Latin

ოთარაანთ-ქვრივი - 1

Total number of words is 3738
Total number of unique words is 2014
23.2 of words are in the 2000 most common words
31.5 of words are in the 5000 most common words
36.3 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
I
რას მიქვიან ტკბილი სიტყვა?
იმ ვეებერთელა სოფელში, რომელსაც თუნდა „წაბლიანს“ დავარქმევ,
ყველამ იცოდა, ვინ არის ოთარაანთ ქვრივი. სოფლის გზირისათვის რომ
გეკითხათ, ოთარაანთ ქვრივის კარ-მიდამოში მზისა და წვიმის მეტს არავის
შეეძლო გავლა ქვრივის უნებურად.
ნაცვალი თუ იასაული, — რაც გინდ დიდი საქმე ჰქონოდათ, — ოთარაანთ
ქვრივის ეზოში ვერ გაიწაწანებდნენ, და თუ როგორმე გაჰბედავდნენ, ისეთს
ალიაქოთს ასტეხდა, რომ ბედსა და თავს დააწყევლინებდა. ნამეტნავად
გზირს კარგად ახსოვდა ერთი ამბავი, და მერე ხომ მთელმა სოფელმაც
შეიტყო. გზირს ერთხელ ერთი ქათამი წაერთმია, — დიამბეგი მობრძანდა,
სოფლად ქათმებს ვაგროვებთო, და ასეთი ვაი-ვაგლახი დააწია, რომ,
ამბობენ, გუბერნატორამდე თავის ფეხით იარაო და ერთი ქათამი
შვიდეულად დაუსვა მოურიდებელს გზირსაო. თუმცა თითონ ქვრივსაც
ერთი ათიოდ მანეთი შემოჰხარჯოდა მისვლა-მოსვლაში, მაგრამ ამას
ამბობდა თურმე:
— ფული რა არის?! ხელის ჭუჭყია... ერთი თუმანი რა სათქმელია!.. ჯავრი
რომ არ შევარჩინე, — ეს რადა ჰღირს! ტყუილუბრალოდ რომ არ
დავეჩაგვრინე ცოტაა?! დეე ამას იქით იცოდნენ, რომ მე ოთარაანთ ქვრივს
მეძახიანო.
სწორედ იცოდნენ კიდეც. ჯგუფად რომ გლეხკაცობა სადმე მდგარიყო,
ნამეტნავად თუ შიგ ერია სოფლის მოხელე ვინმე, — ნაცვალი თუ
მამასახლისი, — და, ოთარაანთ ქვრივი მიმავალი დაენახათ, ისე
გაიფანტებოდნენ აქეთ-იქით, თითქო ალალმა დაჰქროლა წიწილებსაო.
კაცი ვერ იტყვის, სძულდათ, თუ უყვარდათ ოთარაანთ ქვრივი სოფელში.
შიშით კი ყველას ეშინოდა. ასე იფიქრეთ, ტირილით გაჭირვეულებულს და
გაკაპასებულს ბალღებსაც კი ოთარაანთ ქვრივის სახელით აშინებდნენ
გულზედ მოსული დედები.
— დაჩუმდი, შე არ-გასაწყვეტო, თორემ აგერ ოთარაანთ ქვრივი მოდისო.
ოთარაანთ ქვრივმა ეს კარგად იცოდა და ბევრს არას ჰნაღვლთბდა, რომ
ასე ეკრძალებიან, ერიდებიან და უფრთხიან ყველანი.
— ქალაჩუნები რომ არიან, იმიტომაო, — იტყოდა ხოლმე თავისთავად. —
ჩემი რად უნდა ეშინოდეთ? რა ბაყბაყ-დევი მე მნახესო! მე მარტო ისა ვარ,
რომ ჩემს ჯავრს არავის შევარჩენ, ტყუილუბრალოდ არავის
დავეჩაგვრინები. თუ გაჭირდა, რკინის ქალამნებს ჩავიცვამ, რკინის ჯოხს
ავიღებ ხელში და ხელმწიფემდინ ვივლიო.
სოფელმა კარგად იცოდა, რომ ოთარაანთ ქვრივს ტყუილ-უბრალოდ
ბაქიობა და მუქარა არ უყვარდა. იმისი თქმა და ქმნა ერთი იყო.
— მე და ჩემმა ღმერთმა, ბარაქალა დედაკაციაო, — იტყოდა ხოლმე დათია
ბადიაშვილი ოთარაანთ ქვრივზედ, — არც სხვისას შეირჩენს, არც თავისას
შეარჩენს სხვასა. ახლა შინა ნახე, — რა ამბავი აქვს: მთელი დღე
ციბრუტივით ტრიალებს ოჯახში. იმისი ხელი და ფეხი დილიდამ
საღამომდე არ დადგებაო.
სოფლის დედაკაცობას ხომ უფრო ეშინოდა ოთარაანთ ქვრივისა. ვაი იმას,
ვისაც უსაქმოდ მოასწრობდა ხოლმე: ძირიანად ამოიღებდა, ძირიანად
მოსთხრიდა.
— რაო, მუქთამჭამელოო? — ეტყოდა ხოლმე. — შენს ქმარს თავისთავის
გამოკვება კი ეადვილება, რომ შენც მუქთად გკვებოსო. რას დაგიკრებია
გულზე ეგ დასამიწი ხელები, — აი, მოგიკვდეს ეგ უგულო გული! მამა-შენსა
აქვს ცხონება, შენც თუ ხელი გასძარი, შენს ქმარს მეტი ლუკმა გულზე
დაადგება, აი!.. მეტი მოუვა განა!.. აი დამიწდი, დამიწდი, კარგი რამ შენა
ხარ!..
ისე არავის გაუვლიდა გვერდით, რომ არ გაეკინწლა, თუ რამ თვალში არ
მოუვიდოდა. ძნელად იქნებოდა, რომ ტკბილი სიტყვა ეთქვა ვისთვისმე.
— ტკბილი სიტყვა რა არისო! — იტყოდა ხოლმე, — ამ გამწარებულს
წუთის-სოფელში ტკბილი სხვა რა არის, რომ სიტყვა იყოს. რას მიქვიან
ტკბილი სიტყვა! თვალთმაქცობაა, სხვა არაფერი. ტკბილი სიტყვა ნუგეშია,
კაცს გულს მოჰფხანს. გულის-ფხანა რაღა დარდუბალაა! ფხანა ქეცმა იცის.
