა, ზღვაში შევიდოდა
და თავს დაიხრჩობდა. არა, საწამლავს დალევდა მთვარის შუქით განათებულ აკროპოლისთან – „ბალენსიაგას“ საღამოს კაბაში გამოწყობილი! თავცარიელი, ექსჰიბიციონისტი, თვითმკვლელობის იდეით შეპყრობილი ბოზანდარა! ნუ გეშინია, ისე მოახერხებდა, რომ სანახაობა ფოტოგენური ყოფილიყო – ქალის საცვლების რეკლამას
დაამსგავსებდა! როგორც ყოველთვის, „სანდი მეგეზინის“ შესაბამის
რუბრიკაში იქნება, ოღონდ ამჯერად – მკვდარი! უნდა დავბრუნდე,
სანამ ეს უაზრო თვითმკვლელობა სამუდამოდ დამწოლია სინდისზე! ჰარპოსთვის უნდა დამერეკა! ეს აზრადაც არ მომივიდა – უბრალოდ, ავდექი და გამოვიქეცი. უნდა მეიძულებინა, რომ თავისი ექიმისთვის დაერეკა. დაელაპარაკებოდა კი ექიმი? რაღაც ეჭვი მეპარება! ეგ ენაგადაყლაპული ნაბიჭვარი ვალდებულია, პაციენტს მანამდე დაელაპარაკოს, სანამ ის გამოუსწორებელ რამეს ჩაიდენს:
შურს იძიებს! მოდელმა ამფითეატრში ყელი გამოიჭრა. სპექტაკლი
„მედეა“ თვითმკვლელობის გამო ჩაიშალა... მერე მის უკანასკნელ
წერილს იპოვიან და გამოაქვეყნებენ – ალბათ ბოთლში ჩადებულს
და საშოში შენახულს. „ჩემს სიკვდილში დამნაშავე ალექსანდერ
პორტნოია. მან მაიძულა, ბოზთან დავწოლილიყავი და მერე პატიოსან ქალად აღარ მაქცია. მერი ჯეინ რიდი“. მადლობა ღმერთს, ამ
სულელის მართლწერის გადამკიდე, კაციშვილი ვერაფერს გაიგებს!
ბერძნებისთვის ხომ სულ ჩინური იქნება! ამის დიდი იმედი მაქვს.
260
აჰა, გავრბივარ! თვითმფრინავით მივიპარები – ოღონდ ვისგან
და რისგან? ადამიანისგან, რომელსაც უნდოდა, წმინდანად ვექციე!
არ ვარ წმინდანი! არც არასდროს მნდომებია, რომ ვყოფილიყავი –
თავშიც არასდროს გამივლია! არა და არა! სასაცილო იქნება, რომ
ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდე! ამის გაგონებაც არ მინდა!
თუ თავს მოიკლავს... თუმცა, არა, ამას არ გააკეთებს. თვითმკვლელობაზე ბევრად საშინელ რამეს ჩაიდენს: მერს დაურეკავს! აი, ამიტომ გავრბივარ! არა, არ დაურეკავს. როგორ არა, დაურეკავს. ნამდვილად დაურეკავს! ალბათ უკვე დაურეკა კიდეც. გახსოვთ? ნიღაბს ჩამოგხსნი, ალექს! ჯონ ლინდსეის დავურეკავ! ჯიმი ბრესლინს დავურეკავ! ისეთი გარეკილია, რომ ამას მართლა გააკეთებს!
ბრესლინი, ის პოლიციელი! საპოლიციო განყოფილების გენიოსი!
