Latin

რკინის თეატრი - 09

Total number of words is 3681
Total number of unique words is 2089
29.8 of words are in the 2000 most common words
43.2 of words are in the 5000 most common words
50.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
იმ შემზარავი ჩვენებებითა და სიკვდილის სუნით გაჟღენთილ ღამეს.
სხვათა შორის, ზუსტად ასევე იტანჯებოდა საბა ლაფაჩიც და ისიც ნატოს მიზეზით, ოღონდ იმას შუასაუკუნეების რაინდის სიშლეგით უყვარდა ნატო და არა მამაშვილურად. საბა ლაფაჩი შეყვარებული გახლდათ, თმის ძირამდე, სულის ფსკერამდე, სისხლიანხორციანად, და
მისი სიყვარული, დიმიტრის შიშივით, კიდევ უფრო იზრდებოდა,
დღითი დღე, ყოველ წამს, ყოველ ნაბიჯზე, ნებისმიერ ამინდში; ტვინის შემარყეველი სიმშვიდით, გულგრილობით ამოდიოდა განვლილი, ერთფეროვანი, უხალისო, უვნებო ცხოვრების ზღვიდან – ზღაპ132
რული, ჯადოსნური კუნძულივით – ის კი, დაფეთებული, დაბნეული,
აგანგაშებული მიისწრაფოდა იმისკენ, როგორც დაღუპული გემის
მგზავრი, და თუ ვერ მიაღწევდა იმ კუნძულამდე, ანდა თავალთახედვიდან დაკარგავდა, სამუდამოდ დაიღუპებოდა, “წყალში ჩაეყრებოდა” ამდენი ხნის მეცადინეობა, ამდენი ხნის ტანჯვაწვალება, ამდენი
ფიქრი და იმედი, საკუთარი თავის ძებნას რომ შეალია, რადგან ცხრა
წლის მერე სხვისი ცხოვრებით ცხოვრობდა სულ, “სხვას თამაშობდა”
და მისი ჭეშმარიტი ბუნება მუნდირში იყო ჩამარხული, როგორც გვამი მიწაში, მუნდირში, რომლის მოსაპოვებლადაც მისმა მშობლებმა
ნახევარი ქონება აზნაურობის ყალბი სიგელის შეძენას მოახმარეს,
ნახევარი კი კომისიას შეაჭამეს, რათა მათი ერთადერთი ვაჟიშვილი
“უსტავლელი” არ დარჩენილიყო, სხვებს არ ჩამორჩენოდა, უფრო
სწორად, თავად არ ჩამორჩენოდნენ სხვებს, სხვების დასაცინი არ
გამხდარიყვნენ, სხვებისთვის არ ეთქმევინებინათ “ბაღანას ყანას
ათოხინებენო”, და მართლაც, იმდენი ქნეს (თუმცა გაღატაკდნენ და
მეზობლების სამოწყალოდ გაიხადეს თავი), კომისიას მაინც ჩაარიცხვინეს თავიანთი ვაჟიშვილი თავადაზნაურთა სხვა ბავშვების სიაში,
რომლებსაც უსასყიდლოდ ანათლებდა იმპერია სამხედრო გიმნაზიებში, იმ ერთგულების საპასუხოდ, მათ მშობლებს რომ გამოეჩინათ
ტახტის მიმართ (განა მათი მშობლები არ იყვნენ, ხანჯლებით რომ
მიიწევდნენ ხოლმე ერთმანეთზე, გინდა თუ არა, მე უნდა დავამშვენო
სტუმრად ჩამობრძანებული ხელმწიფის ამალა, და გინდა თუ არა,
ჩემმა კნეინამ უნდა იცეკვოს ხელმწიფის წინ ლეკურიო?!). არც კი დაფიქრებულან, ბოროტებას ხომ არ ჩავდივართო, და ცხრა წლის ბავშვი სამუდამოდ მოიგლიჯეს გულიდან, სამუდამოდ, რადგან ცხრა
წლის შემდეგ არავითარი განსხვავება აღარ იქნებოდა მათ შვილსა
და სამხედრო გიმნაზიის ნებისმიერ კურსდამთავრებულს შორის.
პირველად რომ ჩამოვიდა არდადეგებზე, ქუთაისიდან თარჯიმანიც
გამოიყოლა, მშობლებს რომ დალაპარაკებოდა, კი არ დალაპარაკებოდა, თარჯიმნის პირით ეთქვა იმათთვის: თქვენს კისერზეა ჩემი
ცოდვაო. მოკვდებოდა, ეს რომ არ ეთქვა, თანაც, რაც შეიძლება მა133
ლე, ვიდრე ამის თქმის სურვილიც გაუქრებოდა, ვიდრე დედის ენას
ხელახლა ისწავლიდა, ანდა დედამისი ალაპარაკდებოდა შვილის
ახალ ენაზე. ბათუმში რომ განამწესეს, ცოტათი დამშვიდდა, იმედი
მიეცა, ხელახლა იპოვიდა, აღადგენდა, გადაარჩენდა იმას, რაც
ცხრა წლისამ დაკარგა. მისი არ იყოს, ბათუმიც ახლახან დაებრუნებინათ სამშობლოში, იმასაც ბევრი რამე ჰქონდა ხელახლა საპოვნელი, გასახსენებელი, აღსადგენი და, შეიძლება, ამან, მისი პირადი
ცხოვრების მსგავსმა, მაგრამ მასთან შედარებით გაცილებით მნიშვნელოვანმა მაგალითმა ჩაუნერგა რწმენა, შეუძლებელს რომ შეძლებდა. ბათუმს ბაძავდა, ბათუმთან ერთად მიისწრაფოდა დაკარგულისკენ, წარსულისკენ, საიდანაც ამოეთხარათ და სადაც სიმწრისაგან დაღვრანჭული მისი ფესვი ჯერ კიდევ ფეთქავდა. ახლა მწარედ
ეცინებოდა იმაზე, რაზედაც სასწავლებელში ოცნებობდა. ნელნელა,
შეუმჩნევლად გამქრალიყო ძალით ჩანერგილი ერთგულების, მადლიერებისა და სიმამაცის გამოჩენის სურვილი. ადრე, სასწავლებელში, ისე არ დაიძინებდა, ისე ვერ დაიძინებდა, წარმოდგენილი
ომის რომელიმე ეპიზოდი, რომელშიაც მთავარ როლს, რა თქმა უნდა, თვითონ ასრულებდა, ბოლომდე არ მიეყვანა, რადგან სწორედ
ბოლოს ხდებოდა მთავარი, ბოლოში ირკვეოდა მხოლოდ, ომის ბედი მის პირად საზრიანობასა და გამბედაობას რომ გადაეწყვიტა.
