Latin

ქვათა-ღაღადი - 6

Total number of words is 3360
Total number of unique words is 1865
23.8 of words are in the 2000 most common words
32.1 of words are in the 5000 most common words
37.4 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
რომ იგი ლურსმული წარწერანი იმ ენაზეა ნაწერნი, რომელსაც არავითარი მზგავსება
არა აქვს სომხურისაო[47].
რა თქმა უნდა, ამ ამბავმა ცუდად უცვალა ფერი ბ-ნ მესროფსაც და პატკანოვსაც.
საჭიროა ვიცოდეთ, რომ უფროს-ერთი წარწერა, ნაპოვნია ბ-ნ მესროფისაგან,
აღმოჩენილია ეჩმიაძინის სამხრეთ-დასავლეთით, 25 ვერსტის მანძილზე
ეჩმიაძინიდამ. იქ ერთი ქედია, სახელად «ბლური», ამ ქედთან ძველი რაღაც
ნანგრევებია და სომხები დიდი ხანია მუშტრის თვალით შესცქერიან და იძახიან, რომ
სწორედ აქ იყოო ჩვენი დედა და სატახტო ქალაქი, რაღაც მითოლოღიური
«არმავირი», ცნობისმოყვარე მეცნიერებამ აქაც მიაწვდინა თავისი დალოცვილი
თვალი და ხელი. აქ დაუწყეს თხრა გრაფ უვაროვის ზედამხედაობით, სინჯეს
ნანგრევები, აქეთ ეცადნენ, იქით ეცადნენ, მთელი შვიდი დღე თხარეს, და ის იპოვეს,
რაც სომეხთა მეცნიერთ ჩვენის სახელის მოთხრისაგან, ესე იგი არაფერი სომხების
სანუკვარო და სანუგეშო არა აღმოაჩინეს-რა. რასაკვირველია, დაიწყეს ჭინჭყლი და
ჭირვეულობა და ბ-ნმა მესროფმა და პატკნოვმა სამდურავი გამოაცხადეს, კარგად ვერ
უთხრიათ და უძიებიათო და ხელახლად მოითხოვეს იმავ ადგილების თხრა და
სინჯვა.
ამისთანა დაჟინება მარტო იმით აიხსნებაო, დასძენს ბ-ნი ნიკოლსკი, რომ ჯერ
შემცდარს აზრს აჰყოლიან შესახებ ამ წარწერების თვისება-ხასიათისა და გაჩენისა და
მერე, - ადვილად მისახვედრია სომეხთა მეცნიერთა ატაცებული სურვილი, რომ
აღმოჩენილ იყოს ძველი სატახტო ქალაქი არმენიისაო[48].
სჩანს, ჯიუტობით, ჭირვეულობით ლარის გატანა სომეხთა მეცნიერთა
განუყრელი თვისება ყოფილა. ჩანს, რაც «ჩოტკში» არ მოდის, რაც გინდ მართალი
იყოს, მაინც თავისის გაყვანა უნდათ, თორემ რა გასამართლებელი საბუთია,
შემცდარის აზრით გატაცებულნი არიან და ადვილად მისახვედრია რის გამო
ურჩობენ და ჭირვეულობენო სომეხთა მეცნიერნიო. აშკარაა, თუ ბ-ნ ნიკოლსკიმ აქ
მეტი არა სთქვა-რა ამისთანა საქციელზე, ეს მის თავდაჭერილსა და მართებულს
მეტყველებას მოასწავებს და არა საქციელის სრულს დახასიათებასა და დასახელებას.
ეს კიდევ არაფერი.
ბ-ნ მესროპისაგან ნაპოვნ წარწერათა შორის, ბ-ნ ნიკოლსკის სიტყვით, ერთი
წარწერაა, რომელიც აღნიშნულია XV ნომრით და «ზახალუსად» წოდებულ ადგილის
ახლოა აღმოჩენილი. ამისი ასლი დაბეჭდილი იყო სომხურს ჟურნალს «არარატში»,
რომელიც ეჩმიაძინში გამოდიოდა. ამ წარწერის გამო ბ-ნი ნიკოლსკი სწერს, რომ
«ქედამ გადმოღებული ნაწერი, «არარატში» დაბეჭდილი, ისეთი დამახინჯებულია,
რომ ნიშნებიც-კი თითქმის არა ჰგვანან ვანის წარწერებს. შესაძლოა ვიგულოთ, რომ
გადმომღებს განგებ სდომებია ეს ნიშნები მიამსგავსოს სახით სპარსულ აქემენიდების
წარწერასაო იმ მიზეზით, რომ წარმოუდგენია ვითომც იგინი ერთი და იგივენი არიან,
ან რაიმე ნათესაური კავშირი აქვთო»[49].
ესეი ოსტატობა და ოინბაზობა არ დაეფიცებათ იმათ, ვინც ძველს ქვას აცლის ან
თითონ ქვას იპარავს და ეშმაკმა იცის სადა ჰკარგავს, ახლა იკითხავთ: რა ანგარიშია,
რომ ხსენებული წარწერა გადაუმახინჯებიათ, გადაუსხვაფერებიათ? ოინბაზობა,
თაღლითობა, რუსები რომ იტყვიან подлог, მართალია დიდს ოსტატობას, დიდს
გაგებას და თითქმის ერთსგვარს გულადობასაც თხოულობს, მაგრამ არც იმისთანა
საქებური და სასახელო ხელობაა, რომ კაცმა თავი შეიდოს, ანუ, უკეთ ვსთქვათ,
იკადროს მარტო სახელისათვის, თუ სახელს სახრავიც ზედ არ მოჰყვება. მაშ საბუთი
გვაქვს ვიკითხოთ: რად ნდომებიათ, რომ ძველი წარწერა ასურეთის ხანასი
აქემენიდების წარწერისათვის განგებ მიემსგავსებინათ, როგორც ბ-ნ ნიკოლსკის
სიტყვებიდამა ჩანს.