ოჰ, ღმერთო, მაშინ სჯობს, მოკვდეს! მიდი, გადახტი, შე წერა-კითხვის უცოდინარო, დესტრუქციულო ბოზანდარავ – ჩემს გადახტომას
ისევ შენი გადახტომა სჯობს! ეგღა მაკლია, აქეთ-იქით რეკვა დაიწყო: ცხადად ვხედავ, როგორ გამოდის ქუჩაში მამაჩემი სადილობის
შემდეგ, იქვე, კუთხეში „ნიუარკ ნიუზს“ შლის და, აჰა, აღსრულდა,
მისი ძვირფასი შვილის ფოტოს ქვეშ უზარმაზარი ასოებით, მსხვილი
შრიფტით წერია: სკანდალი! ან საღამოს შვიდ საათზე ტელევიზორს
საინფორმაციო გადაცემის მოსასმენად რთავს, ზუსტად ამ დროს კი
ჩბშ-ის კორესპოდენტი ათენში საავადმყოფოს საწოლთან დგას და
მანქისგან ინტერვიუს იღებს. „პორტნოი, დიახ, სწორია: დიდი პ, მერე ო, მერე, მგონი, რ... ოჰ, დანარჩენი აღარ მახსოვს, მაგრამ ჩემს
სველ საშოს გეფიცებით, მისტერ რად, მაიძულა, ბოზთან დავწოლილიყავი! “ არა, არა, არ ვაჭარბებ: გაიხსენეთ რა პიროვნებაა, უფრო
სწორად, როგორი უპიროვნოა. ლას ვეგასი გახსოვთ? ხომ გახსოვთ,
რა თავზეხელაღებული ვინმეა? მაშინ მიხვდებით, რომ ეს მხოლოდ
ჩემი სინდისის ქენჯნა არ არის. არა, შურისძიების რამდენი ხერხიც
არ უნდა მოვიგონო, ეგეც მაგდენივეს მოიგონებს! დამიჯერეთ, მერი
261
ჯეინ რიდი ჯერ კიდევ იტყვის თავის სიტყვას. თურმე უნდა გადამერჩინა და არ გადავარჩინე. პირიქით, ვაიძულებდი, ბოზებთან დაწოლილიყო! ჰოდა, ნუ გგონიათ, რომ მერი ჯეინ რიდმა ბოლო სიტყვა უკვე თქვა!
ქვემოთ კი, ჩემი გულის გასახეთქად, დიდი სილურჯეა გადაშლილი: ეგეოსის ზღვა. კვახუნას, პოეზიით გატაცებული ჩემი ამერიკელი გოგოს ოცნება! სოფოკლე! ღმერთო, რამდენი ხნის წინ იყო ეს
ყველაფერი! ოჰ, კვახუნა, გეხვეწები, კიდევ ერთხელ გამიმეორე:
„რატომ უნდა მომინდეს სარწმუნოების შეცვლა? “ აი, ადამიანი, რომელმაც ნამდვილად იცოდა, ვინ იყო და რა უნდოდა! და ისეთი საღი
ფსიქიკა ჰქონდა, რომ ჩემში მხსნელს და გადამრჩენელს არ ეძებდა!
არც ჩემს დიად სარწმუნოებაზე მოქცევა სჭირდებოდა! რამდენი
ლექსი წამიკითხა ენტიოქ-კოლეჯში, როგორ განმანათლა ლიტერატურაში, სრულიად ახალი პერსპექტივა გადამიშალა, ხელოვნების
აღქმა მასწავლა... ოჰ, რატომ გავუშვი ხელიდან, რატომ? თვითონაც
ვერ დამიჯერებია… ნუთუ იმიტომ, რომ ებრაელობა არ ისურვა?
„სევდის უსასრულო ბგერა. . . “, „ადამიანთა ჭირ-ვარამის მღვრიე მორევი. . . “
ეს არის ადამიანთა ჭირ-ვარამი? რატომღაც ვთვლიდი, რომ ეს
უფრო ამაღლებული განცდა უნდა ყოფილიყო! ტანჯვის ღირსეულად ატანა – ალბათ ლინკოლნისებურად! ტრაგედია და არა ფარსი!
უფრო სოფოკლეს ტრაგედიების მსგავსი. დიდი განმათავისუფლებელიდა ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ეს
დიდი გათავისუფლება ბოლოს რის, რის და ჩემი დამონებული ასოს
გათავისუფლებამდე დავიდოდა. თავისუფლება ჩემს სირს! აი, ეს
არის პორტნოის სლოგანი. ჩემი ცხოვრების ისტორია ამ სამი ჰეროიკულ-ვულგარული სიტყვით გადმოიცემა. პაროდიაა და მეტი არაფერი! მთელი ჩემი პოლიტიკა ჩემს ასომდე დაიყვანება! მნძრეველებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით! აღარაფერი გაქვთ დასაკარგი,
გარდა ჭკუისა! ღმერთო, რა გარეკილი ვარ! არავინ და არაფერი არ
262
მიყვარს! არც მე მიყვარს და არც მე ვუყვარვარ ვინმეს! და სადაცაა,
ჯონ ლინდსის პროფიუმოგავხდები!
ასე მეჩვენებოდა ყველაფერი ათენიდან ერთი საათის წინ გამოქცეულს.
