Latin

ქვათა-ღაღადი - 4

Total number of words is 3766
Total number of unique words is 2000
20.1 of words are in the 2000 most common words
28.5 of words are in the 5000 most common words
33.5 of words are in the 8000 most common words
Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
იმავე წერილში ისაია აუწყებს ვარდაპეტს მინასას, რომ ვახტანგი სექტემბრის ბოლოს
ხელახლად აპირებს წასვლას განჯისაკენ და თან მიჰყავს ქართველებისა და სომხის
მხედრობაო; ეხლა ქართველები და სომხები სულით და გულით ერთნი არიანო,
ერთმანეთის თანაგრძნობით სავსენი და მარტო პეტრე დიდის მოშველებსაღა
ელიანო. შენც მანდ ეცადეო.
მეორედ წავიდა ვახტანგი თუ არა, ამას თავი დავანებოთ. ბ-ნი ეზოვი ვახტანგის
პირველ გამხედრების გამო ასე ამკობს ქართველებს თავისის მხრით. თათრების
დასასჯელად, რომელთაც ლეკები მოიწვიესო, ვახტანგმა ნება მისცა თავისს
მხედრობას თათრების დარბევისაო. ქართველები დაერივნენ მთელს ადგილებს
ტერტერის წყლამდეო, საშინლად ააოხრეს და ნარბევს ურმებით ეზიდებოდნენო.
ქართველები იკლებდნენ და სძარცვათდნენ არამც-თუ მარტო თათრებს,
ქრისტიანებსაცაო. როცა ქართველების ჯარი სომხების სოფლებს ახლო გაუვლიდაო,
ხალხი წინ მოეგებებოდა ხოლმე, წინ მოუძღოდა ხალხს შემოსილი სამღვდელოება
ჯვრებით, სანთლებით ხელში, ზარის რეკით და ერთის ყოფით და ამბითაო.
ქართველები-კი მიესევოდნენ, სძარცვავდნენ, სტაცებდნენ სამოსელს, საეკკლესიო
წიგნებს, ნივთებს და მთელს ქონებასაო. “ამ სახითაო, რაც გადარჩათ ლეკებს, სწერს
პატრიარქი ისაიაო, ის ყოველივე გააჩანაგა ხარბმა, გაუმაძღარმა და შეუბრალებელმა
ქართველმა ერმაო”.
ამას თურმე სწერს პატრიარქი ისაია ვარდაპეტს მინასას-კი არა, თავისს მოკლე
ისტორიაში. ესეც დასახსომებელია. სომეხთა მეცნიერების ისტორია, როგორც
ეტყობა, ერთია და მართალი და ჭეშმარიტება სხვა. ამას ქვევით დავინახავთ.
იქნება მართალია, რომ ქართველები ხარბნი, გაუმაძღარნი და შეუბრალებელნი
იყვნენ და არიან. იქნება ისიც მართალია, რომ ქართველებმა აიკლეს სომხები,
დაძარცვეს და გააუპატიურეს მათი სამღვდელოება, არ დაინდეს მათი საეკკლესიო
წიგნები, საღმრთო ნივთები და ამგვარად შებღალა მათი სარწმუნოება. ხოლო ეს
გვიკვირს და საოცარიც არის: ამისთანა ავაზაკური საქციელი როგორ არ აუწყა ისაიამ
ვარდაპეტს მინასას მაშინ, როცა ვახტანგის ამბებსა სწერდა და როცა, ვითა
გუშინდელი ამბავი, უფრო მწვავედ გულში მოდებული ექმნებოდა, ვიდრე მაშინ,
როცა ისტორია უწერია, ესე იგი როცა დროჟამი უკვე სიმწვავეს დაანელებდა
დაამებდა ცოტად თუ ბევრად. განა ნამეტანობისაგან გულისა ბაგეთ არ უნდა
ემეტყველნათ მაშინ, როცა გული უფრო სავსე ჰქონდა ჯავრითა და წყრობითა? ესეც
იქით იყოს. ხოლო ეს სულიერი ბატონი და პატრონი სომხებისა, ეს მათი თავი-დათავი, ეს უპირველესის ხარისხის კაცი, ეს მათი მწყემსთმთავარი თან გაჰყოლია, ბ-ნ
ეზოვისავე სიტყვებით, ვახტანგის ხარბს, გაუმაძღარსა და შეუბრალებლს ერსა,
ქართველების კალთას შეჰკედლებია და ტფილისში შეუფარებია თავი მთელს ოთხს
თვეს. ისტორია ისაია პატრიარქს როგორ დავუჯეროთ, როცა ასეთი გარემოება წინ
გვიდგა.
სწორეთ მოგახსენოთ, ცალის მხრით და დიდი სიყვარული ჰქონია თავისის
ერისა, დიდი პატივი თავისის სამწყსოს სარწმუნოებისა, სამღვდელოებისა, რომ
სომხის
ამკლებელს,
სომხის
გამძარცველს,
სომხის
სამღვდელოების
გამაუპატიურებელს, სომხის სარწმუნოების შემბღალველს ერს თან გამოჰყოლია,
მისი კალთა დაუჭერია. მეორეს მხრით დიდი ვაჟკაცი ყოფილა, რომ ხარბს,
გაუმაძღარსა და შეუბრალებელს ჯარს, თუ ერს, მინდობია. თუ მართლა იმისთანა
საშინელი და უკადრისი ამბავი დაჰმართეს, რაღა გული აძლევდა ნებას, რომ
ამისთანა დაუნდობელსა და საძაგელს ერს მხარს უმშვენებდა და თან მისდევდა. რა
პუსუხიღა უნდა მიეცა დარბეულ, აკლებულ და გაუპატიურებულ სომხებისათვის,
როცა ამისთანა ნდობით ექცეოდა, პატივს აძლევდა დამარბეველს, ამკლებსა და
სარწუმუნოების გამაუპატიურებელ ერსა.
აბა ერთის მხრით ეს გაძარცვ-გაგლეჯა სომხებისა, ეს გაუპატიურება მათის
სარწმუნოებისა, ეს აკლება მათის სამღვდელოებისა, ეს საღმრთო და საეკკლესიო
ნივთების შეგინება, და მეორეს მხრით ასეთი ტკბილი განწყობილება სომეხთა
მამამთავათრისა ერთმანეთს პირში წაუყენეთ და სამართალი ისე ჰქენით, თუ ის არ
გამოვიდეს: ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. განა შესაძლებელია ერთი, თუ მეორე
არის, და მეორე, თუ პირველია?!ბ-ნი ეზოვი რას დაგიდევთ? ხომ გამოლანძღა ისაია
პატრიარქის მოწმობით ქართველები და სხვა რაღა მოეთხვოება სომეხთა მეცნიერსა.
