Latin

ოთარაანთ-ქვრივი - 3

Total number of words is 3706
Total number of unique words is 1942
24.2 of words are in the 2000 most common words
34.6 of words are in the 5000 most common words
39.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ფეხთმდგომელას ოთარაანთ ქვრივს თავი ძირს ჩამოუვარდა
დამბლასავით, თითქო კისრის ძარღვი გაუწყდა, ვეღარ შეიმაგრა და
ნიკაპით გულზედ დასაბჯენად-ღა დაეკიდაო.
— ჩემგან მიდის და პატარა ნაღველიც უკან არ ახედებს... განა აქ არა
დაჰრჩა-რა!.. სხვაგან მიდის და სიხარული მარტო წინ აყურებინებს… განა
ყველაფერი იქ არის, სულ ყველაფერი!.. — დაიკვნესა ხელახლად დედის
გულმა.
ამის თქმაზედ ოთარაანთ ქვრივმა კაბის სახელო წამოიწია და მთელი
მკლავი დაჭიმულ სახელოთი მოისო თვალებზედ.
თითონაც არ იცოდა, — რადა ჰქმნა ესე. ეს უნებურად, უცოდნელად
მოუვიდა. ხელმა თავისთავად დაასწრო, მინამ გული ცრემლს
წამოჰღვრიდა. თითქო ხელი არ დაეკითხა გულს, — არ დამაგვიანოს, არ
დამიშალოსო.
ოთარაანთ ქვრივს თვალში ცრემლი არ უჩანდა!.. განა აქვს კი ცრემლი
ცეცხლმოკიდებულ გულსა?!
ჩამოჯდა ოთარაანთ ქვრივი დერეფნის დირეზედ. ჩაჰკიდა კვლავაც თავი
და ორისავე იდაყვით მუხლების თავზედ დაებჯინა.
ოთარაანთ ქვრივი ფიქრმა წაიღო...
— დედა-შვილობაში შენ-ჩემობა რად არის? — ჰკითხა ოთარაანთ ქვრივმა
თავისთავსა. — დედა-შვილობაში ორი თვალი რად უნდა იყოს? ნეტა
დედას სხვასავით მაინც ორი თვალი არა ჰქონოდა... თუ აქვს, რად უჭრის
ერთი თავისად, მეორე შვილისად? გული რად იხედება გარეთ ორის
თვალითა, რად? — რატომ ერთი თვალი არ ებრმავის, როცა მეორე
იყურება?.. ვინ ვისთვისაო, — რა საკითხავია დედა-შვილობაში?.. ვაი რომ
საკითხავი ყოფილა! ამის ჭიდილია თურმე დედა-შვილობაცა!..
დიდხანს იტრიალა ამ ფიქრების მორევში გულმა და გონებამ ოთარაანთ
ქვრივისამ. მერე თითქო რაღაც ხიდი გაიდოვო მორევიდამ
გამოსასვლელად, წამოდგა ფეხზედ და ხმამაღლა სთქვა:
— არა, შვილო!.. შენ გაიხარე, შენ!.. მე კი... მე კი... მე ჩემისად მაყურებელს
თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებელით-ღა ვივლი და
ვიცოცხლებ...
XII
უეცარი წკიპურტი.
გიორგი მოჯამაგირედ დადგა. პირველს დღესვე არჩილმა ვენახში წაიყვანა
გიორგი. არჩილი ახალს ვენახს აშენებდა და უნდოდა მიწა ჭანდრაკის
ფიცარსავით უჯრა-უჯრა დაეყო და ისე მოერიგებინა ვაზი მწკრივად და
ლარზედ. ორი ჭრა კიდეც გაეკეთებინა ასე და ვაზის რქა ჩაეყარა. ძალიან
მოსწონდა არჩილს ესე უჯრა-უჯრა ჩარიგებული ვაზი. გიორგის რომ
დაანახვა ეს თავისი ახალშენი, თავმოწონებით უთხრა:
— როგორ მოგწონს? ერთი შეჰხედე გინდა აქედამ, გინდა იქიდამ, სულ
ლარსა და მწკრივზეა ჩარიგებული.
— ეგრე ჩარიგება ვაზისა კარგია: მზე და ნიავი თანაბრად დაუვლის
ყველგან. ამას წინად, — სამი-ოთხი წელიწადი იქნება, — გავიგე, რომ
კახეთში ეგრე უკეთებია ვენახი ერთს თავადიშვილს. გული არ დამიდგა,
მინამ არ წავედი და არა ვნახე. ვნახე და მომეწონა. საკეთებლადაც უფრო
სამხროა. კარგია ეგრე.
— ძლივს ერთი კაცი არა ვნახე ამ სოფელში, რომ მომიწონა ნაკეთები.
— ნაკეთებს კი ვერც მე მოგიწონებ.
არჩილი შეჰფიცხდა და აიტკიცა.
— რატომ, ბიჭო?
— იმიტომ, რომ აქ ფერდობია...
— ვაი შენ, ჩემო თავო! — გააწყვეტინა სიტყვა არჩილმა, — შენც ბევრი არა
გცოდნია-რა, ჩემო გიორგი. ბიჭო-და, საქმე ის არის, რომ ფერდობია და
მზის-გული ფერდობიცა.
— განა მაგას ვიწუნებ? მზის-გულ ფერდობს რა სჯობია ვენახისათვის!..
— მაშ რას ამბობ?
— აქ ჩვენში ხომ ნამი არ იცის, როგორც კახეთში, და მშრალი მიწაც არის.
ჩვენში ვაზს რწყვა უნდა. რაც გინდ მაგრად იდგეს კაცი, წელიწადში
ერთხელ მაინც უნდა მოახვედროს ვენახს წყალი, თორემ ვაზი ვერ
მოიხდენს. პირველში ხომ კარგა წყალს მოინდომებს და მოინდომებს,
მინამ რქა იხეირებს.
— მერე რა გინდა სთქვა?
— მერე ისა, რომ ეგრე სისწვრივ ვაზი რომ ჩაგიყრია ამ ფერდობის გარდიგარდმოდ, როგორ-ღა მოატარებ ვაზებში წყალსა. წყალი აღმა ხომ ვერ
ივლის?
— მაშ, შენის ფიქრით, ლარი აღმა-დაღმით უნდა დაგვეჭირა თავ-თავქვესაკენ, რომ ზემოდან ქვევით ედინა წყალს!
— წყალი მაშინ, რა თქმა უნდა, კარგად ივლიდა, მაგრამ არც ეგ ივარგებდა.