თელ-ავივი, იაფა, იერუსალიმი, ბერ-შევა, მკვდარი ზღვა, სედომი, ენ-გედი, მერე ჩრდილოეთით: კესარია, ჰაიფა, აკო, ტიბერია, საფედი, ზემო გალილეა... უფრო სიზმარს ჰგავდა ეს ყველაფერი, ვიდრე ცხადს. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ მძაფრ შეგრძნებებს ვეძებდი. ჩემი თანამგზავრის წყალობით, საბერძნეთსა და რომში უამრავი დაუჯერებელი რამე გამოვცადე. გაქცევის იმ იმპულსისთვის, რომელმაც „ელ ალის“ ბორტზე ამომაყოფინა თავი და თავგზააბნეული
ლტოლვილიდან კიდევ ერთხელ მაქცია კაცად, რაღაც აზრის მიცემა
მინდოდა – ნებისყოფის მოკრებით, საკუთარი განზრახვების გაცნობიერებით. ის უნდა მეკეთებინა, რაც მინდოდა და არა ის, რაც ვალდებული ვიყავი, რომ მეკეთებინა. ჰოდა, ამ ქვეყანაში მოგზაურობა
ისე დავიწყე, თითქოს ეს გზა წინასწარ დამეგეგმოს: გააზრებულად,
სურვილის კარნახით, ბანალური, მაგრამ მოსაწონი მიზეზების გამო.
დიახ, შემეძლო(რაკი, რატომღაც, უკვე აქ ვიყავი) ჩემი მოგზაურობისთვის საგანმანათლებლო დანიშნულება მიმენიჭებინა. შემეძლო
თვითგანვითარებას შევდგომოდი, რაც, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილად მაქვს ბუნებაში. თუ მქონდა? მქონდა, არა? წიგნებს დღემდე
ფანქრით შეიარაღებული ხომ ამიტომ ვკითხულობ? ვსწავლობ,
არა? ვსწავლობ, რომ უკეთესი გავხდე (ვისზე უკეთესი?)... ასეა თუ
ისე, საწოლზე წამოწოლილი რუკებს ვათვალიერებდი, ისტორიულ
და არქეოლოგიურ წიგნებს ვყიდულობდი და ჭამის დროს ვკითხულობდი, გიდებს ვიყვანდი, მანქანებს ვქირაობდი – იმ პაპანაქებაში
ძიების სურვილი არ მასვენებდა და რისი ნახვაც შემეძლო, სულო და
გულო, ყველაფერი ვნახე: სამარხები, სინაგოგები, ციხე-სიმაგრეები,
მეჩეთები, უძველესი სალოცავები, ნავმისადგომები თუ ნანგრევები
263
– ძველიც და ახალიც. დავათვალიერე კარმელის მღვიმეები, შაგა-
ლის ვიტრაჟები (ასამდე ქალბატონთან ერთად დეტროიტის ქალთა
სიონისტური ორგანიზაციიდან), ებრაული უნივერსიტეტი, ბეითშეანის გათხრები. მოვიარე მწვანეში ჩაფლული კიბუცები, გადამწვარი უდაბნოები და მთის ძნელად მისადგომი სასაზღვრო პუნქტები. მასადის მთაზე ასასვლელ ბილიკებსაც კი ავუყევი, სანამ მზე არტილერიული ცეცხლით დაუზოგავად მცხრილავდა. ყველაფერი,
რაც ვნახე, გასაგები და იოლად გასათავისებელი მეჩვენა. ეს იყო ისტორია. ეს იყო ბუნება. ეს იყო ხელოვნება. ნეგევის უდაბნოც კი, ეს
ჰალუცინაცია, ქვეყნიერების კიდედ აღვიქვი. რაც ყველაზე დაუჯერებელ და უცნაურ ამბად მეჩვენა – არც მკვდარ ზღვას გავუოცებივარ ასე და არც იდუმალ სინას უდაბნოს, სადაც ერთი საათის განმავლობაში დავეხეტებოდი მცხუნვარე მზის ქვეშ, თეთრ კლდეებს
შორის, იქ, სადაც (ეს ტურისტულ ცნობარში ამოვკითხე) ებრაელთა
ტომს ასე დიდხანს უხეტიალია (სამახსოვროდ ქვა ავიღე, რომელიც
ამწუთასაც ჯიბეში მიდევს; როგორც გიდმა მითხრა, სწორედ ასეთი
ქვა გამოუყენებია ციფორას მოსეს ვაჟის წინადასაცვეთად)... რამაც
სრულიად გამაოგნა, მარტივი, მაგრამ ყოვლად დაუჯერებელი ფაქტი იყო: მე ებრაელების ქვეყანაში ვიყავი. ამ ქვეყანაში ყველა ებრაელი იყო.
ჩემი სიზმარი თვითმფრინავიდან ჩამოსვლისთანავე იწყება.
