Latin

გლახის-ნაამბობი - 4

Total number of words is 3942
Total number of unique words is 1842
25.6 of words are in the 2000 most common words
34.4 of words are in the 5000 most common words
39.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მარგალიტი კბილები, ლარივით გამწკრივებული ორ ლალ ტუჩებ-შუა, ცისსარტყელად მეჩვენა. გული სიხარულით ამევსო. ვაი, რა დღე იყო და რარიგად დამიღამა წუთის-სოფელმა!..
— გამიშვი, ადამიანო! — მითხრა ღიმილითა, — ცუდად ნუ
გადამკიდებიხარ, ქვეყანა დადის, სირცხვილია.
— სირცხვილი იმას, ვინც საძრახისი ინდომოს. არ გაგიშვებ. რომ გაგიშო,
ჩემი სულიც თან უნდა გაგაყოლო. რასაც მე გემუდარები, იმის პასუხი
მითხარ და ინაცვალე ჩემი თავი კიდეც!..
— რა გითხრა, ადამიანო?
— ან ჰო და ან არა და მომკალ კიდეც!..
— შენს სიკვდილს კიდევ ჰოს თქმა მირჩევნია, შე უბრალოდ იმედგადაწყვეტილო! — წამოიძახა იმან უეცრად და მკვდარი გამაცოცხლა.
სთქვა იმან ეს თუ არა, გამისხლტა ხელიდამ და როგორც ნიავი თვალიდამ
წამივიდა. გამიფრინდა ჩემი ნოეს ტრედი, მწვანე შტო კი ხელთ დამიგდო;
გამიფრინდა და თვალი ჩემი მიეკერა იმ ორღობეს, რომელსაც ის ბოლოს
შეუბრუნდა და მიეფარა.
ღმერთმა უშველოს!.. ადამიანს ხანგრძლივ რომ შეხვდეს ამ წუთისსოფელში იმისთანა დრო, ეს წუთის-სოფელი სამოთხე იქნებოდა. მაგრამ
წუთის-სოფელი იმიტომა ჰრქმევია, რომ ყველაფერი წუთობითა სცოდნია,
უბედურობის მეტი. ის-ის იყო, ჩემს ბედს იმის ოდენი სიხარული ვეღარსად
დავსტყუე. წავიდა იგიცა, ვითა სიზმარი ღამისა, წავიდა და იმის ნაცვლად,
რასაცა მხედავთ, ის მომეცა... იმ სიხარულის ხატი ეხლა შიგ გულში
უქმადღა მიკიდია. დამაწაფა სოფელმა უკვდავების წყაროსა და ბოლოს
შხამად ამომადინა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი:
„მიმნდომნი საწუთროსანი
მისთა ნივთთაგან რჩებიან,
იშვებენ, მაგრამ უმუხთლოდ
ბოლოს არ მოურჩებიან“.
ეჰ, მოგაწყინე თავი ამდენის ჩივილითა, შენი ჭირიმე, მაგრამ რა ვქნა?
ჭირთა თქმა — ლხინიაო.
VIII
ერთხელ კვირა-დღე იყო, დათიკო წირვაზედ წავიდა და იქიდამ ვიღასაც
სადილად მიეწვია. მეც ავიღე თავი, პეპიას ბაღჩას ავუარე. გადავიხედე,
კაკლის ჩრდილ-ქვეშ თამრო დავინახე, მწვანე ბალახზედ წამოწოლილი.
ვიშვირე ფეხი და გადავხტი ღობეზედ. ის ცოტად შეკრთა და, რომ დამინახა
მე ვარ, დაშოშმანდა. მე და ის დიდი ხანია ეგრე ჩუმად ვინახულებდით
ხოლმე ერთმანეთსა, მაგრამ, ღმერთია მოწამე, კოცნასაც ვერ ვუბედავდი.
— შენა ხარ? — მკითხა იმან, როცა მიველ და წამოვუწექ წინა.
— მე ვარ, შენი კვნესამე! რადა ხარ ეგრე მოწყენილი, ჩემო სიკეთევ? —
ვკითხე მე, რადგანაც ნაღვლიანობა შევატყე.
— დღეს ავი დღე გამითენდა.
— რადა? ავი იმას, ვინც ავი შენთვის მოინდომოს. რადა ნაღვლობ?
— არის მიზეზი.
— მაინც?
— დღეს მამა-ჩემი ავ-გუნებაზედ მოვიდა საყდრიდგან და იმიტომ.
— შენ დღეს საყდარში იყავ?..
წამოვვარდი ფეხზედ და ისე აჩქარებით ვკითხე, რომ თამრო გაოცდა.
— ვიყავ, — მითხრა იმან, — რაზედ აჰფეთქდი?
— ბატონი იქ იყო?
— იქ იყო. დერეფანში იდგა, როცა მე წინ გამოვუარე.
— შენ წინ გამოუარე?!
გავაგრძელე სიტყვა და დავაკრაჭუნე კბილები. როგორც ტყვიანაკრავი, ისე
გაფითრებული მკვდარსავით იმის წინ გავშეშდი. დიდხანს, დიდხანს
ხმაამოუღებლივ ჩავყურებდი იმის ორმოსავით ჩაღრმავებულ შავ
თვალებსა. ისიც გაკვირვებული შემომცქეროდა. ხმა აღარ გამიცია.
გამწყრალსავით გულნატკენი ისევ იმ ღობეზედ გადმოვხტი და წამოვედი
შინ, რომ შემეტყო რამე...
მაშინვე მივუხვდი პეპიას ნაღველსა. იმ კვირა-დღეს დათიკოს დაენახა
საყდარში თამრო და პეპიასათვის ეკითხნა:
— ეგ გოგო ვისია?
პეპიას ფერი შესცვლია თურმე და თრთოლით უპასუხნია: ჩემი გახლავთო.
—კაი საპროშტავი ყოფილა!.. — ეთქო იმ დაუნდობელს ადამიანის-შვილსა.
მომკვდარიყო საწყალი პეპია, რომ გაიგო, რომ იმისი ქალი ბატონს
მოეწონა. კარგად იცოდა, რაც იყო ბატონის მოწონება და რასაც
მოასწავებდა. მე რომ ეს შევიტყე, შევფიცე ღმერთსა, რომ მე მოვკვდები და
იმას კი არავის წავაქელვინებ-მეთქი.
იქნება არ დამიჯეროთ, მაგრამ ჯოჯოხეთს მიეცეს ჩემი სული, თუ იმ კვირაღამეს ჩემი მღვდელი სიზმარში არ მომჩვენებოდა. ის დაღონებული იდგა
ჩემ-წინა და რასაც დავეკითხებოდი, პასუხად სულ ამას მეტყოდა ხოლმე:
„ხამს მოყვარე მოყვრისათვის
თავი ჭირსა არ დამრიდად,
გული მისცეს გულისათვის,
სიყვარული — გზად და ხიდად“.
