Latin

პორტნოის სინდრომი - 05

Total number of words is 3875
Total number of unique words is 2105
29.2 of words are in the 2000 most common words
40.9 of words are in the 5000 most common words
47.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
რომ სიცხემ შემაწუხა! ჰო, ლუკმას პირიდან გამოიღებს და მე დამითმობს! მე კი ხუთი ზედმეტი წუთის გატარება არ მინდა მის საწოლთან.
– გაიქეცი, ჩემო ბიჭო, გაიქეცი! – მეუბნება დედაჩემი.
მისის პა-ტივ-სა-ცე-მი კი, რომელმაც სულ მცირე ხანში მოასწრო
და ჩემს თვალში მტრად (მთელი ჩემი ცხოვრების მტრად) გადაიქცა,
ენას არ აჩერებს.
– მალე დედა შინ დაბრუნდება და ყველაფერი ისევ ისე იქნება,
როგორც იყო... გაიქეცი, გაიქეცი, ახლანდელები მაინც სულ სადღაც
გარბიხართ... – მეუბნება კეთილი და გულისხმიერი ქალბატონი (უჰ,
ყველა კეთილსა და გულისხმიერს ერთად მივახრჩობდი). – წესიერად სიარული თქვენ არ იცით. გაიქეცი. ღმერთი იყოს ჩვენი შვილების მფარველი.
მეც გავრბივარ, მაგრამ რას გავრბივარ! ალბათ სულ ორი წუთი
გავატარე მის პალატაში – ჩემი ძვირფასი დროის ორი წუთი. არადა,
გუშინ არ იყო, რომ ექიმებმა კაბა აუწიეს (ასეთი სურათი მედგა
თვალწინ, სანამ დედაჩემმა დანა, ჰო, ისევ დანა არ გამახსენა), რაღაც საშინელი ნიჩაბი შეუყვეს და იმით გამოუღეს, რაც სხეულში
ულპებოდა. შიგნეული ამოგლიჯეს და ისე გამოაცალეს, როგორც
75
თვითონ აცლიდა ხოლმე მკვდარ ქათმებს. მერე კი ნაგვის ყუთში ჩაუძახეს. იმ ორგანოს ადგილას, რომელშიც ოდესღაც მე ჩავისახე და
ნაყოფად ყოფნისას ვიჯექი, ახლა არაფერი დარჩა. სიცარიელე! საწყალი დედა. როგორ არ შემრცხვა და გამოვექეცი, როცა წინა დღით
ასეთი საშინელება გადაიტანა. თან იმ ყველაფრის მერე, რაც დედაჩემს ჩემთვის გაუკეთებია – სხვა თუ არაფერი, სიცოცხლე, თვით სიცოცხლე მაჩუქა! ამნაირი გულქვაობა როგორ გამოვიჩინე? „ოდესმე
მიმატოვებ, ჩემო ბიჭუნა? მიატოვებ შენს დედიკოს? “ არასოდეს,
არასოდეს, არასოდეს-მეთქი, – ვპასუხობდი ბავშვობაში... ახლა კი,
ზუსტად მაშინ, როცა საავადმყოფოში გამოშიგნული წევს, დედაჩემისთვის თვალებში ვერ ჩამიხედავს! რამდენი ხანია, თვალებში ვერ
ვუყურებ, სულ გავურბივარ! ღია წითური თმა ბალიშზე გრძელ კულულებად აქვს დაფენილი, რომლებიც შეიძლებოდა, აღარასოდეს
მენახა. სახეზე ჭორფლი მკრთალ ვარსკვლავებად აყრია. როგორც
თვითონ ამბობს, ბავშვობაში მთელი სახე დაჭორფლილი ჰქონდა –
ხომ შეიძლებოდა, ეს ჭორფლიც აღარასოდეს მენახა. კიდევ რა, მისი
თვალები: მუქი თაფლისფერი, არა, დაბრაწულქერქიანი თაფლაკვერის ფერის თვალები, რომლებიც ისევ გახელილი აქვს და ისევ სიყვარულით შემომცქერიან! ჯანჯაფილის ლიმონათი... მწყუროდა,
წყურვილის მოსაკლავად გამომიწოდა და თავი ვერ ვაიძულე, მისი
ნაპირალი დამელია!
მოკლედ, საავადმყოფოდან გავრბივარ და ერთი სული მაქვს, როდის ამოვყოფ თავს მოედანზე, მერე კი ჩემს ადგილს დავიკავებ მოედნის ცენტრში. იმ გუნდში ვთამაშობ, რომლის წევრებსაც ცისფეროქროსფერი სრიალა ფორმები აცვიათ, ზურგის მთელ სიგანეზე კი
„შეაბეეშ, ა. ჩ. “ აწერიათ. ღმერთო მაღალო, მადლობა ამ „შეაბეეშ,
ა. ჩ. “-სთვის! გმადლობ, რომ ცენტრალური მოთამაშის პოზიცია მარგუნე! ექიმო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას ნიშნავს მოედნის შუაგულში დგომა, როგორი დიდებული შეგრძნებაა, როცა ამხელა სივრცეში სულ მარტო ხარ... გესმით საერთოდ ბეისბოლი? ამას იმიტომ
76
ვამბობ, რომცენტრალური ბაზა საგუშაგო კოშკივითაა, საიდანაც
ყველას და ყველაფერს ხედავ და როცა მოედანზე რაღაც ხდება,
სხვებისგან განსხვავებით, ამას იმავე წამს იგებ და არა მაშინ, როცა
ვიღაცა ბურთს კეტს შემოსცხებს და შენამდე დარტყმის ხმა მოაღწევს. როცა ბურთი დანარჩენებისკენ მიფრინავს და მის დაჭერას ვერავინ ახერხებს, შენ მაშინვე ყვირი: „ჩემია, ჩემი“ და დასაჭერად
გარბიხარ. თუ ცენტრალური მოთამაშე ხარ და თვალი გიჭრის, თუ
ბურთს დროულად ამჩნევ და თავქუდმოგლეჯილი გარბიხარ, ის
ბურთი მართლაც შენი იქნება. ღმერთო, როგორ არ ჰგავდა აქ, მოედნის ცენტრში დგომა ჩემს სახლში ყოფნას, სადაც „ჩემი, მხოლოდ
ჩემი“ არაფერი იყო და რამდენიც არ უნდა გეძახა, კერძოს და პირადს არავინ არაფერს გიტოვებდა.