აი რა ანგარიში უნდა ვიგულისხმოთ: წინანდელ წერილები დამ უკვე ვიცით, რა დიდი საბუთია მართალ მეცნიერთათვის ის გარემოება, რომ ვანის ლურსმული
წარწერანი, რადგანაც ეკუთვნიან აქემენიდების წინა დროს და სომხები მარტო
აქემენიდების დროს მოსულან არმენიაში და მინამდე მათი ჭაჭანებაც იქ არ ყოფილა,
აშკარაა, ანგარიშია სომეხთა მეცნიერთათვის დაამტკიცონ, რომ წარწერები
ასურელთა დრონისანინი-კი არ არიან, არამედ აქემენიდების დროინდელნი. იგი
წარწერანი რომ ასურეთის ხანისი იყვნენ, ესე იგი იმ დროინდელი, როცა იმ
ადგილებში, საცა იგი წარწერანი უპოვნიათ, სომხების ხსენებაც არ ყოფილა, სომხები
ისე ადვილად ვერ დაიჩემებდნენ - იქ ჩვენი ისტორიაა მოთხრობილიო. და თუ
აქემენიდების დროისანი აღმოჩნდებოდნენ, მაშინ ოინბაზობის და თაღლითობის
ქსელი ადვილად გაიბლანდებოდა, ადვილად გაიბმოდა სხვისის სახელის და
ისტორიის დასაჩემებლად და იმას ვეღარ უსაბუთებდნენ გასამტყუნებლად, რომ
თქვენ ჯერ სად იყავით, როცა ეს წარწერანი ქვებზე ამოუჭრიათო.
ნუთუ ეს ოინბაზობა, ეს თაღლითობა იგივე არ არის, რაც სთქვეს სომეხთა
მეცნიერებზე დ. ბაქრაძემ, ილ. სერებრიაკოვმა, ლენორმანმა, რაულინსონმა, ბ-ნმა
ნიკოლსკიმ და რასაც ჩვენ ამ წერილებით ვამტკიცებთ.
ყოველ ამის შემდეგ, განა აშკარა არ არის, რომ იმისთანა მეცნიერნი, როგორიც
პატკანოვია, ფილოსოფოსი არწრუნია და ვიღაც ეზოები, ხუდაბაშოვები და მთელი
მათი ამქარი, არაფერს თაკილობენ ოღონდ-კი თავისი შავი გაათეთრონ და ჩვენი
თეთრი გააშავონ იმისდა მიხედვით, რა დროს რა სწყურიანთ, რა დროს რა უხდებათ
ტანად და პირად. ამას რომ მარტო ჩვენ, ქართველები ვამბობდეთ, კიდევ არ
დაიჯერებოდა, მტრობაში ჩამოგვართმევდნენ, შურითა მოსდითო, იტვიან.
ლენორმანი, რაულინსონი, ბ-ნ ნიკოლსკი, ჩვენი მამიდაშვილები, ან ნათელმირონები ხომ არ არიან, რომ ამათაც მიდგომით ლაპარაკი შესწამონ.
ბ-ნი გოლმსტრემიც, ჩვენდა სამწუხაროდ, ამ სომეხთა მეცნიერთა ფეხის ხმას
აჰყოლია და ჩვენთვის, ქართველებისათვის, მღაღადებელს ქვებს სომხებისათვის
აღაღადებს და დიდის ბუკითა და ნაღარით იძახის: «И камин возопиют!.. Камни не
лгут!»... აქ ქვანი კი არ იღაღადებენ, ქვანი მართალს ამბობენ, ხოლო იღაღადებენ და
ტყუიან სომეხთა გაცუღლუტებულნი მეცნიერნი, ან გამეცნიერებული ცუღლუტი
ეზოვები და სხვა ამისთანები. ეს რაღაც მთელი გუნდია, რომელსაც თითქო პირი
შეუკრავთ, გაფიცულან, რომ ქვეყანა ატყუონ, მელა-ტურა ლომად აქციონ, ლომი
კატად, და ფრთაგაცვივნულ, გაქუცულ უხეირო კრუხ-ქათამსავით წიწილები სჩეკონ
არწივის ნაბუდარზედა.
XII
სახელი და პატივი ბ-ნს გოლმსტრემს, რომ სომხებისათვის, ვითარცა ჩაგრულ და
დევნულ ერისათვის, გულმტკივნეულობს და ამისათვის ხმას იღებს საქვეყნოდ და
უშიშრად. არც ჩვენა ვართ ისეთნი უგულონი, რომ არ ვიგრძნოთ სხვისა ტკივილნი,
სხვისა ხოცვა-ჟლეტა, დარბევა და დაწიოკება და არ ვიცოდეთ ფასი და ღირსება
ადამიანისა, როცა უბედურთათვის იღვწის და, თუ ხელს არა, ხმას მაინც აწვდის
ნუგეშინისცემისას, სიყვარულისას. ჩვენ ისიც ვიცით, რომ მარტო გულწმინდად
მიცემული ნუგეში, მარტო გულწმინდად გზად და ხიდად გადებული სიყვარულია
იგი უზენაესი მადლი, რომელიც კაცს აიყვანს «მაღალსა მას მთასა წმიდასა, სადა
გალობენ ანგელოზნი ღვთისა დიდებას».
ვწუხვართ, რომ საქმემ და სიმართლემ მოითხოვა ბ-ნი გოლმსტრემი სომეხთა
მეცნიერთა მწკრივში ჩაგვეყენებინა, მისი ნებითო თუ უნებლიეთი შეცდომა
გულახდილად გვემხილებინა და ჩვენი გაოცება გვეთქვა: ნეტა რამ და რისთვის
დააწერინა იგი ისტორია, რომელიც მარტო სომეხთა ფილოსოფოსებისა და
დელინგერების საკადრისია და მარტო იმათს თონეში ცხვება.
