Latin

გლახის-ნაამბობი - 5

Total number of words is 3901
Total number of unique words is 1958
25.4 of words are in the 2000 most common words
35.2 of words are in the 5000 most common words
41.0 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
წავიკითხე, ქართულად ნაწერი იყო. რაც ლაპარაკი გვქონდა მე და
დიანბეგს, სულ სიტყვა-სიტყვით ეწერა. მეც უშიშრად ხელი მოვაწერე.
დიანბეგმა უბძანა: გამიყარეს ბორკილი და სატუსაღოში შემაგდეს.
ვეგდე მარტოდ-მარტო იმ საძაგელ სამყოფელოში. რა გითხრათ, რა ჭირი
გამოვიარე იმ ერთს დღეს და იმ ერთს ღამეში!.. გულმა ღრღნა დამიწყო,
სისხლი ძარღვებში გამიყინდა, ტვინი კი მეწოდა. ძნელია, შენი ჭირიმე!
ბრალიანი კაცი ყველაფერს აიტანს, რაც უნდა სატანჯველი იყოს. ვაი იმას,
ვინც უბრალოა!.. მაშინ... უჰ, მაშინ... ღმერთმა დაიფაროს ყოველი
ქრისტიანი და ყველა ადამიანის შვილი... როგორც ცოფიანი ძაღლი, თავს
შეიჭამს უბრალოდ სატანჯველს მიცემული კაცი. ვისაც არ გამოუცდია ეს
დღე, იმან არ იცის — რა მწვავეა. ღმერთმა ნურავის გამოაცდევინოს.
ჩემი თავის ჯავრი ხომ მკლავდა და მკლავდა, პეპიას და იმის გოგოს
ნაღველი უფრო ცეცხლს მიკიდებდა. სწორედ გითხრათ, მე ჩემი თავი
ძალიანაც არ მენანებოდა: მე ერთი უთვისტომო ბიჭი ვიყავ. რაკი საქმე ასე
მოხდა, თუნდა თოფითაც დავეხვრიტეთ, ბევრი არა მენაღვლებოდა-რა. რა
დედ-მამა ამიტირდებოდა, რა და-ძმანი ამიგლოვდებოდნენ? ერთი კაცი
ვიყავ, წავიდოდი და მტვერი მტვრად ვიქცეოდი. ქარი დამქროლავდა და იმ
მტვერსაც აჰგვიდა დედამიწის ზურგიდამა. ისინი მებრალებოდნენ, ისინი!
მე ვიყავ იმათი გულშემატკივარი ამ ტრიალს ქვეყანაზედ, მარტო მე!.. ვაი
რომ უხეიროდ თავი წავიხდინე!.. ეგრე უხეიროდ რომ არ გავფუჭებულიყავ,
მე ვიცოდი, რა კაცობასაც მე იმათ გავუწევდი, მაგრამ აღარ დამცალდა.
იღბალმა აქაც წამიცდუნა და მიღალატა. ვაი, რომ ჩემს მტერს, ჩემის
უხეირობით, გზა დავუცალე!..
სამს თუ ოთხს თვეს უკან მოწმეების კითხვა გაათავეს და მე დიდ
სატუსაღოში გამგზავნეს ჩვენ პატარა ქალაქს, საცა ნაჩალნიკი და
სასამართლო იმყოფებოდა.
ორი წელიწადიც იმ სატუსაღოში ვეგდე. ამ ორ წელიწადში სულ მარტო
ვიყავ ერთს უწმინდურს პატარა და ბნელს ოთახში. რამდენი ათასი ფიქრი
მამივიდა და წამივიდა, ვინ მოსთვლის? მე კარგად ვიცოდი, რომ
დანაშაული არა მქონდა-რა, მაგრამ ესეც ვიცოდი, რომ, თუ ღმერთზედ და
სამართალზედ ხელს აიღებდნენ, ციმბირს იქით გადამაცილებდნენ.
პირველ ხანებში რომ მამგონებია ჩემი უბრალოება და ის ტანჯვა,
რომელსაც მე მიმცეს, დავცემულვარ იატაკზედ და უილაჯობით მიწა
მიღრღნია, კბილით ხორცი მიგლეჯნია, თითებიდამ ჩემი სისხლი
მიწოვნია. ასეთი დღე დამდგომია. დრო ყოფილა, რომ შხამს
გამოვაჟენთებდი, შხამს, ჩემის დაშხამულის გულიდამ და წვეთ-წვეთად
ჩავაწურებდი ჩემს დამღუპველსა, რომ იქ შემხვედროდა. მაგრამ ის სად
იყო? ღმერთო, მაღალო, ნურა ქრისტიანს კაცს, ნურა ადამიანს ნუ მიაყენებ
იმ დღეს, რაც მე ხანდისხან იმ სატუსაღოში დამდგომია!.. შენი ჯოჯოხეთი
იმასთან სამოთხეა.
ორის წლის შემდეგ მე განაჩენი წამიკითხეს. მე ხაროს სათხრელად
დავენიშნეთ და საწყალი პეპია საციმბიროდ გაეხადნათ. ღმერთო! რაღას
იცდი და არ წარღვნი ამ ცოდვით სავსე ქვეყანასა!
X
შვიდმა თუ რვა თვემ კიდევ გაიარა და ბოლოს მითხრეს, რომ შენი
გაგზავნის დრო მოვიდაო. აქამდინ მე სულელი კიდევ რაღასაც ველოდი:
მეგონა ღვთის სამართალი კიდევ გაიღვიძებს-მეთქი და მართალს
გამამართლებენ. ამაშიაც მოვსტყუვდი.
შემხსნეს ძველი ბორკილი, გამიკეთეს ახალი, უფრო მაგარი და სატუსაღოს
გალავანში გამომიყვანეს. გაზაფხულის პირი იყო.
გალავანში თხუთმეტიოდ სამგზავროდ გამზადებული სალდათი მწკრივად
იდგა. გამოიყვანეს სხვა ოთახებიდამ სხვა ტუსაღებიცა. მე გარინდებული
ვიყავ და ისე უგულოდ ვუყურებდი თითო-თითოდ გამომავალს ტუსაღებსა.
ბოლოს ორი თათარი გამოიყვანეს და იმათ უკან მოსდევდა ბორკილის
ჩხარა-ჩხურით ერთი ტანში მოკაკული, დროული გრძელ-თეთრ-წვერა
ტუსაღი: თავი ჩაეღუნა და მზეს არ უყურებდა, თითქო მზეცა და ქვეყანაცა
იმისთვის აღარ იყო. დავაკვირვე თვალი და, ვაი იმის მნახავს! — პეპია
ვიცანი. მე აქამდის იმის იქ ყოფნა არ ვიცოდი. პეპია იყო, მაგრამ რა პეპია!..
ვეღარ იცნობდი, ისე მომკვდარიყო და გამოცვლილიყო!..