სამწუხაროდ, სკოლის ბეისბოლის ნაკრებში ვერ მოვხვდი – მეტისმეტად დაძაბული და მონდომებული ვიყავი, ახალი მოთამაშეების შესარჩევ თამაშებში ბევრი ბურთი გავუშვი. ბოლოს ყველაფერი
იმით დამთავრდა, რომ მწვრთნელმა განზე გამიყვანა და დამცინავი
გამომეტყველებით მკითხა, შვილო, დარწმუნებული ხარ, რომ სათვალე არ გჭირდებაო? არადა, როგორ ფორმაში ვიყავი! როგორი
სტილი მქონდა! დაბალ ლიგაში, სადაც თამაში უფრო ნელა მიმდინარეობდა და ბურთიც უფრო დიდი იყო, ისეთი ვარსკვლავი გავხდი,
როგორიც მთელი სკოლის მასშტაბით მინდოდა, ვყოფილიყავი. რა
თქმა უნდა, მეტისმეტი მონდომების გამო ბურთს იქაც ვუშვებდი,
მაგრამ როცა დარტყმას არ ვაცდენდი, ბურთი ისე შორს მიფრინავდა, ექიმო, რომ ბევრჯერ ღობესაც გადასცდენია. ბეისბოლში ამას
„ჰოუმრანს“ ეძახიან. ვერ წარმოიდგენთ, რა სიამოვნებაა მეორე ბაზაზე მსუბუქად გადარბენა – ამას ვერაფერი შეედრება, ექიმო. აჩქარების მიზეზი აღარ გაქვს, იმიტომ რომ ბურთი, რომელსაც კეტი
იმწუთას გლიჯე, უკვე შორს მიფრინავს და თვალს ეფარება. ცენტრში თამაშისას რაც უფრო სწრაფად მოძრაობ, თავს მით უფრო
77
უკეთესად გრძნობ. „მე ვიღებ ბურთს! ჩემია! ჩემია! “ – ყვირი, მეორე ბაზისკენ თავაწყვეტილი გარბიხარ და ცდილობ, ბალახიდან
ერთი დუიმის სიმაღლეზე, ხელთათმანში მოიქციო ბურთი, რომელიც დაბლა-დაბლა მოფრინავდა და სადაც იყო, ბაზაში მოხვდებოდა... ან, პირიქით, უკან-უკან იხევ, ისევ „ჩემია-ჩემია“-ს გაჰყვირი და
თან მსუბუქად, ელეგანტურად, შენელებული მოძრაობებით უახლოვდები ღობის ბადეს. სადაცაა, ზურგს მიაბჯენ. მერე კი შენში
დამჭერის ინსტინქტი იღვიძებს და ამას დიმეჯიოსავით დამუღამებულად აკეთებ, თითქოს ზეციური ნიჭი გქონდეს მომადლებული –
ბურთს ზედ მხარს ზემოთ იჭერ. რა შეგრძნებაა: გარბიხარ, ტრიალდები! ხტები! პატარა ელ ჯონფრიდო ხარ – ამ ბეისბოლისტმა, ექიმო, ერთხელ მინდორზე წარმოუდგენელი რამე გააკეთა... ან მშვიდად დგახარ შენთვის, სრულიად უშფოთველად და აუღელვებლად
– მზის გულზე დგახარ (და მის სხივებში ისეთი შეგრძნება გიჩნდება,
რომ მარტო ხარ იმ მოედანზე, ან,უბრალოდ, შენი ქუჩის კუთხეში
დროს კლავ), ჰო, დგახარ ამ სინათლეში და ყველაფერი ფეხებზე
გკიდია, მეფეთმეფე ხარ, უფალი ღმერთი, თვით დიადი დიუკი (დიუკ
სნაიდერი, დაიხსომეთ ეს სახელი, ექიმო, ალბათ კიდევ ვახსენებ);
დგახარ ისეთი ლაღი და არხეინი, ისეთი ბედნიერი, როგორიც სხვა
დროს ვერა ხარ ხოლმე და ელოდები, როდის გაგისწორდება მაღლამაღლა წამოსული ბურთი და (ამ დროს რეი ბარბერი მიკროფონში
ამბობს: „მაღალი ბურთია“, „ზედ ალექსის თავზეა“, „ზედ მის თავზეა“) პირდაპირ ზემოთ აწეულ ხელთათმანში შეგიფრინდება. და
მართლაც, ჰოპაა, ბურთს მოხდენილად ვიჭერ („ალექსმა ბურთი დაიჭირა, ბავშვებო. . . “). მაშინვე ადგილს ვწყდები, ბურთი უხელთათმანო მარცხენა ხელის ხუთივე თითით მიჭირავს და როცა მეორე ბაზის გარბენით მოედნის ცენტრს ვაღწევ, მას მოწინააღმდეგეს ვაწვდი – ისე მსუბუქად და მოქნილად, რომ მაჯას ძალაც არ ადგება.
მერე კი მოქნილი მოძრაობებით, მხრების თამაშით, ხტუნვა-ხტუნვით უკან ვბრუნდები, თავს ვაქნევ, მუხლებში ვიხრები და ვიშლები
78
– ერთი სიტყვით, დიდ დიუკ სნაიდერს ბრწყინვალედ ვასახიერებ.
ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერებას მანიჭებდა თამაშის დროს უშფოთველობისა და სილაღის განცდა! ჩემს კუნთებს, მყესებს, სახსრებს და ხრტილებს დღემდე ახსოვთ თითოეული მოძრაობა – ყოველი დახრა ძირს დავარდნილი ხელთათმანის ასაღებად, მატჩის მერე კი მისი განზე მოსროლა; ახსოვთ, როგორ შეიგრძნობს ხელი კეტის სიმძიმეს, როგორ გიჭირავს ის თამაშის დროს, როგორ იქნევ,
როცა დასარტყმელად ემზადები, როგორ სწევ მას თავს ზემოთ, მერე
კი მხრებს ქვემოთ უშვებ და კისერს ადუნებ, სანამ თამაშში ისევ ჩაებმები; ახსოვთ დანიშნულ ადგილას დგომა და ბურთის მოგერიება,
ან კეტის ცუდად მოქნევა, რის შემდეგაც სათამაშო მოედანს ტოვებ
და სწორედ ამ კეტის მიწაზე მსუბუქად დაკაკუნებით იმ ძალებს უწყრები, რომლებმაც... ჰო, ყველა დეტალი ისე კარგად ვისწავლე, ისე
გავიწაფე, რომ როგორი სიტუაცია უნდა შექმნილიყო თამაშის
დროს, რომ არ მცოდნოდა, რა, როგორ და როდის გამეკეთებინა,
მეთქვა ან უთქმელად დამეტოვებინა. ჰოდა, ექიმო – დაუჯერებლად
ჩანს, მაგრამ სიმართლეა – ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც
ცხოვრებაში ისეთივე ლაღები და თავდაჯერებულები არიან, ყველაფერს ისე მარტივად და მსუბუქად უყურებენ, როგორც მე –
„შეაბეეშ, ა. ჩ. “-ს შემადგენლობაში თამაშისას? ხომ ხვდებით, მოედნის ცენტრში საუკეთესო მოთამაშე არ ვყოფილვარ, უბრალოდ, ზუსტად ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ზოგიერთი კი ქუჩაშიც
ამ შეგრძნებით გამოდის, გესმით? აშშ-ის ქუჩებში. ჰოდა, გეკითხებით: რატომ არ ვარ ერთი მათგანი? რატომ არ შემიძლია, ისე ძალდაუტანებლად ვიცხოვრო, როგორც მაშინ, როცა „შეაბეეშ, ა. ჩ. “-ს
შემადგენლობაში ცენტრფილდერი ვიყავი? ოჰ, ნეტავ ახლაც მოედნის ცენტრში ვთამაშობდე – ცხოვრებაში სხვას არაფერს ვინატრებდი!