თუ მართლა ქართველებმა ასე საძაგლად იჩინეს თავი და ეს ყოფა დააწიეს
სომხებს და სომხის სამღვდელოებას, მაშ რადა სწერს ესევე მართლმოყვარე ისაია
პატრიარქი ვარდაპეტს მინასას, ვით სასიხარულო ამბავს, რომ მეფე ვახტანგი
ხელმეორედ აპირებს თავისის მხედრობით განჯაში წასვლას და შენც მანდ, რუსეთში,
შეეცადეო. განა ასეთი სასიხარულო იყო ხელმეორედ მისვლა იმისთანა ჯარისა,
რომელმაც პირველში აიკლო, გააჩანაგა სომხობა და მისი სამღვდელოება დაატყავა.
თუნდ ამანაც თქვენი ჭირი წაიღოს. ის რაღაა, რომ იგივე ისაია ეფიცება მინასას, რომ
ეხლა ქართველები და სომხები ერთმანეთის სიყვარულით ერთმანეთს გულში
უსხედანო. რა სასწაულმა გარდაჰქმნა ასე ანაზდეულად, ასე უცბად ხარბი,
გაუმაძღარი და შეუბრალებელი ქართველი ერი ასე ერთსულ და ერთხორც
სომხებთან. ნუთუ ქართველებმა ეგრე ერთს წუთს, ეგრე მალე მოიშალეს თავისი
საძაგელი ხასიათი და სომხებმა ეგრე მალე დაიჯერეს, რომ ეს ხარბობა, გაუმაძღრობა,
შეუბრალებლობა თან აღარ გაჰყვებათ ქართველებს!
ვარდაპეტი მინასა არც ერთ თავისს მოხსენებაში, რომელიც-კი წარუდგენია
პეტრე დიდის მთავრობისათვის, ერთის სიტყვითაც არ ამბობს სამდურავს
ქართველებზე. პირიქით, ერთს თავისს მოხსენებაში, სხვათა შორის, იწერება:
“ტფილისიდამ გვწერენო, რომ ვახტანგის დიდად მადლობელნი არიან, ჩვენ, სომხებს,
დიდის სიყვარულითა და მოწყალებით გვეპყრობაო”[21]. ვთქვათ, აქ პოლიტიკურ
საზრისის გამო დაუმალა მინასამ პეტრე პირველს ავკაცობა ქართველებისა, ქებას
მიანც არ მოაჭორებდა.
მართალია, ვარდაპეტი მინასა შორს იყო და შესაძლოა არა იცოდა-რა
ქართველების ავკაცობისა, ეს არქიეპისკოპოსი სომხებისა მინას პერვაზიანი ხომ
დამსწრე და თვალით მნახველი იყო, როცა ვახტანგი მიესია ლეკებს და გარეკა. ეს
არქიეპისკოპოსი არამც თუ ემდურება რასმე ქართველებსა, არამედ მადლობითაც-კი
იხსენებს: “ღმერთმა ეხლა მწყემსად და პატრონად მოგვცაო ვახტანგი. ეს გვიხსნის და
გვმფარველობს მტრებისაგან, ამან გაგვიდევნა მტერნი, ერთად თავი მოუყარა
სომხებს და თითონ გვპატრონობს და გვიფრთხილებაო”[22].
ეს არქიეპისკოპოსი სომხებისა ვახტანგთან ერთად იყო განჯაში და იქიდამაც
ისაია პატრიარქსავით თან გამოჰყვა ტფილისს. მაშასადამე, ეს ორნივ მამამთავარნი
სომხებისა თვალითმნახველნი მოწამენი არიან ყოველ იმისა, რასაც ქართველები
მაშინ ჩაიდენდნენ. ერთი ამბობს, - ხარბმა, გაუმაძღარმა და შეუბრალებელმა
ქართველებმა მთლად აიკლეს სომხობა, სარწმუნოებას ჩვენსას უკადრისად
მოექცნენო, და მეორე-კი მადლობით იხსენიებს და ღვთის წყალობადა სთვლის, რომ
ვახტანგ მეფე პატრონად და მწყემსად მოუვლინა სომხებს, დაახსნევინა იგინი
მტრებისაგან, გვივლის და გვიფრთხილდებაო. რა თქმა უნდა, ყოველ ამ სიკეთეს
ვახტანგი მიანიჭებდა სომხებს თავისის ერის შემწეობითა და შველითა, თორემ
მარტო ერთი კაცი რას იზამდა.
ბ-ნი ეზოვი როგორ მოექცა ამ ორს ერთიმეორის უარმყოფელს, ერთი მეორის
უმსგავსო მოწმობას? აქ მართალი მეცნიერი ორში ერთს იქმოდა: ან არც ერთს არ
დაუჯერებდა, თუ მეტისმეტს სიფრთხილეს წაეღებინებოდა, ან თუ ერთს იმოწმებდა,
მეორესაც ხმას ამოაღებინებდა. ბ-ნი ეზოვი-კი სწორედ ისე მოექცა, როგორც არ უნდა
მოქცეულიყო. ქართველების მძაგებელი და ავად მხსენებელი ალაპარაკა და
ქართველების მადლიერი განგებ გააჩუმა. რა ჰქვიან ამისთანა საქციელს, არ ვიცით,
ეს-კი აშკარაა, რომ “გოგრა ვერ გახდება შირაზის შუშა, რაც გინდა მაღლა თაროზე
დასდო” და დიპლომი მეცნიერებისა შუბლზე მიაკრა.
ყველა, ყველა, და უადგილო არ იქნება ერთი ეს ვიკითხოთ: ვთბვათ,
ქართველები, ბ-ნ ეზოვის სასიხარულოდ, ყოველად საძაგელნი არიან, ხოლო
ქართველების საძაგლად ხსენება იქ რა შუაშია, საცა საუბარია О сношениях Петра
Великого с Армянским народом? ქართველების საძაგლობა აქ რა ხიდია ამ «сношение»
-სათვის? უამისოდ გზა თუ არ იყო? ჩვენი საძაგლობა აქ რად არის ჩაჩხირული? აქ
რისთვის დასჭირებია ეს ბ-ნს ეზოვს? აშკარაა იმისათვის, რომ ვაი თუ მეორედ აღარ
მეღირსოს წერა და შემთხვევა როგორ დავკარგო, ერთი პანღური მაინც არ შევაწიო
ჩენს საყვარელს ძმებს - ქართველებსაო.
