Latin

შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანი - 07

Total number of words is 3607
Total number of unique words is 2120
12.9 of words are in the 2000 most common words
20.2 of words are in the 5000 most common words
25.9 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა,
ნუ აღმოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის
დანათესსა!
811
“ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე,
შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე:
მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე განმარიდე!
თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა
შევსწირვიდე”.
812
რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა,
შერმადინცა დააბრუნა, საბრალომან ცრემლნი ღვარნა;
მონა ტირს და მკერდსა იცემს, სისხლმან მისმან კლდენი
ღარნა;
პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!
ცნობა როსტევან მეფისაგან
ავთანდილის გაპარვისა
813
აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა.
არ შეექმნა დარბაზობა მას დღე როსტანს გულგამწყრალსა;
რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს, თუ ადენს პირით ალსა,
ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრთალსა.
814
რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული,
როსტან უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან
თქმული
მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული,
აზომ რომე გაგათრივე შენ, ვაზირი გულის-გული.
815
“თუღა გახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე?
მართლად უთქვამს მეცნიერთა: «წყენააო ჭირთა ბადე»;
ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე,
აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა
გააკვლადე”.
816
კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი,
რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ-ნაგრძელევი:
“შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი!
კვლა ამის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”
817
რა გამოვიდა, ვაზირმან ძებნა, ვერ პოვნა მინანი,
მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი.
მან თქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი
წინანი,
ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მისცა
ვინანი”.
818
რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის;
კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ
გაამჟღავნის;
როსტანს ეჭვი შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის;
თქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.
819
თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი,
უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი,
მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!”
რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.
820
კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ მხიარულად;
მეფემან ჰკითხა: “წასრულა მზე დაუდგრომლად,
მთვარულად?”
მან მოახსენა ყოველი, ვით წასრულიყო ფარულად:
“მზე აღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს
დარულად!”
821
რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი;
მოთქვამს, იტყვის: “ვა, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ
თვალნი რეტნი! პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი
მჭვრეტნი, სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?!
822
“თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები,
მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო, აწ სახლად მმართებს
სენები!
გამაღარიბე, დამაგდე, გულსა, გლახ, ვისთვის ენები,
შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!
823
“ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა?
ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარსრულსა,
ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა,
აწ უშენოდ რაღა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?
824
“ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომმცა დია ირები:
შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები,
ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები,
მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”
825
ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა,
დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა,
იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა;
თქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე
მიგვიდრკა ცისა!”
826
რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა,
უთხრა: “ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად
დაგვიძვირნა!
რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად
გაგვწირნა,
სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?”
827
ყოვლნი ტიროდეს, მოთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს
გვიანად.
მეფემან ბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?”
მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად,
ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.
828
მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი;
დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი;
იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი.
მე თუ მომკლავთ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს
შეუფერი!”
829
რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი;
მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი,
ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი
სხვანი,
შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ ღმერთმან მისცნეს
გზანი!”
წასლვა ავთანდილისაგან
ტარიელის შეყრად მეორედ
830
მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება განანათლებს,
რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს,
მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს,
ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.
831
აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა:
მივა და მიტირს გულ-მდუღრად, ვერ ვიტყვი ცრემლთა
მცრობასა,
წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა,
უჭვრეტდის, თვალი ვერ მოჰხსნის, თუ მოჰხსნის,
მიჰხდის ცნობასა.
832
რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ-ჰყვის დაძრვად
ენისად,
მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან მსგავსად დიჯლისა
დენისად,
ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა
თმენისად,
რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.
833
თქვა: “ჩემო, შენი შორს-მყოფი კრულია, ვინცა
დადუმდეს,
რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს,
თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს.
სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომც არ დაუძაბუნდეს!
834
“მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას მეჭვდე ლხენასა?
თავსა მოვიკლავ, მე თუცა შენგან არ ვეჭვდე წყენასა,
მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ-სიცოცხლისა სმენასა,
მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!”
