Latin

ქვათა-ღაღადი - 5

Total number of words is 3658
Total number of unique words is 1921
21.0 of words are in the 2000 most common words
28.5 of words are in the 5000 most common words
33.2 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
ისტორიას სხვა მიმართულება მისცაო. მოდით, და თუ ეხლა ამისთანა ღვაწლმოსილ
ერის ნატამალი სადმეა, გულში ნუ ჩაიკრავთ, ხელს ნუ მიაწვდით, ფეხზე ნუ
დააყენებთ და გზას ნუ გაუხსნით ქვეყნისა და კაცობრიობის სადღეგრძელოდ და
საბედნიეროდ. მართალია ბ-ნი გოლმსტრემი: დიდი უმადურობა და უსამართლობა
იქნება ეხლანდელ კაცობრიობისაგან, რომ ასე არ მოექცეს ურარტის ნატამალ ერსა,
თუ დღეს იგი სადმეა. ბატონი გოლმსტრემი გვეფიცება, რომ ურარტის ნატამალი ერი
დღესაც არისო, მაგრამ ქვეყანა უსამართლოდ და უმადურად ექცევაო. ცოდვააო
ამისთანა ჭირში გაუტეხელი, გონებით, ზნეობით, სულიერად და ხორციელად
ღონიერი, გულმტკიცე და გულმაგარი ერი ფეხზე არ წამოვაყენოთ და ჩვენის
კულტურის დროშა ხელთ არ მივცეთ მთელი აზიის გასანათებლად და
გასაბედნიერებლადაო.
ხომ ასეთი საქებური და სასურველი ერი ყოფილა მოსახლე-მკვიდრი უწინდელ
ურარტისა. ეხლა ვიკითხოთ: ვისთვის და რისთვის იხარჯება ასე უხვად, ვის ამკობს,
ვის აქებ-ადიდებს ურარტელების სიკეთისა და ღვაწლის ხსენებითა? სომხებს,
რომელნიც ვითომ ურარტელები არიან მოდგმით და იმათი შთამომავალნიო, და
რადგანაც, ქართული ანდაზისამებრ, მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახეო, ბ-ნ
გოლმსტრემსაც აუღია და ამბობს, - რადგანაც ურარტელნი ასეთი სახელოვანნი
ყოფილან, ასეთი ღვაწლმოსილნი მთელის კაცობრიობის წინაშე, ასეთი მხნენი,
ხასიათმაგარნი და მედგარნი, და რადგანაც ეხლანდელი სომხები მათი სისხლხორცია, მათის მოდგმისაა, აშკარა ყოველივე სიკეთე ურარტელებისა მოასწავებს
სომხების ღირსებას, კუთვნილებას, ისტორიულად დასაბუთებულსაო. ამ სახით
სომხებმა ისტორიულად დაამტკიცეს თავისი სულიერი და ხორციელი გაუტეხლობა,
მედგარობა, სიმაგრე ხასიათისა, და რადგანაც ესეა, ხელი უნდა შეეწყოს, გზა გაეხსნას
ამისთანა სულითაა და ხორცით ძალოვანს ერსა, რომელმაც ასე სახელოვანად თავი
იჩინა ჯერ კიდევ უხსოვარ დროსაო და რომელიც კაცთმოყვარეობდა ჯერ მაშინ,
როცა სხვანი მგელკაცობდნენო.
ვერ წარმოიდგენთ, რა სასაცილო ამბავი გამოდის იმ პიტალო უმეცრებისაგან,
რომელსაც ასე სასაცილოდ გაუხურებია და გაუფიცხებია ამ საქმეში უმეცარი ბ-ნი
გოლმსტრემი. ბ-ნთ ეზოებს და მისის ამქრის მეცნიერებს რომ სცოდნოდათ, ურარტელების სახელ-ქვეშ რომელი ერია ცნობილი ევროპის სახელგანთქმულთა
სწავლულთა და მეცნიერთაგან, ხელს მოსჭრიდნენ ბ-ნ გოლმსტრემს და
ურარტელებს-კი ასეთის ქებით არ შეამკობდნენ.
თურმე ნუ იტყვით, ურარტელნი ქართველები ყოფილან და ბ-ნი გოლმსტრემი
აქ იმ გულუბრყვილო დათვის მაგივრობასა ჰთამაშობს, რომელმაც აქაო-და შუბლზე
ბუზი აზის და აწუხებს ჩემს მეგობარსაო, აიღო და შუბლში უშველებელი ლოდი
დაიზილა ბუზის ასაფრენად. სწორედ ასეთი ამბავი დამართა ბ-ნმა გოლმსტრემმა იმ
ერთგვარ სომეხთა გუნდსა, რომელთა მრწამსი სხვის მიერ გამომცხვარის პურის
დაჩემებაა, რაკი გემრიელია, თითქოს თავისი არა აბადიათ-რაო. ესეთი მეხი არავის
დაუცია ამ გუნდისათვის თავში, თუმცა-კი მარტო სომხის გაბერა უნდოდა ქებით და
დიდებითა. ტყუილად დაიხარჯა ძვირფასი ტყვია-წამალი. ბ-ნმა გოლმსტრემმა
გულში ტყვია ჰკრა სომეხთა გუნდსა, თუმცა მარტო ვარდის კონის სროლა კი
უნდოდა. ძნელია უვიცობა, ანუ განგებ შეკეთებული, განგებ გაფიცხებული, განგებ
ყალხზე შემდგარი ხელთქმნილი და არა გულთ ქმნილი თავგამოდება.
დიახ, ბატონებო, ურარტელნი ქართველთა წინაპარნი ყოფილან, ქართველთა
სისხლ-ხორცი ერი ყოფილა, სამწუხაროდ - თუ ბ-ნ გოლმსტრემისა არა, იმ სომეხთა
გუნდისა, რომელიც საცა-კი სხვის კარგს რასმე დაინახავს, მსუნაგსავით მაშინვე ხელს
სტაცებს, ჩემიაო, თითქო თავისი საკუთარი სიკეთე და ღირსება არ გააჩნია, თითქო
თუ სხვისა არ ჩაიცვა, არ დაიხურა, თითონ ტიტველ-შიშველიაო. მართლა-და, არც
ესეთნი არიან სომხები, რომ თავისი არა ჰქონდეთ-რა თავმოსაწონებელი.
ჩვენ
უსაბუთოდ
არ
ვამბობო
ურარტელების
ქართველობას.
ამის
დასამტკიცებლად სწორედ იმ ქვებს ავალაპარაკებთ, რომელთ ღაღადებას ასეთი
გოდება და ცრემლთა ღვრა მოართვევინა სომხებისათვის ბ-ნს გოლმსტრემსა და
ვითომ საშინელის გულმტკივნეულობით დააძახა: «И камни вопи! Камни не лгут!».