ვდგავარ აეროპორტში, რომელშიც აქამდე არასდროს ვყოფილვარ
და თითოეული ადამიანი, რომელსაც ვხედავ – მგზავრები, ბორტგამცილებლები, ბილეთების გამყიდველები, მებარგულები, მფრინავები, ტაქსის მძღოლები – ებრაელია. ძალიან განსხვავდება ეს სიზმარი
იმათგან, თქვენი პაციენტები რომ გიყვებიან? ძალიან განსხვავდება
იმისგან, რაც ნორმალურ ადამიანს შეიძლება დაესიზმროს? მაგრამ
სად გაგონილა, ასეთი რამ ცხადში ხდებოდეს? კედლებზეც კი სულ
ებრაული წარწერებია – ებრაული გრაფიტი! დროშა ებრაულია.
264
ხალხს ისეთი სახეები აქვს, როგორიც ჩენსელორ ავენიუზე. ჩემი მეზობლების, ბიძების, მასწავლებლების, მშობლების და ბავშვობის მეგობრების სახეები! სახეები, რომლებიც ჩემს სახეს ჩამოჰგავს!
ოღონდ ამათ თეთრი კედლის, მწველი მზის და ეკლიანი ტროპიკული
მცენარეულობის ფონზე ვხედავ. არა, ეს მაიამი ბიჩი არ არის! ესენი
აღმოსავლეთ ევროპული სახეებია, ოღონდ აფრიკიდან ხელის გაწვდენაზე! ეს მოკლეშარვლიანი კაცები იმ ებრაული საზაფხულო ბანაკების მწვრთნელებს ჰგვანან, სადაც სტუდენტურ არდადეგებზე
ვმუშაობდი ხოლმე, ოღონდ ახლა საზაფხულო ბანაკში არ ვარ. სახლში ჩამოვედი, სამშობლოში! ესენი ნიუარკელი მასწავლებლები კი
არ არიან, რომლებიც ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე ჰოპატკონგის
მთებში ორი თვით გაემგზავრნენ. ესენი (რა ვქნა, სხვა სიტყვა არ
მაგონდება) აბორიგენები გახლავთ! დავბრუნდი! აი, აქ დაიწყო
ყველაფერი! მე, უბრალოდ, დიდხანს მომიწია არდადეგებზე ყოფნამ
– ეგ არის და ეგ! ეჰეჰეჰე! აქ ჩვენ ვართ პილიგრიმებიც და მათი
ჩამომავლებიც! ტაქსი დიდ მოედანს კვეთს, სადაც გარშემო სულ
ღია კაფეებია – პარიზში ან რომში რომ გინახავთ, ისეთი. ოღონდ ეს
კაფეები ებრაელებითაა გადაჭედილი. მერე ტაქსი ავტობუსს უსწრებს. მის ფანჯრებში ვიხედები. იქაც სულ ებრაელები სხედან.
მძღოლიც ებრაელია. პოლიციელიც, რომელიც საგზაო მოძრაობას
არეგულირებს. სასტუმროში რეგისტრატორს ნომერს ვუკვეთავ.
თხელი ულვაში აქვს და ინგლისურად რონალდ კოლმანივით ლაპარაკობს. ოღონდ ესეც ებრაელია.
მერე დრამა მეტ სიმძაფრეს იძენს.
შუაღამეს გადასცდა. ამ საღამოს ზღვის სანაპიროს გასწვრივ
ვსეირნობდი მხიარულ, სიცოცხლით სავსე ებრაელებს შორის – ებრაელები ნაყინს ჭამდნენ, ებრაელები გაზიან წყალს სვამდნენ, ებრაელები მუსაიფობდნენ, იცინოდნენ, მკლავგაყრილები დასეირნობდნენ. მერე სასტუმროს გზას დავადექი და აღმოჩნდა, რომ ირგვლივ სულიერის ჭაჭანება არ იყო. ბულვარის ბოლოში, რომელიც
265
სასტუმრომდე მისასვლელად უნდა გამევლო, ხუთი ახალგაზრდა
დავინახე, რომლებიც სიგარეტს აბოლებდნენ და საუბრობდნენ. რა
თქმა უნდა, ხუთი ებრაელი ახალგაზრდა... აი, მათ ვუახლოვდები და
ჩემთვის ცხადი ხდება, რომ ჩემს მოახლოებას ელოდებიან. ერთ-ერთი ნაბიჯს წინ დგამს და ინგლისურად მომმართავს: „საათს ვერ მეტყვით? “ მაჯის საათზე ვიხედები და ვხვდები, რომ ესენი გავლის საშუალებას არ მომცემენ. ჩემზე თავდასხმა აქვთ ჩაფიქრებული!
