🕙 29-minute read
მარტინ იდენი - 04
Total number of words is 3759
Total number of unique words is 1957
33.2 of words are in the 2000 most common words
46.7 of words are in the 5000 most common words
54.6 of words are in the 8000 most common words
მოატანინებდა და ამხანაგების დაცინვას დიდსულოვნად იტანდა. შეჰყურებდა, ჯერ
გულაჩუყებულები რომ აზლუქუნდებოდნენ, მერე კი მხეცს დაემსგავსებოდნენ, და
ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ თვითონ აღარ იყო ამ დღეში. ყველას თავისი
გასაჭირი ჰქონდა და ღვინოში ეძლეოდნენ თავდავიწყებას, დალევდნენ, გონება
დაუბნელდებოდათ და თავს ღმერთებად წარმოიდგენდნენ, რასაც უნდა, იმას
აკეთებდნენ თავიანთ სასუფეველში. მარტინს აღარ სჭირდებოდა სასმელი. ისედაც
მთვრალი იყო და უფრო მაგრადაც — რუთმა დაათრო, გულში სიყვარულის ცეცხლი
29
დაუნთო, უფრო ამაღლებული და უკვდავი სიცოცხლის ჟინი აღუძრა; წიგნებმა
დაათვრეს, თავი ათასნაირი სურვილებით გამოუტანეს; საკუთარი სიწმინდის
შეგრძნებამ დაათრო, ჯანსაც მეტსა გრძნობდა ახლა და მთელი სხეულით განიცდიდა
აღმაფრენას.
ერთ საღამოს თეატრში წავიდა, იქნებ შემთხვევით იქ შევხვდეო, იფიქრა. და
მართლაც დაინახა მეორე იარუსის ბალკონიდან. პარტერის გასასვლელში იდგნენ ის,
ართური და ვიღაც ახალგაზრდა სათვალიანი კაცი, რომელსაც თმა ფეხბურთელივით
შეეკრიჭა; მის დანახვაზე მარტინს უსიამოვნოდ გაჰკრა გულზე და ეჭვმა გაჰკენწლა.
წინა რიგში დაჯდა რუთი, ორკესტრთან ახლოს, და მარტინს იმ ღამეს თითქმის არც
არაფერი დაუნახავს — ხედავდა მარტო ქათქათა, კოხტა მხრებს და ოქროსფერ თმას,
რომელიც შორიდან, თითქოს ბურუსში გახვეულიყო. მაგრამ მერე სხვებიც შენიშნა:
ერთი-ორჯერ გაიხედა გვერდზე და წინ, მისგან თორმეტიოდე ადგილის მოშორებით
ორ გოგონას მოჰკრა თვალი, რომელთაც უტიფრად გაუცინეს. მარტინი მუდამ
მხიარული კაცი იყო, არავის შეუბღვერდა. რამდენიმე ხნის წინათ რომ მომხდარიყო
ეს, თვითონაც გაუცინებდა და უფრო შორსაც შესტოპავდა, მაგრამ ახლა შეიცვალა
ყველაფერი. თუმცა პასუხად მაინც გაუცინა, მერე თავი მოაბრუნა და ცდილობდა
იქით აღარ გაეხედა. მაგრამ ისე გადაავიწყდა იმ გოგონების არსებობა, რომ უნებურად
რამდენჯერმე მოჰკრა თვალი. გოგონები ერთთავად უღიმოდნენ. ერთ დღეში
მთლიანად ხომ არ შეიცვლება კაცი, ვერც სიკეთეს მოიშლის — მარტინიც უღიმოდა
ხოლმე კეთილი, მეგობრული ღიმილით. მისთვის ხომ ახალი არაფერი ყოფილა.
იცოდა, რომ ისინი თავიანთი ქალური ხელებით ეპოტინებოდნენ. მაგრამ უკვე
ყველაფერი შეიცვალა. აგერ, სულ ქვემოთ, ორკესტრთან ახლოს, ერთი ქალი ზის,
ერთადერთი მთელ ქვეყანაზე, სულ სხვაგვარი, საოცრად განსხვავებული, ისე
განსხვავებული იმ ორი გოგონასაგან, მარტინისავე კლასის შვილებისაგან, რომ
ჭაბუკს მათი სიბრალულიღა მოაწვა გულში. ნეტა სულ ცოტაოდენი მაინც
გამოგყოლოდათ მისი სილამაზე და სათნოებაო, გაიფიქრა. დაძრახვით
არასდიდებით არ დაძრახავდა ასეთი გამომწვევი ქცევისათვის. თუმცა არც
სიამოვნებდა. პირიქით, ცოტათი შერცხვა კიდეც — მეც ასეთი მდაბიო ვარ და
იმიტომ მეთამაშებიანო. რუთის კლასის რომ ყოფილიყო, მაშინ ასე გამომწვევად აღარ
მოექცეოდნენ გოგონები. ამას გრძნობდა მარტინი და ყოველ მათ შემოხედვაზე,
თითქოს თავისივე კლასი სწვდებოდათ თითებით ყელში, დაბლა ეწეოდა.
ჯერ კიდევ არ ჩამოეშვათ უკანასკნელი მოქმედების ფარდა, რომ მარტინი ადგა და
გამოვიდა, რათა უფრო ახლოს შეეხედა რუთისთვის თეატრიდან გამოსვლის დროს.
თეატრის შესასვლელთან მუდამ ირეოდა ხალხი; ქუდს ჩამოიფხატავდა, ვინმეს
ზურგს უკან ამოეფარებოდა და რუთი ვერც კი შენიშნავდა. პირველივე ჯგუფს
გამოჰყვა გარეთ. მაგრამ ადგილის შერჩევა ძლივს მოასწრო, რომ ის ორი გოგონაც
გამოჩნდა. იცოდა, რომ მას ეძებდნენ და საკუთარი თავი დასწყევლა — რა მცხია
ისეთი, რომ ქალები მესევიანო. მოშორებით დადგნენ, მაგრამ მარტინმა მაშინვე
იგრძნო, რომ მიაგნეს. ნელ-ნელა მოიწევდნენ, საერთო ტალღას მოჰყვებოდნენ. ერთმა
მხარი გაჰკრა და თითქოს ახლაღა შენიშნა. კოხტა გოგო იყო, შავგვრემანი, შავი,
გამომწვევი თვალები ჰქონდა. გოგონებმა გაუღიმეს და მარტინმაც ღიმილით
უპასუხა.
— ჰელო! — მიესალმა ჭაბუკი.