ბოლოს, მე მითამ მუხლებზედ მოვეხვიე, ცრემლით და ტირილით
შევჩივლე ჩემი ამბავი და ვუთხარი: მიბძანე, საით რას გავხდე? იმან არა
მითხრა-რა და წავიდა. რომ გადიოდა გარეთ, შემომხედა მე და მაშინ კი
მითხრა: — რასაცა გასცემ შენია, რაც არა — დაკარგულია.
დამიჯერებთ ამას, თუ არა — თქვენ იცით. მინდა კი, რომ დამიჯეროთ,
იმიტომ რომ მართალია. აღსარებასავით ამ ამბავს გიამბობთ და ტყუილს
არ ვიტყვი.
მეორე დღე რომ ჩემთვის არ გათენებულიყო, ისა სჯობდა. ისეთი
გულმოწყვეტილი და აღრინებული ვიყავ, რომ არ ვიცოდი, რა მექნა. მე
არავის არ შევატყობინე, რაც ვიცოდი. მე ჩემს ბედს გავუჩუმდი, მაგრამ
ორივე თვალი კი გავაფაციცე. თვალ-ყური ვადევნო, — ვთქვი ჩემს გულში
ბოლოს, — იქნება ისე არა სწვიმდეს, როგორცა ჰქუხს-მეთქი. ხანდისხან
ერთი საშინელი ტკივილი გულის-ფიცრის ტეხას დამიწყებდა ხოლმე. ვაი
თუ თამრომ... მაგრამ არა, მალე გადავიგდებდი ხოლმე გულიდამ ამ
ფიქრსა.
ამ ყოფაში ვიყავ და ჯერ არსაიდამ ავი არა ისმოდა-რა. ერთხელ მე ბიჭებში
ვიყავ და ბატონის ხმა მოგვესმა, გიტოს ეძახოდა. ღამე იყო, ძილის-პირი
მოახლოვებული იყო. გიტო გახლდათ დათიკოს უნამუსობის ავან-ჩავანი.
გიტო რომ წავიდა, მეც იმის გაუგებრად თან ავედევნე, ჩუმ-ჩუმად შევიპარე
ერთს ბნელს ოთახში, რომლის კარიც დათიკოს ოთახში გადიოდა.
დათიკოს ოთახში სანთელი ენთო. მე კარებთან სულგანაბული ავიტუზე და
ყური, როგორც ლურსმითა, კარებზედ მივაკარ. გიტოს ზურგი ჩემკენა
ჰქონდა შემოქცეული და ისე იდგა, დათიკო კი წინა და უკან დადიოდა
ოთახში. ბოლოს დათიკო გაუსწორდა გიტოს, შედგა და ჰკითხა:
— პეპიას სახლი იცი?
— თუ მიბძანებ, გიახლები, — უპასუხა გიტომ.
— გინახავს იმის გოგო?
— როგორ არა, შენი ჭირიმე! აბა გოგო ის არის, აი! იმისი ბადალი
დუნიაზედ არ იქნება.
— მაშ თუ აგრეა, შენ იცი და შენმა ბიჭობამ.
— ჩემი კისერი გახლდეთ. მერე გასათხოვარიც არის!..
— თუ კაი ჩოხა გინდა, თუ არა და კატასავით სარზედ ჩამოგარჩობ.
— ბატონი ბძანდები, ადვილია. მარტო ეს არის ძნელი, რომ იმ გოგოს
საყვარელი ჰყავს და ცოლ-ქმრობაც ნათქვამი აქვს. მაგრამ, რაც უნდა იყოს,
დედაკაცია: ერთი ჩაქსულა კაბა და იმისი ჯანი.
— ნამუსწართმეული ხომ არ არის ჯერ?
— უცოდველია, როგორც გვრიტი.
— ვინ არის იმის საყვარელი?
— ჩვენი გაბრო.
— გაბრო?!. — გააგრძელა დათიკომ სიტყვა და ჩაჩუმდა.
მე სმენად გადავიქეც, ვსთქვი, რომ ან აი ეხლა, ან ცოტა ხნის შემდეგ
დათიკო იტყვის, თავი დამინებებიაო, გიტო ნუღარ გაირჯებიო. მაგრამ
მიმტყუვნა იმედმა და დათიკოს კაი კაცობამ იმოდენა სიკეთე ვერ შესძლო.
მოუბრუნდა გიტოს და გულ-დადინჯებულად, თითქო კაი საქმეს შვრებაო,
უთხრა:
— მეწყინა, ეგ რომ მითხარი, მაგრამ არა უშავს-რა. შენ, რაც გითხარ, ისა
ჰქენი, მე და გაბრო მოვრიგდებით.
რა წამსაც ეს გავიგონე, გაბოროტებული გამოვტრიალდი და მოვშორდი იმ
ცოდვის-შვილებსა. რა ილაპარაკეს მას უკან, არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ მე და
დათიკოს შუა ხიდი მაშინ ჩატყდა და მეც გულში ერთი ძარღვი ჩამწყდა.
მოვრიგდებითო!.. ვაი შენს გაბრიელსა, რა ცუდად უცვნიხარ!..
საქმის დაგვიანება აღარ ევარგებოდა, უნდა მეხერხნა რამე, რომ საწყალი
გოგო მახეში არ გაბმულიყო. მაშინვე გავიზრახე, რომ პეპიასთან წავიდე და
ყველაფერი შევატყობინო. გლეხის ვახშმობა დიაღ გადასულიყო, როცა მე
პეპიას სახლთან მივედი. კაშკაში მთვარე იდგა და ასეთი მთვარის შუქი იყო
მოფენილი ამ ცოდვილს ქვეყანაზედ, რომ თითქოს ეს ქვეყანა სიწმინდით
არი განათებულიო. მე პეპიას შევასწარ თვალი სახლის დერეფანში. ის
საწყალი დაჩოქილიყო და ჰლოცულობდა. მე ფეხაკრეფით მივეპარე და
აქეთ ბოძს ავეტუზე. კარგა ხანს ბუტბუტებდა და გულში ხელს იცემდა ის
უბედური მამა, ბოლოს, თითქო თავი დაივიწყაო, გულამომჯდარმა მაღლა
ხმით შეჰბღავლა უფალსა: — შენთვის მომიბარებია ჩემი უცოდველი
თამრო!.. ნუ გაუმრუდებ გზას!.. ღმერთო, მფარველო მართლისაო, ნუ
დამანახვებ ჩემის შვილის მიწასთან გასწორებას!..