თუმცა, ეს მისი კურსანტული პატივმოყვარეობისთვის ეგზომ მნიშვნელოვანი ამბავი, უკვე “უიმისოდ” ირკვეოდა, რადგან თვითონ ნებისმიერი წარმოდგენილი ომის ნებისმიერ ეპიზოდს სიკვდილით ამთავრებდა, ან ქვემეხზე გადამხობილი (ქვემეხის ლულას ჯერ ისევ ასდიოდა ბოლი), ან მტრის პირველ სანგართან მავთულხლართზე დაკიდული, დაფლეთილი დროშით ხელში. “ბატონებო, მე ყოველთვის
ვგრძნობდი ამ პატარა სხეულში დიდი სული რომ იდგაო” – ამბობდა
მთავარსარდალი ანდა სულაც იმპერატორი და საკუთარ მაზარას
აფარებდა სუდარასავით. მაგრამ ასე მხოლოდ ოცნებაში ხდებოდა
და ყოველ დილით, როგორც კი წუხანდელი ნალოთარი მედოლე
დოლის ბრაგუნით გამოვიდოდა სასწავლებლის ეზოში, ყველაფერი
134
თავიდან იწყებოდა, იწყებოდა ჩვეულებრივი ჯარისკაცური, ყაზარმული ცხოვრება, ერთი და იგივე სისულელის მეთოდური გამეორება:
ეფრეიტორების ღრიალი, აღლუმები და განუწყვეტელი წვრთნა, გაოგნებამდე, გაპირუტყვებამდე, უსაშველო გულგრილობამდე და
პირქუშ განურჩევლობამდე – ყველასა და ყველაფრის მიმართ. მაგრამ ბათუმმა ერთბაშად გაახსენა ის, რაც უკვე დაკარგული ეგონა.
ქალაქისა და მისი ბედის უცნაურმა მსგავსებამ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ დაკარგულის საპოვნელად აღაგზნო და რწმენაც
ჩაუნერგა, ყველაფრის დაბრუნება, ყველაფრის გამოსწორება რომ
შეიძლებოდა, ბოლოს და ბოლოს. ამ რწმენამ მიიყვანა ჟურულების
ოჯახშიც, “ქართველთა კუნძულზე”, როგორც ამ ოჯახს ეძახდნენ, რათა ხელახლა ზიარებოდა დაკარგულს, ხელახლა განბანილიყო დაკარგულის ემბაზში. არც მისმა ახალმა ნათლიებმა დააღალატეს და
მაშინვე გაუწოდეს დახმარების ხელი. ქალბატონმა ქეთევანმა ოჯახურ წარმოდგენაშიც კი ათამაშა. გაბრიელის როლი მისცა. სავარძელში ჩასვამდა და საათობით აზეპირებინებდა როლს. მაგრამ ხანდახან იმასაც უმტყუნებდა ხოლმე შესაშური მოთმინება და დედაშვილურად უწყრებოდა “უძღებ შვილს”, “გზააბნეულ ბატკანს”, “აკაკის
ღამურას”: სირცხვილია, ყმაწვილო, ქართველი ხართ, ისწავლეთ
ქართულიო. ისიც სწავლობდა, ზედიზედ ნთქავდა ქართულ წიგნებს,
ჟურნალგაზეთებს. კითხულობდა ყველგან: ყაზარმაში, ქუჩაში, ბაღში, ყავახანაში, ზღვის პირას… ზღვის პირას ავდარში გადიოდა,
სხვებს რომ არ გაეგოთ, როგორ გაჰყვიროდა “მერანს” ენის გასატეხად. ბოლოს იმდენს მიაღწია, თავადაც დაწერა ლექსი. ჟურულების
ოჯახი, თანდათანობით, იგივე გახდა მისთვის, რაც რაინდისთვის სუზერენის კარია. აქ იპოვა ის, რაც ცხრა წლისამ დაკარგა: მშობლიური სითბო, ოჯახური გარემო… და, რაც მთავარია, აქ ირწმუნა
პირველად, ჯერ კიდევ რომ არსებობდა ერთგულება, სიყვარული,
თანაგრძნობა, ნდობა, სამართლიანობა… ჯერ კიდევ ღირსებად რომ
ითვლებოდა დაცემულის დანდობა და გლახაკის განკითხვა. ადამიანობასაც ისევე სწავლობდა, როგორც დავიწყებულ დედაენას.
135
მართალია, მაინცდამაინც ამ ოჯახში ისეთი მარცხი შეემთხვა, თვითონვე უკვირდა, მაშინვე როგორ არ დაიხალა ტყვია საფეთქელში,
და მერეც სიმწრის ოფლი დაასხამდა ხოლმე, მოულოდნელად რომ
გაახსენდებოდა ეს ამბავი, მაგრამ მაშინ თვითონაც ბავშვი იყო, სულ
რევოლვერზე ედო ხელი, დიდობის დამტკიცებას ცდილობდა, “ოფიცრობას” თამაშობდა, რაც ყველაზე უკეთესად ისევ ბავშვმა შეატყო, მასპინძლის ბავშვმა, რომელმაც ქვეყანას კი არ გააგებინა მისი
შერცხვენა, ბავშვური თანაგრძნობა, ბავშვური ერთსულოვნობა გამოუცხადა და საიდუმლო შეუნახა, რაც მარცხზე ნაკლებად
მოულოდნელი როდი აღმოჩნდა სამხედრო გიმნაზიაში გაზრდილი,
მაბეზღარებით გარშემორტყმული ყმაწვილისთვის. შეიძლება, ამიტომაც აღარ მოიკლა თავი, მასპინძლის ბავშვის ნდობა რომ გაემართლებინა; დაემტკიცებინა, ღირსი რომ იყო ნდობისა, დაზოგვისა, გაგებისა, და ადამიანობით მიეზღო ადამიანობის წილ. თავს არ ზოგავდა, საკუთარ არსებაში უკეთესი, ოდინდელი ბუნების მძებნელი,
რადგან სჯეროდა, ასეთად გაზარდეს, ასეთად აქციეს მშობლებმა და
სახელმწიფომ, ერთმა სხვათა წამხედურობით, მეორემ კი, თავისი
სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად. ქალბატონი ქეთევანის წარმოდგენებისთვის აფიშებს ხატავდა, ჯარისკაცებს ტეილორის
“ანტროპოლოგიას” უკითხავდა, გალოთებულებს მფარველობდა,
მალავდა, მკურნალობდა და თან არყის ფულსაც აძლევდა ჩუმჩუმად.
