Latin

შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანი - 13

Total number of words is 1379
Total number of unique words is 1001
17.4 of words are in the 2000 most common words
25.4 of words are in the 5000 most common words
31.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ოდეს მტერსა მოერიო, ნუღარ მოჰკლავ, დაიყოვნე;
გინდეს სრული მამაცობა, ესე სიტყვა დაიხსოვნე”.
1615
ტარიელ მოტკბა, ღმრთისავე მსგავსად იგ წაღმართულია:
“აღარ დაგხოცო”, უბრძანა, - ძლეული შიშმან თუ ლია, წაღმავე წაგრეხს საქმესა, რაცა უკუღმა სთულია;
“ნაქმარი მრუდი ყველაი აწ ჩემგან გამართულია”.
1616
თაყვანის-სცეს და დალოცეს, ყოვლთა ხმა ერთად იერეს,
ღმერთსა შეჰვედრეს ზახილით, სვე მათი გააძლიერეს,
თავები დახსნეს სიკვდილსა, სიცოცხლე ამით მიერეს.
ტარიას ხრმალი ვერ გაძღეს, ჯერთ ხორცი მოიმშიერეს.
1617
ტარიას ნახვად მოსრული მუშთარი ახლოს მჭვრეტია;
რისხვისა ცეცხლი ტარიელს სიტკბოთა დაუშრეტია;
მოვიდეს, ნახეს: რამაზის ლაშქარი ძლივღა ეტია;
ინდოეთს ზეცით სინათლე ჩადგა, მართ ვითა სვეტია.
1618
ერთი კაცი მახარობლად მათ ლაშქართა მიუვიდა:
“არ დაგხოცსო, შეგიწყალნა”, - ყველაკაი დალოცვიდა;
ბუკსა ჰკრეს და იხარებდეს, ყველა ამას მოზრახვიდა:
“მოვიდაო იგი მოყმე, რომე ერთი ბევრსა სრვიდა”.
1619
მოეგებნიან ტარიელს, შორი-შორ უსალამიან;
შიგანთა დროშა ინდოთა მათად ცნეს, იალამიან.
ვერ გამოენდვნეს ინდონი, თქვეს, თუ: “ღალატსა
ლამიან”, არ მოელოდეს ტარიელს, მით ცრემლი დაილამიან.
1620
ტარიელ მიდგა, უყივლა: “მე მოველ მეფე თქვენიო,
თანა მყავს ჩემი მნათობი, პირი ელვათა მფენიო,
ჩვენ მოგვცა მაღლით მაღალმან წყალობა მისი ზენიო,
გამოდით, თქვენი სიშორე არს ჩემგან მოუთმენიო”.
1621
მაშინღა იცნეს ტარიელ, მათგან მი და მო სრბანია,
სრულად ნათლითა აივსო ზღუდე და ბანის-ბანია;
ხმა-მაღლად ხმობდეს, იზახდეს: “მოგვშორდეს
სალმობანია,
აქამდის რისხვა-მაღალმან აწ მოგვცნა წყალობანია”.
1622
კარნი გაახვნეს, გამოჩნდეს, მოიხვნეს მათ კლიტენია;
ერთობ ფლასითა მოსილნი უმზერდეს მუნ მჭვრეტენია;
ტირან ორნივე ქალ-ყმანი, ვარდისა ბაღსა ტენია,
ზახილით თავსა იცემდეს, ყორნის ფრთა ბროლსა სტენია.
1623
ვითა გამზრდელსა ჰმართებდა, გაზრდილი აგრე ხელია;
რომე სდის ცრემლი თვალთაგან, ცეცხლთაგან უფრო
ცხელია;
თავსა იცემდეს, იზახდეს, ტირს მეტად გულ-ფიცხელია.
გიშრისა ტევრსა მოჰფოცხდა ბროლისა საფოცხელია.
1624
რა ნახნა ხასნი, ვაზირნი ფლასითა დამოსილნია,
კვლა დაიზახნა ტარიელ უფროსნი დანაკივლნია;
სისხლი და ცრემლი თვალთაგან სდის და მიწყობით
მილნია,
მოვიდეს, ყელსა მოეჭდვნეს, ვითა ძმანი და შვილნია.