წყალი რუისა, თუ ნიაღვრისა, მაღლიდამ დაქანებული, ზემოდამ სულ
ქვევით ჩაიტანდა მიწას, ჩაჰრეცხდა ვენახსა, ზემო-პირის ვაზს სულ ძირს
გამოუხრამავდა.
— მაშ როგორ უნდა ყოფილიყო?
— ეგრევ, მაგრამ ლარი სწორეზე კი არ უნდა წაგეღო, ცოტა გეზად უნდა
დაგეჭირა, რომ წყალს საკმარისი თავ-თავ-ქვე ჰქონოდა და მიწაც ზევიდამ
ქვევით არ ეზიდნა. აგერ რუიც ხომ მარტო გარდი-გარდმოდ ემხრობა ამ
ახალშენსა! აქედამ ცოტა გეზ-გეზად თუ არ წავიდა თავ-თავ-ქვესაკენ, სხვა
გზით წყალს ვენახი არ მოიხდენს. ეხლა კი წყალს ავალა პირაღმა აქვს.
როგორ უნდა იდინოს? აბა გაიხედე!..
არჩილმა გაჰხედა-გამოჰხედა, ხან აქედამ გაუსისწვრივა თვალი, ხან
იქიდამ, ხან აქედამ მოუდგა, ხან იქიდამ და იმისთანა ვერა იპოვა-რა, რომ
ხელი ჩაეკიდნა და გიორგი გაემტყუნებინა.
— ბატონო-და, მაგას რა დიდი ამბავი უნდა, — უთხრა გიორგიმ, რაკი
შეამცნია, რომ არჩილი ჰო-არაობაშია. — აი, თუნდა ეხლავ მოვუგდებ
წყალს და მაშინაც არ გამოჩნდება!
— საჭირო არ არის. შენ მართალი ხარ, ჩემო გიორგი! კიდევ კარგია, — ეხლა
დროზედ შემომესწარ, ჯერ მინამ მარტო ორი ჭრა ჩამიყრია და გასწორება
ადვილია, თორემ, შენი მტერი!.. აქაურს გლეხკაცობას სიცილად არ
ვეყოფოდი, თუნდ ხარჯსაც აღარ შევშინებოდი.
არჩილი შინ ამოვიდა და ყველაფერი თავის დას უამბო. ბევრი იცინა დამ,
რომ არჩილს ესეთი უეცარი წკიპურტი მოჰხვედრია.
— ეგ რა მოგსვლია?! — ჰკითხა კესომ და გულიანად ჩაიხარხარა.
ჩაიხარხარა, მაგრამ წყენა დაცინებისა მოატკბო და-ძმურის სიყვარულის
კილომა: — ეგ რა მოგსვლია?
— ის, ჩემო კარგო, რაც თავმოწონებულს არ-ცოდნას მოსდის ხოლმე
ყოველთვის. ამოვიკითხავთ წიგნებიდამ რაღაცას და გვგონია, — ეს-ეს არის
ქვეყნის ღერძს ხელი ჩვენ ჩავკიდეთო. ქვეყანაზედ ბევრი რამ არის
უწიგნოდაც ნასწავლი, ამაებსაც ცოდნა უნდა. ჩვენ კი აღარც იქით
ვიხედებით, აღარც აქეთ. რაკი წიგნი ხელთ გვიპყრია. თითქო ჭკუა, თუ არ
წიგნში, სხვაგან აღარსად იყოს.
— შენა და წიგნების ეგრე აბუჩად აგდება?
— მე აბუჩად წიგნებს კი არა, ჩემს თავს ვიგდებ: არც უწიგნობა ვარგა და
არც მარტო წიგნებიდამ გამოხედვა. უწიგნოდ თვალთახედვის ისარი
მოკლეა და მარტო წიგნითაც საკმაოდ გრძელი არ არის. უკადრისობად
მიგვაჩნია ჭკუა უწიგნო ტყაპუჭ-ქვეშაც ვიგულვოთ. ჩვენ ვთაკილობთ და არა
გვჯერა, რომ ყველა გონიერი კაცი იგივ წიგნია. ყველა გონიერი კაცი, თუნდა
უწიგნოც, ზოგჯერ მწიგნობარისათვისაც კი ოსტატია. ეს ტყუილი თაკილი...
— ტყუილმა ბრძნობამ იცის, — დაატანა კესომ და ჩამოართვა სიტყვა
ღიმილით.
— და უვიცობის ცუდმედიდობამ!.. — დაუმატა არჩილმა.
XIII
ახალი ცოცხი კარგად ჰგვის!..
ამისი თქმა ძლივ გაათავა არჩილმა, რომ ოთახში ერთი ყვირილი და
ხმაურობა შემოესმათ. არჩილი მაშინვე გარეთ გავარდა და მუაჯრიდამ
გადასძახა ჩალურიდამ გამოცვივნულ მოსამსახურეებს:
— ეს რა ყვირილ-ღრიალია?
— რა მოგახსენოთ? თავლიდამ მოდის, — უპასუხა ვიღაცამ.
— ერთი შემიტყვეთ, რა ამბავია?
მინამ ერთ-ერთი ვინმე წავიდოდა, თავლიდამ გამოჰრბოდა კიდეც
მეჯინიბე, ვიღასაც მხარ-უკუღმა მუშტს უღერებდა, იმუქრებოდა,
მოილანძღებოდა.
— ბატონო, ეს რა ღვთის წყრომაა? — შემოსძახა ქვევიდამ მეჯინიბემ,
მუაჯარზედ გადმომდგარს არჩილსა. — ეს ვიღაც ოხერ-ტიალი მოთრეულა,
თავ-პირი აღარ შემარჩინა ცემითა.
— ვინ ოხერ-ტიალი?
— აი, ეს ახალი მოჯამაგირე.
— გიორგი?
— ეშმაკმა იცის იმისი თავი და ტანი, გიორგია თუ ვიღაცა.
— მერე რა იყო?
— რაღა რა იყო?!. თქვენ რომ ვენახიდამ მობძანდით, თქვეს ცხენს მოვხადე
და დავაბი. ისიც ხომ თქვენ ფეხ-და-ფეხ მოგყვათ. შემოვიდა თავლაში,
ჩხუბი დამიწყო, გამლანძღა, გავლანძღე და მერე ამომიდო ქვეშ და ისე
გამხადა, რომ ნეკნები ჩემი აღარ არის.
— აბა ერთი გიორგის დამიძახეთ, — უბრძანა არჩილმა.
ერთი მოსამსახურე გაიქცა დასაძახებლად. ამ დროს კესოც გამოვიდა
მუაჯარზედ, გვერდით მოუდგა ძმას და ჰკითხა:
— რა ამბავია?
