Latin

შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანი - 04

Total number of words is 3476
Total number of unique words is 2141
12.0 of words are in the 2000 most common words
18.9 of words are in the 5000 most common words
24.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
გულსა ბნელი განმინათლდა, ზედა ლხინი ადგა სვეტად.
მას ბალიში შემოეგდო, მზისა შუქსა სჯობდა მეტად,
ჩემგან პირსა იფარვიდა, აიხედის წამის ჭვრეტად.
410
“უბრძანა, თუ: «მოახსენე, ასმათ, დაჯდეს, ამირბარსა!»
მან ბალიში დამართებით დადვა მას მზედ საქებარსა.
დავჯე, მივეც გულსა ლხინი, საწუთროსა დამგმობარსა;
მიკვირს, სულნი რადღა მიდგან, ვიტყვი მისგან ნაუბარსა!
411
“მიბრძანა: «ძოღან გეწყინა გაშვება უუბარისა,
მზემან გაყრითა დაგაჭნე, ვითა ყვავილი ბარისა:
დაგრჯიდა დენა ცრემლისა, ნარგისთათ ნაგუბარისა,
მაგრა ხამს ჩემგან სირცხვილი და რიდი ამირბარისა.
412
«თუცა ჰმართებს დედაკაცსა მამაცისა დიდი კრძალვა,
მაგრა მეტი უარეა არა-თქმა და ჭირთა მალვა:
მე თუ ზე-პირ მიცინია, ქვე-ქვე მითქვამს იდუმალ ვა;
ძოღან ქალი გამოვგზავნე, ვქმენ მართლისა შემოთვალვა.
413
«ერთმანერთისა, მას აქათ, რაცა ორთავე ვიცითა,
აწცა მიცოდი საშენოდ მითვე პირითა მტკიცითა;
ამას შესჯერდი დიდითა ზენარითა და ფიცითა.
გეცრუო, ღმერთმან მიწა მქმნას, ნუმცა ცხრითავე ვზი
ცითა!
414
«წა, შეები ხატაელთა, ილაშქრე და ინაპირე;
ღმერთმან ქმნას და გაგიმარჯვდეს, მორჭმულიმცა ჩემ
კერძ ირე!
მაგრა რა ვქმნა, კვლაცა ნახვა მომხვდებოდეს შენი ვირე?
გული მომეც გაუყრელად, ჩემი შენთვის დაიჭირე!»
415
“მოვახსენე: «არ მეწყალვის თავი შენთვის დასაწველად,
მაგრა რათგან დამარჩინე, არ გამოსჩნდი ჩემად
მკლველად,
შენ სინათლედ თვალთა ჩემთა მიჩნდე მზეებრ
სანახველად,
აწ შევება ხატაელთა, მუნ გამოვჩნდე ლომი ქველად”.
416
«აწ რასაცა მე მაღირსებ, ხორციელი არა ღირს ა;
მოწყალება იჩქითია, ღმრთისა ამად არა მკვირსა;
შენთა შუქთა შემომადგამ, ბნელსა გულსა ზედა მჭვირსა,
შენი ვიყო, სადამდისცა დამიყოფდეს მიწა პირსა».
417
«ზედა წიგნსა საფიცარსა შევჰვფიცე და შემომფიცა,
მისგან ჩემი სიყვარული ამით უფრო დაამტკიცა:
«უშენოსა მოწონება ვისიცაო გულსა მიცა,
ღმერთი მომკლავს, ამას იქით თავსა ვეტყვი, ამას
ვსწვრთი-ცა».
418
“დავყავ ხანი მას წინაშე, სიტყვანიცა ტკბილნი
ვთქვენით,
ვჭამეთ ამო ხილი რამე, ერთმანერთსა ვეუბენით,
მერმე ავდეგ წამოსავლად ტირილით და ცრემლთა
დენით.
მისთა შუქთა შვენებანი ნათლად მადგეს გულსა ფენით”.
419
“მეძნელებოდა სიშორე მისი ბროლ-ბადახშ-მინისა.
მე გამიახლდა სოფელი, მქონდა სიმრავლე ლხინისა;
ჩემად ჩნდა იგი სინათლე ეთერით მზედ ნაჩინისა,
აწ მიკვირს, მისსა გამყრელსა გული მიც კლდისა ტინისა!”
ტარიელისაგან ხატაეთს წასლვა
და
დიდი ომი
420
“დილასა შევჯე, ვუბრძანე: «ჰკარით ბუკსა და ნობასა!»
სრულთა სპათასა ვერ გითხრობ არ შესასხდომლად
მზობასა.
ლომმან მივჰმართე ხატაეთს, ვერვინ მიზრახავს
ხრდლობასა,
უგზოსა ვლიდეს ლაშქარნი, არ გაივლიდეს გზობასა.
421
“დავაგდე მზღვარი ინდოთა, მევლო პაშტაი ხანია;
რამაზის კაცი მემთხვია, ვინ ხატაეთის ხანია,
მან მითხრა მოციქულობა გულისა მოსაფხანია:
«ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, ინდონო, თქვენი თხანია».
422
“მე შემომძღვნეს რამაზისგან ძღვნად საჭურჭლე
საშინელი,
მითხრეს: «გკადრებს, - ნუ ამოგვწყვედ, არის შენგან არ-
საქმნელი,
ზენაარი გამოგვიღე, მით გვაბია ყელსა წნელი,
მოურბევლად მოგახსენნეთ თავნი, შვილნი, საქონელი.
423
«რაცა შეგცოდეთ, შეგვინდევ, თვით ჩვენვე შეგვინანია;
თუ ღმრთულებრ შეგვიწყალებდე, აქა ნუ მოვლენ სპანია;
ქვეყანა ჩვენი არ აწყდეს, რისხვით არ დაგვტყდენ ცანია;
ჩვენ მოგცეთ ციხე-ქალაქი, მოგყვნენ ცოტანი ყმანია».