ოღონდ განა ეს შესაძლებელია? ესენიც ებრაელები არიან, მეც ებრაელი ვარ და ვითომ რატომ უნდა დამიშავონ რამე, რა მიზეზით?
უნდა ვუთხრა ამათ, რომ შეცდომა მოსდით. დარწმუნებული ვარ,
სულაც არ უნდათ, ისე მომექცნენ, როგორც ანტისემიტების ბანდა
მომექცეოდა. „უკაცრავად“, – ვამბობ და მათ შორის გავლას ვცდილობ, თან მინდა, ფერდაკარგულ სახეზე, რაც შეიძლება, მკაცრი გამომეტყველება მედოს.ერთ-ერთი მომძახის: „საათი, მისტერ. . . ? “ მე
საპასუხოდ ნაბიჯს ვუჩქარებ და სასტუმროსკენ სწრაფად მივემართები. ვერ ვხვდები, რატომ უნდა ნდომებოდათ ჩემი შეშინება, ჩვენ
ხომ ყველანი ებრაელები ვართ!
ძნელად ასახსნელი ამბავია, ხომ მეთანხმებით?
ნომერში დაბრუნებისთანავე შარვალს და ტრუსს ვიხდი და მაგიდის ლამპის შუქქვეშ პენისის დათვალიერებას ვიწყებ. ორგანო დაუზიანებელი მხვდება, ინფექციის ნიშნებს ვერ ვამჩნევ, მაგრამ გულზე არა და არ მეშვება. ზოგ შემთხვევაში (ალბათ ეს ის შემთხვევებია, რომლებიც ყველაზე ძნელად იკურნება) შესაძლებელია, რომ ინფექციის ნიშნები გარეგნულად არც გეტყობოდეს. დაუძლურების
პროცესი – ფარულად და უხილავად – სხეულის შიგნით მიმდინარეობს, სანამ სნეულება განუკურნებელი არ გახდება. მერე პაციენტი
უკვე განწირულია.
დილით ქუჩის ხმაური მაღვიძებს. ჯერ შვიდი საათია, მაგრამ
ფანჯრიდან რომ ვიხედები, უკვე ხალხით გადაჭედილ პლაჟს ვხედავ. რა საოცარი სანახავია ეს სანაპირო ასე დილაადრიან – არადა,
266
შაბათი დღეა და ველოდი, რომ ქალაქში ღვთისმოსაობისა და კეთილგონიერების ატმოსფერო დამხვდებოდა. მე კი ისევ ებრაელების
დიდ ჯგუფს ვხედავ და, გუშინდელის არ იყოს, დღესაც ყველა მხიარულობს. ასოს დილის მკვეთრ სინათლეში ვითვალიერებ და, ისევ
გუშინდელის არ იყოს, ვაცნობიერებ, რომ სრულიად ჯანსაღად გამოიყურება.
ნომრიდან გავდივარ და ბედნიერ ებრაელებთან ერთად ზღვაში
სადგაფუნოდ სანაპიროსკენ მივემართები. საბანაოდ იქ ვჩერდები,
სადაც ყველაზე მეტი ხალხია. ებრაელებით სავსე ზღვაში ვდგაფუნობ! აცელქებული, გაონავრებული ებრაელები! ერთი ამ ებრაულ
ხელებს და ფეხებს შეხედეთ, ებრაულ წყალს რომ აქაფებენ! ებრაელი ბავშვების სიცილს უსმინეთ! როგორ იქცევიან, თითქოს ამათია
აქაურობა! .. და არის კიდეც! აი, მაშველიც გამოჩნდა – კიდევ ერთი
ებრაელი! მთელ პლაჟზე, ზემოთ თუ ქვემოთ, სადამდეც თვალი მიმიწვდება, სულ ებრაელები არიან. ამ მშვენიერ დილით ისე გამოლაგებულან, თითქოს ვიღაცას სიუხვის რქა გადმოეპირქვავებინოს.
პლაჟზე ვიშოტები, თვალებს ვხუჭავ. ზემოდან ძრავის გუგუნი მესმის: საშიში არაფერია, ეს ებრაული თვითმფრინავია. ჩემ ქვემოთ
თბილი ქვიშაა: ებრაული ქვიშა! მერე ებრაელი დამტარებლისგან
ებრაულ ნაყინს ვყიდულობ. „ერთ რამედ ღირს! – ვეუბნები საკუთარ თავს, – ებრაელების ქვეყანა! “ სათქმელად იოლია, გასაგებად
კი – არც ისე იოლი. ბოლომდე თავადაც ვერ გამირკვევია ყველაფერი. ალექსი საოცრებათა ქვეყანაში!