ჩვენ თავის ადგილას დავუმტკიცებთ ბ-ნ გოლმსტრემს, რომ არამცთუ მკვდრებს
ქვებს, ცოცხალ კაცსაც-კი უბედავს და მისის პატიოსანის სახელით მართალს არ
გველაპარაკება. ასე შეაქცია მან ბ-ნი ნიკოლსკი, რომელიც იქნება სხვას ყველაფერს
ამბობდეს, ხოლო იმას-კი არა, რასაც იმისის სახელით ბ-ნი გოლმსტრემი გვეუბნება,
რასაც მის მაგიერად გვეფიცება და რაც სიზმარში მარტო სომეხთა მეცნიერთ
დღემუდამ ელანდებათ.
გვიკვირს, რომ ამ პატივცემულ რუსთა ასირიოლოგ-არქეოლოგს ასე უკადრისად
მოეპყრო რუსისავე მწერალი და მისი ფრთხილი, ჭკუადამჯდარი საზრისი ამ საგანზე
განგებ, თუ უვიცობით გადაასხვაფერა, გადააკეთა, რომ მისის პატივცემულ სახელით
ტყუილი მართლად გაუსაღოს ერთგვარ სომეხთა გუნდსა. აშკარაა, ბ-ნი გოლმსტრემი
აქ რაღაც უცნაურ მახეში გაბმულა, ტყუილებით გატენილი გუდა ზურგთ აუკიდნიათ
და თვით პატივცემული «Петербургские Ведомости» შეუცდენიათ და თავიანთ
სიყალბის მონაწილედ გაუხიათ. წინათაცა ვთქვით, - ეს გაზეთი თავისდა სასახელოდ
ჩაგრულთა მოსარჩლეა, მისი გონება ერთმანეთის შეუწყნარებლობის ვიწრო
ფარგალში არ ჰტრიალებს, იგი ყველას, დიდია თუ პატარა, თავისას აკუთვნებს და
ამისთანა მართლა კაცთმოყვარული, მართლა ჰუმანური ღვაწლი მისი ვალად სდებს
ყოველს რიგიანს კაცს იმისთანა რამ არ მიაწოდოს დასაბეჭდად, რაც ტყუილია, რაც
მოტყუებაა... იმას აღარ ვიტყვით, რომ ერთობ მწერლობა იმისთანა საქმეა, საცა
ტყუილსა და ჭორს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. კიდევ მეტს ვიტყვით: იმისთანა
წმინდა საქმეში, როგორიც ბეჭდური სიტყვაა, ტყუილებით და ჭორებით ბურთის
გატანა ყველა უკადრისობაზე უსაძაგლესია. «ვისაც ყურნი ესხნენ სმენად, ისმინონ!»
ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ეს პატიოსანი გაზეთიც არ დაუნდვიათ,
მოუტყუებიათ იმ ჭკვიანურ ანგარიშით, რომ თუ ეშმაკობა გაგვივიდა, ხომ რა კარგი,
თუ არა-და, თავშიც ქვა უხლია გაზეთს, თუ ტყუილში დაიჭერენო. არც ბ-ნ
გოლმსტრემისათვის აიტკივებენ ძალიან თავსა. იმათ რა ენაღვლებათ, ოღონდ
სხვისის ხელით ნარი ჰგლიჯონ, თუ შესაძლოა. მაშ რის სომეხთა მეცნიერნიღა
იქნებიან, რომ სხვა დაზოგონ, სხვის სახელს გაუფრთხილდნენ? ეს დავთარში იმათ
არ უწერიათ.
IX
«И Камни вопиют!.. Камни не лгут!.. იძახის გულგაფიცხებით ბ-ნი გოლმსტრემი.
რა საბუკ-ნაღარო სიტყვებია, რა მაღალ ფარდებშია ადამიანის გრძნობის სიმთა
ჟღერა, რომ ცეცხლმოსაკიდებელ აზრს ამ სიტყვებისას გულიც სავსე ჰქონდეს
მართალითა და გამოფიტულს, ჭიანს ნაჭუჭს არ მოასწავებდეს. ასეა თუ ისე, ბ-ნი
გოლმსტრემი, ვითომ-და მართლა გამწვავებული და გულაღტყინებული
სიმართლისათვის, გულში ხელს იცემს და გვეფიცება, რომ ღვაწლმოსილნი ქვეყნის
წინაშე ურარტელნი, ძველისძველადვე ღირსებით და სიკეთით სავსენი, სომხები
არიან და, მაშასადამე, ძველისძველი ისტორიული საბუთი გვეუბნება, რა დიდის
ძალ-ღონის სულიერად, თუ ხორციელად წარმომადგენელია დღევანდელი სომეხი,
ვითარცა სისხლ-ხორცი სახელოვან ურარტელისა. ამ ურარტელების სომხობას
ჰღაღადებენ ქვები და ქვები ხომ ტყუილს არ იტყვიანო. ვნახოთ, მართლა ესეა,
როგორც ამ შემთხვევაში მოზმანებია ბ-ნს გოლმსტრემს, თუ არა.
ფრანსუა ლენორმანი, რომელიც წინათაც ვახსენეთ და რომელიც დიდად
გამოჩენილი და ყველასაგან ცნობილი სწავლულია და მცოდნე ძველად-ძველის
ისტორიისა, დიდად სახელმოპოებული მკვლევარია იმგვარ საბუთებისა, რომელსაც
წარმოადგენენ ლურსმულნი წარწერანი, ნამეტნავად ასურულ-ბაბილონურნი, საცა-კი
აღმოჩენილან. სწორედ იგი ლურსმული წარწერანი ქვებზე, რომელთაც ბ-ნი
გოლმსტრემი აღაღაღებს სომხებისათვის, განსაკუთრებით გამოძიებულია ამ
სახელოვან ლენორმანისაგან.
სწორედ ეს ლენორმანი ამტკიცებს, რომ არმენია გეოგრაფიული სახელწოდებაა
(ტერმინია) და არა ეთნოგრაფიული და ეს სახელი პირველად იხსენება აქემენიდების
დროს, სახელდობრ მეშვიდე საუკუნის დასასრულს ქრისტეს წინათ. ჯერ სომხების,
ესე იგი ჰაიკების ჭაჭანებაც არ იყოო იმ ადგილებში, რომელთაც კრებულს ასურული
და ადგილისავე ლურსმული წარწერანი სახელს სდებენ «ნაირი» და ბოლოს
«ურარტს» და ერს, იქ მკვიდრებულს, «ურარტელებს» ეძახიანო. ჰაიკები, ჰაოსიანები
(სომხები) მეექვსე საუკუნეს ქრისტეს წინათ შემოვიდნენ «ურარტს» და ლურსმულნი
წარწერანი-კი, რომელნიც ურარტელების ამბავს მოგვითხრობენ, ეკუითვნიან უფრო
წინანდელს საუკუნეებს. სულ თავი წარწერა ეკუთვნის მეცხრე საუკუნეს ქრისტეს
წინადო[31].