თუმცა მე ხომ მეტი ვარ – ყოველ შემთხვევაში, ასე მეუბნებიან.
ებრაელი, იუდეველი. არა! ვყვირი ასეთ დროს. არა! იუდეველი კი
79
არა, ათეისტი ვარ! სადაც რელიგიაა, იქ მე აღარ ვარ და ამიტომ
არავის ეგონოს, რომ თავს მოვიკატუნებ და იმად გავასაღებ, რაც არ
ვარ! სულ არ მაინტერესებს, როგორ უჭირს, რა მარტოდ გრძნობს
თავს მამაჩემი – რაცა ვარ, ეგა ვარ, არც მეტი, არც ნაკლები. ბოდიში
მომითხოვია და ჩემი ღალატი როგორღაც უნდა მოინელოს! ცალ
ფეხზე მკიდია, დაგვაახლოვა თუ ვერ დაგვაახლოვა დედაჩემის
ავადმყოფობამ – სიმართლე გითხრათ, ახლა იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, რომ დიაგნოზი ამდენად სერიოზული იყო და სიტუაციის დრამატიზება არ მომხდარა, რათა ჩემი სიჯიუტე რამენაირად მოეტეხათ – შევშინებულიყავი, თავი დამეხარა და ისევ მორჩილი და
უსუსური ბიჭუნა გავმხდარიყავი. ის ამბავი კი, ნიუარკის ყველაზე
პა-ტივ-სა-ცემ-მა ადამიანმა დედაჩემის სასთუმალთან „მთელი ნახევარი საათი“ რომ გაატარა, არც ღმერთის არსებობის დამამტკიცებელ არგუმენტად გამომადგება, არც ებრაელების კეთილშობილებისა და სიქველის საბუთად. შარდიანი ღამის ქოთანი რომ დაეცალა,
საჭმელი რომ ხელით შეეჭმევინებინა, კიდევ ვიფიქრებდი რამეს,
მაგრამ რა? მოვიდა, ნახევარი საათით დაუჯდა და წავიდა. სულ ეგ
იყო? სხვა რა უნდა ექნა, დედა? ეს კაცი ცხოვრებისგან დათრგუნულ, შეშინებულ ადამიანებს ლამაზ-ლამაზი ბანალური სისულელეებით უმასპინძლდება – ამ საქმეში ისევე აქვს ჭიპი მოჭრილი,
როგორც მე – ბეისბოლის თამაშში! ჰო, იმას ეს თამაში უყვარს! რატომაც არ უნდა უყვარდეს? დედა, რაბინი უორსოუ ერთი ღიპიანი,
გაბღენძილი, უსულგულო აფერისტია, საკუთარი უპირატესობის
განცდა სახეზე აწერია. დიკენსის რომელიღაც პერსონაჟია. კაცი,
რომლის გვერდით ავტობუსში დგომა რომ მოგიწიოს და არ იცოდე,
როგორი „პატივსაცემი“ პიროვნებაა, გაცლა მოგინდება, ისე ყარს
სიგარეტის სუნით. სხვა შთაბეჭდილებას უცხო ადამიანზე ეგ ვერ
მოახდენს. სადღაც გაუგონია, რომ ინგლისურ ენაში შინაარსის შემცველი უმცირესი ერთეული მარცვალია და მას მერე ყველანაირ
80
აზრს დამარცვლით გამოთქვამს! ყველა სიტყვას, მათ შორის „ღმერთსაც“ სამ მარცვლად ჰყოფს. „ისრაელს“ როგორ წელავს? მისთვის
ეს იმსიგრძე სიტყვაა, რამსიგრძეც „რეფრიჟერატორი“! ჩემი ბარმიცვა გახსოვს? გახსოვს, რა დღეში იყო ალექსანდერ პორტნოის
ბარ-მიცვაზე? არ მესმის, დედა, ჩემი სახელის შემოკლებით წარმოთქმა არ შეეძლო? როგორ არ შეეძლო, მაგრამ იქ მყოფ იდიოტებზე
შთაბეჭდილების მოხდენის სურვილს ვერ შეელია! თან დამარცვლით რომ წარმოთქვამდა! გამოსდის კიდეც! რასაც უნდა, იმას
აღწევს! ნუთუ არ გესმის, რომ მაგ კაცს პურს სინაგოგა აჭმევს,სინაგოგა მაგისთვის სამსახურია და მეტი არაფერი! ჰოდა, სავაადმყოფოში მწოლიარე, სიკვდილის შიშით აკანკალებულ ავადმყოფებს –
სიკვდილი ხომ ამის ბიზნესია, ზუსტად ისეთივე ბიზნესი, როგორიც
მამაჩემისთვის სიცოცხლის დაზღვევაა – გვერდით რატომ ვერ დაუჯდება და ცხოვრებაზე დამტკბარი ენით (დამარცვლით! ) რატომ
ვერ დაელაპარაკება? ამ ცხოვრებაში ყველანი იმას ვაკეთებთ, რაც
თავს გაგვატანინებს და თუ მაინცდამაინც ვინმეს უნდა ეთაყვანო,
მამაჩემს ეთაყვანე, ამის დედა ვატირე. ქედი ისე მოუხარე, როგორც
მაგ სქელ ნაბიჭვარ მასხარას უხრი. მამაჩემი მართლა მუშაობს, წელებზე ფეხს იდგამს და თავში აზრად არ მოსდის, რომ ღმერთის წარგზავნილია, ადამიანთან მისი გარიგების მეწილე და ამ საქმეში მისი
შემწე. და ამ დედამოტყნული მარცვლებითაც არ გელაპარაკება!
„მინ-და, სი-ნა-გო-გა-ში თქვე-ნი მოს-ვლით გა-მოწ-ვე-ული სი-ხარუ-ლი გა-მოვ-ხა-ტო“. ღმერთო ჩემო! ღმერთო, თუ მართლა გინდა,
ჩვენი მადლი მოისხა, ერთი ამისი გაწელილი მეტყველება მოგვაშორე! და თვითონ რაბინებიც მოგვაშორე! მისმინე, მთლიანად რელიგია რომ მოგვაშორო, ჩვენი ადამიანური ღირსების დაცვის ამბავში,
არ გამოვა? კეთილო ღმერთო და შენც, დედაჩემო, მთელმა მსოფლიომ გაიგო უკვე ეს ამბავი, თქვენ რატომ არ გინდათ, თავში შეუშვათ? რელიგია ხალხის ოპიუმია! თუ ეს რწმენა თოთხმეტი წლის
ბიჭს თქვენს თვალში კომუნისტად მაქცევს, რა ვქნათ, ეგრე იყოს!