გვიკვირს: თუ ბ-ნ გოლმსტრემს არ წაუკითხავს იგი წერილი ბ-ნ ნიკოლსკისა,
რომელიც ჩვენ წინა წერილების სხოლიოში დავასახელეთ, ბ-ნ ანუჩინის წერილი ხომ
უსათუოდ წაუკითხია, რადგანაც ამბობს, რომ ბ-ნი ანუჩინი წინააღმდეგია იმ
თეორიისა, რომელიც ურარტელებს ჰხადის სომხების წინაპრებადაო და ეს მარტო
იმას მოასწავებს, რომ ბ-ნი ანუჩინი მიუდგომელი მეცნიერიაო და ამისთვის აქებს
კიდეც. აქ ორი გარემოებაა საოცარი. ჯერ ერთი ისა, ვითომც ქვეყანაზე იყოს იმისთანა
თეორია, რომ ურარტელთა სომხობას ამტკიცებდეს. თუ არ არის ამისთანა თეორია,
მაშ ბ-ნ გოლმსტრემის სიტყვა საქარეზე გატანილი სიტყვაა, როცა გვარწმუნებს, რომ
ბ-ნი ანუჩინი ამ თეორიის წინააღმდეგიაო. ამაოდ ფიქრობს ბ-ნი გოლმსტრემი
არსებობას ამისთანა თეორიისას: იგი არსად არის და ბ-ნი ანუჩინი არ-არსებულის
თეორიის წინააღმდეგი როგორ იქნება? ბ-ნი ანუჩინი მოცლილი კაცი ხომ არ არის
სომეხთა მეცნიერებსავით, რომ ქარის წისქვილებს ომი დაუწყოს.
კიდევ ვიტყვით, დღეს მთელს ქვეყანაზე ერთიც მართლა სწავლული და
მეცნიერი არ მოიპოვება, - სანთლითაც რომ ვეძებოთ, - ურარტელთა სომხობის
თეორიას მისდევდეს, გარდა იმისთანა ჩურუქა მეცნიერებისა, როგორც ვიღაცა
ეზოვები და მისნი დამქაშები არიან. ამათაც-კი არა გვგონია გაბედონ ამ არარსებულის თეორიის ღაღადება თავისის სახელით. და, იქნება, სხვა-კი გააბრიყვონ,
თითონ სოროში შეძვრნენ და ამ სახით სხვისის ხელით ნარი გლიჯონ. ეს იმათი
ხელობაა.
ბ-ნი ანუჩინი თუ ურარტელთა არა-სომხობას ამბობს, ამას ვისიმე წინააღმდეგად
კი არ ამბობს, არამედ ამით ემოწმება ყველას, ვისაც ეს საქმე გამოუძიებია. ვიწვევთ ბნს გოლმსტრემს, თუნდ ერთი სწავლული და მეცნიერი, ან ევროპელი, ან რუსი
დაგვისახელოს იმ თეორიის მომხრედ, რომელსაც ვითომც ბ-ნი ანუჩინი
ეწინააღმდეგება და რომელსაც დღეს ასე თავშეუდებლად მარტო ბ-ნი გოლმსტრემი
ჰღაღადებს, დიაღ, მარტო ბ-ნი გოლმსტრემი და სხვა არავინ.
თუნდ ეს ორი ერთმანეთის წინააღმდეგი თეორია არსებობდეს, ნეტა რა ნიშანია
მიუდგომელობისა, მიუკერძებლობისა ურარტელთა არა-სომხობის თეორია, რომლის
გამო ქებასაც-კი უძღვნის ბ-ნს ანუჩინს ბ-ნი გოლმსტრემი. ნუ თუ აქაც ახია ითქვას:
«სიტყვამან შენმან გამოგაჩინოს შენ».
მეორე გარემოება ის არის, რომ ასე ვრცლად არის ბ-ნ ნიკოლსკის მოწმობა ბ-ნ
გოლმსტრემის მიერ მოთხრობილი საბუთად ურარტელთა და სომეხთა ვითომდა
ერთ ნათესაობისა და ბ-ნი ანუჩინი-კი მარტო სამის სიტყვით უხსენებია, ისიც
ბუნდად, - ამ თეორიის წინააღმდეგიაო. ყური არ უთხოვებია, რომ ბ-ნი ანუჩინი
ანტროპოლოგიურადაც ამტკიცებს, რომ სომეხნი არმენიაში, წინანდელ ურარტის
ქვეყანაში, მერე მოსულნი არიან[50]. გარდა ამისა იგივე ბ-ნი ანუჩინი იმოწმება, რომ
იგი ქვეყანა დაიჭირეს სომხებმა დიდის ბრძოლის და ომების შემდეგ
ურარტელებთანაო. არის რამოდენიმე საბუთები, რომლის ძალითაც შესაძლოა
ვიგულოთ, რომ ურარტელნი, ანუ პონტიის ქალდები[51] ქართველთა მამა-პაპანი
ყოფილანო[52].
დალოცვილს, რაკი ესე ვრცლად მოგვითხრობდა ურარტუითა სომხობას და
ისიც უსაბუთოდ, ერთი სიტყვა, თუნდ ესე მოკლედ, როგორც აქ არის ბ-ნ ანუჩინის
ნათქვამი მოყვანილი, ჩვენთვისაც გამოემეტნა, ურარტელთა ქართველობა გაკვრით
მაინც მოეხსენებინა. განა ვინ დაემდურებოდა? თუ ბ-ნ ნიკოლსკის მოწმობა, მერე
სულ მთლად თავით ბოლომდე გადასხვაფერებული, საჭირო იყო ურარტელთა
გასომხებისათვის, ქართველთა ასე თუ ისე დასაბუთებული ურარტელობა ბ-ნ
კნუჩინისა რატომ-დაჰვიწყებია და ჩაუფარცხებია. რასაკვირველია, თვით ბ-ნ
გოლმსტრემის საქმეა, - სად რა სთქვას და როგორ, ხოლო ჩვენ-კი ვიტყვით:
«საკვირველ არიან, უფალო, საქმენი შენნი!»