აშკარაა, ქრისტეს წინათ მეცხრე საუკუნეზე ადრე ამოჭრილი ლურსმული
წარწერა ვერ მოგვითხრობდა იმ ერის ამბავს, რომელიც გამოჩნდა მერე თითქმის სამს
საუკუნეს შემდეგ. ქვანი იღაღადებენ განა, სომეხთა მეცნიერნო! ღაღადით კი
ჰღაღადებენ, მაგრამ «სასმენთა კარნი მათთვის გშხობიათ».
თუნდ ეს მეცხრე საუკუნეც არ იყოს, როცა ქვებმა თავის გულზე დაიწერეს
თვისნი მიუდგომელნი და უტყუარნი ღაღადნი და როცა სომხები არც-კი
გამოჩენილან. «ნაირთა» ქვეყანა, რომელიც მერე ურარტად ცნობილია, ჯერ კიდევ
ასურთა მეფის სალმანასარ პირველის და მერე თიგლათ-პალასარის პირველის დროს
არის ხსენებული ლურსმულ წარწერებში და სალმანასარი I მეფობდა მეთოთხმეტე
საუკუნეს და თიგლათ-პალასარი I მეთორმეტე საუკუნეს ქრისტეს წინათ[32].
ყოველ ამის შემდეგ საბუთი გვაქვს თუ არა ვკითხოთ ბ-ნ გოლმსტრემს: იგი
ლურსმული წარწერანი, იგი ქვები, რომელნიც მოწმად მოჰყავს, რა სასწაულით
მოგვითხრობდნენ სომხების ამბავს, როცა მხოლოდ ექვსას-შვიდას და სულ ნაკლებ
სამასის წლის მერმეთ გამოჩნდნენ სომხები ურარტის ქვეყანაში, საცა ურარტელები
უკვე მკვიდრობდნენ და ებრძოდნენ ასურელთ მთელი ექვსი თუ შვიდი საუკუნე
სომხების მოსვლამდე, და რომელთაც თუ ღვაწლი რამ მიუძღვით მსოფლიო
ისტორიის წინაშე და თუ მაგარი ხასიათი, კულტურა, სულიერი და ხორციელი
ძალღონე გამოუჩენიათ, თავისს სასახელოდ გამოუჩენიათ და არა სომხების საქებსადიდებლად.
აშკარაა, იგი ლურსმული წარწერანი, რომელთ ღაღადს ვითომც ცეცხლი
მოუკიდებია ბ-ნ გოლმსტრემისათვის და რომელნიც, მისისავე სიტყვით, მეცხრე
საუკუნეზე უგვიანესი არ არიან, ურარტელების სომხობას საბუთად ვერ გამოადგება
და აქაც იმავე ქარაფშუტა მეცნიერებას ვხედავთ, რასაც ყოველთვის, როცა კი
სომხებზეა საუბარი სომეხთა ფილოსოფოსების და დელინგერებისა.
«ფილოლოგიაო, - ამბობს ლენორმანი, - ეს ალგებრა ენათა ცოდნის მეცნიერებისა
(ლინგვისტიკისა), როგორც მას უწოდებენ, ეს მეტად ძლიერი და მაღალი საშუალება,
აღმადგინებელი ძველის ეთნოგრაფიისა, გვიმტკიცებს, რომ პირველნი მემკვიდრენი
იმ მიწისა, რომელსაც არმენია ჰქვიან, ქრისტეს წინ მეშვიდე საუკუნის ბოლომდე
იყვნენ იმავე ნათესავისა, რომელსაც ეკუთვნიან ქართველები და ზოგიერთი
ეხლანდელი ხალხი კავკასიისა[33]. ეს სწორედ ის ძველნი მემკვიდრენი არიან,
რომელთაც დაბადება (ბიბლია X, 3) უწოდებს «თოგორმ» და რომელთაც არარიგი
ერთობა არა აქვთ სომხებთან, ჰაოსიანთან. ამავე სახელს "თოგორმ» სდებს არმენიის
მკვიდრთა ეზეკიელ (XXVII, 14, XXXVIII, 6) იმ დროს, როცა დიდი ნაწილი ლურსმულ
წარწერებისა უკვე ამოჭრილი იყო ქვებზე, იმ წარწერებისა, რომელთაც აქამდის ვანის
წარწერებს უწოდებენ.
ლეონორმანი მეტად აშკარად ამტკიცებს, რომ ურარტელნი და ალაროდიელნი
ერთი და იგივე სახელწოდებააო. ერთი და იგივეობა ამ ორის სახელწოდებისა არამც
თუ მარტო ლეონორმანმა დაამტკიცა, არამედ სახელოვანმა ინგლისის მეცნიერმაც
რაულინსონმა, რომელიც თვით ლენორმანმა ამ შემთხვევაში იმოწმა. ამ იგივეობაზე
დააფუძნა ლენორმანმა თავისი დასკვნა, რომ ურარტელების ენა და ლურსმული
წარწერანი ალაროდიანულ ენად და წარწერებად უნდა იყვნენ წოდებულნი და არა
არმენიულადო. ამ ენას და ერს არარიგი ნათესავობა არ აქვს სომხურ ენასთან და
ერთანაო. რაულინსონი ამბობსო, უმატებს ლენორმანი, რომ «ალარუდი»
წარმოადგენს უბრალო ვარიანტს «არარუდი»-სას, რადგანაც ძველი სპარსნი
ერთნაირად გამოსთქვამდნენ «ლ» და «რ». «არარუდი» დამ დიდი მანძილი არ არის
«არარატამდე» და აქედან ასსურელების წარწერებში მოხსენებულს «ურარტამდე».
ამას ზედ უმატებს ლენორმანი: «ალაროდიელნი (იბერნი) წარმოადგენენ
სწორედ იმ ძველს რასას, რომელიც ზევით მოვიხსენიეთ და რომელსაც დაუტოვებია
არმენის ლურსმული წარწერანი». ეს იგივეობა ხსენებულ სახელებისა დასახსომია,
რადგანაც შემდეგში გამოგვადგება.