— პეპიავ, კაცო, შენა ხარ? — გაოცებით შევყვირე საცოდავსა. იმან თავი
მაღლა აიღო და შემომხედა.
— შვილო, გაბრიელ! — დაიბღავლა საცოდავის ხმით, — შენც აქა ხარ?
მოგიკვდეს თავი, საცოდავო პეპიავ! ჩემი თამრო აბა ეხლა კი ცოცხალი
დამარხული იქნება!.. ვაიმე, შვილო! ყველა იმედი შენის დახსნისა ეხლა
დამეღუპა, აი!..
შემოიკრა ორივე ხელი თავში, მუხლი ჩაეკეცა და ხმამაღლა ქვითინი
დაიწყო. მე იმის საცოდავობამ დამწვა.
— შენ რაღად, ჩემო გაბრიელ? შენ რაღად, რაღად? — ქვითინებდა ის
ტანჯული კაცი: — ვთქვათ მე იმისათვის, რომ უბედურის შვილის უბედური
მამა ვარ, შენ რაღად, შე უბედურის დღისავ!
— მეც იმიტომ, ჩემო პეპიავ, — ვუპასუხე მე გულამომჯდარმა, — რომ შენი
სიკეთე მოვინდომე. მაგრამ ეხლა აღარა გვიშველის-რა. ჩვენ სამნი
უილაჯონი ვართ და იმისაკენ კი მთელი ქვეყანა ყოფილა. ნუ სტირი.
ცრემლს ამ ქვეყანაში გასავალი არა ჰქონია, — ტყუილად ნუ ჰღვრი.
ღმერთი გვიპატივებს, თუ კაცმა ვერ გვიპატივა.
— ეჰ, ჩემო გაბრიელ, არც ღმერთი ყოფილა ჩვენკენ! ვაიმე, შვილო
თამრო!.. შენს ნამუსს ღმერთიც ვეღარ დამიბრუნებს. გათავდა ყველაფერი
ჩემთვის! ამ ქვეყანაზედ მე აღარა დამრჩენია რა...
იქნება საწყალს პეპიას კიდევ რაღაცა ეთქვა, მაგრამ სალდათმა წამოუარა,
თოფის კონდახი წამოჰკრა და წამოაყენა. მეც ჩამაჩუმეს.
უფროსმა უბძანა, სალდათები გარს შემოგვერტყნენ და ბორკილის ჩხარაჩხურით ექვსი ტუსაღი გამოგვამგზავრეს. საწყალი პეპია და ერთი სნეული
ტუსაღი ძლივ მობობღავდნენ. გალავანს გარეთ რომ გამოვედით, პეპია და
ის სნეული ტუსაღი ურემზედ დასვეს. სიავეს შეჩვეულსა, ეს რუსების სიკეთე
გამიკვირდა.
შვიდს დღეზედ მყინვარის მთას დავუახლოვდით. საღამო ხანი იყო და ის
სოფელი, საცა იმ ღამეს ჩვენ უნდა შეგვესვენა, ჯერ კიდევ შორს იყო.
ჩამობინდდა. მეურმემ დაიძახა, ურემი გატყდაო. ყველანი შეგვაყენეს.
სალდათები გარს შემოგვისხდნენ, ზოგმა ჩიბუხის კეთება დაიწყო, ზოგმა
პურის ჭამა, ზოგი წამოწვა. ჩვენც ჩავსხედით. ტუსაღები ამბობდნენ, რომ
ხვალ საქართველოს მიჯნას გავცილდებითო.
გული მომიკვდა, ეს რომ გავიგონე, და დავღონდი. ჩემისთანა უთვისტომო
ადამიანისათვის ქვეყანა ყველგან ერთი უნდა ყოფილიყო, მაგრამ
ქართველისათვის საქართველო დიდი რამა ყოფილა. რაც უნდა იყოს, შენი
ჭირიმე, ჩვენი აკვანი საქართველოა, ჩვენი მამა-პაპის საფლავი
საქართველოა, ჩვენის ენის ქვეყანა ეს არის, ჩვენი სიტყვა-პასუხის გამგონი
ეს არის, ჩვენი მზე აქ არის და ჩვენი მთვარე, და თუ გული გაქვს — გულიც
აქ არის, თუ სიყვარული გაქვს — სიყვარულიც აქ თუ იქნება, თორემ სხვაგან
სადა? სადაური სად მივყევართ, — ვკითხავდი ჩემს თავს ტკივილითა და
წუხილითა, — ეს ქვეყანა აღარ უნდა ვინახულო, აქაურმა მზემ აღარ უნდა
გამათბოს, აქაურმა მთვარემ შუქი აღარ უნდა მომფინოს!.. სიტყვა-პასუხის
გამგონი აღარ უნდა მყვანდეს!.. აქაურმა წყალმა წყურვილი აღარ უნდა
მომიკლას!.. აქაური სალოცავი აღარ უნდა ვილოცო!.. თამროც აქ უნდა
დამრჩეს უპატრონოდ!
ვწუხდი და ამ ფიქრებში ვიყავ. უეცრად ცხენების თქაფა-თქუფი შემომესმა.
წამი არ დასცალებია, რომ ხუთი თუ ექვსი ცხენოსანი ზედ წამოგვაწყდა.
დასჭყივლეს რუსებს, ჩვენ კი გვითხრეს: ვისაც შეგეძლოთ, თავს
უშველეთო. მალე მტერი თქვენ მოგიკვდეთ, მალე ის სალდათები
გაფრთხნენ, მაგრამ მერე კიდევ შემოგროვდნენ და სროლა ასტეხეს. ამ
ალიაქოთში მე და პეპიამ დრო ვიხელთეთ და გზის გადაღმა თავ-თავ-ქვე
დავეშვით. ის ბერიკაცი ასეთი გამორბოდა, რომ ოცის წლის ბიჭი
გეგონებოდა. გამიკვირდა, მაგრამ მაშინ კი დავიჯერე, რომ გაჭირებას
ბევრი რამ შესძლებია. ჩვენ უკან აგვედევნა ერთი ცხენოსანი და, რომ
დაგვეწივა, მე ქლიბი მომაჩეჩა ხელში, გზა მშვიდობისაო, შემოგვძახა.
— თუ ღმერთი გწამს, ვინა ხარ? ბნელაში ვერ გარჩევ, გვითხარი შენი
სახელი და დაგვალოცინე შენი თავი, — შევეხვეწე მე.
— სახელი რად გინდათ? ვინცა ვარ, ის ვიქნები, — მიპასუხა იმან, — თუ
გინდათ დამლოცეთ: სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაჰკარგავს.
გვითხრა ეს, ჰკრა ცხენს მათრახი და ბნელაში მიგვემალა.
ცოტა თუ ბევრი უგზო-უკვლოდ ვიარეთ. პეპიამ სიარული ვეღარ შესძლო.