81
კომუნისტი ვარ და ამით ვამაყობ! არ მირჩევნია, კომუნისტი ვიყო
რუსეთში, ვიდრე ებრაელი სინაგოგაში? მამაჩემსაც, აი, ასე ვეტყვი,
პირდაპირ ვაჯახებ! ვიცი, რითიც დამთავრდება ეს ამბავი.მუცელში
ნასროლი მორიგი ხელყუმბარა აღმოჩნდება (დიდი ეჭვი მაქვს), მაგრამ, დიდი ბოდიში, მე ადამიანის უფლებების მწამს – უფლებების,
რომლებიც საბჭოთა კავშირში ყველა ადამიანს აქვს, რასობრივი,
რელიგიური თუ ეროვნული კუთვნილების მიუხედავად. ჰო, უნდა
ვაღიარო: სწორედ ჩემი კომუნისტობის გამო მოვითხოვ, რომ დამლაგებელთან ერთად მასადილო, როცა ორშაბათობით სახლში მოვდივარ და ის კიდევ შინ მხვდება. ჰო, დედა, ამ ქალთან ერთად მასადილე – ერთ მაგიდასთან დაგვსხი, ერთი და იგივე საჭმელი გვაჭამე! გასაგებია? თუ წინა დღის ჩაშუშულ ხორცს მაჭმევ, მანაც ჩაშუშული ხორცი უნდა ჭამოს და არა მუნსტერი და თინუსი შუშის თეფშიდან, რომელიც მისი ნერწყვის ბაქტერიებს არ შეიწოვს! არა, არა,
დედაჩემს აშკარად არაფერი ესმის. აშკარად ძალიან უცნაურად ეჩვენება. „როგორ, შვარცესთან ერთად გასადილებ? რას ლაპარაკობ... – მეჩურჩულება დერეფანში, როცა სკოლიდან ვბრუნდები, –
მოიცადე, ის გოგო ჭამას დაამთავრებს და რამდენიმე წუთში დაგსვამ. . . “ მე კი არ ვაპირებ, რომელიმე ადამიანს (ოჯახის წევრები არ
ითვლება! ) ისე მოვექცე, თითქოს ჩემზე მდაბალი არსება იყოს! არ
შეგიძლიათ, ადამიანთა თანასწორობის პრინციპები ცოტათი მაინც
შეუშვათ თავებში? და იცი რა, აი, ეგ რასისტი ჩემი თანდასწრებით
ერთხელაც თუ იტყვის სიტყვას „ზანგი“, იცოდე, ფანატიკოსი ებრაელის დარდიან გულში ნამდვილ ხანჯალს გავუყრი! გასაგებად ვამბობ? იმედი მაქვს. არ მაინტერესებს არაფერი. მერე რა, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს შავკანიანებთან ურთიერთობის მერე ტანსაცმელი ისე უყარს, რომ გასანიავებლად სარდაფში ჰკიდებ. ფეხებზე მკიდია, რომ მაგ ხალხს და მაგათ სადაზღვევო დავალიანებას
ჭკუიდან გადაჰყავს. მერე რა? ეგ ხომ კიდევ ერთი მიზეზია, რომ ამ
ხალხისადმი თანაგრძნობის განცდა გაგიჩნდეს და დამლაგებელს ისე
82
არ მოეპყრო, თითქოს სახედარი იყოს, რომელსაც ადამიანური ღირსების განცდა საერთოდ არა აქვს. სხვათა შორის, ეს გოებსაც ეხება!
ყველას ჩვენსავით ხომ არ გაუმართლებდა: ყველა ებრაელად ხომ
ვერ გაჩნდებოდა ამ ქვეყანაზე! ამიტომ, მოდი, ჩვენზე უიღბლოებს
ცოტა შეღავათი გავუწიოთ, კარგი? იმიტომ, რომ უკვე ძალიან დავიღალე და გული მერევა: ეს გოურია, ის გოებისაა! თუ რამე არ
ვარგა, გოებისაა და რაც კარგია, ებრაელებისაა! ნუთუ ვერ ხვდებით, ჩემო ძვირფასო მშობლებო, რომელთა წიაღიდანაც ოდესღაც
ვიშვი, რომ ასე მხოლოდ ბარბაროსები აზროვნებენ? რომ ეს ყველაფერი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ შეშინებულები ხართ? სულ პირველად დღის და ღამის, ცხელისა და ცივის განსხვავება კი არ მასწავლეთ, არამედ გოურისა და ებრაულის! თუმცა ახლა ირკვევა,
ძვირფასო მშობლებო, ნათესავებო, ახლობლებო და მეგობრებო, ჩემი პირველი ბარ-მიცვას აღსანიშნავად შეკრებილო ხალხო, რომ ყველანი შმუკები ხართ! გონებაჩლუნგი შმუკები! ღმერთო, როგორ
მძულხართ მაგ თქვენი სიჩლუნგისთვის, მაგ ებრაული გონებაშეზღუდულობისთვის! თქვენც, მარცვლებით მეტყველო რაბინო, იცოდეთ, რომ ბოლოჯერ გეგზავნებით კუთხის მაღაზიაში „პელ მელის“
საყიდლად და თუ თქვენთვის ჯერ არავის უთქვამს, პირველი მოგახსენებთ, რომ ყარხართ! როგორც ირკვევა, ადამიანის სიცოცხლე ცოტა უფრო მეტი ყოფილა, ვიდრე თქვენ გგონიათ, და თქვენს ამაზრზენ, უსარგებლო კატეგორიებში ვერ თავსდება! ჰოდა, იმის გამო
კი ნუ ღვრით ცრემლებს, რომ თოთხმეტი წლის ბიჭი ამ კატეგორიებით აზროვნებასა და სინაგოგაში სიარულზე უარს ამბობს და თავისი ხალხის ტრაგიკულ საგაზე ცრემლებს არ ღვრის – საკუთარი პათეტიკური იდიოტიზმი დაიტირეთ! ამას რატომ არ აკეთებთ, მარტო
თქვენი რელიგიიდან გამოწურული მჟავე ძმრით რომ სკდებით? ებრაელი ებრაელი ებრაელი ებრაელი ებრაელი ებრაელი! უკვე ყურებიდან გადმომდის ტანჯული ებრაელობის საგა! მიდი რა, ჩემო ხალხო, ეგ შენი ტანჯვით სავსე წარსული მაგ ნატანჯ ტრაკში შეიტენე –
83
მეც ადამიანი ვარ!
– ჰო, მაგრამ მაინც ებრაელი რომ ხარ? – მეუბნება ჩემი და. –
ერთი ჩვეულებრივი ებრაელი ბიჭი ხარ – ვერც კი წარმოიდგენ, იმდენად ჩვეულებრივი... რასაც შენ აკეთებ, წყლის ნაყვაა, მეტი არაფერი.