«ჩვენის აზრით, - ამბობს ლენორმანი, - არმენიაში (ბ-ნ გოლმსტრემის მიერ
ხსენებულნი ლურსმულნი წარწერანი აქვს სახეში) ნაპოვნ ლურსმულ წარწერათა ენა
მეტისმეტად ემსგავსება ქართულს ენას»... «იმედი მაქვს მომავალში, როდესაც
ახლანდელი ჩემი გამოკვლევა წინ წაიწევს, ბლომად წარმოვადგინო შეურყეველნი
საბუთნი ამ მსგავსებისა. ეხლა-კი წარმოგიდგენთ ერთს შეურყეველს საბუთს,
დაფუძნებულს არსებითის სახელის ბრუნვაზედა».
აქ ლენორმანს ასეთი საოცარი მაგალითები მოჰყავს, რომ ეჭვის მოყვარესაც
ეჭვის ხალისს მოუკლავს და ბოლოს უმატებს, - დიდებულის ეჟენ ბურნუფის
გამოკვლევა მომეტებულს საბუთს იძლევა, რომ არმენის ლურსმულ წარწერათა ენა
და ქართველებისა ერთი და იგივეაო.
«არმენის ლურსმულ წარწერათა ენა რარიგად, არაფრით, დაშორებითაც არა
ჰგავს ჰაოსიანთა ენასაო, - ამბობს ლენორმანი: - იმ ხალხს, რომელსაც გამოუჭრია ეს
წარწერანია[34] და ქრისტეს წინ მეექვსე საუკუნემდე უფლობნია არმენიაში, არა ჰქონია
რარიგი ნათესაობა სომხებთან, ჰაოსიანებთან, როგორც თავისის შთამომავლობით,
ისეც ენით».
«ჰაოსიანნი შემოვიდნენ არმენიაში ვანის სულ ბოლონდელ წარწერის გამოჭრის
შემდეგ, სახელდობრ იმ დროს, როცა თვით წარწერის გამომჭრელმა ერმა
(ურარტელებმა), შესუსტებულმა რამდენისამე საუკუნის განუწყვეტელ ბრძოლით
საზარელ ნინევიის (ასურელთ) და ბაბილონის მფლობელებთან, დაიწია
ჩრდილოეთისაკენ, სწორედ იმ ადგილებისაკენ, რომელსაც ძველით უწოდდა
«ივერიას» და ეხლა უწოდებენ საქართველოს (Gèorgie)».
ამ სახით, ლენორმანის სიტყვით გამოდის, რომ ურარტელების სახელს
ტყუილად იჩემებენ სომხები, უწინდელს დიდს არმენიას ტყუილად ჰხადიან თავის
პირველყოფილ სამკვიდროდ და თუ ურარტელების სიკეთე გამოჰყოლია ვისმე
მოდგმით და თუ მაგ სიკეთით შესაძლოა ვინმე თავი მოიწონოს, ესე ყოველი
ქართველობის კუთვნილებაა და არა სომხობისა. რაკი ეს ლენორმანის მიერ
გამონარკვევი გამომზევდა, სომეხთა მეცნიერთა გაწიწმატებაც ზედ მოჰყვა.
განსვენებული ილია სერებრიაკოვი, პროფესორი ლაზარევის ინსტიტუტისა,
ერთს წერილში[35] ამბობს: «ლენორმანმა არამც თუ გააუქმა ქართველებისა და
სომხების ერთ შთამომავლობა, თვით სომხეთიც აქემენიდების ხანამდე ჩამოართვა
სომხებს და საბოლოოდ დაუმტკიცა ქართველებსა. ამ ამბავმა ისე გააბრაზა
პროფესორი პატკანოვი, რომ მთელი ცამეტი წელიწადი მოსვენებას ვეღარ მიაღწია და
ბოლოს, რაკი უკეთესი ვერა გააწყო-რა, დაჰბეჭდა თავისი ცნობილი ფელეტონი, საცა
დიდის ხრიკებით, თვალთმაქცობით სხვისი ნამოქმედარი თავისს თავს მიაწერა,
შეუცვალა ცნობილ ფაქტებს ფერი და ამითი «ქართლის ცხოვრების» გაუქმებას
ჰლამობდა».
ამისთანა საქციელი სომეხთა მეცნიერისა რაზე გაჰკვირვებია ცხონებულს
სერებრიაკოვს. ეს ჭირი არ ახალია, - ძველია სომეხთა სწავლულთათვის. ჩვენ ამისი
მაგალითი ბევრი სხვა მოვიყვანეო ამ წერილში. ჩვენ, ქართველებს, იქნება, მიდგომით
ლაპარაკი შეგვწამონ. აბა ეხლა მოვუსმინოთ იმისთანა მოწამეებს, როგორიც
ლენორმანი და ჰანრი რაულსონია და დავინახავთ, რომ გადასხვაფერნბა, სხვისა
თავისად დაჩემება, აფხეკა და ჩაფხეკა საბუთებისა, გაბათილება სხვისა და სხვის
ადგილას თავიანთ თავის გამოჭიმვა და სხვა ამისთანა სიკეთენი მათი ძველისძველი
უნარია და ძველადვე ამისი ოსტატობა სცოდნით.
«ყველა ზემორე საბუთების ძალითო, - ამბობს ლენორმანი, - იძულებული ვარ
გამოვთქვა იგივე, რაც გამოსთქვა ბ-ნმა ჰანრი რაულსონმა: «ურარტის ენას არა აქვს
არარიგი ნათესაობა ეხლანდელ ჰაოსიანთ ენასთანა». ჰაოსიანნი გამოვიდნენ
ფრიგიიდგან და ნელ-ნელა დაიპყრეს ფრიგიის აღმოსავლეთით მდებარე მაღლობნი,
საიდგანაც ძველი ურარტელნი მემკვიდრენი გააძევეს და ზოგი ჩანთქეს და
შესცვალეს მათი სახელი, ენა, სარწმუნოება, გარდამოცემანი თავიანთითაო». შეცვლა
სახელისა თავიანთით, ენისა, გარდმოცემისა და სხვა ამისთანისა ძველადძველი
თვისება და ჩვეულება ყოფილა და ჩვეულება ხომ რჯულთ უმტკიცესია. ლენორმანი
იმავ წერილში ამბობს, რომ თარგამოსისაგან შთამომავლობა სომხებმა ტყუილად
დაიჩემესო. მითამ რა ეხარჯებათ!..