ნაშუადღევს მწვანეთვალება, ხორბლისფერკანიან ახალგაზრდა
ქალს ვუმეგობრდები – ისრაელის არმიის ლეიტენანტს. ღამით საპორტო ბარში მივყავარ. აქაური კლიენტურა, ძირითადად, პორტის
მტვირთავებისგან შედგებაო, – მეუბნება ლეიტენანტი. ებრაელი
მტვირთავებისგან-მეთქი? – ვეკითხები. კიო. ვიცინი და მეკითხება,
ამაში ასეთი სასაცილო რა არისო. აღფრთოვანებული ვარ მისი პატარა, გემრიელი სხეულით, რომელზეც განიერი ხაკისფერი ქამარი
267
აქვს მოჭერილი. მაგრამ რა სწორხაზოვანი, იუმორის გრძნობას მოკლებული და თავდაჯერებული არსებაა! ენაც რომ ვიცოდე, ეს ქალი
შეკვეთის უფლებას, ალბათ, მაინც არ მომცემდა.
– რომელი გირჩევნია, – მეკითხება, როცა თითო ბოთლ ებრაულ
ლუდს ბოლომდე ვცლით, – ტრაქტორები, ბულდოზერები თუ ტანკები?
ისევ მეცინება.
სასტუმროში ვპატიჟებ. ნომერში ვჭიდაობთ, ერთმანეთს ვკოცნით, ტანზე გახდას ვიწყებთ და უცებ ერექცია მეკარგება.
– ხედავ, – მეუბნება ლეიტენანტი, თითქოს საკუთარი ეჭვის საფუძვლიანობაში დარწმუნდაო, – ოდნავადაც კი არ მოგწონვარ.
– როგორ არ მომწონხარ, – ვპასუხობ, – ზღვაში დაგინახე თუ
არა, მაშინვე მომეწონე. აბა, რას ამბობ! ნახე, როგორი გლუვი კანი
გაქვს, პატარა სელაპივით...
მარცხით ნირწამხდარი და დაბნეული ენად ვიკრიფები:
– იცი რა, მგონი, ავად ვარ. ახლა ჩემგან წესიერი საქციელი არ
იქნება...
– ესეც ძალიან სასაცილო გგონია? – კბილებში სცრის, უნიფორმას გაღიზიანებული იცვამს და მიდის.
სიზმრები? ნეტავ სიზმრებს ვხედავდე! მაგრამ მე სიზმრები არ
მჭირდება, ექიმო, ამიტომაა, რომ იშვიათად ვხედავ – სიზმრებს
ცხოვრება მიცვლის. რასაც სხვა სიზმრად ხედავს, მე დღისით, მზისით მემართება ხოლმე! შეუსაბამობები და მელოდრამატული სიტუაციები – ეს არის პური ჩემი არსობისა! სიზმრების, ოცნებების დამთხვევები, სიმბოლოები, შემზარავად სასაცილო სიტუაციები, უცნაურად ავისმომასწავებელი ბანალობები, უბედური შემთხვევები
და დამცირებები, იღბლიანობისა და უიღბლობის ლოგიკური მონაცვლეობა, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რასაც სხვები თვალდახუჭულები განიცდიან, მე ამ ცხოვრებაში თვალღიამ უნდა ვნახო! იცნობთ
268
ჩემ გარდა ვინმეს, ვისაც საკუთარი დედა დანამოღერებული დამუქრებია? სხვა ვის გაუმართლა ისე, რომ კასტრაციის საფრთხე ასე
პირდაპირ, დედისაგან გამოეცადოს? თითქოს დედაჩემის ამბავი
საკმარისი არ იყოს, აბა, ვის ჰქონია გაჯიუტებული ცალი კვერცხი,
რომელიც ქვემოთ ჩამოსვლაზე უარს უცხადებდა? კვერცხი, რომელსაც ხვეწნა-მუდარა, დარწმუნება და ჭიდაობა სჭირდებოდა, რომ
თავის ადგილას დაბრუნებულიყო და სათესლე პარკში კაცურად ეცხოვრა? შიკსეების დევნაში ვინმეს ფეხი თუ მოუტეხავს? პირველ
ქალთან სექსის დროს, ჩემ გარდა, თვალში ვინმეს შეუსხამს? სხვა
ვინ მოახერხებდა ნიუ-იორკის ქუჩებში ცოცხალი მაიმუნის, ბანანისადმი ვნებითშეპყრობილი გოგოს პოვნას? თქვენი პაციენტები, ექიმო, ალბათ სიზმრებს ხედავენ – მე ყველაფერი ცხადში მემართება.