ნუ გაიქეციანებ გულს და ფხანაც საჭირო არ იქნება. სიტყვა სამურველი ხომ
არ არის, — მოსაკიდებელი ჩანგალია, რომ გული ან აქეთ მისწიოს, ან იქით,
თორემ ობი მოეკიდება, როგორც კიდობანში დავიწყებულს პურს. გული
ადგილიდამ უნდა მისძრას-მოსძრას კაცმა, თუ კაცს კაცის სიკეთე უნდა.
ფხანა გულისა რის მაქნისია! უქმის კაცის საქმეა. თავადიშვილები ფეხის
გულზე ხელს ასმევინებენ, რომ ძილი მოიგვარონ, გულის ფხანაც ის არის:
ძილს მოჰგვრის. ის კი არ იციან, რომ თუ წუთის-სოფელს ერთს ბეწო ხანს
თვალი მოუხუჭე, ისე გაგთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა.
— ოთარაანთ ქვრივს გულის მაგიერ ქვა უდევსო, — ამბობდნენ სოფელში.
II
პილპილ-მოყრილი მადლი
მართლა ასე იყო თუ არა, — ეს უნდა ეკითხოს ერთს სხვა ქვრივს
დედაკაცსა, რომელიც სოფლის მეორე ნაპირას იდგა და მეტად წვრილშვილიანი იყო. ეს დედაკაცი ცოტა უხეირო, უნდილი რამ იყო, გარჯა
ეზარებოდა და წვრილ-შვილი ნახევარზედ მშიერ-მწყურვალი ჰყვანდა.
ოთარაანთ ქვრივი ყოველ კვირა დღეს ერთ ათიოდ შოთს და ერთ ბადია
კორკოტს თავის ფეხით გადაუტანდა ხოლმე.
— აჰა, ხეთქეო, — ეტყოდა ხოლმე დედაკაცსა, — დაგიღია ეგ შავის მიწით
ამოსავსები პირი, შე პირშაო, შენა, და შენი დღენი ძაღლსავით სხვას
შეჰყურებ, აგერ გამოხრულს ძვალს გადმომიგდებენო. შე არდასაცალებელო, რისთვის მოუცია ღმერთს ეგ ბარძაყის ოდენა მკლავები!..
დახე, დახე, ამ წუწკსა, წუწკის შვილსა, სამგლე გოჭსავით გათხვირულა,
ლუკმა-პურის შოვნის უნარი კი არა აქვს. რა კარგი დაეყრებათ ამ შენს
ცოდვის შვილებსა! შენი მაყურებლები შენგან აბა რა კარგს ისწავლიან!
ესენი მაინც არ გეცოდება, შე უბედურის დღისავ!..
დედაკაცი, ამისთანაების ჩვეული, მაინც მადლობას ეტყოდა ხოლმე.
— მადლობა!.. შენთვის მაგრად შეინახე, ძონძებში გამოიკარ, არ
დაგეკარგოს... დიდი განძია ეგ შენი მჭლე მადლობა ოთარაანთ
ქვრივისათვის, ო შენმა მზემ! ეგრე ხელგაშლით რად იხარჯები. აი, მეხი კი
დაგაყარე! მადლობა!.. კარგია — მუქთაა თორემ მაგასაც ხომ ვერ იშოვიდი,
რომ გარჯით საშოვარი იყოს. მადლობა!.. ეგ შენი მადლობა გინდა გახიე,
გინდა გაფხრიწე...
გლახა-მათხოვარი ისე არ მიადგებოდა კარს, რომ ოთარაანთ ქვრივს
რითიმე არ გაეკითხა, მაგრამ თავისებურად კი წამოულაგებდა.
— ი... ი... ი... შენ კი მოგიკვდა ეგ უხეირო თავი, — მიაყოლებდა ხოლმე,
როცა გასაკითხს აწვდიდა, — დაგიბრიყვებია ჩემისთანა სულელი
დედაკაცები და ლუკმა-პურს პირიდამ აცლი. აი, მეხი კი დაგაყარე მაგ
ქეციან თავზედ. შე ოხერო, რომ აგიღია თავი და დაეხეტები სათხოვრად,
ნამუსი აღარა გაქვს? ამ წუთის-სოფელში ვისა აქვს მეტი ლუკმა, რომ შენც
გაძლიოს. ვერა ჰხედავ, შე გულმკვდარო, რომ ვინც კია, წელებზედ ფეხს
იდგამს და დღის სარჩოს ძლივსა ჰშოულობს და შენ როგორღა გარჩინოს.
ქვეყნისა არა გრცხვენიან! არა, შე ოყრაყო, ოთარაანთ ქვრივი დედაა შენი,
მამაა, თუ შენი მოვალეა, რომ შეგინახოს! აი გაგიხმეს ეგ ხელ-ფეხი
რისთვის გასხია ეგენი მაგ მუტრუკს ტანზედ, თუ ვერ მოგიხმარებია?
ქვეყანას თავისი თავი კი შეუნახავს, რომ ეგ შენი ბრიყვი თავიც ინახოს? ფუ,
შენს ნამუსსა!..
თუ მეტად შესაბრალისი და ღონემიხდილი გლახა შეხვდებოდა, ამაებს
ხომ ეტყოდა და ეტყოდა და ბოლოს დაუმატებდა:
— წამოეთრიე ერთი მარანში, ღვინოს ჩაგაცეცხლებ. ნუ გეგონოს კი, რომ
მადლს გიშვრებოდე რასმე. აი, გაქრეს, — ოთარაანთ ქვრივმა შენთვის არა
გამოიმეტოს-რა. აი, ქვევრში რაღაც წუმპე ნაძირალა დამრჩა, მაინც
გადასაღვრელია და ბარემ შენ ჩასცეცხლო.
წაიყვანდა, ერთ ორიოდ ჩარექას კაი ღვინოს გადაახუხებდა და
გამოისტუმრებდა თავისებურად ქება-დიდებით.
ერთხელ ერთი მთხოვარა მიადგა კარს. ოთარაანთ ქვრივმა გამოუტანა
გასაკითხად ერთი უშველებელი შოთი, რასაკვირველია — თავისებური
პილპილიც მოაყარა ზედ: კარგად, ლაზათიანად გამოგილანძღათ. როცა
მთხოვარა გაბრუნდა, მაშინ შეასწრო თვალი, რომ ფეხები დაჰხეთქოდა
ფეხუცმელობით.
— დამაცა, შე არ-დასაცალებელო, — დაუძახა მთხოვარას.
მთხოვარა გაჩერდა. ოთარაანთ ქვრივი შევარდა სახლში, იღლიას ქვეშ
ამოიჩარა ექვსი შოთი, მოვიდა მთხოვარასთან და დაუყვირა:
— მე გამომყევ, შე ადრე და მალე დასამარხავო!
