Latin

რკინის თეატრი - 02

Total number of words is 3649
Total number of unique words is 2108
32.5 of words are in the 2000 most common words
45.6 of words are in the 5000 most common words
53.8 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
წუხილით, უთქმელი სევდით აწრიალებულ თვალებს მალულად, ერთი წამით გამოაპარებდა ხოლმე მისკენ. ვერ გაერკვია, რომელი იყო
სინამდვილე: პაპის ვენახი თუ ქმრის სახლი; პაპის ხმა ეჩვენებოდა
თუ ერთბაშად გაუცხოვებული, გასაცოდავებული ქმარი. მაგრამ ასე
იყო თუ ისე, იმ დღის მერე ოჯახურ სიმშვიდეს ბზარი გაუჩნდა, თუმცა,
სიმშვიდის ბზარში, დღითი დღე რომ ფართოვდებოდა, ჯერჯერობით
ისევ წარსულის ცალკეული ნაფლეთები მოჩანდა მხოლოდ; ერთისთვის – ვენახი, ნუშის ხის ძირას გარინდებული სახედარი, უგუმბათო
ეკლესია, დედის საფლავის ქვაზე მიმწვარი სანთელი თუ საცხედრეს
წინ შეგროვილი სტუდენტები. მეორისთვის – მკვდარი ცხენის მუცლიდან ჭურვივით გამოვარდნილი ვირთხა, დაბუშტული წყლით სავსე ორმოები, დახოცილი დელფინები, დედამისის რომელიღაცა სტუმარი ქალის შთამბეჭდავი გულმკერდი თუ სისხლიანი ლეჩაქით
ხელგადახვეული და ლაჯებგამოსველებული ოფიცერი. ჯერჯერობით
წარსულის ანაბარა იყვნენ დარჩენილნი. რაც რამე იცოდნენ, განეცადათ და ახსოვდათ, ძალაუნებურად, წარსულთან აბრუნებდათ. მაგრამ, საუბედუროდ, არც წარსული ჰქონდათ საერთო და ცოლქმრულ
საწოლში ერთმანეთის გვერდით გატრუნულნი, ვითომ ერთმანეთის
სიმშვიდეზე მზრუნველნი, თავთავიანთი წარსულისკენ მიიპარებოდნენ, ერთმანეთის უჩუმრა, სადაც გაცილებით თამამად და თავისუფლად გრძნობდნენ თავს და საიდანაც უნაყოფო, უმომავლო სინამ19
დვილეს უბრუნდებოდნენ ყოველ დილით, კიდევ უფრო დათრგუნულნი და დაბორკილნი სინდისის ქენჯნით, უერთმანეთოდ გატარებული კიდევ ერთი ღამის გამო. ისეთი გრძნობა ჰქონდათ, თითქოს
ერთმანეთს ღალატობდნენ, ცოლქმრულ ფიცსა ტეხდნენ, რაკი მომავლის შესაქმნელად განკუთვნილ სიყვარულს მოგონებებს ახმარდნენ და ქურდბაცაცა მელიებივით სხვადასხვა სოროში ეზიდებოდნენ საერთო სუფრიდან. მაგრამ რაკი წუხდნენ, წვალობდნენ, რაკი
რცხვენოდათ ერთმანეთისა და ერთმანეთის წინაშე თავს დამნაშავედ გრძნობდნენ, ესეც უკვე ერთგვარი შეღავათი იყო გამოყრუებული, უშვილძირო ოჯახისთვის, ერთგვარი გარანტიაც იმისა, მათთვისაც რომ შეიცვლებოდა რაღაცა, რის შემდეგაც ან მართლა უნდა გათიშულიყვნენ ისინი, თანაც სამუდამოდ, ან ასევე სამუდამოდ შეუღლებოდნენ ერთმანეთს, სისხლიანხორციანად, ერთმანეთით ავსილნი, ერთმანეთში ჩაწრეტილიყვნენ უსასრულოდ, ჯიუტად, უღალატოდ, როგორც დღე და ღამე, ვიდრე მათი ყველა ძარღვი, ყველა კუნთი, ყოველი უჯრედი არ განიმუხტებოდა გადატანილი ელდისაგან,
შიშისაგან, ურწმუნოებისაგან და არ დაიჯერებდნენ, თვითონაც
ჩვეულებრივი ადამიანები რომ იყვნენ, ჩვეულებრივი ცხოვრების
ღირსნი, და არა მარტო შეეძლოთ, ევალებოდათ კიდეც მსგავსის
შექმნა, გაუმწარებდათ თუ გაუხალისებდათ იგი ცხოვრებას, ბედნიერი იქნებოდა თუ უბედური თავად, რადგან იქამდე არც ცხოვრება
ეთქმოდა იმათ ყოფას: ერთი ქარგვით იღამებდა თვალებს, მეორე კი
მგზნებარე სიტყვებს წარმოთქვამდა იმათ დასაცავად, დამარხვის მეტი აღარაფერი რომ სჭირდებოდათ, გულს უჩუყებდა ხალხს, რომელსაც კაცის ნება წარმართავდა და არა კანონი. რა თქმა უნდა, ეს ის არ
იყო, რისთვისაც გაჩენილიყვნენ, რაც ევალებოდათ, რაც აუცილებლად უნდა შეესრულებინათ კიდეც, ადრე თუ გვიან, უნდოდათ თუ არ
უნდოდათ, შესწევდათ თუ არა საამისო ძალა და უნარი, რადგან
ცხოვრებას თავის უკიდეგანო სცენაზე ალბათ უკვე იმათთვისაც
ჰქონდა ადგილი მოცლილი, შეიძლება, უფრო მცირე, უფრო უმნიშვნელო, ვიდრე საოჯახო თეატრის სცენა, რომელსაც ქალბატონი ქე20
თევანი პოლიციელებს გააწყობინებდა ხოლმე აივანზე, მაგრამ გაცილებით მრავალრიცხოვანი მაყურებლისთვის განკუთვნილი, რომელსაც სრულებითაც არ ენაღვლება შენი უნიჭობა თუ ნიჭიერება,
შენი გაუბედაობა თუ გამბედაობა, და მხოლოდ თავფეხიანად, სულის
ფსკერამდე გაშიშვლებას მოითხოვს შენგან. ამას ორივე გრძნობდა,
ცოლიცა და ქმარიც, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, წესი ვნებად ექციათ, ვნება – ცეცხლად, ცეცხლი კი – სიცოცხლედ; ბიძგი სჭირდებოდათ, თვალნათელი მაგალითი, რაც სცენაზე ასვლას გააბედვინებდათ, ანუ შიშითა და ოცნებით გაბერწებულ ხორცს შეუძრავდათ და
ხვალინდელი დღის რწმენას ჩაუნერგავდათ. და აი, ერთ მშვენიერ
დღეს (თუმცა მერე, როცა მოსახდენი მოხდა, დიმიტრი სწორედ ამ
“მშვენიერი დღიდან” იწყებდა თავისი უბედურების წელთაღრიცხვას), ჭიშკარმა ქვანასროლი ძაღლივით დაიწკავწკავა და ეზოში უცხო ქალი და კაცი შემოვიდა. დარია ამჯერად თეთრეულს ნამავდა
დასაუთოებლად. უთო უკვე გახურებული ჰქონდა. დიმიტრიც ეს წუთია შემოსულიყო ოთახში; ჩვეულებისამებრ, დაეხედა მამისეული