მარტო ლენორმანი არ ამბობს, რომ მთიანი ქვეყანა, რომელსაც ლურსმული
წარწერანი ურარტად ასახელებენ, ჯერ კიდევ 721 წელს ქრისტეს წინათ სამკვიდრო
იყო ქართველებისა და თვით ურარტელნი ქართველის ნათესაობის ერი იყო. მეორე
დიდი მცოდნე და მკვლევარი ძველის-ძველის ისტორიისა მასპერო ამბობს: «მთიანი
ქვეყანა (ურარტი), საიდამაც გამოდიან ტიგრი და ეფრატი, ჯერ კიდევ ასურელთა
მეფის სარგონის დროს (721 წ.) დასახლებული იყო ერთის მოდგმის ერითა, რომელიც
მთლად განსხვავებულია ეხლანდელ სომეხთაგან და ეკუთვნის ნათესაობით
ქართველებსა. ეს დასკვნა ლენორმანისა სახელგანთქმულად დამტკიცებულ იქმნა
სეისის გუიარის მეცნიერულ ღვაწლითაო»[36].
«საიდამ არის ეს ერი (ურარტელნი) - დღეს ეს საგანი ბნელით არის მოცულიო, ამბობს იგივე მასპერო: - ზოგი მეცნიერნი ამბობენ, რომ ჩრდილოეთი და
აღმოსავლეთიდამ მოსულან და პირველნი დამკვიდრებულან არმენიაში არარატის
ძრობაზე, ტიგრისა, ეფრატის და მტკვრის (Кир, Кура) სათავეების ჩაყოლებაზე და
ზოგნი-კი პირველს მათს სამკვიდროს გვაჩვენებენ სამხრეთისაკენ არაბეთის ნახევარკუნძულზეო»[37].
ამ სახით, ბ-ნ გოლმსტრემის ხმამაღალი და რიხიანი ძახილი: «И камни
возопиют!.. Камин не лгут!» მარტო ცალიერი გაბერილი სიტყვებია და გოდება მისი
სომხებისათვის ცარიელი შუშხუნაა, რომლის აპრიალების შემდეგ მარტო ფერფლი
და ნატისუსალიღა ჰრჩება. გამოდის, რომ თუ კაცს სდომებია, იმისთანა მაგარს და
უტუარს მოწამესაც გადაათქმევინებს სიტყვას, როგორიც ქვაა და ქვათა ღაღადი.
სომეხთა მეცნიერს რომ მოსვლოდა ამისთანა ამბავი, კიდევ ჰო. სომეხთა
მეცნიერთათვის ესეთი ოინები შეჩვეული ჭირია და ზოგს შეჩვეული ჭირი ურჩევნია
შეუჩვეველ ლხინსა. ხოლო საოცარი ეს არის, რომ ასე ექცევა მეცნიერებას,
ჭეშმარიტებას, იგი კაცი, რომელიც ასე ფიცხად, ასე გულმხურვალედ დიდის
საყვირით ყვირის: И Камин возопиют!.. Камин не лгут!» გაგონილა ასე სასაცილოდ
აგდება ქვათა ღაღადისა, ქვათა უტყუარობისა! მოდით და ნუ იტყვით:
«ჰე სოფელო, რაშიგან ხარ,
რას გვაბრუნებ, რა ზნე გვჭირსა!»
X
ბ-ნი გოლმსტრემი მარტო ქვათა ღაღადის, ქვათა მოწმობის გადასხვაფერებას,
გადაკეთებას არა ჰკმარობს: ქვა მკვდარი საგანია, თავის თავს ვერ გამოესარჩლება,
ვერავის ეტყვის, - ჩემი სიტყვა, ჩემი ნათქვამი რად გადამიკეთე, მართლის მაგიერ
ტყუილი რად მათქმევინეო. საქმე ის არის, რომ ბ-ნი გოლმსტრემი ცოცხალ კაცის
სიტყვასაც, მოწმობასაც ასე ექცევა. არც იმას ერიდება, რომ მოწამე არ შემარჩენს
ამისთანა საქციელს, არც იმას, რომ გამიმხელენ სხვანიო. ეს მაღალ ფრაზებით მაღლა
მყვირალა ვაჟბატონი ბ-ნის ნიკოლსკის სახელით იმისთანა ამბებს ასაღებს, რომელიც
ბ-ნ ნიკოლსკის ფიქრადაც არ მოსვლია, პირიქით სულ სხვას ამბობს, სულ სხვას
ამტკიცებს.
ბ-ნი ნიკოლსკიო, ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, გვემოწმებაო, რომ ურარტელნი
სომხები ყოფილანო. ბ-ნი ნიკოლსკი სომეხთა მეცნიერი არ არის და, მაშასადამე, ამის
მოწმობას და სიტყვას თავისი სამართლიანად დამსახურებული ფასი აქვს. აბა ერთი
თითონ ბ-ნ ნიკოლსკისის ვკითხოთ: მართლა ისეა თუ არა, რასაც ბ-ნი გოლმსტერმე
მისის მოწმობით გვეფიცება. აი ბ-ნი ნიკოლსკი რასა სწერს სწორედ იმ ქვების შესახებ,
რომელთ ღაღადსაც ასე ამაოდ აუშუშხუნებია ბ-ნი გოლმსტრემი: «ვანის ლურსმული
წარწერანი უეჭველის საბუთის ძალით ეკუთვნიან მეცხრე საუკუნის დასასრულს და
პირველ ნახევარს მერვე საუკუნისას ქრისტეს წინ»[38].
აშკარაა, იგიც იმ აზრისაა, რომ ამ ქვების წარწერებში მოხსენებულნი ერნი
სომხები არ არიან, რადგანაც მეშვიდე საუკუნის დასასრულამდე, ან, უკეთ ვთქვათ,
მეექვსე საუკუნის დასაწყისამდე ქრისტეს წინა ვანის ადგილებში სომხების ჭაჭანებაც
არა ყოფილა, როგორც ზევით ვნახეთ და როგორც დღეს უეჭველად ცნობილია
მეცნიერებაში და პატკანოვის მიერაც, რადგან სხვა გზა არ იყო, დამტკიცებულდაბეჭდილია.
ეს ერთი უვიცობა ბ-ნ გოლმსტრემისა და ერთი მაგალითი, რომ ბ-ნი ნიკოლსკი,
როგორც მცოდნე კაცი და დიდად საზრისიანი, იმას არ იტყოდა, რაც ათქმევინა ბ-ნმა
გოლმსტრემმა. ეს რომ ეთქვა ბ-ნ ნიკოლსკის, ისც უნდა ეთქვა, რომ ქვები იღაღადებენ
და მოწმობენ იმას, რაც მას უკან, სამას წელიწადს შემდეგ მოხდა. ამისთანა
წინასწარმეტყველობა ქვებისა ჯერ არავის გაუგონია და როგორ ვაკადროთ ამისთანა
განუკითხაობა ბ-ნ ნიკოლსკის, რომელიც ცნობილია ვითარცა ფრთხილი და
ჭკუათამყოფელი მეცნიერი. ეს კიდევ არაფერი.