ადგა ის საცოდავი ადამიანის-შვილი, ხელი თვალებზედ მოისო, თითქო
ცრემლს იწმენდსო, ერთი კიდევ ჩაიკრა გულში ხელი და გაემართა სახლში
შესასვლელად. მაშინ მივაძახე:
— პეპიას გაუმარჯოს!
— ვინა ხარ? თუ ავი სული არა ხარ, ამ დროს აქ რა ხელი გაქვს? — გამიწყრა
პეპია.
— ავსულობას ნუ მწამობ. მე შენთან მოსალაპარაკებელი მაქვს, — ვუთხარი
მე პირდაპირ.
— ვინა ხარ? ვინ?
— შენი კეთილის-მყოფი, გაბრიელი ვარ.
პეპიას ელდა ეცა: ალბად ბატონისაგან მოგზავნილი ვეგონე გოგოს
თაობაზედა; ამიტომაც მწყრალად და გაჯავრებით მითხრა:
— მე შენთან საქმე არა მაქვს-რა. თუ შენ კაი კაცი იყო, მზეს არ
დაემალებოდი. ამ დროს ძაღლსაც კი სძინავს!..
მითხრა ეს და გაიწია შინ შესასვლელად. მე ხელი მოვკიდე და შევაყენე.
— არ გეყურება, შე უბედურის დღისავ, რომ მძიმე საქმე მაქვს-მეთქი!.. —
ვუთხარი მე.
— შენის ბატონის პატრონს რა საქმე უნდა გქონდეს, თუ არ სულის
წასაწყმედი. რა გინდათ, შვილო, ჩემგან? როგორ არ გებრალებით ბებერი,
უღონო, უპატრონო კაცი? თქვენში ღმერთი არ არის?..
— ღმერთიც არის და ღვთისაგან ჩაგონებული სიკეთეცა.
— კარგი, კარგი! — გამაწყვეტინა სიტყვა, — კარგი! ვიცი, რა მადლიც
ტრიალებს თქვენ გულში, ვიცი!..
— ეს გული დამიწდეს, თუ შენი ღალატი შიგ იდოს, — მოვუჭერ მე სიტყვა
თამამად და გაბედვით.
— თუ ღმერთი გწამს, მე მამშორდი, ბევრი გველი მინახავს — ჯერ გულში
ჩასძვრენოდეს და მერე კი დაეშხამოს. შენის გამჩენის გულისათვის,
მამშორდი, ნუ შემამთხვევ ცოდვას. აი, ხომ ჰხედავ, უილაჯო ვარ. ჩემი
პირდაპირ მორევნა დიაღ ადვილია, მაგრამ მოტყუება კი ძნელია. დაანებე
თავი მაგ გატკბობილის ენით ჩემს ცდუნებასა, ჩემს საცოდაობაში მევე ნუ
შემარევინებ ხელს. მე რაღა ცდუნება მინდა? თქვენ რაღა ოსტატობა
გინდათ? მე რა შემიძლიან თქვენთან, ქვეყანა თქვენკენ არის. პირდაპირ
მოდით და მოწამლული ისარი მკარით გულში. რაღა ეშმაკობა გინდათ?
რაც გინდათ ისა ჰქენით. მე ღმერთს მივანდე ჩემი გულის წყურვილი, იმას
გაეცით პასუხი!..
საბრალოს გული ამოუჯდა და ტირილი დაიწყო. მეც მეტკინა გული: იმის
საცოდაობამ დამწვა.
— იმედ-დაკარგულო, უბედურო კაცო! — ვუთხარი მე გულთბილად და
გულნატკენად, — ღმერთი ხომ ჰხედავს, მე მოვსულვარ იმისათვის, რომ
შენთვის ჩემი თავი დავდო, რად მწამობ ავკაცობასა? რად არ მენდობი? მე
ხომ შენთვის ცუდი არა მიქნია-რა! ვაი შენ, ჩემო თავო! ცილს ნუ მწამობ
უმიზეზოდ. მაშ შენ გაბრიელი ვერ გიცვნია? ადრე და მალე აიგავოს
მტვერსავით ეს ობოლი თავი, თუ ადამიანის ღალატი ოდესმე გულში
გამტარებოდეს. ვაი შენ, ჩემო თავო! რად მირცხვენ ყმაწვილ-ბიჭობას?
სამაგისო რა მიქნია, რა? სულს ნუ წაიწყმედ ცილისწამებითა, ნუ!.. იმ
ღვთის გულისათვის, რომელსაც შენ წეღან ევედრებოდი, მომენდე მე და
მაშინ ჰნახავ, რაც კაცი ვარ. იმ ღვთის წინ გაძლევ ფიცს, რომ მე შენი
სიკეთისათვის ვარ აქ მოსული. დამიჯერებ, კარგია, არა და, — მე მაინც ჩემს
თავს შენთვის არ დავზოგავ!
ჩემმა სიტყვებმა იმას გული ჩემკენ მოუბრუნეს. მერე რა-რიგად? წამავლო
ხელი, მომეხვია და ჩემს მკერდზედ ზედ-დაკდომით ქვითინი დაიწყო.
— შენს ღმერთს აპატივე, შენს ღმერთს!.. — ჰბღავოდა საცოდავად პეპია, —
ღმერთი ხომ მოწამეა, შენგან ავი არა გამიგია რა, მაგრამ რა ვქნა? რა ვქნა
მე უბედურის დღისამ? შვილი მეღუპება, შვილი!.. ჩემი სისხლი, ჩემი
ხორცი!.. ერთად-ერთი შვილი ცოცხალი მემარხება!.. გესმის ეს, ჩემო
გაბრიელ! შვილს ვკარგავ, შვილო, მოდი და უნდო ნუ ვიქნები! შემინდევ!
შენს ღმერთს აპატივე, თუ გაწყინა რამე ბებერმა, ჭკვადაკარგულმა,
უბედურმა მამამა. რა ვქნა? ჩემი შვილია, ჩემი გულ-ღვიძლია, ჩემო
გაბრიელ! ვის მივენდო, ვის, ამ ცოდვით სავსე ადამიანის-შვილებში? ძმას
არ ვენდობი, ძმას, მაგ საქმეში, ღმერთო, ხომ შენ იცი. მაგრამ მაცდუნებ, თუ
არ მაცდუნებ, შენ კი უნდა მოგენდო. აჰა, ჩემი საბელი ყელისა!.. შენ იცი!..
გინდა გველივით გამსრისე, გინდა დამიხსენ წაწყმედისაგან! შენ იცი და
შენმა ყმაწვილკაცობის მადლიანობამა. მე არა შემიძლიან-რა, ხომ ჰხედავ!