გაოცებული მთხოვარა გაჰყვა, ოთარაანთ ქვრივი გავიდა სოფლის
ბაზარში, ერთი შოლტი საქალამნე ღორის ტყავი გადმოაღებინა მედუქნეს,
ექვსი პური მისცა, ტყავი გამოართვა და ისე მიახალა თავში მთხოვარას,
რომ საწყალმა თვალებზედ ხელი მიიფარა, ცხვირ-პირში არ მომხვდესო.
— აჰა, შე არ-დასარჩენო, ამოისხი და ჩაიცვი. იქნება ამოსხმაც არ იცოდე, შე
დასაღუპავო.
— რაო, ოთარაანთ ქვრივო, გემართა მაგისი, თუ რა არის? — ჰკითხა
ქოსმანსავით გათხვირულმა მედუქნემ.
— მაშ არა-და, მაგის თავის მზემ, ჩემს თავს პურს დავაკლებდი და მაგის
ქალამანში მივცემდი, — იტყუა ოთარაანთ ქვრივმა.
III
ხუთი ქისა.
ოთარაანთ ქვრივს სოფლის ნაპირას ერთი კაი მოზრდილი ფიცრული
ედგა. მისი ეზო, საკმაოდ ფართო გლეხკაცისათვის, გარს შემორტყმულია
ტყრუშულის ღობითა. ეზო წმინდაა, ფაქიზად შენახული და დერეფნიდამ
მოყოლებული ჭიის-კარამდე სიგრძე-სიგანეზედ მწვანით აბიბინებული.
დერეფნის წინ, ერთ ოციოდ ნაბიჯზედ, უშველებელი კაკალი სდგას,
შტოებ-ძირდაშვებული, შემორგვალებული, თითქო განგებ
შემოკვეცილიაო.
კაცის თვალს ეამებოდა, რომ ეს ეზო ენახა. სახლი, როგორცა ვთქვით,
ფიცრულია. მარტო ჩრდილის მხრივ კედელი მთლიანია, სხვა მხრივ კი
ყოველგან თითო კარი აქვს დატანებული. კედლები ყველგან დაჩითულია
სათოფეებითა. სჩანს შიშიანობის დროს ყოფილა აშენებული.
ამ სახლს მარჯვნივ წალმით დახურული მარანი ედგა, ოთხკუთხივ ღია და
ფარღალალა. სახლის უკან კალო-საბძელია და საბძელ-ქვეშ გომური.
სახლის მარცხნივ პატარა ადგილია შემოღობილი და შიგ ბოსტანია.
აქ მოჰყავს ხოლმე ოთარაანთ ქვრივს ყოველივე ბოსტნეულობა, რაც კი
დასჭირდება საზაფხულოდ, თუ საზამთროდ. თავისის ხელით ჰბარავს,
სთოხნის, ჰმარგლის, სთესს და ჰკრეფს ხოლმე. თუმცა სოფლელნი ბევრს
იძახდნენ: ვის გაუგონია დედაკაცის ბარი და თოხიო, მაგრამ ოთარაანთ
ქვრივი არას დაგიდევდათ.
— თუ არ გაუგონიათ, ეხლა გაიგონონო, — ამბობდა ხოლმე. — მითამ მე
რითა ვარ ნაკლები აიმ დამპალ გოგიაზედ! თუ იმასა ჰშვენის ბარი და
თოხი, მე რაღა ღვთისაგან შერისხული ვარ. რა ვუყოთ, რომ ის მამაკაცია და
მე დედაკაცი. მითამ ჩემზედ წინ რით არის? იმასაც ორი ხელი და ფეხი აქვს
და მეცაო. თუ ის ხელ-ფეხს ასაქმებს, მე რაღა დარდუბალა გადამკიდებია!..
რა საპყარი და დავარდნილი მე მნახესო!..
ბოსტანში მუშაობა ისე უყვარდა, რომ სხვის ხელს არ მიაკარებდა.
ბოსტანში პატარა რუი იყო გაჭრილი და მუდმივ და გაუწყვეტლად წყალი
ჩამოჩუხჩუხებდა, დიდის სასოფლო რუიდამ წამოყვანილი. იმ სოფელში
წყალი ბევრი იყო, სოფელს ზედ შუაზედ სამის წისქვილის წყალი
ჩამოუდიოდა. როცა ძალიან გოლვა იყო, მაშინ კი წყალს სოფლელნი
ერთმანეთსა ჰპარავდნენ, სტაცებდნენ ბოსტნებისა და ნამეტნავად
ვენახების სარწყავად. ოთარაანთ ქვრივს კი ვერ უბედავდნენ წყლის
მოკლებასა. თუ ვინმე გაჰბედავდა, ვაი იმას!.. ოთარაანთ ქვრივი
მეწისქვილესავით გაიდებდა ხოლმე მხარზე თოხსა და აჰყვებოდა რუს
თავამდინა. გლეხები რომ ამ ყოფით დაინახავდნენ ოთარაანთ ქვრივსა,
იტყოდნენ:
— წამოვიდა მეხი, და ვაი იმას, ვისაც დაეცემაო.
სახლში რომ შესულიყავით, ყველაზედ უწინარეს თვალში გეცემოდათ
სიფაქიზე და დაგვილ-დაწმენდილობა იქაურობისა. თარო ჩრდილოს
მთლიან კედელზედ თავიდამ ბოლომდე გახიდულია და ზედ
ჩამომწკრივებულია სუფთა ჭურჭელი ქაშანურისა. ორიოდე ქვაბი, ტაფა,
ჩამჩა, ქაფქირი, ძალზედ დაწმენდილ-დარეცხილი, მხიარულად
გადმოიცქირებიან მაღლიდამ, თითქო თავს იწონებენ, რომ კარგი
მომვლელი და პატრონი ასჩენიათ.
კერას აქეთ-იქით თითო ტახტია დაფენილი ჭრელის ფარდაგებითა. კარგა
ხნის ფარდაგებია, მაგრამ კარგად შენახული და ნაპატრონები. ტახტების
თავზედ თითო ბაცანკალი, ანუ როგორც ზოგან ეძახიან, სართუმალი სდგას
ხარატით ნაკეთები. კუთხეში ერთი დიდი კიდობანია. ეტყობა ძველი
ნაკეთობაა, იმიტომ, რომ წინა-პირზედ გამოხარატებულია სხვადასხვა სახე
და ძველებური გრეხილ-ხვეულები სილამაზისათვის. ერთი დიდი სკივრიცა
სდგას მეორე კუთხეში. ეტყობა ერთს დროს ლურჯად ყოფილა შეღებილი
და ეხლა კი საღებავი გადასვლია. ამ სკივრზედ აკოკოლებულია ქვეშსაგები,
ლურჯის სუზანით თავიდან ბოლომდე ჩამოფარებული.