ეს თავისდა უნებურად აღმოხდა. ამგვარსავე ვითარებაში რამდენჯერ მისალმებია
ქალებს. ასე, სხვაგვარად არც შეეძლო, ბუნებით კეთილი კაცი იყო. შავთვალა
გოგონამ სიხარულითა და კმაყოფილებით გაუღიმა და მიახვედრა, აღარსად
30
ვაპირებთ წასვლასო. ამხანაგს მკლავში ხელი გამოედო მისთვის და კუჭკუჭებდა.
ისიც აგრძნობინებდა, არსად მიგვეჩქარებაო. მარტინმა სწრაფად გადაწყვიტა: რუთს
რომ ახლა მათთან დაენახა იგი, არ ივარგებდა, ამიტომ, ბუნებრივია, შავთვალა
გოგონას ამოუდგა გვერდში და წავიდა. არც ენის დაბმა უგრძვნია ამათთან და არც
დაბნეულობა. როგორც თევზი წყალში, ისე გრძნობდა თავს, არხეინად ხუმრობდა,
ჟარგონებსა და უწმაწურ სიტყვებს ისროდა, ერთი სიტყვით, რაც ასეთი ნაუცბათევი
გაცნობისთვის არის საჭირო, ყველაფერს აკეთებდა. კუთხის ქუჩას რომ მიაღწიეს,
მარტინმა სცადა ბრბოს ჩამოშორებოდა და შეეხვია. მაგრამ შავთვალა გოგონა
მკლავზე ჩამოეკიდა, თვითონაც გაჰყვა და ამხანაგიც თან გაიყოლა.
— აბა, აბა, ბილ! — შესძახა მან, — ნეტა სად მიგეჩქარება? ასე უცებ გინდა
მოგვიცილო?
მარტინს გაეცინა და შედგა, მობრუნდა. შეეძლო აქვე მდგარიყო და, გოგონებს
მოფარებულს, ქუჩის ფარნის სინათლეზე კარგად შეეთვალიერებინა გამვლელი
ხალხი. თვითონ სიბნელეში იდგა, ვერავინ დაინახავდა, რუთი კი არ გამოეპარებოდა,
სწორედ აქ უნდა ჩაევლო.
— ამას რა ჰქვია? — ჰკითხა მან კუჭკუჭა გოგოს და შავთვალაზე ანიშნა.
— რაღა მე მეკითხები, მას ჰკითხე, — წაიფრუტუნა გოგომ.
— ჰო, მართლა, რა გქვია? — მიუბრუნდა ახლა შავთვალას.
— ჯერ ხომ შენი სახელი არ გითქვამს! — მოუჭრა გოგონამ.
არც გიკითხავს, — გაეცინა მარტინს, — თუმცა კარგად კი გამოიცანი. ბილი
მქვია... ნამდვილად.
— კარგი, ერთი! — ქალმა თავისი ვნებიანი და გამომწვევი თვალები მიანათა,
— მითხარი... მართლა გეკითხები!
და კიდევ შეხედა. რაც კი ქალის სახსენებელი გაჩენილა ქვეყანაზე, მთელი მისი
ბუნება იყო აღბეჭდილი ამ თვალებში. მარტინმა დაუდევრად ახედ-დახედა და
მაშინვე მიხვდა, შემდეგ რა მოხდებოდა: ქალი ახლა დაირცხვენდა და ნაზად
დაიხევდა შეტევის მოლოდინში, თან კი თვითონვე იქნებოდა შეტევისათვის
გამზადებული, თუკი ჭაბუკს გულის გაციებას შენიშნავდა. მაგრამ, ბოლოს და
ბოლოს, ისიც კაცი იყო, გრძნობდა გოგონას მომხიბლაობას, მისი ალერსიანი
გამოხედვა სიამოვნებდა. ეჰ, ამ გოგონებს ყველას იცნობდა, კარგადაც იცნობდა,
მთელი მათი ასავალ-დასავალი იცოდა. კარგი გოგონები იყვნენ, რამდენადაც კი
შეიძლება კარგები იყვნენ ამ კლასის შვილები; მუშაობით წელს იწყვეტდნენ და
უბადრუკ გასამრჯელოს იღებდნენ, მაგრამ უფრო იოლი ცხოვრებისათვის საკუთარ
თავს არასდიდებით არ გაყიდდნენ, გამწარებით ცდილობდნენ პატარა ბედნიერება
მაინც მოეპოვებინათ ცხოვრების უდაბნოში, თვალს უსწორებდნენ მომავალს,
რომელიც მაცთურ არჩევანს სთავაზობდა: დაუსრულებელი, გაუხარელი შრომის
მთელ სიმწარეს და კიდევ უფრო საშინელი უბედურების შავ უფსკრულს, საცა უფრო
კარგი გასამრჯელოა, მაგრამ ბოლო მალე ეღებათ.
— ბილი მქვია, — უპასუხა მან და თავი დაუქნია, — მართლა გეუბნები, ბილი
მქვია.
— ხუმრობ? — ჩაეკითხა ქალი.
— ბილი კი არა, ის არ გინდა! — ჩაერია მეორეც.
— თქვენ საიდან იცით, — უთხრა მარტინმა, — პირველად მხედავთ.
— რა დიდი ცოდნა უნდა მაგას, ზედვე გეტყობა, რომ ტყუი.
— მართლა, ბილ? — კვლავ ჰკითხა პირველმა.
— ბილი ვიყო, — გამოტყდა მარტინი.
31
გოგონა მკლავში სწვდა და შეანჯღრია.
— განა ვერ შეგატყვე, რომ ტყუოდი, მაგრამ მაინც მომეწონე, კარგი ბიჭი ხარ.
ჭაბუკმა მისკენ წამოსული ხელი ჩაბღუჯა და მაშინვე იგრძნო კარგად ნაცნობი
კოჟრები და განაკაწრები.
— დიდი ხანია საკონსერვო ქარხნიდან წამოხვედი?
— შენ საიდან იცი?! გულთმისანი ხარ თუ რა?! — ერთხმად შეჰყვირეს გოგონებმა.