ხორცს არ ჭამდა, ღვინოს არ სვამდა, ქალს არ ეკარებოდა. ნახევარი
ხელფასი დეზერტირების დევნაში ეხარჯებოდა: ხან ხულოში ამოყოფდა თავს, ხან ქედაში, ხან ქობულეთში, ხან ოზურგეთში; გაქცეულები ეტლით მოჰყავდა უკანვე, ვიდრე უფროსებიც შეიტყობდნენ
იმათ გაქცევას და მოიკითხავდნენ. “ჩემს ენაზე დამელაპარაკოს, ის
კრუხის პალო ეფრეიტორი, და მერე ვნახოთ, ვინ გამოვა დურაქიო”
– ბურტყუნებდა, თავს იმართლებდა მისი გულისხმიერებით, მისი
მზრუნველობით გაკვირვებული, დარცხვენილი დეზერტირი. ტერორის წინააღმდეგი, ტერორისტებს ნაგანის ტყვიებით ამარაგებდა.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო საკმარისი, დაბრუნებულად ჩაეთვალა
136
თავი და გულდაჯერებულად ეთქვა: ბოლოს და ბოლოს, დავემგვანე
ჩემიანებსო. თუმცა, დღითი დღე უღვივდებოდა რწმენა, ეს დღეც მალე დადგებოდა, თუკი, ბათუმივით, სიმტკიცე და სიჯიუტე ეყოფოდა.
ბათუმი ჩვეულებრივი ქალაქი კი არ იყო მისთვის, არამედ გაუტეხლობის, ფესვებისკენ ლტოლვის, უკვდავების სიმბოლო, თვალნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ამოდიოდა ძალადობის, ბედისწერის ფერფლიდან მარადიული, გარდუქმნელი სული, როგორ ისხამდა ფერხორცს და როგორ იწყებდა ახალ ცხოვრებას. გარდა ამისა,
ბათუმი იყო ერთადერთი ადგილიც, სადაც საერთოდ შეეძლო ცხოვრება, უფრო სწორად, მეტნაკლებად უგულებელყოფა იმ მოვალეობისა, მშობლებმა და სახელმწიფომ რომ მოახვიეს თავზე. ბათუმმა ახალი მოვალეობა გაუჩინა და დაარწმუნა კიდეც, წარსულთან დასაბრუნებლად ისევე რომ სჭირდებოდა იგი ქალაქს, როგორც
ქალაქი მას. აგერ უკვე საუკუნის მეოთხედი სრულდებოდა, რაც ბათუმში ცხოვრობდა და თავის სისხლხორციელ საკუთრებად თვლიდა, როგორც შვილი მშობელს ანდა მშობელი შვილს; საკუთარ თავგადასავლად თვლიდა, რაც კი ბათუმს განეცადა, გადაეტანა ამ ხნის
განმავლობაში. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, მის თვალწინ
დაიბადა იგი ხელახლა, როგორც თავად – იმის აფორიაქებულ წიაღში; მეტნაკლებად მისი “აყვანილიც” იყო ბათუმი, როგორც თავად –
ბათუმისა; ისიც ერთერთი “ბებიაქალი” იყო ბათუმისთვის, როგორც
ბათუმი მისთვის; მოწმეც და მხრის ამბმელიც მისი პირველი დაჩხავლებისა, მისი პირველი გაბაჯბაჯებისა, მისი პირველი აღუსი; მის
თვალწინ დაწვეს მეთევზეთა ძველი ფაცხები; მის თვალწინ ეყარა
საწყალი მეთევზის მთელი ავლადიდება: თვალჩაგლეჯილი ბადე,
გაბზარული ნიჩაბი, გამურული კეცი თუ ძაფზე ასხმული პილპილი;
მის თვალწინ გაიჩეხა ტყე, სადაც ახლა რკინიგზის სადგურია და სადაც ადრე ნადირზე მეტი ავაზაკი აფარებდა თავს; მის თვალწინ დაიწრიტა კოღოებით გადაშავებული ტბა, სადაც ახლა ფრანგების ეკლესია დგას; მის თვალწინ წაუკიდეს ცეცხლი გაუვალ ლაქაშებს, სადაც ახალი ყაზარმა აშენდა და საიდანაც ცეცხლწაკიდებული ფრინ137
ველი ყრანტალით, ჩხავილითა და წივილით მიფრინავდა ცისკენ,
ღმერთისკენ, საჩივლელად; მის თვალწინ იშლებოდა ძველი მიჯნები, ღობეები, ყორეები. მის თვალწინ იყრებოდა დამფრთხალი, დაშინებული მოსახლეობა ძველი ფუძიდან და მის თვალწინ სახლდებოდნენ პირველი კოლონისტები მიტოვებულ მიწაზე, ქათმის ბუმბულითა
და სიმინდის მარცვლით მოფენილ ნასახლარებზე. მართალია, როგორც იმპერიის ოფიცერს, გარკვეული თვალსაზრისით იმასაც
წვლილი მიუძღოდა ყველაფერში, რაც მის თვალწინ ხდებოდა, რაც
იმ მახვილის სიმტკიცესა და სიძლიერეს ადასტურებდა მხოლოდ,
რომლის მტვირთავადაც თავიდანვე, თვალის ახელამდე, ჭკუაში ჩავარდნამდე განამწესა იგი დედამ და სახელმწიფომ, მაგრამ ჯერ კიდევ აქ ჩამოსვლამდე, სასწავლებელშივე, შემთხვევით რომ შეიტყო,
ვინ იყო და სადაური, იმის მერე ერთი დღე აღარ უცხოვრია მშვიდად,
ერთი ღამე აღარ სძინებია არხეინად, ღრმად, უსიზმროდ, უცრემლოდ; ბალიშის ქვეშ დამალულ “ივერიას” გაშლიდა და ჯიუტად აშტერდებოდა მისთვის უცნობ ასოებს, სილის მარცვლებივით რომ
დაშვავებულიყვნენ გაზეთის ფურცლებზე და სილის გულგრილობით,
შეუვალობით მალავდნენ მისგან მისივე წარმოშობის, მისივე დანიშნულებისა და მოწოდების საიდუმლოს. მაგრამ იმ დროისთვის ერთი
მეფე უკვე “გამოტირებული” ჰყავდა და ზიზღითა და სიბრაზით წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ შეზარა მოკლული მეფის მუნდირის დანახვამ, როგორ აღრიალდა და როგორ დაასკდა მუხლებით იატაკს,
როცა დარბაზში, ტირილისგან ჩაბჟირებული მღვდლისა და პუდრით
გადაფითრებული ოფიცრების თანხლებით, მოკლული მეფის მუნდირი შემოიტანეს. მუნდირი თავის სიცარიელეს მოაკონწიალებდა ჰაერში, ის კი მდუღარე ცრემლით ტიროდა, მუხლებზე დამხობილი,
როგორც გლეხი დასეტყვილი ვენახის ანდა დამწვარი საბძლის წინ.