ცრემლით დაბინდული თვალებით ვხედავ: ჩემი და ჩემს საწოლზე
ჩამომჯდარა და მოთმინებით მიხსნის, თუ რატომ აღმოვჩნდი ასეთ
მძიმე დღეში. მე თუ თოთხმეტის ვარ, ჩემი და თვრამეტი წლისაა –
ნიუარკის პედაგოგიური კოლეჯის პირველი კურსის სტუდენტია;
ფერმკრთალი სახე აქვს და სხეულის ყველა ფორიდან მელანქოლია
გადმოსდის. ხანდახან თავისნაირ შეუხედავ ედნა ტეპერთან ერთად
(რომელსაც ახლა პატარა რეკომენდაციას გავუწევ: ჩემი თავისხელა
ჯიქნები აბია! ) ნიუარკის მეორე ბოლოში ხალხური ცეკვის წრეზე
დადის. ზაფხულში ჰანა ებრაული ცენტრის ბანაკში ხელგარჯილობის მასწავლებლად აპირებს მუშაობას. ერთხელ კითხვის დროს წავადექი თავზე. წიგნს რბილი მომწვანო ყდა ჰქონდა და „ხელოვანის
პორტრეტი ახალგაზრდობისას“ ერქვა. აი, სულ ეს არის, რაც ჩემი
დის შესახებ ვიცი. ჰო, რა თქმა უნდა, კარგად ვიცი, რა ზომისაა მისი
ლიფები თუტრუსები და რა სუნი აქვთ. ვაიმე, რა შენძრეულობის
წლები მაქვს გამოვლილი! გამოვლილი? დასრულდება ეგ წლები
ოდესმე? მიახლოებით მაინც ვერ მეტყვით, ექიმო? მითხარით, როდის განვიკურნები ამ სენისგან!
– იცი, ახლა სად იქნებოდი, ევროპაში რომ დაბადებულიყავი და
არა ამერიკაში? – მეკითხება ჩემი და.
– ამწუთას ეგ არაფერ შუაშია, ჰანა.
– მკვდარი იქნებოდი.
– ამწუთას ეგ არაფერ შუაშია!
– მკვდარი იქნებოდი. გაზის კამერაში გაგგუდავდნენ, დაგხვრეტდნენ, ჩამოგახრჩობდნენ ან ცოცხლად დაგწვავდნენ. ამდენს ვერ
ხვდები? აი, იქ გეყვირა, ებრაელი არა ვარ, უპირველეს ყოვლისა,
84
ადამიანი ვარ, ებრაელობის მრავალსაუკუნოვანი ტანჯვის არაფერი
გამეგება და ეგ იდიოტობა მე სულ არ მეხებაო. მაინც მიგასაღებდნენ. შენც მოგკლავდნენ, მეც...
– მე ხომ ახლა მაგაზე არ ვლაპარაკობ!
– დედასაც მოკლავდნენ, მამასაც მოკლავდნენ.
– ამიხსენი, რატომ ხარ სულ მაგათ მხარეზე?
– არავის მხარეზე არ ვარ, – მეუბნება ჩემი და, – მარტო იმას ვამბობ, რომ მამა სულაც არ არის ისეთი უვიცი, შენ რომ გგონია.
სხვათა შორის, უვიცი არც ჰანა გახლავთ! დარწმუნებული ვარ,
ნაცისტები მართლაც ჩაიდენდნენ იმ ყველაფერს, რასაც ამბობს, თან
ასე ჭკვიანურად და აზრიანად. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ნაცისტების ბრალია, რაც ჩვენს ოჯახში ხდება!
– ეჰ, არ ვიცი, – ამბობს ჩემი და, – შეიძლება მართალიც ხარ.
ახლა ჰანაც ტირილს იწყებს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ურჩხულად ვგრძნობ თავს: ჰანას ცრემლები ექვსი მილიონი ებრაელისთვის
დაღვრილი ცრემლებია, მე კი მარტო საკუთარ თავს დავტირი ხოლმე. ან შეიძლება მხოლოდ მეჩვენება ასე.
85
მუტლის გიჟი
ის არ მომიყოლია, თხუთმეტი წლის ასაკში ნიუ-იორკიდან მომავალ 107 ავტობუსში რომ ამოვიღე და დავანძრიე?
ჩემმა დამ და მისმა საქმრომ, მორტი ფეიბიშმა გადასარევი დღე
მომიწყვეს – ჯერ ბეისბოლის ორი მატჩი ვნახე „ებეტს ფილდზე“, მერე კი „შიფსჰედ ბეიში“ ზღვის პროდუქტებით ვისადილეთ. ჰანა და
მორტი იმ ღამით მორტის მშობლებთან, ფლეტბუშში უნდა დარჩენილიყვნენ, ამიტომ ათი საათისთვის მანჰეტენისკენ მიმავალ მეტროს მატარებელში ჩამსვეს. მანჰეტენზე ნიუ-ჯერსის ავტობუსში გადავჯექი, რომელშიც ბოლოს მოვლენები ისე განვითარდა, რომ ხელში მხოლოდ ჩემი ასო კი არა, რომ დავფიქრდე, საკუთარი ცხოვრებაც მოვიგდე. მგზავრების უმრავლესობამ მანამდე ჩათვლიმა, სანამ
ავტობუსი ლინკოლნის გვირაბიდან გამოვიდოდა. ეძინა ჩემ გვერდით მჯდომ გოგოსაც, რომლის ნაკეცებიან შოტლანდიურ ქვედაკაბასაც ველვეტის შარვლით მივეკარი. იმ დროს კი, როცა ასო ამოვიღე და მუშტში მოვიქციე, უკვე პულასკის ავტოსტრადაზე მივსრიალებდით.
86
ალბათ გგონიათ, რომ იმ კარგი დღის შთაბეჭდილებებით აღფრთოვანებული უნდა ვყოფილიყავი და ღამით შინისკენ მიმავალს
საკუთარი ასო არც უნდა გამხსენებოდა. ჩვენმა ახალმა ქეჩერმა,
ბრიუს ედვარდსმა, რომელიც იუნიორების ლიგიდან გადმოვიდა
(ზუსტად ის ბიჭი იყო, ჩვენ რომ გვჭირდებოდა – მორტის, ჩემს თავს
და „დოჯერის“ მენეჯერ ბარტ შოტონს ვგულისხმობ), პირველ ორ
გეიმში რვიდან ექვსი ბურთი დაიჭირა (თუ ფარილო იყო, აღარ მახსოვს... მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს. რა სიგიჟეა ხალხში ამოღება
და დანძრევა, არა? წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ვინმე თავზე
რომ წამომდგომოდა! ან ძალიან რომ გამეტია და მძინარე შიკსეს გარუჯული მკლავისკენ გამესხა! ). ერთი ეგ მოხდა იმ დღეს და კიდევ
ის, რომ მორტიმ რესტორანში ჩემთვის ასთაკვი შეუკვეთა. ეს პირველი ასთაკვი იყო ჩემს ცხოვრებაში.