თუ მართალა ეს ასე არ არის, მაშ რა მიზეზით და ლოგიკით აიხსნება ერთი სხვა
უცნაური გარემოებაც, რომ წიგნში, რომელსაც თითონვე დაარქვა «Сношениях Петра
Великого с Армянским народом”, ბ-ნი ეზოვი მეფე ერეკლესაც გადასწვდა და გრაფი
ტოტლებენის ამბავსაც მოგვითხროს. საიდამ სადაო? სად პეტრე დიდი და სად
ერეკლე მეფე და ტოტლებენი? საქმე ის არის, რომ ბ-ნმა ეზოვმა სანეკრე დაინახა და
სახტომი აღარ იკითხა და ისკუპა თვქენი მოწონებული. ერთი ჰკითხეთ, საიდამ და
რისთვის ჩააკერა ისტორიული ხანა ეკატერინე დიდისა წიგნში, რომელმაც უნდა
მოგვითხროს პეტრე დიდისა და სომეხთა ერთის საურთიერთო საქმენი? ეს ადვილად
გამოსაცნობია, თუ გავიხსენებთ ისევ იმ ალიას, რომლის დარდიც ფლავია და სხვა
არაფერი. ბ-ნ ეზოვს ნიშანში ამოღებული ჰყავს ქართველი და როგორ გაუძლოს
გულმა, რომ ლაფი არ დაასხას, თუ შესაძლებელია. ამ შემთხვევისათვის ტოტლებენი
ძალიან საამური და სასურველი კაცია ბ-ნ ეზოვისათვის და თვით ერეკლეს ხსენებაც
მიზეზს მისცემს ეს სახელოვანი მეფეც უკადრისად შეგვიქციოს.
ყველას მოეხსენება, რომ ეკატერინე დიდმა ომი დაუწყო ოსმალეთსა და ამის
გამო ომში ჩასარევად მეფე ერეკლეს და იმერეთის მეფე სოლომონს დაჰპირდა,
ოღონდ თქვენც მანდედამ მიესენით ოსმალებსა და მე ჯარსა და ფულს
მოგაშველებთო. მეფეებმა სიხარულით გამოუცხადეს სურვილი და ეკატერინემ
გამოჰგზავნა საქართველოში ოთხი ათასი კაცი და ფული და ყოველივე ეს ჩააბარა
გრაფ ტოტლებენსა. ტოტლებენი მოვიდა ჯარით და ფულით და იმის მაგიერ, რომ
იმპერატრიცის ბრძანებისამებრ ერთად ემოქმედნა ქართველებთან, ცალკე გაიწია იმ
აზრით, რომ ოსმალებზე გამარჯვების სახელი მარტო თითონ დაინარჩუნოს. გააბმა
მრავალგვარი ქსელი ოინებისა, აურზაური დაუწყო ცალკე ერეკლეს, ცალკე
სოლომონს, ერთსაც და მეორესაც უკადრისად ექცეოდა. უღალატა ერეკლეს და
ასპინძის ომის წინა დღეს გამოიქცა და მერე, რომ თავი ემართლებინა, ბეზღებას
მიჰყო ხელი, თვით ერეკლე და მისი ქართველობა ძირიანად მოსთხარა
იმპერატრიცას წინაშე.
რა კაცი იყო ეს ტოტლებენი, რარიგად იქცეოდა, რარიგ აწიოკებდა დიდსა და
პატარას, რა უკადრისად ეპყრობოდა მეფეებს, რარიგად იტენდა ჯიბესა და თვით
მისდა მინდობილს რუსის ჯარს უცმელ-უჭმელს ინახავდა, - ეს ყოველი ცხადია, თუ
კაცი გასინჯავს იაზიკოვისა და ლვოვის ოფიციალურ წერილებს[23], რუსეთში
მიწერილებს საქართველოდამ. ყოველ ამის გამო, როგორც იქნა, ტოტლებენი აქედამ
წაიყვანეს და მის მაგიერ დანიშნეს ღენერალი სუხოტინი. ამ სუხოტინმა[24] იმავე
სახით წარუდგინა იმპერატრიცას ტოტლებენის საქციელი და მოქმედება. რა კაცი იყო
ეს ტოტლებენი, იქიდამაც სჩანს, რომ იგი ავკაცობისა და ავზნეობისათვის
გამოძევებული იყო გერმანიიდამ, - თავის სამშობლოდამ. იმპერატრიცა ელისაბედ
პეტრეს ასულს როგორღაც შეავედრე თავი, რუსეთში განწესდა, ებოძა ღენერალმაიორობა და კორპუსის წინამძღოლობა, აქ მისის კორპუსის აფიცრებმა შეამჩნიეს
რუსეთის გაცემა და ღალატი, დაიჭირეს და წარუდგინეს მთავრობას.
მთავრობამ რუსეთისამ სამართალში მისცა, იცნეს მოღალატედ და გამცემად და
სიკვდილით დასჯა განუჩინეს. მერე სიკვდილით დასჯა აპატიეს და განაძვეს
რუსეთიდამ იმ მუქარით, რომ თუ ოდესმე რუსეთის სამფლობელოში გაჩნდება,
ყველას ნება აქვს მოაკვდინოს. ამ სახით იგი განდევნილ იქმნა რუსეთიდგან 1763
წელს. მთელი ექვსი წელიწადი ეთრია ეგრე ტოტლებენი რუსეთს გარეთ და ბოლოს
ხელახლად შეავედრა თავი ეკატერინე დიდს. იმპერატრიცამ შეუნდო წინანდელი
ცოდვა და ჩააბარა საქართველოში მიმავალი ჯარი. აი რა კაცთან შეემთხვა მაშინდელ
საქართველოს საქმის დაჭერა.
ეს, რუსთა ოფიციალურ დოკუმენტებით, ყოვლად საძაგელი კაცი, ეს
უსირცხვილო ადამიანი, მოქრთამე, მყვლეფავი, ორგული, ცრუ და მაბეღზარი,
იმოწმა ბ-ნმა ეზოვმა, რომ ქართველების სახელი ხელახლად ლაფში ამოავლოს. აი
ტოტლებენი რასა სწერს ქართველებზედო, მოგვითხრობს ბ-ნი ეზოვი: «ქართველები
გაიძვერანი და ფლიდნი არიან, ანგაარნი, ბიწიერნი, გაგებაც არა აქვთ, რა არის
კეთილი... ქართველთაგან, მგონია, მოსალოდნელი არ არის არც ვაჟკაცობა, არც
მოჩილება, რადგანაც თავისი დღნი მონაობაში გაუტარებიათ და სულმოკლენი
შექმნილანო». ბ-ნს ეზოვს მარტო ესა სდომებია, თორემ, აკი ვამბობთ, ჯერ ეს მოწმობა
ტოტლებენისა რა ხელსაყრელია იქ, საცა საუბარია პეტრე დიდსა და სომხების ერის
ურთიერთობაზე, და მეორე, - რა სარწმუნო კაცი ეს ტოტლებენი, რომ გაუსინჯავად,
მოუჩხრეკავად მისი მოწმობა დაუჯერებია. სხვა ყველა რიგიანი კაცი არამცთუ
მოწმად არ იკადრებდა ამისთანა კაცს, ახლოს არ გაუვლიდა, რომ არა მომეცხოს-რაო.