ბავშვურმა მგრძნობიარობამ კი არ დააჩოქა, არამედ არსებობისთვის მებრძოლი და სამუდამოდ წელში გატეხილი კაცის უკიდეგანო
სასოწარკვეთამ, რადგან მოკლული მეფის მუნდირმა, უპირველეს
ყოვლისა, უბედური, უიღბლო, “ურიის ვალში ჩავარდნილი” მშობ138
ლები გაახსენა, ხელმწიფის მზეს რომ ფიცულობდნენ, ხელმწიფის
იმედით რომ ედგათ სული და მოუთმენლად ელოდებოდნენ იმ ბედნიერ დღეს, როცა მათი ერთადერთი შვილი ხელმწიფის სამსახურში
ჩადგებოდა და, თუნდაც სიბერეში, იმათაც აზიარებდა ამქვეყნიურ
სიამტკბილობას, “ურიის ვალიდან” ამოიყვანდათ და, რაც მთავარია,
მეზობლებში თავის მოწონების საშუალებას მისცემდათ. ცხარე
ცრემლით ტიროდა, რადგან ხელმწიფე აღარ იყო, რადგან ხელმწიფე
პირველ რიგში მის მშობლებს მოკვდომოდა და პირველ რიგში მისი
მშობლები გადაჰყვებოდნენ ალბათ ამ საზარელ ამბავს. “დედაჩემი
გაგიჟდება. მამა თოკზე დაეკიდებაო” – ფიქრობდა შეძრწუნებული
და მდუღარე ცრემლით ტიროდა მოკლულ ხელმწიფესაც, გაწბილებულ მშობლებსაც და საკუთარ თავსაც, რადგან დღეიდან აღარც
იმის სწავლასა და მონდომებას ჰქონდა ფასი. ხელმწიფე აღარ იყო,
სამყარო ინგრეოდა. და, რაღა თქმა უნდა, აზნაურობის სიგელსაც
აღარავინ დაიბრუნებდა უკან, ქუთაისში ნაყიდი კი არა, თავად ხელმწიფის გაცემული რომ ყოფილიყო იგი. მაგრამ მის ცხოვრებაში
პირველი მეფის მოკვლის დღე, საბედნიეროდ, მისი ბავშვური გულუბრყვილობის, ბავშვური რწმენისა და იმედის უკანასკნელი დღეც
აღმოჩნდა. მოკლული მეფე ახალმა მეფემ შეცვალა და სამყაროს
ამით არაფერი დაჰკლებია, არც არაფერი მომატებია. სამაგიეროდ,
თვითონ შეიცვალა, ბევრი დაკარგა და ბევრი შეიძინა კიდეც, ოღონდ
დანაკარგმაც და შენაძენმაც ერთნაირად გააცამტვერა, რადგან
რწმენის ადგილი ურწმუნობამ დაიკავა, სიყვარულისა – სიძულვილმა, მოვალეობისა – იძულებამ. ახლა უკვე სულერთი იყო იმისთვის,
ვინ იჯდა ტახტზე: მეორე (ანუ მესამე) თუ მესამე (ანუ მეორე). სიცილით კვდებოდა, ახალი მეფის გვირგვინის კურთხევაზე დასასწრებად, ქართველი თავადაზნაურობა ლამის ხანჯლებით რომ დაერია
ერთმანეთს, არა მე უნდა ვიყო და არა მე მარშლის ამალაშიო: ლამის ცოლშვილი რომ დაყიდეს ცხენის, ჩოხისა და იარაღის შესაძენად
და სექტანტებივით ფეხშიშველნი, დაკონკილნი და მშიერმწყურვალნი ჩამობრუნდნენ უკან, რადგან არავინ მიაფურთხათ ზედ, აღთქმუ139
ლი ჩინმედლები კი არა, ფულიც ვერ იშოვეს სასესხებლად სახელმწიფოსხელა ქალაქში და მამასისხლად შეძენილი, მეწვრილმანე
ვაჭრებივით დაყიდეს ქუჩაქუჩა, შიმშილით რომ არ ამოსძრომოდათ
სული, როგორმე ჩამოეღწიათ შინამდე. მართალია, თავადაც, ასე თუ
ისე, თავადაზნაურობას ეკუთვნოდა, მაგრამ აღარაფერი გაეგებოდა
იმათი ვნებებისა, აღარაფრად მიაჩნდა იმათი გაწამაწია. ის უკვე სხვა
ცხოვრებით ცხოვრობდა, სწორედ იმ ცხოვრებიდან ცდილობდა
ამოსვლას, ძალით რომ მოახვია თავზე მშობელმა და სახელმწიფომ,
ყალბი სიგელის წყალობით. რა თქმა უნდა, ისევ მეფის სამსახურში
იდგა (სხვა რა გზა ჰქონდა? სხვა ვინ შეინახავდა? სხვანაირად როგორ ამოვიდოდა ან მეფისა და ან მშობლის ვალიდან?), მაგრამ მისი
გული, ყაზარმაში კი არა, ქალაქში ფეთქავდა. ყაზარმაში თავსმოხვეული ვალიდან ამოდიოდა, ქალაქში კი შეგნებულად იგდებდა თავს
მეფის სივერაგითა და მშობლის სიბეცით უგულებელყოფილ ვალში.
ბევრი სიმწარე აგემა ამ გაორებულმა ცხოვრებამ, მაგრამ ბევრი
დიადი, ამაღლებული წამიც განაცდევინა, რაც არათუ უქარწყლებდა
ხელახლა დაბადების სურვილს, არამედ კიდევ უფრო უმტკიცებდა
რწმენას, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, მრავალი გაუთვალისწინებელი მარცხისა, აუცილებელიც რომ იყო მეორედ დაბადება, ამჯერად არა დედის საშოდან, არამედ უმეცრების, სიბნელის,
გადაგვარების შავი კვერცხიდან. ხოლო იმდენად დიდი იყო ამ შავი
კვერცხის გამომტვრევის სურვილი, კიდევ ერთმა, ყოვლად უსულგულო, ყოვლად უსინდისო მარცხმაც, “ქართველთა კუნძულზე”, ჟურულების ოჯახში რომ დაატყდა თავს და ლამის საერთოდ გაასწორა მიწასთან, მაინც ვერ დააყრევინა ფარხმალი, მაინც სჯეროდა – რაკი
უკვე სწორ გზაზე იდგა – ამ ახალი უსამართლობის დაძლევასაც შეძლებდა როგორმე, როდისმე, და არ ყოფილა მეტნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, ბედითა და მრწამსით მისი ტყუპისცალი ქალაქის
ცხოვრებაში, მონაწილეობა არ მიეღო, არ ჩარეულიყო, ანდა თუნდაც არ გარეულიყო იმ ხალხში, რომლებსაც ესა თუ ის მოვლენა
მნიშვნელოვნად მიაჩნდათ კიდევ ერთხელ შობილი ქალაქისთვის.
140
ისიც სხვებთან ერთად გულისფრიალით ელოდებოდა მატარებელს,
რომელსაც ნინოობის საღამოზე მოპატიჟებული აკაკი მოჰყავდა, და
იმასაც სიამაყის, სიხარულის ცრემლი მოაწვა ყელში, როცა ბათუმელთა გულისხმიერებით, ცოტა არ იყოს, შემცბარსა და ვაგონის
ვიწრო კიბეზე დაბნეულად შეყოვნებულ მგოსანს ქალბატონმა ქეთევანმა უთხრა: თქვენი სახით, ბათუმშიც შემოაღწია განთიადმაო.