არ ვიცი, შეიძლება, ასთაკვმა მიქნა, რაც მიქნა. ამ ებრაული ტაბუს ასე იოლად დარღვევამ, ალბათ, ჩემი ბუნების საძაგელი, თვითგანადგურებისკენ მიმართული, დიონისური მხარე გააღვიძა. შესანიშნავი გაკვეთილი მივიღე: თუ გინდა, რომ კანონი დაარღვიო, უნდა ადგე და დაარღვიო! არ უნდა იკანკალო, შიშით არ უნდა იძაგძაგო, ყველაფერი, რაც აქამდე წარმოუდგენელი გეგონა, უკან უნდა
მოიტოვო და უბრალოდ, ის უნდა გააკეთო, რაც გინდა! აბა, სხვა რა
აზრი უნდა იდოს, გეკითხებით, ამ აკრძალვებსა და კვების დადგენილ წესებში, თუ არა ჩვენი, ებრაელი ბავშვების შეჩვევა იმ აზრთან,
რომ მუდმივად დათრგუნულები უნდა ვიყოთ? პრაქტიკა, ჩემო
ძვირფასო, პრაქტიკა, პრაქტიკა და ისევ პრაქტიკა! დაჩაგრულობის
კომპლექსს ხე კი არ ისხამს – მის გამომუშავებას მოთმინება, ყურადღების კონცენტრაცია, თავდადებული მშობლისა და ბეჯითი, მონდომებული ბავშვის ძალისხმევა სჭირდება. რამდენიმე წელიწადში
აწურულ და გულჩათხრობილ ადამიანს სხვაგვარად ვერ მივიღებთ.
აბა, რა საჭიროა სადილის ორი სერვიზი? რა საჭიროა კოშერული
საპონი და მარილი? სხვა რა მიზეზით უნდა ახსენებდნენ ადამიანს
87
დღეში სამჯერ, რომ ცხოვრება შეზღუდვებისა და აკრძალვებისგან
შედგება – ასობით ათასი პატარ-პატარა წესისაგან, რომლებიც ვიღაცამ კი არა, ვიღაცის ვიღაცამ მოიგონა და რომლებსაც ან უსიტყვოდ ემორჩილები, როგორ იდიოტურადაც არ უნდა გეჩვენებოდეს
(და რაკი მაინც ემორჩილები, ღვთის მადლიც გადმოდის შენზე), ან
დადგენილ ზღვარს გადადიხარ, უმეტესწილად, საღი აზრის კარნახით. ამ წესებს იმიტომ არღვევ, რომ ბავშვსაც კი არ უნდა, თავს ყოველთვის შმუკად გრძნობდეს. ჰო, მათ კი არღვევ, მაგრამ დიდი ალბათობაა (როგორც მამაჩემი ირწმუნება), რომ მომდევნო იომ-ქიფურისდადგომისას დიდ წიგნში, სადაც იმათი სახელებია ჩაწერილი,
ვისაც მომდევნო სექტემბრამდე სიცოცხლე უწერიათ (ეს სურათი
ღრმად ჩამებეჭდა წარმოსახვაში), კურთხეულ სახელებს შორის შენი ძვირფასი სახელი არ იყოს. აბა, ვინ არის შმუკი სინამდვილეში?
თანაც სულერთია (ამას თავიდანვე ვხვდები: ვიცი ამ ღმერთის ჩვევები), რამდენად მნიშვნელოვანია ან უმნიშვნელო ის წესი, რომელსაც არღვევ: თავად დარღვევის ფაქტია ისეთი რამე, რასაც ის ვერ
იტანს, ვერ ინელებს და ვერ ივიწყებს. ამიტომ გაავებული ჯდება (ამ
დროს, ალბათ, ყველაფერი აღიზიანებს და თან თავი საშინლად
სტკივა, როგორც მამაჩემს ემართება ხოლმე შეკრულობისას) და თავისი წიგნიდან სახელების ამოშლას იწყებს.
თუ ადამიანმა მოვალეობის გრძნობა, დისციპლინა და მორჩილების უნარი დაკარგა, ყველაფერი შეიძლება ჩაიდინოს – აი, ის შეგონება, რომელსაც ყოველ პასექზე დედაჩემისგან მაცასთან ერთად ვიღებ. თვითგვემა და მხოლოდ თვითგვემა! – მომძახის დედაჩემის კოშერული, სისხლგამოწურული სტეიკი, რომელსაც მთელი ოჯახი სადილად მივირთმევთ. თვითკონტროლი, სიფრთხილე, სადამსჯელო
სანქციები – ასეთია გასაღები, რომელიც ცხოვრების კარს გიღებს,
თუ კვების ამ უსასრულო წესებს დაუჯერებ. გოებს თუ უნდათ, ყველაფერი პირში ჩაიდონ, რაც კი დედამიწის ტურტლიან ზურგზე ხოხავს და ღრუტუნებს, ჩვენ ჩვენს ადამიანობას ასე ვერ წავბილწავთ.
88
მაგათ (ხომ ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ) შეუძლიათ, ყველაფერი
ხეთქონ, რაც კი მოძრაობს – ყველაზე საშინელი და გულისამრევი
ცხოველები, ყველაზე მახინჯი და საძაგელი არსებები. გველთევზას,
ბაყაყს, ღორს, კიბორჩხალას და ასთაკვს ნუ დაიკლებენ; ყვავი და
ძერა ჭამოს მაგათმა პირმა – მაიმუნის ხორცი და თუ უნდათ, სკუნსიც. ეგსაძაგელი საკვები ეკუთვნის მდაბალ მოდგმას, რომელიც იმდენად თავცარიელი და დაცემულია, რომ ყველაფერი შეუძლია
იკადროს: დალევა, განქორწინება და მუშტებით ჩხუბიც კი. მხოლოდ ის იციან ამ სულელებმა, განურჩევლად ყველაფრის მჭამელებმა, რომ ცხვირი ასწიონ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, მწარედ დაგცინონ და ადრე თუ გვიან დაგარტყან. ოჰ, კიდევ ტყეში თოფებით სირბილი და უდანაშაულო ირმების ხოცვა იციან – იმ ირმების, რომლებიც მშვიდად ძოვენ ბალახს, ჭამენ კენკრას და არავის აწუხებენ. გამოტვინებულო გოებო! ლუდით რომ აყროლდებით, ტყვია-წამალს
რომ დაცლით და შინ დაბრუნებას დააპირებთ, იმ საცოდავ ცხოველს
კი (რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ცოცხალი იყო) მანქანას ზედ დააკრავთ, რათა გზაზე ყველა მძღოლმა დაინახოს, რა ღონიერი მამრები ხართ; მერე სახლებში რომ მიბრძანდებით, მოჰკიდებთ ხელს
იმ ირემს – რომელსაც, სანამ ბუნებაში წყნარად ძოვდა, კაციშვილისთვის არაფერი დაუშავებია – ნაჭერ-ნაჭერ აქნით, ქვაბში ჩაყრით და მოხარშავთ. ამქვეყნად საჭმელი დაილია, რომ ადამიანმა
ირმის ხორცი არ ჭამოს? არა, ესენი ყველაფერს შეჭამენ, რასაც ამ
გოურ ტორებში მოიგდებენ! აი, საშინელი დასკვნაც: ეს ყველაფრის
მკადრებელი ხალხია! ირემი მხოლოდ იმას ჭამს, რასაც ირმები ჭამენ, ებრაელიც იმას ჭამს, რასაც ებრაელები ჭამენ და არა ეს გოები!