აშკარაა, ბ-ნი ეზოვი ამ შემთხვევაში უშიშარი და უწუნარი რაინდი ყოფილა.
VII
ეს ხომ შეგვამკო ტოტლებენის მოწმობით ბ-ნმა ეზოვმა, ახლა უყურეთ, თავისით
როგორ გვიხსენა ერეკლე მეფე და როგორ დაამდაბლა თვით საქართველოც, მეფე
ერეკლეს დროინდელი. მოგეხსენებათ, რომ ერეკლე მეფეს პეტერბურგთან
მოლაპარაკება ჰქონდა, რათა რუსეთს მიეღო საქართველო თვისდა მფარველობის
ქვეშ. აი ამის გამო რეები გამოატყვრინა ბ-ნმა ეზოვმა და აუწყა თავისს მკითხველებს:
«ერეკლემ 1782 წელს ხელახლად გაჰგზავნა უმაღლესს სახელზედ წერილი და
ითხოვდა მიეღოთ საქართველო რუსეთის ტახტის უმაღლეს ხელმწიფებას ქვეშ.
ერეკლე ითხოვდა, რომ მეფის ხარისხი დაემტკიცებინათ მისთვის და მისდა
შთამომავლობისათვის, საქართველოში დაეტოვებინათ ხარისხი კათოლიკოზობისა,
როგორც სამღვდელოების უფროსისა, გამოეგზავნათ ოთხი ათასი კაცი ჯარი.
რომელიც საჭიროა მტერთა მოგერიებისათვის და ზოგიერთ გადამდგარ ადგილების
უკან დასაბრუნებლად და, დასასრულ, ფულიც მოეშველებინათ მხედრობის
შესანახად. ამ სახითაო, უმატებს თავისით ბ-ნი აზოვი: «ერეკლე უთმობდა რუსეთის
კარს მას, რაც უფლებით ეკუთვნოდა სპარსეთს და არა თითონ, უთმობდა უმაღლეს
ხელმწიფებას საქართველოზე, რომელიც de facto უღონობით ხელში ვეღარ
შეემაგრებინა და ამის სანაცვლოდ ითხოვდა მეფის ხარისხს, რომელიც მას არა ჰქონია
სპარსეთში (?)»[25].
ყოველ ამას განმარტება არ უნდა. აქ მარტო შესანიშნავია წრეგადასული
თვითნებობა კაცისა, რომელიც ხელში დაუჭერია ერთ რაღასაც უცნაურს
გულთნადებსა და არაქათს არ აძლევს გაინძრას. გამოდის, რომ მაშინდელი
საქართველო რაღაც საბოქაულო ყოფილა სპარსეთისა და ერეკლე მეფის მისი
ბოქაული და სხვა არა-რა. ერთი ჭკუისა და ლოღიკის ლარი გაუსინჯეთ
ზემოხსენებულ ნათქვამს ბ-ნ ეზოვისასას - რა უცნაურობა გამდის. ჯერ ხომ ამბობს,
ერეკლე მეფე უთმობდა იმას, რაც მას არ ეკუთვნოდა, მერე ამბობს, უთმობდა იმას,
რაც უღონობით ხელში ვეღარ შეემაგრებინაო. სჩანს, ხელთ ჰქონია, თორემ რა
სათქმელია, ხელში ვერ შეიმაგრა ის, რაც ხელთ არა აქვს. რა შემაგრება უნდა იმას, რაც
არ არის და კაცს ხელში არ უჭირავს. აბა ყოველივე ეს ერთმანეთს პირში წაუყენეთ და
აშკარად დაინახავთ, რომ ბ-ნი ეზოვი ერთით იმას ამტკიცებს, რასაც მეორით უარჰყოფს.
ან ამას დააკვირდით, რომ მეფე ერეკლე, რომელიც თვითმპყრობელ ხელმწიფედ
შეიქმნა საქართველოსი, რომელიც თვით სპარსეთს ძილს უფრთხობდა ერთ დროს,
სასაცილოდ აიგდო ბ-ნმა ეზოვმა, - რუსეთს იმას უთმობდა, რაც არ ეკუთვნოდაო, და
ვარდაპეტი მინასა-კი, რომელიც რუსეთს ჰპირდებოდა და უთმობდა განჯა-ყარაბაღს,
თითქმის ქება-დიდებით შემოსილია. ერეკლე მეფეს-კი არ ეკუთვნოდა საქართველო
და ვარდაპეტს მინასას-კი ჰკუთვნებია განჯ-ყარაბღი, საცა მაშინ სპარსეთის ხანები
ჰბატონობდნენ და არა ვარდაპეტი მინასა. ქათამი წყალს დალევს და ღმერთს
შეხედავსო, ამაზეა ნათქვამი.
თუ მეფე ერეკლე იმას უთმობდა რუსეთს, რაც მას არ ეკუთვნოდა, მაშ მისს
მემკვიდრეს და შვილს გიორგი მეფეს ხომ უფრო არ ეკუთვნოდა და როგორ მოხდა,
რომ საქართველო რუსეთმა გიორგი მეფისაგან მიიბარა და ამ მეფეს ცალკე
ტრაქტატით შეეკრა. ამ ამბავს მაინც უნდა შეეფერხებინა და საგონებელში ჩაეგდო ბნი ეზოვი. თუ საქართველო სამეფო არ იყო, მისნი მპყრობელნი მეფეებად არ
იწოდებოდნენ, მაშ რუსეთის სახელმწიფო ტიტულში რუსეთის იმპერატორები რად
იხსენიებიან საქართველოს მეფეებად სხვათა შორის. სჩანს, სამეფოდ ხსენება
საქართველოსი და მისთა მპყრობელთა მეფეებად წოდება მოგონილი ამბავი არ არის,
სჩანს საბუთია, რომ ეს საქართველოს მპყრობელთა ხარისხი რუსეთის სახელმწიფო
ტიტულშია შეტანილი. ბ-ნი ეზოვი რომ ასე თავშეუდებლად არ აჰყოლოდა თავისს
გულისთქმას, არ გვგონია ეს უეჭველი საბუთი რუსეთის სახელმწიფო ტიტულისა ასე
შეერყია წინდაუხედავად. ცოტად რომ მაინც ჩაჰფიქრებოდა თავისს ნათქვამსს,
შიშით გული გაუსკდებოდა, - ეს რა უბედურება გადამკიდა ჩემმა ენამაო. ნურც ჩვენი
სიტყვით გაიხეთქს გულსა. რუსის კანონებში ბევრი შესაწყნარებელი მიზეზია,
რომლის ძალითაც დიდი შეღავათი ეძლევა ჭკუაატაცებულს დამნაშავეს.