ამ სახლის, ანუ როგორც თითონ ოთარაანთ ქვრივი ეძახდა, დარბაზის
მოწყობილობისათვის რომ თვალი კარგად დაგეკვირვებინათ, იტყოდით —
ამის პატრონი შეძლებული კაცი უნდა იყოსო. არც მოსტყუვდებოდით.
გლეხკაცობის კვალობაზედ ოთარაანთ ქვრივს ბევრი შეჰნატრებდა. ამას
ქმრისაგან დარჩა ნახევარ-გუთნეული საქონელი, ორი ფურ-კამეჩი, სამი
ძროხა, ამას გარდა ორის დღის კარგად გაკეთებული და გავსებული ვენახი
და ოციოდ დღის სახნავ-სათესი მიწა.
ვენახს ქვრივი ძალიან კარგად უვლიდა, ძალიან აპატიებდა და ვენახიც
კარგს მოსავალს იძლევოდა. ამბობდნენ, რომ ოთარაანთ ქვრივი, — რაც
უნდა მდარე მოსავალი ყოფილიყო, — სამს საპალნეს ღვინოს მაინც
გაჰყიდდაო ყოველ-წლივ. მისი ღვინო საპალნე შვიდ-რვა და ათ თუმნადაც
ბევრჯელ გაყიდულა თურმე. შინაც სახარჯოდ ღვინოს სამყოფზედ მეტს
ინახავდა. ათის დღის მიწას ყოველ-წლივ ჰხნავდა. სყიდვით იქნებოდა,
ალოთი, თუ თავისის გუთნით, ათის დღისას უსათუოდ მოჰხნავდა და
მოსთესავდა.
გაჰყიდდა ღვინოსა და მომეტებულს პურს თუ არა, ფულს ხუთ ნაწილად
ჰყოფდა და ხუთ რიგად ინახავდა. ამისათვის ნაჭრებისაგან ჭრელი ქისები
ჰქონდა, ჩანთასავით შეკერილები. ერთს ამისთანა ქისას „საჭირნახულოს“
ეძახდა და შიგ ინახავდა სახარჯოს პურისა და ქერების სამკალად,
მოსაზიდად და სალეწად. მეორე ქისას „ბარაქალა ქისას“ ეძახდა. ამაში
ინახავდა სახარჯოს ვენახის სამუშაოსათვის. მესამე ქისას “საჯანაბო”
ერქვა. ამაში ინახავდა ფოსტის ფულსა და საბეგროსას, თუ ვინიცობაა
სოფელი ოდესმე შეაწერდა. მეოთხე ქისაში ინახავდა მოჯამაგირის
საჯამაგირო ფულსა. ამ ქისას ეძახდა: „მიეცი და მოგეცესო“. მეხუთე ქისაში
ჰქონდა საშინაოდ სახარჯო და ღარიბთა გასაკითხი ფული. ამ მეხუთე
ქისას ოთარაანთ ქვრივი ხან „ფარსიღას ქარვასლას“ ეძახდა, ხან „შიოს
მარანსა“.
თვლა თუმცა მაგრე-რიგად არ იცოდა და ხშირად კენჭებს მოიშველიებდა
ხოლმე, როცა უამისოდ დათვლა უჭირდებოდა, მაგრამ ანგარიში ძნელად
შეეშლებოდა. პირველს ოთხს ქისაში იმდენს ჩააწყობდა, რამდენიც საჭირო
იყო და ძალიან იშვიათად მომხდარა — ანგარიში არევოდეს. რაც პირველს
ოთხს ქისას გადარჩებოდა, ყველას მეხუთე ქისაში დაუთვლელად
ჩაჰყრიდა და, მინამ გამოილევოდა, დაუთვლელადვე ჰხარჯავდა.
IV
განძი და ანდერძი.
ყველაზედ უძვირფასესი განძი სხვა დარჩა ოთარაანთ ქვრივს თავის
ქმრისაგან. ქვრივს კი მართლა უძვირფასესად მიაჩნდა და სხვისა კი არ
ვიცით. ეს განძი თოფ-იარაღი იყო. მისი ქმარი, დიდი გამრჯელი, მოამაგე,
დიდი მუშაკაცი, განთქმული მონადირეც ყოფილა. სახლში რომ
შესულიყავით და კერიდამ მარჯვენა ტახტის ზემოდ კედლისათვის
შეგეხედნათ, ჰნახავდით ბუდით ჩამოკიდებულს კარგად მოზრდილ თოფს,
ხმალს თავისის ყაწიმებითა, ხანჯალს, დამბაჩას, სასწრაფოს და
საპირისწამლეს.
კვირა არ გავიდოდა, რომ ოთარაანთ ქვრივს არ ჩამოეღო ეს იარაღი და
გულდადებით არ გაეწმინდა. როცა ამას შეუდგებოდა, გეგონებოდათ
ჰლოცულობსო, ისე გულდასმით, კრძალვით და სასოებით დაუწყებდა
ხოლმე წმენდასა. რაც ქმარი მოჰკვდომოდა, მას აქეთ სულ ასე ექცეოდა ამ
იარაღსა. სულთმობრძავი რომ ყოფილიყო, მაინც ერთს კვირას ისე არ
გაატარებდა, რომ არ დაეწმინდა, არ დაეკრიალებინა, ცხვრის დუმით არ
გაეპოხა და ისე არ დაეკიდნა თავის ადგილას. ხოლო ერთხელაც ისე არ
გაუწმენდია, რომ თვალში ცრემლი არ მოჰრევოდეს, გული არ
ამოსჯდომოდეს და არ ატირებულიყოს.
— ვაი, ვაი მე უბედურსა!.. — ჩაიკრავდა ხოლმე გულში ხელს. —
სადედაბეროდღა გახდა ეს ვაჟკაცის იარაღი. მოგიკვდათ, თქვე საწყლებო,
კაი პატრონი!.. უიმე!.. განა მარტო თქვენ მოგიკვდათ!.. ხომ მეც მომიკვდა,
მეც!.. წაიღო შავმა მიწამ ჩემი თევდორე... წამოგექცა, ოჯახო, დედაბოძი,
დაგიმიწდათ თოფო და ხმალო, თქვენი ფანდი ვაჟკაცი... გატყდა შუაზედ
ჩვენის წუთის-სოფლის უღელიცა, მოგიკვდა, ოთარაანთ ქვრივო,
ტოლდასადები მეუღლე, დარჩი ცალად... ვაიმე უშენოსა!.. ყვირილობის
თვეში რომ ირემს მომაყენებდა ურმით!.. იმისი ზარიანი ხმა რომ ყურს
მომხვდებოდა, გული გადამიტრიალდებოდა სიხარულით. ჭირიცა და
ლხინიც სულ მღერითა და გალობით იცოდა. კაცი იყო, კაცი!.. ვენაცვალე
იმის ჩრდილს!.. იმისი მუშაობა რომ ენახა კაცს, — თუნდა მარტოც
ყოფილიყო — ქორწილი ეგონებოდა. ქვასაც კი გააღვიძებდა და ხელს
გაანძრევინებდა. ვენაცვალე იმის სახელს!.. რო კვდებოდა, მაშინაც კი არ
შეუკრავს წარბი, დამიძახა და მითხრა:
— რა გატირებს, ადამიანო! განა შენ კი შერჩები ამ წუთის-სოფელსაო.