ხეებისთვის და ახლა, სანამ რამეს იტყოდა, ხელებს იფშვნეტდა, როგორც რაიმეთი დიდად ნასიამოვნები კაცი. ცხელი უთოსი და დანამული ქსოვილის სუნი სრულებითაც არ იწვევდა საფრთხის წინათგრძნობას. მაგრამ ცხოვრებისეული ქარტეხილები, რომელთა შესაჩერებელი ჯებირი ჯერ არ მოუგონია ადამიანს და, საბედნიეროდ,
ვერც ვერასოდეს მოიგონებს, უკვე დაძრულიყო, ოღონდ ჯერჯერობით მხოლოდ წინამორბედი, სუსტი ტალღები ელამუნებოდა მწვანეში ჩაფლულ სახლს, სახლის პატრონს ეჭვი რომ არ აეღო და მომზადებული არ დახვედროდა საბოლოო დამანგრეველ დარტყმას. და
აი, აწკავწკავებული ჭიშკარი ყურთამდე გაიღო და ეზოში უცხო ხალხი შემოვიდა. წინ ქალი მოდიოდა, გაღიმებული, თუმცა ხშირხშირად
იხედებოდა უკან, თითქოს არ სჯეროდა, მართლა თუ მოჰყვებოდა კაცი. დარია და დიმიტრი აივანზე გამოვიდნენ და მოუთმენელი ცნობისმოყვარეობითა თუ მოუთმენელი ცნობისმოყვარეობით შენიღბული შიშით მიაჩერდნენ მათკენ მომავალ უცნობებს. კაცმა ხელები ას21
წია და შორიდანვე დაიძახა: ნუ გაგვიბრაზდებით, სამტროდ არა
ვართ მოსულებიო. მაღალი კაცი იყო. თმა ლომის ფაფარივით აშლოდა თავზე. გამარჯობათო – თქვა უკვე ორსაფეხურიან კიბესთან
და მომხიბვლელად გაიღიმა, უნებურად დამხვდურებსაც გადასდო
ღიმილი. ორივენი, ქალიცა და კაციც, თვალშისაცემად, გამომწვევად
ხალისიანები, სიცოცხლით სავსენი იყვნენ; ჯიშიან ცხენებს ჰგავდნენ,
ადგილზე რომ ვერ მოუსვენიათ და ერთი სული აქვთ, როდის მოწყდებიან, როდის ამოიდებენ ფეხქვეშ სივრცეს. დიმიტრის პირველად
დაძმაც კი ეგონა ისინი, მაგრამ თითქოს მისი არასწორი ვარაუდის
გასაბათილებლად, კაცმა თავის მომხიბვლელ ღიმილს მაშინვე ბოდიშივით მოაყოლა: ჩემი ცოლის ბრალია, ჩემმა ცოლმა აიჩემაო, და
თან ქალს ნაზად მოხვია მხარზე ხელი. “მე მგონი, ჯერ არაფერი დამიშავებიაო”, – მომხიბვლელად გაიღიმა ქალმაც. მწვანე კაბა ეცვა,
სალათისფერი, თითქოს მკვრივი, მოქნილი სხეულის სინათლით გაბაცებული. ზედა ტუჩზე ოფლის მსხვილი წვეთები უციმციმებდა. ოდნავ გაპობილი პირიდან თეთრად ჩაწიკწიკებული კბილები მოუჩანდა. “მხოლოდ ალქაჯი შეიძლება იყოს ასეთი ლამაზიო”, – გაიფიქრა
დიმიტრიმ და უცებ, ყოვლად უსაფუძვლოდ, შეეშინდა იმათი, მაგრამ
თვითონვე შერცხვა ამ უსაფუძვლო შიშისა და ნირწამხდარმა
ამოილუღლუღა: მობრძანდით, სტუმარი ღვთისააო. “ახლავე აგიხსნით ყველაფერს”, – გააგრძელა კაცმა და უფრო მაგრად მიიზიდა
ქალი. დამხვდურები შეიშმუშნენ, ერთი წამით, ისე, რომ თავადაც არ
მიუქცევიათ ამისთვის ყურადღება, უბრალოდ, ისინიც ცოლქმარი იყვნენ, მაგრამ უცხო ხალხის თვალწინ არასოდეს მოხვევიან ერთმანეთს. ეგ იყო და ეგ. დიმიტრიმ ჩაახველა. დარიას ლოყები შეეფაკლა. “გამიშვი, უხერხულია”, – თქვა ქალმა. წელში გაზნექილი იდგა,
ცალ ფეხზე; მეორე ფეხის წვერით ოდნავ ეხებოდა მიწას. “ახლავე
აგიხსნით ყველაფერს”, – გაიმეორა კაცმა. “შინ მობრძანდით, შინ
უფრო გრილა”, – გააწყვეტინა დიმიტრიმ. “ჩვენ ცოლქმარი ვართ.
მსახიობები, – გააგრძელა კაცმა, – თქვენმა თეატრმა მოგვიწვია სამუშაოდ. თბილისიდან გეახელით. უფრო სწორად, მსახიობი მე ვარ.
22
ეს კი მსახიობის მეუღლე გახლავთ, ჩემი მეუღლე. რამე თუ შემეშალა სცენაზე, მტრისას, ჯვარს მაცვამს ხოლმე. ასე არ არის? – მიხედა
ქალს. ქალმა თავი დაუქნია. ისევ ისე იდგა, ცალ ფეხზე, წელში გაზნექილი, უსაშველოდ, შემაშფოთებლად, სახიფათოდ, ალქაჯივით
ლამაზი. – თქვენს მეზობლად ვიქირავეთ ოთახი. – კაცმა თავისუფალი ხელი უკან გაიშვირა. დიმიტრიმ და დარიამ მომიჯნავე სახლის
ყრუ კედელში დატანებულ ერთადერთ სარკმელს შეხედეს ერთდროულად. – მაგრამ ჩემს ქალბატონს არ მოსწონს თავისი ახალი
ბუდე. უკეთესსაა მიჩვეული. მიდგება სარკმელთან და თქვენს სახლს
უყურებს, როგორც ღორმუცელა ბავშვი საშაქარლამოს ვიტრინას”.
“შინ მობრძანდით, შინ უფრო გრილა”, – გაიმეორა დიმიტრიმ, რამე
რომ ეთქვა, სულელივით რომ არ მდგარიყო დაუპატიჟებელი სტუმრების წინაშე. “ტყუილად ვაწუხებთ ამ ხალხს”, – თქვა ქალმა. თავი
არ აუწევია. მიწას დასცქეროდა გაღიმებული. თითქოს მოსწონდა
ქმრის ლაპარაკი და, იმავე დროს, თითქოს რცხვენოდა კიდეც ქმრის
მაგივრად. “დამაცადე, – უთხრა კაცმა და ფეხი კიბის საფეხურზე
შედგა, – რახან მოვედით, გაპრანჭვას აზრი აღარა აქვს. ხარჯი ხარჯია. სიმართლე რომ გითხრათ, რატომღაც მოხუცებად მყავდით წარმოდგენილი. თქვენი ხისფეხა მეზობლის ბრალია. იმან გვითხრა, უშვილძირო ოჯახიაო. მეც ასე ვიფიქრე, თითქოს ასეთ სახლში მხოლოდ მოხუცი ცოლქმარი უნდა ცხოვრობდეს, წყნარი, კეთილი, ერთადერთი საზრუნავიღა რომ დარჩენიათ, ყვავილების მორწყვა ანდა
ჩიტებისთვის საკენკის დაყრა არ დაგვავიწყდესო. არც კი აინტერესებთ, რა ხდება ქვეყანაზე, საერთოდ, არსებობს თუ არა ქვეყანა.