და უცებ, ასეთ სულელურ ღლაბუცში გართულმა ჭაბუკმა გონების თვალით
ბიბლიოთეკის თაროები დაინახა, რომლებიც საუკუნეობრივი სიბრძნით იყო
გამოტენილი. ამ ახირებულსა და ყოვლად შეუსაბამო ხილვაზე თვითონვე მწარედ
გაეღიმა და ეჭვები მოეძალა. მაგრამ არც შინაგან ხილვას, არც ამ უგულო ლაყბობას
მისთვის ხელი არ შეუშლია, ყურადღებით ეთვალიერებინა თეატრიდან მომავალი
ხალხი. და უცებ მას მოჰკრა თვალი, სწორედ ფარნის ქვეშ ჩაიარა, აქეთ-იქით ძმა და
ის სათვალიანი უცნობი ჭაბუკი მოჰყვებოდნენ. დაინახა და თითქოს გულისცემა
შეუჩერდა. რამდენი ხანია ამ წუთს ელოდა. ამ ერთ წამში ჭაბუკმა მოასწრო კარგად
დაენახა, როგორ უფარავდა დედოფლურ თავს რაღაც ფუმფულა ბეწვი, გემოვნებით
შეკერილ ტანსაცმელში როგორ კოხტად მოუჩანდა ჩამოქნილი ნაკვთები, რა
შნოიანად მიდიოდა და ცალი ხელით წამოეწია კაბა. ამასობაში ქალი მიეფარა კიდეც
თვალს. ისევ ის ქარხნის მუშა გოგონები შერჩა ჭაბუკს, რათა ეყურებინა მათი
ჭყეტელა ტანსაცმლისთვის, რითაც ისინი გამწარებით ცდილობდნენ ლამაზები და
კოხტად მორთულები გამოჩენილიყვნენ, ამათი უბადრუკი ბაფთებისა და თითზე
წამოცმული ბეჭდებისათვის... უცებ მკლავზე ჩამოსწიეს და ხმაც ჩაესმა:
— გაიღვიძე, ბილ! რა მოგივიდა?!
— რაო, რას ამბობდი? — ჰკითხა მან.
— არაფერსაც არ ვამბობდი, — მიუგო შავგვრემანმა და თავი გააქნია, — ისე კი
ურიგო არ იქნებოდა...
— რა?
— ერთი კარგი ბიჭი რომ გეშოვა-მეთქი... აგერ, ამისთვის... — (ამხანაგზე უჩვენა).
— წავიდოდით, ნაყინს ვჭამდით, ყავას დავლევდით ან რამეს.
გული აერია მარტინს. რუთისაგან ერთბაშად ასეთ რამეებზე გადასვლა
მეტისმეტად მძაფრი გამოდგა. ამ გოგოს უტიფარი, გამომწვევი თვალების გვერდით
იგი ხედავდა რუთის ანკარა, ნათელ თვალებს, რომლებიც წმინდანის თვალებივით
შემოჰყურებდნენ. და უცებ დიდი ძალა იგრძნო. მარტინი ხომ ყველაფერ ამაზე მაღლა
იდგა! ცხოვრება მისთვის უფრო მეტ რამეს ნიშნავდა, ვიდრე ამ ორი გოგოსათვის,
რომელთა მისწრაფებანი ნაყინსა და კარგ ბიჭს ვერ სცილდებოდა. გაახსენდა, რომ
მუდამ ასე ცხოვრობდა — საკუთარი ფიქრებითა და იდუმალი მისწრაფებებით.
უცდია სხვისთვისაც გაეზიარებინა ეს ფიქრები, მაგრამ ვერც ქალს შეხვედრია ისეთს,
რომ გაეგებინებინა რამე და ვერც კაცს. ბევრჯერ უცდია, მაგრამ ვისთვისაც არ
მიუმართავს, ყოველთვის უხერხულ მდგომარეობაში ჩაუყენებია. რაკი ამ ფიქრებს
ვერა სწვდებიან, მაშ, მე უფრო მაღლა ვმდგარვარ და მეც ვერ მომწვდებიან, დაასკვნა
მან ახლა. აბორგებული ძალა იგრძნო მთელ არსებაში და მუშტები შეკუმშა. თუკი
ცხოვრება მეტს რასმე ნიშნავდა მისთვის, მაშ, მეტიც უნდა მოითხოვო! თვითონ რა
აქვს, რომ შენ შემოგთავაზოს ამ უტიფარმა შავმა თვალებმა?! ზეპირად იცოდა, რა
ფიქრები და მისწრაფებანი იმალებოდა მათში — ნაყინი და რაღაც კიდევ. იმ
წმიდანის თვალები კი იმასაც სთავაზობდა, რასაც ესწრაფოდა ჭაბუკი, და კიდევ
უფრო მეტსაც, რისი გამოცნობაც მას არ შეეძლო. იგი სთავაზობდა წიგნებს,
სურათებს, სილამაზესა და მოსვენებას, ამაღლებული ცხოვრების მთელ
32
მომხიბლაობას. ამ შავ თვალებში იგი ადვილად ჭვრეტდა ყოველი ფიქრის
მოძრაობას. საათის მექანიზმსა ჰგავდა. ჭაბუკი ყოველი პატარა გორგოლაჭის
მუშაობას ხედავდა. მათი მისწრაფება მდაბალი იყო, სამარესავით ვიწრო, გულის
მომყირჭებელი, და მართლაც სამარე იყო იმისი ბოლო. იმ წმიდანის თვალებს კი სულ
სხვა მისწრაფებანი ჰქონდა — იდუმალი, გონებისათვის მიუწვდომელი, მარადიული
სიცოცხლე. იმ თვალებში იგი ხედავდა ქალის სულის ანარეკლს და საკუთარი სულის
ანარეკლსაც.
— პროგრამაში მხოლოდ ერთი შეცდომა გაპარულა, — ხმამაღლა განაცხადა მან,
— სხვასთანა ვარ შეპირებული.
გოგონას წყენა დაეტყო.
— ალბათ ავადმყოფ მეგობარს უნდა დაუჯდე სასთუმალთან, — ჩაიქირქილა მან.
— არა, ნამდვილი პაემანი მაქვს ერთ... — ენა დაება, — ერთ გოგონასთან.
— ხომ არ გამაცურე? — სერიოზულად ჰკითხა ქალმა.
ჭაბუკმა თვალი გაუსწორა და უპასუხა...
— სიმართლეს გეუბნები. რატომ არ შეიძლება, სხვა დროს შევხვდეთ? შენ
სახელიც კი არ მითხარი. სადა ცხოვრობ?
— ლიზი მქვია, — მიუგო გოგონამ და მთელი სხეულით მიეყრდნო, ხელი
მოუჭირა, — ლიზი ქონოლი. ბაზრის ქუჩაზე ვცხოვრობ, ხუთ ნომერში.
ცოტა ხანს კიდევ ელაპარაკა გოგონებს და გაშორდა. შინ არ წასულა მაშინვე.
სათვალთვალო ხეს მიაშურა და ფანჯარას ახედა.
— შენთან ვიყავი შეპირებული, რუთ, — ჩაილაპარაკა მან, — შენ უნდა მენახე და
არც გამიტეხია სიტყვა.
თავი მეშვიდე
მთელი კვირა გავიდა რუთ მორზთან პირველი შეხვედრის შემდეგ და მარტინს
ჯერაც ვერ გაებედა მეორედ მისვლა. იჯდა და ერთთავად წიგნებს კითხულობდა.