ისიც დამშვიდდა, იმანაც წინასწარ გამარჯვებულად ჩათვალა თავი,
როცა ქალაქისთავის არჩევნების წინ, საბჭოს დარბაზში ილია შემოვიდა მოულოდნელად და დინჯად, მედიდურად ჩაბრძანდა არჩევნების მეთვალყურის სავარძელში. და იმანაც აჭარის დედასამშობლოსთან სამუდამოდ დაბრუნების დამადასტურებელ ნიშნად აღიქვა,
როცა წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის ეზოში პირველმა ქართველმა მაჰმადიანმა ბავშვმა შემოაბიჯა გაუბედავად და თავისი სიმორცხვის დასაძლევად თუ დასამალავად, მასწავლებლისთვის ძღვნად გამოტანებული, გულში ჩახუტებული დედალი
ცაში აისროლა. მაგრამ მაინც არაფერი შეედრებოდა იმ საბედისწერო, იმ თავზარდამცემ წამს, როცა პირველად იგრძნო, შეყვარებული
რომ იყო, ნატო რომ უყვარდა, ცამეტი წლის გოგო, მიზეზთა მიზეზი,
გრძნობათა გრძნობა, ვნებათა ვნება, სულის სიზმარი, გულის მეორე
მხარე, ფიქრთა მწყემსი, ხორცშესხმული ნათელი, შეუვალი სიწმინდე, უხრწნელი სინორჩე, ბრმათა თვალის ამხელი, ყრუთა სმენის
გამხსნელი, ღირსების, სისხლის, გვარის, შეგნების აღმდგენელი, ეგვიპტიდან გამომყვანი, გზააბნეულთა შუქურა და, იმავე დროს, ღვთის
რისხვა, როკაპის წყევლა, წარღვნა, მეორედ მოსვლა, რადგან, ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, შვილიშვილად უფრო შეეფერებოდა,
ვიდრე გულისსწორად, ანდა თუნდაც მუზად, და ამ სიყვარულის გამომჟღავნება იმაზე ნაკლები სირცხვილი როდი იქნებოდა, ერთხელ
უკვე რომ ეჭამა, განეცადა, გადაეტანა (თუკი ამას გადატანა ჰქვია)
იმავე სახლში, სადაც ახლა მისი გაუგონარი, გაუგებარი, გაუმართლებელი, დასაძრახი, დასაგმობი, დასაწყევლი, ჩასაქოლი, დასაწველი, ჩამოსახრჩობი სიყვარული ბუდობდა. რასაკვირველია, არა141
ვის, და მათ შორის ნატოსაც, არასოდეს გაუმხელდა თავის გრძნობას, მაგრამ ვეღარც ამ გრძნობის გარეშე იცოცხლებდა, ამ გრძნობაზე ეკიდა, როგორც ნაყოფი ყუნწზე, როგორც საერთოდ, მისი სიცოცხლე – ბეწვზე. ეს გრძნობა ავიწყებდა სამარცხვინო წარსულსაც და
ეს გრძნობა უჩენდა იმ ნამცეცა იმედსაც, უკვალოდ რომ არ გაქრებოდა ამ ქვეყნიდან, რადგან, მართალია ცალმხრივად, ცალფა ძაფით, მაგრამ უკვე სამუდამოდ იყო დაკავშირებული ხვალინდელ
დღესთან, მომავალთან, რამდენადაც ნატო, ბოლოს და ბოლოს,
უპირველეს ყოვლისა, სწორედ ხვალინდელი დღე იყო, მომავალი,
და არა ჩვეულებრივი მიწიერი არსება; ხოლო ნატოს სიყვარული,
უპირველეს ყოვლისა, ხვალინდელი დღის, მომავლის სიყვარულს
ნიშნავდა და არა ქალისას. ამ სიყვარულით მომავალს უკავშირდებოდა, თუნდაც სიმბოლურად, და არა ქალს, მისი პოეზიის მუზას. ეს
იყო და ეს. არა, კიდევ უფრო მეტი – ეს სიყვარული აძლევდა მხოლოდ საიმისო ძალასა და უნარს, ისევ სისხლხორციელ ფოთლად
ეგრძნო თავი მშობლიურ ხეზე და არა დეკორატიული ფოთოლივით
მიემაგრებინა იმავე ხისთვის საკუთარი არსება, იმედის ჩხირითა და
სიჯიუტის მავთულით, როგორც იქამდე იქცეოდა. ეს სიყვარული
მშობლიურ ხესთან არათუ დაბრუნების ნებას აძლევდა, ერთბაშად
უქარწყლებდა სიუცხოვის შეგრძნებას, ჯერ კიდევ ჩალექილს სულისა და გონების ნაოჭებში. და, რაც მთავარია, ეს სიყვარული ისევ თავის ცხრაწლიან ბავშვობაში აბრუნებდა, ხელახლა განაცდევინებდა
დედას, ანუ იმ ერთადერთ ქალს, რომელიც ოდესღაც დედად ეკუთვნოდა, ვიდრე დედობას დაივიწყებდა, ვიდრე, ფეხის ხმას აყოლილი,
შვილს კურსანტში გაცვლიდა, თვითონ კი, პუდრით გადათეთრებულსა და ლიქიორით თვალაპრიალებულ “კაროჟნად” გადაიქცეოდა,
მხოლოდ და მხოლოდ ანგარებით დაკავშირებული იმასთან, ვინც
მხოლოდ და მხოლოდ შვილი უნდა ყოფილიყო მისი და არა “კაი
ცხოვრების” საწინდარი. ნატოს სახება, უპირველეს ყოვლისა, ამ “კაროჟნას” აძევებდა მისი ცხოვრებიდან და თავად იკავებდა იმის ადგილს, როგორც სიმბოლო დედისაც და შვილისაც, ერთდროულად,
142
ერთ სახეში გაერთიანებული მარადიული დედა და მარადიული შვილი, სიცოცხლე და სიყვარული, სათნოება და სიკეთე. აი, რა იყო მისთვის ნატო. მაგრამ ეს მაინც მისი პირადი გრძნობისა და გონების მიერ შექმნილი სიმბოლო გახლდათ და არ არსებობდა მეორე კაცი,
ვინც ასევე აღიქვამდა ამ სიმბოლოს, ვინც სიშლეგეში, გარყვნილებაში ანდა ავადმყოფობაში არ ჩაუთვლიდა ამგვარ მკრეხელობას.