შემიბრალე და ნუ დამანახვებ ჩემის თამროს უნამუსობას!.. შენის ხელით
დაეც დანა და დაგვიხსენ მამა-შვილნი ცოდვისაგან. მე ცოცხალი დამმარხე,
მიწა მომაყარე და მაგას კი ნუ მიზამ, რომ ჩემი თამრო... ვაიმე, შვილო!..
აქ მეტის გულის ამოჯდომისაგან საწყალს ხმა ჩაუწყდა, სიტყვა შაეკრა და
ენა დაება. ღმერთო! რამდენი ამისთანა ცრემლი იღვრება ამ შენგან
გაჩენილ დედამიწის ზურგზედ, მაგრამ სიავე ადამიანისა აქამდის არ
ჩაირეცხა. დიდება შენს მოთმინებასა!
მეც ამიყოლია იმისმა სევდამ და გულის-ტკივილმა. რომ არ შემრცხვენოდა,
მეც ვიტირებდი. ისე წელმოწყვეტილი, ისე გამშრალი ვიდეგ იმის წინ, რომ
ვერც ნუგეში ვეცი, ვერც იმედი მოვუმატე. ენა მე აღარ მიჯერებდა და
გონება. ვიდეგ ისე სულელსავით იმის წინ. მაგრამ ბოლოს კი, რომ ვნახე,
რომ გული ვეღარ დაიმორჩილა და სევდამ დაიბრიყვა, — ვუთხარი:
— გული დაიმშვიდე, კაცი ხარ, რომ სხვა არა იყოს-რა. ნუ გეშინიან, ისე არა
სწვიმს, როგორცა ჰქუხს. ღმერთი მოწყალეა, ყველანი კარგად ვიქნებით.
— ჰო, შენი ჭირიმე, გაბრიელ! — მიპასუხა იმან, — ეგრე, გეთაყვანე! შენს
ხელში ვარ, შვილო, შენ გეთაყვანოს ჩემი თავი. მართლა-და ღმერთი
მოწყალეა. ადრე და მალე რად ვითხელებ ჭკვასა და გონებას! იმისთანა რა
მიქნია, რომ ღმერთმა ჩვენზედ ხელი აიღოს. აი, გეთაყვა, ცრემლს
მოვიწმენდ და დავდინჯდები, ოღონდ მიშველე რამე, შენი კვნესამე, შენი!
მე კიდევ ვეღარა მოვახერხე-რა სათქმელად და გავჩუმდი. ბოლოს მაინც
კიდევ იმან დაიწყო:
— იცი რა, ჩემო გაბრიელ! მე წავალ, ბატონს ფეხ-ქვეშ ჩავუვარდები, ენით
ავულოკავ ფეხის ნატერფალს. გადვუკოცნი მუხლებს, — იქნება ღმერთი
შემეწიოს და როგორმე თავი შევაბრალო. ისიც კაცია, ჩემის სიბრალულით
და საცოდავობით მოლბება.
— შენ ბატონს კარგად ვერ იცნობ.
— მა რა ვქნა? — შემომბღავლა საცოდავად, თითქო ყველაფერზედ იმედი
გადუწყდაო.
— ეგ საქმე მე დამაცალე. შენი დახმარება მარტო იმისთვის მინდა, რომ
თვალ-ყური გეჭიროს, ნამეტნავად გიტოს გაუფრთხილდე. ის ძაღლი-კაცია.
როგორც მორიელი, ისე შემოგეპარება და დაგსუნთქავს. დანარჩენი მე
ვიცი.
— ეგრე, შენი ჭირიმე, ეგრე! ღმერთი იყოს შენი გადამხდელი.
კიდევ ერთმანეთს გავუჩუმდით. პეპიამ ჩაღუნა თავი და რაღაც ფიქრებს
გადაეკიდა. მეც ჩემი დარდი მედო გულში და იმ დარდმა გამიყოლია. კარგა
ხანი ვიყავით ჩაჩუმებულნი, მაგრამ ხან ის შემომხედავდა მე, ხან მე იმას
შევხედავდი და არაფერს კი ერთმანეთს არ ვეუბნებოდით. ვატყობდი, რომ
რიღაცის თქმა უნდოდა და თითქო ვერ ახერხებსო. მეც მინდოდა ერთის
რასმის თქმა, მაგრამ ვერა ვბედავდი, ცუდად არ ჩამომართოს-მეთქი. ჩემი
და თამროს ცოლ-ქმრობის პირობისა პეპიამ ჯერ არა იცოდა-რა.
— გაბრიელ! — მითხრა ბოლოს პეპიამ, — მე ერთი ქალი-ღა შემარჩინა
ბედმა და იმის მეტი მე არავინ არ მივის ამ ტრიალ ქვეყანაზედ. მოდი, ის
ცოლი და შენ ქმარი და მეც მამა თქვენი. ჰა, რას იტყვი შენ?
მე ჩემს ყურებს არ დავუჯერე ეს უეცარი ჩემის ნატვრის ასრულება და ჩემის
დარდის მოკვეთა. იმნაირმა სიხარულმა ისე დამიჭირა გული და გონება,
რომ გაშტერებით ყურება დავუწყე და მე სულელმა ვერა ვუთხარი-რა
პასუხად.
— რას გამიჩუმდი? — დამასწრო ხელახლად პეპიამ, — თუ არ გინდა, სთქვი:
მე მაგით გულს არ მატკენ. ცოლ-ქმრობა ნებითია.
— არ მინდაო?! რას ამბობ, ადამიანო? ჩემი ნატვრა ეგ იყო! ვენაცვალე ჩემს
იღბალს! ნატვრა თუ ასრულდეს, მაგეთი! ეჰ, დალახვრა ღმერთმა, ვერ
მომიხერხებია!.. პირდაპირ გეტყვი: ცოლ-ქმრობა ერთმანეთისათვის
ნათქვამიცა გვაქვს. ეხლა, რაკი შენი ნებაც არის, ჩემს ბედს ძაღლიც არ
დაჰყეფს. გიშველოს ღმერთმა შენც და ამ ქვეყანასაც, რომ ნატვრა ცარიელ
ნატვრად არა რჩება ცის ქვეშა.
ჩვენი ცოლ-ქმრობის ნათქვამობა რომ შეიტყო, რაღაც ნაღველმა
გადურბინა გაფითრებულ სახეზედა. ხმა არ გამცა. მე შევატყე, რომ კიდევ
ავ ფიქრს გადაეკიდა ის უნდო ადამიანი და ამიტომაც ზედ დავატანე:
— ცოლ-ქმრობა კი გვითქვამს, მაგრამ არც შენთან და არც ღმერთთან
პირშავად არა ვართ. ღმერთო, ხომ შენა ხარ მოწამე, ჩვენი სიყვარული
წმინდა არის, როგორც ანკარა მთის წყარო. თუ მზის შუქი წყაროს
აამღვრევს, მაშ ჩვენს სიყვარულსაც ჩვენი გული აუმღვრევია. ცამ რისხვით
მკითხოს და დედამიწამ არ მიმიღოს, თუ ცოდვა რამე ჩვენს გულში
ჩასახულიყოს. ნუ ჰშიშობ! ღმერთთანაც და შენთანაც ორნივე
პირნათლადა ვართ. ღმერთია ამის თავდები, ღმერთი!