424
“გვერდსა დავისხენ ვაზირნი, ვიუბნეთ, გავიზრახენით;
მითხრეს, თუ: «ხარო ყმაწვილი, ბრძენნი მით გკადრებთ,
გლახ, ენით:
არიან მეტად მუხთალნი, - ჩვენ ერთხელ კვლაცა
ვნახენით, არამცა მოგკლეს ღალატად, არამცა ვივაგლახენით!”
425
«ჩვენ ამას ვარჩევთ, წახვიდე კარგითა მართ მამაცითა,
ლაშქარნი ახლოს გეკიდნენ, სცნობდენ ამბავსა კაცითა;
გულ-მართლად იყვნენ, მიენდე, აფიცე ღმრთითა და
ცითა,
არ დაგმორჩილდენ, შეჰრისხდი რისხვითა კვლა და
კვლაცითა».
426
“მეკეთა ესე თათბირი, ვაზირთა ნავაზირები;
შევსთვალე: «რამაზ მეფეო, ვცან შენი დანაპირები;
სიკვდილსა გიჯობს სიცოცხლე, დაგვიდგამს ვერ
ქვიტკირები;
ლაშქართა დავჰყრი, ცოტათა წამოვალ, შენ კერძ ვირები».
427
“მათ ლაშქართაგან სამასნი კარგი მოყმენი, ქველანი
თანა წამომყვეს, წა-ცა-ვე, დავყარენ სპანი ყველანი,
დავჰვედრე: «სადა მე მევლოს, ვლენით იგივე ველანი,
ახლოს მომდევდით, მიშველდით, გიხმობ, თუ მინდენ
შველანი».
428
“სამ დღე ვიარე, მემთხვია სხვა კაცი მისვე ხანისა.
კვლა ეძღვნა უცხო მრავალი შესამოსელი ტანისა,
ებრძანა: «მწადსო სიახლე შენ ლაღისა და ჯანისა,
რა შეგეყარო, მაშინ სცნა შენ ძღვნობა ამისთანისა».
429
“კვლაცა ეთქვა: «მართალია ეზომ ჩემი მონახსენი,
მე თვით წინა მოგეგებვი, მესწრაფების ნახვა შენი».
მოვახსენე: «დია, ღმერთო, ბრძანება ვქმნა მეცა თქვენი,
ტკბილად ვნახნეთ ერთმანერთი, ვიყვნეთ ვითა მამაძენი».
430
“მუნით წასრული ჩამოვხე ტევრისა რასმე კიდესა;
კვლა მოციქულნი მოვიდეს, სალამად არ დამრიდესა;
წინა ტურფათა ტაიჭთა ძღვნად ჩემთვის მოზიდვიდესა:
«შენსა ნახვასა მეფენი, - თქვეს, - მართლად ინატრიდესა».
431
“მითხრეს: «მეფე მოგახსენებს, მეცა შენ კერძ ვიარები,
სახლით ჩემით წამოსრული ხვალე ადრე შეგეყრები».
მოციქულნი დავაყენენ, ხარგა დავდგი, არ მაზრები,
მეტად ამოდ ვუალერსე, ერთგან დაწვეს ვით მაყრები.
432
“კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების:
ერთი კაცი უკმო-რე-სწყდა, მოდგა, მალვით მეუბნების:
«დიდი მაცო თქვენი ვალი, ჩემგან ძნელად გარდიხდების,
გაწირვა და დავიწყება ჩემგან თქვენი არ იქმნების.
433
«მე მამისა თქვენისაგან ვარ ცოტაი განაზარდი.
თქვენი მესმა საღალატო, საცნობელად გამოვვარდი;
მკვდარი მიმძიმ სანახავად ტანი მჭევრი, პირი ვარდი,
ყველასავე მოგახსენებ, გამიგონე, დამიწყნარდი”.
434
«რომე ცუდად არ მოჰღორდე, ისი კაცნი გღალატობენ,
ერთგან შენთვის დამალულნი სპანი ასჯერ ათასობენ;
კვლა სხვაგან გითქს სამი ბევრი, ასრე ფიცხლად მით
გიხმობენ,
აწვე თავსა არ ეწევი, ფათერაკსა შეგასწრობენ”.
435
«მეფე ცოტათ მოგეგებვის, ვის მჭვრეტნი ვერ გელევიან;
მალვით ჩაიცმენ აბჯარსა, მიენდო, მით გეთნევიან;
კვამლსა შეიქმენ, ლაშქარნი ყოველგნით მოგეხვევიან.
რა ერთსა გცემდენ ათასნი, ეგრეცა მოგერევიან».
436
“მას კაცსა ამოდ ვეუბენ და მადლსა გარდვიხდიდია:
«რომე არ მოვკვდე, შემოგზღო, შენ ამას ინატრიდია;
აწ ამხანაგთა არ გიგრძნან, წადი, მათთანა ვლიდია,
თუ დაგივიწყო, უთუოდ მემცა ვარ განაკიდია!»
437
“არვის გავენდევ სულ-დგმულსა, დავმალე ვითა ჭორია.
რაცა იქმნების, იქმნების, ყოვლი თათბირი სწორია!
მაგრა სპათაკენ გავგზავნე კაცი, თუ გზაცა შორია,
შევსთვალე: «ფიცხლად წამოდით, მოგრაგნეთ მთა და
გორია».
438
“მე დილასა მოციქულთა სიტყვა ტკბილი შევუთვალე:
«რამაზს ჰკადრეთ: მოგეგებვი, მოდი, მოვალ მეცა მალე».