ყველას ბოლო ეს არის, ტირილით ნაშობი სიცილით უნდა კვდებოდესო.
სააქაოს სტუმარი ვიყავ და ეხლა შინ მივდივარო. რა გატირებსო.
— რა ვქნა მე უშენომა? — შევჩივლე მე.
— როგორ თუ რა ჰქნა!.. გაისარჯე და ირჩინე თავიო. მე კი თითებიდამ
ზეთი და ერბო მწვეთდა თუ! ვირჯებოდი და უტკივარს ლუკმას ვჭამდიო.
ქვეყანა ღონიერია, ნუ გეშისო. ოღონდ ჭირს ნუ დაუტყდები, ნუ
გაელახვინებიო... ე ჩემ პატარა გიორგის უპატრონეო, არ გამიღარიბო,
არავის დამიჩაგვრინო, არავის არ შემინატვრინოო! გაიზარდოს და მერმე
თითონ იცის. თუ იქნება თავისით იყოს, თავის მარჯვენით კაცობდესო.
მამისეული თოფ-იარაღი შეუნახე, გამოადგება... თოფი ხაზინიანია —
გაუფრთხილდეს, მხარში ცემა იცის. შორს მანძილზედ კარგად მიდის,
ნიშანი კი ცოტა მაღლა დაუჭიროს... ეი... მაგის ტყვიის ზუზუნი ერთ
რათმედა ჰღირს!.. ეჰ, რა ვუთხრა ამ წუთის-სოფელს!.. არ დამცალდაო...
შენც მენანები, მაგრამ ეგ უფრო მენანება, ბალღია უსუსური, უმწეო. ეჰ,
ნეტავი კი ეგ დავაჟკაცებული მენახა და!.. მერმე თუნდა ურმის თვალზედ
გავცმოდიო... ეჰ, რაც არის, არის... ეშმაკის კერძად არ გამხადო, მკვდარს
დამიურვე, მიპატრონეო.
ამის მერმედ ბევრი აღარა დასცალდა-რა. სთქვა ეს თუ არა, გადაბრუნდა
კედლისაკენ, ერთი ამოიკვნესა, ჯიგარი თან ამოაყოლა, „მივდივარო“
მითხრა და მიაბარა ღმერთს ალალი სული. ვაი შენს დამკარგავს, ჩემო
კარგო თევდორე.
ყოველს ამას მოიგონებდა ხოლმე ოთარაანთ ქვრივი, კალთით
მოიწურავდა თვალებიდამ ცრემლს, და მინამ თოფ-იარაღს კრიალს არ
დააწყებინებდა, არ მოეშვებოდა არც წმენდას და არც ტირილსა. რა თქმა
უნდა, რომ ამ ცრემლს არავის დაანახვებდა, შვილსაც კი, შვილსაც არ
შეამცნევინებდა ხოლმე.
ქმრის ანდერძს არ უღალატა. ოჯახიც შეინახა, სარჩო-საბადებელსაც თუ არ
მოუმატა, არა დააკლო-რა, იარაღსაც კარგად უვლიდა და მკვდარსაც
უურვებდა იმით, რომ ყოველ კვირას კორკოტსა და წანდილს ჰხარშავდა
იმის სულის საცხონებლად და ყოველ-წლივ აწირვინებდა.
შვილის მოვლას ხომ ზედ შეალია თავისი ყმაწვილ-ქალობა. ოცდაოთხის
წლისა ძლივ იქნებოდა, როცა დაქვრივდა და ერთის წლის შვილი დარჩა.
ის დღეა და ეს დღე, ჩაიცვა ლურჯი შილის პერანგი, შავი კაბა, თავზედ შავი
მანდილი მოიხვია და აი ეს ოცი წელიწადია მხიარული ფერი არ
მიუკარებია ტანზედ. თუმცა ბევრი მთხოვნელი ჰყვანდა, ბევრი
ეხარბებოდა ოთარაანთ ქვრივის ოჯახში შესვლას, მაგრამ-თქვენც არ
მომიკვდეთ-არ გათხოვდა და არა.
— მერე რა პირით-ღა შევეყარო საიქიოს ჩემს ქმარსაო, — ამბობდა ხოლმე.
— აი, უწინამც დღე დაუბნელდეს ოთარაანთ ქვრივს, მინამ მამინაცვალს
სახლში დაუსვამდეს თავის პატარა გიორგისა. ვენაცვალე იმის სიყრმეს!..
მამაშენს ვუღალატო!.. შენ გაგცე!.. აი, უწინამც დედამიწა გაირღვევა და შიგ
ჩამიტანს. გაიზარდე, ჩემო თვალის სინათლევ, და გაახარე აქ დედა-შენი
და იქ მამა-შენი. აი, შენ დაგედოს მტლად შენი უბედური დედა!
იტყოდა ამას და შიგ გულში ჩაიკრავდა ხოლმე თავის პატარა ბუთხუზა
ბიჭსა.
V
დედა-შვილობა.
იმ დროს, როცა ჩვენს მოთხრობას ვიწყებთ, ოთარაანთ ქვრივის შვილი
გიორგი ოც-და-ერთის წლის ბიჭი იყო. ერთი ჯმუხი და ძარღვიანი
ყმაწვილი კაცი დადგა. კუპრსავით შავი და კარგად დაკოკრებული წვერულვაში ლამაზად უხდებოდა მის შავგვრემანს და მოხდენილად
მოყვანილს სახესა. თვალადობით მეტად სანდომიანი და მარილიანი იყო,
და უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ მისი დიდრონი ქორული თვალები ცოტა
მრისხანედ არ გამომეტყველებოდნენ. თვალთა მეტყველების ჭექას
აძლიერებდა გადაბმული წარბები. ეს მარილიანობას სახისას ბევრს
უშლიდა. ამის გამო კაცი უნებურად თვალს მოარიდებდა პირველ თვალის
მოსწრებაზედ. ხოლო რამდენსაც უფრო დააკვირდებოდით მის პირისახეს
და თვალებსა, უფრო და უფრო მოგეწონებოდათ გიორგი. იშვიათად იცოდა
ღიმილი, მაგრამ როცა კი გაიღიმებდა, თვალი ზედ დაგრჩებოდათ, ისე
უხდებოდა ღიმილი. ტანადაც ერთი ბრგე კაცი იყო, მარჯვედ მოყვანილი
და კარგად ჩასხმული.