მხოხავი ცხოველები, ტალახში ჩაწოლილი ცხოველები, მოხტუნავე
ცხოველები თუ სულაც ანგელოზური არსებები – ამათთვის მნიშვნელობა არ აქვს, რაც თვალში მოუვათ, მაშინვე უნდა დაისაკუთრონ,
სხვების გრძნობები კი ფეხებზე ჰკიდიათ (თუნდაც სიკეთე და თანაგ-
89
რძნობა). ეს ყველაფერი ისტორიის ფურცლებზე იწერება – ყველაფერი, რაც ამათ ჩაუდენიათ, ამ ჩვენს სახელგანთქმულ მეზობლებს,
რომლებმაც მთელი სამყარო დაისაკუთრეს, მაგრამ ის ვერ ისწავლეს, სად იწყება და სად მთავრდება ადამიანობა!
...აი, ამას ღაღადებდნენ კოშერული კანონები, ყოველ შემთხვევაში, იმ ბიჭუნასთვის, რომელიც სოფი და ჯეკ პ.– ების ხელში იზრდებოდა და ნიუარკის ერთ ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდა. მე
მხოლოდ ორი ქრისტიანი კლასელი მყავდა, რომელთა სახლებშიც,
ჩვენი სამეზობლოს განაპირას, ფეხი არასდროს შემიდგამს... ამას
ღაღადებდნენ კოშერული კანონები და მე ვინ ვიყავი, რომ მათ სისწორეში ეჭვი შემეტანა? ჰოდა, ახლა ამ ალექსს შეხედეთ, ჩვენი ამბის მთავარ გმირს, თხუთმეტი წლის ლაწირაკს, რომელმაც ერთ
მშვენიერ საღამოს ასთაკვის ფეხი გამოწუწნა, ერთი საათის მერე კი
სირი ამოიღო და საზოგადოებრივ ტრანსპორტში შიკსეს უმიზნებდა.
მისი სრულყოფილი, ყოველმხრივ აღმატებული ებრაული ტვინიც,
ალბათ, მაცის ცომით იყო მოზელილი!
ზედმეტი იქნება იმის აღნიშვნა, რომ ასეთი არსება ჩვენთან, სახლში არასდროს მოხარშულა – რა თქმა უნდა, ასთაკვს ვგულისხმობ.
ჩვენს სახლში ჩვეულებრივ შიკსესაც კი არასდროს დაუდგამს ფეხი,
ასე რომ, მხოლოდ ვარაუდით შეიძლება იმის თქმა, თუ როგორ გამოისროდნენ მას დედაჩემის სამზარეულოდან. ცხადია, ჩვენი დამლაგებელიც შიკსე იყო, მაგრამ ის არ ითვლებოდა, რადგან შავკანიანი გახლდათ.
ჰაჰა! შიკსე ჩვენთან იმიტომ არ იყო ნამყოფი, რომ ჯერ მე არ
მომეყვანა – აი, ამის თქმა მინდოდა! თუმცა ჩვენს ოჯახში ერთი შიკსეს სტუმრობა მაინც მახსენდება. ერთ საღამოს, მე რომ ჯერ კიდევ
პატარა ბიჭად ვითვლებოდი, მამაჩემმა სადილზე დაპატიჟა გამხდარი, მორცხვი, დაძაბული, ხმადაბლა მოსაუბრე, მორიდებული, სიბერის გზაზე შემდგარი მოლარე, რომელსაც ენი მაკკეფერი ერქვა.
როგორ გგონიათ, ექიმო, მამაჩემი იმ ქალთან იწვა? არ მჯერა!
90
ეს აზრი უცებ მომივიდა თავში. ნუთუ მამაჩემი იმ ქალსაც უდებდა?
დღემდე მახსოვს, როგორ მომიჯდა გვერდით დივანზე. ისე ნერვიულობდა, რომ თავისი სახელი ძლივს წარმოთქვა, თან მისი დაწერის
წესიც მოაყოლა: „ი“-ზე მთავრდება, თუმცა ეს სახელი უმეტესად
გვხვდება, როგორც „ენ“ და არა „ენი“ და ასე შემდეგ... გრძელი, თხელი, თოვლივით თეთრი და დაჭორფლილი მკლავები ჰქონდა (გავიფიქრე, ირლანდიელის მკლავები უნდა იყოს-მეთქი), თეთრ სიფრიფანა ბლუზაში კი კოხტა და მკვრივი ძუძუები შევნიშნე – გამოვტყდები, თვალი მისი ფეხებისკენაც მეპარებოდა. რვა თუ ცხრა წლის
ვიყავი, მაგრამ ისეთი გასაოგნებლად ლამაზი ფეხები ჰქონდა, რომ
თვალი ვერ მოვწყვიტე. ასეთების დანახვისას დღემდე ჩემი მემართება – ყოველ ჯერზე მიკვირს, როგორ უნდა ჰქონდეს ისინი ვიღაც
ფერწასულ, სახედანაოჭებულ შინაბერას... არა, იმ ფეხების პატრონს ნამდვილად ხმარობდა – ორი აზრი არ არსებობს... რა, არა?
სახლში რატომ მოვიყვანე და „ნამდვილი ებრაული კერძების“ გასასინჯადო, – აგვიხსნა მამაჩემმა. რამდენიმე კვირის განმავლობაში
წამდაუწუმ ოფისის ახალ გოი მოლარეს ახსენებდა („ერთი უსახური
და უხალისო გოგო“, „რაღაც ძონძები აცვია“), რომელიც „ბოსტონ &
ნორსისტერნის“ ოფისში მოსვლის დღიდან მოსვენებას არ აძლევდა,
ნამდვილი ებრაული კერძების გასინჯვა მინდაო. დედაჩემმა ამდენს
ვეღარ გაუძლო და უთხრა: „კარგი, ბატონო, მოიყვანე! ესე იგი, ებრაული საჭმლის გასინჯვა უნდა, არა? მიიღებს ებრაულ საჭმელს! “
ნეტავ მამაჩემმა ვერაფერი იეჭვა? რას გაიგებ კაცი!