835
ტირს, იტყვის: “დადვა კეშანი ლახვარმან ჩემთვის
ათმანო;
ინდოთა რაზმი ჩემად კლვად თქვა, ესე ტევრი ვთხზა
თმანო.
თვალთა გიშერი აშვენებს, სათმან რად მომკლა, სათმანო!
ბაგე-კბილო და თვალ-წარბო, მომცემდი პატიჟთა,
თმანო!”
836
იტყვის: “ჰე მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად,
ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად,
ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად,
ბედსა ნუ მიცვლი, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!
837
“ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილოსოფოსნი წინანი,
შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი!
ბროლ-ბადახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი;
მაშინ ვერ გავძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.
838
ამას მოთქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის,
დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის;
რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის,
მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.
839
მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა!
შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა,
შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა,
მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!”
840
ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა;
რა წყალი ნახის, გარდიხდის, უჭვრეტდის ჭავლსა
წყლისასა,
მას თანა-ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა
ტბისასა,
კვლა გაემართის, ისწრაფდის წასლვასა მისვე გზისასა.
841
მარტო მოთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი,
მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დახვდის
კლდიანი,
შეწვის, ჭამის და წავიდის პირ-მზე, გულ-მარიხიანი,
იტყვის: “დავყარენ ვარდნი და, აჰა მე ვაგლახ, იანი!”
842
აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა,
რას უბნობდის, რას მოთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ
გვარსა!
ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭლითა ნახოკარსა.
ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.
843
რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების,
ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების;
ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების.
კაცი კაცსა მოელოდეს, მოლსვა დია ეამების.
844
ყმა ქალსა ეტყვის: “პატრონი, ნეტარ, სად არის და ვითა?”
ქალი ატირდა ცრემლითა, ზღვათაცა შესართავითა,
ეტყვის: “რა წახვე, გაიჭრა, ქვაბს ყოფა მისჭირდა ვითა;
აწ მისი არა არ ვიცი, არ ნახვით, არ ამბავითა”.
845
ყმა დაჭმუნდა, ვითამც რამე ჰკრეს ლახვარი გულსა შუა;
ქალსა ეტყვის: “აჰა, დაო, ეგეთიმცა კაცი ნუა,
იგი ფიცი ვით გატეხა! არ ვეცრუე, ვით მეცრუა!
ვერ იქმოდა, რად მიქადა? თუ მიქადა, რად მიტყუა?!
846
“მე უმისოდ სოფელს ყოფა რათგან ჩირად არ მიღირდა,
რად დავვიწყდი, რად მივსცილდი, რად ვერ გაძლო, რა
მისჭირდა?
მან გატეხა ზენარისა რად შემართა, ვით გაპირდა?
მაგრა ავის ბედისაგან ჩემი რამცა გამიკვირდა!”
847
კვლა ქალი ეტყვის: “მართალ ხარ მაგისსა დამძიმებასა,
მაგრა რა გავბრჭო მართალი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა:
არ გული უნდა ფიცის და პირისა გასრულებასა?
იგი უგულო მოელის მართ დღეთა შემოკლებასა.
848
“გული, ცნობა და გონება ერთმანერთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან;
უგულო კაცი ვერ კაცობს, კაცთაგან განაკიდიან.
შენ არ გინახავს, არ იცი, მას რომე ცეცხლნი სწვიდიან.
849
“შენ უმართლე ხარ, ემდურვი, შენ გაეყარე ძმობილსა,
მაგრა ვით ითქმის, ვით გახდა, ვითა გიამბობ ცნობილსა!
ენა დაშვრების, გაცვთების, გულსა შეელმის ლმობილსა,
ამას მით ვაზრობ, მინახავს მე უბედურსა შობილსა.
850
“ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი არცა ვის ამბად ჰსმენია:
არა თუ კაცთა, სასჯელი ქვათაცა შესაძრწენია,
დიჯლადცა კმარის, მას რომე თვალთაგან ცრემლი
სდენია;
თვით რაცა ჰბრძანოთ, მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა
ბრძენია.
851
“მას წამავალსა ვჰკითხევდი, დამწვარსა, ცეცხლმოდებულსა:
«მოვიდეს, რა ქმნას ავთანდილ? მისსა დამვედრე
დებულსა».