1625
დიდებულნი მოეხვივნეს, მოუზრუნვეს მათ ცოლქმართა;
ქალი დაბნდა, მამისათვის ტირილიცა ვერ შემართა,
ვარდსა რტონი ჩამოსცვივდეს, ზე ვერავინ წამომართა,
მუნა კაცთა ვერ ჰნახვიდი გაცინებით მოღიმართა.
1626
დედოფალი გამოჭრილი მოვიდოდა მათად ნახვად,
უბრძანებდა: “რად ვინ სტირთო, - ესე ჰქონდა წყრომაზრახვად, ღმერთმან რისხვა მოაქცია წყლობისა გამოსახვად,
გვმართებს, რომე მადლი მივსცეთ, აღარა გვცალს გლოვაახვად”.
1627
ტარიელ ზედა მოიჭდო მხურვალთა ცრემლთა
მდენელმან;
იტყვის, თუ: “ცეცხლი დამევსო ცხელი, აწ დამწვა მე
ნელმან;
დადუმდი, სული დაიღე ჩემგან ამისმან მსმენელმან,
თქვენი სიცოცხლე მალხინა ღმერთმან, ობოლთა
მლხენელმან”.
1628
ქალმან დედასა შესტირნა: “ჰაი მე, რა ვქმნა, დედაო!
წითელ-ყვითლითა დაგაგდე, აწ შაოსანსა გხედაო,
მამამან ტახტი დაცალა, აღარსადა ზის ზედაო!”
დედამან ცრემლნი მოსწურნა: “ნუ სტირ, დადუმდი, ბედაო”.
1629
გარდაუკოცნა პირი და ბაგეთა ვარდი თხელები,
ვარდსა დაუტყლეჟს ბაგითა, გახდა ალვისა მთხელები,
ნესტანჯარს ეტყვის: “რადღა ვთქვათ სიტყვები ბედით
ხელები?
ჩვენ ყოვლთა გვმართებს ნეტარძი ათასი, არ
ერთხელები”.
1630
რა გარდახდა მცირე ხანი, ჟამი იქმნა გარდასრულად,
დიდებულნი ეთაყვანნეს, ერთობილნი ადგეს სრულად;
იგი მზენი მიეგებნეს, მოეხვივნეს გულის-გულად,
აკოცეს და მოიკითხეს თავის-თავის, თვითეულად.
1631
ავთანდილ და ფრიდონ ჰკადრეს დედოფალსა
მიმტკივნება;
ტარიელ თქვა: “დედოფალო, გჭირს ამათი არა-მცნება,
ესენია მხსნელნი ჩვენნი, აწ არა გვცალს გრძლად უბნება,
ამათგან გვაქვს ჩვენ ორთავე სიცოცხლისა მოპოვნება”.
1632
ადგეს და ქალაქს შევიდეს, თვით გარდახდეს სრასა
მათსა;
ერთსა ბრძანებს დედოფალი, მართ სიტყვასა ვითამ ათსა:
“ღმერთმან მოსრნა მტერნი ჩვენნი, ვერ დაგვცემენ ყოლ
შამათსა,
ამად შევიქმ სიხარულსა მართ გულისა საკამათსა”.
1633
უბრძანა: “გლოვა გახსენით, ქოს-წინწილასა ჰკარითო,
დიდი ზათქი და ზეიმი გავიდეს ჩვენით კარითო;
ნახლები თქვენი ოქროსა სარტყლითა მოიკარითო,
იცინოდით და იმღერდით, ნუ ცრემლი აწანწკარითო”.
ქორწილი ტარიელისა და
ნესტან-დარეჯანისა
1634
დედოფალმან მათ ცოლ-ქმართა თვითო ხელი დაუჭირა,
ზედა ტახტსა მეფისასა ერთგან დასხმა გაუპირა,
მოიშორვა კაეშანი, გული მდედრი აქვიტკირა,
გლოვა ცვალა სიხარულად, აღარავინ აატირა.