— რაღაც ჩხუბი მოსვლიათ.
— ვისა და ვის?
— გიორგისა და მეჯინიბეს.
— რაზედ?
— სწორედ არც მე ვიცი. აი, გიორგი მოვა და შევიტყობთ.
მოვიდა გიორგიცა. იღლიაში ახალუხი ჩამოჰხეოდა და სცდილობდა
დაემალა. გოგო-ბიჭებმა, ვინც კი ამ დროს სახლში მოიხელებდა, ყველამ
მუაჯართან ეზოში მოიყარა თავი.
— ჩხუბი მოგივიდა? — ჰკითხა არჩილმა გიორგის.
— არა. ამასთან საჩხუბარი რა მქონდა?
— მაშ რას გიჩივის, მცემაო.
— ცემით კი ვცემე.
— ეგ ხომ ჩხუბზედ უარესია. რადა სცემე?
— შენი ცხენი ისე ოფლიანი დაება. თავლაში რომ შევედი, თითონ პირაღმა
გაშოტილიყო ტახტზედ და ყალიონს ეწევოდა. მე ვუთხარი: — ცოდო არ
არის, ოფლიანი ცხენი დაგიბამს, ცოტა ხანს მაინც ატარებდი, ზურგზედ
წყალს მაინც გადაავლებდი-მეთქი. ხომ წახდა ცხენი: ან ზურგმა ჰავა
აართვა, ან ფეხში დაიხუთა-მეთქი. არამკითხე მოამბეო, მიტყიპე და
მიაგდეო, მითხრა არხეინად და ყალიონი ძალზედ გამოაბოლა. — ვერც
მიმტყიპავ და ვერც მიმაგდებ-მეთქი. წავედი ცხენის ასაშვებლად, მე
მინდოდა პატარა მეტარებინა და წყალი გადამევლო ოფლიან ზურგზედ. —
წადიო, ვიღაცა მოთრეულხარო, — დამიძახა და დედა შემაგინა. ამაზედ
გული მომივიდა და ვცემე. მამაჩემსაც არ შევარჩენდი დედი-ჩემის ავად
ხსენებას.
— ეგრე კი იყო? — ჰკითხა კესომ გიორგის და გადმოჰხედა.
— ტყუილი რა საკადრისია!..
— ეგრე იყო, ეგრე! — დაიძახა პატარა ბიჭმა მეხბორემ, რომელიც მაშინ
თავლაში შესწრობოდა, — სწორედ ეგრე იყო, მე იქ ვიყავი.
— კესო, ერთი დავთარში ნახე, რა ერგება, და გამოუტანე.
კესო გამოუკითხავადაც მიხვდა ვისზედ უთხრა ძმამ. შებრუნდა ოთახში,
პატარა ხანს შემდეგ გამოვიდა და უთხრა:
— ოც-და-ხუთი მანეთი-ღა ერგება. აი ფულიც.
არჩილმა ჩამოართვა ფული, მუაჯარიდამ გადუგდო მეჯინიბეს და ჩასძახა:
— აი, ძმობილო, ეს-ღა გერგება. ალალი იყოს შენზედ და მე ჩემს სახლში კი
ვეღარ დაგაყენებ...
— მე მცემეს და მევე მიწყრებით?!
— ამას იქით ჭკუა იცოდე: შენ რომ ცუდკაცობდე, კაი-კაცობაზედ სხვას
მაინც ნუ გალანძღავ.
არჩილი და კესო შებრუნდნენ ოთახში. გოგო-ბიჭები წავიდ-წამოვიდნენ.
— მითამ ახალი ცოცხია და კარგად ჰგვისო! — ამბობდნენ დაცინვით
ზოგიერთნი ახალს მოჯამაგირეზედ.
— დაძველდები და შენც მოატან ქვიშასაო, — იძახოდნენ მეორენი.
— ეგ სხვა დედის შვილია!.. მაგას ოთარაანთ ქვრივის შვილს ეძახიანო! —
ამბობდა ამათში მარტო ერთად-ერთი კაცი, ისიც ხმაამოუღებლივ, თავის
გულში ამბობდა.
ეს იყო მეწისქვილე არჩილის კარის წისქვილისა, — კაცი ძველი,
გულჩახვეული, გულჩაკეტილი, ჩუმი და ამიტომ ყველასაგან
დაბრიყვებული. ვინ იცის, საიდამ სად იყო გადმოგდებული, და აქ
წისქვილში როდის შემოხიზნული? აქ მეწისქვილედ დაბერებულიყო
უცოლოდ, უშვილოდ, უთვისტომოდ. არავინ იცოდა, ვინ არის და საიდამ
არის... ამისი ვარსკვლავი მარტო ამოსულიყო სადღაც და როდესღაც და
ეხლა მარტოვე ჩადიოდა დინჯად და მშვიდობიანად, ტკბილად და
უწყინარად.
XIV
განა თითონ კი იცოდა?
— როგორ მოგეწონა ეს ამბავი? — ჰკითხა არჩილმა დას, როცა ოთახში
შევიდნენ.
— ახირებული გული ჰქონია, — უპასუხა დამ, თითქო პირველ ხანს სხვა
უკეთესი ვერა მოეგონა-რაო.
— ეგ ცოტაა. ნამუსი ჰქონია, ნამუსი!.. ის დიდი ნამუსი, რომელიც სხვისასაც
ისე ერჩის, როგორც თავისას.
— ნურც აგრე გაადიდებ მაგ უბრალო საქმესა.
— მაგას ნუ იტყვი. რაც კარგია, იქ დიდ-პატარაობა მოსატანი, სახსენებელი
არ არის. რაც კარგია — თავისთავად დიდია. ჰხედავ, უსწავლელი კაცია.
მაგისი ნამუსი ჭკუით კი არ არის ახილებული, გულით გამოკვებილია,
მარტო გულით. ეს დიდი საქმეა ჩემის ფიქრით, იმიტომ, რომ მაგისთანა
ნამუსი მთელის გვამის, მთელის აგებულების წყურვილია, როგორც სითბო
სიცივეში, როგორც სიგრილე სიცხე-პაპანაქებაში, როგორც პური შიმშილში.
მინამ ჭკუა იტყვის, ჭკუა ურჩევს, გულმა იცის, რა ჰქმნას. ეს დიდი საქმეამეთქი, დიდი.
— რაო? დედის ავად ხსენება იწყინა, სხვა ხომ არაფერი?