ვთქვათ, ისეც იყოს, რომ ურარტელნი სომხები არ ყოფილანო, ჰბძანებს ბ-ნი
გოლმსტრემი: ამ საგანს ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვსო. აი
სწორედ ამაზე ითქმის, ე რ ი ჰ ა ა ! მაშ რაზე შეაწუხეთ ბ-ნი ნიკოლსკი, ანუჩინი, რომ
თითქმის მთელი ფელეტონი ურარტელთა სომხობის დასაბუთებას მოანდომე იდა,
სულ ცოტა ვთქვათ, ორიათას-შვიდას-რვაასის წლის ამბავი გაგვიბით და ამ ამბავით
ამტკიცებდით სულიერ და ხორციელ სიმტკცესა და მედგრობას ახლანდელის
სომხებისას, ვითარცა მემკვიდრეებისას სახელოვან ურარტელებისას. მაშ რად
იღაღადებდა ბ-ნი გოლმსტრემი: «თუ პოვნა გნებავთ ამ საქმის (სომეხთა საქმისა)
ჭეშმარიტებისა, პოლიტიკოსებისაგან «ფერუმარილ წაუსმელისა», გადაუკეთებელისა,
უნდა ყურადღება მიაქციოთ» ძველს, ჭაღარამო დებულს დროს, არქეოლოგებს და
სწავლულ მოგზაურებსაო»[53]. მაშ ეს სიტყვები ისე საქარეზეა გასტუმრებული! აფსუს,
სიტყვებო!..
საოცარია, - რომ ამას ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, ესე იგი ის კაცი, რომელმაც
თვალი და ყური აუქცია ჭაღარამოდებულს ძველს დროსაც, არქეოლოგებსაც,
სწავლულთა მოგზაურთაც და იმ ქვათა ღაღადსაც, რომელნიც, მისის სიტყვით,
возопиют!
«კიდევ ბევრს, ბევრს სხვას ჰღაღადებენ არმენრაში ნაპოვნი ქვებიო», იძახის
დიდის პათოსით ბ-ნი გოლმსტრემი. მართალია, ბევრს რასმე იღაღადებენ და ვაი რომ
იმათს ღაღდს ყურებში ბამბადაცმული მსმენელი შეჰხვედრია. ბევრს რასმე
იღაღადებენ, მხოლოდ მთლად და ხელაღებით იმის წინააღმდეგს, რაც ბ-ნს
გოლმსტრემს ურარტლთა გასომხებისათვის წამოულაგებია «Петербургские
Ведемост»-ში. კიდევ ვიწვევთ ბ-ნს გოლმსტრემს: თუ ჩვენ მართალს არ ვამბობთ, აბა
ერთი საბუთი, აბა ერთი მართალი სწავლული, მართალი მეცნიერი, აბა ერთი ქვა და
მისი ღაღადი წამოგვიყენოს პირში, მაშინ ჩვენ ჩვენს მშვილდს ძირს დავდებთ და ბ-ნ
გოლმსტრემის წინაშე ქედს მოვიხრით, ჩვენს შეცდომას შევინანებთ საქვეყნოდ.
სომეხთა ქების განდიდებას ისე გაუტაცნია ბ-ნი გოლმსტრემი, რომ ამის
თქმასაც-კი შესაძლებელად ჰხადის: «ამ ერმა (სომხობამ) საუკუნეთა განმავლობაში
დაამტკიცა თვისი შეურყეველი ერთგულება ქრისტიანულ მართლმადიდებელ
აღთქმებისაო». რა თქმა უნდა, ყოველს ერს თავისი სარწმუნოება მართლმადიდებელი
ჰგონია და ამაში ვერც ვერავინ შეუვა. სარწმუნოება სინიდისის, სასოების საქმეა და აქ
ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი. ხოლო ბავშვმაც-კი იცის, რომ სომხები
გრიგორიანები არიან სარწმუნოებით და სულაც არ ეკუთვნიან იმ რჯულს, რომელიც
მართლმადიდებლად წოდებულია საზოგადოდ რუსეთში და რუსის მწერლობაში
საკუთრად. მაშასადამე, ბ-ნის გოლმსტრემის ღაღადი, რომ სომხებმა შეურყეველი
ერთგულება აღმოუჩინეს ქრისტიანულ მართლმადიდებელს აღთქმებსაო[54], არ არის
მართალი, იმიტომ რომ ამ სახელით წოდებულს სარწმუნოებას და, მაშასადამე,
აღთქმებსა სომეხნი გაეცალნენ ჯერ კიდევ მეექვსე საუკუნეში და მას აქეთ
სარწმუნოებით ცალკე გავიდნენ. სად იგი სარწმუნოება, რომელსაც სომხები
აღიარებენ, და სად იგი, რომელიც მართლმადიდებლად წოდებულია რუსეთში და
რუსის მწერლობაში.
რასაკვირველია, სომეხთა სარწმუნოებაც ქრისტიანულია და სომეხთ ვერ
დავუკარგავთ დიდს ღვაწლს, ქრისტიანობისათვის მათ მიერ დადებულსა.
ქრისტიანობისათვის ბევრი რამ გაუწირავთ, ბევრი სისხლი უღვრიათ და მეტი არ
იქმნება ვთქვათ, რომ ქრისტიანობას ანაცვალეს მათ თითქმის მთელი თვისი
ისტორია, თვისი სამეფო, თვისი მამული, თვისი სამშობლო და ამით, თვისდა
მართლადა სასახელოდ, შეინახეს თვისი რჯული, ენა და ყოველმა ამან შეანახვინა
თვით მათი ვინაობაცა, მათი ეროვნული არსებობა. ვერც ისტორია და ვერც
კაცობრიობა ვერ დაივიწყებს სომეხთა ღვაწლს, სომეხთაა თავგანწირვას
ქრისტიანობისათვის. ამიტომაც ბ-ნს გოლმსტრემს რომ გაეხსენებინა ეს დიდებული
ღვაწლი საერთოდ ქრისტიანობის წინაშე, მართალი იქნებოდა და რაკი შიგ ჩაურია
«მართლმადიდებლობა», ბალღსაც სიცილს მოჰგვრის, რომ სომხები შეურყეველად
ერთგულნი ყოფილან სხვის სარწმუნოებისა და, მაშასადამე, შერყეულნი თვის
საკუთარს სარწმუნოებაში. სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ
ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც
ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის.
სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადამიანის სულიერ წიაღშია, ორთვალა და
ორგულა ვერ იქნება, რომ ჩვენიც იყოს და თქვენიც ერია და იმავე დროს. იგი
ერთთვალა და ერთგულაა, - თუ ასე ითქმის, ვერც თვალს და ვერც გულს ორად ვერ
გაყოფს, რომ ერთსაც ჰხედავდეს მართლმადიდებლად და მეორესაც, ერთსაც
გაუზიაროს სასოება გულისა და მეორესაც. ამიტომაც შეურყეველი ერთგულება სხვის
სარწმუნოებისა საკუთარის სარწმუნოების შერყევაა, უარყოფაა. თავდადებულნი
ერთის სარწმუნოებისათვის, მეორისათვის თავდადებულნი ვერ იქნებიან და
ნამეტანად შეურყეველ ერთგულებისანი. კაცი შეურყეველად მოსავია მარტო იმ
სარწმუნოებისა, რომელსაც აღიარებს და გულში ატარებს. უამისოდ სარწმუნოება
სარწმუნოება-კი არ არის, სამოსელია, რომელსაც კაცი როცა უნდა იხდის და როცა
უნდა იცვამს. ამიტომ არა გვგონია კეთილმორწმუნე სომხებს ეს ქება ბ-ნ
გოლმსტრემისა სასიქადულოდ გაუხდეთ. სომხებს რაც გინდ დააბრალეთ, და
ორგულობას სარწმუნოებისას-კი ვერავინ შესწამებს. პირიქით, მათ, თვისდა
სასახელოდ, კარგად იციან ფასი თავისის სარწმუნოებისა და ამისათვის უღელი
ყოველ გვარის უბედურებისა გულგაუტეხლად უტარებიათ და ჯვარცმულან.
დასასრულ, ერთი ეს უნდა ვიკითხოთ: რა გაჭირება დასდგომია ბ-ნ
გოლმსტრემს, რომ საცოდავი ქვებიც-კი უწამებია, შეუწუხებია პატივცემულნი
მეცნიერნი და ჯანაბაში გადუკარგავს თვით მეცნიერებაცა. ეს ჩვენ არ ვიცით და არც
დიდი სურვილი გვაქვს ვიცოდეთ. ჩვენ მარტო იმას ვკვირობთ, ჩვენ მარტო ის
გვეოცება, რომ აქაც იგივე პროგრამაა გამოჭიმული და დოინჯშემოყრილი, რომელიც
სომეხთა მეცნიერთ მემკვიდრეობით დასჩემებიათ: სომეხთა ბამბაც უნდა
ჩხრიალებდეს და ქართველების არც კაკალი. ვიყვიროთო და ყვირილიც ეს არის.
აბა სენკოვსკიდამ დაწყებული ბ-ნ გოლმსტრემამდე, ამ სამოცის წლის
მანძილზე, ლარი გააბით და გახედეთ, თუ ყველა სომეხთა მეცნიერს ამ ლარზე ხელი
არ ეკიდოს, ერთსა და იმავე პროგრამას არ ემსახურებოდეს საოცარის ერთგულობით
და ერთსულობით. ებღაუჭებიან ამ პროგრამას კბილით, ხელით, ფეხით და მთელითა
ცხოვრებითა მათითა. განა აშკარა არ არის, უნდათ ქვეყანას დაანახვონ, რომ სომეხზე
უკეთესი, გამძლე ერი, ყოვლის ნიჭითა და უნარით შემკობილი სხვა არავინ არის
მცირე აზიში და ნამეტნავად ამიერკავკასიაში. მართალია, ამიერკავკასიაში ეს რაღაც
«ვრაცები ჰყრიან და ცოტად თუ ბევრად ამათაც ახსენებენ, მაგრამ ასეთს საქმეს
დავმართებთ, ასე გავუბიაბრუებთ სახელს, რომ სახსენებელიც-კი აღარ დარჩეთ. თუ
ისტორია აქვთ, გავუყალბებთ, ან ჩვენ დავიჩემებთ, მიწა-წყალი აქვთ და ჩვენ
ჩამოვართმევთ, და ქვეყანას, ტყუილი იქმნება თუ მართალი, დავაჯერებთ, რომ
ქართველობა გადაშენების გზაზეა შემდგარი და დღესა თუ ხვალე ან ამოსწყდებიან
დედა-ბუდიანად, ან გასომხდებიან.
ამ ჩვენს ლანძღვა-გინებაში, რასაკვირველია, ბ-ნს გოლმსტრემს არავითარი
წილი არ უდევს და მადლობელნი ვართ, რომ შეგვიბრალა და ავად მაინც არ გვახსენა,
სომხებს ზედ არ წაგვაკლა ქათამსავით, სომეხთა მეცნიერებისამებრ. ხოლო ძნელი
მოსათმენნი არიან ეს ხუდაბაშოვები, პატკანოვები, ქიშმიშოვები, ეზოვბი, არწრუნები
და ერთობ იგი ერთი გუნდი სომხებისა, რომელთაც ღმერთმა მოახმაროთ
თავიანთთათვის ქება-დიდება და ჩვენს მოთხრას-კი ნურას უკაცრავად! - ვერ
შევარჩენთ, ვერ დავანებებთ და ამაში, იმედია, ყველა ჭკვათამყოფელი სომეხი
დაგვეთანხმება. აი, სწორედ აქ არის თავი და ბოლო, დასაბამი და დასასრული იმ
მწვავის განხეთქილებისა, რომელიც ასეთის გულმოდგინებით შთამოსთესეს ჩვენში
უმეცართა მეცნიერთა და ერთმანეთზე აალურსეს ქართველი და სომეხი. ამით,
სწორედ ამ პირმოშვებულმა ფილოსოფოსებმა გაუფუჭეს გული ქართველებს
სომხებზე და სომხებს ქართველებზე, თორემ სად იყო ჩვენში ამ ორმოც-სამოცის
წლის წინად ერთმანეთის ასეთი ათვალწუნება! ერთმანეთში არ ვირჩეოდით და
თუმცა სხვადასხვა მოდგმისანი და სარწმუნოებისანი ვიყავით, მაგრამ სომხობით
ქართველის ძულებას და ქართველობით სომხებისას ჩვენში ადგილი არა ჰქონია
ჩვენდა საერთო საბედნიეროდ და სასახელოდ, და თუ დღეს ეს ურთიერთობა ასე
შერყეულია, სომეხთა მეცნიერთა გულნამცეცობას, უვიცობას, ნაცარქექიაობასა და
ოინბაზობას უნდა მიეწეროს. მარტო ერთი ბ-ნი ეზოვი საკმაოა, ადამიანი შეუშინდეს
თავის-თავსა და სასოწარკვეთილებით ჰკითხოს: ნუთუ ადამიანი მართლა ღვთის
სახისა და მსგავსებისაა? ღმერთმა მოჰკითხოს ყველას მისნი შეცოდებანი და
შეუნდოს, თუ ამისთანა საქციელი შესანდობარია.