ნახევარ დღე სხვა ვიარე, ჭირსა თავი არ ვაკრძალე.
განგებაა, დღესცა მომკლავს, ქვემცა სადა დავიმალე?!
439
“ქედსა რასმე გარდავადეგ, მინდორს მტვერი დავინახე;
ვთქვი, თუ: «მოვა რამაზ მეფე; ჩემთვის უდგამს თუცა
მახე,
ჩემი გაჰკვეთს ხორცსა მათსა ხრმალი ბასრი, შუბი ახე».
მაშინ ვუთხარ სპათა ჩემთა, სახე დიდი დავუსახე.
440
“ვთქვი, თუ: «ძმანო, ისი კაცნი ჩვენ ღალატსა
გვიდგებიან,
მკლავთა თქვენთა სიმაგრენი ამისთვისმცა რად
დალბიან?
ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან.
აწ შევებნეთ ხატაელთა, ხრმალნი ცუდად რას გვაბიან?»
441
“ვუბრძანე ჩაცმა აბჯრისა ლაღმან სიტყვითა ხაფითა;
დავეკაზმენით საომრად ჯაჭვ-ჯავშანითა, ქაფითა;
რაზმი დავაწყევ, მივჰმართე, წავე დიდითა სწრაფითა,
მას დღესა ჩემი მებრძოლი ჩემმანვე ხრმალმან დაფითა.
442
“მივეახლენით, შეგვატყვეს მათ ტანსა აბჯარ-ცმულობა;
კაცი მოვიდა, მომართვა მეფისა მოციქულობა;
ეთქვა, თუ: «ჟამად გვაჩნია ჩვენ თქვენი არ-ორგულობა,
აბჯრითა გხედავთ, შეგვქმნია აწ ამად გულნაკლულობა».
443
“შევსთვალე, თუ: «მეცა ვიცი, რაცა ჩემთვის გაგიგია;
თქვენ რასაცა სთათბირობდით, არ იქმნების, არ, იგია!
ბრძანეთ, მოდით, შეგვებენით, ვითა წესი და რიგია,
მეცა თქვენად დასახოცლად ხელი ხრმალსა დამიგია».
444
“რა მივიდა მოციქული, კვლაცა რადღა გამოგზავნეს!
კვამლი შექმნეს ლაშქართათვის, დამალული
გაამჟღავნეს;
სამალავით გამოვიდეს, თავნი ორგნით აქარავნეს,
შექმნეს რაზმი მრავალ-კეცი, თუცა, ღმერთო, ვერა მავნეს.
445
“შუბი ვსთხოვე, ხელი ჩავყავ მუზარადის დასარქმელად;
საომარად ატეხილი ვიყავ მათად გამტეხელად;
ერთსა წავსწვდი უტევანსა, წავგრძელდი და წავე
გრძელად.
მათ ურიცხვი რაზმი ეწყო, წყნარად დგეს და აუშლელად.
446
“ახლოს მივე, შემომხედეს, «შმაგიაო», ესე თქვესა.
მუნ მივჰმართე მკლავ-მაგარმან, სად უფროსი ჯარი
დგესა;
კაცს შუბი ვჰკარ, ცხენი დავეც, მართ ორნივე მიჰხდეს
მზესა,
შუბი გატყდა, ხელი ჩავყავ, ვაქებ, ხრმალო, ვინცა გლესა!
447
“შიგან ასრე გავერივე, გნოლის ჯოგსა ვითა ქორი,
კაცი კაცსა შემოვსტყორცი, ცხენ-კაცისა დავდგი გორი;
კაცი, ჩემგან განატყორცი ბრუნავს ვითა ტანაჯორი,
ერთობ სრულად ამოვწყვიდე წინა კერძო რაზმი ორი.
448
“ერთობილნი მომეხვივნეს, მგრგვლივ შეიქმნა ომი დიდი;
ვჰკრი რასაცა, ვერ დამიდგის, სისხლსა მჩქეფრსა
აღმოვღვრიდი;
ცხენსა კაცი გაკვეთილი მანდიკურად გარდავჰკიდი.
სითცა ვიყვი, გამექციან, მათ შექმნიან ჩემი რიდი.
449
“საღამო-ჟამ დაიზახა ქედით მათმან დარაჯამან:
«ნუღარა სდგათ, წაედითო, კვლა მოგვხედნა რისხვით
ცამან:
მოვა მტვერი საშინელი, შეგვაშინა ამად ამან,
ნუთუ სრულად ამოგვწყვიდნეს უთვალავმან, ბევრმან
სპამან».
450
“ჩემნი ლაშქარნი, რომელნი წამომეტანნეს მე არა,
რა ეცნა, წამოსრულიყვნეს, ღამე-წამორთვით ეარა;
ვერ დაიტევდა მინდორი და არე მთათა ეარა,
გამოჩნდეს, სცემდეს ტაბლაკსა, ბუკმან ხმა გაიზეარა.
451
“იგი ნახეს, გასაქცევლად გაემართნეს, შევჰკივლენით;
ველნი, ჩვენგან ნაომარნი, ომითავე გარდავვლენით.
რამაზ მეფე ჩამოვაგდე, ერთმანერთსა გავეხრმლენით,
მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით.
452
“უკანანიცა ლაშქარნი მოესწრნეს მათ გაქცეულთა,
დაუწყეს პყრობა, ჩამოყრა შეშინებულთა, ძლეულთა;
ძილისა მიჰხვდა ნაცვალი ძილ-მკრთალთა, ღამეთეულთა,
ტყვეთა მრთელთაცა არ აკლდა კვნესა, მართ ვითა
სნეულთა.
453
“მას ადგილსა ნაომარსა გარდავხედით მოსვენებად.