1635
დედოფალმან შეიმოსა, შავი ძაძა აიხადა,
დიდებულთა შესამოსი მხიარული დაუმზადა,
ყველაკაი დამოსა და საბოძვარი უდიადა,
ბრძანა: “ჭირი დავივიწყოთ, რათგან ლხინი დაგვებადა”.
1636
ტახტსა ზედა ერთგან მსხდომნი ტარიელ და ცოლი მისი
ერთმანერთსა შეჰფერობდეს, ქალი ყმისა შესატყვისი;
გონება და ანუ ენა გმოთქმიდა ვითა ვისი!
ვინმცა ჰგვანდა ხორციელი სოფელს შვილი ადამისი!
1637
ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი.
მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი,
ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.
1638
თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა
სჯობდეს;
ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა
დაატკბობდეს;
მისცა კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს.
“ესეაო მეფე ჩვენი”, - იზახდიან, ამას ხმობდეს.
1639
ავთანდილ და ფრიდონისთვის ორნი ტახტნი
დაამზადნეს, ზედა დასხდეს ხელმწიფურად, - დიდებანი უდიადნეს;
ღმერთმან სხვანი ხორციელნი მათებრნიღა რად
დაბადნეს!
ამბობდიან ჭირთა მათთა, ყველაკასა გაუცხადნეს.
1640
სმა, პურობა, გახარება ქმნეს, ჯალაბი გაადიდეს;
ვითარიცა ქორწილობა ხამს, ეგეთსა გარდიხდიდეს.
მათ ორთავე თავის-თავის ძღვენსა სწორად მიართმიდეს,
გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან
ჰყრიდეს.
1641
დედოფალმან ეგრე ბრძანა: “ობოლ-ქვრივნი მოასხენით,
ყველაკაი დაამდიდრეთ, საბოძვრითა აავსენით”;
თვით უბოძა უსაზომო, რომ არ ითქმის კაცთა ენით:
“ულოცეთო დღეგრძელობა, ესე ღმერთსა შეჰვედრენით”.
1642
ტარიელ თქვა: “დედოფალო, გკადრებ ერთსა მოსახსენსა:
შეიწყალე რამაზ მეფე, მიავალე ღმერთსა შენსა!
ვნახე, მეტად შემებრალნეს, შეუშინდა ხრმალსა ჩვენსა.
ღმერთი ალხენს მონანულსა, მოცთომილსა, ცრემლნადენსა”.
1643
დედოფალმან ლმობიერად “შევუნდობო”, ესე ბრძანა;
მოიყვანა რამაზ მეფე, ხელმწიფეთა ათაყვანა;
ყოვლით კერძო მომღერალთა ხმები გაეთანისთანა, ჭირთა მათგან გარდახდილთა ესე ლხინი შეაგვანა.
1644
ოქრო, თვალი, მარგალიტი, შვენიერი სანახავად,
ყოვლგან იდვის ვითა გორი, მოდის ველთა მოსარწყავად;
ვისცა სწადდის, ალაფობდის, წაიღიან უკითხავად,
მანდატური არვის სცვიდის, ბოლოს ვინ ჯდის, ანუ
თავად.
1645
ავთანდილ და ფრიდონისთა სპათა ეტყვის მეფე დიდი:
“სტუმარნი ხართ, შოებისა სირცხვილი და ნუ გაქვს
რიდი!”
თვითოს კაცსა თვითო ჯორი მარგალიტი ანაკიდი ესე მისცა საბოძვარი, სხვას ყველასა ვერ დავსთვლიდი.
1646
ავთანდილ და ფრიდონისთვის საბოძვარსა ვინ
დასთვალავს!
ვერ გამოთქვამს სიმრავლესა ენა, ამად თავსა კრძალავს!
რაცა ედვა, უკეთესსა დედოფალი არ დაჰმალავს,
მათ უხმობდა მხსნელად მათად, ტკბილად უჭვრეტს, არა
ჰლალავს.