დაიჯერა ჩემი ალალი სიტყვა. ის ალალი ადამიანი, როგორც მალე ავს
დაიჯერებდა, ისე მალე კარგსაც მიენდობოდა.
— მამკალ, აქვე ჩამაქვავე, ჩემო გაბრიელ! — მითხრა იმან ნანვითა, — აქავ
მიწასთან გამასწორე! ცუდი გული მაქვს — ეს ოხერი. უნდო ვარ, უნდო!
მერე საწყალი ჩემი გოგოც ძალიან მიყვარს!.. მამკალ, გამაქერ! ცუდის
გულის პატრონი ვარ მე ცოდვილი, ცუდის! შენ შვილი და მე მამა, მე
სულელს სხვა რაღა მინდა!
ისე თქვენ გაიხარეთ, როგორც გახარებული მე იმ ღამეს შინ წამოველ. რაღა
მინდოდა? ერთი ნატვრა მქონდა, ისიც ასე უცბად ამისრულდა. შინ რომ
მოვდიოდი, მე მეგონა ის კაშკაში მთვარე, ის მბრწყინავი ვარსკვლავები
ჩემს ბედს შეჰნატრიან-მეთქი. როგორც ცაზედ, ისე ჩემს გულში ერთი
ღრუბელი აღარ იყო. კეთილი ღამე იყო ის დალოცვილი ღამე! რა უნდოდა
ავკაცობას ჩემგან? რაზედ ჩამითრია და დამღუპა სასიკეთოდ
გამზადებული? ვინ იცის? იქნება ეხლა მე ვყოფილიყავ რიგიანი მუშა-კაცი,
ცოლშვილი გარს შემორტყმული მყოლოდა! რომ მოვმკვდარიყავ კიდეც,
დამტირებელი მეყოლებოდა, მიწას მაინც თავისიანი მომაყრიდა, ცრემლს
მაინც ჩემნი დამადენდნენ და ეგრე ძაღლისა და ნადირის შესაჭმელი არ
გავხდებოდი!.. შერჩეს ავკაცს ჩემი დაღუპვა... მე ხომ ამ ქვეყნისა აღარა
ვარ, ერთი ფეხი საფლავში მიდგას, დღესა თუ ხვალე ჩემი სულთამხუთავი
მოვა და სულს გამაფრთხობინებს, მაგრამ გულზედ სისხლი გადამესხმის
ხოლმე, როცა ამას ვიგონებ.
ის დალოცვილი მღვდელი ხშირად მარიგებდა ხოლმე, რომ მტერსაც
პატივება უნდაო. მეც ვამბობ, მაგრამ მაგას მარტო ენა ამბობს და გულში კი
სხვა ბალღამი ტრიალებს. ღმერთო, შეგცოდე, მაგრამ შენგან გაჩენილს
ადამიანსა მარტო შენი სახე თუ მისცემია, თორემ გული კი არა. სულ
ტყუილია! მაინც ადამიანს მტერი არ შეჰყვარებია...
IX
იმ ბედნიერს ღამეს ჩემს თვალს ძილი არ მიჰკარებია: ლხინსაც ჭირსავით
ძილის გაფრთხობა სცოდნია.
ირიჟრაჟა თუ არა, მეც ფეხზედ ვიდეგ. წუხანდელი ღამის მადლი ისევ
გულში ტრიალებდა. შევხაროდი იმ რიჟრაჟ დილას, იმ ლურჯ ცასა, იმ
ნამით პირდაბანილს დედამიწასა და მე მეგონა, რომ ცაც და ქვეყანაც მე
შემომხარიან. ქვეყანაზედ მე, თამრო და პეპია რომ მაშინ მარტო
ვყოფილიყავით, სამოთხე სანატრელი აღარ იქნებოდა. მაგრამ ჩვენ გარდა
კიდევ ბევრნი იყვნენ და იმ ბევრში ჩვენი ბატონი დათიკოცა, რომელმაც
გიტოს უთხრა: მე და გაბრიელ მოვრიგდებითო. მომაგონდა ეს სიტყვები
და სამოთხე ჩემი თვალის დახამხამების უმალ ჯოჯოხეთად გადამექცა:
ჟრუანტელმა დამირბინა ტანში და ყოველს სახსარში ტკივილით გამიარა,
კბილებმა კრაჭუნი დამიწყეს, მუშტები თავისთავად დამეკუმშნენ, თითქო
ჩემი გზის ამრევი ხელში უნდა გამეწურაო. იმ წამს დათიკო რომ დამენახა,
მგონია, ძმა რომ ყოფილიყო, ძმა, — იმის დანახვა და იმის სულის
გაფრთხობა ერთი იქნებოდა ჩემთვის. ავკაცობაში ნუ ჩამომართმევ: უცბად
გამწარებული გული დაუნდობარია.
ბრაზმორეული გამოვედ ეზოს გარეთ და მეც თითონ არ ვიცი, რა გზით და
როგორ მივადეგ უეცრად პეპიას ბაღჩის ღობეს. რომ დავინახე ჩემი თამროს
ბუდის ღობე, თითქო გამოვფხიზლდი, გამომეღვიძა. გადავიხედე ღობის
იქით, — ჩემი თამრო მოსჯდომოდა გეჯას და ბაღჩის წყლის პირას
სარეცხსა ჰრეცხდა. ვაი, რა ლამაზი იყო იმ მშვენიერს დილას ის მშვენიერი
ქალი! არ ვიცი, დილა იმას ამშვენებდა, თუ ის დილასა.
იმის შორი-ახლო თოხის ტარზედ დაბჯენილი იდგა პეპია და თამროს
ელაპარაკებოდა. მე სმენად გადავიქეც.
— ეი, შენ, ეი! პატარა ეშმაკო! — ეუბნებოდა პეპია თამროს და თითს
უქნევდა, — ეგ რეები ჩაგიდენია, ჰა? მე ვიცი შენი!
— რას ამბობ, ადამიანო, ნეტავი ვიცოდე? — უპასუხა თამრომ და შეაჭყიტა
თავის მაყვალი თვალები, — რა ჩამიდენია?
— ჰმ, რა ჩაგიდენია!.. მითამ არ ვიცი, მითამ არც შენ იცი, თავი მოიკატუნე.