ხელსა ხრმლითა დავეკოდე, წყლულად მაჩნდა, არნაღებად;
ჩემნი სპანი მოვიდიან საჭვრეტლად და ჩემად ქებად,
ვერ იტყვიან, ვერ მიმხვდარან ქებასაცა მოხსენებად.
454
“ერთსა კაცსა ეყოფოდეს, დიდებანი რომე მჭირდეს;
ზოგთა შორით დამლოციან, ზოგნი კოცნად გამიპირდეს;
რომელთაცა გავეზარდე, დიდებულნი ამიტირდეს,
ჩემგან ხრმლითა განაკვეთი ნახეს, მეტად გაუკვირდეს.
455
“გავგზავნენ ყოვლგნით ლაშქარნი, ალაფი ავაღებინე,
ერთობ სავსენი მოვიდეს, თავიცა ვალაღებინე,
ჩემთა მებრძოლთა სისხლითა მინდორი შევაღებინე,
არ ვბრძოლე, კარი ქალაქთა უომრად გავაღებინე.
456
“რამაზს ვარქვი: «შემიგია საქმე შენი სამუხთალე,
აწ ეგრეცა შეპყრობილმან თავი გამოიმართალე,
სიმაგრეთა ნუ ამაგრებ, ყველა ხელთა მომათვალე,
თვარა შენი შეცოდება მემცა ზედა რად წავსთვალე?»
457
“რამაზ მითხრა: «აღარ არის ამის მეტი ჩემი ღონე,
ერთი ჩემი დიდებული მომეც, ზედა მაპატრონე,
ციხოვანთა გავუგზავნო, საუბარი გამიგონე,
ხელთა მოგცემ ყველაკასა, განაღამცა შენ გაქონე!»
458
“მივეც ერთი დიდებული, თანა ყმანი წავატანენ,
ციხოვანნი ერთობილნი ჩემს წინაშე მოვიყვანენ,
ხელთა მომცნეს სიმაგრენი, ომნი ასრე შევანანენ,
საჭურჭლენი სიმრავლითა რასამცა ვით დავაგვანენ!
459
“მაშინღა შევე ხატაეთს მოვლად და მოსათვალავად;
კლიტენი საჭურჭლეთანი მომართვნეს დაუმალავად;
ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: «იყვენით თქვენ უკრძალავად,
მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად».
460
“საჭურჭლენი გარდავნახენ თავის-თავის, კიდის-კიდე.
უცხო ფერთა საჭურჭლეთა, დავშვრები, თუ
მოვსთვალვიდე;
ერთგან ვნახე საკვირველი ყაბაჩა და ერთი რიდე,
თუმცა ჰნახე, სახელისა ცოდნასაცა ინატრიდე!
461
“ვერა შევიგენ, რა იყო, ანუ ნაქმარი რაულად!
ვისცა ვუჩვენი, უკვირდის, ღმრთისაგან თქვის
სასწაულად;
არცა ლარულად ჰგებოდა მას ქსელი, არ ორხაულად;
სიმტკიცე ჰგვანდის ნაჭედსა, ვთქვი ცეცხლთა
შენართაულად.
462
“იგი საძღვნოდ მისად დავდევ, ვისი შუქი მანათობდა;
მეფისათვის დავარჩივე, საარმაღნოდ რაცა სჯობდა:
ჯორ-აქლემი ათჯერ ასი, - ყველაკაი წვივ-მაგრობდა, დატვირთული გავუგზავნე, ამბავსაცა კარგსა სცნობდა”.
წიგნი ტარიელისა
ინდოეთ მეფის წინაშე და
გამარჯვებით შემოქცევა
463
“წიგნი დავწერე: «მეფეო, სვემცა არს თქვენი სვიანად!
მე ხატაელთა მიმუხთლეს, - თუცა მათ ეცა ზიანად, ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გვიანად;
მეფე შევიპყარ, მოგივალ მე ალაფიან-ტყვიანად».
464
“რა ყველაი დავიურვე, ხატაეთით გავემგზავრე,
წამოვიხვენ საჭურჭლენი, სახელმწიფო დავიავრე,
ვერ მოვეყავ აქლემითა, აზავრები ვააზავრე,
მოვირჭვენ და მოვივლინე, რაცა მწადდა, აგრე ვყავ-რე.
465
“ხატაეთისა ხელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია.
ინდოეთს მივე, მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია;
რა ქება მითხრა, არ ითქმის, ჩემგან სათქმელად წბილია!
ხელი გამიხსნა, შემომკრა მან სახვეველი ლბილია.
466
“ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა,
საუბრისა და ჭვრეტისა ჩემისა მას მონდომილსა.
მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგან გარდახდომილსა;
მიალერსებდა, მიჭვრეტდა წინაშე ახლოს ჯდომილსა.
467
“მას ღამით ვსხედით ნადიმად, მუნ ამოდ გავიხარენით,
დილასა ქალაქს შევედით, მოედნით ავიყარენით;
მეფემან ბრძანა: «ლაშქარნი უხმენით, შემოჯარენით,
დღეს ხატაელი მიჩვენეთ, ტყვენიცა შემომგვარენით!»
468
“რამაზ მეფე მას წინაშე შეპყრობილი მოვიყვანე;
ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე.
ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავამგვანე,
ესე არის მამაცისა მეტის-მეტი სიგულვანე!
469
“მას მეფესა ხატაელსა უმასპინძლა, უალერსა,
ჟამიერად უბრძანებდის საუბარსა მათსა ფერსა.
ცისკრად მიხმეს, მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა:
«შეუნდობო ხატაელსა, მას აქამდის შენამტერსა?»
470
“მე ვჰკადრე: «ღმერთი ვინათგან შეუნდობს
შეცოდებულსა,
უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა».