წამოვიკიდე საცოდავი ზურგზედ და, თუმცა ის ამას ჰთაკილობდა, ისე
წავიყვანე. დიდხანს არ მომინდა სიარული, იქავ ერთს უდაბურს ხევში
ჩავედით და იმ ღამეს იქ ვისადგურეთ. მე მაშინვე დავიწყე ბორკილების
გაქლიბვა და რიჟრაჟზედ ძლივ გავათავე იმათი გატეხა... დავწექ და
დავიძინე. მზე კარგად ამოსული იყო, რომ გამომეღვიძა. მაშინ მომაგონდა,
რომ ჩვენ ერთი ნამცეცი პური არ გვქონდა. შენი მტერი გახდეს, როგორც მე
მაშინ გავხდი. არ ვიცოდი, რა მექნა, ვისთან წავსულიყავი იმ ტუსაღის
ფარაჯითა? მაშინვე დამიჭერდნენ. პეპია, მართალია, არას ამბობდა,
მაგრამ ეტყობოდა, რომ საწყალს შიმშილი მოერია. როგორც იყო იმ დღეს
და იმ ღამესაც შიმშილი მოვითმინეთ, მაგრამ შველა კი არსით იყო.
გათენდა მეორე დილაც და იმედმა არსაიდამ მოგვიტანა ნუგეში. პეპია
საცოდავად გახდა, თვალები ჩაუძვრა, ლოყები ყბებშუა ჩაეკეცა და სულ
მოიშალა. მეც ძალიან ვიტანჯებოდი ცალკე იმის ყურებით, ცალკე
უიმედობით, რომ შველა არსაიდამ მეგულებოდა. პეპიამ ეს შემატყო და
მითხრა:
— შვილო გაბრიელ! ნუ მიწყენ კი და მე სიარული აღარ შემიძლიან. მე
შენთვის მეტი ბარგი ვარ: თავი დამანებე. მე ამ ქვეყნისა აღარა ვარ და არც
ამ ქვეყნისათვის გამოვდგები. შენ წადი, შვილო, ტყუილად ჩემის
გულისთვის ხელახლად თავს ნუ გაიფუჭებ. ისიც გეყო, რაც ჩემის
გულისთვის შენ მოგივიდა.
მე ეს სიტყვა ძალიან მეწყინა.
— რას ამბობ, შე უბედურო? — ვუთხარი მე თითქმის მწყრალად, — რომ
წავიდე, ვის ხელთ დაგაგდო? ღმერთს რაღა პასუხი გავცე?
— ღმერთს ჩემზედ დიდი ხანია, შვილო, ხელი აუღია. მე მაინც-და-მაინც
მგლისა და ყორნის ლუკმადა ვარ გაჩენილი. მე იმათ ანაბარას დავრჩები.
შენ კი ღმერთმა გზა დაგილოცოს, წადი და იცხოვრე ქვეყნად...
— მე წავიდე და ქვეყნის სირცხვილი ვჭამო!.. ვაი შენს გაბრიელს! ღმერთმა
ნუ ქნას, რომ გაბრიელმა ეგ იკადროს. შენ აქედამ ფეხს ნუ მოიცვლი, მეც
მალე მოვალ.
ეს ვუთხარი, დიდხანს არ ვიფიქრე და გააფთრებული წამოვედი. ერთს
მთის წვერს გადავადეგ და აქეთ-იქით ზვერა დავიწყე. მთის ძირში წყალი
აქაფებული მოჰხუოდა, წყლის აქეთ პირას გზატკეცილი მიიკლაკნებოდა.
მე იმ გზაზედ დავინახე ერთი ცხენოსანი.
დავეშვი მთიდამ ქვემოდ და უშიშრად მივუხტი იმ ცხენოსანსა. რომ
შევატყე სომეხია, ჩემის თავის იმედი უფრო მომეცა.
— ჩამოხე ცხენიდამ! — შევჭყივლე სომეხს. იმას ხუმრობა ეგონა
— ვა, ჩამოვხტე, რა შენი ყურმოჭრილი ყმა ვარ! — მითხრა იმან, — ვერ
მყურობ? კაცი თოფ-იარაღში ვზივარ.
დიდხანს აღარ დავაცალე, წავწვდი, თოფი გოთურგით ჩამოვაწყვიტე და
თამამად შევუტივე:
— ჩამოხე-მეთქი, თორემ მტვერსავით გაგანიავებ!
მალე მტერი მოგიკვდეს, მალე მე იმას ფერი ვაცვლევინე. რომ ჰნახა, რომ
აღარა ვხუმრობ, იკადრა ცხენიდამ ჩამოხტომა და შეშინებულმა მითხრა:
— ვა, ცხენისათვის როგორ გაწყენინებ! აჰა, მიირთვი თავის უნაგირით;
მარტო უნაგირი ოც-და-ხუთი მანეთია, ჰა! ცხენია რომა, თავის
შეკაზმულობით გეყოფა შენ საცხოვრებლად. მშვიდობაში, მე კი წავალ,
ხმასაც არ გაგცემ.
— მაგით ვერ მომატყუებ, ეგ ხმალიც შემოიხსენ.
— ბატონი ხარ, — აჰა, ეს ხმალიც.
— ქამარ-ხანჯალიცა.
— არც მაგაზედ გაწყენინებ, ჯეელი ბიჭი ხარ, მოგიხდება.
— ეგ დამბაჩაც გაიძრე წელიდამ.
— ესეც შენი ფეშქაში.
— ეგ ტანისამოსიც!..
— ვა! მე რაღა ჩავიცვა?
— ბევრს ნუ ჰლაპარაკობ, — დავუყვირე შეტევით.
— მაშ დაიცა, ჯიბეში ანგარიშების წიგნები მაქვს, სულ არაფერია, უბრალო
ბარათებია, შენ არ გამოგადგება. ერთი ის ბარათები ამოვიღო.
— ამაიღე, მაგრამ ერთი-ორიოდ თუმანი უნდა მამცე.
— ბატონი ხარ, თამასუქიც არ მინდა.
— მაგ ხურჯინში პური და ღვინო ხომ არა გაქვს?
— ბევრი.
— ეგეც უნდა დამითმო.
— ეგეც შენი ფეშქაში. მეტი რა ვქნა? იცი რას გეტყვი: ეხლა მე ჩემთვის
წავალ და შენ შენთვის წადი.
— ბატონი ხარ.
ერთი სიტყვით ესენი ყველაფერი მამცა. ჯიბიდამ ბევრი ფული ამოიღო,
მითომ მე ვერ დავინახე და უხაროდა, რომ ის სულ არ წავართვი. მოვახტი
ცხენსა და გამოვქუსლე პეპიასაკენ. ის იყო ჩემი პირველი ავკაცობა, მაგრამ
ეგეც ვინ იცის? იყო თუ არა ავკაცობა? „მდიდარს ართმევ, ღარიბს აძლევ,
ღმერთი როდი წაგახდენსო“,—იტყვის ხოლმე ჩვენი ხალხი.