— ეგ ბოლოა. შენ სათავე მოუჩხრიკე ამ საქმესა. გულმა არ მოუსვენა, ცხენი
რომ მოუვლელი ნახა და მეჯინიბე არხეინად მწოლარე. საქმე და მოსაქმე
ერთმანეთს გაჰყროდა და ეს მართალმა გულმა იუცხოვა, არ შეიფერა, ხომ
არც ცხენი იყო იმისი, არც მეჯინიბე იმისაგან დავალებული. რა ეწოდა, რა
უნდოდა, ჩვენად რომ ვიკითხოთ? ჩვენი ამება? ჩხუბი რომ არ მოსვლოდათ
ეს ამბავი ჩვენამდე ხომ არც კი მოაწევდა. მეჯინიბის ჯავრი სჭირდა და
მიზეზი მოუდო? რა ჯავრი უნდა სჭირებოდა, კაცს პირველადა ჰხედავს. არც
ერთი და არც მეორე. საწანახედოდ გამხდარი საქმე ნახა, იქავ ხელთუძრავი
მოსაქმე და გულმა არ მოუთმინა. რაც გინდა სთქვი და, ეს დიდი
ნიშანწყალია კაცობისა... სწორედ დიდი ნიშანწყალია. ეხლა მესმის, რაც
იყო, იმ დღეს რომ მეწისქვილემ გვიამბო. აი, ბურკიაშვილის კამეჩი რომ
დაეჭირა მინდვრიდამ მომავალს და კახუაშვილისათვის მიეყენებინა
კარზედ, შენს ჯეჯილს აფუჭებდაო. მე თუმცა ზოგიერთი ამბები ვიცოდი
გიორგისა, მაგრამ, — ღმერთო შეგცოდე, — აქ კი გავიფიქრე, უთუოდ
ბურკიაშვილის ჯავრი სჭირებია-მეთქი გიორგისა. ეხლა ვნანობ, რომ ეს
გავიფიქრე და ამ ფიქრით შევუგინე ნამუსი მაგ პატიოსანს კაცსა.
— ბოდიში მოიხადე, — უთხრა დამ გულითადად და ჭკვადასმით, რაკი
ხუმრობა-გაშვებით ჩაუკვირდა თავის ძმის ნათქვამსა.
— ბოდიშს იმით მოვიხდი, რომ მე მაგას შეგირდად მივებარები, დიაღ,
შეგირდად. ჩვენ რანი ვართ მაგასთან!.. დეე, გვასწავლოს და გვწურთნოს...
არჩილმა წინა და უკან სიარული დაიწყო ოთახში და ფიქრს მიეცა. კესოც
ჩაფიქრდა. გიორგი, როგორც ჩემთვის, მკითხველო, ისეც იმათთვის
გამოცანა იყო.
— კესო! — შესდგა ბოლოს კესოს წინ არჩილი და უთხრა, — იცი რას
გეტყვი? აი, სახლის წინ რომ ყვავილების ბაღს იკეთებ, მოდი გიორგისაც
დაეკითხე ხოლმე. მე მგონია, ეს ლოთი გარმიანელი მებაღე სულაც
დავითხოვოთ და გიორგის ჩავაბაროთ, ურიგო არ იქნება. ჭკვა-გონებიანი
ბიჭია, შენ ოღონდ ანიშნე და, იმედი მაქვს, მიგიხვდება, სად რა და როგორ
გააკეთოს. სხვას ხომ დღიური მუშებიც გაუძღვებიან, რაკი გიორგი თავმდგომელი იქნება. ცოდოა მაგისთანა ბიჭის ამაზედ მოცდენა, მაგრამ ჯერ
ეს იყოს და მერე სხვას რასმე ავუჩენთ.
— ძალიან კარგი, — მოუწონა დამ, — ოღონდ ეს არის, რომ ჯერ ყველაფერი
მარტო ქაღალდზეა გამოხაზული და ვაი თუ ვერა გავაგებინო-რა. აბა, ჯერ
ერთი ვაჩვენებ, გაიგებს რასმე თუ არა.
მეორე დღეს არჩილი დილა-ადრიანად თავის ახალშენს ვენახში წავიდა.
ცხენს რომ ქუსლი ჰკრა და პირი უბრუნა, პირუკუღმა მოსძახა გიორგის:
— სამუშაოზედ არსად წახვიდე, კესოს შენთან საქმე აქვს.
„კესოს”?!
გიორგის გული გადაუტრიალდა...
კესოც ადრე ამდგარიყო, მაგრამ მინამ მილაგ-მოლაგდებოდა, ჩაიცვამდაიხურავდა, კარგა ხანი გავიდა.
ბოლოს კესომ იხმო გიორგი.
გიორგიმ რომ მარტო ნახა თავისი თავი კესოსთან, თითქო შიშმა აიტანა.
ალბად იმორცხვა და საკვირველიც არ არის: თავის დღეში უცხო ქალთან
მარტოდ არ ყოფილა.
კესოს ტახტზედ გადაეშალა დახაზული ქაღალდი, სხვადასხვაფერად
აჭრელებული. ეს ბაღის მოხაზულობა იყო და რომელიღაც წიგნიდამ
გადმოეღო თითონ კესოს და ძმასთან ერთად შეესწორებინა თავის
სურვილისამებრ.
— აბა აქეთ მო, გიორგი. ერთი ეს ნახაზი უნდა გაჩვენო, — უთხრა კესომ
გიორგის, კარებში გაშეშებულსავით ატუზებულს.
გიორგიმ ფეხი წინ ვერ წასდგა.
— ეს ოხერი, რამ დამიდუნა მუხლებიო, — იფიქრა.
— რას იბუზები ახლად მოყვანილ პატარძალსავით. ფეხი გადმოდგი, ნუ
გეშინიან, არ შეგჭამ.
გიორგიმ ორი ბიჯი წინ წასდგა და მაინც შორი-ახლო დაუდგა კესოსაც და
ქაღალდსაც.
— ე რა ფანცქალმა ამიტანაო!.. — გაიკვირვა გულში.
— რა დაგემართა, ადამიანო!. აი, აქ მო, ჩემთან ახლო, — უთხრა ეხლა კი
ცოტად გაჯავრებულმა კესომ.
„ახლო”!..— ზოგჯერ მოკლე სიტყვაც გრძელია.
გიორგიმ ფეხი არ გაანძრია. მარტო კისერი გადაიწვდინა და ისე
შორიახლოდამ ჩაჰხედა ქაღალდსა, როგორღაც უხერხულად და
გვერდელად.
— კაცო, არ გეყურება? მე ახლო ვარ და ძლივს ვხედავ და შენ მაინდამ რას
დაინახავ, მამლაყინწასავით კისერი წამოგიშვერია. ახლო მოდი-მეთქი.