რამაზს უბრძანებს: «იცოდი, გაგგზავნი შეწყალებულსა,
მაგრა ნუ გნახავთ კვლაცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა!»
471
“ხარაჯა დასდვეს, შეჰკვეთეს დრაჰკანი ასჯერ ასია,
კვლა ხატაური მრავალი, სხვა სტავრა, სხვა ატლასია.
მერმე ყველაი დამოსა, იგი და მისი ხასია,
შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია.
472
“ხატაელმან დაუმადლა, დადრკა, მდაბლად ეთაყვანა,
მოახსენა: «ორგულობა თქვენი ღმერმან შემანანა.
თუღა ოდეს შე-ღა-გცოდო, მაშინ მომკალ მეცა განა!»
წავიდა და ყველაკაი მისი თანა წაიტანა.
473
“მოვიდა კაცი მეფისა, ცისკრობს, არ დანაღამია;
ებრძანა: «შენგან გაყრილვარ მას აქათ თვეო სამია,
მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია,
არ დამაშვრალხარ, წამოდი, თუცა დაშვრომის ჟამია».
474
“შევეკაზმე, დარბაზს მივე, დამხვდა ჯარი ავაზისა,
შავარდნითა სავსე იყო სრულად არე დარბაზისა,
მეფე ქვე ჯდა შეკაზმული, შვენებითა მსგავსი მზისა;
გაეხარნეს მისლვა ჩემი, ტურფისა და ლამაზისა!
475
“იდუმალ ცოლსა ეუბნა, მართ ჩემგან უცოდნელია:
«ომით მოსრული ტარეილ საჭვრეტლად სასურველია,
მან განანათლოს მჭვრეტელთა გული, რაზომცა ბნელია;
რაცა დაგვედრო საქმნელად, ქმენ, არა საზოზღნელია.
476
«აწ მითქვამს საქმე უშენოდ, შენცა ცან ესე მცნებული:
რათგან ქალია სამეფოდ ჩვენგანვე სახელ-დებული,
ვინცაღა ნახავს, აწ ნახოს, აჰა დღე, ედემს ხლებული,
გვერდსა დაისვი, ორნივე სრას დამხვდით, მოვალ
შვებული».
477
“მოვინადირეთ მინდორი, ძირი მთისა და გორისა;
იყო სიმრავლე ძაღლისა, შავარდნისა და ქორისა.
ადრე დავბრუნდით, ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა.
აღარ იბურთეს, დაშლა ქმნეს თამაშობისა ორისა.
478
“ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.
ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი;
ფერმიხდილ-გვარად ვშვენოდი ვარდი, ცრემლითა ნაბანი,
ვინცა მიჭვრეტდის, ბნდებოდის, - მართლად არს, არ
კატაბანი.
479
“რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა,
იგი მეხვივნეს, მშვენოდეს, ვახელებ გულსა ხელთასა.
მეფე გარდახდა, დარბაზსა შევედით ჩემთა მზრდელთასა,
შევხედენ, დავჰკრთი ელვასა ღაწვთა მზეებრ
ნათელთასა.
480
“მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის-ფერნი ჯუბანი,
ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა, დას-დასად, უბან-უბანი;
სრულად ნათლითა აევსო სახლი, შუკა და უბანი,
მუნ ვარდსა შუა შვენოდეს ძოწ-მარგალიტნი ტყუბანი.
481
“ნაომარსა, დაკოდილსა ხელი ყელსა ჩამომება.
დედოფალი საჯდომთაგან ადგა, წინა მომეგება,
ვითა შვილი გარდამკოცნა, ღაწვი ვარდი დამილება,
მითხრა: «ნუ ეჭვ ამას იქით, თუღა მტერი შე-ღა-გება».
482
“ახლოს დამისვეს ადგილსა, მუნ, სადა მეამებოდა.
პირის-პირ მიჯდა იგი მზე, გული ვისთვისცა კვდებოდა.
მალვით ვუჭვრეტდი, მიჭვრეტდა, სხვად არად
მეუბნებოდა;
თვალნი მოვსწყვიდნი, სიცოცხლე ამითა მეარმებოდა.
483
შეიქმნა სმა და პურობა, მსგავსი მათისა ძალისა;
სხვა გახარება ასეთი არს უნახავი თვალისა!
ჯამი და ჭიქა - ყველაი ფეროზისა და ლალისა.
არვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთრვალისა.
484
“მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის-მეტასა.
არ შემომხედნის, შევხედნი, ცეცხლმან დამიწყის
შრეტასა;
კაცთა კრძალვასა ვაწვევდი გულსა შმაგსა და რეტასა.
რა უამეა პირის-პირ საყვარელისა ჭვრეტასა!
485
“დააგდეს მღერა მუტრიბთა, «სულეთო!», თავი ხარიან;
მიბრძანეს: «შვილო ტარიელ, ვით გითხრათ, ვით
გვიხარიან?!
ნეტარძი გვაქვსო, მებრძოლნი მით ჩვენნი ვაგლახ არიან;
მართალან შენნი მჭვრეტელნი, არ ცუდად იმკვეხარიან.
486
«აწ თუცა გმართებს შემოსვა, ვის მორჭმით მოგივლენიან,
არ შეგმოსთ, მაგა კაბათა არ აგხდით: ტურფად გშვენიან;
აწ გქონდეს ასი საჭურჭლე, ვის შუქნი მოგიფენიან,
თვით შეიკერე, რაცა გწადს, ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან».
487
“მომართვნეს ასნი კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი;
თაყვანის-ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სვეთანი;
მაკოცეს, ადგეს ორნივე, თვით იგი მზენი მზეთანი,
რა გასცეს, ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი!