ცხოვრობენ თავიანთ პატარა სამოთხეში, მშვიდად, უზრუნველად,
უცოდველად დაბერებული ადამ და ევა. თქვენ კი… – ლაპარაკლაპარაკით ამოვიდა აივანზე, ქალიც თან ამოიყოლა. ისევ მხარზე ჰქონდა იმისთვის ხელი მოხვეული, თითქოს ქალს უჭირდა თავისით
სიარული ანდა უძალიანდებოდა. – ღმერთო ჩემო! – შესძახა დიდ
ოთახში შესვლისთანავე. – აი, ჩვენი, ძველებური, ქართული სისადავე. აჭარაში ჩამოვედი და საქართველო აღმოვაჩინე. მართალი ხარ,
23
– მიუბრუნდა ქალს, – ეს რომ ჩემი სახლი იყოს, არავის შემოვუშვებდი. ანდა დამთვალიერებლებს შემოვუშვებდი მხოლოდ, თანაც ფასიანი ბილეთებით, როგორც მუზეუმში. არა, როგორც ჩვენთან, თეატრში. ბილეთის ფასი ხუთი კაპიკიდან ხუთ მანეთამდე. ღარიბებისთვის ხუთი კაპიკი, მდიდრებისთვის ხუთი მანეთი. შეიძინეთ, ბატონებო, ბილეთი! წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ, ერთი ღარიბი მოსწავლის სასარგებლოდ, მოუსავლიანობით დაზარალებულთა სასარგებლოდ, გადასახლებულთა სასარგებლოდ, ერთი ხელმოკლე სტუდენტის სასარგებლოდ…” “ნუ მოყვები
ახლა შენებურად, – გაიღიმა ქალმა და კაცს მხარზე ლოყა აუსვა. –
მართლა როგორ გრილა აქ. მხოლოდ ძველ სახლებშია ასეთი სიგრილე, ასეთი სიწყნარე”. “მხოლოდ მუზეუმში ანდა საყდარში, – შეუსწორა კაცმა, – მუზეუმი და საყდარი. წარსული და მომავალი. სინანული და იმედი. აგე, ჩვენი დიდი პაპა”, – ხელი კედელს მიუშვირა.
კედელზე ფერადი ძაფით ნაქარგი რსთაველის სურათი ეკიდა. ოთახის ბინდიდან ალისფერმა სახემ გამოანათა მოულოდნელად, თითქოს სენაკიდან, ეს წუთია, სადღესასწაულოდ მორთული ბერი გამოვიდაო; თითქოს ისიც მასპინძელი იყო და მოსულებს გამოხედა.
“ბავშვობაშიც მინახავს სადღაც ასეთი რუსთაველი”, – თქვა ქალმა.
“ჩვენი ბავშვობის თოვლის ბაბუა, – გააწყვეტინა კაცმა. – სახელოვანი სიკვდილი მოგიტანეთ, ბავშვებო, საჩუქრად. პირს კი ნუ აბჩენთ,
შოშიებივით, თვალი გაახილეთ. ყველას გვახსოვს, არკი ვიცით, იყო
თუ არა სინამდვილეში”. “რატომ ჰქვია თქვენს თეატრს რკინისა?” –
იკითხა უცებ ქალმა. დარიამ მხრები აიჩეჩა, დიმიტრის შეხედა. დიმიტრიმაც აიჩეჩა მხრები: რა ვიცი, ასე ეძახიანო; ვიდრე თეატრად
გადააკეთებდნენ, რკინეულობის საწყობი იყო და ალბათ ამიტომო.
“ალბათ, ალბათ… – გააწყვეტინა კაცმა. – მაგრამ თეატრი რკინასავით გამძლე უნდა იყოს, რკინასავით მაგარი, რადგან მარტო იქღა
ფრიალებს ჩვენი დროშა, მტრების გულის გასახეთქად”. “ოოოოჰ… –
შეიჭმუხნა ქალი. – ამ ხალხს მაინც რას ერჩი, იქნებ არ სიამოვნებთ
შენი ლაპარაკი”. “კი მაგრამ, რას ვამბობ ამისთანას?! – გაიკვირვა
24
კაცმა. – აღარც ვილაპარაკოთ? ენას კბილი დავაჭიროთ? თვალი
დავხუჭოთ? გულხელი დავიკრიფოთ? მოვკვდით? აღარა ვართ? ჩვენი თავადაზნაურობა სამარცხვინო იუბილეებით აპირებს ქვეყნის გადარჩენას, მაგრამ ახლაც ნაცარში ჩაუვარდა კოვზი. უნივერსიტეტის
მაგივრად კიდევ ერთი სამხედრო სასწავლებელი მიიღო საჩუქრად,
ზარბაზნის ბოლში რომ გაახვიოს თავისი ნიჭი. ერთი და ორი და სამი! ერთი და ორი და სამი! ყოჩაღ, ქართველო თავადიშვილებო! ვემსახურებით ხელმწიფეს! ერთი და ორი და სამი!..” “გამიშვი ხელი!
ამისთვის მოვედით? ამისთვის წამომიყვანე?” – გაბრაზდა ქალი.