თორემ ჩვენ სომხებისა არა გვშურს-რა. ჩვენ კარგად ვიცით, რომ წინანდელ
საქართველოს უძლურება დაიწყო იმ უბედურ დღეთაგან, როცა-კი პირქვე დაემხო
სომხეთი - ეგ ჩვენი წინანდელი ზღუდე სამხრეთით. ჩვენ ჩრდილოეთით
ვინახავდით სომხეთს და სომხები ჩვენ გვინახავდნენ სამხრეთით. მას აქეთ, რაც
ვახტანგმა გორგასალმა ჩრდილოეთით უშიშარ და უზრუნველ ჰყო მაშინდელი
საქართველო, მთელი ჩვენი ისტორია მიიმართა იმაზე, რომ სამხრეთით
გაგვემაგრებინა ჩვენი თავი. მინამ სომხეთი იყო, საქართველოს რომ თათრობა
მოსეოდა, ჯერ სომხეთი უნდა გადმოელახა. ამიტომაც ჩვენნი უდიდესნი მეფენი და
სამეფოს კაცნი არაფერს არა ჰზოგავდნენ, რომ ეშველათ სომხეთისათვის, როცა-კი
გაუჭირდებოდათ. სამწუხაროდ, ზოგიერთს ჩვენს მეფეებს არ ესმოდათ - რა დიდი
მნიშვნელობა ჰქონდა ქართველებისათვის სომხეთის არსებობას. დაეცა სომხეთი და
სამხრეთის კარი ღია დარჩა საქართველოში შემოსასევად. თუმცა სომხეთის დაცემის
შემდეგ მთელი თითქმის შვიდი საუკუნე კიდევ მაინც გავუძელით ათასჯერ ჩვენზე
ძლიერს მტრებსა, მაგრამ მთელი ჩვენი ისტორიული დღენი მოვღალეთ და შევალიეთ
სამხრეთის კარის დაკეტას და ვერა გავაწყეთ-რა. ღონემიხდილმა და დაქანცულმა
საქართველომ აიღო თავი და შეაფარა დიდ რუსეთის იმპერიას, მტერს არ დანებდა
და მეგობართაკენ პირი ჰქმნა და გული მიიბრუნა.
განა ჩვენთვის-კი სანატრელია ესეთი დაქსაქსულობა სომხებისა! ღმერთმა
მისცეთ ღონე და უნარი ერთად მოიყარონ თავი იქ, საიდამაც აყრილან და აქა-იქ
გაფანტულან. ხოლო ჩვენ ჩვენსას ნუ გვეცილებიან, ჩვენი სახელის გატეხით ნუ
ცდილობენ თავიანთის სახელის კეთებას და შემკობას.
ჩვენ, ბევრი გვქონდა, თუ ცოტა, შეგივრდომეთ, შემოგიხიზნეთ, გიძმეთ და შინ
მტრად ნუ გვეკიდებით. «მტერისა შინა ყოლასა ლომისა გზასა ზედა წოლა სჯობია», ასე იტყოდნენ ძველნი ქართველნი, ასე ვამბობთ ჩვენც, ასევე იტყვის ყოველი
გონიერი სომეხი.
1899 წ.
«არადა ისევ დგას დღის წესრიგში
ბედი ქართლისა და ქართლის ჭირი»
ბოლოთქმა
«ქვათა ღაღადის» ცალკე წიგნად გამოცემა დიდებული საქმეა. მკითხველი კიდევ
ერთხელ გაიცნობს დიდი ილიას ნაფიქრალ-ნააზრევს, მწერლის წინაშე დასმულ
პრობლემებს, ქართველთა სატკივარს.
მიუხედავად იმის, რომ ნაწარმოების დაწერიდან დღემდე თითქმის საუკუნე
გავიდა, იგი თავის აქტუალობას მაინც არ კარგავს. დღევანდელი ქართველობაც იმავე
პრობლემების წინაშეა. შეიძლება ითქვას, უფრო გართულებული და ძნელად
გადასაწყვეტია ბევრი მათგანი.
ჩავხედოთ დიდი ილიას ნაფიქრალს. რა აწუხებს მწერალს? რას იცავს? ვისგან
იცავს? მწერლის გულისტკივილი ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა გავისიგრძეგანოთ,
სააშკარაოზე უნდა გამოვიტანოთ და ერთიანი ძალით განვკურნოთ დაავადებული
სხეული.
ძნელია ერზე თავგადამკვდარი კაცისათვის, აუგად მოახსენოს თავისი
მრავალტანჯული ხალხი, მაგრამ სინამდვილე, რაგინდ მწარეც უნდა იყოს იგი,
თვალის თვალში გასწორებას მოითხოვს. ეს კარგად ესმოდათ ერის თავკაცებს და
შეძლებისდაგვარად არ იშურებდნენ ძალღონეს, დროდადრო შეგვახსენებდნენ თავს,
ჩაგვახედებდნენ საკუთარ სულში, ვინძლო ცხოვრების სწორი გზა აგვერჩია.