488
“კვლაცა დაჯდა მხიარული, მოიმატა სმა და მღერა;
კვლა გაგრძელდა ნადიმობა, ბარბითი და ჩანგთა ჟღერა.
დედოფალი წამოვიდა, შეეყარა მწუხრსა დღე რა,
ძილ-პირამდის სიხარულსა სიხარული ჰგვანდა ვერა.
489
“ავიყარენით, მიგვჭირდა სმა დოსტაქნისა მეტისა.
საწოლს შემოვე, შემექმნა ცნობა მართ ვითა რეტისა.
ძალი არ მქონდა ტყვე-ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა.
მეგონებოდის, მალხენდის გონება მისგან ჭვრეტისა”.
წიგნი
ნესტან-დარეჯანისა
საყვარელსა თანა
490
“მონა მოვიდა, მიამბო ამბავი მე მართალია:
«თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალია».
მაშინვე ვიცან, ავიჭერ, ჩქარ-ჩქარად გულ-გამკრთალია;
მოვიდა, ვნახე ასმათი ჩემთანა მომავალია.
491
“მე ვისთვის ვკვდები, მეამა ასმათის ნახვა მე მისად.
აღარ მივუშვი, ვაკოცე, ქმნადღა თაყვანის-ცემისად;
ხელი მოვჰკიდე, დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად,
ვჰკითხე, თუ: «ნეტარ, მისულა მორჩი ალვისა ხე მისად?
492
«მიამბე მისი ამბავი, სხვად ნურად მეუბნებია!»
მითხრა, თუ: «გკადრებ ამბავსა, აწ ჩემგან არ-სათნებია,
დღეს ერთმანერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია,
აწ კვლაცა ცნობა ამბისა მას ჩემგან უბრძანებია».
493
“წიგნი მომართვა, ჩავხედენ, პირისა თემთა მთენისა.
ეწერა: «ვნახე სიტურფე წყალ-ჯავარისა შენისა.
ომ-გარდახდილი ჰშვენოდი, შენატევები ცხენისა,
არ-ავი მიჩანს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა.
494
«ღმერთმან თუ მცა ენა ჩემი ქებად შენდა უშენოსა,
შენთვის მკვდარი, აღარ ვიტყვი, მაშა მომკლავ უშენოსა;
მზემან ლომსა ვარდ-გიშერი ბაღი ბაღჩად უშენოსა;
შენმან მზემან, თავი ჩემი არვის ჰმართებს უშენოსა!
495
«თუცა მიგდის ღვარი ცრემლთა, მაგრა ცუდად არ იდენო,
ამას იქით ნუღარა სტირ, ჭირსა თავი არიდენო;
შენნი მჭვრეტნი ჩემთა მჭვრეტთა აგინებენ, არ იდენო;
რომე წეღან მოგეხვივნეს, იგი ჩემთვის არიდენო.
496
«იგი მე მომცენ რიდენი, რომელნი წეღან გშვენოდეს,
რა მნახო, შენცა გეამოს, შენეულითა მშვენოდეს;
ესე სამკლავე შეიბი, თუ ჩემი გა-ღა-გვლენოდეს,
ერთი ასეთი ცოცხალსა სხვა ღამე არ გაგთენოდეს»“.
ტარიელის ტირილი და
დაბნედა
497
აქა მხეც-ქმნილი ტარიელ ტირს, ჭირი ეათასების;
თქვა: “მე მაქვს სამხრე, რომელი კვლა წინას მკლავსა მას
ების!”
იგი შეიხსნა, მოიღო, თვალვით არ დაიფასების,
პირსა დაიდვა, და-ცა-ბნდა, ქვე მკვდართა დაედასების.
498
ასრე წვა, რომე არ ჰგვანდა მკვდარი სამარის კარისა,
ორგნით ჩანს ლები მჯიღისა, მართ გულსა გარდნაკარისა;
ასმათს სდის ღვარი სისხლისა, ღაწვთაგან ნახოკარისა,
კვლა წყალსა ასხამს, უშველის, ხმა ისმის მუნ
წკანწკარისა.
499
ავთანდილცა სულთქნა მწარედ, დაბნედილსა
შემოსჭვრიტნა;
ასმათ ვამნი გაამრავლნა, ცრემლმან მისმან ქვანი
ხვრიტნა;
მერმე სულად მოაქცია, ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა;
თქვა: “ცოცხალ ვარ, საწუთრომან აწცა ჩემნი სისხლნი
ხვრიტნა!”
500
ზე წამოჯდა ფერ-მიხდილი, აყოლებდა თვალთა რეტად.
ვარდი სრულად შექმნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად.
დიდხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭვრეტად,
დარჩომა და არ-სიკვდილი მას უმძიმდა მეტის-მეტად.
501
ავთანდილს უთხრა: “ისმენდი, ცნობა მიც თუცა ხელისა,
გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა;
ლხინად მიჩნს შეყრა მოყვრისა მის, შენგან შეუყრელისა,
მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე, ასრე დარჩომა მრთელისა!
502
“ასმათის ნახვა მეამა, ჩემგან დად საესავისა.
წიგნი რა ვნახე, მომართვა ესე საბამი მკლავისა.
მკლავსა შევიბი მაშინვე, მოვიხსენ რიდე თავისა,
იგი უცხო და ღარიბი, მტკიცისა რასმე შავისა”.
წიგნი ტარიელისა
საყვარელსა თანა
პასუხად
503
“მივუწერე: «მზეო, შუქი შენი, შენგან მონაფენი,
გულსა მეცა, გამიცუდდეს სიჩაუქე-სიალფენი;
ხელმან შენნი განვიცადენ სინატიფე-სიტურფენი,
სულთა ნაცვლად სამსახურნი რადმცა ვითა გიმუქფენი?!