გაიწია კიდეც, მაგრამ კაცმა კიდევ უფრო მაგრად მიიზიდა. ქალს
სიბრაზისგან ტუჩები უცახცახებდა. “მე რასაც ვფიქრობ, იმას ვამბობ
და არავისი არ მეშინიაო”, – უთხრა კაცმა. სამაგიეროდ დიმიტრი შეშინდა უარესად. ვერ მიმხვდარიყო და ვერც ეკითხა (ვინ აცალა ლაპარაკი?), რა უნდოდა მისგან ამ უცნაურ ცოლქმარს. ვექილი რომ არ
სჭირდებოდათ, მაშინვე შეატყო. იქით დაუდგებოდნენ სხვას ვექილებად; მაგრამ, რა თქმა უნდა, არც იმის გასარკვევად იყვნენ მოსულები, თუ რატომ ერქვა ბათუმის თეატრს რკინის თეატრი. შინ იყო, საკუთარ ჭერქვეშ, მაგრამ მასპინძლისა არაფერი ეცხო. ისე იძაბებოდა, თითქოს ბოშები შემოვარდნოდნენ შინ, გინდა თუ არა, უნდა გიმარჩიელოთო; თითქოს რაღაცა უნდა ეთქვათ იმისთვის – შემზარავი, წარმოუდგენელი. იმასაც კი ფიქრობდა, მოგზავნილები ხომ არ
არიანო, მაგრამ თვითონვე რცხვენოდა ამგვარი მდაბალი ფიქრისა;
უნდობლობას ნამდვილად არ იმსახურებდნენ მისი უცნაური სტუმრები, მაგრამ ვერაფერი ზრდილობა გახლდათ, უცხო ხალხთან იმაზე
ლაპარაკი, რის გამოც, ადვილი შესაძლებელია, მთქმელსაც და გამგონებელსაც ციმბირი უკან დარჩენოდა. ესეც რომ არ იყოს, ბოლოს
და ბოლოს, ხომ უნდა გაემხილათ თავიანთი მოსვლის მიზეზი? ისინი
კი ერთმანეთს ეკინკლავებოდნენ, თითქოს სტუმრად კი არ იყვნენ,
სცენაზე თამაშობდნენ და დიმიტრისა და დარიას ისღა ევალებოდათ,
ასე პირდაღებულებს ეცქირათ იმათი თამაშისთვის. არც ისაა გამორიცხული, თავიანთი მღელვარების შესანიღბად იქცეოდნენ ასე, უფ25
რო სწორად, ასე გამოსდიოდათ, მაგრამ გინდაც მართლა ასე ყოფილიყო, რა შეღავათია დიმიტრისთვის? პირიქით, დიმიტრისაც სწორედ მათი ცუდად შენიღბული მღელვარება გადასდებოდა, გაურკვეველი, უსახელო, მისი არსებისთვის ყოვლად უცხო, მიუღებელი და
ამიტომაც, გაცილებით შემაწუხებელი, ვიდრე სხვა, საკუთარი, რაიმე
გარკვეული მიზეზით გამოწვეული მღელვარება. ოთახში ჰაერი
ჩაიხუთა. სუნთქვა ჭირდა. საგნებიც უჩვეულოდ დაძაბულნი, დაეჭვებულნი გამოიყურებოდნენ. უნებურად მამის სურათისკენ გააპარა
თვალი, თითქოს მკვდარი პოლიცმეისტერი დაიცავდა, თითქოს დაიფრენდა ამ დაუპატიჟებელ სტუმრებს, სტუმრებს კი არა, აკრძალული იდეების კონტრაბანდისტებს. დარია, დარიაო, – იყვირა უცებ,
გაცილებით ხმამაღლა, ვიდრე საჭირო იყო, ვიდრე გულდაჯერებულსა და ზურგმაგარ მასპინძელს შეეფერებოდა. დარიამ გაკვირვებულმა შეხედა, თითქოს ისიც ეს წუთია გამოერკვა რინდიდანო. სხვათა
შორის, ასედაც იყო. შეიძლება, ქმარზე მეტადაც დააბნია და ააღელვა იგი ამ მოულოდნელმა სტუმრებმა. დაინახა თუ არა თბილისელი
მსახიობი, უფრო ზუსტად, როგორც კი ხელები ასწია იმან, მაშინვე
მკვდარი მამა გაახსენდა რატომღაც; თუმცა, რაღა რატომღაც – გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა თბილისელი მსახიობი მამამისს. მამამისმაც ასე იცოდა ხელების აწევა, შორიდანვე რომ დანახვებოდა სარკმელთან მომლოდინე შვილს. ხელებაწეული მოდიოდა ქუჩაში და
სრულებითაც არ ენაღვლებოდა, მთელი ქუჩა რომ უყურებდა,
მხრებს რომ იჩეჩავდნენ მისი უცნაური საქციელით გაკვირვებული
გამვლელები. ხელებაწეული მოდიოდა ქუჩაში, თბილისელი მსახიობივით ლამაზი, ახოვანი, და სარკმლის მინაზე ცხვირმიჭყლეტილ
შვილს უღიმოდა. შვილსაც ეღიმებოდა და ისიც ხელებით ანიშნებდა
მამას, სირცხვილია, ხალხი გიყურებსო, თუმცა გული სიამაყითა და
სიხარულით ებერებოდა, ასეთი მამა რომ ჰყავდა, მისი ჭკუისა, მისი
ამყოლი, მისი გამგები, თითქოს ამხანაგი ბიჭი იყო და არა მამა, თანაც მეცნიერების ამომავალი ვარსკვლავი… და, რაც მთავარია, ასეთი აღგზნებული სახე ჰქონდა მამამისსაც იმ საზარელ დღეს. იმ საზა26
რელ დღეს მამას ხელები აღარ აუწევია შვილის დანახვისას; ერთი
წამით გამოხედა მხოლოდ, დაბნეულად, თითქოს შემთხვევით. და
ისევ ვიღაც მთვრალებს მიუბრუნდა. მთვრალები ჩია, გრძელწვერიანი მოხუცისკენ იწევდნენ, მაგრამ დარიამ მოგვიანებით შეამჩნია
იგი, მერე შეამჩნია, როცა მამამ თვალებგადმოკარკლულ მთვრალს
მკერდში ხელი უბიძგა, როცა დანარჩენი მთვრალები მამას მიესივნენ, ხოლო ის ჩია, გრძელწვერიანი მოხუცი მოკლე, სასაცილო ნაბიჯებით გაიქცა. დარია სწორედ იმ სასაცილო სირბილმა შეზარა; მაშინვე მიხვდა, რაღაც უბედურებაში იყო გახვეული მამამისი და იმ
უბედურებას გაურბოდა ასე სასაცილოდ ის ჩია, გრძელწვერიანი მოხუცი. მერე თვითონაც არ იცოდა, რას აკეთებდა, რას გაჰკიოდა, თავით გატანილ სარკმელში სანახევროდ გადაკიდული, ვიდრე ვიღაცები კარს შემოუმტვრევდნენ და ძალით ააგლეჯდნენ სარკმლის რაფას, შუშის ნამტვრევებივით ერთიანად დაბღორტნილსა და დასისხლიანებულს. სწორედ ამ დროს დაიყვირა დიმიტრიმ: დარია, დარიაო, და დარიამ გაკვირვებულმა შეხედა. სხვაგან იყო, ბავშვობაში,
ოდესაში… “ხილი მაინც მივართვათ სტუმრებს, არ ვათქმევინოთ, ეს
რა უცხვირპირო ხალხი ყოფილაო”, – სხაპასხუპით მოაყოლა დიმიტრიმ, თითქოს თავს იმართლებდა უხეშობისთვის, ცოლის ფიქრის
დაფრთხობისთვის, ანდა თითქოს უხაროდა, ბოლოს და ბოლოს, გამოსავალი რომ ეპოვნა საკუთარი ფიქრიდან. “ნუ წუხდებით. სხვა
დროს. ახლა ნამდვილად ვერ დავრჩებით. თეატრში გველოდებიან.
ჩათვალეთ, რომ უბრალოდ გაგეცანით. კარის მეზობლები ვართ
თითქმის, ხოლო ჰესიოდეს თუ დავუჯერებთ, ნათესავებზე მეტიც,
მაგრამ არც იმას დაგიმალავთ, უფრო ახლო მეზობლობა რომ გვინდოდა თქვენთან, თუკი, რა თქმა უნდა, თქვენს მყუდროებას არ დაარღვევდნენ ჩვენისთანა თავქარიანი მდგმურებიო”, – თქვა კაცმა.