იმ დღეს იმ ხევში დავრჩით. კარგა ლაზათიანად დავნაყრდით და თითქმის
ორი დღის უჭმელები ამით მოვსულიერდით. როცა დაბინდდა, პეპია შევსვი
ცხენზედ, მე წინ გამოვუძეღ და წამოვედით. მესამე დღეს მაღლანდორეთს
მოვადეგით. საწყალი პეპია გზაზედ ძალიან ავად გამიხდა: აღარცა სჭამდა,
აღარც სვამდა და აღარც ხმას იღებდა. შევატყე, რომ ეს კაცი ამ ქვეყნისა
აღარ არის. ბოლოს იმისი აღსასრულიც მოვიდა.
ერთ მთის წვერზედ ავედით თუ არა, პეპიამ ძლივძლივობით მითხრა:
— შვილო, აქ დამაყენე. მე ცხენზედ ჯდომა აღარ შემიძლიან და არც
სიარული, სულთამხუთავი თავს მადგა.
დავაყენე ცხენი, ჩამოვიყვანე ცხენიდამ პეპია, გავუშალე ქვეშ ფარაჯა,
დავუდე თავით უნაგირის ბალიში და დავაწვინე. საღამო ხანი იყო, მზეც
გადაიხარა. ძლივღა ჰფეთქავდა საწყალი!.. მე თავით დავუჯექ. ვიყავით ის
ორნი იმ უშველებელს მთის წვერზედა მარტოდ-მარტონი. მზე წითლადყვითლად ელვარე ჰღუოდა, მთის წვერისკენ გადახრილი. ქვეყანა,
გაზაფხულისაგან ხელახლად გაცოცხლებული და გაღვიძებული, როგორც
აკვნიდამ ბავშვი, ისე გამოიყურებოდა ტკბილად. ყველა იყო ბედნიერი
ჩვენ გარშემო ჩვენ გარდა. მე და პეპია ვიყავით მარტო უბედურნი. ისა
კვდებოდა და მე გაბოროტებული, გულმოწყვეტილი დავყურებდი
მომაკვდავსა.
— გაბრიელ! — მითხრა ბოლოს პეპიამ, — ფეხ-მუხლი მიცივდება, შვილო,
მე ვკდები! ვაი, რომ უზიარებელი ვკვდები! შვილო, ჩემი სისხლი ჩემს
მკვლელს აპატივე, მეც მიპატივებია. მაგრამ... თუ თამრო ნამუსწართმეული
ჰნახო, შემომფიცე, რომ იმის დამღუპველს მზეს დაუბნელებ! შემომფიცე,
რომ ისე უზიარებლად და შეუნდობარს მოჰკლავ, როგორც მე ვკვდები!
შემომფიცე! თუ ეგ ცოდვა იყოს, ამიღია კისრად.
მე შევფიცე.
— ფიცი მტკიცე უნდა იყოს!.. — დაიწყო კიდევ საცოდავმა, — პირისპირ იქ,
საიქიოს, შევხვდებით... ვაიმე, შვილო თამრო... გაბრიელ! თუ
თამროსათვის ნამუსი შეურჩენიათ, ჩვენი ამ დღეში ჩაგდება შენს გამჩენს
აპატივე. მეც მიპატივებია. ფიცი მომე!
მე იმის სიტყვისაგან გულგაკეთებულმა მაგის ფიციც მივე.
— ვაი, ნეტავი ეხლა ჩემი თამრო დამანახვა, — მოჰყვა ისევ პეპია, — ნეტავი
ერთი კიდევ თვალით მიჩვენა, რომ სული ტკბილად დამელია! ჩემო კარგო
შვილო, ჩემო მამის-ერთავ, თამრო! სადა ხარ ეხლა? რატომ შენს საცოდავს
მამას თვალებს არ დაუხუჭავ? რატომ ხელებს გულზედ არ დაუკრებ?
რატომ არ დაიტირებ, შვილო! შენი დაუტირებელი უნდა მოვკვდე? რა
შევცოდე სამაგისო ღმერთს! მაგრამ, ღმერთო, კიდევ შენ გეხვეწები,
უცოდველად ამყოფე ჩემი ობოლი გოგო!.. ღმერთმა გაკურთხოს, ჩემო
კარგო თამრო! ღმერთმა თავის კალთა გადაგაფაროს, ჩემო ბოლონდელო
სულის სადგურო, ჩემო ბოლონდელო თვალის სინათლევ! შენც შეგეწიოს
ღმერთი ჩემო გაბრიელ! ქვეყანაც დამილოცნია, თუ იმის ზურგზედ ჩემი
თამრო უცოდველად დადის... თუ არა და წაწყმდეს ეს ადრე და მალე
წასაწყმენდი მურტალის ადამიანის მურტალი სამყოფელო! მშვიდობით,
ჩემო გაბრიელ! აღსასრული ჩემი მოვიდა, მე სულსა ვლევ!.. შვილისაგან
დაუტირებელი ვკვდები!.. უზიარებელი და მოუნანიებელი მივდივარ
სააქაოდამ!.. მაგრამ მაინც კიდევ თუ შენს ბატონს ჩემი გოგოს ნამუსი
შეუნახავს, უთხარი, რომ, როცა პეპია კვდებოდა-თქო, შენა გლოცავდა-თქო.
ღმერთო! ჩაიბარე ჩემი ცოდვილი სული!.. შვილი ჩემი ჩამიბარებია
შენთვის, მაღალო ღმერთო! უჰ!.. შვილო!.. თამრო!..
ამ თამროს ხსენებაზედ დალია იმ ალალმა ადამიანმა თავისი ალალი
სიცოცხლე. ბოლონდელი ამოკვნესა იმისი მაინც თამროს სახელი იყო და
მაგ ამოკვნესას ამააყოლა საწყალმა თავისი ტანჯული, ნაქენჯნი, მაგრამ
მართალი სული და ისე გაშორდა ამ გულშეუტკივარს, ცოდვით სავსეს
წუთის-სოფელსა. თამროს სახელი, მკვდარ ტუჩებზედ გამოსახული,
ტუჩებზედვე შერჩა ზედშეკვდომილი. ეჰ, ნეტავი მეც იმას თან
გავყოლოდი!..
ღმერთო, მიეცი იმის სულსა ლხენა და მანდ მაინც ნუ დაუძვირებ შენს
მადლსა იმ უსამართლოდ გატანჯულს ადამიანის-შვილსა!