504
«მაშინ, ოდეს დამარჩინე, სულთა სრულად არ გამყარე,
აწ ჩემთვისცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე;
სამხრე შენი მომივიდა, შემოვიბი მკლავსა გარე,
რომე მმართებს სიხარული, ეგზომიმცა რა ვიხარე?!
505
«განაღამცა ვიწინაშე, აჰა რიდე, რომე მთხოვე;
ყაბაჩაცა ასეთივე, ამისებრი ვერა ვპოვე;
დაბნედილსა ნუ დამაგდებ, მიშველე რა, მარგე, მოვე;
სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე!»
506
“ქალი ადგა, გამეყარა. დავწევ, ამოდ დამეძინა,
მაგრა შევკრთი, საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა;
გამეღვიძა, აღარა მყვა, სულ-დგმულობა მომეწყინა,
ღამე ასრე გავათენე, მისი ხმაცა არ მესმინა”.
რჩევა
ნესტან-დარეჯანის
გათხოვებისა
507
“დილასა ადრე სრას მიხმეს, დღე რა ქმნა მწუხრმან
ჟამითა;
ავდეგ, ვცან მათი ამბავი, წასლვა ვქმენ მითვე წამითა;
ვნახე, ორნივე ერთგან სხდეს ხასითა ოდენ სამითა,
რა მივე, მითხრეს დაჯდომა, წინაშე დავჯე სკამითა.
508
“მიბრძანეს, თუ: «ღმერთმან ასრე დაგვაბერნა, და-ცაგვლია;
ჟამი გვახლავს სიბერისა, სიყმაწვილე გარდგვივლია;
ყმა არ მოგვცა, ქალი გვივის, ვისგან შუქი არ გვაკლია,
ყმისა არ-სმა არად გვაგვა, ამათ ზედან წაგვითვლია.
509
«აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გვინდა, სად მოვნახოთ,
რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი, სახედ ჩვენად გამოვსახოთ,
სამეფოსა ვაპატრონოთ, სახელმწიფო შევანახოთ,
არ ამოვწყდეთ, მტერთა ჩვენთა ხრმალი ჩვენთვის არ
ვამახოთ».
510
“ვთქვი: «თქვენი ძისა არა-სმა გულსა ვით მიეფარების,
მაგრა კმა ჩვენად იმედად, ვინ მზესა დაედარების;
ვისცა სთხოვთ შვილსა სასიძოდ, მას დიდად გაეხარების,
სხვამცა რა გკადრეთ! თვით იცით, მაგას რა მოეგვარების».
511
“დავიწყეთ რჩევა საქმისა, გული მიც, თუცა მელია;
ვთქვი: «ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის, არ-საქმნელია!»
მეფემან ბრძანა: “ხვარაზმშა, ხელმწიფე ხვარაზმელია,
თუ მოგვცემს შვილსა სასიძოდ, მისებრივ არ-რომელია».
512
“რომე პირველვე დაესკვნა, მათ ესე შეეტყვებოდა;
ერთმანერთსაცა უჭვრეტდეს, სიტყვაცა აგრე სწბებოდა.
ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბად არ ეგებოდა,
ოდენ დავმიწდი, დავნაცრდი, გული მი და მო კრთებოდა.
513
“დედოფალმან თქვა: «ხვარაზმშა მეფეა მორჭმით
მჯდომელი,
მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთვის სხვა სჯობდა
რომელი?»
შეცილებამცა ვით ვჰკადრე, რათგან თვით იყო
მნდომელი!
მოწმობა დავჰრთე, დაესკვნა დღე ჩემი სულთა
მხდომელი.
514
“გაგზავნეს კაცი ხვარაზმშას წინა შვილისა მთხოელი;
შესთვალეს: «გახდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოელი;
არს ერთი ქალი საძეო, არ კიდე-გასათხოელი,
თუ მოგვცემ შვილსა სამისოდ, სხვასა ნუღარას მოელი».
515
“კაცი მოვიდა, აევსო ჯუბაჩითა და რიდითა,
გაჰხარებოდა ხვარაზმშას სიხარულითა დიდითა;
ებრძანა: «მოგვხვდა ღმრთისაგან, ჩვენ რომე
ვინატრიდითა!
თვით მაგისებრსა შვილსამცა ჩვენ ხელსა რასა
ვჰხდიდითა!»
516
“კვლა გაგზავნნეს სხვანი კაცნი სასიძოსა მოყვანებად,
დაჰვედრეს, თუ: «ნუ აყოვნებთ, მოდით ჩვენად
ნაბრძანებად».
მე მაშვრალი, ნაბურთალი საწოლს შევე მოსვენებად,
გულსა სევდა შემეყარა, ვიწყე ჭირთა მოპოვნებად”.
ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის
თათბირი და გამორჩევა
517
“მეტმან სევდამან მიმწურა გულსა დაცემად დანისად.
ასმათის მონა შემოდგა, მე ვჯე ლაღი და ჯანი სად,
წიგნი მომართვა, ეწერა: «ვინ სჩან ალვისა ტანისად,
ადრე მოდიო, გიბრძანებს, დაუყოვნებლად ხანისად».
518
“შევჯე, წავე, ბაღჩას მივე. ვითა სცნობდე ლხინთა
ზომით!
ბაღჩა შევვლე, კოშკი დამხვდა, ასმათ ვნახე ძირსა
დგომით;
ვნახე, ვსჭვრეტდი ნატირებად, ცრემლი აჩნდა ღაწვთა
წთომით,
დამიმძიმდა, არა ვჰკითხე; ჩემი სჭირდა მისლვა ნდომით.
519
“იგი ვნახე დაღრეჯილი, ესე მეტად დამიმძიმდა.