დიმიტრის გულზე მოეშვა. ოთახში დაგუბებული ჰაერიც ერთბაშად
განიმუხტა. დაძაბული ხორცი სასიამოვნოდ გაეშალა. მაგრამ ახლა
იმან შეაწუხა, უარით რომ უნდა გაესტუმრებინა ეს ლამაზი, მართლაც რომ ბოშებივით მოურიდებელი და ხმაურიანი ხალხი. სხვა
27
რომ არაფერი, მშობლების ხსოვნას ვერ აკადრებდა, მდგმურები
გაეჩინა, მსახიობისგან ფული აეღო, როცა დედამისი თავად მსახიობობდა და უკანასკნელ ლუკმას გაუყოფდა მეორე მსახიობს, ფეხს
დაბანდა, მტლად დაედებოდა, როგორც წმინდანს, წამებულს,
მსხვერპლად შეწირულს. სირცხვილისგან საფლავში გადაბრუნდებოდა ალბათ თეატრის ქომაგი და თაყვანისმცემელი, თავმომწონედ
რომ იტყოდა ხოლმე, აქაურ ქართველებს მე გავუღვიძე სიამაყის
გრძნობაო. და მართლაც, დედამისს ნინოობის პირველი საღამო
რომ გაუმართავს ბათუმში და სხვა სახელოვან ხალხთან ერთად აკაკიც გამოუყვანია სცენაზე, უცხოელებს პირი დაუღიათ: ღმერთი ვიხილეთო. ქართველებმა აღარ იცოდნენ თურმე, როგორ გაბერილიყვნენ და გაბღენძილიყვნენ. სტუმრად, კი ბატონო, როდემდენაც უნდოდათ, ოთახს კი ვერ მიაქირავებდა, ვერავითარ შემთხვევაში;
ვერც იმას აკადრებდა, თქვენი ფული არ მინდაო; ბოლოს და ბოლოს, მსახიობები იყვნენ და არა უსახლკარო, მოხეტიალე ბოშები,
მაგრამ იმათაც უნდა გაეგოთ, არ უნდა გაემტყუნებინათ დიმიტრი და
კეთილ მეზობლებად დარჩენილიყვნენ მომავალშიც. “სხვათა შორის, დედაჩემიც მსახიობობდა. შეიძლება, გაგებულიც გქონდეთო”,
– მოაყოლა დარცხვენილმა. კაცმა გაიცინა და დიმიტრისთვისაც
რომ დაემტკიცებინა, არაფერი გითქვამს საწყენიო, ხუმრობით
დაემუქრა: არ დაგავიწყდეთ, თქვენი სამოთხე ხელისგულივით რომ
მოჩანს ჩვენი სარკმლიდანო, თვალებით შევჭამთ, თქვენიანათო.
სხვაც ბევრი ითქვა. ასე რომ, დარია ხილის გამოტანასაც მოასწრებდა და ხაჭაპურის გამოცხობასაც, მაგრამ არც ერთი აღარ დაფიქრებულა ამაზე. ოთხივე აღეგზნო ამ მართლაც უცნაურ გაცნობას. მოსულები თავიანთი “სითავხედისთვის” იხდიდნენ ბოდიშს; დამხვდურები
წუხდნენ, პირველსავე სათხოვარზე უარი რომ უნდა ეთქვათ და გაეწბილებინათ “ასეთი სასიამოვნო” მეზობლები. გულწრფელად სთხოვდნენ (რაღაი ახლა ასე მშვიდობიანად გადარჩენილიყვნენ), ხშირად
მოსულიყვნენ “დაუპატიჟებლადაც”, “თავისუფლად, თამამად, როგორც საკუთარ ოჯახში” (მერე კი იცემდა დიმიტრი თავში ხელს, მაგ28
რამ მერე რაღას გამოასწორებდა. “ამას ჰქვია სწორედ. ენაზე დამაბიო”, – გაიძახოდა გამწარებული, შუაღამისას მწვანე ჭიშკარი ქვანასროლი ძაღლივით რომ დაიწკავწკავებდა და თბილისელი მსახიობი “დაუპატიჟებლად” დაადგებოდა ხოლმე თავზე). თავაზიანობაში არც მოსულები ჩამორჩებოდნენ დამხვდურებს. კაცმა წინასწარ
დაპატიჟა ისინი თეატრში, ოღონდ ჯერჯერობით ზუსტად არ იცოდა,
როდის შედგებოდა წარმოდგენა, ან რას ითამაშებდა. მაგრამ როგორც კი დააზუსტებდა, მაშინვე შეატყობინებდათ და ბილეთებსაც
მოართმევდათ. “ან კეისარს ვითამაშებ, ან კაი გრაკხს, ან ურიელს,
ან ხიმშიაშვილს. შეიძლება, ჰამლეტსაც, – თქვა კაცმა და უცებ, თითქოს ზნემ წამოუარაო, თვალები გადაატრიალა, სახეზე მკვდრის ფერი დაედო, ცოლი ახლა ორივე ხელით მიიხუტა გულზე და სრულიად
სხვა, იმქვეყნიური, არაადამიანური ხმით გააგრძელა: ნუ იზამ იმას,
რაც მე გითხარ, რაც დაგარიგე. დეე, იმ მეფემ გარყვნილ საწოლს
კვლავ მიგიტყუოს. გადგისვას ხელი მაგ ლოყებზე, მოგეალერსოს;
მაშინ შენ იმის უწმინდურსა, მხურვალე კოცნას და დაწყევლილის
თითებითა გაფუფუნებას შესწირავ ჩემსა საიდუმლოს, ყველას გაუმხელ, ეტყვი, რომ გიჟი კი არა ვარ, ვიგონებ მხოლოდ. კარგი იქნება,
ყველაფერი გამოამჟღავნო, ან ვით შეჰფერის შენებრ ლამაზს, ჭკვიან დედოფალს, მას დაუმალოს ესოდენი მძიმე საქმენი… მას, იმ ღამურას, ქვემძრომ ჯოჯოს, ქეციან კატას”. “ბრავო, ბრავო, ბრავოო!” –
ტაში დაუკრა წეღანდელზე არანაკლებ დამფრთხალმა და დაბნეულმა დიმიტრიმ. დარიას თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. “საცოდავებიო”, – თქვა ბოლოს. თუმცა, ეს რომ თქვა, სტუმრები უკვე კარგა
ხნის წასულები იყვნენ, თავად კი ისევ მაგიდასთან იდგა, დანამულ
თეთრეულზე ხელებდაწყობილი. დიმიტრიმ მოუყრუა. არადა, ძალიან გააკვირვა დარიას ნათქვამმა, გააკვირვა და რაღაცნაირად შეაწუხა კიდეც, თითქოს დარია ქმარს კიცხავდა შეფარულად, რადგან დიმიტრის აზრით, სტუმრებს არაფერი სჭირდათ შესაცოდი. პირიქით,
ეჭვიც არ ეპარებოდა, ვერავინ და ვერაფერი აღუდგებოდა წინ იმათ