გიორგი მაინც ადგილიდამ არ დაიძრა.
— ე რა ფრთხოლამ ამიჩემაო! ჯადო მეწევა უკან, თუ ხატი არ მიშვებს წინ?
— ჰკითხავდა თავისთავს გაოცებული გიორგი.
კესომ აღარ აცალა, წაავლო ხელი სახელოზედ და გამოსწია.
გიორგი წაბარბაცდა. თითქო მეხმა ახლო გაუარაო. ალბად ფეხი წამოჰკრა
რასმე...
— რა იყო? — იკითხა კესომ.
— არაფერი. ფეხი ფეხს თუ წამოვკარ, — მიუგო გიორგიმ და გულში
გაიფიქრა: ფეხის ძარღვები დამაჭრეს, თუ რა მომდის ეს ოხერ-ტიალი!..
— აი, — უთხრა კესომ, როცა გვერდით დაიყენა გიორგი და ჩაახედა
ქაღალდში, — დაბალ მესერით შემორტყმული ადგილი ხომ გინახავს
ჩვენის სახლის წინ, — ეს ის არის. ეხლა, ჩემო გიორგი, ამ ადგილს
ამისთანა მიხვეულ-მოხვეული გზები უნდა დაუკეთდეს. ამ გზებს აგურის
ფხვნილით წითლად მოვფენთ. გზებსა და გზებს შუა აი ასეთი კვლები
უნდა დაიკვალოს, როგორც აქ არის გამოხატული. ამ კვლებში სხვადასხვა
ფერადი ყვავილები დაითესება. აი, შუაგულს ხომ ჰხედავ? აქედამ...
— მე ვერასა ვხედავ, ვერა!.. შენი ჭირიმე, ეხლა თავი დამანებე, სხვა დროს
მიბძანე, — უთხრა გულამოსკვნილის ხვეწნით გიორგიმ და განზედ გაუდგა
კესოს. — რაღაცა ხათაბალა გადამეკიდა, თვალები ამება, რეტი დამესხა.
ვერც ვერას ვხედავ, ვერც ვერა მესმის-რა. ეხლა დამითხოვე, შენის
ღმერთის გულისათვის...
კესომ ნახა, რომ გიორგი მართლა არც თავის ფერზედაა, არც თავის
გუნებაზედ. დაითხოვა და სთქვა თავისთავად:
— გულის ჭიდილი მოუვიდა, თუ რა ამბავია!
განა თითონ გიორგიმ კი იცოდა, რა ამბავია!
XV
კაცია და გუნებაო.
ეს მოხდა მარტის დამდეგსა. გავიდა მარტი, გავიდა ლამაზი აპრილი და
უფრო ლამაზი მაისი. დადგა თიბათვეცა. კესოს ყვავილების ბაღი,
გეგმაზედ გაკეთებული, მოირთო, მოიკაზმა. ისე გაჰლამაზდა წითლად
მიხვეულ-მოხვეული გზებითა, შიგა-და-შიგ დაყოფილ მწვანე
მდელოებითა, ყვავილების ფერადითა, რომ კაცის თვალი ვერ გაძღებოდა.
ღონიერი ბუნება და ადამიანის გამრჯელი ხელი თითქო ერთმანეთს
შესჯიბრებოდნენ, — აცა ვინ ვის აჯობებს ამ ბაღის გალამაზებასა და
შემკობაშიო. ერთსაც და მეორესაც თითქო თავი არ დაეზოგათ, და რაც
მადლი ჰქონოდათ, სულ აქ დაეპნიათ, სულ აქ დაებღერტყნათ.
კესოს მეტის-მეტად უხაროდა, რომ ასე კარგად, ასე ლამაზად აუსრულდა
თავისი დიდი-ხნის სურვილი. მინამ მთის იქიდამ მზე ამოალაპლაპებდა
თავის სხივსა და თეთრს თოვლიან მთის წვერს ოქროს წყალს, ოქროს
ჯავარს გადაასხამდა, კესო ჩაცმულ-დახურული ბაღში იყო ხოლმე ყოველ
დღე და თითქმის საღამომდე, დიდ-ბინდამდე არ აგონდებოდა, რომ
სახლშიაც შესვლა საჭიროა. მთელი დღე დაჰგოგავდა ფერად ყვავილებს
და მწვანე მდელოებს შორის და ყოველს ყვავილს, ყოველს ახლად
ამოხეთქილს ნერგს, ყოველს ახლად გამოკვანძილს კოკორს შეჰხაროდა,
როგორც საყვარელი საყვარელსა. თუ არავინ იყო, „ნამეტნავობისაგან
გულისა” დაუწყებდა ხოლმე გასაშლელად გაღიმებულს ყვავილს
ალერსიანს საუბარსა, თითქო მერცხალი თავის ბღარტებს ეჭიკჭიკებაო.
ძვირად, ძალიან ძვირად კი შეემთხვევოდა, რომ იმის ბაღში სხვა არავინ
ყოფილიყო: გიორგი იქ იყო და იქ! რაც უნდა ადრე გამოსულიყო ბაღში,
გიორგი ან თოხით ხელში, ან ბარით, ან სასხლავით იქ დაჰხვდებოდა
ხოლმე.
გიორგიმ არჩილისა და კესოს სწავლებითა და ჩვენებით გააკეთა და
დაჰკვალა ის ბაღი და გიორგისვე ებარა. არა მგონია თავის ორს თვალს ისე
გაჰფრთხილებოდა, როგორც ამ ბაღს უვლიდა და უფრთხილდებოდა.
მტვერი რა არის, — მტვერს არ დაადენდა, არ შეარჩენდა ბალახსა და
ფოთოლსა.
არჩილი და კესო ძლიერ ემადლიერებოდნენ გიორგის და არა ერთხელ
უთქვამთ ერთმანეთისათვის, რომ ორი-სამის კაცის ოდენას აკეთებს ეგ
ერთი კაციო.
არც გიორგი ემდუროდა თავის ბედსა. პირიქით, უხაროდა კიდეც თავისი
ბედი.
— მე მეტი არა მინდა-რაო, — ამბობდა ხოლმე თავის გულში, როცა
ამისთანაებს ჩაუფიქრდებოდა, — გადამკიდებიან, ჯამაგირისა სთქვი
რამეო. რა ჯამაგირი მინდა!.. მე ისიც მყოფნის, რომ ყოველ ცის-ამარა
დღეს მზეს ვუყურებო.