ბ-ნი ნიკოლსკი ამბობს: «დღევანდლამდე არ არის ნაპოვნი ის ნათესაური ოჯახი
ენებისა, რომელსაც შესაძლოა მიეწეროს იგი ენა (ენა ვანის წარწერებისა), იგი რაღაც
ცალკე ენაა, მთლად განკერძოებული. თითო-ოროლა მაგალითი მსგავსებისა
ქართულ ენასთან ჯერ კიდევ საბუთს არ გვაძლევს დავადგინოთ ნათესაური კავშირი,
თუმცა ეს ნათესაობა ქართულ ენასთან შესაძლოდ დანახულია თითქმის ყველა
იმათგან, ვისაც კი გამოურკვევია იგი წარწერანი. სამწუხაროდ, შედარებითი ცოდნა
კავკასიურ ენებისა და განსაკუთრებით ქართულისა, მათის ისტორიისა,
დიალექტებისა ჯერ ნაკლებია. მაინცდამაინც მარტო ქართულის მცოდნე
ლონგვისტებისაგან უნდა მოველოდეთ უფრო გადაწყვეტილს პასუხს ამ საგნის
შესახებ»[39].
ხომ ხედავთ, ბ-ნი ნიკოლსკი ამ საგანს რარიგად ფრთხილად, თავდაჭერილად
ეპყრობა, ისე ფრთხილად და წინდახედულობით, როგორც შეშვენის მართლმოყვარე
მეცნიერსა, ღირსეულს სწავლულს, რომელიც ვიდრე გამოსჭრიდეს, ათჯერ გაზომავს
ხოლმე. იმასაც ხედავთ, რომ, თუ ბ-ნი ნიკოლსკი ურარტელების ქართველობას
დაბეჯითებით არ აღიარებს, იმას ხომ სრულებითაც არ იხსენიებს, ვითომც სომხები
და ურარტელნი ერთისა და იმავე მოდგმის ანი არიანო. ამისათვის ბ-ნი ნიკოლსკი
ერთს სიტყვასაც შორეულადაც არ იმეტებს. მაშ საიდამ გამოატყვრინა ბ-ნმა
გოლმსტრემმა, რომ ბ-ნი ნიკოლსკი ურარტელების სომხობას ემოწმებაო? ეს თითონ
ბ-ნ გოლმსტრემსა ჰკითხეთ, ან სომეხთა მწიგნობარ-მეცნიერთა. არც ეს არის ჯერ
კიდევ დიდი რამ.
აი ერთი უფრო ძლიერი მაგალითი იმისი, რომ ბ-ნი ნიკოლსკი ამაოდ
ხსენებულია, ამაოდ მოწვეულია მოწმად ბ-ნ გოლმსტრემისაგან, და ამის შემდეგ
გვიკვირს ბ-ნ ნიკოლსკისაგან, რომ თავი არ გამოუდვია თავისის პატივცემულ
სახელის ამაოდ ხსენებისათვის. სახლის ამაოდ ხსენება კიდევ დიდი უკან
სადევნებელი საქმე არ არის საქმიან კაცისაგან. ყურს ვინ ათხოვებს, - ვინ უხსენებს
სახელს ცალკე კაცს ამაოდ და ვინ არა. სამწუხარო აქ ის არის, რომ ისეთს ხსენებას,
როგორიც მოუწადინებია ბ-ნ გოლმსტრემს, მოსდევს შეწამება სრულის უვიცობისა,
უმეცრებისა იმისთანა პატივცემულ მეცნიერისას, როგორიც ბ-ნი ნიკოლსკია,
რომელიც მართლა საქმის მცოდნეა და არაქარაფშუტა სომეხთაა მეცნიერთამებრ. აქ
შებღალულია თითონ მეცნიერება და მისნი გამონარკვევი, მისნი დასკვნანი, მისნი
ნაძიებნი, მერე ვისის სახელით? ბ-ნ ნიკოლსკის სახელით და მოწმობით. აი,
შეუწყნარებელი, შეუსაბამო აქ რა არის და არა მარტო ის, რომ ცალკე კაცის სახელი
ამაოდ ხსენებულია, თუმცა ესეც საკადრისი საქციელი არ არის თავისთავად.
დავუგდოო ყური თითონ ბ-ნ ნიკოლსკის ნათქვამს და სამართალი ისე ვქმნათ.
იგი ამბობს: «ურარტის ქვეყანა, ასურელ და ბაბილონის საბუთების ძალით, არის
ის ნაწილი უფრო დიდის და ვრცელის ქვეყნისა, რომელსაც იგი საბუთები უწოდებენ,
«ნაირი»... «მეცნიერებაში ჯერ დადგენილი არ არის მტკიცედ ცნობა და ნამდვილი
სახელწოდება იქ დამკვიდრებულ ერებისა, ხოლო ლენორმანის და ჰომმელის
მიხედვით შესაძლოა იმ ერებს ვუწოდოთ «ალაროდიელნი»... «თუ ამ ალაროდიელებს
არ ეკუთვნიან ახლანდელნი ქართველები, უნდა მიღებულ იქმნას, რომ იგი ერი
მოისპო და მცირე აზიის და ამიერკავკასიის მკვიდრთა შორის იმ ერის მოდგმისა
აღარავინ არის»[40].
აშკარაა, ურარტელნი, იგი ალაროდიელნი, ბ-ნ ნიკოლსკის აზრით, ან
ახლანდელი ქართველები არიან, ან-და იმათის მოდგმისა აღარავინ არის. სად არის აქ
მოწმობა ურარტელების სომხობისა? პირიქით, განა აქ სრული და გადაწყვეტილი
უარყოფა არ არის იმისი, რასაც ასე კადნიერად სწამებს ბ-ნ ნიკოლსკის ბ-ნი
გოლმსტრემი და მისის სახელით ასე უდარდელად, უპრაგონოდ ასაღებს, თითქო აქ
არაფერი ცუდი და გასაკიცხი არა არის-რაო. კიდევ ვიტყვით: ცოდვაა, ცოდვა, რომ
ამისთანა პატივსაცემი, თავდაჭერილი, ჭკუადამჯდარი მეცნიერი კაცმა თავისს
გულისთქმაზე შესვას, ტყუილების გუდა აჰკიდოს და ისე ატაროს ქვეყნიერობაზე. რა
გაჭირება ადგა ბ-ნ გოლმსტრემს, რომ ასე უპატიურად მოექცა ჯერ მეცნიერებას და
მერე ბ-ნ ნიკოლსკის? ქვანი ჰღაღადებენო!.. ქვანი არა ტყუიანო!.. ქვანი კი არა
იღაღადებენ, აქ ბ-ნის გოლმსტრემის თავშეუდებელი საქციელი იღაღადებს. ქვანი-კი
არა სტყუიან, ბ-ნი გოლმსტრემი არა მართალობს და ფარისეველსავით გულში ხელს
იცემს, მაღალ ფარდებში სიმს აჟღარუნებს ვითომდა ჩაგრულ ჭეშმარიტებისათვის,
ვითომდა პირქვე დამხობილ მართლისათვის სისხლის ცრემლსა ღვრის. კომედიავ,
კარგი რამა ხარ თავისს ადგილა, აქ-კი მარტო გულს უზრზენ ადამიანს, რადგანაც
გულის მაგიერ ჩვენ თვალწინ ჩვარსა სწვამ და გგონია ჩვარი გულად გავაო.