ვთქვათ, ასეც იყოს, რომ საქართველო არც სამეფოდ ყოფილა ოდესმე, არც მისთა
მპყრობელთა ხარისხის მეფობისა არა ჰქონიათ, ვთქვათ არც ერეკლე მეფეს, არც
გიორგის არ ეკუთვნოდა საქართველო, მაშინ ვინ ჩააბარა იგი რუსეთს? ბ-ნ ეზოვს რომ
ჰკითხოთ, გამოდის რომ იგი ჩაუბარებია თითქმის სომეხთა არქიეპისკოპოსს იოსებ
არღუთინსკი-დოლგორუკოვს. რა თქმა უნდა, ამას პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ აბა
გადაიკითხეთ ბ-ნ ეზოვის წიგნი, თუ ეს ასე არ გენიშნოთ. მთელი სამი-ოთხი გვერდი
ამ წიგნისა[26] ისე ოსტატურად შორიდამ უვლის ამ ამბავს, ისე მოხერხებულად
სტრიქონებს შუა მიძვრება-მოძვრება ეს სასურველი აზრი ბ-ნ ეზოვსა, რომ
ანაზდეულად შეგეფეთებადა გამოგენასკვებათ თითქმის ის დასკვნა, რომ თუ
ხსენებული არქიეპისკოპოსი არ ყოფილიყო, საქართველო არ მიეკედლებოდა
რუსეთს.
ბ-ნი ეზოვი, სხვათა შორის, გვარწმუნებს[27], რომ არქიეპისკოპოსი იოსები დიდს
მხნეობას იჩენდა: იგი აკავებდა ერეკლე მეფეს, რომელიც მზად იყო დამორჩილებოდა
აღა-მაჰმად-ხანსო და იმედს აძლევდა, რუსები მოგეშველებიანო, იბერებდა ხანებს,
ხელი შეუწყონ რუსის მხედრობასა, ფიცით არწმუნებდა, რომ რუსთაგან არავითარი
წყენა არ გექნებათო და სხვანი და სხვანი. ერთი სიტყვით, რაც ყოფილა,
არქიეპისკოპოსი იოსებ არღუთინსკი ყოფილა!
როცა საქართველოში იმპერატორ პავლე პირველის მანიფესტი გამოცხადდა
რუსეთთან შეერთებისა, მაშინ იმპერატორებმა მოინდომა ჯვრები და ორდენები,
გრაფობის და ბარონობის ხარისხი, მიენიჭებინა თავისს ახალ ქვეშევრდომთა
წარჩინებულ კაცებისათვის და შეეკითხა კნორრინგს და კნორრინგი ლაზარევს.
ღენერალმა ლაზარევმაო, - ამბობს ბ-ნი ეზოვი, - როცა დაეკითხნენ, ვინ არიან ღირსნი
ჯილდოსიო, ასეთი პასუხი მისცაო: «რაც შეეხება ჯვრებს, ჩემის აზრით, ყველაზე
უფრო ღირსნი არიან თავადნი ეგნატე თუმანოვი, დარჩო ბებუთოვი და სოლომონ
არღუთინსკი-დოლგორუკოვიო. მთლად აქაური აზნაურობა ბევრით წინ არ არიან
ჩვენს однодворц-ებზეო და ვის უნდა ებოძოს გრაფობა და ბარონობაო? ამას ისიც
უნდა დავუმატოო, რომ ზოგიერთს ოჯახში თუ ერთი ძმა ჩვენი მომხრეა, მეორე მეამბოხეაო... ძნელად გასარჩევია აქაური ბატონიშვილი უბრალო მუჟიკისაგანაო».
კნორრინგმა და ლაზარევმა ჯილდოს ღირსად შვიდმეტი კაცი წარადგინა, მათ
შორის ქართველები: თ. სოლომონ ავალიშვილი, სურამის მოურავი თ. ევგენი აბაშიძე,
თ. გიორგი ამილახვარი, სარდალი თ. ივანე ორბელიანი, სარდალი თ. გიორგი
ციციშვილი, სახლთხუცესი და მარიამ დედოფლის ეშიკაბაში თ. ალექანდრე
მაყაშვილი, მდივანბეგი თ. ზაქარია ბარათაშვილი, მდივანი სულხან თუმანიშვილი,
თ. შანშე ერისთავი, ეშიკაბაში ალექსანდრე ჭავჭავაძე, ნინოწმინდელი
მიტროპოლიტი მიხაილი, ბოდბელი მიტროპოლიტი იოანე, არქიმანდრიტი ექვთიმე.
კიდევ ბევრნი არიან ღირსნი დაჯილდოებისა, უმატეს კნორრინგი[28], მაგრამ ყველაზე
მეტი სამსახური და ერთგულება რუსეთისა ამათ მიუძღვითო.
ხომ ხედავთ, რარიგად გვერდთ აუარა ბ-ნ ეზოვმა ამ ჯილდოს ღირსთ
ქართველებს და შვიდმეტი კაცი მარტო სამს კაცზედ ჩამოახდინა, ისიც მარტო
სომხებზე, და ისიც არ გამოეპარა რომ ვთქვა: აქაური ბატონიშვილები მუჟიკები
არიანო. აი ეს გახლავთ სომეხთა მეცნიერობა. ხომ ასე საქებურად ექცევა ეს სომეხთა
მეცნიერი ისტორიულ ამბებს, უფრო საქებურად ჰსაქმობს მაშინ, როცა თავისს
ნათქვამს ამოწმებს ვითომდა ისტორიულ სიგელითა. ჩვენი ჟურნალი «მოამბე»
ამხელს ამ თვალთმაქცურს მოწმობას ამ რიგად: «სითამამე და აღვირახსნილობა ბ-ნ
ეზოვისა იმნედა დიდია, რომ გვეუბნება, ეს ცნობები ამოვკრიბე აქტებიდამ და იხილე
ესა და ეს ნომრებიო, სახელდობრ, 529, 530, 531 და 532. გადავშალეთ პირველი ტომი,
ათჯერ წავიკითხეთ ეს ნომრები და ვერაფერი მიმსგავსებული ეზოვისა ვერა
ვპოვეთ»... «საიდამ მოსჩმახა ეზოვმა, - ამბობს მერე «მოამბე», - რომ მხოლოდ მარტო
სამი სომეხი იცნეს ღირსად ჯილდოსი და ბატონიშვილები მუჟიკებსა ჰგვანანო?