1647
სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს მწედ
ხადოდიან:
“თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი”, - მართ ამას
მოიტყოდიან,
ვითა პატრონსა სჭვრეტდიან, რაც სწადდის, მას
იქმოდიან,
სადარბაზობლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან.
1648
ტარიელ რამაზ მეფესა უბოძა საბოძვარია,
უბრძანა: “ხარკსა მოგვცემდი, მართ ვითა შენი გვარია”;
მან თაყვანის-სცა, პირსა ქვე მიწამდის დამდებარია,
წავიდა მისი მლოცველი, არ ომთა მომკვეხარია.
1649
ინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს, მისსა შეკვდომილსა:
“რაცა შენ ჰქმენ არ უქმნია არ გამზრდელსა, არცა
ზრდილსა;
აწ ინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა, - ერთსა წილსა, ზედა დაგსვამ; შენი იყოს, გვმსახურებდი ტკბილი
ტკბილსა.
1650
“ვინცა გწადდეს, ქმრად შეირთე, სამეფოსა ეპატრონე;
მუნიდაღმა გვმსახურებდი, თავი შენი დაგვამონე!”
ასმათ ფერხნი გარდუკოცნა: “შენგან არის ჩემი ღონე,
მონობისა უკეთესი რამც ვიშოვნე, რამც ვიქონე?
1651
მოახსენა: “ხელმწიფეო, ვიკადრებ და ნუ გასწყრები:
თუ ხმელეთი სრულად მქონდეს, ვერცა მაშინ გაგეყრები,
მე მეყოფა შუქი თქვენი, ვარ მზის ეტლთა შენასწრები,
ვერ გავსწირავ ჩემგან ზრდილსა, არცა სხვაგან ვიარები”.
1652
კვლაცა უბრძანა ტარიელ: “კმარს შენი ჭირთ ნახულები,
გვახსოვან შენნი ჩვენზედა თვალნი ცრემლ-ნაფახულები;
სჯობს, მოისმინო ნათქვამი, ჰქმნა ჩემგან გაზრახულები,
ბოროტი სცვალო კეთილად, გყვენ სპანი ხრმალმახულები”.
1653
დაჰმორჩილდა, მოახსენა: “ჭირთა ჟამი ერთხელია”.
მოიყვანეს კარგი მოყმე, გონიერი, არ ხელია;
ასმათ მისცეს, მიუძღვების, დაუჭირა სახელია,
იგი კაცი გაადიდეს, აქვს მეფობის სახელია.
1654
ერთგან სამთავე ძმობილთა დაყვნეს ცოტანი დღენია;
თამაშობდიან, უსახო მოუდიოდის ძღვენია:
რა მარგალიტი ღარიბი, რა უკეთესი ცხენია!
მაგრა ავთანდილს სურვილმან დაღრეჯა დააჩენია.
1655
ტარიელ ცნა, ამა ყმასა ცოლისათვის მოესურვა.
უბრძანებდა: “გული შენი, ვიცი, ამად მომემდურვა;
აწ ვაგლახ მე, ჭირი შენი გონებამან შვიდით ურვა,
მოგშორდები, საწუთრომან ლხინი ასრე დამიშურვა.
1656
კვლა ფრიდონცა დაეთხოვა: “წავიდეო სახლსა ჩემსა,
ზედა-ზედა დავსტკებნიდე დარბაზსა და ამა თემსა;
სამსახურსა მიბრძანებდი, უხუცესი ვითა მრწემსა,
შენთვის ასრე მომსურდების, წყაროსათვის ვით ირემსა.”
1657
მასცა უბოძა ფარმანი: “წა, სახლი მოიარეო,
მე ნუ გამწირავ, მნახევდი, ადრე მობრუნდი გარეო”.
ავთანდილს უთხრა: “უშენოდ რამცა ვით გავიხარეო?
რათგან ისწრაფი, რაღა ვქმნა? მიგელის ლომსა მთვარეო!”