რა უნდოდა ამით ეთქვა გიორგის, გამოცნობა ძნელია. ეს კი სათქმელია,
რომ როცა ბაღში ჰმუშაობღა და ქეიფზე მოვიდოდა სულ ერთსა და იმავე
სიმღერას ჰღიღინებდა ხოლმე ხმადაბლა: „ეს სოფელი მიტომ მინდა, შენ
გიყურო, ჩემო მზეო”, თითქო სხვა აღარა იცოდა-რა, თითქო სხვა არაფერი
ენატრებოდა, არაფერი ეხარბებოდა ამ დედამიწის ზურგზე.
მართლად თქმულა: კაცია და გუნებაო!..
XVI
ალბად!..
გავიდნენ კიდევ დღენი და თვენი. დადგა მაძღარი შემოდგომა. სოფელში
გაიმართა ქვევრების რეცხვა, საწნახელების ხიზვა და წმენდა. ქარვასავით
ჩაფერიანებული მსუქანი მტევნები თეთრის ყურძნისა, მაყვალსავით შავად
შეკუნწლული საფერავის ვაზები იწვევდნენ პატრონებს დასაკრეფად, —
მალეო, თორემ ვდუღვართ და გადმოვდივართო. დაიკრიფა ვენახებიც,
დაიწურა ყურძენი, დაჰდუღდა მაჭრები. მისწყდა სოფელში ხმამაღალი
სიმღერა საწნახელში ჩამდგარ და ხელი-ხელ გადაბმულ მუშებისა.
მხიარულმა მაჭრობამ თავისი დრო მოიჭამა და მიჩუმდა, თითქო მოიღალა
და მოიქანცაო.
მოვიდა შუაგული შემოდგომისა. სოფლის ორღობეებში დაიწყეს ჭრიჭინი
მძიმედ დადებულ თივის ურმებმა. სოფელი ეშურებოდა ვენახებიდამ შინ
თივის ზიდვას საქონლის გამოსაკვებად ზამთარში: ეშინოდათ თოვლს არ
მოესწრო.
არჩილსაც ოთხი საძნე ურემი შეება, თივას აზიდვინებდა და შინ ეზოში,
გომურის შორი-ახლო ბოძებზედ შემდგარს მაღალ სათივეზედ
ადგმევინებდა, რომ საქონლის პირი არ მისწვდეს და არ გააფუჭოს.
მზე ჯერ მთას არ გადასცილებოდა ჩასასვლელად, იქ წვერზედ
შემდგარიყო, თითქო ჰნანობს, — რას ვეშურები და ამ ლამაზ ქვეყანას ეგრე
მალე რად ვეთხოვებიო. მშვიდობიანი, გრილ-სითბოიანი, მშრალი,
უნესტო, უღრუბლო საღამო შემოდგომისა კუტსაც კი ფეხს აადგმევინებდა
და გარეთ გამოახედებდა.
არჩილი და კესოც გამოსულიყვნენ სახლიდამ, ჩასულიყვნენ სათივესთან,
იქ ერთს უშველებელ კუნძზედ ჩამომსხდარიყვნენ და უცქეროდნენ მუშებს,
რომელნიც თივასა სდგამდნენ.
არჩილს უამისოდაც ძალიან უყვარდა მუშებში ყოფნა და იმათთან
ლაპარაკი, ზოგჯერ ლაზღანდარობაც. კესოსათვის არა-ერთხელ უთქვამს,
რომ მე იმათგან ზოგჯერ ჭკუასა და ხშირად ენასა ვსწავლობო.
ოთხი ურემი ოთხ-კუთხივ მოსდგომოდა სათივეს. სამი დაცლილი იყო და
ერთიდამ-ღა აწვდიდნენ თივასა. შუა-სარი სათივისა ორ ადლზე-ღა ჰჩანდა
და სათივე ვიწროზე ადიოდა თავის მოსაბმელად.
ამ დროს გიორგის თოხი მხარზე გაედო და მოდიოდა.
— პეტრე, აი პეტრე — დაუძახა შორიდამ თივის მდგმელს. — ბაღისაკენ
გადახრილია ე თავი სათივისა; გვერდელად აგყავს, არ ივარგებს, გაასწორე.
— გიორგია. საიდამ იძახის? — იკითხა არჩილმა, რადგანაც იმ მხრივ,
საიდამაც გიორგი მოდიოდა, არჩილს წინ ურემი ეფარა. ურმის გამო ვერც
გიორგი დაინახავდა არჩილსა და კესოს, ვერც ესენი გიორგისა.
— საიდამ მოსდიხარ თოხით მხარზე? — ჰკითხა არჩილმა, როცა გიორგი
ახლო მოვიდა და საღამო-მშვიდობისა უთხრა და-ძმასა.
— წყალი გადმოვარდნილიყო ამ ჩვენ პატარა ბაღში წისქვილის რუიდამ და
იმის გადასაგდებად ვიყავი.
— რას იძახოდი?
— არაფერს. ცოტა თანაბრად ვერ ადის ვიწროდამ თივა, ავდრის წყალს
დაიგუბებს და გაფუჭდება. ის დავუძახე პეტრეს, გაასწორე-მეთქი.
— აბა მაჩვენე.
არჩილი წამოდგა. გიორგი გაუძღვა და მეორე მხრიდამ შეახედა.
— მართალი ხარ, — უთხრა გიორგის არჩილმა, — პეტრე! გიორგი
მართალს ამბობს, თავი ვერ ედგმის კარგად.
პეტრემ შუა-სარზედ ჩამობმულს წნელს მოჰკიდა ხელი და ეგრე ხელმომაგრებულმა გარშემო შემოუარა და ჩახედ-ჩამოხედა სიმრგვლივ
სათივეს.
— აკი ღმერთი არ გამწყრომია! — დაიძახა პეტრემ. — გასწორება უნდა,
მოდი, თუ ღმერთი გწამს, გიორგი. ერთი ამომეშველე, გავასწოროთ, თორემ
მე მარტოკა დღეს მაგას ვეღარ მოვასწრობ და საქმის სახვალიოდ დაგდება
კი მეზარება.
— კაცო-და ფეხი სად მოვიკიდოთ ორმა კაცმა მაგ ვიწროზედ? — ასძახა
გიორგიმ.
— მაშ ნუ დამზარდები, შენის ღმერთის გულისათვის: მე ჩამოვალ და შენ
ამოდი. მე მკლავებიდამ მოვწყდი, შენ შესვენებული ხარ, მალე გაასწორებ.
აბა თუ ბიჭი ხარ, მადლს იზამ და მარილს მოაყრი.
— იცი კი დადგმა თივისა? — ჰკითხა კესომ ამჟამად აქ მოსულმა, —
ამბობენ, მაგას ცოდნა უნდაო.