მიბრძანა: «მო-ღა-მნახვიდეს მე, მისთვის გაცუდებულსა,
ამათ არ დავჰყრი არეთა, არ გავსტეხ მის ქადებულსა.
852
«მას ზენაარსა არ გავსტეხ, მას ფიცსა არ ვეცრუები,
მას პაემნამდის მოვიცდი, რაზომმცა გამდის რუები;
თუ მკვდარი მნახოს, დამმარხოს, თქვას ვაგლახი და
უები,
ცოცხალი დავჰხვდე, უკვირდეს, სიცოცხლე არს
სათუები».
853
“ჩემთვის გარდახდა მას აქათ გაყრა მზისა და ქედისა;
ოდენ მოდენა ცრემლისა მჭირს, ველთა მოსალბედისა.
მსჯის გამრავლება ხელ-ქმნილსა სულთქმისა ზედაზედისა,
დავვიწყებივარ სიკვდილსა, ნახეთ ნაქმარი ბედისა!
854
“ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია:
«ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია».
აწ ზაფრანია, ვის წინას ვერ ვარდი ჰგვანდის, ვერ ია;
თუღა მოჰნახავ, მონახე, ქმენ რაცა შენი ფერია”.
855
ყმამან უთხრა: “უმართლე ხარ, არ მამართლო მდურვად
მისად,
მაგრა გაბრჭე, რა მიქმნია სამსახური ტყვესა ტყვისად:
გამოჭრილვარ სახლით ჩემით, ვით ირემი ძებნად
წყლისად,
მას ვეძებ და მას ვიგონებ, ვიარები ველთა ვლისად.
856
“ბროლ-სადაფნი მარგალიტსა ლალის-ფერსა სცვენ და
ჰბურვენ,
მას მოვჰშორდი, ვერ ვეახელ, ვერ ვისურვენ, ვერ
ვასურვენ,
გამოპარვით წამოსლვითა ღრმთისა სწორნი
მოვიმდურვენ,
ნაცვლად მათთა წყალობათა გულნი მათნი შევაურვენ.
857
“პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად
ცხოველი,
მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა, წყალობისა მთოველი!
მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი,
მისი შემცოდე ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი.
858
“ესე ყველაი ასრე მჭირს, დაო, ბედითა მისითა,
არ ვუტყუე და მოსრულვარ მგზავრი ღამით და დღისითა;
აწ იგი სადმე წასრულა, ვიწვი ცეცხლითა ვისითა,
ცუდ-მაშვრალი და მტირალი ქვე ვზი პირითა მქისითა.
859
“დაო, მეტსა საუბარსა აღარ მომცემს ჟამი და დრო,
არ ვინანი გარდასრულსა, ბრძენთა სიტყვა დავაღადრო;
წავალ, ვძებნი, ანუ ვპოვებ, ან სიკვდილი მოვიადრო,
თვარა ბედი აზომ თურე მიკვეთს, ღმერთსა რაღა
ვჰკადრო!”
860
ამის მეტი აღარა თქვა, ატირდა და წამოვიდა,
ქვაბი ჩავლო, წყალსა გახდა, შამბი გავლო, ველს გავიდა;
ქარი, ველთა მონაქროლი, ლალის-ფერსა ვარდსა ზრვიდა;
“რად მიმეცო ამა ჭირსა?”, ბედსა ამას უზრახვიდა.
861
იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე შენ, უფალსა, არსთა
მხედსა,
რად გამყარე მოყვარეთა, რად შემასწარ ამა ბედსა?
ერთი ორთა მგონებელი ვარ საქმესა წარსაწყმედსა,
მოვკვდე, თავი არ მეწყალვის, სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა!
862
“მოყვარემან ვარდის კონა გულსა მკრა და დამიწყლულა,
იგი ფიცი, ჩემგან სრული, მან აღარა გამისრულა;
მას თუ გამყრი, საწუთროო, ჩემი ლხინი გარდასრულა,
სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა გაკიცხულა, გაბასრულა”.
863
კვლა იტყვის: “მიკვირს ნაღველი კაცისა ჭკუიანისა.
რა მჭვუნვარებდეს, რას არგებს ნაკადი ცრემლთა ბანისა?