ვითა წინას შემომცინის, არღა ეგრე გამიღიმდა.
ყოლა სიტყვა არ მომიგო, ოდენ ცრემლთა
გარდმოსწვიმდა,
ამით უფრო დამაწყლულა, არა წყლულთა მიაქიმდა.
520
“ჩემნი ერთნი გონებანი მეტად შორად გამიკიდნა,
შინა კოშკად შემიყვანა, ფარდაგსაცა ამიზიდნა.
შევე, ვნახე იგი მთვარე; ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა,
გულსა შუქი შემომადგა, მაგრა გული არ დამიდნა.
521
“იყო არ-ნათლად ნათელი, ფარდაგსა შემომდგომელი;
ებურა მოშლით პირ-ოქრო რიდე, მე მივეც რომელი;
მითვე მწვანითა უებრო მიწოლით ტახტსა მჯდომელი,
ცრემლისა ღვარსა მოეცვა პირი, ელვათა მკრთომელი.
522
“ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული,
არცა მზე ჰგვანდა, არც მთვარე, ხე ალვა, ედემს ხებული;
ასმათმან დამსვა შორს-გვარად გულსა მე ლახვარხებული;
მერმე წამოჯდა წარბ-შერჭმით, გამწყრალი,
გარისხებული.
523
“მიბრძანა: «მიკვირს, რად მოხვე მშლელი პირისა
მტკიცისა,
გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა?!
მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა, მი, ცისა!»
ვჰკადრე: «რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უიცისა?»
524
“ვთქვი: «პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვსცნობ მე
მართალსა:
რა შეგცოდე, რა მიქმნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა?»
კვლაცა მითხრა: «რას გეუბნა მტყუანსა და შენ
მუხთალსა?
დიაცურად რად მოვღორდი? მე დავუწვავ ამით ალსა!
525
«შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?!
შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი ჰრთულა ამას ნება,
შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება,
ღმერთმან ქმნას და დაგირჩინო ცუდად შენი ხელოვნება!
526
«გახსოვს, ოდეს «ჰაის» ჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა
ჰბანდეს,
მკურნალნი და დასტაქარნი წამალსა-ყე მოგიტანდეს?
მამაცისა სიცრუესა, ნეტარ, სხვანი რამცა ჰგვანდეს!
რათგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო
დაზიანდეს!
527
«ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა,
ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვლიდენ, თუნდა
გზეთსა!
ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა,
აზრნი შენნი შენვე გგვანან, მტყუანსა და შენ აგეთსა!
528
“ცოცხალ ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო!
თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო!
სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!»
ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულთქნა, აჰ-ყო.
529
თქვა: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად,
კვლა მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად.
აწ დავკარგე; რად არ გიკვირს, რად ცოცხალ ვარ, რად ვარ
რეტად?
ვა, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა
ხვრეტად?!
530
“შევჰხედენ, ვნახე სასთუმალს მუსაფი გაშლით მდებარე,
ავიღე, ავდეგ, მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე,
ვჰკადრე, თუ: «მზეო, დაგიწვავ, ჩემიცა დაწვი მზე ბარე,
რათგან არ მომკალ, პასუხი ერთიღა გკადრო მე ბარე.
531
«რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია,
ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნუ შუქნია!
თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქმნია».
მან მიბრძანა: «რაცა იცი, თქვიო!», თავი დამიქნია.
532
“კვლაცა ვჰკადრე: «მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი
გამეტეხოს,
ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს!
ვისი გინდა უშენოსა პირი მემზოს, ტანი მეხოს?!
მაშა მაშინ რაგვარ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!
533
«მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შექმნეს დიდი ვაზირობა.
მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა.
დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა;
თავსა ვუთხარ: «მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა».
534
«მემცა დაშლა ვითა ვჰკადრე, რათგან იგი ვერ მიმხვდარა?
არ იცის, თუ ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა?!
ტარიელ არს მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა,
ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა?
535
«ვთქვი: «ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო»;
თავსა ვუთხარ: «ნუ მოგიცავ, გონებაო მრავალ-გვარო!»
მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო,
ვისმცა მივეც თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!»
536
“სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა;
იგი წვიმა და-რე-ნელდა, რომე პირველ ვარდი აზრა;
ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა.
მიბრძანა, თუ: «ეგე საქმე მემცა მართლად რად მეაზრა?!
537
«არ დავიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა,
უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა;
იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა!
მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძესძლობასა».
538
“მოლმობიერდა, მომიტკბა გამწყრალი, გარისხებული,
ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ-გავსებული;
ახლოს დამისვა, მაღირსა აქამდის არ-ღირსებული;
მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი ამითა გზებული.
539
“მიბრძანა, თუ: «გონიერი, ხამს აროდეს არ აჩქარდეს,
რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს;
თუ სასიძო არ მოუშვა, ვა თუ მეფე გაგიმწარდეს,
შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაქარდეს!.
540
«კვლა თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ,
ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეულნი გაგვიფლასდენ,
მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ,
ესე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ».
541
“მე ვჰკადრე: «ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა!
რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა,
ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა:
ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარა, არ, სახმარობა!»
542
“მიბრძანა, თუ: «ხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად,
დიდსა სისხლსა ვერ შეგაქმნევ, ვერ ვიქმნები შუა
კედლად:
რა მოვიდეს სიძე, მოკალ, მისთა სპათა აუწყვედლად.
ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა
ნედლად.
543
«ასრე ქმენ, ჩემო ლომო და მჯობო ყოველთა გმირთაო,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - შოთა რუსთაველი ვეფხისტყაოსანი - 05