მე ჩიტმა ამბავი მომიტანა.
— რას ამბობ, ადამიანო, რას?
— აი, შე მასხარავ, შენა! შეგრჩეს, რომ მამასაც უმალავდი, შეგრჩეს!
— მამას მზემ და თავი არ მამიკვდეს, მე შენი ლაპარაკი არ მესმოდეს.
— დამაცალე, შე ცუღლუტო, დამაცალე! — ეუბნებოდა პეპია და სახე კი
უცინოდა, — ასეთს კაცს მიგათხოვო, რომ სულ შენი დღენი გაწყევლინო,
დამაცა!
— ცხადივ ამბობ, ადამიანო, თუ სიზმრივ? რაებს ამბობ?
— სიზმარს გეუბნები. როცა ერთ რეგვენს ქმარს მიგათხოვებ, მაშინ ეს
სიზმარი აგიცხადდება. დამაცა!..
— ახა, ღმერთო ჩემო, რას გადამკიდებია.
ეს რომ სთქვა თამრომ, გაჯავრდა და ისე ღონივრად დაუწყო სარცეხს
სრესა, თითქო ჯავრი ამაზედ უნდა ამოიყაროსო.
— მაშინ სხვა-რიგად დაუშტვენ, — უთხრა პეპიამ.
— დავუშტვენ რა, ბულბული ვარ? — ტუჩებ-აბრეცით ბუტბუტებდა ლამაზი
გოგო.
— აი, ალილო და ხვალაო, — მაინც არ იშლიდა თავისას პეპია, — მე კი
მიყივლია და...
— რა გიყივლია? — სთქვა და დააცქერდა შვილი მამასა.
— რომ რეგვენ ქმარს მიგცემ.
— კიდევ!.. უწინამც დღე გაჰქრობია.
— რაო? არ მოგდის გუნებაში?
— მამი, ღვთის გულისათვის დამეხსენ. რა ცუდ გუნებაზედ ამდგარხარ!
— არ დაგეხსნები, შე ცუღლუტო, შენა!
— გუნებას ნუ მირევ, დამეხსენ-მეთქი.
— მე შენთვის ქმარი მიშოვნია.
— თუ გავთხოვდე, მაშინ.
— მაშ არა სთხოვდები?
— არა.
— რატომ?
— მიტომ?
— მაინც?!
— იმიტომ.
— არავის შეირთავ, არავის?!
— ორ ხელმწიფის შვილიც რომ იყოს, არ შევირთავ. ეხლა? არ დამეხსნები?
— მაშ შენ, როგორც გატყობ, არც გაბრიელს შეირთავ.
უთხრა ცდითა პეპიამ და ღიმილით დააცქერდა შვილსა. მე თამროს
შევხედე. იმას შერცხვა, ალმური აუვიდა ლოყებზედ, თავი ჩაღუნა,
ვერაფერი ვერა უთხრა-რა მამას პასუხად. მიუბრუნდა ისევ სარეცხს და
უგულოდ სრესა დაუწყო, თითქო გარეცხა კი არ უნდა სირცხვილის
გაქარწყლება უნდაო.
— არ შეირთავ? — დაიწყო ისევ პეპიამ, — ბატონი ხარ, მე ძალას არ
დაგატან.
თამრომ ერთი შემოჰხედა ქვეშ-ქვეშად მამასა და მერე ღიმით ისევ ჩაღუნა
ლამაზი თავი.
— მოლოზნობა ხომ არ გინდა, დედო? — გაუხუმრა კიდევ პეპიამ, — ეგეც
შენი ნება იყოს, მაგაზედაც ყაბული ვარ. ხმა ამოიღე. რატომ ჩაგივარდა ეგ
შენი ტიკტიკა ენა? არ გეყურება, გელაპარაკები?
მისწვდა პეპია და თამრო წამოაყენა. ის არ გაუძალიანდა და წამოდგა.
— პირობა თუ მიგიცია ვისთვისმე!.. იქნება მახეში მოიმწყვდიე ვინმე!.. —
უცინოდა პეპია.
— იი, დამეხსენ!.. რას გადამეკიდე, ადამიანო?
— სთქვი, აბა სთქვი, — ვინ გააბი მახეში.
— იჰ, ბეჩავ, რა გინდა ჩემგან? — ფხუკიანობდა თამრო.
— აბა, თუ ქალი ხარ და მეტყვი.
— ახა, ღმერთო ჩემო! არ დამეხსნები? ქა! იჰ...
გამოეცალა ხელიდამ თამრო და გაექცა მამასა.
— აქ მო, შვილო! გვეყოფა ხუმრობა, — უთხრა ეხლა კი ხუმრობა-გაშვებით
პეპიამ, — თუ შენ თქმასა ჰთაკილობ, აქ მო, ჩემო იმედო, მე გეტყვი. მამისა
იმას უნდა ეთაკილებოდეს, ვინც მამასთან პირშავია. შენ იმისთანა არა ხარ,
ჩემო სალხენო! აქ მო, შვილო, აქ!
თამრო შედგა. პეპიამ იმისკენ გასწია. მამა მივიდა შვილთან, მკლავი
კისერზედ გადაჰხვია და მეტად გულთბილად უთხრა:
— მე გაბრიელმა ყველაფერი მითხრა, ჩემო კარგო! მე ყველაფერი ვიცი.
ღმერთმა ერთმანეთს შაქრის-ყინულსავით ტკბილად შეგაბეროთ. შენს
მეტი ვიღა მაბადია, შვილო, შენი კვნესამე, შენი!.. თუ შენ ბედში მეყოლები,
მე რაღა მომკლავს. გაბრიელი კაი ალალი ბიჭია, კაი ხელღონიერი, ჯანიანი
ბიჭია. გლეხკაცს მეტიც არა უნდა-რა. ისე გაგიფრთხილდება, როგორც
თავის ორ თვალსა, ჩემო იმედო ქვეყნისავ! კაი პატრონი მოგცა ღმერთმა,
მადლი უფალსა! მე ეხლა თუნდა შენს კალთაში სულიც დავლიო, მაგდონს
არას ვინაღვლი. რის დარდიღა უნდა მქონდეს? თუ ღმერთი შენს
შვილიერებასაც შემასწრებს, ხომ ძაღლიც არ დაჰყეფს ჩემს ბედსა, — თუ
არა და ეგეც ნება ღვთისა იყოს, ვენაცვალე იმის მადლს! გაბრიელი,
მართალია, ღარიბი ბიჭია, მაგრამ გლეხკაცი ღარიბობით არ დაიწუნება.