სჯობს გამორჩევა, აზრობა საქმისა დასაგვანისა,
აწ მეცა მიჯობს მონახვა მის მზისა ლერწამ-ტანისა”.
864
ყმა გაემართა საძებრად მტირალი, ცრემლთა მფქვეველი,
ეძებს, უზახის, უყივის, დღეებრ ღამეთა მთეველი;
სამ დღემდის მოვლო მრავალი ხევი, შამბნარი, ტყე, ველი;
ვერ პოვა, მივა მჭმუნვარე, ვერას ამბისა მცნეველი.
865
იტყვის: “ღმერთო, რა შეგცოდე, ეგზომ დიდი რა გაწყინე,
რად შემასწარ ამა ბედსა, რა სასჯელი მომივლინე!
გამკითხველო, გამიკთხე, აჯა ჩემი შეისმინე,
დაამოკლენ დღენი ჩემნი, ჭირნი ამით მომილხინე!”
პოვნა ავთანდილისაგან
დაბნედილის ტარიელისა
866
მივიდოდა, მიუბნობდა ყმა მტირალი, ფერ-შეცვლილი,
ქედსა რასმე გარდაადგა, ველი აჩნდა მზიან-ჩრდილი;
ნახა, შავი შამბთა პირსა დგა სადავე-უკუყრილი;
თქვა: “უცილოდ იგიაო, არად უნდა ამას ცილი”.
867
რა შეხედნა, ყმასა გულმან გაუფეთქნა, გაუნათდა,
აქა ლხინი დაღრეჯილსა უათასდა, არ უათდა;
ვარდმან ფერი განანათლა, ბროლი ბროლდა, სათი სათდა,
ვით გრიგალმან ჩაირბინა, არ მოსცალდა ჭვრეტად მათდა.
868
რა ტარიელ დაინახა, განაღამცა დაეღრიჯა:
ახლოს მყოფი სიკვდილისა ჯდა და პირი დაებღნიჯა,
საყელონი გარდეხივნეს, თავი სრულად გაეგლიჯა,
მას აღარა შეესმოდა, სოფლით გაღმა გაებიჯა.
869
ერთ-კერძ უც ლომი მოკლული და ხრმალი სისხლმოცხებული,
კვლა სხვაგან - ვეფხი უსულო, მკვდარი, ქვედანარცხებული;
მას წყაროსაებრ თვალთაგან ცრემლი სდის
გაფიცხებული.
მუნ ეგრე გულსა უნთებდა ცეცხლი მცხინვარე, ცხებული.
870
თვალთა ახმადცა ზარ-ედვა, სრულად მიჰხდოდა ცნობასა,
მიახლებოდა სიკვდილსა, მოჰშორვებოდა თმობასა.
ყმა სახელ-დებით უყივის, ჰლამის სიტყვითა კრთობასა,
ვეღარ ასმინა, გარდიჭრა, ძმა გამოაჩენს ძმობასა!
871
ხელითა ცრემლსა უწურავს, თვალთა ავლებდა სახელსა,
ახლოს უზის და უზახის მართ სახელ-დებით სახელსა;
ეტყვის: “ვერ მიცნობ ავთანდილს, შენთვის გაჭრილსა და
ხელსა?”
მას არა დია შეესმის რეტსა, თვალ-დაუფახელსა.
872
ესე ყველაი ასრეა, რაცა აწ ჩემგან თხრობილა.
ცრემლნი მოსწურნა თვალთაგან, ცოტად-რე მოაცნობილა.
მაშინღა იცნა, აკოცა, მოეჭდო, მოეძმობილა.
ვიმოწმებ ღმერთსა ცხოველსა, მათებრივ არვინ შობილა!
873
უთხრა: “ძმაო, არ გიტყუვე, გიყავ, რაცა შემოგფიცე,
გნახე სულთა გაუყრელმან, ფიცი ასრე დავამტკიცე;
აწ დამეხსენ, სიკვდილამდის ვიტირო და თავსა ვიცე.
მაგრა გვედრებ დამარხვასა, მხეცთა საჭმლად არ მივიცე”.
874
ყმამან უთხრა: “რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა?
ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა?
ვის უქმნია შენი მსგავსი სხვასა კაცთა ნათესავსა?
რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?