ბ-ნი ნიკოლსკი უფრო შორს მიდის და ამასაც ამბობს, რომ «უდიდესი და
უაღრესი ერი სირიის და მცირე აზიისა, შემქმნელი განსაკუთრებულ კულტურისა და
გულადი მეტოქე ეგვიპტისა და ზოგჯერ ასურეთისა «ხეტტი» ეკუთვნოდა
ალაროდიელ ნათესაობასაო[41]. ალაროდიელნი აშკარაა იგივეა, რაც ურარტელნი,
სახელიდამ «ურარტი», არარატი, მხოლოდ რ გადაქცეულია ლ-დაო[42]. «თაბალი», ერი,
რომელიც მკვიდრობდა კაპადოკიაში, აშკარაა არედვე ალაროდიელთა ნათესაობისა
იყო»[43].
«ხეტტების» და ქართველების ნათესაობას, ერთთესლობას ამტკიცებს მასპეროც,
რომელიც ამბობს, რომ ხეტტელნი ნათესავები იყვნენ ტაბლებისა, მუშკებისა,
რომელნიც თუ თუბალებად, მოსოხებად ცნობრლნი არიან და თუბალნი და მოსოხნი
(მესხნი) ხომ ქართველის მოდგმის ხალხებად მიჩნეულია მეცნიერთაგან. ხეტტელთა
ქვეყანა, მასპეროს სიტყვით, შუა იდვა ორს დიდს უმთავრეს ქვეყნებ შორის,
ქადლდეისა და ეგვიპტისა და ამის გამო იგი შეიქმნა ერთს დიდ ბაზრად
აღმოსავლეთისათვისო. ამ ხალხს დიდი და განვითარებული ცივილიზაცია ჰქონიაო,
საკუთარი ლიტერატურა და აყვავებული მრეწველობაო. რაც ვიცით ამ ერისა, სულ
ეგვიპტელთა და ასურელთა საბუთებით ვიცითო, რადგანაც თვით ამ ერის ნაშთი
ძალიან ცოტაა და ცოტაობით ცნობილიო. წარწერანი მათი იეროგლიფური,
სრულიად განსხვავებული ეგვიპტურისაგან და დღევანდლამდე წაკითხვა მათი
ხელთ არ ეძლევა სწავლულთა მეცადინეობასაო.[44]
თუ მართალნი არიან ბ-ნი ნიკოლსკი და მასპერო იმაში, რომ ხეტტელნი
ქართველის ნათესაობის ერი ყოფილა, ჩვენ აქ ცოტა ხანს შევდგებით, რადგანაც,
იქნება, სხვა მეორე შემთხვევა აღარ მოგვეცეს ამაზე საუბრისა და სანანურად
დაგვრჩება, რომ ამისთანა დიდად შესანიშნავს, ლამის ჩვენს ნათესავს ერზე, როგორც
ხეტტელნი ყოფილან, არა თქმულა-რა ჩვენს ლიტერატურაში ჯერ აქამომდე.
ხეტტელნი, ანუ როგორც ზოგნი ეძახიან გიტნი, დიდი ღვაწლმოსილი ერი
ყოფილა, დიდის კულტურის მექონი და რიცხვმრავალი. ვშიშობთ ამის თქმასა,
ვშიშობთ, იმიტომ რომ სომეხ მეცნიერებსა და მათს ამქარს ერთი მიზეზი კიდევ არ
მივცეთ სხვისას ხელი ჩაავლონ, ხეტტელად თავიანთი თავი გამოატყვრინონ და ამ
გზით, როგორც ყოველთვის, სხვისა დაიჩემონ და თავი მოიწონონ ქვეყნის წინაშე, - აი
რანი ვყოფილვართო.
რადგანაც მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია, არც ჩვენ ჩავიწყვეტთ ენას.
ინგლისის მეცნიერი რ. ანდერსონი ამბობს, რომ ევროპის ცივილიზაციის სათავე
ხეტების, იგივე გიტტების ცივილიზაციაა, და ევროპა მადლობელი უნდა იყოს
ხეტტებისა, რადგანაც დასაბამი საბერძნეთის კულტურისა ხეტტელებისაგან არის
მიღებულიო. ბევრს ადგილას მცირე აზიაში კაცი შეხვდება კვალს ან გარდასრულის,
მაგრამ ოდესღაც გაბრწყინვალებულ კულტურისას. ეიუკს, მდებარეს მცირე აზიაში
მახლობლად ღალისის მდინარისა, რომელიც მიდის შავის ზღვისაკენ, სამხრეთიდამ
ჩრდილოეთზედ მიმართული, დღესაც მოჩანან დანგრეული კედლები ხეტტელების
უზარმაზარ სრა-სასახლისა, უშველებელ რვაკუთხიან თლილის ქვებისაგან
ნაშენისაო. გზასა, სრა-სასახლეში მიმავალსა, ქვისაგან გამოჭრილი ლომები
ინახავდნენო, ჭისკარი გამაგრებული აქვს უზარმაზარ ჯავარიან ქვებით,
რომელთზედაც ამოჭრილია სფინქსებიო. მრავალი ხუროთმოძღვრული წვრილმანი
ამხილებს, რომ ეგვიპტელა ხელოვნების ბაძიაო. თვით შენობა, ბაბილონის სრასასახლეებისამებრ, განგებ გაკეითებულ ხელთუქმნილ მიწერ ბექზეა აგებულიო,
ამბობენ, რომ ეს საზაფხულო სადგომი იყოო ქადეშის მეფეებისა (ხეტტების სატახტო
ქალაქია), როცა «მწვავი მზე სირიისა ძალიან აცხუნებდა ორონტის ველსაო».