კოხტად და ფაქიზად ჩაცმა-დახურვა უყვარდა. იმისი ყაითნებით
მორთული საცვეთები, ჭრელი წინდები და ლამაზად გაწყობილი ფეხზედ
ქალამანი რომ გენახათ, მაშინ დაიჯერებდით, რომ ჩვენებურ გლეხის
ფეხსაცმელსაც თავისი სიტურფე და სილამაზე აქვს.
ბაზარში რომ გაივლიდა, იტყოდნენ ხოლმე: ერთი დოინჯის შემოყრა-ღა
აკლია, თორემ თავადიშვილია და თავადიშვილიო.
ბევრს სოფლის საპატარძლო ქალებს თვალი დარჩენია გიორგიზედ, ბევრს
შევარდნია გული, ბევრს ჩასახვია გულში იმისი სურვილი. გიორგის კი
აინუნშიაც არავინ მოსდიოდა... ტოლ-ამხანაგობას აგრე-რიგად არ
ეწყობოდა. და თუ როგორმე ჩაერევოდა, პირველობას ყველგან ამას
უთმობდნენ.
მუშაობაში ხომ მთელს სოფელში ამას სწორი არა ჰყვანდა თითქმის.
— ერთი გიორგის ხელეური მთელ ძნად შეიკვრისო, — ამბობდნენ
გლეხკაცები: — ბარს დაჰკრავს, ბარს, ასე გგონია დედამიწა უნდა
შუაგულამდე ჩაანგრიოსო. მარტოხელი ძნის ურემს დაუდებს და შინ
მოიტანსო. რაკი საქმეს დაადგება, ზედ შეელევა, მინამ თითონ საქმეს არ
შეჰლევსო. საქმის გულით ამყოლია და ბოლომდე გამტანიო.
ბევრს ამისთანაებს ლაპარაკობდნენ გიორგიზედ სოფელში და
მუშაკაცობის სახელი გავარდნილი ჰქონდა.
— ძალიან ხელგამომავალი ბიჭიაო, — ამბობდა ხოლმე ამისი დედა, —
დიდი გამრჯელი, მაგრამ ცხონებულსავით გულღია და გულმხიარული არ
არისო. ის ცხონებული ისე შეეჭიდებოდა საქმეს, თითქო ღრეობასა და
ლხინშიაო. ესეც იმისავით გულმოდგინეა, დაუზარებელი, ხელმართალი,
მაგრამ ძნელად თუ სადმე წარბს გაიხსნის და საქმეს შესცინებსო, — სულ
პირდაღვრემილია და წარბშეკრულიო.
თუმცა ასეთი იყო გიორგი, მაგრამ თავისის დედის ყურმოჭრილი ყმა იყო
თითქმის. მის უნებურს თავის დღეში არ ინდომებდა. თუმცა კარგა
მოზრდილი იყო, მაგრამ გიორგი სახლსა და ოჯახში ბატონობას არ
შეეცილა დედასა. გვგონია, პირველობას და უფროსობას არც კი დედა
დაუთმობდა, თუმცა შვილი გაგიჟებით უყვარდა. ან რა საჭირო იყო?
ვაჟკაცს არ შეეძლო ოჯახის მოვლა ისე, როგორც ოთარაანთ ქვრივსა.
ამათს დედა-შვილობას ბევრი შეჰნატროდა. დედაც შეჰხაროდა
თავმოწონებით შვილსა. დედამიწის ზურგზედ იმის მეტი სიხარული და
ლხენა არა ჰქონდა-რა, რომ შვილისათვის ეცქირნა, შვილისათვის
ეცოცხლნა. „შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენთვის დავიცემ დანასაო“,
იტყოდა ხოლმე თავის გულში დედა, როცა შვილს სამუშაოდამ მომავალს
დაინახავდა.
ხომ ესე იყო, მაგრამ თავის დღეში არავისთვის შეუტყობინებია, რომ შვილი
ასე გაგიჟებით უყვარს. შვილსაც კი უმალავდა თავის გულის-ნადებსა.
მარტო ეს კი იყო, რომ შვილთან ტკბილი ლაპარაკი იცოდა. თავის დღეში
არ გაუჯავრდებოდა, თავის დღეში ავის სიტყვით არ მოიხსენიებდა, თუმცა
ხშირად კი სტუქსავდა. შვილი, რომელიც სხვისაგან თავზედ ფრინველსაც
არ გადიფრენდა და ფეხქვეშ ჯიანჭველასაც არ გაიტარებდა, დედას თავის
დღეში სიტყვას არ შეუბრუნებდა, რაც უნდა ძლიერ ეტუქსნა.
— მართალია და იმიტომაო, — იტყოდა ხოლმე თავისთავად გიორგი, —
ბრალი ჩემია და ტუქსვაც ჩემზედ ახიაო.
არც ერთხელ არ ახსოვს გიორგის, რომ დედას უმიზეზოდ, ტყუილუბრალოდ დაეტუქსოს. რაკი ჩაუფიქრდებოდა ტუქსვას, მაშინვე გულს
დააჯერებდა, რომ დედა მართალია. მართალს შეჩვეულს თითონაც
მართალი უყვარდა. ღალატი და არმობა ისე გააწიწმატებდა ხოლმე, რომ
თუ საჭირო იყო, ხელსაც გამოიღებდა, ჩხუბს ასტეხდა, თავს გამოიდებდა.
ჯერ კიდევ ბალღობაში მოუხდა ამისთანა საქმე და აქამდე ახსოვდა.
ახსოვდა იმიტომ, რომ დედისაგან ტუქსვას, შერისხვას მოელოდა, და ამის
მაგიერ დედამ კი მოუწონა.