875
“თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს, რაზომცა ნელად ტირსა.
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა.
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა.
876
ბრძენი ხარ და გამორჩევა არა იცი ბრძენთა თქმულებ,
მინდორს სტირ და მხეცთა ახლავ, რას წადილსა
აისრულებ?
ვისთვის ჰკვდები, ვერ მიჰხვდები, თუ სოფელსა
მოიძულებ,
თავსა მრთელსა რად შეიკრავ, წყლულსა ახლად რად
იწყლულებ?
877
ვინ არ ყოფილა მიჯნური, ვის არ სახმილნი სდებიან?
ვის არ უნახავს პატიჟნი, ვისთვის ვინ არა ბნდებიან?
მითხარ, უსახო რა ქმნილა, სულნი რად ამოგხდებიან?
არ იცი, ვარდნი უეკლოდ არავის მოუკრებიან!
878
“ვარდსა ჰკითხეს: «ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად,
პირად?
მიკვირს, რად ხარ ეკლიანი? პოვნა შენი რად არს ჭირად?»
მან თქვა: «ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების
რაცა ძვირად;
ოდეს ტურფა გაიეფდეს, არღარა ღირს არცა ჩირად».
879
“რათგან ვარდი ამას იტყვის უსულო და უასაკო,
მაშა ლხინსა ვინ მოიმკის პირველ ჭირთა უმუშაკო?
უბოროტო ვის ასმია რაცა საქმე საეშმაკო,
რად ემდურვი საწუთროსა? რა უქმნია უარაკო?!
880
“ისმინე ჩემი თხრობილი, შეჯე, წავიდეთ ნებასა,
ნუ მიჰყოლიხარ თავისა თათბირსა, გაგონებასა,
რაცა არ გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა,
ასრე არ სჯობდეს, არ გეტყვი, ნუ მეჭვ რასაცა თნებასა”.
881
მან უთხრა: “ძმაო, რა გითხრა, ძრვაცა არ ძალ-მიც ენისა,
ძალი არა მაქვს ხელ-ქმნილსა შენთა სიტყვათა სმენისა;
რა ადვილად გიჩნს მოთმენა ჩემთა სასჯელთა თმენისა!
აწ მივსწურვივარ სიკვდილსა, დრო მომეახლა ლხენისა.
882
“ამას მოკვდავი ვილოცავ, აროდეს ვითხოვ, არ, ენით:
აქა გაყრილნი მიჯნურნი მუნამცა შევიყარენით,
მუნ ერთმანერთი კვლა ვნახნეთ, კვლა რამე
გავიხარენით,
მო, მოყვარეთა დამმარხეთ, მიწანი მომაყარენით!
883
“საყვარელმან საყვარელი ვით არ ნახოს, ვით გაწიროს!
მისკენ მივალ მხიარული, მერმე მანცა ჩემ კერძ იროს,
მივეგებვი, მომეგებოს, ატირდეს და ამატიროს.
ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდ რა ვინ გივაზიროს!
884
“მართ გარდაწყვედით იცოდი, გეტყვი მართალსა პირასა:
სიკვდილი მახლავს, დამეხსენ, ხანსაღა დავჰყოფ მცირასა;
არ ცოცხალ ვიყო, რას მაქმნევ? რა დავრჩე, ხელსა მხდი
რასა?
დამშლიან ჩემნი კავშირნი, შევჰრთვივარ სულთა სირასა.
885
“რა სთქვი, რას იტყვი, არ მესმის, არცა მცალს სმენად
მაგისად,
სიკვდილი მახლავს ხელ-ქმნილსა, სიცოცხლე არის
წამისად;
აწ გამიარმდა სიცოცხლე მეტად ყოვლისა ჟამისად,
მუნ მეცა მივალ, ცრემლისა მიწად სად გამდის ლამი, სად.
886
“ბრძენი! ვინ ბრძენი, რა ბრძენი! ხელი ვითა იქმს
ბრძნობასა!
ეგ საუბარი მაშინ ხამს, თუცაღა ვიყო ცნობასა;
ვარდი ვერ არის უმზეოდ; იყოს, დაიწყებს ჭნობასა;
მაწყენ, არა მცალს, დამეხსენ, არცაღა ვახლავ თმობასა”.