— ხელობა რა არის, ქალბატონო, — შეჰღიმა გიორგიმ. — განა სად
გავიზარდე!..
— მაშ აბა! — უთხრა არჩილმა, — ეს ბურთი და ეს მოედანი.
პეტრემ წაავლო სარზედ გამობმულ წნელს ხელი, ჩამოცურდა და ფეხი
ძლივს მოაწვდინა საძნე ურმის ჭალებამდე ფეხის მოსაკიდებლად.
როგორც იყო ჩამოვიდა, მივიდა, გიორგის მხარზედ ხელი დაჰკრა და
ტკბილის გულით უთხრა:
— ჩემს კისერზედ იყოს, ჩემო გიორგი! არ დაგეკარგება. სხვა არა იყოს რა,
მამი-შენის ხნის კაცი ვარ. ეჰ, შვილო და ძმაო, კაცი რომ დაჰბერდება,
შვილდი უნდა ძირს დასდოს.
— რადაო? — ჰკითხა გიორგიმ.
— მადაო, ჩემო კარგო, რომ ბერ-კაცს თვალიც ატყუებს და ხელიც
ჰღალატობს, ის ქარი აღარა აქვს, რაც ახალგაზრდას. შენს ხანში ხელს არ
მოვიტეხდი, რომ ეს ამბავი მომსვლოდა?
— ახალსა ნამუდრაგალსა ბერის სჯობია ჩანჩალიო, გულს ნუ გაიტეხ.
— გაცოცხლა ღმერთმა, თქმაც იცი და კეთებაც.
გიორგიმ ეს უკანასკნელი სიტყეები ვეღარ გაიგონა, მაშინვე ავარდა
ურემზედ, ორ-თითით მოიწვდინა თივაზე სარტყელსავით ჩამოკიდებული
წნელი და თვალის დახამხამების უმალ სათივეს ზედ თავზედ მოექცა.
მიშალ-მოშალა, ჩამოჰყარა ძირს თივა, დაადაბლა სათივე და რაკი ნახა, —
აქედამ ეხლა სწორედ ავაო, დაიწყო დგმა. მინამ დიდი ბინდი
მოეფინებოდა ქვეყანას, გიორგიმ თავისი საქმე გაათავა.
— ცეცხლია, სწორედ ცეცხლი, ე დალოცვილის შვილი! — ეუბნებოდა
არჩილს გულმართალი პეტრე, როცა ქვევიდამ შესცქეროდა გამალებულს
მუშაობას გიორგისას.
— მართლა კარგი რამ არის, — კვერი დაუკრა არჩილმა.
— კარგიო!.. ბადალი არა ჰყავს, ბადალი ამ სოფელში!..
გიორგიმ რომ გაათავა, გადმოსძახა პეტრეს:
— აბა, პეტრე, ერთი შენებურად დაუარე სიმრგვლივ, კარგად
შემოკვერცხლილია, თუ არა?
პეტრემ აუარ-ჩაუარა სათივეს და ასძახა:
— კარგია, კარგი. ჩამოდი, მაგას სხვა აღარა უნდა-რა.
გიორგიმ წაავლო ხელი წნელს, ფეხები თივას მიაბჯინა, დასჭიმა წნელი და
დაიწყო ჩამოცოცვა სათივიდამ. შუამდე მოვიდა თუ არა, უეცრად გაუწყდა
წნელი... გიორგი პირაღმა გადმოქცეული, წამოვიდა მაღლიდამ და ურმის
ჭალს ზედ დაეგო ზურგითა. ჭალმა ვერ გაუძლო, გადატყდა, მაგრამ ზურგის
ძვალი კი შეუნგრია...
არჩილი, კესო, ხალხი მისცვივდნენ და გიორგი ცოცხალ-მკვდარი ნახეს
დედამიწაზედ პირქვე დამხობილი, სისხლი შადრევანსავით სცემდა...
არჩილი მაშინვე მუხლის კვერებზედ დაეცა გიორგის წინ და სცდილობდა
წყლული შეეხვია. ზოგი არჩილმა, ზოგი სხვებმა, როგორც იყო, წყლული
შეუხვიეს და, ცოტა არ იყოს, სისხლის დენამ უკლო.
ცოცხალ-მკვდარი გიორგი და გულშემოყრილი კესო ცალ-ცალკე შეიტანეს
ხელით სახლში.
— აი, ღვთის წყრომა!.. რა შეგცოდე, ღმერთო, რომ მე გამხადე საბაბი!.. —
უნებურად წამოიძახა პეტრემ და ატირდა.
— ხიფათი რომ იქნება, — იქნება, — ანუგეშა ვიღაცამ პეტრე. — ალბად ეგ
წერებულა მაგის შუბლბედ!.. შენი რა ბრალია?!.
XVII
ზარი.
არჩილმა თავის ოთახში აატანინა გიორგი და თავის ლოგინზედ
დააწვენინა. მაშინვე კაცი აფრინა მკურნალის მოსაყვანად მახლობელ
ქალაქიდამ. ორი-სამი კაცი კიდევ სხვა გაჰგზავნა სხვადასხვა სოფლებში,
რომ შინაური ჯარა-ექიმებიც მოეწვიათ, ვინც კი გამოჩენილი იყო და
შინაკაცებმა დაუსახელეს.
თითონ იმავ სოფელშიაც იყო ერთი სახელგანთქმული ჯარა-ექიმი —
ოფოფაანთ დემეტრე. ისიც დაიბარეს და ნახევარ საათსაც არ გაუვლია,
დემეტრე ჩამოვიდა.
გასინჯა დემეტრემ გიორგი. კარგა ხანსა სინჯა, კარგა ხანს იქნია თავი და
ბოლოს უთხრა არჩილს:
— არა, ბატონო!.. მე მაგას ხელს ვერ მოვკიდებ. ეგ ამ ქვეყნისა აღარ არის.
მაგისი წერა ეგა ყოფილა...
— ერთი სცადე... თუ ღმერთი გწამს, ხელი დაადე... რაც გინდა მთხოვე და
მაგის ცოდოს კი ნუ დაატრიალებ ჩემს სახლში, ჩემს თავზედ!..
ეხვეწებოდა, ევედრებოდა არჩილი, რომელიც იმ უბედურის წამიდგან აღარ
მოშორებია გიორგის: გიორგის ლოგინთან დაჩოქილიყო, მომაკვდავის
ცივი ხელი თავის ხელის-გულზედ დაედო და თითონაც არ იცოდა, რისთვის
უზელავდა ხელით ხელსა.