ნატო ერთი კაცის რელიგია იყო, ის კი, ამ რელიგიის ერთადერთი
მიმდევარი. ამიტომაც მალავდა თავის სიყვარულს. კი არ ეშინოდა,
კი არ რცხვენოდა, არ უნდოდა, ვინმეს დაეკნინებინა, დაეგმო,
წაებილწა, არასწორად დანახული და გაგებული. თავად არავითარი
მანკიერი ზრახვა და სურვილი არ ჰქონია და არც შეიძლებოდა ჰქონოდა ცამეტი წლის გოგოს მიმართ, თუმცა, როცა მორიგ ლექსს წერდა, დროსაც წყდებოდა და სივრცესაც, სადღაც, სულის მიღმა სამყაროში დაფრინავდა და ერთბაშად იშლებოდა მასსა და ნატოს შორის
აღმართული ნებისმიერი ჯებირი, რომელიც მრავლად არსებობდა
მიწაზე და რომელთა უგულებელყოფაც, სხვა რომ არ ვთქვათ, პირწავარდნილი სიბრიყვე იქნებოდა მისგან და მეტი არაფერი. მაგრამ
იქ, სულის მიღმა, ნატოც ბეატრიჩესა და ლაურას შარავანდედით
იმოსებოდა და თამამად დგებოდა იმათ გვერდით, დიდებული
პოეტების უკეთილშობილესი და უწმინდესი სულიდან ამოზრდილი,
ოცნებისა და იმედის ნაშიერი ღვთაებების გვერდით, რომელთაც
ასაკი არა აქვთ და ცამეტი წლისანიც ისეთები არიან, როგორიც ას
ცამეტის, ათას ცამეტის, ათი ათას ცამეტისა. ასე თვითონ ფიქრობდა,
რადგან მხოლოდ ასე შეეძლო თავისი სიყვარულის გამართლება,
თუნდაც საკუთარ თავთან. ამართლებდა, რადგან არ შეეძლო იმისი
უარყოფა, არ შეეძლო გაქცეოდა გრძნობას, რომლისთვისაც მართლაც რომ არ არსებობს არავითარი წესი და საზღვარი, თავად ადგენს წესს, როგორც გვარის უხუცესი, და თავად იზომავს საზღვრებსაც, როგორც აღზევებული სახელმწიფო. არაფერზე აღარ შეეძლო
ფიქრი, ამ სიყვარულის გარდა. თავის ოთახში გამოკეტილს, აღარც
ორთქლმავლების განუწყვეტილი კივილი ესმოდა – საბარგო სადგუ143
რის გადაღმა ცხოვრობდა, უფრო სწორად, დაქვრივებულ დედას
უქირავა იქ ოთახი, სადაც მხოლოდ დედის სიკვდილის მერე გადაბარგდა სამუდამოდ. იქამდე არსად არ ცხოვრობდა; ხან დედასთან
იყო, ხან ყაზარმაში. ვერც დედის გვერდით გაეძლო დიდხანს, ვერც
უდედოდ. დედის გვერდით თავისი დაღუპული ბავშვობა ახსენდებოდა და გულზე სკდებოდა; ყაზარმაში კი, თავისი უსინდისობა აწამებდა, წუხდა, მარტო რომ ტოვებდა დედას, თუმცა დედა არც უყვარდა,
არც სძულდა, უბრალოდ, “დავალებული” იყო იმისგან, თავს ვალდებულად თვლიდა, მაინც პატივი ეცა იმისთვის, თუნდაც როგორც მამამისის ქვრივისთვის; მაგრამ დედის არსებობა იმასაც უდასტურებდა, ოდესღაც სულ სხვა ადამიანი რომ იყო თვითონ, სულ რაღაც
ცხრა წლის განმავლობაში, მაგრამ ესეც კმაროდა იმ იმედის საფუძვლად, როდისმე ისევ რომ მიაკვლევდა იმ ცხრა წლის ბავშვს თავისი
სულის სარდაფში და ახლა ისე გაზრდიდა, როგორც თვითონ მიაჩნდა სწორად და არა დედამისს. გარდა ამისა, თუკი ბედავდა, მხოლოდ დედასთან ბედავდა თავის სიყვარულზე ლაპარაკს, მართალია,
გადაკრულად, შენიღბულად, მაგრამ გარკვეულ შვებასა და სიამოვნებას ესეც ანიჭებდა. რაც მთავარია, აქ, დედის გვერდით, უფრო თავისუფლად შეეძლო ლექსების წერა, ვიდრე ყაზარმაში, სადაც კალამს თუ დაგინახავდა ვინმე ხელში, სულს ამოგხდიდა, ვიდრე არ
გაიგებდა, თხოვნას წერდი, საჩივარსა თუ დასმენას. ხოლო დედა
სიტყვის თქმასაც ვერ უბედავდა წერით გართულ შვილს, რადგან
მხოლოდ ქაღალდისა სჯეროდა და მხოლოდ ქაღალდს სცემდა თაყვანს. არც მთლად უსაფუძვლოდ: ქაღალდმა აზნაური გახადა, შვილი
გაუნათლა და “კაი ცხოვრებას” მოასწრო. სანამ სოფელში ცხოვრობდა, მეზობელთან რომ წაკინკლავდებოდა და დოინჯშემოყრილი
დაიძახებდა – ქაღალდი მაქვს მეო – მეზობელი ფარხმალს ყრიდა,
ხელებს შლიდა და ამბობდა: თქვენია, ბატონო, ქვეყანაო. ამიტომ,
შვილის ნაწერებსაც ისევე სათუთად ინახავდა, როგორც აზნაურობის
ყალბ სიგელს. იატაკზე მიმოფანტულ ფურცლებს – ფერფლივით
რომ სცვიოდა პოეზიის ცეცხლით დამწვარ ოფიცერს – მოკრძალე144