ხმლითა და ხანჯლით, როგორც იყო, საწყალს სამარე გავუჩიჩქნე და
დილაზედ, როცა მზემ ხელახლად გაიღვიძა, დავმარხე კიდეც და მივაბარე
მიწას. მზე იყო იმისი წმინდა სანთელი და კელაპტარი და დილის ნამის
ორთქლი საკმეველად შეექმნა.
XI
გაბოროტებული, გულდამწვარი, გულჩათუთქული მოვაჯექ ცხენსა და
დავეშვი იმ მთიდამ უგზო-უკვლოდ. გზა-და-გზა სულ საწყალი პეპიას
უბოროტო სიკვდილი მელანდებოდა და იმისი მადლიანი თქმულობა
მაგონდებოდა. ნაღველი უფრო გამიმწარდა, მაგრამ სიარულმა თავისი ქნა,
ნაღველი თან-და-თან გამიქარწყლა, გული ამღვრეული დამიწმინდა,
გონება დამიდინჯა და მე სრულიად დავწყნარდი და დავმშვიდდი. იქნება
ეგრე დაწყნარებულს და ჯავრგადაყრილს კიდევ ბევრი გზა გამევლო, თუ
რომ პეპიასათვის მიცემული ფიცი ხელახლად არ მომგონებოდა. კაცისკვლის ფიცი იყო! ტანში შემაჟრჟოლა და ფერი მეცვალა. ბედმა იქამდინაც
მიმიყვანა-მეთქი, — ვამბობდი გულში, — რომ კაციც უნდა მომაკვლევინოს.
დაილოცა, ღმერთო, შენი სამართალი!.. მე, გაბრიელს, კაცის-კვლის ცოდვა
უნდა დამდებოდა?! მე კაცის სისხლში უნდა გამესვარა ხელი?!
მე იმისთანა ხასიათის კაცი ვიყავ, რომ გააფთრებულს, გულაფეთქებულს,
ცეცხლმოკიდებულს იქნება უეცრად კაცი შემომკვდომოდა, მაგრამ თუ წინ
მოსაფიქრებლად ორს წუთს მაინც ჩემი ჭკვა და გული შემრჩებოდა,
ადამიანს სასიკვდილოდ ძნელად თუ გამოვიმეტებდი. ეხლა სწორედ
ამისთანა დღე დამადგა: წინ მოსაფიქრებლად დიდი დრო მქონდა,
ამიტომაც რამდენადაც ჩემს ფიცზედ ვფიქრობდი, იმდენად ვიტანჯებოდი.
ორში ერთი უნდა მექნა: ან ფიცისათვის მეღალატნა და ან კაცი მომეკლა.
მე აქამდინაც არ ვიცი, ამათში რომელი უფრო მძიმე ცოდვაა.
— ღმერთო, — ვამბობდი ჩემ თავად, — თამრო უცოდველად დამახვედრე,
რომ მეც ქვეყანას ვაპატივო პეპიასავით ჩემი მიწასთან გასწორება და თავი
ცოდვისაგან დავიხსნა! ღმერთო, მომხედე! ნუ მიმიყვან იქამდინა!
კაცის-კვლა, რაც უნდა იყოს, მაინც ცოდვაა, შენი ჭირიმე! ეს მე ვიცოდი და
ეს მიკიდებდა ცეცხლს და გულ-ღვიძლსა მწვავდა. მაგრამ, როცა
მომაგონდა, რომ ჩემმა სასიკვდილომ ერთის წუთის ჟინის საკლავად სამი
ადამიანის სული არ დაგვინდო, მე ცოცხალი გამომასალმა ამ წუთისსოფელს, შვილს მამა უზიარებლად მოუკლა და თუ ამასთან შვილსაც
ნამუსი წაართვა, — განა ამისთანა კაცის მოკვლა დიდი ცოდვა უნდა იყოსმეთქი! — ვფიქრობდი გულზედმოსული და ბრაზმორეული. მაშ ღვთის
სამართალმა აღარ უნდა გაიღვიძოს-მეთქი! მაშ რას მეუბნებოდა
მღვდელი, სხვა შენთვისაო და შენ სხვისთვისაო, თუ არ ამასა?!
გადავწყვიტე, რომ ჩემგან ფიცის ღალატი და უკან დახევა შეუძლებელია და
სამარცხვინო. რა უნდა მომივიდეს? — ვკითხავდი გონება-ანთებული ჩემ
თავს, — სამუდამო ტანჯვა და ჯოჯოხეთი?! მაშ სამოთხე რომ მომელოდეს,
რაღა თავის გამოდება იქნება?! დეე, რაც მომივა, მომივიდეს. დეე, ეგეც
ჩემს აქაურს ჭირსა ზედ დაერთოს სხვის ჭირის სანაცვლოდ. ღმერთი ხომ
ჰხედავს-მეთქი, რომ ჩემს სისხლს არ ვიღებ; ღმერთმა ხომ იცის, რომ მე
ჩემს სამაგიეროს ჩემს მტერს არ ვუხდი: მე ჩემს მტერს ჩემი ყველა
დავუთმე, ყველა ვაპატივე, ყველა დავივიწყე. ჩემი გაბოროტება პეპიას
სიკვდილმა და იმის მადლიანმა სიტყვამ თან გაიყოლია. მე ამაზედ ფიციც
მივეცი. ღმერთი დაინახავს ამას — ის გულთამხილავია — დაინახავს,
შემიბრალებს და შემიწყალებს, თუ არა და, ის იქნას, რაც ჩემ ბედისწერას
ჩემთვის გაუწესებია.
ხომ ამაზედ დავდეგ, მაგრამ მაინც კიდევ, თითქო უნებლივ, გადვუშალე
ღმერთს ხელები და გულმართლად და ნატვრით შევძახე: ღმერთო,
დამიხსენ კაცის-კვლისაგან! თამრო უცოდველი მაჩვენე! ძნელი ყოფილა,
შენი ჭირიმე, კაცის-კვლის ფიქრის წინათვე გულში გატარება! მეტად ძნელი
ყოფილა!.. მე იმ ერთმა დღემ თითქმის დამაბერა. კაცს, თუ გინდა რომ
გულში ჯოჯოხეთი გაუჩინო, კაცისკვლის ფიქრი ჩაუსახე გულში. ეგ ეყოფა
სატანჯველად.
ბარში რომ ჩამოველ და გავივაკე, გულმა მღვდლისაკენ გამიწია, მინდოდა
რომ იმისაგან ლოცვა-კურთხევა მიმეღო და მერე, რაც მოსასვლელი იყო,
მოსულიყო. გულს დავუჯერე და ქალაქისაკენ გამოვწიე.
მეორე დღეს, საღამოზედ, დიღმის ვიწროებში მივედი და იქ ერთს დუქანში
ჩამოვხტი, რადგანაც ქალაქში ჩამოხტომა ვერ გავბედე. წავედი, ცხენი
დუქნის გომურში დავაბი, მოვუარე და საჭმელი მივე. მერე ამოვედი
დუქანში პურის საჭმელად. მედუქნემ დაზგაზედ ვახშამი გამიმართა. მეც
დაზგაზედ დავჯექ და პურის ჭამა დავიწყე.