სპეციალისტები - ჰერალდიკოსები გაიკვირვებენ, რომ ორთავიანი არწივი გერმანიის,
რუსეთის ღა ავსტრიის ღერისა წარმომდგარია ხეტტელების ან გამქრალ ხელოვნებისა
და სიმბოლოებისაგანო. ეჭვს გარეშეა, რომ გამოხატულობა ორთავიან არწივისა
ყველა გამოხატულობაზედ უფრო ხშირია, რაც-კი ხეტტელების სახსოვართა ზედ
აჩნევიათო: ეს ორთავიანი არწივი ჯერ თურკომანების მეფეებს შეუთვისებიათ და
მერე ჯვაროსანთ შემუტანიათ ევროპაში და აქედამ გამხდარა გერმანიის
იმპერატორების ემბლემად და გერმანიის იმპერატორებისაგან გადასულა რუსეთსა
და ავსტრიაშიო[45].
”ზოგნი დიდბუნებოვანნი კაცნი ძველის საბერძნეთისაო, - ამბობს მერე
ანდერსონი, - მცირე აზიის შვილნი არიანო, მაგალითები ჰომიროსი, თალესო,
პითაგორა, ჰეროდოტეო, და ვისაც ამათს ხსენებაზე აგონდება ეგეიის ქალაქები, იმას
შეუძლიან უფრო ღრმად შეხედოს საქმეს - სახელდობრ, კულტურას გიტტებისას, ანუ
ხეტტებისაო»[46].
ანდერსონი, იხსნენიებს-რა ერთს საბუთს, განაგრძობს, რომ ეს საბუთო ცხადად
გვანიშნებს, რომ ხიტა, ხეტტთა ანუ გიტტთა ქვეყანა, - თავისის მდებარეობით,
მდგომარეობითა და ძლიერებით თვით ეგვიპტის თანასწორი და ტოლი იყოო.
როგორც ანდერსონი, ისეც მასპერო დიდ ქებაში არიან ხეტტტის კულტურისა,
სიმდიდრისა, აღებ-მიცემობისა, ვაჟკაცობისა და ძლიერებისა.
გვიკვირს, ეს ხეტტების საქებ-სადიდებელი ამბები როგორ გამოჰპარვიაო,
სომეხთა მეცნიერებს. უსათუიდ არა სცოდნიათ, თორემ აბა რას შეარჩენდნენ
ქართველთა ნათესაობის ერს ამითანა საქებურს ამბებსა. მერე იციან, რომ ქართველნი
დაუდევარნი არიან და იმ ჭიან ლიბერალობით თვალებაბმულნი, რომ არც-კი ეტყვია:
«ძმანო და მეგობარნო! მართალია, თქვენის კეთილის გულის ამბავი ვიცით, რომ საცა
პურია, ბინას იქ იკეთებთ, არა ჰკითხულობთ, პური ვისი გამომცხვარია მიირთმევთ,
ოღონდ-კი გემრიელი იყოს, მაგრამ ნამუსიც კაი საქონელია: რას გვემართლებით?
ჩვენ ჩვენი ვიცოდეთ, და ვიქონიოთ თქვენ - თქვენი». ხოლო რას იზამთ? «გული
კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი».
XI
ჩვენ ხომ ვნახეთ, - რა ტყუილად მოუწვევია ბ-ნ გოლმსტრემს ბ-ნი ნიკოლსკი
იმას მოწმად, ვითომც იგი ამტკიცებდეს ურარტულების სომხობას. ეხლა ჩვენ
ვიმოწმებთ იმავ ბ-ნ ნიკოლსკის იმაში, თუ რა ჭირვეულობას, რა თაღლითობასა და
ოინბაზობას ეწევიან სომეხნა მეცნიერნი, რომ ქვათა ღაღადს იგი ათქმევინონ, რაც
თითონ სურთ, და ამ სახით ქვებსაც-კი, ქვებსაც თაღლითობა გააწევინონ, ტყუილი
ალაპარაკონ და ყურები გამოგვიჭედონ «ქვები ღაღაღებენო» მას, რასაც ჰღაღადებენ
მარტო მატყუარანი «ბაგენი მათნი ნამეტანობისაგან გულისა».
ბ-ა ნიკოლსკის სიტყვით, რამდენიმე ლურსმული წარწერანი უპოვნია სომეხთა
ეპისკოპოს მესროფ სუმბათიანცს. ამის თაობაზე ბ-ნ ნიკოლსკი ამბობს: სამოციანი
წლების დასაწყისში ბ-ნმა მესროფმა, მაშინ ჯერ კიდევ ვარდაპეტმა, ამოიაკითხა
მეხითარისტების წერილებში, რომ იქ, საცა ესხლა სომხები მკვიდრობენ, არის
ლურსმული წარწერანი, და მოიწადინა ამათი შეკრება, რადგანაც ჰგონებია, რომ
სომხების ძველისძველს ისტორიას ძალიან ახლო შეეხებიანო. ბ-ნ მესროფს, იმავე პ-ნ
ნიკოლსკის სიტყვით, ალჩუ დასჯდომია, მაგრამ იმის გამო-კი არა, რის იმედიცა
ჰქონია. აღმოუჩენია ექვსი, თუ რვა წარწერა, გადაუღიათ ეს წარწერანი და
გაუგზავნიაო იმ მეცნიერთათვის, რომენლნიც ცნობილ არიან მკვლევარად ამგვარ
წარწერებისა, სახელდობრ - მორდტმანისათვის, სეისისა მიულერისათვისა. ამათ
გარდამცემად და შუამავლად ჰყოლიათ პროფესორი პატკანოკი, რომელსაც სწამებია,
რომ იგი წარწერანი სომხობის ისტორიული ნაშთია და აბა - რა თქმა უნდა სიხარულით ფეხზე ვეღარ დადგებოდა. ბოლის გამოჩნდაო, ამბობს ბ-ნი ნიკოლსკი,
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქვათა-ღაღადი - 6
  • Parts
  • ქვათა-ღაღადი - 1
    Total number of words is 3762
    Total number of unique words is 2013
    20.3 of words are in the 2000 most common words
    28.2 of words are in the 5000 most common words
    33.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 2
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2051
    22.1 of words are in the 2000 most common words
    30.0 of words are in the 5000 most common words
    34.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 3
    Total number of words is 3734
    Total number of unique words is 2033
    20.2 of words are in the 2000 most common words
    28.1 of words are in the 5000 most common words
    33.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 4
    Total number of words is 3766
    Total number of unique words is 2000
    20.1 of words are in the 2000 most common words
    28.5 of words are in the 5000 most common words
    33.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 5
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 1921
    21.0 of words are in the 2000 most common words
    28.5 of words are in the 5000 most common words
    33.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 6
    Total number of words is 3360
    Total number of unique words is 1865
    23.8 of words are in the 2000 most common words
    32.1 of words are in the 5000 most common words
    37.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.