ერთხელ-ჯერ გიორგი ათი-თორმეტი წლისა ძლივ იქნებოდა — ერთს
მოზრდილს ბიჭს თავისზედ პატარა ბიჭისათვის ქამრის ღილები
დაეტყუვნა. მოტყუებული ბალღი ტირილით იჭაჭებოდა და ის კი ღილებს
არ უბრუნებდა, გიორგიც მაშინ იქ ყოფილიყო და ბალღებთან ჰთამაშობდა
თურმე. ყური მოჰკრა ბალღის გულამომჯდარ ტირილსა. შეიტყო მიზეზიცა
და აემღვრა პაწაწა გული. დაანება თავი თამაშობას და მივარდა ღილების
დამჩემებელს: მიეცი, რას ემართლებიო. იმას ხელი ეკრა მეტიჩარასათვის
და გადაექცია. გიორგი წამომხტარიყო და ქვა დაეშინა. მივარდნოდა ურჩი
ბიჭი, ხელახლად წაექცია გიორგი და ცემა დაეწყო. მოშველებოდნენ
გიორგის სხვა ამხანაგები, ამოედოთ ქვეშ გიორგის მცემელი, წაერთმიათ
ღილები და კარგადაც დაეზილათ. თუმცა პატარა ბალღს დაუბრუნეს
წართმეული ღილები, მაგრამ გიორგი კი კარგად იყო დაბეგვილი. ცხვირი
გაეტეხნათ და სისხლი სდიოდა. წითელი გულისპირი სულ
ჩამოეფხრიწნათ.
ცხვირ-პირ-დასისხლიანებული გიორგი, გულისპირ-ჩამოგლეჯილი რომ შინ
მიუვიდა დედას, ელდა ეცა.
— ეგ, რა არის, შვილო, მაჩვენე ერთი რა გაქვს გატეხილი?
— კუპრაანთ თედომა მცემა.
— რადა?
— თედოს მანასაანთ გოლასათვის ქამრის ღილები წაერთმია. ჩვენ უკანვე
გვინდოდა გამოგვერთმია და ჩხუბი მოგვივიდა. მომერია, ის დიდია, მე
პატარა.
— მერე წაართვით?
— წავართვით.
— რა უყავით?
— ისევ გოლას მივეცით.
დედას იამა და შუბლზედ წარბი გაეხსნა.
— ნუ გეშინიან, ცხვირი გაგიკაწრავს ცოტად, გაიზრდები, დაგავიწყდება, —
უთხრა შვილს.
— არ დამავიწყდება. დაიცა ერთი გავიზარდო!.. მე ვუჩვენებ, — ცემა
როგორც უნდა.
დედამ შვილი გულს ჩაიკრა.
— სულ ცხონებული მამაა, ცხონებული მამა, — გაიხარა დედამ, — უი, შენ კი
გენაცვალოს დედა-შენი, ჩემო ქებავ და დიდებავ!
ეს გულში სთქვა და გულშივე დაიმარხა, შვილს ცხადლივ არა უთხრა-რა.
ხოლო ცხვირ-პირი რომ დაჰბანა და მოალამაზა, ეს დაატანა:
— აი, ჩემო კარგო, ეხლა უფრო ლამაზიცა ხარ და!.. წადი, შვილო, ითამაშე,
ეხლა უფროც მოგიხდება. ჰტიროდა განა გოლა?
— მაშ?
— გაუხარდა ღილები?
— მაშინვე დაჩუმდა, აღარა ჰტიროდა.
პატარა გიორგი გამოჰწკრინდა თავის ტოლ-ამხანაგებისაკენ სათამაშოდ.
დედამ უყურა, უყურა გამალებულს შვილსა და როცა თვალთაგან მიეფარა,
სთქვა:
— უი, შენ კი გენაცვალე! მამაც კარგი გყვანდა და არც შვილი იქნები
უარესიო.
VI
გიჟია, თუ რა?
ეს ხასიათი დასჩემდა გიორგისა. დედისავით, — თავისი იყო, თუ სხვისა, —
თუ ცუდი რამ იყო, გამოეკიდებოდა. ბევრს ამისათვის არ მოსწონდა
გიორგი. კაცო, რა უნდა, სხვის საქმეში რად ერევაო? არა ერთი და ორი
იძახდა ამას სოფელში. ამ ხასიათმა ბევრი ხიფათი შეამთხვია, მაგრამ არც
თითონ იშლიდა, არც დედა უშლიდა. ამას წინად - სულ ორი კვირა არ
იქნება — კინაღამ სოფლის სასამართლომ გომურში არ ჩაამწყვდია. ერთი
უცნაური და დაუჯერებელი ამბავი ჩაედინა.
გიორგი ტყეში ყოფილიყო ჭიგოს საჭრელად. ომარაანთ მოჯამაგირე ენახა
ტყეში. თურმე ურემი გამოუტანებიათ შეშისათვის და ის კი ჩრდილში
წამოწოლილიყო და ლაზათიანად ჰხვრინავდა. ეს კიდევ არაფერი.
კამეჩები წნელით გამოება ურემზე. საცოდავი პირუტყვები იქავ ურმის
თვალთან ეყარნენ და ზარმაცად იცოხნებოდნენ უილაჯობით.
გიორგი თურმე ზედ მიადგა მოჯამაგირეს, ტყიდამ მოდენილი. ფეხი წაჰკრა
გასაღვიძებლად.
— ადე, ძმობილო, აუშვი ე კამეჩები, ცოდონი არიან.
— შენ რა ჩემი ფეხები გინდა, — დაუყვირა მოჯამაგირემ, როცა თვალები
წამოაჭყიტა.
— თითონ რომ არ ვარგიხარ, შენი ფეხები ვისთვის რის მაქნისია. კამეჩები
ცოდონი არიან-მეთქი.
— მერე შენ რა გეპრიანება?
— ის მეპრიანება, რომ არამია შენთვის ჯამაგირი. ვთქვათ პატრონს ატყუებ
და ატყუებ, ე პირუტყვი მაინც არ გენანება, ქრისტიანი არა ხარ, მაგათი
ცოდო მაინც არ გწვავს!.. მიგიღძვია საცოდავები წნელით ურემზედ,
შიმშილით ფერდები ჩასცვივნიათ.
— მაშ არა და თავზედ დავისვამდი.
— დაისვამდი, მე ვიცი, მაგ ქეციან თავზედ ბევრს კი მოსძოვდნენ, აი!.. ვერა
ჰხედავ, ტყეში ბალახი მუხლამდეა! ფასი ხომ არ გაგივა, გაგეშო, პირი
მოეტყუებინათ.
— გამეშო-რა, მუქთი ფეხები მაქვს, მაგათ ძებნაში მერე სული
ამომრთმევოდა.
— აი, შე უნამუსო! აქაო და არავინა მხედავსო, ნამუსის ქუდი აგიხდია და
ლაფში გადაგიგდია. შენს ღმერთს რაღას ეუბნები! აქაო და კამეჩი
პირუტყვია, შებრალება არ უნდა, თუნდაც სხვის ამანათი, სხვის მონაბარი
არ იყოს!