ზოგჯერ ძალას მოიკრებდა, გადაწყვეტდა წასულიყო, მაგრამ ეჭვები მოერეოდა და
გადაწყვეტილება შეუსრულებელი რჩებოდა. არ იცოდა, როდის შეიძლებოდა
განმეორებით მისვლა, მრჩეველიც არავინ ჰყავდა, ეშინოდა, გამოუსწორებელი
შეცდომა არ მომივიდესო. ძველ ამხანაგებს სულ ჩამოშორდა, ძველი ჩვეულებებიც
მოიშალა, და რაკი ახალი მეგობრებიც არ შეუძენია, კითხვის მეტი აღარაფერი
დარჩენოდა, საათობით თავაუღებლივ კითხულობდა, რამდენიმე ადამიანის
ჩვეულებრივი თვალი ვერ გაუძლებდა ამდენ კითხვას. მაგრამ მარტინს მაგარი
თვალები ჰქონდა და თვითონაც მაგარი იყო. ამას გარდა, მისი ტყვინიც გაუტეხავი
ყამირი იყო; აბსტრაქტული, მწიგნობრული აზრები ჯერ არ გაჰკარებოდა და თესლის
გასაღვივებლად სწორედ კარგ ნიადაგს წარმოადგენდა. სწავლას ჯერ არ მოექანცა და
ამიტომ ხარბად მოებღაუჭა წიგნების სიბრძნეს.
ჯერ ერთი კვირაც არ გასულიყო და ასე ეგონა, საუკუნეები მიცხოვრიაო, რადგან
ძალიან შორს ჩამოიტოვა ძველი ცხოვრებაცა და ძველი შეხედულებანიც. მაგრამ
საფუძვლის უქონლობა უჭირებდა საქმეს. ისეთ წიგნებს ეჭიდებოდა, რომელთა
გაგება წლობით წინასწარ შემზადებას მოითხოვდა. დღეს რომ უახლეს ფილოსოფიას
კითხულობდა, ხვალ ანტიკურს ჩაუჯდებოდა და თავი სულ საპირისპირო იდეათა
ქაოსით ჰქონდა გამოტენილი. ასევე ეკონომიკაშიაც. ბიბლიოთეკის თაროზე მან
აღმოაჩინა კარლ მარქსი, რიკარდო, ადამ სმითი და მილი, და ერთ-ერთი ამათგანის
გაუგებარი ფორმულა გასაღებს არ იძლეოდა მეორის მოძღვრების გასაშიფრავად.
33
დაიბნა. ცოდნის წყურვილი მაინც არ განელებია. ერთდროულად ეკონომიკითაც
დაინტერესდა, მრეწველობითაც და პოლიტიკითაც. ერთხელ ქალაქის ბაღში რომ
გაიარა, ერთად მოგროვილ ხალხს მოჰკრა თვალი; შუაში ექვსიოდე კაცი იდგა.
სახეალეწილები გაცხარებით დაობდნენ. მარტინიც შეუერთდა ბრბოს და პირველად
გაიგონა ხალხიდან გამოსული ფილოსოფოსების ენა. ერთ-ერთი მოკამათე მაწანწალა
აღმოჩნდა, მეორე — მუშა აგიტატორი, მესამე — იურიდიული ფაკულტეტის
სტუდენტი, სხვები კი კამათის მოყვარული მუშები იყვნენ. მაშინ პირველად გაიგონა
მარტინმა სოციალიზმი, ანარქიზმი, ერთიანი გადასახადი; პირველად გაიგო, რომ
არსებობდა ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი სოციალური ფილოსოფიის
სისტემები. ყური მოჰკრა ასობით სპეციალურ გამოთქმას, რომლებიც მეცნიერების
ისეთ სფეროებს განეკუთვნებოდა, რასაც ჯერ არ მისწვდომოდა მისი უბადრუკი
ცოდნა. ამიტომაც ვერ გაერკვა ხეირიანად კამათში, გუმანითღა ჩასწვდა ამ უცნაურ
გამოთქმაში გახვეულ აზრს. მოკამათეთაგან რესტორნის შავთვალწარბა ოფიციანტი
თეოსოფი გამოდგა, ხაბაზთა პროფკავშირის წევრი — აგნოსტიკოსი... ერთმა
ბერიკაცმა ყველა დააბნია თავისი ახირებული ფილოსოფიით — ყოველი არსებული
სამართლიანიაო; მეორე ბერიკაცი ენის გაუჩერებლად ქაქანებდა კოსმოსზე, მამაატომსა და დედა-ატომზე.
რამდენიმე საათს უსმენდა მარტინ იდენი ამ კამათს და იქიდან პირდაპირ
ბიბლიოთეკისკენ გაქანდა ტვინდაბნეული, რათა რამდენიმე უცნობი სიტყვის
მნიშვნელობა გაეგო. ბიბლიოთეკიდან გამოსულს ოთხი ტომი ამოეჩარა იღლიაში:
ქალბატონი ბლავადსკაიას «საიდუმლო დოქტრინა», «პროგრესი და სიღატაკე»,
«სოციალიზმის არსი» და «ომი რელიგიასა და მეცნიერებას შორის». საუბედუროდ,
«საიდუმლო დოქტრინით» დაიწყო. წიგნი სულ გრძელ-გრძელი სიტყვებით იყო
გადაჭრელებული, რომელთა მნიშვნელობა მარტინს არ ესმოდა. ლოგინზე იჯდა და
ლექსიკონში უფრო ხშირად იყურებოდა, ვიდრე წიგნში. იმდენი უცნობი სიტყვა
შეხვდა, რომ დამახსოვრებას ვეღარ ახერხებდა და იძულებული იყო ხელახლა ეძებნა
ლექსიკონში. გადაწყვიტა ცალკე ამოეწერა სიტყვები და მთელი ფურცლები გაავსო.
მაინც არაფერი ესმოდა. დილის სამ საათამდე კითხულობდა, ტვინი აერია, ერთი
ჩამოყალიბებული აზრიც კი ვერ გამოიტანა. თავი რომ ასწია, მოეჩვენა, ოთახი
თითქოს გემივით ირწეოდა და ადი-ჩადიოდა. გაბრაზებულმა მოიქნია «საიდუმლო
დოქტრინა», ერთი მაგრად შეუკურთხა, სინათლე ჩააქრო და ჩაწვა. ვერც იმ დანარჩენ
სამ წიგნს გაუგო ასავალ-დასავალი. იმიტომ კი არა, თითქოს შეთვისების უნარი არა
ჰქონოდეს ან საკმაოდ ნიჭიერი არ ყოფილიყოს — არა, შეჩვეული არ იყო, გაწაფვა
აკლდა, აზროვნებისათვის საჭირო იარაღი არა ჰქონდა. თვითონვე მიხვდა ამას და
გადაწყვიტა, ლექსიკონის მეტი ჯერჯერობით არაფერი აეღო ხელში, მანამ კარგად
დაისწავლიდა საჭირო სიტყვებს.