ბით, მადლიერების გრძნობით აგროვებდა, როგორც ებრაელი – ცის
მანანას; ყველაფერს გადააგდებდა (აკი გადააგდო კიდეც), ფურცელს კი არა. ჩითს ფარჩისგან ვერ ასხვავებდა, მაგრამ ღერბიან ქაღალდს მილიონ ქაღალდში გამოარჩევდა მაშინვე. წერაკითხვა არ
იცოდა, მაგრამ როგორ დაიჯერებდა, სისულელე თუ ეწერა ქაღალდზე, როგორც შვილი ეუბნებოდა ხოლმე სიცილით. ქაღალდმა არ
გააკეთილშობილა თავად? ქაღალდი აიძულებდა, პუდრი წაესვა,
სასმელს მიტანებოდა, საათობით მჯდარიყო სარკესთან და შვილის
ნაჩუქარი, “თვალის ჩინივით გასაფრთხილებელი” ხილაბანდი ხან
წაღმა წაეკრა თავზე, ხან უკუღმა, თუმცა არსად არ ჰქონდა წასასვლელი და გინდაც ჰქონოდა, მაინც თოფით ვერ გაიყვანდნენ ოთახიდან, აკივლებული ორთქლმავლების შიშით. მაინც არ უტყდებოდა
თავს, მაინც არ მისტიროდა მოშლილ კერას და შეფერებული ჰქონდა “კაი ცხოვრება”. შვილს მწარედ ეღიმებოდა, მაგრამ ამშვიდებდა
კიდეც დედის სიბრიყვე, რადგან ერჩივნა, ისევ სიბრიყვის მსხვერპლი ყოფილიყო, ვიდრე სიჭკვიანისა. სიბრიყვე თუ არ ამართლებდა,
მეტნაკლებად გასაგებს მაინც ხდიდა იმ დანაშაულს, შვილის მიმართ
რომ ჩაედინა დედას. უყაირათო, დაუდევარი ქალი იყო (აზნაური
გახლდათ, ბატონო!), მტვერი ჭამდა იქაურობას; იმ ადგილს გადაფერთხავდა ხოლმე ზერელედ, სადაც თვითონ ჯდებოდა, ხოლო გარშემო რა ხდებოდა, ვერც ამჩნევდა და არც აინტერესებდა. ფეხს ფეხზე გადაიდებდა და დასცქეროდა თავის ლამაზ ფლოსტებს (მეზობელმა ქალმა მიჰყიდა – მწვანე, წითელი პომპონებით გაწყობილი. რომ
არ შინებოდა, ქუჩაშიც იმ ფლოსტებით გავიდოდა ალბათ). აზნაურის
ქალი გახლდათ, ბატონო, კარგი ცხოვრება უყვარდა და იშნოვებდა
კიდეც; ჩემი ქმარი ვერ მოესწრო და იმისი წილიც მე უნდა მოვიხმაროო – იტყოდა ხოლმე ხუმრობით, ვითომ ხუმრობით, პაპიროსს
აბოლებდა (ჯერ იმას ჰკითხავდა შვილს, პაპიროსის ყიდვა ხომ არ
დაგვიწყებიაო, თუმცა ნაფაზს ვერ არტყამდა, ხველა აუტყდებოდა მაშინვე) და ლიქიორს წრუპავდა. განსაკუთრებით ფრანგული “ლიქიორი” უყვარდა: ბენედიქტინი და შარტრეზი. “იმისთანაა რომე, შე145
ნი მოწონებული”, – ამბობდა ტუჩების წკლაპუნით. შვილი გულში
ბრაზობდა, ღრმად დარწმუნებული, მამამისიც იმისმა სისულელემ
რომ შეიწირა: აღარც შვილი ინდომა, აღარც კარმიდამო, და ფართხაფურთხით ჩაბარდა სიკვდილს, როგორც უაზრო ომით გაბეზრებული ჯარისკაცი – მტერს. მაგრამ, რაკი მაინც დედა ერქვა, ითმენდა, უჩუმდებოდა; სათქმელს წერდა და ამით იოხებდა ცოტათი გულს.
კითხვა რომ სცოდნოდა დედამისს, სათუთად კი არ შეინახავდა, ნაკუწებად აქცევდა ალბათ მის ნაწერებს, უსაზღვროდ განრისხებული.
“გულზე არ დაგადგეთ ლიქიორი, არ დაგცადოთ, ქალბატონო”. “ამდენ პუდრს ნუ ისვამთ, თორემ რკინის თეატრში წაგიყვანენ და სცენაზე გათამაშებენ”. “ფლოსტები არ დაგეკარგოთ”. – წერდა მისი
შვილი და ყაზარმაში გარბოდა, პირში რომ არ შეეცინა დედისთვის,
რომელიც გულმოდგინედ კრეფდა იატაკზე მიმოფანტულ ფურცლებს
და დიდის ამბით ინახავდა აზნაურობის სიგელთან ერთად. მაგრამ
მალე მოტყდა, საწყალი. სულ სიცივეს უჩიოდა. გაგანია ზაფხულშიც
გაუქრობლად ენთო ნავთქურა. მიუცუცქდებოდა, გამხდარ, გამოლურჯებულ ლაჯებში მოიქცევდა და იყო ასე, აბუზული, ჩაფიქრებული, როგორც ქათამი წვიმიან ამინდში. “ცოლს რატომ არ ირთავო” –
ისე, სხვათა შორის ეკითხებოდა ხოლმე შვილს, მაგრამ ძნელი სათქმელია, შვილის მომავალი ადარდებდა თუ თვითონ სჭირდებოდა
მომვლელი. “თუ იცი, რა ხნისა ვარო” – პასუხობდა შვილი. “შენზე
რომ ფეხმძიმედ ვიყავი, იმ წელიწადს მამაშენმა ხელი ამოიგდო ტყეში, კესარიას ბაღანა დაეწვა აკვანში – ნაღვერდალი შეაყოლა არტახებს – ბებიაშენმა კიდო, ძროხა გაყიდა და კაკილო მიყიდაო” – ამბობდა დედა, ნავთქურაზე გადამჯდარი, როგორც კრუხი საბუდარზე.