1658
როსტენისთვის წაატანა საძღვნოდ ტურფა ჯუბაჩები,
კვლა ჭურჭელი თვალთა თლილთა, არ კოვზები, არ
ჩამჩები:
“ჩემ მაგიერ მიუტანე, წადი, ნურას მეურჩები”.
ავთანდილ თქვა: “არა ვიცი, მე უშენოდ ვით დავრჩები!”
1659
ქალსა ქალმან გაუგზავნა ყაბაჩა და ერთი რიდე,
რომე ჩაცმა-დაბურვასა ვინ ღირს იყო მათგან კიდე!
ერთი თვალი, - წამღებელმან ვერა თქვას, თუ «ცუდად
ვზიდე», ღამე მზეებრ განანათლის, ჩნდის, სადაცა შეჰხედვიდე.
1660
ავთანდილ შეჯდა, წავიდა, ტარიას გაესალამა;
იგი ორნივე გაყრისა დაწვნა ცეცხლისა ალამა;
სრულად ინდონი მისტირან, ცრემლმან მინდორი
დალამა;
ავთანდილ იტყვის: “მომკლაო სოფლისა მე სამსალამა”.
1661
ერთგან ფრიდონ და ავთანდილ იარნეს დღენი მცირენი;
გზამან გაყარნა, წავიდეს თავის-თავ ანატირენი;
კარგად მოუხდეს მათ მათნი საქმენი დანაპირენი;
ავთანდილ მიხდა არაბეთს, ნახნა არ ცუდნი ჭირენი.
1662
გამოეგებნეს არაბნი, სამეფო დააშვენა მან;
ნახა მზე მისი, მიჰრიდა მისთა სურვილთა წყენამან;
მას თანა ტახტსა და-ვე-ჯდა, ილხინა მჭვრეტთა
ლხენამან;
გაახელმწიფა გვირგვინი ზეცით მოსრულმან ზენამან.
1663
მათ სამთავე ხელმწიფეთა ერთმანერთი არა სძულდეს,
ერთმანერთსა ჰნახვიდიან, საწადელნი გაუსრულდეს,
ბრძანებისა შემცილენი მათთა ხრმალთა და-ვეწყლულდეს,
მოიმატეს სამეფონი, გახელმწიფდეს, გამორჭმულდეს.
1664
ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ
ითხოვდეს,
ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად
სძოვდეს.
დასასრული
1665
გასრულდა მათი ამბავი ვითა სიზმარი ღამისა.
გარდახდეს, გავლეს სოფელი, - ნახეთ სიმუხთლე ჟამისა!
ვის გრძლად ჰგონია, მისთვისცა არის ერთისა წამისა.
ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა.
1666
ქართველთა ღმრთისა დავითის, ვის მზე მსახურებს
სარებლად,
ესე ამბავი გავლექსე მე მათად საკამათებლად,
ვინ არის აღმოსავლეთით დასავლეთს ზართა მარებლად,
ორგულთა მათთა დამწველად, ერთგულთა
გამახარებლად.
1667
დავითის ქმნანი ვითა ვთქვნე სიჩალხე-სიხაფეთანი!
ესე ამბავნი უცხონი, უცხოთა ხელმწიფეთანი,
პირველ ზნენი და საქმენი, ქებანი მათ მეფეთანი,
ვპოვენ და ლექსად გარდავთქვენ, ამითა ვილაყფეთანი.
1668
ესე ასეთი სოფელი, არვისგან მისანდობელი,
წამია კაცთა თვალისა და წამწამისა მსწრობელი!
რასა ვინ ეძებთ, რას აქმნევთ? ბედია მაყივნებელი,
ვის არ შეუცვლის, კარგია, ორისავ იყოს მხლებელი.
1669
ამირან დარეჯანის ძე მოსეს უქია ხონელსა,
აბდულ-მესია - შავთელსა, ლექსი მას უქეს რომელსა,
დილარგეთ - სარგის თმოგველსა, მას ენა-დაუშრომელსა,
ტარიელ - მისსა რუსთველსა, მისთვის ცრემლშეუშრომელსა.
You have read 1 text from Georgian literature.