ზღაპარს მაშინ გამოიცნობთ, როცა გაიხსენებთ ეზოვის დაფარულს აზრსა:
საქართველო საქართველო-კი არ არის, ძველი სომხეთიაო. ეს მაცდური და წყეული
სურვილი გზას უბნევს ბ-ნს ეზოვს და სისულელეს აროშვინებს მეცნიერების
სახელით»[29].
რომელი ერთი მოგახსენოთ ამ ბ-ნ ეზოვის მეცნიერული ოინებისა, სად როგორ
იკეთებს თავისს განგებ შეთხზულ საქმესა, რაცა ვთქვით, ისიც საკმაოა დავინახოთ რა ერთის ზომის, ერთის თვისების ლარი გააქვთ, როგორ გვეპყრობიან, როგორის
დაჟინებით, სისტემატიურად გვთხრიან ქართველებს ქვეყნის თვალში იგი ერთგვარი
გუნდი სომხებისა და მათ მიერ მოვლინებულნი სომხთა მეცნიერნი, ფილოსოფოსნი,
დელინგერები, გიაცინტები და პროფესორები. რაებს არა სჩადიან, რა უკადრისსა და
სათაკილო ფარხმალსა ჰკიდებენ ხელს, რომ თავიანთის თავის საქებ-სადიდებელად
საყვირი აყვირონ, ჩვენი ხსენება და სახელი ლაფში ამოსვარონ და თითონ სომხებს
ჩვენი თავი შეაძულონ, შეაზიზღონ. თითონვე კი იძახიან, სირცხვილია მეცხრამეტე
საუკუნეში, ამ განათლებულ დროს, ერმა ერის მოსაძულებელი, გადასამტერებელი
რამ სთქვასო და ამ მიზეზით ერთი ერი მეორეს მიუსიოსო, და სხვ ამისთანა
სიტყვები, რომელიც ვარაყიან ნაჭუჭსა ჰგავს, გული-კი ჭიანი აქვს.
გამოდის, რომ ჩვენი ავად მახსენებელნი, ზედ-მომსევნი ეგენი ყოფილან თითონ
და ჩვენ კი ან ხმას არ ვიღებთ, ან მარტო ზედ-მოსევას ვიგერიებთ, ციხეში მათ მიერ
შემწყვდეულნი. გამოდის, რომ ზედ-მისევა, თავდასხმა-კი არაფერიაო და მოგერება,
ფარის მიგებება-კი ცოდვა არისო. ამისთანა ფილოსოფიით ატყუონ წინდაუხედავი
ბალღები, ჭკვათმყოფელს კაცს-კი პირში კაპს ვერ ამოსდებენ, ვერ გააკმედინებენ ხმა
იმ უუწმინდავესს გრძნობას ადამიანისას, რომელსაც ეძახიან გრძნობას საკუთარის
ღირესბისას. ადამიანის უუძვირფესესი საუნჯე მისი ვინაობაა და ნურავის ნუ
უკვირს, თუ ამ ვინაობის შემაგინებელს, შემბღალველს ყოველი პატიოსანი კაცი
სამართლიანის გულის წყრომით ზედ აეგება. განათლება პატიოსანს კაცს «სილბოს
აძლევს ნაქსოვისას», როცა სხვას უნდა «გული მისცეს გულისათვის» და საშველად
ხელი მიაწოდოს და «სიმტკიცეს ნაჭედისას», როცა თავისს საკუთარს ვინაობას
ჰპატრონობს. იქ «სილბო» ღირსებაა, აქკი ლაჩრობა, იქ «სიმტკიცე ნაჭედისა»
გაულქვაობაა, აქ - კი ღირსება.
ესეც-კი სათქმელია: ქვეყანაზე რომ ბაჟი ედოს თავისის თავის ქებასა და სხვის
ძაგებას, რამდენი სომეხთა მეცნიერი დამუნჯდებოდა სომეხთა სასახელოდ და
ჩვენდა სამშვიდობოდ. ვაი, რომ ესე არ არის! ვაი, რომ ერთიცა და მეორეც უხარჯოა,
მუქთია!
VIII
სომეხთა მწიგობარ-მეცნიერნი რომ ასე იქცევიან და ოინბაზობენ, - ადვილად
გამოსაცნობია რადა და რისთვის. ხოლო გვიკვირს რომ ამ რიგადვე ეპყრობიან
ისტორიულ საბუთებს რუსის ზოგიერთი მწერლებიცა. იმის დასამტკიცებლად, რომ
სომეხნი სულითაცა და ხორცითაც მედგარნი, გულგაუტეხელნი, ხელ შესაწყობნი
არიან და მერმისი მათი საკუთნოა, ისტორიული საბუთები მოჰყავთ და ამით
არწმუნებენ ქვეყანას, რომ ეს ასე ყოფილა, არის და იქნება კიდეცაო. სომხებმა
ყოველივე ეს სიკეთე თვისი ისტორიით დაამტკიცეს და ძალიან ვცდებით, რომ ამ
ნიჭიერ, გამრჯელ, სულითა და ხორცით ღონიერს ერს ხელს არ ვაშველებთ, გზას არ
ვუხსნით და ვაბრკოლებთო.
რა თქმა უნდა, ერს რომ გზა შეუკრან წარმატებისა, - რაც გინდ პატარა ერი იყოს არავისათვის არც მოსაწონია, არც გამოსაყენებელი. არ არის ქვეყანაზე იმისთანა ერი,
რომელიც, თუ ცოტაოდენად მაინც გონებად მოსულია, ცოტაოდენი ისტორია ჰქონია
და კულტურაში ცოტაოდენად ფეხი მოუკიდებია, რითიმე გამოსადეგი არ იყოს
სახელმწიფოში, რაც გინდ დიდი სახელმწიფო იყოს და მოჭმული თვისი სულიერ და
ხორციელ ძალ-ღონითა. «რაც უკვე დარგულია და ხარობს, ფეხით ნუღარა
დასთრგუნავ, ეცადე გაიზარდოსო», ნათქვამია. ნიჭი, სიკეთე ცალკე ადამიანისა, თუ
მთელის ერისა ისეთი რამ არის, რომ, რაც გინდ ნამეტანი იყოს ვისთვისმე, მეტი
ბარგი არ არის, თუ საკუთარს სხვისაც ზედ წაემატება, ამიტომაც დიდი ცოდვაა
ადამიანს, თუნდ ცალკე პატარა ერს, ნიჭი შეუკრა, შეუბოჭო, სიკეთის ღონე
შეუხუთო. არა ნაკლები ცოდვაა ერთის ღვაწლი, თუ კია სადმე, მეორეს მიაკერო და
მართლად ღვაწლდამდები ჩრდილში მიაყენო და სხვისით სხვა გამოა-მზეო საქებსადიდებლად. თუ თავმოსაწონებელია სადმე, ყველამ თავისით უნდა მოიწონოს
თავი, ყველას თავისი უნდა ეკუთვნის.