“კი მაგრამ, როდის იყო, როდის მოხდა ეს ამბებიო” – იცინოდა შვილი, “როდის და, შენზე რომ ვიყავი ფეხმძიმედო” – პასუხობდა დედა
მშვიდად, მობუზული, მოწყენილი, მოახლოებული სიკვდილით შემკრთალი; ტანი უგრძნობდა, ალბათ, მალე უნდა გამოთხოვებოდა
“კაი ცხოვრებას”, რომლისთვისაც დაუფიქრებლად გაეწირა ყველაფერი და რომელიც არც ისეთი კარგი აღმოჩნდა ბოლოს, როგორა146
დაც ადრე წარმოედგინა, ადრე, აზნაურობამდე, როცა სხვებს ჰქონდა იგი – “კაი ცხოვრება” – და როცა მოთმინებიდან გამოსული, დოინჯშემოყრილი, დამფრთხალსა და ალღოდაკარგულ ქმარს დაჰყვიროდა: დაგვრჩა ბაღანა უსტავლელიო. მაგრამ ახლა, სისულელით
მოწეულის მოთმენა უფრო ეიოლებოდა, ვიდრე სისულელის
აღიარება; გლეხის ქალი ხომ არ იყო, ვიღაცა, ნათქვამი გადაეთქვა,
გადაფურთხებული აელოკა; თავისი სოფლის ერთი ჩასუნთქვა ჰაერი
პომპონებიან ფლოსტებსაც ერჩია, ყვავილებით მოჩითულ ხილაბანდსაც, მაგრამ როგორ გატყდებოდა, მეზობლებს როგორ ათქმევინებდა: არა შეჯდა მწყერი ხესაო. ყალბი იყო თუ ნამდვილი, ახლა მაინც ვეღარ იტყოდა უარს აზნაურობაზე და პატიოსნად უნდა მოეხადა
ბოლომდე, როგორც თავისივე დაუდევრობით შეყრილი სენი. მართლაც, რაღა დროს სინანული იყო; თავს სინანული სჯობია, ბოლო
ჟამს დანანებასაო, მაგრამ ყველაფერი თავიდან რომ დაწყებულიყო,
ალბათ ისევ ქვას გახეთქავდა, ისევ დაუფიქრებლად მოიგლეჯდა
შვილს გულიდან, ერთი კაცისთვის მაინც რომ ეთქმევინებინა: თქვენია, ბატონო, ქვეყანაო. დიახაც. დიახაც. დიახაც. სხვა რომ შეგნატრის, ისაა სწორედ “კაი ცხოვრება”. ამიტომ, კეთილი უნდა ინებო და
შენც მოითმინო ცოტა, შენც გაიღო ცოტა მსხვერპლი. დილიდან საღამომდე ორთქლმავლების კივილს უნდა უსმინო (რამ გადარია მაინც, ეს ოხრები!) და დილიდან საღამომდე უნდა ყლაპო დამწვარი
ნავთის ჭვარტლი: შავი მანანა “კაი ცხოვრებისკენ” მიმავალ გზაზე,
ახალი ღმერთის წყალობა. არც ძროხა გყავს მოსაწველი, არც ქათმები – დასაბუდებელი. ხარ არხეინად. შენს “ბაღანას” იმდენი პური
მოაქვს, ნახევარი გიობდება და ცარიელ ბოთლებთან ერთად მერძევეს ატან. სად ჰქონდათ სოფელში პური?! ჭადს მიაციცქნიდნენ ხოლმე, ყველივით. ხი, ხი, ხი… ჩაის ავადმყოფს ასმევდნენ მხოლოდ. ჩაის
გულისთვის განგებ გაიციებდნენ ხოლმე თავს. ხი, ხი, ხი… მკვდარს
ვერ ჩააცმევდნენ ამისთანა ფლოსტებს. ხი, ხი, ხი… ხარ შენთვის არხეინად. ცარიელ ბოთლს გადგამ დერეფანში, გადააჯდები ნავთქურას და ახრჩოლებული სითბო თანდათანობით გილღობს გათოშილ
147
გულმუცელს. ქალობას გახსენებს (ხი, ხი, ხი), დედობას… და გაამაყებული (რა თქმა უნდა, ცოტა ლიქიორის დახმარებითაც) ფიქრობ
შენთვის: მე არ გავაჩინე? ხოდა, მეკუთვნის კიდეც. ახრჩოლებული
ნავთქურა შვილის მაგიერ. ჰარალალი, ჰარალალი. ნეტარ არიან
ბრიყვნი. ხოლო მისი ბაღანა უკვე სიბერის ზღურბლთან იდგა, მართლა ბაღანასავით შეყვარებული მართლა ბაღანაზე. “ნამეტანი პატარაა, თორემ შევირთავდიო” – სიცილით ეუბნებოდა დედას. “მაგი
არაფერი. მეც ბაღანა შემირთო მამაშენმაო” – პასუხობდა ქათამივით აბუზული დედა. “მამაჩემიც ბაღანა იქნებოდა მაშინო” – იცინოდა შვილი. “რას ჰქვია, ბაღანა იქნებოდა! ბაღანას როგორ წავყვებოდიო” – სწყინდა დედას. “მაინც, რა ხნისა იყოო” – არ ეშვებოდა შვილი, “კაცი ისეთი ოხერია, რა ხნისაც არ უნდა იყოს, ერთ ბაღანას ყოველთვის დააბერებსო” – ქირქილებდა დედა. ასე იყო, ვიდრე დედა
მოუკვდებოდა, ასე იყო შემოდგომის იმ წვიმიან დღემდე, როცა ლექსის წერით გართულს, უცებ ტანი უგრძნობდა, ნავთქურაზე გადამჯდარი დედაბრის სული ჩუმად, უხმაუროდ რომ გაპარულიყო ამ ქვეყნიდან. “რა მიყავი ესო” – შეიცხადა გულწრფელად, რადგან ეგონა, დედა სიკვდილის წინ მაინც აღიარებდა თავის შეცდომას, სიკვდილის
წინ მაინც ეტყოდა, მე აგირიე, შვილო, ცხოვრებაო, რაც ჰაერზე მეტადაც სჭირდებოდა შვილს, თუნდაც თავისი ჯოჯოხეთური სიყვარულის გასამართლებლად. გარდა ამისა, დედასთან საუბარი რაღაც
სულელურ, გაურკვეველ, უხორცო იმედს უჩენდა, რისთვისაც დიდი
მადლობელი იყო დედისა, თუმცა არასოდეს წარმოუდგენია ნატო
You have read 1 text from Georgian literature.
Next - რკინის თეატრი - 10
  • Parts
  • რკინის თეატრი - 01
    Total number of words is 3567
    Total number of unique words is 2235
    27.2 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 02
    Total number of words is 3649
    Total number of unique words is 2108
    32.5 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 1981
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 04
    Total number of words is 3630
    Total number of unique words is 2200
    28.9 of words are in the 2000 most common words
    42.7 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 05
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2058
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 06
    Total number of words is 3622
    Total number of unique words is 2149
    28.8 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 07
    Total number of words is 3490
    Total number of unique words is 2291
    24.7 of words are in the 2000 most common words
    35.7 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 08
    Total number of words is 3728
    Total number of unique words is 2153
    32.6 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 09
    Total number of words is 3681
    Total number of unique words is 2089
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 10
    Total number of words is 3699
    Total number of unique words is 2033
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 11
    Total number of words is 3712
    Total number of unique words is 2117
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 12
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2075
    32.3 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 13
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2087
    30.9 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 14
    Total number of words is 3744
    Total number of unique words is 2095
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    53.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 15
    Total number of words is 3682
    Total number of unique words is 2082
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 16
    Total number of words is 3641
    Total number of unique words is 1987
    29.7 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    53.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 17
    Total number of words is 3761
    Total number of unique words is 2000
    31.4 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 18
    Total number of words is 3656
    Total number of unique words is 2118
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 19
    Total number of words is 3664
    Total number of unique words is 2010
    32.0 of words are in the 2000 most common words
    47.1 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 20
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2042
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    53.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 21
    Total number of words is 3667
    Total number of unique words is 1947
    32.4 of words are in the 2000 most common words
    46.8 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 22
    Total number of words is 3663
    Total number of unique words is 2089
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 23
    Total number of words is 3714
    Total number of unique words is 1946
    31.5 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 24
    Total number of words is 3727
    Total number of unique words is 2061
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 25
    Total number of words is 3765
    Total number of unique words is 2022
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 26
    Total number of words is 3740
    Total number of unique words is 2080
    31.0 of words are in the 2000 most common words
    44.3 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 27
    Total number of words is 3737
    Total number of unique words is 2107
    31.3 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 28
    Total number of words is 3256
    Total number of unique words is 1894
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.