პურის ჭამას რომ ვათავებდი, ერთი დროშკა მოადგა ჩვენს დუქნის კარებსა.
შიგ ერთი ქალი და ერთიც ქალაქის ბიჭი იჯდა.
— მედუქნევ, — დაუძახა გარედამ ბიჭმა, — ცალკე ოთახი არა გაქვს?
— რამდენიც გინდა, — უპასუხა მედუქნემ.
ქალი და ბიჭი გადმოვიდნენ დროშკიდამ და დუქანში შემოვიდნენ. ქალს
თვალი მოვკარ თუ არა, ფიცხლავ ელდა მეცა: რაღაც რამ უცები მომეჩვენა,
ჩემს თავს არ დავუჯერე. ქალი რომ დაზგას მოახლოვდა და კარგად
გავსინჯე, სისხლი ტვინში ამივარდა. გიჟსავით ვისკუპე დაზგიდამ და ქალს
წინ გადავუდეგ.
— თამრო!.. — შევკივლე მე კანკალით და თრთოლით.
— გაბრიელ!.. — მომაძახა მე იმან და ზედ მკერდზედ ფერმიხდილი
დამეცა.
— მამა რა მექნა, მამა? — შემომბღავლა საცოდავად.
— მოშორდა ამ წუთის-სოფელს. ერთი მითხარ, რამ მოგიყვანა აქა?
— მაგას ნუღარ მკითხავ! ნუ, ნუ მკითხავ!.. სტიროდა საწყალი, — შენი
თამრო დიდი ხანია დამიწებულია. შენი თამრო მოკვდა.
— მაშ შენ ვინა ხარ? — დავიძახე თავზარდაცემულმა.
— ის თამრო აღარა ვარ. მე ეხლა ავლაბრის უნამუსო ვარ, შემიბრალე და
დამიტირე მე ბედშავი!..
— უნამუსოო!..
ვკარ ხელი შეუბრალებლად იმ უბედურსა და მკერდიდამ, როგორც გველი,
ისე მოვიშორე. გარეტიანებული გიჟსავით გამოვვარდი გარეთ, მოვახტი
ცხენსა, დავწყევლე იქაურობა და ჩვენის სოფლისაკენ გამოვწიე. ფიცის
ასრულების დღე მოვიდა. ჩემი ტოკვა და ყოყმანობა კაცის-კვლის
თაობაზედ იმ დღეს სრულიად გათავდა. იმ გაბოროტებულს გულზედ ცა და
ქვეყანა რომ ხელში მჭეროდა, ყველსავით გავწურავდი და კბილით
გავგლეჯდი.
სამი-ოთხი თვე ვუტრიალე დათიკოს და ვერსად ვერ ჩავიგდე ისეთი ჟამი,
რომ ერთმანეთს პირდაპირ შევხვედროდით. ქურდულად ბევრჯერ
შემეძლო იმისი მოკვლა, მაგრამ რა კაცობა იქნებოდა? ისიც ძალიან
ვაჟკაცი იყო და მინდოდა ერთმანეთს პირდაპარ შევყროდით, რომ ან
მოვეკალ და ან მე მომეკლა.
ამ სამ-ოთხ თვეში ნადირსავით ტყეში ვიმალებოდი და მაინც კი ორი
სომეხი გავძარცვე და ხუთი თავადიშვილი. მაგრამ, ღმერთო, ხომ შენ იცი,
არც ერთისათვის იმაზედ მეტი არ წამირთმევია, რაც მეც თითონ მიჭირდა.
ყველას ვეუბნებოდი, ვინცა ვარ, რომ ჩემი სახელი დათიკომდინ
მისულიყო, გაფრთხილებულიყო და ყოველთვის მზად ყოფილიყო.
გამივარდა ყაჩაღობის ხმა და დაიწყეს ჩემი დევნა. დაიწყეს ჩემი სახელით
ძარცვა და ავაზაკობა იმ არე-მარეში. კაცის-კვლაც სამჯერ მოჰხდა, მაგრამ
მე ამა ყველაფერში უბრალო ვარ, თუმცა ყველაფერს მე მაბრალებდნენ და
მართლა ავაზაკნი კი ამით თავს იმალავდნენ. ჩემი გზა და კვალიც ამით
ერეოდათ ხოლმე; დღეს იტყოდნენ: გაბრომ აქ გაძარცვა კაციო და გზებს
შემიკრავდნენ; იმავე საღამოს მოუვიდოდათ ამბავი, რომ გაბრომ სამის
დღის სავალს იქით კიდევ გაძარცვა კაციო — და დაებნეოდათ გონება. ვერ
მიჰხვდნენ, რომ გაბრო თავისთვის არის და აქაც და იქაც სულ სხვა-დასხვანი ავაზაკობენ იმის სახელითა. ბოლოს, რომ არა ეშველათ-რა, წმინდა
გიორგის ჯვარი დაჰპირდნენ იმას, ვინც მე ან ცოცხალს დამიჭერდა, ან
მკვდარს მიმიტანდა.
დათიკოს ნადირობა მეტად უყვარდა და იმის იღბალი ჰნახეთ — ამ სამოთხ თვეში არც ერთხელ არ უნადირნია. მე უფრო იმ ადგილებში
ვისაფრებოდი, საცა უწინ დათიკო სანადიროდ დაიარებოდა ხოლმე.
ბოლოს, იმის ბედისწერის დღეც მოვიდა და ერთმანეთს შევხვდით.
მზე ჩაწურვაზედ იყო, რომ მე დათიკო დავინახე ცხენით მინდორ-მინდორ
მომავალი. უკან ერთი მეძებარი მოსდევდა. მე ტყეში ხეზედ ვიჯექ.
ჩამოვედი ხიდამ, მოვახტი ცხენსა და გულის-ცემით ტყეში ლოდინი
დავუწყე. გზა იმ ტყის პირას იდო. დათიკო იმ გზაზედ გამოვიდა და ჩემკენ
წამოვიდა. რომ მომიახლოვდა, იმისი ღიღინი მომესმა. შევხედე და
სრულად იყო იარაღით მოკაზმული. სჩანს ჩემი ფიქრი ჰქონია-მეთქი, —
ვიფიქრე გულში, — რომ ეგრე გამართულია.
დამიპირდაპირდა თუ არა, ვასკუპე ცხენი და ზედ მივაგდე.
— თუ ვაჟკაცი ხარ, გამიმაგრდი! — შევჭყივლე მე. ჯერ ვერ მიცნო.
— ვინა ხარ? მაგრამ, ვინც უნდა იყო, შენ მე ფერს ვერ მაცვლევინებ, —
მიპასუხა იმან თამამად და გულმაგრად.