პოეზია იყო მისი ნუგეში, ბევრსაც კითხულობდა. უბრალო, შედარებით ადვილად
გასაგებ ლექსს რომ წაიკითხავდა, მთელი სიხარული იყო მისთვის. სილამაზე ხომ
თავიდანვე უყვარდა და აქ ნახულობდა ხოლმე სილამაზეს. მუსიკასავით
მოქმედებდა ლექსი, მთელი არსებით შეარხევდა. თვითონ ვერა გრძნობდა, მაგრამ
ამით მომავალი უფრო ძნელი მუშაობისთვის ამზადებდა თავს. მისი ტვინის
ფურცლები სუფთა იყო და ძალის დაუტანებლად იბეჭდებოდა ზედ ახალ-ახალი
სტროფები, ასე რომ, მალე შეეძლო ზეპირად წარმოეთქვა ლექსები და, დაბეჭდილი
სიტყვების აჟღერებით, მთელი მისი მუსიკა და სილამაზე განეცადა. მერე
ბიბლიოთეკის ერთ თაროზე გეილის «კლასიკურ მითებსა» და ბულფინჩის «მითების
34
საუკუნეს» წააწყდა. ეს იყო შუქურა, მისი უვიცობის და წყვდიადში შეჭრილი ძლიერი
შუქი, და ამის შემდეგ კიდევ უფრო ხარბად დაეწაფა პოეზიას.
მაგიდასთან მჯდარი კაცი ისე ხშირად ხედავდა მარტინს ბიბლიოთეკაში, რომ
შეეჩვია, გაღიმებული ხვდებოდა ხოლმე, მუდამ თავს დაუკრავდა. ამან გააბედინა
მარტინს ერთი საქმე. ერთ დღეს, როცა, ჩვეულებრივ, რამდენიმე წიგნი შეარჩია და
მაგიდასთან მიიტანა, რათა კაცს ბარათებზე ბეჭედი დაესვა, მარტინმა უცებ
წამოილუღლუღა.
— ერთი რამე მინდა გკითხოთ.
კაცმა გაუღიმა და ანიშნა, მითხარიო.
— ახალგაზრდა ლედის რომ გაიცნობ და სახლში მიგიპატიჟებს, როდის შეიძლება
მისვლა?
მთელ ტანზე ოფლი დაასხა, იგრძნო, როგორ მიეწება პერანგი სხეულს.
— მე მგონი, ყოველთვის, — მიუგო კაცმა.
— ჰო, მაგრამ აქ ცოტა სხვაგვარად არის საქმე, — შეესიტყვა მარტინი, — ის ქალი...
მე... ერთი სიტყვით, საქმე ის არის, რომ ვაი-თუ შინ არ დამიხვდეს. უნივერსიტეტში
დადის.
— თქვენც მეორედ მიდით.
— არა, მე სულ სხვა რამე მაწუხებს, — გამოტყდა მარტინი, გადაწყვიტა მთლიანად
მინდობოდა ამ კაცის გულმოწყალებას, — მე ერთი უბრალო კაცი ვარ, მოუქნელი,
ხალხში გამოუსვლელი. ის ქალი სულ სხვაა და მე სულ სხვა ვარ... არ გეგონოთ, თავს
ვისულელებდე!.. — უცებ შეწყვიტა მან.
— არა, რა ბრძანებაა, განაგრძეთ. ეგ ისეთი შეკითხვაა, რომ საცნობარო
განყოფილებას არ ეხება, მაგრამ მე თვითონვე გამიხარდება, თუ რამეში დაგეხმარეთ.
მარტინმა აღფრთოვანებით შეხედა.
— მეც რომ ასე შემეძლოს მივაყარო, მაშინ რა მიჭირს, — თქვა მან.
— რა ბრძანეთ?..
— ასე თავისუფლად რომ შემეძლოს-მეთქი ლაპარაკი, ჩქარაც, თავაზიანადაც და
ყველაფერი...
— ოჰ! — მიუხვდა ბიბლიოთეკარი.
— რა დროს ჯობს მისვლა? ნაშუადღევს რომ მივიდე... ვაითუ სადილობის დროს
მოვხვდე? იქნებ საღამოთი ჯობდეს! თუ კვირადღეს?
— იცით, რას გეტყვით, — სახე გაუბრწყინდა ბიბლიოთეკარს, — ტელეფონით
დაურეკეთ და ჰკითხეთ.
— ახლავე დავურეკავ! — შესძახა მარტინმა, წიგნები აიღო და წავიდა. ცოტა რომ
გაიარა, ისევ მობრუნდა და ჰკითხა, ახალგაზრდა ლედის რომ ელაპარაკებით...
ვთქვათ, მის ლიზი სმითს, როგორ უნდა მივმართო — «მის ლიზი» თუ «მის სმით»?
— «მის სმითი» უთხარით, —
მტკიცედ ურჩია ბიბლიოთეკარმა, — მანამ დაუახლოვდებოდეთ, სულ «მის
სმითი» უთხარით.
ამრიგად, ეს პრობლემა მოაგვარა მარტინ იდენმა.
— როცა გინდოდეთ, მობრძანდით. ნაშუადღევს მუდამ შინა ვარ ხოლმე, —
უპასუხა რუთმა, როცა მარტინმა ბორძიკით ჰკითხა ტელეფონში, ნანათხოვრები
წიგნების მოტანა როდის შეიძლებაო.
კარებში თვითონ რუთი შეეგება, მისმა ქალურმა თვალმა ხელადვე შეამჩნია
გაუთოებული შარვალი და ერთგვარი ცვლილება. ვერ იტყოდა, სახელდობრ რა
ცვლილება, მაგრამ უკეთესობისკენ კი იყო. ჭაბუკის გამომეტყველებამაც განაცვიფრა.
35
ყოველ მის ნაკვთში დიდი ძალა და ჯანის სიმრთელე გამოსჭვიოდა, თითქოს მისი
სხეულიდან გადმომჩქეფარებდა ეს ძალა და ქალს ტალღებივით ეხეთქებოდა. ისევ
მოუარა სურვილმა, ჭაბუკს მიყრდნობოდა და მისი სითბო მიეღო, ახლაც
მაშინდელივით გაკვირვებული დარჩა — მისი სიახლოვე როგორ მოქმედებსო. თავის
მხრივ, მარტინმაც ხელახლა განიცადა ის დამაბრუებელი ნეტარება, როცა ქალს ხელი
ჩამოართვა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ ქალი თავშეკავებული იყო და
გარეგნულ სიმშვიდეს ინარჩუნებდა, ხოლო ჭაბუკი სახეზე ერთიანად აენთო და
წამოჭარხლდა. ძველებურადვე ბანცალით გაჰყვა ქალს, მხრები სახიფათოდ ერწეოდა.