887
კვლა ეუბნების ავთანდილ სიტყვითა მრავალ-ფერითა,
ეტყვის, თუ: “მოჰკვდე, რას არგებ ქცევითა მაგ ოხერითა?
ნუ იქმ, არა სჯობს საქმითა, ნუ ხარ თავისა მტერითა!”
ვერ წაიყვანა, ვერა ქმნა სიტყვითა, ვერა, ვერითა.
888
მერმე უთხრა: “აჰა, რათგან არ მომისმენ არას, არა,
აღარ გაწყენს ენა ჩემი, აქამდისცა ცუდად მცთარა;
თუ სიკვდილი გიჯობს, მოკვე, ვარდი დაჭნეს, და-ცამჭნარა!
ერთსა რასმე გეაჯები, მიყავ!” - ცრემლი ამდუღარა.
889
“სადა ინდონი ბროლ-ვარდსა სარვენ გიშრისა სარითა,
მას მოვეშორვე, წამოვე სიჩქარით, არ სიწყნარითა;
ვერ დამიჭირა მეფემან მშობლურად საუბარითა,
შენ არ შემიყრი, გამიყრი, აწ ჩემი ლხინი ვთქვა რითა?
890
“ნუ გამგზავნი გულ-მოკლულსა, ერთი მიყავ საწადელი,
ერთხელ შეჯე, ცხენოსანი გნახო ჩემი სულთა მხდელი,
ნუთუ მაშინ მოვიქარვო სევდა ესე აწინდელი;
მე წავალ და შენ დაგაგდებ, იქმნას შენი საქადელი!”
891
ეხვეწებოდა: “შეჯეო”, აჯას ხვეწნითა არვებდა,
იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა,
ლერწმისა სარსა დასდრეკდა, გიშერსა დააკარვებდა;
დაიმორჩილა, ეამა, არ ივაგლახა, არ ვებდა.
892
ცხადად უთხრა: “შევჯდებიო, მომიყვანე ცხენი წინა”.
მან მოჰგვარა, წყნარად შესვა, არ სიჩქარით ააქშინა;
მინდორთაკე წაიყვანა, ტანი მჭევრი აძრვევინა,
ხანი წარვლეს, სიარულმან მოჯობება დააჩინა.
893
შეაქცევს და ეუბნების საუბართა შვენიერთა,
მისთვის სძრვიდა სასაუბროდ მათ ბაგეთა ძოწის-ფერთა,
მისი სმენა გააყრმობდა მსმენელისა ყურთა ბერთა;
მოიშორვა კაეშანი, დათმობავე შეაერთა.
894
რა შეატყო მოჯობება მან, სევდისა მუფარახმან,
განანათლა პირი-ვარდი სიხარულმან დაუსახმან,
ცნობიერთა დასტაქარმან, უცნობოთა ოხრვა-ახმან;
ცნობიერი სიტყვა უთხრა უცნობოსა რასმე მზრახმან.
895
შე- რასმე -ჰყვეს საუბარსა, სიტყვა ჰკადრა არ-მალული:
“ერთსა რასმე მოგახსენებ, გამიცხადე დაფარული:
ეგე სამხრე მისეული, შენ გაჩნია ვისგან წყლული,
რაგვარ გიყვარს, რაგვარ გიღირს? თქვი, დავიღო მერმე
სული”.
896
მან უთხრა: “სახე რა გითხრა მის უსახოსა სახისა!
ესეა ჩემი სიცოცხლე, ჩემი მომცემი ახისა,
მჯობი ყოვლისა სოფლისა, წყლისა, მიწისა და ხისა;
არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა”.
897
ავთანდილ უთხრა: “ვლამოდი მართ მაგისისა თქმევასა;
აწ რათგან გითქვამს, პასუხსა გკადრებ და ნუ მეჭვ
თნევასა:
სჯობს ასმათისა არ-ლევა მაგა სამხრისა ლევასა,
ამად არ გიქებ საქმისა უარესისა რჩევასა.
898
“სამხრე გაბია ოქროსა, ოქრომჭედლისა დნობილი,
უასაკო და უსულო, არ სიტყვიერი, ცნობილი;
აღარად გინდა ასმათი, - ნახე მართალი ბრჭობილი! პირველ, გლახ, მისი ნაჭვრეტი, თვით მერმე შენი
დობილი.