ქვეყანა ღონიერია, მარტო ერთი მკლავის გაქნევა უნდა. თავს ყველა
დაირჩენს. თუნდ ეგეც არ იყოს, ღვთის წყალობა ბევრი მაქვს. მე რა ოხრად
მინდა? პური, ღვინო, მამული — სულ თქვენია. ღმერთმა, ობლების
პატრონმა, ყველაფერი მშვიდობაში მოგახმაროთ, შვილო! მეც, მინამ
ცოცხალი ვარ, ვიცოდვილებ თქვენს სადღეგრძელოდ და როცა მოვკვდები,
თქვენ იცით, შვილო, და თქვენმა კაი ადამიანობამ, მკვდარს როგორც
მომივლით...
მე ამის გამგონმა იქ ვეღარ ვიდგომილე. იმისთანა ტკბილის მამაშვილობის მაყურებელსა გული ლხენით ამიტირდა, ცრემლი თვალში
მომერია. ვაი, რა კარგია ხოლმე ხანდისხან ეს უხეირო წუთის-სოფელი! ავკარგიანი ყოფილა, შენი ჭირიმე, ეს ქვეყანაცა. იმ მამისა და შვილის
ლაპარაკმა გულის სიმწარე ჩემი გამინიავა, სიკეთის იმედი კიდევ ჩამესახა
გულში და კაი გუნებად შევიქენ. მტრობამ გულში ვეღარ იდგომილა.
ვთქვი ჩემს გულში: — მე იმათ დავუშლი, რომ გამოვუჩნდე-მეთქი, ავდეგ და
შინ წამოვედი. რით გათავდა იმათი ლაპარაკი, — არ ვიცი. ეს კი ვიცი, რომ
იმ წამს ისინი ბედნიერნი იყვნენ.
გადიოდნენ დღენი და ღამენი. მე თვალგაფაციცებით გულისყურს
ვადევნებდი დათიკოსა და გიტოს. მე ვატყობდი, რომ რამოდენიც მეტი
ხანი გავიდა, იმოდენად დათიკომ ჩემზედ გული შეიცვალა. ორ მტერსავით
ერთმანეთს ველოდით, — აბა წინ ვინ დაიწყებს ომსაო. მაგრამ მინამ საქმე
ომამდინ მიდგებოდა, მე მინდოდა დათიკოსთან მომელაპარაკნა პეპიას
ქალის თაობაზედა და ვცდილიყავ როგორმე დამეყოლიებინა ისე, რომ
ხელი აეღო თამროზედ და ჩვენში ისევ სიყვარული ჩამოვარდნილიყო.
იმის ავკარგიანობის იმედი მქონდა, მაგრამ იმედმა მიმტყუნა.
რაღა გაგიგრძელო სიტყვა: გიტო ვერაფერს გახდა, სალაპარაკოდაც არ
შევახვედრეთ მე და პეპიამ თამრო. ამან უფრო გაააფთრა დათიკოს
ჟინიანი და მურტალი წადილი. აშკარაა, ამის მიზეზი მე ვეგონებოდი,
ამიტომაც მე დათიკომ ხაფანგი დამიგო და ქვეშ მომიმწყვდია. როგორ
მეგონებოდა, რომ იმისთანა ვაჟკაცი ეგრე მხდლად მომექცევოდა.
ერთხელ, დილით, დათიკოს დავეძახნე და მე შინ არ ვიყავ. როცა მოვედი,
კიდევ დამიძახა და შემიყვანა თავის ოთახში.
— სად ბძანდებოდი, ჩემო შერმადინ? — მითხრა დაცინვით დათიკომ.
— არსად, ისე დავეხეტებოდი.
— ასე ადრე?
— რაც შენთვის ადრეა, ის ჩვენთვის ადრე არ არის.
— ეგ გადაკვრით ლაპარაკი რად იცი შენ?
— ეგრე გავუჩენივარ ღმერთს...
— ყური დამიგდე: შენ რაღაც ნაღველი გაქვს და მე მიმალავ.
— იქნება.
— არა, თუ ღმერთი გწამს.
— მართალს მოგახსენებ.
— მოდი, მითხარ, — რა ნაღველი გაქვს.
— თქმა ადვილია, ბატონი ხარ, გეტყოდი, მაგრამ შენთვის რა
ხელსაყრელია?
— ეგ მე ვიცი.
— მე რატომ აღარ უნდა ვიცოდე?
— შენც შეიტყობ.
მე ძალიან გამიხარდა, რომ ჩემი საქმე ასე მოეწყო და ამიტომაც პასუხად
პირდაპირ ვუთხარი:
— თუ აგრეა, მოგახსენებ: მე პეპიას გოგო მიყვარს და ჯვარი უნდა
დავიწერო.
— მერე რა გიშლის?
— პეპია ცოლზედ მგლოვიარედ არის, სულ ექვსი თვე არ არის, რაც ცოლი
დამარხა და ჯერ-ხანობით ეს მიშლის.
— სულელი ჰყოფილხარ.
— რადა?
— რომ ჯვარს იწერ.
— მაშ?
— მაშ ისა, რომ ქალი ჟინის საკლავად არის კარგი და არა ზურგზედ
ასაკიდად. მაგრამ მე არ გიშლი, დაიწერე ჯვარი. მზითევი და შენი
დაბინავება ჩემი კისერი იყოს.
— შენ რა შუაში ხარ, რომ მზითევს მპირდები? — ვკითხე თამამად.
შევატყე, რომ ჩვენი საქმის კვანძი აქ იხსნებოდა.
— ქალი ჩემია, — მითხრა იმან უსირცხვილოდ, — და მზითევსაც იმიტომ
გპირდები, რომ ჯერ ჩემი იქნება.
— ეგ რა სთქვი? — წავძახე მე კანკალით.
— ისა ვთქვი, რაც შენ გაიგონე, — მითხრა იმან დინჯად.
— დათიკო! მე გლეხკაცი ვარ და შენ ბატონი, — ვუთხარი მე
გულმხურვალედ და ვედრებითა, — გევედრები, გზიდამ ჩამომეცალე.
გულიდამ ნუ ამომარეცხინებ შენს სიყვარულს, შენს ერთგულებას და
ინაცვალე ჩემი ობოლი თავი. დათიკო! თუ ღმერთი გიყვარს და შენი
გამჩენი გწამს, თავიდამ მოიშორე იმ გოგოზედ ფიქრი. ნუ ამაყრევინებ
შენზედ გულსა, შენთანა ვარ შეზრდილი. შენი ჭირიმე, დათიკო, ცოდვას
დამხსენ!.. მაგისთანა ვაჟკაცი ხარ და შენი გული როგორ ვერ
დაგიმორჩილებია! მადლი ჰქენ და ჟინი მოიკალ: ყველას დაგითმობ და იმ
გოგოს ნამუსს კი არა. ის გოგო ჩემია.