მაგრამ სასტუმრო ოთახში რომ შევიდნენ და დასხდნენ, ისეთი თავისუფლება და
შვება იგრძნო, თვითონაც რომ არ მოელოდა. ეს მოხდა ქალის მეცადინეობით, მაგრამ
ისე ფრთხილად და უბრალოდ მოახერხა, რომ ჭაბუკს კიდევ უფრო მეტი
თავდავიწყებით შეუყვარდა. ჯერ ნანათხოვრებ წიგნებზე ილაპარაკეს —
სუინბერნზე, რომელიც მარტინს ძალიან მოსწონებოდა, და ბროუნინგზე, რომელიც
სულაც ვერ გაეგო. საუბარს ქალი წარმართავდა, ხან ამ საგანზე ჩამოუგდებდა
სიტყვას, ხან იმ საგანზე, და თან სულ იმის ფიქრში იყო, როგორ დახმარებოდა
ჭაბუკს. ხშირად უფიქრია ამაზე პირველი შეხვედრის შემდეგ. სურდა როგორმე
დახმარებოდა. ქალს სიბრალული და სინაზე აღძვროდა გულში, რაც ადრე არავის
მიმართ არ განეცადა, მაგრამ ეს სიბრალული დამამცირებელი კი არ ყოფილა,
დედობრივი უფრო ეთქმოდა. ანკი როგორღა იქნებოდა ჩვეულებრივი სიბრალული,
როცა მის აღმძვრელსა და გამომწვევს ისეთი მამაკაცური ძალა აღმოაჩნდა, რომ რუთს
ქალწულებრივი შიშით აკრთობდა და გულს უცნაური ფიქრებითა და გრძნობებით
უთრთოლებდა. კვლავ ის მიმზიდველობა ჰქონდა ჭაბუკის კისერს და რუთს ახლაც
ხელის მოხვევის ჟინმა წამოუარა. მეტისმეტად ძლიერი იყო ეს სურვილი, მაგრამ
ქალი უკვე მიეჩვია და უფრო ადვილად მოახერხა თავის შეკავება. რას
წარმოიდგენდა, რომ ახლად ჩასახული სიყვარული ასეთი იქნებოდა. თუმცა ვერც
იმას წარმოიდგენდა, ეს განცდები სიყვარული თუ შეიძლებოდა ყოფილიყო.
ყველასაგან განსხვავებული ჭაბუკიაო, ფიქრობდა, რაღაც დაფარული ძალა აქვს და
ამან დამაინტერესა, კაცთმოყვარული გრძნობა მამოძრავებსო.
ვერც კი გრძნობდა ქალი, ასე სასურველი თუ იყო მისთვის მარტინი. ჭაბუკმა კი
მაშინვე იგრძნო, რომ თავდავიწყებით შეუყვარდა რუთი და ასე სასურველი არაფერი
ყოფილა მისთვის მთელ სიცოცხლეში. პოეზია ადრეც უყვარდა, სილამაზეს ხედავდა
მასში. მაგრამ რუთთან შეხვედრის შემდეგ უფრო ფართოდ გაეხსნა სამიჯნურო
პოეზიის დიდი სამყაროს კარი. მისგან თითქმის უფრო მეტი რამ გაიგო, ვიდრე
ბულფინჩისა და გელისაგან ასეთი სტრიქონი შეხვდა, — «და სიყვარულით
გაგიჟებული კოცნის გულისთვის თავსაც გასწირავს». — ერთი კვირის წინ
ყურადღების ღირსადაც არ გახდიდა ამ სიტყვებს, ახლა კი თავში ჩაეჭდო და აღარ
შორდებოდა. აღტაცებული იყო მათი სილამაზითა და სიმართლით. შეჰყურებდა
ქალს და გულში ფიქრობდა, კოცნის გულისთვის მეც სიამოვნებით მოვკვდებიო.
სიყვარულით გაგიჟებულად მიაჩნდა თავი და ეს უფრო ეამაყებოდა, ვიდრე რაინდად
კურთხევა. ახლაღა ჩასწვდა სიცოცხლის აზრს, ახლა მიხვდა, რატომ იყო გაჩენილი
ქვეყანაზე.
შეჰყურებდა, უსმენდა ქალს და მისი ფიქრები უფრო გაბედული ხდებოდა.
მოიგონა ის ველური სიამოვნება, რაც ქალის ხელის ჩამორთმევამ მოჰგვარა, და ერთი
სული ჰქონდა, მანამ კვლავ შეახებდა ხელს. მოწყურებული თვალებით შეხედავდა
ხოლმე მის ტუჩებს. მაგრამ არავითარი ტლანქი და მიწიერი გრძნობა ამ შეხედვაში არ
ყოფილა: სიამოვნებას ანიჭებდა მოძრაობა მისი ტუჩებისა, როცა ისინი სიტყვებს
36
გამოთქვამდნენ. ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი ტუჩები, არავის ქვეყნად — არც ქალსა
და არც კაცს — ამისთანა ტუჩები არა ჰქონია. ჰაეროვანი ტუჩები იყო, ხორციელი არ
ყოფილა, და ამიტომ არც ისეთი კოცნის სურვილს აღუძრავდა, რაც სხვა ქალების
ტუჩებს აღუძრავთ. ამასაც აკოცებდა, თავის ხორციელ ტუჩებს დააკონებდა, მაგრამ ეს
იქნებოდა ისეთივე ამაღლებული და მხურვალე ამბორი, როგორც ღვთის ანაფორას
შეიძლება ემთხვიოს კაცი. ჭაბუკი ვერა ხვდებოდა, რა ფასეულობათა გადაფასებას
მოეცვა მისი გონება, ვერა გრძნობდა, რომ ის შუქი, რაც მის თვალებს აცისკროვნებდა
ქალის შეხედვის დროს, ჩვეულებრივი შუქი იყო ყველა სიყვარულმოწყურებული
მამაკაცისათვის. ვერც კი წარმოედგინა, რა მგზნებარე და ვნებიანი ხდებოდა მისი
თვალები და როგორ აფორიაქებდნენ ისინი ქალის სულს. რუთის ქალწულებრივი
კდემამოსილება მის გრძნობებსაც ამაღლებდა და ასპეტაკებდა, ვარსკვლავების ცივ
უმანკოებამდე აჰყავდა. გაოგნებული დარჩებოდა, რომ გაეგო, რა თბილ ტალღასავით
ელამუნებოდა ქალს მისი თვალების ცეცხლი და გულში ასეთსავე ცეცხლს
უღვივებდა. ჭაბუკის თვალები აბნევდა ქალს, ერთიორჯერ სიტყვა გაუწყდა, —
თვითონაც ვერ მიმხვდარიყო, რატომ, — ამ სასიამოვნო მღელვარებამ ფიქრი
გაუფანტა და იძულებული გახდა კანტიკუნტად წამოსროლილი ფრაზები
ეკოწიწებინა. საერთოდ, თავისუფლად და ლაღად მეტყველებდა ხოლმე და ეს
უნებური ბორძიკი ალბათ შეაცბუნებდა კიდეც, რომ არ ეფიქრა — თვითონ
თანამოსაუბრეა განსხვავებული და ასე იმიტომ მომდისო. შთაბეჭდილებიანი ქალი
იყო, ყველაფერი გულთან მიჰქონდა და, ბოლოს და ბოლოს, რა გასაკვირია, რომ
უცხო სამყაროდან მოსულ მგზავრს ასეთი გავლენა მოეხდინოს.