899
“თქვენს შუა მქმნელი საქმისა, შენგან ნახმობი დობისა,
თქვენი შემყრელი მსახური, შენგან ღირს-ქმნილი
ხმობისა,
მისი გამზრდელი, გაზრდილი, მისთვის მიხდილი
ცნობისა,
გლახ, დაგიგდია, არ ჰნახავ, შაბაშ მართლისა ბრჭობისა!”
900
მან უბრძანა: “რაცა გითქვამს, უმართლე ხარ მეტისმეტად:
საბრალოა ასმათ მისად მგონებლად და ჩემად მჭვრეტად;
მე სიცოცხლე არ მეგონა, შენ მომესწარ ცეცხლთა შრეტად,
რათგან დავრჩი, გვალე, ვნახოთ, თუცავე ვარ ჯერთცა
რეტად”.
901
დაჰმორჩილდა. გაემართნეს ავთანდილ და ამირბარი;
ვერ მიგია ქება მათი, ვერა ქება საქებარი:
კბილნი - ვითა მარგალიტნი, ბაგე - ვარდი ნაპობარი.
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
902
ამას ეტყვის: “შენთვის დავსდებ გონებასა, სულსა,
გულსა,
მაგრა შენცა ნუ აგრე ხარ, ნუ იწყლულებ ახლად
წყლულსა;
არას გარგებს სწავლულება, თუ არა იქმ ბრძენთა
თქმულსა:
არ იხმარებ, რას ხელსა ჰხდი საუნჯესა დაფარულსა?
903
“არას გარგებს შეჭირვება, რომ სჭმუნვიდე, რა გერგების!
არ თუ იცი, უგანგებოდ არა კაცი არ მოკვდების?
მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების.
ბედი, ცდა და... გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცაგვხვდების”.
904
მოახსენა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად
ღირდეს, გონიერსა მწვრთელი უყვარს, უგუნურსა გულსა
ჰგმირდეს, მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავძლო, მეტის-მეტი რა
მიმჭირდეს!
შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?!
905
“ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების,
მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცაშრტების;
რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების,
თავიდაღმა რად არ იცი, ჩემი გული რაგვარ დნების!”
მბობა ტარიელისაგან
ლომ-ვეფხის დახოცისა
906
“რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა,
მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა;
შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა,
ქვაბს ვეღარ გავძელ, მინდორთა მოვლა მომინდა
ცხენითა.
907
“იმა ქედსა გარდავადეგ, იგი შამბნი მომეარნეს;
ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს,
ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს,
მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.
908
“ქედსა გარდავდეგ, ლომ-ვეფხნი მოვიდეს ერთგან
რებულნი, სახედ ვამსგავსე მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსეს
დებულნი, შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი,
ლომი სდევს, ვეფხი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებულნი.
909
“პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს:
თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ
დაჰრიდნეს;
გამოჰრიდა ვეფხმან გული, - დედათამცა გამოჰრიდნეს! ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.
910
ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: «არა ხარ ცნობასა,
შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!»
ხრმალ-გამოწვდილი მივუხე, მივეც ლახვართა სობასა,
თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავჰხსენ სოფლისა
თმობასა.
911
“ხრმალი გავტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ
ხელითა;
მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა;
მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭალითა სისხლთა
მღვრელითა,
ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.
912
რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე,
გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე;
მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე;
სული სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, რომ ცრემლსა
ვჰღვრიდე!
913
“აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა;
სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად
გიკვირდა!
სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”.
ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქნა, ა-ცა-ტირდა.
914
ავთანდილცა მასთანავე ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა;
უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ
დასჭრი და!
ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა;
თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ
შეგყრიდა.
915
“სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს,
მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა
გასძლებს;
მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს,
გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.
ტარიელისაგან და ავთანდილისაგან
ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა
916
იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს;
რა ასმათმან დაინახა, განაღამცა გაეხარნეს!
მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისმან კლდენი ღარნეს,
აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.
917
ასმათ თქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა,
შენ ხარ სავსება ყოველთა, აგვავსებ მზეებრ ფენითა;
გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა!
დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”
918
ტარიელ ეტყვის: “ჰე დაო, მით ცრემლი აქა მდინია,
საწურთო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია.
ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია.
ვა შენი ბრალი, თვარა-და სიკვდილი ჩემი ლხინია!
919
“სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო,
ცნობილი?
მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა
ლტობილი!
უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი!
ვა, წარხდა ვარდი პობილი, ვა, მარგალიტი წყობილი!”
920
ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი;
იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი?
შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი,
გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, როგორ
ცხელი!
921
“ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავჭნეო,
ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო?
გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო,
ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ
დაჰლეო”.
922
სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა;
ასმათი შეჰყვა, შევიდა, მათებრ სახმილი ჰგზებოდა,
დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა;
ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.
923
მწვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა,
მუნ უპურობა პურობა, არ-სიდიადე ჯამისა,
მას წეეხვეწნეს: “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა,
დაცოხნის, ლუკმა გატყორცის, წონა ძლივ ჩანთქის
დრამისა.
924
ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს!
მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს,
ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს.
დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.
925
მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი,
იუბნეს და გააცხადნეს თავ-თავისად მათნი ჭირნი.
რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი;
ერთმანერთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.
926
ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა?
რაცა შენ ჩემთვის გიქნია, ღმერთი მზღველია ვალისა;
კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა,
არ-დავიწყება, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.
927
“აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა;
მე რომე ცეცხლი მედების, არ ნაგზებია კვესითა.
ვერ დამშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა,
წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით ა.
928
“ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად,
ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილვარ ხელი ველად;
რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად,
აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად”.
929
ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა?
შენვე სთქვი ეგე სიტყვაო კაცისა ბრძნად სწავლულისა:
ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება
წყლულისა?
იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!
930
“ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით,
არღა შეგყარნა, გაგყარნა, ხელი გქმნა ცრემლთა დადენით!
სდევს ფათერაკი მიჯნურსა, განჭვრიტეთ, გაიცადენით,ს
თქვენ ერთმანერთსა არ მიჰხვდეთ, მე სულნი
ამომხადენით!
931
“ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გაძლოს, რაცა ჭირია!
ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია!
ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია,
რაცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.
932
“თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად;
ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად,
მოვახსენე: «რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად,
ვერას ირგებ, არ დავდგები, სხვა ვიუბნო რაღა მრავლად?»
933
“მან მიბრძანა: «მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად,
შენგან მისსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად».
მისის კითხვით წამოსრულვარ, არ მთრვალურად, არ
მახმურად,
აწ შევიქცე, რა ვუამბო? - «რად მოხველო ჯაბანხრდლურად?»
934
“მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი:
მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი;
ვერას ვერ შეიქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი.
შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!
935
“სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა,
გწადდეს - გულითა ბრძენითა, გწადდეს - ცნობითა
შმაგითა;
მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა,
ოდენ გამაგრდი, არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა
დაგითა.
936
“ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა
აქა ქვაბსავ მომნახვიდე მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა;
ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა;
ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითამცა ძაღლი
ყეფსა.
937
“ამა დროსა გარდავსცილდე, აქა ქვაბსავ არ მოვიდე,
ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვდი კიდე;
ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა
ჰღვრიდე,
მაშინ გწადდეს - იხარებდი, გწადდეს - ჭმუნვა გაადიდე.
938
“აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი!
მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი;
არ, უთქმელობა არ ვარგა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი,
არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი”.
939
მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს,
არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს;
თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა
სწადდეს,
ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.
940
“რა დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა;
ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა;
შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომც გინდა
ხელობა,
უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა
გრძელობა!”
941
საუბარი გარდაწყვიდეს, დააპირეს ესე პირი;
ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი;
შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი,
ხვალ გაყრისა გონებამან სხვა უმატა ჭირსა ჭირი.
942
ლექსთა მკითხველნო, თქვენიმცა თვალი ცრემლისა
მღვრელია!
გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა
ელია?!
You have read 1 text from Georgian literature.
Next - შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანი - 08