ჩვენდა სამწუხაროდ, ასე არ იქცევა ბ-ნი ვლად. გოლმსტრემი, რომელმაც ამ
ახლო ხანში დაბეჭდა «Петербургские Ведемости»-ებში თავისი წერილი ამ სათაურით:
«И Камни возопиют![30]». მართალია, ეს გაზეთი ერთი იმისთანა გაზეთია რუსეთში,
რომელიც ესარჩლება ყოველ დაჩაგრულ ერსა და ამისთანა მართლა პატიოსნურს
მიმართულებას გაზეთისას არ შეიძლება სრულის სიამოვნებით არ მიეგებოს ყოველი
ჭკვათამყოფელი და გულთა მყოფელი კაცი, რა თესლისაც გინდ იყოს. იგი
დაუცხრომელად ჰღაღადებს თავის სასახელოდ და ჩაგრულთა საოხად, რომ
სიმტკიცე სახელმწიფოსი, რაც გინდ დიდი და ძლიერი იყოს, უნდა ემყარებოდეს
ერთსულობაზე და არა ერთსახობაზე, ერთფერობაზე. ამიტომაც მარტო სიყვარული
და ტკბილად მოქცევაა იგი ქვითკირი, იგი დუღაბი, რომლითაც ჰშენდება და
მყარდება ციხე-სიმაგრე ერთობისა სახელმწიფოშიო. ყველას, მცირეა, თუ დიდი,
თავისუფალი გზა უნდა ჰქონდესო იმ ნიჭით, იმ უნარით, იმ მადლით ემსახუროს
სახელმწიფოს, რაც ღმერთს უმოწყალებია როგორც დიდისა, ისეც პატარისათვისაო.
არავინ არის ქვეყანაზე იმისთანა, რომ რაიმე კეთილი, სახელმწიფოსათვის
გამოსაყენი ნიჭი და უნარი არა სჭირდესო, ოღონდ-კი ნუ შეჰხუთავთ, გზა მიეცით
ყველას თავი იჩინოს თავისებურად, თავისის ღირსებისა და სიკეთისამებრო.
სწორედ ამასვე გვიქადაგებს თვით ბ-ნი გოლმსტრემიცა თავისის წერილის
დასაწყისში და ვინ იქნება ისეთი უბირი, ბრიყვი და გულწამხდარი, რომ
სიყვარულითა და სიხარულით ხელი არ მიაშველოს ამის მთქმელსა და თქმული მისი
არ ჩაიჭდიოს გულში, ვითარცა აღსავსენი მართლითა და კაცთმოყვარებითა.
დიდი ხანიაო, - ამბობს ბ-ნი გოლმსტრემი, - ჩვენნი წინამხედველნნი და
შორსგამჭვრეტნი კაცნი ჰკითხულობენ, - ეს ასე შორს რომ მივდივართ აღმოსავლეთ
აზიაში, რა მიგვაქვს თანაო. პასუხი ამისი დიდად საიმედო და სანუგეშო არ არისო.
ნივთიერ ცხოვრებისათვის, ესე იგი ის, რაც გარეთა კულტურის მანიშნებელია, ჩვენ
თითონა ბევრი არა გვაქვს-რაო და ამისთანებში დღესაც ერთმანეთს ვერ
მოვრიგებივართო,
ერთმანეთში
ვერ
გავსულ-გამოვსულვართ
და
ვერა
გაგვირჩევიარაო. ხოლო ნამეტანობას სულიერის ღონისას უნდა ვმადლობდეთ, რომ
რუსეთის ერი ბევრს განსაცდელს მთლად და უვნებლად გადარჩაო. ესე იყოო, სხვათა
შორის, პეტრე დიდის დროსა, როცა ეს მედგარი გენიოსი არ შეუშინდა ძირითადის
ცვლილებით დაუძლურებას ერისას, მისის ეროვნულ ძალ-ღონის დაშრეტასაო. მაშინ
რუსეთის ქვეყანა ჯერ ხელუხლებელი ქვეყანა იყოო, ესე იგი მძინარე ლომიო.
ეხლა სულ სხვააო. დრონი იცვალნენ, სულიერ ძალ-ღონეს ერისას
გაფრთხილება, დაზოგვა უნდაო. რაც უფრო ფეხმაგრებს რუსეთში გონებითა,
სულიერად და ხორციელად, იმას უნდა ემატოთ და ის ვამრავლოთ, იმიტომ რომ, -
თუმცა ძნელია გამოვტყდეთ, - მაგრამ იგი ზნეობური ღონენი, რომლითაც ჩვენ
გავდივართ შორეულ აღმოსავლეთში, ძალიან დიდი საგზალი არ არისო...
... ისე უმარილოდ და ცილის წამებით არა ერს არ მოჰქცევიან, როგორც
სომხებსაო. რომ ჭეშმარიტი ნათელი მოეფინოს სომხების საქმეს, უნდა ძველისძველს
დროს გავუსწოროთ თვალი, იმ დროს, რომელიც გამოძიებულია სწავლულთაგან;
არქეოლოგთაგან, მოგზაურთაგან, რომელთაც ჯერ არ შეჰყრიათ «პოლიტიკური
სიბრძნე» და მით არ წაუხდენიათ თვალთახედვა მეცნიერებისაო. ქვანიც-კი
იღაღადებენო, ჰბძანებს გაფიცხებული ბ-ნი გოლმსტრემი, ქვანიც-კი, რომელნიც
გაფანტულნი არიან არარატის მაღლობებში, ვანის ტბის გარეშემო, ურმიის ახლო,
არზრუმთან და ერევნისა და ყარსის ადგილებშიო. ქვანი ხომ არა ტყუიან
არასოდესაო!...
მართალია, ქვანი არა ტყუიან, მაგრამ, კიდევ ვიტყვით, კარგ მოქმედს კაი
გამგონიც უნდა. ქვევითა ვნახავთ, რომ ქვებს კარგი გამგონი არ შეხვედრიათ.