— ტყუილი წვალება-ღა იქნება უბედურისა. სჯობია უწვალებლად
მიაბაროს სული, — მიუგო დემეტრემ. — ამაღამ, — დიდი საქმეა, — თუ
გაატანა: შიგანური სულ შენგრეული აქვს.
— მერე ცოდო არ არის ამისთანა ბიჭი მოკვდეს!.. — წამოიძახა
გულამოჯდომით არჩილმა და თავი ჩაჰკიდა დიდის მწუხარებით.
— ჰაი, ჰაი რომ ცოდოა!.. — დაიღმუილა ვიღაცამ ტირილის ხმით.
ყველამ იქით მიიხედა, საიდამაც ეს ხმა მოვიდა და ბნელს კუთხეში
არჩილის მეწისქვილე კი დაინახეს. ამ ბერი-კაცს შეეტყო ეს ამბავი,
მოვარდნილიყო, შეპარულიყო ოთახში, საცა გიორგი ესვენა და ბნელ
კუთხეში მობუზული ქვითქვითებდა ჩუმად, თითქო ეშინოდა, არავინ
გამიგოსო...
— არ გებრალები, ჩემო სოსიავ, რომ ასეთი ცოდვა დატრიალდა ჩვენს
ოჯახში!.. — შესჩივლა არჩილმა მეწისქვილეს, რაკი ნაღველის მოზიარე
იგულვა, თითქო ამით ნაღვლის განქარვებას ჰლამისო.
— ოღონდაც, ბატონო, ოღონდაც!.. — წაიქვითინა ეხლა კი ხმამაღლა
მეწისქვილემ, რაკი გული ვეღარ შეიმაგრა... — ვაი მაგის დედის ბრალი,
ვაი!..
მარტო ეხლა მეწისქვილის ხსენებამ მოაგონა არჩილს ოთარაანთ ქვრივი.
ამ ვაი-ვაგლახში აღარავის მოჰგონებია, შვილის ამბავი დედისათვისაც
შეეტყობინებინათ.
ოთარაანთ ქვრივმა ჯერ არა იცოდა-რა.
არჩილი მეტად შესწუხდა, არ იცოდა, რა გზით და როგორ გაემჟღავნებინა
დედისათვის. ამის ფიქრსა და წუხილში იყო, რომ გიჟსავით გაფეთებული
შემოვარდა კესო, უკვე მოსულიერებული. კესოს ცოცხალის ფერი არ ედო.
— როგორ არის, არჩილ, როგორ? — ჰკითხა აჩქარებით ძმასა და მაშინვე
გიორგის ლოგინთან მიიჭრა.
— შენი მტერიმც ნუ ყოფილა ასე!.. — ძლივ-ძლივ წაიდუდუნა ძმამ.
კესომ დაჰხედა გიორგის. გიორგი გვერდზედ დაეწვინათ, ასე რომ პირისახე
კესოსაკენა ჰქონდა. კესომ ნახა, რომ ეს ბრგე ყმაწვილი კაცი ძლივს-ღა
ჰფეთქავს... კესოს მტკივნეულად შეეკეცა შუბლი... მიიფარა ორივე ხელი
ორსავ თვალზედ და, თითქო მოგუბებული ცრემლი უკუვ უნდა აქციოსო,
რაც ძალი და ღონე ჰქონდა ჭმუჭვნა დასრესა დაუწყო თვალებსა ხელებჩამოუღებლივ.
— კესო, ნუ შევატყობინებთ დედასა? — ჰკითხა ძმამა.
— როგორ თუ ნუ? შვილი მოვუკალით და არც კი ვატყობინებთ, — რომ
სულთმობრძავს მაინც მოუსწროს, სული დედის კალთაში მაინც
დაჰლიოს... — მოსთქვამდა ქვითინით კესო.
— მე აღარა მესმის-რა, — უთხრა ძმამა, — ამ საცოდავობამ გამაშტერა.
აღარც ჭკუა მერჩის, აღარც ხელ-ფეხი!.. დაბნეული ვარ.
გაჰგზავნეს დედასთან ბიჭი. მალე მოვიდა ოთარაანთ ქვრივი. თუმცა
ფეხაჩქარებით, მაგრამ ისე გულ-დინჯად შევიდა გიორგის ოთახში, თითქო
შენათვალი არაფრად შეუმჩნევია და აინუნშიაც არა მოსდის-რაო. მარტო
სახე თითქო უფრო ჩამოსჭკნოდა, წარბებ-შუა შუბლი ორ-სამ კეცად
ჩაჰნაოჭებოდა და ზაფრანის ფერი ედო.
იმასთან გაგზავნილი ბიჭი კი გოგო-ბიჭებში ლაპარაკობდა, რომ
შენათვალი ვუთხარი თუ არა, ეს ვეება დედაკაცი კინაღამ თავზე არ
წამომექცაო.
— რა გატირებს, ჩემო კარგო!.. — უთხრა გზა-და-გზა გიორგისაკენ
მიმავალმა დედამ მტირალს კესოს. — განა სატირლადაც გაჰხდა საქმე!..
ხმა არავინ გასცა რიდისა და კრძალვისაგან. ზარი დიდი იყო!.. ოთარაანთ
ქვრივი მივიდა შვილის ლოგინთან და რა დაჰხედა ცოცხალ-მკვდარს
შვილს, ერთი საშინელი შემოიკრა თავში ხელი და იქვე მუხლი მოეჭრა და
ჩაიჩოქა.
ხმაგაკმენდილს ოთახში ენა ვეღარავინ დასძრა, ასოც ვეღარავინ შეატოკა.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ოთარაანთ-ქვრივი - 4
  • Parts
  • ოთარაანთ-ქვრივი - 1
    Total number of words is 3738
    Total number of unique words is 2014
    23.2 of words are in the 2000 most common words
    31.5 of words are in the 5000 most common words
    36.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ოთარაანთ-ქვრივი - 2
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1899
    26.5 of words are in the 2000 most common words
    36.2 of words are in the 5000 most common words
    41.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ოთარაანთ-ქვრივი - 3
    Total number of words is 3706
    Total number of unique words is 1942
    24.2 of words are in the 2000 most common words
    34.6 of words are in the 5000 most common words
    39.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ოთარაანთ-ქვრივი - 4
    Total number of words is 3720
    Total number of unique words is 2025
    25.3 of words are in the 2000 most common words
    35.0 of words are in the 5000 most common words
    40.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ოთარაანთ-ქვრივი - 5
    Total number of words is 331
    Total number of unique words is 251
    42.9 of words are in the 2000 most common words
    52.6 of words are in the 5000 most common words
    57.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.