ასე იქცევა ილია ჭავჭავაძეც, როდესაც «ქვათა ღაღადის» პირველ სტრიქონებს
გვთავაზობს:
«ჩვენისთანა დაბრიყვებული, დაბალ ღობედ მიჩნეული ერი, ჩვენისთანა
სახელგატეხილი ძნელად თუ სხვა მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ვინც გნებავთ, ან
ზედ გვაბოტებს, ან გვქელავს და მიწასთან გვასწორებს. ლამის კავკასიის ქედს აქეთ
ჩვენი ხსენება გააჩანაგონ, ქართველების სახელი დედამიწის ზურგიდამ აღგავონ და
ჩალასავით ქარს გატანო, თითქო არც ოდესღაც ვყოფილვართ, არც დღესა ვართ...
სულით დაბალნი, ჭკუა-გონებით ჩლუნგნი, ზნეობადაცემულნი, სულელნი,
უსწავლელნი, გაუნათლებელნი, გაღატაკებულნი, ფლიდნი, პირის გამტეხნი,
მხდალნი, ლაჩარნი - აი ჩვენის სულიერ და ხორციელ ავლა-დიდების სურათი! აი
რანი ვყოფილვართ, რანი ვართ დღეს იმათის სიტყვით, ვისაც ასე თვისდა
სასარგებლოდ მიუჩნევია ჩვენის სახელის გატეხა, ჩვენი მიწასთან გასწორება».
განა ნათქვამი დღევანდელობას არ ასახავს? შეუძლია ვინმეს რომელიმე სიტყვა
ან ფრაზა ამოიღოს, რომელიც დღევანდელ ყოფას არ შეეფერება? საეჭვოა!
«ქვათა ღაღადში» საუბარია «ერთი გუნდი» სომხების შესახებ და ანტიქართული
პოლიტიკის მიმდევარ ცალკეულ მეცნიერებზე. დღეს მათი რიცხვი მომრავლებულია.
სომხების იმ ერთ გუნდს სხვებიც დაემატნენ, მსჯელობის სფეროს გასცილდნენ და
საქართველოს ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაიკავეს, მოსახლეობის თითქმის
ნახევარი შეადგინეს! უფრო მეტიც, პრეტენზიებს აცხადებენ: დიდი ხანია აქ
ვცხოვრობთ და ჩვენია ეს მიწებიო. თუ ეს ასე არ არის, მაშ რას ნიშნავს სამაჩაბლოსა
და აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია? უმადურობამ და უპატივცემულობამ
თავის საზღვრებს გადააჭარბა. უღმერთობა ეტყობა ყველას და ყველაფერს.
ავიწყდებათ, რომ ადრე თუ გვიან უფალი თავისას მიუზღავს ცოდვილთ.
სათაურად გამოტანილი სიტყვების ავტორს, მუხრან მაჭავარიანს უნდა
დავესესხოთ: «გუგულის ბარტყი ესოდენ ურცხვად არ მოქცეულა დღემდე».
ვინ არ შეუკედლებია ქართველ ერს, ვინ არ გაუთავისებია, მაგრამ ზოგმა
პატივის ნაცვლად თვალში ნაცრის შეყრა მოინდომა. მოინდომა და ინანა. ასე იყო
ისტორიულად.
დღეს?
დღესც ილანძღებიან უშვერი სიტყვებით. ათასნაირ უმსგავსობას გვაწერენ,
ტრადიციებს გვილახავენ. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენში ჩაკლან რწმენა.
რწმენადაკარგული კაცის ამბავი კი, ძვირფასო მკითხველო, კარგად მოგეხსენებათ,
თუ რა ბედენაა. წინა საუკუნეში ეს პრობლემა რომ დაეძლიათ, წერდნენ: «თორნიკე
ერისთავს», «ბაში-აჩუკს», «მეფე დიმიტრი თავდადებულს», «ბახტრიონს» და მსგავს
ნაწარმოებებს. ამით უნდოდათ ეთქვათ, რომ არა ვართ წყალწაღებული ერი. იმდენად
ძლიერნი ვიყავით, რომ ჩვენი თავის გამოხსნაც შეგვეძლო მონობისაგან, ქვეყანასაც
ვიცავდით მუმლივით შემოსეული მტრებისაგან, უფრო მეტიც, ზოგ ჯერ ერთ
მორწმუნე ბიზანტიელებსაც კი ვეხმარებოდით. ამგვარი ნაწარმოებებით იმედი
ჩნდებოდა ქართველი კაცის გულში. ეს იმედი აცოცხლებდა მას. ამ იმედით
ბრუნავდა ჩვენი ცხოვრების ისტორიული ჩარხი.
ახლა?
განსხვავებით გასული საუკუნის ვითარებისაგან საიმედო ნაწარმოებების წერა
კი არა, კალმისათვის ვერ მოუცლია კაცს. ფიზიკურ გადარჩენაზე ფიქრობს ყველა და,
ამის გამოა, ალბათ. გარდა ნათქვამის, ნიჭიც უნდა გქონდეს იმნაირი ილიას, აკაკისა
და ვაჟას რომ ჰქონდა. არც უგულობა ივარგებდა ამ საქმეში.
ილია ჭავჭავაძის აზრით «ყოველ ერს თავისი საკუთარი სახე აქვს, თავისი
საკუთარი გულთა-თქმა, თავისი წადილები, თავისი სულთასწრაფვა, თავისი ღირსეა.
ამაების შეგინება ერთი იმისთანა სიბრიყვეა, რომელიც გონებაგახსნილს ადამიანს არ
ეპატიება, არ შეენდობა.