ქვეცნობიერად სულ ის ფიქრი უტრიალებდა თავში, თუ როგორ დახმარებოდა
ჭაბუკს და საუბარსაც ამისდა კვალობაზე წარმართავდა, მაგრამ ახლა მარტინმა
დაასწრო.
— მინდა რჩევა გკითხოთ თუ ნებას მომცემთ, — უთხრა მან და თანხმობა რომ
მიიღო, სიხარულით სუნთქვა შეეკრა, — ამას წინათ რომ ვიყავი, თუ გახსოვთ,
გითხარით, წიგნებზე და ამისთანა რამეებზე ლაპარაკი არ მეხერხება, არ გამომდისმეთქი. მას შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობ. ბიბლიოთეკაში სიარული დავიწყე, მაგრამ
რა წიგნსაც არ მოვკიდე ხელი, ასავალ-დასავალი ვერ გავუგე. იქნებ თავიდან დაწყება
ჯობდეს. მე ხომ ხეირიანად არასოდეს მისწავლია. რაც თავი მახსოვს, სულ
თავაუღებელი მუშაობა... ახლა, აგერ, ბიბლიოთეკაში წავედი, ახალი თვალით
შევხედე წიგნებს... წიგნებიც სულ ახალია ჩემთვის... და ახლაღა ვატყობ, რომ რაც
წამიკითხავს, საჩემო არ ყოფილა. სადღაც ფერმაში და გემზე რომ წიგნს წააწყდები,
სად ის წიგნები და სად, აგერ, თქვენს სახლში რომ წიგნებია. იქ სულ სხვანაირად
კითხულობენ, და მეც იმნაირ კითხვას შევეჩვიე... არადა, ტრაბახით არ გეუბნებით, მე
უფრო სხვა კაცი ვარ, იმათ არ ვგავარ, ვისთანაც მიტრიალია. იმას კი არ ვამბობ, იმ
მეზღვაურებს და კოვბოებს ვჯობივარ-მეთქი, — ერთ ხანს ფერმაშიაც მიმუშავია, —
მაგრამ წიგნები მუდამ მიყვარდა, რაც კი მომხვდებოდა, ყველაფერს ვკითხულობდი...
ერთი სიტყვით, მე სხვა რამეს ვფიქრობ, ისინი სულ სხვას ფიქრობენ... ჰოდა, ბარემ
გეტყვით, რაც უნდა მეთქვა... ამისთანა სახლში პირველად ვარ... აქ რომ მოვედი ამ
ერთი კვირის წინათ და ყველაფერი ეს დავინახე, თქვენ დაგინახეთ, დედათქვენი
დავინახე, თქვენი ძმები, და ყველაფერი... როგორ გითხრათ, მომეწონა. გაგონილი კი
მქონდა ამისთანა რამეები, წიგნებშიაც წამეკითხა, და ახლა თქვენს სახლში რომ
მოვხვდი... წიგნებში მართალი წერებულა. მაგრამ, რაც მთავარია, მომეწონა, მე
თვითონ მომინდა... ახლაც მინდა... ამნაირი ჰაერით ვისუნთქო... ამ წიგნების ჰაერით,
ამ სურათების ჰაერით, ამ ლამაზი ნივთების ჰაერით... საცა ყველა წყნარად
37
ლაპარაკობს, ყველა სუფთააა, ფიქრებიც სუფთა აქვთ. სადაც კი მიცხოვრია, ყველგან
სამზარეულოს სუნი დგას, და რაზე ლაპარაკობენ — სულ ყლაპვაზე, ბინის ქირაზე
და მეტი არაფერი... აქ კი, რას ამბობ, თქვენ რომ დედის შესაგებებლად წამოდექით და
აკოცეთ, ამაზე ლამაზი რა უნდა იყოს, უკეთესი არაფერი მინახავს ცხოვრებაში.
ნახვით კი ბევრი რამა მაქვს ნანახი, იმათზე გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე სხვებს
უნახავთ, ჩემთან მყოფებს. მიყვარს ხოლმე ახალ-ახალი რამეების ნახვა. სულ მეტი და
მეტი მინდა ვნახო... მაგრამ ჩემი სათქმელი მაინც არ მითქვამს ჯერ, და ახლა მინდა
გითხრათ: მეც მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც თქვენ ცხოვრობთ ამ სახლში. მარტო
ყლაპვა ხომ არ არის ცხოვრება, ან თავაუღებლივი მუშაობა და ჩხუბი. როგორ
მივაღწიო ამას? რითი დავიწყო? მუშაობა არ მეზარება, რაც უნდა მძიმე სამუშაო იყოს,
კაცი ვერ მაჯობებს, ყველას დავაწვენ. ერთი თუ დავიწყე, თავს აღარ ავიღებ, დღეს და
ღამეს გავასწორებ. იქნება სასაცილოდაც მოგეჩვენოთ, თქვენ რომ გეუბნებით ამას.
სწორედ თქვენთვის არ უნდა მეკითხა, მაგრამ რომ არ ვიცი, ვისა ვკითხო... ართურს
გარდა! იქნებ ართურისთვის უნდა მეკითხა. მე ხომ...
ერთბაშად გაუწყდა სიტყვა. იმის გაფიქრებაზე, რომ სწორედ ართურისთვის უნდა
ეკითხა და თავი ასე არ გაესულელებინა, მტკიცედ მოფიქრებული გეგმა დაერღვა.