— ჯერ ჩემია-მეთქი, — გამაწყვეტინა სიტყვა, — მერე თუნდა შენი იყოს,
თუნდა სხვისა.
— დათიკო! შენი ჭირიმე, ხიფათს ნუ შემამთხვევ, ცოდვაში ნუ გამხვევ!
დამითმე ის გოგო და შენს ღმერთს დაამადლე.
— როცა მე ჩემსას ავასრულებ, მერე შენთვის დამილოცნია.
— მართალს ამბობ და აღარ ჰხუმრობ? — ვკითხე და გული ყელში
მამებჯინა.
— შენი ცალი ვიქნები, რომ შენ გეხუმრო.
— მაშ გაბრიელს თავზედ ქუდი არ ეხუროს, თუ შენ შენი წადილი
შეისრულო.
— თუ ღმერთი გწამს, წინ არ გადამიდგე!.. — მითხრა იმან უკადრისად და
დაცინვით.
— წინაც გადაგიდგები და მეტსაც გიზამ.
— მემუქრები თუ?
— ძალი შემწევდეს ქადილსა, ფრიდონისა არ იყოს.
— შენი შერცხვენილი იყოს, ვინც შენისთანას შეუშინდეს.
გულმა ბაგა-ბუგით ცემა დამიწყო, მკერდში გული აღარ მეტევოდა.
დათიკოს მოკვლის სურვილმა ელვასავით გამირბინა ფიქრში, მაგრამ თავი
დავიჭირე, დავძლიე ეშმაკის ცდუნება.
— დათიკო! სად მიგყევარ? ნუ გამწირავ, შემიბრალე შენი გაბრიელ!..
— წყალსაც წაუღიხარ.
— გოგოს მარტო მე უნდივარ, დათიკო! ღმერთთან ცოლ-ქმრობის პირობა
მიგვიცია...
— ღმერთმა შენც შეგარცხვინოს და თქვენი პირობაცა.
— დათიკო! შენ შენს ბედისწერას აუტანიხარ.
— დამეკარგე აქედამ!
— დათიკო!.. არ გეცოდება იმისი დროული მამა? იმის მეტი შვილი არა
ჰყავს. ნუ დაასხამ თავზედ ლაფს, ნუ დაეწყევლინები...
— აქედამ გამეცალე-მეთქი, — შემომჭყივლა.
— დათიკო! არ გებრალება ის ღვთის სული, უცოდველი გოგო? ნუ წაართმევ
ნამუსს! მე მაჩუქე იმისი თავი.
— მერე შენ გაჩუქებ.
— მერე და არა ეხლა?.. ფუ, მაგ ნამუსს და მაგ კაცობასა!.. — შევძახე ესა
იმედ-მოშორებულმა და გაბრაზებულმა, გავიძერ ხანჯალი, და გადავდგი
ბიჯი თუ არა დათიკოსაკენ, მეორე ოთახიდამ გამოცვივდნენ სამი
დამალული ბიჭი, მომცვივდნენ უკანიდამ და გამაკავეს. ხანჯალი ხელიდამ
გამვარდა. თურმე ეს წინათვე განეზრახა დათიკოს, წინათვე ყველაფერი
გაემზადებინა, რომ მე სამართალში მივცემოდი და ამით მე თავიდამ
მოვეშორებინე. მე რა ვიცოდი? ერთი კი ძალ-გულიანად შევბღერტე ჩემი
დამჭერები, იქნება ხელიდამ წავუვიდე-მეთქი, მაგრამ იმ დალოცვილისშვილებს რკინის ჭახრაკისებ მაგრა ვეჭირე.
— ფუ, მაგისთანა ვაჟკაცობასა!.. ფუ, მაგისთანა თავადიშვილობასა!.. —
შევკივლე უილაჯომა დათიკოს, — მაინც კიდევ გზას გიპოვი და შენს
უნამუსობას ქათამსავით ზედ წაგაკლავ!..
დათიკომ პასუხი არ მომცა. ბიჭებს უბძანა და მე დიანბეგთან წამიყვანეს.
დიანბეგმა ყველაფერი გამომკითხა, მეც ყველაფერი ისე ვუამბე, როგორც
იყო. არა დამიმალავს-რა. რომ გავათავე ჩემი ამბავი, მკითხა:
— მაშ შენ და პეპიამ შეჰკარით პირობა ერთად, რომ შენი ბატონი დღეს
დილით მოგეკლათ?
მე გამაოცა ამ კითხვამ. ვიფიქრე, იმ საწყალ ადამიანის გარევაც უნდათმეთქი ამ საქმეში და ეგრეთ იმის ბოლოს მოღებაცა-მეთქი ფერი მეცვალა,
მაგრამ რას ვუშველიდი?
— ცოდვას ნუ აიღებ, დიანბეგო, კისერზედ, — ვუთხარი მე, — პეპია ამ
საქმეში ღმერთსავით ალალია და უცოდველი.
— ნუ მიჰქარავ! — გამიწყრა დიანბეგი, — მაშ იმ ღამეს რომ პეპიასთან იყავ,
რას აკეთებდი?
— აბა რა ღამეს?
— აი, დერეფანში რომ ჰლაპარაკობდით.
— ღმერთი, რჯული, არც მაშინ და არც მერე, ბატონის მოკვლის ფიქრი ჩვენ
გულში არ გაგვიტარებია!
— აბა, ძალიან დაგიჯერებ, აი! მაშ რისთვის იყავ, თუ არ მაგისათვის?
მე ვუამბე გულმართლად, რაც მაშინ მე და პეპიამ ვილაპარაკეთ.
— მამი-შენის ცხონებას, არ მამატყუო!.. — დამცინა იმ უსამართლო
მოსამართლემ.
ჩემი ნათქვამი სულ ერთიანად დაწერა და მითხრა — ხელი მოაწერეო. მე
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გლახის-ნაამბობი - 5
  • Parts
  • გლახის-ნაამბობი - 1
    Total number of words is 3876
    Total number of unique words is 1957
    26.0 of words are in the 2000 most common words
    35.9 of words are in the 5000 most common words
    41.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 2
    Total number of words is 3921
    Total number of unique words is 1841
    27.5 of words are in the 2000 most common words
    37.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 3
    Total number of words is 3909
    Total number of unique words is 1935
    26.5 of words are in the 2000 most common words
    36.5 of words are in the 5000 most common words
    42.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 4
    Total number of words is 3942
    Total number of unique words is 1842
    25.6 of words are in the 2000 most common words
    34.4 of words are in the 5000 most common words
    39.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 5
    Total number of words is 3901
    Total number of unique words is 1958
    25.4 of words are in the 2000 most common words
    35.2 of words are in the 5000 most common words
    41.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 6
    Total number of words is 412
    Total number of unique words is 290
    36.8 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.