ავად თუ კარგად, იმ ქალმა შეპირებული ებრაული სადილი გასინჯა. არა მგონია, სიტყვა „ებრაული“ ამის შემდეგ ერთ საღამოს
იმდენჯერ გამეგონოს, რამდენჯერაც მაშინ გავიგონე ჩვენს ოჯახში.
არადა, ნება მომეცით, შეგახსენოთ: მე ის კაცი ვარ, ვისაც სიტყვა
„ებრაული“ ძალიან ბევრჯერ გაუგონია.
– აი, ნამდვილი ებრაული დაბეგვილი ღვიძლი, ენი. აქამდე ნამ-
91
დვილი ებრაული დაბეგვილი ღვიძლი გაგისინჯავთ? უნდა მოგახსენოთ, რომ ჩემი ცოლი მართლაც ისეთს აკეთებს, როგორიც ნამდვილი ებრაული დაბეგვილი ღვიძლი უნდა იყოს. აბა, პურთან ერთად
მიირთვით. ეს ნამდვილი ებრაული ჭვავის პურია ზედ მოყრილი სეზამის მარცვლებით. პირველი ჯერისთვის ყველაფერი კარგად გამოგდით, ენი. პირველი ჯერისთვის ხომ ყველაფერს სწორად აკეთებს, არა, სოფი? ახლა ებრაული ჭვავის პურის კიდევ ერთი ნაჭერი
აიღეთ, ენი და ეგ ჩანგალი ნამდვილ ებრაულ დაბეგვილ ღვიძლს
ამოუსვით!
ასე გაგრძელდა დესერტის დრომდე. ბოლოს სტუმარს ჟელეც მიართვეს.
– მართალს ბრძანებთ, ენი, ჟელეც კოშერულია! აუცილებლად
კოშერული უნდა იყოს. არა, არა, ოღონდ ეგ არა... ყავაში ნაღების
ჩამატება ხორციანი კერძის შემდეგ? ჰაჰა, გესმის, ალექს, რა უცნაური აზრები მოსდის ენის?
არ გინდა ეს უაზრო ლაი-ლაი, ძვირფასო მამიკო. ეს კითხვა უცებ
გამიჩნდა, ოცდახუთი წლის შემდეგ (არა, იმას ვერ ვიტყვი, რომ დამამტკიცებელი საბუთი მაქვს; აქამდე ვერც ის წარმომედგინა, რომ
მამაჩემი ოჯახური ცხოვრების ებრაულ წესებს ოდნავ მაინც დაარღვევდა... ჩემს თვალში ხომ ნებისმიერი წესის დარღვევას აუხსნელი
ხიბლი აქვს). აჰა, შეკითხვა აუდიტორიასაც გაუჩნდა: რატომ მოიყვანე სახლში შიკსე? ვერ გადაიტანდი, რომ იმ არაებრაელ ქალს
ცხოვრება ებრაული ჟელეს გაუსინჯავად გაელია? თუ უკვე ცხოვრება გიჭირდა, სანამ ებრაულ აღსარებას არ იტყოდი? სანამ საკუთარ ცოლს დანაშაულის ფაქტის წინაშე არ დააყენებდი, რომ მერე
შენი გაკიცხვა, დამცირება, დასჯა შეძლებოდა და თვითგვემის ფარული ვნება ასე დაგეკმაყოფილებინა? ჰო, ერთი ჩვეულებრივი აწურული, ჩაგრული ებრაელი ხარ, მამაჩემო. მაგ სინდრომის ამოცნობაში მე ვერავინ მაჯობებს. მოდით, გეძახით, ხალხო, მამხილეთ და
მერე გამკიცხეთ – ისეთი საშინელი რამე ჩავიდინე, თქვენ აზრად
92
რომ არ მოგივათ: ისეთი რამე ავიღე, რაც არ მეკუთვნოდა! მოვალეობის გრძნობას, საყვარელ ადამიანებს ვუღალატე და სიამოვნების მარწუხებში გავყავი თავი! დამიჭირეთ, ციხეში ჩამსვით, მკაცრად დამსაჯეთ, სანამ, ღმერთმა დამიფაროს, სულ არ ამიწყვეტია და
კიდევ ერთხელ არ გამიკეთებია ის, რაც ასე ძალიან მსიამოვნებს!
ნეტავ დედაჩემმა თხოვნა შეუსრულა? ნეტავ სოფიმ ორი ძუძუს
და ორი ფეხის შეკრება თუ მოახერხა და თუ მიხვდა, რომ ორჯერ
ორი ოთხია? მე ოცდახუთი წელი მაინც დამჭირდა, სანამ ასეთ
You have read 1 text from Georgian literature.
Next - პორტნოის სინდრომი - 06
  • Parts
  • პორტნოის სინდრომი - 01
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2217
    27.7 of words are in the 2000 most common words
    39.0 of words are in the 5000 most common words
    45.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 02
    Total number of words is 3799
    Total number of unique words is 2131
    30.7 of words are in the 2000 most common words
    42.2 of words are in the 5000 most common words
    48.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 03
    Total number of words is 3812
    Total number of unique words is 2198
    28.6 of words are in the 2000 most common words
    41.6 of words are in the 5000 most common words
    48.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 04
    Total number of words is 3803
    Total number of unique words is 2076
    32.0 of words are in the 2000 most common words
    44.0 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 05
    Total number of words is 3875
    Total number of unique words is 2105
    29.2 of words are in the 2000 most common words
    40.9 of words are in the 5000 most common words
    47.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 06
    Total number of words is 3861
    Total number of unique words is 2077
    30.8 of words are in the 2000 most common words
    42.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 07
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2090
    30.3 of words are in the 2000 most common words
    41.8 of words are in the 5000 most common words
    48.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 08
    Total number of words is 3844
    Total number of unique words is 2190
    26.8 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 09
    Total number of words is 3779
    Total number of unique words is 2242
    28.6 of words are in the 2000 most common words
    40.5 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 10
    Total number of words is 3710
    Total number of unique words is 2228
    27.8 of words are in the 2000 most common words
    39.3 of words are in the 5000 most common words
    46.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 11
    Total number of words is 3768
    Total number of unique words is 2095
    28.2 of words are in the 2000 most common words
    39.4 of words are in the 5000 most common words
    46.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 12
    Total number of words is 3758
    Total number of unique words is 2132
    27.6 of words are in the 2000 most common words
    38.4 of words are in the 5000 most common words
    44.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 13
    Total number of words is 3750
    Total number of unique words is 2178
    28.0 of words are in the 2000 most common words
    40.7 of words are in the 5000 most common words
    47.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 14
    Total number of words is 3628
    Total number of unique words is 2199
    25.8 of words are in the 2000 most common words
    37.9 of words are in the 5000 most common words
    44.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 15
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2229
    26.5 of words are in the 2000 most common words
    37.3 of words are in the 5000 most common words
    44.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • პორტნოის სინდრომი - 16
    Total number of words is 2820
    Total number of unique words is 1682
    30.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    48.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.