ქალს მაშინვე არ უპასუხია. ცდილობდა ჭაბუკის არეული, ბორძიკით წარმოთქმული
სიტყვების მარტივი აზრი იმ ფიქრისათვის დაეკავშირებინა, რაც მისსავე სახეზე
ამოიკითხა. პირველად ხედავდა ასეთი დიდი ძალის გამომეტყველ თვალებს. «ამ კაცს
წინ ვერაფერი დაუდგება», ამოიკითხა ქალმა, და ეს სულაც არ ეგუება იმ სიტყვების
შინაარსს, რაც ჭაბუკმა ბორძიკით წარმოთქვა. თანაც, ქალის რთულსა და მკვირცხლ
გონებას არ შეეძლო სწორად შეეფასებინა ჭაბუკის უბრალოება. მაგრამ ამ არეულ
ფიქრებშიაც კი იგრძნო მან დიდი ძალა. მიჯაჭვულ გოლიათად ეჩვენა, რომელიც
ჯაჭვების დამსხვრევასა და დაგრეხას ცდილობს. ქალის სახე თანაგრძნობით
ციმციმებდა, როცა ჭაბუკს უთხრა:
— თქვენ თვითონვე გრძნობთ, რაცა გჭირდებათ. სწავლა გჭირდებათ. სკოლაში
უნდა მიბრუნდეთ და დაამთავროთ. მერე უნივერსიტეტში შეხვალთ...
— მაგას ფული უნდა! — შეაწყვეტინა ჭაბუკმა.
— აჰ! — შესძახა ქალმა, — ეგ არც კი მიფიქრია. რა მოხდა მერე? ნათესავები ხომ
გყავთ — ვინმე დაგეხმარებათ.
ჭაბუკმა თავი გააქნია.
— დედ-მამა დამეხოცა. ორი და მყავს — ერთი გათხოვილია, მეორე, მგონი, ახლა
აპირებს გათხოვებას. ძმებს ხომ სათვალავი არა აქვს... მე ყველაზე პატარა ვარ...
მაგრამ თავის დღეში არავის არ დახმარებიან. ზოგი სად არის და ზოგი სად, მთელ
ქვეყანას მოედვნენ, ბედნიერებას ეძებენ. უფროსი ინდოეთში მოკვდა, ორი ძმა ახლაც
სამხრეთ აფრიკაშია, ერთი ზღვაშია ვეშაპსანადირო გემზე, ერთი ცირკს დაჰყვება,
ჯამბაზია. მეც ასე ვარ. თერთმეტი წლიდან მოკიდებული, — რაც დედა მომიკვდა, —
თვითონ ვირჩენ თავს. ჩემით უნდა ვისწავლო, სხვა გზა არ არის. მაგრამ რომ არ ვიცი,
რითი დავიწყო.
— ყველაზე პირველად გრამატიკა უნდა ისწავლოთ. თქვენი გამოთქმები... —
უნდოდა ეთქვა, საშინელიაო, მაგრამ შეარბილა და თქვა, — მთლად სწორი არ არის.
ჭაბუკი წამოჭარხლდა და ოფლი დაასხა.
— დიახ, ჩემი ლაპარაკი... ალბათ ნახევარი არ გესმით, თქვენთვის გაუგებარი
სიტყვებია... ამათი გამოთქმა ვიცი მაინც... სხვა სიტყვები კი — წიგნიდან
ამოკითხული სიტყვები — არ ვიცი, როგორ გამოითქმის და ამიტომ არც ვხმარობ.
38
— სიტყვები იმდენი არაფერი. მთავარია, როგორ ალაგებთ და გამოთქვამთ ამ
სიტყვებს. ჩემი გულახდილი ლაპარაკი ხომ არა გწყინთ? არ მინდა გაწყენინოთ.
— აჰ, რასა ბრძანებთ! — შესძახა მარტინმა, გუნებაში კი მადლობაც უთხრა ასეთი
გულკეთილობისათვის, — შემახურეთ! ხომ უნდა ვისწავლო, და ბარემ თქვენგან
გავიგო პირველად, მანამ სხვა მეტყოდეს.
— ერთი სიტყვით, გრამატიკაში სცოდავთ, დროს ურევთ, მრავლობითსა და
მხოლობით რიცხვსაც ვერ ათანხმებთ, უღვლილება გერევათ. მაგალითების
ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. გრამატიკა უნდა ისწავლოთ. ახლავე გამოგიტანთ წიგნს
და სცადეთ, დაიწყეთ.
ქალი წამოდგა, მარტინს უცებ თავაზიანი ქცევების წესი მოაგონდა, წიგნში
ახლახან ამოკითხული, და უგერგილოდ წამოხტა, მაგრამ თან შეშინდა, ვაითუ
სწორად არ მოვიქეცი, ან არადა არ ეგონოს, შინ წასასვლელად წამოვდექიო.
— ჰო, მართლა, მისტერ იდენ, — კარიდან მოუბრუნდა ქალი, — ყლაპვა რას
ნიშნავს? რამდენჯერ ახსენეთ დღეს ეგ სიტყვა.
— ოჰ, ყლაპვა, — გაეცინა მარტინს, — უბრალო ხალხი ასე იტყვის ხოლმე... არაყს
რომ დალევ, ან ლუდს... ან ისეთ რამეს, რაც თქვენ დაგათრობს.
— აი, კიდევ ერთი შეცდომა, — გაუცინა ქალმა.
— ვერა ვხვდები, რა შეცდომაა.
— არაყს რომ დალევ ან ლუდს, ან ისეთ რამეს, რაც თქვენ დაგათრობსო,
მეუბნებით. ჯერ ერთი, რაკი თქვენობით მომმართავთ, ზმნაც მრავლობითში უნდა
გეხმარათ, დაგათრობთო, უნდა გეთქვათ. და მეორეც, რა საჭირო იყო აქ «თქვენის»
ხმარება? განა უფრო სწორი არ იქნებოდა გეთქვათ, «დაათრობს ადამიანსო?! მე უნდა

You have read 1 text from Georgian literature.
Next - მარტინ იდენი - 05
- Parts
- მარტინ იდენი - 01
- მარტინ იდენი - 02
- მარტინ იდენი - 03
- მარტინ იდენი - 04
- მარტინ იდენი - 05
- მარტინ იდენი - 06
- მარტინ იდენი - 07
- მარტინ იდენი - 08
- მარტინ იდენი - 09
- მარტინ იდენი - 10
- მარტინ იდენი - 11
- მარტინ იდენი - 12
- მარტინ იდენი - 13
- მარტინ იდენი - 14
- მარტინ იდენი - 15
- მარტინ იდენი - 16
- მარტინ იდენი - 17
- მარტინ იდენი - 18
- მარტინ იდენი - 19
- მარტინ იდენი - 20
- მარტინ იდენი - 21
- მარტინ იდენი - 22
- მარტინ იდენი - 23
- მარტინ იდენი - 24
- მარტინ იდენი - 25
- მარტინ იდენი - 26
- მარტინ იდენი - 27