წამი აღარ გაუტარებია: მარდად გადმოიგდო მხარზედ გადაკიდებული
ორლულიანი თოფი და თვალის დახამხამების უმალ ორივ ერთად
დამახალა. მე თოფს ხელი ავუკარ და იმის ნასროლმა საფანტმა ზუზუნით
თავზედ გადამიარა.
— მე ვარ გაბრო, შენი სულთა-მხდელი!.. — შევძახე მე და, მანამ სხვა
იარაღს მაიხმარებდა, შიგ მარცხენა ძუძუში დამბაჩა დავეცი.
საწყალი შეტოკდა ცხენზედ, გადიწია გადასავარდნელად, მაგრამ თავი
შეიმაგრა, კიდევ მოასწრო ხმლის ამოღება და მოქნევა. ხმალიც ამცდა,
მოხვდა ჩემს ცხენს თავში და იქავ სული გააქრობინა. ცხენი და მე ერთად
დავეცით დედამიწაზედ. მინამ მე წამოვდგებოდი, დათიკო ცხენიდამ ძირს
დაცემულიყო. მე თავზედ წავადეგ და დავინახე, რომ ის მშვენიერი
ყმაწვილი კაცი, ის თავმომწონე თავადიშვილი ძლივღა ჰფეთქავდა თავის
ყმის ფეხთა წინაშე!.. მაგრამ, გეტყვით ჩემის გულის ძუნწობას, მე ის მაინც
არ შემეცოდა.
— წაგაკალ თუ არა შენს უნამუსობას!.. — წავაყვედრე მე.
— ჰმ, — ჩაიცინა იმან ისე გულდინჯად, თითქო ქვეშსაგებში მშვიდობითა
წევსო, — ამით გათავდა შენი შერმადინობა?
— როგორიც ავთანდილი შენ იყავ, მეც იმისთანა შერმადინობა გაგიწიე.
— წადი, შვილო! სახელად ჩემი სიკვდილიც გეყოფა. დღეს ჩემი დღე არ
იყო: რასაც ვესროლე, ავაცდინე. ვაი, რა ცუდად მოვკვდი?! ფუ ჩემს
კაცობას! ნიშანიც ვერ დაგასვი.
— რა დროს ეგ არის? ღმერთი მაინც ახსენე და ისე დალიე სული, შე
ცოდვით სავსევ!
— დარიგებას თავი დაანებე. ალალი იყოს შენზედ ჩემი სისხლი, კაი
ვაჟკაცი ჰყოფილხარ. მეც ბევრი რამ ცუდი მიქნია, არა უშავს რა, — ჩემი ასე
ცუდად წახდენა იმაში გამებაროს. აი დედასა!.. რა ცუდად შეგხვდი!.. მაინც
შენის ხელით მოვკვდი! გახსოვს, მაშინ რომ გითხარი: სანთელ-საკმეველი
თავის გზას არ დაჰკარგავს-მეთქი. აკი არც დაჰკარგა.
— შენ იყავ მყინვართან რომ დაგვიხსენი? — ვკითხე გაოცებულმა.
— მე ვიყავ თუ არა — შენ რა?
— რისთვის დაგვიხსენი?
— ვერა ჰხედავ? აი, ამ დღისათვისა. პეპია რასა იქს?
— მოკვდა.
— ესე უზიარებლად და მოუნანიებლად, როგორც მე?
— ეგრე.
— ეგეც ბარი-ბარში... მშვიდობით და გამარჯვებით, გამარჯვებულო
გაბრიელ!.. ვნანობ, რომ ესე უსახელოდ მოგეკვლევინე. გამარჯვებით...
კიდევ რაღაცა უნდა ეთქვა, მაგრამ აღარ დასცალდა: ერთი გაიზმორა, ერთი
კიდევ წამოიწივა, დაეცა და სულიც დალია. მოკვდა ის უბედურის-შვილი.
ტუჩებზედ ისეთი ღიმი შერჩა, თითქო დაიცინებაო. ჰმ, სიცილით მოკვდა
ტირილით ნაშობი!
დავიჭირე მისი ცხენი, შევჯექ ზედ და წამოვედი. ცხენის მეტი მე იმისი არა
გამოვიყოლე-რა.
დათიკოს მოკვლის შემდეგ მე იმ არე-მარეში ყოფნა ძალიან გამიძნელდა.
ძალიან გამიხშირეს დევნა. მეც იქ აღარა მეკეთებოდა-რა და, სწორედაც
გითხრათ, ყაჩაღობაც მომწყინდა: ჩემი ხელობა არ იყო. როცა უილაჯობით
კაცს ვძარცვავდი, ერთს ვაი-ვაგლახს გამოვივლიდი ხოლმე ჩემ თავად და
ჩემს თავს მევე ვძრახავდი. ვერ დაემორჩილა ჩემი გული ავკაცობასა,
თუმცა ბევრი ავკაცობა ვქენი, ვერ შევეჩვიე, ვერა. ბოლოს გადავწყვიტე,
რომ გადავვარდები შორს საითმე, ჩემის ხელის ამაგით ლუკმა-პურს,
როგორც იქნება, ვიშოვნი და, მინამ ჩემი აღსასრული მოვა, იმით დავირჩენ
თავს-მეთქი. სხვა ამ ქვეყნისა მე აღარა მინდოდა-რა და აღარც მერგებოდარა: ამ ქვეყანაში მე წილი არაფერში მედო.
გამოვწიე და კახეთს შემოვეკედლე. ალაზანზედ რომ მოვედი, შიგ
შუაწყალში ცხენიდამ გადმოვხტი, დავეც დათიკოს ცხენს დამბაჩა თავში და
წყალს გავატანე: ჩემი იარაღიც სულ ჩავყარე წყალში, რომ არც ცხენით და
არც იარაღით არავის არ ვეცანი. აქ, კახეთში, მოჯამაგირობა დავიწყე,
მეხუთე წელიწადია, როგორც მოგახსენე, ჩემი აქ ყოფნა. პირველი
წელიწადი მშვიდობით დავყავ, მეორე წელიწადს კი კახეთმა დამცადა და
ციებ-ცხელება შემეყარა. ორ-სამ . თვეს თავს დამანებებდა და პატარა რომ
მოვჯობინდებოდი, ისევ მომიბრუნდებოდა ხოლმე. მე თავს არ ვუდებდი
და, რაც შემეძლო, ვმუშაობდი. სამი წელიწადი ამ ყოფაში ვიყავ. ამ ბოლო
წელიწადს წყალმანკი გამიჩნდა და ფეხები დამისივდა. სიარული
გამიძნელდა, მუშაობისათვის ვეღარ გამოვდეგ. ქვეშსაგებად დამიგდო
ავადმყოფობამ. ერთმა გლეხკაცმა შემიკედლა. მინამ ერთი ორიოდ გროში
მქონდა და ვხარჯავდი, მინამ მინახა, როცა კი გამომელია ფული — იმ
დალოცვილმა მკრა ჭიტლაყი და გამომაგდო გარეთ. ეს ოთხი თვე იქნება
მას აქეთ. იმ სოფელში სირცხვილით ვეღარ ვიდგომილე, იმიტომ რომ
საგლახაოდ საქმე მიხდებოდა და ვთაკილობდი. ავდეგ და აქეთ წამოვედი.