ჩემს ცხოვრებაში ფარული შინაარსები არ არსებობს. სიზმარი ცხადად მექცა! ისრაელის სახელმწიფოში არ ამიდგა, ექიმო! რა სიმბოლურია, ბუბი, არა? აბა, ვინ მაჯობებს ქვეცნობიერი ფსიქიკური
პროცესების გამომჟღავნებაში? აღქმულ მიწაზე ერექცია ვერ შევინარჩუნე! რაღა მაინცდამაინც მაშინ, როცა მჭირდებოდა, როცა მინდოდა, როცა შესადებად საკუთარ მომუჭულ ხელზე სასურველი
ობიექტი მყავდა! აღმოჩნდა, რომ ტაპიოკას პუდინგს ვერავისაც
ვერ შეუდებ! ამ გოგოს ხომ სწორედ ტაპიოკას პუდინგს ვთავაზობდი! სველ ბისკვიტს! რბილსა და ერთი ბეწოს... ამ დროს კი თავდაჯერებული პატარა ლეიტენანტი, რომელიც ამაყად წამომართულ
ისრაელურ ძუძუებს თვალწინ მიქნევდა, ტანკისტების მეთაურის შეტევას ელოდა!
მეორე შემთხვევაც იყო, რომელიც ამაზე უარესად დასრულდა.
ჩემი საბოლოო დაცემა და დამცირება – ნაომი, ებრაელი კვახუნა.
ჰეროიკული არსება, მამაცი, ჟღალთმიანი, დაჭორფლილი, იდეოლოგიით გაჟღენთილი გოგო! ლიბანის საზღვართან, ჰაიფას გზაზე
დავიმგზავრე. ერთ-ერთ კიბუცში მშობლების მოსანახულებლად ჩამოსულიყო. ოცდაერთი წლის და ექვსი ფუტი სიმაღლის გახლდათ –
269
ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ზრდა ჯერ არ დაესრულებინა. მისი მშობლები ფილადელფიელი სიონისტები იყვნენ, რომლებიც პალესტინაში მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩამოვიდნენ.
ჯარში მსახურობის ვადის გასვლის შემდეგ ნაომიმ გადაწყვიტა, რომ
იმ კიბუცში კი არ დაბრუნებულიყო, სადაც დაიბადა და გაიზარდა,
არამედ ახალგაზრდა ისრაელელების კომუნაში დასახლებულიყო.
ისინი სირიის საზღვრის სიახლოვეს, მთებში, მიტოვებული დასახლებების მიწას ვულკანური წარმოშობის შავი ლოდებისგან წმენდნენ. მძიმე სამუშაო იყო, საცხოვრებელ პირობებს პრიმიტიული
ეთქმოდა. გარდა ამისა, მათ ბანაკს მუდმივად ემუქრებოდა იმის
საფრთხე, რომ ხელყუმბარებით და ნაღმებით შეიარაღებული სირიელი ჯაშუშები ღამით საზღვარზე გადმოიპარებოდნენ. ნაომის ეს
ამბავი მოსწონდა. შესანიშნავი, ყოჩაღი გოგო! ებრაელი კვახუნა!
მოკლედ, მეორე შანსი მომეცა.
საინტერესო ამბავია. ეს გოგონა ჩემს დაკარგულ კვახუნას მახსენებდა, არადა, ფიზიკურად, რა თქმა უნდა, დედაჩემს ჰგავდა. ფერები, სიმაღლე და როგორც გაირკვა, ხასიათიც მისი ჰქონდა – საქმეების გარჩევა და დამნაშავის ძიება უყვარდა და მალე ჩემს პროფესიონალ კრიტიკოსად გადაიქცა. მისი მამაკაცი სრულყოფილების
განსახიერება უნდა ყოფილიყო. მე სრულიად დავბრმავდი: ვერ შევნიშნე, როგორი მსგავსება იყო ამ გოგოსა და დედაჩემის იმ ფოტოს
შორის, მის სასკოლო ალბომში რომ ვხედავდი ხოლმე.
ახლა მიხვდებით, რა ისტერიკა მჭირდა ისრაელში და როგორი
ტვინამღვრეული ვიყავი. მანქანაში რომ ჩამიჯდა, რამდენიმე წუთში
თავს უკვე სერიოზულად ვეკითხებოდი: რა იქნება, ცოლად რომ მოვიყვანო და აქ დავრჩე, მთაში დავსახლდე და ახალი ცხოვრება დავიწყო-მეთქი.