ნებასურვილს; ხოლო თუ მაინცდამაინც ბინაზე იყო საქმე, ამასაც
29
მოაბამდნენ თავს. ჯერ ახალი ჩამოსულები იყვნენ, ახლა იწყებდნენ
ცხოვრებას და არაფერი დაშავდებოდა, ცოტა ხანს თუ გაიჭირვებდნენ. რაც მთავარია, წვიმა არ დასდიოდათ თავზე; ბოლოს და ბოლოს, თავშესაფარი კი არ უთხოვიათ, უკეთესს დაეძებდნენ; გიჟისა
არ იყოს, სხვისი სახლი ერჩიათ თავისას. პირველად არ დამთხვეოდა მისი და დარიას აზრი ერთმანეთს და დიმიტრი, ცოტა არ
იყოს, განაწყენებული სცემდა ბოლთას, მაგრამ დარიამ რომ სთხოვა, ზეწარი გამაჭიმინეო, გაუხარდა კიდეც, რადგან, მარტო დარჩენილი, ძალაუნებურად ისევ სტუმრებზე ფიქრობდა, როგორც მგრძნობიარე მაყურებელი უკვე დამთავრებული, მაგრამ მძიმე, დაძაბული
წარმოდგენის გმირებზე. მაშინვე ჩამოართვა ზეწრის ბოლო და ათრთოლებული თითებით მოჭმუჭნა. მეორე ბოლო დარიას ეჭირა და
ელოდებოდა. ცოლქმარს შორის გაბმული, მობოშებული ზეწარი
ოდნავ ირწეოდა ჰაერში, ცარიელი ჰამაკივით, თითქოს ეს წუთია ვიღაც წამომდგარიყო იქიდან, ვიღაც მესამე, რომელსაც მათი ბედი
ეკითხებოდა. უცებ ისეთი სევდა შემოაწვა დიმიტრის გულზე, ისე
შეეცოდა ცოლიცა და საკუთარი თავიც, თითქოს უფსკრულის სხვადასხვა მხარეს იდგნენ ისინი და ამ დაჭმუჭნული ზეწრითღა უკავშირდებოდნენ ერთმანეთს; თითქოს საკმარისი იქნებოდა, რომელიმე
მათგანს ზეწრისთვის ხელი გაეშვა, სამუდამოდ მოსწყდებოდნენ, სამუდამოდ დაკარგავდნენ ერთმანეთს და არარაობის, არარსებობის
თვალჩაუწვდენელ უფსკრულში ჩაინთქმებოდნენ. გაუბედავად,
ფრთხილად მოქაჩა ზეწრის ბოლო და იგრძნო, როგორ დაიძაბა,
როგორ გაუძალიანდა ცოლის სხეული უფსკრულს გადაღმა. რაღას
უცდიო – თვალებით ჰკითხა დარიამ, ხოლო დიმიტრიმ ახლა ისე
მძლავრად დაიქნია ზეწარი, უნებურად წინ წამოვარდნილი დარია
მკლავებში მოიმწყვდია. დარიამ გაკვირვებული, დაბნეული თვალებით ამოხედა. “როგორა ხარ, დარიაო” – მიესიყვარულა დიმიტრი,
მაგრამ საკუთარმა ხმამ შეაკრთო, ნერწყვის ჩაყლაპვა გაუჭირდა და
სასწრაფოდ აარიდა თვალი. ნიკაპი თავზე ჩამოადო და გაილურსა.
შემცბარი, აფორიაქებული უსმენდა, როგორ სცემდა დარიას გული,
30
სადღაც, ძალიან ახლოს, ლამის მის არსებაში. ისეთი გაფაციცებული
უსმენდა, თითქოს ბავშვს პირველად მიედო ყურზე მამის საათი, და
მართლაც, ერთი წამით, შორეულმა, ბავშვობის დროინდელმა მოგონებებმა გაიელვა მის გონებაში: ხელში დაჭრილმა ოფიცერმა, აჟრიამულებულმა სტუმრებმა, ატკაცუნებულმა სანთლებმა… მაგრამ
ერთი წამით. ახლა წარსულისთვის არ ეცალა. ამდენი ხნის ქმარი
იყო და აქამდე არ იცოდა, ასეთი თბილი, ასეთი გამაბრუებელი სურნელი თუ ჰქონდა მის ცოლს; ასეთი ნაზი, სულისშემძვრელად დრეკადი ნეკნები… მეორე წუთას გაშმაგებული კოცნიდა დარიას ცრემლიან თვალებს, ლოყებს, ტუჩებს, თმას… ზეწარი უშლიდა, ზეწარში იყვნენ გაბლანდულნი ორივენი და ერთად, ზეწრიანად მიჰქროდნენ
თვალჩაუწვდენელ უფსკრულში, ოღონდ იქამდე განუცდელი, იქამდე
მათთვის არარსებული თავდავიწყების, შვებისა და ნეტარების უფსკრულში. “დიმიტრი, დიმიტრი!” – აფხიზლებდა, აფრთხილებდა ცოლი, მაგრამ დიმიტრის ვეღარაფერი შეაკავებდა; ბოლომდე, სულიანხორციანად, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ჩაცლილიყო
ნეტარების უფსკრულში. მსგავსიც არაფერი განუცდია აქამდე; არასოდეს არ უგრძვნია ასე ცხადად საკუთარი მამაკაცობა, საკუთარი
სხეული, ცოლის სხეულს შერწყმული, შედუღებული; არასოდეს არ
ყოფილა ასეთი გულწრფელი, ასეთი გულუხვი, ასეთი თამამი; არასოდეს არ გაუცია და არასოდეს არ მიუღია სანაცვლოდ ამგვარი წყალობა, ჯილდო, მადლი… არასოდეს. არასოდეს… დარია!
ცხრა თვის მერე ნატო მოევლინა ქვეყანას – ორი წყვილი ცოლქმარის ნაშიერი, რამდენადაც გარკვეული თვალსაზრისით, ახალ მეზობლებსაც მიუძღვოდათ წვლილი მის გაჩენაში, რის გამოც, სხვათა
შორის, მადლობის მეტს არაფერს იმსახურებდნენ ისინი არც ნატოს
კანონიერი მშობლებისგან და არც ნატოსგან, რაც არ უნდა მკაცრი,
დაუნდობელი და შეუფერებელი ყოფილიყო ქვეყანა ნებისმიერი ახალი სიცოცხლისთვის, რადგან სიცოცხლე თავისთავად უკვე დიდი
მადლია და ერთნაირად ძვირფასია – ბედნიერებით გაგაუბედურებს
თუ უბედურებით გაზიარებს ბედნიერებას. მაგრამ, სამწუხაროდ, თა31
ვად წაუვიდათ ცუდად საქმე: თითქოს სამუდამოდ აპირებდნენ ბათუმში დარჩენას, მაგრამ ქალმა სამი თვეც ვერ გაუძლო აქაურობას,
უფრო სწორად – თავისი ქმრის სისულელეებს, და უკანვე გაიქცა.