გზაზედ, რაც ტანისამოსი მქონდა, ამ რუსის ფარაჯაზედ გავცვალე და
ერთი თუმანიც სართი ავიღე. ორ-თვე-ნახევარი ამით ვირჩინე თავი. აქ რომ
მოვედი, სიარული ვეღარ შევიძელ, იმიტომ რომ ფეხები დამიწყლულდა,
დამიჩირქდა და დამისკდა. აი, ხომ ჰხედავთ, ბოლოს მატლიც დამეხვია. ამ
საბძელამდინ, როგორც იყო, მოვაღწიე და ამ ჩარდახ-ქვეშ შევაფარე თავი.
გზის პირია, ხალხის ფეხი აქ არ მოსწყდება და თითო-ოროლა კეთილი კაცი
ხან პურს მაწვდის ხოლმე და ხან წყალს. მას დღეს აქეთ ასე ვარ. რაც
გადამხდა, იქნება იმის ღირსიც ვიყო. რაც ავკაცობა ვქენ, იქნება იმის
სამაგიეროც ეს არის? ვინ იცის? ღვთის განგებას ვინ მიჰხვდება? ეხლა
ვატყობ, რომ წყალმანკიც მერევა, აი, თითქმის გულიც დამიჭირა. მოვიდა
ჩემი აღსასრული, მადლობა ღმერთს! ქვეყანას თუ რამ შევცოდე,
შემინდოს, სხვა ღმერთმა იცოდეს!.. მე ამ ქვეყნისათვის ავი არ ვიყავ, მე
მარტო უბედური ვიყავ. ბევრი წილი ცოდვა, მე მგონია, აქავ გადავიხადე.
იქნება ესეც ტყუილი ნუგეში იყოს, — ეგ ღმერთმა იცის და იმისმა
შეუცდომელმა სამართალმა. გულუტკივრად ვეთხოვები მე ამ ქვეყანასა,
იმიტომ რომ მე იმისი არა მემადლება-რა. ზიარებაც არ მაღირსა ამ წუთისსოფელმა!..
XII
ამით გაათავა გლახამ თავისი ნაამბობი. შუაღამე გადასული იყო. მე
გამოვეთხოვე იმ საცოდავს კაცსა და იმის ამბისაგან გუნებაარეული
წამოვედი ჩემი ნათლიმამისაკენ.
მეორე დილას მღვდელი ვიკითხე, რომ ის უპატრონო კაცი მეზიარებინა და
იმისი უკანასკნელი ნატვრა ამით ამესრულებინა. მერე იქნება დამეყოლია
როგორმე და ჩემს ნათლიმამასთან ამომეყვანა. ჩემმა ნათლიმამამ
მითხრა, რომ არა მგონია მღვდელი ეხლა შენ გამოგყვესო: ქალაქიდამ
ახალი ბლაღოჩინი დაუნიშნავთ, წუხელის მღვდელსა სწვევია და მღვდელი
ვერ მოიცლისო. სწორედ ჩემდა გასაოცრად ეგრეც მოჰხდა: მღვდელს
შემოეთვალა, რომ არა მცალიანო. დიდად მეწყინა და დიდად გამიკვირდა
ამისთანა პასუხი. მე თვითონ წავედი მღვდელთან, პირდაპირ
ბლაღოჩინთან შევედი, ვუამბე ჩემის მოსვლის მიზეზი და მღვდლის პასუხი
შევატყობინე. ბლაღოჩინი საშინლად გაწყრა და ძლიერ დასტუქსა ის
უგულო მღვდელი. მაშინვე მოითხოვა სანაწილე, გამომყვა მე, მღვდელი და
დიაკვანიც თან გამოიყოლია.
ჯერ კიდევ ადრე იყო, რომ გლახასთან ჩავედით. ის საწყალი იმ ერთს
ღამეს სრულიად გამოცვლილიყო. ასეთი ფერი და სისუსტე ეტყობოდა,
თითქო იმისი სიცოცხლე ბეწვზედა ჰკიდიაო.
რა წამსაც გლახამ ბლაღოჩინი დაინახა, თვალები ცეცხლსავით ისევ
სიცოცხლით აენთო; რაღაც იოცა და ისეთნაირად დააკვირდა ბლაღოჩინსა,
თითქო რაღასაც იგონებსო, თითქო სჯერა კიდეც და არცა სჯერა ის, რასაც
თვალით ჰხედავდა. ორჯერ თუ სამჯერ თვალები მოიფშვნიტა, თითქო
რაღაცა უშლის ხილვასა და კარგად ვერა ჰხედავსო, და ისევ იმავ გაოცებით
ბლაღოჩინს გარინდებულმა მზერა დაუწყო. მერე, თითქო ეშმაკის
გაფრთხობა უნდაო, პირჯვრისწერას მოჰყვა და თვალი უფრო და უფრო
დააცქერა ბლაღოჩინსა. მე გამიკვირდა ეს ამბავი. ვთქვი ჩემს გულში: ამ
კაცს ეს რა ემართება-მეთქი.
— კურთხევა უფლისა შენზედა, ჩემო ძმობილო! — უთხრა ბლაღოჩინმა. —
You have read 1 text from Georgian literature.
Next - გლახის-ნაამბობი - 6
  • Parts
  • გლახის-ნაამბობი - 1
    Total number of words is 3876
    Total number of unique words is 1957
    26.0 of words are in the 2000 most common words
    35.9 of words are in the 5000 most common words
    41.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 2
    Total number of words is 3921
    Total number of unique words is 1841
    27.5 of words are in the 2000 most common words
    37.7 of words are in the 5000 most common words
    43.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 3
    Total number of words is 3909
    Total number of unique words is 1935
    26.5 of words are in the 2000 most common words
    36.5 of words are in the 5000 most common words
    42.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 4
    Total number of words is 3942
    Total number of unique words is 1842
    25.6 of words are in the 2000 most common words
    34.4 of words are in the 5000 most common words
    39.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 5
    Total number of words is 3901
    Total number of unique words is 1958
    25.4 of words are in the 2000 most common words
    35.2 of words are in the 5000 most common words
    41.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • გლახის-ნაამბობი - 6
    Total number of words is 412
    Total number of unique words is 290
    36.8 of words are in the 2000 most common words
    43.1 of words are in the 5000 most common words
    48.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.