— მერე შენ რა? ვისი ტიკი-ტომარა ხარ. შენი მოჯამაგირე ხომ არა ვარ?
— აი გაქრეს, გიორგიმ შენისთანა კაცი ახლოც არ მიიკაროს!!. ჩემი რომ
იყო, ცარიელ პურის ჭამის ფასადაც არ შეგინახავდი. ადე-მეთქი!..
— დამეხსენ... შენ შენს წერას ხომ არ აუტანიხარ, რატომ ეგრე არახუნებ.
თუ ზურგი არა გქავა, შენ შენს გზაზედ წადი-მეთქი, თორემ...
— თორემ... მე ვიცი, ყურებზედ ხახვი არ დამაჭრა. ადე-მეთქი, ამ
პირუტყვების ცოდვაში ნუ სდგები, თორემ ამ ჭიგოს ხომ ჰხედავ?..
გიორგიმ ამის თქმაზედ ფეხი კიდევ წაჰკრა. მოჯამაგირე გულზე მოვიდა.
წამოუხტა ზეზე. გიორგის წინ აეტუზა, გულ-მკერდი გადმოუგდო და
მიუშვირა, თითქო ეუბნებაო: აბა, ეს მე და ეს შენ, დამკარ თუ კაცი ხარ და
ქუდი გხურავსო.
გიორგის მოეწონა ამისთანა სითამამე მოჯამაგირისა, მაგრამ უკვირდა, —
რის იმედითაო.
— რა ვქნაო, — სთქვა გულში გიორგიმ, — თუ ეს მართლა ვაჟკაცია, საქმეს
არ უღალატებდა, პირუტყვს შეიბრალებდა, და თუ ვაჟკაცი არ არის, რატომ
ესე გაბედულად მომიშვირა გულ-მკერდი და თავმოწონებით ალვის
ხესავით წინ გამემართაო.
— თუ კაცი ხარ და თითს დამაწებ!.. მაშინ ნახავ შენს სეირს, — უთხრა გულმკერდ მოღერებულმა მოჯამაგირემ.
მუქარა იწყინა გიორგიმ. აღარც აცია, აღარც აცხელა, ეცა, წამოჰკრა სარმა
და თუმცა ვერ დასცა, წააბარბაცა კი და ცალი ხელი დააბჯენინა
დედამიწაზედ. წამოუხტა ფიცხლავ მოჯამაგირე, დაეტაკა გიორგის და ჰკრა
გულისპირში ხელი. გიორგი შეტოკდა და გადაიზნიქა უკან.
— ბიჭოს!.. შენ აღარა ხუმრობ, — დაუძახა გიორგიმ, ჭიგო ხელიდამ გააგდო
და შეძიძგილავდნენ.
გიორგიმ ბევრი აღარ აცალა: ჰკრა მოგვერდი და გააკრა დედამიწას,
როგორც შოთი თონესა. წაქცეულს ხელიც არ დააკარა. მოჯამაგირემ
დამარცხება ძალიან ითაკილა, — ისიც თავმოწონებული ბიჭი იყო —
წამოუხტა და ერთი ლაზათიანი სილა გაუშალა გიორგის უეცრად. როგორ
თუ სილაო, მივარდა გიორგი, ამოიდო ქვეშ და იმდენი სცემა, რომ
მოჯამაგირემ ხვეწნა დაუწყო.
— წადი, საცა შენი სთქვა, იქ ჩემიც ნუ დაგავიწყდებაო, — უთხრა გიორგიმ,
— და ღმერთს კი არსად წაუხვალ ამ პირუტყვების ცოდვითაო.
თქმა არ უნდა, რომ გიორგისაგან გაბოროტებულმა მოჯამაგირემ თავისი
ცემა შესჩივლა ომარაშვილსა.
— რადა გცემაო? — ჰკითხა ომარაშვილმა.
— მაგდენს რად უდებ ურემსაო? ან საქონელი არ გეცოდება, ან შენი
თავიო!.. ეგეც რომ არ იყოს, სხვასაც ხომ მაგდენს მოსთხოვენო: ვთქვათ,
შენ შეგიძლიან, სხვა მაინც არ გეცოდებაო. მომდგა ამაზედ და ჭიგო ზედ
დამალეწა. შენც დედა და მამა საფლავში არ დაგიყენა. აქაო-და ჯამაგირს
იძლევა, სულს ხომ არ ამოგართმევს ადამიანსაო.
— ბიჭო-და, მაგდენი არა გედო-რა ურემზე!
— ეგა სთქვი-და!.. მეც ეგ არ მიკვირს, რა მოეჩვენა იმ ოჯახდაქცეულსა! მე
კი ასე შემაქცია-და!..
ომარაშვილი გავლენიანი კაცი იყო სოფელში, ითაკილა, მოჯამაგირე
როგორ გამილახა იმ გუშინდელმა ჭყლინტმაო. წაიყვანა მოჯამაგირე და
სოფლის სასამართლოში აჩივლა. თითონაც, რასაკვირველია, წაექომაგა.
— მოწმე გყავსო? — ჰკითხეს მოჯამაგირეს.
— ოთარაანთ გიორგის რა მოწმე უნდა? ღმერთმანი, იტყუებს-და!.. —
სთქვა ვიღაცამა.
— მაგას კი მართალს ამბობს, — სთქვა ერთმა მოსამართლემ, — ის
ტყუილს არ იტყვის, პირიანი ბიჭია.
კვირა დღეს დაიბარეს გიორგი.
— მართლა სცემე? - ჰკითხეს.
— მართლა ვცემე.
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ოთარაანთ-ქვრივი - 2
  • Parts
  • ოთარაანთ-ქვრივი - 1
    Total number of words is 3738
    Total number of unique words is 2014
    23.2 of words are in the 2000 most common words
    31.5 of words are in the 5000 most common words
    36.3 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ოთარაანთ-ქვრივი - 2
    Total number of words is 3688
    Total number of unique words is 1899
    26.5 of words are in the 2000 most common words
    36.2 of words are in the 5000 most common words
    41.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ოთარაანთ-ქვრივი - 3
    Total number of words is 3706
    Total number of unique words is 1942
    24.2 of words are in the 2000 most common words
    34.6 of words are in the 5000 most common words
    39.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ოთარაანთ-ქვრივი - 4
    Total number of words is 3720
    Total number of unique words is 2025
    25.3 of words are in the 2000 most common words
    35.0 of words are in the 5000 most common words
    40.1 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ოთარაანთ-ქვრივი - 5
    Total number of words is 331
    Total number of unique words is 251
    42.9 of words are in the 2000 most common words
    52.6 of words are in the 5000 most common words
    57.8 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.