კაცობრიობის ბედ-იღბალზე სერიოზული საუბარიც იქვე, მანქანაში დავიწყეთ. მეტყველება სავსე ჰქონდა იმ მგზნებარე ლოზუნგე-
270
ბით და ფრაზებით, მოზარდობის ხანიდან რომ მახსოვდა. სამართლიანი საზოგადოება. სახალხო ბრძოლა. პიროვნების თავისუფლება. საზოგადოებრივად პროდუქტიული ცხოვრება. ვინ იცის, რამდენად ბუნებრივია ამის იდეალიზმი-მეთქი, – ვფიქრობდი. ჰო, ზუსტად
საჩემო გოგო იყო – სადა, უმანკო, გულკეთილი, ზაფტიგიდა გაურყვნელი. რა თქმა უნდა! ყელში ამოვიდა ეს ვარსკვლავები, მოდელები, ბოზები და ამათი ნებისმიერი კომბინაცია! აღარ მინდა სექსუალური ექსტრავაგანტურობა – აღარც ის მაზოხისტური ექსტრავაგანტურობა, რომელშიც ვცხოვრობ. არა, ახლა სიმარტივე მინდა, სიჯანსაღე მინდა, ეს გოგო მინდა!
ინგლისურად უნაკლოდ ლაპარაკობდა, ცოტა არ იყოს, ზედმეტად ლიტერატურული ენით და ერთგვარი ევროპული აქცენტითაც
კი. მასში ისეთი ამერიკელი გოგოს ნიშნებს ვეძებდი, როგორიც აუცილებლად იქნებოდა, მისი მშობლები ფილადელფიიდან რომ არ
გადმოსახლებულიყვნენ. ჩემი დაც კი შეიძლებოდა ყოფილიყო-მეთქი, – ვფიქრობდი. კიდევ ერთი მაღალი დაიკო მაღალი იდეალებით.
ისიც კი წარმოვიდგინე, როგორ გადმოსახლდებოდა ჰანა ისრაელში,
მხსნელად მორტი რომ არ გამოსჩენოდა. მე ვინღა მიხსნიდა? ჩემი
შიკსეები? არა, არა, ისინი ხომ მე უნდა მეხსნა და გადამერჩინა. ჩემი
ერთადერთი საშველი ეს ნაომი იყო! თმა, ბავშვივით, ორ გრძელ
ნაწნავად დაეწნა, რაც, რა თქმა უნდა, რაღაც ხრიკი იყო, რაღაც
ტრიუკი, რომ სოფი გინსკის სკოლისდროინდელი ფოტო არ გამხსენებოდა – იმ სოფის ფოტო, ვისაც ბიჭები „თავწითელას“ ეძახდნენ
და დიდი მუქი თვალებისა და კარგი თავის პატრონს დიდ მიღწევებს
უქადდნენ. საღამოს, მას მერე, რაც უძველესი არაბული ქალაქი აკო
დამათვალიერებინა (მე თვითონ ვთხოვე), ნაომიმ ნაწნავები თავზე
ორფად შემოირტყა. მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, ბებიაჩემივით-მეთქი. „როგორ არ ჰგავს იმ ჩემს მოდელს, სალონ „კენეტიზში“ საათობით რომ ზის, ნაირ-ნაირი პარიკებითა და შინიონებით რომ დადის.
271
როგორ შეიცვლება ჩემი ცხოვრება! სულ სხვა კაცად ვიქცევი ამ ქალის გვერდით! “
You have read 1 text from Georgian literature.
Next - პორტნოის სინდრომი - 16
  • Parts
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2217
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.0 of words are in the 5000 most common words
    45.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2131
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Total number of words is 3812
    Total number of unique words is 2198
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2076
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Total number of words is 3875
    Total number of unique words is 2105
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 2077
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2090
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2190
    26.8 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Total number of words is 3779
    Total number of unique words is 2242
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.5 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Total number of words is 3710
    Total number of unique words is 2228
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Total number of words is 3768
    Total number of unique words is 2095
    28.2 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    46.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Total number of words is 3758
    Total number of unique words is 2132
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Total number of words is 3750
    Total number of unique words is 2178
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Total number of words is 3628
    Total number of unique words is 2199
    25.8 of words are in the 2000 most common words
    37.9 of words are in the 5000 most common words
    44.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2229
    26.5 of words are in the 2000 most common words
    37.3 of words are in the 5000 most common words
    44.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Total number of words is 2820
    Total number of unique words is 1682
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.