ერის საკუთარი სახის შესაქმნელად ზნემაღალ ადამიანთა ჩამოყალიბება არის
საჭირო. დღეს ყოველგვარ უმსგავსობას წააწყდებით. ყველა მანკიერი მხარე არის წინ
წამოწეული. ჩვენმა წინაპარმა დიდი ამაგი დაგვდო, როცა ყოველ მაღლობზე ციხეკოშკი და მონასტერი ააშენა, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არსებული
მონასტრები არ კმარა. ყოველ ქართველს ეზოში საკუთარი ეკლესია უნდა ჰქონდეს,
ვინძლო ღმერთი იწამოს და უღმერთოდ არ მოიქცეს.
ეროვნული სახის შენარჩუნებისათვის მარტო ქართველი კაცის ქართულად
ჩამოყალიბება არ კმარა. ჩვენდამი ანტიპათიურად განწყობილ ხალხსაც უნდა
მიეხედოს. არავინ იცის, ვინ როგორ არის ჩასაფრებული და ვინ როდის წამოყოფს
თავს საქართველოს მიწების დასატაცებლად თუ ქართველი ხალხის გასალანძღავად.
განა ერთი და ორი ფაქტი ვიცით ნათქვამის დასამტკიცებლად? განა ერთი და ორი
სტატია დაიწერა ჩვენი ეროვნული ღირსების შესალახავად? განა დიდი ტრიბუნიდან
არ უთხრეს ჩვენ სახელოვან მწერლებს: «თქვენი ადგილი ბაზარში არისო»? განა ჩვენ
არ ვიყავით თურმე გზატკეცილების გასწვრივ კილომეტრთან სუფრებს რომ
ვშლიდით მლანძღველთა საპატივცემულოდ? ისე გაგვიხადეს საქმე, ღირსეული
კაცის გამასპინძლებაც გვიჭირს. ასე იცის საკუთარი თავის დაუფასებლობამ და
ტრადიციების ხელაღებით მოპყრობამ. იქნებ დროა, შევცვალოთ დამოკიდებულება
მეზობელ სახელმწიფოებთან, მეზობელ ხალხებთან. მოვექცეთ ყველას ისე, როგორც
ფრანგი ექცევა ქართველს საფრანგეთში, რუსი ქართველს - რუსეთში,
აზერბაიჯანელი ქართველს - აზერბაიჯანში (საინგილოში), მინდოდა მეთქვა: სომეხი
ქართველს - სომხეთში (მაგრამ ეს რომ არასოდეს ყოფილა და არც იქნება). კი მაგრამ
რატომ? ამგვარი ხელგაშლილობის გამო ხომ არ შეგვარქვა სომეხმა «გიჟ ვრაცუა»?
ისიც საინტერესოა, რომ სომეხი ტრაბახობს, წმინდა ერი ვართო, ჩვენ კი ინტერნაციონალური რესპუბლიკაო. რა მოგვცა კარგი ამგვარმა ინტერნაციონალობამ?
იქნებ ჩვენც გვეფიქრა ეროვნულ სიწმინდეზე. ჩვენ კი ვესიყვარულებით ყველას,
მაგრამ ამ სიყვარულის საპასუხოდ დაიცვეს მათ ჩვენი ინტერესები, როდესაც ძალიან
გვიჭირდა ან გვიჭირს ახლაც? არაფერი ვთქვათ? ყველაფერზე თვალები დავხუჭოთ
სხვისადმი საპატივცემულოდ და ქართველთათვის საზიანოდ? ამიხსენით, რომელი
ერი იქცევა ასე უდიერად ჩვენს გარდა. როდემდის, ჩემო მკითხველო, როდემდის?
თითქოს მოურჩენელი სენი გვჭირს - შინაგანიცა და გარედანაც შეყრილი.
ვიშუშებთ ჭრილობებს. სატკივარი მუდამჟამ გვახსენებს თავს. მიჯაჭული ამირანის
ბედსა მგავს ქართველთა ხვედრი.
დიდების დღეებიც გვქონ ბევრი. კაცურად მოვდიოდით ისტორიის
დაუსრულებელ გზაზე. სამაგალითონიც ვიყავით მუდამ, მტერს მტრულადაც
ვხვდებოდით, სტუმარ-მასპინძლობაც ვიცოდით უჩვეულო. განსხვავებული
ცხოვრება გვქონდა არჩეული. თანაბრად ვფლობდით ხმალს, ჯვარს, საჭრეთელს,
კალამს, მრავალჟამიერს, მაგრამ მტრებისათვის მუდამ ვიყავით გამოუსწორებელნი,
მუდამ ღაღადებდა ჩვენში ქვა. საკითხავია - მარტო ქვა?
ცხელი წერტილი გაჩნდა ბევრი. იწვის ქართული მიწა, ფრესკა თუ ეტრატი,
იღვრება სისხლი ყმაწვილების, ილახება ღირსება ადამიანის. დიდი ცოდვა-მადლი
ტრიალებს ირგვლივ. დაწყევლილი ვართო თითქოს.
ერის სახის შენარჩუნებასა და დახვეწაზე უნდა ვფიქრობდეთ ყველა. ამას
ითხოვდა დიდი ილია. არ ესმოდათ მისი.
ახლა?
ნიჭმა უნდა გადაარჩინოს ერი.
თენგიზ სანიკიძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი
10.1.94 წ.
You have read 1 text from Georgian literature.
  • Parts
  • ქვათა-ღაღადი - 1
    Total number of words is 3762
    Total number of unique words is 2013
    20.3 of words are in the 2000 most common words
    28.2 of words are in the 5000 most common words
    33.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 2
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2051
    22.1 of words are in the 2000 most common words
    30.0 of words are in the 5000 most common words
    34.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 3
    Total number of words is 3734
    Total number of unique words is 2033
    20.2 of words are in the 2000 most common words
    28.1 of words are in the 5000 most common words
    33.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 4
    Total number of words is 3766
    Total number of unique words is 2000
    20.1 of words are in the 2000 most common words
    28.5 of words are in the 5000 most common words
    33.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 5
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 1921
    21.0 of words are in the 2000 most common words
    28.5 of words are in the 5000 most common words
    33.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 6
    Total number of words is 3360
    Total number of unique words is 1865
    23.8 of words are in the 2000 most common words
    32.1 of words are in the 5000 most common words
    37.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.