ცეცხლის ასოებით მოგვითხრობენო, - ამბობს იგივე ცეცხლმოკიდებული
გოლმსტრემი, - ზედ წარწერანი კლდეებისა ამბებს ძველისძველს, ასურ-ბაბილონის
დროებისასაო. ჩვენმა ასირიოლოგ-არქეოლოგმა ბ-ნმა ნიკოლსკიმ, რომელსაც ეს
ადგილები დაუვლია 1893 წ., დიდი ამბები აღმოაჩინაო. ლურსმული წარწერანი, იმ
ადგილებში ნაპოვნი, რაღაც განსაკუთრებულ ენას ეკუთვნიან და გვაუწყებენო, რომ
ტიგრისა და ევფრატის სათავეში, ვანისა, ურმიის და გოქჩის ტბების ახლომახლო
ერთი რიცხვმრავალი ერი ყოფილა. ასირიის ნაშთთა სიტყვით, რომელნიც ეკუთვნიან
მეათე და მეცხრე საუკუნეს ქრისტეს წინათ, იმ ერს რქმევიაო «ნაირი». მერე მეცხრე
საუკუნის მეორე ნახევარში, როცა მთელს ამ ერს ერთი სახელმწიფო შეუდგენია,
ქვეყანა ეს ურარტად არის არის ხსენებული, აქედამ არის წარმომდგარი ებრაული
სახელწოდება «არარატიო». ეს ერთი და იგივე სახელიაო.
შუაგული ამ ურარტთა სახელმწიფოსი ჯერ ერევნის დაბლობებში ყოფილა და
მერე მტრის უფრო უკეთ მოსაგერებლად სამხრეთისაკენ დაუწევიათ, ვანის ტბის
აღმოსავლეთითაო. ურარტთა მეფეების ქვეყანა თუმცა კულტურის მხრით
ასურელთა ზედგავლენის ქვეშ ყოფილაო, მაგრამ არა-ერთხელ ურარტელნი
ძლევამოსილობით შესცილებიან ასურელთა სამსოფლიოდ ხელმწიფობასაო.
ასურელთა მეფის თიგლათპილასარის III დროს, მერვე საუკუნის პირველ
ნახევარშიო, გამარჯვება ურარტელების მხრივ იყოო. მთელი ჩრდილო და ნაწილი
დასავლეთისა ურარტელებმა წაართვეს ასურელებსაო. სასწორმა ბრძოლისამ ტოკვა
დაიწყო და მოსალოდნელი იყო ურარტელებს დაეპყრათ მთელი მაშინდელი
ქვეყნიერება და სამსოფლიო ისტორიისათვის სხვა მიმართულება მიეცათო, ხოლო
მერე როცა ასურეთში სხვა მეფე დამჯდარა, ხელახლად გაძლიერებულან ასურელნი
და მტრები დაუმარცხებიათ. ურარტის მეფეს ურსას მთელი ჩრდილო-დასავლეთი
ფეხზე წამოუყენებია და მისევია ასურელთაო, მაგრამ დამარცხებულანო.
გარდა ყოველ ამისა ბ-ნი ნიკოლსკი მოგვითხრობსო, რომ ზედ წარწერანი
გვეუბნებიან, რა კულტურა ჰქონიათ ურარტელებს, რა ქალაქები, სრა-სასახლეები,
არხები და სხვა ამისთანა. ეს წედწარწერანი ზოგი ასურელთა მეფეების ბრძანებით
არის ნაწერნი,ზოგი ურარტელთა, იმისდა მიხედვით, ვინ იმარჯვებდა ომშია. ეს
წარწერანი ძველად ძველის დროისანი გვაუწყებენო ორის მოძღვრების ბრძოლასაო,
ერთი მოძღვრება მხეცურია და მეორე უფრო კაცებურიო. პირველი ეკუთვნის
ასურელთ და მეორე ურარტელთაო. ურარტელებმაო, ამბობს მერე იგივე ავტორი,
დიდი სამსახური გაუწიეს მთელს მაშინდელს მსოფლიო ცივილიზაციას და აქედამ
მთელს ქვეყანასაო. ჯერ იმთი, რომ ჩრდილოეთიდამ მიწოლილი ურარტი ძალიან
აბრკოლებდა ასურელთ, - მხეცურის მოძღვრების ერს, - და საკმაო მოცალეობას არ
აძლევდა მისეოდნენ სირიას, პალესტინას და ეგვიპტეს და ერთობ მთელს სამხრეთდასავლეთსაო. მეორე დიდი ღვაწლი ქვეყნიერების წინაშე ურარტისა ის არისო, რომ
ერთის მხრით სკვითებს და სხვას ჩრდილოეთის ბარბაროსებს გულდაგულ წინ
ედგნენ და კავკასიის მთებს აქეთ არ უშვებდნენ და ამით სამხრეთ-დასავლეთის
ცივილიზაციას არ ათელვინებდნენო, და მეორეს მხრით - გზაში ედგნენ და ფეხს წინ
არ ადგმევინებდნენ ეულს ხალხს სამხრეთის მინდვრებისას, საიდამაც გამოვიდა
სისხლისმღვრელი რჯული - ისლამიო.
გამოდის, რომ, ბ-ნ გოლმსტრემის სიტყვით, ურარტელნი ჯერ კიდევ
ძველისძველმა დაწინაურებული ერი ყოფილა მაშინდელ კვალობაზე, ერი
რიცხვმრავალი, ძლიერი, კაცთმოყვარულ მოძღვრებისა, ერი მედგარი, გულმტკიცე,
გულმაგარი და თითქმის თავდადებული მოჭირნახულე და მეომარა მთელის
მსოფლიოსათვის, მერე იმისთანა მებრძოლი, რომ კინაღამ მთელს სამსოფლიო
You have read 1 text from Georgian literature.
Next - ქვათა-ღაღადი - 5
  • Parts
  • ქვათა-ღაღადი - 1
    Total number of words is 3762
    Total number of unique words is 2013
    20.3 of words are in the 2000 most common words
    28.2 of words are in the 5000 most common words
    33.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 2
    Total number of words is 3787
    Total number of unique words is 2051
    22.1 of words are in the 2000 most common words
    30.0 of words are in the 5000 most common words
    34.0 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 3
    Total number of words is 3734
    Total number of unique words is 2033
    20.2 of words are in the 2000 most common words
    28.1 of words are in the 5000 most common words
    33.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 4
    Total number of words is 3766
    Total number of unique words is 2000
    20.1 of words are in the 2000 most common words
    28.5 of words are in the 5000 most common words
    33.5 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 5
    Total number of words is 3658
    Total number of unique words is 1921
    21.0 of words are in the 2000 most common words
    28.5 of words are in the 5000 most common words
    33.2 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.
  • ქვათა-ღაღადი - 6
    Total number of words is 3360
    Total number of unique words is 1865
    23.8 of words are in the 2000 most common words
    32.1 of words are in the 5000 most common words
    37.4 of words are in the 8000 most common words
    Each bar represents the percentage of words per 1000 most common words.