თუმცა გასაკვირი ის იქნებოდა, ასე თუ არ მოიქცეოდა, მკერდს
მოიშიშვლებდა, კომუნარი ქალივით, და ჩიტირეკია ქმარს გვერდში
ამოუდგებოდა ბარიკადზე. ქალს თავისი ოჯახი, თავისი ბუდე უნდა
და არა ჩხუბი და აყალმაყალი. ხოლო იმისი მეუღლე სულ იმაზე ფიქრობდა, კიდევ რა მოვიგონო ისეთი, უარესად რომ გადავრიო ხალხიო. მეფეს ებრძოდა, ტახტის დამხობას აპირებდა, დიდება აუვარდა
თავში და მსახიობობა აღარ აკმაყოფილებდა, გმირის გვირგვინს
ელტვოდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, აღწევდა კიდეც თავის მიზანს,
რადგან ხალხს სეირი ურჩევნია ყველაფერს და ვინც სეირს გაუმართავს, იმისი გმირიც ის არის. ცოლის გაქცევამ ხომ კიდევ უფრო განადიდა მისი სახელი, კიდევ ერთი ეკალი მიუმატა იმის გვირგვინს,
თითქოს რაკი მსახიობი იყო, თანაც სახელოვანი, არ შეიძლებოდა
ჩვეულებრივი ცხოვრებით ეცხოვრა: ოჯახი ჰქონოდა, ბავშვი გაეზარდა, თავის დროზე დაეძინა, თავის დროზე ესადილა, ფული ყაირათიანად დაეხარჯა და შავ დღეზეც ეფიქრა. მოკლედ, ისეთივე ყოფილიყო, როგორიც მისი თაყვანისმცემლები, მისი განმადიდებლები
იყვნენ, ჩვეულებრივები, შეგუებულნი ჩვეულებრივობას, რის სანაცვლოდაც თავიანთი ჩვეულებრივი სიხარბით, სიმკაცრითა და აღტკინებით განუწყვეტელ სეირს მოითხოვდნენ არაჩვეულებრივისგან,
რჩეულისგან; არა – კიდევ უარესი – სეირს კი არა, სისხლს, თავგანწირვას, ეშაფოტზე ასვლას, მათი სახელით, მათი გულისთვის, და
ისიც ადიოდა, დღითი დღე, განუწყვეტლივ, ნაბიჯნაბიჯ, რადგან სხვანაირად აღარც იმას შეეძლო, აღარც იმას ჰქონდა უკან დასახევი გზა,
რამდენადაც უკვე ნაგემი ჰქონდა დიდების შხამი. ამიტომ, ყველაზე
ნაკლებად საკუთარ თავს ეკუთვნოდა და როგორც არ უნდა მოენდომებინა, მაინც ვეღარ მოიქცეოდა ისე, როგორც მარტო თვითონ უნდოდა. სცენაზე თუ ქუჩაში, განუწყვეტლივ გრძნობდა მაყურებლის
თვალს და მისი ყოველი სიტყვა, მისი ყოველი ნაბიჯი საერთო გან32
სჯის საგანი ხდებოდა. ყველამ იცოდა: ნავებზე რომ ექეიფა შუაღამისას ზღვაში, მაგიდაზე რომ ეცეკვა რესტორან “ფრანციაში”, დუელში
რომ გამოეწვია ვიღაც პორუჩიკი, მსახიობი ქალის შეურაცხყოფისთვის, მაგრამ ცოტანი თუ ფიქრობდნენ იმაზე, რა უჯდებოდა დიდება,
რისი გადატანა უხდებოდა, რას უძლებდა და ითმენდა თავის გამოყრუებულ ოთახში, სადაც, ყველა სიკეთესთან ერთად, გაქცეული ცოლის აჩრდილიც არანაკლებ უწყალებდა ალბათ სისხლს. ერთადერთი ადგილი (როგორც თვითონვე ამბობდა), სადაც, ასე თუ ისე, კიდევ შეეძლო საკუთარი სახის დაბრუნება, სულის მოთქმა, გულის
გახსნა – ისევ დიმიტრის ოჯახი იყო, თუმცა გაქცეული ცოლის ხსენებას იქაც ერიდებოდა, არც იქ იყო ბოლომდე გულწრფელი, მაგრამ
დიმიტრი და დარია უთქმელადაც ხვდებოდნენ, გაქცეულ ცოლზე წუხილსაც რომ მოჰყავდა იმათთან იგი, დაკარგულ სამოთხესავით
რომ ელტვოდა იქაურობას, ბრმად, ალალბედზე, რის გამოც, მეტნაკლებად, თვითონაც დამნაშავეებად გრძნობდნენ თავს მის წინაშე (ისევ თავიანთი სიკეთისა თუ სისულელის გამო) და დანაშაულის ეს
გრძნობა აიძულებდათ ალბათ, უსიტყვოდ, უსასრულოდ მოეთმინათ
იმისი მოულოდნელი და, ცოტა არ იყოს, თავხედური გამოცხადებები. შუაღამისას, ქვანასროლი ძაღლივით რომ დაიწკავწკავებდა ჭიშკარი, აღარც კი ეკითხებოდნენ ერთმანეთს, ვინ შეიძლება იყოს ასე
გვიანო, და ფაცაფუცით იცვამდნენ, ფეხზე რომ დახვედროდნენ თავიანთ მარადიულ სტუმარს, ბედისწერასავით გარდაუვალს, მოუშორებელს. გათენებამდე იჯდა ხოლმე დიდ ოთახში, ფეხი ფეხზე გადადებული, ოჯახურ სითბოს, სიმყუდროვეს დანატრებული, ხან დასაკლავი პირუტყვივით სევდიანი, აწრიალებული, ხან კი – ქარივით დაუდგრომელი, დაუოკებელი. მაგრამ ყველაფერს აიტანდა კაცი, და
თავად თბილისელი მსახიობისთვისაც აჯობებდა, მხოლოდ მსახიობი
რომ ყოფილიყო და მსახიობის დიდებით დაკმაყოფილებულიყო.
მსახიობი მართლაც დიდებული გახლდათ, ცალ მუხლზე რომ დაიჩოქებდა და ხმაათრთოლებული დაიწყებდა: დედაო ღვთისა, ეს ქვეყანა
შენი ხვედრიაო, რა დასამალია და, დიმიტრისაც ჟრუანტელი დაუვ33
ლიდა ხოლმე ტანში. მაგრამ გრძნობების აყოლა სცენაზეა კარგი და
არა პოლიტიკაში. პოლიტიკაში საკმაოდ მოიკოჭლებდა, სტუდენტივით მსჯელობდა, “კავკასიელთა წრის” წევრებს ახსენებდა დიმიტრის, იმათ იცოდნენ ასე, რაღაცას მოჰკრავდნენ ყურს და ეგონათ,
მარტო ჩვენ გვხვდა ამგვარი პატივიო; ნათხოვარი წიგნის ორ
გვერდს წაიკითხავდნენ ძილის წინ და მეორე დღეს თავს გადაგჭამდნენ. კი ბატონო, ქვეყნის ხსნა კეთილშობილური საქმეა, მაგრამ გზა
ხსნისა მრავალნაირია; ამიტომ, ადვილი შესაძლებელია, არც შენი
მოსაზრება აღმოჩნდეს ერთადერთი. მეფის სიკვდილი მეფეს შობს.
“ვინც მეფეს ებრძვის, ისიც მეფეაო” – იტყოდა ხოლმე თბილისელი
მსახიობი და მაშინვე პიანინოს მიუჯდებოდა, თითქოს დიმიტრის დაეწყო ამ თემაზე საუბარი და არა თვითონ. დიმიტრის კი, უკვე აშლოდა ლაპარაკის საღერღელი და თავს ვეღარ ერეოდა. “დიახ, მარადიულია თესლი მეფობისა! – ლამის ყვიროდა გაბრაზებული. – მარადიულია, რადგან სულერთია იმისთვის, ვის სულში აღმოცენდება:
მებაღისა, მეჯინიბისა, კაპრალისა თუ მსახიობისაო”. თბილისელი
მსახიობი კი, პიანინოზე უკრავდა, თითქოს დიმიტრის ჯიბრით, დიმიტრის გასაბრაზებლად, და მიზანსაც აღწევდა. დიმიტრის აზრით,
მეფის (გინდაც მეფეთა) მოსპობით, ისევე არ ისპობოდა მეფობა, როგორც ყანის აღებით პური. “ხოლო რაც შეეხება “გმირს”, ანდა როგორც თქვენ უწოდებთ, “ქვეყნის მხსნელს”, მე თუ მკითხავთ, შემთხვევითი, არაკანონზომიერი მოვლენაა; გამწარებული ხალხი წამოისვრის ხოლმე, უცენზურო სიტყვასავით, რაც მერე თავადვე უხდება სანანებლადო” – ამბობდა დიმიტრი, მაგრამ თბილისელ მსახიობს არც ესმოდა მისი ნალაპარაკევი, პიანინოსთან იჯდა და თავაღერილი მღეროდა: მოვა ჩემი საყვარელი, მე დავხვდები თავშიშველი,
ლა, ლა, ლა ლა… მერე უცებ, ყველასათვის მოულოდნელად, გაჩუმდებოდა, თითები კლავიშებზე შეეყინებოდა და როდისროდის იტყოდა: რასაც შენ ამბობ, ჩემო დიმიტრი, პირწავარდნილი ქართული ფილოსოფიაა, ქართული ბედოვლათობის გასამართლებლად გამოგონილიო. ასე იყო თითქმის ყოველ ღამე. მაგრამ, ადრე თუ გვიან, მა34
ინც იცრიცებოდა წყვდიადი. ჯერ აქაიქ, გაუბედავად, თითქოს ხმების
მოსასინჯად, აჟივჟივდებოდნენ ჩიტები; მეთევზეები თავიანთ ნავებთან აფუსფუსდებოდნენ, აჩქარდებოდნენ, ხელიდან რომ არ გაეშვათ
დილის თევზი. ცხენების სადგომიდან თბილი ჩონჩორიკის სასიამოვნო სუნი გამოდიოდა. ხვიხვინფრუტუნით იღვიძებდნენ ზეზეურად
მძინარე ცხენები. ყრუდ აბაკუნებდნენ ფლოქვებს ნამჯით მოფენილ
მიწაზე. ბარცხანიდან, კახაბერიდან, ჭაობიდან გუნდგუნდად მოისწრაფოდნენ მუშები თავიანთი ქარხნებისკენ. ნელნელა, თანდათანობით გამოდიოდა ქალაქი წყვდიადიდან, როგორც ნაყოფი საშოდან. ინაკვთებოდნენ, იკვეთებოდნენ სახლები, პორტში გალურსული
გემები. მხრებზე ხალათმოგდებულ მეძავს ლამის მუჯლუგუნებით
You have read 1 text from Georgian literature.
Next - რკინის თეატრი - 03
  • Parts
  • რკინის თეატრი - 01
    Total number of words is 3567
    Total number of unique words is 2235
    27.2 of words are in the 2000 most common words
    40.1 of words are in the 5000 most common words
    47.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 02
    Total number of words is 3649
    Total number of unique words is 2108
    32.5 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 03
    Total number of words is 3652
    Total number of unique words is 1981
    30.6 of words are in the 2000 most common words
    44.7 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 04
    Total number of words is 3630
    Total number of unique words is 2200
    28.9 of words are in the 2000 most common words
    42.7 of words are in the 5000 most common words
    49.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 05
    Total number of words is 3716
    Total number of unique words is 2058
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.0 of words are in the 5000 most common words
    53.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 06
    Total number of words is 3622
    Total number of unique words is 2149
    28.8 of words are in the 2000 most common words
    42.0 of words are in the 5000 most common words
    49.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 07
    Total number of words is 3490
    Total number of unique words is 2291
    24.7 of words are in the 2000 most common words
    35.7 of words are in the 5000 most common words
    42.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 08
    Total number of words is 3728
    Total number of unique words is 2153
    32.6 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 09
    Total number of words is 3681
    Total number of unique words is 2089
    29.8 of words are in the 2000 most common words
    43.2 of words are in the 5000 most common words
    50.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 10
    Total number of words is 3699
    Total number of unique words is 2033
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 11
    Total number of words is 3712
    Total number of unique words is 2117
    29.5 of words are in the 2000 most common words
    41.7 of words are in the 5000 most common words
    49.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 12
    Total number of words is 3745
    Total number of unique words is 2075
    32.3 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    53.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 13
    Total number of words is 3683
    Total number of unique words is 2087
    30.9 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 14
    Total number of words is 3744
    Total number of unique words is 2095
    30.8 of words are in the 2000 most common words
    44.6 of words are in the 5000 most common words
    53.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 15
    Total number of words is 3682
    Total number of unique words is 2082
    31.6 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    54.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 16
    Total number of words is 3641
    Total number of unique words is 1987
    29.7 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    53.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 17
    Total number of words is 3761
    Total number of unique words is 2000
    31.4 of words are in the 2000 most common words
    45.3 of words are in the 5000 most common words
    52.9 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 18
    Total number of words is 3656
    Total number of unique words is 2118
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.8 of words are in the 5000 most common words
    52.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 19
    Total number of words is 3664
    Total number of unique words is 2010
    32.0 of words are in the 2000 most common words
    47.1 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 20
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 2042
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.4 of words are in the 5000 most common words
    53.6 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 21
    Total number of words is 3667
    Total number of unique words is 1947
    32.4 of words are in the 2000 most common words
    46.8 of words are in the 5000 most common words
    55.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 22
    Total number of words is 3663
    Total number of unique words is 2089
    31.9 of words are in the 2000 most common words
    45.6 of words are in the 5000 most common words
    54.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 23
    Total number of words is 3714
    Total number of unique words is 1946
    31.5 of words are in the 2000 most common words
    45.8 of words are in the 5000 most common words
    54.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 24
    Total number of words is 3727
    Total number of unique words is 2061
    30.7 of words are in the 2000 most common words
    43.3 of words are in the 5000 most common words
    51.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 25
    Total number of words is 3765
    Total number of unique words is 2022
    31.9 of words are in the 2000 most common words
    46.3 of words are in the 5000 most common words
    54.7 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 26
    Total number of words is 3740
    Total number of unique words is 2080
    31.0 of words are in the 2000 most common words
    44.3 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 27
    Total number of words is 3737
    Total number of unique words is 2107
    31.3 of words are in the 2000 most common words
    44.9 of words are in the 5000 most common words
    51.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • რკინის თეატრი - 28
    Total number of words is 3256
    Total number of unique words is 1894
    30.5 of words are in the 2000 most common words
    44.1 of words are in the 5000 most common words
    52.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.